დოილი ართურ კონან
გაზიარება

შავი პიტერი 

ჩემი მეგობარი სულიერი და ფიზიკური ძალების ისეთი გაფურჩქვნის ხანაში, როგორც 1895 წელს, არასოდეს მინახავს. სულ უფრო მეტად იხვეჭდა სახელს, სულ უფრო ფართოვდებოდა მისი პრაქტიკა. სხვათა საიდუმლო ამბები რომ არ გავამჟღავნო, ჩემს თავს ნებას ვერ მივცემ, თუნდაც გაკვრით ვახსენო იმ გამოჩენილ ადამიანთა სახელები, რომელთაც ბევრჯერ გადმოლახეს ბეიკერსტრიტზე ჩვენი უბრალო ბინის ზღურბლი. უნდა ითქვას, რომ ჰოლმსს, როგორც ყველა დიდ შემოქმედს, მხოლოდ ძიების ხელოვნების სიყვარული ამოქმედებდა. არცა მსმენია (ჰოლდერნესის ჰერცოგის ერთადერთი შემთხვევის გარდა), რომ თავისი ფასდაუდებელი სამსახურისათვის დიდი გასამრჯელო მოეთხოვა. იმდენად უანგარო იყო და იმდენად დამოუკიდებელი, რომ ზოგჯერ მდიდარსა და წარჩინებულ ადამიანებს უარს ეუბნებოდა დახმარებაზე, თუ მათ საიდუმლოებათა ძიებაში საინტერესოსა და მიმზიდველს ვერაფერს ხედავდა. იმავე დროს მთელი კვირაობით გულმოდგინედ იკვლევდა რომელიმე ღარიბის საქმეს, თუ ეს საქმე იმდენად იდუმალებით მოცული და ამაღელვებელი იყო, რომ შეეძლო მისი წარმოსახვის აგზნება და საშუალებას აძლევდა გამოეყენებინა თავისი დახვეწილი ოსტატობა.

იმ ღირსსახსოვარ 1895 წელს ჰოლმსმა ბევრი საინტერესო და ნაირფეროვანი საქმე გამოიკვლია. ჯერ მარტო კარდინალ ტოსკას უეცარი სიკვდილის მიზეზების დადგენა რად ღირდა. ეს ვატიკანის დაჟინებითი სურვილით მოხდა. მერე ის იყო, დამნაშავე უილსონი დააპატიმრებინა. იადონების ეს სახელგანთქმული მწვრთნელი იმავე დროს ლონდონის ისტ-ენდის ნამდვილი ხორცმეტი გახლდათ. ამ საქვეყნოდ გახმაურებულ საქმეებს მოჰყვა უუდმენს ლიში მომხდარი ტრაგედია: ყოვლად საშინელსა და საიდუმლოებით მოცულ პირობებში დაიღუპა კაპიტანი კერი. ჩემი ჩანაწერები შერლოკ ჰოლმსზე სრული არ იქნებოდა და მკითხველი ბევრსაც დაკარგავდა, თუ არ ჩავურთავდი მოთხრობას ამ არაჩვეულებრივ ამბავზე.

ივლისის პირველი კვირის განმავლობაში ჩემი მეგობარი ისე ხშირად და ისე დიდი ხნით გადიოდა ხოლმე სახლიდან, რომ მივხვდი: რაღაც საქმეშია გართული-მეთქი. იმ დღეებში ჩვენთან ვიღაც სასტიკი შესახედაობისა და უგვანი სახის ადამიანები დაიარებოდნენ. ისინი კაპიტან ბეზილს კითხულობდნენ. ამან მაფიქრებინა, რომ თავის ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ნიღაბთაგანსა და გამოგონილ გვარს ამოფარებული ჰოლმსი თავის საკუთარ მრისხანე სახელს მალავდა და რაღაც ახალ კვლევა-ძიებას ისე ეწეოდა. ლონდონის სხვადასხვა რაიონებში ჰოლმსს სულ მცირე ხუთი საიდუმლო ადგილი მაინც ჰქონდა ისეთი, სადაც სახის შეცვლა შეეძლო. თავის ახალ საქმეზე თვითონ არაფერს მეუბნებოდა და არც მე მომითხოვია მისგან გულის გადაშლა. თუ რა საქმის ძიებით იყო გატაცებული, ჰოლმსმა საკმაოდ უჩვეულოდ მიმახვედრა.

ერთხელ, საუზმობამდე ბინიდან გავიდა. ის იყო სუფრას მივუჯექი, რომ მოულოდნელად კარი შემოაღო. თავზე ქუდი ეხურა და იღლიაში ქოლგასავით ამოჩრილი უზარმაზარი ჭვილთი მოუჩანდა.

- ეშმაკმა დალახვროს, - შევძახე მე, - ნუთუ ლონდონში ამ ბარჯიანად დასეირნობდით?

- არა, მხოლოდ ახლა შევიარე ყასაბთან.

- ყასაბთან?

- და შინ საუცხოო მადაზე ვბრუნდები. იცით, რა სასარგებლოა საუზმის წინ ფიზიკური ვარჯიში? მაგრამ სანაძლეოს ვდებ, ვერაფრით ვერ გამოიცნობთ, სახელდობრ, რა ვარჯიში შევასრულე.

- არც ვაპირებ გამოვიცნო.

ჰოლმსმა ყავა დაისხა და თან დაცინვით გადმომხედა.

- ალარდაისის დუქნის უკანა ოთახში რომ შეგეხედათ, ნახავდით: ჭერზე დაკიდებულ მთელ ღორს და რომელიღაც სერთუკგახდილ ჯენტლმენს, რომელიც გაშმაგებით ცდილობდა აი, ეს იარაღი გაეყარა ღორისათვის. ეს ჯენტლმენი - მე გახლდით. და, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ერთი დაკვრით ვერასდიდებით ვერ გავუყრი. ხომ არ გინდათ თქვენც სცადოთ ბედი?

- არაფრის გულისთვის. მაგრამ თვითონ თქვენ რისთვის დაგჭირდათ ეს ამბავი?

- ვფიქრობ, ამას აქვს რაღაც კავშირი იმ იდუმალებით მოცულ ამბავთან, რაც უუდმენს ლიში დატრიალდა... აჰ, ჰოპკინს, გუშინ მივიღე თქვენი ტელეგრამა და გელოდით. შემობრძანდით, ახლავე ვისაუზმებთ.

ოთახში შემოვიდა სიცოცხლით სავსე, ოცდაათიოდე წლის გამხდარი კაცი. უბრალო შალის კოსტიუმი ეცვა, მაგრამ მისი მიხრა-მოხრა მოწმობდა, რომ სამხედრო სამოსის ტარებას უნდა ყოფილიყო დაჩვეული. მაშინვე ვიცანი სტენლი ჰოპკინსი, პოლიციის ახალგაზრდა ინსპექტორი, რომელიც ჰოლმსის აზრით, ძალიან კარგი მაძებარი უნდა დამდგარიყო. თავის მხრივ, ჰოპკინსიც, სახელოვანი ჰოლმსის მოწაფედ თვლიდა თავს და მასწავლებლის მეცნიერული მეთოდებით იყო აღტაცებული.

სახემოღუშული სტუმარი სავარძელში ღრმად დაღვრემილი ჩაჯდა.

- არა, გმადლობთ, სერ, უკვე ვისაუზმე. ღამე ქალაქში გავათიე, რადგან აქ საქმის მოსახსენებლად ჩამოვედი.

- მერედა რა მოახსენეთ?

- რომ საქმეში სრული მარცხი განვიცადე.

- ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეთ?

- ვერა.

- ნუთუ? ჩანს, ამ საქმისათვის ხელის მოკიდება მე მომიხდება.

- ღვთის გულისათვის, მისტერ ჰოლმს! ხომ იცით, პირველად დამავალეს საძიებლად ასეთი რთული საქმე, მე უსუსური აღმოვჩნდი და იქნებ ფონს გამიყვანოთ.

- კარგი, კარგი. სწორედ ახლა დიდი გულისყურით გავეცანი ძიების ყველა მონაცემს. სხვათა შორის, რას ფიქრობთ თამბაქოს იმ ქისაზე, დანაშაულის ადგილზე რომ იპოვეს? ქისაში ხომ არ უნდა იყოს ამ საქმის გასაღები?

ჰოპკინსის სახეზე გაოცება გამოკრთა.

- ქისა ხომ მოკლულის საკუთრება გახლდათ, სერ, ამას მისი ინიციალები ადასტურებს. იგი სელაპის ტყავისაგანაა დამზადებული და განსვენებული კი, როგორც ცნობილია, მრავალი წლის განმავლობაში ნადირობდა სელაპებზე.

- მაგრამ ჩიბუხი რატომ არ აღმოჩნდა ადგილზე?

- დიახ, სერ, ჩიბუხი ვერ ვიპოვეთ - ალბათ, ძალიან ცოტას ეწეოდა. თუმცა, ისიც შეიძლება დავუშვათ, რომ თამბაქო მეგობრებისათვის ჰქონდა.

- უეჭველად. ამაზე მხოლოდ იმ მიზნით ჩამოვაგდე სიტყვა, რომ გითხრათ: თვითონ რომ შევდგომოდი ამ საქმის ძიებას, ამოსავალ წერტილად სწორედ ამ ქისას გავიხდიდი. მაგრამ ჩემმა მეგობარმა უოტსონმა არ იცის ეს ისტორია, და არც მე ვიტყოდი უარს მის მეორედ მოსმენაზე. მოკლედ გვიამბეთ ის, რაც ყველაზე უფრო არსებითია.

