პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

დუბროვსკი (II ვარიანტი) 

ტომი პირველი
თ ა ვ ი პ ი რ ვ ე ლ ი

რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთ თავის მამულში ცხოვრობდა ძველი რუსი მებატონე კირილა პეტროვიჩი ტროეკუროვი. სიმდიდრე, წარჩინებული გვარი და გავლენიანობა მას დიდი წონას აძლევდა იმ გუბერნიაში, სადაც მისი მამული იყო. მეზობლები მოხარულნი იყვნენ ყოველი მისი უმნიშვნელო ახირება დაეკმაყოფილებინათ. გუბერნიის მოხელენი თრთოდნენ მისის სახელის გაგონებაზე; კირილა პეტროვიჩი პირფერობას, რომელსაც მის მიმართ იჩენდნენ, მართებულ ხარკად სთვილდა; ტროეკუროვის სახლი ყოველთვის სავსე იყო სტუმრებით, რომლებიც მზად იყვნენ გაერთოთ იგი დიდკაცურ უსაქმურობაში, მონაწილეობა მიეღოთ მის ხმაურიან, ზოგჯერ შმაგ გართობებშიც. ვერავინ ბედავდა მის მიპატიჟებაზე უარი ეთქვა, ან დანიშნულ დღეებში სათანადო მოწიწებით სოფელ როკროვსკოეში არ გამოცხადებულიყო. შინაურ ცხოვრებაში კირილა პეტროვიჩი გაუნათლებელი ადამიანის ყვლა მანკს იჩენდა. გარშემო მყოფთა მიერ განებივრებულმა, მან თავშეკავებულობა არ იცოდა, ყველაფერი უნდა აესრლებინა, რასაც კი თავისი ფიცხი ხასიათით და საკმაოდ შეზღუდული გონებით აიხირებდა. თუმცა არაჩვეულებრივად ჯანმრთელი ადამიანი იყო, კვირაში ერთი-ორჯერ მაინც თავისი ღორმუცელობით ავად ხდებოდა. ყოველ საღამოს შეზარხოშებული იყო. მისი სახლის ერთ ფლიგელში თექვსმეტი მოახლე ქალი ცხოვრობდა და ამთი სქესის შესაფერ ხელსაქმეს აკეთებდა. ფლიგელის ფანჯრებს ხის გისოსი ჰქონდა; კარები იკეტებოდა კლიტეებით, რომელთა გასაღებები კირილა პეტროვიჩთან ინახებოდა ეს ახალგაზრდა განდეგილი ქალები დანიშნულ დროს ბაღში ჩადიოდნენ და ორი დედაბრის მეთვალყურეობის ქვეშ სეირნობდნენ. დროგამოშვებით კირილა პეტროვიჩი ზოგიერთ მათგანს ათხოვებდა და გათხოვილთა ადგილს ახლები იკავებდნენ. გლეხებსა და შინაყმებს მკაცრად და ახირებულად ეპყრობოდა; მაგრამ ისინი ბატონის სიმდიდრითა და სახელით ამაყობდნენ და, თავის მხრივ, მისი ძლიერი მფარველობის იმედით მეზობლების მიმართ თავგასულობას იჩენდნენ.
ტროეკუროვის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენდა თავისი ვრცელი სამფლობელოების შემოვლა, ხანგრძლივი ლხინები, ახალ-ახალი ოინების მოწყობა, რისი მსხვერპლიც ჩვეულებრივად რომელიმე ახალი ნაცნობი ხდებოდა, თუცა ამ ოინებს მისი ძველი მეგობრები ვერ აღწევდნენ თავს; გამონაკლისი იყო მხოლოდ ადრეი გავრილოვიჩ დუბროვსკი. დუბროვსკი, სამსახურიდან გადამდგარი გვარდიის პორუჩიკი, ტროეკუროვის უახლოესინ მეზობელი იყო. მას სამოცდაათი ყმა ჰყავდა. ტროეკუროვი, რომელიც სხვებთან ურთიერთობის დროს ქედმაღლობას იჩენდა, დუბროვსკის პატივს სცემდა, მიუხედავად იმისა, რომ მას მცირე ქონება ჰქონდა. ოდესღაც ისინი ერთად მსახურობდნენ და ტროეკუროვმა გამოცდილებით იცოდა, რა ფიცხი და მტკიცე ხასიათისა იყო დუბროვსკი (შექმნილმა ვითარებამ ისინი ერთმანეთს დიდი ხნით დააშორა). დუბროვსკი, რომელსაც ქონების საქმე აწეწილი ჰქონდა, იძულებული გახდა სამსახური მიეტოვებინა და თავის სოფელში დასახლებულიყო. კირილა პეტროვიჩმა ეს რომ გაიგო, მას თავის მფარველობა შესთავაზა, მაგრამ დუბროვსკიმ მადლობა გადაუხადა და ღარიბი და დამოუკიდებელი დარჩა. რამდენიმე წლის შემდეგ ტროეკუროვი, სამსახურიდან გადადგარი გენერალანშეფის წოდებით, თავის მამულში ჩამოვიდა; ერთმანეთი ინახულეს, ძალიან გაიხარეს. ამიერიდან ყოველდღე ერთად იყვნენ და კირილა პეტროვიჩი, რომელსაც არასოდეს არავინ თავისი სტუმრობის ღირსი არ გაუხდია, ძველი ამხანაგის პატარა სახლში უბრალოდ შეივლიდა ხოლმე. ისინი - ტოლნი, ერთი წოდების შვილნი და ერთნაირად აღზრდილნინ - ხასიათით და მიდრეკილებებით ერთმანეთს ჰგავდნენ. ზოგ რამეში ბედიც ერთნაირი ჰქონდათ: ცოლი ორივემ სიყვარულით შეირთო, ორივე მალე დაქვრივდა, ორივეს თითო ბავშვი დარჩა. დუბროვსკის ვაჟი პეტერბურგში იზრდებოდა, კირილა პეტროვიჩის ქალიშივლი კი - მშობლების ოჯახში; და ტროეკუროვი ხშირად ეუბნებოდა დუბროვსკის: "გამიგონე, ძმაო, ანდრეი გავრილოვიჩ: თუ შენი ვალოდკა კაცი დადგა, მაშას მივათხოვებ, თუმცა სულს იქით არაფერი აბადია". ანდრეი გავრილოვიჩი თავს გააქნევდა დ ჩვეულებრივად უპასუხებდა: "არა, კირილა პეტროვიჩ, ჩემი ვალოდკა მარია კირილოვნას საქმროდ ვერ გამოდგება. ღარიბმა აზნაურმა, როგორიც იგია, უკეთესი ღარიბი აზნაურის ქალიშვილი შეირთოს და სახლში უფროსი იყოს, ვიდრე განებივრებული ქალის მოურავი გახდეს".
ყველას შურდა თანხმობა, რომელიც ზვიად ტროეკუროვსა და მის ღარიბ მეზობლებს შორის სუფევდა, და უკვირდათ დუბროვსკის გამბედაობა. როცა იგი კირილა პეტროვიჩთან სუფრაზე პირდაპირ გამოთქვამდა თავის აზრს, თავს არ იტკივებდა იმით, იზიარებდა თუ არა ამ აზრს მასპინძელი. სხვებმაც სცადეს მისთვის მიებაძათ და სათანადო მორჩილების საზღვრებს გადასულიყვნენ, მაგრმ კირილა პეტროვიჩმა ისე დააფრთხო ისინი, რომ სამუდამოდ დაუკარგა ხალისი ასეთი შებედვისათვის და საერთო კანონის გარეშე მხოლოდ დუბროვსკი დარჩა. უეცარმა შემთხვევამ ყველაფერი არია და შესცვალა.
ერთხელ, შემოდგომის პირას, კირილა პეტროვიჩი ეწერ ადგილებში აპირებდა გამგზავრეას ძაღლებით სანადიროდ. წინადღით მეძაღლეებსა და ჯილავდარეს ბრძანება მისცეს დილის ხუთი საათისათვის მზად ყოფილიყვნენ. კარავი და სამზარეულო წინასწარ გაიგზავნა იმ ადგილას, სადაც კირილა პეტროვიჩს უნდა ესადილა. მასპინძელი და სტუმრები საძაღლეში წავიდნენ, სადაც ხუთასზე მეტი მეძებარი და მწევარი მაძღრად და თბილად ცხოვრობდა; ძაღლები თავის ძაღლურ ენაზე კირილა პეტროვიჩის გულუხვობას აქებ-ადიდებდნენ. აქვე იყო ლაზარეთი ავადმყოფი ძაღლებისათვის პოლკის მკრუნალ ტიმოშკას მეთვალყურეობის ქვეშ და განყოფილება, სადაც კეთილშობილი ძუკნები ლეკვებს ჰყრიდნენ და მათ ძუძუს აწოვებდნენ. კირილა პეტროვიჩს ამ მშვენიერი დაწესებულებით თავი მოსწონდა და არასოდეს არ გაუშვებდა შემთხვევაშ, რომ სტუმრებთან იმით არ დაეკვეხნა, თუმცა თითოეულ მათგანს ოცჯერ მაინც ჰქონდა საძაღლე ნახული. სტურებშემოხვეული ტროეკუროვი, მთავარი მეძაღლეებისა და ტიმოშკას თანხლებით, საძაღლეში დადიოდა; ზოგიერთი ძაღლის ხუხულასთან ჩერდებოდა, ხან ავადმყოფი ძალღების ჯანმრთელობას კითხულობდა და ხან მეტად თუ ნაკლებად მკაცრსა და სამართლიან შენიშვნებს იძლეოდა, ხან ნაცნობ ძაღლებს მოუხმობდა და ალერსიანად ესაუბრებოდა. სტუმრები თავს ვალდებულად სთვლიდნენ კირილა პეტროვიჩის საძაღლეთი აღფრთოვანებულიყვნენ, ხოლო დუბროვსკი სდუმდა და იღუშებოდა. იგი გატაცებული მონადირე იყო. შეძლება მას ნებას აძლევდა მხოლოდ წყვილ-წყვილი მეძებარი და მწევარი ჰყოლოდა. მას არ შეეძლო ერთგვარი შური არ აღძვროდა ამ დიდებული დაწესებულების ნახვის დროს.
- ძმაო, რას იღუშები, - ჰკითხა კირილა პეტროვიჩმა, - ჩემი საძაღლე არ მოგწონს?
- არა, - უპასუხა მან პირქუშად, - საძაღლე საუცხოოა, არა მგონია, რომ თქვენს შინაყემებს ისეთივე ცხოვრება ჰქონდეთ, როგორიც თქვენს ძაღლებსა აქვთ.
ეს ერთ-ერთ მეძაღლეს ეწყინა.
- ჩვენს ცხოვრებას, - თქვა მან, - ღვთისა და ბატონის წყალობით, არ ვემდურით; რაც მართალია, მართალია, ზოგიერთ აზნაურს არაფერი დაუშავდებოდა, რომ თავსი კარ-მიდამო რომელიმე აქაურ ძაღლის ხუხულაზე გაეცვალა. იგი უფრო მაძღრად და თბილად იქნებოდა.
კირილა პეტროვიჩმა ხმამაღლა გაიცინა თავისი ყურმოჭრილი ყმის თავხედ შენიშვნაზე. სტუმრებმაც გაიცინეს, თუმცა გრძნობდნენ, რომ მეძაღლის ხუმრობა შეიძლება მათაც შეხებოდა. დუბროვსკი გაფითრდა და სიტყვა არ უთქვამს.
ამ დროს კირილა პეტროვიჩს მიუყვანეს ახალდაყრილი ლეკვები, რომლებსაც თვალიერება დაუწყო, ორი ამოირჩია, დანარჩენების დახრჩობა ბრძანა. ამასობაში ანდრეი გავრილოვიჩი მიიმალა და ეს არავის შეუნიშნავს.
კირილა პეტროვიჩი სტუმრებთან ერთად საძაღლიდან რომ დაბრუნდა და ვახშმად დაჯდა, მხოლოდ მაშინ იკითხა დუბროვსკი, რომელიც თვალში დააკლდა.
შინაყმებმა უპასუხეს, ანდრეი გავრილოვიჩი შინ გაემგზავრაო. ტროეკუროვმა ბრძანა - ახლავა დასწეოდნენ მას და აუცილებლად დაებრუნებინათ. ტროეკუროვი თავის დღეში არ გამგზავრებულა სანადიროდ, თუ მას თან არ ახლდა დუბროვსკი, გამოცდილი და იშვიათი დამფასებელი ძაღლთ ღირსებებისა და მონადირეთა ყოველგვარი დავის შეუცდომლად გადამწყვეტი. ჯერ კიდევ სუფრას უსხდნენ, რომ მსახური, რომელიც ცხენით დაედევნა დუბროვსკის, დაბრუნდა და თავის ბატონს მოახსენა, ანდრეი გავრილოვიჩმა დაბრუნება არ ისურვაო. კირილა პეტროვიჩი, ჩვეუნებრ ნაყენით შეხურებული, გაჯავრდა და იგივე მსახური კვლავ დაადევნა ანდრეი გავრილოვიჩს და დააბარა, თუ ახლავე არ დაბრუნდება პოკროვსკოეში ღამის გასათევად, სამუდამოდ დაგემდურებიო. მსახური ისევ გაეშურა ცხენის ჭენებით. კირილა პეტროვიჩი სუფრიდან ადგა, სტუმრები გაუშვა და დასაძინებლად წავიდა.
მეორე დღეს მისი პირველი კითხვა იყო: ანდრეი გავრილოვიჩი აქ არისო? პასუხის მაგივრად მას მიართვეს სამკუთხედად დაკეცილი წერილი. კირილა პეტროვიჩმა უბრძანა თავის მწერალს ხმამაღლა წაეკითხა წერილი - და მოისმინა შემდეგი.
"ჩემო ყოვლად მოწყალეო ხელმწიფევ,
მე არა მაქვს სურვილი პოკროვსკოეში ჩამოსვლისას მანამდე, სანამ არ გამომიგზავნით მეძაღლე პარამოშკას დანაშაულის აღიარებისათვის; ჩემი ნება იქნება, დავსჯი თუ შევიწყნარებ მას. თქვენი ყურმოჭრილი ყმებისაგან ხუმრობის ატანის სურვილი მე არა მაქვს, ამას არც თქვენ მოგითმენთ - იმიტომ რომ მე მასხარა კი არა ვარ, არამედ ძველი აზნაური. ამით დავშთები თქვენი მონა-მორჩილი
ანდრეი დუბროვსკი".
ეტიკეტზე ახლანდელი წარმოდგენის იხედვით ეს წერილი მეტად უზრდელი იქნებოდა, მაგრამ მან კირილა პეტროვიჩი გააგულისა არა უცნაური სტილით და განწყობილებით, არამედ მხოლოდ თავისი არსით.
- როგორ, - დაიგრიალა ტროეკუროვმა და ლოგინინდა ფეხშიშველი წამოხტა, - გავუგზავნო მას შინაყმები დანაშაულის აღიარებისათვის და მისი ნება იყოს მათი შეწყნარება, დასჯა! მართლაც ეს რა განუზრახავს; იცის თუ არა ვისთან აქვს საქმე, მე მას. . . სატირლად გავუხდი საქმეს, რას ნიშნავს ტროეკუროვის წინააღმდეგ ამხედრება!
კირილა პეტროვიჩმა ტანთ ჩაიცვა და თავისი ჩვეულების მიხედვით დიდი ზეიმით სნადიროდ გაემგზავრა. მაგრამ ნადირობა ჩაეფუშა. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი კურდღელი დაინახეს და ისიც გაექცათ. მინდორში კარვის ქვეშ სადილობაც არ გამოუვიდათ, ან ეს კირილა პეტროვიჩს არ მოეწონა. მზარეული გალახა, სტუმრები დალანძღა და შინ დაბრუნებისას მთელი თავისი მონადირეთა ჯგუფით განზრახ დუბროვსკის მინდვრებზე გადაიარა.
რამდენიმე დღე გავიდა და მტრობა ამ ორ მეზობელს შორის არ ცხრებოდა. ანდრეი გავრილოვიჩი პოკროვსკოეში არ ბრუნდებოდა, - კირილა პეტროვიჩი უმიოდ მოწყენილი იყო და მისი წყენა ხმამაღლა იღვრებოდა უაღრესად შეურაცხმყოფელ გამოთქმებში, რაც იქაური აზნაურების გულმოდგინების წყალობით დუბროვსკიმდე აღწევდა შესწორებული და შევსებული. ახალმა გარემოებამ შერიგების უკანასკნელი იმედიც გააქარწყლა.
ერთხელ დუბროვსკი თავის პატარა სამფლობელოს ათვალიერებდა; არყის ხეების ჭალას რომ მიუახლოვდა, გაიგონა ნაჯახის კაკუნი და წუთის შემდეგ ხის დაცემა. ჭალისაკენ გაეშურა და მიუსწრო პოკროვსკოელ გლეხებს, რომლებიც მშვიდად ჰქურდავდნენ მის ტყეს. დუბროვსკის დანახვაზე გაქცევა დააპირეს. მან თავისი მეეტლის დახმარებით ორი მათგანი დაიჭირა და გაბაწრულნი თავის ეზოში მიიყვანა. გამარჯვებულს დაჩა აქვე დავლად მტრის სამი ცხენი. დუბროვსკი ძალიან გულმოსული იყო. აქამდე ტროეკუროვის შინაყმები, ცნობილი ყაჩაღები, მისი ადგილმამულის ფარგლებში ცელქობას ვერ ბედავდნენ, იცოდნენ დუბროვსკის მეგობრული განწყობილება ტროეკუროვთან. ანდრეი გავრილოვიჩი ხედავდა, რომ ახლა ისინი სარგებლობდნენ მომხდარი განხეთქილებით და გადაწყვიტა ომის უფლებაზე ყოველგვარი წარმოდგენის წინააღმდეგ, ჭკუა ესწავლებინა თავისი ტყვეებისათვის წკეპლებით, რომლებიც მათ მისსავე ჭალაში მოიმზადეს, ცხენები კი სამუშაოდ გაეგზავნა და თავისი საქონლისათვის მიეწერა.
ეს ამბავი იმ დღესვე მიუტანეს კირილა პეტროვიჩს. იგი ძლიერ გაცეცხლდა და განრისხების პირველ წუთებში მზად იყო მთელი თავისი შინაყმებით დასცემოდა კისტენევკას (ეს სახელი ერქვა დუბროვსკის სოფელს), დაერბია იქაურობა, თვითონ მემამულისათვის კი ალყა შემოერტყა მისსავე მამულში. ასეთი გმირობა ტროეკუროვისაგან გასაკვირი არ იყო. მაგრამ მისმა ფიქრებმა მალე სხვა მიმართულება მიიღეს.
დარბაზში მძიმე ნაბიჯებით ბოლთას რომ სცემდა, უეცრად ფანჯარაში გაიხედა და დაინახხა ალაყაფის კარებთან გაჩერებული სამცხენა; პატარა კაცი ჩიხაქუდითა და ფრიზის მაზრით ფორანიდან გადმოვიდა და ფლიგელში შევიდა მოურავთნა; ტროეკუროვმა იცნო თანამსაჯული შაბაშკინი და ბრძანა იგი მასთან მიეყვანათ. ერთ წუთში შაბაშკინი უკვე კირილა პეტროვიჩის წინაშე იდგა და ზედიზედ თავს უკრავდა და მოწიწებით მის ბრძანებას უცდიდა.
- გამარჯობა, რა გქვია შენ, - უთხრა მას ტროეკუროვმა, - რისთვის მობრძანებულხარ?
- მე ქალაქს მივემგზავრებოდი, თქვენო აღმატებულებავ, - უპასუხა შაბაშკინმა, - და ივანე დემიანოვთან შემოვიარე იმის გასაგებად, რაიმე ბრძანება ხომ არ იქნებოდა თქვენი აღმატებულებისაგან.
- მარჯვე დროს მოხვედი, რა გქვია შენ; მჭირდები, არაყი გადაჰკარი და მომისმინე.
ასეთმა ალერწიანმა მიღებამ თანამსაჯული სასიამოვნოდ გააკვირვა. არაყის დალევაზე უარი თქვა და კირილა პეტროვიჩს მთელი არსებით უსმენდა.
- მე მყავს მეზობელი, - თქვა ტროეკუროვმა, - წვრილმამულიანი, უზრდელი კაცი. მინდა მას მამული ჩამოვართვა, - რას ფიქრობ ამის შესახებ?
- თქვენო აღმატებულებავ, თუ არის რაიმე საბუთი, ან. . .
- სტყუი, ძმაო, რის საბუთები გჭირდება. ამისათვის არის ბრძანებები. ძალა სწორედ იმასი, რომ ყოველგვარი უფლებების გარეშე მამული წაართვა. მაგრამ დაიცა. ოდესღაც ეს მამული ჩვენ გვეკუთვნოდა, ვიღაც სპიცინისაგან ვიყიდეთ და მერე მივყიდეთ დუბროვსკის მამას. ხომ არ შეიძლება, ამაზე შარი მოვდოთ?
- ძნელია, თქვენო აღმატებულებავს; ეს გაყიდვა, ალბათ, კანონიერი წესით მოხდა.
- დაფიქრდი, ძმაო, რამე გაახერხე.
- მაგალითად, თქვენო აღმატებულებავ, რომ შეგძლებოდათ როგორმე თქვენი მეზობლისაგან გეშოვნათ სიგელი, რის ძალითაც იგი თავის ქონებას ჰფლობს, მაშინ, რასაკვირველია. . .
- მესმის, უბედურებაც ეს არის - მას ხანძრის დროს ყველა საბუთი დაეწვა.
- როგორ, თქვენო აღმატებულებავ, საბუთები დაეწვა! ამაზე უკეთესი რა იქნება - ამ შემთხვევაში ინებეთ მოქმედება კანონების შესაბამისად და უეჭველად მიიღებთ თქვენს სრულ დაკმაყოფილებას.
- შენ ასე ფიქრობ? აბა, გაფრთხილებ, შენი ერთგულების იმედი მაქვს, ჩემგან კი, დარწმუნებული იყავი, მადლობა არ მოგაკლდება.
შაბაშკინმა თითქმის მიწამდე დაუკრა თავი და გავიდა; იმავე დღიდან დაიწყო ზრუნვა განზრახული საქმის გამო და მისი სიმარჯვის წყალობით სწორედ ორი კვირის შემდეგ დუბროვსკიმ მიიღო მიწვევა ქალაქიდან, დაუყოვნებლივ წარედგინა სათანადო ახსნა-განმარტება, რის საფუძველზეც ჰფლობდა იგი სოფელ კისტენევკას.
მოულოდნელი შეკითხვით გაოცებულმა ანდრეი გავრილოვიჩმა იმავე დღეს გაგძავნა საკმაოდ უხეში პასუხი, რომელშიც აცხადებდა: სოფელი კისტენევკა დამრჩა განსვენებული მამის სიკვდილის შემდეგ და მას ვფლობ მემკვიდრეობის უფლებითო, ტროეკუროვს ჩემ მიმართ არაფერი საქმე არა აქვს და სხვა ვინმეს მიერ უფლების განცხადება ამ ჩემს საკუთრებაზე არის შარი და თაღლითობაო.
ამ წერილმა თანამსაჯულ შაბაშკინზე მეტად სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. მან დაინახა, ჯერ ერთი, რომ დუბროვსკი საქმეებში ვერ ერკვეოდა, მეორეც, ასე ფიცხი და წინდაუხედავი ადამიანის უაღრესად არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება ძნელი არ იქნებოდა.
ანდრეი გავრილოვიჩმა მშვიდად რომ გაარჩია თანამსაჯულის შეკითხვები, საჭიროდ დაინახა უფრო საფუძვლიანად ეპასუხა. მან დასწერა საკმაოდ საქმიანი ქაღალდი, რომელიც როგორც შემდეგ გამოირკვა, არასაკმარისი აღმოჩნდა.
საქმე გაგრძელდა. თავის სიმართლეში დარწმუნებული ანდრეი გავრილოვიჩი ამისათვის თავს დიდად რ იწუხებდა. არც ხალისი, არც შესაძლებლობა ჰქონდა იმისა, რომ თავის გარშემო ფული ეფანტა. თუმცა ხშირად დასცინოდა ხოლმე კალმოსანთა მოდგმის სინდისი გამყიდველობას, მაგრამ არასოდეს ფიქრად არ მოსვლია, რომ ცილისწამებსი მსხვერპლი თვითონ გახდებოდა. თავსი მხრივ ტროეკუროვიც ასევე ნაკლებად ზრუნავდა თავსი მიერ წამოწყებული საქმის მოგვარებისათვის. მის მაგიერ შაბაშკინი ირჯებოდა, მისი სახელით მოქმედებდა, მოსამართლეებს აშინებდა და ქრთამავდა, ყოველგვარ ბრძანებულებას წაღმა-უკუღმა განმარტავდა. ასე იყო თუ ისე, 18. . . წლის 9 თებერვალს დუბროვსკიმ ქალაქის პოლიციის უწყება მიიღო გამოცხადებულიყო ** მაზრი მოსამართლესთან გადაწყვეტილების მოსასმენად პორუჩიკ დუბროვსკისა და გენერალ-ანშეფის ტროეკუროვის საქმეზე სადავო მამულის შესახებ და ხელი მოეწერა, ეთანხმებოდა თუ არა ამ გადაწყვეტილებას. იმავე დღეს დუბროვსკი ქალაქს გაემგზავრა; გზაში მას ტროეკუროვმა გაუსწრო. ამაყად გადახედეს ერთმანეთს და დუბროვსკიმ თავისი მოწინააღმდეგის სახეზე ღვარძლიანი ღიმილი შენიშნა.

