დოილი ართურ კონან
გაზიარება

გათეთრებული მებრძოლი 

ერთი მეგობრობის ამბავი, მოთხრობილი თვითონ შერლოკ ჰოლმსის მიერ 

როგორც მე მეჩვენებოდა, ჩემი მეგობრის უოტსონის შეხედულებანი ერთგვარი შეზღუდულობითა სცოდავენ. სამაგიეროდ, რაიმე გადაწყვეტილებას რომ მიიღებს, თავს არ დაიზოგავს და დიდის დაჟინებით შეეცდება ხოლმე მის განხორციელებას. ასე, დიდხანს ჩამჩიჩინებდა, რომელიმე შენი პროფესიონალური შემთხვევა მაინც აღწერეო. შესაძლებელია, მე თვითონ მივეცი საამისო საბაბი, სულ რომ ვსაყვედურობდი, ხალხის გემოვნებას ნუ კი მისდევ კუდში, მშრალ ფაქტებს დაეყრდენი-მეთქი. 

- თქვენი აღწერა ნაჯახირევია, - ვეუბნებოდი ხშირად. 

- თვითონ სცადეთ, ჰოლმს, მოჰკიდეთ საქმეს ხელი, - ასეთ პასუხს მაძლევდა ყოველთვის უოტსონი. 

აი, მეც ვცადე, მის რჩევას მივყევი. უნდა ვაღიარო, რომ ახლა უკვე მესმის ჩემი მეგობრის გასაჭირი, ასევე ყველა დანარჩენისა, ვინც კალამს ხელსა ჰკიდებს. საინტერესოდ წერა არც ისე იოლი საქმე ყოფილა, როგორც პირველად მქონდა წარმოდგენილი, ხოლო ის შემთხვევა, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, ამ მოთხოვნილებას უნდა აკმაყოფილებდეს. ამას გარდა, ეს ამბავი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უფრო უცნაურ შემთხვევათა რიცხვში შედის, თუმცა უოტსონი თავის ჩანაწერებში მას რატომღაც არ ახსენებს. 

ჩემს უბის წიგნაკში აღნიშნულია, რომ ის მოვლენები, რომელთა გადმოცემითაც უნდა დავიწყო ჩემი მოთხრობა, მოხდა 1903 წლის იანვარში, ინგლის-ბურების ომის დამთავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ. იმ დროს უკვე მარტო ვცხოვრობდი. ჩემმა ერთგულმა უოტსონმა ცოლი შეირთო და ჩვენი საერთო ბინა, ბეიკერსტრიტზე რომ გვქონდა დაქირავებული, სამუდამოდ მიატოვა. უნდა გითხრათ, რომ ჩვენი მეგობრობის მრავალი წლის მანძილზე, ეს ქორწინება, მისი მხრივ, ეგოიზმის ერთადერთ გამოვლინებას წარმოადგენდა. 

ჰოდა, იმ დღეს მისტერ ჯეიმს კ. მ. დოდი მესტუმრა, მაღალი, ფართო მხარბეჭიანი, მზით გარუჯული ინგლისელი. მე ჩვეულებრივ, ფანჯრისგან ზურგშექცევით ვჯდები ხოლმე, კლიენტს კი ჩემს პირდაპირ ვსვამ ისე, რომ შუქი სახეზე სცემდეს. ახლაც ასე გავაკეთე. 

მისტერ დოდს, ეტყობოდა, უჭირდა. ვერ გადაეწყვიტა, საიდან დაეწყო თხრობა. არც მე დავხმარებივარ, რადგან მოგებული დრო საშუალებას მაძლევდა მის გარეგნობას დავკვირვებოდი. მცირე დუმილის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი დასკვნებით გამეოცებინა იგი. გამოცდილებით ვიცოდი, ეს უაღრესად სასარგებლო იყო, რადგან კლიენტების გულახდილობასა და ნდობას იწვევდა მუდამ. 

- ვგონებ, ახლახან უნდა იყოთ დაბრუნებული სამხრეთ აფრიკიდან, არა? - ვკითხე უცნობ სტუმარს. 

- დიახ, სერ, - მიპასუხა გაკვირვებულმა. 

- გეტყობათ, ცხენოსანთა ნაწილში მსახურობდით. 

- სავსებით სწორია, მისტერ ჰოლმს, თქვენ ჯადოქარი ყოფილხართ! - დაბნეულად წარმოთქვა მოსულმა. 

გავიღიმე. 

- ყველაფერი უბრალო ამბავია. განა ცხადი არ არის, რომ ასეთი ვაჟკაცური, წარმოსადეგი, მხედრული იერის კაცი, ისიც მზედაკრული, ლონდონელი არ უნდა იყოს და ეს არის ჩამოსულა ბრძოლის ველიდან, ესე იგი სამხრეთ აფრიკიდან? თანაც, წვერი დაგიყენებიათ, მაშასადამე, კადრის მოსამსახურე არა ხართ. მიხრა-მოხრა კი ისეთი გაქვთ, უთუოდ კავალერისტი იქნებით და ასე შემდეგ. 

- საკვირველია, მისტერ ჰოლმს! თქვენ ყველაფერს ხედავთ, თვით უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი. - წამოიძახა დოდმა. 

- მე თქვენზე მეტს ვერაფერს ვამჩნევ, მაგრამ თქვენზე უკეთ ვაანალიზებ იმას, რასაც ვხედავ, - ვუპასუხე მე და განვაგრძე: - მაგრამ არა მგონია, მხოლოდ იმისათვის მოსულიყავით, რომ ჩემს დაკვირვების უნარში დარწმუნებულიყავით. რა მოხდა ძველი ტაქსბერგის პარკში? 

- ო, მისტერ ჰოლმს! - ჩაიბუტბუტა დოდმა. 

- ჩემო ძვირფასო სერ, არაფერია ზებუნებრივია იმაში, რაც მე გითხარით. თქვენი წერილის კონვერტზე აი, ეს ბეჭედია დასმული. სასწრაფოდ მიმიღეთო, მთხოვთ. მაშასადამე, მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი. 

- დიახ, მართალი ბრძანდებით. მაგრამ მას შემდეგ ამბებმა კიდევ უფრო ცუდი სახე მიიღო. პოლკოვნიკმა ემსუორდმა პირდაპირ გამომაგდო... 

- ესე იგი, როგორ გამოგაგდოთ? 

- სწორედ ასე. არც აცია, არც აცხელა და მაიძულა, რომ გუდა-ნაბადი ამეკრა. ერთი გაჩვენათ, რა კაცია ეს პოლკოვნიკი ემსუორდი! გოდფრი რომ არა, მის სიახლოვეს ერთ წამსაც არ გავჩერდებოდი. 

აუჩქარებლად მოვუკიდე ჩიბუხს და სკამის ზურგს გადავეყრდენი. 

- იქნებ ამიხსნათ როგორმე, რა მოხდა, მისტერ დოდ? 

ჩემმა სტუმარმა თვალი ეშმაკურად მოჭუტა. 

- მე კი მეგონა, ჩემზე უკვე ყველაფერი იცოდით, - მითხრა მან. - მაგრამ ვილაპარაკოთ სერიოზულად: მე გადმოგიშლით ყველა ფაქტს, თქვენ კი ამიხსენით, რას უნდა ნიშნავდეს ეს. წუხელ თვალი არ მომიხუჭავს, თავს ვიტეხდი, იქნებ რამეს მივხვდე-მეთქი. მაგრამ რაც მეტსა ვფიქრობ, მით უფრო წარმოუდგენლად და დაუჯერებელად მეჩვენება მომხდარი ამბავი. 

ამგვარად, არმიაში მოვხვდი 1901 წლის იანვარში, ზუსტად ამ ორი წლის წინათ. ჩვენს ესკადრონში მსახურობდა ვინმე გოდფრი ემსუორდი, ახალგაზრდა მოხალისე. მის ძარღვებში წინაპარ თაობათა მეომრული სისხლი ჩქეფდა. მთელ პოლკში ერთიც არ მოიძებნებოდა იმაზე უკეთესი ყმაწვილი. ჩვენ ძლიერ დავმეგობრდით, ისევე, როგორც იციან მეგობრობა ადამიანებმა, რომელთაც ერთი სასიცოცხლო მიზანი აერთიანებთ. 

მთელი ერთი წელი მხარდამხარ ვიბრძოდით, ერთად ვიტანდით ლაშქრული ცხოვრების ყველა სიძნელეებს. შემდეგ კი გოდფრი დაიჭრა და ჰოსპიტალში გაგზავნეს. ჰოსპიტალი კეიპტაუნში იყო. იქიდან მივიღე ერთი წერილი, ერთიც ინგლისიდან, საუტჰემპტონიდან. შემდეგ კი არც ერთი სიტყვა, გესმით, მისტერ ჰოლმს, არც ერთი სიტყვა.. ჩემი უახლოესი მეგობრისაგან. 