სტენლი ჰოპკინსმა ჯიბიდან ქაღალდის ვიწრო ნაჭერი ამოაძვრინა.

- ჩემს განკარგულებაშია ზოგიერთი ცნობა განსვენებულ კაპიტან პიტერ კერის ცხოვრებაზე. დაბადებულა 1845 წელს და, მაშასადამე, ორმოცდაათი წლისა ყოფილა. ვეშაპებსა და სელაპებზე მონადირეთა შორის ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო გულადი და იღბლიანი. 1883 წელს ხელმძღვანელობდა დანდელ მონადირეთა ორთქლის გემს "ზღვის მარტორქას". იმავე წელს წარმატებით მოიარა რამდენიმე რეისი, მომდევნო წელს კი სამსახურიდან გადადგა. შემდეგ კიდევ რამდენსამე წელს მოგზაურობდა. ბოლოს იყიდა პატარა მამული "უუდმენს ლი", ფორესტ როუს მახლობლად, სასექსში. იქ გაატარა ცხოვრების უკანასკნელი ექვსი წელი და იქვე მოკვდა ზუსტად ერთი კვირის წინ.

იყო დიდი ახირებული და უცნაური ადამიანი. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს გულჩათხრობილი და პირქუში კაცი მკაცრი პურიტანი გახლდათ. მისი ოჯახი შედგებოდა ცოლისა და ოცი წლის ასულისაგან. სახლის მომვლელებად ორი ქალიშვილი ჰყავდა აყვანილი. მსახურები ხშირად იცვლებოდნენ, რადგან მასთან ცხოვრება ადვილი არ იყო და ზოგჯერ აუტანელიც ხდებოდა. კერი ხშირად სვამდა და როცა თვრებოდა, თურმე ხორცშესხმულ ქაჯად იქცეოდა. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა მუშტით ნაცემი ცოლისა და ქალიშვილისათვის ღამით მთელ პარკში უდევნია. ქალებს ხანდახან თურმე ისე აწიოკებდა, რომ მეზობელ სოფლებში მათ ყვირილზე მძინარე ადამიანებს ეღვიძებოდათ.

ერთხელ კაპიტანი კიდეც გაუსამართლებიათ მოხუცი მღვდლის ცემისათვის, რომელიც მისთვის ჭკუის დარიგებას ცდილობდა. უფრო მოკლედ რომ მოგახსენოთ, მისტერ ჰოლმს, ძნელია უფრო აბეზარი და საშიში ადამიანის მოძებნა, ვიდრე პიტერ კერი ყოფილა. დავადგინე, ხომალდის მეთაურობის დროსაც ასეთივე ხასიათი ჰქონია. მეზღვაურებს მისთვის შეურქმევიათ შავი პიტერი - არა მარტო შავგვრემანი სახისა და უზარმაზარი შავი წვერისათვის, არამედ შმაგი ზნისთვისაც, რითაც თურმე, თავზარს სცემდა გარშემო მყოფ ადამიანებს. რაღა თქმა უნდა, ყველა მეზობელს სძულებია და ყველა გაურბოდა. არც ერთი სიბრალულის სიტყვა არ გამიგონია, მისი საზარელი აღსასრულის გამო რომ ვინმეს წამოსცდენოდეს.

მისტერ ჰოლმს, უეჭველად წაიკითხავდით ძიების ოქმში ამ კაცის "კაიუტის" ამბავს, მაგრამ თქვენს მეგობარს იქნებ არაფერი სმენია ამაზე. სახლის მახლობლად კაპიტანს თავისთვის პატარა ხის ფანჩატური აუშენებია, რასაც თურმე "კაიუტას" ეძახდა. იქ ატარებდა ღამეებს. ეს გახლავთ პატარა ერთოთახიანი ქოხმახი, ზომით 160 ფუტი. გასაღებს მუდამ ჯიბეში ატარებდა, ლოგინსაც თვითონ ალაგებდა და "კაიუტის" ზღურბლზე გადაბიჯების ნება არავის ჰქონდა. იმ ქოხის ორ კედელში გამოჭრილია ორი პატარა სარკმელი. ორივე ნიადაგ ფარდაჩამოფარებული და დაგმანული ყოფილა. ქოხის ერთი ფანჯარა სასოფლო გზაზე გადის. მომხდარა ხოლმე, როცა ქოხში მთელი ღამე ნთებულა შუქი, და გაკვირვებულ გამვლელთ უკითხავთ, ნეტავ რას აკეთებს ამ ფანჩატურში შავი პიტერიო? სწორედ ამ სარკმელმა მოგვცა შესაძლებლობა ძიების დროს, მისტერ ჰოლმს, დაგვედგინა ზოგიერთი წვრილმანი.

ალბათ გახსოვთ კალატოზი, სახელად სლეტერი. ჰოდა იგი, ღამის პირველ საათზე, მკვლელობამდე ორი დღით ადრე, ფორესტ როუდან რომ მოდიოდა, კაპიტნის მამულთან შეჩერებულა და ხეებს შორის მოციმციმე შუქის კვადრატს დაკვირვებია. ახლა იფიცება, ფარდაზე აშკარად ჩანდა მამაკაცის პროფილი, მაგრამ ეს არ იყოო პიტერ კერი, რომელიც კალატოზს ძალიან კარგად სცნობოდა. ისიც წვეროსანი კაცი ყოფილა, ოღონდ უფრო მოკლედ შეკრეჭილი წვერი ჰქონია, ვიდრე კაპიტანს. ასე ირწმუნება კალატოზი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამაზე ადრე კალატოზი ორი საათი ტრაქტირში მჯდარა და მანძილიც გზიდან ფანჯრამდე საკმაოდ დიდია. ამას გარდა, მისი ჩვენება ორშაბათს ეხება, მკვლელობა კი ოთხშაბათს მოხდა.

სამშაბათს პიტერ კერი ყველაზე უფრო საშინელ მდგომარეობაში უნახავთ. თურმე მაგრად გალეშილი დაძრწოდა და მხეცივით მძვინვარე და საშიში იყო. სახლის გარშემო უხეტიალია და როცა ქალებს მისი ხმა გაუგონიათ, თავი სახლისთვის შეუფარებიათ. გვიან საღამოს პიტერ კერი თავის ქოხში შესულა. მის ასულს, რომელსაც ღია ფანჯარასთან სძინებია, დაახლოებით ღამის ორ საათზე "კაიუტიდან" საშინელი ყვირილის ხმა გაუგონია. ქალიშვილს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგანაც სიმთვრალეში მამამისი ხშირად ყვიროდა და ილანძღებოდა. დილის შვიდ საათზე ადრიანად წამომდგარ მსახურ გოგოს შეუნიშნავს, რომ "კაიუტის" კარი ღია ყოფილა, მაგრამ პიტერ კერის შიშით შუადღემდე მის ქოხში შეხედვა ვერავის გაუბედავს. როცა შიში დაუძლევიათ და ღიად დარჩენილ კარში შეუჭვრეტიათ, თვალწინ საზარელი სანახაობა გადაშლიათ და შიშისაგან ფერწასულნი სოფელში გაქცეულან. ეს ამბავი შემატყობინეს თუ არა, ერთი საათის შემდეგ, ადგილზე გამოვცხადდი და ძიება დავიწყე.

მისტერ ჰოლმს, თქვენც იცით, ნერვები მაგრი მაქვს, მაგრამ იმ პატარა სახლში რომ შევიხედე, ცახცახი დამაწყებინა. აუარება ლეშის ბუზებისაგან ქოხი ფისჰარმონიასავით ერთიანად გუგუნებდა, ხოლო მისი იატაკი და კედლები საყასბოს მოგაგონებდათ. კაპიტანს თავის ქოხისათვის კაიუტა შეურქმევია და იქაურობა, მართლაც, კაიუტას ჰგავდა. შევედი და მართლაც, ისე მეგონა, გემზე ვიმყოფები-მეთქი. ქოხის ბოლოში საწოლი იდგა, გვერდით - გემის ზანდუკი დავლანდე, კედლებზე - საზღვაო რუკები და "ზღვის მარტორქის" ფოტოსურათი ეკიდა. თაროზე სახომალდო ჟურნალთა კონები ეყარა - ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც კაპიტნის კაიუტას შეშვენის. ქოხის შიგ შუაგულში კედელს მიჯაჭვული, თვითონ კაპიტანი ვიხილე. სახე ისე დაღმეჭოდა, როგორ ჯოჯოხეთური წამებით დაღდასმულ შემცოდეს. გრძელი, შავი, შეჭაღარავებული წვერი ალბათ სულთან ბრძოლის წამს, ყალყზე დადგომოდა. ფართო მკერდი ფოლადის ბარჯით ჰქონდა გაპობილი. ბარჯი სხეულში გამჭოლ გასულიყო, მძლავრად ჩასობოდა ხის კედელს და კაპიტანი ბარჯით ისეთნაირად იყო კედელზე მიჭედილი, როგორც ქინძისთავით მუყაოზე დამაგრებული ხოჭო. რა თქმა უნდა, იმ წუთიდან როცა შეჰყვირა, კაპიტანი უკვე მკვდარი იყო. თქვენს მეთოდებს კარგად ვიცნობ, სერ, და მაშინვე ვცადე მათი გამოყენება. ადგილიდან არაფერი დავაძვრევინე, ძალიან გულმოდგინედ გავსინჯე გარეთ მიწა, შიგნით იატაკი, მაგრამ კვალი ვერსად აღმოვაჩინე.

