კაპლინსკი იან
გაზიარება

ჰექტორი (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი) 

კვირა
დღეს მივხვდი - ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. რაც შეეხება საკვების მარაგს, იმდენი მაქვს, რომ ერთი წელიც მეყოფა. ჩვენი მყუდრო აგარაკი ციხე-სიმაგრესავითაა. ტელეკამერებში ვხედავ, ღობის სიახლოვეს როგორ დაძრწიან ვიღაც საეჭვო ტიპები, მაგრამ ვერ გამიგია, ვინ არიან ისინი - ბინის ქურდები თუ გადაცმული პოლიციელები.
როგორც ჩანს, ძალიან ცოტა დრო დამრჩა. კარგად მესმის, რამდენად დიდია რისკი, რომ ვიღაც შემოაღწევს აქ იმის გასაგებად, თუ სად გაქრა პატრონი. ეს არაფრისგზით არ უნდა დავუშვა. ყველაფერი იქამდე უნდა გავაქრო, სანამ ხალხი გაიგებს, რა ხდებოდა აქ. თორემ გამოუსწორებელი რამ მოხდება. მე ყოველ ღონეს ვხმარობ, რომ ამას ხელი შევუშალო. ვაგზავნი პასუხებს იმეილით, საფოსტო ყუთიდან წერილებს ვიღებ და ზოგიერთ მათგანს ვეხმიანები კიდეც, ნაგავს კონტეინერებში ვყრი. გადასახადებს ინტერნეტით ვიხდი. ეზოში მხოლოდ ღამღამობით გავდივარ, როცა ვეღარავინ დამინახავს, მაგრამ ქალაქში გასვლა არ შემიძლია. საამისოდ ვერც ვერავის დავიქირავებ. არადა, ყოველ წამს შესაძლოა რამე გაფუჭდეს: ელექტრობა ან წყალგაყვანილობა, ან სულაც ვინმემ სცადოს სახლში შემოჭრა. დამცავ სიგნალიზაციასაც ვერ გამოვრთავ - მაშინვე მოცვივდებიან სამორიგეო ცენტრიდან საქმის გასარკვევად. აი მაშინ კი ყველაფერი დასრულდება.
თუმცა დასასრული ისეც ახლოსაა. მანამდე კი არჩევანის შესაძლებლობა მაქვს - როდის და როგორ. «როდის» - ჯერ არ გადამიწყვეტია. მინდა რაღაც-რაღაცები მოვამთავრო, სანამ ამ ყველაფერს ჰაერში ავწევ. დასასრული მინდა, რომ ნამდვილი იყოს, კვალიც არ დარჩეს არაფრის.
გასანადგურებლად უკვე მოვამზადე ცდების თაობაზე დაწერილი მისი შენიშვნები. წავშალე ყველა ჩანაწერი. მხოლოდ სეიფიღა დამრჩა. და ეს მტანჯავს. აქ უნდა ინახებოდეს ხელნაწერი, რომელიც მან ადრე მაჩვენა. მე მას აუცილებლად უნდა მივაგნო და წავიკითხო. ამისთვის კი საჭიროა, სეიფის გასაღები ვიპოვო. გასაღებს ყოველდღე ვეძებ, მაგრამ უშედეგოდ. არადა მჯერა, რომ აუცილებლად ვიპოვი. და ის სრულიად მოულოდნელ ადგილას აღმოჩნდება. არა მგონია, პატრონს გასაღები დაემალა. მან იგი უბრალოდ სადღაც შეჩურთა ან სადმე დაუვარდა. ამიტომ ადრე თუ გვიან სადღაც მაინც წავაწყდები. აი, მაშინ კი შევძლებ, სხვებივით მშვიდად მოვკვდე. ისე, როგორც უნდა მოკვდეს ჩვენ შორის უკანასკნელი. იმედი მაქვს, პატრონმა ბანკის სეიფში არაფერი დატოვა, ყოველ შემთხვევაში მის ქაღალდებში ვერაფერი ვნახე ამის მიმანიშნებელი. ბანკის სეიფი არც სიკვდილის წინ უხსენებია, როცა თავის უკანასკნელ სიტყვებს მეუბნებოდა. დარწმუნებული ვარ, იქ რომ რაიმე ყოფილიყო, არ დამიმალავდა. ისღა დამრჩენია, დავასრულო ჩემი მოთხრობა, ან თუ გნებავთ, აღსარება, და ამის შემდეგ ლიკვიდაციის სისტემა გავააქტიურო. საბედნიეროდ, მას აქ სანათესაო და სამეგობრო არ ჰყავს. თუმცა ალბათ შეუძლებელიცაა, მისი ტიპის ადამიანს საახლობლო წრე ჰყავდეს. ამიტომაც მოჰკიდა მან ხელი თავის ექსპერიმენტებს, ამიტომაც აღმოვჩნდით ჩვენ აქ. მე - თქვენი მონა-მორჩილი ჰექტორი, აქილევსი, ოდისევსი, ნესტორი და სხვები, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან. მე უკანასკნელი ვარ და მომიწევს კიდეც, ბოლომდე მივიყვანო ის, რაზეც შევთანხმდით.
მათი გვამები ჯერ კიდევ აქაა. და პატრონისაც. პოლიეთილენში გახვეულნი ყინვაში ისე წვანან, როგორც ფიფქიები მინის კუბოებში. თავიანთ უფლისწულს ელიან? არა, უფლისწული მათთან არ მივა. ეს მე დავდივარ ხანდახან მათ სანახავად. მე ისინი მკვდრებიც კი მომწონს. თუმცა ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ისინი ლამაზები არიან. ბევრს ვეცადე გამეგო, რა არის სილამაზე თვენთვის, ადამიანებისთვის, კაცადამიანებისთვის, მაგრამ ვერაფერს მივხვდი. სილამაზის გაგება კოდირებულია ჩვენს გენებში, მაგრამ მე გენები სხვანაირი მაქვს, წინა ცხოვრებიდან გამომყვა, ჩემი წინაპრებისაგან. პატრონს ისინი არ შეუცვლია. შესაძლოა, საჭიროდ არ ჩათვალა. სილამაზე მას ან არ აღელვებდა, ან არ უნდოდა იმის ჩვენება, რომ აღელვებს. მას ინტელექტი აინტერესებდა. ინტელექტი, მეცნიერება მისთვის სილამაზეზე, ადამიანებზე მაღლა იდგა. ვინც არ უნდა ვყოფილიყავით და რაც არ უნდა გვრქმეოდა, ინტელექტი მაინც ჩვენზე მნიშვნელოვანი იყო.
ხანდახან ვფიქრდები ხოლმე, მაინც რა ვიყავით ჩვენ მისთვის? ექსპერიმენტის შედეგნი, ხელოვნების გაცოცხლებული ქმნილებანი თუ საკუთარი თავისთვის შექმნილი მეგობრები? თუ კიდევ რაღაც სხვა? ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში პატრონი ხშირად მესაუბრებოდა, გავბედავ და ვიტყვი, რომ მენდობოდა კიდეც. ოღონდ მხოლოდ ნაწილობრივ. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება აქილევსისა და ნესტორის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. მათმა სიკვდილმა საფუძვლიანად შეძრა მისი ბუნება და ამოაგდო კალაპოტიდან. მგონი რაღაცის შეეშინდა. არაა გამორიცხული, რომ ცდილობდა, საკუთარ თავზე ზემოქმედება მოეხდინა. ზოგჯერ ვფიქრობ, მას სურდა გადაელახა ადამიანის ბუნება, გადაედგა ნაბიჯი ზეადამიანისაკენ.
