დოილი ართურ კონან
გაზიარება

მეორე ლაქა 

აღარ მეგონა, თუ ჩემი მეგობრის - შერლოკ ჰოლმსის სახელოვან საგმირო საქმეებზე წერა მომიხდებოდა. მასალა კი არ შემომკლებია. პირიქით, აუარებელი ჩანაწერი ისეთ საქმეებზე, რომლებიც არასოდეს მიხსენებია, ჯერ კიდევ შემონახული მაქვს. არც იმისი თქმა შეიძლება, რომ მკითხველებს ამ შესანიშნავი ადამიანის თავისებური კვლევა-ძიების უჩვეულო ხერხებისადმი ინტერესი განელებოდეთ. ჩემი დუმილის მიზეზი ის გახლდათ, რომ თვითონ შერლოკ ჰოლმსს აღარ სურდა პრესაში გამომზეურებულიყო მოთხრობები მის თავგადასავალზე. ვიდრე ძიების საქმეებს ჩამოცილდებოდა, ამ დარგში მოპოვებულ წარმატებებზე დაწერილი მოთხრობების გამოქვეყნება მისთვის გარკვეულ პრაქტიკულ ინტერესს შეიცავდა, მაგრამ როცა ლონდონი მიატოვა და სასექსის გორაკებზე ფუტკრის მოშენებას მიჰყო ხელი, სახელი და დიდება შესძაგდა და დაჟინებით მოითხოვდა, მომეშვით და მომასვენეთო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემი დაპირება შევახსენე, თავის დროზე ამ მოთხრობას დავბეჭდავ-მეთქი, და დავარწმუნე, რომ დროული იქნებოდა მოთხრობების მთელი ციკლი ასეთი მნიშვნელოვანი ეპიზოდით დამესრულებინა, როგორც იქნა, მივიღე მისი თანხმობა დამესტამბა და სააშკარაოზე გამომეტანა დღემდე ასე გულმოდგინედ დაფარული ეს საქმე. თუ ჩემი მოთხრობის ზოგიერთი დეტალი ბურუსით მოცული მოგეჩვენებათ, ალბათ იოლად მიხვდებით, რომ ჩემს თავშეკავებას საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზი გააჩნია.

ერთხელ, შემოდგომაზე, სამშაბათს დილით (წელი და ათეული წელიც კი არ შეიძლება აღნიშნულ იქნას), ჩვენს კარის ზღურბლს ბეიკერსტრიტზე მთელ ევროპაში ცნობილმა ორმა კაცმა გადმოაბიჯა. ერთი მათგანი, მკაცრი, ზვიადი, არწივისებური იერითა და უფლებისმოყვარე ადამიანის მზერით აღჭურვილი, გახლდათ ლორდ ბელინჯერი, რომელსაც ორჯერ ეჭირა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი. მეორე, კოხტა, შავგვრემანი ახალგაზრდა, რომელსაც ჯერ კიდევ საშუალო ასაკისათვის არ მიეღწია, არა მარტო სახის სწორი ნაკვთებითა და სილამაზით იყო შემკული, არამედ ბუნებას მისთვის მახვილი ჭკუაც მიემადლებინა. ეს გახლდათ ტრელონი ჰოუპი, ინგლისის პერი და ევროპის საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მოღვაწე, რომლისგანაც ჩვენი ქვეყანა ყველაზე მეტს მოელოდა.

მოსულები ქაღალდებით სავსე დივანზე ერთიმეორის გვერდით ჩამოსხდნენ. აღელვებულ და დაქანცულ სახეებზე იოლად შეატყობდით, რომ ჩვენთან უაღრესად მნიშვნელოვან და სასწრაფო საქმეს მოეყვანა. პრემიერის გამხდარი, ძარღვიანი ხელები მოუსვენრად ეჭიდებოდნენ ქოლგის ძვლის სახელურს. იგი ფრთხილად და პირქუშად შემოგვცქეროდა ხან მე, ხან - ჰოლმსს.

ევროპის საქმეთა მინისტრი ნერვიულად იწიწკნიდა ულვაშს და საათის ძეწკვს კრიალოსანივით ათამაშებდა.

- როგორც კი საიდუმლო დოკუმეტის დაკარგვა შევნიშნე, მისტერ ჰოლმს, - ეს კი ამ დილით რვა საათზე მოხდა, - დაუყოვნებლივ ვაცნობე ეს სამწუხარო ამბავი პრემიერ-მინისტრს, და მისი წინადადებით ორივემ თქვენკენ გამოვწიეთ.

- პოლიციას შეატყობინეთ?

- არა, სერ! - თქვა პრემიერ-მინისტრმა მისთვის ჩვეული სისხარტით და გადამწყვეტი კილოთი. - არ შეგვიტყობინებია და ჩვენი აზრით, ასეთი საქციელის ჩადენა გაუმართლებელიც იქნებოდა. ჩვენ, უწინარეს ყოვლისა, საქმის გახმაურებას ვერიდებით.

- რატომ, სერ?

- ეს საიდუმლო დოკუმენტი, რის გაუჩინარების თაობაზეც თქვენთან მოვედით, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი დაკარგვის გახმიანება შეიძლება გახდეს, და, წარმოიდგინეთ, მოცემულ მომენტში უეჭველად გახდება კიდეც საერთაშორისო კონფლიქტის მიზეზი. შემიძლია გაუზვიადებლად ვთქვა, რომ ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნების საკითხი იმ დოკუმენტზეა დამოკიდებული. თუ მისი დაკარგვისა და ძებნის ამბავი სრული იდუმალებით არ იქნა მოცული, უმჯობესია ძებნაზე სრულიად ავიღოთ ხელი, ვინაიდან ეს დოკუმენტი სწორედ იმ მიზნით მოიპარეს, რომ მისი შინაარსი საქვეყნოდ გაეხმიანებინათ.

- მესმის. ახლა კი, მისტერ ტრელონი ჰოუპ, ძალიან დაგიმადლებთ, თუ დაწვრილებით მომიყვებით, რა გარემოებებში გაქრა ის დოკუმენტი.

- მისტერ ჰოლმს, ყოველივეს ორიოდ სიტყვით გადმოგცემთ... ეს დოკუმენტი - ერთ-ერთი უცხოელი მონარქის წერილი - ექვსი დღის წინ მივიღეთ. წერილს იმდენად დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მისი შენახვა სამინისტროს სეიფში ვერ გავბედე და ყოველ საღამოს შინ მიმქონდა, უაიტჰოლტერასზე, და ვინახავდი საწოლ ოთახში, ოფიციალური ქაღალდებისათვის განკუთვნილ ჩაკეტილ ზარდახშაში. იქვე იყო გუშინ საღამოსაც, ამაში დარწმუნებული ვარ. როცა სადილის წინ ტანსაცმელს ვიცვლიდი, ზარდახშასთან მივედი, გავაღე და დოკუმენტი ადგილზე იდო. დღეს დილით კი წერილი გაქრა. ზარდახშა მთელი ღამე სარკის გვერდით, ჩემი ტუალეტის მაგიდაზე იდგა. მეც და ჩემმა მეუღლემაც ფხიზელი ძილი ვიცით. ორივე მზად ვართ დავიფიცოთ, რომ ღამით ოთახში არავინ შემოსულა.

- რომელ საათზე ისადილეთ?

- რვის ნახევარზე.

- როდის დაწექით დასაძინებლად?

- ჩემი მეუღლე თეატრში გახლდათ და გვიანობამდე ველოდი. დასაძინებლად ასე თორმეტის ნახევარზე დავწექით.

- მაშასადამე, ოთხი საათის განმავლობაში ზარდახშას არავინ დარაჯობდა?

- საწოლ ოთახში შესვლის უფლება დილაობით მხოლოდ მოსამსახურე გოგოს აქვს, ხოლო კამერდინერი და მეუღლის პირისფარეში იქ მხოლოდ ჩვენი გამოსვლის შემდეგ შედიან. მაგრამ ის ორნი - ერთგული მსახურნი არიან და დიდი ხანია ჩვენს ოჯახში ცხოვრობენ. ამას გარდა, არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ ზარდახშაში უბრალო სამსახურეობრივ ქაღალდებზე უფრო ძვირფასი რამ ინახებოდა.

- ვინ იცოდა ამ წერილის არსებობა?

- ჩემს სახლში არავინ.

- თქვენმა ცოლმა, რა თქმა უნდა, იცოდა?

- არა, სერ. ცოლისთვის ამ დილამდე არც გამიმხელია დოკუმენტის არსებობა.

პრემიერმა მოწონების ნიშნად თავი დააქნია.

- ყოველთვის ვიცოდი მოვალეობის რა დიდი გრძნობა გაგაჩნდათ, სერ, - თქვა მან. - ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ასეთ მნიშვნელოვან და საიდუმლო საქმეში ეს გრძნობა მტკიცე ოჯახურ კავშირზე უფრო ძლიერი აღმოჩნდებოდა.

ევროპის საქმეთა მინისტრმა თავი დაუკრა.

- სრულიად მართალი ბრძანდებით, სერ. ამ დილამდე წერილის თაობაზე ცოლთან არც ერთი სიტყვა არ დამცდენია.

- თვითონ ხომ ვერ გამოიცნობდა?

- ვერა, მისტერ ჰოლმს, ვერ გამოიცნობდა, ვერავინ ვერ გამოიცნობდა.

- უწინ თუ გეკარგებოდათ დოკუმენტები?

- არა, სერ.

- ვინ იცოდა ინგლისში ამ წერილის არსებობა?

- გუშინ წერილი კაბინეტის ყველა წევრს გააცნეს. მაგრამ საიდუმლოს შენახვის მოთხოვნა, რაც თან კაბინეტის ყოველ სხდომას ახლავს, ამჯერად პრემიერ-მინისტრის მხრიდან განმტკიცებულ იქნა საზეიმო გაფრთხილებით. ღმერთო ჩემო, ვინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე საათის შემდეგ წერილს თვითონვე დავკარგავდი!

სასოწარკვეთილებამ ტრელონი ჰოუპს სახე მოუქცია. მან თავში იტაცა ხელი. ერი წამით თვალწინ ფიცხი, მგზნებარე და მძაფრი შთაბეჭდილების ადამიანის ჭეშმარიტი გრძნობები გადაგვეშალა. მაგრამ ტრელონი ჰოუპის სახეს მაშინვე ქედმაღლობის ნიღაბი გადაეფარა და უკვე მშვიდი ხმით განაგრძო:

- კაბინეტის წევრების გარდა წერილის არსებობის ამბავი დეპარტამენტის ორმა, იქნებ სამმა მოხელემ უწყოდეს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მთელ ინგლისში ძე-ხორციელმა წერილის არსებობაზე არაფერი იცის.

- საზღვარგარეთ?

- მე მჯერა, რომ საზღვარგარეთ, გარდა იმისა, ვინც ის წერილი დაწერა, იგი კაციშვილს არ უხილავს. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ თვით მისმა მინისტრებმა... ესე იგი, მე მინდა ვთქვა, რომ ამ წერილმა ჩვეულებრივ ოფიციალურ არხებს გვერდი აუარა.

ჰოლმსი ერთ ხანს გაჩუმდა, ჩაფიქრდა, მერე თქვა:

- ახლა კი, სერ, საქმისათვის ისა სჯობია, რომ უფრო ნათლად გამაგებინოთ, რა დოკუმენტი დაიკარგა და რატომ უნდა გამოიწვიოს მისმა დაკარგვამ ასეთი სერიოზული შედეგები.

