საავადმყოფოში მისვლა (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
მე მომიწია და იმწამსვე დავტოვე სუფრა.
საავადმყოფო იქვე იყო, რესტორნის გვერდით
და მნახველების მიღების დრო ახლოვდებოდა...
მან არაფერი მიპასუხა მისალმებაზე
და როს მარჯვენა გავუწოდე, ხელი წაიღო
სწრაფად ისე, ვით დამშეულმა ნაგაზმა ძვალი.
ისეთი სახე და ისეთი იერი ჰქონდა,
თითქოს რცხვენოდა საკუთარი გარდაცვალების.
რა უნდა მეთქვა, არ ვიცოდი და ჩემი მზერა
მის თვალებს ასცდა, როგორც ჭერში ნასროლი ტყვია.
იგი არ მთხოვდა არც დარჩენას, არც წასვლას მთხოვდა,
თქვენი ამბავიც არ უკითხავს, არც შენი, ვლოდეკ,
არც შენი, მარეკ, და არც შენი, ჩემო ირენა...
თავი ამტკივდა. ვინ კვდებოდა? ვის უკვდებოდა?
რატომ და რისთვის; დაბნეული, ხოტბას ვასხამდი
თანამედროვე მედიცინას და სამ გვირილას,
ფანჯრის რაფაზე გამჭვირვალე ლარნაკში ჩადგმულს...
მადლობა უფალს! რა კარგია, კიბე არსებობს
და შეგიძლია სულ სირბილით დაეშვა ქვევით!
მადლობა უფალს! რა კარგია, კარი არსებობს
და შეგიძლია გააღო და გავარდე გარეთ!
მადლობა უფალს! აქვე ახლო რესტორანია,
სადაც თქვენ, ჩემო მეგობრებო, ამჟამად მიცდით!