ანგოლი მალა
დაახლოებით 2500 წლის შემდეგ, დარიენის ტყეში განმეორდა მსგავსი ამბავი, რომლის მოწმეც ნაწილობრივ თავად გახლდით. ამიტომაც დავარქვი ამ მოთხრობას "ანგოლი მალა", იმ ჭაბუკის სამახსოვროდ, ბუდამ რომ გადაარჩინა.
* * *
წვიმების სეზონი ჯერ არ დამდგარიყო, როცა ჯონ გიბსონი, მეტსახელად ბრავიტო, მდინარეს მიადგა. 18 წლის წინ ის აქ დაიბადა, მაგრამ აღარაფერი ახსოვდა. როცა მას ორი თუ სამი წელი შეუსრულდა, მისი მშობლები, ბაპტისტურად მონათლული ინდიელები, ტიფისგან მიიცვალნენ ერთ პატარა დისპანსერში, რომელიც ჯონ გიბსონმა ამერიკელმა ზანგმა, მდინარის პირას, ვავიზას სათავეებთან ააშენებინა. პასტორს, როგორც ჩანს, მაშინვე მოუხდა ქალაქ პანამისაკენ წასვლა და ბავშვიც თან წაიყვანა. ბიჭს თავისი გვარი მისცა და ბაპტისტური რწმენით აღზარდა იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდა ინდიელი თავისიანებს დაუბრუნდებოდა და ღვთის სიტყვას გაავრცელებდა. მაგრამ ერთხელაც, როცა პასტორმა ბიჭს უსაყვედურა მარანიონის ერთ-ერთ სამორინეში რატომ დათვერიო, ბრავიტომ დარიენისაკენ მიმავალ გემზე ბილეთი აიღო და მდინარისაკენ გასწია.
ბრავიტოს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა იყო ტყეში ცხოვრება. უონანასის ტომის ჭაბუკი ინდიელი მოხდენილი ტანით და ძლიერი აღნაგობით გამოირჩეოდა. ძალიან ლამაზი იყო და კუპრივით შავ თმას უკან გადაყრილს ატარებდა. დაბადებისას მშობლებმა მეტსახელად ბრავიტო შეარქვეს, რადგან მარჯვე და დაუდგრომელი ჩანდა და პასტორმაც ეს სახელი შეუნარჩუნა.
ინდიელთა ტომებს უცხო ადგილებიდან მოსული ხალხი არ უყვარს. როცა ბრავიტო მდინარეს აუყვა თავისიანების საძებნელად, მას ეჭვით შეხედეს. მდინარის ზემოწელის ოდნავ ქვემოთ, იმ ადგილას, ტრე ბოკასას რომ უწოდებენ (სადაც ჩქერის სამი შესართავი მდინარის სათავეს წარმოქმნის). მან ბიძის სახლს მიაგნო. სოფელს მან მიაღწია ზანგი ვაჭრების პატარა გემით, რომელსაც ინდიელებისათვის ზეთი და ბრინჯი მიჰქონდა; მგზავრობა გრძელი და დამქანცველი გამოდგა, თანაც ბრავიტოს ცოტა არ იყოს იმედი გაუცრუვდა: ტალახის ფერი მდინარის ორივე ნაპირას ტყის შეუვალი კედლები აღმართულიყო. მდინარის ორივე მხარეს ბრავიტო ხედავდა მხოლოდ ღარიბულ ქოხმახებს, რომლებშიც ზანგები და პირქუში ინდიელები ცხოვრობდნენ. ყოველ ღამე ბრავიტო დასაძინებლად იატაკზე წვებოდა, სახეზე კი პერანგს იფარებდა რომ კოღოებს არ დაეკბინათ. იატაკზე პაწაწა ტარაკანები ფუთფუთებდნენ, საკვებს ეტანებოდნენ და ყურებზე ჩამოსაცმელ რადიოსაც აცოცდებოდნენ, პასტორის სახლში ცხოვრების ერთადერთ სახსოვრად რომ გამოიყოლა ბრავიტომ.
ბიძა ანდრესის სახლში ბრავიტო სიცხისაგან დასუსტებული მივიდა. ბიძამ ავადმყოფს შემლოცველი მოუყვანა, ერთი კოჭლი კაცი, ვინმე თეკლე, რომელმაც ბრავიტოს საშინლად მწარე ნაყენი დაალევინა. მდინარის ზემო წელის მიდამოებში, სათავეებთან მოსვლის მერე ბრავიტო რამდენიმე დღე ბოდავდა, პირღებინებამ ლამის გულ-ღვიძლი დაუგლიჯა, ოფლად დაიღვარა და ერთ დილასაც სრულიად საღ-სალამათმა გაიღვიძა.
ბიძა ანდრესი ინდიელთა ყაიდის დიდ სახლში ცხოვრობდა. მზის ქოლგის ფორმის ფოთლებიანი სახურავი შავი ხის ყავარის იატაკს ფარავდა და მიწიდან ოთხი მეტრის სიმაღლის ხიმინჯებზე იყო აღმართული. მას შემდეგ, რაც გემის ტრიუმში ლამის სიცხისაგან გაიგუდა და მდინარის გასწვრივ უბადრუკი და შემზარავი ქოხების მეტი ვერა დაინახა რა, ბრავიტოს მოეწონა ეს დიდი, უკედლებო და უტიხრებო ლამაზი სახლი, რომელსაც სახურავი ჩრდილსა და სიგრილეს ჰფენდა, ხოლო თბილ ღამეში სახურავის ფოთლებზე წვიმის სასიამოვნო წკაპა-წკუპისათვის შეეძლო ესმინა. მდინარე ცოტა ქვემოთ, ბანანების პლანტაციების წინ მიედინებოდა. ღამ-ღამობით ბრავიტო სიამოვნებით უსმენდა ხოლმე მდინარის გაბმულ დუდუნს.
მას ყველაფრის სწავლა მოუხდა: ყოველ დილა უთენია იწყებდა მუშაობას: ერთ ხელში მაჩეტით, ხოლო მეორეში ჯოხით მარგლავდა ბანანის პლანტაციებს, ცეცხლის ასანთებად ხეებს ცულით ჭრიდა; ტყეში სიარული ისე უნდა ესწავლა, რომ გზა არ აბნეოდა, არც ეხმაურა, საპოტის ხეებზე ნაყოფის მოსაკრეფად ასულიყო, შებინდებისას მოესაქმებინა, მდინარეში ყელამდე ჩაჯდომისას თევზების კბენის არ შეშინებოდა. უწინარესად კი თავისი ტომის ენა უნდა შეესწავლა, რაც უფრო ადვილად მოახერხა, ვიდრე ეგონა. თითქოს სიტყვები მისი გულის სიღრმეში თვლემდნენ და ახლა სხვების ლაპარაკისას სათითაოდ ნელ-ნელა იღვიძებდნენო.
ჰოდა, ექვსი თვის შემდეგ ყველაფერი უცებ მოგვარდა. ყველა, ვინც ადრე არ ენდობოდა, ახლა თბილად ელაპარაკებოდა, მასთან ერთად მუშაობდა და იცინოდა. ბიძამისი ანდრესი და მისი ტოლი ბიძაშვილი, ჭაბუკი ფულო, აღარ დასცინოდნენ და ისე ექცეოდნენ თითქოს მათ შორის იყო გაზრდილი. ქალებიც და ბავშვებიც აღარ ერიდებოდნენ და როცა მუშაობის მერე პლანტაციებიდან ბრუნდებოდა თბილად ეგებებოდნენ. ბრავიტოც შეიცვალა. ქალაქური ტანისამოსი დაულაქავდა და დაეხა, ფეხსაცმელებმა კი მდინარის ტლაპოს ვერ გაუძლეს. იგი ფეხშიშველი დადიოდა და მთელი სხეული მზისაგან გარუჯოდა. ერთადერთი, რითაც თავი მოჰქონდა თმა იყო, რომელსაც რეგულარულად იჭრიდა, უკან გადაივარცხნიდა და ზედ ბრილიანტინს გადაისვამდა ხოლმე.
სწორედ იმ ხანობას პირველად დაინახა ბრავიტომ ნინა. სანამ ნინას შეხვდებოდა, მისი არსებობა უკვე იცოდა, რადგან ბიძამისის სახლში ნინას ხშირად ახსენებდნენ ხოლმე, განსაკუთრებით ჭაბუკები. ყველას სატრაბახოდ მიაჩნდა ნინასთან დალაპარაკება და კოღოებსა და ქინქლისაგან დასაცავ ბადის ქვეშ ღამის პაემანზე მისი დათანხმება. თუმცა ამ ამბებს ისე ყვებოდნენ, ეტყობოდათ რომ მართალს არ ამბობდნენ. ერთ დღეს ბრავიტომ ნინაზე ჩამოუგდო ლაპარაკი ბიძაშვილს, რომელმაც სიცილით უპასუხა, ეგ საშენო გოგო არ არისო. თუმცა რაღაც-რაღაცეები კი მოუყვა: ეროვნული გვარდიის ყოფილი პოლიციელის, შავკანიანი მამაკაცის და ინდიელი ქალის შვილიაო. თანაც დასძინა, რომ დედამისი თურმე cimarrona _ ველური ინდიელი ყოფილა, რომელიც ზანგ პოლიციელს დიდი ხნის წინათ ტყეში დაუტყვევებიაო. ისინი მდინარის ზემო წელის ბოლო სახლში ცხოვრობდნენ, ზუსტად ტრე ბოკასას მისადგომებთან. იმასაც ამბობდნენ თურმე, ნინას სახლი ზოგჯერ თეთრი ფხვნილის გადამტანი კოლუმბიელი კონტრაბანდისტების თავშეყრის ადგილიაო.