თუ თეორიას დავეყრდნობით, ასეთი რამ სულაც არაა რთული, უფრო მეტიც - იოლია, და გამოცდილი გენეტიკოსებისა და ემბრიოლოგების უმრავლესობა ამ საკითხს სერიოზულად არც აღიქვამს. ადამიანი - ეს ადამიანისებრი მაიმუნია, რომელიც ზრდასრულობას ვერასოდეს მიაღწევს, თუმც განაგრძობს განვითარებას როგორც დედის მუცელში, ისე მოგვიანებითაც, საკმაოდ დიდხანს. ადამიანი ჩანასახთან უფრო ახლოსაა, ვიდრე, მაგალითად, შიმპანზესთან ან ორანგუტანგთან. რას ნიშნავს ეს? ბევრს. მაგალითად იმას, რომ ადამიანი ბრიყვია, არა აქვს ინსტინქტები და ამის არარსებობის კომპენსირება უნდა მოხდეს სწავლებისა და კომუნიკაციისა მეშვეობით. ადამიანმა მის მსგავსთა შორის მინიმუმ თხუთმეტი-ოცი წელი უნდა დაჰყოს, რათა შემდგომში საკუთარ თავთან გამკლავება მაინც შესძლოს. კატა კი, ჭკვიანი ცხოველი, უკვე ოთხი-ხუთი თვის ასაკიდან დამოუკიდებლად არსებობს. ამ დროს ის ჩამოყალიბებული პატარა კატაა, რომელიც თაგვებს იჭერს და ადამიანს ლაქუცით საკვებს სძალავს. საკმაოდ მალე ის კნუტებსაც კი დაყრის. მისგან განსხვავებით ოთხი-ხუთი თვის ადამიანი აბოლუტურად უუნაროა, მას დახმარების გარეშე, სხვა რომ არაფერი, ჭამა და გადაადგილებაც კი არ შეუძლია.
ბიოლოგები ამას ნეოთენიას უწოდებენ: სქესობრივ სიმწიფეს ზრდასრულ ასაკამდე. ეს ფეხსახსრიანთა თვისებას ჰგავს, როდესაც მდედრი გამრავლების უნარს მატლობისას იძენს, თანაც, მამრისგან განსხვავებით, განვითარების ყველა ფაზის გავლის გარეშე. ან ზოგიერთი წყალხმელეთა ცხოველის თვისებას, რომელთაც, ბაყაყებად ჯერაც არ ქცეულთ, შეუძლიათ თავკომბალების დონეზე იცხოვრონ და გამრავლდნენ. თუმცა, ყოველივე ეს განსაკუთრებულ პირობებში ხდება. ზრდასრული მწერის ორგანიზმს, რომელსაც განვითარების ყველა ეტაპი გავლილი აქვს, ძალუძს მატლზე უფრო მძიმე პირობებსაც კი გაუძლოს, განსხვავებით ძუძუმწოვრის ჩანასახისა, რომელსაც მხოლოდ დედის მუცელში პარაზიტად არსებობა შეუძლია. ძუძუმწოვარას, რომელიც მნიშვნელოვანწილად ინარჩუნებს ჩანასახის თვისებებს, უკიდურესად სასიკეთო გარემო ესაჭიროება თავისი ხანგრძლივი ბავშვობის გასატარებლად და შემდგომი განვითარებისათვის. Aადამიანს ასეთი გარემო გააჩნია. ადამიანს აქვს ოჯახი, ჰყავს ნაცნობ-მეგობრები, დღევანდელ დღეს კი ბევრი სხვა სიკეთეც არ აკლია: სახლი ცენტრალური გათბობით, სამი აბაზანით და ექვსი საძინებელი ოთახით. კონდიციონერი და ავტომატური თერმორეგულაცია. ადამიანი წარმატებით ქმნის საკუთარი თავის გარშემო ახალ საშვილოსნოებს, მას ძალუძს უბრუნდებოდეს დედისეულ წიაღს, ნაზსა და ნესტიან უწონადობას, საიდანაც ის ამ ქვეყანაზე გამოაგდეს.
გასაგებია, რომ მთავარი პრობლემა გარემოში კი არა, გენებსა და ემბრიოლოგიაშია. ანუ იმაში, რაც განსაზღვრავს დანარჩენი ძუძუმწოვრებისათვის დამახასიათებელ ბოლომდე განვითარების შეუძლებლობას. ჩვენი გენები ტექსტის, ონტოგენეზის მსგავსია. ორგანიზმის განვითარება განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან სქესობრივი ცხოვრების შემძლე მოწიფულ ცხოველამდე, ჰგავს ტექსტის კითხვას. და სხვადასხვა კომპოზიციური სქემების შესაბამისად, ყველა ცხოველის ტექსტს აქვს დასასრული. ნორმალური ცხოველის ნორმალური ონტოგენეზი კარგად დაწერილი რომანი ან ნოველაა. ადამიანის შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირადაა. ადამიანს სხვანაირი დასასრული აქვს, შეიძლება ითქვას, რომ დასასრული საერთოდაც არა აქვს.
გენეტიკური ტექსტი, ცხადია, ჩვეულებრივზე გაცილებით რთულია. თუ მას, მაგალითად, მუსიკას შევადარებთ, ეს იქნება პოლიფონიური ტექსტი, სინქრონული, პარალელური მრავალი ტექსტის ერთობლიობა. ეს სინქრონულობა ადამიანს დარღვეული აქვს, და ზოგიერთი სტრიქონი, ზოგიერთი ხმოვანი პარტია საჭირო ადგილას კი არ სრულდება, არამედ გრძელდება ან დროზე ადრე წყდება და ქრება. საბოლოო ჯამში ვერ ვითარდება ინსტინქტები, ტვინი კი ნახევრადმზაობის მდგომარეობაშია და შემეცნების განსაკუთრებულ უნარს ინარჩუნებს.
საინტერესოა, რომ ტვინი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის, და ეს ცვლილებები მწერების განვითარების პროცესის მსგავსია. ბოლო ნახტომი იმ პერიოდზე მოდის, როდესაც ბავშვი ენის ადგმას იწყებს. მანამდე ბავშვი რამდენიმე არადამაჯერებელ ნაბიჯს დგამს იმ მიმართულებით, სადაც ის, მსგავსად შიმპანზესი ან ორანგუტანგისა, აღმოჩნდებოდა მას შემდეგ, რაც წამოიზრდებოდა. მაგრამ აქ უცებ იჭრება ენა, და ეს განვითარება, ვუწოდოთ მას განვითარება შიმპანზეს მიმართულებით, წყდება და საამისო საფუძვლები ქრება.
