ეშმაკის ფეხი
წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა გასულ სამშაბათს ჰოლმსის დეპეშა მივიღე. წერილს არასოდეს არ გზავნიდა, როცა საქმის მოგვარება ტელეგრაფითაც შეიძლებოდა. დეპეშა იუწყებოდა: "რატომ არ უნდა დაიწეროს კორნუელის საშინელებაზე - ჩემი ცხოვრების ყველაზე უფრო უჩვეულო შემთხვევაზე?" რამ წამოატივტივა ჰოლმსის მეხსიერებაში ეს შემთხვევა, ან რა უცნაურობამ გაუღვიძა სურვილი, რომ ჩემთვის დეპეშა გამოეგზავნა - ვერაფრით ავხსენი. მაგრამ იმის შიშით, ვაითუ გამოქვეყნების ამბავი ისევ გადაიფიქროს-მეთქი, ძველ ჩანაწერებს ვეცი, ამ მოვლენის ზუსტი წვრილმანები მეხსიერებაში აღვიდგინე და ვჩქარობ, მკითხველს ყველაფერი მოვუთხრო.
1897 წ. გაზაფხულზე მძიმე, დაძაბული მუშაობის შედეგად ჰოლმსის რკინის ჯანმრთელობა რამდენადმე შეირყა. იგი არას დაგიდევდათ და თავს სულაც არ იბრალებდა. მარტში ექიმმა მურ ეგერმა, რომელიც ჰოლმსს უაღრესად დაძაბულ დრამატულ გარემოებაში გაეცნო, რაზედაც როგორმე სხვა დროს მოგითხრობთ, კატეგორიულად განაცხადა, რომ სახელოვანმა მაძებარმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს მუშაობა, ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოს და დაისვენოს, თუ არ სურს ჯანმრთელობა საბოლოოდ შეირყიოსო. ჰოლმსი ამ ამბავსაც გულგრილად შეხვდა, რადგან მისი გონებრივი მუშაობა სრულებით არ იყო დამოკიდებული მის ფიზიკურ მდგომარეობაზე. მაგრამ როცა ექიმმა გულახდილად უთხრა, მალე საერთოდ ვერ შეძლებო მუშაობას, რო გორც იქნა, გადაწყვიტა რომ ცხოვრების წესი შეეცვალა. ჰოდა, იმ წლის ადრეულ გაზაფხულზე ჩვენ დავსახლდით ქალაქტის გარეუბნის ერთ პატარა კოტეჯში, პოლდუს ყურის მახლობლად, კორნუელის ნახევარკუნძულის უკიდურეს ბოლო კიდეში.
ეს თავისებური მხარე ყველაზე კარგად შეეფერებოდა ჩემი პაციენტის დაღვრემილ განწყობილებას. ჩვენი შეთეთრებული სახლის ფანჯრებიდან, მწვანე მოლით დამშვენებული კონცხის გორაკზე რომ იდგა, იშლებოდა მაუნტს-ბეის უბის ავბედითი რკალი, უხსოვარი დროიდანვე რომ იალქნოსანთა დამღუპველ ადგილად იყო სახელდებული. რამდენმა მეზღვაურმა ნახა აღსასრული მის შავ კლდეებსა და წყალქვეშა ბრაგებზე! ჩრდილოეთის ქარის ქროლვისას ყურე გამოიყურებოდა უშფოთველ, ქარიშხლისაგან დაცულ წყნარ ადგილად, თავისკენ იზიდავდა ამოვარდნილი გრიგალისაგან თავდაღწეულ გემებს და მათ სიმშვიდესა და მყუდრო სავანეს აღუთქვამდა. მაგრამ ანაზდად სამხრეთ-დასავლეთიდან ღმუილით აღიძვროდა ქარაშოტი, გემებს ღუზიდან წყვეტდა, და ვითომ ქარისაგან დაცულ სანაპიროზე, აქაფებულ ტალღებში იწყებოდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. გამოცდილი ზღვაოსნები ახლოსაც არ ეკარებოდნენ ამ წყეულ ადგილს.
ჩვენი პატარა სახლის შემოგარენში ხმელეთიც ისევე უსიხარულო შთაბეჭდილებას ახდენდა, როგორც ზღვა. ირგვლივ გადაშლილი იყო ჭაობიანი ვაკე. მოღუშული, უკაცრიელი და მხოლოდ კენტად აღმართული სამრეკლოებით თუ მიაგნებდით პატარა ძველებურ სოფლებს. ყველგან ჩანდა კვალი რომელიღაც ძველი ტომისა, რომელიც დიდი ხნის წინ გადაშენებულა და თავის არსებობას გვაუწყებს მხოლოდ უცნაური ქვის ძეგლებით, უწესრიგოდ მიმოფანტული სასაფლაო ყორღანებით და საინტერესო მიწური სიმაგრეებით, რომელნიც მეხსიერებაში წინარეისტორიულ ბრძოლებს აღადგენდნენ. ამ იდუმალებით მოცული ადგილის ჯადო, დავიწყებულ ტომთა ავბედითი აჩრდილები ჩემი მეგობრის წარმოსახვაზე ისე მომნუსხველად მოქმედებდნენ, რომ ღრმა ფიქრებით მოცული ჰოლმსი ტორფის ჭაობებში დიდხანს დაეხეტებოდა ხოლმე. იგი დაინტერესდა აგრეთვე ძველი კორნუელური ენით და, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ამტკიცებდა, კორნუელური ენა ძველ ქალდეველთა ენის მონათესავეაო, საგრძნობლად უსესხებიათო სიტყვები აგრეთვე ფინიკიელებისაგან, რომელნიც აქ თურმე კალის მოსაპოვებლად ჩამოდიოდნენ. ფილოლოგიური წიგნების მთელი დასტა გამოიწერა და ის იყო უნდა დაეწყო თავისი თეზისის დამუშავება, როცა უეცრად, ჩემდა ღრმად სამწუხაროდ და მისდა უსაზღვროდ გასახარებლად, ჩვენ ერთ საიდუმლო ამბავში ჩათრეულნი აღმოვჩნდით. უფრო ღრმა, რთული, უფრო ამაღელვებელი და, რაღა თქმა უნდა, უფრო იდუმალებით მოცული გახლდათ ეს საიდუმლო, ვიდრე რომელიც გნებავთ იმათგანი, რომელთაც გვაიძულეს ლონდონი დაგვეტოვებინა. ჩვენი მოკრძალებული ცხოვრება, მშვიდობიანი, ჯანსაღი დასვენება უხეშად დაირღვა და მორევში ჩვენ დაგვაბრუნ-დაგვატრიალეს მოვლენებმა, რომელთაც შეძრეს არა მარტო კორნუელი, არამედ მთელი დასავლეთი ინგლისიც. ბევრ მკითხველს ახსოვს უთუოდ "კორნუელის საშინელება", როგორც მაშინ უწოდებდნენ, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ლონდონის პრესას სრული მონაცემები არ გააჩნდა. და ახლა, ცამეტი წლის შემდეგ, დადგა დრო, როცა შემიძლია ამ მიუწვდომელი მოვლენის წვრილმანები მოგითხროთ.
მე უკვე განგიცხადეთ, რომ იშვიათი სამრეკლოები შუქურებივით გვიჩვენებდნენ კორნუელის ამ ნაწილში მიმოფანტულ სოფლებს. ჩვენგან ყველაზე ახლოს იყო ტრიდენიკუოლესი, სადაც სოფლის მცხოვრებთა ასობით პატარა სახლი იდგა. იმ სოფლის მცხოვრებნი ძველი დახავსებული ეკლესიის კედლების გარშემო იყვნენ ხოლმე მიყუჟული. ამ მრევლის მღვდელი, მისტერ რაუნდჰეი არქეოლოგიის ტრფიალი გახლდათ. ამ ნიადაგზე გაეცნო მას ჰოლმსი. ეს იყო შუახნის გულღია, სქელი კაცი, რომელიც აქაურობას რიგიან-პირიანად იცნობდა. ერთხელ შინ მიგვიპატიჟა და ჩაით გაგვიმასპინძლდა. მასთან გავიცანით მისტერ მორტიმერ ტრიჯენისი, შეძლებული კაცი, რომელიც მღვდლის მცირე შემოსავალს ბინის ქირით ზრდიდა. მღვდლის დიდსა და უთავბოლოდ აშენებულ სახლში მისტერ მორტიმერს ოთახები ჰქონდა დაქირავებული, მარტოხელა მოძღვარი ამით კმაყოფილი იყო, თუმცა ცოტა რამ ჰქონდა საერთო თავის მდგმურთან, სათვალიან, გამხდარ, შავგვრემან კაცთან, ვინც წელში იმდენად გადრეკილიყო, რომ ერთი შეხედვით კუზიანი გეგონებოდათ. მახსოვს, ჩვენი ხანმოკლე სტუმრობისას, მღვდელმა დაუღალავი მოსაუბრის შთაბეჭდილება დატოვა. სამაგიეროდ, მისი მდგმური უცნაურობამდე უკარება, ნაღვლიან და ფიქრიან კაცად მოგვეჩვენა. იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა, ეტყობოდა, საკუთარ ფიქრებში იყო ღრმად ჩაფლული.
სამშაბათს, თექვსმეტ მარტს, როცა ნასაუზმევს თუთუნს ვაბოლებდით და, ჩვეულებისამებრ, ტორფის ჭაობებში სასეირნოდ ვემზადებოდით, ჩვენს პატარა სასტუმრო ოთახში ეს ორი კაცი შემოიჭრა.
- მისტერ ჰოლმს, - თქვა აღლევებულმა მღვდელმა, - წუხელ ღამით საშინელი ტრაგედია დატრიალდა, პირდაპირ გაუგონარი ამბავია! ალბათ თვითონ განგებამ მოგიყვანათ ასე დროულად ჩვენს მხარეში, ჩვენ ხომ ვიცით, ინგლისში თუ ვინმეს შეუძლია ჩვენი დახმარება, ეს თქვენა ხართ!
არც თუ ძალიან მეგობრულად გადავხედე მღვდელს, მაგრამ ჰოლმსმა პირიდან ჩიბუხი გამოიღო და, როგორც გამოცდილმა მეძებარმა მონადირის ძახილზე, ყურები დაცქვიტა. ჰოლმსმა მღვდელს ანიშნა, დაჯექიო და ჩვენი აწრიალებული სტუმარი თავის თანამგზავრთან ერთად დივანზე ჩამოჯდა. მისტერ მორტიმერ ტრიჯენისს უფრო რიგიანად ეჭირა თავი, მაგრამ მისი გამხდარი ხელების უნებური კრუნჩხვა და მუქი თვალების ციებიანივით ციმციმი მოწმობდა, რომ ისიც გვარიანად შეფუცხუნებული იყო.
- ვინ მოუთხრობს, მე თუ თქვენ? - ჰკითხა მღვდელმა.
- მე ხომ არ ვიცი, რა მოხდა თქვენთან, - თქვა ჰოლმსმა, - მაგრამ რაკი ისე ჩანს, რომ პირველად ეს ამბავი თქვენ აღმოაჩინეთ, თქვენვე მოყევით: მღვდელმა ხომ ეს თქვენგან გაიგო.
