აგვისტო (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)
მზე შემოვიდა ადრიან დილით,
სარკმელის მაქმანს და დივანს ხელად
ზაფრანისფერი დაფინა ჩრდილი.
მან მოაფრქვია დამწვარი ჟანგი
მახლობელ ტყეს და მახლობელ შუკას,
საწოლს, სასთუმალს, დანამულს ბანგით
და კედლის კუთხეს კარადის უკან.
მე გავიხსენე მაშინ მიზეზი,
სასთუმალს ცრემლი რისთვის ვაწურე,
მესიზმრა აქეთ აგეღოთ გეზი,
ტყეს გამოყევით და მომაშურეთ.
თქვენ მოდიოდით ჯგუფად და წყვილად
და შემომესმა ხმა საუბრისა,
რომ ექვს აგვისტოს, დღეს, ძველი სტილით,
ფერისცვალება არის უფლისა.
ამ დღეს ყოველთვის წყნარი ნათება
გადმოდის მაღლით მთა თაბორიდან
და შემოდგომა, ვით მინიშნება,
ყოველთა მზერას იპყრობს შორიდან.
განვლეთ თხმელნარი, ტოტთა ქაოსი,
გაცდით წვრილიანს, მეჩხერს და მხვივანს
და შეერიეთ სასაფლაოზე
კორომს, დაჭვრეთილ კვერივით მღვივანს.
მაღლა, გასუსულ წვერთა მეზობლად
იდო ცა, ერთობ გულზვავი რამე
და ხრინწიანი მამლები სოფლად
შორეთად წნავდნენ დღესა და ღამეს.
სასაფლაოზე, ტყის განაპირას,
იდგა სიკვდილი _ მიწისმზომელი,
ჩაშტერებული ჩემს მკვდარ სახე-პირს,
სამარის სარგოდ გათხრის მდომელი.
სხეული გრძნობდა, რომ გვერდით, იქვე,
მშვიდი ბგერები სიტყვად ლაგდება,
ჟღერდა ჩემი ხმა, უხრწნელი ვით ქვა,
ვით სასწაულის გამოცხადება.
"მშვიდობით ცაო ფერისცვალების,
მაცხოვრის დღეთა ოქროვან გამის,
დე, მეოხ ეყვნენ შენი თვალები
განწირულებას საშინელ წამის.
მშვიდობით წლებო იმ შეშლილობის
და შენც, მძლეველო ზიზღით ძრწოლისა
ქალო, დაჭრილო უღრმეს ჭრილობით,
აჰა მე, ველი შენი ბრძოლისა.
შენც, მოქნეულო ფრთავ, გაფრენილო,
თავისუფალი ნავარდის ნებავ,
სამყაროს ხატო, სიტყვით ჩენილო,
სასწაულო და შემოქმედებავ".
1953