გამზრდელი (პოემა)
ნამდვილი ამბავი
ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს
I
მთის მწვერვალზე , ცის მახლობლად , მერცხის ბუდედ რაღაც მოსჩანს ; თვალთ ისარი , შენატყორცნი , ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს .
ის ფაცხაა , მღვიმის პირად მოწნული და მიგრეხილი , დრო და ჟამის შესაფერად დ ზამთარ თბილი , ზაფხულ გრილი . როდესაც მთა ბარს და ვაკეს ემუქრება წარღვნა - ღელვას , - ფაცხაც ღრუბელს გარს იბურავს , ეკრძალება ჭექა - ელვას . მაგრამ , როცა დაჰქათქათებს თავზე იქვე მზე და მთვარე და ვალის წინ ფიანდაზად ეფინება არემარე , მაშინ ფაცხა უბრალობით მომხიბლავად ლამაზია და იმასთან ყველა ტყუის , რაც - კი ციხე - დარბაზია . გზა მიუძღვის საცალფეხო , მიხვეული , მოხვეული ; მასზე გამვლელს უნდა ჰქონდეს მარჯვე თვალი , მტკიცე გული ; ანუ ჰყავდეს რაში ცხენი , მთაში გაზრდილ - გამოწვრთნილი : კლდიდან კლდეზე გადამფრენი , უშიშარი და თან ფრთხილი . ამ შორეულ ფაცხა - მღვიმეს ვინ ჰპატრონობს , ვისი არის ? და საამო კარ - მიდამოს ვინ შესტრფის და ვინ შეჰხარის ? ერთი ვინმე ახალგაზრდა აფხაზია , ამ მთის შვილი , რთულ ცხოვრების უარმყოფი , მცირედითაც კმაყოფილი . კარგი თოფი , კარგი ხმალი , კარგი ცხენი და ნაბადი !... რას ინატრებს სხვას , ამის მეტს , კაცი , მისებრ დანაბადი ? მხოლოდ ერთს კი ... და ის ერთიც არის მარტო სიყვარული , რითაც მხოლოდ ქვეყნიური ნეტარება არის სრული . ბედმა ესეც არ დააკლო , განასხვავა , ვით რჩეული ... სიყვარულსა , მის მონაშუქს , მიაშუქა სიყვარული : ერთი თვეა , რაც რომ ცოლად მიიყვანა ვინც უყვარდა , ვისაც გულში ცასქვეშეთი შეუწონა , შეუფერდა ... ნაზიბროლად სახელია , სამეგრელოს ასულია , მოწყვეტილი ცით ვარსკვლავი ედემს ალვად ასულია !... ელფერობით ვარდი არის , სინაზით - კიდ მორცხვი ია ... ტრფობისათვის ჯერ პირველად გულის კარი გაუღია . ცა და ქვეყნის შუამავლად მიაჩნია მას აფხაზი !... გულში გულს სდებს , სულში სულს ცვლის , ხორცს ეწმახვის სურო - ვაზი !... ნეტავი მათ !... მათ სიყვარულს და მათ უხმო აღსარებას !... ერთად გრძნობენ ამ ქვეყნადვე სასუფევლის ნეტარებას ... მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა ? თაფლში ურევს მწარე ნაღველს ... მტრისას მისი გამოცანა !...
II
ბნელა ისე , რომ აღარ ჩანს
თითი , თვალთან მიტანილი !...
ცა მრისხანებს , ელვა - ჭექამ
ნადირსაც - კი უფრთხო ძილი !...
ქარი ზუის გულსაკლავად ,
წვიმა უშვებს კოკის პირად ;
ხან აქ , ხან იქ მთა - ღრეებში
გავარდება მეხი ხშირად .
თითქოს მართლა თვით ჯოჯოხეთს
აუშვია ქვეყნად ზარი !
აიტანა შიშის ქარმა
თანასწორად მთა და ბარი !
ამ დროს ხოლმე თვით ეშმაკიც
ეძებს ძრწოლით თავშესაფარს ,
მაგრამ , დახეთ , ვიღაც მგზავრი
სტურად მოსდგა აფხაზის კარს !...
