პავიჩი მილორად
გაზიარება

რომანის დასაწყისი და დასასრული (მთარგმნელი: მალხაზ ხარბედია) 

ბორხესს სურდა, თავის მკითხველთა პირველი ასეულის სახეები დაენახა. ჩემი სურვილი განსხვავებულია. ხომ არ გვემუქრება ჩვენ საშიშროება, მკითხველთა უკანასკნელი ასეული - ან, ძალიან პათეტიკურნი რომ არ ვიყოთ - რომანის მკითხველთა უკანასკნელი ასეული დავინახოთ?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, მოდით ვკითხოთ საკუთარ თავს, სად და როდის, ტექსტის რომელი მონაკვეთიდან იწყება რომანის კითხვა და სად და როდის მთავრდება იგი? როგორაა რომანის დასაწყისი და დასასრული (ასევე კითხვის დასაწყისი და დასასრული) განპირობებული იმით, რასაც იასმინა მიხაილოვიჩი `კითხვასა და სექსს` უწოდებს? უნდა ჰქონდეს თუ არა რომანს დასასრული? და რა არის რომანის, ლიტერატურული ნაწარმოების დასასრული? ნუთუ აუცილებლად ერთადერთი უნდა იყოს იგი? რამდენი ფინალი შეიძლება ჰქონდეს რომანს ან პიესას?
ამ კითხვებზე პასუხებს ჩემს წიგნებზე მუშაობისას მივაგენი. ჩემთვის უკვე კარგახანია ცნობილია, რომ არსებობს `შექცევადი` და `შეუქცევადი` ხელოვნება. ხელოვნების ზოგიერთი სახეობა მაყურებელს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა კუთხიდან დაინახოს იგი, შეცვალოს ჭვრეტის წერტილი და პერსპექტივა ისე, როგორც თავად მაყურებელს სურს ეს. ესაა არქიტექტურა, ქანდაკება, ფერწერა - შექცევადი ხელოვნების სახეები. სხვა, ხელოვნების შეუქცევადი სახეობები, ისეთები, როგორც მუსიკა ან ლიტერატურა, ცალმხრივი მოძრაობის გზას წააგავს, სადაც ყველაფერი დასაწყისიდან დასასრულისკენ მოძრაობს, დაბადებიდან - სიკვდილისკენ. მე ყოველთვის მინდოდა, ლიტერატურა - შეუქცევადი ხელოვნება - შექცევადად მექცია. ამიტომაც ჩემს წიგნებს არც დასასრული აქვთ და არც დასაწყისი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით.
მაგალითად, `ხაზართა ლექსიკონი` 100.000 ერთეულისგან შემდგარი რომანი-სიტყვარია და ის სხვადასხვა ენათა ანბანების შესაბამისად სხვადასხვანაირად მთავრდება. `ხაზართა ლექსიკონის` ორიგინალური ვერსია, რომელიც კირილიცათია დაბეჭდილი, სრულდება ლათინური ციტატით: `sed venit ut illa impleam et confirmem, Matteus". იგივე რომანის ბერძნული თარგმანის დასკვნითი წინადადებაა: `მაშინვე შევამჩნიე, რომ სამი რამის მეშინოდა და არა ერთის`. `ლექსიკონის` ინგლისური, ებრაული, ესპანური და დანიური ვერსიები შემდეგნაირად მთავრდება: `როცა მკითხველი დაბრუნდა, მთელი პროცესი შეიცვალა და ტიბონს მოუწია ამ მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით შეეცვალა თარგმანი`. ლათინური ანბანით დაბეჭდილი სერბული ვერსია, შვედური ვერსია (Nordsteds-ის მიერ გამოცემული), ჰოლანდიური, ჩეხური და გერმანული ვერსიები სრულდება წინადადებით: `ამ მზერამ ჰაერში კოენის სახელი გამოსახა, აანთო ფითილი და მას სახლისკენ მიმავალი გზა გაუნათა`. `ლექსიკონის` უნგრული ვერსია ასეთი წინადადებით მთავრდება: `მას უბრალოდ სურდა, შენი ყურადღება შენს საკუთარ ბუნებაზე მიექცია`. იტალიური და კატალონიური ვერსიების ფინალური ფრაზაა: `მართლაც, ხაზართა ჭურჭელს დღემდე ხმარობენ, თუმცა კი ამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მან არსებობა შეწყვიტა`. იაპონური ვერსია (Tokyo Zagen Sha), მთავრდება წინადადებით: `გოგონამ სიცოცხლე მიანიჭა ქალიშვილს - თავის სიკვდილს; აღსასრულისას მისი სილამაზე შრატად და აჭრილ რძედ გაიყო და ფსკერზე ლერწმის ფესვგაჩრილი პირი გამოჩნდა`.
