შაშვები (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)
და მოცუცქნული სადგური ბარში.
ისმის, ჩიტები დაღლას ჟივიან
ნაშუადღევის მყუდროებაში.
ფართო და ცხელი, როგორც სურვილი,
განსა და კიდეს გადაცდა არე.
უკან ტყის ბზოლი, ლურჯით სხურვილი,
მაღლა - ღრუბლები თეთრად მდუღარე.
ცხენს, მენაპირეს, მოსახვევებში,
ეკეკლუცება არყი შავთვალა.
ამონაძირკვში და ფოსოებში
ჩანს ია, თოვლი და ნეშომპალა.,
ალბათ ასეთი ფოსოღრმულიდან
სვამენ შაშვები წყალს, ნაჟურს ვერცხლის.
ამიტომ რეკავს მჭახედ შორიდან
მათი ჭახჭახის ყინვა და ცეცხლი.
აი გრძლად თქმული, აი ეს - მოკლე!
აი ეს ცხელი, ეს ცივი შხაპი.
რას არ ამოთქვამს ყელი უნაკლოდ,
თუ ჩაკრიალდა ნალღობ ღვართქაფით.
აქ გადის შაშვთა კარის თემშარა,
უყვართ თვალთვალი, ჭვრეტა კიბეზე,
შუკა-ბანდებში ჭორი აშარი,
მთელ დღეს რატრატი ჭალის კიდეზე.
იმათ თავღია საცხოვრებელში
ახსნილნი დიან გამოცანები.
საათი - ყოფა უდაბურ ტევრის,
ჩარექი - კვირტის აღმოცენება.
ასეთი გახლავთ შაშვის სოფელი, -
ნამდვილ არტისტთა ნანატრი ხვედრი,
ცხოვრობენ, როგორც არტისტს შეფერის
და მეც არაფერს მათ არ ვაყვედრი.
1941
წიგნიდან "აისის მატარებლებით"