არ მინახავს არც ერთი იდიოტი ადამიანი, რომელიც ვერ ლაპარაკობს, არ ესმის სხვების საუბარი, თუმცა შეუძლია გადაადგილება, სურვილებიც აქვს და შეძლებისდაგვარად ცდილობს მათ ასრულებას. შესაძლოა, ასეთები არსებობენ კიდეც. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთ ასეთ იდიოტ ადამიანში ცხოვრობდეს ეს ადამიანისებრი მაიმუნი, და სხვა პირობებში, სხვანაირი აღზრდისას, იქცეს ადამიანის წინაპრის მსგავს არსებად. ჩემი აზრით, ასეთი რამ შესაძლებელია. მაგრამ გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ პირადად მე ადამიანების ატავიზმი ნაკლებად მაწუხებს. გარდა ამისა, არა მაქვს შესაძლებლობა, ჩავუღრმავდე ამ საკითხს, ხოლო ცარიელი თეორიებისაგან ასეთ შემთხვევაში ხეირი ნაკლებადაა. მე ჩემი პრობლემები და საქმეებიც მყოფნის.
აი ასე, პატრონის გამოკვლევებმა, მოკლედ რომ ვთქვათ, შემდეგი დაამტკიცა: ადამიანად ქცევა, ანთროპოგენეზი, არ წარმოადგენს გასაკვირ ფილოგენურ შემთხვევას, რის შედეგადაც მაიმუნების ერთ-ერთმა სახეობამ წარმოუდგენელ ევოლუციას მიაღწია და ბუნების უმაღლესი ქმნილება გახდა. ანთროპოგენეზი უფრო მეტ თუ არა, ასეთსავე ონტოგენურ გადახრას მაინც წარმოადგენს - განსაკუთრებულ, თუმცა სრულიად დასაშვებ განვითარების გზას უმაღლესი ძუძუმწოვრების უმრავლესობის ონტოგენეზში. ეს განპირობებულია რიგი მუტაციებით, ანუ გადახრები, პრინციპში, მემკვიდრეობითია და ონტოგენეზი შესაძლებელია გადადიოდეს ფილოგენეზში. მაგრამ ასეთი განვითარების შედეგად წარმოშობილ არსებას სიცოცხლის უნარი არ გააჩნია და ადრევე იღუპება. იგი მოკლებულია შესაფერის საარსებო გარემოს, სადაც შესაძლებლობა ექნებოდა სხვათა ზრუნვის მეოხებით დიდი ხანი ეცხოვრა და განვითარების გარკვეული სტადიისთვის მიეღწია, გამხდარიყო, მაგალითად, მგელადამიანი, დათვადამიანი, ლომადამიანი, ძაღლადამიანი, მაიმუნადამიანი.
მსგავსი საარსებო გარემოს არსებობის მაგალითი სახეზეა - ეს ეხება ადამიანს, პირველყოფილი ადამიანის წინაპარს. ამ პრესაპიენსებს საბინადრო ცხოვრების წესი ჰქონდათ, მათი განვითარება საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, ისინი სოციალურები იყვნენ. სავანაში მცხოვრები ადამიანისებრი მაიმუნების ქცევები და ფიზიოლოგია ტყეში მყოფ ადამიანისებრ მაიმუნთა და ძაღლისებრთა თვისებებთან იყო შეხამებული. ცხოვრების საბინადრო, ჯოგურმა წესმა მოიტანა ის, რომ პირველყოფილ სადგომებზე ცხოვრობდნენ ისინი, ვისაც საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეეძლო - ბავშვები, მოხუცები და ხეიბრები, და ასევე ისინიც, ვინც მათ უვლიდა. ბავშვები დიდხანს რჩებიან ბავშვებად, მათ ძუძუს აჭმევენ, მათზე ზრუნავენ მას მერეც, როცა ისინი ძუძუს აღარ წოვენ. ქცევის ბავშვური თვისებები მოწიფულ ადამიანებსაც უნარჩუნდებათ, და ეს განსაკუთრებით მჟღავნდება მეურვესა და მეურვეობის ქვეშ მყოფს შორის ურთიერთობაში. მოხუცებსა და ავადმყოფებს ისევე სურთ ჭამა და ისევე ითხოვენ ამას, როგორც ბავშვები. იგივე ეხება, მაგალითად, ძაღლებსა და კატებს, რომელთაც ისეთივე დამოკიდებულება აქვთ ადამიანებისადმი, როგორიც ლეკვსა და კნუტს საკუთარი დედისადმი. ძაღლი თავის პატრონს სულ ფეხზე ექაჩება - ამიტომაც ძალიან ადვილია ასწავლო მას თათის გაწვდა. ხოლო კატა კნავის, როცა შია ან სახლში შესვლა სურს. უფროსები ურთიერთობის ასეთ, ბავშვურ ნიშნებზე დადებითად რეაგირებენ: მათხოვარს მასპინძლის მაგიდიდან ყოველთვის ეკუთვნის თავისი ლუკმა. და არა აქვს მნიშვნელობა, დაბადებიდანვე გონებასუსტია ის თუ უუნაროა სიბერის გამო. უუნაროებს თავიდან არ იცილებენ, არ ტოვებენ ბედის ანაბარა. მათ შეუძლიათ მთელი ცხოვრება ოჯახში გაატარონ - თუკი იქ საკმაო რაოდენობის უფროსი ადამიანია, რომლებიც დადიან სანადიროდ და საკმარისი ნანადირევი მოაქვთ. ასეთ შემთხვევაში მას მშიერს არ დატოვებენ და მტრებისგანაც დაიცავენ. და ისედაც, ასეთი ცხოველების სადგომზე თავდასხმის მსურველი არც ისე ბევრი იქნება.
ამის წყალობით, სავანაში მობინადრე ადამიანისებრ მაიმუნთაგან გადარჩენა შესძლეს მათ, რომელთაც ნეოთენიური მუტანტები შეიძლება ვუწოდოთ. მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და ნელ-ნელა ზოგიერთ პოპულაციაში უმრავლესნიც გახდნენ. ამ მომენტიდან იწყება ადამიანის ევოლუციის განსაკუთრებული სტადია, ის, რასაც თქვენ კულტურას უწოდებთ. დაიწყო გადარჩევა, რამაც ხელი შეუწყო მუტანტების შემდგომ განვითარებას. მათ განაგრძეს ურთიერთობა სულ უფრო და უფრო გართულებული საკომუნიკაციო ნიშნების მეშვეობით, მათ ერთობლივ შრომას შედეგი მოჰქონდა, შრომის იარაღები თანდათან იხვეწებოდა. კულტურამ, კუმულატიურმა მეხსიერებამ ადამიანი აიყვანა იმ სიმაღლეზე, რომელზეც ის დღეს იმყოფება.
სხვა ცოცხალ არსებათა შორის გამოჩენილი ნეოთენიური მუტანტები ადრე იხოცებოდნენ. შესაძლოა, ვიღაც ახერხებდა გადარჩენას, მაგრამ ასეთი ცოტა იყო, და მათი სულიერი შესაძლებლობები განვითარებას ვერ ასწრებდა. ისინი ჰგავდნენ მეტეორიტებს ღამეულ ცაზე: სიბნელეში წამით გამკრთალნი მაშინვე უჩინარდებოდნენ. ყოველთვის ძალიან მინდოდა გამეგო, რას გრძნობენ და რაზე ფიქრობენ ისეთი მარტოსული ცხოველები, როგორებიც არიან მგელი, დათვი, თახვი თუ ვეშაპი. აღიქვამენ თუ არა ისინი ადამიანებს და მათ ქცევებს სხვანაირად და უკეთ, ვიდრე დანარჩენი ცხოველები? ეს მე არ ვიცი. მაგრამ მე ძალიან მინდა წავაწყდე რომელიმე მსგავს მუტანტს. ვფიქრობ, შევძლებდი მათთან გარკვეული კონტაქტის დამყარებას. ყოველ შემთხვევაში, ძაღლთან ან მგელთან მაინც. ანუ ისეთებთან, როგორიც თავად ვარ. მეც ხომ ძაღლი ვარ. უფრო სწორად, ძაღDლიშვილი. ძაღლის ჯილაგის. Son of a bitch. თუმცა, ამაზე მოგვიანებით. ჯერ - თეორია. ჩემი აღმზრდელი, ჩემი მამინაცვალი მეცნიერი იყო. არაა გამორიცხული, რომ დედამიწის ზურგზე ოდესმე მცხოვრებ მეცნიერთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი. შეიძლება ითქვას, რომ მან მე შემქმნა.