ერთ დღეს, წვიმები რომ შეწყდა, ბრავიტო ბიძაშვილ ფულოს და ორ ახალგაზრდა ინდიელთან ერთად ტყეში წავიდა სანადიროდ. ბიძა ანდრესმა თავისი თოფი ათხოვა. ბრავიტო მღელვარებამ შეიპყრო, რადგან ტყეში პირველად მიდიოდა. ბიჭებმა ირმის ნაკვალევს ორი დღე სდიეს და მესამე დღეს გამთენიისას ხრამის ძირას მოკლეს. ბრავიტომ ააცდინა, მაგრამ ახალგაზრდებმა მაინც სამად გაყვეს ნანადირევი და ერთი ბარკალი მასაც ერგო. შინ რომ ბრუნდებოდნენ ბრავიტომ hocco, ხეზე დასკუპებული გარეული ინდაური მოკლა. შემდეგ ვაჟებმა ტყე გადაჭრეს ტრე ბოკასამდე და იქ, პლიაჟზე სამი ჩქერის შესართავთან შეწვეს ინდაური. დილიდან არაფერი ეჭამათ კენკრისა და ფოთლების გარდა.
საღამოვდებოდა. სამი ჩქერის შესართავის ზემოთ მზე ჩადიოდა, ჩამუქებული ხეები შეუვალ კედლად აღმართულიყვნენ. იმ დროს როცა ახალგაზრდები პლაჟზე ისხდნენ და ინდაურს შეექცეოდნენ, გამოჩნდა ნინა. იგი თევზაობიდან ბრუნდებოდა. პლაჟზე შეჩერდა და ახალგაზრდა ინდიელებს შეხედა. ბრავიტოს არასოდეს ენახა მსგავსი ქალი. მწუხრის ბინდ-ბუნდში, გრძელი მკლავებით და მოღერებული ყელით, ძალიან დიდი მოჩანდა. კანი მუქი სპილენძის ფერის ჰქონდა, ხშირი თმები კი ინდიელი ქალების მსგავსად კუპრივით შავი. ფეხშიშველი იყო და ჩითის გრძელი კაბა ეცვა, როგორსაც ზანგი ქალები ატარებენ ხოლმე. ნინა ახალგაზრდებისაკენ გაემართა, ხელში თევზებით სავსე კალათა ეჭირა, რომელიც ანკესით და ჭვილთით დაეჭირა. ყმაწვილები, ასე ხშირად რომ ჭორაობდნენ მასზე, გაიტრუნენ და დაიმორცხვეს. ნინა ისე ახლო მივიდა მათთან, რომ ბრავიტომ მისი ოქროსფერი თვალების ელვარება შეამჩნია. მათ ესპანურად მიმართა იმ ზიზღნარევი თავდაჯერებით, ზანგებს რომ ახასიათებთ siespiem-ის , ტყის ხალხის მიმართ. ნინამ ბრავიტოს შეხედა და იკითხა: "ეს ვინ არის?". როცა ბრავიტომ გაიაზრა, რომ გულის ცემა აუჩქარდა და სხვებივით ენა მუცელში ჩაუვარდა, გაცეცხლდა, მაგრამ ნინა უკვე პლაჟს მიუყვებოდა თავისი მოქნილი და დაუდევარი ნაბიჯით. ახალგაზრდებმა მაშინვე ამოიდგეს ენა და ნინაზე ლაზღანდარობას მოჰყვნენ, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა ბრავიტო. განა ნინა მართალი არ იყო, ზიზღით რომ უყურებდა მათ? მათ ხომ გამბედაობის ნატამალიც არ გააჩნდათ?
კვირა კვირას მისდევდა და თვე თვეს. ბრავიტო სულ ნინაზე ფიქრობდა. შესაღამოვების ბინდში ჩქერებთან ქალიშვილის უეცარი გამოჩენით გამოწვეული ხიბლის შეგრძნება, მისი სველ კაბაშემოტმასნული, აშოლტილი ტანის სილუეტი, მისი თვალების ოქროსფერი ნათელი, ის მზერა, ბრავიტოს რომ მიაპყრო, ყოველივე მის არსებაში ღრმად შეჭრილიყო, სულ თვალწინ ედგა და ძილს უკარგავდა. ამ ხიბლმა თანდათან დააცხრო მისი გაღიზიანება და ჯავრი, რაც ოთხი ინდიელის სილაჩრემ და ენის ჩავარდნამ გამოიწვია ნინას ირონიულ გამოხედვაზე.
თუმცა არც ბრავიტო იყო უბიწო. სანამ აქეთკენ გამოსწევდა, რამდენიმე თვე ამერიკული ბარის შავკანიან მოსამსახურე ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. შეიძლება ამ ქალის გამოც მიატოვა იქაურობა. აღმზრდელის საყვედურების მოსმენა აღარ ეწადა. ბოლოს და ბოლოს პასტორს არაფერი გამორჩებოდა, რადგან ერთგულ მრევლს მის ყურამდე ყველაფერი მიჰქონდა.
ნინას პირველად დანახვისას ბრავიტოს გაცხარების მიზეზი კიდევ ის იყო, რომ ეგონა ტყეში თავს არავის დააჩაგვრინებდა, ნინას მზერამ კი, რომელიც მან ბრავიტოს და მონადირე ძმა-კაცებს შეავლო, აშკარად ცხადჰყო რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი ინდიელი იყო, cholo, რომელიც ჩუმდება და თავს ხრის, როცა ელაპარაკებიან.
მისდაუნებურად ბრავიტოს საქციელი ამ დღიდან შეიცვალა. თითქოს ყველაფერი _ წვიმების სეზონის გრძელი თვეები, ახალი ცხოვრების ყაიდას რომ აჩვევდა და ის, რის სწავლასაც ასე მოუთმენლად ესწრაფვოდა, რათა თავისიანებს დამსგავსებოდა, ქალიშვილის მკაცრმა მზერამ, გულგრილმა და ზიზღნარევმა გამოხედვამ მოსპო და უაზრობად აქცია.
ამიერიდან ბრავიტო მძაფრად შეიგრძნობდა ბიძასთან თავისი ცხოვრების სიმძიმეს და პლანტაციებზე მუშაობას მონობად აღიქვამდა. ყოველ დილა უთენია, მაჩეტით ხელში ბანანების მწკრივი უნდა ჩამოევლო და სანამ მზე მოთენთავდა, ჩაცუცქულს გაემარგლა, ტყე გაეწმინდა და ცულით მოჭრილი მორები გასისხლიანებული მხრებით ეზიდა. ქარიშხლების შემდეგ დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად ახალი პალმები უნდა მოეძია, სახურავის კეხის გასამაგრებლად ტოტები მოეგროვებინა. ერთადერთი გართობა დღესასწაულები იყო, სამდღიანი გადაბმული ღრეობები. ამ მხიარულებაში ინდიელები აკორდეონის და დოლის ხმაზე ცეკვავდნენ და იმდენს სვამდნენ, სანამ გალეშილები არ მოიცელებოდნენ. ამ ღრეობებისას, ახალგაზრდა ვაჟებს ზორბა ტანის ინდიელი ქალები დაბურულ ტყეში მიჰყავდათ და სურვილის ასრულების შემდეგ იქვე ტალახში გაგორდებოდნენ და იძინებდნენ. ხანდახან ღრეობა, უბრალო საბაბის გამო ჩხუბში გადაიზრდებოდა ხოლმე. ამ დროს მამაკაცები დაეძგერებოდნენ და ერთმანეთს ურტყამდნენ, ხანდახან დანით კლავდნენ კიდეც მოწინააღმდეგეს.
