ნაბოკოვი ვლადიმირ
გაზიარება

ოჩოპინტრეები (მთარგმნელი: ნათია უსტიაშვილი) 

ჩაფიქრებული ვიჯექი. სამელნის მრგვალად მთრთოლვარე კონტური კალმით გამომყავდა. შორეულ ოთახში საათმა ჩამოჰკრა და ოცნებამორეულს მომეჩვენა, თითქოს კარზე ვიღაც აკაკუნებდა, - ჯერ ჩუმად, შემდეგ ხმამაღლა; თორმეტი თანმიმდევრული კაკუნი და... სრული სიწყნარე.
- დიახ, მობრძანდით, აქა ვარ...
კარის სახელური მორცხვად აჭრიალდა, ჩამოღვენთილი სანთლის ალი ატკრციალდა და ის, -მოხრილი, მთლად ნაცრისფერი, ვარსკვლავა და ჭირხლიანი ღამის მტვრით დაფიფქული, მართკუთხა წყვდიადიდან გვერდულად ამოიმართა...
- მახსოვდა მისი სახე, მერედა რა კარგად მახსოვდა!
მარჯვენა თვალზე ჯერ ისევ ბინდი ედგა, მარცხენა კი - მოგრძო და კვამლიანი მწვანე ფერისა - შეშინებული მიმზერდა; თვალის გუგა ჟანგისფრად უღველფავდა... ეს მოხაკისფრო-მორუხო ბულული საფეთქელზე, მკრთალი ვერცხლისფერი წარბის ოდნავ შესამჩნევი ზოლი, უულვაშო პირთან აღბეჭდილი ნაოჭი - საოცრად აღიზიანებდა და აცოცხლებდა ჩემს მითვლემილ მეხსიერებას.
წამოვდექი, ისიც გამოემართა.
გაცრეცილი პალტო რაღაც სხვანაირად, თითქმის ქალურად ჰქონდა შეკრული, ხელში კი შლაპა ეჭირა, უფრო სწორად - მუქი ფერის უხეირო ფუთა... გამოდის, რომ შლაპა სულაც არ სჭერია.
რასაკვირველია, ვიცნობდი, უფრო მეტიც, მგონი მიყვარდა... მხოლოდ იმას ვერ ვიხსენებდი, სად და როდის მენახა, თუმცა ერთმანეთს რომ უეჭველად ვცნობდით, ფაქტი იყო, რადგან ასე ცხადად აღმბეჭვდოდა მისი მოცხარისფერი ტუჩები, წაწვეტებული ყურები და სასაცილო ხვანჩი.
ბუტბუტით მივესალმე და ჩამოვართვი ხელი, რომელიც საოცრად მსუბუქი და ცივი ჰქონდა, მერე ძველ სავარძელზე მივუთითე, - ყვავი რომ კუნძზე ჩამოჯდება, ისე მოკალათდა და სულმოუთქმელად დაიწყო:
- გარეთ ისეთი საშინელებაა, გადავწყვიტე შენთან შემოვსულიყავი, მენახე. მიცანი? ჩვენ ხომ დღე არ გადიოდა, ერთად არ გვეცელქა, არ გვეოხუნჯა, - იქ, ჩვენს სამშობლოში... ნუთუ დაგავიწყდა?
ამ ხმის გაგონებაზე თითქოს დავბრმავდი, თვალები ამიჭრელდა, თავბრუ დამესხა და ბედნიერება - უსაზღვრო, ბობოქარი, გარდასულ დღეთა და აწ უკვე განსვენებული - ბედნიერება გამახსენდა.
არა, ეს შეუძლებელია! - მე მარტო ვარ, ეს ყველაფერი, უბრალოდ ახირებული ბოდვაა! მაგრამ ჩემს გვერდით მართლა იჯდა ვიღაც, - ყურებიან გერმანულ ჩექმებში გამოწყობილი ძვალტყავა უცნაური კაცი, მისი ხმა - ასე ნაცნობი, ჟღერადი და ნედლ-მწვანე ფერისა - საოცრად შარიშურობდა, სიტყვები კი საკვირველად ადამიანური და უბრალო...
