* * * მან სული იგი მშვენიერი მოსცა და წარცა (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
ვარსკვლავი ვარსკვლავს დაეთხოვა, თვისტომი თვისტომს,
განქარდა მთვარის იაგუნდი და ამეთვისტო
და უდაბნოში გაიმტვერა თიხად და ცარცად.
ხანძრად და ნაცრად, სულო ჩემო, ხან ზღვად და ხან ცად -
წრიალებს ეტლი მორღვეული, ციმციმებს დისკო,
რომ დასწვდეს ჩემს წყლულს, ჩვენებაო ჩუმო და გლისპო,
და შენი ხელით გადამსხვრეულ მკლავსა და ბარძაყს.
ხატება მისი ღრუბლებიდან ვინ ჩამოფლითა,
ვინ მომიქუჩა ზმანებები ბინდის მაყრებად?
ვღვარე და ვღვარე ქვეყნის სისხლი, ქვეყნის ოფლი და
მაინც ვერ შევძელ სამზეოთი მე დანაყრება,
და მაინც მშვიდად ვეშურები წუთისოფლიდან
და თითქოს გულიც არაფერზე მეთანაღრება...