დუბროვსკი (I ვარიანტი)
პირველი თავი
რამდენიმე წლის წინათ თავის ერთ-ერთ მამულში სახლობდა ძველი რუსი მებატონე კირილა პეტროვიჩ ტროეკუროვი. სიმდიდრის, გვაროვნობისა და ნაცნობობის წყალობით დიდი გავლენა მოეხვეჭა გუბერნიებში, სადაც მამულები ჰქონდა. მეზობლები, გულის მოსაგებად, სიხარულით უსრულებდნენ უმცირეს ახირებას. გუბერნიის მოხელეებს მისი სახელის ხსენებაზე აცახცახებდათ. პირფერულად რომ ექცეოდნენ, ამას კირილა პეტროვიჩი ჯეროვან ხარკად რაცხდა. შინ მუდამ გამოულევლად ჰყავდა სტუმრები, რომლებიც მზად იყვნენ ბატონკაცურ უსაქმურობაში მხარი აებათ: ჩართულიყვნენ მის დაუცხრომელ, ხანდახან კი ბობოქრულ დროსტარებაში. ვერავინ უბედავდა, უარი შეეკადრებინა მიწვევაზე, ანდა გარკვეულ დღეებში სოფელ პოკროვსკოეში ჯეროვანი პატივით არ ხლებოდა. შინაურობაში კირილა პეტროვიჩი ყველა ზადს ავლენდა უწიგნური კაცისას. განებივრებული გახლდათ სუყველაფრით, რაც კი რამ გარს ერტყა, მიეჩვია ლაგამი მიეშვა თავისი ფიცხი ბუნების ყოველი აღტყინებისა და საკმაოდ შეზღუდული გონების ყოველი განაზრახისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საოცრად მაგარი აგებულებისა იყო, სიმსუნაგის გამოისობით კვირაში ორჯერ შავ დღეში ვარდებოდა და ყოველ საღამოს გადაკრულში გახლდათ.
კირილა პეტროვიჩის სახლის ერთ-ერთ ფლიგელში თექვსმეტი მოახლე ცხოვრობდა და თავიანთი სქესის კვალობაზე ხელსაქმობდნენ. ფლიგელის ფანჯრებს ხის ცხაური ეკრა და კარი კლიტით იკეტებოდა, გასაღებები კი კირილა პეტროვიჩს ჰქონდა. ახალგაზრდა განდეგილები დაწესებულ საათზე ბაღში ჩადიოდნენ და ორი ბებრუხანას მეთვალყურეობით სეირნობდნენ, კირილა პეტროვიჩი ამ ქალიშვილთაგან ზოგს დროდადრო ათხოვებდა და მათ ადგილზე სხვები მოჰყავდა.
ტროეკუროვი გლეხებსა და შინაყმებს მკაცრად და თავის ქეიფზე ექცეოდა. ამის მიუხედავად, ისინი არ ეორგულებოდნენ. თავს იწონებდნენ ბატონის სიმდიდრით, სახელით და მისი ყოვლისმძლე მფარველობით გულმოცმულნი მეზობლებს ეყოყოჩებოდნენ ხოლმე.
ტროეკუროვის ყოველდღიური საქმიანობა გახლდათ ვრცელი სამფლობელოების შემოვლა, გაუთავებელი ნადიმები, ოინები, რომელთაც დღენიადაგ იგონებდა და რომელთა მსხვერპლნიც ჩვეულებრივად რომელიმე ახალი ნაცნობი იყო ხოლმე. ისე კი ამ ოინებს ძველი მეგობრებიც ყოველთვის ვერ არიდებდნენ თავს, გარდა ანდრეი გავრილოვიჩ დუბროვსკისა. ეს დუბროვსკი, სამსახურიდან გადამდგარი გვარდიის პორუჩიკი, ტროეკუროვის უახლოესი მეზობელი, სამოცდაათ სულს ფლობდა. და თუმცა ღირსეული მდგომარეობა არ ეჭირა, ტროეკუროვი პატივისცემით ეპყრობოდა მაშინ, როდესაც თვით უმაღლესი წოდების ხალხთან თავი ზვიადად ეჭირა. ისინი ერთ დროს სამსახურის ამხანაგები იყვნენ და ტროეკუროვმა გამოცდილებით უწყოდა დუბროვსკის მოუთმენლობისა და შეუპოვრობის ამბავი. გარემოებებმა კარგა ხნით დააცალკევა ორივე. დუბროვსკის სამეურნეო საქმეები უკუღმა წაუვიდა. იგი იძულებული გახდა, სამსახურიდან გადამდგარიყო და თავის უკანასკნელ სოფელში დამკვიდრებულიყო. შეიტყო თუ არა ეს კირილა პეტროვიჩმა, მფარველობა შესთავაზა, მაგრამ დუბროვსკიმ მადლი მოახსენა და დარჩა ხელმოკლე და თავისუფალი. გავიდა რამდენიმე წელი. ტროეკუროვი, უკვე გადამდგარი გენერალ-ანშეფი, თავის მამულს ეწვია. ამხანაგები ერთმანეთს შეხვდნენ და გაიხარეს. იქიდან მოკიდებული ყოველდღე განუყრელად იყვნენ. კირილა პეტროვიჩი, თავის სიცოცხლეში რომ სტუმრობით არავინ გაუბედნიერებია, ძველი ამხანაგის პატარა სახლს შინაურულად ეწვეოდა ხოლმე. ტროეკუროვი და დუბროვსკი ერთი კბილა იყვნენ, ერთი წოდების შვილები, ერთნაირად აღზრდილნი და ნაწილობრივ გუნებითაც და ზნითაც ჰგვანდნენ ერთმანეთს. ბედიც ერთნაირი ჰქონდათ რამდენადმე: ორივე სიყვარულით დაქორწინდა, დიდი ხანი არ გასულა და ორივე დაქვრივდა, ორივეს თითო შვილი დარჩა, - დუბროვსკის ვაჟი პეტერბურგში იზრდებოდა, კირილა პეტროვიჩის ქალი - მშობლისას, და კირილა პეტროვიჩი ხშირად ეტყოდა დუბროვსკის:
- მისმინე, ძმაო, ანდრეი გავრილოვიჩ: თუ შენი ვალოდკა გზას დაადგა, მაშას გავატან, თუმცა მაგის ავლა-დიდება კურდღელს აეკიდება.
ანდრეი გავრილოვიჩი თავს აქნევდა და პასუხად ამას ეუბნებოდა ჩვეულებრივ:
- არა, კირილა პეტროვიჩ, სად ჩემი ვალოდკა და სად მარია კირილოვნას ქმრობა. მისთანა ღარიბი აზნაურისთვის უპრიანია ღარიბი აზნაურის ქალი მოიყვანოს და ოჯახის თავკაცი იყოს, ვიდრე გააზიზებული დიაცის მოურავად იქცეს.
ყველას ეხარბებოდა ქედმაღალი ტროეკუროვისა და ხელმოკლე მეზობლის შეხმატკბილებულობა, თან აოცებდათ დუბროვსკის სითამამე, როცა კირილა პეტროვიჩის სუფრაზე მიუკიბ-მოუკიბავად გამოთქვამდა თავის მოსაზრებას და აინუნში არ აგდებდა, ეწინააღმდეგებოდა თუ არა იგი მასპინძლის აზრებს. ზოგი შეეცადა, მისთვის წაეხედნა და ჯეროვანი მორჩილებისათვის ზურგი ექცია, მაგრამ კირილა პეტროვიჩმა მათ ისე დაუფეთა ანგელოზები, სამარადჟამოდ წაართვა ამდაგვარი ცდის ხალისი და მარტო დუბროვსკი დარჩა საყოველთაო კანონისაგან ხელშეუვალი. მოულოდნელმა შემთხვევამ ყოველივე აწეწა და შეატრიალა.
კირილა პეტროვიჩი ერთხელ, შემოდგომის დამდეგს, შორეულ სანადირო სანახებში წასასვლელად ემზადებოდა. წინა დღეს მეძაღლეებსა და ჯილავდრებს დილის ხუთ საათზე მზადყოფნა უბრძანეს. კარავი და სამზარეულო ადრითვე გაგზავნეს იქ, სადაც კირილა პეტროვიჩს უნდა ესადილა. სტუმარ-მასპინძელი მწევარ-მეძებართა ეზოსკენ გაემართა, სადაც ხუთასზე მეტი მეძებარი და მწევარი სვესვიანად და თბილად ცხოვრობდა და კირილა პეტროვიჩის ხელგაშლილობას ხოტბას ასხამდა თავიანთ ძაღლურ ენაზე. აქვე გახლდათ ავადმყოფი ძაღლების ქსენონი და დავრდომილთა თავშესაფარი, რომელსაც შტაბ-მკურნალი ტიმოშკა მეთვალყურეობდა. იყო აგრეთვე განყოფილება, სადაც კეთილშობილი ძუკნები ლეკვებს ჰყრიდნენ და მათ ძუძუს აწოვებდნენ. კირილა პეტროვიჩს ეამაყებოდა ეს დიდებული დაწესებულება და ყოველი შემთხვევით სარგებლობდა, რომ ებაქიბუქა სტუმრებთან, რომელთაც უკვე ოცჯერ მაინც ჰქონდათ ნანახი აქაურობა. სტუმრებით, ტიმოშკასა და უფროსი მეძაღლეებით გარემოცული მწევარ-მეძებართა ეზოში მიდი-მოდიოდა, ჩერდებოდა ზოგიერთ ხულასთან, ხან ავადმყოფი ძაღლების ამბავს იძიებდა, ხან მეტ-ნაკლებად მკაცრ თუ სამართლიან შენიშვნებს ბრძანებდა, ხან ნაცნობ ძაღლებს ეძახდა და დაყვავებით ელაპარაკებოდა. სტუმრები თავიანთ მოვალეობად რაცხდნენ კირილა პეტროვიჩის მწევარ-მეძებართა ეზოს გამო აღტაცება გამოეხატათ, მარტო დუბროვსკი არ ძრავდა კრინტს და იქუფრებოდა. იგი თავგადადებული მონადირე იყო. თავისი ქონების ბარობაზე არ შეეძლო ორი მეძებრისა და ერთი წყვილი მწევრის მეტი ჰყოლოდა და გულს ვერ ერეოდა, რომ, ცოტა არ იყოს, არ შეშურებოდა ეს საუცხოო დაწესებულება.
- რაო, რას იქუფრები, ძამიავ? - ჰკითხა კირილა პეტროვიჩმა, - თუ ჩემი მწევარ-მეძებართა ეზო თვალში არ მოგდის?
- რას ამბობ, ჩინებულია, - მიუგო კუშტად დუბროვსკიმ, - მაგრამ საეჭვოა, თქვენი შინაყმები თქვენი ძაღლებივით ცხოვრობდნენ.
ერთ-ერთმა მეძაღლემ მისი ნათქვამი ითაკილა:
- ჩვენ, ღვთისა და ბატონის შეწევნით, ჩვენს ცხოვრებაზე საწუწუნო არა გვჭირს რა. ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, ზოგ აზნაურსაც არ აწყენდა თავისი სახლ-კარი აქაურ რომელ ხულაზეც გინდა, იმაზე გაეცვალა, თავს უფრო კუჭსავსედაც იგრძნობდა და უფრო თბილადაც.
ყმის უტიფარ შენიშვნაზე კირილა პეტროვიჩმა ხმამაღლა გაიცინა, ხოლო სტუმრებმა ხარხარით აუბეს მხარი, თუმცაღა იმის გულისხმაში კი იყვნენ, რომ მეძაღლის ხუმრობა შეიძლებოდა მათაც ხვდებოდა. დუბროვსკის ფერი წაუვიდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
ამ დროს კირილა პეტროვიჩს ახალდაყრილი ლეკვები მოუყვანეს კალათით. მან ლეკვებს მიხედა, ორი მათგანი ამოირჩია და ბრძანა, სხვები დაეხრჩოთ. ანდრეი გავრილოვიჩი ამასობაში თვალს მიეფარა და ეს ვერც ვერავინ შეამჩნია.
მწევარ-მეძებრების ეზოდან სტუმრებთან ერთად მობრუნებული კირილა პეტროვიჩი სავახშმოდ დაჯდა და დუბროვსკის თვალი რომ ვეღარ ჰკიდა, მაშინღა გაახსენდა იგი. შინაყმებმა მიუგეს, შინ წავიდაო. მაშინ ბრძანა, დაუყოვნებლივ დასწეოდნენ და უეჭველად მოებრუნებინათ. ტროეკუროვი არასდროს ფეხს არ დგამდა სანადიროდ ძაღლების ღირსებათა ამ გამობრძმედილი და დიდი შემფასებლის, ათასნაირი მონადირული კამათის ბრუნდის და მართლის უცდომელი გამრკვევის გარეშე. დუბროვსკის ცხენდაცხენ გადევნებული მსახური ისე მობრუნდა, სტუმრები ჯერ კიდევ არ იყვნენ აშლილნი მაგიდიდან, და თავის ბატონს მოახსენა, ანდრეი გავრილოვიჩმა არა შეისმინა რა და დაბრუნება არ ინდომაო. თავისი ჩვეულებისამებრ, ნაყენით შეზარხოშებული კირილა პეტროვიჩი გაგულისდა და იმავე მსახურის პირით შეუთვალა ანდრეი გავრილოვიჩს: თუ პოკროვსკოეში ახლავე არ მოხვალ ღამის გასათევად, მე, ტროეკუროვი, საუკუნოდ წაგეკიდებიო. მსახურმა კვლავ გაქუსლა ცხენი. კირილა პეტროვიჩი მაგიდიდან ადგა, სტუმრები დაითხოვა და დასაძინებლად გაემართა.
მეორე დღეს ტროეკუროვმა პირველად ეს იკითხა: ანდრეი გავრილოვიჩი აქ არის თუ არაო? პასუხის ნაცვლად სამკუთხა ბარათი მოართვეს. მან თავის მწერალს უბრძანა, ხმამაღლა წაიკითხეო, და ასეთი რამ გაიგონა:
“დიდად მოწყალეო ხელმწიფევ ჩემო.
მანამ არ ვაპირებ პოკროვსკოეში მოსვლას, სანამ მეძაღლე პარამოშკას არ გამომიგზავნით დანაშაულის ასაღიარებლად, ხოლო მისი დასჯა და შევრდომება ჩემს ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული. მე კი განზრახული არა მაქვს, თქვენი შინაყმების ხუმრობანი ვითმინო, არც თქვენ მოგითმენთ მათ, ვინაიდან მე ძველი აზნაური გახლავართ და არა მასხარა. შემდეგ ამისა ვრჩები თქვენი მონა-მორჩილი.
ანდრეი დუბროვსკი”.
ბარათი ესე ამჟამინდელი ეტიკეტის თვალსაზრისით ერთობ უკადრისი იქნებოდა, მაგრამ მან კირილა პეტროვიჩი თავისი უცნაური ენით და განწყობილებით კი არა, მარტოოდენ თავისი არსით გააბრაზა. ტროეკუროვი ფეხშიშველი წამოვარდა ლოგინიდან და იქუხა:
- რაო, ჩემი შინაყმები დანაშაულის მოსანანიებლად გავუგზავნო, შევრდომება-დასჯა მის ნება-სურვილზე ჰკიდია! ერთი უყურეთ, რა ჩაუდევს გულში. მერედა, იცის, ვის იკიდებს? მე მაგას კი... ავაწრუწუნებ, ჩახვდება, რა მოსდევს ტროეკუროვის წინ გადადგომას!
კირილა პეტროვიჩმა ჩაიცვა და თავისი ჩვეულებრივი ზარ-ზეიმით გასწია სანადიროდ, მაგრამ ნადირობა ჩაიშალა. მთელი დღე ერთი კურდღლის მეტს ვერას ჰკიდეს თვალი და ისიც ხელიდან გაუსხლტათ. მინდვრად კარავში სადილობაც ვერ მოხერხდა, ან, ყოველ შემთხვევაში, კირილა პეტროვიჩს არ ეჭაშნიკა. მან მზარეული მიტყეპა, სტუმრები გამოთათხა და უკან გამობრუნებული, მთელი თავისი სანადირო ასაბიით განგებ გამოუყვა დუბროვსკის მინდვრებს.
გავიდა რამდენიმე დღე, ორი მეზობლის შუღლი კი არ ნელდებოდა. ანდრეი გავრილოვიჩი პოკროვსკოეში ფეხს არ ადგამდა, კირილა პეტროვიჩმა უიმისობით ყურები ჩამოყარა და წყენას ხმამაღლა გამოხატავდა ერთობ შეურაცხმყოფელი გამოთქმებით, რომლებიც იქაური აზნაურების სიბეჯითით შესწორებულ-შევსებული მისდიოდა დუბროვსკის. ერთმა ახალმა გარემოებამ მათი შერიგების უკანასკნელი იმედიც წარხოცა.
დუბროვსკი ერთხელ თავის პატარა სამფლობელოში იყო გასული. არყის წარაფს მიახლოებულს ნაჯახის კაკაკუკმა უწია ყურს, ერთი წუთის შემდეგ წამოქცეული ხის ტკაცატკუცი შემოესმა. მან წარაფისაკენ გაუჩქარა და თავს წაადგა პოკროვსკოელ გლეხებს, რომლებიც არხეინად უძარცვავდნენ ტყეს. გლეხებმა რომ თვალი ჰკიდეს, გაქცევა განიზრახეს, მაგრამ დუბროვსკის მეეტლე მიეშველა, ორი მათგანი შეიპყრო და შეკრული მოასხა თავისას. მტრის სამი ცხენიც გამარჯვებულს ხვდა ნადავლად. ანდრეი გავრილოვიჩი გაალმასებული იყო. ტროეკუროვის ყმებს, ცნობილ ყაჩაღებს, აქამომდე ვერ გაებედათ მის სამფლობელოში თარეში, რაკი დუბროვსკისა და თავიანთი ბატონის მეგობრული ურთიერთობის ამბავი უწყოდნენ. დუბროვსკი ხედავდა, რომ ახლა გლეხები მათ შორის ჩამოვარდნილი უთანხმოებით სარგებლობდნენ. ამიტომ გადაწყვიტა, არად ჩაეგდო ომის უფლებაზე არსებული ყოველი თვალსაზრისი და თავისი ტყვეები მათ მიერვე წარაფში მომარაგებული წკეპლებით ჭკუაზე მოეყვანა, ხოლო ცხენები საბატონო საქონლისათვის მიეთვალა და სამუშაოდ გაეგზავნა.
ეს ყოველივე იმავე დღეს ეუწყა კირილა პეტროვიჩს. ტროეკუროვი გადაირია და დააპირა მაშინვე მთელი შინაყმებით თავს დასხმოდა კისტენევკას (ასე ერქვა მეზობლის სოფელს), ქვა ქვაზე არ დაეტოვებინა იქ, ხოლო თვით მემამულე მისივე მამულში ალყაში მოექცია. მსგავსი საქმენი საგმირონი მისთვის ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, მაგრამ აზრები მალე სხვა გზით წარემართა.
კირილა პეტროვიჩი ნელ-ნელა სცემდა ბოლთას დარბაზში, ანაზდეულად ფანჯარაში გაიხედა და ჭიშკართან სამცხენას ჰკიდა თვალი. იქიდან ფრიზის შინელით მოსილი, ტყავისკარტუზიანი ტანმორჩილი კაცი გადმოვიდა და ფლიგელისკენ, მოურავთან გასწია. ტროეკუროვმა იცნო მსაჯული შაბაშკინი და ბრძანა, მიხმეთო. წუთიც და შაბაშკინი მის წინ იდგა, მძიმედ უკრავდა თავს და მოკრძალებით ელოდა, რას უბრძანებდა.
- გამარჯობა, რა გქვია შენაო, - მიმართა ტროეკუროვმა. - რისთვის გარჯილხარ?
- ქალაქში მივდიოდი, თქვენო აღმატებულებავ, - მიუგო შაბაშკინმა, - და ივან დემიანოვს შემოვუარე, თქვენს აღმატებულებას რაიმე ხომ არ უბრძანებია-მეთქი.
- ძალიანაც დროულად შემოგივლია; რაო, რა გქვიაო? მე შენ მჭირდები. არაყი გადაჰკარი და ყური დამიგდე.
ასეთმა ალერსიანმა შეხვედრამ მსაჯული განაცვიფრა, თან გული აუყვავილა, არაყი იუარა და მთელი გულისყური მიაპყრო კირილა პეტროვიჩს.
- ერთი მეზობელი მყავს, - უთხრა ტროეკუროვმა, - მცირე მამულის მქონებელი და თავაგდებული. მინდა მამული წავართა. რას იტყვი ამაზე?
- თქვენო აღმატებულებავ, თუკი მოიძევება რაიმე საბუთი ან...
- რას მიედ-მოედები, რის საბუთები. ვაჟკაცობა სწორედ ისაა, არავითარი უფლება არ გქონდეს და მამული წაართვა. თუმცა, მოიცა, მამული ოდესღაც ჩვენი იყო, ვიღაც სპიცინისაგან შევიძინეთ და შემდეგ დუბროვსკის მამას მივყიდეთ. არ შეიძლება განა ეს ხელზე დავიხვიო?
- გაჭირდება, თქვენო აღმატებულებავ, მამული ალბათ კანონიერად გაიყიდა.
- დაფიქრდი, ძმობილო, კარგად მოჩხრიკე საქმე.
- რომ, მაგალითად, თქვენო აღმატებულებავ, რამენაირად თქვენი მეზობლისაგან ხელთ გეგდოთ სიგელი, რომლითაც იგი თავის მამულს ფლობს, მაშინ, რა თქმა უნდა...
- კი, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ხანძრის დროს ყველა ქაღალდი დაეწვა.
- როგორ, თქვენო აღმატებულებავ, მისი ქაღალდები დაიწვა! უკეთესი სხვა რაღა გნებავთ - კანონებს მიჰყევით და ლარი და ხაზი არ უნდა, დაკმაყოფილებული იქნებით.
- ასე გგონია? მაშ, იცოდე, შენი გულმოდგინეობის იმედი მაქვს, ჩემი მადლობისა კი ნუ გედარდება.
შაბაშკინმა ლამის მიწას დაჰკრა თავი, გარეთ გამოვიდა და იმ დღიდანვე შეუდგა გულში ჩადებულ საქმეზე ფაციფუცს. ისეთი სიყოჩაღე გამოიჩინა, დუბროვსკიმ ზუსტად ორი კვირის თავზე ქალაქიდან ბარათი მიიღო, დაუ- ყოვნებლივ წარმოადგინე ჯეროვანი ახსნა-განმარტება, სოფელ კისტენევკას რა უფლებით განაგებო?
ამ მოულოდნელი შეკითხვით ანდრეი გავრილოვიჩი სახტად დარჩა და პასუხად იმავე დღეს დაწერა საკმაოდ უხეში წერილი, სადაც აცხადებდა: სოფელი კისტენევკა მერგო განსვენებული მშობლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობის უფლებით განვაგებ. ტროეკუროვს მასთან არა ესაქმება რა და სხვის მიერ ჩემი ქონების მიჩემება ქვებუდანობა და გაიძვერობა არისო.
ამ წერილმა ფრიად საამო შთაბეჭდილება მოახდინა მსაჯულ შაბაშკინის სულზე. მან შეატყო, რომ დუბროვსკის, ჯერ ერთი, საქმეებისა არა გაეგებოდა რა, მეორეც, სულაც არ გაჭირდებოდა ესოდენ გულსწრაფი და დაუკვირვებელი ადამიანის შავ დღეში ჩაგდება.
ანდრეი გავრილოვიჩმა როცა გულდინჯად მოჩხრიკა მსაჯულის კითხვები, შეატყო, რომ მათზე აუცილებლად უფრო გამოწვლილვით უნდა გაეცა პასუხი. დაწერა კიდეც კარგა საფუძვლიანი ქაღალდი, მაგრამ ეს ქაღალდი შემდგომად საკმაო არ აღმოჩნდა.
საქმე გაჭიანურდა. ანდრეი გავრილოვიჩს სწამდა, რომ მართალი იყო და მაინცდამაინც თავს არ იტკიებდა. ისე, არც სურვილი ჰქონდა და არც შესაძლებლობა ფულის ფანტვისა. თუმცა იგი ყოველთვის პირველი იგდებდა ხოლმე მასხრად მოხელეთა წამხდარ სინდისს, არასდროს უფიქრია, შარიანობის მსხვერპლი გავხდებიო. დუბროვსკის არ იყოს, დიდად არც ტროეკუროვი იფხეკდა ყურებს თავის მიერ წამოწყებული საქმის მოსაგებად: მის ნაცვლად შაბაშკინი ფაციფუცობდა, მოქმედებდა მისი სახელით, აშინებდა და ისყიდდა მოსამართლეებს და თავის ქეიფზე განმარტავდა ათასგვარ ბრძანებულებას. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, 18.. თებერვლის ცხრაში დუბროვსკიმ მიიღო ქალაქის პოლიციის ბარათი: აუწყებდნენ გამოცხადებულიყო კ**-ს საერობო მოსამართლესთან, რათა მოესმინა მისი გადაწყვეტილება სადავო მამულის თაობაზე პორუჩიკ დუბროვსკისა და გენერალ-ანშეფ ტროეკუროვს შორის წამოჭრილ საქმესთან დაკავშირებით და ხელის მოწერით დაედასტურებინა თავისი დაკმაყოფილება თუ დაუკმაყოფილებლობა. ანდრეი გავრილოვიჩი იმავე დღეს წავიდა ქალაქში. გზაზე მას ტროეკუროვმა გაუსწრო. ორივემ გოროზად შეავლო თვალი ერთმანეთს და დუბროვსკიმ ბოროტი ღიმილი შეამჩნია თავისი მოქიშპის სახეზე.
მეორე თავი
ანდრეი გავრილოვიჩი ქალაქში ნაცნობ ვაჭარს ეწვია, მასთან გაითენა და მეორე დღეს დილით მივიდა სამაზრო სასამართლოში. იგი არავის აინუნშიც არ ჩაუგდია. ანდრეი გავრილოვიჩს კირილა პეტროვიჩიც ფეხდაფეხ შემოჰყვა. მას კი მწერლები ფეხზე წამოუდგნენ და ბატის ფრთები ყურში გაიჩარეს. სასამართლოს წევრები ერთობ პირმოთნედ შეეგებნენ, გამოუწიეს სავარძლები მისი ჩინის, ასაკისა და ახოვანებისადმი პატივისცემის დასტურად. ტროეკუროვი ღია კართან დაჯდა, ანდრეი გავრილოვიჩი კედელს მიეყრდნო, იგი ფეხზე იდგა. ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე და მდივანმა დაწმენდილი ხმით დაიწყო სასამართლოს განჩინების კითხვა.
განჩინება მთლიანად მოგვყავს, რამეთუ, ჩვენი ფიქრით, ყველას სასიამოვნოდ დარჩება იმ ერთ-ერთი საშუალების გაცნობა, რომლითაც რუსეთში შეგვიძლია დავკარგოთ მამული, უცილობელი სამფლობელო ჩვენი.
წელსა 18... 27 ოქტომბრის დღესა * სამაზრო სასამართლო იხილავდა საქმეს იმაზედ, რომ გვარდიის პორუჩიკი ანდრეი დუბროვსკი, ძე გავრილა დუბროვსკისა, არასწორად ფლობდა პიოტრ ტროეკუროვის ძის, გენერალ-ანშეფი კირილა ტროეკუროვის კუთვნილ მამულს, შემავალს *გუბერნიის სოფელ კისტენევკაში, შემდგარს მამრობითი სქესის *სულისაგან და *დესეტინა საძოვრებისა და სახნავ-სათესი მიწისაგან. ამა საქმიდან დგინდება: დასახელებული გენერალ-ანშეფი ტროეკუროვი შარშანდელ 18... წელსა, დღესა 9 ივნისსა ამა სასამართლოში შემოვიდა თხოვნით იმაზედ, რომ აწ განსვენებულმა მამამისმა, ეფიმ ტროეკუროვის ძემან, კოლეგიის ასესორმა და კავალერმა პიოტრ ტროეკუროვმან, რომელიც იმხანად **-ის ნაცვლის სამმართველოში პროვინციის მდივნად მუშაობდა, 17... წელსა, აგვისტოს 14 დღესა, აზნაურ კანცელარისტ ფადეი სპიცინისაგან, ეგორ სპიცინის ძისგან, იყიდა მამული, შემავალი *ოლქში, ხსენებულ სოფელ კისტენევკაში, სოფელში, რომელსაცა *აღწერის მიხედვით მაშინ ერქვა კისტენევკის ახალშენები და მეოთხე აღწერით სულ ითვლიდა მამრობითი სქესის *სულს, მთელი მათი გლეხური ქონებითა, კარ-მიდამოთი, ნახნავი და უხნავი მიწითა, ტყეებითა, სათიბითა, კისტენევკად წოდებული მდინარის სათევზაოებითა და ამ მამულის კუთვნილი ყოველი ნაკვეთითა და ბატონის ხის სახლითა და ერთი სიტყვით, პირწმინდად ყველაფერი, რაც ფადეი სპიცინს მემკვიდრეობით ერგო მამამისის აზნაურ ურიადნიკ ეგორ სპიცინის, ტერენტი სპიცინის ძის შემდგომ და ჰფლობდა თვითონ, არ დაუტოვებია შინაყმათაგან არც ერთი სული, ხოლო მიწიდან მეოთხედი დესეტინაც, 2500 მანეთად, რაზედაც ნასყიდობის წერილი დაიწერა იმავე დღეს, *სასამართლოსა და განჩინების პალატაში და მამამისს მაშინვე აგვისტოს დღესა 26-ს *საერობო სასამრათლომ მიანიჭა მფლობელობა და მიაკუთვნა მამული, ხოლო ბოლოს, 17... წელსა, სექტემბრის 67 დღესა მამამისმა ღვთივ განისვენა, ამასობაში კი იგი, მთხოვნელი გენერალ-ანშეფი ტროეკუროვი 17... წლიდან, თითქმის ბალღობიდან გახლდათ სამხედრო სამსახურში და უმეტესად საზღვარგარეთ ლაშქრობებში დადიოდა. ამიტომაც არ შეეძლო გაეგო არც მამის გარდაცვალების და ასევე არც მის შემდგომად დარჩენილი მამულის ამბავი. ხოლო აწ იმა სამსახურიდან სავსებით გამოსული და დაბრუნებული მამის მამულებში, რომლებიცა რომა შედის *და *გუბერნიებში **, *და *მაზრებში, სხვადასხვა სოფელში, სულ 3000-მდე სული, ხედავს, რომ ასეთ მამულთა რიცხვიდან ზემორე ხსენებულ **სულებს (რომელნიც ახლანდელი... აღწერით იმ სოფელში სულ *სული ითვლება) მიწითა და ყოველი სავარგულით სრულიად უსაბუთოდ განაგებს ზემორე ხსენებული გვარდიის პორუჩიკი ანდრეი დუბრვოსკი. ამიტომ ამა თხოვნასთან ერთად არდგენს იმ ნამდვილ ნასყიდობის წიგნს, რომელიცა რომა მამამისს გამყიდველმა სპიცინმა მისცა და ითხოვს ჩამოერთვას ხსენებული მამული დუბროვსკის, რამეთუ ის მას უმართებულოდ ფლობს, და კუთვნილებისამებრ გადაეცეს მას, ტროეკუროვს, ხელშეუვალი გამგებლობისათვის, ხოლო მას, დუბროვსკის, მამულის უსამართლო მითვისებისათვის, საიდანაც იგი სარგებლობდა მიღებული შემოსავლით, ჯეროვანი მოკვლევის ბარობაზე დაეკისროს კანონთაგან გამომდინარე საზღაური და ამით დაკმაყოფილდეს იგი, ტროეკუროვი.