დღესასწაულზე ბრავიტო პირველად წვიმების სეზონის დამლევს მივიდა. ბიძაშვილ ფულოსთან ერთად მდინარეს აუყვა და ინდიელთა სოფელს ღამით მიაღწია. მუსიკის ხმა, დოლის ყრუ ბრახუნი და აკორდეონის ჭყვიტინი შორიდანვე მოესმათ. უცნაური, ველური და გამკივანი შეძახილებიც ისმოდა, თითქოს ჩიტები ყივიანო. მთელ ნაშუადღევს ნასიარულევმა, ოფლში გაწურულმა ბრავიტომ და ფულომ მდინარეში იბანავეს და დედიშობილებმა შავ წყალში გაცურეს. ტყის თავზე ცა ჯერ მთლად ჩაბნელებულიყო და ღამურები მდინარის ზედაპირის ახლოს დაფრინავდნენ. წყლის სიგრილემ გამოაცოცხლათ. ბრავიტომ გულდასმით დაივარცხნა თმა, ფულომ კი რაღაც სუნამო დაიპკურა. შემდეგ ჩაიცვეს და იმ სახლისკენ გასწიეს, სადაც დღესასწაული გაემართათ. სახლის ბანზე ბევრ ხალხს _ მამაკაცებს, ქალებს და ბავშვებსაც მოეყარათ თავი. სახლის შუაგულში ერთი შავკანიანი და ერთი მეტისი cumbias უკრავდნენ და მათ გარშემო წყვილები მძიმედ, უცნაურად ცეკვავდნენ, თითქოს იატაკს ტკეპნიანო. ხის მორი, რომელზეც საფეხურები იყო ამოჭრილი და კიბედ ხმარობდნენ, ძირს ეგდო. ფულო და ბრავიტო ბოძებზე აცოცდნენ და იატაკის კიდეზე ჩამოსხდნენ. გაზის ლამპების თვალისმომჭრელ სინათლეზე ერთმანეთს მიწებებული, თავდახრილი ინდიელი ქალები ცეკვავდნენ და ოფლი წურწურით ჩამოსდიოდათ. ქალებს ვერცხლის მძიმე მძივები ჩამოეკიდათ ყელზე, რომლებიც ყოველ მოძრაობაზე ჟღარუნობდნენ. ბევრ ქალს და მამაკაცს სხეული გენიპას წვენით შავად შეეღებათ. ნაშუადღევიდან ყველას სმა დაეწყო და ზოგიერთი უკვე გალეშილი ბანიდან ძირს გადმოვარდნილიყო. ფულომ ბრავიტო 900 არაყთან შეზავებული ლერწმის წვენით სავსე კასრებისაკენ გაიყოლა. ერთ-ერთიდან ჩამჩით წვენი ამოიღო, ჯერ თვითონ დალია, შემდეგ კი ბრავიტოს მიაწოდა. ოფლის, ბოლის და ნარწყევის სუნი ერთმანეთში ირეოდა და ბრავიტომ იგრძნო როგორ მოერია სასმელი. არეული თვალებით ფულოს დაუწყო ძებნა და დაინახა როგორ ცეკვავდა იგი თავდახრილი და როგორ უბაკუნებდა ფეხებს იატაკს, რომელიც ირყეოდა.
* * *
ბრავიტო მიუახლოვდა ქალებს, რომლებიც სვამდნენ. მათ სიცილი შეაგებეს. ყურში უღიღინებდნენ ერთმანეთს და ირწეოდნენ. ერთი მათგანი წამოდგა. ბრავიტომ იცნო იგი. ახალგაზრდა ქალი ელვირა იყო, რომელიც ბიძა ანდრესის სახლის შორიახლო ცხოვრობდა. ქმარს მიეტოვებინა, რადგან დაბადებისას მუცელშივე მოეკლა თავისი ბავშვი. ღაწვმაღალ ელვირას მშვენიერი სახე და ულამაზესი, ხშირი, ველური თმა ჰქონდა, მაგრამ სხეული უკვე დასრულებოდა. მხრებგანიერს, პატარა ძუძუები ოდნავ გამობურცვოდა. ნახევარი სახე და მთელი სხეული შავად შეეღება და თვალები აღგზნებულად უელავდა.
ბრავიტომ მასთან დიდხანს, თითქმის მთელი ღამე იცეკვა. როცა დამკვრელები დასასვენებლად ჩერდებოდნენ და სვამდნენ, ელვირა ბრავიტოს არ სცილდებოდა და ჯამიდან ერთად შეექცეოდნენ ლერწმის წვენთან შერეულ არაყს. ქალი შეშლილივით იმზირებოდა, სახეზე და სხეულზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. ბრავიტოს ყელში რაღაც მოაწვა, გულზიდვა იგრძნო, ის იატაკის კიდესთან გაიშოტა და დიდხანს აღებინებდა, მერე კი ღრმა ძილს მიეცა.
ბრავიტო ყვირილმა გამოაღვიძა. სახლის მეორე მხარეს ორი ჩაცუცქული მამაკაცი ჭყივილ-კივილით იწევდნენ ერთმანეთზე. მოცეკვავეები განზე გადგნენ. მოჩხუბრები ერთმანეთს ეტაკნენ და ცდილობდნენ თავური დარტყმით კბილები ჩაელეწათ ერთი მეორესათვის. მაგრამ ამ ჩხუბში ბანიდან ტალახში გადაცვივდნენ და ცეკვაც განახლდა. ბრავიტომ კიბე ხტუნვით ჩაირბინა და ბნელ ღამეში რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ამ დროს ელვირაც გამოჩნდა და კისერზე შემოეჭდო. ზემოთ, იატაკის კიდეზე ჩამომჯდარი ინდიელი ქალები ისევ აბოლებდნენ, იცინოდნენ, დაბალ ხმაზე ღიღინებდნენ და მუშტებს ირტყამდნენ მკერდზე ჩამოკონწიალებულ მძივებზე. ტყეში ელვირამ ისეთ ადგილას წაიყვანა ბრავიტო, სადაც აკორდეონის ხმა ძლივსღა აღწევდა. მან ქვედატანი გაიძრო, მიწაზე გაწვა და ორივენი მაშინვე დიდხანს და ტლანქად მიეცნენ თავდავიწყებას, ხმის ჩახლეჩამდე ტკბებოდნენ სიყვარულით. კარგა ხანს იწვნენ ასე ერთმანეთს ჩახვეულები, ტალახში ამოსვრილები და გაოფლიანებულები. ბრავიტოს იქვე, სულ ახლოს ჩაესმოდა მდინარის მძლავრი შხუილი, წყალი თითქოს ყველაფერის წალეკვას ლამობსო.
* * *
ბრავიტოს განსაკუთრებით უყვარდა ტყე, რომელიც ტრე ბოკასის ველური სამყაროს საზღვარზე მდებარეობდა. იმის იქით, ბნელი, იდუმალი მდუმარებით მოცული სამყარო იწყებოდა. აღარც მდინარე დიოდა და აღარც გზა იყო. კლდეებს შორის რამდენიმე ჩქერი მოჰქუხდა მთელი ძალით, რომლებიც დროდადრო ხიდან ჩამოცვენილი ფოთლებით იფარებოდა. მაღალი, ციცაბო მთებიც იყო, საიდანაც ქვები ცვიოდა ხოლმე ხშირად. კაცს ეგონებოდა ღრუბლები იქ იბადებიანო. ცოტა მოშორებით ერთ-ერთი ჩქერი ვიწრო ხევში იჭრებოდა. ამბობდნენ, თითქოს ამ ვიწრობის მიღმა ჯადოსნური ზეგანი იშლებოდა, სადაც ეშმაკის მიერ დახატული ყვითელ ბიბილოიანი, მთლად შავი hocco-ს დიდი სურათი მეუფებდა.
ბრავიტომ სულ უფრო და უფრო მოუხშირა ნადირობას. პირველ ხანებში ბიძას ან ბიძაშვილ ფულოს მიჰყვებოდა, რადგან ტყისა არაფერი გაეგებოდა. ისიც კი არ იცოდა, როგორ ჩადგომოდა კვალში ირემს ან გარეულ ტახს. მალე გეშის აღებაში გაიწაფა და ისწავლა როგორ აეღო ყნოსვით ფრინველის კვალი, როგორ მიეგნო ძლივს შესამჩნევი ნაკვალევისათვის, მოტეხილ ტოტზე ან ამომშრალი ჩქერის ქვიშაში; ენის წვერით ბუჩქნარის ფოთლების გემოს გარჩევასაც მიეჩვია. ყოველივე ამის ცოდნა ნელ-ნელა უბრუნდებოდა და უწინდელ ადგილს პოულობდა. ეს სამყარო ბრავიტომ იმაზე ბევრად ადრე დატოვა, ვიდრე ამ უნარს გამოიმუშავებდა და მიუხედავად ამისა, მისი მშობლიური ენის სიტყვებივით, აქაც ყოველი მინიშნება თუ კვალი მასში ზუსტად თავის ადგილს პოულობდა და არც არავის უკვირდა ეს. თვითონ ბრავიტომაც გადაივიწყა შავკანიან პასტორთან გატარებული წლები, ის გაკვეთილები და ლოცვები, სკოლაში რომ უნდა ესწავლა და ეთქვა; მარინიონის უბნის ხმაურა ქუჩებიც აღარ ახსოვდა.
ერთ მშვენიერ დღეს, ის სანადიროდ წავიდა მდინარის ზემო წელზე, ტერ ბოკასისკენ. როცა ბრუნდებოდა, მხარზე გადებულ თოფზე კაი მოზრდილი ირემი ეკიდა. უცებ ბრავიტომ ნინას ნახვა მოიწადინა. პლაჟისკენ გაემართა და იმავე ადგილას ჩამოჯდა, სადაც პირველად ნახა ქალიშვილი. მართლაც, შესაღამოვებისას, ნინა თევზაობიდან ბრუნდებოდა, ხელში თევზებით სავსე იფნის კალათი ეჭირა და მხარზე რკინის წვეტიანი ჭვილთი გადაეკიდა. როცა ბრავიტომ ნინა დაინახა ისეთივე ლამაზი, აშოლტილი, მუქი ტანით და წყლისა და მზისაგან გახუნებული კაბით, გული აუჩქროლდა. ნინა ვაჟს მიუახლოვდა და ისეთი ცნობისმოყვარეობით შეხედა, თითქოს პირველად ხედავსო.
_ ვინა ხარ? და მაშინვე დააყოლა _ აქ საიდან გაჩნდი?
ბრავიტომ თქვა:
_ Siespiem ვარ.