სახელდახელოდ ჩაცმულ მღვდელს გადავხედე, მერე მის კოხტად ჩაცმულ მდგმურს შევავლე თვალი და გულში სასიამოვნო ხიცინი ვიგრძენი იმ გაოცების გამო, რაც მათ სახეებზე ჰოლმსის უბრალო ლოგიკურმა დასკვნამ გამოიწვია.
- ნება მიბოძეთ, რამდენიმე სიტყვა გითხრათ, - დაიწყო მღვდელმა. - და მაშინ თქვენ თვითონ გადაწყვეტთ, მისტერ ტრინეჯისს მოუსმინოთ და საქმის ვითარება დაწვრილებით შეიტყოთ, თუ დაუყოვნებლივ უნდა გაეშუროთ ადგილობრივი დათვალიერების ჩასატარებლად, შემთხვევის ადგილზე. მე კი აი, რა მინდა გაუწყოთ: გუშინ საღამოს ჩვენი მეგობარი სტუმრად იყო თავის ძმებთან, ოუენთან და ჯორჯთან. იქვე იყო მათი და ბრენდა. მათი სახლი ტრიდენიკ უორთში, ტორფის ჭაობებში, ძველი ქვის ჯვრის მახლობლადაა. თერთმეტი საათი რომ დაიწყო, მისტერ ტრიჯენისი უკან გამობრუნდა. მანამდე სასადილოში ბანქოს თამაშობდნენ, თავს ყველა ჯანმრთელად და მხიარულად გრძნობდა. დღეს დილით, ჯერ კიდევ საუზმობამდე, ჩვენი მეგობარი (რომელიც ყოველთვის ადრე დგება) სასეირნოდ წავიდა თავისი დედმამიშვილების სახლისაკენ. გზაზე წამოეწია ექიმ რიჩარდსის ეტლი. აღმოჩნდა, რომ ექიმი ის-ის იყო ტრიდენიკ უორთში გამოეძახათ. რა თქმა უნდა, მისტერ მორტიმერ ტრიჯენისიც მასთან ერთად გაემგზავრა. ადგილზე მისულები რაღაც გაუგონარი ამბის მოწმენი შეიქნენ. და-ძმები მაგიდას ისევ ისე უსხდნენ, როგორც მორტიმერმა წინა ღამეს დატოვა. წინ ისევ ის ბანქო ჰქონდათ გაშლილი, მაგრამ სანთლები ბოლომდე ჩამწვარიყო. ბრენდა სავარძელში მკვდარი ეგდო, აქეთ-იქით კი ძმები ისხდნენ: ყვიროდნენ, მღეროდნენ, ხარხარებდნენ... ერთი სიტყვით ნამდვილი გიჟებივით იქცეოდნენ. სამივეს, მკვდარ დასა და ორ ჭკუადაკარგულ ძმას სახეებზე ჰქონდათ შეყინული გამოუთქმელი შიში და ზარი, რომლის ხილვაც საშიში და ელდის დამცემია. არავითარი კვალი არა ჩანს, რომ სახლში ვინმე გარეშე ყოფილიყო. მისის პორტერმა, მოხუცმა მზარეულმა, არაფერი იცის, მნემ განაცხადა, რომ მთელი ღამე ეძინა და არაფერი გაუგია. მოპარული არაფერი არაა, ყველა ნივთი თავის ადგილზეა და ამიტომ სრულიად გაუგებარია, ასე რამ დააშინა ის საბრალო ადამიანები, რომ ქალმა სიცოცხლე დაკარგა, ხოლო ძმები კი ჭკუიდან შეიშალნენ. აი, მოკლედ ყველაფერი, მისტერ ჰოლმს და თუ თქვენ დაგვეხმარებით მომხდარი ამბის გარკვევაში, დიდ საქმეს გააკეთებთ.
მე ჯერ კიდევ იმედი მქონდა, ჩემს მეგობარს დავიყოლიებდი, ეფიქრა დასვენებაზე, რაც ჩვენი იქ ყოფნის მიზანს შეადგენდა. მაგრამ ჰოლმსის ჩაფიქრებულ, დაძაბულ სახეს რომ შევხედე და მისი შეყრილი წარბები დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ყველა იმედი ფუჭი იყო. ჰოლმსი დუმდა. იგი მთლიანად შთაენთქა იმ არაჩვეულებრივ დრამას, რომელიც ჩვენს წყნარ ცხოვრებაში შემოიჭრა.
- მე ამ საქმის კვლევას დაუყოვნებლივ შევუდგები - თქვა ბოლოს. - რამდენადაც მესმის, სრულიად განსაკუთრებული შემთხვევაა. თვითონ იყავით იქ, მისტერ რაუნდჰეი?
- არა, მისტერ ჰოლმს. როგორც კი გავიგე მისტერ ტრიჯენისისგან ეს უბედურება, მაშინვე თქვენთან გამოვეშურეთ რჩევისთვის.
- შორსაა ის სახლი, სადაც ეს საზარელი ტრაგედია დატრიალდა?
- აქედან ერთი მილი მანძილი იქნება.
- მაშ ერთად წავიდეთ. მაგრამ ჯერ, მისტერ მორტიმერ ტრიჯენის, მინდა რამდენიმე კითხვა მოგცეთ.
ტრიჯენისი დუმდა, ხმა-კრინტი არ დაუძრავს, მაგრამ შევნიშნე, რომ სულის სიღრმეში ის უფრო შეშფოთებული იყო, ვიდრე მცქმუტავი და სიტყვაუხვი მღვდელი. ის უბედური გაფითრებულ, დაბღნეჯილ, მოუსვენარ მზერას ჰოლმსს არ აცილებდა და გამხდარი ხელები ნერვიულობისაგან ხან ეკუმშებოდა და ხან ეშლებოდა. მღვდელი რომ იმ საშინელ ამბავს ჰყვებოდა, ტრიჯენისს ფერწასული ბაგეები უთრთოდა, და მომეჩვენა, თითქოს ის საშინელი სურათი მის თვალებში ირეკლებოდა.
- ყველაფერი მკითხეთ, რასაც საჭიროდ ჩათვლით, მისტერ ჰოლმს, - თითქოს ხალისით წარმოთქვა ტრიჯენისმა. - ჩემთვის ძნელია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ არაფერს დაგიმალავთ.
- მომიყევით გუშინდელი საღამოს ამბავი.
- რაც მისტერ რაუნდჰეიმ მოგახსენოთ, ყველაფერი ისე გახლდათ. ერთად ვისადილეთ, შემდეგ უფროსმა ძმამ ჯორჯმა ვისტის თამაში შემოგვთავაზა. ბანქოს ცხრა საათზე მივუსხედით. თერთმეტის თხუთმეტზე შინ დასაბრუნებლად მოვემზადე. მაგიდას უსხდნენ, ჯანმრთელები და მხიარულები.
- თქვენ რომ წამოხვედით, ვინ გამოგაცილათ და კარი ვინ დახურა?
- მისის პორტერი უკვე დაწოლილი იყო, არავის გამოვუცილებივარ, თვითონ მოვიხურე კარი. ფანჯარა იმ ოთახისა, რომელშიაც და-ძმები დავტოვე, დახურული იყო, მაგრამ ფარდები არ ჰქონდათ ჩამოშვებული. დღეს დილითაც კარ-ფანჯარა ისევე დახურული აღმოჩნდა. ცხადია, დახურულ კარსა და სარკმელებში უცხო ვინმე ვერ შეიპარებოდა. და მაინც აგრე მგონია, რომ შიშმა ჭკუიდან გადაიყვანა ჩემი ძმები, შიშმავე მოკლა ბრენდა... რომ გენახათ, როგორ ეგდო, სავარძლის სახელურიდან გადმოკიდებული... სიკვდილამდე რა დამავიწყებს იმ ოთახს!
- რასაც თქვენ ამბობთ, უბრალოდ, გაუგონარი ამბავია, - თქვა ჰოლმსმა. - მაგრამ რამდენადაც მესმის, მომხდარის მიზეზი ჩვენთვის სრულიად უცნობია? თქვენ ხომ არა გაქვთ რაიმე ვარაუდი, ან მოსაზრება მომხდარი უბედურების მიზეზსა და საბაბზე?
- ეს ეშმაკის საქმეა, ჰოლმს, ეშმაკის საქმე! - შესძახა მორტიმერ ტრიჯენისმა. - ამ საქმეში უწმინდური სულის ხელი ურევია, რაღაც საშინელება მოხდა და ადამიანებმა ჭკუა დაკარგეს. განა ადამიანს შეუძლია, ასეთი რამ მოიმოქმედოს?
- თუ მომხდარი ამბის დასადგენად ადამიანური ძალა და უნარი არა კმარა, მაშინ გამოცნობა და გამოძიება მეც გამიჭირდება, - შენიშნა ჰოლმსმა. - მაგრამ, ვიდრე თქვენს ვერსიას დავეთანხმები, ყველა რეალური მიზეზი, ვარაუდი, მოსაზრება და ეჭვი უნდა ავწონ-დავწონო, შევამოწმო, უარვყო, ანდა დავადასტურო, მხოლოდ და მხოლოდ სამხილითა და ფაქტებით. მისტერ ტრიჯენის, თქვენ რაღაც უთანხმოებაც გექნებოდათ თქვენს ნათესავებთან, - თქვენ ხომ ცალკე ცხოვრობთ, არა?
- დიახ, ასეც გახლდათ, მისტერ ჰოლმს, თუმცა ეს წარსულის საქმეა. ჩვენს წინაპრებს რედრუტში კალის საბადოები ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ კომპანიას მივყიდეთ, საშუალება მოგვეცა გვარიანად გვეცხოვრა და იქაურობას გავეცალეთ. არ დავფარავ, რომ გაყოფის დროს წავიჩხუბეთ და ერთხანს კიდევ ვემდუროდით ერთმანეთს. მაგრამ რაც იყო, იყო, უკმაყოფილება წარსულს ჩავაბარეთ და ჩვენ ისევ ერთგულ მეგობრებად დავრჩით.
- ჩვენ მაინც გუშინდელ ამბავს მივუბრუნდეთ. ხომ ვერ გაიხსენებთ რაიმეს, რაც ოდნავ მაინც, თუნდაც არაპირდაპირი გზით, ამ იდუმალებით მოცულ ამბავს შუქს მოჰფენდა? კარგად დაფიქრდით, მისტერ ტრიჯენის, მომხდარი უბედურების ასახსნელად ყოველი მინიშნება გამომადგება.
- არა, სერ, არაფერი ასეთი არ მაგონდება.
- თქვენ რომ წამოხვედით, თქვენი ნათესავები ჩვეულებრივ გუნებაზე იყვნენ?
- დიახ, ძალიან კარგ გუნებაზე.
- ხომ არ ნერვიულობდნენ. მეტისმეტად აღგზნებულნი, აფორიაქებულნი ხომ არ იყვნენ, მოახლოებული საფრთხის წინათგრძნობა ხომ არა ჰქონდათ?
- არა, არა.
- მაშ, მეტით არაფრით შეგიძლიათ დამეხმაროთ?
მორტიმერ ტრიჯენისმა მეხსიერება დაძაბა.