ხოლო *საერობო სასამართლოს მიერ ამა თხოვნის შესაბამისად მოწყობილი გამოკვლევის მიხედვით აღმოჩნდა: რომ სადავო მამული ხსენებულმა ამჟამინდელმა მეპატრონემ, გვარდიის პორუჩიკმა დუბროვსკიმ, თავადაზნაურობის წარმომადგნელს ადგილობრივ მისცა ახსნა-განმარტება, მასზედ, რომ მის მიერ ამჟამად ფლობილი მამული, რომელიცა რომა შედის აღნიშნულ სოფელში კისტენევკაში, *სული მიწითა და სავარგულებით მემკვიდრეობით ერგო, მამამისის, არტილერიის პოდპოლკოვნიკ გავრილა დუბროვსკისა, ევგრაფ დუბროვსკის ძის სიკვდილის შემდგომ, ხოლო გავრილა დუბროვსკიმ იგი იყიდა ამა მთხოვნელის მამისაგან, ადრინდელი პროვინციის მდივნისა და შემდგომ კოლეგიის ასესორისაგან, ტროეკუროვისაგან რწმუნებით, რომელიცა რომა ტროეკუროვმა 17... წელსა, აგვისტოს 30 დღესა მისცა *სამაზრო სასამართლოში დამოწმებული, ტიტულარულ მრჩეველს გრიგორი სობოლევს, ვასილ სობოლევის ძეს, რომელი რწმუნებითაც მისგან გავრილა დუბროვსკის უნდა ჰქონდეს ამ მამულზე ნასყიდობის წერილი, ვინაიდგან რწმუნებაში სახელდობრ ნათქვამია, რომ მან, ტროეკუროვმა, კანცელარისტ სპიცინისაგან ნასყიდობის წიგნით რგებული მთელი მამული *სული მიწითურთ მიჰყიდა ანდრეი დუბროვსკის მამას, გავრილა დუბროვსკის და გარიგებით ნარგები ფული 3 200 მანეთი უკლებლივ მიიღო გავრილა დუბროვსკისაგან დაუბრუნებლივ და ამა რწმუნებულ სობოლევს სთხოვა გავრილა დუბროვსკისათვის მიეცა კანონიერი ნასყიდობის წიგნი. ამავე დროს კი ანდრეი დუბროვსკის მამას, თუ იგი მთელ თანხას გადაიხდიდა, ამავე რწმუნებით შეეძლო განეგო მისგან ნაყიდი ის მამული და განეგო ამ ნასყიდობის წიგნის დადებამდე, როგორც ნამდვილ მფლობელს, და იგი, გამყიდველი ტროეკუროვი, ამიერიდან და არავინ სხვა იმ მამულში უკვე ვერ შევიდოდა, მაგრამ როდის, სახელდობრ და რომელ დაწესეულებაში მისცა რწმუნებულმა სობოლევმა ანდრეი დუბროვსკის მამას ასეთი ნასყიდობის წიგნი, მან, ანდრეი დუბროვსკიმ, არ უწყის, რამეთუ იმხანად უასაკო იყო და მისი გარდაცვალების შედეგ ასეთ წიგნს ვერ მიაგნო, ხოლო ანდრეი დუბროვსკი ფიქრობს, ხომ არ დაიწვა სხვა ქაღალდებთან და ქონებასთან ერთად 17... წელს მათ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს, რომელი ხანძრის შესახებ ამა სოფლის მცხოვრებლებმაც უწყოდნენ. ხოლო იმას, რომ ამ მამულს ტროეკუროვის მიერ გაყიდვის თუ სობოლევისათვის რწმუნების მიცემის დღიდან, ე.ი. 17... წლიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ კი 17... წლიდან დღემდე ისინი, დუბროვსკები, ნამდვილად განაგებდნენ, ადასტურებენ მეზობლები, რომლებმაც, სულ ორმოცდათორმეტმა კაცმა, დაკითხვაზე ფიცით უჩვენეს, რომ მართლაც, როგორც შეიძელბა ხსომებოდათ მათ, ხსენებული სადავო მამულის მფლობელნი ხსენებული ბატონი დუბროვსკები გახდნენ სამოცდაათი წლის წინათ ვინმესგან რაიმე დავის გარეშე, მაგრამ კერძოდ რომელი აქტისა თუ ნასყიდობის წიგნის საფუძველზე, მათ არ უწყიან. ხოლო ამა საქმესთან დაკავშირებით ხსენებული ადრინდელი მყიდველი ამა მამულისა, ყოფილი პროვინციის მდივანი, პიოტრ ტროეკუროვი განაგებდა თუ არა ამ მამულს, მათ არ ახსოვდათ. ბ-ნი დუბრვოსკების სახლი კი დაიწვა მათ მამულში ღამით გაჩენილი ხანძრის დროს ოცდაათი წლის წინათ, ამასთანავე გარეშე ხალხმა დაადასტურა, რომ აღნიშნული სადავო მამულის შემოსავალი, იმ დროიდან თუ ვიგულისხმებთ, საერთოდ ყოველწლიურად შეიძლება იყოს არანაკლებ 2000 მანეთი.
ხოლო ამის საპირისპიროდ გენერალ-ანშეფმა კირილა ტროეკუროვმა, პიოტრ ტროეკუროვის ძემან, ამა წლის 3 იანვარს ამა სასამართლოს მოართვა თხოვნა. მართალია, ხსენებულმა გვარდიის პორუჩიკმა ანდრეი დუბროვსკიმ ჩატარებული ძიების დროს ამა საქმეზე მოიტანა კიდეც აწ განსვენებული მისი მამის გავრილა დუბროვსკის მიერ ტიტულარულ მრჩეველ სობოლევისთვის მიცემული რწმუნება მასზე მიყიდული მამულის თაობაზე, მაგრამ ამა რწმუნების მიხედვით შედგენილი არა მარტო ნამდვილი ნასყიდობის წიგნი, არამედ ოდესმე მისი დაწერის შესახებაც კი არავითარი ნათელი დამამტკიცებელი საბუთი არ წარმოუდგენია გენერალურ რეგლამენტის მე-19 თავის და 1752 წლის 29 ნოემბრის დღის ბრძანებულების შესაბამისად. მაშასადამე, თვით რწმუნება ახლა, თვით მისი მიმცემის, მამამისის გარდაცვალების გამოისობით, 1818 წლის მაისის…... დღის ბრძანებულების შესატყვისად სავსებით უქმდება. ამას გარდა ნაბრძანებია - ნასყიდობის წიგნის მქონე სადავო მამულები საკუთრებად გადაიცეს ნასყიდობის წიგნის მიხედვით, ნასყიდობის წიგნის არმქონენი - კი გამოძიების მიხედვით.
მამის კუთვნილ მამულზე მისგან უკვე დამამტკიცებელ საბუთად წარმოდგენილია ნასყიდობის აქტი, რომლის მიხედვით აღნიშნული კანონების საფუძველზე გამომდინარეობს კიდეც, რომ ხსენებულ დუბროვსკის არასწორი მფლობელობიდან ჩამოერთვას მამული და გადაეცეს ტროეკუროვს მემკვიდრეობის კანონების შესაბამისად. ხოლო ვინაიდან და რადგანაც აღნიშნული მემამულენი ფლობდნენ მათთვის არაკუთვნილ მამულს, თანაც სრულიად დაუმტკიცებლად და ასევე მათთვის არაკუთვნილი შემოსავლითაც არაწესიერად სარგებლობდნენ, ამიტომ გამოანგარიშების შესატყვისად, რამდენიც მოუწევს, გადაახდევინოს მემამულე დუბროვსკის და მით იგი, ტროეკუროვი, დაკმაყოფილდეს. ამა საქმის განხილვისა და აქედან და კანონებიდან ამოკრეფილი ჩანაწერების მიხედვით,*სამაზრო სასამართლოში დ ა დ გ ე ნ ი ლ ი ქ ნ ა:
როგორც ამა საქმიდან ჩანს, გენერალ-ანშეფმა კირილა ტროეკუროვმა, პიოტრ ტროეკუროვის ძემან, აღნიშნული სადავო მამულისა გამო, რომელიც ახლა გვარდიის პორუჩიკ ანდრეი დუბროვკის, გავრილა დუბროვსკის ძის კუთვნილებაა, სოფელ კისტენევკაში სქესის *სულს ითვლის მიწითა და სავარგულებით, წარმოადგინა ნამდვილი ნასყიდობის წიგნი, რამეთუ მისმა გარდაცვლილმა მამამ, პროვინციის მდივანმა, შემდგომად კოლეგიის ასესორმა, 17... წელს აზნაურ კანცელარისტ ფადეი სპიცინისაგან შეიძინა მამული, ამას გარდა ამ მყიდველს, როგორც იმავე ნასყიდობის წიგნის მინაწერიდან ჩანს, იმავე წელს *საერობო სასამართლომ მიანიჭა მფლობელობა მამულისა, რომელი მამულიცა მიაკუთვნა მას და, მართალია, ამის საპირისპიროდ გვარდიის პორუჩიკ დუბროვსკის მხრივ წარმოდგენილია კიდეც რწმუნება, რომელიცა რომა იმ გარდაცვლილმა მყიდველმა ტროეკუროვმა მისცა ტიტულარულ მრჩეველს სობოლევს, რათა ნასყიდობის წიგნი შეედგინა მამამისის, დუბროვსკის სახელზე. მაგრამ ასეთი გარიგებით არათუ ნასყიდობის წიგნის მქონე უძრავი ქონების დამტკიცება, არამედ დროებით ფლობაც ბრძანებულებით აკრძალულია, ამასთანავე თვით რწმუნებაც მიმცემის სიკვდილის გამო სავსებით უქმდება. მაგრამ რომ ამას გარდა ნამდვილად ყოფილიყო ამა რწმუნების მიხედვით შედგენილი სადმე და ოდესმე აღნიშნულ სადავო მამულზე ნასყიდობის წიგნი, დუბროვსკის მხრივ არავითარი ცხადი დამამტკიცებელი საბუთი არაა ამა საქმეზე დღიდან მისი დაწყებისა, ე.ი. 18... წლიდან აქამომდე, წარმოდგენილი. ამიტომ სასამართლო ესე ფიქრობს: აღნიშნული მამული,**, სულით, მიწითა და სავარგულებით, რომელ მდგომარეობაშიც იგი ამჟამად აღმოჩნდება, მიეკუთვნოს მასზედ წარმოდგენილი ნასყიდობის წიგნის მიხედვით გენერალ-ანშეფ ტროეკუროვს. ბრძანება მიეცეს *საერობო სასამართლოს, გვარდიის პორუჩიკ დუბროვსკის ჩამოართვას მისი გამგებლობა და მის ნაცვლად მართებულად მფლობელობა მიანიჭოს ბ-ნ ტროეკუროვს და მიაკუთვნოს მას მამული, ვითარცა მემკვიდრეობით ნარგუნები. მართალია, ამას გარდა გენერალ-ანშეფი ტროეკუროვი იმასაც ითხოვს, აუნაზღაუროს შემოსავალი გვარდიის პორუჩიკმა დუბროვსკიმ მისი მემკვიდრეობითი მამულის უსამართლო მფლობელობისა გამო, რომელი მამულის შემოსავლითაც სარგებლობდა იგი, მაგრამ ვინაიდან მამულს ხანდაზმულ მცხოვრებთა ჩვენებით ბატონი დუბროვსკები რამდენიმე წელს დავის გარეშე განაგებდნენ და ამა საქმიდან არ ჩანს, რომ ბ-ნ ტროეკუროვს დღემდე რაიმე თხოვნა შემოეტანოს დუბროვსკის მიერ ამა მამულის არასწორ ფლობასთან დაკავშირებით. ესეც რომ არა, დებულება ღაღადებს: თუ ვინმე სხვის მიწას დათესავს ან კარ-მიდამოს შემოღობავს და ამაზე არასწორი დაპატრონების გამო დაიწყებენ მოწიწებით თხოვნას და ესე ჭეშმარიტად დადასტურდება, მაშინ მართალს მიეცეს ეს მიწა დათესილი პურითა, ღობითურთ და ნაგებობითურთ, ამიტომ კი გენერალ-ანშეფ ტროეკუროვს გვარდიის პორუჩიკ დუბროვსკის მიმართ წაყენებულ სარჩელზე უარი ეთქვას, ვინაიდან და რადგანაც კუთვნილი მამული უბრუნდება პირიწმინდად, ხოლო გამგებლობის მინიჭებისას რომ ყველაფერი უკლებლივ აღმოჩნდეს, გენერალ-ანშეფ ტროეკუროვს მაინც, ვინიცობაა ექნეს ამ თავის პრეტენზიაზე რაიმე ცხადი და კანონიერი დამამტკიცებელი საბუთი, შეუძლია საგანგებოდ თხოვნა შეიტანოს ამის თაობაზე სადაც ჯერ არს. ასეთი გადაწყვეტილება წინასწარ გამოეცხადოს, როგორც მოსარჩელეს, ასევე მოპასუხესაც, კანონიერ საფუძველზე, სააპელაციო წესით, რომელნიც გამოძახებულ იქნან პოლიციის მეშვეობით ამა სასამართლოში, რათა მოისმინონ გადაწყვეტილება ესე და ხელი მოაწერონ დაკმაყოფილებისა თუ დაუკმაყოფილებლობის დასტურად.
ამგვარ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა ამა სასამაროთლოს ყველა დამსწრემ.
მდივანი გაჩუმდა, მსაჯული წამოდგა, ტროეკუროვს მდაბლად დაუკრა თავი და მიიპატიჟა, რომ შეთავაზებულ ქაღალდზე ხელი მოეწერა. გამარჯვებით ფრთაშესხმულმა ტროეკუროვმა ბატის ფრთა გამოართვა და სასამართლოს გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ი ს ქვეშ ხელი მოაწერა, სავსებით დაკმაყოფილებული ვარო.
დადგა დუბროვსკის რიგი. მდივანმა ქაღალდი მიუტანა, მაგრამ იგი არ ინძრეოდა, თავი ძირს დაეხარა.
მდივანმა კვლავ შესთავაზა, ხელი მოეწერა, რომ სრულიად და სავსებით დაკმაყოფილებული იყო, ანდა აშკარად დაუკმაყოფილებელი, თუკი ვინიცობაა წრფელად გრძნობდა თავისი საქმის სამართლიანობას და აპირებდა კანონებით დადგენილ ვადაში გაესაჩივრებინა სადაც ჯერ არს. დუბროვსკი კრინტს არ ძრავდა... უცებ თავი ასწია, თვალები დაკვესა, ფეხი დააბაკუნა, მდივანს ისე ღონივრად ჰკრა ხელი, რომ იგი დაეცა, სამელნე აიტაცა და მსაჯულს გაუქანა. ყველა შეძრწუნდა.
- როგორ! არ სცე პატივი ღვთის ტაძარს! განვედ, ჯილაგო თავხედთა! - წარმოთქვა მან, შემდეგ კირილა პეტროვიჩს მიუბრუნდა: - ვის გაუგონია ეს, თქვენო აღმატებულებავ, ღვთის ტაძარში ძაღლები შეჰყავთ მეძაღლეებს! საყდარში ძაღლები დარბიან! მე თქვენ გიჩვენებთ სეირს...
ხმაურზე გუშაგები შემოცვივდნენ და დუბროვსკი ძლივძლივობით გააკავეს. იგი გარეთ გამოიყვანეს და მარხილში ჩასვეს. ტროეკუროვი მის კვალდაკვალ გამოვიდა. უკან მთელი სასამართლო გამოჰყვა. დუბროვსკის ანაზდეულმა სიგიჟემ ერთობ იმოქმედა მის წარმოსახვაზე და გამარჯვება წაამწარა.
მოსამართლენი იმედოვნებდნენ, ტროეკუროვი მადლობას გადაგვიხდისო, მაგრამ მათთვის ერთი ალერსიანი სიტყვაც არ გაუმეტებია. კირილა პეტროვიჩმა იმავე დღეს გასწია პოკროვსკოეში. დუბროვსკი ამ დროს ლოგინად იწვა. მაზრის მკურნალმა, საბედნიეროდ, იგი მთლად უმეცარი არ იყო, მოასწრო მისთვის სისხლი გამოეშვა, წურბლები და ესპანურები დაესხა და საღამოს უკეთესობა დაეტყო, გონს მოვიდა. მეორე დღეს დუბროვსკი უკვე თითქმის ჩამორთმეულ კისტენევკაში წაიყვანეს.
მესამე თავი
განვლო დრომ, საბრალო დუბროვსკის კი უკეთესობის პირი არ უჩანდა. მართალია, სიგიჟე აღარ უხსენებდა, მაგრამ თვალდათვალ სუსტდებოდა. ავიწყდებოდა ადრინდელი საქმიანობა, ოთახიდან იშვიათად გამოდიოდა და მთელი დღე-ღამეები ფიქრებში იყო ჩაფლული. ეგოროვნა, კეთილი ბებრუხანა, ოდესღაც მისი შვილის მომვლელი, აწ მასაც გაუხდა ძიძად. ბალღსავით დაჰფოფინებდა. ახსენებდა, ახლა ჭამის დროა, ახლა ძილისაო, აჭმევდა, აძინებდა. ანდრეი გავრილოვიჩი უდრტვინველად უგონებდა ყველაფერს და მის გარდა არავის იკარებდა. უკვე იმის თავი არ ჰქონდა, საქმეებზე, მეურნეობის გაძღოლაზე ეფიქრა და ეგოროვნას აზრით, აუცილებელი იყო ყოველივე შეეტყობინებინა ახალგაზრდა დუბროვსკისათვის, რომელიც ერთ-ერთ გვარდიულ ქვეით პოლკში მსახურობდა და იმხანად პეტერბურგს იმყოფებოდა. ასე და ამრიგად, ეგოროვნამ გასავლის დავთრიდან ფურცელი ამოხია, მზარეულ ხარიტონს, კისტენევკის ერთადერთ წერა-კითხვის მცოდნეს, უკარნახა წერილი და იგი იმავე დღეს გაგზავნა კიდეც ქალაქის ფოსტაში.
მაგრამ დროა მკითხველს გავაცნოთ ჩვენი მოთხრობის ნამდვილი გმირი.
ვლადიმირ დუბროვსკი კადეტთა კორპუსში იზრდებოდა. კორნეტობა მიიღო და გვარდიაში ჩაირიცხა. მამა არაფერს ზოგავდა, რომ შვილს ხელი არ დაკლებოდა და ჭაბუკი შინიდან მოსალოდენლ თანხაზე უფრო მეტს ღებულობდა. ვლადიმირ დუბროვსკი უთავბოლოდ მხარჯველი იყო, პატივმოყვარე და თავს უფლებას აძლევდა ბატონკაცური ხუსტურებისას. მომავალზე ყურს არ იბერტყავდა, ფიქრობდა, როცა იქნებოდა, შეერთო მდიდარი ქალი, ოცნება ჯიბეგაფხეკილი ახალგაზრდობისა, და თამაშობდა კარტს, იღებდა ვალებს.
ერთ საღამოს, როცა რამდენიმე ოფიცერი მისას დივნებზე იყო გაშხლართული და მისსავე ქარვის ჩიბუხებს ახრჩოლებდა, კამერდინერმა გრიშამ მოართვა წერილი, რომლის წარწერამ და ბეჭედმა წამსვე განაცვიფრა. წერილი საჩქაროდ გახსნა და ეს წაიკითხა:
“ხელმწიფეო ჩვენო, ვლადიმირ ანდრეევიჩ, მე, შენმა ბებერმა ძიძამ, გადავწყვიტე, შენ მოგახსენო მამიშენის ჯანმრთელობის ამბავი. ის მეტად ცუდადაა, ზოგჯერ არეულად გააბამს ლაპარაკს და მთელი დღე ბოთე ბავშვივით ზის, ხოლო მისი სიკვდილ-სიცოცხლე ღვთის ხელთაა. ჩამოდი ჩვენსას, ჩემო ვაჟკაცო, ჩვენ ცხენებსაც გამოგიგზავნით პესოჩნოეზე. ამბობენ, საერობო სასამართლო მოდისო ჩვენთან, რომ კირილა პეტროვიჩ ტროეკუროვს გადაგვცენ, ვინაიდან ჩვენ იმათი ვართო, ჩვენ კი ათაბაბადან თქვენი ვართ და ჩვენს სიცოცხლეში ეს ამბავი არა გვსმენია. შენ რაკი პეტერბურგში ცხოვრობ, შეგეძლო მოგეხსენებინა მამა-მეფისთვის ამაზე, ის კი ჩვენს თავს არავის დააბრიყვებინებდა.
დავშთები შენი ერთგული მონა-მორჩილი ძიძა.
ორინა ეგოროვნა ბუზირევა.
ვუთვლი ჩემს დედობრივ ლოცვა-კურთხევას გრიშას. კარგად გემსახურება თუ არა? ჩვენთან აგერ უკვე მეორე კვირაა წვიმს და მწყემსი როდია მიიცვალა დაახლოებით ნიკოლოზობას”.
ვლადიმერ დუბროვსკიმ, უჩვეულო მღელვარებით მოცულმა, რამდენჯერმე ზედიზედ წაიკითხა ეს საკმაოდ უთავბოლო სტრიქონები. ბალღი იყო, დედა რომ მოუკვდა, მამას თითქმის არ იცნობდა, ისე ჩამოიყვანეს პეტერბურგს მერვე წელში გადამდგარი. მიუხედავად ამისა, რომანულად იყო შეთვისებული მამას და მით უფრო უყვარდა ოჯახური ცხოვრება, რაც უფრო ნაკლებ მოასწრო მისი უშფოთველი სიხარულით დატკბობა.
მამის დაღუპვის აზრი გულზე ლოდად აწვა, ხოლო საბრალო ავადმყოფის მდგომარეობა, რაიც ძიძის წერილიდან ამოიცნო, ძრწოლას ჰგვრიდა. თვალწინ უდგებოდა მამა, მივარდნილ სოფელში დატოვებული, ბრიყვი ბებრუხანასა და შინაყმების ამარა, რაღაც უბედურება რომ ემუქრება და სულიერი და ფიზიკური ტანჯვა ადნობს, მაშველი კი არსაიდან არა ჰყავს. ვლადიმირი თავს კიცხავდა - ჩემი უგულისყურობა დანაშაულიაო, დიდი ხანია მამისაგან წერილებს არ ღებულობდა და აზრადაც არ მოსვლია, გაეგო, რა მოუვიდა, ეგონა, მოგზაურობდა ან სამეურნეო საზრუნავით იყო გართული.
ვლადიმირმა გადაწყვიტა მამისთვის ჩაეკითხა და სამსახურიდანაც გადამდგარიყო, თუ მშობლის ავადმყოფობა მის იქ ყოფნას დაიჭირვებდა. ამხანაგებმა შეჭირვება შეატყვეს და წავიდნენ. მარტო დარჩენილმა შვებულების თხოვნა დაწერა, ჩიბუხს მოუკიდა და ფიქრებში ჩაიძირა.
ვლადიმირი იმავე დღეს შეუდგა შვებულების მიღებაზე ზრუნვას და სამი დღის შემდეგ უკვე შარაგზას მიუყვებოდა.
ვლადიმირ ანდრეევიჩი იმ სადგურს უახლოვდებოდა, საიდანაც კისტენევკისკენ უნდა გაეხვია. გული მწუხარე წინათგრძნობით ავსებოდა, ეშინოდა, ვაითუ მამა ცოცხალი აღარ დამხვდესო. თვალწინ ეხატებოდა სოფელში მომლოდინე ნაღვლიანი ცხოვრება, უდაბური ადგილი, უკაცურობა, სიღატაკე და ჯახირი საქმეებზე, რომელთა ბაიბურშიც არ იყო. სადგურში ზედამხედველთან შევიდა, თავისუფალი ცხენები თუ არისო. სადგურის ზედამხედველმა გამოჰკითხა, საით მიდიოდა და აუწყა, კისტენევკიდან გამოგზავნილი ცხენები მეოთხე დღეა გელოდებათო. მალე ვლადიმირ ანდრეევიჩს მოხუცი მეეტლე ანტონი ეახლა, ოდესღაც რომ საჯინიბოში დაატარებდა და მის პატარა ცხენს უვლიდა. ანტონს ვლადიმირის დანახვაზე თვალები აუწყლიანდა, თავი ისე დაუკრა, ლამის მიწას შეახო და უთხრა, მოხუც ბატონს ჯერ კიდევ პირში სული უდგასო, და ცხენების შესაბმელად გავარდა. ვლადიმირს საუზმე შესთავაზეს, მაგრამ იუარა, იგი წასვლას ჩქარობდა. ანტონმა ვლადიმირი შარა-შარა წაიყვანა და გზად ასეთი საუბარი გააბეს:
- ერთი მითხარი, ანტონ ჩემო, რა საქმე გამოუჩნდა მამაჩემს ტროეკუროვთან?
- ღმერთმა იცის, ვლადიმირ ანდრეევიჩ... ბატონი, ვგონებ, ვერ შეეგუა კირილა პეტროვიჩს, ჰოდა, იმან სასამართლოში უჩივლა კიდეც, თუმცა ხშირად თვითონ არის თავისი თავის მოსამართლე. ჩვენ, ყმებს, ვინ გვეკითხება ბატონების ნება-სურვილის გაჩხრეკას, მაგრამ ისე, ღმერთმანი, მამათქვენმა ამაოდ გაიწია კირილა პეტროვიჩზე, ძალა აღმართსა ხნავსო.
- ეტყობა, ეს კირილა პეტროვიჩი აქ, რაც მოეპრიანება, იმას აკეთებს, ხომ?
- რაღა თქმა უნდა, ბატონო, მსაჯულიო, ამბობენ, ბაიბუად არ მიაჩნია, სამაზრო პოლიციის უფროსი მისი ყურმოჭრილი მონაა, ბატონები მლიქვნელურად ფეხქვეშ ეგებიან, მართლაცდა, ძაღლი სადაც თქვლეფსო, იქა ჰყეფსო.
- მამულს მართლა გვართმევს?
- ოჰ, ბატონო, ჩვენც ასე მოვკარით ყური, ამ დღეებში პოკროვსკოეს მნათემ ჩვენი მამასახლისისას ნათლობაზე თქვა: გეყოფათ დროსტარება, აი, ხელში მოგიგდებთ კირილა პეტროვიჩი და სანახავს ნახავთო. მიკიტა მჭედელმა უთხრა: კარგი ერთი, საველიჩ, ნათლიმამას გულს ნუ უტეხ და სტუმრებს გუნებას ნუ უმღვრევ, კირილა პეტროვიჩი თავისთვისაა, ანდრეი გავრილოვიჩი კიდევ თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი უფლისა და ხელმწიფისა ვართო. კაცს მართლადა პირს ხომ ვერ ამოუკერავ.
- მაშასადამე, ტროეკუროვის ხელში ჩავარდნა არ გინდათ, არა?
- კირილა პეტროვიჩის ხელში! ღმერთმა ნუ ქნას და გვაშოროს. ის თავისიანებსაც დღეს უმწარებს და უცხოებს რომ მოიხელთებს, არა თუ ტყავს გააძრობს, ხორცსაც ზედ მიათლის. არა, ღმერთმა დიდხანს კარგად ამყოფოს ანდრეი გავრილოვიჩი, ხოლო თუ ღმერთი მის სულს მიიბარებს, შენ გარდა არავინ გვინდა, ჩვენო მარჩენალო. ნუ ჩაგვყრი მის ხელში, სხვა მხრივ, შენი ხმალი და ჩვენი კისერი.
ეს რომ თქვა, ანტონმა, მათრახი აიქნია, სადავეები შეარხია, და ცხენები გაშლილი ჩორთით გაქანდნენ.
მოხუცი მეეტლის თავდადებით გულმომბალი დუბროვსკი გაჩუმდა და კვლავ ფიქრებში ჩაიძირა. განვლო საათზე მეტმა. უცებ გრიშამ დაიყვირა - ა გ ე რ პ ო კ რ ო ვ ს კ ო ე! - და დუბროვსკი გამოაფხიზლა. ვლადიმირმა თავი აიღო. იგი განიერი ტბის ნაპირს მიჰყვებოდა. ტბიდან პატარა მდინარე გამოედინებოდა და შორს, ბორცვებს შუა მიიკლაკნებოდა. ერთ-ერთ ბორცვზე, წარაფის ხშირი მწვანის მაღლით, ვეება ქვის სახლის მწვანე სახურავი და ბელვედერი ილანდებოდა, მეორეზე - ხუთგუმბათიანი ეკლესია და ძველი სამრეკლო. შორიახლო თავიანთი ბოსტნებითა და ჭებითურთ ჩამარცვლილიყო სოფლის ქოხები. დუბროვსკიმ იცნო ეს ადგილები, გაიხსენა, რომ სწორედ ამ ბორცვზე ეთამაშებოდა პატარა მაშა ტროეკუროვას, ორი წლით მასზე უმცროს გოგონას, რომელსაც მაშინვე ეტყობოდა, მზეთუნახავი დადგებოდა. უნდოდა, ანტონისთვის მისი ამბავი ეკითხა, მაგრამ რაღაცნაირმა სიმორცხვემ განზრახვაზე ხელი ააღებინა.
ბატონის სახლს მიახლოებულმა ვლადიმირმა ბაღის ხებს შორის თეთრი კაბა დალანდა. ამ დროს ანტონმა ცხენებს უცხუნა, სოფლელი და ქალაქელი მეეტლეების საერთო პატივმოყვარეობას აყოლილმა, მთელი სისწრაფით გადაჭრა ხიდი და სოფელს გვერდით ჩაუქროლა. გასცდნენ სოფელს, მთაზე აიმაღლეს და ვლადიმირმა თვალი ჰკიდა არყის წარაფს, მარცხნივ, გაშლილ ადგილას კი, წითელსახურავიან ნაცრისფერ პატარა სახლს. გული აუტოკდა: წინ კისტენევკა და მამის ღარიბული სახლი ედგა.
ვლადიმირი ათ წუთში ბატონიანთ ეზოში იყო. ენით უთქმელი მღელვარებით იყურებოდა ირგვლივ. თორმეტი წელი არ ენახა თავისი სამშობლო. ღობის ძირას მისობას ჩარგული პატარა არყის ხეები გაზრდილიყვნენ და ტოტებგაშლილ მაღალ ხეებად ქცეულიყვნენ. ეზო, ოდესღაც რომ სამი სწორი ყვავილნარი ამშვენებდა, ხოლო ყვავილნარებს შორის საგულდაგულოდ დაგვილი ფართო გზა გადიოდა, გაუთიბავ მინდვრად ქცეულიყო და შიგ დადუშაყებული ცხენი ბალახობდა. ძაღლებმა ერთი კი წამოიყეფეს, მაგრამ ანტონი იცნეს, ხმა ჩაიწყვიტეს და გაბანჯგვლული კუდების ქიცინს მოჰყვნენ. საჯალაბოებიდან შინაყმები გამოცვივდნენ, სიხარულის ყიჟინით შემოერტყნენ გარს ახალგაზრდა ბატონს. ვლადიმირი რის ვაი-ვაგლახით დაუძვრა ამ თავგამოდებულ დუნდგოს და დაფხავებულ პარმაღზე აირბინა. წინკარში ეგოროვნა შემოხვდა და ტირილით მოეხვია თავის გაზრდილს.
- გამარჯობა, გამარჯობა, ძიძა, - იმეორებდა ვლადიმირი და გულში იკრავდა კეთილ მოხუცს. - რას შვრება მამა, სადაა? როგორაა?
