განა მართლა ლომი ვიყავ (მთარგმნელი: მაგალი თოდუა)
ნუ გექნება გული ცხარი.
შენ ყასაბი არ ბრძანდები
და არც მე ვარ შენი ცხვარი.
გულში ცეცხლი ნუ შემინთე
და ნუ დამწვავ, ბედო, ავად,
ისიც კმარა, სანთელივით
რომ ვიწვები თავისთავად.
მე შუშა ვარ და თუ ახლა
შენგან ქვები მომეჯახა,
ხომ მომეჭრა ხალხში თავი,
და საქვეყნოდ მომეჯაყა!
თითბერი ვარ, მაგრამ ოქროს
ზარნიში მაქვს გარეთ ყალბად,
გახრწნილი ვარ, მაგრამ მუშკი
ნაპკური მაქვს, იცი, ალბათ.
ანგარებით სნეული ვარ,
მასულდგმულებს ავი ვნება,
ერთი ვინმე კუდაბზიკა,
ერთი ვინმე თავისნება.
გარეგნულად ლომს მძვინვარეს
დამამგვანა თუმცა ზეცამ,
განა მართლა ლომი ვიყავ,
მხოლოდ ლომის ტყავი მეცვა.
მტერს რომ მედგრად შევუტიო,
ხომ არა ვარ მართლაც ლომი,
ისიც კმარა, თავის თავთან
რაც მოხდება ცხარე ომი.
მქონდა შვება და სიამე,
დღეს რომ ასე გულით მინდა
და ხელიდან სიჭაბუკე
მერცხალივით გამიფრინდა.
ოცდაათ წელს რომ გადახვალ,
რაც არ უნდა თვალად ჩანდე,
ყრმათა ცოდვებს ნუ ჩაიდენ;
ნუ გიჭირავს თავი მჩატედ.
ორმოც წლამდე იშვებს კაცი,
იშოვება კიდევ შვება,
ამის შემდეგ კი, მშვიდობით,
ფრთები მშვიდად დაგეშვება.
ორმოცდაათს თუ გააღწევ,
აი, ჭირი მაშინ თვალე,
მუხლები რომ გიღალატებს
და დაუწყებ ჩივილს თვალებს!
სამოც წლისას რაღა გითხრა,
ხოლო ათით თუ ხარ მეტი,
შენი ბედი, დავრდომილმა
თუ იხმარე კარგად კეტი.
ოთხმოცსა და ოთხმოცდაათს
თუ მიაღწევ, კედელს ჩხირი!
დაჯექი და გამოსცადე
თუკი დაგრჩა კიდევ ჭირი.
ხოლო ასს თუ მიატანე,
შეგისრულდა წელი ასად,
მაშინ გიჯობს, სიკვდილს უხმო
და სიცოცხლე მისცე ფასად.
გინდა ერთი დღე იცოცხლე,
გინდა ასე წელს გაუძელი,
გული მაინც ამ სოფლიდან
არ გაგყვება დაუწველი!
რადგან მაინც უნდა მოკვდე,
მინდა მოგცე რჩევა ერთი;
მხიარული იყავ მუდამ
და გახსოვდეს მუდამ ღმერთი!
ჩვენ ანთებულ სანთელს ვგავართ,
ლხინში დარდი გვეცილება,
თვალებიდან ცრემლებს ვაფრქვევთ,
როცა პირით გვეცინება.