თქვა და გამომწვევად გახედა ტყეს. ნინამ გადაიხარხარა.
_ Siespiem?
ნინამ მოკლულ ირემზე გადაიტანა მზერა:
_ ეს რა არის?
_ ეს ირემი დღეს მოვკალი.
ნინამ უთხრა:
_ იქნებ მამაჩემმა იყიდოს. წამოდი.
ბრავიტო არ განძრეულა. ნინა მიხვდა რომ ბრავიტო ფეხს ითრევდა. მისმა თაფლისფერმა თვალებმა ისე გაიელვეს, თითქოს გაბრაზდაო.
_ ადექი, წავიდეთ.
შემდეგ უფრო მშვიდად დაუმატა:
_ ჩვენი სახლი ცოტა ქვემოთ, აქვე ახლოსაა.
ბრავიტომ ირემი მხრებზე მოიგდო და ნინას გაჰყვა. ახლა აღარც სიბრაზეს გრძნობდა და არც იმ სირცხვილს, გულისცემა რომ აუჩქარა პირველი შეხვედრისას, როცა ნინამ მას და მის ძმაკაცებს მზერა შეავლო. რაღაცა შეცვლილიყო ნინას გამოხედვაში, მის სიარულშიც. უფრო სუსტი და შეშფოთებული ჩანდა.
როდესაც სახლთან მივიდნენ, ნინა პირველი ავიდა და ვაჟს ანიშნა დამიცადეო. ინდიელთა საცხოვრებლების მსგავსად სახლს კედლები არ ჰქონდა და უფრო დაბალ ბოძებზე იდგა, ხოლო საფეხურებად დაკბილული მორის ნაცვლად ნამდვილი ხის კიბე ჰქონდა მიდგმული.
ნინამ ბრავიტოს ანიშნა, ამოდიო. ბრავიტომ ნანადირევი კიბის ახლოს იატაკზე დადო. კერიასთან ერთი სახედამჭკნარი ინდიელი დედაბერი ჩაცუცქულიყო და ნაკვერჩხლებს უბერავდა.
ნინას მამა, კუნთმაგარი, ვეება ზანგი, ჰამაკში ქანაობდა. მას ჯერ კიდევ გვარდიელის ხაკისფერი ფორმა ეცვა. ბრავიტო რომ დაინახა, ჰამაკი გააჩერა.
_ ვინა ხარ? _ ჰკითხა მან.
_ ჯონ გიბსონი, _ უთხრა ბრავიტომ
ზანგმა ყურადღებით შეათვალიერა და ქაჩალ თავზე ხელი გადაისვა.
_ შენ ხარ პასტორის შვილი?
_ ჰო, _ თქვა ბრავიტომ.
_ აქ საცხოვრებლად დაბრუნდი? სამუდამოდ?
ბრავიტომ ამ კითხვაზე არ უპასუხა.
_ არჩევანი შენზეა. ძალას არავინ გატანს. მთელი ცხოვრება წინა გაქვს, რომ გადაწყვიტო.
ამ ლაპარაკის დროს, ნინა კერიასთან მივიდა და ჩაცუცქდა. დედასთან ერთად თევზები გამოწელა და შესაწვავად ნაკვერჩლებზე დადო. ბრავიტოს გაუკვირდა, რომ ქალიშვილი დედას ინდიელთა ენაზე ელაპარაკებოდა და არა ესპანურად. ნინას მამამ წონის გასაგებად ირემი ცალი ხელით ასწია.
_ რას აფასებ?
_ ერთი ყუთი ტყვია მინდა, _ თქვა ბრავიტომ.
ზანგმა ხმამაღლა გაიცინა. ისევ ჰამაკში ჩაჯდა და ქანაობა გააგრძელა.
_ კარგია, ერთი ყუთი ტყვია ერთ ტყვიაში, _ თქვა მან, _ სარფიანი გარიგებაა.
ვინაიდან ბრავიტო კრინტს არ ძრავდა, ნინას მამა ყუთის მოსატანად გავიდა და მერე ჭაბუკს მიაწოდა. ბრავიტოს ძალიან შიოდა და სწყუროდა. მთელი დღე ნასიარულევს ფეხებიც სტკიოდა. კერიის წინ დედაბერი და ნინა თევზს მრავალძარღვასთან ერთად სწვავდნენ და ბრავიტოს ძალიან გემრიელი საჭმლის სუნი სცემდა. ღამდებოდა. იგი სიამოვნებით დარჩებოდა აქ, ამ სახლში, იატაკზე დაჯდებოდა და შეჭამდა, ხოლო ჩაძინებისას კი ორი ქალის ლაპარაკს მოუსმენდა. ზანგის ხმამ გამოაფხიზლა.
_ სხვა რაიმე ხომ არ გჭირდება cholito . ბრავიტომ ზანგს შეხედა, ვერ გაიგო რატომ უწოდა ასე. პირველი შემთხვევა იყო, ზიზღით სავსე ეს სახელი რომ უწოდეს. ისე ჩამოვიდა კიბეზე, პასუხი არ გაუცია და იქაურობას გაეცალა. ქარი დიდი ხეების ტოტებს აშრიალებდა და არემარეს სიგრილეს ჰფენდა. ბრავიტო პლაჟამდე აუყვა მდინარეს; ჩქარობდა უკუნ ღამემდე მიეღწია იქამდე. მან ხის ტოტებით დაფარული ისეთი ადგილი შეარჩია, რომელიც ჯერ დანამული არ იყო, დაჯდა და ღამის ჩამოწოლას დაუწყო ცქერა.
შიმშილისაგან კუჭი უხმებოდა, სიბრაზისაგან გული ძლიერად უცემდა, მაგრამ შებინდება ისეთი ლამაზი იყო, რომ ნელ-ნელა დამშვიდდა. მდინარის აღმა, სათავეებთან ტყე უფრო ხელუხლები ჩანდა, თითქოს ადამიანთა საქმიანობას ამ სამყაროში ჯერ არ შეუღწევიაო. ქარვისფერი ცა კრიალა იყო, ჩქერების ცისფერი წყალი ნაპერწკლებიან შხეფებს აფრქვევდა, კენჭები ჯერ კიდევ თბილი იყო. მაგრამ ყველაზე საოცარი მაინც ხეები იყო: ვეებერთელა ხეები თავისი მუქი, თალხი ფოთლების გროვით ზემოდან ეფინებოდა, ბილიკებს ხერგავდა, თითქოს ჯადოსნურ, იდუმალებით მოსილ სამყაროს დარაჯად დაუდგნენო. აქ, ტყის გულში ბინადრობდნენ ჩიტები, ჭყივანა მაიმუნები და ტახების კოლტი, რომლებმაც ინდიელთა გადმოცემით ქვესკნელის სამყაროს შესასვლელი იცოდნენ. უფრო ზემოთ, ვიწრო ხეობა დაკლაკნილი გზებით მთის მწვერვალისაკენ მიემართებოდა და იქ ცხოვრობდა უცნობი ღმერთი, ქარიშხლების და ღამეების ბატონ-პატრონი, რომლის სამფლობელოს ჩიტი hocco-ს გამოსახულება ედგა დარაჯად. ის, ვინც მასთან მიახლოებას მოიწადინებდა, შავ ღრუბლებში უჩინარდებოდა და უეცრად მოდიდებული ჩქერი წალეკავდა. ალბათ, სწორედ იქ მდებარეობდა მიწიერი სამოთხის შესასვლელი, რაზედაც პასტორ გიბსონის გაკვეთილები ამცნობდნენ, ადგილი, სადაც არც სიკეთე იყო და არც ბოროტება და სადაც ცხოველები ადამიანების ენით მეტყველებდნენ.
დიდი ხის ტოტებს შეფარებული ბრავიტო პლაჟზე იჯდა და ცას შესცქეროდა. როცა იქ შუქურასავით უძრავი და კაშკაშა პირველი ვარსკვლავი აკიაფდა, დასაძინებლად დაწვა. ღამის გრილი ნიავი წყალივით მოედინებოდა და ბრავიტოს ჩაესმოდა გაურკვეველი ხმაური, რომელიც ჩქერების დინებას ერთვოდა.
ლანდის ფაჩუნმა გამოაღვიძა. თოფს სტაცა ხელი. ლანდი პირდაპირ მისკენ მოემართებოდა, თითქოს დღის სინათლეა და ბრავიტოს კარგად ხედავსო. ვაჟმა დაიყვირა: "ვინა ხარ? და მაშინვე იცნო ნინა. ყმაწვილი ქალი მის წინ ჩაცუცქდა და საჭმლით სავსე ემალის სინი გაუწოდა. ბრავიტოს თევზის და მრავალძარღვას კერძის სუნი ეცა, ამასწინათ პირში ნერწყვი რომ მოჰგვარა. მაშინვე დაიწყო ჭამა.
ნინა უძრავად იდგა მის გვერდით. როცა ჭამა დაამთავრა, სინი ჩქერის წყალში გაავლო და ხელპირი დაიბანა. ნინამ სინი აიღო და შინ წასასვლელად წამოდგა.
_ დარჩი, თუ შეიძლება, _ თქვა ბრავიტომ.
_ არ შემიძლია. მამაჩემს შეუძლია მოგკლას!
ბრავიტომ იხუმრა:
_ ტყვიები ხომ მაქვს, თავს დავიცავ.
