ოთახი ბოგნერის შესახვევში (მთარგმნელი: ვლადიმერ კორტავა)
ძებნა განთიადიდან შებინდებამდე გაგრძელდა - კიბეებზე აღმა, კიბეებზე დაღმა; ყველაფერი მეტისმეტად ძვირია. ორმოც შილინგზე ნაკლებად არაფერი იყო.
უკვე ღამის თავშესაფრისაკენ გზაზე, ბოგნერის შესახვევში, მოულოდნელად განცხადებას წააწყდა: "ძალიან ელეგანტური ოთახი, ძალიან იაფად". ფაკლერმა გადაწყვიტა უკანასკნელად ეცადა ბედი. ფიქრს გასინჯვა სჯობს.
ოთახისათვის თვალის ერთი მოვლება და ახალგაზრდა პოეტი უკან გაბრუნდა. არა, ის ვერ მისცემს ასეთი ელეგანტური ოთახის დაქირავების უფლებას თავს. - "საით, ბატონო?" - დიასახლისი ჩქარი ნაბიჯით გაემართა მისკენ და მორიდებანარევი შეუპოვრობით ჩაავლო ხელები მხრებში. "სულ ერთი წამით. ოთახი ძალზე იაფია. ტყუილად აქნევთ თავს. გაკვირვებული დარჩებით".
- რამდენი? - თითქმის ჩურჩულით იკითხა ფაკლერმა.
- თხუთმეტი შილინგი.
ფაკლერმა იფიქრა, რომ რაღაც ისე არ გაიგონა. თხუთმეტ შილინგად ასეთი ოთახი?
- მომსახურების ჩათვლით - არ ეშვებოდა დიასახლისი, - მართალია, ოთახს ერთი ნაკლი აქვს, მოწყალეო ხელმწიფევ. ჩვენს ბავშვს სუსტი ჯანმრთელობა აქვს. სახლის ექიმმა თხის რძე გამოუწერა. ჩვენ თხა გვყავს. ის კიკინებს. ხანდახან. საღამოობით. მხოლოდ გვიან საღამოს... ესე იგი ის ხანდახან დილაობითაც კიკინებს: მე-ჰე-ჰე-ჰეკ! მაცხოვრებლები ერთიმეორის მიყოლებით გარბიან. მაგრამ თქვენ ამას მიეჩვევით - ხომ მართლია? ასეთი სასარგებლო ცხოველი... კარგი რძე... და საბრალო ბავშვი... ელეგანტური ოთახი... სულ თხუთმეტი - არა, სულ ცამეტი, - უი, ეს რა ვთქვი, - სულ თორმეტი შილინგი - მომსახურების ჩათვლით. თუ გნებავთ, ამაში გათბობის საფასურიც შევიტანოთ. მაშასადამე შევთანხმდით. ხომ რჩებით?
ფაკლერი დარჩა. მთელი დღის სიარულისა და კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლისაგან იგი ისეთ დაღლილობას გრძნობდა, რომ ჯოჯოხეთში დარჩენაზეც ყაბულს იქნებოდა.
პოეტმა თხზვის დაწყება სცადა. თხა კიკინებდა. ფაკლერმა დაწყებული ბალადა ოთახის კუთხეში მოისროლა და დასაძინებლად დაწვა. მაგრამ ყველაფერი თავიდან დაიწყო: მე-ჰე-ჰე-ჰეკ!
ფაკლერს გვიან ღამით ჩაეძინა და მხოლოდ საფუძვლიანად გაწყობილი მოძრავი მაგიდის გრუხუნმა გააღვიძა. ოთახში დიასახლისმა შემოაბიჯა.
- უნდა გითხრათ, და იმედი მაქვს, რომ ჩემზე ნაწყენი არ დარჩებით, - გუშინ დამავიწყდა ამის თქმა, - რომ საუზმე აგრეთვე შედის ოთახის საფასურში. ძალიან ვწუხვარ, რომ მიმიმ დღეს უკვე გამთენიისას დაიწყო.
