დოილი ართურ კონან
გაზიარება

შემთხვევა ინტერნატში 

ჩვენს პატარა წყნარ ოთახს ბეიკერსტრიტზე ბევრი დრამატული სცენა ახსოვს, მაგრამ ტორნიკროფტ ჰაკსტეიბლის გამოჩენაზე უფრო მოულოდნელი და განსაცვიფრებელი ვერაფერი გამიხსენებია. ეს იყო ხელოვნების მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორი და ა.შ. და ა.შ. სადარბაზო ბარათმა, რაც მეტისმეტად პატარა ჩანდა სამეცნიერო ხარისხების ისეთი მძიმე ტვირთისათვის, მხოლოდ რამდენიმე წამით შემოუსწრო მის პატრონს. ბარათს კვალდაკვალ შემოჰყვა ტანადი, წარმოსადეგი, დიდებული კაცი - თავდაჭერილობისა და სულიერი სიძლიერის განსახიერება. ჯერ შემოსულიც არ იყო, რომ ხელებით მაგიდას დაეყრდნო, იატაკზე ნელა დაეშვა, გრძნობა დაკარგა და ჩვენ წინ ბუხართან გაშლილ დათვის ტყავზე გაიშხლართა.

ადგილიდან წამოვვარდით და გაოცებულნი, ერთ წუთს უსიტყვოდ შევცქეროდით დაღუპული გემის ამ შთამაგონებელ ნამუსრევს, სადღაც შორს, ცხოვრების უკიდეგანო ზღვაში ავარდნილმა ქარიშხალმა ჩვენთან რომ შემოაგდო. ჰოლმსმა სწრაფად დაუდო თავქვეშ ბალიში, მე კი პირთან სასმისით კონიაკი მივუტანე. უცნობის სახე ღრმა ნაოჭებს დაეღარა. დასიებულ თვალებში მოლურჯო ჩრდილები ჩასდგომოდა. ოდნავ ღია პირის კიდეები ნაღვლიანად დაეშვა დაბლა. ღაბაბიან ნიკაპზე ჯაგარი წამოზრდოდა. ჩანდა, შორიდან იყო მოსული, რადგან გაჭუჭყიანებული საყელო და პერანგი მოუჩანდა, დაუვარცხნელი თმა კი ლამაზ შუბლზე ბღუჯა-ბღუჯა ეყარა. ჩვენ წინ იწვა ადამიანი, რომელსაც თავზე რაღაც დიდი უბედურება დასტეხოდა.

- რა სჭირს, უოტსონ? - მკითხა ჰოლმსმა.

- ალბათ შიმშილისა და დაღლილობისაგან ქანცი აქვს გაწყვეტილი, - ვუპასუხე და ხელი არ მომიცილებია სტუმრის მაჯისათვის, რომელიც ოდნავ უცემდა.

- უკან დასაბრუნებელი ბილეთი მეკლტონამდე. ეს ჩრდილოეთ ინგლისშია, - თქვა ჰოლმსმა და მოსულის საათის ჯიბიდან რკინიგზის ბილეთი ამოიღო, - ახლა თორმეტიც არაა. ჩანს, ადრე მოუხდა გამოსვლა!

ჩვენს სტუმარს შეშუპებული ქუთუთოები შეუთრთოლდა და ნაცრისფერი თვალები მოგვაშტერა. წუთიც და სირცხვილისაგან ერთიანად გაწითლებული ფეხზე დიდი გაჭირვებით წამოდგა.

- მომიტევეთ, მისტერ ჰოლმს. ეს გულწასვლა ნერვიული ძრწოლის შედეგია. არა, გმადლობთ... ჭიქა რძე, ორცხობილა და ყველაფერი გაივლის. მისტერ ჰოლმს, აქ იმისათვის ჩამოვედი, რომ თან წაგიყვანოთ. ჩემი ჩამოსვლის გარდა, ალბათ ვერავითარი დეპეშა ვერ დაგარწმუნებთ, რომ ის, რისი გულისთვისაც მე გეახელით, გადაუდებელი საქმეა.

- როცა საბოლოოდ მომჯობინდებით...

- თავს ჩინებულად ვგრძნობ. პირდაპირ არ ვიცი, ეს რა შემემთხვა. მისტერ ჰოლმს, დაბეჯითებით გთხოვთ, პირველივე მატარებლით წამობრძანდეთ მეკლტონში.

ჰოლმსმა თავი გადააქნია.

- ჩემი კოლეგა, ექიმი უოტსონი დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ ახლა თავის მოსაფხანადაც არ გვცალია. ფერერის დოკუმენტების დაკარგვის გამო დაწყებული ძიებისათვის ავანსი უკვე მივიღე; ამას გარდა, ამ დღეებში დანიშნულია აბერ-ჰავენში მომხდარი მკვლელობის საქმის გარჩევა. ლონდონიდან გასვლა მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის გარემოებამ შეიძლება მაიძულოს.

- განსაკუთრებული მნიშვნელობის გარემოებამ! - ჩვენმა სტუმარმა ხელები აღაპყრო, - ნუთუ ჰერცოგ ჰოლდერნესის ერთადერთი შვილის გატაცების ამბავი არ გსმენიათ?

- ჰერცოგ ჰოლდერნესის? ყოფილი მინისტრის?

- დიახ, დიახ! ყველაფერი ვიღონეთ, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო და გაზეთებში არ გამოექვეყნებინათ, მაგრამ გუშინდელ "გლობუსში" უკვე გაიელვა რაღაც ხმებმა. მეგონა, ეს ხმები თქვენამდეც მოაღწევდა.

ჰოლმსმა თავისი გრძელი, გამხდარი ხელი ასწია და თაროდან გადმოიღო ენციკლოპედიური ცნობარი ასო "ჰაე"-ზე.

- "ჰოლდერნესი, მეექვსე ჰერცოგი, ლეკვერთხის ორდენის კავალერი, საიდუმლო მრჩეველი და საბჭოს წევრი... "ბარონი ბოვერლი, ჰერცოგი კარლსტონი... ღმერთო ჩემო რამდენი ტიტულია. "ჰელემშირის საგრაფოს სასამართლოს თავმჯდომარე (1900 წლიდან). დაქორწინებულია ედიტზე, სერ ჩარლზ ეპლდორის ქალიშვილზე (1888); ლორდ სოლტაირის ერთადერთი შვილი და მემკვიდრე. ორას ორმოცდაათი ათასი აკრი მიწის მფლობელი. ლანკაშირისა და უელსის მაღაროების მეპატრონე. მისამართი: კარლტონ-ჰაუს-ტერასი. ჰოლდერნეს-ჰოლი, ჰელემშირი; ციხე-დარბაზი კარლსტონი. ბანგორი, უელსი. საადმირალოს ლორდი (1872), სახელმწიფო მდივანი... "მოკლედ, ინგლისის ერთ-ერთი მესვეურთაგანი და ვგონებ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე უფრო სახელგანთქმული კაცი ეგ ყოფილა".

- ყველაზე უფრო ცნობილი და, შესაძლოა, ყველაზე უფრო მდიდარიც. რამდენადაც ვიცი, მისტერ ჰოლმს, თქვენ ძიების საქმეს ანგარების მიზნით არ ემსახურებით, მაგრამ ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ მისი ბრწყინვალება ხუთი ათასი გირვანქის ჩეკს ჰპირდება მას, ვინც შვილის ადგილსამყოფელს უჩვენებს და დამატებით ათას გირვანქას, თუ გამტაცებელს ან გამტაცებლებს დაუსახელებენ.

- მართლაც, უხვი, თავადური გასამრჯელოა, - თქვა ჰოლმსმა, - უოტსონ, მგონი ჩრდილოეთ ინგლისში გავემგზავრებით დოქტორ ჰაკსტეიბლთან ერთად. თქვენ კი, დოქტორო, ჯერ რძე და ნამცხვარი მიირთვით, შემდეგ კი დალაგებით მოგვიყევით, რა მოხდა, როდის მოხდა, სად მოხდა, და ბოლოს, რა დამოკიდებულება გაქვთ თქვენ, მეკლტონთან არსებული ინტერნატის დირექტორს, ამ ამბავთან და რატომ მხოლოდ სამი დღის შემდეგ გვატყობინებთ ამ საიდუმლოებით მოცული საქმის ისტორიას. სამი დღის მერე-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ამას თქვენი მოუპარსავი წვერი მაფიქრებინებს.

ჩვენმა სტუმარმა ჭიქა რძე დალია თუ არა, ბავშვის გატაცების ამბავს აღელვებით მოყვა, მაგრამ არც ერთი წვრილმანი არ გამოუტოვებია. თვალები მაშინვე გამოუცოცხლდა, ლოყები აუღაჟღაჟდა.

- უნდა გაუწყოთ, ჯენტლმენებო, რომ მე გახლავართ მეკლტონის სკოლა-ინტერნატის დამაარსებელი და დირექტორი. ჰაკსტეიბლის "ჰორაციუსის კომენტარები" ალბათ მოგაგონებენ, ვისთან გაქვთ საქმე. ჩემი საბავშვო ინტერნატი უეჭველად საუკეთესო და ყველაზე უფრო პრივილეგიური სასწავლო დაწესებულებაა მთელ ინგლისში. ლორდი ლევერსტოუკი, გრაფი ბლეკუოტერი, სერ კეტკარტ სოუმსი - აი, ვინ მანდობს ყმაწვილებს. მაგრამ დიდების მწვერვალს ჩემმა სკოლამ მიაღწია სამი კვირის წინ, როცა ლორდმა ჰოლდერნესმა თავისი მდივნის, მისტერ ჯეიმს უაილდერის პირით შემომითვალა, რომ ათი წლის ლორდი სოლტაირი, მისი ერთადერთი შვილი და მემკვიდრე, ჩემს ინტერნატში ისწავლიდა. განა შემეძლო მეფიქრა მაშინ: აი პრელუდია, რომელსაც ჩემს სიცოცხლეში თან ყველაზე დიდი უბედურება მო-ჰყვება-მეთქი?

ლორდი სოლტაირი პირველ მაისს, ზაფხულის სემესტრის დასაწყისში ჩამოვიდა. ეს მომაჯადოებელი ყმაწვილი ძალიან მოკლე ხანში შეეთვისა ჩვენს წესებს. უნდა შევნიშნო, და იმედი მაქვს, ვერავინ დამწამებს, თავმდაბალი არააო, თუმცა ამაზე დადუმება სისულელე იქნებოდა - ბავშვს ჩამწარებული ჰქონია შინ ყოფნა. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჰერცოგის ოჯახური ცხოვრება სიამტკბილობით აღსავსე არ გახლავთ. ცოლ-ქმარი თავიანთი სურვილის თანახმად დაშორდა ერთმანეთს და სოლტაირის მეუღლე სამხრეთ საფრანგეთში დასახლდა. ყოველივე ეს ამ ცოტა ხნის წინ მოხდა. ბავშვი, როგორც გავიგეთ, მთლიანად დედის მხარეზე ყოფილა. ჰოლდერნეს-ჰოლიდან მშობელი დედის წასვლის შემდეგ, პატარა ლორდმა თურმე ძლიერ მოიწყინა და მაშინ ჰერცოგს გადაუწყვეტია შვილი აღსაზრდელად ჩემს ინტერნატში მოეყვანა. ორ კვირაში ლორდი სოლტაირი სრულიად მოგვეჩვია და ყველაფრით ჩანდა, რომ თავს ჩინებულად გრძნობდა.

უკანასკნელად ყმაწვილი ცამეტ მაისს საღამოს, ესე იგი, ორშაბათს ნახეს. მისთვის მიჩენილი ოთახი მეორე სართულზე გახლდათ, ხოლო დიდ გვერდით ოთახში ორი სხვა ბავშვი იწვა. იმ ორ ბიჭს, იმ ღამეს არც არაფერი უნახავს და არც გაუგონია. მაშასადამე, ლორდი სოლტაირი გარეთ თავისი ოთახის კარიდან არ გასულა. ფანჯარა ღია დაგვხვდა. კედელს კი სწორედ სარკმელთან მეტად მსხვილტოტებიანი სურო ფარავს. ვერავითარი კვალი მიწაზე ვერ ვნახეთ, მაგრამ ეჭვი არ არის, რომ ბავშვი ფანჯრიდან გადაძვრა.

პატარა სოლტაირის გაქცევის ამბავი, სამშაბათს, დილის შვიდ საათზე შეიტყვეს. ლოგინი დაგებული იყო. წასვლის წინ სასკოლო ფორმის - შავი იტონური ქურთუკისა და რუხი შარვლის ჩაცმა მოესწრო. ღამით მასთან ოთახში არავინ შესულა, ხოლო იქიდან რომ ყვირილის ან ჭიდილის ხმა გამოსულიყო, კონტერი, მეზობელ ოთახში მყოფი უფროსი ბიჭი, აუცილებლად გაიგონებდა, რადგან ფხიზელი ძილი იცის.

როგორც კი ლორდ სოლტაირის დაკარგვა გამოაშკარავდა, მთელი ინტერნატი - ბავშვები, მასწავლებლები, მსახურები ფეხზე დავაყენე. მაშინვე დავრწმუნდით, რომ ლორდი სოლტაირი მარტო არ გაქცეულა. არც ჰაიდეგერი ჩანდა - გერმანულის მასწავლებელი. ჰაიდეგერის ოთახი მეორე სართულის მოპირდაპირე მხარეს იყო, მაგრამ მისი ოთახის ფანჯრებიც კორდისაკენ გადიოდა. არც მისი ლოგინი იყო ალაგებული, მგრამ წესიერად ჩაცმა მასწავლებელს, ეტყობა, ვერ მოუხერხდა, რადგანაც მისი პერანგი და წინდები იატაკზე ეყარა. ჩანდა, ფანჯრიდან გადამძვრალიყო და სუროს ჩაჰყოლოდა ძირს, რაზედაც დაბლა დარჩენილი კვალი მეტყველებდა. მისი ველოსიპედი, რომელსაც ჩვეულებრივ კორდის ბოლოს პატარა ფარდულში ინახავდა, ადგილზე არ აღმოჩნდა.

ჰაიდეგერი, ჩემთან, სკოლაში მასწავლებლად ორი წლის წინ დადგა. საუკეთესო რეკომენდაციებით აღჭურვილი მეახლა, მაგრამ მდუმარე, პირქუში კაცი იყო და განსაკუთრებული სიყვარული ვერც მოსწავლეთა და ვერც მასწავლებელთა შორის ვერ მოიპოვა.

დღეს ხუთშაბათია და ლტოლვილზე სამშაბათის შემდეგ ახალი არაფერი გაგვიგია. რასაკვირველია, პირველი ჩემი ნაბიჯი იყო ჰოლდერნეს-ჰოლთან დაკავშირება. ჰერცოგის მამული სულ რამდენიმე მილზეა სკოლიდან, და იმედი გვქონდა, რომ ლორდ სოლტაირს ალბათ სახლი მოენატრებოდა და იქ წავიდოდა, მაგრამ იგი ჰერცოგის სასახლეში არ აღმოჩნდა. მამა ძლიერ აღელვებულია, ხოლო, რაც შემეხება მე, თვითონვე შეგეძლოთ დარწმუნებულიყავით, სადამდე მიჰ-ყავს ადამიანი წუხილსა და თავისი აღსაზრდელისათვის პასუხისმგებლობის გრძნობას. მისტერ ჰოლმს, გევედრებით, ნუ დაიშურებთ თქვენს ძალ-ღონეს! ეს ისეთი საქმეა, რომ ღირს სულითა და გულით მოეკიდოთ.

შერლოკ ჰოლმსმა ყურადღებით მოისმინა უბედური დირექტორის მოთხრობა. მოღუშული წარბები და შუბლის ღრმა ნაოჭი მოწმობდა, რომ ჰოლმსი არ საჭიროებდა დაყოლიებას და ყოველ ღონეს იხმარდა იმ საქმის საძიებლად, რომელიც თავისი სერიოზულობის გარდა, უჩვეულო და დახლართული საქმეებისადმი თანდაყოლილ სიყვარულს უღვიძებდა. ჯიბიდან უბის წიგნაკი ამოიღო და თავისთვის რაღაც ჩაიწერა.

- თქვენ დიდი შეცდომა ჩაიდინეთ, რომ მაშინვე არ მომმართეთ, - მკაცრად თქვა ჩემმა მეგობარმა. - ეს ძალიან გაართულებს ძიებას. დარწმუნებული ვარ, რომ კორდი და კედელზე დახვეული სურო ბევრ რამეს ეტყოდნენ გამოცდილ თვალს.

- მე არაფერს შუაში ვარ, მისტერ ჰოლმს. მისი ბრწყინვალება ყველანაირად ერიდებოდა გახმაურებას. ეშინოდა, რომ მისი ოჯახური არეულობა ჭორებისა და მითქმა-მოთქმის საგნად იქცეოდა. ეს ყოველთვის გულს უმღვრევდა.

- ადგილობრივ ხელისუფალთ ხომ არ უძებნიათ ლორდი სოლტაირი?

- დიახ, სერ, მაგრამ - ვაგლახ - არაფერი გამოვიდა. პირველად თითქოს მივაგენით გაქცეულთა კვალს, შეგვატყობინებს, იმ დილით ჩვენი სადგურიდან მატარებლით ახალგაზრდა კაცი ბიჭთან ერთად გაემგზავრაო. მაგრამ გუშინ საღამოს ისინი ლივერპულში დააკავეს და შეცდომა მსწრაფლ გამოაშკარავდა. აი, მაშინ კი სრულიად დავკარგე იმედი და უძილო ღამის შემდეგ პირველივე მატარებლით თქვენკენ გამოვეშურე.

- რაკი პოლიცია მცდარ გზას დაადგა, ადგილზე ძიება ალბათ ისე გულმოდგინედ აღარ წარიმართა?

- უბრალოდ, შეწყდა.

- მაშასადამე, სამი დღე დაიკარგა. ეს აღმაშფოთებელია!

- დიახ, ვნანობ. მართალი ბრძანდებით.

- მერე გამოცანის ამოხსნა როგორ იოლად შეიძლებოდა. სიამოვნებით მოვკიდებდი ხელს ამ საქმეს. მითხარით, ხომ არ დაგიდგენიათ რაიმე კავშირი დაკარგულ მასწავლებელსა და ყმაწვილს შორის?

- მათ შორის არავითარი კავშირი არ ყოფილა.

- ჰაიდეგერი მის კლასშიც ასწავლიდა გერმანულ ენას?

- არა, და რამდენადაც ვიცი, ერთხელაც არ დალაპარაკებია.

- უცნაურია, ძალზე უცნაური! ბავშვს ჰქონდა ველოსიპედი?

- არა.

- ყველა სხვა ველოსიპედი ადგილზეა?

- ადგილზეა.

- დარწმუნებული ხართ?

- დარწმუნებული გახლავართ.

- არა მგონია იმას ფიქრობდეთ, რომ მასწავლებელმა წყვდიად ღამეში ყმაწვილი ხელში აიყვანა, ველოსიპედზე დაისვა და ისე გაემგზავრა.

- რა თქმა უნდა, არა.

- მაშ, რანაირად ხსნით ყოველივე ამას?

- შესაძლოა, ველოსიპედი აიღეს თვალის ასახვევად, სადმე მიმალეს და თვითონ ფეხით წავიდნენ.

- შესაძლებელია, მაგრამ იმედია დამეთანხმებით, რომ ეს თვალის ასახვევად უცნაური ხერხი იქნებოდა. ფარდულში ხომ სხვა ველოსიპედებიც იყო?

- დიახ.

- განა უკეთესი არ იქნებოდა ორი ველოსიპედი გადაემალათ, თუ ისურვებდნენ ისეთი წარმოდგენის შექმნას, თითქოს ორთავე ველოსიპედით წავიდა და არა ფეხით?

- დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით.

- საქმეც ეს არის. არა, ეს ვერსია არაფრად არ ვარგა. მაგრამ თავისთავად ველოსიპედის დაკარგვა შეიძლება შემდგომი ძიების ამოსავალ წერტილად გამოგვადგეს. ბოლოს და ბოლოს, ეს ისეთი ნივთი არაა, რომ მისი დამალვა ან მოსპობა იოლად შეძლონ. კიდევ ერთი კითხვა: ვინმემ ხომ არ ინახულა ბავშვი გაქცევის წინ?

- არავინ.

- იქნებ წერილები მოვიდა მის სახელზე?

- დიახ, იყო ერთი წერილი.

- ვისგან?

- მამამისისგან.

- თქვენი მოწაფეების ფოსტას ხომ არ ხსნით?

- არა.

- მაშ, რატომ ფიქრობთ, რომ წერილი მამამ გამოუგზავნა?

- კონვერტი ღერბიანი გახლდათ, მისამართი კი - ჰერცოგის მოუხეშავი ხელით იყო დაწერილი. გარდა ამისა, ჰერცოგმა თვითონაც გაიხსენა, წერილი მივწერეო შვილს.

- მანამდე როდის მიიღო ბავშვმა წერილები?

- უკანასკნელ დღეებში მის სახელზე არაფერი მოსულა.

- საფრანგეთიდან თუ სწერდნენ?

- არა.

- თქვენ, ცხადია, ხვდებით, რასაც ვფიქრობ. ლორდი სოლტაირი ან ძალით წაიყვანეს, ან საკუთარი სურვილით გაიქცა. უკანასკნელი ჰიპოთეზა გვკარნახობს, რომ ყმაწვილი ასეთი ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავდა, თუ გარედან არ მოახდენდნენ ზეგავლენას. რაკი მასთან არავინ მოსულა, მაშასადამე, ეს ზეგავლენა წერილების საშუალებით მომხდარა. აი, რატომ მიმაჩნია მნიშვნელოვნად იმის ცოდნა, თუ ვინ იყო მისი ფოსტალიონი.

- მეეჭვება, რომ ამ საქმეში რაიმე დახმარება შევძლო. რამდენადაც ცნობილია, ბავშვს მხოლოდ მამა სწერდა.

- და მამის წერილი მიიღო გაქცევის დღეს. როგორი დამოკიდებულება იყო მამა-შვილს შორის: კარგი, მეგობრული?

- მისი ბრწყინვალება მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეებითაა გადატვირთული და თავისი მეგობრობის ღირსადაც არავინ მიაჩნია. მის გულს ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობა ასე იოლად ვერ შეატოკებს. მაგრამ თავისებურად ყმაწვილს ცუდად არ ექცეოდა.

- მაინც როგორ შეატყვეთ, ყმაწვილი მთლიანად დედის მხარეზე იყო?

- დიახ.

- თვითონ ამბობდა ასე?

- არა.

- მაშ ვინ? ჰერცოგი?

- არა, რას ბრძანებთ! რა თქმა უნდა, არა!

- მაშ, ეს საიდან იცით?

- ხშირად მიხდებოდა მისი ბრწყინვალების მდივანთან, მისტერ ჯეიმს უაილდერთან საუბარი. მან გამანდო საიდუმლოდ ლორდ სოლტაირის განწყობილება.

- გასაგებია. ჰო, მართლა, ჰერცოგის უკანასკნელი წერილი ბავშვის გაქცევის შემდეგ იპოვნეთ ოთახში?

- არა. ალბათ, თან წაიღო... მისტერ ჰოლმს, ხომ არ ვაგვიანებთ სადგურზე წასვლას?

- ახლავე ვუბრძანებ, კები მომგვარონ. თხუთმეტი წუთის შემდეგ თქვენს განკარგულებაში ვიქნებით. თუ შინ დეპეშის გაგზავნა გნებავთ, მისტერ ჰაკსტეიბლ, ეცადეთ იქ, თქვენსას, ისე იფიქრონ, რომ ძიება ჯერ კიდევ ლივერპულში მიმდინარეობს. თქვენი მაძებრების ხროვა ხომ იქით გაფრინდა? მე კი ამასობაში დამშვიდებული, დაუბრკოლებლად ვიმუშავებ ზედ თქვენი სკოლის კართან და იქნებ ალღომ არ უმტყუნოს ორ ისეთ ნაცად მეძებარს, როგორიც არიან მორჩილი მსახური და უოტსონი. იქნებ ყნოსვამ არ გვიღალატოს და ადგილზე კვალის მიგნება მოვახერხოთ.

საღამოს დერბის საგრაფოს ცივმა ჰაერმა გაგვაგრილა. ჩვენ წინ დოქტორ ჰაკსტეილის სახელგანთქმული ინტერნატი აღმართულიყო. როცა ჰაკსტეიბლის სკოლის კარიბჭეს მივაღწიეთ, უკვე ბნელოდა. წინკარში მაგიდაზე დაგვხვდა სადარბაზო ბარათი. ლაქიამ რაღაც ჩასჩურჩულა დირექტორს და ისიც აღელვებული მოგვიბრუნდა.

- ჰერცოგი აქ არის, - თქვა ჰაკსტეიბლმა, - ჰერცოგი და მისტერ უაილდერი კაბინეტში მიცდიან. წამობრძანდით, ჯენტლმენებო, თქვენს თავს წარვუდგენ.

მე, რა თქმა უნდა, ფოტოსურათებიდან ვიცნობდი ამ უაღრესად ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეს, მაგრამ იგი სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც სურათებზე იყო. ბუხრის წინ ხალიჩაზე იდგა მოხდენილად ჩაცმული, დიდებული გარეგნობის კაცი. მოგრძო, გამხდარი სახე ჰქონდა და რაღაც უაზროდ წამოშვერილი გრძელი, მოკაუჭებული ცხვირი. სახეზე მკვდრისფერი ედო და ამ სიფერმკრთალეს კიდევ უფრო აძლიერებდა გრძელი, ჟღალი წვერი, რომლის მიღმაც თეთრ ჟილეტზე საათის ოქროს ძეწკვი ციმციმებდა. ყოფილი მინისტრი დაჟინებით შემოგვცქეროდა. გვერდით ჯერაც სრულიად ახალგაზრდა, ტანმომცრო, მოძრავი, ნერვიული შესახედაობისა და ჭკვიანი გამომეტყველების ცისფერთვალება კაცი ედგა. როგორც მივხვდი, ის მისი პირადი მდივანი, უაილდერი იყო. ლაპარაკი მან წამოიწყო, თანაც, უაღრესად გადამწყვეტი და მკვეთრი ხმით:

- დოქტორო ჰაკსტეიბლ, მე ვიყავი დღეს დილით თქვენთან, მაგრამ, სამწუხაროდ, დავაგვიანე და ვერ შევძელი ხელი შემეშალა თქვენთვის ლონდონს გამგზავრებაში. როგორც მითხრეს, მისტერ შერლოკ ჰოლმსის ჩამოსაყვანად და მისთვის ამ საქმის გამოკვლევის დასავალებლად გამგზავრებულხართ, დოქტორო ჰაკსტეიბლ. მისი ბრწყინვალება გაოცებულია, რომ წინასწარ მასთან მოუთათბირებლად გაბედეთ ასეთი ნაბიჯის გადადგმა.