ნინამ თქვა:
_ მამას არ უნდა, რომ ინდიელებს ველაპარკო.
_ რატომ?
_ არ უყვარს ისინი, სულერთთავად იმეორებს არაფრის მაქნისები არიანო.
_ კი, მაგრამ დედაშენი ხომ ინდიელია?
_ ეგ სულ სხვა რამეა.
ბრავიტო ერთხანს ჩუმად იყო.
_ მაშ საჭმელი რატომ მომიტანე?
_ მეგონა, რომ გშიოდა. ისეთი სულელი ხარ, ერთი ბეწო ნანადირევიც კი არ დაიტოვე შენთვის.
მთელი ღამე მწერების ბზუილი არ წყდებოდა. როგორ ეწადა ყმაწვილს, რომ არასოდეს დასრულებულიყო ეს ღამე: პლაჟი, ცისფერი ღამე და ჩქერების ხმაურში მის წინ მდგარი ქალიშვილი. ნინას სახეს ვერ ხედავდა, ვერც მის თვალებს, მაგრამ ქალიშვილის სურნელი სულის სიღრმემდე სწვდებოდა და ყველაფერს ავიწყებინებდა.
_ მამა შენზე ამბობს siespiem არ არისო. აქ მოსვლამდე ქალაქში უცხოვრიაო.
ბრავიტომ კიდევ ერთხელ სცადა გახუმრება.
_ მამაშენი რაღაც-რაღაცეებს იგონებს. ქალაქი აღარც კი მახსოვს. მე ტყის კაცი ვარ, მონადირე.
_ როგორ, განა შეიძლება იმის დავიწყება, რაც თავს გადაგხდა? _ ქალიშვილს ხმა უკანკალებდა და ვაჟმა ხელი მოჰკიდა.
_ რა მოგივიდა?
ნინას უცნაური ხმა ჰქონდა, შორეული და მოგუდული, თითქოს სადაცაა ატირდებაო. ბრავიტოს ესმოდა მისი ლაპარაკი, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო რისი თქმა უნდოდა.
_ ისე მინდა... ისე გულით მწადია აქედან წავიდე, ქალაქში წავიდე. აღარ მსურს ამ ხალხის დანახვა, ამ სახლის ყურება, ამ მდინარის, ამ ტყის; ისე მინდა ვიღაც სხვა ვიყო, წავიდე, მოვცილდე აქაურობას.
_ კი, მაგრამ რატომ? _ წამოიწყო ბრავიტომ. მაგრამ გაჩერდა, რადგან ნინა აღარ უსმენდა. ის მიტრიალდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მერე კი პლაჟზე გაიქცა. როცა ბრავიტო გაეკიდა, ნინა გაჩერდა, მისკენ შემობრუნდა და სიბნელეში მისი მკაცრი, ირონიული ხმა გაისმა, ისეთი, პირველად რომ მოისმინა ბრავიტომ და ოთხმა ინდიელმა ყმაწვილმა თავი რომ დაღუნა მის წინ. მან თქვა:
_ არ მომიახლოვდე! აქ ნუღარ მოხვალ. კონტრაბანდისტებს არ უყვართ, ინდიელები აქ რომ მოდიან ხოლმე. მოგკლავენ, _ თქვა და ტყეში გაუჩინარდა. რამდენიმე წამის შემდეგ ბრავიტოს ნინას მამის ეზოდან ძაღლის ყეფა მოესმა. აქ კი, ხის ქვეშ მას მხოლოდ ღამე, ჩქერი და მწერების ღუღუნი შემორჩა.
* * *
ახლა ბრავიტო ბიძა ანდრესის სახლში აღარ ცხოვრობდა. ცოტა უფრო დაბლა, ელვირას სახლში გადავიდა. ბიძის სახლი უმიზეზოდ მიატოვა, შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ ელვირას ბადიან სახლში მისასვლელად ღამე არ ეარა. ელვირას სახლი იქვე, მდინარის პირას მდებარეობდა. ვეება კლდის წვერზე იყო წამოსკუპებული, რომელიც წყლით სავსე ღრმა აუზს გადაჰყურებდა. ამბობდნენ ადრე აქ ოქროს მაძიებელ ერთ ამერიკელს უცხოვრიაო და მისი ყოფნის ერთადერთი კვალი ყოფილა კლდეში დინამიტით გამოთხრილი საფეხურები, მდინარემდე რომ ჩადიოდა. სახლი ელვირას თვითონ აეშენებინა, ისე, რომ არავინ დახმარებია. თვითონ მოჭრა ხეები ცულით და კლდის იმ ადგილებში, სადაც ამოთხრილი იყო, ბოძები ჩაასო. თვითონ მოიტანა მწვანე პალმები სახურავისათვის და შავი ლერწამი იატაკისათვის. ახლა კი ამერიკელ მორგანს, რომელმაც ტრე ბოკასის მხარეს, მდინარის ზემო წელზე საკუთარი სახლი დაიდგა, შემოუთვლია, რომ კლდე სჭირდებოდა ნავსადგომის ასაშენებლად, ხოლო ცოტა ზემოთ მიწის ნაკვეთი, ვერტმფრენის დასაჯდომი ბილიკის მოსაწყობად. მაგრამ ელვირას ძალიან უყვარდა თავისი კლდე და სახლი. ამიტომ სხვაგან გადასვლაზე უარი შეუთვალა.
ბრავიტოს ელვირა არ უყვარდა, მაგრამ ქალი დამყოლი და ნაზი იყო, და როცა ვაჟი რამდენიმე დღით ტრე ბოკასის მხარეს მიდიოდა სანადიროდ, არაფერს ეკითხებოდა ხოლმე. ასეთი იყო ელვირა, რადგან წლების განმავლობაში შეჰგუებოდა მარტო ცხოვრებას; ამასთან ჭაბუკზე უფროსიც იყო.
ის, რაც ბრავიტოს უყვარდა ელვირასი, მისი ხმა იყო. როცა ცოტას დალევდა და ზოგჯერ ისედაც, საღამოს ბინდში, სახლის შუაგულში ჩამოჯდებოდა ხოლმე და სიმღერას იწყებდა. ის ბრავიტოსთვის არ მღეროდა, არც არავისთვის, თავისთვის მღეროდა. ზემო ტანს ნელა არწევდა და მისი მძივის ზინზილები რიტმულად წკარუნობდნენ, ხოლო გრძელი, შავი თმა მთელ ზურგზე ეფინებოდა მიწამდე. ბრავიტოს არასოდეს მოესმინა ასეთი ლამაზი, ასეთი კრიალა ხმა. თავიდან იგი ანკარა, კამკამა ნაკადულივით მორაკრაკებდა და ისეთ ჟღერადობას გამოსცემდა, რომ შეუძლებელი იყო მისი მოხელთება. შემდეგ ელვირა ხმას უწევდა, აათრთოლებდა, მერე კი ეს ხმა ისეთ სიმაღლეზე აიტყორცნებოდა, რომ მთელ სახლს ედებოდა, თავიდან ფეხებამდე ავსებდა ბრავიტოს და უღრანი ტყისკენ მიიწევდა, საიდანაც ჩიტების და მწერების დახშული ბზუილი ისმოდა. ელვირას ხმა ისეთი გამჭოლი, ისეთი სხივოსანი იყო, თითქოს მას ადამიანური არაფერი ერია.
ბრავიტო სულგანაბული უსმენდა ელვირას. ის გრძნობდა, როგორ უფორიაქებდა ეს ხმა გულის სიღრმეში იდუმალ სიმებს, მივიწყებულ გრძნობებს და სურვილებს. სახურავის ბოძს მიყრდნობილი, გაშეშებული და თითქმის სუნთქვაშეკრული ბრავიტო სიმღერას უსმენდა. ელვირა მარტო იყო სახლის შუაგულში, კერიასთან, მისი გარუჯული სახე და ტანი უცნაურად ირხეოდა. იგი მუხლის ჩოქზე იჯდა, მკლავები მუხლებზე დაეყრდნო და ნელ-ნელა ირწეოდა. მძიმე, ხშირი თმა სახესა და მკერდზე ჩამოჰფენოდა, მარცხენა ხელის ნებით კი რიტმულად ურტყამდა მკერდზე ჩამოკიდებულ მძივის ზინზილებს. ელვირა უმღეროდა თავის მიცვალებულ მეგობარ ქალს, რომელიც ხანდახან ღამ-ღამობით მის სანახავად მოდიოდა ხოლმე. მას როზა ერქვა. ელვირა სიმღერით მიმართავდა მას: "ჩემო მეგობარო როზა, მოდი გვერდით დამიჯექ". ამ სიტყვებზე ბრავიტოს კანკალი აიტანდა ხოლმე, თითქოს ელვირას მეგობარი შეიძლებოდა მოულოდნელად გამოცხადებულიყო მიღმა სამყაროდან. ელვირა ხელს იშვერდა მდინარის გაღმა ნაპირისაკენ, იქ, სადაც დიდი მოსახვევი მოჩანდა და ამბობდა: "აი, იქ არის მისი სახლი, იქაა მიცვალებულთა სოფელი".
როცა ელვირა სიმღერას მორჩებოდა, იატაკზე წვებოდა, ნავთქურას ანთებდა და აშტერდებოდა როგორი რიალი გაჰქონდათ ალის გარშემო ღამეულ მწერებს. ბრავიტოც მიუწვებოდა ხოლმე იატაკზე და ქალი ისე ძლიერად ეხუტებოდა, თითქოს რაღაცის ეშინიაო.
