ლეისი რობერტ
გაზიარება

კაპიტალიზმი ადამიანური სახით (მთარგმნელი: სოფიკო ფეიქრიშვილი) 

"დარწმუნებული ვარ, რომ
XXI საუკუნე გახდება
ეპოქა ერთიან მსოფლიო
სისტემაში კაცობრიობის
ინტეგრაციისა".



შიშის შესახებ

ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ჩემში ვინახავ პროგრესის მივიწყებულ რწმენას. ისტორია ამტკიცებს, რომ კაცობრიობის გარიჟრაჟზე შიში გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვენს დროში. რა თქმა უნდა, ძველი შიშები გაქრა, გაჩნდა ახალი, თუმცა ბუნებისა და ბედის წინაშე ინტენსიურმა შიშმა შეწყვიტა ადამიანის მოქმედების განსაზღვრა. მე არ მტოვებს იმის შეგრძნება, რომ ევროპაში ცივილიზაციის, განათლებისა და გლობალური კომუნიკაციის საშუალებების გავრცელებით ადამიანური შიში ადგილს დაუთმობს ოპტიმიზმს. რასაკვირველია, XXI საუკუნეში ჩვენთან ერთად გადავა შიში ლოკალური ომებისა და გენოციდების წინაშე, მაგრამ გლობალური საომარი კონფლიქტის შიშისაგან ჩვენ, მგონი, უკვე გავთავისუფლდით.
თქვენ შეგიძლიათ ამას ლამაზი სულის გამოვლინება უწოდოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ XXI საუკუნე გახდება საუკუნე გლობალიზაციისა, ეპოქა ერთიან მსოფლიო სისტემაში კაცობრიობის ინტეგრაციისა. ახლა უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია ევროკავშირის ქვეყნებს შორის ომის წარმოდგენა. ასეა თუ ისე, XX საუკუნეში კაცობრიობის მთავარი შიში იყო ომის, შიმშილის და ძალადობის შიში. ევროპა გაუმკლავდა ამ შიშს და გაუმკლავდება, ალბათ, დანარჩენი სამყაროც.

მეცნიერული აღმოჩენები
დარწმუნებული ვარ, რომ სულიერება XXI საუკუნეში უფრო დიდ როლს ითამაშებს, ვიდრე ეს იყო XX-ში. დასავლეთში ხალხმა უკვე გაიგო, რომ მხოლოდ მატერიალისტური იდეები ვერ გახდება ბედნიერების საფუძველი. მეჩვენება, რომ ჩვენ შევდივართ სულიერი აღორძინების ეპოქაში. მხედველობაში არ მაქვს რომელიმე რელიგიური კონფესიის აყვავება. არ ვეკუთვნი არცერთ ეკლესიას; უბრალოდ მჯერა სულიერი ცხოვრების მაღალი წესის არსებობა. უკანასკნელი სამასი წლის მანძილზე მეცნიერებამ ბრწყინვალედ იმუშავა იმაზე, რომ ხალხისთვის შეეცვლევინებინა წარმოდგენა ღმერთზე, როგორც ადამიანის მსგავს არსებაზე და ზეცაზე, როგორც რაღაც ფიზიკურ განზომილებაზე. კაცობრიობა თანდათან იგებს, რომ ღმერთი ზეცაში კი არა, თვით ადამიანშია. ახალი მეცნიერული აღმოჩენები მხოლოდ აძლიერებს რელიგიისა და სულიერების ასეთ არაანთროპომორფულ გაგებას. გარდა ამისა, ასეთი აღმოჩენები დამატებით ფილოსოფიურ სიღრმეს მისცემს რელიგიურ გრძნობას. მე არ ვფიქრობ, რომ მონასტრებისა და წმინდანების არსებული კულტი მარადიულია.
მე რელიგიურ გრძნობას ვხსნი, როგორც კაცობრიობის ბუნებრივ მიდრეკილებას ზნეობრივი ფასეულობებისადმი. ვფიქრობ, რომ ეს გრძნობა ადამიანის ბუნებაში ძევს. სწორედ აქედან მოდის მისი განსხვავებული სუბლიმაციები ათეისტებში. მაგალითად, ინგლისში მე ვხედავ რელიგიური გრძნობის ძლიერ გარდასახვას დედოფლისა და სამეფო ოჯახის გაღმერთებაში. განა კინოვარსკვლავებისა და პოპ-კერპების მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული კულტი არ არის რელიგიური გრძნობის სუბლიმაცია და პროფანაცია?! და, საერთოდ, მე მგონია, რომ XX საუკუნისაგან განსხვავებით, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნიკის ტრიუმფის საუკუნე იყო, XXI საუკუნე გახდება ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და აღმოჩენების ეპოქა, რომელიც ფარდას ახდის ადამიანის საიდუმლოს.