თ ა ვ ი მ ე ო რ ე

ანდრეი გავრილოვიჩი ქალაქში რომ ჩავიდა, ნაცნობ ვაჭართან დაბინავდა, ღამე მასთან გაათია და მეორ დღეს მაზრის სასამართლოში გამოცხადდა. მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. . . მას კვალდაკვალ მიჰყვა კირილა პეტროვიჩი. მწერავები წარმოდგნენ და კალმები ყურს უკან გაიჩარეს, წევრები შეხვდენენ მას დიდი პირმოთნეობის გამოხატვით. სავარძელი მიუწიეს და მისი წოდების, ხნოვანებისა და წაროსადეგობისადმი პატივსცემის ნიშნად; იგი ღია კარებში დაჯდა, - ანდრეი გავრილოვიჩი ფეხზე დამდგარი კედელს მიეყრდნო. ღრმა სიჩუმე ჩამოვარდა და მდივანმა მჟღერი ხმით დაიწყო სასამართლოს დადგენილების კითხვა.
მას მთლიანად ვათავსებთ, მგონია ყოველ ადამიანს სასიამოვნოდ დარჩება გაეცნოს ერთ-ერთ საშუალებას, რითაც რუსეთში ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ მამული, რომლის მფლობელობაზე უდავო უფლება გვაქვს.
18. . . წლის თებერვლის. . . დღესა . . . მაზრის სასამართლომ განიხილა საქმე იმის შესახებ, რომ გვარდიის პორუჩიკი ანდრეი გავრილოვიჩ დუბროვსკი არაკანონიერად ჰფლობდა მამულს, რომელიც ეკუთვნის გენერალ-ანშეფს კირილა პეტროვიჩ თროეკუროვს, რომელიც მდებარეობს. . . გუბერნიიის სოფელ კისტენევკაში და შესდგება მამრობითი სქესისი. . . სულისაგან,. . . დესეტინა მიწისაგან მდელოებით და სახნავ-სათესით. ამ საქმიდან ჩანს: ხსენებულმა გენერალ-ანშეფმა ტროეკუროვმა გასული 18. . . წლის . . .9 დღესა შემოიტანა თხოვნა ამა სასამართლოში შესახებ იმისა, რომ 17 . . . წლის აგვისტოს 14 დღესა განსვენებულმა მამამისმა, კოლეგიის ასესორმა და კავალერმა, პიოტრ ეფიმოვიჩ ტროეკუროვმა, რომელიც იმ დროს საგუბერნიო სამმართველოში მსახურობდა პროვინციის მდივნად, შეიძინა 2.500 მანეთად აზნაურ კანცელარისტ ფადეი ეგოროვიჩ სპიცინისაგან მამული, მდებარე. . . მაზრის ხსენებულ სოფელ კისტენევკაში, რომლი სოფელის მაშინ აღწერის მიხედვით იწოდებოდა კისტენევსკის ახალშენებად, სადაც ირიცხებოდა მეოთხე აღწერით მამრობითი სქესის. . . სული, გლეხთ ამთელი ქონებით, კარ-მიდამოთი, უხნავ-სახნავი მიწებით, ტყეებით, სათიბით, სათევზაო ადგილებით კისტენევკად წოდებულ პატარა მდინარეზე, და ამა მამულს ყველა კუთვნილი ადგილმამულით და ბატონის ხის სახლით, ერთი სიტყვით, ყველაფერი უკლებლივ, რაც მას მამისისგან აზნაურ ათისთავ ეგორ ტერენტევიჩ სპიცისაგან მემკვიდრეობით დარჩა და მის მფლობელობაში იყო, არ დაუტოვებია რა შინაყმებისაგან არც ერთი სული და მიწის არც ერთი ნაკვეთი, რაზედაც იმავე დღეს. . . სასამართლოსა და განჩინების პალატაში შედგენილ იქნა ნასყიდობის სიგელი და მამამისი მაშინვე აგვისტოს 26 დღეს. . . მაზრის სასამართლოს მიერ შეყვანილ იქნა მფლობელობაში და მამული ჩაბარდა მას. ბოლოს 17. . . წლიდან თითქმის ბავშვობიდანვე სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა და მეტწილად იყო ლაშქრობაში საზღვარგარეთ, რის გამოც მას არ შეეძლო ჰქონოდა ცნობები, როგორც თავისი მამის სიკვდილისა, აგრეთვე მისი გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ქონების შესახებ. ამჟამად კი ამას სამსახურიდან გადადგომისს და თავის მამის მამულებში დაბრუნების შემდეგ, რომელი მამუჯლებიც მდებარეობენ. . . და . . . გულბერნიებში, კ.-სა, . -სა და რ.-ს მაზრებში, სხვადასხვა სოფლებში, სულ სამი ათას სულამდე, გენერალ-ანშეფი ტროეკუროვი აღმოაჩენს, რომ ასეთ მამულთა რიცვიდან ზემოთ აღწრილ სულებს (როლებიც ახლანდელი. . . აღწერის მიხედვით ირიცხება იმა სოფელში სულ. . . სული) მიწითა და ყველა ადგილმამულით ჰფლობს ყოველგვარი დამტკიცების გარეშე ზემოდასახელებული გვერდის პორუჩიკი ანდრეი დუბროვსკი, ამიტომ ადგენს რა ამა თხოვნასთნა ნამდვილ ნასყიდობის სიგელს, რომელიც მამამისს მისც გამყიდველმა სპიცინმა, ითხოვს, ხსენებული მამული ჩამოერთვას დუბროვსკის არაკანონიერი მფლობელობიდან და გადაეცეს კუთვნილებისამებრ მას - ტროეკუროვს, სრულ განკარგულებაში. ამა არაკანონიერი მისაკუთრების გამო, რითაც იგი სარგებლობდა ყოველწლიური შემოსავლით, ამის შესახებ სათანადო მოკვლევის შედეგად დაედო მას, დუბროვსკის, კანონები დაწესებული გადასახდელი და ამით დაკმაყოფილებულ იქნა იგი, ტროეკუროვი.
. . . მაზრის სასამართლოს მიერ ამა თხოვნის გამო ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად დადგენილ იქნა: რომ სადავო მამულის ხსენებულმა ახლანდელმა მფობელმა გვარდიის პორუჩიკმა დუბროვსკიმ მისცა აზნაურთა წარმომადგენელს ადგილობრივ ახსნა-განმარტება, რომ ამჟამად მის მფლობელობაში მყოფი მამული, მდებარე აღნიშნულ სოფელ კისტენევკაში, . . . სული მიწითა და სახნავ-სათესით დარჩა მას მემკვიდრეობით თავისი მამის, არტილერიის პოდპორუჩიკის გავრილ ევგრაფიჩ დუბროვსკის სიკვდილის შემდეგ, განსვენებულმა კი ეს მამული შეიძინა ამა მთხოვნელის მამისაგან, ტროეკუროვისაგან, რომელიც ჯერ იყო პროვინციის მდივანი, მერე კი კოლეგიის ასესორი. მის იერ 17. . . წლის აგვისტოს 30 დღესა მეცხრე კალსის მოხელე გრიგორი ვასილევიჩ სობოლევისათვის მიცემული. . . მაზრის სასამართლოში შემოწმებული მინდობილობით, რომლითაც მისგან უნდა ჰქონდეს მამამისს ამ ქონებაზე ნასყიდობის სიგელით მიღებული მთელი ქონება, . . . სული მიწით, მიჰყიდა მამამისს, დუბროვსკის, და ხელშეკრულებით ხვედრი ფული, 3.200 მანეთი მთლიანად მიიღო მამამისისგან დაუბრუნებლად და სთხოვა ამა რწმუნებულს სობოლევს მიეცა მამამისისთვის კანონიერი ნასყიდობის სიგელი. ამასთან ამავე მინდობილობით მთელი თანხის გადახდის შემთხვევაში მამამისს უფლება ენიჭებოდა დაუფლებოდა ამ მისგან ნაყიდ მამულს და ესარგებლა მით ამ ნასყიდობის სიგელის შედგენამდე, როგორც ნამდვილ მფლობელს, იგი კი, გამყიდველი ტროეკუროვი, არც სხვა ვინმე ამიერიდან მამულს არ დაპატრონებოდა.
მაგრამ სახელდობრ როდის და რომელ სახელმწიფო დაწესებულებაში მისცა ასეთი ნასყიდობის სიგელი რწმუნებულმა სობოლევმა მამამისს, მან, ანდრეი დუბროვსკიმ, არ იცის, ვინაიდან მაშინ მცირეწლოვანი იყო და მამის სიკვდილის შემდეგ ასეთი ნასყიდობის სიგელის პოვნა ვერ შესძლო; ანდრეი დუბროვსკი ფიქროს, იქნება ეს სიგელი სხვა საბუთებთან ერთად დაიწვა, 17 . . . წელს მათ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს, რის შესახებაც იცოდნენ ამა სოფლის მცხოვრებლებიც. და რომ იმ დღიდან, რაც ეს მამული ტროეკუროვმა გაჰყიდა ან სობოლევს მინდობილოა მისცა, ე. ი. 17. . . წლიდან, მამამისის სიკვდილის შემდეგ კი 17. . . წლიდან და დღემდე, ამ მამულს ისინი, დუბროვსკები, უდავოდ ჰფლობდნენ, ამას ამოწმებენ მეზობლები, რომლებიც სულ 52 კაცმა, ფიცქვეშ დაკითხვის დროს ჩვენმა მოგვცეს, რომ ნამდვილად, როგორც მათ ახსოვთ, დუბროვსკები აღნიშნული სადავო მამულის მფლობელობას შეუდგნენ სამოცდაათი წლის წინათ ვინმეს მხრივ ყოველგვარი დავის გარეშე, მაგრამ სახელდობრ რა აქტით და ნასყიდობის სიგელით, ეს მათ არ იციან. ამ საქმის გამო დასახელებული ამ მამულის წინანდელი მყიდველი, პროვინციის ყოფილი მდივანი პეტრე ტროეკუროვი ჰფლობდა თუ არა ამ მამულს, მათ არ ახსოვთ. ბ. ბ. დუბროვსკების სახლი ოცდაათი წლის წინათ მათ მამულში ღამით გაჩენილი ხანძრისაგან დაიწვა; ამავე დროს გარეშე პირებმა დაამტკიცეს, რომ აღნიშნულ სადავო მამულს შეუძლია მოგვეცეს შემოსავალი, იმ დროიდან საერთოდ თუ ვიანგარიშებთ, ყოველწლიურად არანაკლებ 2.000 მანეთისა.
ამის საწინააღმდეგოდ გენერალ-ანშეფმა კირილა პეტროვიჩ ტროეკუროვმა ამა წლის 3 იანვარს მოიტანა ამა სასამართლოში თხოვნა: თუმცა დასახელებულმა გვარდიის პორუჩიკმა ანდრეი დუბროვსკიმ წარმოადგინა ამ საქმის გამო გამოძიების წარმოების დროს განსვენებული მამისაგან გავრილ დუბროვსკის მიერ მეცხრე კლასის მოხელისათვის მიცემული მინდობილობა მისთვის მიყიდულ ქონებაზე, მაგრამ ამა მინდობილობით არათუ ნამდევილი ნასყიდობის სიგელი, არამედ ნასყიდობის სიგელის ოდესმე შედგენაზე არავითარი აშკარა საბუთი არ წარმოუდგენია გენერალური რეგლამენტის 19 თავის და 1752 წლის ნოემბრის 29 დღის ბრძანებულეის საფუძველზე. მაშასადამე, თვით მინდობილობა ამჟამად მისი მიმცემის, მამამისის, სიკვდილის გამო, 1818 წლის მაისის. . . დღის ბრძანებულების თანახმად, სრულიად ბათილდება. - ამას გარდა, ნაბრძანებია, სადავო მამულები გადაეცეს მფლობელობაში ნასყიდობსიგელიანი ნასყიდობის სიგელის მიხედვით და არანასყიდობისიგელიანი მოკვლევის მიხედვით. ამ მამულზე, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა, წარმოდგენილია უკვე მისგან საბუთად ნასყიდობის სიგელი, რომლის მიხედვით, აღნიშნულ კანონთა საფუძველზე, ხსენებულ დუბროვსკის უკანონო მფოლბელობიდან უნდა ჩამოერთვას მამული და მემკვიდრეობის უფლებით გადაეცეს იგი ტროეკუროვს. ვინაიდან აღნიშნული მამულები, ჰფლობდნენ რა მათ არაკუთვნილ მამულს ყოველგვარი ნასყიდობის გარეშე, სარგებლობდნენ უკანონოდ მათი არაკუთვნილი შემოსავლით, გაანგარიშების შემდეგ, რამდენიც ვალად დაედება მემამულე დუბროვსკის. . . ძალით, ამით დაკმაყოფილდეს იგი, ტროეკუროვი. ამ საქმის განხილვისა და ამა საქმიდან და კანონებიდან ამონაწერების გაკეთების შემდეგ. . . მაზრის სასამართლოში განჩინებულია:
როგორც ამ საქმიდა ჩანს, სრულმა გენერალ-ანშეფმა კირილა პეტროვიჩ ტროეკუროვმა ამ აღნიშნულ სადავო მამულზე, რომელიც ამჟამად გვარდიის პორუჩიკის ანდრეი გავრილოვიჩ დუბროვსიკის მფლობელობაშია და მდებარეობს სოფელ კისტენევკაში, ახლანდელი. . . აღწრით სულ მამრობითი სქესის. . . სული, მიწით და ადგილ-მამულებით, წარმოადგინა ნამდვილი ნასყიდობის სიგელი, რომ განსვენებულმა მამამისმა, პროვინციის მდივანმა, რომელიც შემდეგ კოლეგიის ასესორი იყო, 17. . . წელს ეს მამული იყიდა აზნაურ კანცელარისტ ფადეი სპიცინისაგან; და რომ ამას გარდა ეს მყიდველი, როგორც ჩანს იმ ნასყიდობის სიგელზე გაკეთებული წარწერიდან, იმავე წელს. . . მაზრის სასამართლოს მიერ შეყვანილია მფლობელობაში და მამული მას ჩაბარებული აქვს. და თუმცა ამის საწინააღმდეგოდ გვარდიის პორუჩიკის ანდრეი დუბროვსკის მიერ წარმოდგენილ იქნა მინდობილობა იმ გარდაცვლილი მყიდველის, ტროეკუროვის მიერ, მეცხრე კლასის მოხელის სობოლევისთვის მიცემული ნასყიდობის სიგელის შესადგენად მამამისის, დუბროვსკის სახელზე; მაგრამ ასეთი გარიგებით აკრძალულია არათუ ნასყიდობსიგელიან უძრავ ქონებით დამტკიცება, არამედ დროებით მფლობელობაც. . . განკარგულებით, ამასთანავე თვით მინდობილობა ამა მინდობილობის მიცემის სიკვდილით სრულიად ბათილდება. - მაგრამ დუბროვსკის მხრივ დღიდან ამა საქმის წარმოებისა, ე.ი. 18. . . წლიდან დღემდე წარმოდგენილი არაა არავითარი აშკარა საბუთი იმის შესახებ, რომ ამა მინდობილობით აღნიშნულ სადავო მამულზე ნამდვილად ყოფილიყო შედგენილი ნასყიდობის სიგელი სადმე და ოდესმე. ამიტომ ამა სასამართლოს მიაჩნია: აღნიშნული მამული, . . . სული, მიწითა და სახნავ-სათესით, როგორ მდგომარეობაშიც იგი მამული აღმოჩნდა, დაუმტკიცდეს მასზე წარმოდგენილი ნასყიდობის სიგელის მიხედვით გენერალ-ანშეფს ტროეკუროვს; მიეწეროს ბრძანება. . . საერბო სასამართლოს, ამ მამულზე განკარგულების უფლება ჩამოართვეს გვარდიის პორუჩიკ დუბროვსკის და მის მაგიერ მფლობელობაში სათანადოდ შეყვანილი იქნას ბ. ტროეკუროვი და მას ჩაბარდეს მამული, რომელიც მემკვიდრებოთი დარჩა. თუმცა ამას გარდა გენერალ-ანშეფი ტროეკუროვი ითხოვს თავისი სამემკვიდრეო მამულისა და მისი შემოსავლის უკანონო სარგებლობის გამო აზღვევინოს გვარდიის პორუჩიკს დუბროვსკის, მაგრამ ვინაიდან ეს მამული, ძველ მცხოვრებთა ჩვენებით, იყო რამდენიმე წლის განმავლობაში ბ.ბ. დუბროვსკების უდავო მფლობელობაში და ამა საქმისან არა ჩანს, რომ ბ. ტროეკუროვის მხრივ დღემდე ყოფილიყოს რაიმე თხოვნა დუბროვსკების მიერ ამ მამულის ასეთი უკანონო მფლობელობის შესახებ; ამასთანავე დებულებით ნაბრძანებია, თუ ვინმე მიწას დასთესავს ან კარ-მიდამოს შემოღობავს და ამაზე არაკანონიერი მითვისების გამო აღძრავენ საჩივარს და ეს გამოძიებით დამტკიცდება, მაშინ მართალს მიეცეს იგი მიწა დათესილი პურით, მოღობილობითა და ნაგებობებით, ამიტომ გენერალ-ანშეფ ტროეკუროვს გავარდიის პორუჩიკის მიმართ აღძრულ სარჩელზე უარი ეთქვას, ვინაიდან მისი კუთვნილი მამული მას უბრუნდება მფლობელობაში უკლებლივ. თუ მფლობელობაში მისი შეყვანის დროს ყველაფერი უკლებლივ აღმოჩნდება, მიუხედავად ამისა გენერალ-ანშეფ ტროეკუროვს უფლება ეძლევა, თუ ექნება ამ თავის პრეტენზიისათვის რაიმე აშკარა და კანონიერი საბუთი, ითხოვოს ამის შესახებ ცალკე სადაც ჯერ არს. დადგენილება წინასწარ გამოეცხადოს როგორც მოსარჩლეს, აგრეთვე მოპასუხეს, კანონიერ საფუძველზე სააპელაციო წესით, ისინი გამოძახებულ იქნან პოლიციის საშუალებით ამ სასამართლოში ამა დადგენილების მოსასმენად და ხელმოსაწერად, კმაყოფილი არიან თუ არა ამ დადგენილებით.
ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა სასამართლოს ყველა დამსწრემ.
მდივანი დადუმდა, თანამსაჯული ადგა და თავმდაბლად მიმართა ტროეკუროვს და მიიწვია მოწოდებულ ქაღალდზე ხელმოსაწერად. გამარჯვებულმა ტროეკუროვმა გამოართვა მას კალამი და ხელი მოაწერა სასამართლოს დადგენილებას, რომ მით სავსებით კმაყოფილი იყო.
დუბროვსკის ჯერი იყო. მდივანმა ქაღალდი მიუტანა, მაგრამ დუბროვსკი უძრავად იდგა თავდახრილი.
მდივანმა განმეორებით სთხოვა ხელი მოეწერა დადგეინლებაზე, კმაყოფილი იყო თუ არა იგი, თუ მოლოდინის წინააღმდეგ გრძნობდა სინდისის ქვეშ, რომ ამ საქმეში მართალი იყო და განზრახული ჰქონდა კანონით დაწესებულ ვადაში ეთხოვნა აპელაცია სადაც ჯერ იყო.
დუბროვსი სდუმდა. . . უეცრად თავი ასწია, თვალებიდან ცეცხლს ჰყრიდა, ფეხები დააბაკუნა, მდივანს ისეთი ძალით ჰკრა ხელი, რომ ძირს დასცა, სამელნეს ხელი სტაცა და თანამსაჯულს ესროლა. ყველა შიშის ძრწოლამ შეიპყრო. "როგორ! პატივი არ სცე საყდარს უფლისას! დაიკარგე, უზრდელთა მოდგმავ!" - მერე მიუბრუნდა კირილა პეტროვიჩს: "გაგონილა, თქვენო აღმატებულებავ, - განაგრძო მან, - მეძაღლეებს ძაღლები უფლის საყდარში შეჰყავთ! ძაღლები საყდარში დარბიან! მაცალეთ, მე თქვენ ჭკუას გასწავლით. . ." ხმაურობაზე დარაჯებმა მოირბინეს და დუბროვსკი ძლივს დაიმორჩილეს, გამოიყვანეს და მარხილში ჩასვეს. მალე ტროეკუროვიც წავიდა მთელი სასამართლოს თანხლებით. დუბროვსკის უეცარმა გაგიჟებამ ტროეკუროვზე ძლიერ იმოქმედა და ზეიმი ჩაუშხამა. მოსამართლენი, რომელიც მისგან მადლობას მოელოდნენ, ერთი სიტყვის ღირსნიც კი არ გახადა. იგი იმავე დღეს პოკროვსკოეს გაემგზავრა. ამ დროს დუბროვსკი ლოგინში იწვა. მაზრის მკურნალმა, საბედნიეროდ არა სავსებით უვიცმა, მოასწრო მისთვის სისხლი გამოეშვა, წრუბელები დაესვა და ხოჭოს სალბუნი დაეკრა; ავადმყოფი საღამოს უკეთ გახდა, გონს მოვიდა. მეორე დღეს იგი წაიყვანეს კისტენევკაში, რომელიც უკვე მას თითქმის აღარ ეკუთვნოდა.

