* * * ო, ვარსკვლავებო, სათხოვარი მართლაც მექნება (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
და თუ ჩემი ხმა ციერთაგან არვის ჩაესმა, -
ვეჭვ, სიყვარულის აღმაფრენამ უზენაესმა
კვლავ მომასურვოს საწუთროსთან გაპაექრება.
ბედის ხომალდი უგზო-უკვლოდ ტალღებს ეხლება,
ყრმობის წლები კი, ეშმებივით, თითქოს ნაეშმარ
ჩემს წარმოსახვებს აწყდებიან ურვა-კაეშნად
და გულისგულში მესობიან მწარე ეკლებად.
ო, ნეტავ, დღესაც მაშინდელი ქარები ქროდეს,
ჩვენება შენი მეყსეულად წარმიდგა ოდეს,
როგორც ნათელი ცისიერი ბეთლემელ მწყემსებს.
ახლა სხვა დროა, შარავანდი დაეშვა ქვევით
და შემოდგომის ანგელოზი - დაღლილი ხელით
მელაციცება ნაადრევად შეჭირხლულ თმებზე...