ისთერი (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
მოგვწყურებია
ხილვა დღის ნათლის,
და როს გამოცდა
ძვალსახსარში დაუვლის მოკვდავს,
მან შეიძლება ტყის კივილი შეიგრძნოს მაშინ.
ხოლო ჩვენ მოვალთ სიმღერებით შორეული ინდოეთიდან
და ალპებიდან, დიდხანს ვეძებდით
ჩვენს ბედს და იღბალს,
და ვერ მისწვდება ასე პირდაპირ,
რყევებისა და გადახრების გარეშე კაცი
უახლოეს არსს, ვერ მიაღწევს
მეორე ნაპირს.
მაგრამ აქ გვინდა ჩვენ შენება.
რადგანაც ქვეყნებს
მდინარეები ქმნიან ოდითგან.
ამოიზრდება ნაპირებზე მწვანეული და
ნადირ-ფრინველი ზაფხულის ჟამს წყალს მიაშურებს,
და მაშინ უკვე იქით გასწევს ადამიანიც.
ამ მდინარეს კი ისთერი ჰქვია.
ლამაზად ცხოვრობს იგი. სვეტებზე
ახვეულ სუროს მზე ალაპლაპებს,
ატალღებს ქარი. ველურად დგანან,
აღმართულები ერთმანეთის ზურგსუკან და მათ
სიღრმეში კლდენი აშვერილან,
სახურავად წინ გადმოხრილნი.
სხვა საზომს ქმნიან.
და უკვე აღარ მიკვირს, ისთერმა ჰერკულესი რომ მიიწვია,
შორით მბრწყინავმა, ოლიმპოს ძირში,
როდესაც იგი მოდიოდა ცხელ ისთმოსიდან
და გრილ ჩეროებს დაეძებდა.
რადგან რა დიდი შემართებაც არ უნდა ჰქონდეთ,
გაგრილება სჭირდებათ გმირებს, სულების გამო.
და ამიტომაც სიხარულით მიაშურა მან ყვითელ ნაპირს,
ნაკადულების ჩუხჩუხს, სადაც სურნელს აფრქვევენ
დაბურული ფიჭვის ტყეები, და მათ სიღრმეში
ხალისიანი მონადირე დაიარება
შუადღეობით, და წებოვანი წვენი დასდით ისთერის ფიჭვებს
და ისმის, როგორ იზრდებიან. ხოლო მდინარე
ისეა, თითქოს უკან დიოდეს და მე მგონია,
აღმოსავლეთში იღებს სათავეს.
ამის შესახებ შეიძლება ბევრი თქმულიყო.
და მაინც რატომ ასე პირდაპირ
დაკიდულა მთათა კალთებზე? ხოლო მეორე,
რაინი გვერდზე გადის და ასე
მიედინება. ტყუილად როდი
მიაპობენ მდინარეები ხრიოკ ადგილებს.
მაგრამ როგორ? ეს როგორ ხდება? სასწაული სჭირდება ამას,
სხვა არაფერი, ნამდვილად, რათა
მზე და მთვარე განუყრელად ატარო შენში,
და სულ იარო, დღისით და ღამით. და სითბოს გრძნობენ
ზენაარნი ერთურთის გვერდით.
მიტომ არიან უზენაესის სიხარულები
მდინარეები. რადგან სხვაგვარად
ძირს რანაირად დაეშვებოდა? და ვით ჰერთაა ამწვანებული,
ასევეა ცის ყველა შვილი. თუმც მეტისმეტად
მომთმენია, ასე მგონია, და არ არის თავისუფალი,
და დასაცინიც შეიძლება კაცს მოეჩვენოს.
სიჭაბუკეში უნდა იშვას დღე,
იქ, სადაც იგი გაზრდას დაიწყებს.
და სხვა დღე უკვე იკაზმება მაღლა და მერე
შემორაგულში როგორც კვიცი ისე ჭიხვინებს.
და შორით ესმით ჰაერთ მისი ლამობის ხმები.
და დღეც ასე კმაყოფილია.
მაგრამ ქიმები სჭირდებათ კლდეებს,
და ნაოჭები - დედამიწას, და შემფერხებელ
წუთთა გარეშე არ ივარგებდა.
მაგრამ ის რას იქმს, ის, მდინარე,
არავინ იცის.