თუკი ჩემს მეორე რომანს `ჩაით დახატული პეიზაჟი` (რომელიც კროსვორდს შეგვიძლია შევადაროთ) `ვერტიკალურად` წავიკითხავთ, პირველ პლანზე წიგნის გმირთა პორტრეტები გამოვა. თუკი თავებს `ჰორიზონტალზე` (`ჩვეულებრივი` ხერხით) წავიკითხავთ, წინა პლანზე რომანის სიუჟეტი და მისი განვითარება აღმოჩნდება. მოდით ვნახოთ, როგორ გამოიყურება რომანის დასაწყისი და დასასრული ამ შემთხვევაში. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ამ რომანს ორნაირი დასასრული აქვს, იმის მიხედვით, ქალი კითხულობს მას თუ მამაკაცი. და, რა თქმა უნდა, ამ რომანის დასასრული და დასაწყისი `ვერტიკალური` და `ჰორიზონტალური` წაკითხვის გამოც განირჩევა. `ჩაით დახატული პეიზაჟი` `ჰორიზონტალზე` ასე იწყება: `ნურცერთ გაუწვნელ სილას ნუ ჩაიყოლებ საფლავში`. ამ შემთხვევაში რომანი სრულდება წინადადებით: `ნუ დაივიწყებს მკითხველი, თუ რა დაემართა ანასტას სვილარს, ვისაც ერთხანს რაზინი ერქვა`. `ვერტიკალზე` წაკითხული `პეიზაჟი` იწყება წინადადებით: `როცა ამ ატესტატს ამზადებდა ჩვენი მეგობრისთვის, სკოლის ამხანაგისთვის და კეთილისმყოფელისთვის, ათანას ფედოროვიჩ რაზინისთვის (ასევე ცნობილი, როგორც ათანას სვილარი), რომელმაც ერთხელ თავისი სახელი ზურგზე ენის წვერით მიაწერა ჩვენი თაობის ულამაზეს ქალს...` იგივე ხერხით წაკითხული რომანი ასე მთავრდება: `მე ეკლესიაში შევვარდი`.
რომან-ლექსიკონისა და რომან-კროსვორდის შემდეგ მე კიდევ ერთხელ ვცადე ლიტერატურა `შექცევად` ხელოვნებად მექცია. ეს იყო წიგნი `ქარის შიდა მხარე` - რომანი - კლეპსიდრა. ამ წიგნს ორი სატიტულო გვერდი აქვს, იგი უკეთესია `ერთნახევარჯერ` წავიკითხოთ - როგორც ცნობილმა არქეოლოგმა დრაგოსლავ სრეიოვიჩმა თქვა. რომანის დასასრული წიგნის შუაწელშია მოთავსებული, სადაც ერთმანეთს ხვდებიან შეყვარებულები, ამ მითიური ამბის მონაწილენი, ჰერო და ლეანდროსი. თუკი წიგნს ლეანდროსის მხრიდან წავიკითხავთ, იგი ასე დაიწყება: `მომავალს ერთი უეჭველი ღირსება აქვს - იგი არასდროს ჰგავს იმას, რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ ხოლმე...` ამ მხრიდან წიგნის დასასრული იქნება: `პირველის ხუთი წუთი იყო, როცა კოშკები სასწაული ხმით ცაში აიჭრნენ და თან წაიყოლეს ცეცხლის ენები, რომელშიც ლეანდროსის სხეული დაიფერფლა`. თუკი `ქარის შიდა მხარეს` ჰეროს მხრიდან კითხულობთ, დასაწყისი ასე გამოიყურება: `თავისი ცხოვრების პირველ მონაკვეთში ქალი სიცოცხლის მიმნიჭებელია, მეორეში კი იგი კლავს და მარხავს ან თავის თავს, ან მათ, ვინც მის გარშემო არიან`. დასასრული კი ასეთია: `თუ შეცბუნებულ ლეიტენანტს დავუჯერებთ, სამ დღესაც არ გაუვლია იმ საღამოდან, როცა ჰეროს თავმა მამაკაცის საშინელი ხმით დაიყვირა`.