როცა ომი დასრულდა და შინ დავბრუნდი, მაშინვე მივწერე გოდფრის, შვილის ამბავი ვკითხე. პასუხი არ მიმიღია. ხელახლა მივწერე ამჯერად მოკლე და ცივი პასუხი მივიღე. გოდფრის მამა იტყობინებოდა, ჩემი შვილი სამოგზაუროდ წავიდა და ერთ წელზე ადრე მისი დაბრუნება მოსალოდნელი არ არისო. 

ამ პასუხმა ვერ დამაკმაყოფილა. მთელი ეს ამბავი რაღაც ჯოჯოხეთურად უცნაური მეჩვენებოდა. ვერ დამეჯერებინა, რომ ისეთმა ყმაწვილმა, როგორიც გოდფრი იყო, უახლოესი მეგობარი ასე მოკლე ხანში დაივიწყა. ერთი სხვა გარემოებაც მიკარგავდა მოსვენებას. გოდფრი დიდი ქონების ერთადერთი მემკვიდრე იყო. მისი გადმოცემით ვიცოდი, რომ მამას ვერ ეწყობოდა. ბერიკაცს საძაგელი ხასიათი ჰქონდა, გოდფრი კი სრულებით ვერ ეგუებოდა მის სიფიცხეს. არა, საშინლად არ მომწონდა მთელი ეს ამბავი და გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ჭეშმარიტებისათვის მიმეკვლია. ერთ ხანს პირადი საქმეების მოგვარებას მოვუნდი. მაგრამ ახლა განზრახული მაქვს, მთელი დრო და ძალა ჩემი მეგობრის ბედის გარკვევას შევწირო. 

თქვა ეს და ჩემი სტუმრის თვალებში ცეცხლმა იელვა, თანაც კუთხოვანი ყბა გვერდზე მოექცა. 

ინტერესით შევავლე თვალი ჩემს თანამოსაუბრეს. მისტერ ჯეიმს დოდი ისეთი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომლის ხილვაც უსაზღვროდ უფრო სასიამოვნოა მეგობრებს შორის, ვიდრე მტრებს შორის. 

- შემდეგ რაღა გააკეთეთ? - ვკითხე მე. 

- ვიფიქრე, ყველაფერს ემჯობინება, ტაქსბერგის პარკი მოვინახულო ბედფორდში, სადაც ემსუორდების მამული და კარ-მიდამოა-მეთქი. ამ მიზნით გოდფრის დედას მივწერე. სიმართლე რომ მოგახსენოთ, დავრწმუნდი, რომ მამამისთან საქმის დაჭერა ძნელი საქმე იყო. ქალს მივწერე, გოდფრი ჩემი უახლოესი მეგობარია და ერთად ვიბრძოდით სამხრეთ აფრიკაში; თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, თქვენს შვილთან ლაპარაკი მინდა. მოკლე ხანში ბედფორდის მახლობლად მომიწევს ჩამოსვლა და ცოტა ხნით ტაქსბერგში შემოვივლი-მეთქი. პასუხად თავაზიანი მიწვევა მივიღე ემსუორდების მამულში. ჩავჯექი მატარებელში და გავემგზავრე. 

ვიდრე სადგურიდან მამულში ჩავაღწევდი, დაღამდა კიდეც. ემსუორდების საგვარეულო ციხე-სიმაგრე ერთი დიდი მთლიანი ნაგებობა გახლდათ, რომლის ხუროთმოძღვრებაშიც აღრეული იყო ყველა ეპობის დამახასიათებელი სტილი. შენობის შუა ნაწილი ელისაბედის დროის სტილზე აეგოთ, მაგრამ გარშემო ვიქტორიას დროინდელ ყაიდაზე შემოეშენებინათ უცნაური ნაგებობანი. ციხე-კოშკის გარშემო მშვენიერი ფართო პარკი იყო გადაშლილი. შიგნით სახლის კედლები წითელი ხით მოეპირკეთებინათ. თვით კედელი კი მძიმე ჩარჩოებში ჩასმული სურათებით იყო დაფარული. მთელ სახლში სიძველისა და იდუმალების სულს დაესადგურებინა. 

წინ მსახურნი შემომეგებნენ: მოურავი რალფი, თვით ამ სახლის კედლებივით ხნიერი მოხუცი და მისი ცოლი, რომელიც მასზე დაჩაჩანაკებული ჩანდა. მომაგონდა, ოდესღაც ეს ქალი გოდფრის ძიძა იყო. ჩემი მეგობარი ხშირად მეუბნებოდა, დედის შემდეგ ისე არავინ მყვარებია, როგორც ჩემი მოხუცი ძიძაო. გოდფრის დედამ, პატარა, სუსტმა ქალმა, მაშინვე მოინადირა ჩემი გული. სამაგიეროდ მამა არ მომეწონა. 

მისვლისთანავე მიმიწვია პოლკოვნიკმა თავის კაბინეტში. გამოგიტყდებით, მასთან საუბრის მომლოდინეს გუნება შემეცვალა. ერთი წამით გავიფიქრე, უარს ვიტყვი-მეთქი ასეთ ოინზე. მაგრამ მეგობრის გახსენებამ სულმოკლეობა დამაძლევინა. 

პოლკოვნიკის პირქუშ, ავეჯით დამძიმებულ კაბინეტში უფრო გულდასმით მოვახერხე მისი შეთვალიერება. გოდფრის მამა მაღალი, ფართო მხარბეჭიანი მოხუცი გახლდათ, წინ წამოწვდილი ნიკაპითა და გრძელი, ჭაღარა წვერით. დიდი ცხვირი სისხლძარღვებით დასერვოდა, ხოლო მისი წვრილი, მკაცრი თვალები ჭაღარა, ბანჯგვლიანი წარბების ქვემოდან იბღვირებოდნენ. 

"ამგვარად, - სერ, - მომმართა ჭრიალა ხმით, - თუ საწინააღმდეგო არ გექნებათ, მინდა გავიგო თქვენი სტუმრობის მიზეზები". 

მე თავაზიანად ვუპასუხე, რომ მისი მეუღლისადმი მიწერილ ბარათში წერია მიზეზები, რომელთაც მაიძულეს მომენახულებინა ჩემი მეგობრის მშობლები-მეთქი. 

"სხვათა შორის, - განაგრძო მოხუცმა, - გარდა თქვენი სიტყვიერი განცხადებისა, მე არ გამაჩნია სხვა საბუთი იმისა, რომ ჩემს შვილს ნამდვილად ახლოს იცნობდით". 

"მე მაქვს გოდფრის წერილები", - ვუპასუხე და შევეცადე, შემენარჩუნებინა გულგრილი გამომეტყველება. 

"ხომ ვერ მიჩვენებთ, სერ?" 

"რა თქმა უნდა". 

მისტერ ემსუორდმა სწრაფად გადაავლო თვალი წერილებს და დამიბრუნა. 

"ჰო, კიდევ რას გვეტყვით?" - მკითხა მოხუცმა. 

"გამიგეთ, სერ, - ვუპასუხე აღელვებულმა, - თქვენი შვილის გულითადი მეგობარი ვარ და რატომ გიკვირთ, რომ ვცდილობ ჩემი უახლოესი მეგობრის კვალს მივაგნო?" 

"მაგრამ მე მახსოვს, სერ, რომ ჩემს წერილში უკვე გიპასუხეთ ყველა კითხვაზე. შემიძლია გაგიმეოროთ: აფრიკაში სამსახურის შემდეგ გოდფრის ჯანმრთელობა საგრძნობლად შეირყა. მას ესაჭიროებოდა სრული სიმშვიდე, დასვენება და ჰაერის გამოცვლა. ამიტომ ჩვენ, მე და დედამისმა, გადავწყვიტეთ სამოგზაუროდ გაგვეშვა. გთხოვთ, გადასცეთ ყველაფერი ეს ჩემი შვილის ყველა მეგობარს, ვისაც მასზე გული შესტკივა". 

"რა თქმა უნდა, ამ თხოვნას შეგისრულებთ, სერ, - მშვიდად ვუპასუხე მე, - მაგრამ ჩემის მხრივ გთხოვთ, გამოიჩინოთ თავაზიანობა და მითხრათ, როდის და რომელი ხომალდით გაემგზავრა თქვენი შვილი. მინდა წერილი მივწერო". 

როგორც შევატყვე, ჩემმა სიტყვებმა საგონებელში ჩააგდო და თანაც გააბრაზა პოლკოვნიკი. პასუხი მაშინვე არ გაუცია. კუშტი თვალები ღრმად ჩამალა ბანჯგვლიან წარბებში და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ნერვიულად ააკაკუნა მაგიდაზე. ბოლოს იმ მოთამაშესავით შემომხედა, რომელიც მოპირდაპირეს ეშმაკურ სვლას მიუხვდა. 

"ჩემს ადგილზე, მისტერ დოდ, - წარმოთქვა აუჩქარებლად, - სხვას მოთმინებას დააკარგვინებდით თქვენი უადგილო დაჟინებით, რომელიც თავხედობას ედრება". 