- გინდათ თქვათ, რომ კვალი ვერ შენიშნეთ?

- გარწმუნებთ, სერ, იქ არავითარი კვალი არ გახლდათ.

- ძვირფასო ჰოპკინს, მრავალი დანაშაული გამომიძიებია, მაგრამ ჯერჯერობით ფრთოსანი დამნაშავე არ შემხვედრია. თუ დამნაშავე ცოცხალი ადამიანია და დადის, კვალს აუცილებლად დატოვებს. ის კი, ვინც ძიების მეცნიერულ მეთოდებს ფლობს, უთუოდ აღმოაჩენს ყოვლად უმნიშვნელო ცვლილებას გარემომცველ საგანთა განლაგებაში. არ შეიძლება იმის დაჯერება, რომ იმ სისხლით მორწყულ ოთახში არ დარჩენილიყო კვალი, რაც დაგვეხმარებოდა დამნაშავის აღმოჩენაში... თუმცა, ძიების ოქმიდან ვხედავ, რომ ზოგიერთი ნივთისათვის ყურადღების მიქცევით თავი არ შეგიწუხებიათ.

ახალგაზრდა ინსპექტორმა ცხვირი ჩამოუშვა და ყურები ჩამოყარა. ეტყობოდა, ჰოლმსის შხამიანმა შენიშვნამ გული მძიმედ დაუკოდა.

- სისულელე ჩავიდინე, მისტერ ჰოლმს, რომ მაშინვე არ მიგიწვიეთ, - თქვა მან. - მაგრამ ახლა ამას აღარაფერი ეშველება. მართლაც, ქოხში განსაკუთრებული ყურადღების ღირსი რამდენიმე ნივთი გახლდათ. დავიწყოთ იმ ბარჯიდან, რითაც მოკლეს კაპიტანი. ვიღაცამ ხომ ჩამოიღო კედლიდან ის ბარჯი. ორი ბარჯი თავის ადგილზე ჰკიდია, მესამე კავი კი ცარიელია. ტარზე წარწერაა: "ხომალდი "ზღვის მარტორქა", "დანდი". ეს ალბათ მოწმობს იმას, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა გაშმაგების წუთებში და რომ მკვლელმა გამოიყენა ის იარაღი, რაც ხელში მოხვდა. ხოლო ის გარემოება, რომ კერი ჩაცმული იყო, თუმცა მკვლელობა ღამის ორ საათზეა ჩადენილი, გვაფიქრებინებს, რომ მკვლელთან პაემანი ჰქონია. ამას თვალნათლივ მეტყველებს ის, რომ მაგიდაზე აღმოჩნდა ერთი ბოთლი რომი და ორი ნახმარი ჭიქა.

- დიახ, - თქვა ჰოლმსმა, - თქვენი ორივე დასკვნა ანგარიშგასაწევია. მერე, ოთახში სხვა მაგარი სასმელებიც აღმოჩნდა?

- დიახ, ზანდუკზე ლანგარი იყო. ზედ იდგა გრაფინებით კონიაკი და ვისკი. მაგრამ ამას, ჩემი აზრით, არა აქვს მნიშვნელობა. გრაფინები სავსე გახლდათ, მაშასადამე, მათ არავინ შეხებია.

- სულ ერთია, იმასაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა, რომ ეს სასმელები იქ იყო, - თქვა ჰოლმსმა, - კიდევ რა ნივთებს აქვთ საერთო, თქვენი აზრით, საქმესთან?

- მაგიდაზე ის სათუთუნე ქისა იდო.

- მაინც რა ადგილას?

- ზედ მაგიდის შუაგულში. სელაპის ტლანქი და მაგარი ტყავისა იყო, ტყავისავე თასმით შეკრული. შიგნით ასოებია: "პ.კ." ქისაში ცოტაოდენი მაგარი თამბაქო ეყარა, მეზღვაურები რომ ეწევიან, ისეთი.

- ჩინებულია. კიდევ?

სტენლი ჰოპკინსმა ჯიბიდან რუხ-ყვითელ ყდიანი წიგნაკი ამოიღო. ყდა ხაოიანი და გაცვეთილი ჰქონდა, სტრიქონები - გაყვითლებული და ფერგადასული. პირველ გვერდზე ჩანდა ინიციალები "ჯ.ჰ.ნ." და თარიღი "1883".

ჰოლმსმა წიგნაკი მაგიდაზე დადო და მისთვის დამახასიათებელი გულმოდგინებით დააცქერდა. მე და ჰოპკინსი წიგნაკს შორიდან ვათვალიერებდით. მეორე გვერდზე შევნიშნეთ ასოები "კ.წ.ო.რ.", შემდეგ ორ-სამ გვერდზე - მხოლოდ ციფრები იყო. ზოგ გვერდზე ეწერა სიტყვები: "არგენტინა", "კოსტა-რიკა", "სან-პაოლო" და მერე ისევ ციფრებისა თუ რაღაც ნიშნების სვეტები.

- რას ფიქრობთ ამ ჩანაწერებზე? - ჰკითხა ჰოლმსმა.

- მგონი, საბირჟო აქციების ჩანაწერებია. ვფიქრობ, რომ "ჯ.ჰ.ნ." - მაკლერის ინიციალებია, ხოლო "კ.წ.ო.რ.", ალბათ, მისი კლიენტია.

- ან "კანადის წყნარი ოკეანის რკინიგზა", - თქვა ჰოლმსმა.

სტენლი ჰოპკინსმა, თავისი მისამართით, რაღაც წყევლა ჩაიბურტყუნა და მუხლზე მუშტი დაიკრა.

- რა სულელი ვარ! - შესძახა მან. - რა თქმა უნდა, თქვენ სავსებით მართალი ხართ. ახლა გვრჩება "ჯ.ჰ.ნ." ასოების ამოხსნა. უკვე გადავათვალიერე 1883 წლის ძველი საბირჟო რეესტრები, მაგრამ ვერც ერთი ბირჟის მაკლერი ვერ ვიპოვე, ასეთი ინიციალები რომ ჰქონდეს. მაინც ისე მგონია, სწორ გზას ვადგავარ-მეთქი. ხომ შესაძლებელია, მისტერ ჰოლმს, რომ ეს იყოს იმ კაცის ინიციალები, ღამით რომ მივიდა კაპიტანთან, ესე იგი, მკვლელის ინიციალები? ხოლო ეს წიგნაკი, რომელშიაც ჩამოთვლილია ამდენი ფასეული ქაღალდი, ალბათ დანაშაულის მოტივს აგვიხსნის.

ჰოლმსის სახეზე ამოვიკითხე, რომ მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო ეს ახალი აღმოჩენა.

- უნდა ვაღიარო თქვენი დასკვნების სამართლიანობა, - თქვა ჩემმა მეგობარმა, - მართლაც, ეს წიგნაკი, რაზედაც არაფერია თქმული ძიების ოქმში, რამდენადმე ცვლის ჩემს ვარაუდებს. ამ დანაშაულის ჩადენის მოტივებსა და სავარაუდებელ დასაბუთებულ თეორიას რომ ვადგენდი, წიგნაკზე არ მიფიქრია. სცადეთ თუ არა აქ დასახელებული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა პოვნა?

- დიახ. მივმართე სხვადასხვა კანტორებს თხოვნით, მაგრამ ეს ხომ სამხრეთ ამერიკის საწარმოთა აქციებია. ალბათ პასუხს მოგვიანებით, რამდენიმე კვირის შემდეგ მივიღებთ.

ჰოლმსმა წიგნაკის ყდის სინჯვა გამადიდებელი მინით განაგრძო.

- აქ, უდავოდ, ლაქაა, - თქვა მან.

- დიახ, სერ, ეს სისხლის ლაქებია. ხომ მოგახსენეთ, წიგნაკი იატაკიდან ავიღე-მეთქი.

- სისხლიანი ლაქა ზემოდან იყო თუ ქვემოდან?

- იატაკის მხარეზე.

- მაშასადამე, წიგნაკი იატაკზე დავარდა უკვე მკვლელობის შემდეგ.

- მართალია, მისტერ ჰოლმს. ეს წიგნაკი მკვლელს ნაჩქარევი გაქცევის დროს თუ დაუვარდა. ზედ კართან ეგდო.

- ალბათ არც ერთი ეს ფასიანი ქაღალდი არ აღმოჩნდა განსვენებულის ქონებაში?

- არა, სერ.

- გაქვთ თუ არა საფუძველი ივარაუდოთ ძარცვა?

- არა, სერ. ვფიქრობ, არაფერი გაუტაციათ.

- ეშმაკმა დალახვროს, ძალიან საინტერესო შემთხვევაა! იქ დანაც იყო, არა?

- დანა ქარქაშში დარჩა, მისი ამოღება ვერ მოასწრეს. მოკლულის ფეხებთან ეგდო. მისის კერი ამბობს, რომ ეს მისი ქმრის დანაა.

ჰოლმსი ჩაფიქრდა.

- კარგი, - თქვა მან. - ალბათ შემთხვევის ადგილზე ჩასვლა და ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა მომიწევს.

სტენლი ჰოპკინსმა სიხარულით შესძახა:

- გმადლობთ, სერ! ეს მე ძალიან მძიმე ტვირთს მომხსნის.

ჰოლმსმა თითი დაუქნია ინსპექტორს.

