ძალა, რომელიც მწვანე პატრუქით ანთებს ყვავილებს (მთარგმნელი: თამარ ერისთავი)
ანთებს ჩემი ბალღობის წლებსაც; და რომელიც ხის ფესვებს ახმობს,
არის ჩემი დამამხობელიც.
ენა არ მერჩის, ვუთხრა ტოტებგადაგრეხილ ვარდებს -
მეც იმავ ზამთრის სუსხით რომ მაქვს სიყრმე დამზრალი,
ძალა, რომელიც ორწოხებში წყალს მიაქანებს,
მიაქანებს ჩემს წითელ სისხლსაც; და რომელიც აშრობს მდინარეს.
მე სისხლს მიმდოვრებს.
ენა არ მერჩის, ვამცნო ჩემსავ სისხლსა და ძარღვებს,
რომ მთის წყაროსაც იგივ ხარბი პირი ამოხვრეპს.
ხელი, რომელიც მორევებში წყალს ატრიალებს,
საფლობ ქვიშის წიაღსაც ურევს; და ის ხელი, ქარს რომ აურვებს.
ჩემს იალქანს გეზს აცვლევინებს.
ენა არ მერჩის ვუთხრა ასულს სახრჩობელაზე, -
ის სახრჩობელა ჩემი ძვლებით რომ წამომართეს.
დროის ტუჩები ზედ წყაროსთვალს ეწაფებიან;
სიყვარული წვეთავს ბალღამით, თავს იმწიფებს და
ცოდვის სისხლით იამებს წყლულებს.
ენა არ მერჩის, ქარს ვაუწყო, ამინდით დიდგულს, -
თვით ზეცის თაღსაც რომ აბრუნებს დრო ვარსკლავებს.
ენა არ მერჩის ჩავჩურჩულო საყვარლის საფლავს, -
იგივე მატლი ჩემს ზეწარსაც რომ უტრიალებს.