თ ა ვ ი მ ე ს ა მ ე

რამდენიმე ხანი გავიდა, საწყალი დუბროვსკი ჯერ კიდევ ვერ გამოკეთდა. მართალია, სიგიჟე აღარ უვლიდა, მაგრამ ძალ-ღონე შესამჩნევად აკლდებოდა. თავისი წინანდელი საქმიანობა ავიწყდებოდა, ოთახიდან იშვიათად გამოდიოდა და მთელი დღე და ღამე ფიქრებს ეძლეოდა. ეგოროვნა, კეთილი მოხუცი ქალი, რომელიც ოდესღაც მის შვილს უვლიდა, ახლა მისი გადიაც გახდა. ეგოროვნა მას უვლიდა როგორც ბავშვს, ახსენებდა ჭამასა და ძილს, აჭმევდა და დასაძინებლად აწვენდა. ანდრეი გავრილოვიჩი გადიას მშვიდად ემორჩილებოდა, მის გარდა არავის იკარებდა. დუბროვსკის აღარ შეეძლო თავის საქმეებზე, სამეურნეო განკარგულებებზე ეფიქრა, და ეგოროვნამ საჭიროდ დაინახა ყველაფერი ახალგზაზრდა დუბროვსკისათვის ეცნობებინა. იგი მსახურობდა გვარდიის ერთ-ერთ ქვეით პოლკში, რომელიც იმ დროს პეტერბურგში იდგა. ეგოროვნამ ამოხია ფურცელი გასავლის დავთრიდან და მზარეულ ხარიტონს, კისტენევსკის ერთადერთ ანაბანის მცოდნეს, უკარნახა წერილი, რომელიც იმავე დღეს ქალაქის ფოსტაში გაგზავნა.
მაგრამ დროა ჩვენი მოთხრობის ნამდვილი გმირი გავაცნოთ მკითხველს.
ვლადიმერ დუბროვსკი იზრდებოსა კადეტთა კორპუსში და გამოშვებულ იქნა კორნეტად გვარდიაში; მამა არაფერს არ იშურებდა, რათა შვილი კარგად შეენახა, და ახალგაზრდა კაცი სახლიდან იღებდა იამზე მეტს, ვიდრე მოელოდა. იგი მფლანგველი და პატივმოყვარე იყო, თავისი ჟინის დასაკმაყოფილებლად ხრჯს არ ერიდებოდა; ბანქოს თამაშობდა და ვალში ვარდებოდა; მომავლისთვის არ ზრუნავდა იმის იმედით, რომ, ადრე თუ გვიან, მდიდარ ცოლს შიერთავდა, ასეთია ოცნება ღარიბი ახალგაზრდობისა.
ერთხელ საღამოს მასთან რამდენიმე ოფიცერი იყო, ისინი დივნებზე წამოწოლილნი ქარვიანი ჩიბუხებით თამბაქოს აბოლებდნენ. ამ დროს დუბროვსკის გრიშამ, მისმა კამერდინერმა, მიართვა წერილი, რომლის წარწერამ და ბეჭედმა ახალგაზრდა კაცი გააოცა. მან სასწრაფოდ გახსნა წერილი და შემდეგი წაიკითხა:
"ჩემო ხელმწიფევ, ვლადიმირ ანდრეევიჩ, - მე, შენმა ძველმა გადიამ, გავბედე მოგახსენო მამილოს ჯანმრთელობის შესახებ. იგი ძალიან ცუდად არის, ზოგჯერ თავისთვის ლაპარაკობს და მეთელი დღე სულელი ბავშვივით ზის - სიკვდილ-სიცოცხლე უფლის ნეაა. ჩამოდი ჩვენთან, ჩემო შევარდენო, ჩვენ ცხენებსაც გამოგიგზავნით პესოჩნოესთან - ხმები დადის მაზრის სასამართლო ჩამოდის ჩვენთან, რათა კირილა პეტროვიჩის ხელში გადაგვცეს - იმიტომ, რომ თქვენ იმისი ხართო, ჩვენ კი უხსოვარი დროიდან თქვენი ვართ, - და ეს ჩვენ დღეში არ გამიგონია. - შენ შეგეძლო, პეტერბურგში ცხოვრობ, ამის შესახებ მეფე-ბატონისათვის მოგეხსენებინა, იგი ჩვენს თავს არ დააჩაგვრინებდა. დავშთები შენი ერთგული მონა-მორჩილი, გადია არინა ეგოროვნა ბუზირევა.
ჩვენ უკვე მეორე კვირაა წვიმს და როდია მწყემსი მოკვდა ნიკოლოზობის დღეებში. ვუგზავნი გრიშას ჩემს დედობრივ ლოცვა-კურთხევას, ხომ კარგად გემსახურება?"
არაჩვეულებრივად აღელვებულმა ვლადიმირ დუბროვსკიმ ეს საკმაოდ უაზრო სტრიქონები რამდენჯერმე ზედიზედ წაიკითხა. მცირეწლოვანმა დაჰკარგა დედა და მამას თითქმის არც კი იცნობდა, მერვე წელში იყო გადამდგარი, იგი რომ პეტერბურგში ჩაიყვანეს; მამასთან და იმდენად უფრო უყვარდა ოჯახური ცხოვრება, რამდენადაც ნაკლებად მოასწრო მისი წყნარი სიხარულით დატკბობა.
მამის დაკარგვის აზრი გულს მწარედ უღრღნიდა. გადიას წერილით მიხვდა, როგორ მდგომარეობაში იყო სწყალი ავადმყოფი, და ეს შიშის ზარს სცემდა. წარმოიდგინა მამა, ყრუ სოფელში მიტოვებული, სულელი დედაბრისა და შინაყმების ხელში; მას რაღაც უბედურება მოელოდა, სულიერ და ხორციელ ტანჯაში ის დაუხმარებლად ჰქრებოდა. ვლადიმირი თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ მამას ყურადღებას ვერ აქცევდა. დიდი ხანია მამისაგან არავითარ ცნობას არ იღებდა და არც უფიქრია მისი ამბავი გაეგო. ფიქრობდა, მოგზაურობას ან გართულია სამეურნეო საქმეებშიო.
ვლადიმირმა გადაწყვიტა კისტენევკაში გამგზავრებულიყო და სამსახურისათვის დაენებებინა თავი, თუ მამის ავადმყოფობა მასთან ყოფნას მოითხოვდა. დუბროვსკის მოუსვენრობა რომ შენიშნეს, ამხანაგები წავიდნენ. ვლადიმირი მარტო რომ დარჩა, დწერა თხოვნა შვებულების შესახებ, ჩიბუხი გააბოლა და ღრმა ფიქრებს მიეცა.
იმავე დღეს დაიწყო ზრუნვა შვებულებისათვის და ორი დღის შემდეგ თავის ერთგულ გრიშასთან ერთად ფოსტის ცხენებით გაემგზავრა.
ვლადიმირ ანდრეევიჩი უახლოვდებოდა იმ სადგურს, საიდანაც კისტენევკასკენ უნდა გადაეხვია. მისი გული სამწუხარო წინაგრძნობებს შეეპყრო, ეშინოდა, ვაითუ მამას უკვე ცოცხალს ვეღარ მივუსწროო. ფიქრობდა მოსაწყენ ცხოვრებაზე, რომელიც მას სოფელში მოელოდა: მიყრუებული ადგილი, უკაცურობა, სიღარიბე და ზრუნვა საქმეებისათვის, რისაც მას არაფერი გაეგებოდა. სადგურზე რომ მივიდა, ზედამხედველთან შევიდა და ცხენები სთხოვა. ზედამხედეველმა ჰკითხა, სად მიემგზავრებითო, და განუცხადა, რომ კისტენევკიდან გამოგზავნილი ცხენები მეოთხე დღეა გელოდებიანო. მალე ვლადიმირ ანდრეევიჩთან გამოცხადდა ძველი მეეტლე ანტონი, რომელსაც ოდესღაც იგი საჯინიბოში დაჰყავდა და მის პატრა ცხენს უვლიდა. ვლადიმირსი დანახვაზე ანტონს თვალზე ცრემლები მოადგა, მიწამდე თავი დაუკრა და უთხრა, მოხუცი ბატონი ჯერ კიდევ ცოცხალიაო. მერე ცხენების გასაბმელად გაიქცა. ვლადიმირ ანდრეევიჩმა უარი თქვა მიწოდებულ საუზმეზე, გამგზავრებას ჩქარობდა. ანტონმა იგი სასოფლო გზებით წაიყვანა და მათ შორის საუბარი გაიმართა.
- მითხარი, გეთაყვა, ანტონ, რა საქმე აქვს მამაჩემს ტროეკუროვთან?
- ღმერთმა უწყის, ბატონო ვლადიმირ ანდრეევიჩ, როგორც ამბობენ, ვერ შეეწყო კირილა პეტროვიჩს, მან კი სასამართლოში უჩივლა - თუმცა ხშირად თვით არის მსაჯული. რა ჩვენი - ყმების საქმეა ბატონების ნება-სურვილის რკვევა, მაგრამ, ღმერთმანი, მამა თქვენი ამაოდ გადაეკიდა კირილა პეტროვიჩს, ნათქვამია, კამეჩის მარქენალ ხარს რქები არ შერჩებაო.
- ჩანს, ეს კირილა პეტროვიჩი აქ, თქვენთან, ყველაფერს აკეთებს, რაც კი მოესურვება.
- მართალია, ბატონო, - თანამსაჯულს, როგორც ამბობენ, ჩირად არ აგდეს, მაზრის პოლიციის უფროსი შიკრიკა ჰყავს. ბატონები მასთან მლიქვნეულური ერთგულების გამოსახატავად ჩამოდიან; როგორც იტყვიან, თაფლი იყოს, ბუზი ბაღდადიდან მოფრინდებაო.
- მართალია, რომ ჩვენი მამულს გვართმევს?
- ეჰ, ბატონო, ასე გავიგონეთ ჩვენ მამასახლისთან თქვა: გეყოფათ სეირნობა; აი, კირილა პეტროვიჩი, დაიცადეთ, თქვენ ხელში ჩაგიგდებთ. მჭედელმა ნიკიტამ კი უთხრა: გეყოვა, საველიჩ, ნუ აღონებ, ნათილმამას, სტუმრებს ნუ აშფოთებ. კირილა პეტროვიჩი თავისთვის არის, ანდრეი გავრილოვიჩი კი თავისთვის - ჩვენ კი ყველანი ღვთისა და ხელმწიფისა ვართ. სხვას პირზე ბოქლომს ხომ ვერ დაადებ.
- მაშ, თქვენ არ გინდათ ტროეკუროვის მფლობელობაში გადახვიდეთ?
- კირილა პეტროვიჩის მფლობელობაში! ღმერთმა გვიხსნას, დაგვიფაროს. იქ, მასთა, მისიანებსაც შავი დღე ადგიათ, უცხოები თუ ხელში ჩაუვარდა, მარტო ტყავს კი არ გააძრობს, ხორცსაც გააყოლებს. არა, ანდრეი გავრილოვიჩი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, და თუ ღმერთი მას წაიყვანს, მაშინ ჩვენ, შენს გარდა, არავინ გვინდა, ჩვენო მარჩენალო. მას ნუ მიგვცემ, ჩვენ კი შენთვის თავს არ დავზოგავთ.
ამ სიტყვებზე ანტონმა მათრახი მოიქნია, სადავე დაარხია და მისი ცხენები ჩორთით წავიდნენ.
მოხუცი მეეტლის ერთგულებით გულაჩვილებული დუბროვსკი დადუმდა და ფიქრებს მიეცა. საათზე მეტი დრო გავიდა; უეცრად გრიშამ გამოარკვია იგი წამოძახილით: '"აი, პროკროვსკოე!" დუბროვსკი თავი ასწია, იგი ფართო ტბის ნაპირს მიჰყვებოდა, ტბიდან პატარა მდინარე გამოდიოდა და შორს გორაკებს შუა მიიკლაკნებოდა; ერთ გორაკზე ჭალის მუქ სიმწვანეში მოჩანდა უზარმაზარი ქვის სახლი წვანე სახურავი და ბელვედერი; მეორე გორკზე - ხუთგუმბათიანი საყდარი და ძველი სამრეკლო; მახლობლად მიმოფანტული იყო სოფლის ქოხები ჭებითა და ბოსტნებით. დუბროვსკიმ იცნო ეს ადგილები, მოიგონა, რომ სწორედ ამ გორაკზე თამაშობდა იგი პატარა მაშა ტროეკუროვთან ერთად. მაშა ორი წლით მასზე უმცროსი იყო და უკვე მაშინ ეტყობოდა, რომ ლამაზი ქალი დადგებოდა. დუბროვსკის უნდოდა მის შესახებ ანტონისათვის ეკითხა, მაგრამ რაღაც მორცხვობამ თავი შეაკავებინა.
ბატონის სახლს რომ მიუახლოვდა, დაინახა თეთრი ტანისამოსი, რომელიც ბაღის ხეებს შორის გამოკრთოდა. ამ დროს ანტონმა ცხენებს მათრახი გადაუჭირა, შეპყრობილმა პატივმოყვარეობით, რომელსაც სოფლისა და ქალაქის მეეტლეები თანაბრად ემორჩილებიან, ხიდზე და სოფელში ჭენებით ჩაიქროლა. სოფელს რომ გასცდნენ, გორაზე ავიდნენ და ვლადიმირმა დაინახა არყის ხეების ჭალა, მარცხნივ კი გაშლილ ადგილას რუხი სახლი წითელი სახურავით; გული უძგერდა. თვალწინ კისტენევკასა და თავისი მამის ღარიბ სახლს ხედავდ.
ათი წუთის შემდეგ ბატონის ეზოში შევიდ. აუწერელი მღელვარებით მიმოიხედა გარშემო. თორმეტი წელია, რაც თავისი სამშობლო არ უნახავს. პატარა არყის ხეები, რომლებიც ღობესთან მხოლოდ მის დროს დარგეს, გაზრდილა და ახლა მაღალტოტებიან ხეებად ქცეულა. ეზო ოდესღაც შემკობილი იყო სამი სწორი საყვავილეთი, მათ შორის მიდიოდა ფართო გზა, რომელიც საგულდაგულოდ იხვეტებოდა; ახლა ეს ეზო გაეხადათ მოუთიბავ მდელოდ, სადაც ფეხებდაბორკილი ცხენი სძოვდა. ძაღლებმა ის-ის იყო დაიყეფეს, მაგრამ ანტონი რომ იცნეს, დადუმდნენ და ბანჯგვლიანი კუდების ქნევა დაიწყეს. შინაყმები გამოცვივდნენ საჯალაბო ქოხებიდან. ახალგაზრდა ბატონს შემოეხვივნენ; ისინი სიხარულს ხმაურობით გამოხატავდნენ. ძლივს დააღწია თავი ერთგულ ბრბოს და დაძველებულ პარმაღზე აირბინა. წინკარში მას ეგოროვნა შემოეგება და თავისი გაზრდილი ტირილით გულში ჩაიკრა.
- გამარჯობა, გამარჯობა, გადია, - იმეორებდა დუბროვსკი და კეთილ მოხუცს გულში იხუტებდა. - მამა როგორ არის, სად არის? თავს როგორ გრძნობს?
ამ დროს დარბაზში შემოვიდა მაღალი ტანის მოხუცი, ფერმკრთალი და გამხდარი, ფეხებს ძლივს მოათრევდა, ხალათი ეცვა და თავზე ჩაჩი ეხურა.
- გამარჯობა, ვალოდკა! - უთხრა მან სუსტი ხმით; ვლადიმირი მამას მაგრამ ჩაეკონა.
სიხარულისაგან ავადმყოფი ძლიერ აღელდა, დასუსტდა, ფეხები მოეკვეთა. დაეცემოდა, შვილი რომ არ მიშველებოდა.
- რატომ აბრზანდით ლოგინიდან, - უთხრა ავადმყოფს ეგოროვნამ, - ფეხზე დგომა არ შეუძლია, იქითკენ კი მიიწევს, სადაც ხალხია.
მოხუცი საწოლ ოთახში შეიყვანეს, იგი თავს ძალას ატანდა, რათა შვილს დალაპარაკებოდა, მაგრამ აზრები თავში ერეოდა და სიტყვებს ერთმანეთს ვერ უკავშირებდა. მოხუცი დადუმდა, ჩასთვლიმა. ვლადიმირს მამის მდგომარეობამ თავზარი დასცა. იგი მამის საწოლ ოთახში მოეწყო და ითხოვა მამასთან მარტო დაეტოვებინათ. შინაყმები დაემორჩილნენ. მაშინ ყველამ გრიშკას მიხედა. იგი წაიყვანეს საჯალაბო ოთახში, სადაც მას გაუმასპინძლდნენ სოფლურად; გულთბილოა არ დაუკლიათ, გააწამეს კითხვებითა და მისალმებებით. \

