პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

ბახჩისარაის შადრევანი 


შუბლშეჭმუხნილი იჯდა გირეი,
ტუჩზე ეკიდა თრიაქის ბოლი
და მის ღიმილზე მონადირენი
კარისკაცების ზვერავდნე თრთოლვით.
შეჰხიზნებოდა დუმილი თაღებს,
ჩაშავებოდათ ფანჯრებს თვალები
და ამკაცრებდა გირეის სახეს
ნიშანი რისხვის და მწუხარების.
აუტანელი და შიშისმგვრელი
წუთები წუთებს მისდევდნენ ნელა
და თავდახრილი გავიდა ყველა,
როს აიქნია გირეიმ ხელი.

იდუმალ ფიქრით შეძრული გული
ეწურებოდა, როგორც მტევანი,
და აღბეჭდვოდა სახეზე სრულად
მღელვარე სისხლის მიმოქცევანი.
ზღვის გამჭვირვალე და წყნარი უბეც
ასე ირეკლავს საავდრო ღრუბლებს.

რას შეუპყრია ამაყი სული?
სამოყვრო ზრახვა ტანჯავს თუ მტრული?
კვლავ რუსეთისკენ იშვერს ჰოროლებს,
თუ ახალ კანონს უწერს პოლონეთს?
თუ შეთქმულებას მიაგნო ისევ
ფარისევლობის ნესტიან ჩრდილში?
ან იქნება ტანჯავს მთილეთა რისხვა
და მელაკუდა გენუას შიში?

არა, მოსწყინდა კიდეც დიდება,
ისვენებს მისი მრისხანე ხელი,
ბასრი მახვილი და ფიცხი ცხენი
შორსაა მისგან, აღარ ჭირება.

თუკი ასეა, იქნება მალულად
ჰარამხანაში შეძვრა ღალატი
და შეარცხვინა ხანის ხალათი
მხევალის ვნებამ და სიყვარულმა?

არა, გირეის მხდალი ცოლები
წყნარად ცხოვრობენ მზის მოშორებით.
სასოწარკვეთილ სიმარტოვეში
თამამად ფიქრსაც ვერ ბედავს ქალი
და იქაც თავზე ადგას ყოველთვის
მკაცრი დარაჯის ფხიზელი თვალი.
იქ წყდება მისი გზაცა და ბედიც,
მის ირგვლივ სევდა მეფობს მარადი
და სარეცელზე იმ უტყვი სევდის
მან არც კი იცის რაა ღალატი.
დილეგის პირქუშ ჩრდილში მცხოვრები,
სითბურის ფერმკრთალ ყვავილს ჰგავს იგი;
და მოსაწყენი ერთფეროვნებით
მიხოხავს გრძელი დღეების რიგი
და შეუმჩნევლად თან მიაქვს მისი
ახალგაზრდობაც და სიყვარულიც -
ამ ბნელ დილეგში გადამალული,
მეტი სინათლის და სივრცის ღირსი.
იქ სიზარმაცე მართავს ცხოვრებას,
ფეხს ითრევს წუთი და იზმორება
და წლიდან წლამდე არ ეკარება
გულს სიხარული და ნეტარება.