მე ზღაპრები მიყვარდა. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემთვის ისინი უფრო გასაგები იყო, ვიდრე რომანები და მსგავსი ლიტერატურა, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროს აღწერს. ეს სამყარო ჩემთვის რაღაცნაირად უცხოა და უცნაური. ზღაპარი არ ასახავს რეალურ ცხოვრებას, ადამიანისათვის ზღაპარი უნდა იყოს იდუმალი და აუხსნელი. ჩვენი დროის ადამიანს ეუცნაურება ის ისტორიები, სადაც მამაკაცს ცოლად ირემი ან თახვი მოჰყავს. ასეთი ამბები მე წამიკითხავს კანადელი ინდიელების თქმულებებში. განსაკუთრებით უცნაური მეჩვენება ერთი ალგონკინური ზღაპარი, რომელიც გვიამბობს, როგორ ქორწინდება კაცი თახვზე და საცხოვრებლად თახვებთან გადადის. მაგრამ საიდანღაც ჩნდებიან ადამიანები და თახვის სახლს ანგრევენ, თრევა-თრევით გამოჰყავთ იქიდან თახვები და მათთან ერთად მცხოვრები კაცი და კლავენ მის ცოლს. ზღაპარი მთავრდება იმით, რომ მგლოვიარე კაცი დგას დანგრეულ სახლთან, დაჰყურებს თახვის გვამს და ფიქრობს, ეს ხომ ჩემი მეუღლე იყოო... დარწმუნებული ვარ, ეს ზღაპარი მე უკეთ მესმის, ვიდრე იმათ უმრავლესობას, ვისაც ეს ზღაპარი წაუკითხავს. ასეთ ზღაპრებში შემონახულია ხსოვნა ნეოთენიური მუტანტების ადამიანთან შეხვედრისა.
ტყეში მცხოვრებ ინდიელებს და ბუნების სხვა შვილებს თანამედროვე ადამიანებზე უკეთ ესმოდათ ცხოველების. შესაძლოა, ისინი ამჩნევდნენ ცხოველების ქცევაში რაღაც ისეთს, რაც ნაცნობი იყო მათთვის და ინტერესს უღვივებდა. მე ეს არ ვიცი. მე ცუდად ვერკვევი თანამედროვე ადამიანებში, მით უმეტეს პირველყოფილებში. მაგრამ ასეთია ჩემი ჰიპოთეზა, ჰექტორის ჰიპოთეზა გონიერ ცხოველებსა და გონიერ ადამიანებს შორის კონტაქტებზე, რომლის გამოძახილიც შემორჩენილია ზღაპრებში.
ასეთი კონტაქტები ის თემაა, რომელიც კვლევას იმსახურებს. თუმცა კი ზღაპრები არცთუ ისე სანდო მასალაა. შესაძლოა, არსებობს უფრო სანდო წყაროებიც. ალბათ კარგი იქნებოდა, კუდიანებზე პროცესების ოქმებს თუ ამ კუთხით შევხედავდით. შუა საუკუნეებში ხომ განაჩენი ცხოველებისთვისაც გამოჰქონდათ. ქრისტიან მორგენშტერნს აქვს ლექსი მამალზე, რომელიც სიკვდილით დასაჯეს იმის გამო, რომ ის ბუნების წინააღმდეგ წავიდა და კვერცხი დადო. საწყალი ალბათ ჰერმაფროდიტი იყო, ან უბრალოდ დედალი მამლისებური ბიბილოთი და კუდით. კუდიანებს ადანაშაულებდნენ ეშმაკთან თანაცხოვრებაში, რომელიც შეიძლებოდა თხის, ძაღლის ან მგლის სახით გამოცხადებულიყო.
ასეთ შემთხვევებში ხომ არ უნდა ვეძებოთ ის კონტაქტები, რომლებიც ზოგჯერ შეიძლებოდა სექსუალურში გადასულიყო? შესაძლოა თუ არა ნეოთენიურ მუტანტს, - ვთქვათ, ძაღლს - და ადამიანს შორის წარმოიშვას უფრო სერიოზული და ხანგრძლივი ეროტიული კონტაქტი? არ ვიცი. მინდა ვიცოდე, მაგრამ არ ვიცი. მე გავიზარდე და ვცხოვრობდი ამ ლაბორატორიაში, ჩაკეტილ სამყაროში, მონასტერში, სადაც ქალებსა და მდედრობითი სქესის სხვა არსებებს მხოლოდ და მხოლოდ სამეცნიერო მიზნით უშვებდნენ.
ორშაბათი
ეჭვი მაქვს, რომ პატრონმა ყმაწვილკაცობისას რაღაც მძიმე სექსუალური ტრამვა გადაიტანა. ამ დასკვნისკენ მივყავარ მის მუდმივ სწრაფვას, გარიდებოდა ქალებს. ასევე იმას, რომ ჩვენ, ყველანი, მამრები ვიყავით. მას არ სურდა, რომ ლაბორატორიაში ყოფილიყვნენ მდედრი ცხოველები. ვინ იცის, იქნებ ის მათ ისევე უფრთხოდა, როგორც ქალებს? იყო ის სოდომიტი ან ჰომოსექსუალი? არა, არ ყოფილა, ეს მე ზუსტად ვიცი. ჩვენ მას ვჭირდებოდით არა როგორც სექსუალური პარტნიორები. ის უპირველეს ყოვლისა მეცნიერი იყო, მას სურდა ახლის შექმნა და აღმოჩენა. მაგრამ ყოველივე ამის მიღმა იდგა რაღაც ისეთი, რაც მე არ მესმოდა. რაღაც ისეთი, რასაც შეიძლება უწოდო რელიგია, რწმენა იმისა, რომ ადამიანმა უნდა გამოისყიდოს დანაშაული, რომელიც მას მიუძღვის სხვა ცოცხალი არსებების წინაშე, და ეს იმგვარად ქნას, რომ დაეხმაროს მათაც ადამიანად, ადამიანის მსგავს არსებად ქცევაში. ის კითხულობდა ფილოსოფოსებს, ტეიარ დე შარდენს, ვერნადსკის და ათასნაირ მისტიკოსსა და შერეკილს. ასევე ინდურ ზღაპრებსა და მითებს. ის თავად იყო შერეკილი, ოღონდ გენიალური.