სისასტიკის შესახებ

საერთო ჯამში სისასტიკე შემცირდება. მე არა ვარ ადამიანის ბუნებრივი აგრესიულობის თეორიის მომხრე (უცნაურია, რომ ამას ყოველთვის ცხოველებზე დაკვირვებით ამტკიცებენ). კაცობრიობა ნელა, მაგრამ დამაჯერებლად ხდება უფრო კულტურული, თუმცა ეს პროცესი უკიდურესად არათანაბრად მიმდინარეობს. ბევრ რამეში ადამიანური სისასტიკე ბუნებაში და საზოგადოებაში ადამიანის არსებობისთვის ბრძოლის ნაშთია. ამას გარდა, დარჩენილია ძალადობის კერპებიც - დიქტატორული რეჟიმები, სიღატაკე, ეროვნული შოვინიზმი და ა. შ. რომლებიც არამც და არამც არ არის ბუნებრივი მოვლენები. მათთან გამკლავება ადამიანს სავსებით ძალუძს. ამ მხრივ ევროპული ცივილიზაცია მესამე სამყაროს მაგალითს აძლევს. ჩემს მსჯელობაში მე ამოვდივარ არა იმდენად იმ იდეალიდან, რომ ადამიანი კეთილია თავისი ბუნებით, არამედ იმ წარმოდგენიდან, რომ ის რაციონალურია და ეს არის მისი გონების ბუნებრივი თვისება. ძალადობა არის ირაციონალური და მუდმივ შიშში მყოფი გონების თვისება. გონივრულად მოწყობილ გლობალურ ცივილიზაციაში ძალადობა გახდება ანაქრონიზმი, ან აღარ იქნება მიზნის მისაღწევი საშუალება. ალბათ შეამჩნევდით, რომ სრულყოფილებისაგან შორს მდგარ ჩვენს სამყაროშიც კი ღია ძალადობა სულ უფრო და უფრო ხშირად იცვლება მოტყუებით და დემაგოგიით.

მარქსიზმისა და სოციალიზმის შესახებ

ახლა უკვე პრაქტიკულად სავსებით შეიცვალა შეხედულება მარქსიზმსა და სოციალიზმზე. ახლა ცოტაღა თუ ხედავს მასში კაცობრიობის სიღატაკისაგან ხსნის უებარ წამალს, როგორც ეს იყო XIX და XX საუკუნეთა მიჯნაზე. ამ კუთხით მისი აღორძინება შეუძლებელია, თუმცა სოციალიზმის იდეები ცოცხალია და მეჩვენება, რომ კიდევ ერთ ასწლეულსაც იცოცხლებს. ახლებურად გააზრებული ეს იდეები XXI საუკუნეშიც იქნება გამოყენებული. თანამედროვე კაპიტალიზმში დაიწყო ცვლილებები და ბევრი სოციალისტური იდეალის რეალიზაციის მხარესაც გადაიხარა, ხოლო პოლიტიკური რევოლუციის იდეა სასაცილოდ ჩანს ევროპაში. პოლიტიკური და სოციალური განვითარება სოციალისტური მიმართულებით XXI საუკუნეშიც გარძელდება. სოციალიზმის ქვეშ მე ვგულისხმობ "კაპიტალიზმს ადამიანური სახით", ადამიანური ურთიერთობების საერთო ჰუმანიზაციას. სხვათა შორის, ასეთი ტიპის სოციალურ გარდაქმნაში წარმატებას მე ვუკავშირებ კაპიტალიზმის განვითარების სწორედ ევროპულ და არა ამერიკულ გზას. ჩემი აზრით, ევროპულ კაპიტალიზმს აქვს დიდი პოტენცია ასეთი განვითარებისათვის. ბუნებრივია, რომ ამით შეიცვლება და ამით უკვე იცვლება კიდეც სახელმწიფოს როლი ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში.