თ ა ვ ი მ ე ო თ ხ ე

იქ, სადაც სუფრა იყო გაშლილი,
ახლა კუბო დგას.

რამდენიმე დღე გავიდა დუბროვსკის ჩამოსვლის შემდეგ; მას საქმისთვის ხელი უნდა მოეკიდა, მაგრამ მამას არ შეეძლო მისთვის საჭირო ახსნა-განმარტება მიეცა - ანდრეი გავრილოვიჩს კი რწმუნებული არ ჰყავდა. მამის ქაღალდები რომ გაარჩია, მან იპოვა მხოლოდ თანამსაჯულის პირველი წერილი და მასზე გაცემული პასუხი, შავად ნაწერი, რომლიდანაც დავაზე ვერ მიიღო ნათელი წარმოდგენა, და გადაწყვიტა დაეცადა შედეგებისათვის; იმის იმედი ჰქონდა, რომ ამ საქმეში მართალი იყვნენ.
ამასობაში ანდრეი გავრილოვიჩის ჯანმრთელობა ყოველ საათში უარესდებოდა. ვლადიმირი წინასწარ ხედავდა ახლო დასასრულს და ბავშვად ქცეულ მოხუცს არ სცილდებოდა.
ამასობაში დაწესებული ვადა გავიდა და აპელაცია არ იქნა შეტანილი. კისტენევკა ტროეკუროვს ეკუთვნოდა. შაბაშკინი ეახლა მას თაყვნისცემით და მილოცვებით, სთხოვა დაენიშნა დრო, როდის ინებებდა მისი აღმატებულება ახალშენაძენი მამულის მფლობელობაში შესვლას, - თვითონ გაირჯებოდა, თუ ისურვებდა ამაზე მინდობილობა სხვისთვის მიეცა. კირილა პეტროვიჩი შეშფოთდა; ბუნებით იგი არ იყო ანგარებისმოყვარე, შურისძიებამ ძალიან ღრმად შეატოპვინა, სინდისი ქენჯნიდა. მან იცოდა, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მისი მოწინააღმდეგე, ძველი ამხანაგი ახალგაზრდობიდან, დან გამარჯვება მის გულს არ ახარებდა. მრისხანედ შეხვდა შაბაშკინს, შარის მოსადებს ეძებდა, რომ გამოელანძღა, მაგრამ ამისთვის საკმაო საბაბი ვერ იპოვა და გულმოსულად უთხრა:
- დაიკარგე აქედან, შენთვის არა მცალია.
შაბაშკინმა შეატყო, რომ ტროეკუროვი გუნებაზე არ იყო, თავი დაუკრა და საჩქაროდ გაეცალა. კირილა პეტროვიჩი მარტო რომ დარჩა, ბოლთის ცემა დაიწყო, ტან "გამარჯვების გრგვინვა გაისმის" უსტვენდა, რაც ყოველთვის იმის მომასწავებელი იყო, რომ ფიქრებს არაჩვეულებრივი მღერლვარებით მოეცვა იგი.
ბოლოს მან ბრძანა მსუბუქი ეტლი მოემზადებინათ, თბილად ჩაიცვა (უკვე სექტემბრის მიწურული იყო), ეზოდან გავიდა, ცხენი თვითონ მიჰყავდა.
მალე დაინახა ანდრეი გავრილოვიჩის პატარა სახლი და საწინააღმდეგო გრძნობებმა შეიპყრეს მისი არსება. დაკმაყოფილებულმა შურისძიებამ და ბატონობისმოყვარულობამ კინაღამ დაუხშეს უფრო კეთილშობილი გრძნობები, მაგრამ ბოლოს მაინც კეთილშობილმა გრძნობებმა გაიმარჯვა. მან გადაწყვიტა თავის ძველ მეზობელს შერიგებოდა, სამდურავის კვალიც კი მოესპო და მისთვის ქონება დაებრუნებინა. ამ კეთილი განზრახვით გულშემსუბუქებულმა კირილა პეტროვიჩმა ჩორთით გასწია თავისი მეზობლის კარ-მიდამოსაკენ და ეტლით შევიდა ეზოში.
ამ დროს ავადმყოფი საწოლ ოთახში იჯდა ფანჯარასთან, კირილა პეტროვიჩი იცნო და საშინელი შეშფოთება აღებეჭდა სახეზე: ჩვეულებრივი ფერმკრთალობა ჭარხლისფრად შეეცვალა, თვალები აულერვარდა. გაუგებრად ლუღლუღებდა. მისმა შვილმა, რომელიც იქვე სამეურნეო დავთრებს ათვალიერებდა, თავი ასწია და მამის მდგომარეობამ თავზარი დასცა. ავადმყოფი ეზოსკენ თითს იშვერდა, ელდას და მრისხანებას გამოხატავდა. იგი აჩქარებულად ხალათის კალთებს იწევდა, სავარძლიდან ადგომას ცდილობდა. ადგა . . . და უეცრად დაეცა. შვილი მამასთან მიიჭრა, მოხუცი იწვა უგრძნობლად, აღარ სუნთქავდა - დამბლა დაეცა.
- ჩქარა, ჩქარა, გასწით ქალაქში მკურნალის მოსაყვანად! - ყვიროდა ვლადიმირი.
- კირილა პეტროვიჩს თქვენი ნახვა უნდა, - თქვა შემოსულმა მსახურმა.
ვლადიმირმა მას საშინელი თვალებით შეხედა.
- უთხრი კირილა პეტროვიჩს, რომ სასწრაფოდ გაგვეცალოს აქედან, სნამ არ მიბრძანებია მისი გაგდება ეზოდან - გასწი.
მსახური მხიარულად გაიქცა თავისი ბატონის ბრძანების შესასრულებლად - ეგოროვნამ ხელი ხელს შემოჰკრა.
- შენ, ჩემო ბატონო, - თქვა მან წრიპინა ხმით, - თავს დაიღუპავ! კირილა პეტროვიჩი შეგვჭამს.
- გაჩუმდი, გადია, - უთხრა გულმოსულმა ვლადიმირმა, - ახლავე გაგზავნე ანტონი ქალაქში მკურნალის მოსაყვანად.
ეგოროვნა გავიდა. წინკარში არავინ იყო. ყველა შინაყმა კირილა პეტროვიჩის საცქერლად ეზოში ჩაერბინა. ეგოროვნა პარმაღზე გავიდა და გაიგონა მსახურის მიერ ახალგაზრდა ბატონის სახელით გადაცემული პასუხი. ეტლში მჯდომმა კირილა პეტროვიჩმა მოისმინა იგი. სახე ღამეზე უფრო ჩამოუბნელდა, ზიზღით გაიღიმა, შინაყმებს მრისხანედ გადახედა და ეზოდან ნაბიჯით გაემგზავრა. შეიხედა ფანჯარაში, სადაც წუთის წინ ადრეი გავრილოვიჩი იჯდა, მაგრამ იგი უკვე იქ აღარ იყო. გადია პარმაღზე იდგა, ბატონის ბრძანების შესრულება დაავიწყდა. ამ შემთხვევის გამო შინაყმები ხმამაღლა მსჯელობდნენ. მოულოდნელად ვლადიმირი გამოჩნდა შინაყმებს შორის და ნაწყვეტ-ნაწყვეტ თქვა:
- მკურნალი საჭირო არ არის. მამა გარდაიცვალა.
ჩოჩქოლი შეიქმნა. შინაყმებმა მოხუცი ბატონის ოთახს მიაშურეს. იგი იწვა სავარძელში, რომელზედაც ვლადიმირმა გადაასვენა, მარჯვენა ხელი იატაკზე ჩამოვარდნოდა, თავი მკერდზე დაშვებოდა - ჯერ კიდევ თბილ სხეულში სიცოცლის არავითარი ნიშანწყალი აღარ იყო. ეგოროვნამ დაიღრიალა. მსახურნი შემოეხვივნენ ცხედარს, რომელიც მათ მოსავლელად დაუტოვეს, - განბანეს იგი, ჩააცვეს მუნდირი, ჯერ კიდევ 1797 წელს შეკერილი, და დაასვენეს სწორედ იმ მაგიდაზე, სადაც ამდენი ხნის განმავლობაში თავის ბატონს ემსახურებოდნენ.

