ცუცქირიძე ლელა
გაზიარება

ბონსაი 

გასწავლო ჯუჯა ხეების გამოყვანა? 
ფანჯრის რაფაზე, ან ოთახის კუთხეში დადგამ, 
ეგზოტიკური სილამაზით მოხიბლავ სტუმრებს... 
ადვილია, 
ბევრი შრომა არ დაგჭირდება: 

ასაკოვანი ბროწეულიდან ან ატმიდან, 
ან სულ ერთია 
(შენი ეზო დაბურულია მამის დარგული ძველი ხეებით), 
ააჭერი საშუალო ზომის კალამი. 
დაელოდე, სანამ ფესვებს გამოიღებს წყლიან ქილაში, 
მერე ვიწრო ქოთანში ჩარგე. 
ღორღი - მეტი, მიწა - ცოტა და უხარისხო! 
დატკეპნე კარგად, იშვიათად დაუსხი წყალი. 
აშიმშილე, არ შეგეცოდოს! 
ზრდა ხომ უნდა შეაჩეროს, რომ ჯუჯად იქცეს. 


მერე ტოტები, რომლებიც ცაში აჭრილი ჩიტებისკენ მიისწრაფვიან, გადაჭერი. 
ურჩ ფესვებს კი, 
ცოცხლად დამარხულ ადამიანის ხელებს რომ ჰგვანან, 
ხელმეორედ მიაყარე: 
ღორღი - მეტი, მიწა - ცოტა და უხარისხო! 
არ გეუბნები, ჩაქოლე-მეთქი, 
მაგრამ გირჩევ, არ შეიცოდო და არ დაინდო! 
ეს იმიტომ, რომ, ერთ მშვენიერ დღეს, 
სტუმრებს თავი მოაწონო, 
როგორც აწონებ შავ როიალზე საგულდაგულოდ დალაგებული, 
ჩარჩოიანი ფოტოებით. 
ამ ფოტოებზე, შენი გოროზი წინაპრები ვენურ სკამებზე ჩამომსხდარან, 
ან მუყაოს შავ ცხენებზე ამხედრებულან. 

გასწავლო ჯუჯა ხეების გამოყვანა? 
სულ ადვილია, 
საკუთარ თავზე გამოვცადე: 
მოვიჭერი ცაში აჭრილი ჩიტებისკენ გაწვდილი ტოტი, 
ქვა და ღორღი მივიყარე ურჩ ფესვებზე, 
დავპატარავდი. 
ერთი ეგაა, როგორც თვითმკვლელის მძიმე ყულფი, 
ისე მიჭერს სხეული სულზე. 

??????