დაურეკა და ხმა მისცა :
" გამომხედეთ !... ვინა ხართ შინა ?
სტუმარი ღვთის კარზე ვდგავარ ,
ცხენს და კაცსა გვინდა ბინა !"
გაუკვირდა აფხაზს და სთქვა :
" ამ თავსხმაში ეს ვინ არი ?!"
შეუკიდა ცეცხლს და უცად
გამოაღო ფაცხის კარი .
გავიდა და შემოუძღვა
ფეხებამდე დასველებულს ,
მიიყვანა ცეცხლის პირად ,
უდგამს სამფეხს სკამს დ დაღალულს .
ხმას არ იღებს ჯერ სტუმარი ,
ნაბდის თასმებს ნელა იხსნის ...
თავ - პირი აქვს შებუდნული
ყაბალახით და იცინის !...
ჯერ ნაბადი მიაყუდა ,
ბნელ კუთხისკენ მიდგა წყნარა
და , ბაშლიყი რომ გადიძრო ,
მოტრიალდა უკან ჩქარა :
" მასპინძელო ! სიცილით სთქვა
წახდა ჩემი ხუმრობაო !...
ვერ მიცანი , თუ გეწყინა
ეს უდროვო სტუმრობაო ?"
- საფარ , შენ ხარ ?... ენაცვალოს
ძიძის შვილი მაგ შენ თავსო ...
ეს თვალები რაღას ნახვენ
შენს უკეთეს სანახავსო ?
მოეხვია , გადაკოცნა ,
როგორც ძმა და თვისი ტოლი ,
და მერე კი გააღვიძა
შიგნით მწოლი მისი ცოლი .
შეეხვეწა : აბა ჩქარა
მოამზადე ვახშამიო :
შორი გზა აქვს გამოვლილი ,
არ ექნება ნაჭამიო .
- არა , ბათუ , ვახშამს არ ვჭამ ,
არ მცალია იმისთვისო !
მე სხვა მადა მაქვს აშლილი ,
სხვანაირი გულისთქმისო ...
უპასუხა და მოუყვა :
" მინდა გითხრა ჩემი ჭირი :
დღემდის მტკიცე პირიანსა ,
დღეს მიტყდება , ძმაო , პირი !
ალმასხიტს ხომ კარგად იცნობ ,
თავმომწონე ინალიფას ?
მის ცხენსა და მის იარაღს
ვერვინ დასდებს ღირსეულ ფასს .
ვაჟკაცია თვალ - ტანადი ,
ცხენოსანი უებარი !...
მეტოქეა ჩემი მხოლოდ ,
ერთადერთი საშიშარი .
შორს გაისმის მისი ქება ,
ჩვენიც ხშირი სტუმარია ;
ბიჭობით და სილამაზით
ქალებიც კი გადარია .
ერთი მხოლოდ ზია - ხანუმ
არად აგდებს , არც უყურებს ,
რადგან იცის , რომ სხვებსავით
იმას ის ვერ იმსახურებს .
მზია - ხანუმ , შენც კი იცი ,
რომ მშვენებით განთქმულია ;
ბევრი კარგი ახალგაზრდა
მისი ეშხით დაბმულია ;
მთვარესავით ხელუხლები , -
სხივებს ჰფენს და არვის ათბობს ;
მომხიბლავი შორეულად
თანასწორად ყველას ატკბობს .
ჯერ გაჰღალავს , მიიბირებს ,
დაიმონებს , იგდებს ხელში ,
მერე უნდა გამოსცადოს :
აგდებს მის მსხვერპლს განსადელში !
მეც მომხიბლა ჯადოსანმა ,
დამამარცხა , დამიმონა !...
და , ქალი მაჯობებდა ,
არ ვფიქრობდი , არ მეგონა ...
დამაჩემა : თუ გიყვარვარ
და ხარ ჩემი მოგვარეო ,
ინალიფას ლურჯი ცხენი
ამ სამ დღეში მომგვარეო ! ნ
ინალიფა მის ბედაურს
არ დაუთმობს ნებით გამჩენს
და , თუ ვინმე ძალას იხმარს ,
შეაკვდება , არ შეარჩენს !