თ ა ვ ი მ ე ხ უ თ ე

დუბროვსკი მესამე დღეს დაკრძალეს. საწყალი მოხუცის ცხედარი, სუდარაგადაფარებული და სანთლებით გარშემორტყმული, მაგიდაზე ესვენა. სასადილო ოთახი შინაყმებით გაივსო. გამოსასვენებლად ემზადებოდნენ. ვლადიმირმა და სამმა მსახურმა კუბო ასწიეს. მღვდელი წინ წავიდა, თან ახლდა დიაკონი, რომელიც სამგლოვიარო ლოცვებს გალობდა. კისტენევკის პატრონმა უკანასკნელად გადაიარა თავისი სახლის ზღურბლი. კუბო გაატარეს ჭალაზე, რომლის უკანაც საყდარი მდებარეობდა. ნათელი და ცივი დღე იყო. შემოდგომის ფოთლები ხეებიდან ცვივოდა.
ჭალიდან რომ გვიდნენ, კისტენევკი საყდარი და ბებერი ცაცხვებით დაჩრდილული სასაფლაო დაინახეს. იქ განისვენებდა ვლადიმირის დედის ცხედარი. იქ, მისი სამარის გვერდით, წინადღით ამოთხარეს ახალი საფლავი. საყდარი კისტენევკელი გლეხებით იყო სავსე. ისინი მოსულიყვნენ, რათა ბატონისათვის უკანასკნელად ეცათ თაყვანი. ახალგაზრდა დუბროვსკი კლიროსთნა იდგა; არც ტიროდა, არც ლოცულობდა - მაგრამ საშინელი სახე ჰქონდა. წესის აგება დასრულდა. ვლადიმირი პირველი მივიდა მამასთან გამოსათხოვრად - მას მიჰყვა ყველა შინაყმა; სახურავი მოიტანეს და კუბო დაჭედეს. დედაკაცები ხმამაღლა ღრიალებდნენ; გლეხები ხშირად ცრემლებს მუშტით იწმენდნენ. ვლადიმირმა და იმავე სამმა მსახურმა ცხედარი სასაფლაოზე წაასვენეს მთელი სოფლის თანხლებით. კუბო სამარეში ჩაუშვეს - ყველა დამწრემ საფლავში პეშვი მიწა ჩაჰყარა - საფლავი ამოავსეს, მის წინ თავი დახარეს და წავიდ-წამოვიდნენ. ვლადიმირი სასწრაფოდ მოშორდა იქაურობას, ყველას წინ გაუსწრო და კისტენევკის ჭალაში მიიმალა.
მისი სახელით ეგოროვნამ ქელეხზე მიიპატიჟა მღვდელი და ეკლესიის მთელი კრებული. გამოუცხადა მათ, ახალგაზრდა ბატონს ქელეხზე დასწრება არ სურსო; და ამრიგად, მამა ანტონი, ხუცის ცოლი ფედოტოვნა და დიაკონი ფეხით წავიდნენ ბატონის ეზოსაკენ; ისინი მსჯელობდნენ ეგოროვნასთან განსვენებულის სათნოებაზე და იმაზე, რაც მოელოდა მის მემკვიდრეს (ტროეკუროვის მისვლა დუბროვსკისთან და ის, თუ როგორ შეხვდნენ მას, უკვე მთელმა იმ მხარემ იცოდა და იქაური პოლიტიკოსები ამის გამო მნიშვნელოვან შედეგებს წინასწარმეტყველებდნენ).
- რაც მოხდება მოხდება, - თქვა ხუცის ცოლმა, - საწყენია, რომ ვლადიმირ ანდრეევიჩი არ იქნება ჩვენი ბატონი. კარგი ვაჟკაცია, თქმა არ უნდა.
- ის თუ არა, აბა, ვინ უნდა იყოს ჩვენი ბატონი, - შეაწყვეტინა ეგოროვნამ. - კირილა პეტროვიჩი ამაოდ ცდილობს, ის მხდალს არ გადაჰყრია: ჩემი საყვარელი ვლადიმირი თავის თავს დაიცავს, ღემერთიც მოგვხედავს, მწყალობელი მას არ დასტოვეს, ძალიან ყოყლოჩინაა კირილა პეტროვიჩი! ხომ ამოიძუა კუდი, როცა ჩემმა გრისკამ მას დაუყვირა: დაიკარგე, ბებერო ძაღლო! ეზოდან გაგვეცალეო!
- ეჰ, ეგოროვნა, - უთხრა დიაკონმა. - თვითონ გრიგორის ენა როგორ მოუბრუნდა, მე უფრო დავთანხმდები უფალს შევუყეფო, ვიდრე კირილა პეტროვიჩს ალმაცერად შევხედო. როგორც კი მას დაინახავ, შიში და თრთოლვა პირქვე გხრის, წელში თავისით იკაკვები.
- ამაოება ამაოებათა, - თქვა მღვდელმა, - კირილა პეტროვიჩსაც უმღერებენ სულთათანას, როგორც ახლა ანდრეი გავრილოვიჩს. შეიძლებ დაკრზალვა უფრო მდიდრული იქნას და უფრო მეტი სტუმრები მოიწვიონ - ეს განა ღვთისათვის სულ ერთი არ არის!
- ეჰ, მამაო! ჩვენც გვინდოდა მთელი უბანი მოგვეწვია, მაგრამ ვლადიმირ ანდრეევიჩმა არ ისურვა. ნუ გეშინია, ყველაფერი საკმაოდ გვაქვს, - გვაქვს რით გავუმასპინძლდეთ, მაგრამ რას იზამ. თუ სხვები არ არიან, თქვენ მაინც გაგიმასპინძლდებით, ჩვენო ძვირფასო სტუმრებო.
ამ ალერსიანმა დაპირებამ და იმედმა, რომ გემრიელი ნაცხვარი დახვდებოდათ, მოსაუბრეებს ფეხი ააჩქარებინა: მათ მიაღწიეს ბატონის სახლამდე, სადაც სუფრა უკვე გაშლილი იყო და არაყის იდგა.
ამასობაში ვლადიმირი უღრან ტყეში ღრმად შედიოდა, მოძრაობით და თავის დაღლით ცდილობდა სულიერი ტანჯვა ჩაეხშო. უგზო-უკვალოდ მიდიოდა: ტოტები წამდაუწუმ ედებოდა და ჰკაცრავდა; ფეხები წარამარა ჭაობში ეფლობოდა - ვერაფერს ვერ გრძნობდა. ბოლოს მიაღწია ყოველი მხრიდან ტყით შემოფრგლულ პატრა ხევს.
შემოდგომის მიერ ნახევარად გატიტვლებული ხეების მახლობლად ნაკადული ჩუმად მიიკლაკნებოდა. ვლადიმი შეჩერდა, ცივ ბელტზე ჩამოჯდა. ერთიმეორეზე უფრო შავბნელი ფიქრები ირეოდნენ მის გონებაში. მარტოობას ძლიერ განიცდიდა. მომავალი მას მრისხანე ღრუბლებით დაფარული ესახებოდა. ტროეკუროვთნა მტრობა ახალ უბედურებას უქადდა. მისი ღარიბი ქონება შეიძლებოდა სხვის ხელში გადასულიყო - ამ შემთხვევაში მას სიღატაკე მოელოდა. დიდხანს იჯდა უძრავად იმავე ადგილას და დასცქეროდა ნაკადულის წყნარ მდინარეებს; ნაკადულს დამჭკნარი რამდენიმე ფოთოლი მიჰქონდა; ვლადიმირს ცოცხლად წარმოუდგა ცხოვრებასთან ნამდვილი მსგავსება. ეს იყო ჩვეულებრივი მსგავსება. ბოლოს შენიშნა, რომ ღამდებოდა: ადგა და სახლისაკენ მიმავალი გზის ძებნა დაიწყო, მაგრამ კიდევ დიდხანს დაეხეტებოდა უცნობ ტყეში, სანამ არ წააწყდა იმ ბილიკს, რომელმაც პირდაპირ მისი სახლის ალაყაფის კარამდე მიიყვანეს.
დუბროვსკის გზაზე შემოეყარა მღვდელი ეკლესიის მთელი კრებულით. გულმა რაღაც ცუდი უაზრა. უნებურად გვერდზე გადაუხვია და ხეს მიეფარა. ახლოს ჩაუარეს, მაგრამ მათ დუბროვსკი არ შეუნიშნავთ, ცხარე ლაპარაკში იყვნენ გართულნი.
- ბოროტს განერიდე და კეთილი საქმე ჰქმენ, - ეუბნებოდა ხუცესი თავის ცოლს, - აქ დარჩენა აღარ არის საჭირო. შენ არ გეხება, აქ საქმე რითაც არ უნდა გათავდეს.
ხუცესი ცოლმა რაღაც უპასუხახ, მაგრამ ვლადიმირმა ვეღარ გაიგონა.
ბატონის სახლს რომ უახლოვდებოდა, ეზოში უამრავი ხალხი დაინახა: გლეხები და შინაყმები ეზოში ირეოდნენ; შორიდაჰნ გაიგონა არაჩვეულებრივი ხმაურობა და ლაპარაკი. ფარდულთან ორი სამცხენა იდგა. პარმაღზე რამდენიმე უცნობი ადამიანი იყო ფორმის სერთუკებში, ეტყობოდა, რაღაცაზე მსჯელობდნენ.
- ეს რას ნიშნავს? - ჰკითხა მან გულმოსულად ანტონს, რომელიც მის შესახვედრად მორბოდა. - ესენი ვინ არიან, რა უნდათ?
- ოჰ, ბატონო ვლადიმირ ანდრეევიჩ, - უპასუხა მოხუცმა ქლოშინით. - სასამართლო ჩამოვიდა, ტროეკუროვს უნდა გადაგვცენ. შენს წყალობას გვაშორებენ!
ვლადიმირმა თავი ჩაღუნა, შინაყმები თავიანთ უბედურ ბატონს შემოეხვივნენ.
- ჩვენო ბატონო, - ყვიროდნენ ისნი და ხელებს უკოცნიდნენ, - შენს გარდა სხვა ბატონი არ გვინდა, გვიბრძანე, ბატონო, სასამართლოს ჩვენ გავუსწორდებით, მოვკვდებით და არ დაგთმობთ. . . - ვლადიმირი მათ უცქერდა და უცნაური გრძნობები აღელვებდა.
- მშვიდად იყავით, - უთხრა გლეხებს, - მე კი მოხელეებს მოველაპარაკები.
- მოელაპარაკებ, ბატონო! - დაიყვირეს ხალხიდან, - სინდისში ჩააგდე წყეულები. 'ვლადიმირი მოხელეებთან მივიდა. შაბაშკინი, ჩიხაქუდით, დოინჯშემოყრილი იდგა და გარშემო ამაყად იყურებოდა.
როცა მაზრის პოლიციის უფროსმა, მაღალ-მაღალმა და მსხვილმა კაცმა, ულვაშებიანმა და წითელსახიანმა, დაახლოებით ორმოცდაათი წლისამ, დაინახა, რომ დუბროვსკი უახლოვდებოდა, ჩაახველა და ხრინწიანი ხმით წარმოთქვა:
- ასეა, მე თქვენ გიმეორებთ იმას, რაც უკვე გითხარით: მაზრის სასამართლოს გადაწყვეტილებით ამიერიდან თქვენ ეკუთვნით კირილა პეტროვიჩ ტროეკუროვს, რომლის წარმომადგენელი აქ ბატონი შაბაშკინია. ყველაფერი შეუსრულეთ, რასაც გიბრძანებთ, თქვენ კი, დედაკაცები, გიყვარდეთ და პატივი ეცით მას, იგი კი თქვენი დიდი მოყვარულია.
ამ მახვილ ხუმრობაზე მაზრის პოლიციის უფროსმა გადაიხარხარა, შაბაშკინი და სხვა წევრებიც აყვნენ მას. ვლადიმირს ბრაზისაგან გულზე ცეცხლი ედებოდა.
- გთხოვთ გამაგებინოთ, ეს რას ნიშნავს? - ჰკითხა მან მაზრის პოლიციის მხიარულ უფროსს მოჩვენებითი სიმშვიდით.
- ეს იმას ნიშნავს, - უპასუხა მახვილგონიერმა მოხელემ, - რომ ჩვენ ჩამოვედით იმისათვის, რათა ამ მამულის მფლობელობაში შევიყვანოთ კირილა პეტროვიჩ ტროეკუროვი, სხვებს კი ვთხოვოთ აქედან გაგვედცალონ.
- მაგრამ თქვენ შეგეძლოთ, მგონი, ჯერ ჩემთვის მოგემართათ და არა ჩემი გლეხებისათვის, ჯერ მემამულესათვის უნდა გამოგეცხადებინათ უფლების ჩამორთმევა.
- შენ ვინა ხარ? - თქვა შაბაშკინმა და თავხედურად დააცქერდა. - ყოფილი მემამულე ანდრეი გავრილოვიჩ დუბროვსკი ღვთის ნებით გარდაიცვალა, თქვენ კი არ გიცნობთ, არც გვინდა თქვენი ცნობა.
- ვლადიმირ ანდრეევიჩი ჩვენი ახალგაზრდა ბატონია, - გაისმა ხმა ხალხიდან.
- ვინ გაბედა მანდ ხმის ამოღება, - თქვა მრისხანედ მაზრის პოლიციის უფროსმა, - რის ბატონი? ვინ ვლადიმირ ანდრეევიჩი? თქვენი ბატონია კირილა პეტროვიჩ ტროეკუროვი. გესმით, ჩერჩეტებო?!
- ვერ მოგართვით, - თქვა იმავე ხმამ.
ეს აჯანყებაა! - დაიყვირა მაზრის პოლიციის უფროსმა, - ეი, მამასახლისო, აქ მოდი!
მამასახლისი წინ წამოდგა.
- ახლავე მომიძებნე ის, ვინც ჩემთან შელაპარაკება გაბედა, მე მას! . . .
მამასახლმა ბრბოს მიმართა, ჰკითხა, ვინ დაილაპარაკაო, მაგრამ ყველა სდუმდა. მალე უკანა რიგებში დრტვინვა დაიწყო, თანდათან გაძლიერდა და ერთ წუთში საშინელ გოდებად გადაიქცა. მაზრის პოლიციის უფროსმა ხმას დაუწია და დააპირა მათი დაშოშმინება.
- მაგას რას ვუყურებთ, - დაიყვირეს შინაყმებმა. - ბიჭებო, ძირს ისინი! - ბრბო დაიძრა.
შაბაშკინი და სხვა წევრები სასწრაფოდ შეიჭრნენ წინკარში და კარი ჩაკეტეს.
- ბიჭებო, წინ! - დაიძახა იმავე ხმამ და ბრბო წინ წავიდა.
- შესდექით, - დაიძახა დუბროვსკიმ, - სულელებო! რას შვრებით, მეც მღუპავთ და თავსაც იღუპავთ. ქოხებში წადით და ნუ მაწუხებთ. ნუ გეშინიათ, მეფე მოწყალეა, მე მას ვთხოვ - იგი ჩვენ არ დაგვჩაგრავს - ჩვენ ყველა მისი შვილები ვართ. და იგი როგორ გამოგესარჩლებათ, თუ თქვენ აჯანყებას და ყაჩაღობას დაიწყებთ.
ახალგაზრდა დუბროვსკის სიტყვამ, მისმა მჟღერმა ხმამ და წარმოსადეგმა გარეგნობამ სასურველი ზეგავლენა მოახდინა. ხალხი დაწყნარდა, დაიშალა - ეზო დაცარიელდა, წევრები სახლში ისხდნენ ბოლოს შაბაშკინმა კარი წყნარად გააღო, პარმაღზე გამოვიდა და დამამცირებელი თავდახრით დუბროვსკის მადლობა გადაუხადა მოწყალე მფარლველობისათვის.
ვლადიმირი ზიზღით უსმენდა და არაფერს უპასუხებდა.
- ჩვენ გადავწყვიტეთ, - განაგრძობდა თანამსაჯული, - თქვენი ნებართვით აქ დავრჩეთ, თორემ უკვე ბნელა და თქვენი გლეხები შეიძლება თავს დაგვესხნენ. მოიღეთ მოწყალება, უბრძანეთ სასტუმრო ოთახში თივა მაინც დაგვიფინონ; როგორც ინათებს, შინ გავსწევთ.
- გააკეთეთ, რაც გინდათ, - უპასუხა მათ ცივად დუბროვსკიმ. - მე აქ უკვე პატრონი აღარა ვარ.
ესა თქვა, მამამისის ოთახში შევიდა და კარი ჩაიკეტა.

თ ა ვ ი მ ე ე ქ ვ ს ე

"ამრიგად, ყველაფერი გათავდა, - თქვა თავისთვის, - გუშინ დილით ჯერ კიდევ მქონდა კუთხე და ლუკმაპური. ხვალ უნდა დავუტოვო სახლი, სადაც დავიბადე და სადაც მამაჩემი გარდაიცვალა, იმ კაცს, ვისაც ბრალი უდევს მამაჩემის სიკვდილსა და ჩემ გაღატაკებაში". და თვალი მიაშტერა დედის სურათს. მხატვარს დაეხატა იგი ვარდშემკობილი თმით, მოაჯირზე იდაყვდაყრდნობილი, დილის თეთრ კაბაში. "ეს სურათიც ჩემი ოჯახის მტერს დარჩება, - გაიფიქრა ვლადიმირმა, - მიაგდებენ საკუჭნაოში გატეხილ სკამებთან ერთად, ან ჩამოჰკიდებენ წინკარში და იგი მისი მეძაღლეების დაცინვისა და შენიშვნების საგანი გახდება; დედის საწოლ ოთახში, სადაც მამა გარდაიცვალა, ტროეკუროვის მოურავი დაბინავდება, ან იქ თავის ჰარამხანას მოათავსებს. არა, არა! დაე, არ დარჩეს მას მწუხარების სახლი, საიდანაც მე მაგდებს". ვლადიმირმა კბილი კბილს დააჭირა. - თავში საშინელი აზრები უტრიალდებდა. მოხელეთა ხმები მოესმა; ისინი პარპაშებდნენ, ხან რას, ხან რას მოითხოვდნენ, და ეს მწარე ფიქრებით შეპყრობილი დუბროვსკისათვი არასასიამვნო გართობა იყო. ბოლოს ყველაფერი მიწყნარდა.
ვლადიმირმა გააღო კამოდები და ყუთები და განსვენებულის ქაღალდეგბის გარჩევას შეუდგა. აქ იყო უმთავრედას სამეურნეო ანგარიშები და მიმოწერა სხვადასხვა საქმის გამო. ვლადიმირმა ეს ქაღალდები წაუკითხავდა დახია. მათ შორის ერთი პაკეტი მოხვდა ხელში: ჩ ე მ ი ც ო ლ ი ს წ ე რ ი ლ ე ბ ი. გატაცებით დაიწყო მათი კითხვა. ეს წერილები კისტენევკიდან არმიაში იყო გაგზავნილი თურექთზე ლაშქრობის დროს. დედა სწერდა ქმარს თავის უშინაარსო ცხოვრებაზე, სამუერნოე საქმეებზე, ალერსით უჩიოდა დაშორების გამო და შინ მოუხმობდა კეთილ მეუღლის გულში ჩასაკონებლად. ერთ წერილში გამოთქვამდა თავის შეშფოთებას პატარა ვლადიმირის ჯანმრთელობის გამო, მეორეში - უხაროდა ბავშვის უნართა ნაადრევად გამომჟღავნება და წინასწარ ხედავდა მის ბედნიერებასა და ბრწყინვალე მომავალს. ვლადიმირი კითხვამ ისე გაიტაცა, რომ ყვლაფერი დაავიწყდა, მთელი არსებით ჩაეფლო ოჯახურ ბედნიერების სამყაროში და ვერ შენიშნა, დრო როორ გავიდა; კედლის საათმა თერთმეტჯერ დარეკა. ვლადიმირმა წერილები ჯიბეში ჩაიდო, სანთელი აიღო და კაბინეტიდან გავიდა. დარბაზში მოხელეებს იატაკზე ეძინათ. მაგიდაზე მათ მიერ დაცლილი ჭიქები იდგა და მთელი ოთახი რომის ძლიერი სუნით იყო გაჟღენთილი. ვლადიმირმა ზიზღით ჩაუარა მათ და წინკარში გავიდა. კარი დაკეტილი დახვდა. გასაღები ვერ ნახა და დარბაზში შებრუნდა. გასაღები მაგიდაზე იდო. ვლადიმირმა კარი გააღო და კუთხეში მიმალულ კაცს შეეჩეხა. ხელში ნაჯახი უპრიალებდა. ვლადიმირმა სანთელი მიანათა და იცნო არქიპო მჭედელი.
- აქ რა გინდა? - ჰკითხა მან.
- აჰ, ვლადიმირ ანდრეევიჩ, ეს თქვენ ხართ? - უპასუხა არქიპომ ჩურჩულით - ღმერთო, მიხსენ და დამიფარე! კარგია, რომ თქვენ სანთლით გამოხვედით! - ვლადიმირი გაკვირვებით უცქერდა.
- აქ რას მიმალულხარ? - ჰკითხა მან მჭედელს.
- მინდოდა. . . ის-ის იყო მოვედი. . . გასაგეად, თუ ყველა შინ არის-მეთქი, - ჩუმად უპასუხა არქიპომ ენის ბორძიკით.
- ნაჯახი რატომ გაქვს?
- ნაჯახი რატომ მაქვს? და, როგორ შეიძლება ახლა უნაჯახოდ სიარული. ეს მოხელეები რაღაცას მოგვიწყობენ. მათგან ყველაფერს უნდა მოელოდე.
- შენ მთვრალი ხარ. ნაჯახი დააგდე, წადი გამოიძინე.
- მე მთვრალი ვარ? ბატონო ვლადიმირ ანდრეევიჩ, - ღმერთია მოწმე, ერთი წვეთი პირში არ ჩამსვლია. ღვინო ვის მოაგონდება, გაგონილა, მოხელეები აგდებენ ბატონებს საბატონო ეზოდან, აი, როგორ ხვრინავე, წყეულნი - ერთი დაკვრა და კვალიც აღარ დარჩება.
დუბროვსკიმ სახე შეიჭმუხნა.
- გამიგონე, არქიპო, - თქვა მან მცირე დუმილის შემდეგ, - ეს საქმე არ ვარგა. მოხელეები კი არ არიან დამნაშავენი. ერთი, ფარანი გამინათე, გამომყევი.
არქიპომ ბატონს ხელიდან სანთელი გამოართვა, ღუმელს უკან ფარანი მონახა, აანთო იგი და ორივე წყნარად ჩავიდა პარმაღიდან. ეზოში გაიარეს. დარაჯმა თუჯის დაფა დარეკა. ძაღლებმა დაიყეფეს.
- ვინ დარაჯობს? - იკითხა დუბროვსკიმ.
- ჩვენ, ბატონო, - უპასუხა წვრილმა ხმამ, - ვსილისა და ლუკერია.
- თქვენ-თქვენს ქოხებსი წადით, - უთხრა ამთ დუბროვსკიმ, - საჭირო არა ხართ.
- შაბაშ! - ჩაილაპარაკა არქიპომ.
- გმადლობთ, ჩვენო მარჩენალო, - უპასუხეს დედაკაცებმა და მაშინვე შინ წავიდნენ.
დუბროვსკიმ გზა განაგრძო. ორი კაცი მიუახლოვდა; შეუძახეს; დუბროვსკიმ ანტონისა და გიშას ხმები იცნო.
- რატომ არა გძინავთ? - ჰკითხა მათ.
- რა დროს ძილია? - უპასუხა ანტონმა, - რას მოვესწარით, ვინ იფიქრებდა. . .
- ჩუმად! - შეაწყვეტინა დუბროვსკიმ. - ეგოროვნა სად არის?
- ბატონის სახლშია, თავის ოთახში, - უპასუხა გრიშამ.
- წადი, აქ მოიყვანე, სახლიდან ყველა შინაყმა გამოიყვანე, ერთი სულიც კი იქ არ დარჩეს - გარდა მოხელეებისა, - შენ კი, ანტონ, ფორანში ცხენები გაუბი.
გრიშა წავიდა და ერთ წუთში დაბრუნდა თავის დედასთან ერთად. დედაბერს ამ ღამეს ტანთ არ გაუხდია. მოხელეების გარდა სახლში თვალი არავის მოუხუჭავს.
- ყველანი აქ არიან? - იკითხა დუბროვსკიმ, - სახლში ხომ არავინ დარჩენილა?
- არავინ, მოხელეების გარდა, - უპასუხა გრიშამ.
- მომიტანეთ თივა ან ჩალა, - თქვა დუბროვსკიმ.
შინაყმები საჯინიბოში გაიქცნენ და დაბრუნდნენ, თან იღლიაში ამოდებული თივა მოიტანეს.
- დასდეთ პარმაღს ქვეშ. - აი, ასე. აბა, ბიჭებო, ცეცხლი.
არქიპომ ფარანი გახსნა, დუბროვსკიმ კვარს ცეცხლი მოუკიდა.
- დაიცა, - უთხრა მან არქიპოს. - მგონია, სიჩქარით მე წინაკარში კარი დავკეტე, წადი ჩქარა, გააღე.
არქიპო წინკარში გაიქცა. კარი ღია იყო. არქიპომ გასაღებით დაკეტა, თან ჩუმად ჩაიალაპარაკა. რ ო გ ო რ ა რ ა, გ ა ა ღ ე! და დუბროვსკისთან დაბრუნდა.
დუბროვსკიმ კვარი თივასთან მიიტანა; თივა აინთო, ალი ავარდა და მთელი ეზო გაანათა.
- ვაიმე, - საცოდავად დაიყვირა ეგოროვნამ. - ვლადიმირ ანდრეევიჩ, რას შვრები?
- დაჩუმდი, - თქვა დუბროვსკიმ. - აბა, შვილებო, მშვიდობით, მივდივარ, საითაც ღმერთი გზას მიჩვენებს; იყავით ბედნიერი თქვენს ახალ ბატონთან.
- ჩვენო მამავ, მარჩენალო, - უპასუხეს შინაყმებმა, - მოვკვდებით და შენ არ მიგატოვებთ, შენთან ერთად მოვდივართ.
ცხენები მოიყვანეს. დუბროვსკი გრიშასთან ერთად ფორანში ჩაჯდა და შესახვედრ ადგილად კისტენევკის ჭალა დანიშნა. ანტონმა ცხენებს მათრახი გადაუჭირა და ისინი ეზოდან გავიდნენ.
ქარი ამოვარდა. ერთ წუთში ალი მთელ სახლს მოედო. წითელი კვამლი სახურავზე ტრიალებდა. მინები ტკაცუნებდნენ, ცვივოდნენ, მოგიზგიზე თავხეებმა ჩამოვარდნა იწყეს, გაისმა შესაბრალისი გოდება და ყვირილი: "ვიწვით! გვიშველეთ! გვიშველეთ!"
- ვერ მოგართვეს, - თქვა არქიპომ, რომელიც ხანძარს ბოროტი ღიმილით უმზარდა.
არხიპუშკა, - უთხრა მას ეგოროვნამ. - გადაარჩინე წყვეულები, ღმერთი დაგაჯილდოებს.
- როგორ არა, - უპასუხა მჭედელმა.
იმავე წუთში მოხელეები გამოჩნდნე ფანჯარში და ლამობდნენ ორმაგი ჩარჩოები გამოემტვრიათ, მაგრამ ამ დროს სახურავი გრიალით ჩამოინგრა და გოდება მიწყნარდა.
მალე ყველა შინაყმა ეზოში გამოცვივდა. დედაკაცები ყვიროდნენ, ეშურებოდნენ თავიანთი ხარახურა გადაერჩინათ, ბიჭები ხტოდნენ, ხანძარის ცქერით სტკბებოდნენ. ნაპერწკლებმა ცეცხლის ქარბუქად გაინავარდეს, ქოხებს ცეცხლი მოედო.
- ახლა ყველაფერი რიგზეა, - თქვა არქიპომ. - კარგად იწვის - ალბათ, პროკროვსკოედან დიდებული საყურებელია.
იმ წუთში ახალმა მოვლენამ მიიპყრო მისი ყურადღება; ცეცხლმოდებულ სახურავზე კატა დარბოდა, ვერ ერკვეოდა, საით გადამხტარიყო, - ყოველი მხრიდან ალი შემორტყმოდა. საწყალი ცხოველი შესაბრალისი კნავილით შველას ითხოვდა, ბიჭუნები სიცილით იხოცებოდნენ, მის განწირულებას რომ ხედავდნენ.
- რა გაცინებთ, ჭინკა ბიჭებო? - Uუთხრა მათ მჭედელმა გულმოსულად, - ღვთისა არ გეშინიათ? ღვთის ქმნილება იღუპება, თქვენ კი უგუნურად გიხარიათ. - და კიბე მიადგა ცეცხლმოკიდებულ სახურავს, ავიდა კატის ჩამოსაყვანად. კატა განხრახვას მიუხვდა და ნაჩქარევი მადლობის გამოხატვით მის სახელოს ჩაებღაუჭა. ნახევრად შემომწვარი მჭედელი თავისი ნადავლით ძირს ჩამოვიდა.
- აბა, ბიჭებო, მშვიდობით, - უთხრა მან შეძრწუნებულ შინაყმებს, - მე აქ არაფერი საქმე არა მაქვს. ბედნიერად იყავით, ავად ნუ მომიგონებთ.
მჭედელი წავიდა; ხანძარი ერთხანს კდიევ მძვინვარებდა, ბოლოს დაცხრა, ნახშირი გროვა-გროვად ღამის სიბნელეში კაშკაშით იწვოდა; მის მახლობლად კისტენევკის სახლკარგადამწვარი მცხოვრებლები დაეხეტებოდნენ.