ამ დროს დარბაზში შემოლასლასდა მაღალ-მაღალი, ფერმიხდილი და გამხდარი, ხალათითა და ჩაჩით მოსილი მოხუცი.
- გამარჯობა, ვალოდკა, - თქვა მილეული ხმით და ვლადიმირი მხურვალედ მოეხვია მამას.
სიხარულმა ავადმყოფი მეტისმეტად ააფორიაქა, ძალა გამოაცალა, მუხლთ მოეკვეთა და დავარდებოდა, რომ შვილს არ დაეჭირა.
- რისთვის ადექი? - ეუბნებოდა ეგოროვნა, - ფეხზე ვერ დგახარ და მაინც მოეხირები.
მოხუცი საწოლ ოთახში გაიყვანეს. იგი ცდილობდა, ვლადიმირს გამოლაპარაკებოდა, მაგრამ აზრი უწყდებოდა, სიტყვებს ერთმანეთს ვერ აბამდა. შემდეგ გაჩუმდა და მიიძინა. ვლადიმირი მოხუცის ამ დღეში ყოფნამ განაცვიფრა. მის საწოლ ოთახში დაბინავდა და ითხოვა, მარტო დამტოვეთო მამასთან. შინაყმებმა გაუგონეს და ახლა გრიშას მიუბრუნდნენ, წაიყვანეს საჯალაბოში, სადაც სოფლურად, მთელი სულითა და გულით უმასპინძლეს და კითხვებითა და მისალმებებით გატანჯეს.
მეოთხე თავი
სად სუფრა იყო, კუბო დგას იქა.
ახალგაზრდა დუბროვსკიმ რამდენიმე დღის შემდეგ დააპირა საქმეებისთვის მიეხედა, მაგრამ ანდრეი გავრილოვიჩს იმის თავი არ ჰქონდა, რაიმე აეხსნა, მას არც რწმუნებული ჰყავდა. მამის ქაღალდების გარჩევისას ვლადიმირი წააწყდა მსაჯულის პირველ წერილს და მასზე გაცემული პასუხის შავ პირს. მათგან დავის თაობაზე ვერა გაარკვია რა და გადაწყვიტა, დალოდებოდა, რა მოხდებოდა, იმედს ამყარებდა თვით საქმის სამართლიანობაზე.
ამ დროს ანდრეი გავრილოვიჩი თანდათან სულ უფრო ცუდად ხდებოდა. ვლადიმირი წინასწარ ამჩნევდა, რომ მამას დიდი დღე არ დარჩენოდა, და მთლად გაბავშვებულ მოხუცს თავიდან არ შორდებოდა.
ამასობაში გავიდა დადგენილი ვადა, საქმე კი არავის გაუსაჩივრებია. ამრიგად კისტენევკა ტროეკუროვისა იყო. შაბაშკინი თავის დაკვრითა და მილოცვებით გამოეცხადა კირილა პეტროვიჩს, უთხრა, როდის ისურვებს თქვენი აღმატებულება ახალშეძენილი მამულის ჩაბარებას, თვითონ ჩაიბარებთ, თუ ვისმეს მისცემთ ამაზე რწმუნებასო. კირილა პეტროვიჩი შეცბა. მას ბუნებით ანგარება არ უყვარდა, შურისძიების სურვილმა მეტისმეტი აქნევინა და სინდისი აწუხებდა - იცოდა, რა დღეში იყო ჩავარდნილი მისი მოწინააღმდეგე, ძველი, ახალგაზრდობის დროინდელი ამხანაგი და გამარჯვება გულზე არ ეკარებოდა. შაბაშკინს თვალები დაუბრიალა, უნდოდა რამე მოემიზეზებინა და გამოელანძღა, მაგრამ საიმისო ვერაფერი გამონახა და მწყრალად უთხრა:
- თავიდან მომწყდი, შენთვის არა მცხელა!
შაბაშკინმა კირილა პეტროვიჩს უგუნებობა შეამჩნია, თავი დაუკრა და მსწრაფლ გაერიდა, მარტო დარჩენილი კირილა პეტროვიჩი კი ბოლთის ცემას მოჰყვა, თან უსტვენდა: “სჭექდეს ქუხილი გამარჯვებისა”. ეს მუდამ იმას მოასწავებდა, რომ აზრები უჩვეულოდ უბორგავდა გონებაში.
ბოლოს კირილა პეტროვიჩმა ბრძანა, მსუბუქი ეტლი შემიბითო, უფრო თბილად ჩაიცვა (უკვე სექტემბერი ილეოდა) და ეზოდან გავიდა. ეტლი თვითონ მიჰყავდა.
მალე ანდრია გავრილოვიჩის პატარა სახლს ჰკიდა თვალი და მისი სული საპირისპირო აზრებმა მოიცვა. აღსრულებულმა შურისძიებამ და მბრძანებლობის მოყვარულობამ ერთგვარად ჩაუხშო უფრო კეთილშობილური გრძნობები, მაგრამ ბოლოს ამ კეთილშობილურმა გრძნობებმა თავისი გაიტანეს. კირილა პეტროვიჩმა გადაწყვიტა, შერიგებოდა ძველ მეზობელს, ქონება უკან მიეცა და ჩხუბის ნაკვალევიც კი წარეხოცა. ამ კეთილი ზრახვით გული მოიფონა, ჩორთით გაემართა მეზობლის კარ-მიდამოსაკენ და ეტლი პირდაპირ მის ეზოში შეიყვანა.
ავადმყოფი ამ დროს საწოლ ოთახში ფანჯარასთან იჯდა. მან იცნო კირილა პეტროვიჩი და სახეზე საშინელი ძრწოლა გამოეხატა. ზედ ჩვეულებრივი სიფერმკრთალე გაუქრა, სიწითლე მოედო, თვალებში ცეცხლი ჩაუდგა, რაღაც გაუგებარი ბგერები გამოსცა. ვლადიმირი იქვე სამეურნეო დავთრებს უჯდა და თავი რომ აიღო, მამის მდგომარეობამ გააოგნა. ძრწოლითა და რისხვით მოცული ავადმყოფი მას ეზოზე უთითებდა, სავარძლიდან ადგომას აპირებდა და აჩქარებით იკალთავებდა ხალათს, წამოიწია კიდეც... და უცებ ძირს დაეცა... შვილი მივარდა მას, მოხუცი უგრძნობლად, სუნთქვაშეჩერებული იწვა: მას დამბლა მოსვლოდა.
- ჩქარა, ჩქარა ქალაქში, ექიმი მოიყვანეთ! - ყვიროდა ვლადიმირი.
ამ დროს მსახური შემოვიდა და უთხრა:
- კირილა პეტროვიჩი გკითხულობთ.
ვლადიმირმა ზარდამცემი თალები შეანათა:
- კირილა პეტროვიჩს გადაეცი, რაც შეიძლება სწრაფად გაეთრიოს აქედან, ვიდრე მისი ეზოდან გაგდება არ მიბრძანებია, გასწი!
მსახური სიხარულით გავარდა თავისი ბატონის ბრძანების აღსასრულებლად. ეგოროვნამ ტაში შემოჰკრა.
- ჩვენო ძვირფასო, - დაიწივლა მან, - თავს დაიღუპავ! შეგვჭამს კირილა პეტროვიჩი.
- ხმა, ძიძა! - დაუცაცხანა ვლადიმირმა. - ანტონი ახლავე ქალაქს გაუშვი, ექიმი მოიყვანოს.
ეგოროვნა გავიდა. წინოთახში არავინ ჩანდა. ყველა ეზოში გაქცეულიყო კირილა პეტროვიჩის საყურებლად. ეგოროვნამ პარმაღზე გააბიჯა და ყური მოჰკრა, მსახურმა როგორ გადასცა კირილა პეტროვიჩს ახალგაზრდა ბატონის პასუხი.
კირილა პეტროვიჩმა ეტლიდან მოუსმინა მსახურს და სახე ღამეზე უფრო მოექუფრა, ზიზღით გაიღიმა, მრისხანედ შეავლო თვალი შინაყმებს და ნაბიჯით დასძრა ცხენი, მან იმ ფანჯარაშიც შეიხედა, სადაც წუთის წინ იჯდა ანდრეი გავრილოვიჩი, ახლა კი აღარ ჩანდა. ძიძას ბატონის ბრძანება გულიდან გადავარდნოდა და პარმაღზე იდგა. შინაყმები ყაყანით მსჯელობდნენ მომხდარ ამბავზე. უცებ მათ შორის ვლადიმირი გამოჩნდა და სვენებ-სვენებით თქვა:
- ექიმი აღარ გვჭირდება, მამა გარდაიცვალა.
ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. შინაყმები მოხუცი ბატონის ოთახში შეცვივდნენ. ანდრეი გავრილოვიჩი სავარძელზე იწვა, სადაც იგი ვლადიმირს დაესვენებინა. მარჯვენა ხელი იატაკზე ჩამოვარდნოდა, თავი მკერდზე დაბჯენოდა. ამ ჯერ კიდევ თბილ, მაგრამ სიკვდილის მიერ დამახინჯებულ სხეულს სიცოცხლის ყოველგვარი ნიშანკვალი გაქრობოდა. ეგოროვნამ იწივლა. ცხედარს გარს შემოეხვივნენ მსახურები, რომელთაც მისი მიხედვა ეკისრებოდათ, განბანეს, ჯერ კიდევ 1797 წელს შეკერილი მუნდირი ჩააცვეს და სწორედ იმ მაგიდაზე დაასვენეს, რომელთანაც ამდენი წელი ემსახურებოდნენ თავიანთ ბატონს.
მეხუთე თავი
ანდრეი გავრილოვიჩი მესამე დღეს გაასვენეს. საბრალო მოხუცის ნეშტი მაგიდაზე იდო შესუდრული და სანთლებშემორიგებული. სასადილო ოთახი შინაყმებით იყო გაჭედილი. ემზადებოდნენ მიცვალებულის გამოსაყვანად. ვლადიმირმა და სამმა მსახურმა კუბო ასწიეს. მღვდელი წინ გაემართა, მას თან მიჰყვებოდა დიაკონი და სულთათანას მიიგალობდა. კისტენევკის მფლოებლმა უკანასკნელად გადავლო თავისი სახლის ზღურბლი. კუბო წარაფ-წარაფ წაასვენეს. ეკლესია წარაფის იქით იდგა. დღე იყო ნათელი, ცივი, ხეებიდან შემოდგომის ფოთლები ცვიოდა.
წარაფიდან გამოსულებმა კისტენევკის ხის ეკლესიას და ბებერი ცაცხვებით დაბურულ სასაფლაოს ჰკიდეს თვალი. იქ განისვენებდა ვლადიმირის დედის ნეშტი. იქ, დედამისის საფლავის გვერდით, გუშინ ახალი სამარე გაეთხარათ.
ეკლესია კისტენევკელ გლეხებს აევსოთ; მათ უნდოდათ უკანასკნელი პატივი მიეგოთ თავიანთი ბატონისათვის. ახალგაზრდა დუბროვსკი კლიროსთან დადგა. არ ტიროდა, არ ლოცულობდა, სახეზე კი საშინელი სანახავი იყო. გასრულდა მწუხარე წესის აგება. პირველად ვლადიმირი გაემართა ნეშტთან გამოსათხოვებლად. მის შემდგომ შინაყმებმაც არ დაახანეს. მოიტანეს სახურავი და კუბო დაჭედეს. დედაკაცები გაჰკიოდნენ, მამაკაცები მუშტით იწმენდნენ თვალებს. ვლადიმირმა და იმავე სამმა მსახურმა მიცვალებული სასაფლაოზე გაიტანეს, უკან მთელი სოფელი მოჰყვებოდათ. კუბო ჩაუშვეს საფლავში, იქ მყოფებმა თითო მუჭა მიწა ჩააყოლეს, ორმო მოპირეს, სამარეს თავი დაუკრეს და დაიშალნენ. ვლადიმირი აჩქარებით გასცილდა იქაურობას, ყველას გაუსწრო და კისტენევკის წარაფში თვალს მიეფარა.
ეგოროვნამ ვლადიმირის სახელით მღვდელი და ეკლესიის მთელი კრებული ქელეხზე მოიწვია, თან აუწყა მათ, ახალგაზრდა ბატონი იქ მოსვლას არ აპირებსო. ასე და ამგვარად მამა ანტონმა, მღვდლის ცოლმა ფედოტოვნამ და დიაკონმა ფეხით გასწიეს ბატონიანთ ეზოსკენ და გზადაგზა ეგოროვნასთან ერთად მიცვალებულის სათნოებაზე და იმაზე მსჯელობდნენ, რაც, როგორც ეტყობა, მის მემკვიდრეს ელოდა (ტროეკუროვის მოსვლისა და მასთან შეხვედრის ამბავი უკვე ყველამ უწყოდა იმ მიდამოებში და, იქაური პოლიტიკოსების წინასწარმეტყველებით, ამას საგულისხმო შედეგები მოჰყვებოდა).
- რაც იქნება, იქნეს, - თქვა მღვდლის ცოლმა, - ისე კი, დასანანია, თუ ბატონად ვლადიმირ ანდრეევიჩი არ გვეყოლება. დიახაც, რომ ვაჟკაცია.
- მაშ, სხვა ვინღა უნდა იყოს ჩვენი ბატონი, - შეაწყვეტინა ეგოროვნამ. - ამაოდ ფაფხურობს კირილა პეტროვიჩი. ჯაბანს როდი შესჩეხებია. ჩემი შავარდენი თვითონაც დაიცავს თავს და მწყალობელიც, ღვთის შეწევნით, ხელს არ ააღებს. ნამეტანი ბღენძიაა კირილა პეტროვიჩი! ხომ დაესხა თავს ლაფი, ჩემმა გრიშკამ რომ დაუცაცხანა: გაეთრიე აქედან, ბებერო ძაღლო, მოწყდი აქაურობასო!
- ოჰ, ეგოროვნა, - უთხრა დიაკონმა, - მერედა გრიგორს ენა როგორ მოუტრიალდა, მე მგონია, იმას უფრო დავთანხმდები ღმერთს ვუყეფო, ვიდრე ცუდი თვალით შევხედო კირილა პეტროვიჩს. მის დანახვაზე შიშ-კანკალი ეგრევე გწურავს, ზურგი კი თავისთავად იხრება და იხრება...
- ამაოება ამაოებათა, - თქვა მღვდელმა, - კირილა პეტროვიჩსაც უგალობებენ სულთათანას ისევე, როგორც ახლა ანდრეი გავრილოვიჩს უგალობეს, ოღონდ უფრო მდიდრულად გაასვენებენ, სტუმრებსაც მეტს მოიპატიჟებენ, მაგრამ ღმერთისათვის სულ ერთი არაა!
- აჰ, მამაო! ჩვენც გვინდოდა მთელი ამ მხარისათვის დაგვეძახა, მაგრამ ვლადიმირ ანდრეევიჩმა არ ქნა. ჩვენ ხომ ყველაფერი საკმარისი გვაქვს - გასამასპინძლებელი არა გვაკლია რა, მაგრამ რა გაეწყობა, რაკი ხალხი არ არის, თქვენ მაინც გიმასპინძლებთ, ჩვენო ძვირფასო სტუმრებო.
ეგოროვნას ამ გულითადმა დაპირებამ და გემრიელი ღვეზელის იმედმა თანამოსაუბრეები ააჩქარა და ისინი მშვიდობიანად მივიდნენ ბატონიანთ სახლში, სადაც მაგიდა უკვე გაეწყოთ და არაყი ჩამოედგათ.
ვლადიმირი ამ დროს ტყის სიღრმეში მიიწევდა და მოძრაობითა და დაღლილობით ცდილობდა სულიერი წუხილის დაყუჩებას. მიეხეტებოდა ალთაბალთას, ტოტები წარამარა ებღაუჭებოდნენ და ბჭყალავდნენ, ფეხები ყოველ წუთს ჭაობში ეფლობოდა, მაგრამ ვერაფერს ამჩნევდა. ბოლოს მიატანა ტყით შემოზღუდულ ღარტაფს. ღელე მდუმარედ მიიკლაკნებოდა შემოდგომის მიერ სანახევროდ გაძარცვული ხეების გვერდით. ვლადიმირი შედგა, ცივ ბუსნოზე დაჯდა და სულში ერთიერთმანეთზე პირქუში აზრები შემოუჯარდა... იგი მძაფრად შეიგრძნობდა სიმარტოვეს. მოქურუხებული ღრუბლებით შესუდრული ეცხადებოდა მომავალი. ტროეკუროვის მტრობა ახალ უბედურებათა საწინდარი იყო. მის უბადრუკ ავლა-დიდებას შეიძლებოდა სხვა დაპატრონებოდა. ასეთ შეთხვევაში უპოვრობა ხელში ეჭირა. ვლადიმირი დიდხანს გაუნძრევლად იჯდა, უცქეროდა, როგორ უდრტვინველად მიედინებოდა ღელე, რომელიც რამდენიმე დამჭკნარ ფოთოლს მიანანავებდა, და ცოცხლად ესახებოდა თვალწინ ცხოვრების უტყუარი ხატება, ესოდენ ჩვეულებრივი ხატება. ბოლოს შეამჩნია, რომ მიწაზე მწუხრი ივანებდა. წამოდგა და შინის გზას დაუწყო ძებნა, მაგრამ კარგა ხანს იტრიალა უცნობ ტყეში, ვიდრე არ გამოვიდა ბილიკზე, რომელმაც ზედ თავისი სახლის ჭიშკარს მიაყენა.
გზად დუბროვსკის მღვდელი და ეკლესიის მთელი კრებული შემოეჩეხა. ეს ცუდის მომასწავებლად ენიშნა, უნებლიეთ განზე გაუხვია და ხეს მოეფარა. მღვდელმა და კრებულმა იგი ვერ შეამჩნიეს და გვერდით რომ ჩაუარეს, გაცხარებით ლაპარაკობდნენ.
- განუდექ ბოროტებას და ჰქმენ სიკეთე, - ეუბნებოდა მღვდელი ცოლს, - ჩვენი დარჩენა აქ არ ეგების, შენ რა გენაღვლება, როგორც უნდა დამთავრდეს საქმე...
ცოლმა რაღაც მიუგო, მაგრამ ვლადიმირმა ყური ვერ მოჰკრა. სახლს მიახლოვებულმა ქვეყნის ხალხს ჰკიდა თვალი. ბატონიანთ კარ-მიდამოში გლეხები და შინაყმები შეყრილიყვნენ. შორიდან უჩვეულო ხმაურმა და ლაპარაკმა უწია სმენას. ფარდულთან ორი სამცხენა იდგა. პარმაღზე მუნდირის სერთუკებით მოსილი რამდენიმე უცნობი თითქოს რაღაცაზე მსჯელობდა.
- რას მოასწავებს ეს? - მწყრალად ჰკითხა ვლადიმირმა შესახვედრად გამოქცეულ ანტონს. - ვინ არიან და რა უნდათ?
- ეჰ, ჩვენო ვლადიმირ ანდრეევიჩ, - მიუგო სულშეგუბებულმა მოხუცმა, - მოსამართლეები მოვიდნენ. ტროეკუროვს გვაძლევენ, შენს მოწყალებას გვაცილებენ!..
ვლადიმირმა თავი ჩაქინდრა, შინაყმები გარს შემოერტყნენ თავიანთ უბედურ ბატონს.
- ჩვენო მამავ და პატრონო, - გაიძახოდნენ ისინი და ხელებს უკოცნიდნენ, - სხვა ბატონი არ გვინდა შენ გარდა, გვიბრძანე, ხენმწიფეო, და მოსამართლეებს ჩვენ მოვუვლით, დავიხოცებით და არ შეგელევით... - ვლადიმირი უმზერდა მათ და სულს უცნაური გრძნობები უფორიაქებდა.
- წყნარად იყავით, - უთხრა შინაყმებს, - მე კი მოხელეებს მოველაპარაკები.
- მოელაპარაკე, ჩვენო კეთილო, - დაეხმიანნენ მას. - და დაანამუსე ეგ შეჩვენებულები.
ვლადიმირი მივიდა მოხელეებთან. კარტუზიან შაბაშკინს დოინჯი შემოეყარა და გოროზად ავლებდა თვალს გარეშემოს... სამაზრო პოლიციის უფროსმა, ორმოცდაათიოდე წლის მაღალმა და ჩასუქებულმა, სახეწითელმა და ულვაშა კაცმა დუბროვსკის მოახლოებაზე ჩაიჯიყჯიყა და ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა:
- ამრიგად, გიმეორებთ იმას, რაც უკვე ვთქვი: სამაზრო სასამართლოს გადაწყვეტილებით ამიერიდან კირილა პეტროვიჩის საკუთრება ხართ, ვისი წარმომადგენელიც აქ ბატონი შაბაშკინი გახლავთ. გაუგონეთ, რაც უნდა გიბრძანოთ, თქვენ კი, დიაცებო, გიყვარდეთ და პატივი ეცით, რამეთუ თქვენი თავგადაკლული მოტრფიალეა.
ამ მოსწრებულ ხუმრობაზე სამაზრო პოლიციის უფროსმა გადაიხარხარა და შაბაშკინმა და სხვა წევრებმაც აუბეს მხარი. ვლადიმირი აღშფოთებისაგან კანში ვეღარ ეტეოდა.
- ნება მიბოძეთ გავიგო, რას მოასწავებს ეს? - ნაძალადევი გულგრილობით ჰკითხა სამაზრო პოლიციის უფროსს.
- მოასწავებს იმას, - მიუგო ენამოსწრებულმა მოხელემ, - რომ ჩვენ ჩამოვედით, რათა ადგილ-მამული ესე ჩავაბაროთ კირილა პეტროვიჩს და ვთხოვთ სხვებს, დროზე მიბრძანდნენ აქედან.
- კი მაგრამ, მე მგონი, შეგეძლოთ, ვიდრე ჩემს გლეხებს მიმართავდით, ჩემთვის მოგემართათ და მემამულისათვის გეუწყებინათ ძალაუფლების აღკვეთის ამბავი...
- მერე შენ ვინა ხარ, - უთხრა შაბაშკინმა და უტიფრად შეხედა. - ყოფილი მემამულე ანდრეი დუბროვსკი, გავრილა დუბროვსკის ძე, ნებითა ღვთისითა მიიცვალა, ჩვენ თქვენ არ გიცნობთ და არც გვინდა გიცნობდეთ.
- თქვენო კეთილშობილებავ, ჩვენი ახალგაზრდა ბატონია, - თქვა ვიღაცამ ხალხში, - ვლადიმირ ანდრეევიჩი.
- ვინ გაბედა მანდ ენის გადმოგდება, - ცეცხლი ჰყარა სამაზრო პოლიციის უფროსმა, - რომელი ბატონი, რომელი ვლადიმირ ანდრეევიჩი? თქვენი ბატონი კირილა პეტროვიჩ ტროეკუროვია, გესმით თუ არა, რეგვენებო!
- რასა ბრძანებ, - თქვა იმავე გლეხმა.
- ეს ხომ ამბოხია! - იყვირა სამაზრო პოლიციის უფროსმა. - ჰეი, მამასახლისო, აქეთ!
მამასახლისი წინ გამოვიდა.
- ახლავე იპოვე, ვინც შეპასუხება გამიბედა, მე მას ვუჩვენებ სეირს!
მამასახლისმა ხალხს ჰკითხა, ვინ იყო, რომ ლაპარაკობდაო, მაგრამ არავინ კრინტს არ ძრავდა. მალე უკანა რიგებში ბუზღუნი გაისმა, ბუზღუნი თანდათან აზავთდა და ერთ წუთში უსაშინელეს ზრინვად იქცა. სამაზრო პოლიციის უფროსმა ხმა დაიდაბლა და გლეხებს შეგონება დაუპირა.
- ბიჭებო, ამას რას ვუყურებთ! ჰკა მაგათა! - დასძახეს შინაყმებმა და ბრბო დაიძრა.
შაბაშკინი და სასამართლოს სხვა წევრები ფაცხაფუცხით შეცვივდნენ წინკარში და კარი ჩაიკეტეს.
- ბიჭებო, შევკრათ, - გაისმა იგივე ძახილი და ბრბომაც გაიწია.
- შეჩერდით! - იყვირა დუბროვსკიმ. - სულელებო! რას სჩადით! თავსაც იღუპავთ და მეც მღუპავთ, შინ გასწით და დამეხსენით. ნუ გეშინიათ, ხელმწიფე მოწყალეა, ვთხოვ და ხელს არ აგვაღებს. ჩვენ, ყველანი მისი შვილები ვართ, მაგრამ როგორ გამოგექომაგებათ, თუკი ამბოხება და ავაზაკობა დაიწყეთ.
ახალგაზრდა დუბროვსკის ნათქვამმა, მისმა ზარივით ხმამ და დიადმა შესახედაობამ საკეთილოდ იმოქმედა. ხალხი დაცხრა, წავიდ-წამოვიდა. ეზო დაცარიელდა. სასამართლოს წევრები სახლში ისხდნენ. ბოლოს შაბაშკინმა ჩუმად გააღო კარი, პარმაღზე გამოვიდა და დუბროვსკის მადლობის გადახდა დაუწყო კეთილმოწყალე გამოსარჩლებისათვის, თან დამამცირებლადაც იდრიკებოდა წელში.
ვლადიმირი ზიზღით უსმენდა და პასუხს არ აძლევდა.
- გადავწყვიტეთ, - განაგრძობდა მსაჯული, - თქვენის ნებართვით ღამე აქ გავათიოთ, თორემ უკვე ბნელა და თქვენი გლეხები შეიძლება თავს დაგვესხან გზაზე. უმორჩილესად გთხოვთ, ბრძანოთ, თივა მაინც დაგვიგონ სასტუმრო ოთახში. დილით უთენია წავალთ შინ.
- რაც გინდათ, ისა ჰქენით, - უგულოდ მიუგო დუბროვსკიმ. - აქაურობა უკვე ჩემს ხელთ არაა.
ამის თქმისთანავე მამის ოთახში შევიდა და კარი ჩაიკეტა.
მეექვსე თავი
“ამრიგად, ყოველივეს ბოლო მოეღო. ჯერ კიდევ დილით ჩემი კუთხე და ლუკმაპური მომეძევებოდა. ხვალ კი, სახლი, სადაც დავიბადე, სადაც მამაჩემმა სული დალია, უნდა დავუტოვო კაცს, ბრალეულს მის სიკვდილსა და ჩემს სიღატაკეში”, - თქვა გულში დუბროვსკიმ და თვალები დედის პორტრეტს მიაპყრო. ფერმწერს დედა მოაჯირზე დაყრდნობილი, დილის თეთრი კაბით მოსილი და თმაში ვარდებჩაბნეული გამოესახა. “ეს პორტრეტიც ჩემი ოჯახის მტერს ერგუნება, - გაიფიქრა ვლადიმირმა, - საკუჭნაოში დამტვრეულ სკამებთან ერთად მიაგდებენ, ან წინოთახში დაკიდებენ და ტროეკუროვის მეძაღლეები დაცინვითა და შენიშვნებით აიკლებენ, ხოლო დედის საწოლ ოთახში... სადაც მამა მიიცვალა, მისი მოურავი, ან ჰარამხანა დაიბინავებს. არა, არა! ნუმც მას ერგუნოს დარდ-ვარამის სახლი, რომლიდანაც მე მაძევებს”. ვლადიმირმა კბილი კბილს დააჭირა. თავში საშინელი აზრები უჩნდებოდა. სმენას უწევდა მწერლების ხმა. ისინი მბრძანებლობდნენ, ხან ამას მოითხოვდნენ, ხან იმას და, ნაღვლიანი ფიქრებით მოცულს, უსიამოდ უყოლიებდნენ გულს. ბოლოს ყოველივე მიყუჩდა.
ვლადიმირმა კამოდები და უჯრები დააღო და განსვენებულის ქაღალდები გადაქექა. ესენი მეტწილად სამეურნეო ანგარიშები და სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებული მიმოწერა იყო; ვლადიმირმა წაუკითხავად დახია სუყველა. ქაღალდებს შორის ერთ პაკეტს წააწყდა. პაკეტს ეწერა: ჩემი ცოლის წერილები. ვლადიმირი გულაფოფინებული ჩაუჯდა წერილებს. ისინი გახლდათ თურქეთის ლაშქრობის დროინდელი წერილები, კისტენევკიდან არმიაში გაგზავნილი. მეუღლე ქმარს აუწერდა თავის გამოყრუებულ ცხოვრებას, სამეურნეო საქმიანობას, ნაზად ეუბნებოდა სამდურავს განშორებაზე და შინ იწვევდა, რომ კეთილი მეგობარი გადახვეოდა. ერთ-ერთ წერილში პატარა ვლადიმირის ჯანმრთელობაზე სწუხდა, მეორეში ახარებდა, ბალღმა რომ ადრე გამოავლინა ნიჭიერება და წინასწარმეტყველებდა, ბედნიერი და ბრწყინვალე მომავალი ექნებაო. ვლადიმირი კითხვას შეჰყვა, მთელი სულით შეენივთა ოჯახური ბედნიერების სამყაროს და ამქვეყნად ყველაფერი დაავიწყდა, ვერ შეამჩნია, როგორ გაიპარა დრო. კედლის საათმა თერთმეტი ჩამოჰკრა. მან წერილები ჯიბეში ჩაიწყო, სანთელს დასწვდა და კაბინეტიდან გამოვიდა. დარბაზში იატაკზე მოხელეებს ძილი გამოეცხოთ. მაგიდაზე მათ მიერ გამოცლილი ჭიქები იდგა და მთელ ოთახში რომის მძაფრი სუნი ტრიალებდა. ვლადიმირმა ზიზღით ჩაუარა მოხელეებს და წინოთახში გავიდა. კარი ჩაკეტილი იყო. ვლადიმირმა გასაღები ვერ იპოვა და დარბაზში დაბრუნდა; გასაღები მაგიდაზე იდო. მან კარი გააღო და კუთხეში აკრული კაცი დალანდა. კაცს ხელში ნაჯახი უელავდა. ვლადიმირმა სანთელი მიანათა და მჭედელი არხიპი იცნო.
- რაზე მოსულხარ? - ჰკითხა მას.
- ოჰ, ვლადიმირ ანდრეევიჩ, თქვენა ხართ? - უჩურჩულა არხიპმა პასუხად. - ღმერთო, შემიწყალე და მიხსენი! კიდევ კარგი, რომ სანთლით მოდიოდით! - ვლადიმირი სახტად დარჩენილი უყურებდა.
- აქ სად მიკუნჭულხარ? - ჰკითხა მჭედელს.
- მე მინდოდა... მე მოვედი... გამეგო, ყველა შინ არის თუ არა-მეთქი, - წყნარად, ბლუკუნით მიუგო არხიპმა.
- კი მაგრამ, ნაჯახი რად გინდა?
- ნაჯახი რად მინდა? აბა ახლა უნაჯახოდ სიარული გაგონილა? ეს მოხელეები, ხედავ, ისეთი შფოთისთავებია, ერთიც ვნახოთ და...
- შენ მთვრალი ხარ, არხიპ, ნაჯახს მოეშვი და გამოიძინე.
- მე და მთვრალი? ჩემო ვლადიმირ ანდრეევიჩ, მაღლით ღმერთი ხედავს, წვეთი არ გამიკარებია, მერედა, განა ღვინის ფიქრი გექნება, განა სმენია ეს ვინმეს: მწერლები დაპატრონებას გვიპირებენ, მწერლები ჩვენს ბატონებს ბატონიანთ კარ-მიდამოდან აძევებენ, შეხეთ, ხვრინავენ შეჩვენებულები. ნეტავ ერთი ყველას ერთად სხიპო და კვალი ჩაფარცხო.
დუბროვსკი მოიღუშა.
