მარიამ მაგდალინელი (მთარგმნელი: გაგა ჩხეიძე)
აგათონი: დროა დავბრუნდეთ. მზე ჩავიდა და ქალაქიც ბნელმა მოიცვა. რა საოცარი სიწყნარეა! - რატომ სდუმხარ, მარცელუს? მგონი, ფიქრებმა გაგიტაცა.
მარცელუსი: ფიქრებმა? არა. მომაგონდა, როგორ ეფერებიან ზღვის ტალღები ამ ქვეყნის ნაპირს; გაღმა მარადიული, ღვთაებრივი რომი მომაგონდა, რომელიც ზღვის მეორე მხარეს ვარსკვლავეთამდე აზიდულა. იქ ყოველი დღე დღესასწაულია. მე კი აქა ვარ, უცხო მიწაზე. აი, ეს იყო ჩემი საფიქრალი... სულ დამავიწყდა! შენი დაბრუნების დრო მოვიდა. მოსაღამოვდა. მწუხრის ჟამს კი აგათონს ტურფა ასული ელის ქალაქის კართან. ნუ ალოდინებ შეყვარებულს, ჩემო აგათონ. უცნაურები არიან ამ ქვეყნის ქალები. მათი ბუნება აუხსნელია. შეყვარებულს ნუ ალოდინებ. არავინ იცის, როდის რა მოხდება. უბედურება წამში შეიძლება დატრიალდეს. თვალი გეჭიროს, ყური მიაპყარ, რომ ეს წამი არ მოგეპაროს.
აგათონი: მაგას რად მეუბნები?
მარცელუსი: თუ შენი სატრფო ლამაზია, ნუ ალოდინებ. რადგანაც მითქვამს: ლამაზი ქალი მარადიული საიდუმლოა. გამოცანაა ქალის სილამაზე, მისი განჭვრეტა - შეუძლებელი. ჩვენ მის ბუნებას არ ვიცნობთ და არც ის ვიცით, როდის რას ჩაიდენს ის იძულებით. ასეა, აგათონ! რა დაგიმალო - მეც ვიცნობდი ერთ ასეთ დიაცს. ვიცნობდი და საკუთარი თვალით ისეთი რამ ვნახე, რასაც ვერასდროს ავხსნი. ვერც მე და ვერც სხვა. მოვლენათა მიზეზი მიუწვდომელია ჩვენთვის.
აგათონი: მაინც რა ნახე? მიამბე, გთხოვ.
მარცელუსი: წამოდი, ვიაროთ. იქნებ მართლაც დადგა დრო, როცა შევძლებ, ყოველივე ისე გადმოვცე, რომ ძრწოლამ არ ამიტანოს საკუთარი აზრებისა და სიტყვების გამო. (ნელა ბრუნდებიან იერუსალიმისკენ. გარშემო სიჩუმეა). ეს მოხდა ზაფხულის ერთ დახუთულ ღამეს, როცა ჰაერში ციებ-ცხელება გვიდარაჯებს და მთვარეც უსაშველოდ გვიმღვრევს გრძნობებს. ის ქალი პირველად მაშინ ვნახე, ერთ პატარა დუქანში. უძვირფასეს ხალიჩაზე ცეკვავდა ფეხშიშველი. მანამდე არავინ მენახა ისე ლამაზად და იმგვარი გზნებით მოცეკვავე. მისი სხეულის როკვამ უცნაური, ბნელი ხილვები მომივლინა, ტანში ავადმყოფურმა ჟრუანტელმა დამიარა: მეჩვენებოდა, თითქოს ცეკვის დროს ეს ქალი უხილავ, ძვირფას და იდუმალ საგნებს ეთამაშებოდა, თითქოს ღვთიურ არსებებს ეხვეოდა, რომელთაც მის გარდა ვერავინ ჭვრეტდა, თითქოს ალისფერ ტუჩებს კოცნიდა, მისკენ რომ მიილტვოდნენ; მისი მოძრაობა მოძალებულ ვნებას გამოხატავდა. ალერსს და მოფერებას მისთვის არავინ იშურებდა. მეჩვენებოდა, რომ ხედავდა