მე აღმოვაჩინე წიგნაკი, რომელშიც ის ამონაწერებს აკეთებდა და მათ ფილოსოფიურ კომენტარებს აძლევდა. ყველაზე საინტერესო ადგილები კომპიუტერში შევიყვანე. სეიფიდან ხელნაწერის გამოღებას თუ ვერ შევძლებ, ეს ჩანაწერები იმსახურებენ იმას, რომ ისინი ჩემს აღსარებას დავურთო. არ იქნებოდა ურიგო, ზოგიერთი თეოლოგისა და მისტიკოსის გამოცხადებებს უზენაესის ნააზრევი და განცდილი თუ დაერთვოდა. მაგრამ ჩემთვის უზენაესზე წერა უცნაურია. უზენაესს მე არ გავუთვალისწინებივარ. მისთვის მე სკანდალური ფაქტი და უაზრობა ვარ. როგორც ადამიანთა მოციქულმა პავლემ თქვა, «To skandalon kai he moria". მე, მიუხედავად ყველაფრისა, მიჭირს, დავეთანხმო მას. იმიტომ რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მე ვარსებობ. ის, რომ მე ვარსებობ, ბევრი თქვენთაგანისთვის აუტანელია და თქვენს სამყაროსთან, რელიგიასთან და ეთიკასთან საზარელ, გადაულახავ წინააღმდეგობაში მოდის.
არადა, მე ასე არ ვფიქრობ. მე არა მაქვს მსოფლმხედველობა, რელიგია და ეთიკა თქვენი გაგებით. მე არა ვარ ადამიანი. მაგრამ მე ვაზროვნებ, მწამს და მაქვს სამართლიანობის გრძნობა. მეც ვიცი, რა არის ბოროტება და მხოლოდ კარგი მსურს საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც. თქვენ შეგიძლიათ მკითხოთ, თუ რა არის იგი. კარგი - კარგია. კარგია, როცა თავს კარგად გრძნობ, როცა კარგად ხარ. და მეტი არაფერი. ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნებოდა, თუკი ის, რაც ერთისთვის კარგია, მეორისთვის ცუდ სახეს არ მიიღებდა. კატა კარგადაა, როცა თაგვს დაიჭერს, მაგრამ ამ დროს თაგვი ცუდადაა. მე ვოცნებობ ისეთ სამყაროზე, სადაც ყველაფერი სხვანაირად იქნება მოწყობილი, სადაც თავს ყველა კარგად იგრძნობს და როგორც ესაიას წიგნში, ლომი ხარივით თივას შეჭამს. მაგრამ მე არ მინდა ვჭამო თივა. მე ხორცი მინდა. ხორცი, და როცა მშიერი ვარ, დასაღრღნელი ძვლები მელანდება. ჰო, მე მინდა ხორცი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, მისი გულისათვის ვიღაც მოკლეს. ვიცი, რომ ბევრ ჩემიანს აწამებენ და კლავენ იმ ცდების დროს, რომელთაც იმის გამო ატარებენ, ახალი წამლები რომ გამოიგონონ და უფრო სრულყოფილი გახადონ ქირურგიული ტექნიკა. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ამას აპროტესტებს, მაგრამ მე ალბათ ვერ შევძლებდი გაპროტესტებას. მე ვჭამ ხორცს და ვერ ვფიქრობ იმაზე, რომ ამის გარეშეც შემიძლია ვიარსებო. თქვენ კი შეგიძლიათ. თქვენ საჭმლის მომნელებელი სისტემა სხვანაირადა გაქვთ მოწყობილი. თქვენ არა ხართ მტაცებლები, მე კი მტაცებელი ვარ. ფიზიოლოგიურად. სულიერი თვალსაზრისით უფრო რთულადაა საქმე. ჩვენ, ძაღლები, სიამოვნების გამო მკვლელობას არ ჩავდივართ. ჩვენ არა გვყავს მტრები, რომელთა განადგურებაც საჭიროა. ჩვენ უბრალოდ ხორცი გვინდა.
ეთიკა. წავიკითხე რამდენიმე წიგნი ეთიკაზე, მაგრამ არ მომეწონა. ეს წიგნები ჩემთვის არაა დაწერილი. ჰუმანიზმი ჩემს ბუნებას არ ერგება. მე არ შემიძლია, ვიყო ჰუმანური. მე ადამიანი არა ვარ. მაგრამ ვიცი, რომ ზოგიერთ რამეს არც ძაღლს, არც კატას და არც ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ გავუკეთებ. და არის რაღაც, რაც ჩემი გასაკეთებელია. ერთ-ერთი მათგანია ამ მოთხრობის, ჩემი სამუშაო ანგარიშის დაწერა. მწამს, ჩემი გამოცდილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი თან წაღება არაფრით არ შეიძლება. წაღება სად? ვერ ვიტყვი - საფლავში. მე საფლავი არა მაქვს. ეს სახლი ჩემი კოცონი გახდება, ნაკვალევწაშლილი საფლავი, - როგორც ერთ-ერთმა მწერალმა დაწერა.
და მაშინ - მეტაფიზიკური აზრით - სად? ეს მე თქვენზე უკეთ ნამდვილად არ ვიცი. მზა პასუხები კი საიდან მოვიტანო? ცხადია, მე ვკითხულობდი ბიბლიას, მაგრამ ეს ბიბლიაა ადამიანებისათვის და არა ძაღლებისათვის. ბიბლიაში ძაღლებზე ძალიან ცუდად წერია. ახლო აღმოსავლეთში ძაღლი საძაგელი, გარიყული არსებაა შინაურ ცხოველებში. მოსეს ათი მცნება ძაღლებისთვის არაა, იესო ძაღლების წინაშე არ ცმულა ჯვარს. და თუკი ღმერთს რაღაც მიზანი ჰქონდა, როცა ძაღლი შექმნა, ბიბლიიდან გამომდინარე, მან ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ძაღლს ადამიანისთვის ემსახურა. ადამიანი ხომ, როგორც ამას ბიბლია ამბობს, ბუნების მბრძანებელია.
მე ბიბლია არაფერს მპირდება. არც ამაღლებას, არც მარადიულ ცხოვრებას, არც დაღუპვას, არც მარადიულ წკვარამს, სადაც ყმუილი და კბილების ღრჭიალი ისმის. ძაღლური ცხოვრება და ძაღლური სიკვდილი არაფერს ნიშნავს. წარმოდგენა არა მაქვს, რა შეიძლებოდა ეთქვათ ჩემს ფენომენზე თეოლოგებს. ერთადერთი შესაძლებლობა, ვიპოვო ჩემი ადგილი სწავლებაში ცოდვათა გამოსყიდვის შესახებ - არის დავამტკიცო, რომ მე ძაღლი კი არა, ადამიანი ვარ. არ ვიცი, როგორ დავამტკიცო ეს, მაგრამ უკვე დავრწმუნდი იმაში, რომ ადამიანს ძალუძს ყველაფრის დამტკიცება. ანუ იმისაც, რომ მე ადამიანი ვარ. მე ხომ თქვენს, ადამიანურ ენას ვიყენებ, და როგორც უკვე მიხვდით, თქვენ მიერ დაწერილი საკმაოდ ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული. ადამიანი რომ ვყოფილიყავი, გასაოცრად ნიჭიერი ვიქნებოდი. პატრონი ჩვენ IQ ტესტზე გვამოწმებდა. ჩემი ქულათა რაოდენობა სტაბილური იყო - 200-დან 220-მდე. ასეთი მონაცემებით კონკურსგარეშე ნებისმიერ უნივერსიტეტში მოვხვდებოდი და სტიპენდიაც მექნებოდა.