- როცა გავიგე, რომ პოლიციის ძიებამ შედეგი არ გამოიღო...

- მისი ბრწყინვალება სულაც არ არის ამაში დარწმუნებული.

- მაგრამ, მისტერ უაილდერ!..

- როგორც თქვენთვის ცნობილია, დოქტორო ჰაკსტეიბლ, მის ბრწყინვალებას არ სურს, რომ ეს საქმე გახმაურდეს. იგი უმჯობესად მიიჩნევდა, უცხო ხალხისათვის არ გაგენდოთ ეს ამბავი.

- ამისი გამოსწორება ადვილია, - წაილუღლუღა შეშინებულმა დოქტორმა, - მისტერ შერლოკ ჰოლმსს შეუძლია დილის მატარებლით დაბრუნდეს ლონდონში.

- არ ვაპირებ, დოქტორო, არ ვაპირებ! - თავაზიანი ღიმილით თქვა ჰოლმსმა. - ჩრდილოეთის ჰაერი ისე სასიამოვნო და კეთილისმყოფელია ჯანმრთელობისათვის, რომ გადავწყვიტე აქ, დაბლობში გავატარო რამდენიმე დღე. გავერთობი ისე, როგორც მოვახერხებ. რაც შეეხება თავშესაფარს, თქვენს ჭერქვეშ ვიქნები, თუ სოფლის სასტუმროში, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

უბედური დოქტორი სრულიად დაიბნა, მაგრამ სწორედ მაშინ წამოეშველა ქერათმიანი ჰერცოგის ბოხი ხმა, სადილზე მიმხმობი გონგის ხმასავით რომ გაისმა.

- დოქტორი უაილდერი მართალია, დოქტორო ჰაკსტეიბლ, ჩემთან მოთათბირება გმართებდათ, მაგრამ რაკი მისტერ შერლოკ ჰოლმსს ეს საქმე გაანდეთ, ჩვენის მხრივ უგუნურება იქნებოდა მის სამსახურზე უარის თქმა. სოფლის სასტუმროში რა გაქვთ წასასვლელი, მისტერ ჰოლმს? მოხარული ვიქნები, თუ ჰოლდერნეს-ჰოლში მესტუმრებით.

- უაღრესად გმადლობთ, თქვენო ბრწყინვალებავ, მაგრამ თქვენი საქმის ინტერესებისათვის, აქ, შემთხვევის ადგილზე თუ დავრჩები, აჯობებს.

- არ შემიძლია ძალა დაგატანოთ, მისტერ ჰოლმს, მაგრამ თუ რაიმე ცნობები დაგჭირდებათ ჩემგან ან მისტერ უაილდერისაგან, ორივენი მზად ვართ გემსახუროთ.

- ალბათ მომიხდება ჰოლდერნეს-ჰოლში ჩამოსვლა, - თქვა ჰოლმსმა, - ახლა კი, სერ, მხოლოდ ის მინდა ვიცოდე, როგორ ხსნით თქვენი შვილის ეგზომ იდუმალ გაუჩინარებას.

- მიმძიმს პასუხის გაცემა, სერ.

- მაპატიეთ, თუ თქვენთვის არასასიამოვნო თემას შევეხები, მაგრამ უამისოდ არ შეიძლება. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქმეში ჩარეულია ჰერცოგის მეუღლე?

მინისტრი პასუხს აგვიანებდა.

- არა, არ მგონია, - თქვა ბოლოს.

- მაშინ თავისთავად იჩენს თავს მეორე ახსნა: იქნებ ყმაწვილი გაიტაცეს იმ მიზნით, რომ გამოსასყიდი მიიღონ? ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა?

- არა, სერ.

- კიდევ ერთი კითხვა, თქვენო ბრწყინვალებავ: გავიგე, შვილისათვის წერილი მისი გაუჩინარების დღეს მიგიწერიათ.

- არა, წინა დღეს.

- სავსებით სწორია. მაგრამ წერილი იმავე დღეს მიიღო?

- დიახ.

- ხომ არაფერი იყო იმ წერილში ისეთი, რომ აეღელვებინა ბავშვი და ჩაენერგა მისთვის გაქცევის აზრი?

- რა თქმა უნდა, არა, სერ!

- წერილი თვითონ გაგზავნეთ?

ჰერცოგის ნაცვლად გაჯავრებულმა მდივანმა მიუგო:

- მის ბრწყინვალებას ჩვეულებად არა აქვს პირადად გზავნოს თავისი კორესპონდენციები. ეს წერილი სხვებთან ერთად დატოვა მაგიდაზე და მე ჩავდე საფოსტო ჩანთაში.

- დარწმუნებული ხართ, რომ სხვა წერილებთან ისიც იყო?

- დიახ, დავინახე.

- რამდენი წერილი დაწერეთ იმ დღეს, თქვენო ბრწყინვალებავ?

- ოცი თუ ოცდაათი. დიდი მიმოწერა მაქვს. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ საქმის არსიდან გადავუხვიეთ.

- არა, რატომ! - თქვა ჰოლმსმა.

- თვითონვე ვურჩიე პოლიციას ძიება სამხრეთ საფრანგეთში წარემართა, - განაგრძო ჰერცოგმა, - ვიმეორებ: არა მგონია, ჰერცოგის ქალს უნარი შესწევდეს შვილი ასეთი საშინელი ნაბიჯის გადასადგმელად წააქეზოს, მაგრამ თვითონ ბავშვი ისეთი ჯიუტია, შეიძლება დედასთან გაქცეულიყო, მით უფრო, თუ ამას იმ გერმანელის მხრივ შეგულიანება და თანამოქმედება დაემატა. ახლა კი, დოქტორო ჰაკსტეიბლ, ნება მომეცით, გამოგემშვიდობოთ.

ვგრძნობდი, ჰოლმსს კიდევ რამდენიმე კითხვა ჰქონდა, მაგრამ ჰერცოგმა უცებ შეწყვიტა საუბარი. ჰერცოგს დახვეწილი არისტოკრატიზმი არ აძლევდა ნებას დაწვრილებით გაენდო ოჯახური საკითხები უცხო კაცისათვის და, ეტყობოდა, ეშინოდა, რომ ყოველი ახალი კითხვა უწყალო შუქს მოჰფენდა მისი ცხოვერბის ასე გულმოდგინედ ჩაბნელებულ კუნჭულებს.

ჰერცოგისა და მისტერ უაილდერის წასვლის შემდეგ ჰოლმსი მაშინვე მისთვის ჩვეული თავგამოდებით შეუდგა საქმეს.

ბავშვის ოთახის გულდასმით დათვალიერებამ ახალი არაფერი მოგვცა გარდა იმისა, რომ საბოლოოდ დავრწმუნდით: გაქცევა პატარა სოლტაირს მხოლოდ ფანჯრიდან შეეძლო. გერმანელი მასწავლებლის ოთახშიც შევიხედეთ. არავითარი სამხილი არ აღმოჩნდა. ფანჯრის ქვემოთ სუროს მისი სიმძიმისათვის ვერ გაეძლო და ფარნით განათებულ კორდზე ვნახეთ ქუსლების ორი ღრმა კვალი - აი, ერთადერთი რამ, რაც იმ ღამის ამოუხსნელ გაქცევას მოწმობდა.

შერლოკ ჰოლმსი წავიდა, მარტო დამტოვა და მხოლოდ ღამის თორმეტ საათზე დაბრუნდა. სადღაც აქაური მიდამოების რუკა ეშოვნა, ჩემს ლოგინზე გაშალა ოთახში და შუა ადგილას ლამპა დადგა. შემდეგ მოსწია და გულდასმით დაუწყო ცქერა თავის გამოგონებას. დროგამოშვებით კი მისთვის საინტერესო ადგილებს ჩიბუხის ქარვის ტარით მიჩვენებდა.

- ეს საქმე სულ უფრო და უფრო მიზიდავს, უოტსონ, - ამბობდა ჩემი მეგობარი, - საინტერესო საქმეა, ძალიან საინტერესო... მაგრამ ახლა, როცა მხოლოდ ვიწყებ ძებნას, მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ზოგიერთ გეოგრაფიულ დეტალს, რომელთაც შეიძლება არცთუ მცირე მნიშვნელობა ექნეთ ძიების მსვლელობაში. შეხედეთ ამ რუკას. აი, ეს შტრიხიანი კვადრატი - სკოლაა. აქ ქინძისთავი დავარჭოთ. ესეც გზატკეცილი. იგი სკოლას ჩაუვლის აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და განშტოება მთელი მილის მანძილზე ორთავე მხარეს არსად არა აქვს. გაქცეულები შარაგზას უნდა მიჰყოლოდნენ, სხვა გზა არც ჰქონდათ.

- მართალია.

- გარემოებათა ბედნიერი დამთხვევის წყალობით, შეგვიძლია შევამოწმოთ, რა ხდებოდა იმ ღამეს ამ გზატკეცილზე. აი, ამ ადგილას, სადაც ახლა ჩემი ჩიბუხია, თორმეტიდან დილამდე პოლისმენი მორიგეობდა. როგორც ხედავთ, ესაა პირველი ჯვარედინი გზატკეცილის აღმოსავლეთ მხარეზე. პოლისმენი წამითაც არ მოსცილებია თავის პოსტს და ამტკიცებს, აუცილებლად შევნიშნავდი მოზრდილ მამაკაცს, რომელსაც ყმაწვილი ახლდა, იქ რომ გაევლოთო. დღეს საღამოს ველაპარაკე და ვგონებ, შეიძლება მის სიტყვებს ვენდოთ. მაშასადამე, გზატკეცილის ეს ნაწილი გამორიცხულია. ახლა ვნახოთ, როგორ არის საქმე მის დასავლეთ ნაწილში. იქ არის სასტუმრო "წითელი ხარი", რომლის დიასახლისი ავადაა და წევს. მეკლტონში ექიმის დასაძახებლად კაცი უფრენიათ, მაგრამ ექიმი სხვაგან ყოფილა და ავადმყოფთან მხოლოდ ადრე დილით მისულა. ექიმის მოლოდინში სასტუმროში მთელი ღამე არავის სძინებია. თურმე წამდაუწუმ იხედებოდნენ გზატკეცილისაკენ, ხომ არ მოდისო. იმ ხალხის თქმით, სასტუმროსთან არავის ჩაუვლია. თუ იმათ დავუჯერებთ, არც გზატკეცილის დასავლეთი ნაწილი ტოვებს რაიმე ეჭვს. მაშასადამე, ლტოლვილებს რაღაც სხვა გზა აურჩევიათ.

- მერე, ველოსიპედი? - ვკითხე ჰოლმსს.

- დიახ, ველოსიპედი. ახლა იმაზე გადავალთ. ამრიგად, განვაგრძოთ ჩვენი მსჯელობა. თუ გაქცეულები გზატკეცილზე არ გასულან, მაშასადამე, ან ჩრდილოეთისაკენ წავიდოდნენ, ან სამხრეთისაკენ, ეს უდავოა. მოდი, ავწონ-დავწონოთ ორივე ეს ვარაუდი. სკოლის სამხრეთით პატარა ნაკვეთებად დანაწევრებული დიდი მინდორია. ყოველი ნაკვეთი მეორისაგან ქვის ზღუდით არის გამოყოფილი. ველოსიპედით იქ გავლა შეუძლებელია. მაშასადამე ეს ივარაუდიც უნდა უარვყოთ. ახლა ჩრდილოეთს დავაკვირდეთ. იქ ჭალაა, სახელად "მრუდე სოლი". მის იქით კი, ათ მილზე, გადაჭიმულია ჭაობიანი ველი, რომლის ჩრდილოეთ მხარეს ბორცვები და გორაკები გვხვდება. მის მარცხნივ ჰოლდერნეს-ჰოლია, სადამდეც, თუ გზატკეცილით ვივლით, ათი მილი იქნება, ხოლო პირდაპირი გზით ექვსი მილიც არ უნდა იყოს. ეს ველი პირქუში და უკაცურია. ზედ მესაქონლეობის რამდენიმე პატარა ფერმა გაფანტულა, ცხვრები, ძროხები, ჭაობის ფრინველი - აი, ამ მიდამოების ბინადარნი. შემდგომ, როგორც თვითონვე ხედავთ, გადის ჩესტერფილდის გზატკეცილი. მის გასწვრივ დგანან კოტეჯი, ეკლესია და სასტუმრო. უკან - ბორცვებია, მაღალი და დახრამული. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძიება ჩრდილოეთისაკენ უნდა ვაწარმოოთ.

- მაგრამ ველოსიპედი! - გავიმეორე ჩემი მოსაზრება.