- ერთი კვირის წინ ყველაფერი უფრო იოლი იქნებოდა, - თქვა მან. - მაგრამ ახლაც შეიძლება სარგებლობა მოიტანოს ადგილზე ჩემმა ჩასვლამ, უოტსონ, თუ აუცილებელი საქმე არა გაქვთ, ძალიან მოხარული ვიქნებოდი თქვენი თანხლებით გავმგზავრებულიყავი შემთხვევის ადგილზე. დაიბარეთ ეტლი, ჰოპკინს, თხუთმეტ წუთში ფორესტ როუსკენ გავემგზავრებით.

მატარებლიდან პატარა სადგურში ჩამოვედით. რამდენიმე მილი ეტლით გავიარეთ იმ კორომებში, რომლებიც გადარჩენილიყო უზარმაზარი უღრანი ტყეებიდან, ოდესღაც რომ საქსების შემოჭრისაგან იცავდნენ ქვეყანას. ეს მიუდგომელი მხარე მთელი სამოცი წელი ასრულებდა ბრიტანეთის ბასტიონის მოვალეობას. ადგილ-ადგილ ტყე გაკაფეს, რადგან აქ ქვეყნის პირველი თუჯსადნობი ქარხნები აშენდა, და, ლითონის გამოდნობამ ტყე დაისაჭიროვა. ახლა მრეწველობამ ჩრდილოეთის უფრო მდიდარ რაიონებში გადაინაცვლა, და წარსულს მხოლოდ ეს შეთხელებული ჭალები და მიწაზე გავლებული უზარმაზარი ღარები მოგაგონებდათ. განაკაფში, გორაკის მწვანე კალთაზე გაუთლელი ქვის გრძელი სახლი იდგა. სახლისაკენ მიიკლაკნებოდა საცალფეხო გზა, რომელიც მინდორში აქა-იქ მოჩანდა. გზასთან ახლოს სამი მხრიდან ბუჩქნარშემორტყმული ფლიგელი იდგა, რომელსაც კარ-ფანჯარა სწორედ იმ მხარეს ჰქონდა მოქცეული, საიდანაც ჩვენ ვუახლოვდებოდით. აი, აქ მოხდა მკვლელობა.

სტენლი ჰოპკინსმა ჯერ კაპიტნის სახლში მიგვიყვანა და მოკლულის ქვრივი, პირქუში, ჭაღარა ქალი წარმოგვიდგინა. გალეული, გასავათებული სახე, ღრმა ნაოჭები და ქუთუთოებშეწითლებული ჩავარდნილი თვალების შიშნეული გამოხედვა იმაზე მეტყველებდა, რომ ტანჯვა და მწარე წლები გამოევლო. კერის ქალიშვილმა, ფერმკრთალმა ქერა გოგონამ, თვალებს რომ გამომწვევად აციმციმებდა, განაცხადა, ძალიანაც მიხარია მამაჩემის სიკვდილი, იმის მარჯვენა დაილოცოს, ვინც სასიკვდილო ჭრილობა მიაყენაო. პიტერ კერის ოჯახში საშინელი, გულისდამაღონებელი განწყობილება შეუქმნია, და გულზე ოდნავ მოგვეშვა, როცა ხელახლა მზის სინათლეზე გამოვედით და განსვენებული კაპიტნის მიერ მინდორში გაკვალულ ბილიკს გავყევით.

ფანჩატური აღმოჩნდა სრულიად უბრალო ხის ნაგებობა მსუბუქი სახურავითა და ორი ფანჯრით. ერთი სარკმელი კართან იყო, მეორე კი მოპირდაპირე მხარეს. სტენლი ჰოპკინსმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ბოქლომის გასაღებად დაიხარა. უეცრად ტყვიანაკრავივით შეჩერდა და სახეზე დაძაბული ყურადღება და გაოცება გამოეხატა.

- ბოქლომი უწვალებიათ, - თქვა მან.

დაეჭვება ზედმეტი იყო. კარი დაფხაჭნილი აღმოჩნდა და თეთრი ნაფხაჭნი ისე აშკარად ჩანდა საღებავზე, თითქოს ახლა გაეკაწრათო. ჰოლმსმა ფანჯარა დაათვალიერა.

- ფანჯრის გაღებაც უცდია ვიღაცას, მაგრამ ვერ გაუღია. როგორც ჩანს, ბინის გატეხვაში გაწაფული არაა.

- ძალიან უცნაური ამბავი კია, - თქვა ინსპექტორმა, - შემიძლია დავიფიცო, რომ გუშინ საღამოს ეს ნაფხაჭნი არ იყო.

- იქნებ რომელიმე ცნობისმოყვარე, სოფლელი დოყლაპიას საქმეა? - წარმოვთქვი მე.

- არა, სრულიად სხვა ამბავი უნდა იყოს. ძნელად თუ ვინმე გაბედავს ამ კარ-მიდამოში ფეხის შემოდგმას, ხოლო "კაიუტის" გატეხვა რომ გაბედოს, ასეთი ყოჩაღი აქ არავინ მეგულება. თქვენ როგორ ფიქრობთ, მისტერ ჰოლმს?

- მე ვფიქრობ, რომ ბედი გვეწია.

- გგონიათ, ის კაცი კიდევ მოვა?

- ადვილი შესაძლებელია. პატარა ჯაყვით უცდია კარის გაღება. ვერ მოუხერხებია. ახლა ისღა დარჩენია, მეორედ სცადოს ბედი და უფრო შესაფერისი იარაღით აღჭურვილი დაუბრუნდეს ერთხელ დაწყებულ საქმეს.

- სწორია.

- სისულელე იქნება, თუ არ დავუდარაჯებთ. ჯერ კი ნება მომეცით, "კაიუტა" შიგნიდან დავათვალიერო.

ტრაგედიის კვალი უკვე განადგურებული იყო, მაგრამ ავეჯი ოთახში ისევე იდგა, როგორც მკვლელობის ღამეს. ორი საათი ათვალიერებდა ჰოლმსი ყოველ წვრილმან საგანს, მაგრამ უდიდესი ყურადღების მიუხედავად მისი სახის გამომეტყველებიდან ჩანდა. რომ ძიება უშედეგო იყო. მხოლოდ ერთხელ შეწყვიტა თავისი ბეჯითი კვლევა.

- ამ თაროდან აიღეთ რამე, ჰოპკინს?

- არა, ხელი არაფრისთვის მიხლია.

- აქ რაღაც აკლია. თაროს ამ კუთხეში მტვერი ნაკლებია. შეიძლება იქ იდო წიგნი, ან იქნებ კოლოფი... მგონი, აქ მეტი აღარაფერი მესაქმება. წავიდეთ, გავისეირნოთ ამ მომხიბვლელ ჭალებში, უოტსონ, დავატკბოთ თვალი ფრინველთა და ყვავილთა ცქერით. ჰოპკინს, ჩვენ აქ უფრო მოგვიანებით შევხვდებით. იქნებ უფრო ახლო გავეცნოთ იმ ჯენტლმენს, რომელიც აქ წუხელ მოსულა.

ღამის თორმეტ საათზე ჩავსაფრდით. ჰოპკინსს უნდოდა ქოხის კარი ღიად დაეტოვებინა, მაგრამ ჰოლმსმა განაცხადა, ეს უცნობს დააფრთხობსო. ბოქლომი იმდენად მარტივი იყო, რომ მისი გაღება მაგარი დანით შეიძლებოდა. ჰოლმსმა დაიჟინა, ჩასაფრება შიგნით ქოხში კი არა, გარეთ, ბუჩქებში უნდაო, და მეორე ფანჯრის ქვემოთ ჩავსაფრდით. ამ გზით შევძლებთ იმ კაცის დაზვერვას, თუ შუქს აანთებს და მისი მოსვლის მიზანსაც გავიგებთო.

დაიწყო ხანგრძლივი მტანჯველი მოლოდინი. ნერვიულმა ცახცახმა აგვიტანა. ასე ცახცახებს მონადირე, ტბაზე მომავალ, წყურვილით დატანჯულ ნადირს რომ ელოდება. რომელი მტაცებელი მოვა აქ სიბნელიდან? მოელვარე ეშვებიანი და კლანჭებიანი ვეფხვი, რომლის ძლევაც მხოლოდ მძიმე ბრძოლაში შეიძლება, თუ მხდალი ტურა, რომელიც მხოლოდ სუსტთა და უმწეოთათვისაა საშიში.

უსიტყვოდ გავისუსეთ ბუჩქებში. ჯერ დაგვიანებულ გამვლელთა ნაბიჯების ხმა გვესმოდა, ხანაც შეძახილები სოფლიდან, მაგრამ მალე ეს ხმები მიწყდა. ბოლოს სრული სიჩუმე გამეფდა. მხოლოდ შორეული ეკლესიის ზარის ხმა გვაუწყებდა, რომ დრო გადიოდა. წვიმა კი გულის გამაწვრილებლად ცრიდა იმ ბუჩქების ფოთლებზე, რომლებიც თავშესაფრის მაგიერობას გვიწევდნენ.