და მიუხედავად ყველაფრისა, მე ადამიანი მაინც არა ვარ. მე ხვადი ძაღლი ვარ და ხანდახან ამას აშკარად ვგრძნობ. ადამიანს ადამიანი სურს, კაცს - ქალი, ქალს - კაცი. მე კი ძაღლი მინდა. ძუკნა. ეს სურვილი ჩემზე ძლიერია. მე ძაღლური ყნოსვა მაქვს და ყოველგვარ სუნს მძაფრად შევიგრძნობ. ყოველ გაზაფხულზე ცხვირში მიღიტინებს იმ თესლის სუნი, რომელიც ძუკნებს სდით. პატრონმა რამდენჯერმე მომიყვანა ძუკნა. მას აინტერესებდა, თუ რამდენად გადმომეცა მემკვიდრეობითი ინსტინქტები. და ყველა ცდა ცუდად დამთავრდა, ლეკვები მკვდრები იბადებოდნენ. მე ძაღლი ვარ, მაგრამ გენეტიკურად, როგორც ჩანს, ნორმალური ძაღლის ჩარჩოებში ვერ ვეწერები. ეტყობა, მემკვიდრე შემიძლია დავტოვო მხოლოდ ჩემნაირი ძაღლადამიანისაგან. მაგრამ მეორე ძაღლადამიანი უბრალოდ არ არსებობს. მე დედამიწაზე ჩემი სახეობის ერთადერთი წარმომადგენელი ვარ. თუკი, ცხადია, არგენტინის ან იაპონიის რომელიღაც მივარდნილ ადგილას ჩემი პატრონის მსგავს შერეკილ გენიოსს ანალოგიური ექსპერიმენტი წარმატებით არა აქვს ჩატარებული.
ბესტსელერის დაწერა რომ განმეზრახა, ჩემს სექსუალურ კავშირებს აღვწერდი. ძუკნებთან კავშირებს. თქვენ ალბათ გაინტერესებთ, მქონდა თუ არა ისეთი ურთიერთობა ქალებთან, რაც პორნოლიტერატურაში აღიწერება. არა. მე ამაზე ფიქრიც კი არ მსურს. მე ვუყურებ ქალის სხეულს, როგორც თქვენ - მარმარილოს ქანდაკებას: ეს საინტერესოა, ზოგჯერ ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშია, მაგრამ მეტი არაფერი. ჩემთვის პორნოფილმი დაახლოებით იგივეა, რაც თქვენთვის ძაღლების სექსი. ხანდახან სახალისოა, მაგრამ განსაკუთრებით არ გაღელვებს. ზოგჯერ გულისამრევიცაა. ამბობენ, რომ არსებობს ფილმი ბეჰემოტების სიყვარულზე. ვფიქრობ, ჩემთვის ეს ფილმი დაახლოებით იგივე იქნება, რაც ფილმი ადამიანების სიყვარულზე. თუმცა დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რადგან ეს ფილმი არა მაქვს ნანახი.
----------
მომიწია შემეწყვიტა ფილოსოფიური მსჯელობები და გადავსულიყავი ყოველდღიურ იდიოტურ საქმეებზე. ორი ხანდაზმული ქალბატონი ჭიშკარს მოუახლოვდა და სურდათ შიგ შემოსვლა. მათ იცოდნენ, რომ აქ ცხოვრობს ბიოლოგიის დოქტორი, რომელსაც ჰყავს ცხოველები და მათზე ცდების ჩატარების უფლება აქვს. მათ უნდოდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ ცხოველებს ადამიანურად (ჰმ, რა სიტყვაა!) ექცევიან.
ეს ინციდენტი ერთდროულად სასაცილოც იყო და გასაცოფებელიც. ღირსნი იქნებოდნენ, ყეფა-ყეფით რომ დავტაკებოდი მაგათ და კარგადაც დამეკბინა! ან კიდევ იქ გამეგზავნა, სადაც ასეთი ხანდაზმული ქალების გაგზავნა მიღებული არ არის. მაგრამ ვერ გავბედე. მხოლოდ ის შევძელი, რომ დავლაპარაკებოდი ხმის გარდამქმნელით, რომლის მეშვეობითაც ჩემი ჩახლეჩილი ბასი მამაკაცის სასიამოვნო ხმად გადაიქცევა ხოლმე, ეს ხმა კი ნორმალურ ადამიანებს თანამოსაუბრისადმი კეთილად განაწყობს. ერთი სიტყვით, შევეცადე დამერწმუნებინა ისინი, რომ მე მაკმაყოფილებს ჩემი ცხოვრების წესი, რომ ამჟამად განდეგილობის პერიოდი მიდგას და რელიგიური მოსაზრებებით არავისთან შეხვედრა არ მსურს. ცხოველები როგორ არიან? ვუთხარი, რომ ცხოველებზე უარი ვთქვი, ბუდისტი გავხდი და მათზე ცდებს უკვე აღარ ვატარებ.
ასევე შემეძლო შემეთავაზებინა ჩემს ძაღლთან წათამაშება, გარეთ გავსულიყავი და კუდის ქიცინით შევგებებოდი. ალბათ არ გამიEჭირდებოდა, თავი მომეწონებინა მათთვის, თუმცა კი ჩემი გარეგნობა მათ უეჭველად გააკვირვებდა. მე ხომ არა მაქვს ძაღლის ტიპიური თავი, ჩემი თავი დიდია და უფრო მეტად ადამიანისას წააგავს. ასეთი თავი არცერთი ჯიშის ძაღლს არ აბია. ამის გამო, არ იყო გამორიცხული, ჰგონებოდათ, რომ წყალმანკი ან სიმსივნე მაქვს და ვეტერინარი გამოეძახათ. ამიტომაც გადავწყვიტე, აღარ დავნახებოდი მათ.
ხანდახან ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, რომელიმე შინაური ცხოველი გამეჩინა სახლში. ძაღლი, ძაღლძაღლი ან კატაკატა. ეს საკმაოდ საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ვეჭვობ, ეს რამეში დამეხმაროს. მე ვგრძნობ, ჩემს გარშემო თანდათან როგორ ვიწროვდება წრე.