საგნებს, რომელთა აღქმა ჩვენ არ შეგვეძლო. ცეკვის დროს ეხებოდა მათ და შეხებით მოგვრილ სიამოვნებას სხეულის რხევით გამოხატავდა. როცა თავს გადაწევდა და ჟინით აღვსილ მზერას ზევით მიაპყრობდა, მეგონა, რომ ბაგეებით მწიფე და ტკბილ ნაყოფს ეხებოდა და გიჟმაჟ ღვინოს უსინჯავდა გემოს. ვერა და ვერ ჩავწვდი ამ საიდუმლოს, თუმცა ყველაფერი საოცრად ცოცხალი იყო - ამქვეყნიური. ბოლოს სამოსელისგან განძარცული დაეშვა ჩვენს ფერხთით, სხეულს თმა უფარავდა. თმაში თითქოს შავად შეკუმშულიიყო ღამე, რომელიც ქალს თავისკენ უხმობდა. ქალიც ნებდებოდა, თმობდა თავის სხეულს. ყველას ნებდებოდა, ვისაც კი სურვილი მოუვლიდა. მე ვნახე, როგორ ჰყვარობდა მათხოვრებსა და ჯარისკაცებს, თავადებსა და ხელმწიფეებს. ეს იყო უბრწყინვალესი ჰეტერა, ხოლო მისი სხეული - უძვირფასესი ჭურჭელი, რომლის მსგავსი არაფერი სცოდნია კაცობრიობას. მისი სიცოცხლე მხოლოდ სიხარულს ეკუთვნოდა. მინახავს, როგორ ცეკვავდა წვეულებებზე, როგორ ჩუქნიდნენ თაიგულებს. ელვარე ვარდებს შორის ისე იდგა, როგორც ახლად გაშლილი, ერთადერთი ლამაზი ყვავილი. მინახავს, როგორ ამკობდა ყვავილებით დიონისეს ქანდაკებას, როგორ ეხვეოდა ცივ მარმარილოს, როგორც რომელიმე მიჯნურს თავისას, როგორ ახრჩობდა მწველი, მთრთოლვარე კოცნა... მერე გამოჩნდა ის კაცი, გვერდზე უხმოდ ჩაუარა, სახის ნაკვთიც კი არ შერხევია. ძაძები ემოსა და ფეხები მტვერში ჰქონდა ამოსვრილი. ჩაიარა, შეხედა და გაუჩინარდა. ქალმა თვალი დაადევნა და გაქვავდა - მერე უკან გაჰყვა იმ უცნაურ წინასწარმეტყველს, რომელმაც შესაძლოა თვალებით უხმო. მის სახელს აედევნა და მის ფერხთით დაემხო. თავი დაიმცირა მის წინაშე - როგორც ღმერთს, ისე შესცქეროდა და გარსმოჯარული მამაკაცებივით მსახურებდა.
აგათონი: განაგრძე თხრობა. ვგრძნობ, რომ კიდევ გწყურია რაღაცის თქმა.
მარცელუსი: მეტი არაფერი ვიცი! ერთ დღეს გავიგე, რომ იმ უცნაურ წინასწარმეტყველს ჯვარცმას უპირებდნენ. ეს მე იმპერატორის ნაცვალმა პილატემ მითხრა. გოლგოთაზე მინდოდა ასვლა მის სანახავად, მისი სიკვდილის სანახავად. იქნებ საიდუმლო გაცხადებულიყო ჩემთვის. თვალებში მინდოდა ჩამეხედა: ისინი მეტყოდნენ ალბათ რასმე, მჯერა, რომ მეტყოდნენ.
აგათონი: რატომ არ ახვედი?
მარცელუსი: გზიდან გამოვბრუნდი. ვიცოდი, რომ იქ, ჯვართან, მუხლებზე დამხობილ ქალს ვნახავდი, ექსტაზში შესულ ჰეტერას, მისთვის მლოცველს და მისი სიცოცხლის გაქრობის მოყურადეს. ამიტომ გამოვბრუნდი. საიდუმლოს ფარდა ვერ ავხადე.
აგათონი: იმ უცნაურ კაცს რა ბედი ეწია?