თ ა ვ ი მ ე შ ვ ი დ ე

მეორე დღეს ხანძრის ამბავი მთელ არემარეს მოედო. ამის შესახებ სხვადასხვანაირი აზრი ტრიალებდა, რას არ ვარაუდობდნენ, რას არ ლაპარაკობდნენ. ერთნი ირწმუნებოდნენ, ქელეხში დამთვრალმა დუბროვსკის შინაყმებმა გაუფრთხილებლობით სახლს ცეცხლი გაუჩინესო; მეორენი ბრალს სდებდნენ ახალ ბინაზე შექეიფიებულ მოხელეებს. მრავალნი ირწმუნებოდნენ, რომ მაზრის სასამართლოსთან და ყველა შინაყმასთან ერთად დუბროვსკის დაიწვაო. ზოგიერთნი ხვდებოდნენ ჭეშმარიტებას, ამტკიცებდნენ, რომ ამ საშინელი უბედურების მიზეზი იყო თვით დუბროვსკი, რომელსაც ეს ბრაზმა და სასოწარკვეთილებამ ჩაადენინა. მეორე დღეს ტროკუროვი ჩამოვიდა ხანძრის ადგილას და გამოძიება თვითონ მოახდინა. გამოირკვა, რომ მაზრის პოლიციის უფროსი, მაზრის სასამართლოს თანამსაჯული, ვექილი და მწერავი, ისევე როგორც ვლადიმირ დუბროვსკი, გადია ეგოროვა, შინაყმა გრიგორი, მეეტლე ანტონი და მჭედელი არქიპო უკვალოდ დაიკარგნენ. ყველა შინაყმამ ჩვენება მისცა, რომ მოხელეები დაიწვნენ მაშინ, როცა სახურავი ჩამოინგრა; მათი სანახევროდ დამწვარი ძვლები გამოთხარეს. დედაკაცებმა ვასილისამ და ლუკერიამ თქვეს, რომ რამდენიმე წუთით ადრე ხანძრის გაჩენამდე დუბროვსკი და არქიპო-მჭედელი ვნახეთო. მჭედელი არქიპო, ყველას ჩვენებით, ცოცხალი იყო და, ალბათ, ხანძრის გაჩენის უმთავრესი, თუ არა ერთადერთი, მიზეზი იგი იყო. დუბროვსკიც ძლიერ ეჭვებს იწვევდა. კირილა პეტროვიჩმა ამ შემთხევის დაწვრილებითი აღწერა გუბერნატორს გადაუგზავნა და ახალი საქმე შეიქმნა.
მალე სხვა ამბებმა ახალი საზრდო მისცეს ცნობისმოყვარეობას და მითქმა-მოთქმას. . . .-ში ყაჩარები გაჩდნენ და შიშის ზარი დასცეს მის მიდამოებს. მათ წინააღმდეგ მთავრობის მიერ მიღებული ზომები არასაკმარისი გამოდგა. ერთიმეორეზე შესანიშნავი ძარცვა ძარცვას მოსდევდა. გზებზე, სოფლებში საშიში მდგომარეობა შეიქმნა. ყაჩაღებით სავსე რამდენიმე სამცხენა დღისით აქეთ-იქით დაჰქროდა მთელ გუბერნიაში: მგზავრებს და ფოსტას აჩერებდნენ, სოფლებში შედიოდნენ, მემამულეთა სახლებს სძარცვავდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. გუნდის უფროსი სახელგანთქმული იყო ჭკუით, გაბედულებით და რაღაცნაირი დიდსულოვნებით. მასზე სასწაულებს ჰყვებოდნენ; დუბროვსკის სახელი ყველას პირზე ეკერა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ იგი და არა სხვა ვინმე წინამძღოლობდა ამ გაბედულ ბოროტმოქმედებას. მხოლოდ ერთი რამ უკვირდათ - ტროეკუროვის მამულები დაინდეს; ყაჩაღებმა მას ერთი ფარდულიც კი არ გაუძარცვეს, ერთი ურემიც არ გაუჩერეს. თავისი ჩვეულებრივი ქედმაღლობით ტროეკუროვი ამ გამონაკლისს მიაწერდა იმ შიშს, რომელსაც იგი მთელ გუბერნიას ჰგვრიდა, აგრეთვე მის მიერ თავსი სოფლებში კარგად დაყენებულ პოლიციის საქმიანობას. მეზობლები პირველად ერთმანეთს შორის დასცინოდნენ ტროეკუროვის ქედმაღლობას და ყოველდღე ელოდნენ, რომ დაუპატიჟებელი სტუმრები პოკროვსკოესაც სწვეოდნენ, სადაც ხელის მოსათბობს იპოვიდნენ; მაგრამ ბოლოს იძულებული გახდნენ ტროეკუროვის აზრი გაეზიარებინათ და ეღიარებინათ, რომ მის მიმართ ყაჩაღები გაუგებარ პატივისცემას იჩენდნენ. . . ტროეკუროვი ზეიმობდა და ყოველი ამბის გაგებაზე, დუბროვსკიმ ვინმე გაძარცვაო, დაუზოგველად დასცინოდა გუბერნატორს, მაზრის პოლიციის უფროსებს და ასეულთა მეთაურებს, რომლებსაც დუბროვსკი ხელიდან უსხლტდებოდა ყოველთვის უვნებლად.
ამასობაში პირველი ოქტომბერი მოვიდა - ხატობის დღე ტროეკუროვის სოფელში. . . მაგრამ სანამ ამ დღესასწაულისა და შემდეგ მომხდარი ამბების მოყოლას შევუდგებოდეთ, ჩვენს მკითხველს ის პირები უნდა გავაცნო, რომლებიც მისთვის ახალნი არიან, ან რომლებიც ჩვენ მხოლოდ ოდნავ მოვიხსენიეთ ჩვენი მოთხრობის დასაწყისში.

თ ა ვ ი მ ე რ ვ ე

მკითხველი, ალბათ, მიხვედრილია, რომ კირილა პეტროვიჩის ასული, რომლის შესახებ ჯერ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვთქვით, ჩვენი მოთხრობის გმირია. იმ დროს, რომელსაც ჩვენ აღვწერთ, იგი 17 წლისა იყო და მისი სილამაზე სავსებით გაფურჩქვნილიყო. მამას გაგიჟებით უყვარდა, მაგრამ ეპყრობოდა თავისებური ახირებით; ხან მკაცრი, ზოგჯერ კი სასტიკი მოპყრობით შიშს ჰგვრიდა. მამა დარწმუნებული იყო, რომ იგი ქალიშვილს უყვარდა, მაგრამ ვერ შეძლო მისი ნდობა დაემსახურებინა. მაშა დაეჩვია მამისთვის დაემალა თავისი გრძნობები და ფიქრები, რადგან არ შეეძლო ნამდვილად სცოდნოდა, მის განცდებს მამა როგორ შეხვდებოდა. მაშას მეგობარი ქალები არა ჰყავდა, მარტოობაში გაიზარდა. მეზობლების ცოლები და ქალიშვილები სტუმრად იშვიათად დადიოდნენ კირილა პეტროვიჩთან, რომლის ჩვეულებრივი ლაპარაკი და გართობანი მამაკაცთა წრეს მოითხოვდა და არა მანდილოსანთა საზოგადოეას. ჩვენი მზეთუნახავი სტუმრებს შორის, რომლებიც კირილა პეტროვიჩთან ქეიფობდნენ, იშვიათად თუ გამოჩნდებოდა. მის განკარგულებაში იყო უზარმაზარი ბიბლიოთეკა, შედგენილი უმთავრესად მე-18 საუკუნის ფრანგი მწერლების ნაწარმოებებისაგან. მამას, რომელიც არაფერს არ კითხულობდა, გარდა "სრულყოფილი მზარეული ქალისა", არ შეეძლო მისთვის წიგნების შერჩევაში ხელმძღანელობა გაეწია და მაშა ბუნებრივად სხვადასხვაგარ თხზულებათა გადახედვის შემდეგ რომანებზე შეჩერდა. ამრიგად, დაასრულა მან თავისი აღზრდა, რომელიც ოდესღაც მამზელ მიმის ხელმძღვანელობით დაიწყო. კირილა პეტროვიჩი მამზელ მიმის მიმართ დიდ ნდობასა და კეთილგანწყობილებას იჩენდა, მაგრამ ბოლოს იძულებული შეიქმნა იგი ჩუმად სხვა მამულში გაეპარებინა, როცა ამ მეგობრობის შედეგი მეტად აშკარა გახდა. მამზელ მიმიმ თავის შესახებ საკმაოდ სასიამოვნო მოგონება დასტოვა. იგი კეთილი ქალიშვილი იყო და არასოდეს ბოროტად არ იყენებდა გავლენას, რომელიც, ეტყობოდა, კირილა პეტროვიჩზე ჰქონდა: ამით იგი განსხვავდებოდა სხვა ხასებისაგან, რომლებსაც ტროეკუროვი წარამარა იცვლიდა. თვითონ კირილა პეტროვიჩს, ჩანდა, მამზელ მიმი სხვებზე უფრო უყარდა; და შავთვალა ცელქი ბიჭუნა, დაახლოებით ცხრა წლისა, რომელსაც m-lee მიმის სამხრეთელი იერი გამოჰყვა, ტროეკუროვთან იზრდებოდა და მის შვილად იყო აღიარებული, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფეხშიველა ბიჭები, რომლებიც წყლის ორი წვეთივით კირილა პეტროვიჩს ჰგავდნენ, მისი ფანჯრის წინ დარბოდნენ და შინაყმებად ითვლებოდნენ. თავისი პატარა საშასთვის კირილა პეტროვიჩმა მოსკოვიდან მოიწვია ფრანგი მასწავლებელი, რომელიც პოკროვსკოეში ჩავიდა იმ ამბების დროს, რომლებსაც ჩვენ ახლა მოგითხრობთ.
ეს მასწავლებელი კირილა პეტროვიჩს მოეწონა მისი სასიამოვნო გარეგნობით და უბრალო თავდაჭერით. მან კირილა პეტროვიჩს წარუდგინა თავისი ატესტატები და წერილი ტროეკუროვის ერთ-ერთი ნათესავისაგან, რომელთანაც ოთხ წელიწადს გუვერნიორად მსახუროდა. კირილა პეტროვიჩმა ყველაფერი ეს გასინჯა და უკმაყოფილო დარჩა მხოლოდ თავისი ფრანგის ახალგაზრდობით, არა იმიტომ, რომ იგი ფიქრობდა, ეს საამო ნაკლოვანება შეუთავსებელი იყო მოთმინებასა და გამოცდილებასთან, რაც ასე სჭირდებოდა მასწავლებლის უბედურ წოდებას, არამედ იმიტომ, რომ ტროეკურვს ჰქონდა თავისი ეჭვები, რისი ახსნაც მასწავლებლისათვის მან მაშინვე გადაწყვიტა. ამიტომ ბრძანა მაშა მოეყვანათ (კირილა პეტროვმა ფრანგული არ იცოდა და თარჯიმნად მაშას იყენებდა).
- მოდი ჩემთა, მაშა, უთხარი ამ მუსიეს, კარგია, მიგიღებთთქო; მხოლოდ იმ პირობით, რომ მან აქ ჩემს მოახლე ქალებს დევნა არ დაუწყოს, თორემ მაგას, მამაძაღლს. . . გადაუთარგმნე, მაშა.
მაშა გაწითლდა, მასწავლებელს მიუბრუნდა და ფრანგულად უთხრა, მამა თქვენგან თავდამბლობას და წესიერ ყოფაქცევას მოელისო.
ფრანგმა თავი დაუკრა და უპასუხა, რომ მას იმედი აქვს პატივისცემა დაიმსახუროს იმ შემთხვევაშიც, თუ წყალობას მოაკლებენ.
მაშამ სიტყვასიტყვით გადათარგმნა მისი პასუხი.
- კარგია, კარგი, - თქვა კირილა პეტროვიჩმა, - მას არ სჭირდება არც წყალობა, არც პატივისცემა. მისი საქმეა საშას მოუაროს და გრამატიკა და გეოგრაფია ასწავლოს. გადაუთარგმნე ეს.
მარია კირილოვნამ თავის თარგმანში შეარბილა მამის უხეში გამოთქმები და კირილა პეტროვიჩმა თავისი ფრანგი გაგზავნა ფლიგელში, სადაც მას ოთახი მიუჩინეს.
არისტოკრატიულ ცრურწმენაზე აღზრდილ მაშას ახალგაზრდა ფრანგისათვის არავითარი ყურადღება არ მიუქცევია; მასწავლებელი მისთვის ერთადერთი მსახური ან ხელოსანი იყო; მსახური ან ხელოსანი კი მას მამაკაცად არ მიაჩნდა. მაშამ ვერ შენიშნა, თუ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მან m-r დეფორჟზე, როგორ შეკრთა იგი, ათრთოლდა და ხმა შეეცვალა. მერე რამდენიმე დღის განმავლობაში მაშა ზედიზედ ხვდებოდა ფრანგს, მაგრამ მეტი ყურადღების ღირსი იგი არ გაუხდია. მოულოდნელად მასზე სრულიად ახალი წარმოდგენა შეექმნა.
კირილა პეტროვიჩის ეზოში ჩვეულებრივად რამდენიმე დათვის ბელი იზრდებოდა. ისინი პოკროვსკოეს მამულის ერთ-ერთი მთავარ გასართობს წარმოადგენდნენ. დათვის ბელები, სულ პატარები რომ იყვნენ, ყოველდღე სასტუმრო ოთახში მოჰყავდათ, სადაც კირილა პეტროვიჩი მთელი საათობით მათთან ჯახირობდა, კატესა და ლეკვებს უსისინებდა. როცა დათვის ბელები წამოიზარდნენ, მათ ჯაჭვით აბამდნენ, ნამდვილი მისისიანების მოლოდინში. ხანდახან მათ გამოიყვანდნენ ბატონის სახლის ფანჯრის წინ და ლურსმნებდასობილ ცარიელ ნაღვინებს კასრს მიუგორებდნენ; დათვი დაჰყნოსავდა მას, მერე ნელა მიეკარებოდა, თათებს დაიჩხვლეტდა, გაბრაზებული უფრო ძლიერად დაეტაკებოდა და უფრო მწვავე ტკივილს გრძნობდა. დათვი აფთრდებოდა, ღრიალით კასრს ეძგერებოდა, სანამ საწყალ მხეცს არ წაართმევდნენ მისი ამაო გაშმაგების საგანს. ხან ფორანში ორ დათვს შეუბამდნენ, ნებსით თუ უნებლიეთ შიგ სტუმრებს ჩასვამდნენ და ღვთის ანაბარა სარბენად გაუშვებდნენ. მაგრამ საუკეთესო ოინად კირილა პეტროვიჩი შემდეგ რამეს თვლიდა.
დამშეულ დათვს ჩაჰკეტავდნენ ხოლმე ცარიელ ოთახში და თოკით კედელში ჩაჭედილ რგოლზე მიაბამდენენ. თოკის სიგრძე თითქმის მთელ ოთახს სწვდებოდა, ისე რომ მხოლოდ მოპირდაპირე კუთხე შეიძლებოდა დაზღვეული ყოფილიყო საშინელი მხეცის თავდასხმისაგან. ჩვეულებრივად, ვინმე გამოუცდელს მიიყვანდნენ ამ ოთახის კართან, მოულოდნელად დათვთან შეაგდებდნენ, კარს ჩაუკეტავდნენ და უბედურ მსხვერპლს დასტოვებდნენ მარტოკა ბანჯვგვლიან განდეგილთან. საწყალი სტუმარი, კალთაჩამოხეული, დაკაწრული და დასისხლიანებული მალე უხიფათო კუთხეს მიაგნედა, მაგრამ ზოგჯერ იძულებული იძულებული იყო მთელი სამი საათი ფეხზე მდგარიყო, კედელზე მიკრულს ემზირა, მხეცი როგორ ღრიალებდა, ხტოდა, ყალყზე დგებოდა, მისკენ იწევდა, ლამობდა მისწვდომოდა. ასეთი იყო რუსი ბატონის კეთილშობილი გართობა!
მასწავლებლის ჩამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ტროეკუროვს მოაგონდა იგი და განიზრახა დათვის ოთახში გამასპინძლებოდა. ამისათვის ერთხელ დილით დაუძახა და ბნელი დერეფნით წაიყვანა; უეცრად გვერდის კარი იღება - ორი მსახური ფრანგს შიგ შეაგდებს და კარს გასაღებით ჩაუკეტავს. გონს მოსულმა მასწავლებელმა მიბმული დათვი დაინახა. მხეცმა ბდღვიანვა დაიწყო, შორიდან თავისი სტუმარი დაყნოსა და უცბად უკან ფეხებზე ამდგარი მისკენ წამოვიდა. ფრანგი არ შემკრთალა, არ გაქცეულა და თავდასხმას უცდიდა. დათვი მიუახლოვდა, დეფორჟმა ჯიბინდა პატარა დამბაჩა ამოიღო, მშიერ მხეცს ყურში ჩაუდო და გაისროლა. დათვი წაიქცა, ყველამ მოირბინა - კარები გაიღო, კირილა პეტროვიჩი შევიდა თავისი ოინის დასასრულით განცვიფრებული.
კირილა პეტროვიჩს აუცილებლად სურდა მთელ საქმეში გარკვეულიყო - წინასწარ ვინ გააფრთხილა დეფორჟი ამ მისთვის მოწყობილი ოინის შესახებ, ან რატომ აქვს ჯიბეში გატენილი დამბაჩა. მაშას გამოუძახა. ქალიშვილმა მოირბინა და ფრანგს მამის სიტყვები გადაუთარგმნა.
- დათვზე არაფერი გამიგონია, - უპასუხა დეფორჟმა, - მაგრამ მე ყოველთვის თანა მაქვს დამბაჩები, იმიტომ რომ არ ვაპირებ ავიტანო შეურაცხყოფა, რისთვისაც, ჩემი წოდების გამო, არ შემიძლია დაკმაყოფილეა მოვითხოვო.
მაშამ ფრანგს გაოცებით შეხედა და მისი სიტყვები კირილა პეტროვიჩს გადაუთარგმნა. კირილა პეტროვიჩმა არაფერი უპასუხა. ბრძანა დათვი გამოეთრიათ და გაეტყავებინათ; მერე თავის შინაყმებს მიუბრუნდა და უთხრა: "რა ყოჩაღია! არ შეშინდა, ღმერთმანი, არ შეშინდა". იმ წუთიდან დეფორჟი შეუყვარდა და უკვე აღარ ცდილობდა მის შემოწმებას.
მაგრამ ამ შემთხვევამ კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება მარია კირილოვნაზე მოახდინა; იგი განაცვიფრა. ხედავდა მკვდარ დათვსა და დეფორჟს, რომელიც ლეშს თავს დასდგომოდა; ფრანგი კი მაშას ამ დროს მშვიდად ესაუბრებოდა. მარია კირილოვნამ დაინახა, რომ გულადობა და ამაყი თავმოყვარეობა მარტო ერთი წოდების კუთვნილება არ ყოფილა - და ამის შემდეგ ახალგაზრდა მასწავლებლის მიმართ პატივისცემას გამოხატავდა, უფრო და უფრო ყურადღებიანი ხდებოდა. მათ შორის ერთგვარი დამოკიდებულება დამყარდა. მაშას მშვენიერი ხმა და დიდი მუსიკალური ნიჭი ჰქონდა, დეფორჟმა გაკვეთილების მიცემა ითავა. ამის შემდეგ მკითხველისათვის ძნელი მისახვედრი არაა, რომ მაშას ფრანგი შეუყვარდა, თუმცა ამაში თავის თავსაც არ უტყდებოდა.