- რა შუაშია აქ ველოსიპედი! - მოუთმენლად მიპასუხა ჰოლმსმა. - კარგი ველოსიპედისტები მარტო გზატკეცილებზე როდი დადიან. ველი ბილიკებითაა დასერილი, გარდა ამისა, იმ ღამეს მთვარე კარგად ანათებდა... მოითმინეთ! ეს რა არის?

კარზე კაკუნი გაისმა და ამ ხმას ოთახში მაშინვე მოჰ-ყვა დოქტორი ჰაკსტეიბლი. ხელში ეჭირა ცისფერი ქუდი, რომელსაც საჩიხზე თეთრი დანაკერები ჰქონდა.

- ნაპოვნია! - შესძახა მან. - მადლობა ღმერთს! როგორც იქნა, ჩვენი ყმაწვილის კვალს წავაწყდით! ეს ლორდის კეპია!

- სად იპოვნეთ?

- ბოშათა საზიდარში. მათი ბანაკი ველზე იდგა. სამშაბათს აიშალნენ და გზას გაუდგნენ. დღეს პოლიცია დაესხა თავს და მათი საზიდრების ჩხრეკის შემდეგ, აი, რა იპოვნეს.

- როგორ მოხვდა ქუდი ჩვენთანო, რა უთქვამთ?

- თავის დაძვრენა უცდიათ, მიუკიბ-მოუკიბავთ, კეპი სამშაბათ დილით ველზე ვიპოვეთო. არა, იმ არამზადებმა იციან, სადაა ბავშვი. საბედნიეროდ, ყველანი ჩასვეს. კანონის შიში ენას გაუხსნით ან, იქნება, კანონის შიშმა კი არა, ჰერცოგის ქისამ აალაპარაკოს ისინი.

- ჰო, რა გაეწყობა, კარგია, - თქვა ჰოლმსმა, როცა დოქტორი ოთახიდან გავიდა. - ყოველ შემთხვევაში, ეს ადასტურებს ჩემს ვარაუდს, რომ მხოლოდ ველზე ძიება მოგვცემს რაიმე შედეგს. პოლიციას არაფერი გაუკეთებია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ბოშების დაპატიმრებას. შეხედეთ რუკას, უოტსონ. ველზე ნაკადული მიედინება. სკოლასა და ჰოლდერნეს-ჰოლს შორის ის ერთ-ორ ადგილას დაჭაობებულია. ამინდი ახლა ისე გვალვიანია, რომ კვალის ძებნა სადმე სხვაგან უსარგებლო საქმეა, ჭაობებში კი შეიძლება აქა-იქ დარჩა ნაკვალევი, ხვალ ადრე შემოგივლით და შევეცადოთ შუქი მოვფინოთ ამ საიდუმლოებით მოცულ საქმეს.

მეორე დღეს, განთიადის ბინდბუნდში გამეღვიძა და ჩემს ლოგინთან ჰოლმსის მაღალი, გამხდარი ფიგურა შევნიშნე. ჰოლმსი უკვე ჩაცმული იყო და როგორც ჩანდა, იქაურობა დაეთვალიერებინა.

- კორდი და ველოსიპედის ფარდული გამოვიკვლიე, - მითხრა მეგობარმა. - შემდეგ მრუდე სოლში გავისეირნე. ადექით, უოტსონ, გვერდით ოთახში კაკაო გელოდებათ, თანაც გთხოვთ, იჩქაროთ, რადგან დღეს ბევრი დავიდარაბა გველის.

ჩემს მეგობარს სახე ისე წამოგზნებოდა და თვალებიც იმ ადამიანივით უელავდა, რომელსაც გული არ უთმენს, რომ თავის საყვარელ სამუშაოს შეუდგეს. ჩემს წინ უკვე სხვა ადამიანი იდგა - გამოცოცხლებული, ენერგიული, რომელიც სრულიად არ ჰგავდა თავის თავში ჩაკეტილსა და ფერმკრთალ ბეიკერსტრიტელ მეოცნებეს. შევცქეროდი მის ზამბარასავით დაჭიმულ ჯან-ღონით აღსავსე სხეულს და ვგრძნობდი, რომ ეს დღე დავიდარაბას გვიქადდა.

მაგრამ ჩვენი საქმიანობა მწარე იმედგაცრუებით დაიწყო. სრულიად დაიმედებულნი გავემართეთ მუქ ტორფიან დაბლობისაკენ, რასაც ცხვრების მიერ გაკვალული ბილიკები სერავდა. მალე გავედით ღია მწვანე ფერის დაჭაობებულ საძოვრებზე, რაც ჩვენსა და ჰოლდერნეს-ჰოლს შორის მდებარეობდა. თუ ბავშვს გეზი შინისაკენ ჰქონდა აღებული, მაშინ ამ ადგილს ვერ ასცდებოდა და ჭენჭყობში უთუოდ უნდა დარჩენილიყო მისი, ან გერმანელი მასწავლებლის ფეხის კვალი. მაგრამ მსგავსი ვერაფერი ვნახეთ. ჩემი მეგობარი ამ მწვანე ველის კიდეს მიჰყვებოდა წარბშეკრული და ყურადღებით აკვირდებოდა ყოველ ბნელ ლაქას ხავსიან ზედაპირზე. უთვალავი ცხვრის კვალი იყო, ხოლო რამდენიმე მილის იქით ძროხის კვალიც ვნახეთ. ეს იყო და ეს.

- აშკარად გვიმტყუნა ბედმა, - თქვა ჰოლმსმა და წინ გადაჭიმულ ველს გახედა, - აი, იქაც არის ჭაობები და მათ შორის ვიწრო გასასვლელია. შეხედეთ! შეხედეთ! ეს რა არის?

შავ, დაკლაკნილ ბილიკზე შევდექით. ბილიკის შუაგულში, სველ მიწაზე, აშკარად ჩანდა ველოსიპედის ბორბლების კვალი.

- ვაშა! - შევძახე მე. - აი, ველოსიპედის ბორბლების ნაკვალევიც.

მაგრამ ჰოლმსმა თავი გადააქნია და მისი სახის გამომეტყველება იმდენად სიხარულს არ გამოხატავდა, რამდენადაც გაოცებასა და გამახვილებულ ყურადღებას.

- ველოსიპედის ნაკვალევი კია, მაგრამ სხვა ველოსიპედისაა, - მიპასუხა მან. - ჩემთვის ცნობილია ველოსიპედის ორმოცი სხვადასხვანაირი საბურავის ანაბეჭდი. ეს, როგორც ხედავთ, "დანლოპის" ფირმისაა, ისიც საკერებლიანი. ჰაიდეგერს პალმერისა ჰქონდა, გასწვრივ ზოლებიანი. ასე მითხრა მათემატიკის მასწავლებელმა ეველინგმა. მაშასადამე, აქ გაუვლია არა ჰაიდეგერს, არამედ ვიღაც სხვას.

- მაშასადამე, ბავშვს?

- რომ შეგვეძლოს იმის დამტკიცება, რომ ბავშვს ველოსიპედი ჰქონდა! მაგრამ გვარწმუნებენ, ველოსიპედი არ ჰქონიაო. ეს კვალი, როგორც თვითონვე შეგიძლიათ დარწმუნდეთ, სკოლასთან იწყება.

- ან სკოლისკენ მიდის.

- არა, ჩემო ძვირფასო უოტსონ, უკანა ბორბლების კვალი მუდამ უფრო ღრმაა, რადგან მას მეტი სიმძიმე აწვება. აი, ხედავთ? რამდენიმე ადგილას დაემთხვა წინა ბორბლის უფრო მკრთალ კვალს და მოშალა. არა, ველოსიპედი უთუოდ სკოლის მხრიდან მოდიოდა. შეიძლება არაფერი საერთო არ ჰქონდეს ჩვენს ძიებასთან, მაგრამ სულ ერთია, ვიდრე ძიებას განვაგრძოთ, ამ კვალს უნდა გავყვეთ.

ასეც მოვიქეცით და ორას-სამასი იარდის შემდეგ, იქ, სადაც ბილიკი დაჭაობებული ნაკვეთიდან გვერდზე უხვევდა, ველოსიპედის ბორბლების ნაკვალევი გაქრა. მაგრამ შემდეგ ბილიკს ნაკადული კვეთდა და კვალი ისევ გამოჩნდა, თუმცა ძროხებს მოესწროთ იმ ადგილზე გავლა და გაეთელათ. შემდეგ ბილიკი მრუდე სოლში შეიმალა, ჭალაში, რაც თითქმის ზედ სკოლას ეკვროდა. ველოსიპედზე მჯდომი, როგორც ეტყობა, ამ ჭალიდან გამოვიდა. ჰოლმსი კაჭარზე დაჯდა და ნიკაპით ხელს დაეყრდნო. ვიდრე ასე სრულიად გაუნძრევლად იჯდა, ორი სიგარის მოწევა მოვასწარი.

- შესაძლოა, - თქვა ბოლოს ჩემმა მეგობარმა. - წინდახედულმა ადამიანმა თავის ველოსიპედს საბურავები გამოუცვალოს, რომ მდევარი დააბნიოს. საქმის დაჭერა დამნაშავესთან, რომელსაც აქვს ასეთი წინასწარხედვის ნიჭი, ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა. დავტოვოთ ეს საკითხი გადაუჭრელად და დავუბრუნდეთ ჭაობს, რადგან იქ ჯერ კიდევ ყველაფერი გარკვეული არაა.

გულდასმით განვაგრძეთ დაბლობის დაჭაობებული უბნის გასინჯვა და მალე ჩვენი გარჯისთვის ღირსეულად დაჯილდოებულნი აღმოვჩნდით. ჰოლმსმა ნახა კიდევ ერთი სველი ბილიკი, მივიდა და სიხარულით შეჰყვირა. ბილიკს შუაზე ტელეგრაფის მავთულებივით წვრილი ზოლები მიჰყვებოდა. ეს იყო პალმერის ველოსიპედის საბურავების კვალი.

- აი, რა გზით გამგზავრებულა ჰერ ჰაიდეგერი! - აღელვებით ჩაილაპარაკა ჰოლმსმა, - ჩემი დასკვნა არც ისე ურიგო გამოდგა, უოტსონ!

- გილოცავთ წარმატებას.

- მაგრამ ჯერ სადა ვართ. გთხოვთ ბილიკზე არ დადგეთ და დინჯად გავყვეთ ამ ნაკვალევს. ალბათ მალე დაიკარგება.

ველის იმ ნაწილში ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდა საფლობი ადგილები და, თუმცა ველოსიპედის კვალი წარამარა გვეკარგებოდა, მუდამ ხელახლა ვპოულობდით.

- ამჩნევთ თუ არა, - თქვა ჰოლმსმა, - რომ აქ ველოსიპედზე მჯდომს პედალზე ფეხი დაუჭერია? ეს სრულიად აშკარაა. შეხედეთ აქ, სადაც დარჩენილია წინა და უკანა ბორბლების კვალი. ორივე ერთნაირად მკაფიოდ ჩანს. ეს კი შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმით, რომ ველოსიპედზე მჯდომს სიმძიმის ცენტრი გადაჰქონდა საჭეზე, როგორც შეჯიბრების დროს იქცევიან ხოლმე. ღმერთო ჩემო, დაცემულა!

ტალახიან ბილიკზე ფართო გრძელი ზოლი გადიოდა. შემდეგ ჩანდა ფეხსაცმელების ანაბეჭდი, რასაც ისევ ველოსიპედის ნაკვალევი ცვლიდა.

- ბორბლები გასრიალებულა? - ვკითხე მეგობარს.

ჰოლმსმა მიწიდან შავთავას მოწყვეტილი ბუჩქი აიღო. ჩემდა შემაძრწუნებლად, ყვითელი ყვავილები წითლად იყო დაწინწკლული. ბილიკზე და შავთავას შამბნარში გამხმარი სისხლის მუქი ლაქები შევამჩნიეთ.

- ცუდად არის საქმე! - თქვა ჰოლმსმა. - ძალიან ცუდად! აქ ფეხი არ დადგათ, უოტსონ, გაიწიეთ. ამრიგად, რისი წაკითხვა შეიძლება? დაჭრილი დაეცა... წამოდგა... ისევ დაჯდა ველოსიპედზე... გზა განაგრძო. ბილიკზე ჯოგმა გაიარა. ხარმა ხომ არ ურქინა! აი, სხვა კვალი აქ არის. წინ, უოტსონ! სისხლის ლაქები, ველოსიპედის ბორბლების ანაბეჭდი - აი, ამ კვალის მიხედვით ალბათ ვიპოვნით გაქცეულებს!

ჩვენი ძიება დიდხანს არ გაგრძელებულა. ველოსიპედის კვალი ნესტისაგან მბზინავ ბილიკზე კლაკნილად წავიდა. წინ გავიხედე და ანაზდად ჩემ თვალწინ რაღაც ლითონმა გაიელვა. თავშავას შამბიდან პალმერის საბურავებიანი ველოსიპედი გამოვათრიეთ. ერთი პედალი გაღუნული ჰქონდა, საჭე და წინა ბორბალი კი ერთიანად სისხლით მოსვრილი. ცოტა იქით ბალახიდან ფეხსაცმელი იყო ამოჩრილი. იქით გავვარდით და ვნახეთ მიწაზე გაშხლართული, მაღალი, წვეროსანი კაცი, რომლის სათვალეს მარჯვენა მინა გატეხილი ჰქონდა. მისი სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო გამანადგურებელი დარტყმა, რასაც თავის ქალა ორად გაეპო. ასეთი ჭრილობის შემდეგ რომ რამდენიმე მეტრის გავლა კიდევ შეძლო, ეს მის განსაცვიფრებელ სიცოცხლისუნარიანობასა და სულიერ ძალაზე მოწმობდა. ფეხსაცმელი შიშველ ფეხზე ჩაეცვა, ხოლო პიჯაკის ქვეშ ღამის პერანგი მოუჩანდა. საეჭვო აღარაფერი იყო - ჩვენ წინ ეგდო გერმანელი მასწავლებელი.

