პატმოსი (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
და მისაწვდომად ძნელია ღმერთი.
მაგრამ სადაც საფრთხეა, იქვე
საშველიც ხარობს.
ბნელში ცხოვრობენ
არწივნი და უშიშრად ვლიან
ალპების ძენი უფსკრულთა თავზე
ადვილად შეკრულ, მსუბუქ ხიდებით.
და რადგან ირგვლივ შემოჯარულან
ჟამის მწვერვალნი, და არსებანი უსაყვარლესნი
ახლოს ცხოვრობენ, ღონემიხდილნი,
ერთმანეთისგან ყველაზე უფრო
დაშორებულ მთებზე, ამიტომ
უცოდველი მოგვეცი წყალი,
ო, ფრთები მოგვეც, რომ უერთგულეს
აზრთან მივფრინდეთ
და სახლშივე დავბრუნდეთ ისევ.
ასე ვამბობდი, და წარმიტაცა
უსწრაფეს, ვიდრე წარმოვიდგენდი,
და შორს, იქ, სადაც არ ვიფიქრებდი
არასდროს მისვლას,
დიადმა სულმა საკუთარი ჩემი სახლიდან.
მწუხრის თალხ შუქში ჩრდილოვანი კრთებოდნენ ტყენი
და შორეულის ნახვის წყურვილით
წასწრაფებული ნაკადულები
სამშობლოისა. არასოდეს არ მცნობია მე ეს ქვეყნები;
თუმცაღა, ხალას ბრწყინვალებაში
და იდუმალად
ოქროსფერ ბოლში,
ამოყვავილდა
მსწრაფლამოზრდილი,
მზის ნაბიჯებით,
ათას მწვერვალთა კეთილსურნელით
ჩემს წინ აზია,
და მწველი შუქით დაბრმავებული,
ვეძებდი რასმე ნაცნობს, რადგანაც
სრულიად უცხო იყო ჩემთვის ის ფართო გზები,
სადაც ზემოდან, ტმოლუსიდან ეშვება თავქვე
პაქტოლუსი ოქროდნაფერი
და ტაურუსი აღმართულა და მესსოგისი,
და ყვავილებით დახუნძლულა იქვე ბაღნარი,
წყნარია ცეცხლი, მაგრამ ნათელში
ყვავილობს ვერცხლი მწვერვალთა თოვლის,
და მარადიულ სიცოცხლის მოწმე,
აჰხვევია მიუვალ კედლებს
უხსოვარ დროდან სურო და ცოცხალ
სვეტებს: კედრებს და დაფნას უჭირავთ
მოზარზეიმე, ღვთაებრივი სასახლეები.
მაგრამ აზიის ბჭეთა წინაშე
შეუცნობელი ზღვის დაბლობები
ყრუდ ბუბუნებენ და უჩრდილო ზღვაური გზებით
მგზავრებს აქეთკენ მოიზიდავენ.
თუმცა მენავე იცნობს კუნძულებს.
და როცა მესმა,
ერთ-ერთი ახლომდებარეთაგან
პატმოსიაო,
დამეუფლა მწველი სურვილი,
ვწვეოდი და იქ, ძალიან ახლოს
მივსულიყავ მრუმე მღვიმესთან.
რადგან არ ცხოვრობს წყაროუხვი კვიპროსისა თუ
სხვა რომელიმე კუნძულის მსგავსად
სვებედნიერად პათმოსი, თუმცა,
სტუმართმოყვარე არის მაინც
ღარიბულ სახლში.
და როს ხომალდი დაილეწება
ან უცხო მგზავრი უახლოვდება,
სამშობლოზე თუ გარდაცვალებულ
მეგობარზე მწარედ მგოდები,
გულისხმიერად უსმენს პატმოსი,
და მასთან ერთად მისი შვილებიც,
შრიალა ხმები მხურვალე ჭალის,
ქარისგან მიწას დანარცხებული
ქვიშა და მიწის სიცხით დასკდომა
რომ გამოსცემენ, აი, ეს ხმები ყურს უგდებენ მას
და სიყვარულით აძლევენ ბანს კაცის გოდებას.
ასე მიიღო მან ოდესღაც ღმერთის რჩეული,
ნათელმხილველი, რომელიც თვის ნეტარ ყრმობაში
უმაღლეს ღმერთის ძესთან ერთად იარებოდა,
განუშორებლად, რადგან უყვარდა
ავდრისმტარებელს უბრალოება
მოწაფისა და დაკვირვებით უცქერდა მერე
ის სახეს ღვთისას,
როდესაც ვაზის საიდუმლომ შეკრიბა ყველა,
ჟამს სერობისა,
და დიდი სულის მშვიდი გუმანით
წართქვა უფალმა სიკვდილი და სიყვარული უკანასკნელი,
რადგანაც გული ვერცროს იჯერა
სიკეთეზე ლაპარაკით და გამხნევებით მოწაფეების,
როცა ხედავდა რისხვას სოფლისას.