სხვა გზა არ მაქვს : მოპარვაა
მხოლოდ ერთადერთი ღონე ,
თუმც - კი სხვა დროს არ იკადრებს
ამას კაცი თავმომწონე .
აი , რისთვის მოვსულვარ აქ ,
ჩემო კარგო მეგობარო !
მე მინდა , რომ ალმასხიტის
ლურჯი ლაფშა მოვიპარო ".
მოუსმინა ძიძიშვილმა ,
ყველა კარგად გაიგონა ,
მაგრამ საქმემ უკუღმართმა
შეაწუხა , დააღონა .
უთხრა : " ვწუხვარ , რომ ეგ საქმე
უკადრისი გიკისრია ,
მაგრამ , რადგან სიყვარულის
ტკბილი სენი შენც შეგყრია ,
გზა აღარ გაქვს !... უნდა გული
დაუდვა და ემსახურო ,
რომ სატრფოს წინ შენ სირცხვილის
ოფლი აღარ მოიწურო :
მის ოცნებას , მის გულისთქმას
უნდა მიჰყვე , დაემონო ,
გინდ სიცოცხლეც შენი ტკბილი
მწარე სიკვდილს შეუწონო .
ეს შენც იცი , - არ ხარ ქვეყნის
უცადი და უმეცარი , -
სავაჟკაცოდ გამოსული ,
უდრეკი და უშიშარი !
მაგრამ მარტო უშიშრობა
ძლევისათვის არა კმარა ,
თუ სიფრთხილეც გონივრული
დროზე მას არ დაეხმარა .
ერთმანეთის მინამსგავსი ,
შიში სხვაა , სიფრთხილე სხვა ,
ისე , როგორც სხვადასხვაა
ღვთის წყალობა და ღვთის რისხვა .
რომ მიდიხარ , სად მიდიხარ ?
მართალია , გიჭრის თვალი ,
მაგრამ ჩვენში როგორც უცხოს ,
აგებნევა გზა და კვალი .
შენ ეგ საქმე მე მომანდე ,
მე ვიზამ შენს მაგივრობას :
ან მოგიყვან იმ ცხენს , ან თავს
შევწირავ შენს მეგობრობას !
შენ აქ დარჩი , დაიძინე ,
გამოშუშდი ცეცხლის პირას !...
და , თუ დამრჩა გამარჯვება ,
მაშინ მოგთხოვ ფეხის ქირას ".
გაეხუმრა , გამოეწყო
სამგზავროდ და გავლო კარი .
მიდის , ელვა გზას უნათებს
და დაჰზუის თავზე ქარი .
III
ირიჟრაჟა , ქარი ჩადგა ,
გადიყარა , დადგა დარი ;
ლურჯ ბედაურს მოაგელვებს
მეგობრისთვის მეგობარი .
მოიყვანა , დააბა და
შინ შევიდა წყნარად , ფრთხილად .
გრძელ ნაბადში გამოხვეულს
სტუმარს სძინავს იქვე თბილად .
აუარა გვერდი , მიდის
იქ , სადაც ის ეგულება ,
ვინც სიცოცხლეს ურჩევნია ,
სულს სწირავს და თავს ევლება .
გულში ამბობს : " ერთს დავხედავ
ტკბილად მძინარ ნაზიბროლას ,
თუ გავუძელ გულის ძგერას ,
სულის ბრუნვას , ხორცის ჟრჟოლას "....
სასოებით შედის ქვაბში
და რას ჰხედავს იქ საკვირველს ?!
ნაზიბროლა ჩუმად ტირის ,
პირს იხოკავს , იკაწრავს ყელს !..
თმაგაშლილი , ტინის კედელს
თავს ახლის და ხმას არ იღებს ...
მინგრეულს და მონგრეულსა
ხედავს იქვე მის ქვეშაგებს !...
მიჰხვდა ქმარი , რაც მომხდარა ,
ზარმა დაჰკრა , ელდა ეცა !...
და , რომ კრინტიც არ დაუძრავს ,
იქვე უხმოდ ჩაიკეცა .