- მიმი? - გაიმეორა ფაკლერმა, - რომელი მიმი?
- თქვენ ხომ იცით... აი ის...
- მე-ჰე-ჰე-ჰეკ!
- ჩაი მიირთვით. რა გირჩევნიათ ჩაისთან - ლორი თუ კვერცხი?
"ეშმაკმა დალახვროს!", გაიფიქრა პოეტმა და გვარიანად გეახლათ საკვებსაც და სასმელსაც. "ერთი ფილოსოფოსი კბილის ტკივილსაც კი არ აქცევდა ყურადღებას მუშაობის დროს, სერვანტესი ციხეში წერდა!"
...მეოცე დღეს ტახტიდან წამომდგარმა ფაკლერმა უცნაური შფოთვა იგრძნო. კარებზე აკაკუნებდნენ, - "შემობრძანდით!" - ოთახში ცრემლებისაგან თვალებაწითლებულმა დიასახლისმა შემოაბიჯა.
- თქვენ ალბათ უკვე შეამჩნიეთ, ბატონო ფაკლერ... მიმი...
- რა მოხდა?
- მიმი გარდაიცვალა. ცოცხალი აღარ არის. აჰ, აჰ, დიდი უბედურება დაგვატყდა თავს.
- დიდი უბედურებაა ჩემთვისაც, პატივცემულო ქალბატონო (ო, ერთი ეს გვაკლდა. ახლა ხომ ნამდვილად ანგარიშის გასწორებას მომთხოვს. რაღა უნდა ვქნა?). მე უკვე ისე მივეჩვიე...
- "მე-ჰე-ჰე-ჰეკ", - გაიმეორა დიასახლისმა, - დაეცა და ოთხივე ფეხი გაჭიმა.
- ო, როგორ ვწუხვარ, პატივცემულო ქალბატონო!
- აჰ, აჰ, აჰ, მიმი ისე აკლია ბავშვს! ის სულ მიმის ეძახის, ეძახის, აღგზნებულია და აკანკალებს. ჩვენ ვერ გაგვიბედავს მისთვის მიმის გარდაცვალების გამხელა. ჩვენ - მე და ჩემმა ქმარმა - მწუხარებისაგან აღარ ვიცით, რა ვქნათ. ვერავითარ გამოსავალს ვერ ვხედავთ. აჰ, აჰ, აჰ, ძვირფასო ბატონო ფაკლერ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩვენი ხსნა.
- მე? რანაირად?
- ძვირფასო, კეთილო, უკეთილშობილესო ბატონო ფაკლერ, დაიკიკინეთ!
- რ-რ-რა ვქნა?
- დაიკიკინეთ მხოლოდ ერთხელ - თქვენ ეს აუცილებლად გამოგივათ. ბავშვი კი დამშვიდდება.
- მე-ჰე-ჰე-ჰეკ!
- ო, როგორი მადლობელი ვარ თქვენი; აი, სულ ცოტა ხანი თუ ყურს დაუგდებთ _ ბავშვი დაწყნარდა, დამშვიდდა. ბოლოს და ბოლოს, ეს ერთი და იგივეა: მიმი კიკინებს თუ თქვენ აკეთებთ ამას. ჩვენ სიამოვნებით ჩამოგიკლებთ ხუთ შილინგს, თუ თქვენ შეხვალთ ჩვენს მდგომარეობაში და დროდადრო...
- დროდადრო?
- ...იკიკინებთ. ვთქვათ, როდესაც მოიცლით, - ერთხელ, ორჯერ, ყოველ თხუთმეტ წუთში...
...ფაკლერი დარჩა და კიკინებდა. ასე მიიყვანა მან ბოლომდე თავისი ლექსების მოზრდილი ტომი ბოგნერის შესახვევში.