რადგან სიკეთე ყველაფერშია. შემდეგ კი მოკვდა. ამის შესახებ
ბევრი რამის თქმა შეიძლება. შემდეგ ხედავდნენ
მეგობრები გამარჯვებას უფლის მზერაში,
სიხარულთაგან უდიადესს, უკანასკნელად.
თუმცა გლოვობდნენ, რადგან დაღამდა, კვირვობდნენ თანაც,
რადგან სულებში ჩასდგომოდათ დიადი ხვედრი, მაგრამ უყვარდათ
სიცოცხლე მზის ქვეშ და არადა არ ეთმობოდათ
უფლისა და სამშობლოს ხატი. ეს ჩაბეჭდოდათ,
როგორც ცეცხლი შედის რკინაში, და დაჰყვებოდათ
გვერდით ჩრდილი უსაყვარლესის.
ამიტომაც გამოუგზავნა
მეგობრებს სული, და შეზანზარდა სახლი მათი და
ღმერთის ქუხილი გადაიგრაგნა
წინათმგრძნობელი თავების ზემოთ, როს შეპყრობილნი
მძიმე ფიქრებით, კვლავ შეიყარნენ სიკვდილის გმირნი,
როდესაც ღმერთი მათ საოცრად დაემშვიდობა
და საბოლოოდ გამოეცხადა.
და ჩაქრა მაშინ მზის დღე, რადგანაც
მეუფემ, ღვთიურ ტანჯვით ტანჯულმა,
თვის უნებურად დაამსხვრია კვერთხი, თვალმომჭრელ,
პირდაპირ სხივებს რომ აფრქვევდა ძველი ხანიდან,
რადგანაც ზუსტ დროს დაბრუნებას განიზრახავდა.
არ იქნებოდა კარგი, უფრო გვიან მოსვლა და
მძაფრად გაწყვეტა, უერთგულოდ, კაცთა ფუსფუსის.
და იმ დღის შემდეგ სიხარულად იქცა ცხოვრება
ღამეში, ჩვენ რომ ვუყვარვართ, და მარტივი თვალით
შენახვა სიბრძნის უცხოდ რჩენილ უფსკრულებისა.
და ღრმად მწვანდება მთათა კალთებზე
სიცოცხლის ლაღი სურათხატები,
თუმცა კი არის თავზარდამცემი, თუ აქეთ-იქით
რარიგად ფანტავს ღმერთი ცოცხალ არსებებს, მიწყივ.
რადგანაც უკვე ის არის მძიმე, მეგობართა ძვირფას სახეებს
რომ მოშორდები, და გადადიხარ, ლტოლვილი, მარტო,
უცხო მთიანეთს, სადაც ორმაგად შეცნობილი იქნა ცის სული,
მისივ თანხმობით, და არ ყოფილა
ეს წინასწარნამეტყველები,
არამედ უცებ წასწვდა თითქოს თმაში, ცოცხალი,
და როს უცებვე მოხედა უკან,
ღმერთმა, მაშინვე შორეთს მიმსწრაფმა,
და დააფიცა, რომ დაეჭირა, თითქოსდა ოქროსძაფგამობმული,
ის წუთი, თანაც ბოროტებისთვის
დაერქმია მუდამ სახელი, - გაიწოდეს მათ ხელები ერთმანეთისკენ.
მაგრამ რა ვქნათ, რა, როს კვდება იგი,
მშვენიერებამ ვინც აირჩია,
ვისი სახებაც სასწაული იყო და ვისზეც
ყველა ციერი მიანიშნებდა;
თუ გამოცანად რჩება ყველა ერთმანეთისთვის,
თუ ვერ შეიცვნეს ერთმანეთი მათ, ვინც ხსოვნაში
ერთად ცხოვრობდნენ,
და თუ მარტოდენ ქვიშას კი არ წაიღებს ქარი, ანდა ტირიფებს,
ან მხოლოდ ტაძრებს კი არ მოარღვევს,
ოდეს დიდება ნახევარღმერთის და მისიანთა სულ განქარდება, -
არამედ თავად უზენაესი იბრუნებს პირს დედამიწისგან,
და მერე უკვე აღარც ცაზე, აღარც მიწაზე
უკვდავ არსთაგან აღარც ერთი არ გამოჩნდება.
და მაშინ რაღა, რა იქნება და რას ვიღონებთ?