ჰოლმსმა ფრთხილად გადააბრუნა გვამი და გასინჯა. შემდეგ დაჯდა და ჩაფიქრდა. ჩემი მეგობრის შეშფოთებულ სახეს შევცქეროდი და ვხვდებოდი, რომ ამ საშინელმა ნაპოვნმა მაინცდამაინც წინ ვერაფრით წასწია ძიების საქმე.

- პირდაპირ არ ვიცი, როგორ მოვიქცეთ, უოტსონ, - თქვა ბოლოს ჰოლმსმა. - მინდა წინ წავიდეთ. ძიება ისე გაგვიგრძელდა, წუთის დაკარგვაც აღარ შეიძლება. მეორე მხრივ, პოლიციას უნდა შევატყობინოთ. განა შეიძლება აქ ამ საცოდავი გვამის დატოვება?

- ბარათი გამატანეთ.

- ჰო, მაგრამ თქვენი დახმარების გარეშე მუშაობა გამიძნელდება! დაიცადეთ, აგერ იქ ვიღაც ტორფს ჭრის. დაუძახეთ იმ კაცს, პოლიცია მოიყვანოს.

მეგობრის თხოვნა სასწრაფოდ შევასრულე. შიშით გონდაკარგულ ფერმერს ჰოლმსმა წერილი გაატანა დოქტორ ჰასკტეიბლთან.

- ამრიგად, უოტსონ, - ისევ ჩაილაპარაკა ჩემმა მეგობარმა, - დღეს დილით ორ კვალს მივაგენით. პირველი პალმერის საბურავებიანი ველოსიპედისაა და თქვენ ნახეთ, სად მოგვიყვანა ამ კვალმა. მეორე ნაპოვნი - დანლოპის ნაკერიანი საბურავების კვალია. ვიდრე ამ მეორე კვალს გავყვებოდეთ, მოდი, გავარკვიოთ, რა არის ჩვენთვის ცნობილი და გავარჩიოთ არსებითი არაარსებითისგან... უწინარეს ყოვლისა, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყმაწვილი თავისი ნებით გაიქცა. ფანჯრიდან გადაძვრა და დაიმალა მარტო, ან თანამზრახველთან ერთად. ეს უეჭველია.

დასტურის ნიშნად თავი დავხარე.

- ასე. ახლა მივხედოთ უბედურ გერმანელს. ბავშვმა მოასწრო ჩაცმა, მაშასადამე, ის ემზადებოდა გასაქცევად. გერმანელი კი, ეტყობა, აჩქარებით იცვამდა და ამიტომ მოუხდა უწინდებოდ გაქცევა.

- უეჭველია.

- რამ აიძულა ფანჯრიდან გადასულიყო? იმან, რომ გაქცეული ყმაწვილი დაინახა. უნდოდა დასწეოდა და დაებრუნებინა. მაშინ იგი იღებს თავის ველოსიპედს, მისდევს ბავშვს და ჭაობებში იღუპება.

- დიახ, თითქოს ასეა.

- ახლა ვეხები ჩემი მსჯელობის ყველაზე უფრო სადავო ნაწილს. პატარა ბავშვს რომ დასწეოდა, მოზრდილი მამაკაცი უბრალოდ უნდა დასდევნებოდა. ყმაწვილის დაწევას ხომ დიდი არაფერი უნდა! მაგრამ გერმანელი, რომელიც, დოქტორ ჰაკსტეიბლის თქმით, საუკეთესო ველოსიპედისტი იყო, სხვანაირად მოიქცა - ესე იგი, ფარდულში გაიქცა თავისი ველოსიპედის ასაღებად. აქედან დასკვნა: ნახა, რომ ბავშვმა მოძრაობის უფრო სრულყოფილ საშუალებას მიმართა, ვიდრე საკუთარი ფეხებია.

- სხვა სიტყვით, ვიღაცის ველოსიპედი აიღო?

- აღვადგინოთ გაქცევის სურათი ბოლომდე. გერმანელი იღუპება სკოლიდან ხუთი მილის დაშორებით - და იღუპება, მიაქციეთ ამას ყურადღება, არა ტყვიით, - ტყვია ხომ ბავშვსაც შეეძლო დაეხალა, - ეტყობა, ვიღაც ღონიერ მამაკაცს უწყალოდ ჩაურტყამს მისთვის თავში. მაშასადამე, ყმაწვილს ჰყავდა თანამგზავრი და ორივენი ისე სწრაფად მიჰქროდნენ, რომ კარგი ველოსიპედისტი მხოლოდ მეხუთე მილზე დაეწია. იმ ადგილზე, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, ჩვენ აღმოვაჩინეთ ძროხის კვალი, მეტი არაფერი. უფრო ფართო წრე შემოვიარე, ორმოცდაათიოდე ნაბიჯის დიამეტრით და გარშემო ვერავითარი ბილიკი ვერ შევნიშნე. მეორე ველოსიპედისტს არაფერი საერთო არ ჰქონია მკვლელობასთან, ადამიანის კვალი კი იქ არ ყოფილა.

- ჰოლმს! - შევძახე მე, - ეს დაუჯერებელია!

- ყოჩაღ! - მიპასუხა ჰოლმსმა. - დასკვნა ამომწურავია. მოვლენათა მსვლელობის ჩემეულ გადმოცემაში არის რაღაც დაუჯერებელი - მაშასადამე, შეცდომა დავუშვი. მაგრამ თქვენც თან მახლდით და ყველაფერი თვითონვე ნახეთ. სად ვცდები?

- იქნებ დაცემის დროს გაიხეთქა თავი?

- ჭაობებში, უოტსონ?

- ვეღარაფერი მომისაზრებია, ჰოლმს.

- კმარა, კმარა, უფრო ძნელი ამოცანებიც გადაგვიწყვეტია. ფიქრის მასალა საკმაოდ გვაქვს. საჭიროა მხოლოდ ჭკუითა და გონებით მიდგომა და გამოყენება... მაშ, განვაგრძოთ გზა, უოტსონ. პალმერის საბურავებმა ყველაფერი გვითხრეს, რისი თქმაც შეეძლოთ. ახლა ვნახოთ, სად მიგვიყვანს დანლოპის დაკერებული საბურავები.

ამ კვალს მივყევით, მაგრამ მალე ჩვენ წინ გადაიშალა მანანებით დაფარული დაქანებული გორაკები. ნაკადული უკან დარჩა. შემდგომ წინსვლას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან დანლოპის საბურავების ნაკვალევს შეეძლო მივეყვანეთ მხოლოდ ჰოლდერნეს-ჰოლში, მარცხნივ რომ აღმართულიყო თავისი დიდებული კოშკებით, ან კიდევ პატარა, დაბალ რუხ სახლებთან, რომელთა მიღმაც რუკის მიხედვით ჩესტერფილდის გზატკეცილი გადიოდა.

როცა სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებდა დახავსებულსა და ფრიად შეუხედავ სასტუმროს, რომლის აბრაზეც გამოხატული იყო მამალი, ჰოლმსმა უეცრად ამოიოხრა. ფეხი ეღრძო და, როგორც ცნობილია, ასეთ შემთხვევაში ადამიანი სრულიად უმწეო ხდება. რის ვაი-ვაგლახითა და კოჭლობით მილასლასდა სასტუმროს კარამდე. სადაც კბილებში ჩიბუხგაყრილი, ჯმუხი, შავგვრემანი შუახნის კაცი იჯდა.

- გამარჯობათ, მისტერ რუბენ ჰეიზ, - უთხრა ჰოლმსმა.

- ვინა ბრძანდებით და საიდან იცით ჩემი სახელი? -ჰკითხა ამ კაცმა და ჰოლმსი იჭვნეული, ავი მზერით შეათვალიერა.

- თქვენი სახელი აბრაზე წერია, თქვენ თავს ზემოთ. სახლის უფროსი კი ყოველთვის იცნობა. მითხარით, ხომ არ გექნებათ რაიმე ორთვალა ეტლი?

- არა.

- მარჯვენა ფეხს ვერ ვაბიჯებ.

- ნუ დააბიჯებთ, თუ არ შეგიძლიათ.

- მერე, როგორ წავიდე?

- როგორმე, ცალი ფეხით, ხტუნვა-ხტუნვით.

მისტერ რუბენ ჰეიზის პასუხები მეტისმეტი თავაზიანობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ჰოლმსი მის უხეშობას საოცარი გულგრილობით ხვდებოდა.

- მომისმინეთ, უძვირფასესო, - უთხრა ჰოლმსმა, - ხომ ხედავთ, რა უბედურება შემემთხვა. ოღონდ ადგილზე ჩავიდეთ, რით და რანაირად, ჩემთვის სულ ერთია.

- ჩემთვის მით უფრო სულ ერთია, - მიუგო იმ პირქუშმა კაცმა.

- აქ ერთი მნიშვნელოვანი საქმისათვის ვარ მოსული. მომეცით თქვენი ველოსიპედი და მიიღეთ სამსახურისათვის ერთი სოვერენი.

მასპინძელმა ყურები დაცქვიტა.

- საით უნდა წახვიდეთ?

- ჰოლდერნეს-ჰოლში.

- თვითონ ჰერცოგის სტუმარი ხომ არ ხართ? - უთხრა სასტუმროს პატრონმა და ჩვენს დასვრილ ტანისამოსს დაცინვით შეავლო თვალი.

ჰოლმსმა უდარდელად გაიცინა:

- ჰერცოგი ხელებგაშლილი მიგვიღებს.

- რისთვის, რა დამსახურებისთვის?

- იმიტომ, რომ კარგი ამბები მიგვაქვს მის დაკარგულ შვილზე.

მისტერ ჰეიზი შეკრთა.

- ნუთუ მიაგენით?

- ლივერპულიდან გვაცნობეს, იქ არისო. სადაცაა იპოვნიან.

მისტერ ჰეიზს რაღაც ჩრდილმა გადაუქროლა უხეშ, ჯაგრით დაფარულ სახეზე და უეცრად გულკეთილი გახდა.

- ჰერცოგზე მწყრალად ვარ, - თქვა მან. - მეეტლედ ვიყავი და ძალიან მკაცრად მომექცა. მთიბავმა მთელი გუდა ტყუილები გადმოულაგა ჩემზე, გამაგდო და რეკომენდაციაც კი არ მომცა, მაგრამ მაინც მოხარული ვარ, თუ ახალგაზრდა ლორდი ლივერპულში მოიძებნა. რა გაეწყობა, დაგეხმარებით, რომ კარგი ამბავი ჩაიტანოთ ჰოლდერნეს-ჰოლში.

- მადლობელი ვარ, - უთხრა ჰოლმსმა. - მაგრამ ჯერ ვივახშმებთ, შემდეგ კი თქვენს ველოსიპედს მომცემთ.

ჰოლმსმა სოვერენი უჩვენა.

- გეუბნებით, არა მაქვს ველოსიპედი! ცხენებით წახვალთ.

- კეთილი, - უპასუხა ჰოლმსმა. - ჯერ გვაჭამეთ და მერე ამაზე მოვილაპარაკოთ.

როცა ფილაქნით მოგებულ სამზარეულოში მარტონი დავრჩით, ჰოლმსს ფეხი ერთბაშად მოურჩა. დღე იწურებოდა. მოშიებული ვიყავით და სუფრიდან ადგომას არ ვჩქარობდით. თავის ფიქრებში ჩანთქმული ჰოლმსი არა ერთხელ მივიდა ფანჯარასთან ისე, რომ დუმილი არ დაურღვევია. ნაგავით სავსე ეზოს ერთ კუთხეში იდგა სამჭედლო, სადაც ჭუჭყით მოსვრილი, ტყაპუჭიანი ყმაწვილი მუშაობდა, მეორეში - საჯინიბო. ეზოს ერთ-ერთი ასეთი შეთვალიერების შემდეგ ჰოლმსი ისევ მიუჯდა სუფრას. უეცრად ადგილიდან წამოვარდა და შესძახა:

- უოტსონ! ახლა ყველაფერი ნათელია. ნახეთ ძროხის ჩლიქების კვალი ამ დილით?

- ვნახე.

- სად?

- ყველგან. ჭაობზეც, ბილიკებზეც და იმ ადგილთანაც, სადაც საბრალო ჰაიდეგერი სიცოცხლეს გამოსალმებია.

- მართალია. ახლა კი, უოტსონ, მითხარით. ბევრი ძროხა მოგხვდათ თვალში?

- ძროხები არ მინახავს.

- უცნაურია, უოტსონ! ყველგან ძროხის კვალია, ძროხა კი არსად ჩანს. უცნაურია. ხომ მართალია?

- დიახ, მართლაც უცნაური ამბავია.