სამის ნახევარმა დაჰკრა. დადგა უბნელესი საათი, განთიადის წინ რომ იცის. უეცრად შევკრთით, როცა ჭიშკრის წყნარი ჭრიალი გავიგონეთ. გზაზე ვიღაც მოდიოდა. ისევ ჩამოვარდა ხანგრძლივი დუმილი. უკვე გავიფიქრე, რომ ეს იყო ცრუ განგაში, როცა უეცრად უკან, ქოხის იქით, გაისმა ფრთხილი ნაბიჯის ხმა, რასაც ერთი წამის შემდეგ ლითონის წკრიალი და ჟღარუნი მოჰყვა. ადამიანი ცდილობდა ბოქლომის გატეხვას! ამჯერად უფრო უნარიანად მოქმედებდა, თუ ხელსაწყო ჰქონდა უკეთესი - მალე მოძალადეს დანებდა კარი, ჭახანი გაისმა და ანჯამებმა დაიჭრიალეს. შემდეგ ასანთი აინთო, და მომდევნო წამს უკვე სინათლის ზომიერმა შუქმა გაანათა ქოხის შიდა მხარე. თხელ ფარდებში ჩანდა ყველაფერი, რაც ქოხში ხდებოდა.

ღამის სტუმარი გამხდარი, ავადმყოფური სახის ახალგაზრდა კაცი გახლდათ. მიცვალებულივით ფერწასულ სახეს შავი ულვაში უჩრდილავდა. ოც წელზე მეტის იქნებოდა. არასოდეს მენახა უფრო საცოდავ მდგომარეობაში მყოფი კაცი. შიშისაგან კბილს კბილზე აცემინებდა და მთელი სხეული უცახცახებდა. ჯენტლმენურად კი ეცვა. ნორფოლკური ჟაკეტი, მოკლე სპორტული შარვალი, თავზეც მაუდის ქუდი ეხურა. ვხედავდით, რა შეშინებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით. შემდეგ სანთელი მაგიდაზე დადგა და ოთახის ერთ-ერთ კუთხეში გაუჩინარდა. მალევე გამოჩნდა. ხელში ეპყრა ერთ-ერთი სახომალდო ჟურნალი, რომლის მსგავსთა მთელი კონაც ელაგა თაროზე. ჟურნალი მაგიდაზე დადო და გვერდების ფურცვლას მოჰყვა. დიდხანს ფურცლავდა და მერე უეცრად შედგა, ალბათ ის ჩანაწერი იპოვა, რასაც ეძებდა. მაშინ გაჯავრებით დაჰკრა მუშტი ჟურნალს, მაგიდაზე დააგდო და სანთელი ჩააქრო.

გასასვლელისაკენ გაბრუნება ვერ მოასწრო, რომ ჰოპკინსმა საყელოში სტაცა ხელი. შემზარავმა ყვირილმა იქაურობა შესძრა. სახლის გამტეხი მიხვდა, რომ დაიჭირეს. სანთელი ისევ აანთეს. უბედური ტყვე ცახცახებდა და მაძებრის ხელში იკრუნჩხებოდა.

- აბა, უძვირფასესო, - უთხრა სტენლი ჰოპკინსმა. - ვინ ხართ და აქ რას ეძებდით?

ყმაწვილი გონს მოეგო და შეეცადა ჩვენთვის თავი მშვიდად მოეჩვენებინა.

- თქვენ ალბათ მაძებრები ხართ? - იკითხა მან, - და ფიქრობთ, რომ კაპიტან პიტერ კერის მკვლელობის მონაწილე გამოიჭირეთ. გარწმუნებთ, ამ საქმეში არ ვურევივარ.

- ეს გამოჩნდება, - თქვა ჰოპკინსმა. - უწინარეს ყოვლისა, თქვენი გვარი და სახელი გვაინტერესებს.

- ჯონ ჰოპლი ნელიგანი.

შევნიშნე, როგორ გადახედეს ერთმანეთს ჰოლმსმა და ჰოპკინსმა.

- აქ რას აკეთებთ?

- თუ იმედი მექნება, რომ ჩემს საიდუმლოს არ გასცემთ?

- აუცილებლად გავცემთ, რაღა თქმა უნდა!

- მაშ, რა მრჯის, რომ ვილაპარაკო?

- თუ არ ილაპარაკებთ, თქვენ თავს დააბრალეთ, რაც სასამართლოზე მოგივათ.

ყმაწვილი აცახცახდა.

- რა გაეწყობა, ვიტყვი, - ჩაილაპარაკა უილაჯოდ, - ან რატომ არ უნდა ვილაპარაკო? თუმცა იმ აზრს ვერ შევრიგებივარ, რომ ეს ძველი სამარცხვინო საქმე ისევ ამოტივტივდება! ოდესმე გსმენიათ დაუსონისა და ნელიგანის სახელები?

ჰოპკინსის სახის გამომეტყველებამ დამარწმუნა, რომ ასეთი სახელები არ გაეგონა, მაგრამ ჰოლმსი გაოცებისაგან შეკრთა და თქვა:

- დასავლეთის ბანკის ყოფილ პატრონებს გულისხმობთ, არა? ისინი ხომ მილიონით გაკოტრდნენ, კორნუელის საგრაფოს ნახევარი დააქციეს, და ნელიგანი უგზოუკვლოდ გაქრა.

- სავსებით სწორია. ნელიგანი - მამაჩემი გახლდათ.

თითქოს საქმეს რაღაც ნათელი მოეფინაო. მაგრამ გაქცეულ ბანკირსა და კაპიტან პიტერ კერის, რომელიც მისივე საკუთარი ბარჯით მიაჭედეს კედელს, ერთმანეთისაგან უფსკრული ჰყოფდათ. ჩვენ მაინც ყურადღებით განვაგრძობდით ახალგაზრდა კაცის მონათხრობის მოსმენას.

- გაკოტრებით მხოლოდ მამაჩემი გაკოტრდა. დაუსონმა კი საქმიდან თავი მშრალად დაიძვრინა. მე იმ ხანებში შემისრულდა ათი წელი, მაგრამ იმდენი კი მესმოდა, რომ მეგრძნო, რა სამარცხვინო და საშინელი იყო ის, რაც მოხდა. ხალხში ამბობდნენ, რომ მამაჩემმა ყველა ფასიანი ქაღალდი მოიპარა და გაიქცა. ეს არ იყო მართალი. მამას მტკიცედ სწამდა, რომ თუ ფასიანი ქაღალდების რეალიზებას ადროვებდნენ, ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და შეძლებდა მეანაბარეთა გასტუმრებას. მან პატარა ორჩხომელით სულზე გაასწრო ნორვეგიაში მისი დაპატიმრების ბრძანებას. მახსოვს უკანასკნელი ღამე, როცა დედაჩემს ემშვიდობებოდა. იმ ფასიანი ქაღალდების სია დაგვიტოვა, რომლებიც ნორვეგიაში წაიღო. იფიცებოდა, ჩემს კეთილ სახელს აღვადგენ და არც ერთი მარწმუნებელი არ დაზარალდებაო. მას შემდეგ მამაჩემის ამბავი აღარ გვსმენია. ორჩხომელიც გაქრა და თვითონაც. მე და დედა დარწმუნებული ვიყავით, რომ მამა სადმე ზღვის ფსკერზე განისვენებდა. ჩვენი ოჯახის ერთმა საიმედო მეგობარმა, რომელიც საქმიან ხალხში ტრიალებს, ამას წინათ გაიგო, რომ ფასიანი ქაღალდები, რომლებიც მამამ თან წაიღო, ხელახლა გამოჩნდა ლონდონის ბაზარზე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩვენი გაოცება! რამდენიმე თვე დავკარგე იმისათვის, რომ მათი კვალისთვის მიმეგნო, ბევრი მარცხი და დაბრკოლება გადავლახე, ვიდრე იმას დავადგენდი, რომ მათ ყიდდა კაპიტანი პიტერ კერი, ამ ქოხმახის პატრონი.

ბუნებრივია, მისი ვინაობის დადგენა გადავწყვიტე. როგორც მითხრეს, პიტერ კერი ვეშაპებზე სანადირო გემს მეთაურობდა, რომელიც პოლარული ზღვებიდან ბრუნდებოდა სწორედ იმ დროს, როცა მამაჩემი ნორვეგიისაკენ მიეშურებოდა. შევიტყვე ისიც, რომ იმავე წელს ავდრიანი შემოდგომა ყოფილა და ზღვაზე ავბედით ქარიშხალი მძვინვარებდა. მამის ორჩხომელი, ეტყობა, ქარმა ჩრდილოეთისაკენ გაიტაცა, სადაც ბედისწერამ კაპიტან პიტერ კერის შეახვედრა. ეს ალბათ ასე უნდა იყოს, მაგრამ, სად გაქრა მამაჩემი? ყოველ შემთხვევაში, პიტერ კერი რომ დამხმარებოდა იმის გაგებაში, თუ რა გზით მოხვდა ის ფასიანი ქაღალდები ბაზარზე, მე დავამტკიცებდი, რომ მამაჩემს ისინი არ გაუყიდია და არც გამორჩენა ჰქონია მიზნად, როცა ნორვეგიაში მიმავალმა ისინი თან წაიღო.

სასექსში ჩამოვედი, რომ კაპიტანი მენახა, მაგრამ სწორედ ამ დროს ჰპოვა მან საშინელი აღსასრული. ძიების ოქმში ამოვიკითხე მისი "კაიუტის" აღწერილობა. სხვათა შორის, ნახსენები იყო მისი ძველი სახომალდე ჟურნალები, რომლებიც აქ ინახება. აზრად მომივიდა, რომ შეიძლებოდა ჟურნალებიდან ამომეკითხა, რა ხდებოდა 1883 წლის აგვისტოში "ზღვის მარტორქის" ბანზე და მამაჩემის იდუმალებით მოცული ამბავი შემეტყო. წუხელ ვცადე ამ ჟურნალების ხელში ჩაგდება, მაგრამ კარი ვერ გავაღე. დღეს ჩემი ცდა წარმატებით დაგვირგვინდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ დროისადმი მიძღვნილი გვერდები ამოგლეჯილია. მერე კი თქვენ გამოჩნდით და დამაპატიმრეთ.