- აი, რა მომაგონდა, - თქვა ბოლოს, - როცა ბანქოს ვთამაშობდით, ზურგი ფანჯრისკენ მქონდა მიქცეული. ხოლო ჩემი ძმა, ჯორჯი ჩემი პარტნიორი, ფანჯარაში იცქირებოდა. უცებ შევნიშნე, რომ ჩემი მხრების უკან, დაძაბულად უმზერდა რაღაცას. მეც მოვბრუნდი და გავიხედე. ფანჯარა დახურული იყო, მაგრამ ფარდები არ გვქონდა ჩამოშვებული, და მინდორზე ბუჩქები შევნიშნე. მომეჩვენა, თითქოს იმ ბუჩქებში რაღაც მოძრაობდა. ვერ გავარკვიე, კაცი იყო თუ ცხოველი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქ ვიღაც იყო. როცა ძმას ვკითხე საით გაიყურები ასე დაჟინებით-მეთქი, მიპასუხა, რაღაც მომეჩვენაო. აი, სულ ეს იყო.
- მერე, არ დაინტერესდით, რა იყო ეს?
- არა, იმწუთას დამავიწყდა.
- როცა გზას გაუდექით, ცუდი წინათგრძნობა ხომ არა გქონდათ? ხომ არ გეშინოდათ?
- სულაც არა.
- კარგად ვერ გავიგე, როგორ შეიტყეთ ასე ადრიანად ახალი ამბავი?
- ჩვეულებრივ, ადრე ვდგები და საუზმობამდე სასეირნოდ გავდივარ ხოლმე. დღეს დილით გზაზე ექიმის ორთვალა ეტლი დამეწია. ექიმმა მითხრა, ეს არის, მოხუცმა მის პორტერმა ყმაწვილი გამოგზავნა და სასწრაფოდ მიხმოო. მეც ორთვალაში ჩავხტი და ერთად წავედით. როგორც კი ადგილზე მივედით, მაშინვე ოთახში შევცვივდით. სანთლები და ბუხარში ცეცხლი დიდი ხნის ჩამქრალი იყო, ოთახში გათენებამდე წყვდიადი ყოფილა. ექიმმა თქვა, ბრენდა ექვსი საათის წინ მომკვდარაო. ძალადობის არავითარი კვალი და ნიშნები არ ემჩნეოდა. იწვა სავარძელში სახელურზე გადაკიდებულ და სახეზე შიშის ზარი ეხატა. ჯორჯი და ოუენი სხვადასხვა ხმაზე მღეროდნენ და რაღაცას მაიმუნებივით ბურტყუნებდნენ. ო, ეს საშინელი სანახაობა იყო! მე ძლივს მოვითმინე, ძლივს გავუძელი, ხოლო ექიმი ტილოსავით გათეთრდა, ცუდად გახდა და სავარძელში ჩავარდა. კიდევ კარგი, ჩვენი მოსავლელი არ შეიქნა.
- ძალიან საყურადღებო ამბავია... ძალიან საყურადღებო! - წარმოთქვა ჰოლმსმა, ადგა და ქუდი აიღო. - ვფიქრობ, დრო რომ არ დავკარგოთ, პირდაპირ ტრიდენიკ უორთში გავეშუროთ. უნდა ვაღიარო, იშვიათად შემხვედრია საქმე, რომელიც თავიდანვე ესოდენ უჩვეულოდ მომჩვენებია.
იმ დილით ჩვენს ძიებას დიდი წარმატება არ ეწერა. თუმცა დასაწყისშივე მოხდა ერთი შემთხვევა, რამაც ჩემს გონებაზე ძალზე დამთრგუნველად იმოქმედა. შემთხვევის ადგილისაკენ ვიწრო შუკას მივუყვებოდით. მოულოდნელად, მიხვეულ-მოხვეულ გზაზე მორახრახე ეტლი გამოჩნდა. გზისპირს გადავუხვიეთ, რომ გზა დაგვეცალა. ეტლი რომ გაგვისწორდა, აწეული მინის ქვემოდან გამოჩნდა თვალებგადმოკარკლული, კბილებდაკრეჭილი, მოქცეული სახე. დაჭყეტილმა თვალებმა და გადმოყრილმა კბილებმა მართლაც საშინელ მოლანდებასავით ჩაგვიქროლა.
- ჩემი ძმები! - შესძახა ერთიანად გათეთრებულმა მორტიმერ ტრიჯენისმა, - ისინი ჰელსტონში მიჰყავთ!
შეძრწუნებულებმა გავაყოლეთ თვალი შავ კარეტას, გზას რომ გამაყრუებელი რახრახით მიუყვებოდა. შემდეგ იმ სახლისაკენ გავწიეთ, სადაც იმ უბედურებს მართლაც უცნაური ბედი ეწიათ.
ეს იყო ფართო, ნათელი სახლი, უფრო ვილა ეთქმოდა, ვიდრე კოტეჯი, დიდი ბაღით, სადაც, რბილი კორნუელური ჰავის წყალობით, გაზაფხულის ყვავილები უკვე სურნელს აფრქვევდნენ. ამ ბაღში სასტუმროდან გადიოდა ფანჯარა, საიდანაც, მორტიმერ ტრიჯენისის მტკიცებით, სახლში ავი სული შეიჭრა და სახლის პატრონები დაასაპყრა და მოკლა კიდეც. ვიდრე აივანზე ავიდოდით, ჰოლმსმა ნელა, დაფიქრებულმა დაათვალიერა ყვავილნარები და ბაღის გზები მიიარ-მოიარა. მახსოვს, იგი ისე იყო ფიქრებში გართული, რომ სარწყულს წამოედო, წყალი დაღვარა და ფეხები დაგვისველა. სახლში დაგვხვდა მოხუცი მნე, მისის პორტერი, რომელიც ახალგაზრდა მოსამსახურე გოგოს დახმარებით მეურნეობას უძღვებოდა. იგი ხალისით პასუხობდა ჰოლმსს ყველა კითხვაზე. არა, ღამით არაფერი გამიგიაო, თქვა. ბატონები უკანასკნელ დროს ძალიან კარგ გუნებაზე იყვნენ. არ მახსოვს, ოდესმე ასე მხიარულები და კმაყოფილები ყოფილიყვნენ. დილით რომ ავდექი, ოთახში შევედი და ვნახე, რა ყოფაშიც უსხდნენ ძმები მაგიდას, გულწასული ძირს დავეციო. გონს რომ მოვედი, ფანჯარა გამოვაღე, ოთახში ჰაერის გასაწმენდად, მერე გზაზე გავვარდი, ფერმერის ყმაწვილს დავუძახე და ექიმთან გავაგზავნეო. თუ დახედვა გინდათ, დიასახლისი თავის საწოლში ასვენია. ოთხი ჯანმაგარი სანიტარი ძლივს მოერია ორ გაგიჟებულ ძმას და ეტლში რის ვაივაგლახით ჩასვეს. ხვალამდეც ვეღარ დავრჩები ამ სახლში, დაუყოვნებლივ სენტაივსში, ჩემს სახლში უნდა წავიდეო, განაცხადა ბოლოს მნემ.
ზემოთ ავედით და ვნახეთ ბრენდა ტრინეჯისის გვამი. მართალია, შუახანს გადაცილებული იყო, მაგრამ ახლაც ყველა მხილველი იტყოდა, ახალგაზრდობაში მზეთუნახავი ყოფილაო. სიკვდილის შემდეგაც კი მის მშვენიერ, თუმცა შავგვრემან, სახის ნატიფ ნაკვთებზე შიშის დაღი ირეკლებოდა - ეს იყო მისი უკანასკნელი განცდა სიკვდილის წინ. საწოლიდან ჩამოვედით სასტუმროში, სადაც მოხდა ეს უმაგალითო ტრაგედია. ბუხარში ცეცხლი ჯერ კიდევ ბჟუტავდა. მაგიდაზე ოთხი ჩამწვარ-ჩაღვენთილი სანთელი მოჩანდა. ბანქო აქეთ-იქით იყო მიმობნეული. სკამები კედლებთან იყო მიდგმული, სხვა ნივთებს არავინ შეხებოდა. ჰოლმსმა მსუბუქი, სწრაფი ნაბიჯებით დაიარა ოთახი. სკამებზე ჯდებოდა, სხვა ადგილზე გადაჰქონდა და დგამდა ისე, როგორც წინა საღამოს იქნებოდნენ მიდგმულ-მოდგმულნი. არკვევდა, რამდენად ჩანდა ბაღი სხვადასხვა კუთხიდან. გასინჯა იატაკი, ჭერი. ბუხარი, მაგრამ ერთხელაც ვერ შევნიშნე მის თვალებში ის გაელვება, ვერც მოკუმული ბაგეები, რაც ჩემთვის იმისი დასტური იქნებოდა, რომ თავსატეხის გასაღები მიგნებული ჰქონდა. - რისთვის ენთო ბუხარში ცეცხლი? - იკითხა უცებ, - ნუთუ ასეთ პატარა ოთახს გაზაფხულზეც ათბობენ?
მორტიმერ ტრიჯენისმა განმარტა, რომ საღამოს ციოდა და სინესტე იყო. ამიტომ, როცა ის მივიდა, ბუხარში ცეცხლიც გააჩაღეს.
- შემდეგ რას აპირებთ, მისტერ ჰოლმს? - ჰკითხა მერე თვითონ.
ჩემმა მეგობარმა ღიმილით დამადო ხელი მხარზე.
- იცით, უოტსონ, მე ალბათ ისევ მომიხდება ჩიბუხის ქაჩვა და თქვენი სამართლიანი საყვედურების მოსმენა. თქვენი ნებართვით, ბატონებო, ჩვენ შინ დავბრუნდებით, რადგან აქ რაიმე ახალის პოვნის იმედი აღარა მაქვს. ყველა ცნობილ ფაქტს დიდი ყურადღებით გავაანალიზებ, მისტერ ტრიჯენის, და, თუ რაიმე დამიჯდება ჭკუაში, დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ თქვენა და მღვდელს. ჯერ კი, ნება მიბოძეთ, დაგემშვიდობოთ.
კოტეჯში რომ დავბრუნდით, ჰოლმსი დაძაბულ დუმილს მიეცა. ღრმა სავარძელში იჯდა, თამბაქოს ბოლქვებით გარემოცული. შავი წარბები დაბლა დაეშვა, შუბლს ისე ჭმუხნიდა, რომ ნაოჭები გაუჩნდა, განდეგილის ნატანჯ სახეზე ფიქრის დაღმა იელვა და თვალები ჯიუტად აშტერდებოდნენ ერთ წერტილს. ბევრი ფიქრის შემდეგ ჩიბუხი გადააგდო და ზეზე წამოიჭრა.
- არაფერი არ გამოდის, უოტსონ! - გაიცინა, - ჯობს, წავიდეთ, გავიაროთ, კაჟიანი ისრები ვიპოვოთ. უმალ ასეთ იშვიათობას ვნახავთ, ვიდრე ამ თავსატეხის პასუხს. ტვინი რომ აიძულო, მაშინ იმუშაოს, როცა არაა საკმაო მასალა სამუშაოდ - ეს იგივეა, რომ მოტორი გაახურო და გადაწვა. ტვინი ნამსხვრევებად იქცევა. ზღის ჰაერი, მზე და მოთმინება - აი, რა გვჭირდება, უოტსონ, დანარჩენი კი მოგვარდება.