- მადლობა ღმერთს, გაგახსენდა... მე სწორედ ის ოჩოპინტრე ვარ, გულსწრაფი და ლაღი ჭინკა... ვინ წარმოიდგენდა, რომ მე აქ აღმოვჩნდებოდი.
ღრმად ამოისუნთქა. მორიალე ღრუბლები, ფოთოლნარის ცადაწვდილი ტალღები, ვერცხლისფრად მბზინვარე არყები, მარადიული ტკბილხმოვანი ბუბუნი - კვლავ შევიგრძენი. ჩემსკენ დაიხარა და სითბოთი სავსე მზერა მომაპყრო.
- ჩვენი ტყე თუ გახსოვს, შავი ნაძვი? თეთრი არყი? სუყველა მოჭრეს... სიბრალულისაგან ვიტანჯებოდი; მესმოდა მათი ტოტების ჭახაჭუხი, ძირს რომ ეცემოდნენ, მესმოდა, მაგრამ ვერაფრით ვშველოდი. ჭაობში მიმამწყვდიეს, ვტიროდი, ვღმუოდი... ბოლოს მახლობელ წიწვნარს შევეფარე.
ძალზე მოვიწყინე. ქვითინს ვერ ვიკავებდი. შეჩვევა დავიწყე და სწორედ იმ დროს რას ვხედავ -ძველი ფოთოლნარის ადგილას ცარიელი ფერფლიღა დარჩენილა. ისევ ხეტიალი დავიწყე. მერე მოვძებნე ერთი პატარა ტყე, ძალიან ლამაზი, დაბურული, ლორთქო ბალახით დაფარული, მაგრამ მაინც ვერ ვგუობდი... ხანდახან დაღამებამდე ვთამაშობდი, გაშმაგებით ვუსტვენდი, ყიჟინას ვცემდი, გამვლელებს ვაშინებდი. გემახსოვრება, ერთხელ ჩემს გამო გზა დაგებნათ შენ და იმ შენს თეთრკაბიანს; მე მაშინ ბილიკებს ვხლართავდი, რტოებს ვარხევდი, ფოთოლნარს მიღმა მიმოვკრთოდი, მთელი ღამე გაგტანჯეთ. ამით, შენც ხომ იცი, მხოლოდ თავს ვირთობდი. მოგვიანებით დავშოშმინდი, ჩემს ახალ სამოსახლოში პირველი დღიდანვე მოვიწყინე. თუმცაღა, ირგვლივ, დღე და ღამე ჭახაჭუხი გაუდიოდა რაღაცეებს. ხმაურის გამომწვევი ტყის კაცი მეგონა, მაგრამ არ გამომეხმაურა, მივხვდი, რომ სხვა რამ ხდებოდა. დიდი დრო არ გასულა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მდელოზე გავედი და რას ვხედავ? - ადამიანები წვანან; ზოგი მუცელზე, ზოგიც -გვერდზე. ვიფიქრე, გავაღვიძებ-მეთქი, ტოტების მტვრევა და გირჩების სროლა დავიწყე, ავაშრიალე ყველაფერი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არც გაინძრნენ. ახლოს მივედი და... ღმერთო ჩემო... ზოგს თავი წკიპზეღა ეკიდა, ზოგსაც - მუცლის ღრუ მსუქანი ჭიებით ამოვსებოდა... ვეღარ გავუძელი, ერთი ამოვიღმუვლე და უკანმოუხედავად გავიქეცი.