თავს იტყუებენ ცოლები ხანის
და არ კარგავენ სიცოცხლის ხალისს,
დღეში ათასჯერ იცვლიან კაბას,
ჰყვებიან ქვეყნის ჭორსა და ამბავს,
ან თამაშობენ, ან მათი გუნდი
აჟღურტულებულ ნაკადის გასწვრივ
სეირნობს ხოლმე. . . და ერთი წუთით
არ ავიწყდება დარაჯი მკაცრი,
მათ შორის მუდამ ჩუმად რომ დადის:
სულის მარწუხი, სიკვდილის ლანდი
და გესლის ბუდე. ეს საჭურისი
თავს არ დაზოგავს ხანის გულისთვის,
მონაა ხანის და იცის ყველამ,
რომ მის ეჭვიან თვალსა და სმენას
ვერ გაექცევა. ყურანზე მეტად
ის იცავს ხანის სურვილს და ნებას,
ყველაფერს ისმენს, ყველაფერს ხედავს,
არ ეკარება მის სხეულს ვნება
და ქანდაკივით გულგრილად იტანს
დაცინვას, თხოვნას, ზიზღსა თუ ქირდვას,
იდუმალ ჩურჩულს, თუ მწარე კვნესას,
მკერდთა ღელვასაც და თვალთა მზესაც.
ის კარგად იცნობს ქალის ბუნებას
და ისიც კარგად იცის ძალიან,
რომ მონობაშიც ქალი ქალია
და ძლიერია მისი ცდუნება.
ის ხანის ცოლებს თავზე ევლება,
მაგრამ ვერ შესძლებს მის აღელვებას
ვერც ჩუმი ცრემლი, ვერც ნაზი ცქერა,
რადგან ქალების მას აღარ სჯერა.
როდესაც სიცხე სხეულებს თენთავს, -
დალალს იშლიან ნაზი თითებით
და საბანაოდ მიდიან ერთად
და ზედ ევლება წყაროს ზვირთბი
მათ სილამაზეს. მათი გართობის
მცველიც იქვეა და საათობით
ზღაპრულ სიშიშვლეს გულგრილად ზვერავს.
ღამით კი, როცა იძინებს ყვლა,
ის მაინც ფხიზლობს და უხმაუროდ
დაცოცავს ბნელში საწოლებს შორის,
ჯალათის სუნთქვის, ოხვრის თუ თრთოლვის,
ის ამ მშვენიერ ძილს ყარაულობს.
არ გააჩნია სხვა საზრუნავი,
ყველაფერს ხარბად ყურს უგდებს იგი:
რა შეირხევა ფარდების იქით,
რას წამოაცდენს მხევალს ბურანი.
და ვაი იმას, ვინც უნებურად
ჩურჩულით გასცა უცხო სახელი,
ან ბიწიერი თავის ზრახვები
გაანდო დობილს, შეყვარებულმა.

რამ ჩააფიქრა, აბა, გირეი?
რის გამო შფოთას? ვისი გულისთვის?
ღიად დარჩენილ კარის დირესთან
გაშეშებული დგას საჭურისი.
და აი, ნელა წამოდგან ხანი,
შეკრთნენ ხალათის ფართე ზოლები,
სურს ინახულოს განცხრომის ვანი
დღემდე ჯერ კიდევ ძვირფას ცოლების.

შადრევნის ირგვლივ ისხდნენ ისინი,
ელოდებოდნენ ხანს უზრუნველნი,
წყალს აბრუებდა მათი სურნელი
და იმსხვრეოდა ქვებზე სიცილით.
ნოხებზე იჯდა ტურფა კრებული
და მარმარილოს ქათქათა ფსკერზე
უთვალთვალებდა ოქროსფერ თევზებს
მართლა ბავშვურად აღტაცებული.
წყალში ისროდნენ მძივს თუ საყურეს
და კრთოდა თევზსის მშიშარა ლანდი,
ხოლო ლანდივით უხმო მსახურობს
ტკბილი შარბათი მოჰქონდა მათთვის.
და მათრობელა შარბათი ტუჩებს
აცახცახებდა იდუმალ ვნებით
და ჰარამხანას მოედო უცებ
გულში ჩამწვდომი სიმღერის ხმები.

თათრული სიმღერა

1
ცა განგვიქარვებს ცრემლსაც და შხამსაც,
ისაა ჩვენი თანამზრახველი.
და მოსაწყენი სიბერის ჟამსაც
ბედნიერია მექას მნახველი.

2
ბედნიერია, ვინც თავის სისხლით
გაასპეტაკებს დუნაის ნაპირს:
მის სულს სამოთხის ასული იხსნის,
მას მიაშურებს ქარივით სწრაფი.

3
მაგრამ ზარემა, ყველაზე მეტად
მაინც ისაა ბედის რჩეული,
ვინც შენს სიტურფეს ყოველდღე ხედავს,
შენგან სიმშვიდეს გადაჩვეული.

ასე მღერიან, მაგრამ ზარემა
სადაა? თვალი ჰარამხანისა,
ტრფობის ვარსკვლავი, ვნება ხანისა,
სად გადამალეს ტურფა ქალებმა?
გაფითრებული უსაზღვრო სევდით,
არც ისმენს იგი დობილთა ქებას,
თვალს უწვავს ცრემლის მდუღარე წვეთი,
უარყოფილი აწამებს ვნება.
ან ვის უცქირონ მისმა თვალებმა,
თუკი გირეის არ ეყვარება?!

