ოდენი უისტან ჰიუ
გაზიარება

სახვითი ხელოვნების მუზეუმში (მთარგმნელი: ზვიად რატიანი) 

რა კარგად იცნობდნენ ტანჯვას
ისინი, ძველი ოსტატები; როგორ ესმოდათ
მისი, ვინც უკვე იტანჯება, როცა ირგვლივ უმეტესობა
მშვიდად სეირნობს, ან სადილობს, ან ფანჯრიდან იხედება და ასე ხარჯავს
დროს... ხოლო როცა მოხუცები დგანან, ელიან
ბრწყინვალე შობას, მათ ესმოდათ, რომ იქვე უნდა
ჩანდეს ტყისპირი და ბავშვები, რომლებიც გუნდად
მოყინულ ტბორზე სრიალებენ.
ახსოვდათ მუდამ,
რომ ტანჯვა მთელი სისაძაგლით იქ აღწევს ზენიტს,
სადაც ვერავის ააღელვებს: ძაღლები კვლავაც
ძაღლურ ცხოვრებას განაგრძობენ, ჯალათის ცხენიც
ხეს უხახუნებს ჩამომხმარ გავას.

ავიღოთ თუნდაც ბრეიგელის "იკაროსი": ვერ ამჩნევს ვითომ
უბედურებას ვერაფერი. ვერც ის მხვნელი, რომელსაც თვითონ
მკვეთრად ჩაესმა კივილის ხმა სადღაც უკნიდან
და მაინც, ვითომც არაფერი, არც გაუკვირდა.
მზეც კვლავ აბრწყინებს მწვანე ტალღას, რომელმაც შთანთქა
თეთრი წვივები. ხალხი მოჩანს გემბანზეც, მათგან
როგორ იქნება, რომ ვერავის მოეკრა თვალი
ციდან მომწყდარი ბიჭისათვის? მაინც გულგრილად
მიცურავს გემი, ლივლივებს წყალი.

??????