ტომი მეორე

თ ა ვ ი მ ე ც ხ რ ე

დღესასწაულის წინადღით სტუმრებმა ჩამოსვლა დაიწყეს; ერთნი ბატონის სახლში და ფლიგელებში დაბინავდნენ, მეორენი - მოურავებთან, მესამენი - მვდელთან, მეოთხენი - შეძლებულ გლეხებთან. თავლები გაივსო ცხენებით, ეზოები და ფარდულები ეკპაჟებით გაიჭედა. დილის ცხრა საათზე წირვის ზარი დარეკეს და ყველამ გასწია ქვის ახალი საყდრისაკენ, რომელიც კირილა პატროვიჩმა ააშენა და მისი ყოველწლიური შესაწირავით ლამაზდებოდა. იმდენად მრავალრიცხოვანი საპატიო ღვთისმლოცველი მოგროვდა, რომ უბრალო გლეხები საყდარში ვეღარ მოთავსდნენ და გალავანში და კარიბჭესთან იდგნენ. წირვა არ იწყებოდა. კირილა პეტროვიჩს უცდიდნენ. იგი მოვიდა ექვსცხენა ეტლით და ზეიმურად თავისი ადგილისაკენ წავიდა. მარია კირილოვნა თან ახლდა. ყველამ თვალი მაშას მიაპყრო - კაცები მისი სილამაზით იყვნენ გაკვირვებულნი, ქალები მის მორთულობას ყურადღებით ათვალიერებდნენ. წირვა დაიწყო, შინაური მგალობლები კლიროსზე გალობდნენ. თვითონ კირილა პეტროვიჩი ხმას აყოლებდა, ლოცულობდა, მარჯვნივ, მორცხნივ არ იცქირებოდა და ამაყი თავმდაბლობით მიწამდე თავი დახარა, როდესაც დიაკონმა ა მ ტ ა ძ რ ი ს დ ა მ ფ უ ძ ნ ე ბ ე ლ ი ხმამაღლა მოიხსნა.
წირვა დასრულდა. კირილა პეტროვიჩი ჯვარს პირველი ემთხვია. მას სხვებიც მიჰყვნენ; მერე მოწიწებით მეზობლები ტროეკუროვთან მივიდნენ. მანდილოსნები მაშას შემოეხვივნენ. კირილა პეტროვიჩმა, საყდრინდან რომ გამოდიოდა, ყველანი სადილად მიიპატიჟა - ეტლში ჩაბრძანდა და შინ გაემგზავრა. ყველანი მის კვალს გაჰყვნენ. ოთახები სტუმრებით გაივსო. ყოველ წუთს ახალი პირები შემოდიოდნენ და მასპინძელთან მისვლას გაჭირვებით ახერხებდნენ. ქალბატონები დარბაისლურად ნახევარ წრედ დასხდნენ; დაგვიანებულ მოდაზე ჩაცმული ქალები ნახმარი და ძვირფასი სამოსით მორთულიყვნენ, ყველა შემკობილი იყო ბრილიანტებით და მარგალიტებით; მამაკაცები ხიზილალისა და არყის გარშემო ირეოდნენ, ერთმანეთს შორის სახვადასხვა ხმაზე საუბრობდნენ, ხმაურობდნენ. დარბაზში ოთხმოცი სულისათვის სუფრას შლიდნენ. მსახურნი ფუსფუსებდნენ, ბოთლებსა და მინის სურებს დგამდნენ, მაგიდაზე სუზანს ასწორებდნენ. ბოლოს მსახურმა განაცხადა: "სუფრა განწყობილია", და კირილა პეტროვიჩი პირველი წავიდა სუფრასთან დასაჯდომად; მას მიჰყვნენ მანდილოსნები და თავმომწონედ თავიანთი ადგილები დაიკავეს; ერთგვარად უფროს-უმცროსობა დაიცვეს; ქალიშვილები თიკანთა მშიშარა ფარასავით ერთად შექუჩდნენ და ერთიმეორის გვერდით მოთავსდნენ. მათ პირდაპირ კაცები დასხდნენ. სუფრის ბოლოს პატარა საშასთან მასწავლებელი დაჯდა.
მსახურთ დაიწყეს თეფშების ჩამოტარება ხარისხთა მიხედვით. გაუგებრობის შემთხვევაში ლაფატერის მიხვედრის წესით ხელმძღვანელობდნენ, და თითქმის ყოველთვის შეუცდომლადაც. თეფშებისა და კოვზების კაკუნი, სტუმრების ხმამაღალი ლაპარაკი ერთმანეთში ირეოდა. კირილა პეტროვიჩი მხიარულად ათვალიერებდა თავის ტრაპეზს და სავსებით სტკბებოდა პურმარილიანი კაცების ბედნიერებით. . . ამ დროს ეზოში შემოვიდა ეტლი, რომელშიც ექვსი ცხენი ება.
- ვინ გვესტუმრა? - იკითხა მასპინძელმა.
- ანტონ პაფნუტიჩი, - უპასუხა რამდენიმე ხმამ. კარები გაიღო და სასადილო ოთახში თავის დაკვრით შემოგორდა მოღიმარი ანტონ პიფნუტიჩ სპიცინი, სქელი კაცი, დაახლოებით ორმოცდაათი წლისა, მრგვალი, ჩოფურა სახის, სამკეცი ღაბაბით შემკული. სპიცინი უკვე ბოდიშის მოსახდელად ემზადებოდა.
- მოართვით ჭურჭელი, - დაიძახა კირილა პეტროვიჩმა, - მობრძანდი, ანტონ პაფნუტიჩ, დაბრძანდით და მითხარით, ეს რას ნიშნას: ჩემს წირვას არ დაესწარი და სადილზე დაიგვიანე, შენ ეს არ გიხდება, ღვთისმოსავი ხარ და ჭამაც გიყვარს.
- დამნაშავე ვარ, - უპასუხა ანტონ პაფნუტიჩმა, თან ხელსახოცი მუხუდოს ფერი ხიფთანის ღილის კილოში გაიკეთა. - დამნაშავე ვარ, ბატონო კირილა პეტროვიჩ, მე ადრიანად კი გამოვემგზავრე, მაგრამ ათი ვერსის გავლაც ვერ მოვასწარი, რომ უეცრად წინა თვლის სალტე შუაზე გადამიტყდა - რაღას იზამ? საბედნიეროდ, სოფლიდან შორს არ ვიყავი; მანამკ იქამდე მივეთრიეთ, მჭედელი მოვძებნეთ და, როგორც იქნა, გავაკეთეთ, ზუსტად სამმა საათმა გაიარა - რაღა მექნა. მოკლე გზით კისტენევკის ტყეზე გავლა ვეღარ გავბედე, შემოვლა ვამჯობინე. . .
- ეჰე, - შეაწყვეტინა სიტყვა კირილა პეტროვიჩმა, - ჩანს, გულადი ვერ ყოფილხარ. რისი გეშინია?
- როგორ თუ რისი მეშინაი, ბატონო კირილა პეტროვიჩ? ეს დუბროვსკი - ერთიც ვნახოთ და მას თათებში ჩაუვარდი; ამრჯვე ბიჭია, არავის არ აპატიებს, მე კი, ალბათ, ორკეც ტყავს გამაძრობს.
- რატომ გაქვს, ძმაო, ასეთი უპირატესობა?
- როგორ თუ რატომ, ბატონო კირილა პეტროვიჩ? განსვენებულ ანდრეი გავრილოვიჩთან დავის გამო. განა მე არ ვიყავი, რომ თქვენი სიამოვნებისათვის, ესე იგი სინდისისა და სამართლიანობის დაცვით, მივეცი ჩვენება, რომ დუბროვსკები კისტენევკას ჰფლობენ მასზე ყოველგვარი უფლების გარეშე, მხოლოდ თქვენი მოწყალებით. და განსვენებული (ღმერთმა აცხონოს) შემპირდა, ჩემებურად მოგელაპარაკებიო; შვილი, ალბათ, თავისი მამის სიტყვას დაიცავს. აქამდე ღმერთმა შემიწყალა. მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბეღელი გამიძარცვეს, კარ-მიდამომდეც მოაღწევენ.
- კარ-მიდამოში კი დიდი ბარაქა დახვდებათ, - შენიშნა კირილა პეტროვიჩმა, - ვიმედოვნებ, წითელი ზარდახშა პირთამდე სავსეა. . .
- რას ბრძანებთ, ბატონო კირილა პეტროვიჩ, იყო სავსე, ახლა კი სულ დაცარიელდა.
- გეყოფა ტყუილები, ანტონ პაფუნტიჩ. ვიცით, რაცა ბრძანდებით: ფულებს რაში დახარჯავ. შინ ცხოვრობ ღორივით, სტუმრად არავის ჰპატიჟებ, შენს გლეხებს ტყავს აძრობ, აგროვებ მხოლოდ. და მეტი არაფერი იცი.
- თქვენ სულ ხუმრობას ინებებთ, ბატონო კირილა პეტროვიჩ, - ჩაილუღლუღა ანტონ პაფნუტიჩმა, - ჩვენ კი, ღმერთმანი, გავკოტრდით, - და ანტონ პაფნუტიჩმა ბატონის ხუმრობა მასპინძლის ნამცხვრის მსუქან ნაჭერს შეატანა.
კირილა პეტროვიჩმა მას თავი მიანება და მაზრის პოლიციის ახალ უფროსს მიმართა. იგი პირველად იყო სტუმრად მასთან და სუფრის მეორე ბოლოში იჯდა, მასწავლებლის მახლობლად.
- აბა, თქვენ მაინც დაიჭირეთ დუბროვსკი, ბატონო უფროსო.
მაზრის პოლიციის უფროსი შეშინდა, თავი დაუკრა, გაუღიმა, ენის ბორძიკით ძლივს წარმოთქვა:
- ვეცდებით, თქვენო აღმატებულება.
- ჰმ, ვეცდებით. დიდი ხანია, დიდი ხანია ცდილობენ, არაფერი კი არ გამოდის. მართლაც, რატომ უნდა დავიჭიროთ? დუბროვსკის ყაჩაღობა მაზრის პოლიციის უფროსებისათვის დიდი სიკეთეა - აქეთ-იქით მგზავროაბ, გამოძიებანი, ურმები, ფული კი ჯიბეში. ასეთ კეთილისმყოფელს როგორ ოსპობ? ასე არ არის, ბატონო უფროსო?
- სრული ჭეშმარიტებაა, თქვენო აღმატებულებავ, - უპასუხა სავსებით შემკრთალმა მაზრის პოლიციის უფროსმა.
სტუმრებმა გადაიხარხარეს.
- მიყვარს ვაჟკაცი გულახდილობისათვის, - თქვა კირილა პეტროვიჩმა, - აფსუს, განსვენებული ჩვენი ტარასი ალექსევიჩი, მაზრის პოლიციის უფროსი, - იგი რომ არ დაეწვათ, უბანში მეტი სიწყნარე იქნებოდა. რა ისმის დუბროვსკის შესახებ? უკანასკნელად სად ნახეს?
- ჩემთან, კირილა პეტროვიჩ, - დაიჭყივლა მანდილოსნის დაბალმა ხმამ, - გასულ სამშაბათს მან ჩემთან ისადილა.
თვალი ყველამ ანა სავიშნა გლობოვას მიაპყრო. იგი იყო უბრალო ქვრივი ქალი, ყველასათვის საყვარელი კეთილი და მხიარული ხასიათის გამო. ყველანი, ცნობისმოყვარეობით შეპყრობილნი, მოემზადნენ ამბის მოსასმენად.
- უნდა მოგახსენოთ, რომ სამი კვირის წინათ მე გავგზავნე მოურავი ფოსტაში ფულიტ ჩემი ვანიუშისათვის. შვილს არ ვანებივრებ, არც ძალა შემწევს ვანებივრო, კიდეც რომ მინდოდეს, თუმცა, მოგეხსენებათ, გვარდიის ოფიცერი რიგიანად უნდა ცხოვრობდეს, და ვანიუშას ვუნაწილებ ჩემს პატარა შემოსავალს. და, აი, გავუგზავნე მას ორი ათასი მანეთი; თუმცა დუბროვსკი არაერთხელ გამხსენებია, მაგრამ, ვფიქრობ, ქალაქი ახლოა, სულ შვიდი ვერსია, იქნებ ღმერთმა გადაგვარჩინოს-მეთქი. ვხედავ: საღამოს ჩემი მოურავი ბრუნდება ფეხით, გაფითრებული, ჩამოგლეჯილი. "ვაი, რა ამბავია? რა მოგივიდა?" - წამოვიძახე. "დედილო ანა სავიშნა, ყაჩაღებმა გამძარცვეს, მე კინაღამ მომკლეს, თვითონ დუბროვსკიც იქ იყო, ჩემი ჩამოხრჩობა უნდოდა, შევეცოდე და გამომიშვა, ერთიანად კი გამფცქვნა, წამართვა ცხენი, ფორანიც". მე გავშეშდი; მეუფეო ზეცათაო, რა ეშველება ჩემს ვანიუშას? რა გაეწყობა. შვილს წერილი მივწერე, ყველაფერი მოვუყევი და ჩემი ლოცვა-კურთხევა გავუგზავნე უგროშოდ.
გაიარა კვირამ, მეორემ. უეცრად ჩემს ეზოში შემოდის ეტლი. ვიღაც გენერალი მთხოვს მინახულოს: - მობრძანდით; შემოდის ჩემთან კაცი, დაახლოებით ოცდახუთმეტი წლისა, შავგვრემანი, შავთმიანი, წვერ-ულვაშიანი. კულნევის პირწავარდნილი სურათია. თავს მაცნობს, როგორც ჩემი განსვენებული ქმრის, ივან ანდრეევიჩის მეგობარი და თანამოსამსახურე; აქ ჩავიარე და არ შემეძლო თქვენთან, მის ქვრივთან არ შემომევლო, რაკი ვიცოდი, რომ აქ ცხოვრობდითო. გავუმასპინძლიდი, რითაც შემეძლო; ვისაუბრეთ ცის, ბარის; ბოლოს დუბროვსკიზე ჩამოვარდა ლაპარაკი. - მე ჩემი დარდი გავუზიარე. ჩემი გენერალი შეიჭმუხნა. "ეს საოცარია, - თქვა მან. - მე გამიგონია, რომ დუბროვსკი ყველას არ ძარცვავს, არამედ ცნობილ მდიდრებს, მაგრამ ნაძარცვს მათაც უყოფს, Mმთლიანად კი არ ძარცვას. კაცის კვლაში მას ბრალს არავინ სდებს, აქ თაღლითობა ხომ არაა, უბრძანეთ თქვენს მოურავს დაუძახონ". - წავიდნენ მოურავის მოსაყვანად. მოვიდა. როგორც კი გენერალი დაინახა, გაშეშდა. "მიამბე, აბა, ძმაო, დუბროვსკიმ როგორ გაგძარცვა და როგორ უნდოდა მას შენი ჩამოხრჩობა". ჩემი მოურავი აკანკალდა და გენერალს ფეხებში ჩაუვარდა. - "ბატონო, დამნაშავე ვარ, ეშმაკმა მაცდინა - მოვიტყუილე". - "რადგან ასეა, - უთხრა გენერალმა, - მას, ინებე, ქალბატონს უამბე ყველაფერი, როგორ მოხდა. მე მოგისმენ". მოურავი გონს ვერ მოსულიყო. "აბა, მოჰყევი, - განაგრძო გენერალმა, - დუბროვსკის სად შეხვდი" - "ორ ნაძვის ხესთან, ბატონო, ორ ნაძვი ხესთან". - რა გითხრა მან?" - "მკითხა: ვისი ხარ, სად და რისთვის მიდიხარო?" - "მერე, მერე?" - "მერე კი მომთხოვა წერილი და ფული". - "მერე?" - "მე მივეცი წერილი და ფული - მან კი". . . "მერე, მან რა ჰქნა?" - "ბატონო, დამნაშავე ვარ", - "აბა, შენ კი?" - '"ფული და წერილი დამიბრუნა და მითხრა: - წადი, ღმერთი იყოს შენი შემწე - ეს ფოსტაში ჩააბარე". - "აბა, შენ კი?" - "ბატონო დამნაშავე ვარ", . . - "მე შენ, ჩემო კარგო, გაგისწორდები", - თქვა მრისხანედ გენერალმა; - "თქვენ კი, ქალბატონო, უბრძანეთ ამ თაღლითის სკივრი გაჩხრიკონ, ეს მე ჩამაბარეთ, ჭკუას ვასწავლი. იცოდეთ, დუბროვსკი თვითონ იყო გვარდიის ოფიცერი, იგი არ ისურვებს ამხანაგს აწყენინოს". მივხვდი, ვინც იყო მისი აღმატებულება, ბევრი ლაპარაკი საჭირო არ იყო. მეეტლეებმა მოურავი ეტლის კოფოზე მიაბეს. - ფული ვიპოვეთ; გენერალმა ჩემთან ისადილა, მაშინვე გაემგზავრა და მოურავი თან წაიყვანა. მეორე დღეს ჩემი მოურავი ტყეში ნახეს მუხაზე მიბმული და ცაცხვით გაშვლეპილი.
ანა სავიშნას მიერ მოყოლილ ამბავს ყველა მდუმარედ უსმენდა, განსაკუთრებით ქალიშვილები. ბევრი მათგანსიდუმლად დუბროვსკისთვის კეთილი სურდა; ზოგიერთი მასში რომანტიკულ გმირს ხედავდა, - განსაკუთრებით მარია კირილოვნა. მგზნებარე მეოცნებე, რადკლიფის სადიუმლოს საშინელებებით მოცული.
- და შენ, ანა სავიშნა, გგონია, რომ თვითონ დუბროვსკი იყო შენთან? - ჰკითხა კირილა პეტროვიჩმა. - ძალიან შემცდარხარ. არ ვიცი, შენთან სტუმრად ვინ იყო, მხოლოდ დუბროვსკი კი არა.
- ბატონო, როგორ თუ არა დუბროვსკი? თუ არა იგი, აბა, სხვა ვინ გავა გზაზე და დაიწყებს გამვლელთა გაჩერებასა და დათვალიერება.
- არ ვიცი, მაგრამ იგი სწორედ დუბროვსკი არ იქნებოდა. მისი ბავშვობა მახსოვს. არ ვიცი, გაუშავდა თუ არა მას თმა, მაშინ კი თმახუჭუჭა ქერა ბიჭუნა იყო; მაგრამ დანამდვილებით ვიცი, როჯმ დუბროვსკი ხუთი წლით უფროსი იყო ჩემს მაშაზე და, მაშასადამე, იგი ოცდახუთმეტი წლისა კი არა, დაახლოებით ოცდასამი წლისაა.
- სწორია. თქვენო აღმატებულებავ, - განაცხადა მაზრის პოლიციის უფროსმა, - ჯიბეში მაქვს ვლადიმირ დუბროვსკის ნიშნები. მასში ზუსტად არის ნათქვამი, რომ დაბადებიდნ ოცდასამი წლისაა.
- აჰ! - თქვა კირილა პეტროვიჩმა, - ბარემ წაიკითხეთ, ჩვენ კი მოგისმენთ, ცუდი არაა, მისი ნიშნები ვიცოდეთ, ეგების შეგვეჩეხა, ხელიდან ვეღარ დაგვიძვრება.
მაზრის პოლიციის უფროსმა ჯიბიდან ამოიღო საკმაოდ გასვრილი ქაღალდის ფურცელი, გაშალა იგი მედიდურად და მღერით დაიწყო კითხვა:
"ვლადიმირ დუბროვსკის ნიშნები, შედგენილი მისი შინაყმების აღწერით. დაბადებიდან 22 წლისა, ს ი მ ა ღ ლ ე - საშუალო, პ ი რ ი ს ა ხ ე - სუფთა, წ ვ ე რ ი - მოპარსული, თ ვ ა ლ ე ბ ი - მუქი თაფლისფერი, თ მ ა - ბობრი, ც ხ ვ ი რ ი - სწორი, გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ უ ლ ი ნ ი შ ნ ე ბ ი: ასეთი არ აღმოაჩნდა".
- სულ ეს არის? - თქვა კირილა პეტროვიჩმა.
- სულ ეს არის, - უპასუხა მაზრის პოლიციის უფროსმა და ქაღალდი დაკეცა.
- მომილოცავს, - ბატონო უფროსო! - ერთი ამას უყურეთ, რა ქაღალდია! ამ ნიშნების მიხედვით დუბროვსკის მოძებნა ადვილი იქნება; აბა, ვინ არ არის საშუალო ტანისა, ვის არა აქვს ბობრი თმა, სწორი ცხვირი, ვის არა აქვს მუქი თაფლისფერი თვალები! სანაძლეოს ვდებ, სამი საათის განმავლობაში შეიძლება თვით დუბროვსკის ელაპარაკო და ვერც მიხვდე, ღმერთმა ვის შეგახვედრა. მართლაც, მოხელეების ჭკუის კოლოფები ბრძანდებიან!
მაზრის პოლიციის უფროსმა ქაღალდი თავმდაბლად ჩაიდო ჯიბეში და ჩუმად კომბოსტოიანი ბატის ჭამას შეუდგა; ამასობაში მსახურთ უკვე მოასწრეს სტუმრებისათვის რამდენჯერმე ჩამოევლოთ და რამდენიმე ბოთლი გაიხსნა; ეს ღვინოები კეთილგანწყობით შამპანურის სახელწოდებით მიიღეს. სტურებს სახეები აუღაჟღაჟდათ, ლაპარაკი გახდა უფრო მჟღერი, უთავბოლო და მხიარული.
- არა - განაგრძო კირილა პეტროვიჩმა, - ვეღარ ვნახავთ მაზრის პოლიციის ისეთ უფროსს, როგორიც განსვენებული ტარასი ალექსეევიცი იყო! მარჯვე კაცი იყო და არა დოყლაპია. სამწუხაროა, რომ დასწვეს ვაჟკაცი, თორემ მთელი ბრბოდან ერთი კაციც ვერ გაექცეოდა. ყველას სათითაოდ დაიჭერდა - თვით დუბროვსკიც ხელიდან ვერ დაუძვრებოდა, ქრთამითაც თავს ვერ დაიხსნიდა. ტარასი ალქსეევიჩი ფულს მისგან აიღებდა, მაგრამ მას კი მაინც არ გაუშვებდა. ასეთი ჩვეულება ჰქონდა განსვენებულს. რა გაეწყობა, ალბათ, მე მომიწევს ამ საქმეში ჩარევა და ჩემი შინაყმებით ყაჩაღების დაჭერა: პირველი შემთხვევისათვის ოც კაცს გამოვყოფ, ისინი გასწმენდენ ქურდების ჭალას; ხალხი მშიშარა არაა, თვითეული მათგანი მარტო მიდის დათვზე სანადიროდ - ყაჩაღებს არ შეუშინდებიან.
- კარგად არის თქვენი დათვი, ბატონო კირილა პეტროვიჩ? - თქვა ანტონ პაფნუტიჩმა, რომელმაც მოიგონა თავისი ბანჯგვლიანი ნაცნობი და ოინები, რომელთა მსხვერპლიც იგი ოდესღაც გახდა.
- მიშამ შენი ჭირი წაიღო, - უპასუხა კირილა პეტროვიჩმა, - მოკვდა სახელოვანი სიკვდილით, მტრის ხელით. აი, მისი დამარცხებული, - კირილა პეტროვიჩმა დეფორჟზე მიუთითა. - მან შური იძია შენი. . . უკაცრავად . . . პასუხი. . . ხომ გახსოვს?
- როგორ არ მახსოვს, - თქვა ანტონ პაფნუტიჩმა თავის ფხანით. - კარგად მახსოვს. მაშ, მიშა მოკვდა - მეცოდება მიშა. რა ხუმარა იყო! რა ჭკვიანი! ასეთ დათვს მეორეს ვერ იპოვი. და რისთვის მოჰკლა იგი მუსიემ?
კირილა პეტროვიჩმა დიდი სიამოვნებით დაიწყო თავისი ფრანგის გმირობის ამბის მოყოლა, რადგან კარგი უნარი ჰქონდა დაეკვეხნა ყველაფრით, რაც კი მის გარშემო იყო. სტუმრები ყუარდღებით ისმენდნენ მიშას სიკვდილის ამბავს და გაოცებით გადახედავდნენ ხოლმე დეფორჟს, რომელსაც ეჭვი არ აუღია, რომ ლაპარაკი მის მამაცნობას შეეხებოდა, მშვიდად იჯდა თავის ადგილას და თავის ცელქ აღსაზრდელს რჩევა-დარიგებას აძლევდა.
დასრულდა სადილობა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა; მასპინძელმა ხელსახოცი სუფრაზე დასდო - ყველა ადგა და გავიდა სასტუმრო ოთახში, სადაც მათ ყავა, ბანქო და სასადილოში დიდებულად დაწყებული სმის გაგრძელება მოელოდათ.