_ რაზე ფიქრობ? _ ეკითხებოდა ელვირა.
_ არაფერზე.
ბრავიტო სიმართლეს არ ამბობდა. ის ნინაზე ფიქრობდა, მდინარის ზემო წელზე მდებარე სახლზე, სადაც მას ასე ეწადა წასვლა.
* * *
ზამთრის დამდეგს ბრავიტო კონტრაბანდისტებს შეხვდა. ეს ის დრო იყო, როცა მდინარეები გამჭვირვალეა, ლურჯი ცა წყლებში ირეკლება და წყლის დონე ისე კლებულობს, რომ უკუქცევის დროს ქვიშის მარჩხობი შესართავთანაც კი მოსჩანს. მონაპირე გემები ნაპირს ვეღარ უდგებოდნენ და ღუზებს მანგლიების რეგიონში უშვებდნენ. მდინარის ზემო წელზე, სათავეებისაკენ ჰაერი ცივი იყო. ტყეს ძლიერი ქარი ასკდებოდა და პლანტაციებში ბანანის ხეებს ამტვრევდა.
ბრავიტოს ძალიან უყვარდა ეს სეზონი. ზამთარს პირველად უსინჯავდა გემოს. ქალაქში, მარანიონის ღატაკ უბნებში ზამთარს არასოდეს შესწრებია. წვიმების სეზონის მიწურულს სულისშემხუთველი, ნესტიანი სიცხეები დგებოდა და მზე თუნუქის ფილებს ღუმელის ტიხარებივით ახურებდა.
ბრავიტო კონტრაბანდისტებს ვავიზას დაბაში შეხვდა. იმ დროს (და ალბათ დღესაც) იქ მხოლოდ ერთი დიდი ქუჩა არსებობდა და ორმოცდაათი ბარი, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში, დღე და ღამე ღია იყო. დღისით შიგ თითქმის არავინ შედიოდა. კლიენტის მოლოდინში მთვლემარე ბარმენს თუ ნახავდით დახლის უკან. საღამოობით ხანდახან ორმოცდაათივევე ბარი ერთდროულად გადაივსებოდა ხოლმე. კლიენტების უმრავლესობა მეზობელი მდინარეების გაღმა-გამოღმა მცხოვრები ინდიელები იყვნენ, რომლებიც ბანანის ან სიმინდის გასაყიდად ჩამოდიოდნენ და ყანებში თვეობით ნაამაგარს რამდენიმე საათში ფლანგავდნენ.
ბრავიტო, ბიძასთან და ბიძაშვილ ფულოსთან ერთად პიროგათი ჩამოვიდა, რომ ზეთი და სხვა სანოვაგე ეყიდა ჩინელ მებაყლეებთან. როცა საყიდლებს მორჩნენ, ბიძა და ბიძაშვილი უკან გაბრუნდნენ, ბრავიტომ კი პლანტაციებში მუშაობის გასამრჯელო ორმოცდაათიოდე დოლარი დაიტოვა და ნაშუადღიდანვე სმა დაიწყო. ერთი ბარიდან მეორეში გადადიოდა და დაღამებისას მდინარის გადმოსახედზე მდებარე ყველაზე დიდ ბარში შევიდა. ბარი, მთლად მოყანყალებულ ხის დიდ შენობას წარმოადგენდა, რომელიც მოხუც შვეიცარიელ გერმანელ შელინგს ეკუთვნოდა. ის ადრე ოქროს მაძიებელი ყოფილა და თავისი ჯინიანობის გამო ნელ-ნელა გაკოტრებულა, მაგრამ დროზე უშველა თავს და არყის გაყიდვას მოჰკიდა ხელი. როცა გემიდან ჩამოვიდა, ბრავიტომ პირველი ღამე მასთან გაატარა. ძალიანაც შეუყვარდა ეს კაცი, ვინაიდან მოხუცს, ბედის უკუღმართობის მიუხედავად ელეგანტურობა და ხალისი არ დაჰკარგვოდა. მყვირალა მწვანედ შეღებილ თითქმის ცარიელ, დიდ დარბაზში ფუფუნების ორად ორი საგანი იდო: ვენტილიატორი, რომელიც თვითმფრინავის მოტორივით გუგუნებდა და ერთი მოძველებული პატეფონი, რომელიც cumbia-ს ერთი და იგივე მელოდიას უკრავდა შეუჩერებლივ. როცა ბრავიტო ბარში შევიდა, დაინახა, რომ რამდენიმე, მკერდზე პირსახოცაფარებული ინდიელი ქალი, მუსიკის ხმაზე შუა დარბაზში ცეკვავდა. დახლთან იდგა სულ რამდენიმე ინდიელი, ზანგი და მონაპირე გემიდან გადმოსული მეზღვაური, რომელთაც მდინარის შესართავში გემის შეყვანა ვერ მოეხერხებინათ. ტყიდან მოსული ორი პატარა მუქი და თავგადაპარსული კუნასელი ინდიელი კუთხეში იდგა და სვამდა. ბრავიტოს უკვე დაელია ლუდი და cañazo, აფთიაქში გამოხდილ არაყთან შერეული ადგილობრივი რომი და ყელი ეწვოდა. ყოველი ხმაური, პატეფონის თითოეული ხმამაღალი ბგერა ისარივით ესობოდა სხეულში და ტკივილს აყენებდა. კონტრაბანდისტები დარბაზის სიღრმეში, ვენტილატორთან ისხდნენ. ბრავიტომ შენიშნა, რომ შელინგი მათთან ერთად სვამდა. ბრავიტო მათ მიუახლოვდა, რათა ახლოდან შეეხედა. ისინი კოლუმბიელი ზანგები იყვნენ. ტანთ ხაკისფერი შარვალი და პერანგი ეცვათ, ფეხზე კი სქელლანჩა, ყვითელი, მაღალყელიანი ჩექმები. ყველა შეიარაღებული იყო. თავდაპირველად ბრავიტოს ეგონა ჯარისკაცები არიანო.
როდესაც ახლოს მივიდა, შელინგი ადგა და მეგობრულად შეეგება. ერთი ბოთლი ვისკიც მიაწოდა. ბრავიტო მათ მაგიდას მიუჯდა და ერთი ყლუპი გადაკრა. გვერდზე ერთი გოლიათი ზანგი ეჯდა, სიგარას ეწეოდა და მას მისჩერებოდა. როცა ბრავიტომ ბოთლი დაუბრუნა შელინგს, მან კონტრაბანდისტებს ჩამოუტარა. ხმას არავინ იღებდა. პატეფონი ერთი და იგივე კოლუმბიურ მელოდიას cumbias-ს გაჰკიოდა შეუჩერებლივ. ბრავიტო სკამზე იჯდა და ინდიელი ქალების ცეკვას უყურებდა. ახლა ზოგი მათგანი მძიმედ ცეკვავდა ზანგებთან, პირსახოცები კი იღლიაში ამოეჩარათ. არაყმა, მუსიკამ, ოფლის ძლიერმა სუნმა ყმაწვილს თავბრუ დაახვია და ყელში გულზიდვა მოაწვა. დარბაზიდან გასვლა დააპირა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, კარებთან ჩაიჩოქა და იქვე, იატაკზე ბოყინ-ბოყინით ამოარწყია, რამაც პირი საშინლად აუწვა. ბარის ერთმა ოფიციანტმა, უშველებელმა zambo -მ წამოაყენა და კინწისკვრით გარეთ, ბნელ ღამეში გააგდო, თან ლანძღვა-გინებაც მიაყოლა: "ტურტლიანო cholo! სმაც არ იცის!" კუთხეში მჯდარი კოლუმბიელი კონტრაბანდისტები და მოხუცი შელინგი ისევ აბოლებდნენ; ბოთლიდან ვისკის სმასა და სიგარების წევას აგრძელებდნენ, თითქოს ამ ქვეყანაზე არაფერს არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო.
ბნელ ღამეში ბრავიტომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მერე ფარდულის ქვეშ მიწაზე გაიშხლართა და იგრძნო, მის გარშემო როგორ დატრიალდა ყველაფერი. უფრო მოგვიანებით იგრძნო, რომ გვარდიელებმა იგი სხვა ინდიელებთან ერთად, გზადაგზა გალეშილებს რომ ხვეტავდნენ, წაიყვანეს და საგუშაგოზე ჩაამწყვდიეს. დილას შავი ყავით სავსე დიდი ქვაბი დაუდგეს, რომლიდანაც, რიგ-რიგობით, თითო ჭიქას სვამდნენ. როცა ბრავიტომ ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიყო, ნახა, რომ მთელი ფული მოეპარათ. ერთმა ინდიელმა, საკანში მის გვერდით რომ იჯდა, გისოსებს მიღმა ზანგზე მიანიშნა, თანაც თითი ტუჩებზე მიიდო.