უარგყო! . . . მაგრამ შენს სილამაზეს,
ქართველო ქალო, ვინ შეედრება,
ეს მწუხარებაც უფრო განაზებს,
სახეზე ტანჯვის ცეცხლი გედება.
შუბლი შეგიმკო ზეცის ნათელმა,
მზის სიმხურვალეს თვალებში მალავ,
ან ვის ხმასა აქვს ამდენი ზალა
მღელვრე ვნების გამოსათქმელად.
ვერ შეედრება სხვისი ამბორი
შენს გაშმაგებულ და მწარე კოცნას,
ან გული სხვაზე როგორ აბოდებს,
პირთამდე შენით სავსეა როცა?
მაგრამ გირეიმ აქცია ზურგი
შენს სილამაზეს და ადრე თუკი
შენს მიმართ მარად იყო კეთილი,
ახლა ღამეებს ათენებს თეთრად
თავის მჭვუნვარე ფიქრებთან ერთად,
რაც პოლონელი თავადის ქალი
ჰარამხანაში ჰყავს ჩაკეტილი,
არ მოუხუჭავს წამითაც თვალი.

იფურჩქნებოდა ახლახან მშვიდად
ნორჩი მარია მშობელ მხარეში
და აყავევებულ ხესავით იდგა
ქალწული სულის სიანკარეში.
თავს ევლებოდ ჭაღარა მამა
და ამაყობდა ტურფა ასულით,
არ ამადლიდა ზრუნვას და ამგას
სვებედნიერი და ხანდაზმული.
შვილის ბავშვური გატაცებანი
მოხუცისათვის იყო კანონი,
ეწმინდებოდა თვალთა წყარონი,
როდესაც ასულს ჭვრეტდა შეფარვით
მას ჰქონდა მხოლოდ ერთი მიზანი:
ეზრუნა მისი მომავლისათვის,
რომ ყოფილიყო მარიას ბედი
უმსუბუქესი, ვით წვიმის წვეთი,
რომ მწუხარების და სევდის წუთებს
არ დაეჩრდილათ თალხი ჩრდილებით,
რომ გათხოვილსაც, გულაჩვილებულს,
გახსნებოდა ბავშვობის ბუდე
და უზრყნველი განცხრომის ჟამი
კვლავ ანთებოდა ხსოვნაში წამით.
მართლაც უზადო იყო ასული
ქცევით, მიმოხვრით და ხასიათით,
თვალებში ედგა ლურჯი წყვდიადი
ჯერ გაურკვეველ ფიქრში წასული,
და როცა იგი, ნაზი და წყნარი,
გამოდიოდა სტუმრებთან ქნარით -
იხიბლებოდა ყველა სრულებით.
მის ხელს ეძებდა დიდებულების
და უმდიდრესი ვაჭრების ჯარი.
გაუმხელელი ტრფიალის ბრჭყალით
იტანჯებოდა ბევრი ჭაბუკი.
მას არ სწვდებოდა ჯერ ეს ქარბუქი,
ჯერ ვერ ათრობდა ტრფობის სურნელი,
ჯერ ბავშვურ ფიქრებს არ იცილებდა
და ატარებდა დროს დობილებთან,
თავისუფალი და უზრუნველი.

ახლახან იყო ეს ყველაფერი.
მაგრამ პოლონეთს მოედო უცებ
თათართა ურდოს შავი აფრები
და შეურყია ზეცაც და ფუძეც.
ასე ედება ყანას ხანძარი
და ნახანძრალზე რჩება ნაცარი.
სილამაზით და მადლით ქებული
დაობლდა მხარე, აოხრებული.
კვლავ გაველურდა ტყე და სოფელი,
პირვე დაემხო დასამხობელი,
დაცარიელდა ციხე-დარბაზი
და ცეცხლს უყეფდა თათრის ნაგაზი.