"უნდა გამიგოთ კადნიერების მიზეზები, სერ, - ავღელდი მეც, - ერთადერთი ჩემი განზრახვა გახლავთ..." 

"ვიცი, ვიცი, - შემაწყვეტინა ემსუორდმა, - მხოლოდ ამიტომა ვარ ასე მომთმენი, მისტერ დოდ. იძულებული ვხდები, კატეგორიულად გთხოვოთ, შეწყვიტოთ შემდგომი ჩარევა ჩემს პირად ცხოვრებაში. ოჯახის საქმე მეკითხება მხოლოდ მე და სხვას არავის. გარეშე კაცი, რარიგ კეთილმოსურნეც არ უნდა იყოს, სწორად ვერ შეაფასებს ამა თუ იმ მოვლენას, რაც სხვის ოჯახში ხდება. ეს დაიმახსოვრეთ. სულით და გულით გირჩევთ, შეწყვიტეთ ეს უსარგებლო ძიება და საქმე მონახეთ. ახლა კი, - განაგრძო მისტერ ემსუორდმა და წამოდგა, - ჩემს ცოლს ეახლებით. სიამოვნებით მოისმენს ყველაფერს, რასაც გაიხსენებთ და მოუთხრობთ გოდფრიზე". 

სულ ეს იყო, მისტერ ჰოლმს. გოდფრის მამის სასტიკი სიკერპე თითქმის ყოველგვარ იმედს მიკარგავდა. მაგრამ გულში იქვე დავიფიცე, არ მოვისვენებ, ვიდრე სრულ სიმართლეს არ მივაკვლევ-მეთქი. 

უზარმაზარ, პირქუშ სსადილო ოთახში გამართულმა სადილობამ უღიმღამოდ ჩაიარა. სუფრაზე მხოლოდ სამნი ვიყავით. გოდფრის დედა ხარბად მეკითხებოდა ყოველ წვრილმანს, რაც კი მის შვილზე ვიცოდი. მამა კი კუშტად დუმდა. ისეთ დაძმარებულ გუნებაზე ვიყავი, რომ პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში მადლობა გადავუხადე დიასახლისს და ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შევედი. 

ეს იყო დიდი, ძუნწად მორთული ოთახი, რომელიც ისეთსავე მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა, როგორსაც მთელი შენობა. მაგრამ თქვენ გამიგებთ, მისტერ ჰოლმს, ლაშქრული ცხოვრების შემდეგ. არც ისე დახარბებული ვიყავი მორთულობას. ფანჯარაში გავიხედე. ნათელი, მთვარიანი ღამე იდგა. 

შემაჟრჟოლა. ფანჯარა მივხურე. მერე ფარდები ჩამოვუშვი, წიგნი გადავშალე და მოგიზგიზე ბუხარს მივუჯექი. 

მაგრამ მარტო ყოფნა დიდხანს არ მომიხდა. კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. ოთახში მოხუცი მსახური შემოვიდა, შეშა შემოიტანა. 

"მაპატიეთ, სერ, - მომმართა კრძალვით, - ვაითუ ბუხარს შეშა არ ეყოს-მეთქი, გავიფიქრე. ამ ოთახებში მეტისმეტი სინესტე იცის". 

კართან რომ მივიდა, მოხუცი შეჩერდა. 

"იცით, სერ, - წარმოთქვა მორიდებით, თითქოს პატიებას ითხოვსო, - შემთხვევით გავიგე, რაც გითქვამთ სადილობისას გოდფრიზე. საქმე ის გახლავთ, რომ ჩემი ცოლი ძიძა იყო იმ ყმაწვილისა. ორივეს ძალიან გვიყვარს ჩვენი ბატონი, ახალგაზრდა მისტერი. თქვენ, მგონი, ისიც გითქვამთ, მისტერ გოდფრიმ ომში თავი გამოიჩინაო". 

"მთელს პოლკში ვერავინ შეედრებოდა სიმამაცითა და კეთილშობილებით, ვუპასუხე ხალისით, - ის რომ არა, მე ახლა აქ ჯდომა და თქვენთან საუბარი აღარ მეწერა". 

მოხუცმა კმაყოფილებით მოიფშვნიტა დანაოჭებული ხელები. 

"სწორედ ასე გახლავთ, სერ. ასეთი იყო მუდამ. მთელს პარკში ერთი ხეც არაა, რომ ჩვენი ყმაწვილი კენწეროზე არ მოქცეოდა. ვერაფერი შეაშინებდა. დიახ, - დაუმატა ცრემლმორეულმა მოხუცმა, - არაჩვეულებრივი ყმაწვილი იყო და... არაჩვეულებრივი ადამიანიც". 

ამ სიტყვების გაგონებისთანავე ადგილიდან წამოვიჭერი. 

"გამიგონეთ, რალფ, თქვენ თქვით, იყოო, თითქოს გოდფრი უკვე აღარ არის ცოცხალი! ეს რას ნიშნავს? ახლავე მიპასუხეთ". 

მოხუცს ხელები მხრებში ჩავავლე. თავის დაღწევას ლამობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. 

"არ ვიცი, რას გულისხმობთ, სერ, - ჩაიბურტყუნა მან. - მე უფლება არა მაქვს, ჩავერიო სხვის საქმეში. ჯობს, ოჯახის უფროსს ჰკითხოთ". 

"ერთ კითხვაზე მაინც მიპასუხეთ, რალფ, თორემ ისე ამ ოთახიდან ვერ გახვალთ. ცოცხალია გოდფრი, თუ მკვდარი?" 

სახეში ჩავაცქერდი. ბერიკაცს სახე მოღრეცილი ჰქონდა, თითქოს ძლიერი ტკივილისაგან იტანჯებაო. თვალები ცრემლით ავსებოდა, მჭიდროდ მოკუმული ბაგე ვერ გაეხსნა. ბოლოს წაიჩურჩულა: 

"ჯობდა მომკვდარიყო". 

მოულოდნელობამ დამაბნია, მხარზე ხელი შევუშვი. ამით ისარგებლა და ოთახიდან გაქრა. 

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, მისტერ ჰოლმს, როგორ ამაფორიაქა რალფის სიტყვებმა. "რა უნდა ჩაედინა გოდფრის ისეთი, რომ მოხუცი მსახური სიკვდილს ამჯობინებს მის სიცოცხლეს? - ვფიქრობდი გულანთებული. - ნუთუ დანაშაულში ჩაითრიეს, იმდენად სერიოზულში, რომ ოჯახის უფროსმა უმჯობესად ჩათვალა მისი გადაკარგვა, რათა ქვეყნად ვერავის ენახა იგი და სამარცხვინო ამბავი არ გახმიანებულიყო? გოდფრი მუდამ თავზე ხელაღებული ყმაწვილ-კაცი იყო. ამავე დროს იოლად ექცეოდა გარეშეთა ზეგავლენის ქვეშ. ალბათ რომელიმე არამზადის ხელში ჩავარდა, ყმაწვილის ნდობითა და დიდსულოვნებით ისარგებლეს, ასეთ შემთხვევაში ჩემი მოვალეობაა, მისთვის მძიმე წუთებში გოდფრის გვერდით ვიყო". 

ამ ფიქრში ვიყავი, როცა თავი ავწიე და... როგორა ფიქრობთ, მისტერ ჰოლმს, ვინ დავინახე ბაღში, ჩემი ფანჯრის წინ? სწორედ ის, გოდფრი ემსუორდი! 

ამ ადგილას ჩემი სტუმარი ისე აღელდა, რომ ერთ ხანს თხრობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. 

- მე დიდი ყურადღებით გისმენთ, მისტერ დოდ, - ვუთხარი ბოლოს. - თქვენი ამბავი თანდათან უფრო საინტერესო ხდება. 

- გოდფრის სახე ფანჯრის მინაზე მოედო, - განაგრძო დოდმა, - ფარდა მჭიდროდ არ ჩამომიფარებია და გარკვევით დავინახე გოდფრის სახე. იგი მკვდარივით გაფითრებული იყო. ასეთი სითეთრე ცოცხალი ადამიანისა ჯერ არ მენახა. ალბათ ასე გამოიყურებიან მოჩვენებანი. უნდა ვთქვა, რომ გოდფრიმ ჩემზე საზარელი შთაბეჭდილება მოახდინა, მარტო უჩვეულო თეთრი სახით კი არა, მოჩვენებასავით რომ ანათებდა ღამის სიბნელეში. რაღაც ერთი წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. მისმა საცოდავმა, დამნაშავის მაგვარმა მზერამ შემაძრწუნა. ეს იმდენად განირჩეოდა ჩემი მეგობრის ვაჟკაცური და უდარდელი გამომეტყველებისაგან, რომ თავზარი დამეცა. როგორც კი შენიშნა, რომ ფანჯარაში მას ვუცქერდი, მაშინვე განზე გადახტა და სიბნელეში გაუჩინარდა. 