- სულ ეს არის? - ჰკითხა ჰოპკინსმა.

- სულ ეს გახლავთ, - ამ სიტყვებზე ყმაწვილმა დაფანტულად მიმოიხედა.

- მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი?

ახალგაზრდა ყოყმანობდა.

- არაფერი.

- გუშინდელ ღამემდე აქ არ ყოფილხართ?

- არა.

- მაშ, ეს წიგნაკი ვისია? - შესძახა ჰოპკინსმა და ყმაწვილს უჩვენა ავბედითი უბის წიგნაკი, რომლის პირველ გვერდზე გამოსახული იყო ჩვენი ტყვის ინიციალები, ხოლო ყდაზე სისხლის ლაქები აჩნდა.

უბედურ ჭაბუკს სასო წარეკვეთა. სახეზე ხელები აიფარა და ისევ აკანკალდა.

- საიდან მოიტანეთ? - დაიკვნესა მან. - მე არც ვიცოდი... მეგონა, სასტუმროში დავკარგე.

- კმარა! - მკაცრად თქვა ჰოპკინსმა. - თუ კიდევ გაქვთ რაიმე სათქმელი, სასამართლოზე იტყვით, ახლა კი პოლიციაში წამოხვალთ. მისტერ ჰოლმს, დიდად მადლობელი ვარ თქვენი და თქვენი მეგობრისა, რომ აქ გამომყევით და დამეხმარეთ. თქვენი მოსვლა არც ყოფილა საჭირო. საქმეს უთქვენოდაც დავაბოლოვებდი, მაგრამ, ამის მიუხედავად, ძლიერ მადლიერი გრჩებით. თქვენთვის ოთახები ბრემბლტაის სასტუმროშია დაკავებული, შეგვიძლია სოფელში ერთად წავიდეთ.

- აბა, უოტსონ, რა აზრის ხართ ყოველივე ამაზე? - მკითხა ჰოლმსმა, როცა მეორე დღეს დილით უკან ვბრუნდებოდით.

- ვხედავ, თქვენ არა ხართ კმაყოფილი.

- ო, არა, ჩემო ძვირფასო უოტსონ, მე სავსებით კმაყოფილი ვარ. მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, სტენლი ჰოპკინსის მეთოდები არაფრად ვარგა. მისი იმედი დავკარგე. ამ კაცისაგან მეტს მოველოდი. ჩვენი პროფესიის საიდუმლოება ისაა, რომ შესაძლებელია, ამოცანას ყოველთვის მოეძებნოს მეორეგვარი გადაწყვეტა. ეს სისხლის სამართლის ძიების უპირველესი ანბანია და მაძებარმა ეს არ უნდა დაივიწყოს.

- ვერ გამიგია, ამოცანის რომელ მეორე გადაწყვეტაზეა ლაპარაკი?

- ის, რაც საფუძვლად უდევს ჩემს საკუთარ ძიებას. შეიძლება მან არაფერიც არ მოგვცეს. არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ამ გზას ბოლომდე უნდა მივყვე.

ბეიკერსტრიტზე ჰოლმსს რამდენიმე წერილი დახვდა. ერთ მათგანს გახარებულმა სტაცა ხელი, გახსნა და გამარჯვებული კაცის ტონით გაიცინა:

- ჩინებულია, უოტსონ! საქმის მეორენაირი გადაწყვეტა მწიფდება. დეპეშის ბლანკები თუ გაქვთ? დამიწერეთ ორი დეპეშა: "სემნერუ, სახომალდო აგენტს, რეტკლიფ-ჰაივეის. მჭირდება სამი კაცი, გაგზავნა ხვალ დილის ათზე. ბეზილი". ამ სახელით მიცნობენ იმ წრეებში. მეორე: "ინსპექტორ სტენლი ჰოპკინსს, ლორდსტრიტი, 46, ბრიქსტონი. ჩამოდით ხვალ ათის ნახევრისთვის საუზმეზე. მნიშვნელოვანი ამბავია. მიდეპეშეთ, თუ ვერ ჩამოხვალთ. შერლოკ ჰოლმსი"... ამრიგად, უოტსონ, ეს ეშმაკეული საქმე მთელი ათი დღე მაწამებდა, ახლა მინდა თავი დავაღწიო. ხვალ, იმედი მაქვს, დავაბოლოვებთ ყველაფერს და მოვისვენებთ.

ინსპექტორი სტენლი ჰოპკინსი ზუსტად დანიშნულ დროს გამოცხადდა და ყველანი მისის ჰადსონის მომზადებულ საუცხოო საუზმეს მივუსხედით. ახალგაზრდა მაძებარი აღტაცებული იყო თავისი წარმატებით.

- მაშ, მართლა დარწმუნებული ხართ თქვენი კვლევა-ძიების სიმართლეში? - მიუბრუნდა ჰოლმსი.

- ოღონდაც! ყველაფერი სრულიად ნათელია.

- მე კი ვფიქრობ, რომ ეს საქმე დამთავრებული არაა.

- თქვენ მაოცებთ, მისტერ ჰოლმს! კიდევ რა უნდა ითხოვოთ?

- განა თქვენი ძიების მასალები მოიცავს საქმის ყველა მხარეს?

- უეჭველად. მე გავიგე, რომ ახალგაზრდა ნელიგანი ბრემბლტაიში ჩამოვიდა იმ დღეს, როცა დანაშაული მოხდა. თითქოს გოლფის სათამაშოდ ჩამობრძანდა. ოთახი პირველ სართულზე დაიჭირა და ოთხივე მხარეს შეეძლო წასულიყო, როცა ინებებდა. იმავე ღამეს გაიარა უუდმენს ლიში, შეხვდა ქოხში პიტერ კერის, წაეკიდა და ბარჯით კედელზე ხოჭოსავით მიალურსმა. თავისი ნამოქმედარით შეშინებული მკვლელობის ადგილიდან გაიქცა და სწორედ მაშინ დაუვარდა თავისი უბის წიგნაკი. იმ ფასიანი ქაღალდები ნომრები ნელიგანს უბის წიგნაკში ეწერა და პიტერ კერისთვის უნდოდა გამოეკითხა ყველაფერი. ალბათ შენიშნეთ, რომ ზოგი მათგანი წიგნაკში ჯვრებითაა აღნიშნული. ეს ის ქაღალდებია, რომლებიც ლონდონის ბაზარზე გაიყიდა. მაგრამ მათი უმეტესობა, ეტყობა, ჯერ კიდევ პიტერ კერის ჰქონდა. ახალგაზრდა ნელიგანი, მისივე აღიარებით, ოცნებობდა ხელთ ეგდო ისინი, რათა მამის ვალები გადაეხადა. გაქცევის შემდეგ ერთ ხანს ვეღარ ბედავდა ქოხთან მიახლოებას, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა მისვლა და მისთვის საჭირო ცნობების მიღება. უბრალო და ნათელი ამბავია, არა?

ჰოლმსმა გაიღიმა და თავი გადააქნია:

- თქვენს ვერსიაში აქილევსის ქუსლს ვხედავ, ჰოპკინს. აბსოლუტურად დაუჯერებელია გალეული ადამიანისაგან ბარჯის ისე მარჯვედ სროლა, რომ სხეული გააპოს და მერე ხის კედელში ღრმად ჩაერჭოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეა, არა? ძვირფასო სერ, თქვენ მოგიხდებათ ამ წვრილმანზე უფრო მეტი ყურადღების შეჩერება. ჩემს მეგობარ უოტსონს შეუძლია გიამბოთ, როგორ ვვარჯიშობდი ბარჯის სროლაში მთელი დილა. ეს არც ისე ადვილია. აქ საჭიროა ძლიერი და გავარჯიშებული ხელი. კაპიტანს კი ისეთი ძალით ჩაჰკ-რეს, რომ ბარჯმა ჯერ სხეული გახვრიტა და მერე ღრმად ჩაერჭო კედელში. შეიძლება იფიქროს კაცმა, რომ ის ჩია ნელიგანი ასეთი კუნთმაგარი ყმაწვილია? და რომ ნელიგანი სწორედ ისაა, ვინც გვიან ღამით შავ პიტერთან რომით ყელს იკოკლოზინებდა? და რომ სწორედ მისი პროფილი ნახეს ფარდის შიგნით, მკვლელობამდე ორი დღით ადრე? არა, არა, ჰოპკინს, იმ ჩია ნელიგანის ნაცვლად ჩვენ ვინმე უფრო საშიში ადამიანი უნდა ვეძიოთ.

ჰოლმსის მსჯელობის დროს ჰოპკინსს სახე ერთიანად შეეცვალა. მისი ვარაუდი და იმედები ინგრეოდა, მაგრამ უომრად არ ნებდებოდა.

- ვერ უარყოფთ, მისტერ ჰოლმს, რომ ნელიგანი იმ ღამეს იქ იყო. ამის აშკარა დამამტკიცებელი საბუთია უბის წიგნაკი. ჩემი აზრით, სასამართლოსთვის ეს მონაცემები საკმარისია, თუნდაც მათში იყოს, როგორც თქვენ ფიქრობთ, სუსტი ადგილი. მთავარი კი ისაა, მისტერ ჰოლმს, რომ ჩემი დამნაშავე შეპყრობილია. ხოლო თქვენს "უფრო საშიშ" ადამიანს ვერ ვხედავ.