როცა ყავის სმას მორჩნენ, მცველებმა ჭიშკარი გაუღეს და გარეთ გამოიყვანეს. მზის სინათლემ ბრავიტოს თვალები მოსჭრა. იარაღასხმული მცველებით გარშემორტყმულმა მწკრივმა ვავიზას ქუჩები გადაჭრა. გზის გაყოლებაზე ზანგი ბავშვები აედევნენ, დასცინოდნენ და ქვებს ესროდნენ. როცა ქალაქის განაპირას აბალახებულ ყანას მიაღწიეს, მცველებმა ჯოხები და მაჩეტები დაურიგეს და მათაც მუშაობა დაიწყეს. მწველი მზე თვალებს უბრმავებდათ. მამაკაცები ავტომატურად ისროდნენ მაჩეტებს წინ, მერე მოთიბულ ბალახს ჯოხით უკან ყრიდნენ და მოუხეშავი, სასაცილო ფრინველებივით ჩაცუცქულები, ბაჯბაჯით მიიწევდნენ წინ. მაჩეტის დაკბილული პირი ქვებზე დარტყმისას ზარივით წკრიალებდა და ამოსუნთქვის ჩახლეჩილ, ხრინწიან ხმებთან შერეული გულისწამღებ მუსიკასავით გაისმოდა. ბრავიტო ამ ხმებს უსმენდა და სხვა არაფერზე შეეძლო ფიქრი. მზე ძარღვებში ალკოჰოლს უდუღებდა, კანს უხეთქავდა და სხეულს უხევებდა. მამაკაცები კი კაჟებივით იყვნენ, ალესილი მაჩეტის პირიც რომ ვერაფერს აკლებს.
მუშაობამ საღამომდე გასტანა. შემდეგ სასტვენის ხმა გაისმა და მცველები წამოდგნენ. ინდიელებმა მაჩეტების მიწაზე ხათქა-ხუთქი შეწყვიტეს. ფორმიანმა ზორბა შავკანიანმა, ხელში რევოლვერი რომ ეჭირა, მათკენ გასწია, თან დაჟინებით აშტერდებოდა. მისი უხეშნაკვთებიანი პირისახე ინდიელთა შორეულ ჩამომავლობაზე მეტყველებდა, ხოლო ელამი თვალები მის გამოხედვას გულგრილი სიგიჟის იერს აძლევდა. ყველა სულგაკმენდილი იდგა. სუნთქვაც არ ისმოდა. ზორბა უფროსი შეტრიალდა, მცველებმა კი ჯოხები და მაჩეტები წამოკრიფეს. კაცები თავისუფლები იყვნენ. ისინი თავიანთ გათიბულ ბალახზე დასხდნენ და რიგ-რიგობით მოსწიეს სიგარეტები, რომლებსაც ერთმანეთს აწოდებდნენ. როცა ნამწვი ბრავიტომდე მივიდა, მან ერთი ნაფაზი დაარტყა და მეზობელს გადასცა. "ეგ კაცი ვინ არის?", იკითხა მან. გვერდზე მჯდომი მიუხვდა. "სერჟანტი ტორრეა", თქვა მან. "ეგ კონტრაბანდისტებთანაა შეკრული. აქ ეგ ხელმძღვანელობს ყველაფერს." ბრავიტოს გარშემო ინდიელები ლაზღანდარობდნენ და იცინოდნენ. მათ უკვე ყველაფერი დაივიწყეს, საძაგელი დღე, ისიც რომ მთელი ფული მოპარეს. ბრავიტო ნინაზე ფიქრობდა, მის გულგრილ, ქედმაღლურ გამოხედვაზე, მაგრამ შეფიქრიანეუბლი იყო იმ შიშის გამო, ნინამ ლაპარაკში რომ გამოამჟღავნა. ის ტრე ბოკასში უნდა მიბრუნებულიყო, საქმე ბოლომდე მიეყვანა, ყველაფერის ბოლომდე გაგება ეწადა.
* * *
ბრავიტომ ტყეში ცხოვრება გადაწყვიტა. ამიერიდან ეს მისთვის აუცილებლობა გახდა. სხვაგან ყოფნა აღარ შეეძლო. მდინარის ქვემო წელთან, იქ სადაც მიწა, ათასნაირ სიბინძურესთან შერეული, წყალი და თვით ჰაერიც უფრო მძიმეა, მას სუნთქვა აღარ შეეძლო. სული ეხუთებოდა, თითქოს ავადმყოფობა შეეყარაო. შავკანიანების რომელ სოფელშიც არ უნდა მისულიყო, ყველგან შარდისა და ნარწყევის სუნი ტრიალებდა, რაც მას შელინგის ბარის ახლოს გატარებულ ღამეს ახსენებდა, როცა გალეშილი ინდიელები ბარბაც-ბარბაცით ზედ ისე აშარდავდნენ, რომ ვერც კი ხედავდნენ. საპყრობილეს სუნიც სცემდა, ხრწნისა და სიკვდილის აშმორებული სუნი, მაჩეტების მიწაზე დარტყმის ყრუ ხმა ესმოდა და პოლიციელების მკაცრი თვალთვალიც თვალწინ ედგა. ყოველივე ამის დავიწყება ბრავიტოს არ შეეძლო.
ჰოდა, ერთ დღესაც მან მიატოვა ელვირას სახლი, მხოლოდ ერთი მაჩეტით შეიარაღდა, მხარზე გადასაკიდი რადიო გაიყოლა და მდინარეს აღმა აუყვა, სათავეებისაკენ, ტრე ბოკასის გაღმა. იქ, ველურივით დაიწყო ცხოვრება, მხოლოდ ფესვებით, საპოტის ნაყოფით და ჩქერში დაჭერილი კრევეტებით იკვებებოდა. ის მიუახლოვდა ვიწრო ხეობას, რომლის იქით გზა ღრუბლებით დაბურულ მთებისაკენ მიიკლაკნებოდა და სადაც, როგორც ამბობდნენ, ეშმაკს ქარაფზე ერთი დიდი ინდაური დაეხატა, ადამიანებისათვის იქ შესვლა რომ აეკრძალა. ჩქერი ძლიერად ეხეთქებოდა ძირს და გრგვინავდა, ხოლო უფრო შორს ქარიშხალი ბობოქრობდა და მთათა მწვერვალებს მუქი ჯანღით ფარავდა. რამდენიმე დღე ბრავიტო ხეობის შესასვლელთან დარჩა, ნაბიჯის წინ გადადგმა ვერ გაებედა.
როცა ტრე ბოკასში დაბრუნდა, პლაჟზე წასვლა მოუნდა, იქ, სადაც პირველად შეხვდა ნინას. შავკანიანი კონტრაბანდისტები ცეცხლს შემოსხდომოდნენ და ჭამით იყვნენ გართულნი. ღამე რომ ჩამოწვა, ბრავიტო მიუახლოვდა. გოლიათი ზანგი ფეხზე წამოდგა და თოფი მოიმარჯვა. მაგრამ როცა ბრავიტო იცნო, გაიცინა და დაიძახა: "ვისკის მსმელი cholito-ა. სხვებმაც გაიცინეს. ბრავიტო შორიახლო გაჩერდა და გასაქცევად მოემზადა. მაგრამ გოლიათი მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. ბრავიტო ცეცხლთან დაჯდა და ბლომად ჭამა, სანამ კარგად არ დანაყრდა, თან სასმელიც მიაყოლა. შავკანიანები ერთმანეთში ბრავიტოსათვის გაუგებარ რაღაც უცნაურ ენაზე ლაპარაკობდნენ. ერთად მოსწიეს, თვითეულმა თავ-თავისი მათრობელა, სურნელოვანი ამერიკული სიგარეტი. კონტრაბანდისტებმა ბრავიტოს რადიო დაუნახეს და სთხოვეს, ჩართეო; მაგრამ ელემენტები უკვე დიდი ხნის დამჯდარი იყო. კაცები დაწვნენ და თავიანთი ბამბის საბნებში გაეხვივნენ. გოლიათი შავკანიანი უცნაურად მჟღერი ხმით თავისთვის განაგრძობდა ლაპარაკს და თან წითლად მოელვარე ნაკვერჩხლებს ჩაშტერებოდა. თქვა, რომ ჟოაო ერქვა და ბრაზილიიდან მოდიოდა. ბრავიტო უხმოდ უსმენდა, აბოლებდა და ისიც ცეცხლს უყურებდა. კონტრაბანდისტების თოფები იქვე პლაჟზე ეწყო. ბრავიტომ გაიფიქრა, რა იოლია ამ თოფების აღება და ამ კაცების დახოცვაო. მერე ისიც პლაჟზე, ზედ კენჭებზე მიწვა, მაგრამ რადგან საბანი არ ჰქონდა, სიცივემ დილამდე არ დააძინა.
