მასტერსი ედგარ ლი
გაზიარება

რუბენ პანთიერი (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი) 

დიახ ემილი,
შენი ლოცვები არ ყოფილა მხოლოდ ამაო
და შენს სიყვარულს უნაყოფოდ არ ჩაუვლია.
შენი მადლია, თუკი ვინმე ვიყავი ქვეყნად,
შენი არსება არ მაძლევდა დაცემის ნებას,
ჩემში სიკეთეს აღვიძებდა შენდამი ტრფობა.
ემილ, ძვირფასო, მომისმინე, უნდა გიამბო:
თითქოს ადვილად გადავლახე მშობლების ზღუდე,
მკერავი დორას ქალიშვილმა კი გამამწარა
და შევერიე მუხთალ სამყაროს,
გამოვიარე ათასგვარი ხიფათი ქვეყნად
ქალით და ღვინით და სიცოცხლის ბრმა სიყვარულით.
რიუ დე რივოლის ბნელ ოთახში ერთხელ საღამოს
ღვინოს ვწრუპავდი შავთვალება კეკლუცთან ერთად
და შეუმჩნევლად ამომევსო თვალები ცრემლით.
კახპამ იფიქრა - ამაცრემლა მისადმი ტრფობამ
და ჩაღიმებით იზეიმა ჩემი დაპყრობა.
ჩემი სული კი შორს დაქროდა, ძლიერ შორს,
სადღაც,
იმ დღეთა ახლოს სფუნ რივერში, როს შენ მმოძღვრავდი,
მაგრამ შენ უკვე აღარ ძალგიძს ისევ გიყვარდე,
არც ლოცვა ჩემთვის,
შენ აღარ ძალგიძს ბარათების მოწერა ჩემთვის,
და შენი ტკბილი საუბრის ნაცვლად
მებაასება მდუმარება მარადიული.
და შავთვალება კახპა მპარავს ცრემლს შენთვის დაღვრილს,
როგორც ამბორს შენთვის განკუთვნილს.
სწორედ იმ დღიდან სხვანაირი გავხდი, ძვირფასო,
ემილი სფარქსი!

??????