მაგრამ მე ტყუილად როდი გამივლია ჯარისკაცური ცხოვრების სკოლა. იქ ადამიანი სწავლობს ელვისებურ მოქმედებას და სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებას. გოდფრიმ ჯერ კიდევ ვერ მოასწრო გაუჩინარება, რომ ფანჯარასთან მივირბინე და ბაღში გადახტომა ვცადე. მაგრამ ანჯამები დაჟანგული ყოფილიყო და ფანჯარა ერთბაშად ვერ გამოვაღე. ერთი წუთის შემდეგ მეც იმ ბილიკზე გავრბოდი, რომლითაც ჩემი ვარაუდით გოდფრიმ აირჩია წასვლა. 

ბილიკი მთვარის მკრთალ ნათელს გაეშუქებინა და მომეჩვენა, რომ ჩემ წინ რაღაც ლანდი იყო ატუზული. გოდფრის დავუძახე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. გზაჯვარედინამდე მივედი, გაუბედავად შევდექი და უცებ გარკვევით გავიგონე, როგორ მიიხურა კარი. მივხვდი, რომ გოდფრი დამემალა. რაღა უნდა მექნა? შეწუხებული გავბრუნდი უკან. ღამის დარჩენილ დროის განმავლობაში ტანჯვით ვცდილობდი, როგორმე ამომეხსნა უცნაური ფაქტები, რომელთაც ამ დღეებში წავაწყდი. 

საუზმეზე სახლის პატრონი ნაკლებ სასტიკი მეჩვენა. მისის ემსუორდმა შენიშნა, რომ მამულის მეზობლად არის რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელთა ნახვაც ღირსო. დაუყოვნებლივ ვისარგებლე ამ შემთხვევით და ვკითხე, ხომ არ შეიძლება ამ მიზნით ერთი დღე-ღამე კიდევ დავრჩე თქვენსა-მეთქი. ჩემს გეგმას მასპინძლის აღტაცება არ გამოუწვევია, მაგრამ ნებართვა მაინც მივიღე. 

გადავწყვიტე, მთელი დღე შემეწირა იმ საიდუმლო კარის ძებნისათვის, რომლის მიღმაც დამეკარგა მეგობარი. თუ გოდფრი მოისურვებდა, იოლად დამემალებოდა თვით სახლში. აქ მთელი პოლკი თავისუფლად მოთავსდებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, გოდფრი პარკში იმალებოდა. ოღონდ რა ადგილას და რატომ - ეს ჩემთვის ამოცანად რჩებოდა. 

ნასაუზმევს ჩემმა მასპინძლებმა, როგორც ჩანს, თავიანთ საქმეებს მიხედეს და ყურადღებას აღარ მაქცევდნენ. ამით ვისარგებლე და შევეცადე პარკი გულმოდგინედ გამომეკვლია. ჩემი ყურადღება მიიქცია განმარტოებულმა ფანჩატურმა, გვერდითი ხეივნის განაპირას რომ იყო გაშენებული. იქიდან ხომ არ მომესმა კარის ჯახუნი? ფანჩატურს უდარდელი სტვენით მივუახლოვდი, თანაც ისეთი სახე მივიღე, ვითომ უმიზნოჟ დავეხეტებოდი პარკში. ამ დროს ფანჩატურიდან საშუალო ტანის, ფართო წვერიანი მამაკაცი გამოვიდა. ჩემდა გასაოცრად, კარი დიდის გულმოდგინებით ჩაკეტა და მე რომ დამინახა, ადგილზე დაესო. 

"ვინა ხართ, სტუმარი?" - მკითხა ისე, რომ სალამი არ მოუცია. 

ავუხსენი, ჩემი გულითადი მეგობრის გოდფრის მშობლების სანახავად ჩამოვედი-მეთქი. 

"რა სამწუხაროა, რომ ჩემი მეგობარი გამგზავრებულა, - დავძინე წყენით, - ძალიან გაეხარდებოდა ჩემი ნახვა". 

"ჰო, ძალიან საწყენია. იმედი მაქვს, სხვა დროს გაგიღიმებთ ბედი". - ამ სიტყვებზე თანამოსაუბრემ ცივად დამიკრა თავი და სახლისაკენ წავიდა. მეც, სხვა რა გზა მქონდა, მის მაგალითს უნდა მივყოლოდი. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგი, მოვიხედე და დავინახე, რომ წვეროსანი კაცი იდგა და თვალს მადევნებდა. 

ვიდრე გამოვბრუნდებოდი, ფანჩატურის დათვალიერება მაინც კარგად მოვასწარი. ფანჯრებზე მძიმე ფარდები იყო ჩამოფარებული, მთელი ნაგებობა უკაცრიელი მეჩვენა. 

ჩემთვის ცხადი იყო, ფრთხილად ყოფნა მმართებდა. მცირეოდენი დაუდევრობა და - ჩავვარდებოდი. მაშინ უბრალოდ მიბრძანებდნენ, გავცლოდი იქაურობას და ვერაფერს გავხდებოდი. ამიტომ გადავწყვიტე, ღამემდე დამეცადა. 

როცა ყველაფერი მიყუჩდა, ჩუმად გამოვძვერი ფანჯრიდან და საიდუმლოებით მოცულ პავილიონისაკენ გავემართე. ფარდების გარდა ფანჯრებს დარაბებიც ფარავდა. ერთ-ერთი დარაბიდან სინათლე გამოდიოდა. სწორედ ამ ადგილზე ფარდაც ოდნავ გადაწეული იყო. ასე რომ, დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც გაარჩევდა კაცი ოთახის მორთულობას. ოთახი მყუდრო და კარგად მოწყობილი ჩანდა. მაგიდას ამ დილით გაცნობილი კაცი უჯდა, ჩიბუხს ეწეოდა და რაღაცას კითხულობდა. 

- მაინც რას? - შევაწყვეტინე დოდს. 

ჩემმა კითხვამ საგონებელში ჩააგდო. 

- ნუთუ ამასაც აქვს რაიმე მნიშვნელობა? 

- უაღრესად დიდი მნიშვნელობა. 

მე კი არ მიმიქცევია ყურადღება. 

- იქნებ ის მაინც შენიშნეთ, რა ეჭირა ხელში - წიგნი, გაზეთი თუ ჟურნალი? 

- მგონი, რაღაც ჟურნალს უფრო ჰგავდა, - მიპასუხა დოდმა ფიქრის შემდეგ, - მაგრამ მაშინ ასეთი წვრილმანის თავი აღარა მქონდა. 

ოთახში კიდევ ერთი კაცი იმყოფებოდა. მისი სახე არ დამინახავს. და მაინც დარწმუნებული ვიყავი: ეს იყო გოდფრი. მეცნაურა მისი ტანის მოყვანილობა: მხრები, კისერი. იგი იჯდა ღრმა მწუხარებით დაჩაგრული ადამიანივით ბუხრისაგან პირშექცეული. ფანჯარასთან გავქვავდი. უეცრად ვიღაცამ მხარზე მძიმე ხელი დამადო: ჩემ გვერდით იდგა პოლკოვნიკი ემსუორდი. 

"აი, თურმე როგორ გიჭირავთ თავი სტუმრობაში, სერ, - ავბედითად წარმოთქვა ჩემმა მასპინძელმა, - ინებეთ, მომყევით". 

ამ სიტყვებზე შებრუნდა და სახლის მიმართულებით წავიდა. ცხვირპირჩამოშვებული გავყევი. პოლკოვნიკს დუმილი არ დაურღვევია, სანამ ჩემთვის განკუთვნილ ოთახში არ აღმოვჩნდით. იქ ცუდად დაფარული ღვარძლით შემომხედა და თვალების ბრიალით მითხრა: 

"ხვალ დილით პირველი მატარებლით გაემგზავრებით. ეტლი რვის ნახევარზე დაგელოდებათ. ჩემი სურვილია აღარასოდეს ვიხილო თქვენი სიფათი". 

პასუხის გასაცემად ენა ვერ მოვიბრუნე, რაღაც წავიბუტბუტე გაურკვევლად, ვითომ მოვუბოდიშე და კვლავ გავიხსენე ჩემი მხურვალე სურვილი, მეგობრის პოვნა მინდა-მეთქი... 

"გვეყოფა ამაზე მსჯელობა, - მკვახედ მიპასუხა ემსუორდმა, - თქვენ ყოვლად უმსგავსად გეჭირათ თავი, სერ. გაუგონარი თავხედობა გამოიჩინეთ, თქვენთვის ნაკლებად ცნობილ ადამიანთა ცხოვრებაში რომ შემოიჭერით. ჩემი შვილის ბედისათვის თქვენი მეტიჩრული თავგამოდებით ბევრი უსიამოვნება მოგვაყენეთ მე და ჩემს მეუღლეს. გარდა ამისა, თქვენ, სტუმარი, ისე იქცეოდით ჩემს სახლში, როგორც ჯაშუში. მეტი რაღა გინდათ?" 