ორი სახელმწიფო მოღვაწე შეცბა, მათ სწრაფად შეათვალიერეს ერთმანეთი და პრემიერ-მინისტრმა ხშირი წარბები შეიკრა:

- მისტერ ჰოლმს, წერილი დევს გრძელ, ვიწრო ლურჯ კონვერტში. წითელი ლუქის ბეჭედზე გამოსახულია თავდასასხმელად მზადმყოფი ლომი. მისამართი დაწერილია მსხვილი მტკიცე ხელით...

- ეს წვრილმანები, - შეაწყვეტინა ჰოლმსმა, - ცხადია, საინტერესოა და ძალზე არსებითი, მაგრამ მე უნდა ვიცოდე წერილის შინაარსი. რაზე იყო ლაპარაკი წერილში?

- ეს სრულიად საიდუმლო სახელმწიფო ამბავია და, მგონია, თქვენს კითხვას ვერ ვუპასუხებთ. თუ თქვენი არაჩვეულერბივი ნიჭის წყალობით მოახერხებთ ჩემ მიერ აღწერილი კონვერტისა და შიგ მოთავსებული წერილის პოვნას, თქვენ დაიმსახურებთ ჩვენი ქვეყნის მადლობას და მიიღებთ ყოველნაირ გასამრჯელოს, რაც ჩვენს ხელთაა.

შერლოკ ჰოლმსმა გაიღიმა, წამოდგა და რაც შეიძლება თავმდაბლად მიუგო:

- რა თქმა უნდა, თქვენ მთელ ინგლისში ყველაზე უფრო საქმიანი ადამიანები ბრძანდებით, მაგრამ ჩემს პატარა პროფესიასაც ბევრი დრო სჭირდება. ძალიან ვწუხვარ, რომ არ შემიძლია ამ საქმეში დაგეხმაროთ და ჩვენი საუბრის შემდგომი გაგრძელება დროის უსაზმნო ხარჯვად მიმაჩნია.

პრემიერ-მინისტრი ფეხზე წამოიჭრა. მის ღრმად ჩამჯდარ თვალებში იელვა იმ არასასიკეთო ცეცხლმა, რაც ხშირად აიძულებდა კაბინეტის წევრებს შიშისაგან მოკუნტულიყვნენ.

- მე არა ვარ მიჩვეული, სერ... - დაიწყო მან. მაგრამ იმავე წამს გონს მოეგო და ისევ თავის ადგილზე დაჯდა.

ერთი წუთი ან იქნებ მეტიც ყველანი ხმაამოუღებლივ ვისხედით. მერე ძველმა სახელმწიფო მოღვაწემ მხრები აიჩეჩა:

- იძულებული ვართ მივიღოთ თქვენი პირობები, მისტერ ჰოლმს. თქვენ უდავოდ მართალი ხართ, და ჩვენის მხრივ უაზრობაა, დახმარება გთხოვოთ მანამდე, ვიდრე საქმის შინაარსს რა გაგაცნობთ.

- მეც გეთანხმებით, სერ, - თქვა ახალგაზრდა დიპლომატმა.

- კეთილი, მე მოგიყვებით ყოველივეს, მაგრამ ვენდობი თქვენს თავდაჭერილობას და თქვენი მეგობრის, დოქტორ უოტსონის პატიოსნებას. ჯენტლმენებო, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია შეგახსენოთ თქვენი პატრიოტული ვალი, რადგან ვერ წარმომიდგენია ჩვენი ქვეყნისათვის მეტი უბედურება, ვიდრე ამ დოკუმენტის შინაარსის გახმიანება იქნებოდა.

- შეგიძლიათ სავსებით გვენდოთ, - ვუთხარით ჩვენ ერთხმად.

- დიახ, ეს არის ერთ-ერთი უცხოელი მონარქის წერილი. იგი ამ ახლო წარსულში ჩვენი ქვეყნის კოლონიების გაფართოებას აღუშფოთებია. წერილი დაწერილი გახლდათ ცხელ გულზე და პასუხისმგებლობაც მთლიანად მის დამწერს ეკისრება. ცნობების შეგროვებამ გვიჩვენა, რომ მონარქის მინისტრებმა ამ წერილის თაობაზე არაფერი იცოდნენ. წერილის ტონი საკმაოდ მკვახეა, და ზოგიერთი ფრაზა ისეთი გამომწვევი ხასიათისაა, რომ მისი გამოქვეყნება უსათუოდ ააღელვებდა ინგლისის საზოგადოებრივ აზრს. მეტიც მოხდება, სერ: უყოყმანოდ შემიძლია ვთქვა, რომ წერილის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ომში იქნება ჩათრეული.

ჰოლმსმა ქაღალდის ფურცელზე თავისი ვარაუდით დაწერა მონარქის გვარი და პრემიერ-მინისტრს უჩვენა.

- დიახ, დაკარგული წერილის ავტორი სწორედ ის გახლავთ. და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იმ წერილმა შეიძლება მილიონობით აუნაზღაურებელი ხარჯი და ასი ათასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს.

- წერილის ავტორს თუ შეატყობინეთ მომხდარი ამბავი?

- დიახ, სერ, დაშიფრული დეპეშა გაიგზავნა.

- იქნებ თვითონვე ვარაუდობდა წერილის გამოქვეყნებას?

- არა, სერ! ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ: უკვე მიხვდა, რომ გაუფრთხილებლად და წინდაუხედავად მოიქცა. წერილის გამოქვეყნება მისთვის და მისი ქვეყნისთვის უფრო დიდი უბედურება იქნებოდა, ვიდრე ჩვენთვის.

- რაკი ასეა, ვინაა დაინტერესებული ამ წერილის საქვეყნო სამსჯავროზე გატანით? ვის რისთვის დასჭირდა მისი მოპარვა?

- მისტერ ჰოლმს, თქვენ იძულებულს მხდით შევეხო ძალიან მაღალ საერთაშორისო პოლიტიკის სფეროს. თუ მხედველობაში მივიღებთ ევროპის ახლანდელ სიტუაციას, დანაშაულის მოტივის გაგება არ გაგიჭირდებათ. ევროპა შეიარაღებულ ბანაკს წარმოადგენს. არსებობს ორი კავშირი, რომელთაც თითქმის თანაბარი სამხედრო ძლიერება აქვთ. ჩვენ ნეიტრალიტეტს ვიცავთ. თუ რომელიმე სამხედრო კავშირს მივემხრობით, ეს უზრუნველყოფს ამ კავშირის უპირატესობას მეორე მხარესთან. გამიგეთ?

- ახლა ყველაფერი ნათელია. ამრიგად წერილის მოპარვითა და მისი შინაარსის გახმიანებით დაინტერესებული არიან ამ მონარქის მტრები, რომლებიც მოწადინებული არიან მის ქვეყანასა და ჩვენს შორის შუღლი დათესონ, არა?

- დიახ, სერ.

- ვისთვის შეიძლებოდა გადაეგზავნათ ეს დოკუმენტი, თუ მტრის ხელში მოხვდებოდა?

- ევროპის, რომელიც გნებავთ, მთავრობისათვის. შესაძლებელია, რომ ამ მომენტში წერილი მიჰქრის კიდეც დანიშნულებისამებრ ისეთი სისწრაფით, როგორიც კი შეიძლება გემმა განავითაროს.

მისტერ ტრელონი ჰოუპმა თავი ჩაჰკიდა და მძიმედ ამოიხვნეშა.

პრემიერმა ალერსიანად დაადო თავი მხარზე:

- უბედურება შეგვემთხვა, ჩემო ძვირფასო მეგობარო. ვინ გაბედავს, ევროპის საქმეთა მინისტრს ბრალი დასდოს - თქვენ უკვე მიიღეთ სიფრთხილის ყველა ღონისძიება... მისტერ შერლოკ ჰოლმს, თქვენთვის ახლა ყველაფერი დღესავით ნათელია. რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ?

ჰოლმსმა ნაღვლიანად გადააქნია თავი:

- თქვენ ვარაუდობთ, სერ, რომ თუ ეს დოკუმენტი ვერ დაიბრუნეთ, ომი გარდუვალია?

- ვფიქრობ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია.

- მაშინ, სერ, ომისათვის ემზადეთ.

- ეს სასტიკი სიტყვებია, მისტერ ჰოლმს!

- მიიღეთ მხედველობაში ფაქტები, სერ. ნაკლებად სარწმუნო, და თითქმის დაუჯერებელიცაა, რომ წერილი ღამის თორმეტის ნახევარზე უფრო გვიან გაიტაცეს, რადგანაც ამ დროიდან იმ მომენტამდე, როცა მისი დაკარგვა შენიშნეს, მისტერ ჰოუპი და მისი მეუღლე საწოლ ოთახში იმყოფებოდნენ. მაშასადამე, წერილი გუშინ საღამოს, რვის ნახევრიდან თორმეტის ნახევრამდე გაქრა. საფიქრებელია, უფრო რვის ნახევარზე, რადგან ქურდმა იცოდა, სადაც იდო და, რაღა თქმა უნდა, მის დაუფლებას, რაც შეიძლება დროულად შეეცდებოდა. რაკი ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გუშინ გაიტაცეს და ქურდი მას არ შეინახავდა, სავარაუდებელია, რომ იგი უმალვე დაინტერესებულ პირს გადასცა. რაღა შანსი გვაქვს დავიჭიროთ წერილი, ან თუნდაც მის კვალს დავადგეთ? ჩემი აზრით, დოკუმენტი ჩვენთვის უკვე მიუწვდომელია.

პრემიერ-მინისტრი დივანიდან წამოდგა.

- ნადვილად ლოგიკურად მსჯელობთ, მისტერ ჰოლმს. მე ვხედავ, რომ მართლაც გვიანაა და უკვე აღარაფრის გაკეთება არ შეიძლება.

- ვთქვათ, რომ დოკუმენტი პირისფარეშმა ან ლაქიამ გაიტაცეს, რამდენადაც გავიგე, საწოლი ოთახი მეორე სართულზეა და ქუჩიდან ცალკე შესავალი არ გააჩნია. წინა კარიდან კი საწოლ ოთახში შეუმჩნევლად ასვლა არ შეიძლებაო. მაშასადამე, წერილი რომელიმე შინაურთაგანს აუწაპნია. მაგრამ ვის გადასცემდა ქურდი ამ ძვირფას ნადავლს? ალბათ ერთ-ერთ უცხოელ ჯაშუშს და საიდუმლო აგენტს. მათი სახელები კი ჩემთვის ცნობილია. არის სამი ადამიანი, რომლებიც შეიძლება ითქვას, ასეთ კომპანიებს მეთაურობენ. მე ძიებას იქიდან დავიწყებ, რომ დავადგენ, რა საქმით არის დაკავებული თითოეული. თუ რომელიმე მათგანი სადმე გაემგზავრა და განსაკუთრებით კი, თუ გუშინ საღამოს გაემგზავრა, ჩვენ გვეცოდინება, სად გაქრა წერილი.

- რისთვის უნდა გამგზავრებულიყო? - იკითხა ევროპის საქმეთა მინისტრმა. - აგენტს, რომელმაც წერილი ხელთ იგდო, შეეძლო იგი თავის საელჩოსათვის აქვე, ლონდონში გადაეცა.

- არა მგონია. ჩვეულებრივ, აგენტები სრულიად დამოუკიდებლად მუშაობენ და ხშირად საკმაოდ დაძაბულ ურთიერთობაში არიან თავიანთ ქვეყნების საელჩოებთან.