- მე რატომღაც მგონია, რომ ის ახლა ჩვენს კიბეზე ამოდის, - მშვიდად მიუგო ჰოლმსმა. - მგონი, უოტსონ, აჯობებს, ეს რევოლვერი ხელში დაიჭიროთ. - ჰოლმსი ადგა და ნაწერით აჭრელებული ფურცელი იქვე პატარა მაგიდაზე დადო. - ახლა მზადა ვართ, - დასძინა მან.

გაისმა ტლანქი ხმები. მისის ჰადსონმა კარი გააღო და თქვა, სამი მამაკაცი კაპიტან ბეზილს კითხულობსო.

- სათითაოდ შემოუშვით, - უთხრა ჰოლმსმა.

პირველად შემოვიდა პატარა, მრგვალი, ლოყებღაჟღაჟა, ხშირი ჭაღარა ბაკებით დამშვენებული კაცუნა. ჰოლმსმა ჯიბიდან წერილი ამოიღო.

- თქვენი სახელი? - ჰკითხა.

- ჯეიმს ლანკასტერი.

- ძალიან ვწუხვარ, ლანკასტერ, მაგრამ ადგილი უკვე დაკავებულია. აიღეთ ეს ნახევარი სოვერენი შეწუხებისთვის. იმ ოთახში გახვალთ და რამდენსამე წუთს დაიცდით.

მეორე იყო მაღალი ჩამომხმარი ადამიანი, სადად გადავარცხნილი თმა ჰქონდა და ავადმყოფური სახის კანი, სახელად ერქვა ჰიუ პეტინო. მანაც მიიღო უარი, ნახევარი სოვერენი და დაცდის ბრძანება.

მესამე სტუმარს შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა. მისი მრისხანე, ბულდოგის სახე აბურძგნულ თმასა და წვერს დაეფარა, ხოლო უხეშ, ხშირ წარბებს ქვემოთ შეუპოვარი შავი თვალები უციმციმებდა. მოგვესალმა, მეზღვაურის პოზაში დადგა და თან ხელში თავის კეპს ჭმუჭნიდა.

- თქვენი სახელი? - ჰკითხა ჰოლმსმა.

- პატრიკ კერნსი.

- ბარჯის მტყორცნელი?

- დიახ, სერ, ოცდაექვსჯერ გავყოლივარ გემს, როგორც ბარჯის მტყორცნელი.

- დანდიდან, მგონი?

- დიახ, სერ.

- თანახმა ხართ საექსპედიციო გემის გაყოლაზე?

- დიახ, სერ. ჯამაგირი?

- რვა გირვანქა თვეში. შეგიძლიათ ახლავე გამგზავრება?

- როგორც კი აღჭურვილობას მივიღებ.

- ქაღალდები თან გაქვთ?

- დიახ, სერ.

ჯიბიდან გაცვეთილი და მარილით გაჟღენთილი დოკუმენტები ამოიღო. ჰოლმსმა დაათვალიერა და დაუბრუნა.

- სწორედ ასეთი ადამიანი მჭირდება, - თქვა ჰოლმსმა, - აი, კონტრაქტი მაგიდაზეა, ხელი მოაწერეთ და მოვრჩეთ.

მეზღვაური ბაჯბაჯით წავიდა და კალამი აიღო.

- აქ მოვაწერო? - იკითხა მოსულმა და ხელმოსაწერად მოემზადა.

ჰოლმსი დაიხარა და ხელები ბარჯის მტყორცნელის კისრის გაყოლებით გაიწოდა.

- ახლა ყველაფერი რიგზეა, - თქვა ჩემმა მეგობარმა.

ფოლადის ჟღარუნი და გაშმაგებული ხარის ღმუილივით ხმა ერთბაშად შემომესმა. იმავე წამს ერთიმეორეზე გადაჭდობილი ჰოლმსი და მეზღვაური იატაკზე გაგორდნენ. მეზღვაურს რაღაც ზღაპრული ღონე ჰქონდა: თუმცა ჰოლმსის მიერ ხელებზე მარჯვედ წამოცმული ბორკილები ბოჭავდნენ, მაგრამ ჩემს მეგობარს, ეტყობოდა, მაინც მოერეოდა. მე და ჰოპკინსი ჰოლმსის მისაშველებლად გავეშურეთ. და მხოლოდ მაშინ, როცა რევოლვერის ცივი ლულა მეზღვაურს საფეთქელზე მივაბჯინე, როგორც იქნა, გაიგო, რომ წინააღმდეგობა უსარგებლო იქნებოდა. ფეხები თოკით შევუკარით და ბრძოლისაგან სულშეგუბებულნი იატაკიდან წამოვდექით.

- ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ჰოპკინს, - თქვა შერლოკ ჰოლმსმა, - ერბო-კვერცხი ალბათ უკვე გაცივდა. მაგრამ ვფიქრობ, ძიების ასე წარმატებით დამთავრება მადას მოგიმატებთ?

გაოცებისაგან გაოგნებული სტენლი ჰოპკინსი დამუნჯდა.

- ნამდვილად არაფერი მეთქმის, მისტერ ჰოლმს! - ესღა წამოილუღლუღა მტანჯველი სირცხვილით გაწითლებულმა. - ფაქტია, თავიდანვე ძიების არასწორი ვერსია ავირჩიე. წუთითაც არ უნდა დამვიწყებოდა, რომ თქვენ - მასწავლებელი ხართ, მე კი - მხოლოდ მოწაფე. ახლა კი, როცა თქვენს სიმარჯვეს ვუყურებ, მაინც ვერ გამიგია, როგორ გააკეთეთ ყოველივე და რას ნიშნავს ეს?

- კარგი, კარგი, - გულკეთილი კილოთი თქვა ჰოლმსმა. - ჩვენ ყველანი ვსწავლობთ შეცდომებზე. აი, ახლა მტკიცედ დაიმახსოვრებთ, რომ მხედველობიდან არ უნდა გაუშვათ საქმის მეორეგვარი ამოხსნა. თქვენ დარწმუნებული იყავით, რომ მკვლელი ახალგაზრდა ნელიგანია და მხედველობიდან გამოგრჩათ პატრიკ კერნსი. პიტერ კერის ნამდვილი მკვლელი კი ის არის.

მეზღვაურის ხრინწიანმა ხმამ ჰოლმსს ლაპარაკი გააწყვეტინა:

- მომისმინეთ, მისტერ! არა ვჩივი, რომ ასე უხეშად მომექეცით, მაგრამ საგნებს მაინც თავისი სახელი უნდა ვუწოდოთ. თქვენ ამბობთ: "პიტერ კერის მკვლელიო". მე კი ვაცხადებ, რომ იძულებული ვიყავი მომეკლა ის კაცი. აი, ეს კი სულ სხვა რამ არის. იქნებ არ დამიჯეროთ? იქნებ, ფიქრობთ, რომ ტყუილებს ვიგონებ?

- სულაც არა, - უთხრა ჰოლმსმა. - სიამოვნებით მოგისმენთ, ოღონდ სიმართლე ილაპარაკეთ.

- თავს არ შეგაწყენთ, და ღმერთს ვფიცავ, ყოველი ჩემი სიტყვა სიმართლე იქნება. მე ვიცნობდი შავ პიტერს, და როცა ხელი დანაზე წაივლო, ბარჯი დავიტაცე, რადგანაც ვიცოდი, რომ ცოცხლად დარჩენა მხოლოდ ერთ ჩვენგანს ეწერა. აი, ასე მოკვდა. იქნებ ამას მკვლელობა ერქვას. ჩემთვის სულ ერთია, როგორ მოვკვდები, მხოლოდ შავი პიტერის მიერ გულში გაყრილ დანას ჯალათის ხელით კისერზე შემოჭდობილი ყულფი მირჩევნია.

- როგორ მოხვდით მის სახლში? - ჰკითხა ჰოლმსმა.

- ყველაფერს დალაგებულად მოგითხრობთ, ოღონდ დამსვით და ლაპარაკი უფრო გამიადვილდება. ეს ამბავი 1883 წლის აგვისტოში დაიწყო. პიტერ კერი იყო "ზღვის მარტორქის" კაპიტანი, მე კი - მისი სათადარიგო ბარჯის მტყორცნელი. მცურავ ყინულთა შორის მივიკვლევდით გზას და შინ ვბრუნდებოდით. პირქარი გვწეწავდა და გრიგალი მთელი კვირა არ ჩამდგარა. უცბად პატარა გემს შევეჩეხეთ. დრეიფით მიდიოდა ჩრდილოეთისაკენ. მთელ ეკიპაჟს ერთი კაცი შეადგენდა და ისიც მეზღვაური არ გახლდათ. მის ყოფილ თანამგზავრებს გემის გადარჩენის იმედი გადაეწყვიტათ, კანჯოში ჩამსხდარიყვნენ და ნორვეგიის სანაპიროსკენ მოეკურცხლათ. როგორც ჩანს, ყველანი დაიღუპნენ. ის კაცი კი ჩვენ ავიყვანეთ გემზე. ის და კაპიტანი დიდხანს ბაასობდნენ კაიუტაში. მთელი მისი ბარგი, ერთი თუნუქის ყუთისაგან შედგებოდა. რამდენადაც ვიცი, იმ კაცის სახელი არვინ უწყოდა. მეორე ღამესვე ისე გაქრა, თითქოს არც არსებულიყო. ერთნი ლაყბობდნენ, თითქოს თავისით გადაეშვა ზღვაში, მეორენი, ბანიდან გადავარდაო, - იმ ღამეს კი მართლაც ძლიერი ქარიშხალი მძვინვარებდა. მხოლოდ მე, ერთმა ადამიანმა ვიცოდი, რაც მოუვიდა ბნელ ღამეში, ორი დღით ადრე, ვიდრე შოტლანდიის კუნძულების შუქურებს ჩავუვლიდით, საკუთარი თვალებით ვიხილე, როგორ ჩაავლო იმ საწყალს კაპიტანმა ხელი ფეხებში და ზღვაში გადაისროლა.