აქ ნერვებმა მიმტყუნა, მისტერ ჰოლმს, და მეც მკაცრი კილოთი ვუპასუხე: 

"მისტერ ემსუორდ, მე ვნახე აქ გოდფრი, ამ პარკში. მეტიც, მე ვიცი, რომ ის კაცი ძალადობის მსხვერპლია. მე არ ვიცი, რისთვის უმალავთ ხალხის თვალს თქვენს შვილს, მაგრამ იცოდეთ: ვიდრე არ დავრწმუნდები, რომ გოდფრის საფრთხე არ ემუქრება, მთელი ჩემი ძალ-ღონით შევეცდები ამოვხსნა ის საიდუმლოება, რომლითაც არის გარემოსილი ჩემი მეგობარი, რაც არ უნდა მითხრათ თქვენ და რაც არ უნდა გააკეთოთ". 

მოხუცმა შემომიღრინა და მუქარით გამოიწია. ერთი თვალის დახამხამებაც და დამარტყამს კიდეც-მეთქი, გავიფიქრე. პოლკოვნიკი ნამდვილი ბუმბერაზი იყო, გამხდარი, ძარღვმაგარი, და მე უნებურად გავიფიქრე, რომ ამ კაცთან გამკლავება ადვილი საქმე არ იქნებოდა. ერთ ხანს თავისი წვრილი ფოლადისებრი თვალებით შემომცქეროდა და გაჯავრებული მიბღვერდა, მერე ქუსლებზე მოწყვეტით შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა. 

რაღა თქმა უნდა, ტაქსბერგის პარკიდან იმავე დილით მომიხდა წასვლა, და აგერ თქვენ წინა ვარ, მისტერ ჰოლმს, იმ იმედით, რომ დამეხმარებით იმ საქმეში, რაც ამაჯამად ქვეყნად ყველაზე მეტად მაღელვებს. 

ასეთი იყო ფაქტები, ჯეიმს დოდმა რომ გადმომიშალა. 

გამჭრიახი მკითხველი ალბათ უკვე მიხვდებოდა, რომ იმ პრობლემის გადაწყვეტა დიდ სიძნელეს არ შეადგენდა, რადგან ლოგიკური გადაწყვეტილების ვარიანტების რიცხვი მეტად შეზღუდული იყო. ამის მიუხედავად ეს, ერთი შეხედვით, ელემენტარული ამოცანა შეიცავდა არცთუ ისე უმნიშვნელო მომენტებსა და მოულოდნელ ხრიკებს, რომელთაც მაიძულეს მისი აღწერა. 

გადავწყვიტე გამომეყენებინა ჩემი ჩვეულებრივი ნაცადი მეთოდი ლოგიკური ანალიზისა და უწინარეს ყოვლისა მიმეცა სტუმრისათვის რამდენიმე კითხვა. 

- რამდენი მსახურია სახლში? 

- რამდენადაც გავიგე, მხოლოდ ორი: რალფი და მისი ცოლი. ემსუორდების ოჯახი მეტად ხელმოკლედ ცხოვრობს. 

- მაშასადამე, ფანჩატურს არავინ ემსახურება? 

- ჩანს, არავინ, თუ წვეროსანს არ ჩავთვლით. თუმცა, ის მსახურს არა ჰგავს. 

- ხომ არ შეგინიშნავთ, რა გზით მიაქვთ საკვები მის სამყოფელში, ან ვის მიაქვს? 

- ერთხელ დავინახე, რალფი მიდიოდა პარკში, კალათი მიჰქონდა, მაგრამ მაშინ ამისათვის არავითარი ყურადღება არ მიმიქცევია. 

- გარეუბნებში ხომ არ გიცდიათ რაიმე ცნობების შეგროვება? 

- კი, როგორ არა. ვესაუბრე სადგურის უფროსსა და სოფლის სასტუმროს პატრონს. ორივე ერთხმად მიმტკიცებდა, ახალგაზრდა ემსუორდი შინ ცოტა ხანს დარჩა, შემდეგ კი სამოგზაუროდ წავიდაო. ეს ვერსია, ეტყობა, არავითარ ეჭვს არ იწვევს გარეუბნის მცხოვრებთა შორის. 

- არავისთვის არაფერი გითქვამთ თქვენს ეჭვებზე? 

- რა თქმა უნდა, არა. 

- და სწორადაც მოქცეულხართ. ჰო, მაშ ასე, მისტერ დოდ, თქვენი ამბავი ღირს იმად, რომ კაცმა სერიოზულად მოჰკიდოს ხელი. 

იმ დროს სწორედ ორ სხვა საქმეს ვამთავრებდი. ერთი მათგანი აღწერილი აქვს ჩემს მეგობარს უოტსონს სახელწოდებით "სასულიერო სკოლა". მეორე დაკავშირებულია თურქეთის სულთანის დავალებასთან. ეს იყო მეტად სასწრაფო და საკირკიტო საქმე, რადგან დაგვიანებას შეიძლებოდა არასასიამოვნო შედეგები მოჰყოლოდა. ამიტომ მხოლოდ მომდევნო კვირას მოვახერხე ხელი მომეკიდა გოდფრი ემსუორდის საიდუმლოდ გაქრობის საქმისათვის. 

ჩვენ სამნი წავედით ბედფორდში: მისტერ დოდი, თქვენ მორჩილი მონა და კიდევ ერთი სიტყვაძუნწი, მკაცრი იერის ჯენტლმენი, რომლის შესახებაც ჩემს კლიენტს შემდეგი ვუთხარი: 

- ეს ჩემი ძველი ნაცნობია. შეიძლება დაგვჭირდეს მისი დახმარება, შეიძლება - არა. ყველაფერი ადგილზე გაირკვევა. 

უოტსონის ანგარიშებმა მკითხველი ალბათ მიაჩვიეს ზოგიერთ თავისებურებას. მე არ მიყვარს ზედმეტი სიტყვები, კიდევ უფრო ნაკლებად მიყვარს ჩემი აზრების გადაშლა, ვიდე ამა თუ იმ დახლართულ საქმეზე ვფიქრობ ხოლმე. 

დოდი გაკვირვებული იყო, მაგრამ დუმდა. და ჩვენ სამნი გავემგზავრეთ. მატარებელში ჩემს კლიენტს რამდენიმე კითხვა მივეცი, მათი პასუხი გათვალისწინებული მქონდა ჩვენი სიტყვაძვირი თანამგზავრისათვის. 

- თქვენ სრულიად დარწმუნებული ხართ, იმ ღამეს თქვენი მეგობრის სახე დაინახეთ ფანჯრიდან? 

- ამაში არავითარი ეჭვი არ მეპარება. 

- მაგრამ თქვენ ხომ თქვით, გოდფრი ძლიერ გამოცვლილაო? 

- გამოცვლილი ჰქონდა მხოლოდ სახის ფერი: უჩვეულოდ ფერწასული იყო, მკვდრის ფერი ედო, თითქოს თეთრი საღებავი წაეცხოთ. 

- ხომ არ გახსოვთ, მთელი სახე ჰქონდა დაფარული ამ უცნაური თეთრი ფერით, თუ მხოლოდ მისი ნაწილი? 

- მგონი, სახის ცალკეული ნაწილები უფრო გამოირჩეოდნენ სითეთრით. მე ყურადღება მივაქციე შუბლს, ფანჯრის მინაზე რომ ჰქონდა მიდებული: თითქოს ზოლები აჩნდა ზედ. 

- გამოეხმაურეთ თქვენს მეგობარს? 

- მეტისმეტად აღელვებული ვიყავი. როგორც მოგეხსენებათ, დავედევნე განცვიფრებული, მაგრამ ვერ ვიპოვე. 

შემთხვევა ჩემთვის თითქმის უკვე ნათელი იყო. რჩებოდა ერთი დეტალი, რაც ადგილზე უნდა გარკვეულიყო. 

ბოლოს მივაღწიეთ უცნაურ შენობას, რომელიც ჩემმა კლიენტმა ამიწერა. ჩვენი სიტყვაძვირი თანამგზავრი ეტლში დარჩა. 

მე და დოდმა სადარბაზო შესასვლელში დავრეკეთ. კარი მოხუცმა რალფმა გაგვიღო. მას ლივრეი ეცვა. ვთხოვეთ შეეტყობინებინა მასპინძლისათვის ჩვენი მოსვლა. თვალში მეცა ის ამბავი, რომ მოხუც მსახურს ხელებზე მძიმე ტყავის ხელთათმანი ეცვა. როგორც კი დაგვინახა, გაიხადა და აჩქარებით დადო პატარა მაგიდაზე, ჰოლში. 

არ ვიცი, აღნიშნა თუ არა თავის ჩანაწერებში ჩემმა მეგობარმა უოტსონმა, რომ ბუნებით მეტისმეტად განვითარებული ჰნოსვა მაქვს. მაშინვე ვიგრძენი სუსტი, მაგრამ რაღაც სუნი, რომელიც იმ მაგიდიდან მოდიოდა, სადაც ხელთათმანი ეწყო. სწრაფად მივედი პატარა მაგიდასთან და დავიხარე, ვითომდა ფეხსაცმლის გახსნილი ზონრის შესაკრავად. დიახ, უდავო იყო, სუნი ხელთათმანს ასდიოდა. ამ დეტალმა საბოლოოდ გადაჭრა საკითხი. 