პრემიერ-მინისტრმა შერლოკ ჰოლმსს თავის დაქნევით დაუმოწმა ნათქვამი:

- მართალს ბრძანებთ, მისტერ ჰოლმს. აგენტი ასეთ ძვირფას დოკუმენტს დანიშნულ ადგილას საკუთარი ხელით ჩაიტანს. თქვენი მოქმედების გეგმა მე აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია. მაგრამ, მისტერ ჰოუპ, ამ უბედურების გამო ჩვენს სხვა მოვალეობებს ვერ დავივიწყებთ. მისტერ ჰოლმს, თუ დღის განმავლობაში რაიმე ახალი მოვლენა მოხდება, შეგატყობინებთ. თქვენც, რა თქმა უნდა, თქვენი საკუთარი კვლევა-ძიების შედეგებზე ინფორმაციებს გვაახლებთ.

მინისტრებმა თავი დაგვიკრეს და ღირსებით აღსავსე სახით გავიდნენ სახლიდან.

როცა ჩვენი მაღალი მდგომარეობის სტუმრები წავიდნენ, ჰოლმსმა უსიტყვოდ მოსწია ჩიბუხი და ერთ ხანს ღრმა ფიქრებს მიეცა. მე დილის გაზეთი გავშალე და წინა საღამოს ლონდონში მომხდარი ერთი სენსაციური დანაშაულის ამბის კითხვას შევუდექი. უეცრად ჩემმა მეგობარმა ხმამაღლა შეჰყვირა, ფეხზე წამოვარდა და ჩიბუხი ბუხარზე დააგდო.

- დიახ, - თქვა მან, - უკეთესი გზა არ არსებობს. მდგომარეობა სასოწარმკვეთია, მაგრამ უიმედო არაა. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს, ვინ აწაპნა წერილი. ხომ შეიძლება, რომ წერილი ჯერ კიდევ არ იყოს მისი ხელიდან გასული?! ბოლოს და ბოლოს ამ ადამიანებს აინტერესებთ მხოლოდ ფული, ხოლო ჩემს ხელთაა დიდი ბრიტანეთის მთელი ხაზინა. თუ წერილი იყიდება, მე მას ვიყიდი... თუნდაც მთავრობას საშემოსავლო გადასახადის გადიდება მოუხდეს. შეიძლება ის კაცი ჯერ კიდევ ინახავს წერილს. ვიდრე საზღვარგარეთ წერილის მაზანდას დაადგენს, ხომ უნდა გაიგოს, რამდენს შესთავაზებენ აქ, ინგლისშივე. ასეთი გაბედული თამაშის უნარი კი მხოლოდ სამ კაცს შესწევს: ობერშტაინს, ლა როტიერს და ედვარდ ლუკასს. ყველა მათგანს ვინახულებ.

კვლავ დილის გაზეთში ჩავრგე ცხვირი:

- გოდოლფინსტრიტზე მცხოვრები ედვარდ ლუკასი?

- დიახ.

- ვერ ნახავთ.

- რატომ?

- გუშინ საღამოს თავის ბინაში მოკლეს.

თავისი მიხვედრილობითა და გერგილიანობით ჩემი მეგობარი ისე ხშირად მაოცებდა ხოლმე, რომ, როცა ვნახე, როგორ გააოცა ჩემმა ნათქვამმა, საზეიმო განწყობილება დამეუფლა. იგი განცვიფრებული მომაშტერდა და შემდეგ ხელიდან გამომტაცა გაზეთი, აი, ის ცნობა, რასაც იმ წუთში ვკითხულობდით, როცა ჰოლმსი თავისი სავარძლიდან წამოიჭრა:

მკვლელობა ვესტმინსტერში

გუშინ საღამოს №16 სახლში გოდოლფინსტრიტზე მოხდა საიდუმლოებით მოცული დანაშაული. გოდოლფინსტრიტი ერთი იმ ძველებურ წყნარ ქუჩათაგანია, რომლებიც მდინარესა და ვესტმინსტერის სააბატოს შორის მიემართება. ეს ქუჩა თითქმის პარლამენტის შენობის დიდი კოშკის ჩრდილში იმყოფება. მისი სახლების უმეტესობა ჯერ კიდევ XV||| საუკუნეშია აგებული. ერთ-ერთ ამ სახლში, პატარა, მაგრამ ცალკე საცხოვრებელში, რამდენიმე წელიწადს მუდმივად ცხოვრობდა მისტერ ედვარდ ლუკასი. იგი იყო მომხიბვლელი გარეგნობის ადამიანი, კარგად ცნობილი საზოგადოებაში და მუსიკის მოთაყვანე, ინგლისელებისათვის რჩეული ტენორი, მაგრამ არაპროფესიული მომღერალი. მისტერ ლუკასს ცოლი არა ჰყავდა. მის სახლში ცხოვრობდნენ ხნიერი მნე ქალი მისის პრინგლი და ლაქია მიტონი. მნე ქალი ჩვეულებრივ საღამოობით არ მუშაობდა. იგი ადრიანად ავიდოდა ხოლმე თავის ოთახში, სახლის ზედა სართულზე. იმ საღამოს ლაქიაც მეგობრის სანახავად ჰამერსმიტში გამგზავრებულა.

ათი საათიდან მისტერ ლუკასი ბინაში მარტო დარჩენილა. ჯერ კიდევ არ არის გამორკვეული, რა მოხდა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ თორმეტს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, გოდოლფინსტრიტზე მიმავალ კონსტებლ ბერეტს შეუნიშნავს, რომ №16 სახლის კარი ნახევრად ღია იყო. დაუკაკუნებია, მაგრამ პასუხი არავის გაუცია. პირველ ოთახში შუქი იყო ანთებული. კონსტებლი დერეფანში შესულა და ხელახლა დაუკაკუნებია, მაგრამ პასუხი არავის გაუცია. მაშინ კარი შეუღია და ბინაში შესულა. კონსტებლს ოთახი საშინლად არეული დახვედრია. მის სიტყვებს თუ გავიმეორებთ: მთელი ავეჯი მიწეულ-მოწეული იყო. შუაში ეგდო პირქვე დამხობილი სკამი. ამ სკამთან იატაკზე გაშხლართულიყო და ჯერ კიდევ სკამის ფეხს ებღაუჭებოდა სახლის უბედური პატრონი. დანა შიგ გულში ჰქონდა გაყრილი. ამასთან სიკვდილი, ეტყობა, უეცრად მოევლინა. დანა, რომლითაც მკვლელობა იყო ჩადენილი, აღმოჩნდა მრუდე ინდური ხანჯალი, აღებული აღმოსავლური იარაღის იმ კოლექციიდან, რაც ოთახის ერთ-ერთ კედელს ამშვენებდა. მკვლელობა, როგორც ჩანს, ძარცვის მიზნით არაა ჩადენილი, რადგან ძვირფასეულობა, რაც ოთახში იყო, ხელუხლებელი აღმოჩნდა.

მისტერ ედვარდ ლუკასი იმდენად ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ადამიანი იყო, რომ მისი ძალადური და საიდუმლოებით მოცული სიკვდილის ამბავს მისი მრავალრიცხოვანი მეგობრები გულწრფელი მწუხარებით შეხვდნენ".

- აბა, უოტსონ, თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბავზე? - მკითხა ჰოლმსმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ.

- განსაცვიფრებელი დამთხვევაა!

- დამთხვევა? ერთი იმ სამთაგანი, რომელთაც დრამის შესაძლებელ მონაწილედ ვთვლიდით, გულგანგმირული სწორედ იმ საათს დაეცა, როცა დრამის პირველი მოქმედება იწყებოდა და განა ეს დამთხვევაა! არა, არა, ჩემო ძვირფასო უოტსონ, ეს ორი მოვლენა რაღაც უხილავ კავშირშია, და ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ ეს კავშირი.

- მაგრამ ახლა ხომ პოლიციაც ჩაერევა საქმეში და ყოველივეს შეიტყობენ.

- პოლიციაში მხოლოდ ის ეცოდინებათ, რაც მათ თვალწინ გოდოლფინსტრიტზე მოხდება. იქ არ იციან და ვერც გაიგებენ, რა მოხდა უაიტჰოლტერასზე. მხოლოდ ჩვენთვის არის ცნობილი ორივე შემთხვევა, და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მათი ერთმანეთთან შეპირისპირება. არის ერთი აშკარა გარემოება, რაც ყოველნაირ შემთხვევაში ეჭვებს ლუკასის წინააღმდეგ აღმიძრავდა. გოდოლფინსტრიტი ხომ რამდენსამე ნაბიჯზეა უაიტჰოლტერასიდან. სხვა საიდუმლო აგენტები, რომლებზედაც გელაპარაკეთ, უესტ-ენდის შორეულ კიდეში ცხოვრობენ. ამიტომაც, ბუნებრივია, ლუკასი სხვებზე იოლად მოახერხებდა ევროპის საქმეთა მინისტრის სახლთან კავშირის დაჭერასა და საჭირო ცნობების მიღებას. ეს უმნიშვნელო გარემოებაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მოვლენები დიდი სისწრაფით განვითარდებოდნენ, შეიძლება არსებითიც აღმოჩნდეს. აჰა! რაღაც ახალი ამბავია!

გამოჩნდა მისის ჰადსონი, რომელსაც ლანგრით მოჰქონდა ვიღაც ქალის სადარბაზო ბარათი. ჰოლმსმა შეხედა, წარბები ასწია და ბარათი მე გადმომცა.

- სთხოვეთ ლედი ჰილდა ტრელონი ჰოუპს, მობრძანდეს, - თქვა მან.

წამიც და ჩვენს უბრალო ბინას მეორედ დაედო პატივი, ამჯერად მთელ ლონდონში უმშვენიერესი მანდილოსნის მობრძანებით. ჰერცოგ ბელმინსტერის უმცროსი ასულის მშვენიერების ამბავი ადრეც მსმენოდა, მაგრამ არც ერთ აღწერასა თუ ფოტოსურათს არ შეეძლო გადმოეცა მისი ნატიფი სახის საკვირველი, სასიამოვნო მომხიბვლელობა და წარმტაცი იერი. მაინც შემოდგომის იმ დილას, პირველ ნახვაზე, მისი მშვენიერება როდი მოგვხვდა თვალში. მომაჯადოებელი სახე კი ჰქონდა, მაგრამ მღელვარებისაგან ფერი მიხდოდა; თვალები უბრწყინავდა, თუმცა მათი ელვარება ისეთი ჩანდა, ციებიანიაო, იტყოდით. მეტყველი პირი მოეკუმა და ცდილობდა როგორმე თავი დაეჭირა. მშვენიერებამ კი არა მის თვალებში ჩამდგარმა შიშმა გაგვაოცა, როცა ღია კარებში ჩვენი მომხიბლავი სტუმარი გამოჩნდა.

- ჩემი ქმარი ხომ არ ყოფილა თქვენთან, მისტერ ჰოლმს?

- დიახ, მილედი, გახლდათ.

- მისტერ ჰოლმს, გევედრებით, არ გამამხილოთ, რომ მე თქვენთან მოვედი.

ჰოლმსმა ცივად დაუკრა თავი და სკამი შესთავაზა.

- თქვენი ბრწყინვალება ფრიად საჩოთირო მდგომარეობაში მაყენებს. გთხოვთ დაბრძანდეთ და ამიხსნათ, რა გაწუხებთ. სავალალოდ უნდა გითხრათ, რომ წინასწარ ვერაფერს დაგპირდებით.

მანდილოსანმა მთელი ოთახი გაიარა და ფანჯრისაკენ ზურგშექცევით დაჯდა. ეს იყო ნამდვილი დედოფალი - მაღალი, მოხდენილი და ამავე დროს ძალზე ქალური.