ჩემი ახლახან გამოსული წიგნი `უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში` - ესაა ტაროს კარტზე მკითხაობის სახელმძღვანელო. უფროს არკანთა კარტების რაოდენობის მიხედვით, რომანი 22 თავისგან შედგება. როგორც ცნობილია, ტაროს კარტის მეშვეობით მომავალი შეიძლება იწინასწარმეტყველო და რომანიც რამდენიმე მნიშვნელობას (გასაღებს) შეიცავს, ისევე როგორც თავად ტაროს კარტი. სხვა სიტყვებით, ეს რომანი მკითხაობის სახელმძღვანელოა (მაგრამ რომანი წიგნის გმირთა მომავალს კი არ განჭვრეტს, არამედ მკითხველისას) და სხვადასხვანაირად შეიძლება გამოიყენო. შეიძლება წიგნის თავებს ტაროს კარტები მივუსადაგოთ, რომანის თავები მკითხაობის სეანსის დროს გამოვიყენოთ ამოსული კარტების განსამარტავად. იგი შეიძლება კარტების გარეშეც წაიკითხო, ან წიგნში მითითებული რიგის მიხედვით დააწყო კარტები და ასეთი წყობით წაიკითხო რომანი.
ამგვარად, თქვენ ხედავთ, რომ ჩემს რომანებს რამდენიმე გასასვლელი აქვს, რომლებიც დიდი მანძილით არიან ერთმანეთს დაშორებულნი.
ჩემთვის თანდათანობით აზრს კარგავს განსხვავება რომანსა და არქიტექტურულ შენობას შორის და ეს მოსაზრება, ალბათ ყველაზე მნიშვნელოანია იმათ შორის, რომელიც ამ სტატიაში გამოვთქვი. მაგრამ მოდით, უფრო ზოგად საკითხს შევეხოთ - ასე ხშირად რომ გვაწუხებს. ხომ არ ახლოვდება რომანის დასასრული? სად არის იგი, რომანის დასასრული, წინ? თუ უკვე წარსულში? ვცხოვრობთ თუ არა პოსტისტორიულ დროში? შეუმჩნევლად ფინიშის ხაზი ხომ არ გადავკვეთეთ? იქნებ უკვე დასრულებულ რბოლაში ვიღებთ მონაწილეობას? ვფიქრობ, ჯერ ადრეა ასეთი საუბრები. მე უფრო იმ აზრს ვემხრობი, რომ ჩვენ კითხვის ტრადიციული მანერის აღსასრულს მივუახლოვდით. ესაა კითხვის ჩვენეული ხერხების და არა რომანის კრიზისი. ესაა რომანის, როგორც ცალმხრივი გზის დასასრული. რომანის გრაფიკული სახეც კრიზისს განიცდის. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიგნი კრიზისშია. ჰიპერლიტერატურა გვაჩვენებს, როგორ შეუძლია რომანს რამდენიმე მიმართულებით განვითარდეს - ისევე როგორც ცნობიერებას. ჰიპერლიტერატურა რომანს ინტერაქტიულად აქცევს.
მე შევეცადე შემეცვალა კითხვის ჩვეული მანერა და გავაძლიერე მკითხველის როლი და პასუხისმგებლობა რომანის შექმნის პროცესისას (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში გაცილებით მეტი ნიჭიერი მკითხველია, ვიდრე ნიჭიერი მწერალი ან ლიტერატურის კრიტიკოსი). მკითხველს გადავეცი რომანის ძირითადი მოვლენებისა და სიუჟეტის განვითარებისთვის გადაწყვეტილების მიღების უფლება: რომანის დასაწყისისა და დასასრულის განსაზღვრა იქნება ეს თუ მთავარი გმირების ხვედრი. მაგრამ კითხვის მანერის შეცვლით, შეთხზვის მანერაც უნდა შემეცვალა. ამიტომაც ეს სტრიქონები მხოლოდ რომანის ფორმის შესახებ განსჯებად როდი უნდა აღვიქვათ. ესაა, იმავდროულად განსჯები რომანის შინაარსის შესახებაც. ორიათასი წლის განმავლობაში ხომ რომანის შინაარსი ფორმის პროკრუსტეს სარეცელზე იყო მიჯაჭვული. მე ვთვლი, რომ ამას ბოლო მოეღო. ყველა რომანს აქვს უფლება, თავისი საკუთარი ფორმა აირჩიოს, ყოველი ისტორია თავის სხეულს უნდა ეძიებდეს და პოულობდეს... კომპიუტერები გვარწმუნებენ ამის შესაძლებლობაში. მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენ არ მოგწონთ კომპიუტერები, ნახეთ, რას გვასწავლის არქიტექტურა.
არქიტექტურა ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ლიტერატურას, თუკი მასაც არქიტექტურულ ნაგებობად მივიჩნევთ, ასევე შეუძლია შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. რომანი შესაძლოა სახლი იყოს. ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც.

??????