- ახლა კი დამშვიდებით განვსაჯოთ შექმნილი მდგომარეობის ავკარგი, - განაგრძო მან, როცა ხრამის თავზე ბილიკს მივუყვებოდით. - მტკიცედ უნდა დავიმახსოვროთ ის მაინც, რაც გაგვაჩნია, იმ დროისათვის, როცა ახალი ფაქტები გამოჩნდება. ჯერ ერთი, შევთანხმდეთ, რომ ეშმაკის მანქანები აქ არაფერ შუაშია. ეს აზრი თავიდან უნდა ამოვიგდოთ. ჩინებულია. ჩვენს თვალწინაა სამი უბედური მსხვერპლი რომელიღაც განაზრახი ან უნებური დანაშაულისა, რაც ადამიანმა ჩაიდინა. აი, ესაა საყრდენი წერტილი ჩვენთვის. ახლა წავიდეთ წინ. როდის მოხდა უბედურება? თუ მორტიმერ ტრიჯენისს ვერწმუნებით, სახლიდან მისი წასვლისთანავე. ეს ძალზე მნიშვნელოვანი წვრილმანია. ეტყობა, ყველაფერი მისი წასვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყო და დასრულდა. თურმე მაგ დროისათვის, ჩვეულებრივ, დასაძინებლად წვებოდნენ ხოლმე. ისინი კი ისევ სხედან, სკამებიც კი არსაით მიუდგ-მოუდგამთ. ამრიგად, ვიმეორებ: ეს მოხდა დაუყოვნებლივ სტუმრის წასვლის შემდეგ და არა უგვიანეს საღამოს თერთმეტი საათისა.
ახლა კვალდაკვალ მივყვეთ, რამდენად არის შესაძლებელი ის, რაც მორტიმერ ტრიჯენისმა ჩაიდინა, ოთახიდან რომ გავიდა. ეს სულაც არაა ძნელი საქმე და იგი თითქოს ეჭვს გარეშე დგას. თქვენ იცნობთ ჩემს მეთოდებს და სარწყავზე დაუდევრობით ფეხის წამოკვრაც იმისათვის დამჭირდა, რომ მისი ფეხის მკაფიო ანაბეჭდს დავკვირვებოდი. სველ ქვიშაზე ჩინებული ანაბეჭდი დაუტოვებია. გუშინ საღამოსაც, როგორც გახსოვთ, ნიადაგი სველი იყო და მე იოლად მივყევი მის ნაკვალევს. ყველაფრიდან ჩანს, რომ ის კაცი მღვდლის სახლისაკენ მიისწრაფოდა.
რაკი მორტიმერ ტრიჯენისი სცენიდან ქრება, მაშასადამე, ბანქოს მოთამაშეებს ვიღაც სხვა გამოეცხადათ. ვინ იყო ის კაცი და რით გამოიწვია ასეთი ელდა? მისის პორტერი გამორიცხულია. იგი აშკარად არაფერ შუაშია. შეიძლება თუ არა იმის მტკიცება, რომ ვიღაცა ბაღიდან გამოვიდა, ფანჯარას მიადგა და თავისი გამოჩენით ასეთი უბედურება დაატრიალა? ჩვენ ამის თაობაზე ერთადერთი ჩვენება გვაქვს და ის ჩვენებაც ისევ მორტიმერ ტრიჯენისს ეკუთვნის. ეს მან შეამჩნია, რომ მისმა ძმამ ბუჩქებში ვიღაცა დალანდა. ბაღში ვიღაცა თუ რაღაცა მოძრაობდა. ეს უცნაურია, რადგან ბნელი საღამო იყო, წვიმდა, და თუ ვინმე მართლა აპირებდა ტრიჯენისების დაშინებას, იმ ადამიანს ფანჯრის მინაზე ცხვირი და პირი ზედ უნდა მიეჭყლიტა. ფანჯრის ქვეშ კი დიდი ყვავილნარია და იქ ფეხის არავითარი ნაკვალევი არაა. ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა მოეხერხებინა უცნობს ასე შორიდან ეგზომ საზარელი შთაბეჭდილება მოეხდინა. ამას გარდა, ვერა ვხედავ შესაფერის მოტივს ასეთი ამოუხსნელი საქციელისათვის. ხვდებით, რა სიძნელეებია ჩვენ წინ, უოტსონ?
- ოღონდაც! - დაბეჯითებით ვუპასუხე მე.
- და მაინც, თუ მცირეოდენი ახალი მონაცემები მოვიპოვეთ, ამ სიძნელეებს იოლად დავძლევთ. ჩემი ფიქრით, ჩვენს უზარმაზარ არქივებში, უოტსონ, ბევრი იქნება ასეთივე ამოუხსნელი შემთხვევა. ეს საქმე მანამდე უნდა გადავდოთ, ვიდრე უფრო ზუსტ ცნობებს შევკრებთ. ეს დილა კი ნეოლითის ადამიანის ძებნას შევწიროთ.
მგონი, მოგახსენეთ, რომ ჩემი მეგობარი ძიებიდან სხვა საქმეზე გადართვის საოცარი უნარით განირჩეოდა. მაგრამ არასოდეს ეს ამბავი ისე ძლიერ არ გამკვირვებია, როგორც იმ გაზაფხულის დილას კორნუელში, როცა თითქმის მთელი ორი საათი იგი კელტებზე, თავის ქალებზე და კაჟის ბუნიკებზე მსჯელობდა და თანაც ისე უდარდელად ირჯებოდა, თითქოს ავბედითი საიდუმლო სულაც არ აწუხებდა. შინ დაბრუნებულებს ისეთი სტუმარი გველოდა, რომელმაც მაშინვე სინამდვილის სარბიელზე დაგვაბრუნა. ჩვენ მას კარგად ვიცნობდით. ახმახი აღნაგობა, ტლანქი ნაოჭებით დაღარული სახე, ცეცხლოვანი თვალები, არწივისებური კეხიანი ცხვირი, შეჭაღარავებული თავი, თითქმის ჭერს რომ უსწორდებოდა, ოქროსფერი წვერი აქა-იქ შეთეთრებული და ბაგეების გარშემო სიგარისაგან ჩაყვითლებული - ეს ნიშნები კარგად იყო ცნობილი ლონდონსა და აფრიკაში და შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ადამიანისათვის მიგეკუთვნებინათ, ეს გახლდათ ექიმი ლეონ სტერნდეილი, სახელგანთქმული მკვლევარი და ლომებზე მონადირე.
გაგონილი გვქონდა, რომ იგი სადღაც ჩვენს მახლობლად ცხოვრობდა და არაერთხელ დაგვინახავს კიდეც ეს ზორზოხი კაცი ტორფის ჭაობებში. ჩვენი გაცნობა მას არ უცდია, და მიძალება გასაცნობად არც ჩვენ მოგვსვლია აზრად, რადგან ვიცოდით, რომ განმარტოებისადმი სიყვარულიღა აიძულებდა მოგზაურობიდან მოგზაურობამდე დრო ამ მიყრუებულ კუთხეში გაეტარებინა, აქ ცხოვრობდა იგი სრულიად მარტო, წიგნებითა და რუკებით გარემოცული, თვითონვე აწარმოებდა თავის მარტივ მეურნეობას და სულაც არ აინტერესებდა, რით სულდგმულებდნენ მისი მეზობლები. ამიტომ ძალიან გამაოცა მისმა სიფიცხემ, რითაც ჰოლმსს ეკითხებოდა, მოახერხეთ თუ არა ამ მიუწვდომელი საიდუმლოებიდან რაიმეს გამოცნობაო.
- პოლიცია ჩიხში მოექცა, - თქვა მან, - მაგრამ იქნება თქვენმა მდიდარმა გამოცდილებამ იძალოს და საქმის გამოძიება შეიძლოთ. გთხოვთ, მენდოთ, რადგან ამ მხარის ხშირი სტუმარი ვარ, ტრიჯენისების ოჯახს ახლოს ვიცნობ, დედის მხრიდან ნათესავებადაც კი მომხვდებიან. თავადაც მოგეხსენებათ, მათმა საშინელმა ბედმა დამამწუხრა. აფრიკაში მივემგზავრებოდი, უკვე პლიმუტში ვიყავი, როცა ამ დილით ეს შემზარავი ამბავი გავიგე და მაშინვე აქეთ გამომიწია გულმა, რომ ძიებაში დაგხმარებოდით.
ჰოლმსმა წარბები აზიდა.
- ამისათვის ჩამოხვედით გემიდან?
გემებს რა გამოლევს, სხვას გავყვები.
- ღმერთო ჩემო, აი მეგობრობაც ასეთი უნდა!
- აკი მოგახსენეთ, ნათესავები ვართ-მეთქი.
- დიახ, მახსოვს, დედის მხრიდან. ბარგი უკვე გემბანზე იყო?
- ნაწილი. მეტი წილი ჯერ კიდევ სასტუმროში მქონდა.
- მესმის. მაგრამ თქვენი ნათესავების დაღუპვის ცნობა დღეს დილითვე ხომ ვერ მოხვდებოდა პილმუტის გაზეთებში?
- არა, სერ, დეპეშა მივიღე.
- ნება მომეცით, გკითხოთ, ვისგან მიიღეთ დეპეშა?
მკვლევარს გამხდარი სახე მოექუფრა.
- თქვენ მეტისმეტად ცნობისმოყვარე ხართ, მისტერ ჰოლმს.
- ასეთი გახლავთ ჩემი პროფესია.
ექიმმა სტერნდეილმა ძლივს დაიბრუნა უწინდელი სიმშვიდე.
- რატომ უნდა დაგიმალოთ სიმართლე, - თქვა მან. - დეპეშა გამომიგზავნა მისტერ რაუნდჰეიმ, მღვდელმა.
- მადლობელი ვარ, - სიტყვა ჩამოართვა ჰოლმსმა. - რაც შეეხება თქვენს კითხვას, შემიძლია ასეთი პასუხი გაგცეთ, ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ საქმის არსში, მაგრამ მტკიცედ მწამს, რომ ჭეშმარიტებას მივაგნებ. ჯერჯერობით სულ ესაა.
- ხომ ვერ მეტყვით, ეჭვი თუ გაქვთ ვინმეზე?
- ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ.
- მაშინ ტყუილად მოვსულვარ, მეტს აღარ შეგაწუხებთ.
სახელგანთქმული ექიმი ფართო ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან, იგი საგრძნობლად შეწუხებული გახლდათ. ხუთ წუთში ჰოლმსიც თან გაჰყვა. ჩემი მეგობარი საღამომდე აღარ გამოჩენილა. როცა დაბრუნდა, დაღლილი და უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა, რითაც დავრწმუნდი, რომ ძიებამ კვლავ უშედეგოდ ჩაიარა. შინ დეპეშა ელოდა. თვალი გადაავლო და ბუხარში ისროლა.
- პლიმუტიდანაა, უოტსონ, სასტუმროდან, - ამიხსნა, - მღვდელს შეკითხვა გავუგზავნე და დეპეშით შევამოწმე ექიმ სტერნდეილის სიტყვების სიმართლე. მას მართლა გაუთევია იქ ღამე და მისი ბარგის ნაწილი მართლაც აფრიკაში წასულა. თვითონ კი დაბრუნდა, რომ კვლევა-ძიებაში მონაწილეობა მიიღოსო. რას იტყვით, უოტსონ?
