მიცვალებულებთან ურთიერთობა (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
ხშირად თუ ფიქრობ მათზე დაძინების წინ?
ვინ გეცხადება პირველად?
მუდამ ერთი და იგივე?
მისი სახელი? გვარი? სასაფლაო? გარდაცვალების
თარიღი?
რას გეუბნებიან, რაო?
შენი ძველი ნაცნობები ვართო?
ნათესავები? თანამემამულენი?
საიდან მოვედითო? ვინ გამოგვგზავნაო?
შენს გარდა ერთდროულად სხვასაც თუ ესიზმრებიან?
თავიანთ ფოტოსურათებს თუ ჰგვანან?
დაბერებულან დროთა ვითარებაში?
გასუქდნენ? გახდნენ?
მოკლულნი არიან თუ ჭრილობების მოშუშება უკვე
მოასწრეს?
თუ ახსოვთ მათი მკვლელის ვინაობა?
რა უჭირავთ ხელში - აგვიწერე ის ნივთები.
დამპალია? დანახშირებული? ფერფლად ქცეული?
რას გამოხატავს მათი მზერა - შიშს? მუდარას? რანაირს?
ან იქნებ თქვენ მხოლოდ ამინდზე საუბრობთ?
ჩიტებზე? ყვავილებზე? პეპლებზე?
თვითონ თუ იძლევიან უსიამოვნო შეკითხვებს?
რას ჰპასუხობ, წინდახედული დუმილის ნაცვლად?
იქნებ ჯობს, სიზმრის თემა შეიცვალო
ან დროზე გაიღვიძო?