გადეფარა ყველაფერს თალხი,
ჩაკვდა, ჩაჩუმდა მარიას სახლი,
სიკვდილს ჩაბარდა მისი ქომაგიც:
ეზოს საყდარში დგას სარკოფაგი,
წმინდა ნაწილნი უწყვია ირგლივ
და ჩრდილი ადგას გერბსა და გვირგვინს.
სასახლეს ძუნწი მემკვიდრე მართავს,
იქ დაიმკივდრა მტარვალმა ბინა,
და სათარეშო სვავთა და ქართა,
ქვეყანა მისი უღლის ქვეშ გმინავს.

დიახ! თავადის ნორჩი ასული
ბახჩისარაის ტყვე არის ახლა,
უცხო კედლებში ზის ფერწასული,
მის ფიქრებს ცრემლი მეგზურად ახლავს,
ხოლო ამ ცრემლმა, ოხვრამ და კვნესამ
თვით გირეისაც მოულბო გული,
მრისხანე ბატონს გაუფთხო რული,
სიმშვიდეს ვეღარ პოულობს ვერსად.
თვით ჰარამხანის მკაცრი კანონიც
შერბილდა წმინდა ცრემლის წყალობით,
ადრე ყველაფრის ნება რომ ჰქონდა,
მოთოკილია ავი დარაჯიც,
ვერ ეკარება მარიას ოთახს,
ვერ იყურება ჭუჭრუტანაშიც,
ვერც სარეცელზე აიყვანს იგი,
როგორც მოითხოვს წესი და რიგი,
აკრძალული აქვს, რომ ეჭვიანი
და ამაზრზენი მიაპყროს თვალი.
მარიას უვლის მოხუცი ქალი,
ისაა შემწე მისი იარის.
და ხანიც თითქოს იმიტომ ცხოვრობს,
რომ დაიფაროს სიმშვიდე მისი,
ჰარამხანაში ისაა მხოლოდ
განმარტოებულ ცხოვრების ღირსი.
იქ დღე და ღამე იწვის სანთელი,
ბევრი რამა აქვს ღმერთთან სათქმელი
და ღვთისმშობელის დიდი თვალები
გზას მიიკვლევენ ცისკენ წვალებით.
იმ სიჩუმეში რწმენასთან ერთად
ცხოვრობს იმედიც უკეთეს დღეთა,
ცრემლად იღვრება ნაზი ქალწული,
ცრემლით ევსება წმინდა ემბაზი,
როს მეტოქენი, წრეგადასულნი,
იძირებიან გიჟურ ვნებაში.
ის კი შესცქერის რიდით და კრძალვით
ხატს, გადარჩენილს ჯადოსნურ ძალით.
ასეა ყველა გზააბნეულიც,
ვისი ცხოვრების ცაც შეილახა,
ბიწიეირების მსხვერპლად ქცეული
ერთ ღვთიურ გრძნობას მაინც ინახავს.

უცებ დაღამდა და პირქუშ ციდან
თავრიდის ველზე დაეშვა ჩრდილი
და ბნელში ჩაფლულ დაფნების მხრიდან
ბულბულის სტვენა მოესმა ტკბილი.
მერე ვარსკვლავებს წამოჰყვა მთვარეც,
შემოდგა ცაზე, ვით ოქროს ბუკი,
და კვლავ გულუხვად ოთხივე მხარეს
მოჰფინა თავის ფერმკრთალი შუქი.
პირახვეულნი თეთრი ჩადრებით
და უჩუმარნი, როგორც ლანდები,
ბახჩისარაის მდუმარე ქუჩებს
თათრის ქლები მოედნვნე უცებ:
დობილს დობილთან სურს საუბარი,
დრო უშოვია თავისუფალი.
სასახლეს სძინავს. ჰარამხანასაც
დასძინებია უშფოთევლ ძილით.
დარაჯმა ყველა კარი ჩარაზა,
მიდამოს ზვერავს ძაღლივით ფრთხილი.
და წვება ისიც. სძინავს და ძილშიც
ათასნაირი ღალატის შიში
სულს უწრიალებს: ხან უცხო ჩქამი
და ხან ჩურჩული ჩაესმის წამით,
ხან კი ყვირილი. . . და ერთხელ კიდევ
მოტყუებული იღვიძებს იგი,
აცახცაცებულ ხელს გულზე იდებს,
ვერაფერს ამჩნევს საეჭვოს ირგვლივ.
მხოლოდ შადრევნის კისკისი ისმის,
ჩვეულებრივად კისკისებს ისიც
და, ვარდზე უღვთოდ შეყვარებული,
ღამის ჩეროებს შეფარებული,
გალობს ბულბული. . . და დაბნეული
კვლავ ძილს ნებდება მცველის სხეული.

