ნაშუადღევს ნაჩურჩულები (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
და სწყდება ნაყოფი მძიმედ მშვიდ ხეებს
სიჩუმე ბინადრობს ამ ლურჯ ოთახებში
ტაატით მიმავალ და თბილ ნაშუადღევს.
კვლავ სიკვდილს დათესენ ლითონის ჩქამები
და თეთრი ნადირი ეცემა მიწაზე,
მუქი გოგონების მდორე სიმღერები
ერთვის ფოთოლცვენის სევდიან სინაზეს.
ღმერთის შუბლს მრავალი ფერი ესიზმრება,
სიგიჟეს შეიგრძნობს ვეებაფრთებიანს.
ბექობზე ცეკვავენ ფერხულში ლანდები,
ხრწნისაგან არშია რომ შემოვლებიათ.
ღვინით და სიმშვიდით გაჯერდა მიმწუხრი,
ჩუმად მოზუზუნებს სევდა გიტარათა,
და როგორც სიზმარში, ისე დაბრუნდები
ოთახის სითბოში საყვარელ ლამპართან.