- მისტერ ჰოლმს, - დაიწყო მან და ვიდრე ლაპარაკობდა, თეთრხელთათმნიან ხელებს ერთთავად კუმშავდა და შლიდა, - გულახდილად ვილაპარაკებ და იმედი მაქვს, თქვენც ასევე მოიქცევით. ჩემსა და ჩემს ქმარს შორის არ არის არავითარი საიდუმლო, ერთი ამბის გარდა: ესაა პოლიტიკა... აქ ის დუმილს ამჯობინებს და არაფერს არ მიამბობს ხოლმე. მაგრამ მე შევიტყვე, რომ გუშინ ჩვენს სახლში რაღაც უაღრესად არასასიამოვნო ამბავი მოხდა. ჩემთვის ცნობილია, რომ გაქრა რაღაც მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მაგრამ რამდენადაც საქმე პოლიტიკას ეხება, საიდუმლოს განდობაზე ქმარი უარს ამბობს. ამასთან ძალზე საჭიროა... მერწმუნეთ, ძალზე საჭიროა, რომ იმ ამბის თაობაზე ყველაფერი ვიცოდე. მთავრობის წევრების გარდა თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ, რომელმაც სიმართლე იცის. გევედრებით, მისტერ ჰოლმს, ამიხსნათ, რა მოხდა და რა შეიძლება მოჰყვეს ამ ამბავს. ყველაფერი მიამბეთ, მისტერ ჰოლმს. თქვენი კლიენტის ინტერესები ნუ შეგზღუდავენ და დაგადუმებენ. გარწმუნებთ, მხოლოდ მისთვის სარგებლობის მოტანის სურვილი მამოძრვებს, და ეს რომ ჩემს მეუღლეს ესმოდეს, ალბათ ყოველივეს გამანდობდა. რა ქაღალდი იყო, რომ გაიტაცეს?

- მილედი, თქვენ ჩემგან შეუძლებელს ითხოვთ.

ქალმა ღრმად ამოიოხრა და სახე ხელებში ჩარგო.

- უნდა გამიგოთ, მილედი. თუ თქვენი ქმარი საჭიროდ თვლის, რომ თქვენთვის უმჯობესია ამ საქმისა არა შეიტყოთ რა, როგორ შემიძლია მე, ვისაც საიდუმლოს შენახვის ფიცი ჩამომართვეს, გაგიმხილოთ ის, რასაც თვითონ საკუთარი ქმარი გიმალავთ? თქვენ უფლებაც არა გაქვთ ასეთი რამ მთხოვოთ - ქმარს უნდა შეევედროთ და ის ყოველივეს გიამბობთ.

- ვკითხე და რაკი პასუხი ვერ მივიღე, თქვენთან მოვედი. მაგრამ თუ თქვენც არ გსურთ მითხრათ რაიმე გარკვეული, ერთ კითხვაზე მაინც მიპასუხეთ.

- რა კითხვაზე, მილედი?

- შეიძლება თუ არა ამ შემთხვევამ ზიანი მიაყენოს ჩემი ქმრის პოლიტიკურ კარიერას?

- იცით, მილედი, თუ საქმე არ მოწესრიგდება, რაღა თქმა უნდა, მას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

- ო!

ქალმა იმ ადამიანივით ამოიოხრა, რომელსაც ეჭვი გაუქარწყლა მწარე სიმართლემ.

- კიდევ ერთი კითხვა, მისტერ ჰოლმს. როგორც კი ეს უბედურება მოხდა, ჩემმა ქმარმა წამოისროლა ორიოდე სიტყვა, და გავიგე, რომ წერილის დაკარგვას მთელი ჩვენი ქვეყნისათვის შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.

- რაკი თვითონ ასე უთქვამს, მე, რა თქმა უნდა, ამის უარყოფას აღარ შევუდგები.

- მაგრამ რა უბედურება შეიძლება ეს იყოს?

- აჰ, მილედი, თქვენ ისევ მაძლევთ იმ კითხვას, რაზედაც პასუხის გაცემა არ შემიძლია.

- რაკი ასეა, მისტერ ჰოლმს, მეტად დროს აღარ წაგართმევთ. ვერც იმის გამო გისაყვედურებთ, რომ გულახდილობაზე უარი მითხარით. იმედი მაქვს, ჩემზე ცუდს არას იფიქრებთ, რადგანაც გულწრფელად მინდა გავიზიარო ჩემი ქმრის საზრუნავი, თუმცა თვითონ ამისი წინააღმდეგია. ერთხელ კიდევ გთხოვთ: ნუ ეტყვით, რომ თქვენთან ვიყავი.

ზღურბლზე მდგარმა უკან მოიხედა, და მე ხელახლა დავინახე ლამაზი, აღელვებული სახე, შეშინებული თვალები და მჭიდროდ მოკუმული პირი. შემდეგ ქალი გაუჩინარდა.

- აბა, უოტსონ, მშვენიერი სქესი - ეს უკვე თქვენი საქმეა, - ღიმილით თქვა ჰოლმსმა, როცა სადარბაზო კარი ხმაურით დაიხურა და კაბის შარიშურის ხმა მიწყდა. - რა თამაშს ეწევა ეს ლამაზი ბანოვანი? რა უნდა სინამდვილეში?

- რას ბრძანებთ, აკი ყველაფერი ასე გარკვევით აგვიხსნა, ხოლო მისი მოუსვენრობა სრულიად ბუნებრივია.

- ჰმ! გაიხსენეთ მისი სახის გამომეტყველება, დაუყოვნებელი შიში, მოუსვენრობა და დაჟინება, რითაც კითხვებს იძლეოდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ქალი ეკუთვნის იმ კასტას, რომელსაც თავისი გრძნობების დაფარვის უნარიც გააჩნია.

- დიახ, მართლაც ძალიან აღელვებული იყო.

- გაიხსენეთ ისიც, რა მხურვალე გულით ლამობდა ჩვენს დარწმუნებას, რომ მოქმედებს თავისი ქმრის ინტერესების გულისთვის და მხოლოდ ამიტომ სურს იცოდეს ყველაფერი. რისი თქმა უნდოდა ამით? და თქვენ ალბათ შენიშნეთ, უოტსონ, რომ სინათლისაკენ ზურგშექცეული დაჯდა. ქალს სულაც არ სურდა, რომ მისი სახე გვენახა.

- დიახ, სწორედ ასეთი ადგილი აირჩია.

- ქალისას რას გაიგებ, უოტსონ, თუ გახსოვთ, ერთ მარჰეიტელ ქალზეც მივიტანე ასეთი ეჭვი. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მისი მღელვარების მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ცხვირზე პუდრის წასმა დაკლებოდა. ვარაუდის აგება ასეთ არასაიმედო მასალაზე ძალზე ძნელია. ქალის სრულიად ჩვეულებრივი ქცევის მიღმა შეიძლება იმალებოდეს ძალიან ბევრი რამ, ხოლო მისი დაბნეულობის მიზეზი ხშირად ხდება სარჭი ან თმის სახვევი... ნახვამდის, უოტსონ.

- მიდიხართ?

- დიახ, დილას გოდოლფინსტრიტზე ჩვენს მეგობარ პოლიციელებთან გავატარებ. ჩვენი პრობლემის გადაჭრა ედვარდ ლუკასის მკვლელობაშია, თუმცა, ვაღიარებ, რა ფორმას მიიღებს ეს საქმე, ამისი წარმოდგენაც კი ძალზე ძნელია. თეორიის აგება კი, თუ ფაქტები არა გვაქვს, დიდი შეცდომაა: ფხიზლად იყავით, ჩემო ძვირფასო უოტსონ, და ჩემ მაგიერ თქვენ მიიღეთ მნახველები. მე კი, თუ მოვახერხე, საუზმისათვის დავბრუნდები.

მთელი ის დღე და ორი მომდევნო დღეც ჰოლმსი იყო შეუპოვრად მდუმარე, როგორც იტყოდნენ მისი მეგობრები, და პირქუში, როგორც იტყოდა ყველა სხვა. იგი განუწყვეტლივ წრიალებდა, მიდი-მოდიოდა, ბევრს ეწეოდა, ვიოლინოზე რაღაც მელოდიების ნაწყვეტებს უკრავდა. ხშირად გაირინდებოდა ხოლმე, იკვებებოდა მხოლოდ ბუტერბროდებით, ისიც, უდროო დროს, და უხალისოდ მპასუხობდა კითხვებზე, რომელთაც დროდადრო ვაძლევდი, ვიცოდი, რომ ძიებას შედეგი არ მოჰყოლია. ჰოლმსი ამ საქმეზე საერთოდ არაფერს ამბობდა და ძიების მსვლელობის ამბავს მხოლოდ გაზეთებიდან ვგებულობდი. განსვენებულის ლაქიის, ჯონ მიტონის დაპატიმრებისა და უეცარი განთავისუფლების ამბავიც გაზეთებში ამოვიკითხე.

ძიებამ დაადგინა "განზრახ მკვლელობის" ფაქტი, მაგრამ მკვლელი ვერ შეიპყრეს. ვერც დანაშაულის აღმძვრელი მოტივები დაადგინეს. ოთახში ბევრი ძვირფასი ნივთი იყო, მაგრამ მკვლელს არაფრისთვის ხელი არ ეხლო. განსვენებულის ქაღალდებიც ადგილზე აღმოჩნდა. ყოველივე გულმოდგინედ გასინჯეს და დაადგინეს, რომ ლუკასი მონდომებით სწავლობდა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებს, დაუღალავად აგროვებდა ყოველგვარ განაგონსა და ჭორს, იყო გამოჩენილი ლინგვისტი და ჰქონდა უზარმაზარი მიმოწერა. ახლო ურთიერთობაში ყოფილა რამდენიმე ქვეყნის თვალსაჩინო პოლიტიკურ მოღვაწესთან. მაგრამ იმ დოკუმენტებში, რომლებითაც სავსე ჰქონდა მაგიდის უჯრა, ერთიც ვერაფერი ნახეს სენსაციური. ქალთა შორის ბევრი ნაცნობი ჰყოლია, მაგრამ ცოტა მეგობარი, და არც ერთი მათგანი არ ჰყვარებია. ეტყობა, მყუდრო ცხოვრებას ეწეოდა. მისი სიკვდილი აღმოჩნდა ის გადაუწყვეტი ამოცანა, რომლის ამოხსნა არა და არ ხერხდებოდა.

რაც შეეხება ლაქია ჯონ მიტონს, პოლიციამ იმიტომ დააპატიმრა, რომ სრული უმწეობა დაეფარა. მის წინააღმდეგ ვერავითარი ბრალდება ვერ წამოაყენეს. იმ საღამოს თავის მეგობრებთან ყოფილიყო სტუმრად ჰამერსმიტში. ალიბი აშკარა იყო. მართალია, სახლიდან ადრე გასულიყო და შეეძლო ვესტმინსტერში დროზე დაბრუნება, მაგრამ ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე დანაშაულს ფარდა აეხდებოდა, ძიებას აჩვენა გზის ნაწილი ფეხით გავიარეო, და ეს დასაჯერებელიც იყო, თუ კაცი გაიხსენებდა, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს თან მომხიბვლელი საღამო მოჰყვა. გვიან ღამით შინ დაბრუნებული მიტონი, როგორც ეტყობოდა, შეაძრწუნა მომხდარმა ტრაგედიამ. იგი ყოველთვის კარგ დამოკიდებულებაში ყოფილა თავის ბატონთან. განსვენებულის კუთვნილი ზოგიერთი ნივთი - მაგალითად, საპარსი თავის ბუდიანად, - ლაქიის ჩემოდანში აღმოჩნდა, მაგრამ მიტონმა განაცხადა, ყოფილმა ბატონმა მაჩუქაო, და მნე ქალმაც დაადასტურა მისი ნათქვამი.