- ახლა, უოტსონ, დაძაბეთ ყურადღება და სცადეთ წარმოიდგინოთ, რანაირად გამოიყურებოდა კვალი ბილიკზე.

- ჰო, წარმოვიდგინე.

- გახსოვთ? ზოგჯერ ასეთები იყო... - ჰოლმსმა მაგიდაზე პურის ნამცეცები დაალაგა: - : : : : - ზოგჯერ კი ასეთებიც: - : . : . : . : . - ხოლო ალაგ-ალაგ ასეთები: - . : . : . : - გახსოვთ?

- არა.

- მე კი მახსოვს და მზად ვარ ფიცით დავამტკიცო. თუმცა ჩვენ კიდევ დავბრუნდებით იქ და ადგილზე შევამოწმებთ ყველაფერს. გონება დამიბნელდა თუ რა, რომ მაშინვე არ გამოვიტანე აქედან საჭირო დასკვნები!

- რა დასკვნები?

- აი, რა: საკვირველი ძროხებია, როგორც გნებავთ, ისე ატარებთ - თოხარიკით, ნავარდით, ჭენებით თუ ნაბიჯით! დაიმახსოვრეთ, უოტსონ, ჩემი სიტყვა, ასეთი ეშმაკური ხერხი სოფლელი მედუქნის ჭკუის ნაყოფი არ არის! ეზოში არავინ ჩანს, იმ ყმაწვილის გარდა, სამჭედლოში რომ ტრიალებს. მოდით, გავიდეთ, დავზვეროთ, როგორ მიდის იქ საქმეები.

ნახევრად დანგრეულ საჯინიბოში ორი ბალანაბურძგნული, მოუვლელი ცხენი იდგა. ჰოლმსმა ერთი მათგანის უკანა ფეხი სწია და გაიცინა:

- ძველი ნალებია, სულ ახლახან კი დაუჭედავთ. ნალები ძველი, ლურსმნები კი - სულ ახალი. ეს დიდი ეშმაკური გამოგონებაა. ახლა სამჭედლოში შევიხედოთ.

თავისი საქმით გართულმა ყმაწვილმა არავითარი ყურადღება არ მოგვაქცია. შევნიშნე, რა სწრაფად შეათვალიერა ჰოლმსმა მთელი სამჭედლო, რკინის ჯართით და ნაფოტით რომ იყო სავსე. უცებ უკნიდან ნაბიჯის ხმა მოგვესმა და მაშინვე დავინახეთ მასპინძელი. ბოროტად მოელვარე თვალების ზემოთ ხშირი წარბები ერთ რიგად შეეკრა, შავგვრემანი სახე ნერვიულად ეკრუნჩხებოდა. ხელში ეჭირა მოკლე, რკინით შეჭედილი კომბალი და ისეთი მუქარის გამომხატველი სახით გვიახლოვდებოდა, რომ ვიდრე ჯიბეში რევოლვერი არ მოვსინჯე, ვერ დავწყნარდი.

- პოლიციის მაძებრებო! - შესძახა მან. - აქ რას აკეთებთ?

- მისტერ რუბენ ჰეიზ, შეგვიწყნარეთ! - სრულიად დამშვიდებით მიუგო ჰოლმსმა. - კაცი იფიქრებს, თითქოს მართლა გეშინოდეთ, რომ აქ რაიმეს ვიპოვნით.

ნებისყოფის უზარმაზარი ძალდატანებით ჰეიზი გონს მოეგო, ტუჩებზე ყალბი ღიმილი შეუთამაშდა, რაც კიდევ უფრო საშინელი მეჩვენა მის სასტიკ სახეზე.

- ინებეთ, ეძიეთ, რასაც იპოვით, ყველაფერი თქვენი იყოს, მაგრამ არ მიყვარს, როცა უცხო ხალხი დაუკითხავად დაძრწის ჩემს ეზოში და იქექება. ამიტომაც, მისტერ, რაც უფრო მალე მორჩებით ამ საქმეს და აქედან წახვალთ, მით უკეთესი იქნება.

- ნუ გვიჯავრდებით, მისტერ ჰეიზ, - უთხრა ჰოლმსმა. - უბრალოდ, თქვენი ცხენების ნახვა გვინდოდა, მაგრამ, ვატყობ, ფეხითაც მივალ, ჰოლდერნეს-ჰოლი აქედან ხომ ახლოსაა?

- აქედან ჰოლდერნეს-ჰოლის კარიბჭემდე ორი მილია. აი, იმ გზით, მარცხივ გაუყვებით.

ეზოდან კუშტი მზერით გაგვაცილა.

არც ისე შორს მოგვიხდა წასვლა, რადგან ჰოლმსმა პირველსავე მოსახვევში შეჩერება ინება, დარწმუნებულმა, რომ აღარავინ გვითვალთვალებდა.

- იმ საყმაწვილო თამაშობაში ძალიან "ცხელი" დღე კი დაგვადგა, - მითხრა მეგობარმა. - და რაც უფრო ვშორდებით სასტუმროს, უფრო და უფრო ცივა. არა, აქედან წასვლა ადრეა!

- დარწმუნებული ვარ, ამ რუბენ ჰეიზმა ყველაფერი იცის. უფრო ბოროტი სახე ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს!

- ხომ მართალია? ნამდვილი ბოროტმოქმედია, არა? ახლა ცხენები, სამჭედლო? ჰო! მართლაც, საინტერესო ადგილია ეს "მებრძოლი მამალი!" მოდით, თვალყური ვადევნოთ, რა ხდება იქ, ოღონდ ძალიან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ.

ჩვენს უკან რუხი კაჭრებით მოფენილი დამრეცი გორაკი იყო აღმართული. როცა მის ფერდობზე ასვლას შევუდექით, ჰოლდერნეს-ჰოლის მხარეს გავიხედეთ და უეცრად გზაზე სწრაფად მსრბოლი ველოსიპედისტი დავინახე.

- დაიკუზეთ, უოტსონ! - შესძახა ჰოლმსმა და თავისი მძიმე ხელი მხარზე დამადო.

ძლივს მოვასწარით კაჭრების უკან მიმალვა, რომ ველოსიპედისტმა გვერდით ჩაგიქროლა. ველოსიპედის ბორბლებისაგან ავარდნილ მტვერში დავინახე, როგორ გაიელვა ჩემს წინ ფერმკრთალმა, აღელვებულმა სახემ, რომლის ყოველი ნაკვთიდან გამოსჭვიოდა ელდა: ეს იყო ჩვენი გუშინდელი ნაცნობი ჯეიმს უაილდერი, რომელსაც პირი დაეღო, ველურად გადმოკარკლულ თვალთა მზერა გაშეშებოდა და რაღაც კოპწია, სულელურ კარიკატურას მიაგავდა.

- ჰერცოგის მდივანი! - შესძახა ჰოლმსმა. - ჩქარა, უოტსონ! ვნახოთ, რა ესაქმებოდა იქ.

ფერდობზე ქვიდან ქვაზე ხტუნვით ავედით და იქიდან დავინახეთ სასტუმროს კარი. უაილდერის ველოსიპედი კედელზე მიყუდებული მოჩანდა. სახლში არავითარი მოძრაობა არ შეინიშნებოდა, ფანჯარაშიც არავინ იხედებოდა.

მზე ჰოლდერნეს-ჰოლის მაღალი კოშკის იქით ჩადიოდა და ველზე ნელ-ნელა წვებოდა ბინდი. მალე ჩამობნელებულ ეზოში სასტუმროს საჯინიბოდან გამოგორდა აქეთ-იქიდან ფარნებით განათებული ორთვალა, რომელსაც ერთი-ორი წუთის შემდგ დაოთხილი ცხენი ჩესტერფილდისაკენ მიაქროლებდა. ეტლმა ჩვენ გვერდით ჩაიგრიალა.

- ეს როგორ ავხსნათ, უოტსონ? - ჩურჩულით მკითხა ჰოლმსმა.

- გაქცევას ჰგავს.

- ორთვალაში რამდენადაც გავარჩიე, მხოლოდ ერთი მხედარი იჯდა. მაგრამ ეს არ იყო მისტერ ჯეიმს უაილდერი. კარის კარგად განათებულ კვადრატში მდივნის ფიგურა შავად, თუმცა გარკვევით მოჩანდა. მას კისერი წინ წაეგრძელებინა, ბნელში იხედებოდა და აშკარად ვიღაცას ელოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გზიდან ნაბიჯის ხმა მოგვესმა. კარებიდან გამომავალ შუქზე ვიღაცის ჩრდილმა გაიელვა. კარი დახურეს და სასტუმრო სიბნელეში ჩაინთქა. შემდეგ ზემო სართულის ერთ-ერთ ფანჯარაში ლამპა აანთეს.

- უცნაური მუშტრები მიდიან "მებრძოლ მამალში", - თქვა ჰოლმსმა.

- სამიკიტნოში შესასვლელი სხვა მხრიდანაა.

- მართალია. ეს ორნი უბრალო მუშტრები კი არა, ალბათ მასპინძლის სტუმრები არიან. მაგრამ რა დასჭირდა მისტერ ჯეიმს უაილდერს ამ ბუნაგში, ისიც ასე გვიან? ვის დაუნიშნა იქ პაემანი? უოტსონ, რისკი გავწიოთ და უფრო ახლოს მივიდეთ.

გზაზე გავედით და სასტუმროს კარებთან უჩუმრად მივედით. უაილდერის ველოსიპედი უწინდებურად კედელზე ეყუდა. ჰოლმსმა ანთებული ასანთი ველოსიპედის უკანა ბორბალთან მიიტანა და გავიგონე როგორ აღმოხდა გაოცების წამოძახილი, როცა დანლოპის საბურავზე საკერებელი შენიშნა. ფანჯარა, რომლიდანაც ლამპის შუქი გამოდიოდა, პირდაპირ ჩვენ ზემოთ იყო.

- როგორმე სარკმელში უნდა შევიჭყიტოთ, უოტსონ. თუ კედელს მიეყრდნობით და ზურგზე შემიყენებთ, რამენაირად მოვახერხებ ოთახში მყოფთა შეთვალიერებას.

იმავე წამს ფეხებით დამადგა ზურგზე და მაშინვე ძირს გადმოხტა.

- წავიდეთ, ჩემო მეგობარო. - მითხრა, - დღეისათვის გვეყოფა. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. დროს ნუღარ დავკარგავთ. სკოლა ხომ არც ისე ახლოსაა.

ვიდრე ორივენი, დაღლილ-დაქანცულნი, ნელა მივაბიჯებდით ველზე, ჰოლმსს თითქმის სიტყვაც არ დასცდენია და დეპეშების გასაგზავნად პირდაპირ სადგურზე წავიდა ისე, რომ სკოლისაკენ არ შეუხვევია. შემდეგ გავიგონე, როგორ ანუგეშებდა მასწავლებლის ტრაგიკული სიკვდილით შეძრწუნებულ დოქტორ ჰაკსტეიბლს და უკვე გვიან ღამესღა ვნახე ჩემს ოთახში - ისეთივე მხნე და ძალ-ღონით სავსე, როგორც დილას იყო.

- ყველაფერი ჩინებულად მიდის, ჩემო მეგობარო, - მითხრა, - გპირდებით, ხვალ საღამოს ამოვხსნით ამ საიდუმლოს.

მეორე დღეს დილის თერთმეტ საათზე მე და ჰოლმსი ჰოლდერნეს-ჰოლის სახელგანთქმული ურთხელის ხეივანს მივყვებოდით. ლაქია დიდებულ კარიბჭესთან შეგვხვდა და მისი ბრწყინვალების კაბინეტში შეგვიძღვა. იქ ჩვენს წინაშე წარმოდგა მისტერ ჯეიმს უაილდერი. თავი უბრალოდ თავაზიანად ეჭირა, მაგრამ მის დაღმეჭილ სახეზე და თვალებში, რომელთაც აქეთ-იქით აცეცებდა, ჯერ კიდევ გამოსჭვიოდა ელდა.

- ჰერცოგის ნახვა გინდოდათ? აფსუს! მისი ბრწყინვალება თავს შეუძლოდ გრძნობს. პირდაპირ გაათავა იმ ტრაგედიამ, რაც გუშინ დოქტორ ჰაკსტეიბლმა დეპეშით შეგვატყობინა.

- მე აუცილებლად უნდა ვნახო ჰერცოგი, მისტერ უაილდერ.

- მაგრამ ის თავისი ოთახიდან არ გამოდის.

- მაშინ იქ შევალ.

- წევს.

- მიუხედავად ამისა, შეხვედრის ნებას მოვითხოვ.

ჰოლმსის ყინულივით ცივმა კილომ და შეუვალობამ მდივანი დაარწმუნა, რომ ამ კაცთან კამათი უსარგებლო იყო.

- კარგი, მისტერ ჰოლმს, მოვახსენებ.

თითქმის საათი გავიდა, ვიდრე ჰერცოგი კაბინეტში ვიხილეთ. თვალები კიდევ უფრო ღრმად ჩავარდნოდა, მხრები უმწეოდ დაეშვა დაბლა - გუშინდელი დღის შემდეგ თითქოს დაბერებულიყო. ნატიფი თავაზიანობით დაგვიკრა თავი და სავარძელში ჩაჯდა.

- გისმენთ, მისტერ ჰოლმს.

მაგრამ ჩემი მეგობარი შეუპოვრად შესცქეროდა მდივანს, რომელიც თავისი მბრძანებლის გვერდით იდგა.