მოწყენილობის პრობლემის შესახებ

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ძალიან ბევრი ადამიანისთვის კოსოვოს მოვლენები თავისი მასშტაბით გრანდიოზულ თეატრალურ სანახაობად იქცა. რაც მე მაღელვებს, ეს არის ტელევიზიის საშუალებით ასეთი მოვლენის გარდაქმნა გააზრებულ თუ გაუაზრებელ გასართობად. ახლა იმ ადამიანსაც კი, რომელიც ცხოვრობს შედარებით მოწყენილი და უაზრო ცხოვრებით, გარანტირებული აქვს მისი სისრულისა და სისავსის ილუზორული შეგრძნება. XXI საუკუნეში საკუთარი ცხოვრების კალაპოტიდან გასვლის საშუალება ბევრად უფრო გაიზრდება. ვფიქრობ, რომ ფრენსის ფუკუიამა არ არის მართალი; მოწყენილობა მომავალ კაცობრიობას არ ემუქრება. სხვა საქმეა, რომ თეატრალიზებული საომარი კონფლიქტების ნაცვლად ის გაერთობა კლონირების სცენებითა და გენეტიკური მუტაციებით.

დემოკრატიის ბედის შესახებ

დემოკრატიამ განვითარების ძალზე გრძელი გზა განვლო, სანამ იმ პოლიტიკურ ინსტიტუტად გადაიქცეოდა, რომელიც არსებობს დასავლეთის ქვეყნებში. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ის არც ისე ცუდად მუშაობს. მე არ ვფიქრობ, რომ დასავლეთის პოლიტიკური აზროვნების მიერ გამოგონებული დემოკრატია მხოლოდ დასავლურ გარემოს ეგუება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ფაქიზი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც რეალიზდება მოქალაქეობრივად მომწიფებულ საზოგადოებაში. დემოკრატიის ისტორია გვიჩვენებს, რომ იგი მოქნილია და თვითგანვითარების უნარი გააჩნია. ამ პოლიტიკურ წყობას არამც და არამც არ ამოუწურავს თავისი შესაძლებლობები და კვლავ აგრძელებს განვითარებას. სანამ დემოკრატიული ნორმები და ფასეულობები ავტოკრატიული და ტოტალიტარული იდეების წინააღმდეგნი იქნებიან, კაცობრიობისათვის მათი მნიშვნელობის გადაფასება ძნელი იქნება. შესაძლოა, მომავალში ამ წინააღმდეგობის დაძაბულობა შენელდეს. მაშინ ხალხი შექმნის მმართველობის უფრო იდეალურ ფორმას, რომელსაც აღარ ექნება დემოკრატიის პოპულიტური სისუსტეები.

შეუცნობელი და შეუცნობადი

ცნობილია, რომ ახალი აღმოჩენები არა იმდენად იძლევიან პასუხებს, არამედ უფრო მეტად ახალ კითხვებს აღძრავენ. ვფიქრობ, რომ მთავრი ეგზისტენციალური საკითხები, რომელთა გადასაწყვეტად უკვე არაერთი ასწლეულია იბრძვის კაცობრიობა, XXI საუკუნეშიც გადაუწყვეტელი დარჩება. უპირველესად კი ეს არის ადამიანური ყოფის არსი და საიდუმლო, ღმერთის საიდუმლო, ადამიანური ინტუიცია, სიყვარული, სხვა მაღალი ("უანგარო") გრძნობები. აქ საქმე არ გვაქვს ადამიანის ტვინის რაციონალურ-კომპიუტერულ მოწყობასთან, ან მის შეზღუდულობასთან. როგორც ჩანს, არის ისეთი ამბებიც, რომლებიც სუფთა ინტელექტუალური ანალიზისთვის მიუწვდომელია. თუმცა ამ შემთხვევაში გაგებისა და შემეცნების რელიგიური რწმენით შეცვლა მე ინტელექტუალური მამაცობის არარსებობად მესახება. კაცობრიობა თავისი ამ "ნაკლის" გადალახვას ალბათ ვერასოდეს შესძლებს, ვინაიდან ეს მოითხოვს მისი ბუნების საზღვრებიდან გასვლას.

ქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ

მეჩვენება, რომ ქორწინების ტრადიციული ინსტიტუტი მომავალში შეიცვლება. ვფიქრობ, რომ ადრეული სექსუალური აქტივობის ახლანდელი ტენდენცია მომავალ ასწლეულშიც გაგრძელდება. ქორწინებაც უფრო გვიან შედგება, ვიდრე ახლა, რადგან თვით ქორწინების მოტივაცია თანდათან იცვლება. თუ ადრე მისი მთავარი მიზანი შთამომავლობის გაგრძელება და სექსუალური ცხოვრების შესაძლებლობა იყო, მომავალში ეს იქნება უფრო მისწრაფება უანგარო პარტნიორობისაკენ, რომელიც, თავის მხრივ, რომანტიკული სიყვარულის სუროგატად მოგვევლინება (ნამდვილი გრძნობა ყველა საუკუნეში ძალიან იშვიათი იყო და არა ყველასთვის მისაწვდომი).
არ მინდა ვიფიქრო, რომ კლონირების ტექნიკისა და გენური ინჟინერიის საშუალებით შესაძლებელი გახდება ადამიანის შთამომავლობის გაგრძელება ქორწინების გარეშე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხოლოდ ამას შეუძლია დაანგრიოს ქორწინების ტრადიციული ინსტიტუტი.

მომავალი ადამიანების შესახებ

მე არ ვფიქრობ, რომ მომავალ საუკუნეში ადამიანები უფრო ჭკვიანები ან ნიჭიერები იქნებიან, ვიდრე ჩვენს ან წინა ასწლეულებში. არსებობს ცრურწმენა, რომ XX საუკუნეში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების მარაგი ადამიანს მის წინაპრებზე უფრო ბრძენს ხდის. ცნობილმა ინგლისელმა მედიევისტმა ასეთ წარმოდგენას ქრონოლოგიური სნობიზმი უწოდა. ამასთან დაკავშირებით მინდა მოვიყვანო ბოლო აბზაცის ციტირება ჩემი უკანასკნელი წიგნიდან "წელი 1000": "ქრონოლოგიური სნობიზმი" გვაიძულებს ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს წინაპრებზე გვიან მოგვიწია ცხოვრებამ და იმ წიგნების წაკითხვამ, რომლებიც მათ ცხოვრებას აღწერენ, აუცილებლად ყველაფერი მათზე უკეთ უნდა ვიცოდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენს განკარგულებაშია უფრო მეტი ფაქტი, მეტი პიროვნული და ეროვნული სიმდიდრე, უფრო სრულყოფილი ტექნიკა და სიცოცხლის განხანგრძლივების უსასრულოდ დიდი შესაძლებლობები. და მაინც, საკითხავია, ჩვენ მეტ სიბრძნეს და ჰუმანიზმს ვავლენთ თუ ისინი: თუ გავიხსენებთ, ყოველდღიურ სიძნელეებს როგორ უმკლავდებოდა ადამიანი ათასი წლის წინათ, მიუხედავად ჩვენი ამჟამინდელი გამოცდილებისა, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, შეგვიძლია თუ არა ისეთივე სიმტკიცით, კეთილი იუმორით და ფილოსოფიურად შევხვდეთ იმ გამოწვევებს, რაც მათ მაშინდელ ცხოვრებაში იყო".

ცხოვრებისეული ფასეულობები

პირადად ჩემთვის ოჯახი რჩება ბედნიერებისა და სიხარულის მთავარ წყაროდ, თუმცა სრული ბედნიერების მისაღწევად ჩემთვის, როგორც მწერლისათვის, ასევე აუცილებელია შემოქმედებითი მიღწევები. ამქვეყნად ოჯახური და შემოქმედებითი სიხარული ერთმანეთს ავსებენ. ფინანსური უზრუნველყოფა არის ამგვარი ბედნიერი ცხოვრებისა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. სხვათა შორის, სწორედ ეს გარემოება გვაძლევს საშუალებას ვიმოგზაუროთ და ვიცხოვროთ კულტურული ცხოვრებით. პოლიტიკურ აქტივობას მე ვამჯობინებ სულიერი სრულყოფილების შეგრძნებას, თუმცა მე არა ვარ აპოლიტიკურობის მომხრე და ჩემს პოლიტიკურ მრწამს ყოველთვის ვიცავ.

??????