მიტონს ლუკასთან უკვე სამი წელიწადი ემსახურა. საგულისხმოა, რომ ლუკასს მიტონი თან კონტინენტზე არასოდეს არ წაუყვანია. ზოგჯერ პარიზში ფეხმოუცვლელად უტარებია სამი თვე, მაგრამ მიტონს თურმე გოდოლფინსტრიტში ტოვებდა ხოლმე, სახლს მიხედეო. რაც შეეხება მნე ქალს, იმ საღამოს, როცა მკვლელობა მოხდა, არაფერი გაუგონია. თუ ბატონთან ვინმე მნახველი იყო, ალბათ კარი თვითონვე გაუღოო, განუცხადებია.

ამგვარად, გაზეთების მიხედვით საიდუმლოება ჯერ კიდევ ამოუხსნელი იყო. ჰოლმსი კი, თუნდაც გაზეთებზე მეტი სცოდნოდა, არაფერს არ მიზიარებდა, თუმცა გაკვრით მითხრა, ინსპექტორმა ლესტრეიდმა ძიების საიდუმლო გამანდოო. ვიცოდი, რომ ჰოლმსმა ყველა ახალი ამბავი ხუთი თითივით იცოდა. მეოთხე დღეს გაზეთში წავიკითხე პარიზიდან გამოგზავნილი დეპეშა.

"პარიზის პოლიციამ, - წერდა "დეილი ტელეგრაფი", - აღმოაჩინა ის, რაც შუქს ჰფენს მისტერ ედვარდ ლუკასის ტრაგიკული დაღუპვის ისტორიას. როგორც ცნობილია, ლუკასი წარსულ ორშაბათს გოდოლფინსტრიტზე, ვესტმინსტერში მოკლეს. ჩვენს მკითხველებს ალბათ ახსოვთ, რომ განსვენებული ჯენტლმენი საკუთარ ოთახში დანით გულგანგმირული იპოვეს და ეჭვი მიიტანეს მის ლაქიაზე, რომელმაც დაამტკიცა თავისი ალიბი. გუშინ პარიზში, აუსტერლიცის ქუჩაზე მცხოვრებ მადამ ჰანრი ფურნეს მსახურებმა პოლიციას განუცხადეს, რომ მათი ქალბატონი შეიშალა. სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ ჰანრი ფურნე ნამდვილადაა სულიერად დაავადებული. კვლევა-ძიების შედეგად პოლიციამ დაადგინა, რომ მადამ ჰანრი წინა სამშაბათს დაბრუნდა ლონდონიდან, და არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ მგზავრობას აქვს ერთგვარი კავშირი ვესტმინსტერში მომხდარ დანაშაულთან. ფოტოსურათების შედარებამ გვიჩვენა, რომ მადამ ჰანრი ფურნეს ქმარი და მისტერ ედვარდ ლუკასი - ერთი და იგივე პიროვნებაა, და განსვენებული რატომღაც ორ ქალაქში - ლონდონსა და პარიზში ცხოვრობდა. მადამ ფურნე, ჩამომავლობით კრეოლი, გამოირჩევა უკიდურესად ფიცხი ხასიათით, რაც ეჭვიანობის დროს სრულ პათოლოგიაში გადადის. სწორედ ერთ-ერთი ასეთი აშლილობის დროს ჩაიდინა, როგორც ვარაუდობენ, ეს საშინელი ბოროტმოქმედება, რამაც ააღელვა მთელი ლონდონი. აქამდე არაა გამორკვეული, რას აკეთებდა იგი ორშაბათ საღამოს, მაგრამ ცნობილია, რომ მისმა მსგავსმა ქალმა სამშაბათ დილით თავისი გიჟური სახითა და უცნაური ჟესტებით ჩერინგ-კროსის სადგურზე მყოფი ადამიანების ყურადღება მიიქცია. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ დანაშაული ჩადენილია მძიმე სულიერი აშლილობის დროს, და ამ ამბავმა უბედურ ქალზე ისეთი ზეგავლენა მოახდინა, რომ ჭკუიდან საბოლოოდ შეაცდინა. ამჟამად მას არ შეუძლია მომხდარ ამბავზე ლაპარაკი და ექიმებს მისი გამობრუნების იმედი არა აქვთ. არის ცნობები, რომ ორშაბათ საღამოს რომელიღაც ქალი, შესაძლოა, მადამ ფურნე, რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა გოდოლფინსტრიტზე, იმ სახლის ახლოს, სადაც დანაშაული მოხდა..." რას ფიქრობთ ამაზე, ჰოლმს?

ამ ცნობას ხმამაღლა ვუკითხავდი, ვიდრე ჩემი მეგობარი საუზმეს მოათავებდა.

- ჩემო ძვირფასო უოტსონ, - მითხრა მან, სუფრიდან წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, - თქვენ ანგელოზის მოთმინება გაქვთ, რადგან აგერ სამი დღეა თქვენთვის არაფერი მითქვამს და საყვედურიც არ დაგცდენიათ. გულახდილად უნდა გითხრათ, რომ მოსათხრობიც არაფერი მქონდა. არც ეს პარიზიდან მიღებული დეპეშა გვეხმარება იდუმალებით მოცული ამბების ამოხსნაში.

- მაგრამ ლუკასის მკვლელობის ამბავი ახლა ხომ საბოლოოდ გადაწყვეტილია, - ვუთხარი მე.

- იმ კაცის სიკვდილი - უბრალო ეპიზოდია ჩვენს ნამდვილ ამოცანასთან შედარებით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ წერილს მივაკვლიოთ და ევროპა კატასტროფისაგან ვიხსნათ. გასულ სამ დღეში მხოლოდ ის მოხდა, რომ არაფერი მომხდარა. თითქმის ყოველ საათს ვღებულობ ცნობებს მთავრობიდან და ვიცი, რომ ევროპაში ჯერ კიდევ არ შეინიშნება ომის მომასწავებელი ფუცხუნი და იარაღის ჟღარუნი. თუ წერილი დაკარგულია... თუმცა, არ დაიკარგებოდა... მაგრამ თუ არ დაკარგულა, მაშ, სად არის? ვისთან? რატომ მალავენ? აი, კითხვა, რაც ჩაქუჩივით მცემს თავში. და მერე, როცა წერილი დაიკარგა, რაღა იმ ღამეს მოკლეს ლუკასი; საერთოდ, ჰქონდა თუ არა ლუკასს ეს წერილი? თუ ჰქონდა, რატომ ვერ იპოვნეს ქაღალდებში? თან ხომ არ წაიღო ლუკასის გაგიჟებულმა ცოლმა? თუ წაიღო, მის სახლში ხომ არ ინახება პარიზში? ან რანაირად შემიძლია ამ წერილის ძებნა იქ ისე, რომ საფრანგეთის პოლიციას ეჭვები არ აღვუძრა? ეს ის შემთხვევაა, ძვირფასო უოტსონ, სადაც კანონიერება ისევე საშინელია ჩვენთვის, როგორც მისი დარღვევა. ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგაა ამხედრებული, მაგრამ სასწორზე მშვიდობისა და მთელი ქვეყნის ინტერესებია და უნდა ვიმოქმედოთ. თუ ამ საქმის წარმატებით დასრულება მოვახერხე, რა თქმა უნდა, ის ღირსეულად დააგვირგვინებს ჩემს კარიერას... აჰა, აგერ უკანასკნელი ცნობები წინა პოზიციებიდან! - ჰოლმსმა სწრაფად დახედა ბარათს, რაც იმ წამს გადასცეს. - ჩანს, ლესტრეიდმა რაღაც საინტერესო იპოვნა. დაიხურეთ ქუდი, უოტსონ, ახლავე ერთად გავემგზავრებით ვესტმინსტერში.

პირველად ვნახე ადგილი, სადაც ბოროტმოქმედება მოხდა: მაღალი, უშნო, ვიწროფასადიანი, ზვიადად გაჯგიმული, ოფიციალური, და უზარმაზარი სახლი იმ საუკუნის ღვიძლი შვილი გახლდათ, რომელშიაც აშენდა. ფანჯრიდან ლესტრეიდის ბულდოგისებური სახე შევნიშნე, და როცა ბუმბერაზმა კონსტებლმა კარი გაგვიღო, ლესტრეიდი მეგობრულად მოგვესალმა.

ამ ოთახში მოჰკლეს ლუკასი, მაგრამ დანაშაულის კვალი უკვალოდ გამქრალიყო. მხოლოდ ერთი უშნოდ გადღაბნილი ლაქა ჩანდა კვადრატულ ხალიჩაზე. პატარა ხალიჩა მხოლოდ ოთახის შუაგულს თუ ფარავდა. ხალიჩის გარშემო იატაკი ელვარებამდე გაპრიალებული ლამაზი, ძველებური კვადრატული პარკეტით იყო მოგებული. ბუხრის თავზე ეკიდა იარაღის შესანიშნავი კოლექცია. ამ კოლექციიდან ჩამოეღო მკვლელს პირბასრი ხანჯალი იმ ტრაგიკულ საღამოს. ფანჯარასთან იდგა მდიდრული საწერი მაგიდა, და ყოველი საგანი ოთახში: სურათები, ხალიჩები, პორტიერები - ყველაფერი მოწმობდა პატრონის დახვეწილ, ნატიფ გემოვნებას.

- გაიგეთ პარიზიდან მოსული ახალი ამბები? - იკითხა ლესტრეიდმა.

ჰოლმსმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- ამჯერად ჩვენმა ფრანგმა მეგობრებმა მიზანში მოახვედრეს. მკვლელობა უეჭველად, სწორედ ისე მოხდა, როგორც ისინი ამტკიცებენ. ქალმა კარზე დააკაკუნა - ეს იყო მოულოდნელი ვიზიტი, რადგან ლუკასთან არავინ არ დადიოდა. კაცმა შემოუშვა, აბა ქალს ქუჩაში ხომ არ დატოვებდა! ცოლმა მოუთხრო, როგორ მიაგნო მის კვალს, და საყვედურებით აავსო. შემდეგ, რაკი ხანჯალიც იქვე აღმოჩნდა, მალე წირვაც გამოუყვანა. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ მომხდარა, რადგანაც სკამები გროვად ეყარა, ხოლო ერთი მათგანისათვის განსვენებულს ხელიც კი ჩაუჭიდია, ალბათ იმით ლამობდა თავდაცვას. ყოველივე ეს ისე ნათლად მაქვს წარმოდგენილი, თითქოს თვითონ ვყოფილიყავი იმ ტრაგიკული ამბის მოწმე.

ჰოლმსმა წარბები ასწია:

- და მაინც მიხმეთ?

- ჰო, დიახ, ეს პატარა წვრილმანია, მაგრამ იმნაირთაგანი, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ ხოლმე: საეჭვო ამბავია, იცით, და როგორც ალბათ თქვენ უწოდებდით, ძალიან უცნაური. ერთი შეხედვით არაფერი საერთო არა აქვს ამ შემთხვევასთან.

- რა არის ასეთი?

- თქვენთვის ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც დანაშაული გამოაშკარავდა, ბეჯითად ვცდილობთ, რათა ყველა ნივთს თავისი ადგილი მივუჩინოთ. აქ არავინ არაფერს არ შეხებია. ბინაში დღე და ღამე მორიგეობდა პოლიციელი. დღეს დილით, მას შემდეგ, რაც მოკლული დაკრძალეს და ამ ოთახის გამოკვლევა დაამთავრეს, გადავწყვიტეთ არეულ-დარეული ბინა ცოტათი დაგველაგებინა და აი, ხალიჩა... ხედავთ, იატაკზე კი არაა დამაგრებული, არამედ უბრალოდ ძირსაა დაფენილი. შემთხვევით ავწიეთ და აღმოვაჩინეთ...