დიდხანს იჯდა რეტდასხმული ,
უყურებდა ცოლის ტანჯვას ;
ბოლოს ღონე მოიკრიფა
და მოეგო ისევ ჭკუას .
მივიდა და უთხრა მტირალს :
" ჩუ , ნუ ტირი , გენაცვალე !
რაც გინახავს სიზმარია ,
დაივიწყე ისევ მალე !
ყოველგვარი მოსავალი
კაცის თავზე უნებური ,
ღვთის რისხვაა ტყვილად ბედს
რას უჩივი , რით ემდური ?
გადაიგდე გულიდან ეგ
ცრუ ზღაპარი და სიზმარი !...
მე და შენი სიყვარული
წმინდა არის , ვით ლამპარი ."
მოეხვია და ცრემლები
ამოუშრო თვალში კოცნით ,
დააწყნარა , დაამშვიდა
ალერსით და ბევრი ხვეწნით .
მაშინ მხოლოდ გამობრუნდა
სტუმრისაკენ და უთხრა ეს :
ადე , ძმაო , გაღვიძებას
არ აპირებ , მგონია , დღეს !
წამოვარდა ზეზე საფარ
შემკრთალი და დარცხვენილი !...
მაგრამ როცა მშვიდ სახეზე
შეამჩნია მას ღიმილი ,
გაიფიქრა : " მადლობა ღმერთს !
არაფერი შეუტყვია ,
თვარა გულ - მკერდს გამიხვრეტდა
ხანჯლის წვერი და ან ტყვია !
არ უთქვამს ქალს , რაც შევცოდე ,
ჩანს , ნამუსი შეუნახავს .
ჩემ საქციელს , სამარცხვინოს ,
ვინ გაიგებს , ვინ დამძრახავს ?"
მერე უთხრა მის ძიძიშვილს :
" გატყობ , რომ ხარ კმაყოფილი ,
შეასრულე განა ჩემი
ძნელი ნატვრა და სურვილი ?"
-" შევასრულე : მოგიყვანე ,
დროა აწ - კი გაეშურე !
ნუ დამძრახავ , საკმარისად
თუ რომ ვერა გემსახურე !"
ხან ესა სთქვეს , ხან ისა სთქვეს ,
ისაუბრეს ჯერ ერთხანად ,
მერე წყალიც მოუტანა
მის ხელ - პირის დასაბანად .
გამოაწყო , არ დააკლო ,
რაც წესია , სამსახური ,
რომ სტუმარი არ გაუშვას
გულნაკლი და უმადური .
შეუკაზმა ცხენი , შესვა ,
თვითონ შეჯდა ნაქურდალზე
და ორივემ მათრახები
ატკაცუნეს ერთხანს ძალზე .
გაახურვეს მათ ცხენები
ააღელვეს , ააჩქარეს
და ვიწრო გზით ის დაღმართი
სულ კუნტრუშით ჩაატარეს .
რომ ჩავიდნენ შორიახლოს
მინდვრის პირად , იქვე დაბლა ,
მასპინძელმა შეაჩერა
ცხენი და ხმა აიმაღლა :
-" საფარ - ბეგო ! პირშავობა
შენი ვიცი , შემიტყვია !...
და დღეიდან ჩვენ ორს შუა
მოციქული არის ტყვია !
არა სთქვა რა !... არც მე გკითხავ :
არის ზოგი შეცოდება ,
რომ სათქმელად საძნელოა ...
არც შენდობა უხერხდება !
ახლა წადი ! დამეკარგე !
ფრთხილად ! არსად შემეყარო ,
რომ ცუდ გულზე უცაბედად
შენი სისხლი არ დავღვარო !"
ეს რომ უთხრა , შეკრთა საფარ ,
გაშრა , ფერი დაედვა მკვდრის ,
ჩაუვარდა ენა პირში ,
გაქვავდა და აღარ იძვრის ...
ძლივს წარმოსთქვა : " მართალი ხარ !...
აღარა მაქვს მე სათქმელი !...
შემაცდინა თვით ეშმაკმა
და დამრია ცოდვილს ხელი !...