- არხიპ, მისმინე, - უთხრა მჭედელს მცირე ხნის დუმილის შემდეგ, - ცუდი რამ განგიზრახავს. განა მოხელეებს მიუძღვით ბრალი. შენ ერთი ფარანი აანთე და მომყევი.
არხიპმა ბატონს სანთელი გამოართვა, ღუმელის უკან ფარანი მოძებნა, აანთო, ორივე ჩუმად ჩავიდა პარმაღზე და ეზოს შემოუარა. დარაჯმა თუჯის ფილას დაჰკრა, ძაღლებმა ყეფა ატეხეს.
- ვინ დგას დარაჯად? - იკითხა დუბროვსკიმ.
- ჩვენ, გენაცვათ, - გაისმა წიწინა ხმით ნათქვამი პასუხი, - ვასილისა და ლუკერია.
- წადით შინ, - უთხრა მათ დუბროვსკიმ, - არ გვჭირდებით.
- მორჩა, - დაურთო არხიპმა.
- მადლობა, მარჩენალო, - მიუგეს ქალებმა და იმწამსვე გასწიეს შინისაკენ.
დუბროვსკიმ გზა განაგრძო, მას ორი კაცი მიუახლოვდა. შეეხმიანნენ. დუბროვსკიმ იცნო ანტონისა და გრიშას ხმა.
- რად არ გძინავთ? - ჰკითხა მათ დუბროვსკიმ.
- განა ძილისთვის გვცხელა, - მიუგო ანტონმა, - რა დღეს მოვესწარით, თავში ვის მოუვიდოდა...
- წყნარად! - შეაწყვეტინა დუბროვსკიმ. - სადაა ეგოროვნა?
- ბატონის სახლში, თავის ოთახში, - მიუგო გრიშამ.
- გასწი და მოიყვანე, თანაც სახლიდან ყველა ჩვენიანი გამოლალე, არავინ დარჩეს მოხელეების გარდა, შენ კი, ანტონ, ფორანი გაამზადე.
გრიშა წავიდა და ერთ წუთში თავის დედასთან ერთად გამოცხადდა. მოხუცს ამ ღამით სამოსი არ გაეხადა. მოხელეების მეტი სახლში ყველა თეთრად ათენებდა ღამეს.
- სულ აქ არიან? - იკითხა დუბროვსკიმ. - ხომ არავინ დარჩა სახლში?
- არავინ მწერლების გარდა, - მიუგო გრიშამ.
- თივა ან ნამჯა მომიტანეთ, - თქვა დუბროვსკიმ.
შინაყმები საჯინიბოში გაიქცნენ და თითო აღება თივა მოუტანეს.
- პარმაღს ქვეშ დაუდეთ, აი, ასე. აბა, ბიჭებო, ცეცხლი!
არხიპმა ფარანი გახსნა, დუბროვსკიმ კვარი აანთო.
-მოიცა, - უთხრა არხიპს. - მგონი, სიჩქარეში, წინოთახის კარი დავკეტე. ჩქარა წადი და გააღე.
არხიპი გაიქცა. წინოთახის კარი ღია იყო. არხიპმა კარი გასაღებით დაკეტა და ხმადაბლა დააყოლა: არა, ბიჭო, გააღე! და დუბროვსკითან დაბრუნდა.
დუბროვსკიმ კვარი თივას მიუწია. თივა აბრიალდა, ალი მაღლა აიჭრა და მთელი ეზო გააჩირაღდნა.
- აჰ, - საცოდავად იკივლა ეგოროვნამ. - რას შვრები, ვლადიმირ ანდრეევიჩ?
- ხმა! - მიუგო დუბროვსკიმ - აბა, ხალხო, მშვიდობით, მივდივარ, საითაც ღმერთი ინებებს. ბედნიერად ყოფილიყავით თქვენი ახალი ბატონის ხელში.
- ჩვენო მამაო მარჩენალო, სიცოცხლეს დავთმობთ და არ გაგშორდებით. ჩვენ შენ მოგყვებით, - მიუგეს შინაყმებმა.
მოაყენეს ფორანი. დუბროვსკი გრიშასთან ერთად ზედ დაჯდა და შინაყმებს შეხვედრის ადგილად კისტენევკის წარაფი დაუთქვა. ანტონმა ცხენებს უცხუნა და მიმავლები ეზოდან გავიდნენ.
დაქროლა ქარმა. სახლი ერთ წუთში ცეცხლის ალში გაეხვია. სახურავის თავზე წითელი კვამლი იკლაკნებოდა, მინებს ტკაცატკუცი გაჰქონდა, ცვიოდა ძირს, შვავდებოდა ცეცხლმოდებული დირეები. გაისმა გულსაკლავი მოთქმა და ღრიალი: “ვიწვებით, გვიშველეთ, გვიშველეთ!”
- არა, ბიჭო, - თქვა უკეთური ღიმილით ხანძარს მიჩერებულმა არხიპმა.
- არხიპუშკა, - უთხრა ეგოროვნამ, - იხსენი ეგ შეჩვენებულები, ღმერთი დაგიმადლებს.
- არა, ბიჭო, - მიუგო არხიპმა.
ამ დროს მოხელეები ფანჯარაში გამოჩნდნენ. ისინი ცდილობდნენ, ორმაგი ჩარჩოები გამოემტვრიათ, მაგრამ სახურავი უცებ ზათქით ჩამოიქცა და მოთქმა შეწყდა.
მალე მთელი შინაყმობა გარეთ გამოიშალა. დიაცები წივილ-კივილით იჩქაროდნენ თავიანთი ძველმანების გადასარჩენად. ბალღებს ხანძრის ცქერა ატკბობდათ და ხტოდნენ. ნაპერწკლები ცეცხლოვანი ბუქივით გაქარქარდა და ქოხებს ალი შეეგზნო.
- ახლა ყველაფერი კარგადაა, - თქვა არხიპმა. - როგორ იწვის, ა? პოკროვსკოედან ალბათ დიდებული სანახავია.
ამ დროს ახალმა ამბავმა მიიზიდა მისი ყურადღება. ალმოდებული ფარდულის სახურავზე კატა აქეთ-იქით აწყდებოდა და არ იცოდა, სად გადამხტარიყო, ალი შუაში იქცევდა. საბრალო ცხოველი საცოდავად კნაოდა და შველას ივედრებოდა. მისი უსასოების მაცქერალი ბიჭები სიცილით იჭაჭებოდნენ.
- რას მოგიხევიათ პირი, თქვე ეშმაკის ფეხებო, თქვენა, - მწყრალად უთხრა მათ მჭედელმა. - ღმერთის შიში არა გაქვთ? სულდგმული იღუპება, თქვენ კი სულელურად ხარობთ. - მან ცეცხლმოდებულ სახურავს კიბე მიადგა და მაღლა აჰყვა. კატა მიუხვდა საწადელს და სახელოზე ჩააფრინდა; თან ისეთი შესახედაობა ჰქონდა, თითქოს აჩქარებით უხდიდა მადლობას. შეტრუსული მჭედელი ძირს დაეშვა თავისი ნადავლითურთ.
- აბა, მშვიდობით, ბიჭებო, - უთხრა შეცბუნებულ შინაყმებს. - აქ აღარაფერი დამრჩენია. კარგად მეყოლეთ. ცუდად ნუ გამიხსენებთ.
მჭედელი წავიდა. ხანძარი კიდევ რამდენიმე ხანს ბაბანებდა, ბოლოს ჩაქრა, ნაკვერჩხლების გორები უალოდ გუზგუზებდნენ ღამის სიბნელეში, ხოლო იქვე კისტენევკის სახლგადაბუგული მცხოვრებნი დააბოტებდნენ.
მეშვიდე თავი
მეორე დღეს მთელ იმ მიდამოს მოედო ხანძრის ამბავი. ყველა სხვადასხვანაირად ლაპარაკობდა, ზოგი რას მიაწერდა მის გაჩენას და ზოგი რას. ერთნი ირწმუნებოდნენ, დუბროვსკის შინაყმები გასვენებაში დათვრნენ, სიფრთხილე ვერ გამოიჩინეს და სახლს ცეცხლი წაუკიდესო, მეორენი სახლ-კარის დაპატრონების აღსანიშნავად გამართულ ქეიფზე შეზარხოშებულ მოხელეებს აბრალებდნენ, ბევრი ირწმუნებოდა, სახლი თვითონ დაიწვა საერობო სასამართლოს მოხელეებსა და შინაყმებთან ერთადო. ზოგიერთი სიმართლეს ალღოს უღებდა და ამტკიცებდა, ამ შემაძრწუნებელი ცოდო-ბრალის მიზეზი თვით ბოღმით და სასოწარკვეთილებით აგულიანებული დუბროვსკი არისო. ტროეკუროვი მეორე დღესვე მივიდა ნახანძრალზე და თვითონ გამოიძია ყოველივე. აღმოჩნდა, რომ სამაზრო პოლიციის უფროსი, საერობო სასამართლოს მსაჯული, ვექილი და მწერალი უგზო-უკვლოდ გამქრალიყვნენ ვლადიმირ დუბროვსკის ძიძა ეგოროვნას, შინაყმა გრიგორის, მეეტლე ანტონისა და მჭედელ არხიპის არ იყოს... შინაყმებმა უკლებლივ აჩვენეს, მოხელეები სახურავის ჩამოქცევისას დაიწვნენო. ამოთხარეს მათი დამწვარი ძვლები. ქალებმა ვასილისამ და ლუკერიამ თქვეს, ვიდრე ხანძარი გაჩნდებოდა, რამდენიმე წუთის წინ ვნახეთ დუბროვსკი და არხიპ მჭედელიო. არხიპ მჭედელი, ყველამ ასე აჩვენა, ცოცხალი და ალბათ ერთადერთი თუ არა, ხანძრის მთავარი გამჩენი იყო. დუბროვსკი დაბეჯითებით ბადებდა ეჭვებს. კირილა პეტროვიჩმა გუბერონატორს მომხდარი ამბავი დაწვრილებით მისწერა და შედგა ახალი საქმე.
მალე სხვა ხმა გავარდა და ამან სხვა საფქვავი გაუჩინა ცნობისმოყვარეობასა და ენის სხმარტალს. **-ში ავაზაკებმა მოიდგეს ფეხი და მთელი ის არემარე შეაძრწოლეს. მთავრობამ ღონისძიებანი გაატარა, მაგრამ ამან არ იკმარა. ერთმანეთს მოსდევდა ერთიმეორეზე უჩვეულო ძარცვა. საფრთხე იყო ჩასაფრებული გზებზეც და სოფლებშიც. ავაზაკებით სავსე რამდენიმე სამცხენა დღისით-მზისით მთელ გუბერნიაში მიმოქროდა, წინ უდგებოდა მგზავრებს და ფოსტას, შედიოდნენ სოფლებში, ძარცვავდნენ და ბუგავდნენ მემამულეთა სახლებს. ყაჩაღების მეთაური ცნობილი იყო გონიერებით, სიგულადითა და რაღაცნაირი სულგრძელობით. მის შესახებ სასწაულებს ჰყვებოდნენ. დუბროვსკის სახელი ყველას პირზე ეკერა, ყველას სჯეროდა, რომ სწორედ იგი ხელმძღვანელობდა უშიშარ ბოროტმოქმედებს. ერთი რამ აკვირვებდათ კი - ტროეკუროვის მამულებისთვის ხელი არ უხლიათ, მისი არც ერთი ფარდული არ გაუტეხიათ, მის არც ერთ საზიდარს წინ არ გადასდგომიან. ამ ამბავს ტროეკუროვი, თავისი ჩვეულებრივი ამპარტავნობისამებრ, ხსნიდა შიშით, რაიც მას შეეძლო მთელი გუბერნიისათვის ჩაენერგა, აგრეთვე საკუთარ სოფლებში ჩაყენებული ერთობ რიგიანი პოლიციით. მეზობლები თავდაპირველად ერთმანეთთან მასხრად იგდებდნენ ტროეკუროვის ამპარტავნობას და ნიადაგ იმის მოლოდინში იყვნენ, რომ დაუპატიჟებელი სტუმრები პოკროვსკოესაც მოხედავდნენ, სადაც, იცოცხლე, ხეირს ნახავდნენ, მაგრამ ბოლოს მეზობლებს მეტი ჩარა არ ჰქონდათ, კირილა პეტროვიჩისთვის უნდა დაეკრათ კვერი და გამომტყდარიყვნენ, რომ ავაზაკები მას აუხსნელი პატივისცემით ეკიდებოდნენ... ტროეკუროვი სიხარულით ფეხზე აღარ იდგა და, როცა დუბროვსკის მიერ ვინმეს გაძარცვის ამბავს იტყობდა, სასაცილოდ იგდებდა გუბერნატორს, სამაზრო პოლიციის უფროსებსა და ასმეთაურებს, რომელთაც დუბროვსკი ისე გაეცლებოდა ხოლმე, ფრჩხილსაც ვერ ტკენდნენ.
ამასობაში დადგა პირველი ოქტომბერი - საეკლესიო დღესასწაული ტროეკუროვის სოფელში, მაგრამ, ვიდრე ამ დღესასწაულისა და შემდგომ მოვლენათა აღწერას მოვკიდებდეთ ხელს, მკითხველს უნდა გავაცნოთ პირნი, მისთვის ახალნი, ან ჩვენ მიერ ჩვენი მოთხრობის თავში ისე, სხვათა შორის მოხსენიებულნი.
მერვე თავი
მკითხველი, ალბათ, უკვე მიხვდა, რომ კირილა პეტროვიჩის ქალიშვილი, რომელზეც მაინცდამაინც არაფერი გვითქვამს, ჩვენი მოთხრობის გმირი გახლავთ. იმჟამად იგი ჩვიდმეტი წლისა იყო და სილამაზეს მისას გაზაფხული ედგა. მამა ჭკუას კარგავდა ქალიშვილისთვის, მაგრამ ჩვეულ ხუშტურიანობას იჩენდა მისადმი, ხან ცდილობდა თავისი ასულისთვის უმცირესი ახირებაც კი შეესრულებინა და ამით ეამებინა, ხან მკაცრი, ზოგჯერ კი სასტიკი მოპყრობით აშინებდა. კირილა პეტროვიჩს სჯეროდა, რომ ქალიშვილს უყვარდა, მაგრამ ვერა და ვერ ახერხებდა მისი ნდობის მოხვეჭას. ქალიშვილი მიეჩვია მშობლისთვის თავისი გრძნობები და აზრები არ გაენდო, ვინაიდან დაბეჯითებით არასოდეს იცოდა, როგორ გამოეხმაურებოდა მამა მათ. არ ჰყავდა მეგობრები და გაიზარდა მარტოდმარტო. მეზობლების მეუღლეები და ქალიშვილები იშვიათად სტუმრობდნენ კირილა პეტროვიჩისას, რომლის ჩვეულებრივი სიტყვა-პასუხი და თავშექცევანი მამაკაცთა კრებულს საჭიროებდნენ და არა ქალებისას. ჩვენი პირიმზე იშვიათად გამოდიოდა კირილა პეტროვიჩისას მონადიმე სტუმრებთან. იგი იყო ბატონ-პატრონი მეტწილად XVIII საუკუნის ფრანგი მწერლების თხზულებათაგან შემდგარი ვეება ბიბლიოთეკისა. მამამისს, რომელსაც “ს რ უ ლ ქ მ ნ ი ლ ი მ ზ ა რ ე უ ლ ი ქ ა ლ ი ს” გარდა არაფერში არ ჩაეხედა, არ შეეძლო მისთვის წიგნები აერჩევინებინა. მაშამაც, ბუნებრივია, ათასგვარ თხზულებათა გადაქექვის შემდეგ, რომანები ირჩია. ამდაგვარად დაასრულა მან თავისი აღზრდა, ოდესღაც დაწყებული მამზელ მიმის ხელმძღვანელობით, მამზელ მიმისა, ვისაც კირილა პეტროვიჩი დიდად ენდობოდა და წყალობის თვალით უცქეროდა. ბოლოს კი იძულებული გახდა, ჩუმად გადაეყვანა სხვა მამულში, როცა მასთან მეგობრობის შედეგები ერთობ გასაჩინოვდა. სამაგიეროდ, მამზელ მიმის კირილა პეტროვიჩისას საკმაოდ სიამოვნებით იგონებდნენ. იგი გულმოწყალე ქალიშვილი იყო და არასდროს უკეთურად არ გამოუყენებია გავლენა, რასაც, ეტყობა, ტროეკუროვზე ახდენდა. ამით გამოირჩეოდა სხვა გულის მურაზთაგან, დღეს ერთი რომ ჰყავდა და ხვალ მეორე კირილა პეტროვიჩს. თვით ტროეკუროვს, როგორც ჩანდა, მამზელ მიმი სხვებზე უფრო მეტად ენიაზებოდა და ცხრა წლის ანცი შავთვალა ბიჭი, რომელიც m-lle მიმის სამხრეთელ ნაკვთებს მოაგონებდა კაცს, მისას იზრდებოდა და მის შვილად იყო მიჩნეული, თუმცაღა უამრავი ფეხშიშველა ბავშვი, კირილა პეტროვიჩის ასლი და ხატი, ბატონის ფანჯრების წინ დარბოდა და შინაყმები ერქვა. ტროეკუროვმა თავის პატარა საშას მოსკოვიდან ფრანგი მასწავლებელი გამოუწერა. მასწავლებელი ჩამოვიდა კიდეც პოკროვსკოეში, და ჩამოვიდა იმ მოვლენათა ჟამს, რომელთაც ჩვენ აღვწერთ ახლა.
მასწავლებელი ესე თვალში მოუვიდა კირილა პეტროვიჩს სასიამოვნო გარეგნობისა და უბრალო მოქცევის გამო. ფრანგმა წარუდგინა მოწმობები და წერილი მისი ერთ-ერთი ნათესავისა, ვისთანაც ოთხი წელი გუვერნიორად მუშაობდა. კირილა პეტროვიჩმა ყოველივე გადაათვალიერა და არ ეპიტნავა მხოლოდ ერთი რამ - თავისი ფრანგის სიახალგაზრდავე, არა იმიტომ, რომ ეს ნაკლი არ ესადაგებოდა მოთმინებასა და გამოცდილებას, ესოდენ საჭირო თვისებებს მასწავლებლის ბედკრული წოდებისას, კირილა პეტროვიჩს საკუთარი ეჭვის ჭია უღრღნიდა გულს და გადაწყვიტა, მასწავლებლისათვის მაშინვე გაეგებინებინა თავისი გუმანი. ამიტომ ბრძანა, მაშას მიხმეთო (კირილა პეტროვიჩი ფრანგულად არ ლაპარაკობდა და თარჯიმნის მაგივრობას მაშა უწევდა).
- მოდი აქ, მაშა: ამ მუსიეს უთხარი, ასე იყოს, გიღებ-თქო, ოღონდ ჩემს გოგოებს თვალების პრაწვა არ დაუწყოს, თორემ მაგ ძაღლიშვილს... გადაუთარგმნე, მაშა.
მაშას სახეზე ალმური აუვიდა და მასწავლებელს ფრანგულად უთხრა - მამაჩემს იმედი აქვს, რომ მოკრძალებულად და წესიერად მოიქცევითო.
ფრანგმა თავი დაუკრა და მიუგო, ვიმედოვნებ, პატივისცემა მოვიხვეჭო, მაშინაც კი, თუ კეთილი თვალით არ შემომხედავენო.
მაშამ მამას ზუსტად უთარგმნა მისი პასუხი.
- კარგი, კარგი, - თქვა კირილა პეტროვიჩმა. - მაგისთვის არც კეთილი თვალია საჭირო და არც პატივისცემა. მაგის საქმეა, საშას მოუაროს და გრამატიკა და გეოგრაფია ასწავლოს, გადაუთარგმნე.
მარია კირილოვნამ თარგმნის დროს მამის უხეში გამოთქმები შეამსუბუქა. შემდეგ კირილა პეტროვიჩმა თავისი ფრანგი ფლიგელში გაისტუმრა, სადაც მისთვის ოთახი ჰქონდა გამოყოფილი.
არისტოკრატული ცრურწმენით აღზრდილი მაშა სრულებით არ მოჰკიდებია გულისხმიერად ახალგაზრდა ფრანგს, მასწავლებელი მისთვის მსახურის ან მუშის ნაირსახეობა იყო, ხოლო მსახურს თუ მუშას მამაკაცად არ რაცხდა. ქალიშვილმა ვერც ის შთაბეჭდილება შეამჩნია, რაც თვითონ m-r დეფორჟზე მოახდინა, ვერც მისი შეცბუნება, ვერც თრთოლა, ვერც შეცვლილი ხმა. ამის შემდეგ ზედიზედ რამდენიმე დღე დეფორჟს საკმაოდ ხშირად ხვდებოდა და ყურადღებას მაინცდამაინც არ აქცევდა. მოულოდნელად მასზე სულ შეეცვალა შეხედულება.
კირილა პეტროვიჩისას, ჩვეულებრივ, იზრდებოდა ხოლმე რამდენიმე ბელი, პოკროვსკოელი მემამულის ერთ-ერთი მთავარი გამრთობნი. ბელები პატარაობისას ყოველდღე სასტუმროში დაჰყავდათ და კირილა პეტროვიჩი მთელი საათობით ერთ ამბავში იყო, კატებსა და ლეკვებზე აქსევდა მათ. მოზრდილები უკვე ჯაჭვით ჰყავდათ დაბმულნი და ნამდვილ მიქსევას ალოდინებდნენ. ხანდახან ისინი ბატონიანთ სახლის ფანჯრებთან გამოჰყავდათ და ლურსმნებჩარჭობილ ცარიელ ღვინის კასრს უგორებდნენ. დათვი ყნოსავდა კასრს, შემდეგ ნელა ეხებოდა და თათებს იჩხვლეტდა. ამით გაავებული უფრო ღონივრად უბიძგებდა კასრს და ტკივილიც უფრო უმძაფრდებოდა. ამაზე ისე შმაგდებოდა, ცასა და მიწას აქცევდა, ღრიალით ტორავდა კასრს, ვიდრე საბრალო ცხოველს არ გამოაცლიდნენ ასე ტყუილ-უბრალოდ გამახელებელ ნივთს. ზოგჯერ საზიდარში აბამდნენ ორ დათვს. ზედ თავიანთი სურვილით თუ ძალისძალად სხამდნენ სტუმრებს და ცხოველებს თავის ნებაზე უშვებდნენ საძუნძულოდ. მაგრამ კირილა პეტროვიჩს უფრო სხვა ოინი ჰქონდა გამორჩეული.
ნაშიმშილევ დათვს ცარიელ ოთახში კედელში ჩახრახნილ რგოლზე თოკით აბამდნენ და კარს უკეტავდნენ. თოკი თითქმის მთელი ოთახის სიგრძეზე იყო, მხოლოდ მოპირდაპირე კუთხეში შეიძლებოდა გარიდებოდა კაცი საშინელ ნადირს. ოთახის კართან, ჩვეულებისამებრ, მოჰყავდათ ხოლმე ვინმე ახალბედა; რომ არ ელოდა, ისე, დათვს შეუგდებდნენ, კარს უკეტავდნენ და ბედშავ მსხვერპლს ბანჯგვლიან განდეგილს ატოვებდნენ. კალთაჩამოგლეჯილი და დაბრჭყალული საბრალო სტუმარი მალე პოულობდა უსაფრთხო კუთხეს, მაგრამ ხანდახან იძულებული ხდებოდა, მთელი სამი საათი კედელს მიკრული მდგარიყო და ეცქირა, გაშმაგებული ნადირი ორი ნაბიჯის დაშორებით როგორ ღმუოდა, ხტოდა, ყალყზე დგებოდა, მისკენ მიიტოტებოდა და ცდილობდა მისწვდომოდა. ასეთი გახლდათ რუსი ბატონის კეთილშობილური გართობანი!
გავიდა რამდენიმე დღე, რაც მასწავლებელი ჩამოვიდა. ტროეკუროვს გაახსენდა იგი და დააპირა დათვის ოთახში სეირი ეჩვენებინა. ამიტომაც ერთ დილას მოიხმო და ბნელი დერეფნები ატარა. უეცრად გვერდითა კარი გაიღო, ორმა მსახურმა ფრანგი შიგ შეაგდო და გასაღებით ჩაკეტა. მასწავლებელი გონს რომ მოვიდა, თვალი ჰკიდა დაბმულ დათვს. ნადირმა ბუბუნი ატეხა, თან შორიდან ყნოსავდა თავის სტუმარს. უცებ უკანა თათებზე აიყალყა და დაიძრა... ფრანგი არ შემცბარა, არ გაქცეულა, ელოდა, როდის დაესხმოდა ნადირი. დათვი ახლოვდებოდა, დეფორჟმა ჯიბიდან პატარა დამბაჩა ამოიღო, მშიერ ნადირს ყურში შეუყო და ესროლა. დათვი ძირს დაენარცხა. მოცვივდა ხალხი, გააღეს კარი, შემოვიდა თავისი ხუმრობით სახტად დარჩენილი კირილა პეტროვიჩი.
კირილა პეტროვიჩს ერთი სული ჰქონდა გაერკვია, წინასწარ ვინ შეატყობინა დეფორჟს, რომ ხუმრობას უწყობდნენ, ან რატომ ედო ჯიბეში გატენილი დამბაჩა. მან მსახური გაგზავნა მაშას მოსაყვანად. მაშამ მოირბინა და ფრანგს მამის კითხვები უთარგმნა.
- დათვისა არა მსმენია რა, - მიუგო დეფორჟმა, - მაგრამ დამბაჩები ყოველთვის დამაქვს, რადგან განზრახვა არა მაქვს, მოვითმინო შეურაცხყოფა, რომლის გულისთვის ჩემი წოდების წყალობით არ შემიძლია დუელში ვინმე გავიწვიო.
მაშა განცვიფრებული უყურებდა ფრანგს, მან უთარგმნა მამას მასწავლებლის სიტყვები, მაგრამ კირილა პეტროვიჩს პასუხად არა უთქვამს რა, ეს კია, ბრძანა, დათვი გამოეთრიათ და ტყავი გაეძროთ. შემდეგ თავის ყმებს მიმართა:
- ბიჭოს, რა ვაჟკაცი ყოფილა! არ შემდრკალა, ღმერთმანი, არ შემდრკალა!
იმ წუთიდან დეფორჟი შეიყვარა და აღარ უფიქრია, მისთვის კბილი გაესინჯა.
მაგრამ ეს ამბავი უფრო გულში ჩაწვდა მარია კირილოვნას. ქალი გაოგნებული იყო: იგი ხედავდა უსულო დათვს და დეფორჟს, რომელიც ნადირს მშვიდად ადგა თავს და მშვიდად ელაპარაკებოდა თვით მას. დაინახა, რომ გულოვნება და გოროზი თავმოყვარეობა მარტო ერთი წოდების წილხვდომილი არ იყო, და იქიდან მოკიდებული ახალგაზრდა მასწავლებელს პატივისცემით ეკიდებოდა. ამ პატივისცემას კი თანდათანობით გულხმიერება ენივთებოდა. ქალ-ვაჟს შორის რაღაც ურთიერთობა დამკვიდრდა. მაშა მშვენიერი ხმისა და დიდი მუსიკალური ნიჭის პატრონი იყო და დეფორჟმა თავს იდო იგი ემეცადინებინა. აწ მკითხველი უკვე ადვილად მიხვდება, რომ მაშას მასწავლებელზე გული შეუვარდა, რასაც ჯერ საკუთარ თავსაც ვერ უმხელდა.
მეორე ტომი
მეცხრე თავი
დღესასწაულის წინა დღეს ტროეკუროვისას თანდათან გამოჩნდნენ სტუმრები. ზოგნი ბატონის სახლსა და ფლიგელებში იდებდნენ ბინას, სხვები - მოურავთან, მესამენი - მღვდელთან, მეოთხენი - შეძლებულ გლეხებთან. საჯინიბოები სავსე იყო სატალახო ცხენებით, ეზოები და ფარდულები ათასგვარ ეკიპაჟს ჩაეხერგა. დილის ცხრა საათზე წირვის ზარი ჩამოჰკრეს და ყველა ქვის ახალი ეკლესიისაკენ გაიბაწრა. ეს ეკლესია კირილა პეტროვიჩმა ააგო და ყოველწლიურად მშვენდებოდა მისი შეწირულებით. იმდენი პატივსადები ღვთისმლოცველი შემოკრბა, უბრალო გლეხები ეკლესიაში ვერ დაეტივნენ და კარიბჭესა და ეზოში იდგნენ. წირვა შეგვიანდა. ელოდნენ კირილა პეტროვიჩს. იგი ექვსცხენა ეტლით მობრძანდა და დიდის ამბით გაემართა თავისი ადგილისაკენ მარია კირილოვნასთან ერთად. კაცებმა და ქალებმა თვალი მარია კირილოვნას მიაცეცეს. კაცებს მისი სილამაზე ანცვიფრებდა, ქალებმა საგულდაგულოდ მოუჩხრიკეს მორთულობა. დაიწყო წირვა. ყრმა მგალობელნი კლიროსზე მუსიკობდნენ, კირილა პეტროვიჩი არც მარჯვნივ აპყრობდა მზერას, არც მარცხნივ, თვითონ ბანს ამბობდა, ლოცულობდა და, როცა დიაკონმა საჯაროდ მოიხსენია შ ე მ ო ქ მ ე დ ი ტ ა ძ რ ი ს ა ა მ ი ს ა, გოროზი თვითნიერებით ლამის მიწას შეახო თავი.
დამთავრდა წირვა. კირილა პეტროვიჩი პირველი მივიდა ჯვართან და ყველა უკან მიჰყვა. შემდეგ მასთან რიდით მიდგნენ მეზობლები. მაშას ქალები შემოეჯარნენ. ეკლესიიდან გამოსვლისას კირილა პეტროვიჩმა სუყველა სადილზე მიიწვია, ეტლში ჩაჯდა და შინისაკენ გაემართა. სტუმრები უკლებლივ უკან გამოუდგნენ. ოთახებში ტევა აღარ იყო. წამდაუწუმ შემოდიოდნენ ახალ-ახალი სტუმრები და მასპინძლებამდე ძლივს აღწევდნენ. ბანოვანნი, ნაგვიანევ მოდაზე გამოწყობილნი, გაცვეთილი და ძვირფასი ტალავარით მოსილნი, სულ მარგალიტებსა და ბრილიანტებში ჩასმულნი, დარბაისლურ ნახევარწრედ დასხდნენ, კაცები ხიზილალასა და არაყთან იყრიდნენ თავს, ყაყანით კამათობდნენ, დარბაზში ოთხმოცკაციან სუფრას შლიდნენ. მსახურები ფაციფუცობდნენ, დგამდნენ ბოთლებსა და სურებს, მაგიდის გადასაფარებლებს ასწორებდნენ. ბოლოს მსახურთუფროსმა გამოაცხადა: სუფრა გაშლილიაო და კირილა პეტროვიჩი პირველი გაემართა მაგიდისაკენ. უკან მიჰყვნენ მანდილოსნები და უფროს-უმცროსობის მიხედვით თავ-თავიანთ ადგილებზე მედიდურად დასხდნენ. ქალიშვილები ბეკეკების მფრთხალ არვესავით შექუჩდნენ და ერთიმეორესთან აირჩიეს ადგილები. სუფრის ბოლოს მასწავლებელი დაჯდა პატარა საშას გვერდით.
მსახურებმა წოდებათა შესაბამისად დაიწყეს თეფშების ჩამორიგება. თუ რამე გაუგებრობა მოხდებოდა, ლაფატერის გამოცნობის ხერხს იყენებდნენ და თითქმის არასდროს ცდებოდნენ. თეფშებისა და კოვზების წკარაწკური სტუმრების ყაყანს შეერთო. კირილა პეტროვიჩი გულდალხენილი ავლებდა თვალს თავის ტრაპეზს და პურადი კაცის ბედნიერებით ნეტარებდა... ამ დროს ეზოში ექვსცხენა ეტლი შემოვიდა.
