მერეჟკოვსკი დმიტრი
გაზიარება

ეკლესია პეტრესი და ეკლესია იოანესი (მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე) 

(ფრაგმენტი თხზულებიდან "ქრისტე და ანტიქრისტე რუსულ ლიტერატურაში.

ლ. ტოლსტოი და დოსტოევსკი")


უფალმა ეკლესიას ორი გზა მიუთითა. პირველი პეტრეს გზაა. "სიმონ იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ მე? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. მეორედაც უთხრა მას: [...] მწყემსე ჩემი ცხვრები" (იოანე, 21, 15-16). Passe oves meos, - ეს სიტყვები შემთხვევით არ არის ამოტვიფრული რომში პეტრეს ტაძარზე. "ერთი მწყემსი, ერთი სამწყსო". პირველსაწყისი მსოფლიო ერთობისა, - ეს სწორედ ის საწყისია, რომელსაც საუკინეებსა და ხალხებში ახორციელებს რომის ეკლესია - ეკლესია პეტრესი. "შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავეშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას" (მათე, 16, 18). ესაა პირველსაწყისი შეუდრეკელი ქვის ციხისა, - სიმყარე, სიმაგრე წმინდა გადმოცემისა; სწორედ ეს იყო უპირატესად დასავლური ეკლესიის პირველსაწყისი. მაგრამ პეტრე, რომელიც ყველაზე ადრე ჩასწვდა უფლის ხორცშესხმის, მისი პირველიად მოსვლის საიდუმლოებას, და პირველმა გასცა პასუხი უფლის შეკითხვას:
- "თქვენ თვითონ ვიღა გგონივართ მე?
- შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა", - ვერა და ვერ ჩასწყდა აღდგომის საიდუმლოს, მეორედ მოსვლის საიდუმლოს. როდესაც იესომ გაუმხილა მოწაფეებს, რომ უწერია ტანჯვა, სიკვდილი და აღდგომა, - "გაიხმო იგი პეტრემ, კიცხვა დაუწყო და უთხრა: შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ! ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას" (მათე, 16, 22-23). მაშ, თვით უძლიერესიც კი სუსტი გამოდგა და პეტრე - კლდე - ვერ აღმოჩნდა საკმაოდ მყარი. "ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე" (მათე, 26, 34). პეტრეს ეკლესიამაც რამდენჯერ უარყო უფალი საუკუნეებსა და ხალხებში, "რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობდა, არამედ კაცისას", ერთურთში ურევდა ამქვეყნიურ და არამქვეყნიურ მეუფებას. ვინ იცის, იქნებ პეტრეს უკანასკნელ, უსაზარლეს და ჯერაც შეუცნობელ ღალატს სწორედ ის სიტყვები გვიქადის, უმალვე რომ მოსდევს ცნებას "მწყემსე ჩემი ცხვრები": "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ იყავ ახალგაზრდა, სარტყელს შემოირტყავდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, და სხვა შემოგარტყავს სარტყელს და წაგიყვანს, სადაც არ გინდა" (იოანე, 21, 18). რას ნიშნავს ეს სიტყვები? იქნებ სწორედ ამას გულისხმობს დოსტოევსკის დიდი ინკვიზიტორი, როცა ამბობს: "შენთან კი არა, მასთან ვართ", - ანუ ეშმაკთან, ანტიქრისტესთანო. შემთხვევითი სულაც არ არის, რომ უფალმა პეტრეს იგივე სიტყვები გაუმეორა, რაც უდაბნოში უთხრა თავის მაცდუნებელ ეშმაკს: "გამშორდი, სატანა!" ძველი დასავლეთ-ევროპული ქრისტიანული სამყარო სწორედ ის "დაბერებული პეტრეა", ხელებს რომ იწვდის, და უკვე არა იესო, არამედ "სხვა" არტყამს მას სარტყელს და ძალით მიჰყავს იქით, საითაც არ უნდა. ნება არა-წმინდა ხორცისა, ნება წარმართობისა, რომლითაც გაჯერებულია მთელი დასავლეთ-ევროპული კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება, საზოგადოებრიობა, თვით ეკლესიაც კი, - ეს ხომ სწორედ ის "სხვაა", ბებერ პეტრეს სარტყელს რომ არტყამს და იქითკენ მიჰყავს, საითაც არ სურს წასვლა: ქრისტესგან შორს, ქროსტეს წინააღმდეგ, ქრისტეს საბოლოო უარყოფასთან. ოღონდ ეს კია: ხომ არ შეცდა დოსტოევსკი, როცა ეს საბოლოო უარყოფა დროებითის ნაცვლად სამუდამოდ მიიჩნია? მამალი იყივლებს - და პეტრეც ინანებს და ხმამაღლა ატირდება, დაუბრუნდება უფალს და, ყველაფრის მიუხედავად, მაინც გაჰყვება მას. "გამომყევი მე", - შემთხვევით როდი უთხრა მას უფალმა. ეს იმის შემდეგ, რაც უწინასწარმეტყველა, "სხვას" გაჰყვებიო (იოანე, 21, 19). ამგვარად მოციქულ პეტრეს ბედისწერაში განჭვრეტილ იქნა დასავლეთის ეკლესიის მსოფლიო-ისტორიული ბედისწერა.
აი, მეორე ბედისწერაც, მეორე გზა.
"უფალო, კი მაგრამ, ეს რა?" - ეკითხება იოანეს დანახვაზე შემობრუნებული პეტრე უფალს, რომელიც მათ სამუდამოდ შორდება. - "უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ეგ იყოს, ვიდრე მოვალ, შენ რა? შენ მე გამომყევ. - და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ეს მოწაფე არ მოკვდება. მაგრამ იესომ ის კი არ თქვა, რომ არ მოკვდება, არამედ: თუკი მნებავს, რომ ეგ იყოს, ვიდრე მოვალ, მერე შენ რაო?" (იოანე, 21, 21-23). სწორედ ამ სიტყვებით სრულდება სახარება. იქნებ იოანეს ბედისწერაში განჭვრეტილ იქნა იმ ეკლესიის ბედი, მეორედ მოსვლამდე რომ უნდა "იყოს"? როგორც პეტრე ჩასწვდა განსხეულების - ხორცად ქცეული სიტყვის - საიდუმლოს, როგორც პეტრემ სხვებზე არდე აღიარა: შენ მოხველ, შენ ხარო ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, - ისე იოანე სხვებზე ადრე აღიარებს: შენ მოხვალ, "სულიც და საცოლეც ამბობენ: მოდი! - ჰოი, მოდი, უფალო იესო!" პეტრეს ეკლესიას მზერა წარსულისკენ აქვს მიპყრობილი, იოანეს ეკლესიას - მომავლისაკენ, მეორედ მოსვლისკენ. იოანემ, - მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, რომელიც სერობისას მის მკერდზე იყო მიყრდნობილი, - მოწაფეთაგან ერთადერთმა მოიტანა ჩვენამდე მოძღვრის უიდუმალესი სიტყვები: ჩვენთვის ჯერაც გაუგებარი, ჩვენს მიერ "ვერ ნატვირთები" (იოანე, 16, 12) ჭეშმარიტების შესახებ და სულიწმიდის შესახებ, ამ ჭეშმარიტებას რომ განგვიცხადებს: "არ გადტოვებთ ობლად, გამოგიგზავნით სულიწმიდას". პეტრეს ეკლესია არის ეკლესია "ნატვირთები" ჭეშმარიტებისა, იოანეს ეკლესია კი - "ვერ ნატვირთების". პეტრეს ეკლესია წმინდა ხორცის საიდუმლოებას იტევს, იოანეს ეკლესიაში კი სულის საიდუმლოება გაცხადდა. პეტრეს ეკლესიაში სრულდება ნათლისღება წყლით, იოანეს ეკლესიაში - ნათლისღება ცეცხლით. პეტრეს ეკლესიაშია - ერთი მწყემსის საწყისი, იოანეს ეკლესიაში - სამწყსოს, საკრებულოს, სობორულობის საწყისი; "იქ, სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით, იქ მე ვარ მათ შორის". ქრისტეს ნაცვალი, ხილული პატრიარქი, პაპი, ამ ეკლესიას აღარ სჭირდება, რადგან თვით ქრისტეა მისი უხილავი პატრიარქი, რომელიც მასთან დარჩება უკუნისამდე: "და აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ, ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე" (მათე, 28, 20). პეტრე კლდეა; და პეტრეს ეკლესიაშიც არის ეს კლდოვანი, გაქვავებული უძრაობა, - მედგარი ერთგულება ქვეყნად მოსული უფლისა. იოანე არის "ძე ელჭექთა"; თავადაც ერთთავად მომართული ელჭექია, ელვასავით ამოდის აღმოსავლეთიდან და მოეფინება მთელ ცას დასავლეთამდე; მისი ეკლესიაც