სამწუხაროდ, დროზე ადრე მიხდება საიდუმლოს გამხელა. აქ ხომ თვითონვე მოგითხრობთ საკუთარ საქმეს. იმ შემთხვევაში, როცა ამას უოტსონი აკეთებს, მე ვახერხებ თვითონ მის მოქცევას გაურკვეველ მდგომარეობაში საქმის დაბოლოებამდე. 

დაბრუნებულმა რალფმა კაბინეტში მიგვიწვია, სადაც დიდხანს არ მოგვიხდა მარტო დარჩენა, მოისმა მძიმე, აჩქარებული ნაბიჯის ხმა და ოთახში სახლის უფროსი შემოვიდა. 

სახე ბრაზისაგან დაღრეჯოდა, თვალები ცეცხლივით უბრიალებდა. ხელში ჩვენი სადარბაზო ბარათები ეჭირა. როგორც კი შემოგვხედა, ბარათები დაფლითა და ნაკუწები ფეხით გათელა. 

- აკი გითხარით, რომ ამ სახლიდან დათხოვნილი ხართ, ღვთისგან დაწყევლილო? - მიმართა ღრენით მისტერ დოდს. - იცოდეთ, თუ კიდევ გამოჩენილხართ ამ არემარეზე, ძაღლივით ჩაგკლავთ. ვფიცავ, ამას გავაკეთებ. რაც შეგეხებათ თქვენ, სერ, - მომიბრუნდა მე. - რაც აქ ითქვა, თქვენც გეხებათ. ვიცი, რა საქმიანობასაც ეწევით. შეგიძლიათ გამოიჩინოთ თქვენი ნიჭი, სადაც გნებავთ, ოღონდ აქ, ჩემს კარ-მიდამოში კი არა. 

- მე მაინც არ დავტოვებ თქვენს სახლს, - მტკიცედ მიუგო დოდმა, - ვიდრე გოდფრის პირით არ მოვისმენ, რომ აქ იმყოფება თავისი სურვილით და არა იძულებით. 

პასუხის ნაცვლად ემსუორდმა გაშმაგებით დააწკარუნა ზარი. 

- რალფ, მიმართა შემოსულ მსახურს, - დარეკეთ პოლიციაში და სთხოვეთ ორი კონსტებლი გამოგზავნონ. უთხარით, რომ სახლში მძარცველები შემომეჭრნენ. 

- ერთი წუთით მოიცადეთ, - ჩავერიე მე, - მისტერ დოდ, ერთ რამეში პოლკოვნიკი ემსუორდი სრულიად მართალია. მისი სურვილის წინააღმდეგ აქ ერთი წუთით ყოფნის უფლებაც არა გვაქვს. მეორე მხრით, ჩვენმა პატივცემულმა მასპინძელმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენი აქ ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ მისი შვილის კეთილდღეობის სურვილთანაა ნაკარნახევი. მე ვფიქრობ, რომ თუ პოლკოვნიკი რამდენიმე წუთს მაჩუქებს მასთან საუბრისათვის, მისი შეხედულება ამ საკითხზე შეიცვლება. 

- თქვენ სასტიკად ცდებით! - შესძახა პოლკოვნიკმა და თვალები მრისხანედ დამიბრიალა. - მე არასოდეს არ ვიცვლი შეხედულებებს. რალფ, გააკეთეთ ის, რაც გიბრძანეთ! რა ეშმაკს უცდით, დარეკეთ პოლიციაში! 

- დარწმუნებული ვარ, სწორედ ამის გაკეთება არ ივარგებს, - ვუთხარი მე და რალფს კართან გადავეღობე. - პოლიციის ჩარევა თქვენ სარგებლობას არ მოგიტანთ, მისტერ ემსუორდ. 

ამ სიტყვებზე ბლოკნოტიდან ფურცელი ამოვხიე, ორი სიტყვა დავწერე და ვაჩვენე. 

- აი, რამ მოგვიყვანა აქ, - დავუმატე მე. 

ჩემი ნაწერი რომ წაიკითხა, პოლკოვნიკი ჯერ კიბორჩხალასავით გაწითლდა, მერე კი საფეთქლებში მოწოლილი სისხლი უკანვე მიაწყდა. 

- ეს საიდან იცით? - წაიჩურჩულა სულშეხუთულმა და მძიმედ დაეშვა სკამზე. 

- ყველაფრის ცოდნა, - ასეთია ჩემი პროფესია, - მშვიდად ვუპასუხე მე. 

ერთი წუთით პოლკოვნიკი გაირინდა, ალბათ ფიქრობდა, თანაც ნერვიულად იწიწკნიდა წვერს. ბოლოს ამოიოხრა და თქვა: 

- რა გაეწყობა, რაკი ასე გსურთ გოდფრისთან შეხვედრა, მოგცემთ ამის საშუალებას, მაგრამ გახსოვდეთ, ეს არ მინდოდა. 

უსიტყვოდ მივყევით მასპინძელს. ხეივნის ბოლომდე მივედით და სწორედ იმ საიდუმლოებით მოცულ ფანჩატურთან შევჩერდით, რომელზეც დოდმა მიამბო. 

- რალფ, - მიმართა პოლკოვნიკმა მსახურს, რომელიც უკან მოგვყვებოდა, - წადით, გააფრთხილეთ მისტერ გოდფრი, რომ უნდა ვინახულოთ. 

რამდენიმე წუთის შემდეგ საშუალო ტანის სქელწვერა კაცი გამოვიდა. უკიდურესი გაოცება აღბეჭდილიყო მის სახეზე. 

- არ ველოდი თქვენს ვიზიტს, პოლკოვნიკო ემსუორდ, - წამოიძახა კაცმა. - მეშინია, რომ ეს ჩვენს გეგმებს ხელს შეუშლის. 

- ვერაფერს გავხდი, მისტერ კენტ, - უგუნებოდ მიუგო პოლკოვნიკმა. - იძულებული გავხდი ეს ნაბიჯი გადამედგა. შეუძლია მისტერ გოდფრის ჩვენი მიღება? 

- კი, რა თქმა უნდა, გელოდებათ. 

ამ სიტყვებზე კენტი შებრუნდა სახლში და შეგვიპატიჟა. დიდ, ფართო ოთახში შევედით. ბუხართან, ზურგშექცევით მამაკაც იდგა. 

- გოდფრი, ძველო მეგობარო! ძლივს არ გიხილე, - შეჰყვირა დოდმა და მივარდა. მაგრამ გოდფრი სწრაფად გახტა განზე. 

- არ შემეხო, ჯიმი. შორს დადექი, მეგობარო. შორიდან შეგიძლია დატკბე ჩემი მზერით. ხომ ვგავარ იმ მამაც კაპრალს - გოდფრი ემსუორდს, კავალერიის ესკადრონის საყვარელ ყმაწვილს? 

გოდფრის გარეგნობა მართლაც უჩვეულო იყო. მისი ოდესღაც მშვენიერი, მზედაკრული სწორნაკვთიანი სახე თეთრ ნაშრევებს დაეღარა. შუბლი არაბუნებრივად თეთრი ჰქონდა, ნიკაპი - მუქი, ცხვირის ერთი ნახევარი - თეთრი, მეორე ნახევარი - შავი, რის გამოც კიდევ უფრო შავად მოჩანდა. შეძრწუნებული დოდი გაოცებული მიაჩერდა თავის მეგობარს. 

- აი, რატომ არ ვწყალობ ხოლმე მნახველებს, ჯიმი, - კუშტი იერით ჩაილაპარაკა გოდფრიმ. - ჩემი დამახინჯებული გარეგნობა მნახველს ზიზღსა ჰგვრის. ვიცი, ეს შენზე არ ითქმის, ჯიმი, ჩემო ძველო მეგობარო, მაგრამ მაინც მარტოობას ვამჯობინებ. 

- გოდფრი, მე კი როგორ მაშინებდა შენი ბედი! მეჩვენებოდა, რომ საფრთხე გემუქრებოდა და უნდა დამეხსენი. პირდაპირ ჭკუას ვკარგავდი... 

- რალფისაგან შევიტყვე, რომ აქა ხარ. იცი, რა ძლიერი იყო ეს ცთუნება? გადავწყვიტე, ცალი თვალით მაინც შევხედავ-მეთქი. მაგრამ შენ შემნიშნე. და იძულებული გავხდი, თავქუდმოგლეჯილი გამოვქცეულიყავი ჩემს ბუნაგში. 

- ღმერთო, გოდფრი, მერედა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? 

- ოჰ, რა გაეწყობა, ყველაფერს გიამბობ, რაც გადამხდა. ეს დაიწყო პრეტორიაში, იმ ბრძოლის შემდეგ, სადაც დავიჭერი. 