- ვინ არის? - იკითხა მასპინძელმა.
- ანტონ პაფნუტიჩი, - მიუგო რამდენიმე კაცმა. გაიღო კარი და ანტონ პაფნუტიჩ სპიცინი, ორმოცდაათი წლის ჩაგოდრებული, ღაბაბჩაფაშფაშებული, სახემრგვალი და ჩოფურა კაცი სასადილოში შემოებღეტა. იგი თავს აქნევდა, იღიმებოდა და უკვე მობოდიშებას ეპირებოდა...
- აქეთ დანა-ჩანგალი, - დაიყვირა კირილა პეტროვიჩმა, - გთხოვთ, ანტონ პაფნუტიჩ, დაბრძანდი და გვარქვი, რით ავხსნათ, რომ ჩემს წირვაზე არ იყავი და სადილზეც გვიან მოხვედი. ეგ არ შეგშვენის: ღვთისმოსავიცა ხარ და ჭამის მოყვარულიც.
- პირშავად ვარ თქვენთან, - მიუგო ანტონ პაფნუტიჩმა, თან ბორდოსფერი ხიფთანის საღილეში ხელსახოცი მიიბნია. - პირშავად ვარ, ძვირფასო კირილა პეტროვიჩ, წამოსვლა ვიადრე, მაგრამ ათი ვერსიც არ გამევლო, რომ უცებ წინა თვლის სალტე შუაზე გადამისკდა. რაღა მექნა? საბედნიეროდ, სოფელი ახლოს იყო. ვიდრე იქამდე მივჩანჩალდით, მჭედელი მოვნახეთ და ყველაფერი რის ვაი-ვაგლახით მოვაკეთილეთ, ზუსტად სამი საათი გავიდა. რაღას ვიზამდი, კისტენევკის ტყეზე გამავალი მოკლე გზით წამოსვლა ვერ გავბედე და შემოსავლელ გზას გამოვყევი...
- ეეე! - შეაწყვეტინა კირილა პეტროვიჩმა. - შენ, გეტყობა, გულდედალი ვინმე ყოფილხარ. რა შიში გჭამს, თუ იცი?
- რას ჰქვია, რა შიში მჭამს, ჩემო კირილა პეტროვიჩ, დუბროვსკი ვითომ არაფერია? ვთქვათ და კლანჭებში ჩავუვარდი, კაცად კაცი მოხერხებულია, შენდობით არავის შეუნდობს, მე კი ალბათ ტყავს გამაძრობს და ხორცსაც ზედ მიაყოლებს.
- მაინც რისთვინ დაგდებს, ძმობილო, ესოდენ პატივს?
- როგორ რისთვინ, ჩემო კირილა პეტროვიჩ? რისთვინ და განსვენებული ანდრეი გავრილოვიჩის დავისთვინა. განა თქვენდა სასიამოვნოდ, ანუ, სინდისისა და სამართლიანობის კვალად არ ვაჩვენე, რომ დუბროვსკები კისტენევკას სრულიად უკანონოდ და მხოლოდ თქვენი წყალობით ფლობენ? განსვენებულმაც (ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს) აღმითქვა, შენს ოხტში კი ამოვალ, მე რომ ვიცი, ისეო. შვილი, მე მგონია, მამამისის სიტყვას არ გადავა. აქამდე ღმერთი მპატიობდა, სულ ერთადერთი ბეღელი გამიცალეს, მაგრამ ვაითუ კარ-მიდამოსაც მოსწვდნენ.
- მოსწვდებიან და გატენილ-გაძიძგინებულიც დახვდებათ, - შენიშნა კირილა პეტროვიჩმა. - წითელი ზარდახშა ალბათ გაჭედილი გაქვს...
- როგორ გეკადრებათ, ჩემო კირილა პეტროვიჩ, გაჭედილი იყო, მაგრამ ახლა სულ გამოფხეკილია!
- კარგი ერთი, ნუ ცრუპენტელობ, ანტონ პაფნუტიჩ, გიცნობთ, რა ხვითოც ბრძანდებით. ფულს არაფერზე ხარჯავ, ღორივითა ცხოვრობ, შენსას ფეხს არავის ადგმევინებ, გლეხებს სულით ხორცამდე ყვლეფ, აინუნში არაფერს აგდებ და აგროვებ, აბა.
- თქვენ სულ ხუმრობთ, ჩემო კირილა პეტროვიჩ, - ღიმილით წაიბლუკუნა ანტონ პაფნუტიჩმა, - ჩვენ კი, ღვთის მადლით, გავღატაკდით, - თქვა და მასპინძლის ბატონკაცური ხუმრობა ღვეზლის მსუყე ნაჭერს ჩააყოლა.
კირილა პეტროვიჩი ანტონ პაფნუტიჩს მოეშვა და სამაზრო პოლიციის ახალ უფროსს მიხედა. იგი პირველად იყო ტროეკუროვისას და მაგიდის ბოლოს, მასწავლებლის გვერდით იჯდა.
- რაო, თქვენ მაინც დაიჭერთ დუბროვსკის, ბატონო სამაზრო პოლიციის უფროსო?
სამაზრო პოლიციის უფროსი დაფეთიანდა, თავი დახარა, გაიღიმა, აბლუკუნდა და ბოლოს თქვა:
- ვეცდებით, თქვენო აღმატებულებავ.
- ჰმ, ვეცდებით. დიდი, დიდი ხანია ცდილობენ, მაგრამ საშველი მაინც არაა. ისე, კაცმა რომ თქვას, რისთვის უნდა დაიჭირონ. დუბროვსკის ძარცვა-გლეჯა სამაზრო პოლიციის უფროსთათვის სამადლო საქმეა. მისვლა-მოსვლა, გამოძიებანი, საზიდრები, ფული კი ჩაიჯიბე, - ასეთ მადლისმყოფელს რად მოიშორებ? ხომ მართალია, ბატონო სამაზრო პოლიციის უფროსო?
- სწორი ბრძანებაა, თქვენო აღმატებულებავ, - მიუგო მთლიანად ნირწამხდარმა სამაზრო პოლიციის უფროსმა.
სტუმრებმა გადაიხარხარეს.
- მიყვარს ვაჟკაცი გულწრფელობისთვის, - თქვა კირილა პეტროვიჩმა. - ისე კი, გული მწყდება განსვენებულ ჩვენს სამაზრო პოლიციის უფროსზე, ტარასი ალექსეევიჩზე. რომ არ დაეწვათ, ამ შემოგარენში უფრო სიმშვიდე იქნებოდა. მაინც რა ისმის დუბროვსკისა? სად ნახეს ბოლო ხანს?
- ჩემსას, კირილა პეტროვიჩ, - დაიწრიპინა მსუქანმა ქალმა. - წინა სამშაბათს ჩემთან ისადილა...
სტუმრები უკლებლივ მიაცქერდნენ ანა სავიშნა გლობოვას, საკმაოდ ქერქეტა ქვრივს, კეთილი და მხიარული ბუნების გამო ყველასათვის საყვარელ ქალს, და ცნობისწადილით მიაპყრეს ყური.
- უნდა გითხრათ, რომ სამი კვირის წინ მოურავი ფოსტაში გავგზავნე და ჩემი ვანიუშას ფული გავატანე. შვილს არ ველოლიავები, არც საიმისო საშუალება მაქვს, სურვილიც რომ მქონდეს; მაგრამ თვითონ მოგეხსენებათ, გვარდიის ოფიცერი წელგამართული უნდა იყოს და ვანიუშას, როგორც შემიძლია, ისე ვუნაწილებ მცირე შემოსავალს. ჰოდა, გავუგზავნე კიდეც ორი ათასი მანეთი, თუმცა დუბროვსკი ბევრჯერ მომაფიქრდა, გულში ვამბობდი: ქალაქი ორ ნაბიჯზეა, სულ შვიდ ვერსზე, ეგებ ღმერთმა გვიპატიოს-მეთქი. ვხედავ, საღამოს ჩემი მოურავი ფერწასული, სამოსდაფხრეწილი ქვეითად ბრუნდება. ვაი-ვიში აღმომხდა, რა იყო, რა დაგემართა-მეთქი? მოურავი მეუბნება: ჩემო ანა სავიშნა, ავაზაკებმა გამძარცვეს, კინაღამ გამათავეს, თვითონ დუბროვსკი იყო მათთან, უნდოდა ხეზე ჩამოვეკიდე, მაგრამ შევეცოდე და გამომიშვა, სამაგიეროდ, სულით ხორცამდე გამცალა - ცხენიც წამართვა და ფორანიცო. გული გამეყინა, მამაზეციერო, ჩემს ვანიუშას რა ეშველება-მეთქი? რა მექნა: მივწერე შვილს ბარათი, ყველაფერი ვუამბე და ცარიელი ლოცვა-კურთხევა შევუთვალე.
გავიდა ერთი კვირა, გავიდა მეორეც, უცებ ჩემს ეზოში ეტლი შემოდის. ვიღაც გენერალი ითხოვს, ნახვა მინდაო. მობრძანდით-მეთქი. შემოდის ოცდათხუთმეტი წლის შავგვრემანი, შავთმიანი, ულვაშ-წვეროსანი კაცი, კულნევის გამოცხადებული ხატება, მეცნობა, ვითარცა განსვენებული ქმრის ივან ანდრეევიჩის მეგობარი და თანამოსამსახურე, აქვე მივდიოდი და გულმა არ მომითმინა, არ შემომევლო მის ქვრივთან, როცა ვიცოდი, აქ ცხოვრობდაო. ვუმასპინძლე ღვთის მოცემულით, ვისაუბრეთ აქეთურზე, იქითურზე, ბოლოს დუბროვსკიზეც ჩამოვაგდეთ სიტყვა. ვუამბე ჩემი სადარდებელი. გენერალი მოიქუფრა. უცნაურიაო, - მითხრა მან, - მსმენია, დუბროვსკი ყველას კი არ ესხმის თავს, ცნობილ მდიდრებს, მაგრამ იმათაც სულით ხორცამდე როდი ძარცვავსო; მკვლელობას კი არავინ აბრალებს. აქ რაიმე ხრიკები ხომ არ იმალება, ერთი ბრძანეთ, თქვენს მოურავს დაუძახონო. წავიდნენ მოურავის დასაძახებლად. მოვიდა მოურავი, გენერლის დანახვაზე გაქვავდა. “ერთი მიამბე, ძმობილო, როგორ გაგძარცვა დუბროვსკიმ და როგორ უნდოდა შენი ჩამოხრჩობა!” ჩემი მოურავი აცახცახდა და გენერალს მუხლებში ჩაუვარდა. ბატონო, ბრალი მიმიძღვის, ეშმაკი შემიძვრა, ვიცრუეო. “რაკი აგრეა, - მიუგო გენერალმა, კეთილინებე და მოუყევი ქალბატონს, როგორც მოხდა ყველაფერი, მე კი მოგისმენ”. მოურავი გონს ვერ მოდიოდა. “აბა, - განაგრძო გენერალმა, - ჩამოკაკლე, სად შეხვდი დუბროვსკის?” ორ ფიჭვთან, ბატონო, ორ ფიჭვთანო, “მერედა რა გითხრა?” - მკითხა, ვისი ხარ, სად მიდიხარ და რისთვისაო? “კარგი, შემდეგ?” - შემდეგ ფული და წერილი მომთხოვაო. “მერე?” - მივეცი ფული და წერილიო. “იმან კი რა ჰქნა? ჰა, რა ჰქნა?” - ბატონო, დამნაშავე ვარო. “ჰა, რაღა ქნა იმან?” - იმან ფული და წერილი უკანვე მომცა და მითხრა: შენი გზით გასწი, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ეს ფოსტას ჩააბარეო. “მერე?” - ბატონო, დამნაშავე ვარო. “მე შენ მოგივლი, ძვირფასო, - რისხვით უთხრა გენერალმა, - თქვენ კი, ქალბატონო, ბრძანეთ, ამ გაიძვერას სკივრი გაჩხრიკონ, თვითონ ეგ კი მე გადმომეცით, ჭკუაზე მოვიყვან. იცოდეთ, დუბროვსკი თვითონ იყო გვარდიის ოფიცერი და ამხანაგს არ გაანაწყენებს”. მე ვხვდებოდი, ვინ იყო მისი აღმატებულება, რაღა უნდა მეთქვა. მეეტლეებმა მოურავი ეტლის კოფოზე მიაბეს, ფული ნახეს. გენერალმა ჩემსას ისადილა, მერე არ დაუხანებია, თან მოურავი გაიყოლა.
ჩემი მოურავი მეორე დღეს ტყეში იპოვეს, მუხაზე მიბმული და კუდის რიკამდე გაყვლეფილი.
ანა სავიშნას ყველა ჩუმად უსმენდა, განსაკუთრებით ქალიშვილები. ბევრი მათგანი დუბროვსკის გულში სიკეთეს უსურვებდა, რადგან მას რომანის გმირად სახავდნენ, განსაკუთრებით მარია კირილოვნა, მგზნებარე მეოცნებე, რადკლიფის იდუმალი შემაძრწუნებელი ამბებით გამსჭვალული.
- მერედა, შენი ჭკუით, ანა სავიშნა, შენსას თვით დუბროვსკი იყო? - ჰკითხა კირილა პეტროვიჩმა. - ძალიანაც შეგშლია. შენი სტუმარი ვინ იყო, ეგ არ ვიცი, მაგრამ დუბროვსკი არა და არ ყოფილა.
- როგორ, გეთაყვა, დუბროვსკი არ ყოფილაო, აბა ვინღა იყო, მაშ სხვა ვინ გავა გზაზე და დაუწყებს გამვლელებს გაჩერებას და გაჩხრეკას?
- არ ვიცი, მაგრამ დუბროვსკი ნამდვილად არა. მახსოვს, ბალღობისას როგორი იყო. არ ვიცი, თმა გაუშავდა თუ არა, მაშინ თმახუჭუჭა ქერა ბიჭუნა გახლდათ, ის კი უტყუარად ვიცი, რომ ხუთი წლით უფროსია ჩემს მაშაზე, და, მაშასადამე, არათუ ოცდათხუთმეტის, დაახლოებით, ოცდასამისაა.
- ნამდვილად ასეა, თქვენო აღმატებულებავ, - წარმოთქვა სამაზრო პოლიციის უფროსმა. - ჯიბეში ვლადიმირ დუბროვსკის ნიშნებიც კი მიდევს. იქ ზუსტადაა ნათქვამი, რომ ოცდასამი წლისაა.
- ხედავ! - თქვა კირილა პეტროვიჩმა. - ერთი წაიკითხეთ, ჩვენ კი მოგისმენთ, არ გვაწყენდა მისი ნიშნების ცოდნა, იქნებ თვალში მოგვხვდეს და მაშინ კი ვეღარ დაგვისხლტება.
სამაზრო პოლიციის უფროსმა ჯიბიდან საკმაოდ გათხუპნული ფურცელი ამოიღო, ზვიადად გაშალა და გაბმულად დაიწყო კითხვა:
“ნიშნები ვლადიმირ დუბროვსკისა, შედგენილი მისი ყოფილი შინაყმების ნაამბობის მიხედვით.
ოცდასამი წლისაა, საშუალო ტ ა ნ ი ს, ს ა ხ ე ს უ ფ- თ ა, წ ვ ე რ ს ი პ ა რ ს ა ვ ს, თ ვ ა ლ ე ბ ი თაფლისფერი აქვს, თ მ ა - ქერა, ც ხ ვ ი რ ი - სწორი, გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე- ბ უ ლ ი ნ ი შ ნ ე ბ ი: ასეთი არ აღმოჩნდა”.
- მეტი არაფერი? - თქვა კირილა პეტროვიჩმა.
- მეტი არაფერი, - მიუგო სამაზრო პოლიციის უფროსმა, თან ქაღალდი დაკეცა.
- მოგილოცავ. ბატონო პოლიციის უფროსო, ქაღალდიც ეგ ყოფილა! ამ ნიშნების წყალობით დუბროვსკის პოვნა არ გაგიჭირდებათ. ვინღა არაა საშუალო ტანის, ვის აღარა აქვს ქერა თმა, სწორი ცხვირი და თაფლისფერი თვალები! სანაძლეოს ვდებ, სამი საათი გადაბმულად ელაპარაკები თვით დუბროვსკის და ვერ მიხვდები, ვის გადაგყარა ღმერთმა. თქმა არ უნდა, ჭკვათმყოფელი ხალხია ეს მოხელეები!
სამაზრო პოლიციის უფროსმა მორჩილად ჩაიდო ჯიბეში თავისი ქაღალდი და მდუმარედ შეუტია კომბოსტოიან ბატს. მსახურებმა ამასობაში უკვე რამდენჯერმე ჩამოუარეს სტუმრებს და სირჩები აუვსეს. მთისა და ციმლიანსკის ღვინით სავსე რამდენიმე ბოთლი უკვე ბათქაბუთქით იქნა გახსნილი და კეთილგანწყობით მიღებული შამპანურად.
სტუმრებს სახეზე სიწითლე ედებოდათ, თანდათან უფრო ხმიერად, არეულ-დარეულად და ხალისიანად ლაპარაკობდნენ.
- არა, - განაგრძობდა კირილა პეტროვიჩი, - აწ განსვენებული ტარასი ალექსეევიჩისთანა პოლიციის უფროსი მეორე არაა! ყოჩაღი იყო, ბენტერა კი არა. დასანანია, რომ ვაჟკაცი კაცი დაწვეს, თორემ იმ ხროვის ვერც ერთი მონაწილე ვერ დაუსხლტებოდა. ყველას კაკალ-კაკალ მოიგდებდა ხელთ, თვითონ დუბროვსკიც ვერ გადაურჩებოდა და თავს ვერ გამოისყიდდა. ტარასი ალექსეევიჩი ფულს გამორთმევით კი გამოართმევდა, მაგრამ მაინც დაიჭერდა. ასეთი ზნისა იყო განსვენებული. რას იზამ, ეტყობა, მე უნდა მოვკიდო ხელი ამ საქმეს და ჩემი შინაყმებით შევუტიო ავაზაკებს. ჯერ ოც კაცს გავგზავნი და ისინი კიდევაც გაწმენდნენ ქურდების ტევრს. ჯაბანი ხალხი როდი მყავს, ყოველი მათგანი მარტო შეებმება დათვს, ავაზაკებს ზურგს არ აჩვენებენ.
- როგორ არის თქვენი დათვი, ჩემო კირილა პეტროვიჩ, - უთხრა ანტონ პაფნუტიჩმა, რომელსაც ტროეკუროვის ნათქვამმა თავისი ბანჯგვლიანი ნაცნობი და ის ზოგიერთი ხუმრობა გაახსენა, ოდესღაც რომ თვითონ ემსხვერპლა.
- მიშამ ფეხები ფშიკა, - მიუგო კირილა პეტროვიჩმა, - სახელოვნად დაეცა, მტერმა მოუღო ბოლო. აგერ მისი მძლეველი. - კირილა პეტროვიჩმა დეფორჟზე ანიშნა. - შენ ჩემს ფრანგზე უნდა ილოცო. მან მიშას სამაგიერო აზღვევინა ბოდიში და, შენი იმისთვის, გახსოვს?
- მახსოვს და მერე როგორ, - მიუგო ანტონ პაფნუტიჩმა, თან თავი მოიქექა. - ძალიანაც მახსოვს. ასე რომ, მიშა მიიცვალა. მებრალება მიშა, ღვთის მადლმა, მებრალება! რა ოხუნჯი იყო! რა გონიერი! მაგეთ დათვს სანთლით ვერ იპოვი. მერედა, რატომ გაიმეტა მუსიემ?
კირილა პეტროვიჩი მეტის კმაყოფილებით შეუდგა თავისი ფრანგის საგმირო საქმის თხრობას, რამეთუ ბრწყინვალე უნარი ჰქონდა თავი მოეწონებინა ყოველივეთი, რაც კი რამ გარს ერტყა. სტუმრები გულისყურით უსმენდნენ მიშას სიკვდილის ამბავს და გაკვირვებულნი დროდადრო თვალს ავლებდნენ დეფორჟს, რომელსაც ფიქრადაც არ მოსდიოდა, რომ მის გულოვნობაზე ლაპარაკობდნენ, წყნარად იჯდა თავის ადგილას და ზნეობრივად მოძღვრავდა ანც მოწაფეს.
სადილმა სამ საათს გასტანა და ბოლოს დასრულდა. მასპინძელმა ხელსახოცი მაგიდაზე დადო, ყველა ადგა და გავიდა სასტუმროში, სადაც მათ ელოდა ყავა, კარტი და სმა, ესოდენ ბრწყინვალედ დაწყებული სასადილოში.
მეათე თავი
დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე ზოგ სტუმარს უნდოდა შინ წასულიყო, მაგრამ პუნშით გახალისებულმა მასპინძელმა ბრძანა, ჭიშკარი ჩაეკეტათ და გამოაცხადა, ხვალ დილამდე ეზოდან ფეხს არავის მოვაცვლევინებო. მალე დასჭექა მუსიკამ, განიხვნა დარბაზის კარნი და გაჩაღდა ბალი. მასპინძელი და მისი დაახლოებულნი პირნი კუთხეში ისხდნენ, ჭიქებს ზედიზედ ყლურწავდნენ და ახალგაზრდების მხიარულებას შეჰხაროდნენ. მოხუცი ბანოვანნი კარტს თამაშობდნენ. კავალრები, ისევე როგორც სუყველგან, სადაც კი ულანთა რომელიმე ბრიგადა არაა დაბანაკებული, ქალებზე ნაკლებნი გახლდათ და არც ერთი გამოსადეგი კაცი უქმად არ იყო. მასწავლებელი ყველასაგან განსხვავდებოდა, ყველაზე მეტს ცეკვავდა, ყველა ქალიშვილი ირჩევდა და ასკვნიდა, მასთან ძალზე ადვილია ვალსის ცეკვაო. ფრანგი რამდენჯერმე დაბზრიალდა მარია კირილოვნასთან ერთად, ქალიშვილები დამცინავად ადევნებდნენ თვალს. ბოლოს, ასე შუაღამისას, მასპინძელმა ცეკვები შეწყვიტა და ბრძანა, ვახშამი მიართვითო სტუმრებს, თვითონ კი დასაძინებლად გასწია.
რაკი კირილა პეტროვიჩი წავიდა, საზოგადოებამ უფრო თავისუფლად ამოისუნთქა და უფრო გამოცოცხლდა. კავალრებმა გაბედეს ქალების გვერდით მოეკალათებინათ. ქალიშვილები კისკისებდნენ და თავიანთ მეზობლებს ეჩურჩულებოდნენ. ქალები ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს მაგიდის ერთი კიდიდან მეორეში. კაცები სვამდნენ, კამათობდნენ და ხარხარებდნენ, ერთი სიტყვით, ვახშამზე უჩვეულო ხალისი სუფევდა და მან ბევრი სასიამოვნო მოსაგონარი შესძინა სტუმრებს.
მარტოოდენ ერთი კაცი გამოთიშვოდა საერთო მხიარულებას - ანტონ პაფნუტიჩი მოქუშული და ხმაგაკმენდილი იჯდა თავის ადგილას, უგულისყუროდ ჭამდა და, ეტყობოდა, ძალზე შეშფოთებული იყო. ავაზაკებზე წამოჭრილი საუბრები წარმოსახვას უშფოთებდა. ჩვენ მალე ვნახავთ, რომ საკმაო მიზეზი მოეძევებოდა, მათი შიში ჰქონოდა.
ანტონ პაფნუტიჩი არც ტყუილს ამბობდა არც ცოდვას სჩადიოდა, როცა ღმერთს იმოწმებდა, წითელი ზარდახშა გამოფხეკილი მაქვსო. წითელი ზარდახშა სწორედ რომ გამოცარიელებული ჰქონდა. ოდესღაც იქ დაუნჯებულმა ფულმა ჩახვში გადაინაცვლა და ამ ჩახვს პერანგქვეშ მკერდზე ჩამოკიდებულს დაატარებდა. მხოლოდ ასეთი სიფრთხილით იქარვებდა თავის უნდობლობას ყველას მიმართ და გამუდმებულ შიშს. რაკი იძულებული გახდა, სხვის სახლში გაეთენებინა, შეშინდა, სადმე განცალკევებულ ოთახში არ დამაწვინონ, სადაც ქურდები იოლად შემოვლენო, და თვალით საიმედო ამხანაგს ეძებდა. ბოლოს დეფორჟი გამოარჩია. ასეთი არჩევანი განაპირობა ფრანგის გარეგნობამ, რაიც მის ძალ-ღონეს საჩინოს ხდიდა, უფრო კი დათვთან გამოჩენილმა გულოვნობამ, დათვთან, რომელსაც საბრალო ანტონ პაფნუტიჩი ძრწოლის გარეშე ვერ იხსენებდა. როცა მაგიდიდან წამოიშალნენ, ანტონ პაფნუტიჩმა ახალგაზრდა ფრანგის სიახლოვეს დაიწყო წრიალი, დროგამოშვებით ყელში ახრიწინებდა და ახველებდა. ბოლოს თავისი ფიქრი გაუზიარა:
- ჰმ, ჰმ, ხომ არ შეიძლება, მუსიე, ღამე თქვენს სენაკში გავითიო, ვინაიდან, მოგეხსენებათ...
დეფორჟმა თავაზიანად დაუკრა თავი და ჰკითხა:
- Que desire monsier?*
- რა გჭირს, მუსიე, რომ რუსული ჯერ კიდევ არ გისწავლია. ჟე ვე, მუა, შე ვუ კუშე,გესმის?..
- Monsieur trés volontiers, - მიუგო დეფორჟმა, - veuillez donner des ordres en conséquence.**
ფრანგულ ენაში თავისი განსწავლულობით ძალზე კმაყოფილი ანტონ პაფნუტიჩი წავიდა, რათა მაშინვე დაეჭირა თადარიგი.
სტუმრები ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ და თითოეული მისთვის განკუთვნილ ოთახში მიდიოდა. ხოლო ანტონ პაფნუტიჩი მასწავლებელთან ერთად ფლიგელისაკენ გაემართა. ბნელოდა. დეფორჟი ფარნით ინათებდა გზას. ანტონ პაფნუტიჩი საკმაოდ გულმაგრად მიჰყვებოდა უკან და დროგამოშვებით მკერდზე იხუტებდა საიდუმლო ჩახვს, რათა ერწმუნა, რომ ფული ჯერ კიდევ თან ჰქონდა.
ფლიგელში მასწავლებელმა სანთელს მოუკიდა და ორივე შეუდგა სამოსის გახდას. ანტონ პაფნუტიჩი იხდიდა და თან ოთახში მიდი-მოდიოდა, ათვალიერებდა კლიტეებს, ფანჯრებს და თავს აკანტურებდა, რამეთუ დათვალიერება ნუგეშს ვერ უნერგავდა. კარი მარტო ურდულით იკეტებოდა, ფანჯრებსაც ორმაგი ჩარჩოები არ გააჩნდა. ის იყო სცადა, დეფორჟთან ამაზე სამდურავი ეთქვა, მაგრამ ესოდენ რთული ახსნა-განმარტებისთვის მისი ფრანგულის ცოდნა მეტისმეტად კნინი იყო. ფრანგმა ვერა გაუგო რა და ანტონ პაფნუტიჩი იძულებული გახდა, წუწუნი შეეწყვიტა. მათი საწოლები ერთმანეთის მოპირდაპირედ იდგა, ორივე დაწვა და მასწავლებელმა სანთელი ჩააქრო.
- პურკუა ვუ ტუშე, პურკუა ვუ ტუშე,- იყვირა ანტონ პაფნუტიჩმა. მან რუსული ვ ა ქ რ ო ბ რის ვაი-ვაგლახით ფრანგულად აუღლა. - არ შემიძლია სიბნელეში დორმირ.დეფორჟმა მისი წამოძახილი ვერ გაიგო და ძილინებისა უსურვა.
- წყეული ურჯულო, - წაიბურტყუნა სპიცინმა და საბანი შემოიფუთნა. - რა სანთლის ჩაქრობა აუტყდა. მისთვის ხომ უარესია. მე უსინათლოდ ვერ ვიძინებ. - მუსიე, მუსიე, - განაგრძო მან, - ჟე ვე ავეკ ვუ პარლე.- მაგრამ ფრანგი არ ეპასუხებოდა და მალე ხვრინვა გააბა.
“ხვრინავს, გაიძვერა ფრანგი, - გაიფიქრა ანტონ პაფნუტიჩმა, - მე კი რული არ მეკარება, ერთიც ვნახოთ და ქურდები შემოვიდნენ ღია კარში, ან ფანჯარაში გადმოძვრნენ. ამ გაიძვერას ყურთან რომ ზარბაზანი დაუცალო, მაინც ვერ გააღვიძებ”.
- მუსიე! ჰეი, მუსიე! დაგლახვროს ეშმაკმა.
ანტონ პაფნუტიჩი გაყუჩდა. დაღლილობამ და ღვინომ ნელ-ნელა შიში განუქარვეს, რული მოეკიდა და მალე გულის ძილმა კისერი მოსწყვიტა.
ანტონ პაფნუტიჩს უცნაური გაღვიძება უმზადდებოდა. იგი ძილში გრძნობდა, რომ პერანგის საყელოზე ვიღაც ქაჩავდა. თვალი გაახილა და შემოდგომის დილის მკრთალ შუქზე დეფორჟი დაინახა. ფრანგს ცალ ხელში ჯიბის დამბაჩა ეჭირა, ხოლო მეორეთი სანუკვარ ჩახვს აცლიდა. ანტონ პანფუტიჩი გაქვავდა.
- კეს კე სე, მუსიე, კეს კე სე,- თქვა ხმააკანკალებულმა.
- ხმა, კრინტი, - მიუგო მასწავლებელმა წმინდა რუსულით. - ხმა, თორემ გაგათავებ. მე დუბროვსკი ვარ.
მეთეთრმეტე თავი
ახლა ნებართვას ვთხოვთ მკითხველს, ჩვენი მოთხრობის უკანასკნელი ამბები ავხსნათ მათი წინამორბედი გარემოებებით, რომელთა შესახებაც ჯერ კიდევ არა გვითქვამს რა.
* სადგურში, ჩვენ მიერ უკვე ხსენებული ზედამხედველის სახლში, კუთხეში იჯდა მგზავრი. მისი თვინიერების, მოთმინების გამომხატველი შესახედაობა მიუთითებდა, რომ მდაბიო ან უცხოელი იყო, ესე იგი, ადამიანი, რომელსაც საფოსტო გზაზე კრინტის დაძვრა არ შეეძლო. მისი ბრიჩკა ეზოში იდგა და თვლების გაპოხვას ელოდა. შიგ იდო პატარა ჩემოდანი, მწირი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ პატრონი არცთუ შეძლებული ჰყავდა. მგზავრი არც ჩაის ითხოვდა, არც ყავას, ფანჯარაში იყურებოდა და უსტვენდა, რაც დიდ უკმაყოფილებას ჰგვრიდა ტიხარს იქით მჯდომ ზედამხედველის ცოლს.
- აჰანდე, ღმერთმა სტვენია გამოგვიგზავნა, - ამბობდა ხმადაბლა. - დახე, რას უსტვენს, მეხი კი დავაყარე ამ წყეულ ურჯულოს, ამას.
- მერე რაო? - მიუგო ზედამხედველმა, - რა ვუყოთ, რა, უსტვინოს თავისთვის.