მთესველი ნიჩბით იღებს მარცვალს, მოიქნევს მერე,
შეაყრის ხალას ჰაერს, მოჰფანტავს,
მარცვლების კანი ეფინება ფერფლივით კაცის
ფეხებთან, მაგრამ ბოლოს ამოდის
ყანა პურისა, და არ არის უბედურება,
თუ იღუპება ზოგი თესლი, ან თუ ნათქვამი
ცოცხალ ჟღერას ვერ ინარჩუნებს.
ღმერთის საქმე ჩვენსას წააგავს,
უზენაესს ყოველივე ერთბაშად არ სურს.
მაღარო რკინას შეიცავს და ეტნა ცეცხლოვან
ლავას, ხოლო მე რომ გამაჩნდეს განძი ისეთი,
შევქმნა სახე და მერე თავად შევხედო, რათა
ვნახო, თუ ქრისტე როგორი იყო!
მაგრამ მავანი რომ აღიძრას და თავს დამესხას
გზაზე მიმავალს, დაუცველს და მწუხარედ მეტყველს,
და რომ ვისურვო მე, მსახურმა, გაოგნებულმა
ღვთის სახის შექმნა? -
მრისხანებაში გამიხილვადდა და მე ვიხილე
მეუფე ცისა, და გატოლება კი არა მსურდა,
არამედ სწავლა. გულკეთილნი არიან, მაგრამ
შესძულებიათ ყოველივეს გამგებელთ ერთი:
სიყალბე. და როს სიძულვილი შეიპყრობთ, კაცურ
ბუნებას აზრი აღარა აქვს მოკვდავთა შორის.
რადგან ისინი როდი მეფობენ, მეფობს უკვდავი
რამ ბედისწერა, და მათი საქმე შეიცვლება და
თვით წასწრაფდება აღსასრულისკენ.
სახელდობრ, როცა სულ ზემოთ და ზემოთ მიიწევს
ტრიუმფალური სვლა ზეცისკენ, დასახელდება,
იგი, მზის დარი, ყველაზე ძლიერ არსებებს შორის
უძლიერესად,
უმაღლეს ღმერთის ძე, სიხარულით
გაბრწყინებული.
წარმოითქმება მხსნელი სიტყვა და გამოჩნდება კვერთხი გალობის,
ჩვენი მიმხმობი. და მდაბალი არაფერია. აღვიძებს იგი
გარდაცვალებულთ, რომლებიც ჯერაც
არ შეუპყრია უხეშ სტიქიას. მაგრამ მრავალი
დამფრთხალი თვალი ელის სხივის დანახვას. თუმცა,
ბასრ სინათლეზე მათ არა სურთ აყვავილება,
როგორც არ უნდა ამხნევებდეს ღობე ოქროსი.
დე, გაიხარონ მადლით, ისწავლონ
გამოხედვა სიმშვიდით სავსე,
როდესაც თითქოს ატალღული წარბებიდან ჩამოეღვრებათ,
წმინდა წერილის ძალა, ჩუმად მანათობელი.
და თუ ზენაართ ახლა ისე ვუყვარვარ, როგორც
მგონია, მაშინ
შენ გაცილებით უფრო ძლიერ უნდა უყვარდე.
ვინაიდან ვიცი ერთი რამ,
რომ ნება ჩვენი უკვდავი მამის
შენთვის ბევრს ნიშნავს. მისი ნიშანი
ჩუმად ჩნდება მქუხარ ზეცაზე.
და დგას ის ერთი მთელი ცხოვრება ამ იდუმალი
ნიშნის ქვეშ. რადგან კვლავ ცოცხლობს ქრისტე.
მამა აგზავნის გმირებს, თვის შვილებს და წმინდა წერილს
და განმარტავენ მამის ნიშანს - ელვას საქმენი
მიწისა დღემდე. შეჯიბრია შეუწყვეტელი. ის კი ესწრება.
რადგან თავისი საქმეები ყველა იცის დასაბამიდან.
მეტისმეტად, მეტისმეტად დიდი ხანია
რაც აღარა ჩანს ღმერთთა დიდება, და აწ ისინი
იძულებულნი არიან, რომ ხელი ჩაგვჭიდონ
და გაგვიყოლონ და სამარცხვინოდ
გვიხეთქავს გულს ძალმომრეობა.
რადგან მსხვერპლი სურს ყოველ ზენაარს,
და როდესაც აღარ სწირავენ,
ამას სიკეთე არასოდეს არ მოჰყოლია.
ჩვენ ვემსახურეთ ჩვენს დედას - მიწას,
და ცოტა ხნის წინ - მზეს ვმსახურებდით,
შეუცნობელად, ხოლო მამას, ვინც
ყოველივეს განაგებს, უყვარს
ყველაზე მეტად, რომ შევინახოთ
სიტყვა მისი და
წარუვალი კარგად განვმარტოთ.
და მიჰყვება გერმანული გალობა ამას.