დიდხანს ვიხეტიალე ტყე-ღრეში, მაგრამ საცხოვრებელი ვერსად დავიგულე. ირგვლივ მხოლოდ სასაფლაოს მოწყენილობა და უდაბნოს მდუმარება გამეფებულიყო; სიცოცხლე ისეთი გაუსაძლისი გახდა, რომ გახსენებაც არ მინდა. ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე და ადამიანად გადავიქეცი - აბგიან მაწანწალად, რომელიც სამუდამოდ დაემშვიდობა სამშობლოს! სამანს გარეთ ჩემი მეგობარი, ჩემსავით თავშესაფრის მძებნელი წყლის კაცი შემომხვდა; ისიც გულისტკივილითა და გაკვირვებით მეუბნებოდა - რა საშინელი დრო დაგვიდგაო... ადრე კი, იცოცხლეთ, კარგად ჰქონდა საქმე, ოსტატურად ატყუებდა ხალხს ("სტუმართმოყვარე" რომ იყო, მტკიცება არ უნდა), თანაც როგორ ეალერსებოდა მათ, უნანავებდა და უვლიდა თავისი მდინარის ოქროვან ფსკერზე, მშვენიერი სიმღერებით ხიბლავდა. ახლა კი, - განაგრძობდა, - მხოლოდ მკვდრებიღა დაცურავენ, წყალიც კი მადანივით სქელი, ისეთი თბილი და წებოვანი გახდა, რომ სუნთქვა ჭირს. სწორედ მან მიშველა, თან გამიყოლა, ერთ ნისლიან ნაპირზე გადმომსვა და მითხრა - წადი, ძამიკო, იქნებ რაიმე ბუჩქისმაგვარი მაინც იპოვოო, ვერაფერიც ვერ ვიპოვე, გარდა ამ საშინელი, სრულიად ქვის ქალაქისა... ასე ვიქეცი ადამიანად, ყველაფერი მაქვს - ჩექმაც, საყელოც, ლაპარაკიც მათსავით დავიწყე, მაგრამ...
გაყუჩდა. თვალები სველი ფოთლებივით აუბრწყინდა, ხელები მკერდზე დაეწყო. მთრთოლვარე ანარეკლში ჩაცურებული სანთლის შუქზე კი გასაოცრად კრთოდა მისი გვერდზე გადავარცხნილი, გაცრეცილი თმა.
- ვიცი, შენც გენატრება, - ისევ გაიჟღერა მისმა ხმამ, მაგრამ ისიც იცოდე, რომ შენი მონატრება ჩემს ქარაშოტულთან შედარებით, მძინარის უდარდელი ფშვინვაა მხოლოდ. იქ, ჩვენს სამშობლოში, ჩვენისთანებს აღარაფერი ესაქმებათ. ხომ იცი, ერთნი - ნისლივით გაიფანტნენ, სხვები - სამყაროს მიმოედნენ. მშობლიური მდინარეებიც დასევდიანდნენ, რადგან არავის მოუსვენარ ხელს აღარ უცდია მათი მთვარეული ბზინების დაფარვა; ობლდებიან და დუმდებიან მოცელვას შემთხვევით გადარჩენილი შროშანები - ისინი ხომ ჩემი მეტოქის, მსუბუქი მეველის ცისფერი ბარბითები იყვნენ; ფუმფულა, მოალერსე ქვეშსაგებელმაც ვაებით დატოვა შენი წაბილწული, შერყვნილი სახლი; კორომებიც ხომ ჩამოჭკნა - შენი მგრძნობიარე, ზღაპრულად სევდიანი კორომები...
ახლა რაღა ვქნათ, სამშობლოვ, ჩვენ ხომ შთაგონება, მიუღწეველი მშვენიერება, უკიდეგანო მომხიბვლელობა - შენი მომავალი ვართ, ჩემო... და ჩვენ, ყველანი წამოვედით, უფრო სწორად გამოგვყარა გადარეულმა, უგუნურმა მიწისმზომელმა.
- მეგობარო, ვიცი, მალე მოვკვდები, მითხარი რამე, ის მაინც, რომ გიყვარვარ, რომ გიყვარს ერთი უსახლკარო მოჩვენება, - მოყვასები ვართ მაინც... ახლოს მოიწიე, ხელი მომეცი...
სანთელი აშიშინდა და ჩაქრა. მისი ცივი თითები შეეხო ჩემს ხელისგულს, სევდიანმა ნაცნობმა სიცილმა გაიჟღერა და შეწყდა, მერე... დუმილი.
სინათლე რომ ავანთე, ოთახში მარტო ვიყავი, მარტო... მხოლოდ არყისა და ნოტიო ხავსის სურნელი რიალებდა სასწაულებრივი სინაზით...

??????