- ჩანს, ეს საქმე გულთან ახლო მიუტანია.
- ძალიან. აი, ეს უნდა იყოს ის ძაფი, რასაც ჯერ კიდევ ვერ მივყოლივართ და რასაც შეუძლია ლაბირინთიდან გამოგვიყვანოს. მხნედ იყავით, უოტსონ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჯერ კარგად არ ვიცით. როცა მეტს გავიგებთ, ყველა სიძნელე უკან დაგვრჩება.
ვერანაირად ვერ ვივარაუდებდი, რომ ჰოლმსის სიტყვა ასე მალე აცხადდებოდა. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რა უცნაური და საზარელი აღმოჩნდებოდა ჩვენი აღმოჩენა, რომელმაც ძიება სულ სხვა, ახალი გზით წარმართა. დილით, როცა პირს ვიპარსავდი, ცხენის ფლოქვების ხმა შემომესმა. ფანჯარაში გავიხედე და ორთვალა ეტლი დავინახე. ეტლი დიდი სისწრაფით მოჰქროდა. იგი ჩვენს ჭიშკართან გაჩერდა, ორთვალიდან მღვდელი გადმოხტა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ბაღის გზაზე გამოიქცა. ჰოლმსი უკვე მზად იყო და ჩვენ საჩქაროდ შევეგებეთ.
მღელვარებისაგან ჩვენი სტუმარი ძლივს ლაპარაკობდა, მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, ქოშინით ამოღერღა:
- ჩვენ ეშმაკის ხელში ვართ, მისტერ ჰოლმს! ჩემი უბედური მრევლი ეშმაკის ხელში მოხვდა! - გაიძახოდა და თან სული ეხუთებოდა. - თვითონ სატანა დასახლდა იქ. დაგვიმონა, დაგვასაპყრა. მღელვარებისაგან ადგილზე ცეკვავდა და ეს სასაცილო იქნებოდა, ნაცრისფერი სახე და გიჟური თვალები რომ არა. ნათქვამს საშინელი ახალი ამბავი მოაყოლა:
- მისტერ მორტიმერ ტრიჯენისიც ისევე მოკვდა წუხელ, როგორც მისი და-ძმანი დაიხოცნენ.
ნათქვამზე ენერგიით აღსავსე ჰოლმსი პირდაპირ შეხტა და შემოტრიალდა.
- თქვენი ორთვალა ჩვენ ორს შემთხვევის ადგილზე ვერ მიგვიყვანს?
- როგორ არა!
- უოტსონ, მერე ვისაუზმოთ. მისტერ რაუნდჰეი, ჩვენ მზადა ვართ! ჩქარა, ჩქარა, ვიდრე იქ ყველაფერი ხელუხლებელია!
მორტიმერ ტრიჯენისს მღვდლის სახლში კუთხის ორი ოთახი ეჭირა, ორივე განცალკევებული, ერთი მეორის თავზე. პირველ სართულზე სასტუმრო იყო, მეორეზე საწოლი. ფანჯრები კროკეტის მოედანს გადაჰყურებდა. ჩვენ ექიმსაც გავუსწარით და პოლიციასაც. ასე რომ, შემთხვევის ადგილზე ყველაფერი მართლაც ხელუხლებელი დაგვხვდა. ნება მომეცით, აღვწერო მთელი სცენა, რაც მარტის თვის იმ ნისლიან დილას ვნახეთ. სამუდამოდ ჩამრჩა ხსოვნაში ის სურათი და ჩემი გონებიდან მას ვერა ძალა ვერ ამოშლის.
ოთახში დახუთული, მახრჩობელა-მგუდავი ჰაერი იდგა. მოსამსახურე გოგოს რომ დილით ფანჯარა არ გაეღო, სუნთქვა შეუძლებელი იქნებოდა. ნაწილობრივ ეს იმით აიხსნებოდა, რომ მაგიდის შუაზე იდგა და ჯერ კიდევ ხრჩოლავდა ნავთის ლამპა. მაგიდასთან მდგარი სავარძლის საზურგეზე მიყრდნობილი მკვდარი მორტიმერი იჯდა. თხელი წვერი აბურძგნოდა, სათვალე შუბლზე ჰქონდა აწეული, ხოლო ფანჯრისკენ მიქცეულ შავგვრემან, გამხდარ სახეზე ისეთივე შიშის დაღი შეჰყინვოდა მისი განსვენებული დის სახეზე რომ ვიხილეთ. დაკრუნჩხული ხელ-ფეხითა და დაგრეხილ-დაწმაწნული თითებით იოლად გამოიცნობდით, რომ შიშის პაროქსიზმით დაღუპულიყო. ჩაცმული იყო, თუმცა ისიც შეინიშნებოდა, რომ ტანსაცმელი ჰაიჰარად ჰქონდა გადაცმული. რაკი ვიცოდით, რომ საღამოს დაწვა, უნდა გვევარაუდა, რომ აღსასრული ალიონზე ეწვია.
როგორც კი საბედისწერო ოთახში შევედით, ჰოლმსი გარდაიქმნა. მისი გარეგნული ფლეგმატურობა უცებ შეცვალა მოზღვავებულმა ენერგიამ. იგი ჯერ მთლად ყურადღებად იქცა, თვალები გაუბრწყინდა, სახეგაქვავებული ციებიანივით სწრაფად მოძრაობდა, აღგზნებულად და გამალებულად. იგი გარეთ, მოლზე გაიჭრა, მერე ფანჯრიდან უკან, ოთახში შემოძვრა, შემოირბინა ოთახი, აირბინა ზემოთ, - მოკლედ, მწევარივით იქცეოდა, რომელმაც ნადირის სიახლოვე იგრძნო და გეში აიღო. სწრაფად მოათვალიერა საწოლი ოთახი და ფანჯარა გამოაღო. ეტყობა, რაღაც ახალი მიზეზი აღმოაჩინა. ისევ აღეგზნო, ფანჯარაში თავი გაჰყო და სიხარულის ხმამაღალი შეძახილი აღმოხდა. მერე დაბლა დაეშვა, ბაღში გავარდა, ბალახში გაიშხლართა, წამოხტა და ისევ ოთახში შევარდა. ყველაფერი ეს მოიმოქმედა იმ მონადირის მღელვარებით, რომელიც ნადირის კვალზე მიდის. განსაკუთრებით დაინტერესდა ლამპით, რომელიც, ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივი იყო, გაზომა მისი რეზერვუარი, შემდეგ ლინზის მეშვეობით გასინჯა შუქფარი, რომელიც ლამპის მინას ზემოდან ფარავდა, გარეთა ზედაპირიდან ცოტა ჭვარტლი ჩამოფხიკა, კონვერტში ჩაყარა, კონვერტი კი საფულეში შეინახა. ბოლოს, პოლიციისა და ექიმის გამოცხადების შემდეგ, მღვდელს ანიშნა და ჩვენ მოლზე გავედით.
- მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ ჩემმა ძიებამ უქმად არ ჩაიარა, - განუცხადა ყველას. - არ ვაპირებ ამ საქმის განსჯას პოლიციის თანდასწრებით, მაგრამ თქვენ, მისტერ რაუნდჰეი, გთხოვთ ჩემი ღრმა პატივისცემა ინსპექტორის მიმართ დამიდასტუროთ სიტყვიერად და მისი ყურადღება საწოლი ოთახის ფანჯარასა და სასადილოს მაგიდაზე მდგარ ლამპას მიაქციოთ. ერთიც და მეორეც გარკვეულ ეჭვს ბადებს, ორივე ერთად კი გარკვეული დასკვნის საფუძველს იძლევა. თუ ინსპექტორს რაიმე ცნობები დასჭირდება, მოხარული ვიქნები მისი ხილვით. ახლა კი, უოტსონ, ჯობს, აქაურობას გავეცალოთ.
შესაძლოა, ინსპექტორს თავმოყვარეობა შეულახა კერძო მაძებრის საქმეში ჩარევამ, იქნებ ეგონა კიდეც, რომ სწორ გზაზე იდგა, ყოველ შემთხვევაში, მომდევნო ორი დღის მანძილზე ის ჩვენთან არ გამოჩენილა. იმ დღეებში ჰოლმსი შინ იშვიათად რჩებოდა და, თუ რჩებოდა, თვლემდა ან ეწეოდა. იგი ხანგრძლივად სეირნობდა სრულიად მარტო. კრინტს არ ძრავდა იმაზე, თუ სად იყო. მისმა ერთმა ცდამ მაინც მიმახვედრა, სადაც დადიოდა. მან ისეთივე ლამპა იყიდა, როგორიც მორტიმერ ტრიჯენისის ოთახში ტრაგედიის ღამეს ენთო. ლამპაში ნავთი ჩაასხა, როგორც ამას მღვდლის სახლში სჩადიოდნენ და ზუსტად გამოთვალა, რამდენ ხანს გაძლებდა ანთებული. მისი მეორე ცდა ერთი შეხედვით ბევრად უფრო მარტივი იყო, მაგრამ არც თუ ისე უწყინარი. მე ის აღსასრულის დღემდე არ დამავიწყდება.
ერთ საღამოს ჰოლმსი ალაპარაკდა. - ალბათ გახსოვთ, უოტსონ, ყველა ჩვენებაში, რაც ჩვენ გვსმენია, არის რაღაც საერთო ხაზი. მხედველობაში მაქვს ის, თუ როგორ მოქმედებდა ოთახში დაგუბებული ჰაერი ყველაზე, ვინც იქ პირველი შედიოდა. თუ გაგონდებათ, როცა მორტიმერ ტრიჯენისი აღწერდა თავის უკანასკნელ მისვლას ძმების სახლში, თქვა, ექიმმა იქ შესვლისთანავე კინაღამ გრძნობა დაკარგა და სკამზე მოცელილივით დავარდაო, ნუთუ დაგავიწყდათ? მე კი მშვენივრად მახსოვს. მერე, ხომ გახსოვთ, მნე მისის პორტერი რომ გვეუბნებოდა, შევედი ოთახში და ცუდად გავხდი, ფანჯარა გამოვაღე, თორემ გავიგუდებოდიო! მორტიმერ ტრიჯენისის სიკვდილის შემდეგ, ნუთუ დაგავიწყდათ, რა საშინელი შეხუთული ჰაერი იყო ოთახში, თუმცა მოსამსახურე გოგოს უკვე მოესწრო ფანჯრების გაღება. როგორც შემდეგ შევიტყე, ის მოსამსახურე გოგო ისე ცუდად გამხდარა, რომ ლოგინად ჩავარდნილა. დამეთანხმებით, უოტსონ, ეს ძალიან საეჭვო ამბავია. ორსავე შემთხვევაში ერთი და იგივე მოვლენაა: ჰაერის მოწამვლა. ორსავე შემთხვევაში ოთახში რაღაც ენთო. პირველ შემთხვევაში - ბუხარი, მეორედ - ლამპა. ცეცხლი უცილოდ დაისაჭიროვეს, მაგრამ მეორეჯერ ლამპა აანთეს მას შემდეგ, რაც გათენდა, - ამაზე მეტყველებს ნავთის დონე. რატომ? იმიტომ, რომ არის რაღაც კავშირი სამ საგანს შორის: წვა, ჰაერის მოწამვლა და საბოლოოდ სიგიჟე, ან იმ უბედურთა სიკვდილი, რომლითაც ყველაფერი მოთავდა. იმედი მაქვს, გამიგეთ?