- თქვენო ბრწყინვალებავ, მისტერ უაილდერის აქ ყოფნა, ცოტა არ იყოს, მბოჭავს.

მდივანი გაფითრდა და ჰოლმსს ბოროტი მზერა სტყორცნა.

- თუ თქვენი ბრწყინვალება ინებებს...

- დიახ, დიახ, დაგვტოვეთ... ამრიგად, მისტერ ჰოლმს, რა გაქვთ ჩემთვის სათქმელი?

ჩემმა მეგობარმა დაიცადა, ვიდრე მდივანმა კარი გაიხურა.

- თქვენო ბრწყინვალებავ, - დაიწყო ჰოლმსმა, - მე და ჩემმა კოლეგამ, ექიმმა უოტსონმა დოქტორ ჰაკსტეიბლის სიტყვიდან ვიცით, რომ ფულად გასამრჯელოს დაჰპირდით მას, ვინც თქვენთვის საინტერესო საქმეს გამოიძიებს. მე ამის მოსმენას პირადად თქვენგანაც ვისურვებდი.

- სიამოვნებით, მისტერ ჰოლმს.

- თუ სწორად მითხრეს, ხუთი ათას გირვანქას დაჰპირდით მას, ვინც თქვენი შვილის ადგილსამყოფელს გიჩვენებდათ.

- სავსებით სწორია.

- და ათასსაც იმას, ვინც დაგისახელებთ იმ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც თქვენი ვაჟი ჰყავთ დამწყვდეული.

- სავსებით სწორია.

- აქ, რასაკვირველია, იგულისხმება არა გამტაცებლები, არამედ ისინიც, რომელთაც გატაცება განიზრახეს.

- დიახ, დიახ! - მოუთმენლად შესძახა ჰერცოგმა. - თუ ამ გამოცანას ამოხსნით, მისტერ ჰოლმს, თქვენ ჩემს სიძუნწეზე ჩივილი არ მოგიხდებათ.

ჩემმა მეგობარმა ხარბად მოიფშვნიტა ხელი, რამაც გამაოცა, რადგან აქამდე, როგორც უაღრესად მცირე მოთხოვნილების ადამიანს, ისე ვიცნობდი.

- ეს ჩეკების წიგნია მაგიდაზე? - ჰკითხა ჰერცოგს. - თქვენს ბრწყინვალებას ვთხოვ გამომიწეროს ექვსი ათასი გირვანქის ჩეკი! გადასარიცხი ჩეკი ოქსფორდსტრიტის ბანკის იმ განყოფილებაში, სადაც პირადი ანგარიში მაქვს გახსნილი.

ჰერცოგი სავარძელში გასწორდა და ჩემი მეგობარი ყინულოვანი მზერით გაზომა.

- თქვენ ხუმრობთ, მისტერ ჰოლმს? განა ეს შესაფერისი თემაა ხუმრობისათვის?

- რასა ბრძანებთ, თქვენო ბრწყინვალებავ! ასეთი სერიოზული ჩემს სიცოცხლეში სხვა დროს არც ვყოფილვარ.

- ეს რას ნიშნავს?

- ეს ნიშნავს, რომ გასამრჯელოს მივიღებ დამსახურებისამებრ. ჩემთვის ცნობილია, სად იმყოფება თქვენი შვილი და ვიცი ადამიანები - უკეთ, ადამიანი, რომელსაც ის შეპყრობილი ჰყავს.

ჰერცოგის წითელი წვერი თითქოს ცეცხლად აენთო მის მიცვალებულივით ფერწასულ სახეზე.

- სადაა ჩემი შვილი? - ძლივს ჩაილაპარაკა მან.

- სასტუმრო "მებრძოლ მამალში", ორ მილზე თქვენი პარკიდან. ყოველ შემთხვევაში, იქ იყო გუშინ.

ჰერცოგი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.

- ვის სდებთ ბრალს?

შერლოკ ჰოლმსის პასუხმა გამაოცა, ელვის სისწრაფით წადგა წინ ნაბიჯი და ჰერცოგის მხარს შეეხო:

- მე ბრალს გდებთ თქვენ. ახლა კი, თქვენო ბრწყინვალებავ, კეთილი ინებეთ და მომეცით ექვსი ათასი გირვანქის ჩეკი.

ვერასოდეს დავივიწყებ, როგორ წამოვარდა სავარძლიდან ჰერცოგი და ხელები კრუნჩხვით გაასავსავა ჰაერში, თითქოს უფსკრულის პირას თავის შეკავებას ცდილობსო. შემდეგ არაადამიანური ნებისყოფის დაძაბვით მოიხმო თავისი არისტოკრატული თავშეკავება, ისევ მიუჯდა მაგიდას და სახე ხელებში ჩარგო. გავიდა წუთი, მეორე...

- რა იცით სახელდობრ? - იკითხა უბედურმა ისე, რომ თავი არ აუწევია.

- მე გნახეთ მასთან გუშინ საღამოს.

- ვინ იცის ეს კიდევ, თქვენი მეგობრის გარდა?

- მე არავისთვის არაფერი მითქვამს.

ჰერცოგმა აცახცახებული ხელით აიღო კალამი და ჩეკების წიგნი გადაშალა.

- არ დავარღვევ ჩემს სიტყვას, მისტერ ჰოლმს. თქვენ მიიღებთ დაპირებულ ჩეკს, თუმცა ეს ფული იმ ცნობის გასამრჯელო იქნება, რამაც უბედურების მეტი არაფერი მომიტანა. მაგრამ განა შემეძლო მეფიქრა გასამრჯელოს გამოცხადების დროს, რომ მოვლენები ასე წარიმართებოდა! ისე ვფიქრობ, მისტერ ჰოლმს, რომ თქვენ და თქვენი მეგობარი კეთილგონიერი ადამიანები ხართ!

- არ მესმის, რისი თქმა გნებავთ ამით, თქვენო ბრწყინვალებავ.

- კეთილი, ვილაპარაკოთ გულახდილად, მისტერ ჰოლმს. თუ ამ ამბის წვრილმანები თქვენ ორის გარდა არავინ იცის, მაშინ საქმეს შემდგომი მსვლელობა არ უნდა მიეცეს. მე თქვენი თორმეტი ათასი გირვანქა მმართებს, ხომ მართალია?

მაგრამ ჰოლმსმა გაიღიმა და თავი გააქნია:

- სამწუხაროა, თქვენო ბრწყინვალებავ! მაგრამ ამ საქმის მოგვარება არც ისე ადვილია, როგორც შეიძლება პირველი შეხედვით გვეჩვენოს. ვინმემ პასუხი ხომ უნდა აგოს მასწავლებლის მკვლელობისთვის.

- მაგრამ ჯეიმსი აქ არაფერ შუაშია! არ შეიძლება დანაშაულის მისთვის გადაბრალება: მკვლელობა - იმ მხეცის საქმეა, იმ არამზადისა, რომლის დახმარებით სარგებლობაც ჯეიმსს თავისდა საუბედუროდ მოუხდა.

- მე კი იმ შეხედულებისა ვარ, თქვენო ბრწყინვალებავ, რომ თუ ადამიანი ერთხელ მაინც დაადგება დანაშაულის გზას, მან მორალური პასუხი უნდა აგოს თავისი ქცევის ყველა შედეგისათვის.

- მორალური - კი. მაგრამ ნუ აიძულებთ პასუხი აგოს კანონის წინაშე! არ შეიძლება ადამიანის დასჯა მკვლელობისათვის, რომლის ჩადენის დროს ის მკვლელობის ადგილზე არც კი ყოფილა, დანაშაულისთვის, რამაც თქვენზე არანაკლებ აღაშფოთა. როგორც კი შეიტყო, სინდისის ქენჯნას ვერ გაუძლო და ყველაფერში გამომიტყდა. მისტერ ჰოლმს, იხსენით იგი, იხსენით! გევედრებით, დაიხსენით!

რა ქვესკნელმა შთანთქა ჰერცოგის არისტოკრატული თავშეკავება. იგი აქეთ-იქით აწყდებოდა ოთახში და სახედაღრეჯილი, კრუნჩხვით აქნევდა ხელებს. ბოლოს ისევ სძლია თავს, მაგიდას მიუჯდა და თქვა:

- ვაფასებ, რომ პირველად ჩემთან მოხვედით. ყოველ შემთხვევაში, მოვითათბიროთ მაინც, რა ზომები მივიღოთ, რომ სირცხვილს თავი დავაღწიო.

- მოვითათბიროთ,- მიუგო ჰოლმსმა, - მაგრამ მაშინ, თქვენო ბრწყინვალებავ, ერთმანეთთან ბოლომდე გულახდილნი უნდა ვიყოთ. მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ხელთ არის, თუ ამ ამბის ყველა გარემოებას გამანდობთ. რამდენადაც საქმის არსს ჩავწვდი, თქვენი სიტყვები ეხებოდა მისტერ ჯეიმს უაილდერს - მაშასადამე, თქვენ ამტკიცებთ, რომ მკვლელი ის არ არის?

- დიახ, მკვლელმა მოასწრო მიმალვა.

ჰოლმსმა თავშეკავებით გაიღიმა.

- თქვენო ბრწყინვალებავ, ჩანს, როგორც ძიების საქმის მცოდნეს, არ მიცნობთ, თორემ არ იფიქრებდით, რომ ჩემგან დამალვა ასე ადვილია. გუშინ ჩემი მითითებით ჩესტერფილდში, საღამოს თერთმეტ საათზე დააპატიმრეს მისტერ რუბენ ჰეიზი. იქაური პოლიციის უფროსმა ეს უკვე მაცნობა ამ დილით. მისი დეპეშა სკოლიდან წამოსვლის წინ მივიღე.

ჰერცოგი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ჩემს მეგობარს გაოცებით მიაშტერდა.

- აქვს თუ არა საზღვარი თქვენს შესაძლებლობას, მისტერ ჰოლმს? - შესძახა მან ბოლოს. - მაშ, რუბენ ჰეიზი დაპატიმრებულია? ვფიქრობ, ეს მხოლოდ სასიხარულო ამბავია, მაგრამ მისი დაპატიმრება ჯეიმსის ბედზეც ხომ არ მოახდენს ზეგავლენას?

- თქვენი მდივნის ბედზე?

- არა, სერ, ჩემი შვილის ბედზე.

ამჯერად ჰოლმსი გაოცდა.

- უნდა მოგახსენოთ, თქვენო ბრწყინვალებავ, რომ ეს არ გამითვალისწინებია. იქნებ უფრო დაწვრილებით ამიხსნათ.

- არაფერს არ დავფარავ. თქვენ მართალი თქვით: თუმცა ეს ჩემთვის დამტანჯველი ამბავია, მაგრამ მხოლოდ სრულ გულახდილობას შეუძლია შეამსუბუქოს საშინელი მდგომარეობა, რომელშიც შურით გაგიჟებულმა ჯეიმსმა თავისი თავი ჩააგდო და მეც ზედ მიმაყოლა. ახალგაზრდობის წლებში, მისტერ ჰოლმს, მეც მიყვარდა ისე, როგორც სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ უყვართ ხოლმე. როცა საყვარელ ქალზე ქორწინება განვიზრახე, მან უარყო ჩემი წინადადება, რადგან ეშინოდა, რომ ასეთი ქორწინება კარიერას გამიფუჭებდა. ის რომ ცოცხალი დარჩენილიყო, სხვას აღარავის შევირთავდი. მაგრამ გარდაიცვალა და ვაჟი დამიტოვა. შევხაროდი მას, როგორც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ქალის ხსოვნის სიმბოლოს და შვებას მასზე ზრუნვაში ვხედავდი. საქვეყნოდ ვერ განვაცხადე, ჩემი სისხლი და ხორცია-მეთქი, მაგრამ ჩემმა შვილმა საუკეთესო განათლება მიიღო და როცა გაიზარდა, მუდმივად ჩემთან ცხოვრობდა. ჩემმა ვაჟმა შემთხვევით გაიგო ჩემი საიდუმლო და იმ დროიდან ყოველნაირად ცდილობდა გამოეყენებინა თავისი, როგორც ძისა და მემკვიდრის, უფლებები. მას მუდამ მხილების შიშში ვყავდი. ჰოლდერნეს-ჰოლში მისი ყოფნა გახდა ცოლთან ჩემი განშორების ნაწილობრივი მიზეზი. და რაც ყველაზე უფრო მძიმე იყო, - პირველი დღიდანვე მძვინვარე სიძულვილით შეიჯავრა თავისი ნახევარი ძმა, ჩემი კანონიერი მემკვიდრე.

მკითხავთ, ყოველივე ამის შემდეგ, რატომ თავიდან არ მოვიშორე ჯეიმსი. ჩემი პასუხი ასეთი იქნება: იმიტომ, რომ მისი სახით ვხედავდი დედამისს და ვითმენდი მისი გულისათვის. მარტო სახის ნაკვთებით კი არა, მოძრაობითა და მანერებითაც ყოველ წამს დედამისის საყვარელ სახეს მაგონებდა. რაკი ვერ შეველიე, შევშინდი არტურს - ლორდ სოლტაირს არაფერი აუტეხოს-მეთქი და ბავშვი დოქტორ ჰაკსტეიბლთან ინტერნატში გავაგზავნე.