ამ ღამიდან დაწყებული ბრავიტო კონტრაბანდისტებთან დარჩა. ის მათთან ერთად მიდიოდა კოლუმბიის საზღვრებთან მდებარე მთებამდე პალო დე ლას ლეტრას მხარეს (წარწერებიანი ხე) და სანამ ისინი სავსე ზურგჩანთებით დაბრუნდებოდნენ, უცდიდა და თან ნადირობდა. შემდეგ ერთად დაუყვებოდნენ მდინარეს იმ ადგილამდე, სადაც მონაპირე გემებს, პანამისაკენ რომ ჰქონდათ გეზი აღებული, ღუზა ჰქონდათ ჩაშვებული. იქ ტომრებს გემებზე ტვირთავდნენ და კონტრაბანდისტები მორიგი მოგზაურობის მოლოდინში სოფელ ვავიზას ბარებს ესტუმრებოდნენ. ახლა ბრავიტოს თავისუფლად შეეძლო შელინგის ბარში შესულიყო დასალევად. ყველამ იცოდა, რომ ის კონტრაბანდისტებთან იყო და ჩხუბს ვერავინ გაუბედავდა. გოლიათი ჟოაო ფულს უხდიდა ხოლმე მეგზურობაში, დროდადრო კი ერთ ზურგჩანთასაც ანდობდა გემზე ასატანად. ბრავიტო შეკითხვებს არ იძლეოდა. არც ის აინტერესებდა, რა იდო ტომრებში. მაგრამ ყველამ კარგად იცოდა, რომ ტომრებში არც საათები იდო და არც სიგარეტები. ამბობდნენ სერჟანტი ტორრე თეთრ ფხვნილს პირველი თვითონ იღებსო, თეთრ პაკეტებში შეხვეული რომ იდო მწვანე ცელოფნებში ზურგჩანთების სიღრმეში. სწორედ ამიტომაც აძლევდა კონტრაბანდისტებს თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას. ყველამ იცოდა ისიც, რომ კონტრაბანდისტები ქურდები იყვნენ. ერთ წამსაც არ შეყოყმანდებოდნენ, ისე გაძარცვავდნენ და მოკლავდნენ ყველას, ვისაც ტყეში გადაეყრებოდნენ. მათი მსხვერპლი უმეტესად ის კაცები და ქალები იყვნენ, ვინც სამხრეთ ამერიკის, არგენტინის, ურუგვაის და ბრაზილიის სიღატაკეს გაურბოდა იმის იმედით, რომ როგორმე ფეხით მიაღწევდა შეერთებულ შტატებს. კონტრაბანდისტები მათ ძარცვავდნენ და თუ რომელიმე თავის დაცვას გაბედავდა, მაშინვე თოფს ახლიდნენ. მკვდრებს საჯიჯგნად სვავებსა და ჭიანჭველებს უტოვებდნენ. რამდენჯერმე შეესწრო ბრავიტო თუ როგორ ინაწილებდნენ კონტრაბანდისტები ნადავლს: ფულს, სამკაულებს და საათებს. მაგრამ მისთვის სულერთი იყო. ეს მას არ ეხებოდა. ერთი კია, მათთვის ზურგი არასოდეს შეუქცევია, მხოლოდ მაჩეტის სახელური მუდამ მაგრად ეჭირა, ძილშიც კი არ უშვებდა ხელს.
ბრავიტო სულერთთავად ნინაზე ფიქრობდა. მთებში წასვლამდე, კონტრაბანდისტები ტრე ბოკასში იცდიდნენ ხოლმე. სწორედ მაშინ ბრავიტო დროს იხელთებდა და ჩუმად მიდიოდა ნინას სახლთან. ტყეში დამალული, თევზაობიდან ქალიშვილის დაბრუნებას უცდიდა. საღამოთი, როცა სველ ტანზე ჩითის კაბა შემოტმასნული სახლისაკენ მიმავალ ნინას დაინახავდა, ყმაწვილი გრძნობდა გულისცემა როგორ უჩქარდებოდა ხოლმე. ასეთი ლამაზი ქალი არასოდეს ენახა. ნინა გუმანით ხვდებოდა მის იქ ყოფნას და პირდაპირ მისკენ მიდიოდა. საოცარი, მთლად სპილენძისფერი, კრიალა, სუფთა სახე ჰქონდა და დიდრონი მშფოთვარე თვალები. ისინი ცოტა ხანს ლაპარაკობდნენ ხმადაბლა, რომ მამას არ გაეგო, მერე ნინა სახლში ბრუნდებოდა და თევზებს წვავდა. ბრავიტო სიამოვნებით იყნოსავდა შემწვარი თევზის ნაზ სურნელს. ახლა ნინას ყოველთვის მოჰქონდა მისი წილი იმავე ემალის სინით.
ერთ საღამოს, როცა ბრავიტო მარტო დარჩა პლაჟზე, რადგან კონტრაბანდისტები უიმისოდ დაუყვნენ მდინარეს ქვემო წელისაკენ, მოვიდა ნინა. ის პლაჟზე ჩაცუცქდა, ჩვეულებისამებრ, რომ უფრო ჩქარა წამომდგარიყო. ზამთარი იდგა, შობის წინა დღეები. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. მშვენიერი, ცივი და ნათელი ღამე იდგა. ასეთი ღამე ბრავიტოს არასოდეს უნახია. მათ დიდხანს ილაპარაკეს. თითქოს დრო შეჩერებულიყო და არც რაიმეს ჰქონდა მნიშვნელობა. როცა ნინა ლაპარაკობდა, ბრავიტო მას თვალს არ აშორებდა, მაგრამ ცისფერ ბინდში მის სახეს ძლივს არჩევდა. ნინა ყვებოდა მამაზე, რომელსაც კონტრაბანდისტები სძულდა. ის თურმე იძულებული იყო, ყოველ ღამე თოფით ხელში ეფხიზლა, რადგან ისინი სიკვდილით ემუქრებოდნენ. ნინა სულ ერთავად იმეორებდა:
_ წასვლა მინდა აქედან, ახლავე უნდა წავიდე!
_ რატომ?
_ აქ აღარ შემიძლია დარჩენა, მეშინია.
_ მამაშენი?
ბრავიტო ცდილობდა ბნელში ნინას თვალები დაენახა.
_ მამა ამბობს მკვლელები არიანო. რატომ მუშაობ მათთან?
_ იმიტომ, რომ სხვა არავინ მამუშავებს.
ნინას შეშფოთებლი ხმა ჰქონდა. ლაპარაკის დროს სახე მდინარის ქვემო წელისაკენ მიაბრუნა, თითქოს მართლაც გაქცევის საშუალებებს ეძებსო.
_ უნდა წავიდე, აუცილებლად უნდა წავიდე.
ბრავიტოს სურდა ეთქვა, მეც შენთან ერთად წამოვალო, მაგრამ კრიჭა შეეკრა.
_ როდის აპირებ წასვლას?
_ არ ვიცი. მამას არ უნდა ჩემი წასვლა, არც ამ ადგილის დატოვება სურს. მაგრამ მაინც წავალ, როგორც კი ცოტა ფული მექნება, ქალაქში წავალ და აღარასოდეს დავბრუნდები.
ჩუმად მოსწიეს ერთი სიგარეტი. ნამწვს ჯერ-ჯერით უწვდიდნენ ერთმანეთს. მათი მზერა უკუნ ღამეში იკარგებოდა და მხოლოდ მდინარის დუდუნი ესმოდათ. ბრავიტოს გული ამოვარდნაზე ჰქონდა, ხელები ოდნავ აუკანკალდა, რადგან იმ წამს მიხვდა, რომ იქნებ უკანასკნელად ხვდებოდა ნინას. რა მოხდებოდა ნეტა, სულ რომ ასე გაგრძელებულიყო? მოუსვენარი მდინარის დუდუნი, მთელი ღამე რომ მოედინებოდა შეუწყვეტლივ, პლაჟის კენჭებზე ვარსკვლავების ათინათი, ტყეში ქარის ქროლვა, ხეების სიცოცხლე, მწერები, რომლებიც მათ სახეებს დაჰფარფატებდნენ. ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელი იყო, რადგან კონტრაბანდისტები აქ არ იყვნენ, არც რამ მუქარა ისმოდა არსაიდან და არც სიკვდილის საშიშროება ჩანდა. სულ ახლოს ქალიშვილის სურნელს გრძნობდა, ჯერ მისთვის უცნობ, დამათრობელ და მძაფრ სურნელს. რამდენი ხანია ბრავიტო ამ წამზე ოცნებობდა და ახლა, როცა ეს წამი, როგორც იქნა დადგა, შიში შეეპარა. ბრავიტოს გაახსენდა, რა ქედმაღლურად დაელაპარაკა ნინა ახალგაზრდა ინდიელებს. მათ ხომ მაშინ თავები დახარეს და პასუხიც ვერ შებედეს. ახლა გაბრაზებამ და ვნებამ დააწყებინა კანკალი. ხელით სიგარეტის ნამწვს დაუწყო ძებნა, მაგრამ ნინას იგი შორს, კენჭებისაკენ მოესროლა; და ბრავიტოს ხელი მის თითებს შეეხო, რომელიც ტუჩებთან მიიტანა. შემდეგ მისი ხელები ნინას მკლავებს აუყვა, მხარს შეეხო, ბეჭთან ჩამოცურდა და ახლა ქალიშვილის მთელი სხეული მის ხელებში მოექცა. ბრავიტო დაიხარა და ნინას ტუჩები მოძებნა. ნინამ ცოტა უკან გადაიწია, უცებ ფეხზე წამოდგა და გრძელი ფეხები მოუდუნდა. ბრავიტომ გაიფიქრა ყველაფერი გათავდა და ნინა მიდისო. მაგრამ ქალიშვილმა ხელზე მოქაჩა და ფეხზე წამოაყენა. ერთმანეთს ისე ჩაეკონენ, თითქოს ცეკვავენო. ნინამ თქვა: "იქით გავიდეთ, გზას მოვცილდეთ, ვინმემ არ გამოიაროს". მან ბრავიტო ტყისაკენ გაიყოლია, თითქმის დამშრალი ჩქერის გასწვრივ. ი