- კი, თითქოს გასაგებია.
- ყოველ შემთხვევაში, შეგვიძლია ეს სამუშაო ჰიპოთეზად დავიტოვოთ. დავუშვათ, რომ იქ ორსავე შემთხვევაში ენთო რაღაც ნივთიერება, რომელიც ჰაერს წამლავს. ჩინებულია. პირველ შემთხვევაში ტრიჯენისებთან ეს ნივთიერება ბუხარში შეაგდეს. ფანჯარა დახურული იყო, მაგრამ შხამიანი ანაორთქლი, რაღა თქმა უნდა, საკვამურში ადიოდა. ამიტომ ზემოქმედებაც უფრო სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე მეორედ, როცა ანაორთქლს გარეთ გამოსავალი არა ჰქონდა. ეს ჩანს დანაშაულებრივი შედეგებიდან: პირველ შემთხვევაში მხოლოდ ქალი მოკვდა, როგორც უფრო სუსტი არსება, მამაკაცები კი დროებით შეიშალნენ ან საბოლოოდ გაგიჟდნენ, რაც მოწამვლის პირველი ნიშანია. მეორე შემთხვევაში სასურველი შედეგი სავსებით მიღწეულია. ამრიგად, მომხდარი ფაქტები ადასტურებენ რაღაც ნივთიერების წვით გამოწვეულ მოწამვლას.
აქედან გამომდინარე, მე ვცდილობდი მორტიმერ ტრიჯენისის ოთახში იმ ნივთიერების ნაშთისათვის მიმეკვლია. ყველაზე უფრო მოსალოდნელი იყო იმ ნივთიერების დანალექის პოვნა ლამპის ჭვარტლში, შუქფარზე. როგორც ვვარაუდობდი, იქ მართლაც იყო ჭვარტლის ფანტელები, იქვე აღმოჩნდა კიდეებზე მიხაკისფერი ფხვნილი, რომელმაც დაწვა ვერ მოასწრო. თუ გახსოვთ, ამ ფხვნილის ნახევარი ჩამოვფხიკე და კონვერტში შევინახე.
- რატომ მარტო ნახევარი, ჰოლმს?
- პოლიციისთვის ხელის შეშლა და მათ გზაზე გადადგომა ჩემი ცხოვრების წესი არ გახლავთ, უოტსონ. მე მათ ყველა სამხილი დავუტოვე. ნახავენ რამეს შუქფარზე თუ ვერა, ეს უკვე მათი საზრიანობის საქმეა. ახლა კი, უოტსონ, ავანთოთ ლამპა, მაგრამ ჯერ ჩვენს საზოგადოებას, რომ ორი ღირსეული წევრი არ დავუღუპოთ, ფანჯრები გავაღოთ. დაჯექით ამ ფანჯარასთან ამ სავარძელში... თუ, რასაკვირველია, როგორც ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, თანახმა ხართ მონაწილეობა მიიღოთ ჩემს მიერ დაყენებულ ცდაში. როგორც ვხედავ, უკან დახევას არ აპირებთ! ტყუილად კი არ მწამდა თქვენი ყოველთვის, ძვირფასო უოტსონ! თვითონ თქვენს პირდაპირ დავჯდები, სახით თქვენკენ, და ჩვენ ერთნაირი მანძილით ვიქნებით დაშორებული ლამპიდან. კარი ნახევრად ღია დავტოვოთ. ახლა შეგვიძლია ერთიმეორეს თვალი ვადევნოთ და თუ სიმპტომები საგანგაშო იქნება, ცდა მაშინვე უნდა შეწყდეს. გასაგებია? მაშ ვიღებ კონვერტიდან ფხვნილს, ან უფრო სწორად, რაც მისგან დარჩა, და ანთებულ ლამპაზე ვყრი. მზადაა! ახლა, უოტსონ, დაჯექით და უცადეთ მოვლენათა განვითარებას.
ცდა დიდხანს არ მოგვიხდა. ძლივს მოვასწარი დაჯდომა, რომ მძიმე, მსუყე, გულისამრევი სუნი ვიგრძენი. პირველივე ჩასუნთქვის შემდეგ გონება თითქოს დამიბნელდა, თავს ვეღარ ვერეოდი. თვალწინ ხშირი შავი ღრუბელი ჩამომეფარა და უეცრად ვიგრძენი, რომ მასში იმალვოდა ყველაფერი საშინელი, ჯოჯოხეთური, ბოროტი, რაც კი ქვეყნად არსებობს, და ეს უჩინარი ძალა მზად იყო ჩემს მოსაკვდინებლად. ამ შავ ნისლში ვტრიალებდი და ვირწეოდი, ბუნდოვანი ლანდები მაუწყებდნენ, რომ უეჭველად გამოჩნდება რაღაც საშინელი არსება და მარტო ამის გაფიქრებაზეც ლამის გული ორად გამეპო. შიშისაგან გავიყინე. თმა ყალყზე დამიდგა, თვალები გადმომეკარკლა, პირი ფართოდ გავაღე და ენა აბედივით გამიხდა. თავში ისეთი არაჩვეულებრივი ხმაური ატყდა, რომ მომეჩვენა, ტვინი ვეღარ გაუძლებს, თავი ნამსხვრევებად იქცევა-მეთქი. დაყვირება ვცადე, მაგრამ ხრინწიანი ჩხავილიღა აღმომხდა. ძლივს მოვისაზრე, რომ ეს ჩემი საკუთარი ხმა იყო. იმავე წამს გაჭირვებით გავარღვიე ავბედითი სუდარა და თვალწინ წარმომიდგა თეთრი ნიღაბი, შიშისაგან დაღმეჭილი ისეთი სიფათი, ტრიჯენისების სახლში რომ ვიხილე... ახლა ამას ჰოლმსის სახეზე ვხედავდი. აქ წამით გონება გამინათდა. სავარძლიდან წამოვხტი, ჰოლმსს ხელები შემოვხვიე და ბარბაცით გასასვლელისაკენ გავემართე. მერე ბალახზე ვიწექით და ვგრძნობდით, როგორ ფანტავდა მზე შიშის ზარს, რამაც ასე შეგვბოჭა. ნელ-ნელა ტოვებდა ჩვენს სხეულებს ელდა, მსგავსად დილის ნისლისა, ბოლოს გონიც დაგვიბრუნდა და მასთან - სულიერი სიმშვიდეც. ბალახზე წამოვჯექით, ცივ ოფლს ვიწმენდდით და შიშით შევცქეროდით ჩვენი სახიფათო ცდის ნაკვალევს ერთიმეორის სახეებზე.
- ღმერთმანი, უოტსონ, ძალიან ვნანობ, რომ ასეთ ხათაბალა საქმეში გაგხვიეთ, - მონანიე ხმით თქვა ბოლოს ჰოლმსმა, - პატიებას ვითხოვ თქვენგან. არ შეიძლებოდა ასეთი ცდის მოწყობა. და მით უმეტეს ასეთ საძაგელ საქმეში მეგობრის ჩათრევა. მერწმუნეთ, გულწრფელად ვნანობ.
- თქვენ ხომ იცით, - ვუპასუხე, ჰოლმსის გაუგონარი გულითადობით აღელვებულმა, - რომ თქვენი დახმარება ჩემთვის უდიდესი პატივი და სიხარულია.
აქ ის კვლავ ჩვეულებრივი, ნახევრად ხუმრობის, ნახევრად სკეპტიკური ხმით ამეტყველდა: - მაინც, ძვირფასო უოტსონ, ნამეტანი კი იყო ასეთ ხიფათში თავის ჩაგდება: რა თქმა უნდა, გარედან მაყურებელი იფიქრებდა, რომ ჩვენ უკვე ამ ცდის დაწყებამდე შევიშალეთ ჭკუიდან. უნდა ვაღიარო, არ ველოდი, რომ ფხვნილის მოქმედება ასეთი უეცარი და ძლიერი იქნებოდა. ეს რომ თქვა, - სახლში შევარდა, ანთებული ლამპა შორს გაწვდილი ხელით გარეთ გამოიტანა და მაყვლის ბუჩქებში ისროლა. - დაე, ცოტა გასუფთავდეს ოთახი. ახლა, უოტსონ, ალბათ ეჭვი აღარ გეპარებათ, თუ როგორ გათამაშდა ტრიჯენისების სახლში ის უბედურება ორჯერ?
- არავითარი ეჭვი აღარ მაქვს.
- მაგრამ მიზეზი იმ უბედურებისა ისევე აუხსნელია, როგორც აქამდე იყო. გავიდეთ ფანჩატურში და იქ მოვილაპარაკოთ. მე ახლაც ყელს მიხუთავს იმ საზიზღარი ფხვნილის ანაორთქლი. ყველა ფაქტი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ბოროტმოქმედი პირველ შემთხვევაში მორტიმერ ტრიჯენისი იყო. მეორედ კი იგი თვითონ აღმოჩნდა მსხვერპლი. არც იმისი დავიწყება შეიძლება, რომ ოჯახში ჯერ წაიჩხუბნენ და მერე შერიგდნენ. მე, მორტიმერ ტრიჯენისი, ის ნამდვილი კაცუნა, მელიის წრიპინა ნიკაპი რომ ჰქონდა და ეშმაკის თვალებს აჭყეტდა სათვალის ქვემოდან, საკმაოდ ბოროტ ადამიანად და გულღრძოდ მეჩვენებოდა. გახსოვთ თანაც, მანვე გვითხრა, ბაღში ვიღაც შევნიშნეო - ეს იყო ცნობა, რამაც ჩვენი ყურადღება მთავარ მიზეზს დროებით ჩამოაშორა. მას სჭირდებოდა, რომ ჩვენთვის კვალი აერია. ეს მან ჩაყარა ფხვნილი წასვლის წინ ბუხარში. აკი ყველაფერი მისი წასვლისთანავე მოხდა! ახალი სტუმარი რომ მოსულიყო ვინმე, ოჯახი, ცხადია, აიშლებოდა და სტუმარს მიეგებებოდა. მაგრამ განა მშვიდობიან კორნუელში სტუმრები საღამოს ათი საათის შემდეგ მოდიან? ამრიგად, ყველა ფაქტი იმას მოწმობს, რომ მორტიმერ ტრიჯენისი დამნაშავე იყო.
- მაშ, მან თავი მოიკლა?
- დიახ, უოტსონ, ძალაუნებურად ასე უნდა ვიფიქროთ. ისეთ მძიმე დამნაშავეს, რომელმაც დაღუპა დედმამიშვილები, იოლად შეეძლო თვითმკვლელობამდე მისვლა. მაგრამ არის საწინააღმდეგო აზრისა და მისი მტკიცების სარწმუნო მონაცემებიც. საბედნიეროდ, ინგლისში არის ადამიანი, რომელმაც ყოველივე წვრილად იცის ამ საქმის ირგვლივ, და მე ვიზრუნე იმისათვის, რომ ყველაფერი მისი პირიდან მოვისმინოთ, თანაც დღესვე. აგერ ისიც! აქეთ, აქეთ, ამ ბილიკით, მისტერ სტერნდეილ! ჩვენ კოტეჯში ქიმიური ცდა ჩავატარეთ და ისეთი გამოჩენილი სტუმრის მისაღებად, როგორიც თქვენ ბრძანდებით, ჩვენი სასტუმრო აღარ გამოდგება.
