კესტნერი ერიჰ
გაზიარება

ზღაპარი გონიერებაზე (მთარგმნელი: რუსუდან ბრეგაძე) 

იყო ერთი სანდომიანი მოხუცი ბატონი, რომელსაც ასეთი ახირება სჭირდა - ხანდახან გონივრულ რაღაცეებს მოიფიქრებდა ხოლმე. უფრო სწორად, მისი ეს ჩვეულება, კაცმა რომ თქვას, მხოლოდ იმის გამო ქცეულიყო ახირებად, რომ მოფიქრებულს განა თავისთვის შეინახავდა; არა, ადგებოდა და სპეციალისტებს გადმოულაგებდა. რაკიღა მდიდარი იყო და იმ თავის ფრიად დამაჯერებელ მოსაზრებათა მიუხედავად ანგარიშს უწევდნენ, სპეციალისტებს მეტი გზა არ ჰქონდათ, თუნდაც ყურებაჭრიალებულებს, მოთმინებით უნდა ესმინათ მისთვის. სპეციალისტებისთვის კი ნამდვილად არ არსებობს უფრო მურდალი წამება, ვიდრე ის, რომ მომღიმარი სახით უგდონ ყური გონივრულ წინადადებას. რადგანაც გონება, ყველას მოეხსენება ეს, რთულს ისეთნაირად ამარტივებს, სპეციალისტებს გაგონებაც რომ არ უნდათ და, აქედან გამომდინარე, გაუგონარ საშინელებად ეჩვენებათ. ამისთანა რამეს, არცთუ უსაფუძვლოდ, ისე აღიქვამენ, თითქოს ვიღაცა თვითნებურად ყოფდეს ცხვირს მათს წვალებით შეძენილ და ნალოლიავებ უფლებამოსილებებში. მართლაცდა, იკითხავს კაცი, რაღა ეშველებოდათ ამ საწყლებს, რომ თვითონ კი არ ბატონობდნენ, არამედ მათ ნაცვლად გონიერება განმგებლობდეს!
ერთ მშვენიერ დღეს ამ სანდომიანმა მოხუცმა სიტყვა ითხოვა სხდომაზე, სადაც დედამიწის უმნიშვნელოვანეს დიდკაცობას მოეყარა თავი და ბჭობდნენ, ამ ქვეყნად შუღლი და გაჭირვება როგორ აღმოვფხვრათო. "ღმერთო, დიდებულო!" გაიფიქრეს მათ. "ვინ იცის, დღეს რაღას გვიმზადებს თავისი სულელი გონებით!" და გამოსვლის ნება დართეს. ისიც გამოვიდა, ცოტა ძველმოდურად დაუკრა თავი საზოგადოებას და ჩამოჯდა. იგი იღიმებოდა. ისინი იღიმებოდნენ. ბოლოს დაიწყო თავისი სათქმელი:
"ბატონო სახელმწიფოს მეთაურნო და სახელმწიფოს დიდმეთაურნო", თქვა მან, "ერთი, როგორც თავად ვგონებ, სასარგებლო აზრი დამებადა; მისი პრაქტიკული ვარგისიანობა შემოწმებულია; მსურს, თქვენს თავყრილობას გავაცნო იგი. ყური მიგდეთ, გეთაყვა. მე კი არა, გონიერება გავალებთ ამას". მათ გატანჯული ღიმილით დაუქიცინეს სახელმწიფო თავები, მოხუცმა კი განაგრძო: "თქვენ განგიზრახავთ, თქვენს ხალხებს მშვიდობა და წყნარი ცხოვრება დაუმკვიდროთ; ეს კი, პირველ ყოვლისა და გონიერებისდა კვალად, რაზომ ურთიერთგანსხვავებულიც არ უნდა იყოს თქვენი ეკონომიკური შეხედულებანი, მხოლოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ დაინტერესებულნი ხართ, დედამიწის ყველა მცხოვრები კმაყოფილი იყოს. ან, ეგებ, ვცდები ამ პუნქტში?"
"ღმერთო, დაგვიფარე!" შესძახეს მათ. "არამც და არამც! ეგ რამ გაფიქრებინათ, საყვარელო მოხუცო ბატონო!" - "რა კარგია!" თქვა მან. "მაშ, თქვენი პრობლემა გადაჭრილია. მომილოცავს თქვენთვის და თქვენი ხალხებისთვისაც. წადით ახლა შინ, თქვენ-თქვენი სახელმწიფოების ფინანსებიდან, შესაბამისი კონსტიტუციის ფარგლებში და შეძლების კვალობაზე, ერთობლივად გამოყავით თანხა, რომელიც მე გულდასმით დავიანგარიშე და, სათქმელს რომ გავასრულებ, დაგისახელებთ! ამ თანხას კი, აი, რა უნდა უყოთ: თითოეული ოჯახი თითოეულ თქვენს ქვეყანაში საჩუქრად მიიღებს პატარა, კოხტა, ექვსოთახიან ვილას, ბაღითა და გარაჟითურთ, აგრეთვე ავტომობილს. ვინაიდან ნაგულისხმევი თანხა ამით არ ამოიწურება, შეგიძლიათ, ესეც ნაანგარიშევია, დედამიწის ყველა კუთხეში, სადაც კი ხუთი ათას სულზე მეტი მოსახლე ცხოვრობს, ახალი სკოლა და თანამედროვე საავადმყოფო ააშენოთ. მშურს თქვენი, ვინაიდან, თუმცაღა არ მგონია, მატერიალური ნივთები უმაღლეს ამქვეყნიურ ფასეულობას წარმოადგენდეს, მაგრამ იმდენი გონიერება კი მაქვს, ვხვდებოდე, რომ ხალხთა შორის მშვიდობა პირველ ყოვლისა ადამიანთა გარეგან კმაყოფილებაზე ჰკიდია. წეღან რომ გითხარით, მშურს-მეთქი თქვენი, ვიცრუე. მე ბედნიერი ვარ". სანდომიანმა მოხუცმა გულისჯიბეზე გაიკრა ხელი და მომცრო სიგარას მოუკიდა.
დამსწრეთ მოძალებული ღიმილისგან სახეები მოექცათ. ბოლოს სახელმწიფოს უდიდესმა დიდმეთაურმა თავს სძლია და ჩახლეჩილი ხმით იკითხა: "რა თანხა გაქვთ გათვალისწინებული თქვენი მიზნებისთვის?" - "ჩემი მიზნებისთვის?" კითხვითვე მიუგო სანდომიანმა მოხუცმა ბატონმა, ხმაზე მსუბუქი შეცბუნება დაეტყო. "ჰა, ბრძანეთ ახლა!" დაიძახა სახელმწიფოს სიდიდით მეორე დიდმეთაურმა. "რამდენი დასჭირდება მაგ პატარა თავშესაქცევს?"
"ერთი ბილიონი დოლარი", მშვიდად უპასუხა სანდომიანმა მოხუცმა. "ერთ მილიარდში ათასი მილიონია, ერთ ბილიოში კი - ათასი მილიარდი. ეს არის ერთიანი თორმეტი ნულით". და კვლავ მოქაჩა თავისი მომცრო სიგარა.
"მთლად გამოტვინებულხართ!" დაიყვირა რომელიღაც სახელმწიფოს დიდმეთაურმა.
სანდომიანი მოხუცი მხრებში გასწორდა და გაკვირვებით შეხედა მყვირალს. "ეგ როგორ მოგივიდათ აზრად?" იკითხა მან. "რა თქმა უნდა, ეს დიდი ფულია, მაგრამ ბოლო ომზე, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ზუსტად ამდენივე დაიხარჯა!"
აქ კი სახელმწიფოს მეთაურებსა და სახელმწიფოს დიდმეთაურებს გამაყრუებელი ხარხარი წასკდათ. სწორე,დ რომ ბრდღვინავდნენ. ბარძაყებზე ხელებს იტყაპუნებდნენ, განგმირულებივით ხაოდნენ და სიცილისგან წამოცვენილ ცრემლებს იწმენდნენ.
სანდომიანი მოხუცი უმწეოდ შესცქეროდა ხან ერთს, ხან მეორეს. "ვერ გამიგია, რა გამხიარულებთ", თქვა მან. "იქნებ კეთილი ინებოთ და განმიმარტოთ, აგრე რამ გაგახალისათ? თუკი ხანგრძლივი ომი ერთი ბილიონი დოლარი დაჯდა, ხანგრძლივი მშვიდობა რატომ არ უნდა ღირდეს ამდენივე? ღვთის გულისათვის, რა არის ამაში სასაცილო?"
უფრო ხმამაღლა ახარხარდა ყველა. ნამდვილი ჯოჯოხეთური ხარხარი იდგა. ერთმა სკამზე ვეღარ გაძლო, წამოვარდა, ატკიებულ ფერდებზე იტაცა ხელები და, რაც ძალი და ღონე შერჩენოდა, იყვირა: "ბებერო რეგვენო, ომი - ომი ხომ სულ სხვა რამეა!"
(სახელმწიფოს დიდმეთაურნი, სანდომიანი მოხუცი და მათი თავშესაქცევი საუბარი პირწმინდად გამოგონილია. სამაგიეროდ, ომი რომ ერთი ბილიონი დოლარი დაჯდა და ეს თანხა ყველაფერს გასწვდებოდა, რაც ზემოთ მოგახსენეთ, სინამდვილეაო, ირწმუნება "ფრანკფურტერ ნოიე პრესეში" გამოქვეყნებული ამერიკული სტატისტიკა).

??????