კარგია ღამე აღმოსავლური,
რა მდიდრულია და რა მაღალი!
ცხოვრება ნახა მან საამური,
წინასწარმეტყველს ვინც სცა თაყვანი.
რა განცხრომაა მათ წყნარ სახლებში,
მათ ეზოებში და მათ ბაღებში,
მათ საიმედო ჰარამხანებში,
სადაც ბატონობს მხოლოდ ალერსი,
და სადაც დიდი მთავრის წყალობით
გაჟღენთილია ყველა კუნჭული
დიადი ვნების სუთქვით, გალობით,
იდუმალებით, თრთოლვით, ჩურჩულით!. . .

ყველა ცოლს სძინავს. ერთს ღვიძავს მხოლოდ.
სუთქვაშეკრული წამოდგა იგი.
მიდის. გამოსცდა წყვდიადის სოროს.
საჭურისს სძინავს ამ ფარდის იქით.
სძნავს ფხიზელი და მხდალი ძილით
და ღია პირში უბრწყინავს კბილი.
ოხ, იქნებ ტყუის თვალთმაქცობს იქნებ!
ქალი შეჩერდა. ძალ-ღონეს იკრებს.
მაგრამ ვერ სძლია შიშმა სურვილი
და ქალიც უხმოდ მიდის, სულივით.

მის წინ კარია. მთრთოლვარე ხელით
ჩაბღუჯა ცივი საკეტი კარის.
შევიდა. უთრთის სხეული მთელი.
სახატე, სანთლის ცრემლებით სველი,
და სიყვარულის სიმბოლო ჯვარი -
დაუდგა თვალწინ და შეკრთა უცებ,
გული რატომღაც სხვაგვარად უცემს.
ქართველო ქალო, შენს სულშიც თითქოს
რაღაც ნაცნობი და ახლობელი
იღვიძებს ისევ, იბრძვის და ითხოვს,
რომ გაიხსენო მხარე მშობელი
და დავიწყებულ დღეების ენით
კვლავ ამეტყველდეს წარსული შენი.
მის წინ ასული იწვა თავადის,
ღაწვშეფაკლული ქალწულის ძილით,
შუბლზე ეფინა წუხილის ჩრდილი,
წამწამს ეკიდა ცრემლი მარადი.
ყვავილი მოჩანს წვიმაში ასე
დამძიმებული წვიმის წვეთებით,
თითქოს განგების იდუმალ ხმაზე
ჩამოფენილა შვილი ედემის
და ჰარამხანის საბრალო ტყვეზე
ცრემლი უღვრია ანგელოზური.
მაგრამ ზარემას რა სურს? რას ეძებს?
ასე ქურდულად აქ შემოსული.
აი, იჩოქებს წელმოწყვეტილი,
თითქოს ლოცულობს: ”იყავ კეთილი
და სათხოვარზე არ მიკრა ხელი!”
ქალწული, წმინდა ცრემლებით სველი,
იღვიძებს უცებ და უცქერს შიშით
უცნობს, დაჩოქილს საწოლის ჩრდილში.
გონს ვერ მოეგო ქალწული დიდხანს,
მერე ჩაჰკიდა მთრთოლვარე ხელი,
წამოაყენა და უთხრა: ”ვინ ხარ?
აქ რას აკეთებ?” – ”შენა ხარ მხსნელი
ჩემი სიცოცხლის. შენთან მოვედი.
შენა ხარ ახლა ჩემი იმედი.
მე ბედინიერი ვიყავ ყოველთვის,
სიხარუისგან ვერ ვიძინებდი,
როდესაც სხვები იწვოდნენ შურით,
მაგრამ დამთავრდა განცხრომის ჟამი,
თაფლის მაგივრად შემასვეს შხამი.
მე ვიღუპები. დამიგდე ყური:

შორსაა ჩემი მხარე მშობელი,
მაგრამ სახებას გარდასულ დღეთა
მე ახლაც თითქოს თვალნათლივ ვხედავ
და ის ცეცხლია, ჩაუქრობელი.
მე მახსოვს მთბი ცად აზიდული,
მდინარეებით სავსე ხევები,
ტყე გაუვალი და დაბინდული,
სხვა კანონები და სხვა ჩვევები.
და ვერ მივმხვდარვარ, აქ რატომ ვცხოვრობ,
რამ მომიყვანა, ზღვა მახსოვს მხოლოდ
და კაცი ანძის თავზე გასული. . .
ასეთი იყო ჩემი წარსული,
შიში და სევდ და ცრემლის წვეთი
არ არსებობდა იქამდე ჩემთვის.
მერე აქა ვარ. ამ სიჩუმეში
მეც ვიწრთობოდი, როგორც ღუმელში,
და ფიქრში ბროლის კოშკებს ვაგებდი
და სიყვარულის პირველ გაკვეთილს
ველოდებოდი დამჯერე გულით.
ასრულდა კიდეც ჩემი სურვილი,
ხანმა მოიკლა სისხლის წყურვილი,
მობეზრდა ქროლვა ომების ქარში
და ამქვეყნიურ განცხრომის ზღვაში
კვლავ ძველებურად ჩადგა ყელამდი.
მეც სხვა ცოლებთან ერთად ვღელავდი,
როცა ვეახლეთ. ნათელი თვალი
მან მე მომაპყრო, უხილავ ძალით
შემბოჭა თითქოს. მიხმო თავისთან
და იმის მერე, რაც დრო გავიდა,
ერთად ვსუთქავდით ბედნიერებით.
განუწყვეტელი ვნებით მთვრალები
არ დაიქანცნენ ჩვენი ხელები
ხვევნით, ალერსით და ნეტარებით.
ტრფიალი სპობდა ჩვენს შორის მანძილს,
დახუნძლულ ტოტებს გვაწვდიდა ბედი,
ცილისწამება, ეჭვი ან ღვარძლი
არ არსებობდა აქამდე ჩვენთვის.
შენ მოევლინე, მარია, ახლა,
უცხო ასულო! და რაც შენ გნახა,
მთლად შეიცვალა: ერთგული გუშინ,
დღეს ჩემს სიძულვილს ატარებს გულში.
აღარაფერი არ ესმის ჩემი,
არც საუბარი, არც საყვედური,
არც ცრემლთა დენა, არც გულის ცემა, -
მთლი არსებით თითქოს მემდურის.
შენ არ მიგიძღვის ამაში ბრალი,
მაგრამ რად გინდა ცეცხლთან თამაში?
დამიგდე ყური: არც ერთი ქალი
არ შემედრება მე სილამაზით.
საშიში მხოლოდ შენა ხარ ჩემთვის,
მეტოქეობას შენ მიწევ ერთი,
შენ მოგაჩეჩა ბედმა წერილი
და სატანჯველიც ჩემი ეს არის,
მე ვნებებისთვის ვარ გაჩენილი,
შენ კი ვერ შესძლებს ტრფიალს ჩემსავით.
შენ სხვა ხარ. შენი ნაზი ფერებით
ვერ ისაზრდოებს ვნება მარადი
და შენი ცივი მშვენიერებით
რატომ აღელვებ გულს მოღალატის?
დათმე გირეი: ჩემია იგი,
მისი ნაკოცნით მეწვის სხეული,
სიცოცხლეს ვსვამდით ჩვენ ერთი ჭიქით,
საშინელ ფიცით გადახვეულნი.
მე მართლა მომკლავს მისი ღალატი. . .
მე ვტირი. ხედავ? ვიჩოქებ კიდეც
მე შენს წინაშე, რადგან ძალათი
ვერ გაგამტყუნებ, მაღირსე კიდევ
ძველი სიმშვიდე და სიყვარული,
ძველი განცხრომა და სიხარული,
კვლავ დამიბრუნე გირეი ძველი. . .
უარი არ თქვა, არ მიკრა ხელი.
ჩემია იგი. მხოლოდ დროებით
შენ დააბრმავე და რითაც გინდა
ჩამოიშორე გირეი გზიდან:
ზიზღით თუ თხოვნით, თუ სათნოებით.
მაშ, შემომფიცე. . . (თუმცა ყურანმა
და ჰარამხანის ტკბილმა ბურანმა
ხელში სხვა რწმენა შემომაჩეჩა,
მაგრამ იცოდე, რომ დედაჩემსაც
ის ღღმერთი სწამდა, შენ რომ გწამს გულით),
ის დაიფიცე, რომ დამიბრუნებ
გირეის ისევ, როგორც ჩემი წყლული
განიკურნება . . . მე კი მიგულე
შენს უერთგულეს დად და დობილად.
მაგრამ მისმინე: თუკი ზარემას . . .
ოხ, კარგად იცის ხანჯლის ხმარება
კავკასიონის ახლოს შობილმა”.
ეს თქვა და გაქრა. ხოლო მარია
შიშსა და თრთოლვას აუტანია.
პირველად შესძრა ქალწულის სმენა
ასე მტანჯველი ვნებების ენამ.
ხმა კი მის სულში ჩასახლდა თითქოს:
უცნაური და საშიში თანაც.
რა ეშველება? ვის უნდა ჰკითხოს?
აღარც ლოცვისთვის არ შესწევს ძალა.
რა ელოდება? ნუთუ ხასობა
და შერცხვენილი ახალგაზრდობა?
შეგინებული რწმენა, ღირსება?
ოხ, ღმერთო! მაგრამ ხომ შეიძლება,
რომ დაივიწყოს გირეიმ იგი,
ანდა მტანჯველი დღეების რიგი
შეწყდეს უეცრად? მაშინ კი გულით
გაიხარებდა საბრალო მართლა,
გამეფდებოდა სიშვიდე სრული,
სიკვდილს ჩათვლიდა შვებად და მადლად.
რა რჩება ანდა ამ ქვეყანაზე?
მისთვის ხომ ყველა კარი ჩარაზეს?
დროა! მას უკვე ელოდებიან, -
სულები მხოლოდ ცაში ხვდებიან.