ერთთავად მიმართულებაა, სწრაფვა, მოძრაობა, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გადაჭიმული ელვა ზეცისა, ქვეყნად მოსულისგან - ქვეყნად მოსასვლელამდე, წმინდა ხორცის საიდუმლოდან - წმინდა სულის აღიარებამდე. თუკი პეტრეს ეკლესია დასავლური ეკლესიაა, მაშინ აღმოსავლეთის, ან უფრო სწორედ, დასავლეთ-აღმოსავლეთის ეკლესია, მსოფლიო ეკლესია, - არა აწმყოსი, არამედ მერმისის, უპირატესად "სობორული", - თავისი უკანასკნელი, ჯერაც გაუხსნელი მოწოდებით, არის ეკლესია იოანესი, ეკლესია სულიწმიდისა და მეორედ მოსვლისა. ეს საიდუმლო ჯერ არ გაცხადებულა, რადგან ჯერ არ მოწეულა დრო-ჟამი; აღმოსავლეთის ეკლესიას, დასავლურისაგან განსხვავებით, დღემდე არ მოუპოვებია თავისი მოციქული, ჯერაც არ განცხადებულა იგი, ვინც, უფლის სიტყვით, მეორედ მოსვლამდე "მყოფობს" თავისი ეკლესიის წიაღ; და ჯერაც რჩება ეს ეკლესია მსოფლიო ისტორიაში უსახელოდ, უმოქმედოდ, მერყეობს მხოლოდ თავის გამოცხადებებში პეტრესა და პავლეს შორის: ერთი მხრივ - კათოლიციზმი: იოსებ ვოლოცკიდან სტეფან იაროვსკოიმდე, მეორე მხრივ - პროტესტანტიზმი: თეოფანე პროკოპოიჩიდან... ნებისმიერ თანამედროვე რუს "კულტურულ" საეკლესიო პირამდე, - თუნმაც, მაგალითად, ფილოსოფიურ საზოგადოებაში ჩემი დარბაისელი ოპონენტი მამა გრიგოლ პეტროვი დავასახელოთ. მაგრამ ჟამმა მოაწია; საიდულმო უკვე ცხადდება: როდესაც დაიწყება მეორედ მოსვლის აღსრულება (ის კი უხილავად უკვე დაწყებულია), როდესაც ხორცის მოკვეთის, განზიდვისა და მოკვდინების ძალას შეცვლის ხორცის მიზიდვის, მისი აღორძინების, აღდგომის ძალა, მაშინ მერმისის დასავლეთ-აღმოსავლური ეკლესიაც, როგორც იქნა, მოიპოვებს თავის მსოფლიო-ისტორიულ სახელსა და ქმედითობას, - მოგვევლინება პეტრე-პავლეს ეკლესიის მხარდამხარ როგორც ეკლესია იოანესი; მაშინღა დასრულდება პეტრეს უკანსვლა, პეტრე შეუერთდება იოანეს და იოანე შეარიგებს პეტრეს პავლესთან; მართლმადიდებლობა - ქრისტესმიერი თავისუფლება, - სიყვარულით შეარიგებს კათოლიციზმს პროტესტანტიზმთან - რწმენას გონებასთან. და პეტრეს კლდეს, ამ ლოდს საეკლესიო გადმოცემისა, დაეცემა ელვა გამოცხადების, და ლოდიდან გადმოსკდება სიცოცხლის წყარო. ამ სამი უზენაესი მოციქულის ეკლესიათა საბოლოო ერთობა იქნება ერთიანი, სობორული და სამოციქულო, უკვე ჭეშმარიტად მსოფლიო ეკლესია - წმინდა სოფიას, ღვთიური სიბრძნის ეკლესია, რომლის თავი და მღვდელმთავარი თავად ქრისტეა. ამით აღსრულდება ქრისტიანული სამყაროს ბედისწერა.
დასავლეთში, "დაბერებული", "სხვის" მიერ წაგვრილი პეტრეს ეკლესიის ჭერქვეშ შედგა პირველი წინამორბედი აღორძინება, პირველი რენესანსი, რომელიც "წარმართულ" აღორძინებად იქნა მიჩნეული, რადგან ის, რაფაელიდან მოყოლებული გოეთესა და ნიცშემდე, ბრმად ეძიებდა "წმინდა ხორცს" წარმართობაში, რაკიღა ვერ ჰპოვა ის ძველ ქრისტიანობაში, მის უხორცო სიწმინდეში. ვინ იცის, იქნებ აღმოსავლეთში შედგეს მეორე, საბოლოო, არა წარმართული, არამედ ქრისტიანული აღორძინება, რომელიც ჰპოვებს წმინდა ხორცს, რადგანაც ცხადად, გააზრებულად ეძიებს მას თავად ქრისტიანობაში? მეჩვენება, თითქოს მეორე აღორძინება, მეორე რენესანსი, კიდევაც იწყება, თვით რუსულ ეკლესიაში თუ არა, მის მახლობლად, რუსულ ლიტერატურაში, მსოფლიოს ყველა სხვა ლიტერატურაზე მეტად რომაა გაჯერებული იოანეს ახალი, იდუმალი ქრისტიანობის ქროლვითა და სულით.

??????