ოჰ, მოდი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
მარცელუსი: ჰო, აგათონ, დუმილი სჯობს, რადგან სხვა არაფერი ძალგვიძს. შეხედე, როგორი სიმხურვალე მოჩანს ღრუბლებში. კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ ღრუბლებს მიღმა ცეცხლის ოკეანე ანათებს. ღვთიური ცეცხლი! ზეცა ცისფერ ზარს ჩამოჰგავს. თითქოს გუგუნებს და დაბალ, საზეიმო ბგერებს გამოსცემს. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ იქ, ზემოთ, მიუწვდომელ სიმაღლეზე ისეთი რამ ხდება, რასაც ვერასდროს შევიმეცნებთ. ჩვენ ამას მხოლოდ მაშინ შევიგრძნობთ, და ისიც მაშინ, როცა მიწაზე დიდი სიჩუმე ეშვება. და მაინც, თავგზის ამბნევია ყოველივე. ღმერთები სიხარულით სთავაზობენ ადამიანებს ამოუხსნელ გამოცანებს. მიწა ვერ გვიხსნის ღმერთების მზაკვრობისგან, რადგან ისიც არეული გრძნობებითაა სავსე. საგნები და ადამიანები საოცრად მაბნევენ. რასაკვირველია, საგნები უტყვნი არიან! ადამიანის სული კი არ თმობს გამოცანებს. როცა ეკითხები, ის დუმს.
აგათონი: მოდი, ვიცხოვროთ და ნუ ვეკითხებით. ცხოვრება ისედაც სავსეა მშვენიერებით.
მარცელუსი: ჩვენ ბევრ რამეს ვერასდროს გავიგებთ. დიახ! ამიტომ სჯობს ისიც დავივიწყოთ, რაც ვიცით.
კმარა! მოვედით კიდეც. ნახე, რა ცარიელია ქუჩები. კაციშვილი არ ჭაჭანებს (ქარი ამოვარდება). ეს ის ხმაა, რომელიც გვეუბნება, რომ ვარსკვლავეთს უნდა ავხედოთ და დავდუმდეთ.
აგათონი: მარცელუს, შეხედე, რა მაღალი ყანებია! ნაყოფით დამძიმებული თავთავი მიწისკენ იხრება. საუცხოო მოსავალს უნდა ველოდოთ.
მარცელუსი: რა თქმა უნდა! დღესასწაულებია, ჩემო აგათონ!
აგათონი: მე რაჰელთა ერთად მინდვრებს მოვივლი! ნაყოფით სავსე დალოცვილ ყანებს! რა ლამაზია სიცოცხლე!
მარცელუსი: მართალია! გიხაროდეს, რომ ახალგაზრდა ხარ! მხოლოდ ახალგაზრდობაშია სილამაზე. მე კი ბნელში სეირნობა უფრო შემშვენის. ჩვენი გზები აქ იყრება. შენ სატრფო გელის, მე - ღამის სიჩუმე! მშვიდობით აგათონ! წინ საუცხოო ღამეა. დიდხანს შეიძლება გარეთ ყოფნა.
აგათონი: და ვარსკვლავების ცქერა - სრულ სიმშვიდეში. მე ჩემს გზას გავუყვები და ხოტბას შევასხამ სილამაზეს. ასე მიაგებენ პატივს საკუთარ თავს და ღმერთებს.
მარცელუსი: ჰქმენ, რასაც ამბობ, და არ შეცდები! მშვიდობით, აგათონ!
აგათონი (დაფიქრებით): ერთი რამ მსურს მხოლოდ გკითხო. ისე, უბრალოდ გეკითხები. მაინც რა ერქვა იმ უცნაურ წინასწარმეტყველს?
მარცელუსი: რა მნიშვნელობა აქვს?! აღარ მახსოვს. თუმცა არა! მომაგონდა. მომაგონდა! იესო ერქვა, წარმოშობით ნაზარეველი იყო.
აგათონი: გმადლობთ! მშვიდობით! ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეს, მარცელუს! (მიდის)
მარცელუსი (ფიქრებით გართული): იესო! - იესო! ნაზარეველი. (ჩაფიქრებული, დინჯად მიუყვება გზას. ღამდება და ცაზე უთვალავი ვარსკვლავი ინთება).