მარია მოკვდა ნათლით მოსილი,
ობოლმა სული დალია მალე
და იგი ახალ ანგელოზივით
მიიღო დიდხანს ნანატრმა მხარემ.
რამ ჩაიყვანა კუბოში ნეტავ?
ამ უიმედო ტყვეობის სევდამ?
ავადმყოფობამ თუ სხვა მიზეზმა?
ერთი ცხადია, რომ დაისვენა.
დაცარიელდა სასახლე ვრცელი,
ისევ შეჰყარა გირემი ჯარი,
ისევ მახვილზე დაიდო ხელი,
ისევ ჩაიდგა მუხლებში ქარი,
ისევ მოხვეტა ოქრო და ვერცხლი,
ისევ მრისხანედ შეიკრა კოპი,
გულში კი მაინც ღვიოდა ცეცხლი
უსიხარულო და მწარე გრძნობის.
დაბადებული მეზობლის ჭირად,
სიკვდილს თესავდა ავი თარეშით,
მაგრამ სისხლისმღვრელ ბრძოლაშიც ხშირად
უშეშდებოდა ხმალი ჰაერში,
გაფითრებული და დაბნეული
იხედებოდა უაზროდ ირგვლივ,
უცახცახებდა მთელი სხეული
და ბუტბუტებდა რაღაცას იგი,
ეკარგებოდა ბრძოლის ხალისი
და შეშინებულ მეომრის დარად,
გაუხეშებულ სახეზე ღვარად
ჩამოსდიოდა ცრემლი თავისით.

სევდა გამეფდა ჰარამხანაში
და ბერდებოდა ცოლთა კრებული,
სამარადისოდ დავიწყებული,
შემყურე მარტო ავი დარაჯის.
არ ჩანდა მხოლოდ ქართველი ქალი.
შორს, კავკასიის ცისქვეშ გაჩენილს,
რაც უნდა დიდი სდებოდა ბრალი,
მაინც საზარი ერგო სასჯელი:
შეიპყრეს იგი და სწორედ მაშინ,
როცა მარიამ დალია სული,
გადაისროლეს ლოდივით ზღვაში
და კვლავ დუმილი გამეფდა სრული.
რა მოაოხრა რუსთა სოფლები
და კავკასიი ახლო მხარენი
აავსო სისხლით და ქვრივ-ობლებით, -
კვლავ მოტრიალდე თავრიდში ხანი
და ნიშნად ხსოვის და მწუხარების,
დამშვენებული ჯვრითა და მთვარით, -
აღამართვინა მან შადრევანი,
მარადიული სევდის მტევანი,
დღემდე რომ შერჩა წარწერის კვალი;
დღემდე იმსხვრევა ფიქალზე წყალიც
და მარმალილოს აკვანში ელავს.
მას დიდი გლოვის სიმბოოდ თვლიან,
დიდი წუხილის. . . ასედაც ქვია:
ცმრელის შადრევანს უწოდებს ყველა.