ჯეიმსი ჩემი მამულის საქმეებს განაგებდა და ასე გაიცნო ჰეიზი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი მოიჯარადრე იყო. რა ჰქონდა საერთო იმ პირშავ არამზადასთან, არ ვიცი, მაგრამ დამეგობრდნენ კი. თუმცა ჯეიმსს ყოველთვის ვამჩნევდი ცუდი საზოგადოებისაკენ მიდრეკილებას. ლორდ სოლტაირის გატაცება რომ მოინდომა, თანამზრახველად ჰეიზი გაიხადა.

გახსოვთ, ბავშვის გაუჩინარების წინ ჩემი მინაწერი წერილი არტურთან? ჯეიმსს კონვერტი გაუხსნია და შეცვლილ ბარათში არტურისთვის მიუწერია, რომ იგი მრუდე სოლის ჭალაში, სკოლის მახლობლად შეხვედროდა. ბავშვი დანიშნულ ადგილზე გამოცხადებულა, რადგან წერილი თითქოს ჰერცოგის მეუღლის თხოვნით ყოფილა გაგზავნილი. ჯეიმსი ჭალაში მივიდა ველოსიპედით - რაშიც შემდეგ თვითონვე გამომიტყდა - დაარწმუნა არტური, რომ დედა იქვე ახლოს იმყოფებოდა და თუ იგი შუაღამისას ჭალაში მოვიდოდა, ცხენოსანი გამყოლი დახვდებოდა და მონატრებულ დედას შეახვედრებდა. უბედური ბავშვი მახეში გაება. დანიშნულ დროს დათქმულ ადგილზე მივიდა და იქ ჰეიზი დახვდა. ის არამზადა პონიზე მჯდარა და სადავე ხელთ სჭერია. არტური უნაგირზე შემოსჯდომია და გზასაც გასდგომიან. როგორც შემდეგ გამოირკვა, ჯეიმსმა ეს მხოლოდ გუშინ გაიგო - მათ მდევარი დასწევიათ. ჰეიზს მდევარისათვის რამდენჯერმე დაუკრავს თავში კომბალი და სასიკვდილო ჭრილობა მიუყენებია. ჰეიზს არტური სასტუმროში მიუყვანია, ზემო სართულზე ჩაუმწყვდევია და ტყვექმნილზე თვალყურის დევნება ცოლისათვის მიუნდვია. მის ჰეიზსაც კეთილ, მაგრამ სასტიკი ქმრის სავსებით მორჩილ ქალს, მისი ბრძანება პირნათლად შეუსრულებია.

აი, მისტერ ჰოლმს, როგორი იყო საქმის ვითარება ამ ორი დღის წინ, როცა მე და თქვენ ერთმანეთს შევხვდით. ამ ამბისა მაშინ თქვენზე მეტი არც მე ვიცოდი. თუ მკითხავთ, რამ აიძულა ჯეიმსი, რომ ასეთი ნაბიჯი გადაედგა, გიპასუხებთ: მას რაღაც ბრმად და ფანატიკურად სძულდა ლორდი სოლტაირი. ჯეიმსი ფიქრობდა, რომ ყველა ჩემი მამული არტურის ხელში გადავიდოდა და არ შეეძლო დამშვიდებით ლაპარაკი მემკვიდრეობის ჩვენში არსებულ კანონებზე. ისიც სწორია, რომ მას არა მარტო სიძულვილი, არამედ ზუსტი ანგარიშიც ამოძრავებდა. იგი მოითხოვდა ანდერძით დამეტოვებინა მისთვის სამემკვიდრეო მამულები მაიორატის საწინააღმდეგოდ და სამაგიეროდ შვილის დაბრუნებას მპირდებოდა. იცოდა ისიც, რომ მის წინააღმდეგ პოლიციას არ მივმართავდი. ასეთი იყო ჯეიმსის განზრახვა, მაგრამ განზრახვა განზრახვად დარჩა, რადგან მოვლენები ისეთი სისწრაფით განვითარდა, რომ მას თავისი გეგმის განსახორციელებლად დრო არ დარჩა.

თქვენ იპოვეთ მოკლული ჰაიდეგერის გვამი და ამით უკვე ბოლო მოუღეთ ამ ვერაგულ განზრახვას. ჯეიმსს თავზარი დასცა მასწავლებლის ამბავმა. ეს ჩვენ გუშინ გავიგეთ. კაბინეტში ვისხედით, როცა დოქტორ ჰაკსტეიბლის დეპეშა მოგვიტანეს. ამან ისე დააბნია ჯეიმსი, ისე შეაწუხა იგი, რომ ბუნდოვანი ვარაუდი, მუდამ თან რომ მდევდა, მაწუხებდა, მტკიცე რწმენად მექცა და ბრალდება პირდაპირ წავუყენე. ყველაფერი გულწრფელად აღიარა, მოინანია, მაგრამ იქვე დამიწყო ვედრება, რათა კიდევ სამი დღე მედროვებინა, რომ მის საზიზღარ თანამზრახველს თავის დაძვრენა მოესწრო. დავუთმე, როგორც ვუთმობდი ყოველთვის ყველაფერში და მაშინ ჯეიმსი სასტუმროში გაიქცა, რათა ჰეიზისათვის შეეტყობინებინა და გაქცევაში დახმარებოდა. ჩემი იქ წასვლა დღის სინათლეზე არ შეიძლებოდა, რადგან ეს ჭორების საბაბად გადაიქცეოდა. დაღამებას დავუცადე და ჩემს საყვარელ პატარა არტურთან გავეშურე. იგი უვნებელი დამიხვდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელი შთბეჭდილება მოეხდინა ბავშვზე მკვლელობას, რაც მის თვალწინ მოხდა! მიცემული სიტყვა მახსოვდა, გული გავიმაგრე, არტური სამი დღით კიდევ დავტოვე სასტუმროში ჰეიზის მზრუნველობის ამარა. ყოველივე ამის შეტყობინება პოლიცისათვის ისე, რომ მკვლელი არ გაგვეცა, არ შეიძლებოდა, რადგან ჰეიზის შეპყრობა ჩემს უბედურ ჯეიმსს დაღუპავდა.

ერთმანეთის მიმართ გულახდილები ვიყოთ-მეთქი, მისტერ ჰოლმს, და ნება მომეცით, მეც იგივე მოგთხოვოთ. უკვე გიამბეთ ყველაფერი, არა დამიმალავს რა, არა შემირბილებია რა. თქვენც ბოლომდე გულახდილი იყავით ჩემთან.

- კარგი, თქვენო ბრწყინვალებავ, - მიუგო ჰოლმსმა. - უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ კანონის წინაშე თქვენი მდგომარეობა უაღრესად სერიოზულია. თქვენ დაფარეთ სისხლის სამართლის დანაშაული, დაეხმარეთ მკვლელს გაქცევაში, რადგან მისი გაქცევისათვის საჭირო ფული ჯეიმსმა უთუოდ თქვენი ჯიბიდან ამოიღო.

ჰერცოგმა უსიტყვოდ დახარა თავი.

- დიახ, საქმე ფრიად სერიოზულია, მაგრამ, ჩემი შეხედულებით, უმცროსი შვილის წინაშე თქვენი საქციელი კიდევ მეტ კიცხვას იმსახურებს, თქვენო ბრწყინვალებავ. განა შეიძლება სამი დღით მისი მიტოვება იმ ბუნაგში?!

- ფიცით დამარწმუნეს...

- განა შეიძლება ამ ხალხის ფიცზე დანდობა?! დარწმუნებული ხართ, რომ სადმე უფრო შორს არ გადამალავენ? დამნაშავე უფროსი შვილის საამებლად საფრთხეში აგდებთ სრულიად უდანაშაულო ბავშვს! არა, თქვენი საქციელის გამართლება არ შეიძლება!

ამაყი ჰერცოგი არ იყო ჩვეული ასეთი საყვედურების მოსმენას და მერე სად? საკუთარ სასახლეში! სახეზე სისხლი მოაწვა, მაგრამ სინდისმა აიძულა გაჩუმებულიყო.

- დაგეხმარებით, ოღონდ ერთი პირობით: გამოუძახეთ მსახურს და ჩემი განკარგულება დაუყოვნებლივ აღასრულოს.

ჰერცოგმა უსიტყვოდ დააჭირა თითი ელექტროზარს. კაბინეტში ლაქია შემოვიდა.

- ალბათ გესიამოვნებათ, - უთხრა ჰოლმსმა, - რომ ლორდი სოლტაირი მოიძებნა. ჰერცოგი გიბრძანებთ დაუყოვნებლივ გაგზავნოთ მის მოსაყვანად ეტლი სასტუმრო "მებრძოლ მამალში"... ახლა კი, - დასძინა ჰოლმსმა, როცა სიხარულით სახეგაბრწყინებული ლაქია კაბინეტიდან სირბილით გავიდა, - როცა, უზრუნველყავით უახლოესი მომავალი, შეგვიძლია უფრო ლმობიერად მოვექცეთ ახლო წარსულს. რამდენადაც სამართლიანობა აღდგება, მე, როგორც არაოფიციალურ პირს, არ მიმაჩნია აუცილებლად შევატყობინო ხელისუფლებას ყველაფერი, რაც ვიცი. ჰეიზი - სხვა საქმეა. მას სახრჩობელა ელის და მე თითსაც არ გავანძრევ იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე ვიხსნა. გაამჟღავნებს თუ არა თქვენს საიდუმლოს - არ ვიცი, წინასწარმეტყველებას ვერ ვიკისრებ, მაგრამ თქვენ უეჭველად შეგიძლიათ შეაგონოთ, რომ ზედმეტი ლაპარაკი სარგებლობას არ მოუტანს, პოლიციაში ჰეიზს ბრალად წაუყენებენ გამოსასყიდის მიღების მიზნით ბავშვის გატაცებას. თუ იქ ამ საქმეს ღრმად არ გაქექენ, მე გავჩუმდები და მათ გეზს არ მივცემ. მაგრამ თქვენს ბრწყინვალებას კი უნდა ვუთხრა, რომ მისტერ ჯეიმს უაილდერის შემდგომი ყოფნა თქვენს სახლში სიკეთეს არ მოიტანს.

- ეს თვითონაც ვიცი, მისტერ ჰოლმს, და მისი ბედი საბოლოოდ გადავწყვიტე. სამუდამოდ დატოვებს ჰოლდერნეს-ჰოლს და ბედნიერების საძებნელად ავსტრალიაში გაემგზავრება.

- თქვენო ბრწყინვალებავ, თქვენ ამბობდით, რომ მისტერ უაილდერი იყო განხეთქილების მიზეზი თქვენსა და მეუღლეს შორის. ხომ არ შეურიგდებით ახლა ჰერცოგის ქალს და ხელახლა ხომ არ მოაწესრიგებთ თქვენს ოჯახურ ცხოვრებას?

- ამაზე მეც ვიფიქრე, მისტერ ჰოლმს და დღეს დილით უკვე წერილი მივწერე ჩემს ცოლყოფილს.

- ამ შემთხვევაში, - თქვა ჰოლმსმა და ადგა, - მე და ჩემს მეგობარს შეგვიძლია ერთმანეთს მივულოცოთ, რომ ჩვენმა ხანმოკლე ყოფნამ თქვენს მხარეში სასიკეთო ნაყოფი გამოიღო. გამოსარკვევი დამრჩა მხოლოდ ერთი საკითხი. ჰეიზის ცხენები ისე იყო დაჭედილი, რომ ძროხის ჩლიქების კვალს ტოვებდნენ. ვინ ასწავლა ეს ჰეიზს, მისტერ უაილდერმა ხომ არა?

ერთი წუთით ჰერცოგი დუმდა, წარბშეკრული და ერთ წერტილში მიჩერებული. შემდეგ გვერდითა ოთახის კარი შეაღო. ჩვენ თვალწინ ნამდვილი მუზეუმი გადაიშალა. მან შორეული კუთხის ვიტრინასთან მიგვიყვანა და მინის ქვეშ ამოდებული წარწერა გვიჩვენა:

"ეს ნალები, - გვაუწყებდა წარწერა, - ნაპოვნია გათხრების დროს ჰოლდერნეს-ჰოლის სიმაგრის თხრილში. განკუთვნილი იყო ცხენებისათვის, მაგრამ ჭედდნენ ძროხის გაორებული ჩლიქის ფორმისას. ეტყობა, ჰოლდერნესჰოლელი ფეოდალები, რომლებიც შუა საუკუნეებში ძარცვას ეწეოდნენ, ამას კვალის ასაბნევად სჩადიოდნენ".

ჰოლმსმა ასწია მინის სახურავი, თითი ნერწყვით დაისველა და ერთ-ერთ ნალს გააყოლა. თითზე მუქი ლაქა დარჩა - ჭაობის შლამი ჯერ კიდევ წესიერად არ იყო შემშრალი.

- მადლობელი ვარ, - უთხრა ჩემმა მეგობარმა. - აი, მეორე საგანი, რამაც თქვენს მხარეში მეტისმეტად დამაინტერესა.

- პირველი?

ჰოლმსმა ფრთხილად დაკეცა ჩეკი და უბის წიგნაკში ჩადო.

- მდიდარი კაცი არა ვარ, - თქვა და უბის წიგნაკი პიჯაკის გულის ჯიბეში საიმედოდ შეინახა.

??????