ბაღის ჭიშკრის ჭრიალი გავიგონე, და გზაზე გამოჩნდა აფრიკის ცნობილი მკვლევარი. მან ოდნავ გაოცებულმა მოაშურა ფანჩატურს, სადაც ჩვენ ვისხედით.
- თქვენ გამომიგზავნეთ კაცი, მისტერ ჰოლმს. თქვენი ბარათი ამ ერთი საათის წინ მივიღე და თქვენკენ გამოვეშურე, თუმცა ნამდვილად არ მესმის, რატომ უნდა შევასრულო თქვენი მოთხოვნები.
- ვფიქრობ, ჩვენი საუბრის მსვლელობაში ყველაფერს გაიგებთ, - მიუგო ჰოლმსმა. - ახლა კი დიდად მადლიერი ვარ, რომ მოხვედით. გვაპატიეთ, რომ ამ ფანჩატურში გხვდებით, მაგრამ მე და უოტსონმა კინაღამ ახალი მსხვერპლი მივუმატეთ "კორნუელის საშინელებას", როგორც უწოდებენ ამ უბედურებას გაზეთები, ამიტომ სუფთა ჰაერს ვამჯობინებთ. იქნებ ასეც ჯობდეს, რადგან ისე ვისაუბრებთ, რომ უცხო მსმენელის შიში არ გვექნება, მით უმეტეს, რომ ამას თქვენთან უშუალო დამოკიდებულება აქვს.
მოგზაურმა პირიდან სიგარა გამოიღო და ჩემს მეგობარს მკაცრად შეხედა.
- ბოლოს და ბოლოს გამაგებინეთ, სერ, რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ამას პირდაპირი დამოკიდებულება აქვს ჩემთან?
- მორტიმერ ტრიჯენისის მკვლელობას პირდაპირი დამოკიდებულება აქვს თქვენთან, - მიუგო ჰოლმსმა.
იმ წუთას ვინანე, რომ შეიარაღებული არ ვიყავი. სტერნდეილი სახეზე ჭარხალივით წამოწითლდა, გაშმაგდა, თვალები აუბრიალდა, შუბლზე ძარღვები დაეჭიმა, მტევნები მუშტებად შეკრა და პირდაპირ ჩემს მეგობარს ეცა. ბედზე იმავე წამს გონს მოეგო, შედგა, ზებუნებრივი ძალდატანებით კვლავ დაიოკა თავი, დაიბრუნა სიმშვიდე, რომელშიაც ალბათ მეტი საფრთხე იფარებოდა, ვიდრე იმ წამიერ აფეთქებაში.
- მე ისე დიდხანს ვიცხოვრე ველურთა შორის, რომ კანონი არ ვიცი - ჩემს თავს თვითონვე ვუდგენ კანონებს. არ დაივიწყოთ ეს, მისტერ ჰოლმს და გაითვალისწინეთ ისიც, რომ თქვენი დასახიჩრება არ მოვიწადინე!
- არც მე მსურდა თქვენთვის ზიანის მოყენება, დოქტორ სტერნდეილ! ამის საბუთად ისიც კმარა, რომ წერილი გამოგიგზავნეთ თქვენ და არა პოლიციას.
სტერნდეილი დაჯდა, იგი მძიმედ ქშინავდა. მთელი მისი მდიდარი, ფათერაკებიანი ცხოვრების მანძილზე მან ალბათ პირველად იგრძნო მოწიწება, რიდი, კრძალვა და შიში. შეუძლებელი იყო ჰოლმსის უდრეკი სიმშვიდის წინაშე ქედი არ მოგეხარათ. ჩვენი სტუმარი კი აყოვნებდა, ხელებს მუშტად კრავდა და ისევ შლიდა.
- რას გულისხმობთ, - ჯიქურ იკითხა ბოლოს. - თუ ეს ჩემი გამოწვევაა, მისტერ ჰოლმს, ცოტა შეგეშალათ, ჩემთან თამაშს არ გირჩევთ. მე ის კაცი არა ვარ, ვისი გაცუცურაკებაც შეიძლება, ახლა პირდაპირ მითხარით, რას გულისხმობთ?
- ახლავე გეტყვით, მიუგო ჰოლმსმა. - გეტყვით იმიტომ, რომ იმედი მაქვს გულახდილობას გულახდილობით უპასუხებთ. თუ როგორი აღმოჩნდება ჩემი შემდომი ნაბიჯი, ეს დამოკიდებული იქნება მხოლოდ იმაზე, თავს როგორ იმართლებთ.
- მე ვიმართლებ თავს?
- დიახ, სერ.
- თავი უნდა ვიმართლო?
- დიახ, მორტიმერ ტრიჯენისის მკვლელობაში უნდა იმართლოთ თავი.
სტერნდეილმა ცხვირსახოცით შუბლი მოიწმინდა.
- ეს ბრალდება საიდანღა შეთითხნეთ, აღშფოთდა ბუმბერაზი. - ნუთუ მთელი თქვენი დიდება ასეთ ხელოვნურ ოინბაზობაზეა აგებული?
- ეს თქვენ ეწევით ოინბაზობასა და უფრო მეტსაც, დოქტორო სტერნდეილ, და არა მე, - მკაცრად უპასუხა ჰოლმსმა. - ახლავე მოგახსენებთ ფაქტებს, რომელთაც ჩემი დასკვნა ემყარება. თქვენმა დაბრუნებამ პლიმუტიდან იმ დროს, როცა თქვენი ბარგი უკვე აფრიკაშია გაგზავნილი, იმ აზრამდე მიმიყვანა, რომ თქვენ ამ საქმით განსაკუთრებით ხართ დაინტერესებული.
- მე დავბრუნდი, რათა...
- უკვე მოვისმინე თქვენი განმარტება და ნათქვამი მიზეზები დამაჯერებლად არ მიმაჩნია, მაგრამ ამას მოვეშვათ. შემდეგ ჩემთან მოხვედით, რათა გაგეგოთ, ვისზე მაქვს ეჭვი. ამაზე არ გიპასუხეთ. თქვენ გაეშურეთ მღვდლის სახლში, იქ იცდიდით, შიგნით არ შესულხართ, შემდეგ კი შინ დაბრუნდით.
- საიდან იცით?
- თვალს გადევნებდით.
- მე არავინ შემიმჩნევია.
- დიახ, თქვენ მე ვერ შემამჩნიეთ, მთელი ღამე მოუსვენრად გაატარეთ. თვალი არ მოგიხუჭავთ, გეგმებს ადგენდით, დილით როგორ გემოქმედათ. ის იყო ინათა, როცა სახლიდან გამოხვედით, თქვენს ჭიშკართან დაყრილი ხრეშიდან რამდენიმე წითელი კენჭი აიღეთ, ჯიბეში ჩაიყარეთ და ჰაიჰარად იქაურობას გაეცალეთ.
სტერნდეილი შეკრთა და გაოცებული ჰოლმსს მიაშტერდა.
- შემდეგ სწრაფად წახვედით მღვდლის სახლისაკენ, რომელსაც კარგა მანძილი გაშორებდათ. სხვათა შორის, იგივე ტენისის დაღარულძირიანი ფეხსაცმელი გეცვათ, ახლა რომ გაცვიათ. იქ ბაღი გადაკვეთეთ, ზღუდეზე გადახვედით და პირდაპირ ტრინეჯისის ფანჯარასთან გაჩერდით. უკვე გათენებული იყო, მაგრამ სახლში ჯერაც ეძინათ. თქვენ ჯიბიდან კენჭები ამოიღეთ და მეორე სართულის ფანჯარას ესროლეთ.
სტერნდეილი წამოხტა.
- თქვენ თვითონ ეშმაკი ხართ! - შესძახა ჩვენმა სტუმარმა.
ჰოლმსს გაეღიმა. - ორჯერ-სამჯერ ისროლეთ, ბოლოს ტრინეჯისი ფანჯარასთან მოვიდა. თქვენ ანიშნეთ, ძირს ჩამოდიო. მან საჩქაროდ ჩაიცვა ტანსაცმელი და სასტუმრო ოთახში ჩავიდა. ფანჯარაში გადაძვერით და თქვენ შორის გაიმართა მცირე ლაპარაკი, ამასობაში ბოლთას სცემდით. ბოლოს ისევ გადმოძვერით ფანჯრიდან და სარკმელი მიხურეთ. მერე მოლზე დადექით, კარგა ხანს დაჰყავით, სიგარას ქაჩავდით და თვალს ადევნებდით, თუ რა ხდებოდა სასტუმროში. როცა მორტიმერ ტრიჯენისი მოკვდა, თქვენ იმავე გზით გამობრუნდით უკან. აბა, დოქტორო სტერნდეილ, რით ახსნით თქვენს ასეთ მოქმედებას და რა არის მიზეზი თქვენი ასეთი საქციელისა? ცუდ-უბრალოდ არა სცადოთ თავის დაძვრენა და ჩემი მოტყუება ცბიერებით, გაფრთხილებთ, მაშინ ამ საქმეს სხვები მოჰკიდებენ ხელს.
ჰოლმსს საბრალდებო სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ჩვენს სტუმარს სახეზე ნაცრისფერი გადაეკრა. ახლა სახე ხელებით დაიფარა და ღრმა ფიქრს მიეცა. შემდეგ სწრაფი მოძრაობით შიდა ჯიბიდან ფოტოსურათი ამოიღო და გაურანდავ მაგიდაზე დააგდო.
- აი, ამის გამო ჩავიდინე ეს ამბავი.
- ეს იყო ძალიან ლამაზი ქალის სურათი. ჰოლმსმა დიდხანს უყურა და მერე წყნარად თქვა - ბრენდა ტრიჯენისია.
- დიახ, ბრენდა ტრიჯენისია, - დაუმოწმა სტუმარმა. - წლების მანძიზე მისი სიყვარულის სახმილი მწვავდა. წლების მანძილზე ვუყვარდი მასაც. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ კორნუელში განდეგილური ცხოვრება მომწონდა. მხოლოდ აქ ვიყავი ახლოს ქვეყნად ყველაზე უფრო ძვირფას არსებასთან. ბრენდაზე დაქორწინება არ შემეძლო, რადგან ცოლიანი ვარ. თანამეცხედრემ რამდენიმე წლის წინ მიმატოვა, მაგრამ სულელური ინგლისური კანონი განქორწინების ნებას არ მაძლევს. წლობით ველოდი ბრენდას. და აი, რას შევესწარი. - სტერნდეილის გიგანტური სხეული უცნაურად შეირხა და მან კრუნჩხვით იტაცა ყელზე ხელი, რომ ქვითინი არ დაეწყო. როგორც იქნა, შეიკავა თავი ტირილისაგან. და განაგრძო: - მღვდელმა იცოდა ეს ამბავი. ჩვენი საიდუმლო გავანდეთ. ის გიამბობთ, რა ანგელოზიც იყო ის ქალი. აი, რატომ გამომიგზავნა დეპეშა მღვდელმა პლიმუტში და მეც აქეთ გამოვეშურე, რა ჯანდაბად მინდოდა ბარგი და აფრიკა, როცა შევიტყვე, ჩემს საყვარელ ადამიანს რა ბედიც ერგო? აი, ჩემი საქციელის გამართლება, მისტერ ჰოლმს!