არავისთან არაფერი დამცდენია. ვიფიქრე - ვნახოთ, რა მოხდება-მეთქი. შოტლანდიაში ჩამოვედით. ის საქმე არც არავის ახსოვდა და არც ის საწყალი მოუკითხავს ვინმეს. შემთხვევით დაღუპული კაცი ვის რაში აინტერესებდა. მალე პიტერ კერი სამსახურიდან გადადგა, და მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მოვახერხე იმის დადგენა, თუ სად დასახლდა. მოვისაზრე, რომ იმ თუნუქის ყუთის გულისათვის ცოდვაში გაეხვია. ვიფიქრე, ახლა კი გამისწორდება, როგორ საჭიროა, რათა ენას კბილი დავაჭირო-მეთქი.

ერთი მეზღვაურისაგან, რომელსაც ლონდონში ენახა, გავიგე, რომ კაპიტანი აქ ცხოვრობს, და ჩამოვედი, რათა მისგან ცოტა რამ გამომეწურა. პირველ ღამეს თავი კეთილგონივრულად ეჭირა. ისეთ თანხას დამპირდა, სამუდამოდ შემეძლო ზღვისთვის თავი დამეღწია. საბოლოოდ მოსალაპარაკებლად მესამე ღამე დავნიშნეთ. მივედი, ვხედავ, დაელია და საძაგელ ხასიათზე დამდგარა. დავჯექით, დავლიეთ და ძველი დრო გავიხსენეთ. რაც მეტს სვამდა, მით უფრო არ მომწონდა მისი სახის გამომეტყველება. კედელზე ბარჯი შევნიშნე. ვინიცობაა რამე იყოს, გამომადგება-მეთქი, ვიფიქრე. მართლაც, მალე დიდი დასაკეცი დანა იშიშვლა, ლანძღვა-გინება დამიწყო და დორბლმორეულმა ჩემზე გამოიწია. ვხედავდი, ჩემი მოკვლა ჰქონდა განზრახული. მაგრამ დანის გახსნაც ვერ მოასწრო, რომ ბარჯით კედელს მივაჭედე. ღმერთო, როგორ დაიღრიალა! მისი სახე დღემდე თან მდევს და მშვიდად ვერ დამიძინია... სისხლი შადრევნად მოსჩქეფდა, მე კი ვიდექი და ველოდი. მაგრამ გარშემო სიწყნარე იყო და დავმშვიდდი. მიმოვიხედე, ვხედავ, თაროზე თუნუქის ყუთია. ეს ყუთი მეც ისევე მეკუთვნოდა, როგორც პიტერ კერის, ამიტომ ავიღე და ქოხიდან გავედი. მე ტუტუცს სათუთუნე მაგიდაზე დამრჩა.

ახლა კი ამბის ყველაზე უფრო დაუჯერებელ ნაწილს გიამბობთ. ის იყო გავედი სუფთა ჰაერზე, რომ ვიღაცის ნაბიჯის ხმა მომესმა. ბუჩქებში დავიმალე. ვხედავ, ქოხისაკენ კაცი მიიპარება. შევიდა, შეშლილივით შეჰყვირა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, გარბოდა, ვიდრე თვალთაგან დამეკარგა. მე კი ეშმაკობით ყველას ვაჯობე. ფეხით გავიარე ათი მილი, ტენბრიჯ უელსში მატარებელში ჩავჯექი და ლონდონში ჩამოვედი.

როცა ყუთი გავხსენი, აღმოჩნდა, რომ შიგ ერთი გახვრეტილი გროშიც აღარ იყო. შიგ მარტო ქაღალდები ეყარა, რომელთა გაყიდვა ვერ გავბედე. შავ პიტერზე ძალაუფლება დავკარგე და მშრალზე დავრჩი. ჯიბეგაფხეკილმა დავიწყე ლონდონში ბორიალი. მხოლოდ ჩემი პროფესიის იმედი უნდა მქონოდა. ვნახე განცხადება, რომელშიც ბარჯის მტყორცნელებს დიდ გასამრჯელოს აღუთქვამდნენ. მაშინვე საზღვაო აგენტებთან მივედი, მათ კიდევ აქ გამომაგზავნეს. აი ყველაფერი, რაც ვიცი. მართალია, შავი პიტერი მოვკალი, მაგრამ მართლმსაჯულება უნდა მიმადლოდეს - სახელმწიფოს რომ გასანთლული თოკის ხარჯი დავუზოგე.

- უაღრესად დამაჯერებელი ჩვენებაა, - თქვა ჰოლმსმა, წამოდგა და ჩიბუხი გააბოლა. - ვფიქრობ, ჰოპკინს, ახლავე გმართებს პატიმრის უფრო საიმედო ადგილას გადაყვანა. ეს ოთახი ვერ არის მოხერხებული საკანი, ხოლო მისტერ პატრიკ კერნსი მეტისმეტად დიდ ადგილს იკავებს ჩვენს ხალიჩაზე.

- არ ვიცი, როგორ დაგიმადლოთ, მისტერ ჰოლმს, - თქვა ჰოპკინსმა. - ახლაც არ ვიცი, როგორ მიაღწიეთ ასეთ წარმატებას.

- უბრალოდ, თავიდანვე სწორი გზა ავირჩიე. უბის წიგნაკის ამბავი რომ ადრე მცოდნოდა, შეიძლებოდა მეც ისეთივე შეცდომა დამეშვა, როგორც თქვენ. მაგრამ ყველაფერს, რაც ამ საქმეზე ვიკვლიეთ, ერთი მიმართულებით მივყავდი. უზარმაზარი ღონე, ბარჯის ტყორცნის უბადლო ხელოვნება, ბოთლი რომი, სელაპის ტყავის ქისა და მაგარი თამბაქო, რაც ამ ქისაში აღმოჩნდა, - ყოველივე ეს აშკარად მიუთითებდა მეზღვაურზე, და ისიც ვეშაპზე მონადირეზე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ინიციალები "პ.კ." - უბრალო დამთხვევაა. ქისა არ შეიძლებოდა პიტერ კერისა ყოფილიყო, რადგან თამბაქოს იშვიათად ეწეოდა და მის "კაიუტაში" ჩიბუხი ვერ იპოვეს. გახსოვთ, გეკითხებოდით, იყო თუ არა "კაიუტაში" ვისკი და კონიაკი-მეთქი. თქვენ მიპასუხეთ, იყოო. მაგრამ ვინ დაიწყებს, მეზღვაურის გარდა, რომის სმას, როცა აქვს კონიაკი ან ვისკი? დიახ, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მკვლელი მეზღვაური უნდა ყოფილიყო.

- როგორღა იპოვეთ ეს მეზღვაური?

- ეს სულ უბრალო ამბავია. მეზღვაური შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ მათი რიცხვიდან, ვინც "ზღვის მარტორქით" კერისთან ერთად ცურავდნენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი იყო, კაპიტანი სხვა გემით არ დაცურავდა. სამი დღე დავკარგე, რათა დეპეშებით დამედგინა "ზღვის მარტორქის" მეზღვაურთა 1883 წლის შემადგენლობა. როცა გავიგე, რომ ბარჯის მტყორცნელთა შორის იყო პატრიკ კერნსი, ჩემი კვლევა-ძიება თითქმის დასრულებული იყო. ვვარაუდობდი, რომ ეს კაცი ლონდონში იქნებოდა და უარს არ იტყოდა დიდი გასამრჯელოს საფასურად ისევ ბარჯის მტყორცნელობაზე. ამიტომ რამდენიმე დღე ვიყავი ისტ-ენდში, მოვიგონე არქტიკული ექსპედიცია, მაცდუნებელი პირობები შევთავაზე ბარჯის მტყორცნელებს, რომლებიც კაპიტან ბეზილის მეთაურობით იმსახურებდნენ - და აი შედეგიც.

- შესანიშნავია! - შესძახა ჰოპკინსმა. - პირდაპირ შესანიშნავია!

- რაც შეიძლება მალე უნდა გაათავისუფლოთ ახალგაზრდა ნელიგანი, - თქვა ჰოლმსმა. - ვფიქრობ, მის წინაშე ბოდიშის მოხდა დაგჭირდებათ. თუნუქის ყუთი, ცხადია, უნდა დაუბრუნოთ, მაგრამ ის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც პიტერ კერიმ გაყიდა, რაღა თქმა უნდა, სამუდამოდ დაიკარგა... აი, კებიც, ჰოპკინს, შეგიძლიათ პატრიკ კერნსი წაიყვანოთ. თუ სასამართლოზე ჩემი ყოფნა გახდება საჭირო, ნორვეგიაში გვაცნობეთ. უფრო ზუსტ მისამართს შემდეგ შეგატყობინებთ.

??????