გეთსიმანიის ბაღი (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)
დაფენოდა დამრეცზე დახვეულ გზას,
უფსკრულში ხმაურობდა ქედრონის წყალი,
ზე აღმართულიყო ელეონის მთა.
კორდი თითქოს ცაზე იყო გადამწვდარი,
გადაღმა აენთო ნახტომი ირემს,
რომელზედაც ლამის გაეშალათ მხარი
ჭაღარა, თუ მოვერცხლილ ზეთისხილებს.
მანდვე ბაღი იყო, არვინ იცის ვისი.
იქ მოწაფენი დატოვა გზის პირზე.
უთხრა: "გულზე მაწევს დარდი უმძიმესი,
დამელოდეთ და ჩემსავით იფხიზლეთ".
ძლევით შემოსვა, სასწაულთა ქმედება,
როგორც საქმე რამ, არადასანანი,
განაგდო თავისგან რაცა არ ეგება,
გახდა მოკვდავი, კაცი კაცთაგანი.
და ღამე ეჩვენა ნაპირის მსგავსებად
გარს არარაობის და ნგრევის მტვერის,
სამყაროს გაცლოდა ყოველი არსება,
მხოლოდ ბაღში კრთოდა სიცოცხლის ფერი.
ცარიელს, უსაწყისოს და დაუსაბამ
ბნელეთის ჯურღმულებს ჩააპყრო მზერა,
სიკვდილის თასისგან მიხსნასო მამამ,
სისხლიან ცრემლებით ვედრიდა ზენას.
ლოცვით რომ დაიოკა მსახვრალი სევდა,
უკანვე შევლო მტილოვანის კარი,
გზის პირად მიწაზე დაყრილ მოწაფეთა
ღრმა ძილით აბმოდათ თვალი და მხარი.
შეაღვიძა: "აღდექით, რადგანაც მაღლა
ჩემს წლებში ცხოვრება თქვენც დაგიწერეს.
დაჰკრა საათმა. ძე კაცისა ახლა
თვისნებით მიეცა ცოდვილთა ხელებს.
ეს თქვა და უეცრად მოაწყდა მოედანს
ბრბოები გუნდებად ავაზაკ-დამცემის,
მაშხალები, დაშნები... წინ უძღვათ იუდა
პირზე დაფენილ ამბორით გამცემი.
პეტრემ მომხდურნი მახვილით დააშინა,
წინმავალს ყვრიმალზე დააჭდო კვალი,
მაგრამ ესმა: სამართალს ვერ შეიქმს რკინა,
ჰე, ადამიანო, ჩააგე ხმალი.
მამას რომ ენებოს რაზმები ფრთასხმული
სახსნელად მოვიდოდნენ ზეცით,
მაშინ შერცხვენილი და თავლაფდასხმული
უკვალოდ გაქრებოდა მხეცი.
მაგრამ არსთა წიგნში უკვე გადაშლილა
წმინდანზე უწმინდესი გვერდი,
ახლა გაცხადდება ადრე დაწერილი,
ამინ. დე აღსრულდეს ხვედრი.
ხედავ, დრო გავს იგავს. იგი მდინარებით
შემობრუნდება და მოიდებს კვლავ ალს,
სახელითა მისი საზარ დიდებისა
წამებას მივიღებ და სამარეს ჩავალ.
ჩავალ, რათა აღვდგე მას დღესა მესამეს
და მერე, ვით ტივების მწკვრივები ტბორზე,
ბნელიდან რიგებად გამოვლენ მზისაკენ
საუკუნეები ჩემს სამსჯავროზე.
1949
"იური ჟივაგოს ლექსები"
რომანიდან "ექიმი ჟივაგო"