- განაგრძეთ, - უთხრა ჩემმა მეგობარმა.
დოქტორმა სტერნდეილმა ჯიბიდან ამოიღო ქაღალდის შეკვრა და მაგიდაზე დადო. ჩვენ წავიკითხეთ: "კფვშჩ ზუვშთ ვშფიწდშ", წითელ იარლიყზე ეწერა "შხამი". შეკვრა ჩემკენ გამოაჩოჩა.
- ვიცი, რომ ექიმი ხართ. გაგიგონიათ ასეთი შხამ-საწამლავი?
- ეშმაკის ფეხის ფესვი? პირველად მესმის.
- ეს ამბავი არ ამცირებს თქვენს პროფესიონალურ ცოდნას, - შენიშნა მისტერ სტერნდეილმა, - რადგან ესაა ევროპაში ერთადერთი ნიმუში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომელიც ბუდას ლაბორატორიაში ინახება. ეს შხამ-საწამლავი უცნობია როგორც ფარმაკოპეაში, ასევე ტოქსიკოლოგიურ ლიტერატურაში. ფესვი ფორმით ფეხს მოგვაგონებს. იგი ადამიანის ფეხსაცა ჰგავს და თხისასაც, აი, რისთვის მისცა მისიონერმა ბოტანიკოსმა ასეთი უჩვეულო სახელწოდება. დასავლეთ აფრიკის ზოგ რაიონში ჯადოქრები მას თავიანთი მიზნებისათვის იყენებენ და საიდუმლოდ ინახავენ. ეს ნიმუში უბანგჰის ქვეყანაში ვიშოვე, ამ სიტყვებზე ქაღალდის შეკვრა გაშალა და ჩვენ დავინახეთ მუქი-წითელი ფხვნილი, რომელიც ბურნუთს მიაგავდა.
- განაგრძეთ, სერ, - მკაცრად უთხრა ჰოლმსმა.
- მე თითქმის უკვე დავასრულე, მისტერ ჰოლმს. თქვენ თვითონ ძალიან ბევრი რამ იცით ჩემზე, მაგრამ მაინც მინდა ბოლომდე ყველაფერი იცოდეთ. მე უკვე გითხარით ტრიჯენისებთან ჩემი ნათესაობის ამბავი. დის პატივისცემით ძმებთან მეგობრობა მქონდა. ფულის გაყოფის ამბავს რომ ჩხუბი მოაყოლეს, იმის შემდეგ მორტიმერი ცალკე გამოეყოთ და მარტო ცხოვრობდა. შემდეგ თითქოს ყველაფერი მოგვარდა და მასაც ისევე ვხვდებოდი, როგორც მის ძმებს. იგი ცბიერი, პირფერი ინტრიგანი იყო და სხვადასხვა მოსაზრებათა გამო არც ვენდობოდი, მაგრამ ჩხუბის მიზეზი არა მქონდა.
ამ ორი კვირის წინ, მან კოტეჯში შემომიარა, მე ჩემი აფრიკული იშვიათი რამე-რუმეები ვუჩვენე. როცა საქმე ამ ფხვნილამდე მივიდა, მოვუყევი მისი უცნაური თვისების ამბავი, თუ როგორ აღაგზნებს ფხვნილი ნერვულ სისტემას, შიშის მაკონტროლებელ ცენტრებს და როგორ იხოცებიან ან გიჟდებიან საცოდავი ველურები, რომელთაც ჯადოქარი ამ წამალს უნიშნავს. ვუთხარი ისიც, ევროპული მეცნიერული აზრი ჯერჯერობით იმ დონეზე არ არის, რომ ამ შხამ-საწამლავის მოქმედებაზე კონტროლი დააწესოს-მეთქი. ვერ გამიგია, როგორ აწაპნა ფხვნილის ნაწილი, რადგან ოთახიდან არ გავსულვარ. ეტყობა, ეს მაშინ ჩაიდინა, როცა კარადებს ვაღებდი ან ყუთებში ვიქექებოდი. კარგად მახსოვს, როგორ დამაყარა კითხვები, თუ რამდენია საჭირო ეს ფხვნილი ან როგორ უნდა ხმარება, რამდენ ხანში მოქმედებს, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, რა განზრახვა ჰქონდა გულში. ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა პლიმუტში მღვდლის დეპეშამ მომისწრო. არამზადა ტრიჯენისმა ალბათ ის ივარაუდა, რომ მე უკვე ზღვაში ვიქნებოდი გასული და აფრიკის უღრან ტყეებში ისე გავატარებდი რამდენიმე წელიწადს, რომ მომხდარ ამბავს ვერ შევიტყობდი. მაგრამ მე დაუყოვნებლივ დავბრუნდი. როგორც კი დაწვრილებით გავიგე მომხდარი ამბავი, მივხვდი, მორტიმერმა ჩემი ფხვნილით დაღუპა ბრენდა და მისი ძმები. შევიტყვე რომ ძიებას თქვენ უძღვებოდით და გამოვეშურე, რათა დანამდვილებით გამეგო, მომხდარი ამბის სხვა ახსნა ხომ არ არსებობს-მეთქი. მაგრამ ამ დრამის მეორეგვარი ახსნა არ არსებობს. დავრწმუნდი, მკვლელობა მორტიმერ ტრიჯენისმა ჩაიდინა ანგარებით. თუ მისი ოჯახის წევრები შეიშლებოდნენ, ან ამოწყდებოდნენ, მთელს საგვარეულო ქონებას თვითონ დაეპატრონებოდა. ამიტომაც ისარგებლა ეშმაკის ფეხის შხამით, გააგიჟა ძმები და მოკლა ბრენდა, ერთადერთი, ვინც მე მიყვარდა და ერთადერთი არსება, ვისაც მე ვუყვარდი. აი, რა იყო მისი დანაშაული. რა ეკუთვნოდა ამისათვის სამაგიეროდ! სასამართლოში მეჩივლა? რა დამამტკიცებელი საბუთები გამაჩნდა? ცხადია, ფაქტები უდავოა, მაგრამ დაიჯერებდნენ ნაფიცი მსაჯულები ასეთ ფანტასტიკურ ამბავს? ან - კი, ან - არა. მე საეგებიოდ ვერაფერს გავხდი და სასწორის პინაზე ვერას დავდებდი. ჩემი სული შურისძიებას ითხოვდა. უკვე გითხარით, მისტერ ჰოლმს, რომ მთელი სიცოცხლე კანონის გარეშე გავატარე, ბოლოს მე თვითონ დავიწყე საკუთარი კანონების დადგენა ჩემთვის. ახლა სწორედ ასეთი შემთხვევა მომეცა. მტკიცედ გადავწყვიტე, მორტიმერს უნდა გაეზიარებინა მისი ვერაგობით დახოცილი და-ძმების ხვედრი. თუ ფხვნილით მისი დაღუპვის გეგმას ვერ განვახორციელებდი, ჩემი საკუთარი ხელით უნდა გავსწორდებოდი. მთელს ინგლისში არ მოიძებნება კაცი, რომელიც თავის სიცოცხლეს ჩემზე ნაკლებად აფასებდეს.
ახლა ყველაფერი იცით. მართალია ისიც, რომ უძილო ღამის შემდეგ სახლიდან გავედი. ვიცოდი, მორტიმერის გაღვიძება ადვილი არ იქნებოდა, ამიტომ ხრეშის გროვიდან კენჭები წამოვკრიფე და ისე წავედი. ფანჯარაში კენჭების სროლით გავაღვიძე. ბრალი დავდე დანაშაულში. ვუთხარი, რომ მის წინაშე დგას მოსამართლე და ჯალათი. რევოლვერი რომ დაინახა, მოცელილივით ჩავარდა სავარძელში. ლამპა ავანთე, აბაჟურზე შხამი დავყარე, ოთახიდან გავედი და გარეთ დავდექი. გაქცევა რომ დაეპირებინა, ტყვიას ვესროდი. ხუთ წუთში გათავდა. ღმერთო, როგორ იტანჯებოდა! მაგრამ გული გამიქვავდა, რადგან ასევე იტანჯებოდა ჩემი საყვარელი ბრენდა, მან რომ არ დაინდო. ესაა ყველაფერი, მისტერ ჰოლმს. თქვენც რომ ისე გყვარებოდათ, როგორც მე ბრენდა მიყვარდა, ალბათ ასევე მოიქცეოდით. ასეა თუ ისე, მე თქვენს ხელთა ვარ. გადადგით ისეთი ნაბიჯი, როგორსაც საჭიროდ ჩათვლით. როგორც გითხარით, სიცოცხლე არაფრად მიღირს.
ჰოლმსი დუმდა.
- შემდეგისათვის რა გეგმები გქონდათ? - ჩაეკითხა ბოლოს.
- სამუდამოდ დავრჩებოდი ცენტრალურ აფრიკაში. ჩემი სამუშაო მხოლოდ სანახევროდაა შესრულებული.
- გაემგზავრეთ და დაასრულეთ, - უთხრა ჰოლმსმა. - ყოველ შემთხვევაში, მე არ ვაპირებ ხელი შეგიშალოთ.
ახმახი და მოსული სტერნდეილი წამოიმართა, საზეიმოდ დაგვიკრა თავი და ფანჩატურიდან გავიდა. ჰოლმსმა ჩიბუხი გააბოლა, მომიბრუნდა და თუნუქის ქისა გამომიწოდა.
- იმედი მაქვს, ამისი კვამლი ბევრად უფრო სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, - მითხრა, - უოტსონ, ალბათ ჩვენ არა გვმართებს ამ ამბავში გარევა? ჩვენ კერძოდ ვიძიებდით ამ საქმეს და შემდეგაც ზუსტად ასევე შეგვიძლია განვაგრძოთ. ბრალს ხომ არ სდებთ ამ კაცს?
- რა თქმა უნდა, არა, - მივუგე მე.
- მე არავინ მყვარებია, უოტსონ, მაგრამ ვინმე რომ ასე შემყვარებოდა, ალბათ მართლა ისევე მოვიქცეოდი, როგორც მოიქცა ეს ლომებზე მონადირე კაცი, რომელსაც სძაგს კანონები. ვინ იცის... აბა, უოტსონ, არ მინდა გაწყენინოთ და აგიხსნათ ის, რაც ისედაც კარგად იცით. საწყისი წერტილი, საიდანაც საქმის ძიება დავიწყე, იყო კენჭები ფანჯრის რაფაზე. მღვდლის ბაღში ხრეში არ ეყარა. კენჭების ამბავი კი მაშინ გავიგე, როცა სტერნდეილის პიროვნებითა და სახლით დავინტერესდი. დღისით-მზისით ანთებული ლამპა და მის აბაჟურზე აღმოჩენილი ფხვნილი უკვე რგოლები იყო სავსებით ნათელი ჯაჭვისა. ახლა კი, ძვირფასო უოტსონ, მოვიშოროთ გონებიდან ეს ამაზრზენი ამბავი და სუფთა სინდისით დავუბრუნდეთ ქალდესა და ქალდეველთა ენის ძირების ძე