შენი ტყვე ვარ !... ჰა , ხომ ხედავ ,
იარაღი დამიყრია ...
სასიკვდილოდ ჩემი ნებით
შენ წინ თავი დამიხრია ...
ჩემ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს ,
მომკალ ... ტანჯულს რამ მიშველე ,
მაზღვევინე , რაც შეგცოდე ,
სინიდისი გამიმრთელე !..."
-" არა ! შენ ვერ შეგეხება
სასიკვდილოდ ჩემი ტყვია :
დედაჩემის გაზრდილი ხარ ,
მისი ძუძუ გიწოვია ...
რაც ქვეყანას მიაჩნია
რჯულზე უფრო უმტკიცესად ,
რომ გასტეხე , ის გეყოფა
სიკვდილამდე შენ საკვნესად .
წადი ჩემგან შენდობილი ,
მაგრამ შორს კი ... და მშვიდობით !...
დღეიდან ჩვენ წმინდა გულით
ერთმანეთს ვერ მივენდობით !
მაგრამ ერთს კი დაგავალებ ,
ამისრულე უეჭველად :
რომ მიხვიდე ყაბარდოში ,
იცოდე , რომ სულ პირველად ,
წადი , ნახე ის მოძღვარი ,
ვინც შვილივით გამოგზარდა ,
და უამბე შენი პირით ,
რა სირცხვილი დაგემართა !"
გადმოხტა და ლურჯი ლაფშა
მისცა ხელში , ჩააბარა ,
მოტრიალდა და აღმართი
ძლივს ბარბაცით აიარა .
IV
არც გვარით , არც ვაჟკაცობით ,
არც სიმდიდრით , არც ქონებით ,
ჰაჯი - უსუბ ცნობილია
მხოლოდ ჭკუით და გონებით .
ჭირში , ლხინში საზოგადოდ
უმისობა არ იქნება ;
ხელის გულზე უწერია
თვით მაჰმადის წმინდა მცნება .
ზღვა და ხმელი მოვლილი აქვს ,
მნახველია ცა და ქვეყნის ;
ჯერ ისევე ჭანმაკია ,
თუმც არ არის კი მცირე ხნის .
ხელ - ფეხს ერჩის , თვალსაც უჭრის , -
არ ტყუილი ქადილია ;
სადაც კაი გვარიშვილი ,
ყველა მისი გაზრდილია .
საფარ - ბეგიც მან გაზარდა
ისე , როგორც სხვები ყველა ,
მაგრამ მარტო წვრთა რას იზამს ,
თუ ბუნებამც არ უშველა ?
აი , ამ უსუბთან
მიდის ახლა საფარ - ბეგი ,
მორდუობის გამტეხი და
ჩვეულების გადამდეგი .
ეუბნება ყოველისფერს ,
უნებურად რაც შეემთხვა ;
ცრემლები სდის და ეჩრება
ბურთფად ყელში მწარე სიტყვა .
ყურს უგდებდა ჰაჯი - უსუბ ,
სახე მოინაღვლიანა :
სიდიადე ამ მუხთლობის
თვალწინ გაისიგრძეგანა .
ოხვრით ჰკითხა : " მერე ? მერე ?
რომ გაიგო , რა სთქვა ქმარმა ?"
-" მაპატივა შეცოდება ,
როგორც ძმამ და მეგობარმა !...
მხოლოდ ეს - კი დამავალა :
ნახე შენი გამზრდელიო
და მაგ შენი საქციელის
პასუხს მისგან მოველიო !"
-" მესმის , მესმის და პასუხიც
ჩემი მხოლოდ ეს არიო ,
რომ ნამუსის გასაწმენდად
ჩემი ხელით სისხლს დავღვრიო !..."
შეაყენა ზედა ფეხზე
მან დამბაჩა გატენილი ;
მორჩილებით გულ - მკერდს უშვერს
საფარ , მისი გამოზრდილი .
მაგრამ უსუბ ეუბნება :
" შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ !"
წარმოსთქვა და საფეთქელში
მიიჭედა ცხელი ტყვია !...
ჩაიკეცა სულთამბრძოლი ,
წამლის კვამლში გაეხვია ...