შიმბორსკა ვისლავა
გაზიარება

ეპოქის შვილები (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

ჩვენ ეპოქის შვილები ვართ.
ეპოქა პოლიტიკურია.
შენი, ჩვენი, თქვენი,
დღის საზრუნავი, თუ ღამის საქმეები -
ეს სულ პოლიტიკური საქმეებია.
გინდა, არ გინდა,
შენს გენებს პოლიტიკური წარსული აქვს,
შენს კანს - პოლიტიკური ელფერი,
შენს თვალებს - პოლიტიკური ასპექტი.
ყველაფერს, რასაც ლაპარაკობ - რეზონანსი აქვს,
რაზეც სდუმხარ - მნიშვნელობა გააჩნია,
მეტნაკლებად პოლიტიკური.
ტყეში თუ სეირნობ,
პოლიტიკურ ნაბიჯებს ადგამ
პოლიტიკურ ნიადაგზე.
აპოლიტიკური ლექსიც პოლიტიკურია.
და მთვარე, თავზე რომ დაგნათის,
ისიც ობიექტია პოლიტიკური.
"ყოფნა არყოფნა?"
ესეც პოლიტიკური საკითხია.
შეიძლება ადამიანი სულაც არ იყო,
მაგრამ პოლიტიკური მნიშვნელობა გქონდეს,
ამისათვის საკმარისია ნავთობი იყო,
კომბინირებული საკვები, მეორადი ნედლეული
ან თუნდაც სათათბირო მაგიდა,
რის თაობაზე თვეობით კამათობდნენ პოლიტიკოსები:
მრგვალ თუ სწორკუთხოვან მაგიდასთან ჩაატარონ
მოლაპარაკება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე.
ამასობაში კი ხალხი იხოცებოდა,
საქონელი წყდებოდა,
სახლები იწვოდა
და ნათესები უდაბურდებოდა,
როგორც ეს უძველეს ხანაში,
ნაკლებად პოლიტიკურ ხანაში ხდებოდა.

??????