- რა ვუყოთ? - შეესიტყვა გამწყრალი ცოლი. - კი მაგრამ, არ იცი, სტვენა რისი ნიშანია?
- რის ნიშანი, რა ნიშანიო? სტვენას რომ უფულობა მოაქვს? ერთი შენცა! პახომოვნა, გინდ უსტვინე, გინდა არა, ფული მაინც არ გვაშავია.
- სიდორიჩ, გაუშვი ერთი ეს კაცი. რა ძალა გადგას, რომ აჩერებ. მიეცი ცხენები და ეშმაკებთანაც წასულა.
- მოვიცადოთ, პახომოვნა, საჯინიბოში სულ სამი სამეულია. მეოთხე სამეული ისვენებს. ერთიც ვნახოთ და კარგი მგზავრები შემოგვესწრონ, არ მინდა კისერი მოვიტხო მაგ ფრანგის გამოისობით. სუ, აგე, კაცი ხსენებაზეო! მოქრიან, ეჰ-ეჰე, მერედა რა კისრისტეხით, გენერალია, ვითომ?
ეტლი პარმაღთან დადგა. კოფოდან მსახური ჩამოხტა, ეტლის კარი გააღო და ერთ წუთში სამხედრო მაზარით მოსილი თეთრქუდიანი ახალგაზრდა ზედამხედველთან შევიდა. ახალგაზრდას მსახური შემოჰყვა და შემოტანილი ზარდახშა ფანჯარაზე დადო.
- ცხენები, - მბრძანებლურად თქვა ოფიცერმა.
- ახლავე, - მიუგო ზედამხედველმა, - თქვენი სამგზავრო მოწმობა გვიბოძეთ.
- სამგზავრო მოწმობა არა მაქვს. სხვა მხარეს მივდივარ... ვერა მცნობ თუ?
ზედამხედველი დაფაცურდა და მეეტლების დასაშურებლად გავარდა. ახალგაზრდა ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, ტიხარს იქით გავიდა და ზედამხედველის ცოლს ხმადაბლა ჰკითხა - ეს მგზავრი ვინ არისო.
- ღმერთმა არ იცის მაგისი თავი, - მიუგო ზედამხედველის მეუღლემ. - ვიღაც ფრანგია. ხუთი საათია უკვე ცხენებს უცდის და უსტვენს. გული გამიწყალა ამ შეჩვენებულმა.
ახალგაზრდა ფრანგულად შეეხმიანა ფრანგს.
- საით მიბრძანდებით? - ჰკითხმა მას.
- მახლობელ ქალაქში, - მიუგო ფრანგმა. - იქიდან ერთ მემამულესთან წავალ. მასწავლებლად ამიყვანა ისე, რომ არც ვუნახივარ. ვფიქრობდი, დღეს ადგილზე ვიქნები-მეთქი, მაგრამ ბატონი ზედამხედველი, მგონი, სხვანაირად სჯის. ამ მხარეში ძნელი ყოფილა ცხენების შოვნა, ბატონო ოფიცერო.
- კი მაგრამ, რომელ მემამულესთან გამწესდით? - ჰკითხა ოფიცერმა.
- ბატონ ტროეკუროვთან, - მიუგო ფრანგმა.
- ტროეკუროვთან? ვინ ტროეკუროვია ეს?
- Ma foi, monsieur***...მასზე კარგი მაინცდამაინც არა მსმენია. ამბობენ, ერთი გოროზი და აჯამი ბატონიაო, შინაყმებს უწყალოდ ექცევაო, ვერვინ ვერ ეთვისებაო, მაგისი სახელის გაგონებაზე ყველა ცახცახებსო, მასწავლებლებს (avec les outchitels) არ ეთავპატიჟება და ორი უკვე ისე გაწკეპლა, სიკვდილის პირას მიიყვანაო.
- რას ბრძანებთ? მერედა, რა გულმა მოგცათ, ასეთ გველეშაპთან გამწესებულიყავით?
- სხვა რა ჩარა იყო, ბატონო ოფიცერო, ხელფასს კარგს მთავაზობს, სამი ათას მანეთს წელიწადში და სხვა ყოველივეს მზამზარეულს. კაცი მოხუცებული დედის პატრონი ვარ, ნახევარ ხელფასს იმას გავუგზავნი თავის შესანახად, დანარჩენით ხუთ წელიწადში შემიძლია მცირე თანხა მოვაქუჩო. ეგ საკმარისი იქნება, მომავალში დამოუკიდებლობა მოვიპოვო. მაშინ კი bonsoir, გავსწევ პარიზს და კომერციულ საქმეს დავუტრიალდები.
- ტროეკუროვისას თუ გიცნობთ ვინმე? - ჰკითხა ახალგაზრდამ.
- არავინ, - მიუგო მასწავლებელმა. - ტროეკუროვმა ერთი თავისი მეგობრის მეშვეობით დამიბარა მოსკოვიდან. მე კი რეკომენდაცია ამ მეგობრის მზარეულმა, ჩემმა თანამემამულემ მომცა. უნდა მოგახსენოთ, რომ მეშაქარლამეობას ვაპირებდი და არა მასწავლებლობას, მაგრამ მითხრეს, რომ თქვენს ქვეყანაში მასწავლებლის წოდება გაცილებით ხელსაყრელი ყოფილა...
ოფიცერი დაფიქრდა.
- მისმინეთ, - ლაპარაკი შეაწყვეტინა ფრანგს, - რა იქნებოდა, რომ ამ მომავლის სანაცვლოდ თქვენთვის ათი ათასი ნაღდი ფული შემოეძლიათ და ახლავე უკან, პარიზს წასულიყავით?
ფრანგმა გაკვირვებით შეხედა ოფიცერს, გაიღიმა და თავი გადააქნია.
შემოვიდა ზედამხედველი და განაცხადა:
- ცხენები მზადაა.
მსახურმაც დაადასტურა მისი ნათქვამი.
- ახლავე, - მიუგო მათ ოფიცერმა, - ერთი წუთით გარეთ გადით. - ზედამხედველი და მსახური გავიდნენ. - მე არ გეხუმრებით, - ფრანგულად განაგრძო ოფიცერმა, - შემიძლია ათი ათასი მოგართვათ, ოღონდ აქედან უნდა წახვიდეთ და თქვენი ქაღალდები მომცეთ.
ამის თქმისთანავე ოფიცერმა ზარდახშა გახსნა და ასიგნაციების რამდენიმე დასტა ამოიღო.
ფრანგმა თვალები გადმოკარკლა. აღარ იცოდა, რა ეფიქრა.
- წავიდე... ჩემი ქაღალდები... - იმეორებდა სახტად დარჩენილი. - აგერ ჩემი საბუთები... მაგრამ თქვენ ხუმრობთ, რისთვის გჭირდებათ ჩემი ქაღალდები?
- თქვენ ამასთან არა გესაქმებათ რა. მე გეკითხებით, ყაბულსა ხართ თუ არა?
ფრანგი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. მან ახალგაზრდა ოფიცერს თავისი ქაღალდები გაუწოდა, ოფიცერმა კი ისინი სასწრაფოდ გადაათვალიერა.
- თქვენი პაშპორტი... კარგია. სარეკომენდაციო წერილი, ვნახოთ. დაბადების მოწმობა, დიდებულია. მაშ, აჰა, თქვენ თქვენი ფული და უკან გასწით. მშვიდობით.
ფრანგი სარგადაყლაპულივით იდგა.
ოფიცერი მობრუნდა.
- ლამის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გადამვარდა გონებიდან: კაცური სიტყვა მომეცით, რომ ეს ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება, მომეცით კაცური სიტყვა!
- მომიცია კაცური სიტყვა, - მიუგო ფრანგმა, - მაგრამ ჩემს ქაღალდებს რა ვუყო, რა ვქნა უიმათოდ?
- პირველივე ქალაქში გააცხადეთ, დუბროვსკიმ გამძარცვა-თქო. გერწმუნებიან და საჭირო მოწმობებს მოგცემენ. მშვიდობით, ღმერთმა მალე ჩაგიყვანოთ პარიზს და დედა საღსალამათად განახოთ.
დუბროვსკი ოთახიდან გავიდა, ეტლში ჩაჯდა და გააქანა.
ზედამხედველი ფანჯარაში იყურებოდა და, როცა ეტლი წავიდა, ცოლს შეუძახა:
- პახომოვნა, იცი რა? ეს ხომ დუბროვსკი იყო.
ქალი ფაცხაფუცხით ეცა ფანჯარას, მაგრამ დააგვიანდა, დუბროვსკი უკვე შორს იყო. ამიტომ ქმარს მოსდგა და მოსდგა:
- ღმერთის შიში არა გაქვს, სიდორიჩ, რატომ ადრე არ გამაგებინე ეს ამბავი, თვალს შევავლებდი მაინც, ახლა კი ელოდე მის შემოვლას, ნამუსგარეცხილი ხან შენ, სწორედ ნამუსგარეცხილი!
ფრანგი გაქვავებული იდგა. ოფიცერთან საქმის გარიგება, ფული - ყოველივე სიზმრად ეჩვენებოდა, მაგრამ ასიგნაციების დასტები ჯიბეში ეწყო და საჩინოდ უდასტურებდა, რომ ეს გასაოცარი ამბავი სინამდვილე იყო.
ფრანგმა გადაწყვიტა, ქალაქამდე ცხენები ექირავა. მეეტლემ იგი ტაატით ატარა და დაღამებულზე მიაჩანჩალა ქალაქში.
ჯერ საგუშაგომდე არ იყვნენ მისულნი, სადაც გუშაგის ნაცვლად მომზღვლეული ჯიხური იდგა, რომ ფრანგმა მეეტლე შეაჩერა, ძირს გადმოძვრა, მას მიანიშნ-მოანიშნა, ბრიჩკა და ჩემოდანი შენთვის საარყედ მიწყალობებიაო, და ფეხით გაუყვა გზას. მეეტლე ისევე გააოგნა ფრანგის ხელგაშლილობამ, როგორც თვით ფრანგი დუბროვსკის წინადადებამ, მაგრამ აქედან დაასკვნა, გერმანელმა შეუპრიტინაო, მას საგულდაგულოდ თავის დაკვრით მადლი მოახსენა, გადაწყვიტა ქალაქში არ შესულიყო და ერთი სამიკიტნოსაკენ გაემართა, რომლის პატრონიც მისი კარგი ნაცნობი იყო. მეეტლემ მთელი ღამე სამიკიტნოში გაატარა, მეორე დღეს დილით კი სახედაფიჟვინებული და თვალებდაწითლებული უბრიჩკოდ და უჩემოდნოდ სამცხენათი გაემართა შინ.
დუბროვსკიმ ფრანგის ქაღალდები რომ ხელთ იგდო, თამამად გამოცხადდა, როგორც უკვე ვნახეთ, ტროეკუროვთან და მისას დაიდო ბინა. რა იდუმალი ზრახვებიც უნდა ჰქონოდა (მათ ჩვენ შემდგომ გავეცნობით), საძრახისი არა გაუკეთებია რა. მართალია, პატარა საშას აღზრდაზე ნაკლებ იტკიებდა თავს, მის ნებაზე ჰყავდა მიშვებული და მკაცრად არ სჯიდა გაკვეთილებისათვის, რომლებსაც სასხვათაშორისოდ უტარებდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ერთობ გულდაგულ ადევნებდა თვალყურს თავისი მოწაფე ქალის მუსიკალურ წარმატებებს და ხშირად მთელი საათობით მასთან ერთად უჯდა ფორტეპიანოს. ყველას უყვარდა ახალგაზრდა მასწავლებელი - კირილა პეტროვიჩს იმიტომ, რომ ნადირობისას ვაჟკაცურ სიმკვირცხლეს იჩენდა, მარია კირილოვნას იმიტომ, რომ უსაზომო მუყაითობასა და კრძალულ ყურადღებიანობას ავლენდა, საშას იმიტომ, რომ მის ცელქობას მოწყალედ ეკიდებოდა, შინაყმებს იმიტომ, რომ გულკეთილად ეპყრობოდა და გულუხვი იყო მათთან, რაც ეტყობოდა, მის შეძლებას არ ესადაგებოდა. თვითონ თითქოსდა მთელ სახლეულს გახლდათ შეთვისებული და თავს უკვე მის წევრად რაცხდა.
ერთი თვე იქნებოდა გასული დუბროვსკის მასწავლებლად დადგომიდან იმ ღირსშესანიშნავ დღესასწაულამდე და არავის ფიქრად არ მოსდიოდა, რომ მოკრძალებული ფრანგი ჭაბუკი შენიღბული მრისხანე ყაჩაღი იყო, ვისი სახელიც ძრწოლას ჰგვრიდა გარემომდებარე მამულთა ყველა მფლობელს. მთელი ეს ხანი დუბროვსკი პოკროვსკოეს არ გასცილებია, მაგრამ სოფლის მცხოვრებთა გამჭრიახი წარმოსახვის წყალობით მითქმა-მოთქმა მის ძარცვა-გლეჯაზე არ წყდებოდა. თუმცა ისიც საფიქრებელია, რომ ყაჩაღთა გუნდი მეთაურის წამოსვლის შემდეგაც არ ისვენებდა.
დუბროვსკი რომ ღამეს იმ კაცთან ერთად ათევდა, ვინც შეიძლება პირად მტრად და თავისი სიბედშავის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიეჩნია, ცთუნებას ვერ გაუძლო. მან იცოდა ჩახვის ამბავი და გადაწყვიტა ხელთ ეგდო იგი. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ გააოგნა საბრალო ანტონ პაფნუტიჩი, როცა ანაზდეულად ავაზაკად გარდაისახა.
პოკროვსკოეში ღამენათევი სტუმრები დილის ცხრა საათზე ერთიერთმანეთს შემოჰყვნენ სასტუმროში, სადაც უკვე სამოვარი თუხთუხებდა. დილის კაბით მოსილი მარია კირილოვნა სამოვართან იჯდა, ხოლო კირილა პეტროვიჩი სარეცხი ჯამისმაგვარი თავისი ვეება ფინჯნით ჩაის შეექცეოდა. მასპინძელს ფლოსტები და თივთიკის სერთუკი ეცვა. ანტონ პაფნუტიჩი ყველაზე ბოლოს შემოვიდა. ისე გაფითრებული იყო და ისე გუნებაწამხდარი, ყველა განცვიფრდა. კირილა პეტროვიჩმა მოიკითხა კიდეც - როგორ ხარო. სპიცინი პასუხად რაღაცას მიედ-მოედებოდა და ძრწოლით აყოლებდა თვალს მასწავლებელს, რომელიც ისე იჯდა იქვე, ვითომც არაფერი მომხდარიყო. გავიდა რამდენიმე წუთი. სპიცინს მსახური გამოეცხადა და აუწყა, ეტლი მზად გახლავთო. ანტონ პაფნუტიჩი სწრაფად გამოემშვიდობა ხალხს, მასპინძლის შეგონების მიუხედავად, საჩქაროდ გამოვიდა ოთახიდან და მაშინვე შინისაკენ გასწია. ვერავინ იაზრა, რა დაემართა, კირილა პეტროვიჩმა კი გადაწყვიტა ნამეტანი ამოიყორაო. ჩაისა და გამოსამშვიდობებელი საუზმის შემდეგ ნელ-ნელა სხვა სტუმრებიც გაუყვნენ შინის გზას. მალე პოკროვსკოედან ხალხი გაიკრიფა და ყველაფერი ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგა.
მეთორმეტე თავი
გავიდა რამდენიმე დღე და მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. პოკროვსკოელნი ერთფეროვნად ცხოვრობდნენ. კირილა პეტროვიჩი ყოველდღე გადიოდა სანადიროდ. მარია კირილოვნა კითხვით, სეირნობით და მუსიკის გაკვეთილებით იყოლიებდა თავს. განსაკუთრებით მუსიკის გაკვეთილებით. ქალიშვილი თანდათან უგებდა საკუთარ გულს და უნებლიე შეჭირვებით აღიარებდა, რომ ახალგაზრდა ფრანგის ღირსებებს თბილად ეკიდებოდა. მასწავლებელი, თავის მხრივ, რიდსა და მკაცრი წესიერების საზღვრებს იცავდა და ამით აურვებდა ქალის სიამაყეს და შიშნეულ ეჭვებს. მარია კირილოვნა მეტი და მეტი ნდობით დაჰყვა თავის წარმტაც ჩვევას. როცა დეფორჟი გვერდით არ ჰყავდა, მოწყენილი იყო, როცა ჰყავდა, ყოველივეზე და ყოველთვის ეთანხმებოდა. მარია კირილოვნას შესაძლოა ჯერ კიდევ არ მოსდებოდა სიყვარულის სახმილი, მაგრამ პირველივე შემთხვევით დაბრკოლებაზე ან ბედის ანაზდეულ სიავეზე სახმილი იგი გულში უნდა აბრიალებოდა.
ერთხელ მარია კირილოვნა შევიდა დარბაზში, სადაც მასწავლებელი ელოდა და განცვიფრებულმა შეამჩნია, რომ დეფორჟს ფერმიხდილი სახე შეცბუნებოდა. ქალიშვილმა ფორტეპიანოს თავი ახადა, რამდენიმე ნოტი იმღერა, მაგრამ დუბროვსკიმ თავის ტკივილის საბაბით მოუბოდიშა, გაკვეთილი შეაწყვეტინა და ნოტების დახურვისას ჩუმად გადასცა ბარათი. მარია კირილოვნამ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო, ბარათი გამოართვა და მაშინვე ინანა, მაგრამ დუბროვსკი უკვე დარბაზიდან გასულიყო. მარია კირილოვნა თავის ოთახისკენ გაემართა, ბარათი გაშალა და წაიკითხა:
“დღეს შვიდ საათზე ღელესთან ფანჩატურში იყავით, უსათუოდ უნდა გელაპარაკოთ”.
მარია კირილოვნა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო. იგი კარგა ხანია ელოდა გულის გადმოშლას, ეწადა ეს, ოღონდ აფრთხობდა. სიამოვნებას მიანიჭებდა იმის დადასტურება, რასაც თავად ხვდებოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ სათაკილო იქნებოდა გულის ნადები მოესმინა კაცისა, რომელსაც თავისი წოდების კვალობაზე არ შიძლება იმედი ჰქონოდა ოდესმე მისი შერთვისა. მარია კირილოვნამ გადაწყვიტა, დეფორჟს შეხვედროდა, მაგრამ ერთი რამის გამო ყოყმანობდა: როგორ მოეკიდებოდა მასწავლებლის მიერ გულისნადების გამჟღავნებას, დიდკაცურად აღშფოთდებოდა, მეგობრობაზე დაუწყებდა რჩევა-დარიგებას, მხიარულ ხუმრობას მოჰყვებოდა თუ მდუმარედ თანაუგრძნობდა? ამავე დროს წამდაუწუმ საათს დაჰყურებდა, ჩამოდგა მწუხრი, შემოიტანეს სანთლები, კირილა პეტროვიჩი სტუმრად მოსულ მეზობლებთან ბოსტონის სათამაშოდ დაჯდა. დარეკა სასადილოს საათმა - შვიდს თხუთმეტი აკლდა. მარია კირილოვნა ჩუმად გავიდა პარმაღზე, მიიხედ-მოიხედა და ბაღში გაიქცა.
ბნელოდა. ცას ღრუბლები გადაკვროდა და თვალში თითს ვერ მიიტანდით, მაგრამ მარია კირილოვნა ნაცნობ ბილიკებს მიჰყვებოდა და ერთ წუთში გაჩნდა ფანჩატურთან. იგი შედგა, რათა სული მოეთქვა და დეფორჟს გულგრილი და მშვიდი იერით წარსდგომოდა, მაგრამ დეფორჟი უკვე წინ ედგა.
- გმადლობთ, რომ თხოვნა შემისრულეთ, - უხრა მასწავლებელმა წყნარად და სევდიანად. - სულიერად დავეცემოდი, რომ ამაზე უარი გეთქვათ.
მარია კირილოვნამ წინასწარ მოფიქრებული ფრაზა შეაგება:
- ვიმედოვნებ, არ მაიძულებთ, სანანებლად გამიხდეს ჩემი გულმოწყალება.
დეფორჟი ხმას არ იღებდა. გეგონებოდათ, ძალას იკრებსო.
- გარემოებანი ითხოვენ... მე უნდა განგშორდეთ, - ამოღერღა ბოლოს. - შესაძლოა მალე ყური მოჰკრათ... მაგრამ განშორების წინ მე თვითონ უნდა აგიხსნათ...
მარია კირილოვნა პასუხს არ აძლევდა. ეს სიტყვები ხვაშიადის გამხელის წინათქმად მიაჩნდა.
დეფორჟმა თავი დახარა და განაგრძო:
- მე ის არა ვარ, თქვენ რომ გგონივართ. მე დუბროვსკი გახლავართ და არა ფრანგი დეფორჟი.
მარია კირილოვნამ წამოიკივლა.
- თუ ღმერთი გწამთ, ნუ გეშინიათ, თქვენ ჩემი სახელი არ უნდა გაფრთხობდეთ. დიახ, მე, ის ბედკრული ვარ, მამათქვენმა რომ ლუკმაპური დააკარგვინა, მამეული სახლიდან გააგდო და შარაგზებზე თარეში დააწყებინა, მაგრამ თქვენ ჩემი არ უნდა გეშინოდეთ, არც საკუთარი თავის, არც მამის გამოისობით. ყველაფერი დასრულდა. მე მას შევუნდე, მისმინეთ: მამათქვენი თქვენ იხსენით. ჩემი პირველი სისხლიანი გმირობის კევრი მამათქვენის თავზე უნდა დატრიალებულიყო. მე მისი სახლის ახლომახლო დავაბიჯებდი, ვინიშნავდი, სად უნდა ავარდნილიყო ხანძრის ალი, საიდან მოვხვედრილიყავი მის საწოლ ოთახში, როგორ მომეჭრა მისთვის გაქცევის ყველა გზა, მაგრამ ამ დროს ციურ ზმანებასავით ჩამიარეთ გვერდით და გული ჩემი დაცხრა, მივხვდი, რომ სახლი, საცხოვრისი თქვენი წმიდათა წმიდაა, რომ თქვენთან სისხლ-ხორცეულად დაკავშირებულ არც ერთ არსებას ჩემი რისხვა არ უნდა დასტყდომოდა. სამაგიეროს გადახდა სიგიჟედ მივიჩნიე და მასზე უარი ვთქვი. მთელი დღეები პოკროვსკოეს ბაღების სიახლოვეს დავეხეტებოდი, იქნებ შორიდან თეთრი კაბა დავლანდო-მეთქი, როცა თქვენ დასეირნობდით და სიფრთხილეს აინუნში არ აგდებდით, კვალდაკვალ დაგყვებოდით, ბუჩქიდან ბუჩქისკენ მივიპარებოდი და ბედნიერებას მანიჭებდა ის აზრი, რომ გიცავ, რომ საფრთხე არ გელით იქ, სადაც მე უჩინრად ვარ. ბოლოს, შემთხვევის წყალობით, თქვენს სახლში დავიდე ბინა. ამ სამ კვირას ბედნიერების დღეებად ვრაცხ - მათი გახსენება სიხარულად წაადგება ნაღვლიან ცხოვრებას ჩემსას... დღეს ერთი ამბავი მაცნობეს და აქ ჩემი დარჩენა არ ეგების. განგშორდებით დღეს... ახლავე... მაგრამ წასვლამდე გული უნდა გადმომეშალა, რომ არ შეგერისხეთ, რომ არ შეგძულებოდით. ხანდახან იფიქრეთ დუბროვსკიზე. იცოდეთ, რომ სხვა რამ იყო მისი მოწოდება, რომ სულს მისას შეეძლო თქვენი სიყვარული, რომ არასდროს...
ამ დროს ხმადაბლა სტვენა გაისმა და დუბროვსკი გაჩუმდა. იგი მარია კირილოვნას ხელს დასწვდა და ცეცხლმოდებულ ტუჩებზე მიიკრა. ისევ გაისმა სტვენა.
- უკაცრავად, - უთხრა დუბროვსკიმ მაშას, - მიხმობენ, ერთ წუთს შეუძლია ბოლო მომიღოს.
დუბროვსკი წავიდა. მარია კირილოვნა არ იძროდა. მალე დუბროვსკი მობრუნდა, კვლავ ხელზე მოჰკიდა ხელი და ნაზი, გულში ჩამწვდომი ხმით უთხრა:
- თუ ოდესმე, თუ ოდესმე უბედურება დაგატყდებათ თავს და არავისგან მოელოდებით არც შველას, არც გამოქომაგებას, პირობას მომცემთ, რომ მომმართავთ მე, მომთხოვთ ყვლაფერს თქვენს დასახსნელად, პირობას მომცემთ, რომ ზურგს არ აქცევთ თქვენდამი ჩემს ერთგულებას?
მარია კირილოვნა უხმოდ ტიროდა. მესამეჯერ გაისმა სტვენა.
- თქვენ მე მღუპავთ! - დაიყვირა დუბროვსკიმ. - მანამ არ დაგტოვებთ სანამ არ მიპასუხებთ, პირობას მაძლევთ თუ არა.
- გაძლევთ! - წაიჩურჩულა საბრალო მზეთუნახავმა.
ამ პაემანით გულაფორიაქებული მარია კირილოვნა ბაღიდან ბრუნდებოდა. მოეჩვენა, თითქოს მთელი შინაყმობა გარბი-გამორბოდა, სახლს ფეხი აედგა, ეზოში ქვეყნის ხალხი ზიმზიმებდა, პარმაღთან სამცხენა იდგა, შორიდან კირილა პეტროვიჩის ხმა შემოესმა და სახლში შესვლას დაეშურა, ეშინოდა, არ შეემჩნიათ, რომ იქ არ იყო. დარბაზში კირილა პეტროვიჩი შემოხვდა, ჩვენს ნაცნობ სამაზრო პოლიციის უფროსს გარს სტუმრები შემორტყმოდნენ და კითხვებით არ ასვენებედნენ. კბილებამდე შეიარაღებული, სამგზავროდ გამოწყობილი პოლიციის უფროსი მათ ისე უპასუხებდა, სახეზე იდუმალება, აფორიაქება ეხატა.
- სად იყავი, მაშა? - ჰკითხა კირილა პეტროვიჩმა ქალიშვილს, - დეფორჟი ხომ არ შეგხვედრია?
მაშამ ძლივს ამოღერღა - არ შემხვედრიაო.
- შენ წარმოიდგინე, - განაგრძო კირილა პეტროვიჩმა, - სამაზრო პოლიციის უფროსი მის დასაჭერად ჩამოვიდა და მარწმუნებს, დუბროვსკიაო.
- ყველა ნიშანი მიუთითებს, - თქვენო აღმატებულებავ, - მოწიწებით უთხრა სამაზრო პოლიციის უფროსმა.
- ეჰე, ძმობილო, - მიუგო კირილა პეტროვიჩმა, - დამეკარგე აქედან შენი ნიშნებიანად, და იცი სად? ჩემს ფრანგს მანამ არ მოგცემ, სანამ თვითონ არ გამოვარკვევ საქმეს. როგორ უნდა ერწმუნო ანტონ პაფნუტიჩის სიტყვას, ამ მშიშარა და მატყუარა კაცისას: მაგას ეზმანა, თითქოს მასწავლებელს უნდოდა გაეძარცვა. რატომ იმავე დილას სიტყვაც არ მითხრა მე?
- ფრანგმა დააშინა, თქვენო აღმატებულებავ, - მიუგო პოლიციის უფროსმა. - და ფიცი ჩამოართვა, კრინტი არ დაეძრა...
- მიჰქარავ, - გადაწყვიტა კირილა პეტროვიჩმა. - ახლავე ყველაფერს კაკალ-კაკალ გამოვარკვევ. სადღაა მასწავლებელი? - ჰკითხა შემოსულ მსახურს.
- ვერსად იპოვეს, ბატონო ჩემო, - მიუგო მსახურმა.
- ადგნენ და მონახონ, - დაიყვირა ტროეკუროვმა, მას უკვე ეჭვი სძალავდა. - ერთი მიჩვენე შენი სანაქებო ნიშნები, - უთხრა სამაზრო პოლიციის უფროსს. იმანაც მაშინვე გაუწოდა ქაღალდი: - ჰმ, ჰმ, ოცდასამი წლისა... ეს ასეა, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერს ადასტურებს. მასწავლებელი?
- ვერ იპოვეს, ბატონო ჩემო, - უპასუხეს კვლავ.
კირილა პეტროვიჩს მღელვარება შეეპარა. მარია კირილოვნა არც ცოცხლებში ეწერა, არც მკვდრებში.
- შენ გაფითრებული ხარ, მაშა, - შენიშნა მამამ, - დაგაფეთიანეს.
- არა, მამიკო, - მიუგო ქალიშვილმა, - თავი მტკივა.
- შენს ოთახში წადი, მაშა, და ნუ იღელვებ.
ქალიშვილმა ხელზე აკოცა მამას და სასწრაფოდ გასწია თავის ოთახისაკენ. იქ ლოგინზე დაემხო და გულამოსკვნით ატირდა. მოცვივდნენ მოახლეები, გახადეს, რის ყოფით, რის ვაი-ვაგლახით დააამინეს ცივი წყლითა და ათასგვარი სპირტით, დააწვინეს და მაშამ ჩაიძინა.
ამასობაში ფრანგს ეძებდნენ და ვერ პოულობდნენ. კირილა პეტროვიჩი ბოლთასა სცემდა დარბაზში, მრისხანედ უსტვენდა - “სჭექდეს ქუხილი გამარჯვებისა”. სტუმრები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, სამაზრო პოლიციის უფროსი, ეტყობა, გაპამპულდა - ფრანგი ვერ მონახეს, ალბათ მავანმა და მავანმა გააფრთხილა და მიმალვა მოასწროო, მაგრამ ვინ გააფრთხილა? ეს საიდუმლოდ რჩებოდა.
თერთმეტი საათი იყო, ძილი კი არავის ახსენდებოდა. ბოლოს კირილა პეტროვიჩმა გაბრაზებით უთხრა სამაზრო პოლიციის უფროსს:
- რაო? აქ დილამდე ხომ არ აპირებ დარჩენას, ჩემი სახლი დუქანი კი არ არის. შენ, ბიძია, შენი სიყოჩაღის პატრონი დუბროვსკის ვერ დაიჭერ, თუ ის მართლა დუბროვსკია. შინ წადი და ამიერიდან მეტი ფხა გამოიჩინე. თქვენი შინ წასვლის დროცაა, - უთხრა სტუმრებს, - უბრძანეთ ცხენები შეგიბან. მე კი დაძინება მინდა.
ასე უსულგულოდ დასცილდა ტროეკუროვი თავის სტუმრებს!
მეცამეტე თავი
რამდენიმე ხანი ისე გავიდა, საგულისხმო არა მომხდარა რა. მაგრამ მომდევნო ზაფხულის დამდეგს ბევრი რამ შეიცვალა კირილა პეტროვიჩისას.
პოკროვსკოედან ოცდაათ ვერსზე მდებარეობდა თავად ვერეისკის მამული. თავადი ხანგრძლივ ცხოვრობდა უცხო ქვეყანაში, ხოლო მთელ მის მამულს გადამდგარი მაიორი უძღვებოდა და პოკროვსკოესა და არბატოვოს არავითარი კავშირი არ ჰქონდა. მაისის მიწურულს კი თავადი საზღვარგარეთიდან დაბრუნდა, ჩავიდა სოფელში, რომლისთვისაც თავის სიცოცხლეში თვალი არ დაეკრა, მაგრამ დროსტარებას დაჩვეული განმარტოებით ცხოვრებას ვერ შეეთვისა და მესამე დღეს სადილად გაემართა ტროეკუროვისას, ოდესღაც მისი ნაცნობი მემამულისას.
