სიზმარი (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)
მოჩანდი ანცი ყმაწვილებით გარსშემორტყმული
და როგორც სისხლის მაძებარი ზეცაში ქორი,
შენს გაწვდილ ხელზე ეშვებოდა მაღლიდან გული.
დრო გადიოდა, ბერდებოდა და ყრუვდებოდა.
ფანჯრის ჩარჩოებს ცვარი თითქოს ფერავდა ვერცხლით.
სექტემბერი კი ბაღში ამ დღეს ადრე კვდებოდა -
მიწას ღებავდა ალიონის სისხლი და ცეცხლი.
დრო, მიმავალი, ბერდებოდა. მყიფე ყინულის
ხმებით სკდებოდა და დნებოდა სავარძლის ფარჩა.
შენ უცებ შეკრთი. ამოკვნესით ჩაითქვი სული.
მერე სიზმარი ექოსავით შორეთში ჩარჩა.
გამომეღვიძა. დილაბნელი, როგორც სანთელი
იყო უნათლო, მიმალავდა მზეებს და დღეებს,
და როგორც ურემს ბზის და ნამჯის კორიანტელი,
ქარი მოსდევდა ცის მინდვრებზე გაქცეულ ხეებს.
1913, 1928
წიგნიდან "დაწყების წლები"