- ეს გაგონილი მაქვს, მაგრამ დაწვრილებით არაფერი ვიცი. 

- ჩვენი სამი მებრძოლი: სიმსონი, ანდერჩენი და მე ჩამოვცილდით ნაწილს და ალყაში მოვხვდით. ორი მოკლეს, მე კი მძიმედ დავიჭერი. როგორც იყო, ცხენზე შეჯდომა მოვახერხე და გავიქეცი, არ ვიცოდი, საით. ვიქროლე, ვიდრე ცნობა არ დავკარგე და ცხენიდან არ გადმოვვარდი. 

გონს რომ მოვედი, უკვე ღამე იყო. სისხლისაგან დაცლილი მთლად დაუძლურებული ვიყავი, თანაც ჯოჯოხეთურად ციოდა. გახსოვს ის უჩვეულო სინესტე, ძვალსა და რბილში რომ გვატანდა და სულაც არა ჰგავს ჩვენი მხრის ჯანსაღ, სასიამოვნო ყინვას? მოკლედ, კბილს კბილზე მაცემინებდა და ვგრძნობდი, როგორ მეცლებოდა ძალ-ღონე. 

ჩემდა გასაოცრად, უცებ საკმაოდ მოზრდილი სახლი დავინახე, მრავალფანჯრიანი. ვგრძნობდი, სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი იმედი ახლა ისღა იყო, რომ ხოხვით მიმეღწია იმ სახლამდე. მეც იმ თავშესაფარს მივაშურე. მივდიოდი ბარბაცით, ხან ვეცემოდი, ხან ვდგებოდი და ბოლოს, სანახევროდ გრძნობადაკარგულმა, მივაღწიე სახლის აივანს. კარში შევედი, ბუნდოვნად გავარჩიე დიდი ოთახები და რამდენიმე ლოგინი. ერთ-ერთ ლოგინთან მივედი, ცარიელი იყო, ჩავწექი და გრძნობაც დავკარგე... 

დილით, გამომეღვიძა თუ ბურანიდან გამოვფხიზლდი, არ ვიცი. სანახაობა, რაც მაშინ თვალწინ დამიდგა, დღემდე მაძრწუნებს. 

წარმოიდგინე დიდი ოთახი, მზით გასხივოსნებული, და შიგ ჩამწკრივებული ერთნაირი საწოლები, თეთრ კედლებს შორის ჩემ მახლობლად იდგა არსება, რომელსაც ძნელად თუ უწოდებდი ადამიანს. ეს იყო ჯუჯა, უზარმაზარ თავიანი, თითქოს მხრებზე დაუდგამთ ბურთი და თანაც სრულიად მელოტი. იგი რაღაცაზე გაცხარებული ლაპარაკობდა, მგონი, ჰოლანდიურად და თანაც ძლიერ იქნევდა ხელებს. მე გაოცებული შევყურებდი. ამან, ეტყობა, კიდევ უფრო გააბრაზა, რადგან საშინელი შავი, მრუდე ხელები გამომიწოდა, რომელიც გარეული მხეცის საცეცებს უფრო ჰგავდა. 

ლოგინიდან ცოტა მოშორებით ადამიანთა ჯგუფი იდგა და ცნობისმოყვარეობით შემომცქეროდნენ. მათ დანახვაზე გული შიშისაგან გამეყინა. 

ესენი იყვნენ შესაბრალისი, დამახინჯებული, გასიებული არსებანი, რომელთაც დაჭმულ-გადაგვარებული კიდურები ჰქონდათ, სახეები კი წყლულებით დაფარული. ყველანი ყაყანებდნენ, ხითხითებდნენ, შემომცქეროდნენ და ისე ხალისიანად იცინოდნენ, რომ მუცელი ხელით ეჭირათ. მათი ჯოჯოხეთური ხარხარი ახლაც ჩამესმის ყურში. 

სასტიკმა ჯუჯამ, ალბათ ლოგინის პატრონმა, თავისი საზარელი საცეცები ჩამავლო მხრებში. ჩვენს შორის ბრძოლა გაიმართა. ჩემი ჭრილობიდან სისხლმა ითქრიალა. მაგრამ ჩემი მტანჯველი ამან ვერ შეაჩერა. ძალთა უპირატესობა აშკარად მის მხარეზე იყო. უცებ რეტი დამესხა და გრძნობა დავკარგე. 

გონს მეორე ოთახში მოვედი. ჩემს გვერდით ვეღარც ჯუჯა დავინახე, ვეღარც ის საფრთხობელები. ფანჯარასთან იდგა ხნიერი, ჩემთვის უცნობი ადამიანი. როცა დაინახა, რომ გონს მოვედი, მომიბრუნდა: 

"თავს როგორა გრძნობთ? ახლავე შეგიხვევთ ჭრილობას". 

"სადა ვარ, ექიმო?" - სუსტი ხმით ვკითხე მე. 

ექიმს სახე მოეღრუბლა. 

"ჯობს, არ იკითხოთ, ახალგაზრდავ. თქვენს ჭრილობებს განვკურნავთ, მაგრამ აქ ბევრად უფრო დიდი საფრთხე გემუქრებათ, ვიდრე ბრძოლის ველზე. თქვენ კეთროვანთა თავშესაფარში მოხვდით. ბედშავნი, რომლებიც დილას ნახეთ, კეთროვნები არიან". 

ელდანაკრავმა დავიკვნესე. 

"მაშ ეს ღამე კეთროვნის ლოგინში გავატარე?" - ჩურჩულით ვთქვი შეძრწუნებულმა. 

"დიახ, უაღრესად სარისკო საქციელია, - დამიდასტურა ექიმმა. - მე კეთრისაგან შეუვალად ვთვლი თავს, მაგრამ ასეთ ნაბიჯს ვერც მე გადავდგამდი". 

ყველაფერი გათავებული იყო, ჯიმი. განწირული ვიყავი სასიცოცხლოდ, რომელსაც სიკვდილი ჯობდა. და მაინც, მას შემდეგ, რაც პრეტორიის ჰოსპიტალში მიმიყვანეს, სულ სასწაულის იმედი მქონდა: იქნებ გადავურჩე სენს-მეთქი? - მეათასედ ვეკითხებოდი თავს. ჰოსპიტლიდან რომ გამოვეწერე, შინ წამოვედი. აქ კი ვნახე, რომ საზარელი სნეულების ნიშნებმა ჩემს სახეზე უკვე იჩინეს თავი. მშობლებს ყველაფერი ვუამბე. ერთადერთი გამოსავალი იყო ხმების დაყრა, ვითომ ხანგრძლივ მოგზაურობაში ვიყავი წასული, თვითონ კი აქვე დავსახლდი, სახლის მახლობლად, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, იმ იმედით, რომ არ გასცემდა ჩემს საიდუმლოებას. სხვა შემთხვევაში მე თავს მიკრავდნენ ლეპროზორიუმში, სადაც სიცოცხლის დასასრულამდე უნდა დამეყო ჩემებრ უბედურ ადამიანთა შორის. კაციშვილისათვის არ შეიძლებოდა ამ საიდუმლოს განდობა. არც შენთვის, ჯიმი, ჩემო მეგობარო. ვიცოდი; ჩემი დაშორება შენთვის მძიმე იქნებოდა, მაგრამ რა უნდა მექნა? აი, მთელი ჩემი თავგადასავალი. 

გოდფრი დადუმდა. მე დავინახე, რაოდენ შეაძრწუნა დოდი მეგობრის მონათხრობმა. იჯდა წელში მოხრილი და თავი ხელებში ჩაერგო. 

- ჩემი ბრალი არ არის, რომ ამ ადამიანებმა ჩვენს საიდუმლოებას მიაკვლიეს, - ამეტყველდა გოდფრის მამა. - აი, ეს კაცი, - და ჩემზე მოუთითა, - ყველაფერს მიხვდა. მაშინ გადავწყვიტე, მისთვის ყველაფერი გამენდო. 

- სწორედ მოიქეცით, პოლკოვნიკო, - ვუპასუხე მე. - შეიძლება ჩემი ჩარევა სასარგებლო გამოდგეს. მითხარით, - მივუბრუნდი მე კენტს, - თქვენ ხომ ასეთ დაავადებათა სპეციალისტი ხართ? 

- მე ამ დარგში იმდენივე ცოდნა მაქვს, რამდენიც ყოველ განათლებულ ექიმს, - ცივად მიპასუხა მკურნალმა. 

- ეჭვი არ მეპარება თქვენს კომპეტენტურობაში, ექიმო, - არ დავაყოვნე პასუხი. - მაგრამ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კიდევ ერთი სპეციალისტის კონსულტაცია. ვფიქრობ, მისტერ გოდფრი არც ერთ სხვა ექიმისთვის არ გიჩვენებიათ, რადგან გეშინოდათ საიდუმლოს გაცემისა. 

მისტერ ემსუორდმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. 