თავადი ორმოცდაათიოდე წლისა იქნებოდა, მაგრამ გაცილებით უფრო მოხუცად გამოიყურებოდა. თავაშვებულმა ცხოვრებამ დააძაბუნა და წარუხოცელი კვალი დააჩნია, მაგრამ მაინც გარეგნულად სასიამოვნო შესახედაობისა იყო და თვალში მოგივიდოდათ, ხოლო ჩვევა ნიადაგ საზოგადოებაში ტრიალისა ერთგვარად თავაზიანობას მატებდა. განსაკუთრებით ქალებს ეკიდებოდა თავაზით. იგი დროსტარების გარეშე ვერ ძლებდა და სულ ყურებჩამოყრილი იყო. კირილა პეტროვიჩს ერთობ ესიამოვნა ვერეისკის სტუმრობა, ვინაიდან ეს მაღალი საზოგადოების მცოდნე კაცის მხრიდან პატივად მიიჩნია. სტუმარი ჩვეულებისამებრ მწევარ-მეძებართა ეზოს დასათვალიერებლად წაიყვანა, მაგრამ თავადს ლამის სული შეეხუთა ძაღლების გარემოში, ცხვირზე სუნამონაპკურევ ცხვირსახოცს იჭერდა და ჩქარობდა, იქაურობას გასცლოდა. მას არც ძველებური ბაღი მოეწონა თავისი გასხლული ცაცხვებით, ოთხკუთხა ტბითა და სწორი ხეივნებით. უფრო ინგლისური ბაღები და ეგრეთ წოდებული ბუნება უყვარდა, მაგრამ ქებასა და აღტაცებას მაინც არ იშურებდა. მოვიდა მსახური და თქვა, სუფრა გაშლილიაო. გაემართნენ სასადილოდ, სეირნობით დაღლილი თავადი მოკოჭლაობდა და უკვე ნანობდა, რა მესტუმრებოდაო.
მაგრამ დარბაზში მათ მარია კირილოვნა შემოეგებათ და ბებერი მექალთანე განაცვიფრა მისმა სილამაზემ.
ტროეკუროვმა სტუმარი ქალიშვილს მიუსვა. სუფრასთან მარია კირილოვნას ყოფნამ თავადი გამოაცოცხლა, იგი გახალისდა და თავისი საგულისხმიერო მონათხრობით შეძლო რამდენჯერმე მიექცია ქალიშვილის ყურადღება.
ნასადილევს კირილა პეტროვიჩმა წინადადება წამოაყენა, ცხენებით გავისეირნოთო, მაგრამ თავადმა ხავერდის ჩექმებზე მიუთითა და მოუბოდიშა, თან თავის ნიკრისის ქარზე წაიხუმრა და ლინეიკით გასეირნება არჩია, რომ მეზობლის მომხიბლავ ქალს გვერდიდან არ მოსცილებოდა. ლინეიკაში შეაბეს ცხენები. მოხუცები და მზეთუნახავი დასხდნენ და გასწიეს სასეიერნოდ. საუბარი არ წყდებოდა. მარია კირილოვნა სიამოვნებით უგდებდა ყურს მაღალი წრის კაცის მლიქვნელურ და ხალისიან, კეთილმოსურნე სიტყვებს. უცებ ვერეისკიმ კირილა პეტროვიჩს ჰკითხა, რა არის ეს დამწვარი ნაგებობა და თქვენია თუ არაო?.. კირილა პეტროვიჩი მოიქუფრა. გულში გაჰკენწლა დამწვარი სახლ-კარის მიერ აღძრულმა მოგონებამ. მიწა ახლა ჩემია, ხოლო წინათ დუბროვსკისა იყოო, - მიუგო ვერეისკის.
- დუბროვსკისა, - გაიმეორა ვერეისკიმ. - როგორ, ამ სახელოვანი ყაჩაღისა?
- მამამისისა, - მიუგო ტროეკუროვმა, - ისე მამამისიც კაი მაგარი ყაჩაღი იყო.
- მერედა, სად დაიკარგა ჩვენი რინალდო? ცოცხალია? დაიჭირეს?
- ცოცხალიცაა და თავისუფალიც, ხოლო, ვიდრე ჩვენს სამაზრო პოლიციის უფროსებს და ქურდებს ერთი პირი აქვთ, მანამ ვერ დაიჭერენ. სიტყვამ მოიტანა, თავადო, და დუბროვსკი თქვენთან, არბატოვოშიც იყო, არა.
- ჰო, შარშან, მგონი, რაღაც დაწვა თუ გაძარცვა. ისე, მარია კირილოვნა, ხომ კარგი იქნებოდა ამ რომანტიკული გმირის ახლო გაცნობა?
- კარგი იქნებოდაო? - თქვა ტროეკუროვმა. - იცნობს და ეგაა. მთელი სამი კვირა მუსიკას ასწავლიდა მაშას და, მადლობა ღმერთს, გასამრჯელოდ არა გამოურთმევია რა.
ამას კირილა პეტროვიჩმა თავისი ფრანგი მასწავლებლის ამბავი მოაყოლა. მარია კირილოვნა თითქოს ნელ ცეცხლზე იწვოდა. ვერეისკიმ ერთობ გულისყურით მოუსმინა კირილა პეტროვიჩს, ყოველივე მეტად საკვირველად ეჩვენა და საუბარი სხვა საგანზე გადაიტანა. უკან მობრუნებულმა უბრძანა, თავისი კარეტა მოეყვანათ და, თუმცა კირილა პეტროვიჩი თავგადაკლული ეხვეწებოდა, ღამე ჩემთან გაათიეო, ჩაი დალია და მაშინვე წავიდა. წასვლამდე მასპინძელს სთხოვა, მარია კირილოვნასთან ერთად მეწვიეო. გოროზმა ტროეკუროვმაც სიტყვა მისცა, რამეთუ მხედველობაში ღებულობდა მის თავადურ ღირსებას, ორ ვარსკვლავს, საგვარეულო მამულის სამი ათას სულ ყმას და ერთგვარად თავის სწორად რაცხდა.
გავიდა ორი დღე და კირილა პეტროვიჩი ქალიშვილითურთ გაემართა ვერეისკისას. არბატოვოს რომ მიუახლოვდა, თვალი ვერ მოსწყვიტა გლეხების გაწკრიალებულ და საამო სანახავ ქოხებს, ინგლისური ციხე-დარბაზების ყაიდაზე აგებულ ბატონის ქვის სახლს. სახლის წინ გადაშლილ მწვანე მინდორზე შვეიცარული ძროხები ძოვდნენ და ზანზალაკებს აჟღარუნებდნენ. სახლს გარს შემოდგომოდა ვეება პარკი. მასპინძელი სტუმრებს პარმაღთან გამოეგება და ახალგაზრდა მზეთუნახავს ხელი ჩამოართვა. შევიდნენ ბრწყინვალე დარბაზში, სადაც სამი სულისთვის სუფრა გაეწყოთ. თავადმა სტუმრები ფანჯარასთან მიიწვია და მათ მშვენიერი ხედი იხილეს. ფანჯრების წინ მიმდინარე ვოლგაზე აფრებდაბერილი ორჩხომელები მიდიოდნენ, ჩანდნენ მეთევზეთა ნავები, რომელთაც ერთობ მეტყველ სახელს “სულთამხუთავებს” ეძახდნენ. მდინარის გაღმა ბორცვები და მინდვრები მიიწევდნენ. მიდამოს სიცოცხლეს მატებდა რამდენიმე სოფელი.
შემდეგ სტუმარ-მასპინძელმა თავადის მიერ უცხო ქვეყნებში ნაყიდ სურათებს მიჰხედა. თავადი მარია კირილოვნას აცნობდა მათ ერთმანეთისაგან განსხვავებულ შინაარსს, მხატვრების თავგადასავალს, უთითებდა ღირსებებსა და ნაკლოვანებებს, სურათებზე ლაპარაკობდა გრძნობით, გააზრებით და არა პედანტი მცოდნეს პირობითი ენით. მარია კირილოვნას მისი საუბარი სიამოვნებდა. გასწიეს მაგიდისაკენ. ტროეკუროვმა საკადრისი მიაგო თავისი ამფიტრიონის ღვინოებს და მისი მზარეულის ოსტატობას, ხოლო მარია კირილოვნა სრულებით არ გრძნობდა დაბნეულობას ან შებოჭილობას ადამიანთან საუბრისას, ვისაც თავის ცხოვრებაში სულ ორჯერ ხედავდა.
ნასადილევს მასპინძელმა სტუმრები ბაღში გაიწვია. ისინი ყავას სვამდნენ კუნძულებით მოფენილი ფართო ტბის ნაპირას, ფანჩატურში. უცებ სასულე მუსიკა აჟღერდა და ზედ ფანჩატურთან ექვსნიჩბიანი ნავი მოცურდა. ჩასხდნენ და გაუყვნენ ტბას, ჩაუარეს კუნძულებს, ზოგ მათგანს ეწვივნენ კიდეც - ერთზე მარმარილოს ქანდაკებას წააწყდნენ, მეორეზე - განცალკევებულ გამოქვაბულს, მესამეზე - ძეგლს, რომელსაც იდუმალი წარწერა ჰქონდა. წარწერამ მარია კირილოვნას ქალწულებრივი ცნობისმოყვარეობა გაუღვიძა, რასაც მთლად ვერ უოკებდა თავადის ბოლომდე გაუცხადებელი თავაზიანი ნაუბარი. ვერც გაიგეს, ისე გავიდა დრო - უკვე მწუხრი დგებოდა. თავადი შინ წასვლას ჩქარობდა. მიზეზად სიგრილეს და ცვარს ასახელებდა. შინ სამოვარი ელოდათ. თავადმა მარია კირილოვნას სთხოვა, ხანმოყრილი მარტოხელა კაცის ბინაში იდიასახლისეო. მარია კირილოვნაც ასხამდა ჩაის და ყურს უგდებდა ზრდილი მოქადაგის გაუთავებელ ამბებს. უცებ სროლის ხმა გაისმა და ცა შუშხუნამ გააჩირაღდნა. თავადმა მარია კირილოვნას შალი მიართვა და ტროეკუროვთან ერთად აივანზე გაიწვია; სახლის წინ, სიბნელეში ათასფერადმა ცეცხლმა იფეთქა, დაბზრიალდა, თავთავებად, პალმებად, შადრევნებად აიჭრა ცაში, წვიმად, ვარსკვლავებად დაეშვა ძირს, ქრებოდა და კვლავ ინთებოდა. მარია კირილოვნა ბავშვივით ხალისობდა. თავადს ქალიშვილის აღტაცება სიხარულს ჰგვრიდა. ხოლო ტროეკუროვი უსაზომოდ კმაყოფილი იყო ვერეისკისა, რამეთუ მის მიერ გაწეული tous les frais იმის დასტურად მიაჩნდა, რომ არბატოვოს მფლობელი პატივისცემით ეკიდებოდა და სურდა ეამებინა.
ვახშამი თავისი ღირსებით სადილს სულაც არ უდებდა ტოლს. სტუმრებმა თავ-თავიანთი ოთახებისაკენ გასწიეს და მეორე დღეს დილაადრიან გამოემშვიდობნენ თავაზიან მასპინძელს. მათ სიტყვა მისცეს ერთმანეთს, რომ მალე კვლავ შეიყრებოდნენ.
მეთოთხმეტე თავი
მარია კირილოვნა თავის ოთახში იჯდა და ღია ფანჯარასთან ქარგაზე ქარგავდა. აბრეშუმის ძაფების შერჩევა მას კონრადის მიჯნურივით როდი ეშლებოდა, სიყვარულით თავგზადაკარგულმა რომ ვარდი მწვანე აბრეშუმის ძაფით ამოქარგა. ნემსს შეახებდა და კანვა შეუცდომლად იმეორებდა დედნის ნახჭებს, თუმცა ხელსაქნარს აინუნში არ აგდებდა და შორს ილტვოდა მისი ფიქრები.
უცებ ფანჯარაში უხმაუროდ გამოჩნდა ხელი, ვიღაცამ ქარგაზე ბარათი დადო და, ვიდრე მარია კირილოვნა გონს მოსვლას მოასწრებდა, თვალს მიეფარა. ეს იყო და, მსახური შემოვიდა - მაშას კირილა პეტროვიჩთან უხმო. ქალიშვილმა ბარათი ცახცახით შემალა თავსაფარქვეშ და მამასთან, კაბინეტისკენ გაუჩქარა.
კირილა პეტროვიჩი მარტო არ იყო. იქვე იჯდა თავადი ვერეისკიც. მარია კირილოვნა რომ შემოვიდა, თავადი წამოდგა და უჩვეულოდ არეულმა მდუმარედ დაუკრა თავი.
- აქ მოდი, მაშა, - უთხრა კირილა პეტროვიჩმა ქალიშვილს, - ახალ ამბავს გეტყვი, რაც, ვიმედოვნებ სიხარულს მოგგვრის. აგერ, შენი საქმრო, თავადი გთხოულობს.
მაშა გაქვავდა, სახე გაუმიწისფრდა. კრინტს არ ძრავდა. თავადი მიუახლოვდა, მისი ხელი აიღო და ყელში გულმობჯენილი კაცის იერით უთხრა, თანახმა ხართ თუ არა, ბედნიერება მომანიჭოთო. მაშა ხმას არ იღებდა.
- თანახმაა, რა თქმა უნდა, თანახმაა, - უთხრა კირილა პეტროვიჩმა. - მაგრამ, იცი, თავადო: ქალიშვილს უმძიმს ამ სიტყვის ამოთქმა. აბა, შვილებო, გადაკოცნეთ ერთმანეთი და ბედნიერება ნუ მოგეშალოთ.
მაშა არ იძვროდა. ბებერმა თავადმა ხელზე აკოცა და ქალიშვილს ფერმიმქრალ სახეზე ანაზდად ცრემლები ჩამოედინა. თავადი მოიქუფრა.
- გასწი, გასწი, გასწი, - უთხრა კირილა პეტროვიჩმა ქალიშვილს, - ცრემლი შეიმშრალე და ხალისიანი დაბრუნდი. ნიშნობაზე სუყველანი ტირიან, - მიმართა ვერეისკის, - ეს ხომ წესად აქვთ მაგათ... ახლა, თავადო, მივხედოთ საქმეს, ესე იგი, მზითევს.
მარია კირილოვნამ სულმოუთქმელად ისარგებლა წამოსვლის ნებართვით. თავის ოთახს მიაშურა, ჩაიკეტა და ცრემლად დაიღვარა, თავი რომ ბებერი თავადის ცოლად წარმოიდგინა. იგი უცებ ბილწ და საძაგელ არსებად ეჩვენა... ქორწინება ჯალათის კუნძივით, სამარესავით შიშის ზარს ჰგვრიდა. “არა, არა, - იმეორებდა იმედწარხოცილი, - უკეთესია მოვკვდე, უკეთესია მონაზვნად აღვიკვეცო, უკეთესია დუბროვსკის გავყვე”. უცებ ბარათი გაახსენდა და სულსწრაფად დაიწყო მისი კითხვა, წინასწარ გრძნობდა, რომ დუბროვსკის ეკუთვნოდა. ბარათი მართლაც დუბროვსკის დაეწერა და შიგ მხოლოდ ეს სიტყვები იყო:
“საღამოს ათ საათზე, ძველ ადგილას”.
მეთხუთმეტე თავი
ნათობდა მთვარე, წყნარი იყო ივლისის ღამე, ჟამიჟამ ნიავი წამოუქიქინებდა და მთელ ბაღს შარიშური შეუდგებოდა.
ახალგაზრდა მზეთუნახავი სიფრიფანა აჩრდილივით უახლოვდებოდა საპაემანო ადგილს. ჯერჯერობით არავინ ჭაჭანებდა ირგვლივ. ანაზდად ფანჩატურიდან დუბროვსკი გამოვიდა და წინ დაუდგა.
- ყველაფერი ვიცი, - უთხრა წყნარი, ნაღვლიანი ხმით. - გაიხსენეთ აღთქმა.
- თქვენ მთავაზობთ მეოხად მყავდეთ, - მიუგო მაშამ, - მაგრამ ნუ მიწყენთ, მე ეს მაკრთობს. რანაირად უნდა დამეხმაროთ?
- შემეძლო, თქვენთვის საძულველი ადამიანი მომეშორებინა.
- თუ ღმერთი გწამთ, ხელი არ ახლოთ, თითის დაკარება არ გაუბედოთ, თუკი გიყვარვართ, არ მინდა ბრალად მედოს რაიმე საშინელება...
- ხელს არ დავაკარებ, თქვენი ნება ჩემთვის წმიდათაწმიდაა. იგი თქვენ უნდა გიმადლოდეთ სიცოცხლეს. არასდროს არავითარი ბოროტმოქმედება თქვენი სახელით არ აღსრულდება. თქვენ წმინდა უნდა იყოთ ჩემთა დანაშაულთა მხრივაც, მაგრამ როგორღა მოგარიდოთ სასტიკი მამა?
- ხელი ჯერ კიდევ არ ჩამიქნევია, ვიმედოვნებ ცრემლითა და სასოწარკვეთილებით ავუჩუყო გული. იგი ჯიუტია, მაგრამ ძალიან ვუყვარვარ.
- ტყუილა ნუ იმედოვნებთ. ამ ცრემლს იგი მიაწერს ჩვეულებრივ შიშსა და ზიზღს, რაიც ყველა ქალიშვილს უჩნდება, როცა კეთილგონივრული ანგარიშით თხოვდებიან და არა გულის კარნახით. რა გზას დავადგე, თუკი თავში ჩაიჭედავს თქვენს გაბედნიერებას და თქვენს გულისთქმას ანგარიშს არ გაუწევს, თუ იძულებით წაგიყვანენ ჯვრის დასაწერად, რათა ბედი თქვენი სამუდამოდ ჩაუგდონ ბებერ ქმარს ხელთ...
- მაშინ, მაშინ სხვა რა ჩარაა, გამომეცხადეთ, მე თქვენი მეუღლე ვიქნები.
დუბროვსკი აცახცახდა, ფერმკრთალი სახე აელეწა და იმავ წუთს ადრინდელზე უფრო ფერმკრთალი გაუხდა. მან თავი დახარა და დიდხანს ხმას არ იღებდა.
- მთელი სულიერი ძალები მოიკრიბეთ, შეევედრეთ მამას, მუხლებში ჩაუვარდით: დაუსურათხატეთ მომავლის მთელი საზარლობა, თუ ვით დაჭკნება თქვენი სიყმაწვილე ძაბუნი და გარყვნილი ბებრის სიახლოვეს. გაბედეთ და ელაპარაკეთ, უთხარით, თუ გული არ მოგილბება, მაშინ...… მაშინ საშინელ მფარველს გამოვნახათ-თქო... უთხარით, სიმდიდრე ერთი წუთითაც ვერ გამაბედნიერებს-თქო, ფუფუნება მხოლოდ სიღატაკეს უფონებს გულს და ისიც წამიერად, რაკი დაუჩვეველია-თქო. არ დაეხსნათ, ნუ დაგაფრთხობთ ნურც მისი რისხვა, ნურც მუქარა, ვიდრე იმედის ნაპერწკალი მაინც გიკიაფებთ, თუ ღმერთი გწამთ, არ დაეხსნათ. ხოლო სხვა საშველი თუ აღარ იქნება...
ამ დროს დუბროვსკიმ სახეზე ხელები აიფარა, ეტყობოდა, სუნთქვა ეკვროდა. მაშა ტიროდა...
დუბროვსკიმ მწარედ ამოიოხრა და ამოაყოლა:
- სვეგამწარებულო ხვედრო ჩემო. თქვენთვის სიცოცხლეს არ დავიშურებდი. შორიდან რომ შემოგცქეროდით, ხელზე რომ გეხებოდით, ცისკარი მეხსნებოდა და, როცა შემიძლია აფოფინებულ გულში ჩაგიკრათ, გითხრათ, ანგელოზო ჩემო, სიცოცხლეს გავეყაროთ! - მე უბედურმა ზურგი უნდა ვაქციო ნეტარებას, ყოველი ღონით განვიშორო იგი...… ვერ ვბედავ, მუხლებში ჩაგივარდეთ, ცას მადლი შევღაღადო, რომ ეს უცნაური, შეუფერებელი ჯილდო მარგუნა. აჰ, რარიგ უნდა მძულდეს იგი... მაგრამ ვგრძნობ, რომ ახლა ჩემს გულში შურისძიება ვერ გაიჭაჭანებს.
დუბროვსკიმ მაშას ნელა შემოხვია ხელი კენარ ტანზე და იგი ნელავე მიიკრა მკერდზე. მარია კირილოვნამ მინდობილად დაუშვა თავი ახალგაზრდა ყაჩაღის მხარზე. ორივე დუმდა.
დრო მიქროდა.
- დროა, - თქვა ბოლოს მაშამ. დუბროვსკის თითქოს ძილი გაუკრთა, ქალიშვილს ხელზე დასწვდა, თითზე ბეჭედი ჩამოაცვა და უთხრა:
- თუ გადაწყვეტთ, შემწეობა აღმოგიჩინოთ, ბეჭედი აქ მოიტანეთ, ამ მუხის ფუღუროში ჩაუშვით და მეცოდინება, რა ვიღონო.
დუბროვსკიმ მარია კირილოვნას ხელზე აკოცა და ხეებსა და ხებს შუა თვალს მიეფარა.
მეთექვსმეტე თავი
მეზობლობამ უკვე უწყოდა, რომ თავადი ვერეისკი მარია კირილოვნას თხოულობდა. კირილა პეტროვიჩი მილოცვებს ღებულობდა. მზადდებოდა ქორწილი. მაშა კი სულ მერმისისათვის დებდა საბოლოო პასუხს. ამასობაში ბებერ საქმროს ცივად და ძაღლუმადურად ექცეოდა. თავადი ამას აინუნშიაც არ აგდებდა. მაშას უსიტყვო თანხმობით კმაყოფილს სიყვარული არ აფიქრებდა.
დრო კი გადიოდა, ბოლოს მაშამ გადაწყვიტა, ხელი გამოეღო და თავად ვერეისკის ბარათი მისწერა. იგი ცდილობდა, თავადისათვის სულგრძელობის გრძნობა ჩაენერგა, გამოტეხილად ეუბნებოდა, ერთი ბეწო სიყვარულს არ ვგრძნობ თქვენდამიო, ეაჯებოდა, ჩემზე უარი თქვით და თვითონ დამიხსენით მშობლისგანო. ბარათი ჩუმად გადასცა თავადს, თავადმა ბარათი მარტომ წაიკითხა და სულაც არ აჩუყებია გული ქალიშვილის სიწრფელეზე. პირიქით, აუცილებლად ქორწილი უნდა დაჩქარდესო, - დაასკვნა და ამ მიზნით საჭიროდ მიიჩნია ბარათი მომავალი სიმამრისთვის ეჩვენებინა.
კირილა პეტროვიჩმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. თავადმა რის ვაი-ვაგლახით დაიყოლია, მაშასათვის არ შეემჩნევინებინა, რომ მისი ბარათის ამბავი იცოდა. კირილა პეტროვიჩი დაეთანხმა მაშასთან ბარათის შესახებ სიტყვა არ დაეძრა, მაგრამ გადაწყვიტა, დრო არ დაეკარგა და ქორწილი სახვალიოდ დანიშნა. თავადმა ეს ამბავი ფრიად გონივრულად მიიჩნია, წავიდა თავის საცოლესთან და უთხრა: ბარათმა ფრიად დამამწუხრა, მაგრამ, ვიმედოვნებ, მომავალში თქვენი სიყვარულის ღირსი გავხდე, თქვენი დაკარგვის აზრი ნამეტნავად მიმძიმებს სულს და ძალა არ შემწევს, ჩემს სასიკვდილო განაჩენზე დავთანხმდეო. შემდგომ ამისა მოკრძალებით აკოცა ხელზე და ისე წავიდა შინ, სიტყვა არ უთქვამს, თუ რა გადაწყვიტა კირილა პეტროვიჩმა.
მაგრამ ეზოდან თავად ვერეისკის გასვლა და მაშასთან მამამისის შესვლა ერთი იყო. მან ქალიშვილს იწილო-ბიწილოს გარეშე უბრძანა, სახვალიოდ მზად იყავიო. უკვე თავად ვერეისკის ლაპარაკით აფორიაქებული მარია კირილოვნას ცრემლები წასკდა და მამას მუხლებში ჩაუვარდა.
- მამიკო, - დაიკივლა საცოდავად, - მამიკო, ყელში დანას ნუ მისვამთ, არ მიყვარს თავადი, არ მინდა მისი ცოლი გავხდე...
- რას მოასწავებს ეს? - მრისხანედ მიუგო კირილა პეტროვიჩმა. - აქამდე ხმას არ იღებდი და თანახმა იყავი, ახლა კი, როცა ყველაფერი გათავებულია, ჭირვეულობა და უარის თქმა მოგეპრიანა? კეთილინებე და პამპულობას თავი დაანებე. ამით ჩემთან ვერას გახდები.
- ყელში დანას ნუ მისვამთ, - იმეორებდა მაშა. - რისთვის მიშორებთ და მაძლევთ ადამიანს, რომელიც ჩემს გულს არ ეკარება. განა მოგბეზრდით? მე მინდა წინანდებურად თქვენთან დავრჩე, მამიკო, თქვენ უჩემოდ ნაღველი შემოგაწვებათ, უფრო დანაღვლიანდებით, როცა დაფიქრდებით, რომ სვეგამწარებული ვარ, მამიკო, ძალას ნუ დამატანთ, მე გათხოვება არ მინდა...
კირილა პეტროვიჩი მოლბა, მაგრამ შეცბუნება არ გაუმჟღავნებია. ქალიშვილი მოიშორა და კუშტად უთხრა:
- ეს ყველაფერი მიეთმოეთობაა, გესმის, მე უკეთ ვიცი, რა სჭირდება შენს ბედნიერებას. ცრემლი ვერ გიხსნის, ზეგ შენი ქორწილი იქნება!
- ზეგ, - შეჰყვირა მაშამ, - ღმერთო ჩემო, არა, არა, შეუძლებელია, ეს არ მოხდება. მამიკო, ყური მიგდეთ, თუ უკვე დაღუპვა გადამიწყვიტეთ, იცოდეთ, მოვძებნი დამცველს, რომლის ბაიბურშიც კი არ იქნებით, თქვენ დანახავთ, თქვენ თავზარს დაგცემთ ის, თუ რა დღეში ჩამაგდეთ.
- რაო, რაო? - უთხრა ტროეკუროვმა, - მუქარაო! მე მემუქრები, უტიფარო! მერედა იცი, ისე მოგიქცევ საქმეს, სიზმარშიც არ მოგელანდოს. დამცველით მაშინებ. ვნახოთ, ერთი ვინ იქნება ეს შენი დამცველი.
- ვლადიმირ დუბროვსკი, - მიუგო იმედწარხოცილმა მაშამ.
კირილა პეტროვიჩმა იფიქრა, მაშა გამიგიჟდაო და განცვიფრებული შეაცქერდა ქალიშვილს. მერე ცოტა იყუჩა და უთხრა:
- კეთილი, რომელი მხსნელიც გინდა, იმას ელოდე, ჯერჯერობით კი ამ ოთახში იჯექი, ქორწილამდე ფეხს ვერ გამოდგამ აქედან.
კირილა პეტროვიჩი ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე გარეთ გამოვიდა და კარი გამოკეტა.
საბრალო ქალიშვილს ყველაფერი თვალწინ დაუდგა, რაც მოელოდა, და დიდხანს ტიროდა, მაგრამ ცხარე ლაპარაკმა სულს მოუფონა და ახლა უფრო დაკვირვებით შეეძლო ჩაფიქრებოდა თავის ხვედრს, აეწონ-დაეწონა, რა გზას დასდგომოდა. მისთვის მთავარი იყო საზიზღარი ქორწინების არიდება, ყაჩაღის ცოლის ხვედრი სამოთხედ ეჩვენებოდა თავის ნარგუნებ ხვედრთან შედარებით. ქალიშვილმა დუბროვსკის ბეჭედს შეავლო თვალი. ერთი სული ჰქონდა, მარტო ენახა ვლადიმირი და გადამწყვეტი წუთის წინ კიდევ ერთხელ დიდხანს ებჭო მასთან ერთად. გუმანი უკარნახებდა, რომ დუბროვსკის ბაღში, ფანჩატურის მახლობლად იპოვიდა. გადაწყვიტა, ბინდის დაძვრისთანავე წასულიყო და იქ დალოდებოდა. ჩამოდგა მწუხრი. მაშა მოემზადა, მაგრამ კარი გასაღებით აღმოჩნდა დაკეტილი, მოახლემ გარედან უთხრა, კირილა პეტროვიჩს თქვენი გამოშვება არ უბრძანებიაო. მაშა დატუსაღებული იყო. სულხორციანად შეურაცხყოფილი ქალიშვილი ფანჯარასთან დაჯდა და ტანთგაუხდელს იქიდან შუაღამემდე ფეხი არ მოუცვლია. გაშეთებული შესცქეროდა ბნელით მოცულ ცას. რიბირაბოზე რული მოეკიდა, მაგრამ ბურანი მწუხარე სიზმრებმა გაუფრთხეს, ამომავალი მზის სხივებმა კი საბოლოოდ გამოაღვიძეს.
მეჩვიდმეტე თავი
მარია კირილოვნამ გაიღვიძა და მაშინვე წარმოუდგა, რა შავ დღეში იყო. მან დარეკა. შემოვიდა მოახლე და კითხვებზე უპასუხა: კირილა პეტროვიჩი საღამოს არბატოვოში წაბრძანდა და გვიან დაბრუნდა, მკაცრად ბრძანა, მარია კირილოვნა ოთახიდან არ გამოუშვათ და თვალი გეჭიროთ, არავინ დაელაპარაკოსო. ისე არავითარი საქორწილო სამზადისი არ შეიმჩნევა, თუ იმას არ ვიგულისხმებთ, რომ მღვდელს უბრძანეს, სოფლიდან ფეხი არ მოიცვალოო. ამის შემდეგ მოახლე მარია კირილოვნას გამოერიდა და კვლავ ჩაკეტა კარი.
მოახლის სიტყვებმა გააშმაგეს ახალგაზრდა განდეგილი, თავი გასკდომაზე ჰქონდა, სისხლი უბორგავდა. გადაწყვიტა, ყოველივე დუბროვსკისთვის შეეტყობინებინა და დაფიქრდა, რა გზით გაეგზავნა ბეჭედი საიდუმლო მუხის ფუღუროში. ამ დროს მის ფანჯარას კენჭი მოხვდა და მინა გაწკარუნდა. მარია კირილოვნამ გარეთ გაიხედა და პატარა საშკას ჰკიდა თვალი. ბიჭი რაღაცას იდუმალად ანიშნებდა. მაშამ იცოდა, რარიგ უყვარდა საშას და მისი ნახვა გაუხარდა. ფანჯარა გააღო და უთხრა:
- გამარჯობა, საშა, რისთვის მეძახი?
- ჩემო დაია, მინდოდა გამეგო, ხომ არაფერი გინდოდათ, მამიკო გაბრაზებულია და მთელ სახლს აუკრძალა რაიმე შეგისრულონ. მაგრამ მე მითხარით, რა გსურთ და ყველაფერს გაგიკეთებთ.
- მადლობა, ჩემო კარგო საშა, იცი ფანჩატურის გვერდით რომ ფუღუროიანი ბებერი მუხა დგას?
- ვიცი, დაია.