წავიკითხე ყველა იმეილი, მოვუსმინე ავტომოპასუხეს. რომელიღაც ლაბორატორია საეჭვო თავგამოდებით ცდილობს ჩვენთან კონტაქტის დამყარებას. საამისო მიზეზები მე საკმაოდ საეჭვოდ მეჩვენება. ვცადე ინტერნეტით შემემოწმებინა, თუ რა ლაბორატორიაა, მაგრამ ვერ ვიპოვე. ან მათ შესახებ ინფორმაცია არ დევს, ან მათ ზურგს უკან პოლიცია დგას. არაა გამორიცხული, ვიღაცას ევარაუდა, რომ ჩვენი პატრონი უკანონო ექსპერიმენტებს ატარებს, მუშაობს ბიოლოგიურ ან რომელიმე სხვა სახიფათო იარაღზე. ასეთ შემთხვევაში არ შემეშვებიან. ადრეც აქ ვიღაც-ვიღაცები ახერხებდნენ ხოლმე შემოღწევას, თუმცა ეს არც ისე ადვილია. ჩვენი სახლი ჩვენი ციხე-სიმაგრეა, ყველაფერი, რაც აუცილებელია, გვაქვს და ამიტომ შემიძლია ხანგრძლივ ალყას გავუძლო, თუმცა ამას აზრი უკვე აღარ აქვს. აზრი მხოლოდ ორ რამესა აქვს: დავწერო ჩემი მოგონებები - თუ არ ვცდები, მე მას აღსარება ვუწოდე, და ამის შემდეგ მიწისაგან პირისა აღვგავო ლაბორატორია. ამჯერად პირველი საქმითა ვარ დაკავებული და იმედი მაქვს, ასე ორ კვირაში დავასრულებ ჩემს ჩანაწერებს. ტექსტს რამდენიმე სერვერზე გადავაგზავნი, და ის შეინახება. თუ კონკრეტულ პაროლს შევიყვან, პროგრამა თავად მოუხსნის კოდირებას ტექსტს და მისი წაკითხვა შესაძლებელი გახდება. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ ხუთი დღის განმავლობაში კომპიუტერს არ გამოვიყენებ.
მაგრამ რა ბედი ეწევა სეიფს, რომელშიც ხელნაწერი ინახება, თუ გასაღებს ვერ ვიპოვი? მე შევამოწმე სეიფი. იგი აშკარად არაა ცეცხლგამძლე, ამიტომ აფეთქება და ცეცხლი ყველაფერს, მასში შენახულს, გაანადგურებს. მაგრამ თუ დარჩება დანახშირებული ქაღალდი, რომლის დაკონსერვებას და შემდგომ წაკითხვასაც ისინი შეძლებენ? ამ საკითხებში ვერ ვერკვევი და ვერც ვბედავ, ვინმეს ვკითხო. იქნებ ღირს, სეიფის აფეთქება ვცადო? მაგრამ მეშინია: ასაფეთქებელი სამუშაოები გარკვეულ ჩვევებსა და ცოდნას ითხოვს. ცხადია, სახლს ჰაერში არ ავწევ, მაგრამ თუ აფეთქება ძლიერი აღმოჩნდა და ფანჯრები ჩაილეწა, უბედურებას ვერ ავცდები. ვიცი, რომ არსებობს მყარი ზედაპირისათვის განკუთვნილი ასაფეთქებელი ნივთიერებები. მათ ამ ზედაპირზე ამაგრებენ და ისინი ძლიერ აფეთქებას არ იწვევენ. თუმცა ამ სიტუაციაში მე მათ ვერაფრისგზით ვერ ვიშოვი.
-------------
რაზე გავჩერდი? ჰო, ბეჰემოტების ტრფიალზე. რაღა უნდა დავუმატო ამას? რწმენა? რწმენაზეც, პრინციპში, სათქმელი არაფერი მაქვს. ჩემთვის ცნობილი ერთადერთი რელიგია, მე რომ მერგება, ბუდიზმია. იქ ლაპარაკია ყველა ტანჯულ ცოცხალ არსებაზე. ბუდას ყველა მათგანისთვის აქვს თავისი სათქმელი. ეს სათქმელი მგონი ჩემთვისაც გასაგებია. მეც ხომ ის ცოცხალი არსება ვარ, რომელსაც ტანჯვის უნარი შესწევს. შესაძლოა ჩემი ადგილი ჯაინიზმშია, მაგრამ ამ რელიგიას არ ვიცნობ. მის შესახებ პრაქტიკულად ვერაფერი მოვიძიე ვერც პატრონის ბიბლიოთეკაში და ვერც ინტერნეტში.
პატრონს აქვს რაღაც წიგნები ბუდიზმზე და იოგაზე. შესაძლებლობის ფარგლებში მე მათ ვკითხულობდი. უბრალოდ, მიჭირს გაგება, რანაირად მივყავართ კარმას მკვდრეთით აღდგომისაკენ. ბუდიზმში არავითარი «მე@», არავითარი პიროვნულობა არ არსებობს. და თუკი ასეა, რისთვისღა უნდა აღვდგეთ მკვდრეთით? ვთქვათ, წინა ცხოვრებაში სპილო ვიყავი, ახლა კი ძაღლადამიანი ვარ, ხოლო შემდეგ ცხოვრებაში, მაგალითად, ადამიანი გავხდები. ხომ არ გამოიყენება ამ შემთხვევაში «მე@» დაუშვებლად ფართო გაგებით, ერთდროულად ორი ურთიერთგამომრიცხავი მნიშვნელობით? პირველი მნიშვნელობით «მე@» ამჟამინდელი ძაღლადამიანია, ხოლო მეორე მნიშვნელობით - პიროვნებათა წყება დასაწყისის არმქონე დასაწყისიდან მოყოლებული, უსასრულო მომავლისაკენ. ამავე დროს, ბუდას სწავლებიდან გამომდინარეობს, რომ პიროვნების გაგების ორივე ვერსია მცდარია. მაშ როგორ შეიძლება ჭეშმარიტი იყოს სწავლება რეინკარნაციის შესახებ?
ჩემი აზრით, ბუდიზმმა, ისე როგორც ქრისტიანობამ, ბევრი ინდური რწმენა და ხალხური თქმულება შეისრუტა. სწავლება რეინკარნაციის შესახებ ერთ-ერთი მათგანია. ბუდას და მის შეგირდებს ხომ სულ არ უჭირდათ ხალხამდე საკუთარი სიტყვის მიტანა: დაგვიჯერეთ, როგორც ჩვენ გეტყვით, ისე მოიქეცით და სიკვდილ-სიცოცხლის წრებრუნვას გადაურჩებითო.
პატიოსან (პატიოსან ძაღლურ?) სიტყვას გეუბნებით, მე ნამდვილად მსურდა არ დავბადებულიყავი, ჩემმა ცხოვრებამ სასიკეთო ვერაფერი მომიტანა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი და ცხოველი დროდადრო ხარობს იმითი, რომ ცხოვრობს. მაგრამ მათ აქვთ თავიანთი ადგილი, ისინი ამქვეყნად ცხოვრობენ როგორც ბუნებრივი მოვლენები და არა, ჩემსავით, როგორც ექსპერიმენტის შედეგი. ჩემი ადგილი მხოლოდ ლაბორატორიაშია. და ამ სახლში, ამ კარ-მიდამოსა და ბაღში, რომელიც მას არტყია. მე აქ დავიბადე და, როგორც ჩანს, აქვე მოვკვდები. ამ ყველაფერთან ერთად ჰაერში ავიწევი და ფერფლად ვიქცევი.