- ეს გავითვალისწინე, - განვაგრძე მე. - ეტლში იმყოფება ჩემი ძველი ნაცნობი სერ ჯეიმს სონდერსი, ამგვარ დაავადებათა ცნობილი სპეციალისტი. ვფიქრობ, სერ ჯეიმსსაც ვთხოვოთ, გასინჯოს ეს ავადმყოფი და გვითხრას თავისი აზრი. 

- ვის არ სმენია სახელოვანი პროფესორის სონდერსის სახელი! - შესძახა გაწითლებულმა დოქტორმა კენტმა. - სიამოვნებით გავეცნობოდი ასეთ შესანიშნავ ექიმს. 

- მაშინ ვთხოვოთ სერ ჯეიმსს, მობრძანდეს, - განვაგრძე მე, - და... 

მაგრამ პოლკოვნიკმა შემაწყვეტინა. 

- ჩვენ კი გადავიდეთ ჩემს კაბინეტში, სადაც, იმედი მაქვს, მისტერ ჰოლმსი აგვიხსნის, რანაირად ახადა ფარდა ჩვენს საიდუმლოებას. 

აქ კი მივხვდი, როგორ მაკლდა თვალში ერთგული უოტსონი. მაგრამ სამწუხაროდ ჩემი მეგობარი ჩემთან აღარ იყო. ამიტომ თვითონ მომიხდა სიტყვით გამოსვლა პატარა აუდიტორიაში, რომელსაც გოდფრის დედაც შემოემატა. 

- მე ჩვეულებრივ იქიდან ვიწყებ, რომ გამოვრიცხავ ხოლმე ყველაფერს, რაც შეუძლებელია, - დავიწყე ისევ. - ის, რაც რჩება, სიმართლე უნდა იყოს, რარიგ შეუძლებელიც არ უნდა ჩანდეს. ამასთან ყოველი დარჩენილი ვარიანტი ფრთხილად უნდა გავარჩიოთ და შევამოწმოთ. 

იგივე პრინციპი გამოვიყენე ამ სამწუხარო ამბავშიაც. შესაძლებლად მივიჩნიე სამგვარი ახსნა ამ უცნაური შემთხვევისა, რაც მისტერმა დოდმა მიამბო. რისთვის უნდა ჰყოლოდათ ახალგაზრდა კაცი კარჩაკეტილი და მთელი გარე სამყაროსაგან მოწყვეტილი? 

უპირველეს ყოვლისა, რაღაც დანაშაულში უნდა ყოფილიყო ჩათრეული. მეორე შესაძლებლობა იყო ის, რომ საქმე შეშლილთან გვქონოდა და მშობლებს არ სურდათ მისი მოთავსება საგიჟეთში. 

დაბოლოს, მესამე. ახალგაზრდა კაცი შეპყრობილია სენით, რაც სრულ იზოლაციას მოითხოვს. სამივე შესაძლებლობა ერთნაირად მოსალოდნელი იყო და ყველა მოითხოვდა გულმოდგინედ შემოწმებას. 

დანაშაულის ვარიანტი სერიოზულ კრიტიკას ვერ უძლებდა. ჯერ ერთი, არავითარი დანაშაულის ამბავი არა მსმენია, ამ არემარეზე რომ ვინმეს ჩაედინოს. მეორეც, ასეთ შემთხვევაში გოდფრის მშობლები შეეცდებოდნენ სადმე შორს გაეგზავნათ შვილი და არა აქვე ყურისძირში ჰყოლოდათ. 

სიგიჟის ვარიანტი უფრო დამაჯერებელი ჩანდა. ამაზე მეტყველებდა ის გარემოება, რომ ახალგაზრდა კაცი ვიღაცის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ალბათ ექიმისა. გასხოვთ, მისტერ დოდ, მე რომ გკითხეთ, რას კითხულობდა-მეთქი თქვენს მეგობართან მყოფი კაცი? იმედი მქონდა, რომ მის ხელში სამედიცინო ჟურნალს ნახავდით. 

მაგრამ ამ ვარიანტის წინააღმდეგ ლაპარაკობდნენ შემდეგი ფაქტები. ახალგაზრდა ემსუორდი რომ გიჟი ყოფილიყო, ძნელად თუ ექნებოდა ასეთი თავისუფლება, რომ პარკში ევლო, თუნდაც ღამით. ამას გარდა, რატომ იყო ყველაფერი მის გარშემო ასეთი საიდუმლოებით მოცული? ბოლოს და ბოლოს, არაფერი კანონის საწინააღმდეგო არ არის იმაში, რომ სულით ავადმყოფი კარგი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდეს პავილიონში. არა, არც სიგიჟის თეორია ვარგოდა. 

ამრიგად, რჩებოდა მესამე ვარიანტი, მართალია, ყველაზე უფრო დაუჯერებელი, მაგრამ ფაქტებით ყველაზე უკეთ დადასტურებული. 

ახალგაზრდა კაცი სამხრეთ აფრიკაში იბრძოდა. კეთრი იმ ადგილებში ხშირი დაავადება გახლავთ. როგორ მოიქცეოდნენ მოყვარული მშობლები, თუ მათი შვილი ამ საშინელი სენით დაავადდებოდა?

უწინარეს ყოვლისა, საჭირო იქნებოდა, სასტიკი საიდუმლოებით დაცვა სნეულის ადგილსამყოფელისა. კანონის თანახმად კეთროვანი დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს ლეპროზორიუმში. ამიტომ ახალგაზრდა ემსუორდი მშობლებმა საკმაოდ დაფარულ ადგილზე მოათავსეს, რომ გარეთ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონოდა. ბოლოს, მას მიუჩინეს საიმედო კაცი, ალბათ ექიმი... 

ასეთ შემთხვევაში გასაგებია სახის საოცარი გათეთრებაც - საშინელი სენის ჩვეულებრივი შედეგი, აგრეთვე სნეულის სეირნობა ღამით და ბევრი სხვა ფაქტი. 

გადავწყვიტე ისე მემოქმედა, თითქოს ეს მესამე თეორია სავსებით დადასტურებული ყოფილიყო. მამულში რომ ჩამოვედით, მე შევნიშნე კიდევ ერთი დეტალი, რამაც ყველა ეჭვი გამიფანტა. რალფი, რომელიც პავილიონში საჭმელს ეზიდება, ტყავის ხელთათმანებს იცვამს. კარი რომ გაგვიღო, ეს ხელთათმანი ეცვა. ჩემი მახვილი ყნოსვით მივხვდი, რომ ხელთათმანები სადეზინფექციო ნივთიერებით იყო გაჟღენთილი. 

ამ ადგილას ჩემი თხრობა სერ ჯეიმსის მოსვლამ შეწყვიტა. სახელოვანი დოქტორის ჩვეულებისამებრ პირქუშ სახეს მსუბუქი ღიმილი დასთამაშებდა. სწრაფად მიუახლოვდა მისის ემსუორდს და ხელი მაგრად ჩამოართვა. 

- უფრო ხშირად მუდამ უბედურების მაუწყებელი ვიყავი ხოლმე, - მოგვიბრუნდა ყველას სერ ჯეიმსი. - მაგრამ დღეს შემიძლია გაგახაროთ, ბატონებო. ეჭვიც არ შეგეპაროთ... გოდფრი ემსუორდს არავითარი კეთრი არა სჭირს. ო, ვხედავ, დედამისი განცვიფრებულია ასეთი სასიამოვნო ახალი ამბით. ექიმო კენტი, მიხედეთ, გეთაყვა, მისის ემსუორდს. მაშ ასე, - განაგრძო სერ ჯეიმსმა. - კანის გათეთრება მართლაც ხშირი შედეგია კეთრისა. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დაავადებასთან, რაც კანის არასწორ პიგმენტაციას იწვევს და რასაც ფსევდოკეთრი ეწოდება. ეს შეუპოვარი და ძნელად განსაკურნავი სნეულებაა, მაგრამ სულაც არაა ინფექციური, და არაფერი აქვს საერთო კეთრთან. საინტერესოა, რომ ამ დაავადებათა სიმპტომები საოცრად ჰგვანან ერთმანეთს, ხოლო დაავადების მიზეზები უცნობია. არ არის გამორიცხული, რომ აქ დიდ როლს თამაშობს ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომელთაც ჯერ კიდევ ნაკლებად ვიცნობთ. შესაძლებელია, ფსიქიურმა ტრავმამ, უსაზღვრო დაძაბულობამ და შიშმა, რაც განიცადა ახალგაზრდა კაცმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმ მომენტიდან, რაც კეთროვანთა შორის მოხვდა, ბოლოს და ბოლოს გამოიწვია სხეულის ცვლილება, მსგავსი იმისა, რისიც ავადმყოფს ეშინოდა. მაგრამ მე ვხედავ, - დასძინა სერ ჯეიმსმა, - რომ მისის ემსუორდი უკვე გონს მოდის. რა კარგია, რომ ბედნიერებისაგან ადამიანები არა კვდებიან!

??????