პასტერნაკი ბორის
გაზიარება

ავი დღეები (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე) 

მისულს იმ კვირაძლებზე
იერუსალიმის ბჭესთან
რტოებს უფენდნენ გზებზე,
ირგლივ ოსანა ჭექდა.

დღეებს ქუფრავდა რისხვა,
გულთ - მძულვარება ხარბი
და აღსასრულიც ითქვა
ზიზღით შეტეხილ წარბით.

ზეცა, ვით ტყვია ლიბრი,
ეზოებს აწვა მქისედ,
ჩხრეკდნენ მელურებ ლიქნით
ფარისეველნი მიზეზთ.

და დასდვა განსჯად ურწყთა
ის ტაძრის ბნელმა ნებამ,
ახლა კრულვიდა მიწყივ
ვინც ადიდებდა წეღან.

ყორეთა ხვრელებიდან
ბრბო იჭყიტება კარში,
დაძრწიან ოთხი მხრითა
ავ განაჩენის ცდაში.

მოყივნება და მტრობა,
გესლი სიტყვად და ფიქრად,
ეგვიპტეს წასვლა, ყრმობა,
მოჩანს შორეულ სიზმრად.

შორით იელვა კონცხმა,
ფრიალო ფერდმა, მრეშმა,
სადაც მსოფლიო საყდრით
მას აცდუნებდა ეშმა.

კვლა სასწაული მეხად
კანას, ქორწილის ლხინზე,
როს წყნარად შედგა ფეხი
ზღვის ბურუსიან პირზე.

ღატაკთა კრება ქოხში,
სარდაფს ჩატანა კვარის,
ალი, გამქრალი შიშით,
როცა წამოდგა მკვდარი...

1949

??????