- მართლა? აღმოაჩინეთ?.. ჰოლმსის სახე გამოხატავდა უდიდეს ინტერესს.

- ოო, დარწმუნებული ვარ, რომ ასი წელიც არ გეყოფათ იმის გამოსაცნობად, რაც აღმოვაჩინეთ! ხედავთ ამ გადღაბნილ ლაქას ხალიჩაზე? ამ ხალიჩაში საკმაოდ ბევრ სისხლს უნდა გაეჟონა, ხომ მართალია?

- უდავოდ.

- და წარმოიდგინეთ, რომ ღია ფერის პარკეტზე ამ ადგილას ლაქა არ არის.

- არ არის ლაქა? არა, უნდა იყოს!

- დიახ, ჩვენც ასე ვფიქრობდით, მაგრამ იატაკი ერთ ადგილას დაულაქავებელია.

ხალიჩის კიდე ავწიე და დავრწმუნდით, რომ ლესტრეიდი მართალს ამბობდა.

- მაგრამ ხალიჩის ქვედა მხარეს გაჟონილ სისხლს ხომ იატაკზეც კვალი უნდა დაეტოვებინა!

სახელოვანი სპეციალისტის გაოცება რომ ნახა, ლესტრეიდმა აღტაცებისაგან ჩაიხითხითა:

- აბა, ახლა აგიხსნით, რაც არის. მეორე ლაქაც არსებობს, მაგრამ პირველს არ ემთხვევა, თვითონვე შეხედეთ.

ამ სიტყვებზე ხალიჩის მეორე ბოლო ასწია და მართლაც, პარკეტზე, კართან ახლოს, ვნახეთ დიდი მუქი წითელი ლაქა.

- რას იტყვით ამაზე, მისტერ ჰოლმს?

- აქ ყველაფერი ძალიან მარტივი ასახსნელია. ორი ლაქა ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ხალიჩა გადაბრუნებული იყო. რაკი ის კვადრატულია და არაა დამაგრებული იატაკზე, ამის გაკეთება სრულიად ადვილი რამ იყო.

- მისტერ ჰოლმს, პოლიციას არ ესაჭიროება თქვენი განმარტება იმის თაობაზე, რომ ხალიჩა გადაბრუნებული იყო. ეს სავსებით აშკარაა: თუ ხალიჩას ასე დავდებთ, ერთი ლაქა მეორის თავზე აღმოჩნდება. მე კი თქვენ გეკითხებით: ვინ აწია ხალიჩა და რისთვის?

ჰოლმსის უძრავ სახეზე შევნიშნე, რომ ძლივს იკავებდა დაუფლებულ მღელვარებას.

- ლესტრეიდ, - თქვა ბოლოს, - დერეფანში რომ პოლიციელია, იგი განუწყვეტლივ მორიგეობდა აქ, თუ არა?

- დიახ.

- ჰოდა, აი ჩემი რჩევა: ძალიან მკაცრად დაჰკითხეთ. ოღონდ ჩვენი თანდასწრებით არა. ჩვენ აქ დავიცდით. გაიყვანეთ მეორე ოთახში. ჰკითხეთ, როგორ გაბედა აქ ადამიანის შემოშვება და ამ ოთახში მისი მარტო დატოვება. ნუ ჰკითხავთ, დაუშვა თუ არა მან ასეთი რამ. ჩათვალეთ, რომ ამას მტკიცება არ ესაჭიროება. დაარწმუნეთ, რომ თქვენთვის ცნობილია ამ ოთახში ვიღაც რომ იყო. დაემუქრეთ. უთხარით, რომ მხოლოდ გულახდილ აღიარებას შეუძლია მისი დანაშაულის გამოსყიდვა. გააკეთეთ ყველაფერი ისე, როგორც მე გითხარით.

- ვფიცავ, მე გამოვწურავ მისგან ყველაფერს, თუ რაიმე იცის! - ფიცხლად შესძახა ლესტრეიდმა. წინკარში გაირბინა, და წუთის შემდეგ გვერდითი ოთახიდან მისი გაავებული ყვირილი მოგვესმა.

- ჩქარა, უოტსონ, ჩქარა! - შეჰყვირა მოუთმენლობისაგან აკანკალებულმა ჰოლმსმა.

ამ კაცის მთელი ზებუნებრივი ძალა, რაც აპათიის ნიღბის ქვეშ იმალებოდა, მოზღვავებული ენერგიის ცეცხლად აგიზგიზდა. მან ხალიჩა გადაკეცა, სწრაფად დაეშვა მუხლებზე და პარკეტის ყოველი კვადრატის ხელით მოსინჯვას შეუდგა. როგორც კი შეეხო კიდეს, ერთი მათგანი განზე გადავარდა. ეს იყო პატარა ყუთის სახურავი. მის ქვეშ ჩაღრმავებული მცირე ბნელი ადგილი გამოჩნდა. ჰოლმსმა მოუთმენლად ჩაყო შიგ ხელი, მაგრამ უკან რომ ამოიღო, ჯავრისა და მწარე იმედგაცრუებისაგან ამოიოხრა. ყუთი ცარიელი დაუხვდა.

- აბა, ცოცხლად, უოტსონ, ცოცხლად! უნდა მოვასწროთ და ხალიჩა ადგილზე დავაბრუნოთ!

საიდუმლო საცავის დაფარვა და ზედ ხალიჩის გადაფარება ძლივს მოვასწარით, რომ დერეფანში ლესტრეიდის ფეხის ხმა გაისმა. როცა იგი შემოვიდა, ჰოლმსი ბუხარზე დაუდევრად მიყრდნობილი დაუხვდა. ჩემს მეგობარს ისეთი ნაღვლიანი და ტანჯული სახე ჰქონდა, თითქოს დაუძლეველ მთქნარებას ძლივს იკავებდა.

- მაპატიეთ, რომ მოგაცდინეთ, მიტერ ჰოლმს. ვხედავ, საშინლად მოგბეზრდათ ეს საქმე. დაბოლოს, აღიარა! შემოდით, მაკფერსონ! დაე, ჯენტლმენებმაც გაიგონ თქვენი მიუტევებელი საქციელის ამბავი.

ოთახში გვერდულად შემოვიდა წითელი და შერცხვენილი ბუმბერაზი კონსტებლი.

- გარწმუნებთ, სერ, აზრადაც არ მქონია ურიგო საქციელი. გუშინ საღამოს აქ ერთი ახალგაზრდა ქალი გამომეცხადა. რაღაც უწყების სახლს დაეძებდა და ვერ კი ეპოვნა. ვილაპარაკეთ. მოგწყინდება კაცს მთელი დღე მარტო დგომა...

- მერე, რა მოხდა?

- სადაც მკვლელობა მოხდა, იმ ადგილის ნახვა აინტერესებდა. გაზეთებში წავიკითხეო, თქვა. ძალიან წესიერი ახალგაზრდა ქალი გახლდათ, სერ, და ისე დალაგებულად ლაპარაკობდა, რომ ვერც კი აგიწერთ. გავიფიქრე: ისეთი რა უნდა მოხდეს, თუ შევუშვებ და შეხედავს-მეთქი. მაგრამ ხალიჩაზე სისხლის ლაქა დაინახა თუ არა, იატაკზე მკვდარივით გაიშხლართა. უცებ სამზარეულოში შევვარდი, წყალი მოვარბენინე, მაგრამ გონს ვერა და ვერ მოვიყვანე. მაშინ კონიაკისთვის კუთხეში გადავირბინე, ტრაქტირი "სუროს ტოტი" რომაა, იქ, მაგრამ ვიდრე მოვბრუნდებოდი, ახალგაზრდა ქალი გონს მოსულა და ადგილზე აღარ დამიხვდა... ალბათ შერცხვა ჩემთან შეხვედრა.

- ხალიჩას არავინ შეხებია?

- იცით, სერ, როცა მე დავბრუნდი, მგონი, ცოტა ადგილშენაცვლებული დამიხვდა. ქალი ხომ ხალიჩაზე დაეცა, ხალიჩა კი იატაკზე დამაგრებული არ არის. მერე მე გავასწორე.

- ეს გაკვეთილი იყოს თქვენთვის, კონსტებლო მაკფერსონ, რათა მეტად აღარავინ მოატყუოთ, - მედიდურად ჩაილაპარაკა ლესტრეიდმა, - რა თქმა უნდა, თქვენ გეგონათ, რომ წესრიგის დარღვევა დაიფარებოდა. ჩემთვის კი საკმარისი გახდა ხალიჩის ერთი შეხედვა, რათა მაშინვე მივმხვდარიყავი, რომ ოთახში ვიღაც იყო. თქვენი ბედი, მეგობარო, რომ არაფერი დაკარგულა, თორემ ცუდი დღე დაგადგებოდათ. ვნანობ, მისტერ ჰოლმს, რომ აქ ასეთი წვრილმანისათვის მოგიწვიეთ, მაგრამ მეგონა, რომ ეს მეორე ლაქა, რაც არ ემთხვევა პირველს, დაგაინტერესებდათ.

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან საინტერესოა... კონსტებლო მაკფერსონ, ის ქალი მხოლოდ ერთხელ შემოვიდა აქ?

- დიახ, სერ, მხოლოდ ერთხელ.

- სახელად რა ჰქვია?

- არ ვიცი, სერ. მბეჭდავი მემანქანის ადგილს დაეძებდა, მაგრამ სახლის ნომერი აღარ ახსოვდა, ძალიან სასიამოვნო, წესიერი ახალგაზრდა ქალი გახლდათ, სერ.

- მაღალი? ლამაზი?

- დიახ, სერ, საკმაოდ მაღალი ახალგაზრდა ქალი. შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო ლამაზი, არამედ ძალიან ლამაზიც. "ოფიცერო, ნება მომეცით მხოლოდ შევხედოო!" - ასე მომმართა. ისეთი სასიამოვნო, პირდაპირ ალერსიანი მანერები ჰქონდა, რომ გავიფიქრე, დიდი უბედურება არ იქნება, თუ კარიდან შეხედვის ნებას მივცემ-მეთქი.

- რა ეცვა?

- ძალიან უბრალო სამოსელი, სერ! გრძელი წამოსასხამი იატაკს სწვდებოდა.

- ეს რომელ საათზე მოხდა?

- სწორედ შებინდებისას, ტრაქტირიდან რომ ვბრუნდებოდი, ფარნები მაშინ აანთეს.

- კარგი, - თქვა ჰოლმსმა, - წავიდეთ, უოტსონ, გადაუდებელი საქმე გველოდება.

როცა სახლიდან გამოვდიოდით, ლესტრეიდი ოთახში დარჩა, სინანულით აღსავსე კონსტებლი კი ჩვენთვის კარის გასაღებად გაიჭრა. ჰოლმსი ზღურბლზე შემობრუნდა და მაკფერსონს რაღაც გაუწოდა. კონსტებლი დააშტერდა.

- ღმერთო ჩემო, სერ! - შესძახა გაოცებულმა.

ჰოლმსმა ტუჩებზე თითი მიიდო, ნივთი უკანვე ჩაიდო შიდა ჯიბეში, და როცა ქუჩაში გავედით, გადაიხარხარა.