მე, რომ როგორც იქნა, მოვწყდი ჩრდილოეთს,
გამოვექეცი მბრწყინავ ღვინოებს
და ვინახულე, წუხილის მგვრელი,
ბახჩისარაის სასახლე ძველი.
მე დავდიოდი იქ, სადაც წინათ
რისხვად წოდებულ ხანს ედო ბინა,
და სადაც ყოველ თარეშის მერე
ღვინით იბანდა სისხლიან ხელებს
და ეძლეოდა განცხრომას ნეტარს.
აქ თვალი დღესაც გარკვევით ხედავს
ძველი დიდების კვალსა და ნიშანს:
ბაღის ბილიკზე ბრჭყვიალებს ქვიშა,
სვეტს მოხვევია ყურძენი ფრთხილად,
კედლიდან ოქრო მაცდურად ბრწყინავს
და მიკისკისებს ვარდებში წყალი,
როგორც გამდნარი ბროლი თუ ლალი.
მე ვინახულე ის ადგილები,
სადაც უჩუმრად, როგორც ჩრდილები,
დასეირნობდნენ ხანის ცოლები
იდუმალ ვნებით ანათრთოლები.
მე სასაფლაოც ვნახე ხანისა,
ბოლოს სადგური შლეგი ქარისა.
საფლავის სვეტებს ედგათ ჩალმები
მარმარილოსი და ყველა სვეტი
გარდუვალობას გლოვობდა ბედის
და წუთს - მიწასთან გამოსალმების.
შეცოცებოდა ყველაფერს ხავსი,
მარადიული ტანჯადა რული
და მაინც ამით არ იყო სავსე
იმ წუთას ჩემი მღელვარე გული:
სუნთქვა ვარდბის და შადრევნების
თავდავიწყების მხვევდა ბურანში
და მეც სასახლის ბინდში ვცურავდი,
გარდასულ დღეთა კვალის მძებნელი.
ბინდში კი კრთოდა სახება ქალის,
ფრთოსან ჩრდილივით ფრთხილი და მხდალი.

ვინ იყო იგი, ჩუმი და ნაზი?
ვის მიგზავნიდა, ნეტავ, ბურანი?
ვისი აჩრდილი დამდევდა ასე,
მარადიული და გარდუვალი?
იქნებ მარიას სპეტაკი სული
გამომეცხადა შადრევნის მტვერში,
ან იქნებ ეჭვის მტანჯველი წყლულით
ისევ ზარემა დაძრწოდა ბნელში. . .

ისევ მოვწყდები მუზის მწვერვალებს,
გადავივიწყებ ყველა დიდებას
და ისევ შენკენ გამოფრინდება,
სალგირო, ჩემი სული მღელვარე.
ო, ჯადოსნურო მხრევ, თავიდან
შეგსვამენ ჩემი ხარბი თვალები.
ამ სურილს ვერსად დავემალები,
მე უშენობას ვეღარ ავიტან.
სიცოცხლით სუნთქავს მანდ ყველაფერი:
ტყე თუ ქედები, ზღვა თუ აფრები. . .
ფიქრში ჩაფლული სანაპირონი,
ვენახის ქარვა და საფირონი,
ზეცის სინაზე და შეთრთოლება,
წყაროს სიგრილე და ხეთა ჩრდილი
ატყვევებს მგზავრის გულს და გონებას,
როდესაც იგი უშფოთველ დილით,
გულავსებული შვებით და ლხენით,
ნაცნობ ბილიკებს მიჰყვება ცხენით
და აიუ-დაღს აწყდება წყალი.
როგორც ქვესკნელის მრისხანე თვალი.

??????