- ჰოდა, თუ გიყვარვარ, საჩქაროდ გავარდი და ეს ბეჭედი ფუღუროში ჩააგდე. ოღონდ იცოდე, თვალი არავინ მოგკრას.
მაშამ ბიჭს ბეჭედი გადმოუგდო და ფანჯარა დაკეტა.
ბიჭმა ბეჭედი აიღო, კისრისტეხით გაიქცა და სამ წუთში საიდუმლო ხესთან აღმოჩნდა. სულშეგუბებული შედგა, თვალი მიავლ-მოავლო და ბეჭედი ფუღუროში ჩადო. საქმე რომ მოაკეთილა, უნდოდა იმავე წამს შეეტყობინებინა მარია კირილოვნასთვის, მაგრამ ფანჩატურის უკნიდან უცებ წითური, ელამი, ჩამოღლეტილი ბიჭი გამოკრთა, მუხისკენ გაიჭრა და ხელი ფუღუროში ჩაყო. საშა ციყვის უსწრაფესად ეცა და ორივე ხელი სტაცა.
- რას აკეთებ აქ? - ჰკითხა მრისხანედ.
- შენ ვინ გეკითხება? - მიუგო ბიჭმა და სცადა ხელი გაეშვებინებინა. - ბეჭედი დატოვე, წითურო კურდღელო, - უყვიროდა საშა, - თორემ ჩემს ჭკუაზე მოგიყვან, იცოდე.
წითურმა პასუხის ნაცვლად სახეში მუშტი სთხლიშა, მაგრამ საშამ ხელი არ გაუშვა და მთელი ხმით იყვირა:
- ქურდები, ქურდები, აქეთ, აქეთ...
წითური ცდილობდა, თავი დაეხსნა. ეტყობოდა, საშაზე ორი წლით უფროსი და გაცილებით ღონიერი იყო, მაგრამ საშა სიმკვირცხლით სჯობდა. ისინი რამდენიმე წუთს ძიძგილაობდნენ, ბოლოს წითურმა დასძლია საშა, მიწაზე დასცა და ყელში ჩააფრინდა, მაგრამ ამ დროს ჟღალ, აჯაგრულ თმაში მებაღე სტეპანის ღონიერი ხელი წაეტანა და ნახევარი ადლით მაღლა ასწია...
- ჰაიტ, შე წითურო არამზადა, - დასძახა მებაღემ, - როგორ უბედავ ცემას პატარა ბატონს...
ამასობაში საშა ფეხზე წამოხტა და სამოსი გაიფერთხ-გაისწორა.
- შენ ხელები იღლიის ქვეშ ამომიტარე, თორემ ვერასდროს ვერ წამაქცევდი, - უთხრა წითურს. - ახლავე ბეჭედი მომეცი და აქედან მოუსვი.
- არა, ბიჭო! - მიუგო წითურმა, შეტრიალდა და სტეპანის ხელს ჯაგარი გამოსხლიტა. ის იყო მოკურცხლა, მაგრამ საშა დაეწია, ზურგში უქიმუნჯა და წითური ბიჭი მოცელილივით დაეცა ძირს, ხოლო მებაღემ კვლავ სტაცა ხელი და ქამრით შეკრა.
- მომეცი ბეჭედი, - უყვიროდა საშა.
- მოიცა, ბატონო, - უთხრა სტეპანმა, - მოურავთან წავიყვანოთ ამბის გასარჩევად და გადასაწყვეტად.
მებაღემ ტყვე ბატონიანთ ეზოთი წაიყვანა, საშაც მიჰყვა, თან შეწუხებული ავლებდა თვალს თავის დახეულ და ბალახით გათითხნილ შარვალს. უცებ სამივე საჯინიბოს დასათვალიერებლად მიმავალი კირილა პეტროვიჩის წინ აღმოჩნდა.
- რაო, რა მოხდა? - ჰკითხა სტეპანს კირილა პეტროვიჩმა.
სტეპანმა ორიოდე სიტყვით უამბო ყველაფერი. კირილა პეტროვიჩმა გულისყურით მოუსმინა.
- რას გადაკიდებიხარ ამას, შე ქარაფშუტა, შენა? - ჰკითხა საშას.
- მაგან ფუღუროდან ბეჭედი მომპარა, მამიკო, უბრძანეთ, მომცეს.
- რა ბეჭედიო, რის ფუღუროდანო?
- მე ისა, მარია კირილოვნამ... ისა, ის ბეჭედი...
საშა შეცბა, აირია, კირილა პეტროვიჩი შეიჭმუხნა, თავი გააკანტურა და უთხრა:
- აქ მარია კირილოვნაა გარეული, ყველაფერი დაფქვი, თორემ წკეპლით ისე აგაჭრელებ, ცნობას დაგიკარგავ.
- ღმერთმანი, მამიკო, მე, მამიკო... მარია კირილოვნას ჩემთვის არაფერი უბრძანებია, მამიკო.
- სტეპან, გასწი ერთი და არყის ხის გვარიანი წკეპლა მომიჭერი, ნედლი წკეპლა...
- მოიცა, მამიკო, ყველაფერს მოგიყვები. დღეს ეზოში დავრბოდი, ჩემმა დაიამ, მარია კირილოვნამ, ფანჯარა გააღო, მეც მივირბინე, დაიას მოულოდნლად ბეჭედი ჩამოუვარდა, ხოლო მე იგი ფუღუროში დავმალე და, და... ამ წითურ ბიჭს უნდოდა მოეპარა.
- მოულოდნელად ჩამოუვარდა, შენ კი დამალვა გინდოდა... სტეპან წკეპლები!
- მამიკო, დამაცათ, სუყველაფერს გიამბობ. დაია მარია კირილოვნამ მითხრა, მუხასთან მიირბინე და ბეჭედი ფუღუროში ჩადევიო. მეც მივირბინე და ბეჭედი ჩავდევი, ამ საძაგელმა ბიჭმა კი...
კირილა პეტროვიჩი საძაგელი ბიჭისაკენ შებრუნდა და მრისხანედ ჰკითხა:
- ვისი ხარ?
- დუბროვსკების შინაყმა ვარ, - მიუგო ბიჭმა.
კირილა პეტროვიჩს სახე მოექუფრა.
- შენ, გეტყობა, ბატონად არ მცნობ, არა? კეთილი. კი მაგრამ, ჩემს ბაღში რას აკეთებდი?
- ჟოლოს ვიპარავდი, - მეტად გულცივად მიუგო ბიჭმა.
- ოჰო, - შენიშნა კირილა პეტროვიჩმა, - მსახური ზედგამოჭრილი ბატონია. როგორიც ბერიო, ისეთი ერიო. ჟოლოს ვითომ ჩემსას მუხები ისხამენ?
ბიჭმა პასუხი არ გასცა.
- მამიკო, უბრძანეთ, ბეჭედი მომცეს, - უთხრა საშამ კირილა პეტროვიჩს.
- ხმა, ალექსანდრ, - მიუგო კირილა პეტროვიჩმა. - არ დაგავიწყდეს, რომ დასჯას გიპირებ. გასწი შენს ოთახში. შენ კი, ელამო, მგონია, ყოჩაღი ბიჭი უნდა იყო. მომეცი ბეჭედი და წადი სახლში.
ბიჭმა მუშტი გაშალა, არაფერი არა მაქვსო.
- თუ ყველაფერს ჩამომიკაკლავ, არ გაგწკეპლავ, პირიქით, შაურიანსაც გაჩუქებ სასუსნავისთვის, არა და ისე მოგიქცევ საქმეს, სულ ვაი დედა იძახო.
ბიჭი სიტყვას არ ძრავდა, იდგა თავდახრილი და წმინდა წყლის ბრიყვივით გამოიყურებოდა.
- კეთილი, - თქვა კირილა პეტროვიჩმა. - ჩაამწყვდიეთ სადმე და თვალი გეჭიროთ, არ გაიქცეს, თორემ სუყველას ნემსის ყუნწში გაგაძვრენთ.
სტეპანმა ბიჭი სამტრედეში წაიყვანა, შიგ დაამწყვდია და მოხუცი მეფრინველე აღათია მიუჩინა დარაჯად. კირილა პეტროვიჩმა ბიჭს თვალი გააყოლა და თქვა:
- ახლა ქალაქში წასვლაა საჭირო სამაზრო პოლიციის უფროსთან, თან რაც შეიძლება ჩქარა.
“აქ საჭოჭმანო არაფერია. მარია კირილოვნას ისევ აქვს ურთიერთობა იმ ღვთის პირიდან გადავარდნილ დუბროვსკისთან, მაგრამ ნუთუ მართლა უხმობდა მას დასახმარებლად? - ფიქრობდა კირილა პეტროვიჩი, თან ოთახში ბოლთას სცემდა და მწყრალად უსტვენდა: “სჭექდეს ქუხილი გამარჯვებისა”. - იქნებ ბოლოს და ბოლოს მის ცხელ კვალს წავაწყდი და ვეღარ დამიძვრეს. ამ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებთ. სუ! ზანზალაკის ხმაა, მადლობა ღმერთს, ეს სამაზრო პოლიციის უფროსია”.
- ეჰეი, მომგვარეთ დაჭერილი ბიჭი!
ამასობაში ოთხთვალა ეზოში შემოვიდა და ჩვენმა ნაცნობმა, თავით ფეხებამდე გამტვერილმა სამაზრო პოლიციის უფროსმა ოთახში შემოაბიჯა.
- დიდებული ამბავია, - უთხრა კირილა პეტროვიჩმა. - დუბროვსკი დავიჭირე.
- მადლობა ღმერთს, თქვენო აღმატებულებავ, - მიუგო გახარებულმა პოლიციის უფროსმა, - მერედა სადაა?
- ესე იგი, დუბროვსკი კი არა, მისი ბრბოს ერთ-ერთი წევრი დავიჭირე, ამ წუთში მოიყვანენ. იგი ხელს შეგვიწყობს თვით მეთაურის შეპყრობის საქმეში, აგერ, მოიყვანეს კიდეც.
პოლიციის უფროსს ეგონა, მრისხანე ყაჩაღი მოვაო, და სახტად დარჩა, რომ საკმაოდ სუსტი გარეგნობის ცამეტი წლის ბიჭი შერჩა ხელთ. საგონებელში ჩავარდნილი მიუბრუნდა კირილა პეტროვიჩს, ელოდა, რას ეტყოდა იგი. კირილა პეტროვიჩმა დილანდელი ამბავის მოყოლა დაიწყო, მაგრამ მარია კირილოვნა არ უხსენებია.
პოლიციის უფროსმა გულისყურით მოუსმინა, თან სინჯა და ათვალიერა პატარა არამზადა, რომელმაც თავი მოისულელა და თითქოს ბაიბუად არ აგდებდა, რაც მის გვერდით ხდებოდა.
- ნება მიბოძეთ, თქვენო აღმატებულებავ, ცალკე მოგესაუბროთ, - უთხრა ბოლოს პოლიციის უფროსმა კირილა პეტროვიჩს.
კირილა პეტროვიჩმა იგი სხვა ოთახში გაიყვანა და კარი ჩაკეტა.
ისინი ნახევარ საათში მობრუნდნენ დარბაზში, სადაც ტყვე თავის განაჩენს ელოდა.
- ბატონს უნდოდა, ქალაქის საპყრობილეში ჩაესვი, - უთხრა პოლიციის უფროსმა, - გაემათრახებინე და შემდეგ გადაესახლებინე, მაგრამ მე გამოგექომაგე და შენი პატიება გამოვთხოვე. შეუხსენით ხელები.
ბიჭს ხელები შეუხსნეს.
- მადლობა შესწირე ბატონს, - უთხრა პოლიციის უფროსმა.
ბიჭი მივიდა კირილა პეტროვიჩთან და ხელზე აკოცა.
- გასწი შინ და დღეის ამას იქით ფუღუროებიდან ჟოლოს მოპარვას თავი გაანებე! - უთხრა კირილა პეტროვიჩმა.
ბიჭი გარეთ გამოვიდა, მხიარულად ისკუპა პარმაღიდან და მინდორ-მინდორ კისრისტეხით გაქუსლა კისტენევკასკენ. სოფელს რომ მიატანა, ნახევრად დანგრეულ განაპირა ქოხთან შედგა და ფანჯარაზე დააკაკუნა. ფანჯარა აიწია და გამოჩნდა ბებრუხანა.
- ბებია, პური, - უთხრა ბიჭმა, - დილიდან პირში ლუკმა არ ჩამსვლია, შიმშილით კუჭი მიხმება.
- ოჰ, ეს შენა ხარ მიტია, კი მაგრამ, სად დაიკარგე, ეშმაკის ფეხო, - მიუგო ბებრუხანამ.
- შემდეგ მოგიყვები, ბებია, თუ ღმერთი გწამს, მოიტა პური!
- მერე, შემოდი რაღა ქოხში!
- არ მცალია, ბებია, კიდევ ერთ ადგილას უნდა შევირბინო. პური, თუ ღმერთი გწამს, პური!
- ეს რა დაუდეგარი ვინმე ხარ, - წაიბურტყუნა ბებრუხანამ. - აჰა, პურის ნაჭერი, - უთხრა და ფანჯარაში შავი პურის ნაჭერი გამოუწოდა.
ბიჭმა პური სულწასულად ჩალუკმა და წამსვე ღეჭვა-ღეჭვით განაგრძო გზა.
ბინდი წამოიპარა. მიტია კალო-კალო, ბოსტან-ბოსტან მიძვრებოდა კისტენევკის ტევრისკენ. როცა ორ ფიჭვს მიატანა, ტევრის მეწინავე გუშაგებად რომ იდგნენ აქ, შეჩერდა, თვალი მიატარ-მოატარა, ყურთასმენის წამღებად და ნაწყვეტ-ნაწყვეტად დაუსტვინა და გაყურადდა. პასუხად სუსტმა და ჩაგრძელებულმა სტვენამ უწია სმენას, შემდეგ ტევრიდან ვიღაც გამოვიდა და მიუახლოვდა.
მეთვრამეტე თავი
კირილა პეტროვიჩი ბოლთას სცემდა დარბაზში და თავის სიმღერას ჩვეულებრივზე უფრო ხმიერად უსტვენდა. მთელი სახლი ქოთქოთებდა - მსახურები გარბი-გამორბოდნენ, მოახლეები ფაციფუცობდნენ, ფარდულში მეეტლეები ცხენებს აბამდნენ კარეტაში, ეზოში ხალხი ზიმზიმებდა. თავადის ასულის საპირფარეშოში მოახლეებით გარშემორტყმული ქალი სარკის წინ ფერმიხდილ, გაქვავებულ მარია კირილოვნას რთავდა. მაშას ბრილიანტების სიმძიმისაგან თავი კინწმოწყვეტილივით ეხრებოდა, ოდნავ ტოკავდა, როცა სიფრთხილეს მოკლებული ხელი ჩხვლეტდა, მაგრამ კრინტს არ ძრავდა და უაზროდ ჩასცქეროდა სარკეს.
- მალე გაათავებთ თუ არა, - გაისმა კართან კირილა პეტროვიჩის ხმა.
- ამ წუთში, - მიუგო ქალმა. - მარია კირილოვნა, წამოდექით, ჩაიხედეთ, მოგწონთ?
მარია კირილოვნა წამოდგა და არა უპასუხა რა. გაიღო კარი.
- პატარძალი მზადაა, - უთხრა ქალმა კირილა პეტროვიჩს. - გაეცით კარეტაში ჩასხდომის ბრძანება.
- ღმერთი შეგეწიოთ, - თქვა კირილა პეტროვიჩმა, შემდეგ მაგიდიდან ხატი აიღო და მთრთოლვარე ხმით უთხრა ქალიშვილს, - მაშა, მოდი, გლოცავ...
საბრალო მარია კირილოვნა მუხლებში ჩაუვარდა და აქვითინდა.
- მამიკო... მამიკო... - ამბობდა თვალცრემლიანი და ხმა უწყდებოდა.
კირილა პეტროვიჩი ჩქარობდა შვილის დალოცვას. მარია კირილოვნა წამოაყენეს და თითქმის ხელში აყვანილი წაალასლასეს კარეტისაკენ. კარეტაში მაშას მდადე და ერთ-ერთი მოახლე ჩაუჯდა. გასწიეს ეკლესიისაკენ. მათ იქ უკვე უცდიდა საქმრო. თავადი პატარძალს გამოეგება და პირკატა ეცა მის სიფერმკრთალესა და უცნაურ შესახედაობაზე. ისინი ერთად შევიდნენ გამოციებულ, ცარიელ ეკლესიაში. შევიდნენ და მათ უკან კარი ჩაკეტეს. მღვდელი საკურთხევლიდან გამოვიდა და მაშინვე შეუდგა ჯვრისწერას. მარია კირილოვნა არას ხედავდა, არც არა ესმოდა, ერთ რამეზე ფიქრობდა მხოლოდ. იგი დილიდანვე ელოდა დუბროვსკის, იმედი ერთი წუთით არ გადაუწყვეტია, მაგრამ მღვდელმა რომ ჩვეულებრივი კითხვა დაუსვა, შეძრწუნდა და გული შეუქანდა. მიუხედავად ამისა, ფეხს ისევ ითრევდა, ისევ ელოდა დუბროვსკის. მღვდელს ქალიშვილის პასუხისთვის არ დაუცდია და ამოთქვა სიტყვები, რომელთა უკან მობრუნება არ ეგებოდა.
ჯვრისწერა მოთავდა. მაშა გრძნობდა საძულველი ქმრის ცივ კოცნას, ესმოდა გარშემო მყოფთა მხიარული მილოცვები და მაინც ვერა და ვერ იჯერებდა, რომ ცხოვრება სამარადჟამოდ შეეკრა, რომ დუბროვსკი არ მოფრინდა მის დასახსნელად. თავადმა საალერსო სიტყვები უთხრა, მაგრამ მათ ვერ ჩაწვდა. გამოვიდნენ ეკლესიიდან, კარიბჭეზე პოკროვსკოელი გლეხები ირეოდნენ. მაშამ სწრაფად გადახედა მათ და თვალებში ადრინდებური სიცივე ჩაუდგა, ნეფე-დედოფალი ერთად ჩასხდა კარეტაში და არბატოვოსკენ გასწია. კირილა პეტროვიჩიც არბატოვოს წავიდა, რომ იქ დახვედროდა ახალშეუღლებულთ. ახალგაზრდა ცოლთან მარტოდ მყოფი თავადი სრულიად არ შეუცბუნებია მის ცივ შესახედაობას. მაშასთვის სულის ამოხდა არ დაუწყია თვალთმაქცური ახსნა-განმარტებებით და სასაცილო აღფრთოვანებით. ლაპარაკობდა უბრალოდ და მისი ნათქვამი პასუხს არ საჭიროებდა. ასე გალიეს ათ ვერსამდე, ცხენები სწრაფად მიქროდნენ სოფლის შარაგზის კოლბოხებზე, მაგრამ ინგლისურ რესორებზე შემდგარი კარეტა თითქმის არ ირხეოდა. ანაზდად ატყდა მდევრების ყიჟინა. კარეტა გაჩერდა, მას გარს შემოერტყა შეიარაღებული ხალხი, ნახევარნიღბიანმა კაცმა ის კარი გააღო, საითკენაც თავადის ახალგაზრდა ცოლი იჯდა, და ქალს უთხრა:
- თქვენ თავისუფალი ხართ, გადმოდით.
- რას ნიშნავს ეს? - იყვირა თავადმა, - ვინა ხარ შენ?
- ეს დუბროვსკია, - მიუგო ცოლმა.
თავადს გული არ წახდენია, გვერდითა ჯიბიდან საგზაო დამბაჩა იძრო და შენიღბულ ყაჩაღს დაახალა. თავადის ცოლმა შეჰკივლა და სახეზე ძრწოლით აიფარა ორივე ხელი. დუბროვსკი მხარში დაიჭრა. სისხლმა გარეთ გამოატანა. თავადს არ დაუხანებია, მეორე დამბაჩა იძრო, მაგრამ სროლა არ ადროვეს. აქეთ-იქით კარი დაიღო. რამდენიმე ღონიერმა ხელმა გარეთ გამოათრია და დამბაჩა წაართვეს. თავადის თავზე დანებმა იელვეს.
- ხელი არ ახლოთ! - იყვირა დუბროვსკიმ და მისი პირქუში თანამოსაქმენი უკუიქცნენ. - თქვენ თავისუფალი ხართ, - მიმართა ფერმიხდილ თავადის ცოლს.
- არა, - მიუგო ქალმა, - გვიანაა უკვე, ჯვარი დავიწერე, მე თავად ვერეისკის მეუღლე ვარ.
- რას ამბობთ! - შეჰყვირა სასოწარკვეთილმა დუბროვსკიმ. - არა, თქვენ არა ხართ მისი ცოლი, თქვენ გაიძულეს, თქვენ არასდროს არ დაეთანხმებოდით...
- მე დავეთანხმე, შევფიცე, - მტკიცედ შეაწყვეტინა მაშამ. - თავადი ჩემი ქმარია. ბრძანეთ, გაათავისუფლონ, მე კი მასთან დამტოვეთ. მე ტყუილი არ მითქვამს, უკანასკნელ წუთამდე გელოდეთ... მაგრამ ახლა, გეუბნებით, ახლა გვიანაა, გაგვიშვით.
დუბროვსკი მაშას უკვე აღარ უსმენდა. ტკივილმა და დიდმა სულიერმა მღელვარებამ ძალა გამოაცალა. იგი კარეტის თვალთან დაეცა. ყაჩაღები გარს შემოერტყნენ. დუბროვსკიმ მოასწრო რამდენიმე სიტყვა ეთქვა მათთვის. ყაჩაღებმა თავიანთი მეთაური ცხენზე შესვეს, ორი მათგანი აქეთ-იქით ამოუდგა, მესამემ ცხენს აღვირში ჩაავლო ხელი და ყველანი წავიდნენ. ხოლო დატოვეს კარეტა შუა გზაზე, ხალხი შებოჭილი, ცხენები გამოხსნილი, მაგრამ არაფერი წაუღიათ და არც წვეთი სისხლი დაუღვრიათ თავიანთი წინამძღოლის სისხლის საზღაურად.
მეცხრამეტე თავი
შუაგულ უღრან ტყეში ვიწრო მდელოზე იყო პატარა სიმაგრე - მიწაყრილი და თხრილი, რომელთა მიღმა რამდენიმე ფაცხა და მიწური იდგა.
გარეთ უამრავი ხალხი ჩანდა. სხვადასხვა ტანსაცმელსა და საერთო შეიარაღებაზე მაშინვე შეატყობდით, რომ ყაჩაღები იყვნენ. ისინი ქუდმოხდილნი შემოსხდომოდნენ საერთო ქვაბს და სადილობდნენ. მიწაყრილზე, პატარა ქვემეხის გვერდით, გუშაგი იჯდა, ფეხები შემოეკეცა და თავის ტანსაცმელს საკერებელს აკემსავდა, თან წარამარა აქეთ-იქით იხედებოდა. ნემსი ისე დახელოვნებულად გაჰქონდ-გამოჰქონდა, ეტყობოდა, გამოცილი მკერავი იყო.
პატარა ჩამჩამ რამდენჯერმე კი ჩამოიარა, მაგრამ მთელი ბრბო უცნაურად დუმდა. ყაჩაღებმა სადილობა მოათავეს, ნასადილევს ერთიმეორის მიყოლებით დგებოდნენ და ლოცულობდნენ. ზოგი ფაცხაში შევიდა, ზოგიც ტყეში მიმოიფანტა ან რუსული ჩვეულებისამებრ დასაძინებლად მიწვა.
გუშაგი კემსვას მორჩა, კონკები გაიფერთხა, საკერებლის ცქერით დატკბა, ნემსი სახელოზე მიიბნია, ქვემეხზე წამოსკუპდა და მთელი ხმით გააბა ძველი რუსული ნაღვლიანი სიმღერა:
მწვანე მუხნარო, დედავ, მუხნარო ჩემო,
ნუღარ შრიალებ, ფიქრი მაცალე ჭაბუკს.
ამ დროს ერთ-ერთი ფაცხის კარი გაიღო და ზღურბლზე გამოჩნდა სალუქად და ერთობ სადად ჩაცმული, თეთრჩაჩიანი მოხუცი ქალი.
- კმარა, სტიოპკა, - მწყრალად უთხრა გუშაგს, - ბატონი ისვენებს, შენ კი მაინც პირი მოგიხევია და ღრიალებ, სინდისი თქვენ არ გაგაჩნიათ და სიბრალული.
- ბრალეული ვარ, ეგოროვნა, - მიუგო სტიოპკამ. - კეთილი, კრინტს აღარ დავძრავ, დაე, ჩვენმა ბატონმა დაისვენოს და გამოკეთდეს.
მოხუცი წავიდა, სტიოპკა კი ბოლთის ცემას მოჰყვა მიწაყრილზე.
ფაცხაში, საიდანაც მოხუცი გამოვიდა, ტიხარს იქით დაჭრილი დუბროვსკი იწვა სალაშქრო საწოლზე. წინ პატარა მაგიდაზე თავისი დამბაჩები ეწყო, ხოლო ხმალი თავთით ეკიდა. ფაცხის კედელ-იატაკი დიდებული ხალიჩებით მოეფარდაგებინათ, კუთხეში ქალის ვერცხლის ტუალეტი და ტრიუმო ჩანდა. დუბროვსკის გაშლილი წიგნი ეჭირა, მაგრამ თვალები დახუჭული ჰქონდა და ტიხარს იქიდან მომზირალმა ეგოროვნამ აღარ იცოდა, დაიძინა თუ ფიქრებში გაერთო.
უცებ დუბროვსკი შეტოკდა... სიმაგრეში განგაში ატყდა, სტიოპკამაც ფაცხის ფანჯარაში თავი შემოჰყო და დაიყვირა:
- ვლადიმირ ანდრეევიჩ, ჩვენები გვანიშნებენ - დაგვეძებენო.
დუბროვსკი საწოლიდან წამოვარდა, იარაღს ხელი დაავლო და ფაცხიდან გავიდა. ყაჩაღები ხმაურით იყრიდნენ თავს. დუბროვსკი რომ გამოჩნდა, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
- ყველა აქაა? - იკითხა დუბროვსკიმ.
- ყველა, მზვერავების გარდა, - იყო პასუხი.
- ადგილებზე! - დაიყვირა და თითოეულმა ყაჩაღმა კუთვნილი ადგილი დაიჭირა.
ამ დროს ალაყაფთან სამმა მზვერავმა მოირბინა. დუბროვსკი მათკენ გაემართა.
- რა ამბავია? - ჰკითხა მზვერავებს.
- ტყეში სალდათებია, გარს გვერტყმიან, - მიუგეს მზირებმა.
დუბროვსკიმ ბრძანა, ალაყაფი დაეკეტათ და ქვემეხის შესამოწმებლად გაემართა. ტყეში რამდენჯერმე გაისმა შეძახილი. შეძახილი თანდათან ახლოვდებოდა. ყაჩაღები უხმოდ ელოდნენ მომხვდურთ. უცებ ტყიდან სამი-ოთხი სალდათი გამოჩნდა. ორი მაშინვე უკუიქცა და ამხანაგებს სროლით ნიშანი მისცა.
- მოემზადეთ საბრძოლველად! - თქვა დუბროვსკიმ და ყაჩაღები ახმიანდნენ. შემდეგ ისევ ჩამოდგა სიჩუმე.
ამ დროს მოისმა მოახლოებული რაზმის ხმაური, ხეებს შუა იარაღმა იელვა, ტყიდან ას ორმოცდაათამდე სალდათი გამოიჭრა და ღრიალით წამოზვავდა მიწაყრილისაკენ. დუბროვსკიმ ქვემეხს პატრუქი მიუმარჯვა. ნასროლი გვარიანი გამოდგა. ერთ სალდათს თავი წააცალა, ორიც დაიჭრა. სალდათები აწრიალდნენ, მაგრამ წინ ოფიცერი გამოენთო, ისინიც უკან მოჰყვნენ და თხრილში ჩამოცვივდნენ. ყაჩაღებმა მათ თოფებისა და დამბაჩების ცეცხლი შეაგებეს და ნაჯახებით დაიწყეს მიწაყრილის დაცვა. გააფთრებული სალდათები, რომელთაც ოცამდე ამხანაგი დარჩათ, ახლა მიწაყრილზე მოძვრებოდნენ. გაიმართა ხელჩართული ბრძოლა. სალდათები უკვე მიწაყრილზე იყვნენ, ყაჩაღებმა უკუქცევა იწყეს, მაგრამ დუბროვსკი ოფიცერს მიეჭრა, დამბაჩა მკერდზე მიუშვირა და ესროლა. ოფიცერი გულაღმა დაენარცხა მიწას. რამდენიმე სალდათმა იგი აიტაცა და დაეშურნენ ტყეში წაეყვანათ. სხვებმა, რაკი უფროსი მოისაკლისეს, შედგნენ. გულმოცემულმა ყაჩაღებმა ამით ისარგებლეს, სალდათები გადათქერეს და თხრილში ჩაყარეს. მოალყეებმა მოკურცხლეს, ყაჩაღები ყვირილით გამოუდგნენ უკან. გამარჯვებას წინ არაფერი უდგა. დუბროვსკიმ იფიქრა, მტერი სავსებით აირ-დაირიაო და თავისიანები შეაჩერა, ბრძანა, დაჭრილები წამოეყვანათ, გუშაგები გააორკეცა, არავინ არსად წავიდესო, - განკარგულება გასცა და სიმაგრეში ჩაიკეტა.
უკანასკნელმა ამბებმა მთავრობა აიძულა ერთობ გულისყურით მიეხედა დუბროვსკის შეუპოვარი ყაჩაღობისათვის. შეკრიბეს ცნობები, სად იმყოფებოდა და სალდათების ასეული გაგზავნეს, რომ იგი მკვდარი თუ ცოცხალი, მოეხელთებინათ. შეიპყრეს მისი ბრბოს რამდენიმე კაცი, რომელთაგან შეიტყვეს, რომ დუბროვსკი მათთან აღარ იყო. ბრძოლის გადახდიდან რამდენიმე დღის შემდეგ დუბროვსკის ყველა თანამოსაქმე შეეყარა და ეთქვა: ვაპირებ სამუდამოდ გაგეცალოთ და გირჩევთ, თქვენც სხვანაირ ცხოვრებას დაადგეთო.
- თქვენ ჩემი წინამძღოლობით გამდიდრდით, - განეცხადებინა ყაჩაღებისათვის, - თითოეულ თქვენგანს აქვს მოწმობა, რომლითაც გულარხეინად შეუძლია რომელიმე შორეულ გუბერნიაში გააღწიოს და სიცოცხლის დანარჩენი დღენი პატიოსანი შრომით და დოვლათიანად გალიოს, მაგრამ თქვენ ყველანი ყალთაბანდები ხართ და არ მოიგუნებებთ, ხელობა შეიცვალოთ.
ამის თქმის შემდეგ დუბროვსკი ყაჩაღებს გასცლია, თან მხოლოდ წაუყვანია. არავინ უწყოდა, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ. ჯერ ეჭვობდნენ, დაჭერილთა ჩვენებანი სწორი არ არისო: ყაჩაღები რომ თავიანთი წინამძღოლის ერთგულნი იყვნენ, ამას ფიცი და მტკიცი არ უნდოდა. ვარაუდობდნენ, თითქოს ისინი დუბროვსკის შველას ლამობდნენ, მაგრამ მომდევნო ამბების მიხედვით, დაჭერილნი მართლები გამოდგნენ: შეწყდა ზარდამცემი სტუმრობანი, ხანძრები და ძარცვა-გლეჯა, გზები გაიხსნა. სხვა ცნობებით შეიტყვეს, რომ დუბროვსკი საზღვარგარეთ გაიქცა.