- ჩინებულია! - თქვა მან, - წავიდეთ, ძვირფასო უოტსონ. ფარდა აწეულია, და უკანასკნელი მოქმედება მალე დაიწყება. შეგიძლიათ დამშვიდდეთ: ომი არ იქნება, ღირსპატივცემულ ლორდ ტრელონი ჰოუპის ბრწყინვალე კარიერას ჩრდილი არ მიადგება, წინდაუხედავი მეფე აჩქარებისათვის არ დაისჯება და პრემიერ-მინისტრს გართულებული პოლიტიკური ვითარებიდან ევროპის დახსნა აღარ მოუხდება. ჩვენ დაგვჭირდება მხოლოდ ერთგვარი ტაქტი, საზრიანობა, და მაშინ მთელი ეს ისტორია, რაც ძალიან არასასიამოვნო შედეგებით იმუქრებოდა, შარშანდელი თოვლივით გაქრება.

ამ საკვირველი ადამიანის მიმართ აღტაცების გრძნობით განვიმსჭვალე.

- თქვენ ამოხსენით ამოცანა? - შევძახე მე მყისვე.

- ჯერ არა, უოტსონ. ჯერ კიდევ არის რამდენიმე გაუგებრობა, მაგრამ ჩვენთვის უკვე ცნობილია იმდენი, რომ პირდაპირ საწყენი იქნება, თუ ყველაფერს არ შევიტყობთ. ახლა კი პირდაპირ უაიტჰოლტერასზე წავალთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

როცა ევროპის საქმეთა მინისტრის სახლში მივედით, შერლოკ ჰოლმსმა მსახურებს განუცხადა, რომ ლედი ჰილდა ტრელონი ჰოუპის ნახვა სურდა. ორივენი მისაღებში შეგვიყვანეს.

- მისტერ ჰოლმს! - თქვა ლედიმ, და სახე აღშფოთებისაგან აეტკიცა. - ეს თქვენის მხრივ უბრალოდ უპატიოსნობა და არაკეთილშობილური საქციელია. ხომ გთხოვეთ, არ გამამხილოთ, თქვენთან რომ ვიყავი-მეთქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ქმარი იფიქრებს, რომ მის საქმეებში ვერევი. თქვენ კი თქვენი სტუმრობით სახელს მიტეხთ. ეს ხომ ამტკიცებს, რომ ჩვენს შორის საქმიანი ურთიერთობა არსებობს.

- სამწუხაროდ, მილედი, სხვა არჩევანი არა მქონდა. მე დამავალეს იმ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტის პოვნა და იძულებული ვარ გთხოვოთ, წერილი მე გადმომცეთ.

ლედი ტრელონი ჰოუპი ფეხზე წამოვარდა. სახეზე მკვდრისფერი ედო. თითქოს თვალთ დაუბნელდაო, წაბარბაცდა. მეგონა, გულიც წაუვიდოდა, მაგრამ ნებისყოფის უზარმაზარი ძალდატანებით თავი შეიკავა და ბრაზისა და გაოცებისაგან სახე წამოენთო.

- თქვენ... თქვენ შეურაცხყოფას მაყენებთ, მისტერ ჰოლმს!

- მომისმინეთ, მილედი, ეს სრულიად უსარგებლო ლაპარაკია. გთხოვთ წერილი გადმომცეთ.

ქალმა ხელი ზარისაკენ გაიწოდა:

- მსახური გაგაცილებთ.

- ნუ დარეკავთ, ლედი ჰილდა, თორემ თუ მსახურს მოუხმობთ, ჩემი გულწრფელი ცდა თავიდან აგაცილოთ საქვეყნო სკანდალი, ამაოდ ჩაივლის. დამიბრუნეთ წერილი და ყველაფერი მოგვარდება. თუ დამიჯერებთ, დაგეხმარებით, ხოლო თუ არ ისურვებთ, რომ მენდოთ, იძულებული ვიქნები გაგცეთ.

ჰოლმსის წინ ამაყი და დიდებული ლედი ჰილდა ტრელონი ჰოუპი იდგა. მან თვალი გაუსწორა ჩემს მეგობარს, თითქოს სურდა გაეგო, გულში რა უდევსო, მაგრამ ზარისათვის ხელი არ მოუშორებია.

- თქვენ ცდილობთ დამაშინოთ, არა? ეგ ვერაფერი კეთილშობილებაა, მისტერ ჰოლმს! თქვენ ამბობთ, რაღაც ვიციო. რა იცით?

- გთხოვთ, დაბრძანდეთ, მილედი. არ ვილაპარაკებ, ვიდრე არ დაბრძანდებით. გმადლობთ.

- მისტერ ჰოლმს, მხოლოდ ხუთ წუთს გაძლევთ!

- ჩემთვის სულ ერთი წუთიც კმარა, ლედი ჰილდა. მე ვიცი, რომ თქვენ იყავით ედვარდ ლუკასთან, მიეცით მას ეს დოკუმენტი, ვიცი, როგორ მოხერხებულად შეაღწიეთ მის ოთახში მეორედ და აიღეთ წერილი ხალიჩის ქვეშ საცავიდან.

ლედი ჰილდას სახეზე მკვდრის ფერი დაედო, მაგრამ ჰოლმსისათვის თვალი არ მოუცილებია. სუნთქვა შეეკრა. სიტყვის წარმოთქმის ძალაც აღარ ჰქონდა.

- თქვენ შეიშალეთ, მისტერ ჰოლმს... თქვენ შეიშალეთ! - შესძახა მან ბოლოს.

ჰოლმსმა ჯიბიდან მუყაოს პატარა ნაჭერი ამოიღო. ეს იყო ქალის ფოტოსურათი.

- აი, ეს თან წამოვიღე, ვიცოდი, რომ დამჭირდებოდა, - უთხრა მან მინისტრის მეუღლეს. - პოლიციელმა გიცნოთ.

ქალმა გაჭირვებით ჩაისუნთქა ჰაერი და თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო.

- მომისმინეთ, ლედი ჰილდა... წერილი თქვენა გაქვთ, მაგრამ საქმის მოგვარება ჯერ კიდევ შეიძლება. არავითარი სურვილი არა მაქვს უსიამოვნება მოგაყენოთ. ჩემი ვალდებულება მოხდილი მექნება, როცა დაკარგულ წერილს თქვენს ქმარს დავუბრუნებ. დაჰყევით ჩემს რჩევას, მენდეთ და იყავით გულახდილი - ესაა თქვენი ხსნის ერთადერთი გზა.

ამ ქალის სიმამაცემ აღტაცებაში მომიყვანდა. მას არ უნდოდა თავი დამარცხებულად ეცნო.

- ისევ გიმეორებთ, მისტერ ჰოლმს: თქვენ რაღაც სულელური ფანტაზიის ტყვეობაში ხართ მოქცეული.

ჰოლმსი სკამიდან წამოდგა:

- მებრალებით, ლედი ჰილდა. მე რაც შემეძლო, თქვენთვის ყველაფერი მოვიმოქმედე, მაგრამ ვხედავ, უქმად გავრჯილვარ.

ამ სიტყვებზე ჰოლმსმა ზარის ღილაკს ხელი დააჭირა. მსახური იმწამსვე შემოვიდა.

- მისტერ ტრელონი ჰოუპი შინაა?

- შინ მხოლოდ თხუთმეტი წუთის შემდეგ იქნება.

ჰოლმსმა საათს დახედა.

- კიდევ თხუთმეტი წუთი, - თქვა მან. - ძალიან კარგი, დაველოდები.

მსახურმა ძლივს მოასწრო კარის გახურვა, რომ ლედი ჰილდამ ხელები გაშალა და ჰოლმსის ფერხთით დაეცა. მშვენიერ სახეზე ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.

- ოჰ, შემიბრალეთ, მისტერ ჰოლმს! შემიბრალეთ! - ევედრებოდა სასოწარკვეთილი ქალი. - ღვთის გულისათის, ნუ ეტყვით! რომ იცოდეთ, როგორ მიყვარს ჩემი ქმარი. მისთვის თუნდაც მცირეოდენი უსიამოვნების მიყენება ჩემთვის აუტანელი სატანჯველი იქნება. ეს ამბავი კი მის კეთილშობილ გულს ერთიანად დაამსხვრევს.

ჰოლმსმა ქალი ააყენა.

- მადლობელი ვარ, მილედი, რომ, თუნდაც უკანასკნელ წამს მოეგეთ გონს. წუთის დაკარგვა აღარ შეიძლება. სადაა წერილი?

ქალი საწერ მაგიდას მივარდა, და იქიდან გრძელი ცისფერი კონვერტი ამოიღო.

- ინებეთ, მისტერ ჰოლმს... ნეტავ, არასოდეს არ მეხილა იგი!

- როგორ დავუბრუნოთ? - ჩაფიქრებული ამბობდა ჰოლმსი. - საჭირო კია საჩქაროდ რაიმე მოხერხებული გამოსავალი ვიპოვოთ!.. სადაა დოკუმენტებისზარდახშა?

- საწოლ ოთახში გახლავთ.

- ძალიან კარგი. ზარდახშა ახლავე აქ მოიტანეთ.

ერთი წუთის შემდეგ ჰილდა ისევ ჩვენთან გაჩნდა და ხელთ ბრტყელი წითელი ზარდახშა ეჭირა.

- ალბათ მორგებული გასაღები გაქვთ, მილედი, აბა, გააღეთ!

ლედი ჰილდამ კორსაჟიდან პატარა გასაღები ამოაძვრინა და ზარდახშა გახსნა. იგი ქაღალდებით სავსე აღმოჩნდა. ჰოლმსმა ცისფერი კონვერტი იმ ქაღალდების შუაში მოაქცია. ზარდახშა კვლავ დაკეტეს და საწოლ ოთახში ისევ თავისი ადგილი მიუჩინეს.

- ახლა მზადა ვართ თქვენს ქმარს შევხვდეთ, - თქვა ჰოლმსმა. - მის მოსვლამდე კი მთელი ათი წუთი ჩვენს განკარგულებაშია, ჩემის მხრივ, ძალიან დიდ რისკს ვეწევი, რომ მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ, ლედი! ამის სანაზღაუროდ კი დარჩენილი დროის განმავლობაში პატიოსნად უნდა მომითხროთ მთელი ეს უცნაური ამბავი.

- ყველაფერს გიამბობთ, მისტერ ჰოლმს! - შესძახა ლედიმ. - ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გიცხადებთ, რომ ჩემი ქმრის წყენას თავის მოკვლა მირჩევნია. ალბათ მთელ ლონდონში არ მოიძებნება ქალი, რომელსაც ჩემსავით უყვარდეს თავისი ქმარი და მაინც, რომ გაეგო, რაც მოვიმოქმედე, ერთი სიტყვით, რისი გაკეთებაც მაიძულეს, არასოდეს არ მაპატიებდა. იგი ისე მაღლა აყენებს თავის საკუთარ პატიოსნებას, რომ არ შეუძლია ვინმეს უპატიოსნო საქციელი მიუტევოს. დამეხმარეთ, დამიხსენით, მისტერ ჰოლმს! ჩემს ბედნიერებას, მის ბედნიერებასა და ორივე ჩვენგანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

- ჩქარა, მილედი, დრო იწურება!