და თუ არა? კიდევ ერთი შესაძლებლობა არსებობს: ავაფეთქო ლაბორატორია, თავად კი გავქრე. სად? ტყეში, ბუნებაში, თავისუფალ სამყაროში... აქ მე ფუფუნებაში ვცხოვრობ და სხვა პირობებში ცხოვრების გამოცდილება არა მაქვს. ვიღაცის იმედზე ყოფნაც არ მსურს. თეორიულად შეიძლებოდა მეცადა, კონტაქტი დამემყარებინა ცხოველთა დაცვის რომელიმე ორგანიზაციასთან. მათთვის რაღაც სამსახური გამეწია და სანაცვლო სამსახური მეთხოვა. შემეძლო დავხმარებოდი მათ ტერორისტული აქტების მოწყობაში, ფერმებიდან და ლაბორატორიებიდან ცხოველების გამოყვანასა და გადარჩენაში. ვიქცე თავისუფლებისთვის მებრძოლად? მგონი საამისო მოწოდება არა მაქვს. არ მაქვს არავითარი საფუძველი, მიყვარდეს ადამიანი. ალბათ ამიტომაცაა, რომ არ მსურს ცხოველების უფლებებისთვის ვიბრძოლო. მე თავს ცხოველად ვერ აღვიქვამ. მე - მე ვარ, მიუხედავად იმისა, რას ვუწოდებ საკუთარ თავს ან რას მეძახიან სხვები.
არის წამები, როცა მეც მიხარია ანდა მქონდეს კმაყოფილება მეუფლება. იმ წუთებში, როცა საკუთარ თავსაც კი ვერ ვამჩნევ, არ ვფიქრობ იმაზე, თუ რას წარმოვადგენ, როცა უბრალოდ ვარსებობ, როცა ვარ ვიღაც ან არავინაც არა ვარ. ამ დროს რაღაც სხვა საქმით ვარ დაკავებული.
როგორც წესი, ვკითხულობ, ზოგჯერ ტელევიზორსაც ვუყურებ. მუსიკას იშვიათად ვუსმენ. ადამიანების მუსიკა უცნაური მეჩვენება, უხეში და თავისმომაბეზრებელი. თუმცა ზოგიერთი ხალხის მუსიკა ჩემთვის მისაღებია. სამწუხაროდ, ასეთი მუსიკის კოლექცია ჩემს პატრონს არა აქვს. ის კლასიკას და ჯაზს უსმენდა, რაც მე არაფერს მეუბნება. აი, წიგნები კი მომწონს. მე წიგნი მაშინვე შევიყვარე. პატრონს დიდი ბიბლიოთეკა დარჩა, ამავე დროს, საშუალება მქონდა, შემეკვეთა წიგნები მაღაზიასა და ინტერნეტში.
ვიდეოჩანაწერებიც შემომრჩა ძაღლების გამოფენიდან და ხანდახან ვუყურებ, ძირითადად ლამაზი ძუკნების გამო. განსაკუთრებით ერთი კოლი მომწონს. ის ძალიან მეგობრულია და სექსუალურად აღმაგზნებს ხოლმე. ის ჩემში ლტოლვას აღვიძებს. როცა მასზე ვფიქრობ, სურვილი მიპყრობს, დავტოვო გემი, რომელიც იძირება, ჯანდაბაში გავუშვა ლაბორატორია და გავიქცე აქედან. გავხდე მაწანწალა ძაღლი, მოვიპარო ხოლმე საჭმელი, ძუკნები ვქინძო, ვუღრინო და ვეჩხუბო სხვა ძაღლებს და ადამიანებს ვერიდო.
მაგრამ მე მიჩვეული ვარ წიგნების კითხვას, შხაპის მიღებას და საწოლში ძილს. მე ხომ უკვე ძაღლი აღარა ვარ.
ოთხშაბათი
სიზმრად ვნახე, რომ კოლისთან ერთად თბილ ზღვაში ვბანაობდი. ნაპირიდან შორსგავცურეთ და მივაღწიეთ ერთ კუნძულამდე, რომელსაც ქვიშის თეთრი პლაჟი ჰქონდა და სადაც ქოქოსის რამდენიმე პალმა იზრდებოდა. ჩვენ ქვიშაზე სიყვარულს მივეცით, ვლოკეთ ერთმანეთი და მერე დასასვენებლად წამოვწექით. მე ვუთხარი მას, რომ მიყვარს. კოლიმ თვალებში ჩამხედა და უცებ მისი დრუნჩი კატისებური გახდა. დავფრთხი, გაქცევა მომინდა, მაგრამ ვერ შევძელი, ქვიშაში ჩავეფალი ყელამდე...
ახლა ჩემი ჩანაწერების გადაკითხვაში ვარ და ვაცნობიერებ, რომ არეულად ვწერდი. თავადა ვარ დამნაშავე, წიგნები მიყვარს, მაგრამ აქამდე ვერ მოვიცალე, პატრონის მიმოწერის გარდა რამისთვის ხელი მომეკიდა. მისი სიკვდილის შემდეგ ეს მიმოწერა აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა. საბედნიეროდ, თავის წერილებში მას ცდების დეტალებზე არასდროს უსაუბრია. გასაგებია, რატომ. ზოგადად ჩემთვის ცნობილია, თუ რას აკეთებდა იგი, და შემიძლია ამის თაობაზე ვწერო. პრინციპში, შემიძლია მისი საქმის გაგრძელება. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, რამდენიმე თვე სპეციალურ ლიტერატურას ჩავუღრმავდე, წავიკითხო მისი ის ჩანაწერები, რომლებიც გვერდზე გადავდე და ლაბორატორიულ მუშაობაში წავივარჯიშო. თეორიას იოლად გავუმკლავდები, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ პრაქტიკის დაძლევასაც მოვახერხებ. მიზეზი ისაა, რომ მე ხელები არა მაქვს. ძაღლის თათი მოუქნელი და ნაკლებადმგრძნობიარეა. ის ჩლიქსაც კი ვერ სჯობს. როგორ მინდა მქონდეს ადამიანის ხელი, თითებით, ერთმანეთზე რომ არ იქნება დამოკიდებული! როცა ვწერ ან სხვა რამეს ვსაქმიანობ, ვიყენებ პროტეზებს, რომლებიც ასე თუ ისე ეწევიან თითების მაგივრობას. მე დაახლოებით ისეთივე პრობლემები მაქვს, როგორიც ამპუტირებულხელიან ადამიანს, რომელიც იძულებულია, რაღაც საქმეებს თავი ფეხის თითებით გაართვას. ფეხით ზოგიერთი შესანიშნავად ხატავს. არიან ისეთებიც, ხატვას ტუჩების მეშვეობით რომ ახერხებენ - თუკი ხელ-ფეხს ვერ ხმარობენ. ასე რომ, რას ვწუწუნებ - ბოლო-ბოლო მე ხომ ოთხი თათი და ძაღლის დრუნჩი მაქვს.
ხანდახან ვფიქრობ, ძაღლისთავა ხომ არა ვარ: ნახევრად ადამიანი, ნახევრად ძაღლი. ძაღლისთავებს ხუთ-ხუთი დღე ადამიანის ცნობიერება ჰქონდათ და ხუთ-ხუთი დღე - ძაღლის. ხუთი ძაღლური დღის განმავლობაში ისინი ანგრევდნენ იმას, რასაც ქმნიდნენ ადამიანური დღეების განმავლობაში.
არადა, სინამდვილეში ადამიანები არიან ძაღლისთავები და განუწყვეტლივ ანგრევენ იმას, რასაც ქმნიან. მე ადამიანის გონი და ძაღლის ტანი მაქვს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა სიხარული და სიამოვნება შეიძლება მოჰქონდეს ნგრევას. მაგრამ მე, პრინციპში, ვერ შევქმენი ვერაფერი არსებითი. მხოლოდ ავეჯი მოვაწესრიგე და რადიო შევაკეთე.
--------------
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩემი ჩანაწერები ფრიად სპონტა

??????