- ჯერ კიდევ გათხოვებამდე, მისტერ ჰოლმს, წინდაუხედავი, ქარაფშუტული, გრძნობამორეული შეყვარებული ქალიშვილის წერილი დავწერე. მართალია, წერილში ცუდი არაფერი იყო, მაგრამ ჩემი ქმარი მის დაწერას დანაშაულად ჩამითვლიდა. ის წერილი რომ წაეკითხა, აღარაფერს დამიჯერებდა. წერილის დაწერიდან მრავალმა წყალმა ჩაიარა და მეგონა, ყველაფერი დავიწყებას მიეცა. მაგრამ უეცრად აწ ტრაგიკულად დაღუპულმა ლუკასმა შემატყობინა, რომ ის წერილი ჩემს ხელთაა და თქვენს ქმარს უნდა ვუჩვენოო. ვევედრებოდი, შემიბრალეთ-მეთქი. წერილს დაგიბრუნებო, შემომითვალა, ოღონდ თავისი პირობებიც თან მოაყოლა. წერილის სანაცვლოდ მისთვის უნდა გადამეცა ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელსაც ჩემი ქმარი დეპეშებისათვის განკუთვნილ ზარდახშაში ინახავდა. ალბათ სამინისტროში მოკალათებულმა ვიღაც ჯაშუშმა შეატყობინა ასეთი დოკუმენტის არსებობა. ლუკასი მარწმუნებდა, რომ ეს არავითარ ვნებას არ მიაყენებდა ჩემს ქმარს. წარმოიდგინეთ თქვენი თავი ჩემს ადგილზე, მისტერ ჰოლმს! რა უნდა მექნა?

- ყველაფერი უნდა მოგეთხროთ ქმრისათვის.

- არ შემეძლო, მისტერ ჰოლმს, არ შემეძლო! ერთი მხრივ, მელოდა გარდაუვალი დაღუპვა, მეორე მხრივ კი, თუმცა ქმრის კუთვნილი დოკუმენტის აღება საშინელებად მიმაჩნდა, მაგრამ სავსებით წარმოდგენილი მაინც არა მქონდა, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას საერთაშორისო პოლიტიკის არენაზე. და ქურდობა ჩავიდინე, მისტერ ჰოლმს. გასაღების ზომა ავიღე. ხოლო იმ კაცმა, ლუკასმა, მეორე გასაღები გააკეთებინა. ზარდახშა გავაღე, დოკუმენტი ავიღე და გოდოლფინსტრიტზე ლუკასს მივუტანე.

- და რა მოხდა იქ, მილედი?

- როგორც დათქმული გვქონდა, კარზე დავაკაკუნე. ლუკასმა გააღო. ოთახში შევყევი და კარი ნახევრად ღია დავტოვე, რადგან იმ კაცთან მარტო დარჩენის მეშინოდა. მახსოვს: როცა სახლში შევდიოდი, ქუჩაში ვიღაც ქალი იყო ატუზული. ჩვენი მოლაპარაკება სწრაფად დასრულდა. ჩემი წერილი საწერ მაგიდაზე ედო. დოკუმენტი გადავეცი თუ არა, წერილიც დამიბრუნა. იმავე წამს კარებში ხმაური ატყდა და დერეფანში ფეხის ხმა გაისმა. ლუკასმა სწრაფად გადასწია ხალიჩა, დოკუმენტი საცავში ჩადო და ზედ ისევ ხალიჩა გადააფარა.

ის, რაც შემდეგ მოხდა, რაღაც კოშმარს ჰგავდა. მე დავინახე შავგვრემანი გიჟური სახე, გავიგონე ხმა ქალისა, რომელიც ფრანგულად გაჰყვიროდა: "ტყუილად არ ველოდი! დაბოლოს მოგახელთე იმ ქალთან!" რაღაც ველური სცენის მოწმე შევიქენი. დავინახე, როგორ სტაცა ხელი კაცმა სკამს, ხოლო ქალის ხელში ხანჯალმა იელვა. თვალი ავარიდე საშინელებას, გავიქეცი, გამოვვარდი სახლიდან და მხოლოდ მეორე დღეს დილით გავიგე საზარელი მკვლელობის ამბავი. იმ საღამოს ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემი წერილი დავიბრუნე და ჯერ კიდევ არ მქონდა შეგნებული, რას მიმზადებდა მომავალი.

მაგრამ მეორე დილით გავიგე, რომ ვაის თავდაღწეული, ვუის გადავეყარე. ქმარმა დოკუმენტის დაკარგვა შენიშნა, და მისმა სასოწარკვეთილებამ მეც შემაძრწუნა. ძლივს შევიკავე თავი, ლამის ფერხთით ჩავუვარდი და ყველაფერი ვუამბე. მაგრამ მაშინ ხომ ისიც უნდა მეამბნა, რაც უწინ მოხდა! იმ დილით თქვენთან მოვედი და მხოლოდ მაშინ შევიგნე ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაულის მთელი სიმძიმე. იმ წუთიდან სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ დამებრუნებინა უკანვე დოკუმენტი. იგი ხომ იქვე უნდა ყოფილიყო, სადაც ლუკასმა იმ საშინელი ქალის მოსვლამდე შეინახა. ის ქალი რომ არა, საიდუმლო საცავის ადგილსამყოფელს მე ვერ მივაკვლევდი. როგორმე უნდა შემეღწია ლუკასის ყოფილ ოთახში. მთელი ორი დღე ვუთვალთვადე იმ სახლს, მაგრამ კარი მუდამ მაგრად ჩარაზული იყო. უკანასკნელად გუშინ საღამოს ვცადე. თქვენ უკვე იცით, როგორ მოვახერხე წერილის აღება. შინ მოვიტანე და გადავწყვიტე მომესპო, რადგან არ ვიცოდი, როგორ დამებრუნებინა ქმრისათვის ისე, რომ ყველაფერი არ გამენდო... ღმერთო ჩემო, მისი ნაბიჯის ხმა მესმის, კიბეზე ამოდის!

ევროპის საქმეთა მინისტრი აღელვებული შემოვარდა ოთახში.

- რა არის ახალი, მისტერ ჰოლმს, რა არის ახალი? - შეჰყვირა მან.

- მაქვს რაღაც იმედი.

- მადლობა ღმერთს! - აღტაცებით წარმოთქვა მან. სახე გაუბრწყინდა. - პრემიერ-მინისტრი სადილად მეწვევა. შემიძლია გავახარო? ფოლადის ნერვები აქვს, მაგრამ ვიცი, რომ თითქმის არ სძინავს იმ დღიდან, რაც ეს ამბავი მოხდა... ჯეიკობს, სთხოვეთ პრემიერ-მინისტრს, აქ ამობრძანდეს. რაც შეგეხებათ თქვენ, - და მეუღლეს მიუბრუნდა, - არა მგონია, ძვირფასო, თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს ეს პოლიტიკური ბაასი. რამდენიმე წუთის შემდეგ ყველანი სასადილოში გეახლებით.

პრემიერ-მინისტრს თავდაჭერილობა არ აკლდა, მაგრამ თვალთა ელვარებასა და ხმელ-ხმელი ხელების მოუსვენარ მოძრაობაზე შევატყვე, რომ თავისი ახალგაზრდა კოლეგის მღელვარება მასაც გადასდებოდა.

- როგორც ვამჩნევ, მისტერ ჰოლმს, რაღაც ახალი ამბის თქმას უნდა აპირებდეთ?

- ჯერჯერობით არცთუ სახარბიელოდაა საქმე, - მიუგო ჩემმა მეგობარმა. - სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, ცნობები შევკრიბე და დავრწმუნდი, რომ მღელვარებისათვის საფუძველი არ არსებობს.

- მაგრამ ეს არ კმარა, მისტერ ჰოლმს. ჩვენ ერთთავად ვულკანზე ცხოვრება არ შეგვიძლია. გვინდა გარკვეულად ვიცოდეთ ავიცა და კარგიც.

- იმედი მაქვს წერილს ვიპოვით. რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამ საქმეზე, მით უფრო ვრწმუნდები, რომ წერილი ამ სახლის ფარგლებს არ გასცილებია.

- მისტერ ჰოლმს!

- თუ მას გაიტაცებდნენ, ახლა უკვე გამოქვეყნებულიც იქნებოდა.

- მაგრამ რა აზრი ექნებოდა წერილის აღებას, თუ ისევ აქვე უნდა დაეტოვებინათ?

- მე არც იმის მჯერა, რომ წერილი დაიკარგა.

- მაშინ რანაირად გაქრა ზარდახშიდან?

- არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ზარდახშიდან გაქრა.

- მისტერ ჰოლმს, ახლა ხუმრობის დრო არ არის! გარწმუნებთ, წერილი ზარდახშაში არაა.

- ორშაბათის შემდეგ ჩაიხედეთ?

- არა, მაგრამ ეს წყლის ნაყვა იქნებოდა.

- შეიძლება, ვერ შენიშნეთ.

- ეს შეუძლებელია.

- ვინ იცის! ასეთი ამბები მომხდარა! იქ ხომ სხვა საბუთებიც იქნებოდა. შეიძლება მათ შორის გაიბნა.

- წერილი ზემოდან იდო.

- შეიძლება ზარდახშა ვინმემ შეარხია და კონვერტმა ადგილი იცვალა.

- არა, არა, ყველაფერი ამოვიღე.

- მაგრამ ამის შემოწმება ხომ ადვილია, ჰოუპ! - უთხრა პრემიერ-მინისტრმა. - უბრძანეთ, მოიტანონ აქ ზარდახშა.

ევროპის საქმეთა მინისტრმა ზარს თითი დააჭირა.

- ჯეიკობს, მომიტანეთ ჩემი ქაღალდების ყუთი... სრულიად ამაოდ ვკარგავთ დროს, მაგრამ თუ თქვენ ეს დაგაკმაყოფილებთ, რა გაეწყობა, შევამოწმოთ... გმადლობთ, ჯეიკობს, აქ დადგით... გასაღები ყოველთვის საათის ძეწკვზე მაქვს. აი ყველა ქაღალდი, ხომ ხედავთ: ლორდ მეროუს წერილი, სერ ჩარლზ ჰარდის მოხსენება, მემორანდუმი ბელგრადიდან, ცნობები რუსეთ-იაპონიის პურის გადასახადებზე, წერილი მადრიდიდან, ლორდ ფლაუერსის პატაკი... ღმერთო ჩემო! ეს რა არის? ლორდ ბელინჯერ! ლორდ ბელინჯერ!

პრემიერმა ცისფერი კონვერტი ხელიდან გამოსტაცა:

- დიახ, ის გახლავთ. წერილი გაუხსნელია... გილოცავთ, ჰოუპ!

- მადლობელი ვარ! მადლობელი ვარ! რა ტვირთი მომეხსნა მხრებიდან!.. მაგრამ ეს მიუწვდომელია... შეუძლებელია... მისტერ ჰოლმს, თქვენ ჯადოქარი ხართ, თქვენ მისანი ხართ! საიდან გაიგეთ, რომ წერილი აქ არის?

- დავადგინე, რომ სხვაგან არსად არ იყო...

- საკუთარ თვალებს არ ვუჯერებ! - თქვა და ოთახიდან სწრაფად გავარდა. - სად არის ჩემი ცოლი? უნდა ვახარო, რომ ყველაფერი მოგვარდა. ჰილდა! ჰილდა! - მინისტრის ხმა კიბიდან ისმოდა.

პრემიერმა თვალები მოჭუტა და ჰოლმსს ისე გადახედა.

- მომისმინეთ, სერ, - მშვიდად უთხრა მან ჩემს მეგობარს. - აქ სხვა რაღაც იმალება. როგორ აღმოჩნდა წერილი ხელახლა ზარდახშაში?

ჰოლმსმა ღიმილით მოარიდა თვალი მის გამჭრიახ მზერას და ისე უპასუხა:

- ჩვენცა გვაქვს ჩვენი დიპლომატიური საიდუმლოებანი, - თქვა ეს, ქუდს ხელი წამოავლო და კარს მიაშურა.

??????