თ ა ვ ი მ ე ა თ ე

საღამოს შვიდი საათი იქნებოდა, რომ ზოგიერთმა სტუმარმა გამგზავრება მოისურვა, მაგრამ პუნშით გამხიარულებულმა მასპინძლემა ბრძანა ალაყაფის კარები ჩაეკეტათ და გამოცხადა, დილამდე ეზოდან არავის არ გავუშვებო. მალე მუსიკამ დაიგრიალა, დარბაზის კარები გაიღო და ბალი დაიწყო. მასპინძელი და მისი მახლობელნი კუთხეში ისხდნენ, ჭიქას ჭიქაზე სცლიდნენ და ახალგაზრდების მხიარულობით სტკბებოდნენ. მოხუცი ქალები ანქოს თამაშობდნენ. კავალრები, როგორც ყველანი, სადაც რომელიმე ულანთა ბრიგადა არ ბინადრობს, უფრო ცოტანი იყვნენ, ვიდრე მანდილოსნები. ამის გამო თითქმის ყველა მამაკაცი დაკავებული იყო. მათ შორის მასწავლებელი გამოირჩეოდა. იგი ყველაზე მეტს ცეკვავდა. ყველა ქალიშვილი მას ირჩევდა და სთვილიდა, რომ მასთან ვალსირება ადვილი იყო. დეფორჟმა მარია კირილოვნასთნა ერთად წრეს რამდენჯერმე შემოუარა - და ქალიშვილები დაცინვით ადევნედნენ მათ თვალყურს. ბოლოს, დაახლოებით შუაღამისას, დაღლილმა მასპინძელმა ცეკვა შესწყვიტა. ბრძანა ვახშამი მოერთმიათ, თვითონ კი დასაძინებლად წავიდა.
კირილა პეტროვიჩის წასვლამ საზოგადოებას თავისუფლება და გამოცოცხლება შემატა; კავალრებმა გაბედეს მანდილოსნების მახლობლად დამსხდარიყვნენ, ქალიშვილები იცინოდნენ და თავიანთ მეზობელ კაცებს ეჩურჩულებოდნენ; მანდილოსნები ერთმანეთს სუფრის გადაღმა ელაპარაკებოდნენ. მამაკაცები სვამდნენ, დაობდნენ და ხარხარებდნენ. ერთი სიტყვით, ვახშამი განსაკუთრებულად მხიარული იყო - და დიდად სასიამოვნო მოსაგონარი დარჩა.
საერთო მხიარულებაში მხოლოდ ერთი კაცი არ იღებდა მონაწილეობას. ანტონ პაფნუტიჩი მოღუშული და მდუმარე იჯდა თავის ადგილას, დაბნეული ჭამდა და განსაკუთრებულად აღელვებული ჩანდა. ყაჩაღებზე საუბარმა გონება აუფორიაქა. ჩვენ მალე დავინახავთ, რომ მას საკმაო მიზეზი გააჩნდა მათი შინებოდა.
ანოტონ პაფნუტიჩი არ ტყუოდა, არ სცოდავდა, როცა ღმერთს ფიცულობდა, ჩემი წითელი ზარდახშა ცარიელიაო. წითელი ზარდახშა მართლაც ცარიელი იყო; ფულები, რომლებიც მასში ინახებოდა, ტყავის პარკში გადაბარგდა. პარკი კი პერანგქვეშ მკერდზე ჰქონდა ჩამოკიდებული. ყველას მიმართ უნდობლობითა და მუდმივი შიშით შეპყრობილი ანტონ პაფნუტიჩი თავს იმშვიდებდა მხოლოდ ამ სიფრთხილით. სხვის სახლში იძულებით ღამის გათევა რომ მოუხდა, შიშმა მოიცვა, ბინა სადმე განცალკევებულ ოთახში არ მიეჩინათ, სადაც ქურდები შესვლას ადვილად შესძლებდნენ; თვალით დაეძებდა საიმედო ამხანაგს და ბოლოს დეფორჟი ამოირჩია. ეს არჩევანი მიაღებინა მისმა ძალის გამომხატველმა გარეგნობამ, უფრო კი მის მიერ დათვთან შეხვედრისას გამოჩენილმა მამაცობამ. ამ დათვის გახსენება საწყალ ანტონ პაფნუტიჩს აუთრთოლებლად არ შეეძლო. როცა სუფრიდან ადგა, ანტონ პაფნუტიჩმა ახალგაზრდა ფრანგის მახლობლად დაიწყო ტრიალი, თან ხშირ-ხშირად ხმას ჩაიწმენდდა და ჩაახველებდა, ბოლოს ფრანგს მიმართა განმარტებით.
- ჰმ, ჰმ, ხომ არ შეიძლება, მუსიე, თქვენს პატარა ოთახში ღამე გავათიო, იმიტომ რომ . . . ხომ ხედავთ. . .
- Que desire, monsieur ? * - ჰკითხა დეფორჟმა და მოწიწებით თავი დაუკრა.
- აი, უბედურება, შენ, მუსიე, ჯერ კიდევ რუსული არ შეგისწავლია, ჟე ვე, მუა, შე ვუ კუშე, ხომ გესმის?
- Monsieur, tres volontiers, - უპასუხა დეფორჟმა, - veuillez donner des ordres en consequence **.
ანტონ პაფნუტიჩი თავისი ფრანგულის ცოდნით ძალიან კმაყოფილი დარჩა. მაშინვე წავიდა განკარგულების გასაცემად.
სტუმრები ერთმანეთს გამოეთხოვენ და მათთვის მიჩენილ ოთახებსი წავიდ-წამოვიდნენ. ანტონ პაფნუტიჩი კი გაჰყვა მასწავლებელს ფლიგელში. ბნელი ღამე იყო. დეფორჟი გზას ფარნით ინათებდა. ანტონ პაფნუტიჩი მას საკმაოდ მხნედ მიჰყვებოდა, ხანდახან გულზე მიიკრავდა ხოლმე დამალულ პარკს, რათა დარწმუნებულიყო, რომ ფულები ჯერ კიდევ თან ჰქონდა.
მასწავლებელი ფლიგელში რომ მივიდა, სანთელი აანთო, ორივემ ტანთ გაიხდა
დაიწყეს; ამ დროს ანტონ პაფნუტიჩი ოთახში დადიოდა, კლიტეებს და ფანჯრებს ათვალიერებდა და თავს აქნევდა ამ არასანუგეშო დათვალიერების დროს. კარები იკეტებოდა ერთი ურდულით, არც ფანჯრებს ჰქონდა ორმაგი ჩარჩოები. მან სცადა ამის გამო დეფორჟისთვის შეეჩივლა, მაგრამ მისი ცოდნა ფრანგულ ენაში მეტად შეზღუდული აღმოჩნდა ასეთი რთული განმარტებისათვის. ფრანგმა ვერაფერი გაუგო და ანტონ პაფნუტიჩი იძულებული გახდა ჩივილისატვის თავი მიენებებინა. მათი საწოლები ერთიმეორეს პირდაპირ იდგა. ორივე დაწვა და მასწავლებელმა სანთელი ჩააქრო.
- ჰერკუა ვუ თუსე, პურკუა ვუ ტუშე?! - დაიყვირა ანტონ პაფნუტიჩმა. რუსული ზმნა тушу (ვაქრობ) გაჭირვებით ფრანგულ ყაიდაზე აუღლა. - სიბნელეში დორმირ მე არ შემიძლია.
დეფორჟმა ვერ გაიგო მისი წამოძახილი და მას ძილი ნებისა უსურვა.
- წყეული ბუსურმანი, - ჩაიბურდღუნა სპიცინმა და საბანში გაეხვია, - მოუნდა სანთლის ჩაქარობა. მისთვისვეა უარესი. მე უსინათლოდ დაძინება არ შემიძლია, მუსიე, მუსიე, - განაგრძობდა იგი, - ჟე ვე ავეკ ვუ პარლე. - მაგრამ ფრანგი პასუხს არ სცემდა და მალე ხვრინვა ამოუშვა.
"ხვრინავს შეჩვენებული ფრანგი, - გაიფიქრა ანტონ პაფნუტიჩმა, - მე კი აზრადაც არ მომდის - აგერ-აგერ ქუდები შემოვლენ ღია კარებში, ან ფანჯარაში შემოძვრებიან - ამ წყეულს კი ზარბაზანიც ვერ გააღვიძებს".
- მუსიე! ეი, მუსიე! ეშმაკმა წაგიღოს.
ანტონ პაფნუტიჩი დაჩუმდა. დაღლილობამ და ღვინომ თანდათან მისი შიში დასძლია, თვლემა დაიწყო და მალე ღრმა ძილი დაეუფლა.
მისთვის უცნაური გაღვიძება მზადდებოდა. ძილში გრძნობდა, რომ ვიღაც ნელა ეწეოდა პერანგის საყელოთი. ანტონ პაფნუტიჩმა თვალი გაახილა და შემოდგომის დილის მკრთალ სინათლეზე თავის წინ დაფორჟი დაინახა: ფრანგს ერთ ხელში ჯიბის დამბაჩა ეჭირა, მეორეთი კი დამალული პარკის შეხსნა დაუწყო. ანტონ პაფუნტიჩი გაშეშდა.
- კეს კე სე, მუსიე, კეს კე სე? - წარმოთქვა ათრთოლებული ხმით.
- ჩუმად, ხმა ჩაიწყვიტეთ, - უპასუხა მასწავლებელმა წმინდა რუსულ ენაზე, - ხმა ჩაიწყვიტეთ, თორემ თქვენ დაიღუპებით, მე დუბროვსკი ვარ.

თ ა ვ ი მ ე თ ე რ თ მ ე ტ ე

ახლა მკითხველს ვთხოვ ნება დაგვრთოს ჩვენი მოთხრობის უკანასკნელი ამბების გასარკვევად მას გავაცნოთ ის გარემოებანი, რომელნიც ამ ამბებს წინ უსწრებდდნენ და რომელთა შესახებ ჯერ კიდევ ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარით.
** სადგურზე, იმ ზედამხედველის სახლში, რომელიც ჩვენ უკვე მოვიხსენიეთ, კუთხეში იჯდა მგზავრი, რომელსაც თავდაბალი და მომთმენი ადამიანის შეხედულება ჰქონდა, რაც იმას მოწმობდა, რომ უაზნო ან უცხოელი იყო, ესე იგი ადამიანი, რომელსაც ფოსტის გზაზე ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა. მისი ბრიჩკა ეზოში იდგა და გასაპვნას უცდიდა. ბრიჩკაში იდო პატარა ჩემოდანი, აშკარა საბუთი მისი ხელმოკლეობისა. მგზავრი არ მოითხოვდა არც ჩაის, არც ყავას, ფანჯარაში იცქირებოდა და უსტვენდა, რაც ტიხარს იქით მჯდომ ზედამხედველის ცოსლ მეტისმეტად აწუხებდა.
- აი, ღმერთმა სტვენია გამოგვიგზავნა, - ამბობდა იგი ჩუმად, - როგორ უსტვენს, გასკდეს წყეული ბუსურმანი.
- მერე რა? - თქვა ზედამხედველმა, - არა უშავს რა, უსტვინოს თავისთვის.
- არა უშავს რა? - უპასუხა გულმოსულმა მეუღლემ, - განა არ იცი ნიშნები?
- - რა ნიშნები? რომ სტვენა ფულს აფრთხობს. ეჰ! პახომოვნა, ჩვენთან გინდა უსტვინე, გინდა არა: ფული მაინც არა გვაქვს და არ გვაქვს.
- გაუშვი, სიდორიჩ. რა გეხალისება მისი აქ ყოფნა, მიეცი ცხენები და ჯანდაბას მისი თავი.
- დაიცდის, პახომოვნა; თავლაში სულ სამი სამცხენაა, მეოთხე ისვენებს. აგერ-აგერ კარგი მგზავრი მოგვისწრებს; არ მინდა ფრანგის გამო ჩემი თავით ვაგო პასუხი. სუ, ასეც არის! აი, მოაჭენებენ. ეჰე, და როგორ სწრაფად; გენერალი ხომ არ არის?
ეტლი პარმაღთან გაჩერდა. მსახური კოფოდან ჩამოხტა, კარი გაიღო და წუთის შემდეგ სამხედროფარაჯიანი, თეთრქუდიანი ახალგაზრდა კაცი ზედამხედველთან შევიდა - მას თან მსახური შეჰყვა, ზარდახშა შეიტანა და ფანჯრის ფიტონზე დასდო.
- ცხენები, - თქვა ოფიცერმა ბრძანების კილოთი.
- ახლავე, - უპასუხა ზედამხედველმა, - გვიბოძეთ სამოგზაურო მოწმობა.
- სამოგზაურო მოწმობა არა მაქვს. სხვა გზით მივემგზავრებით. . . შენ განა ვერ მცნობ?
ზედამხედველი აფუსფუსდა და გაიქცა მეეტლეების ასაჩქარებლად. ახალგაზრდა კაცმა ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო ტიხარს უკან შევიდა და ზედამხედველის ცოლს ჩუმად ჰკითხა: - ეს მგზავრი ვინ არის?
- ღმერთმა უწყის, - უპასუხა ზედამხედველის ცოლმა, - ვიღაც ფრანგი. აი, უკვე ხუთი საათია ცხენებს ელოდება და უსტვენს. წყეულმა თავი მოგვაბეზრა.
ახალგაზრდა კაცი მგზავრს ფრანგულად გამოელაპარაკა.
- სად მიბრძანდებით? - ჰკითხა მან.
- მახლობელ ქალაქს, - უპასუხა ფრანგმა, - იქიდან მივემგზვრები ერთ მემამულესთან, რომელმაც უნახავად მასწავლებლად დამიქირავა. მე ვფიქრობდი, რომ დღეს უკვე ადგილზე ვიქნებოდი, მაგრამ ბატონმა ზედამხედველმა სხვანაირად გადაწყვიტა - ამ ქვეყანაში ცხენების შოვნა ძნელია, ბატონო ოფიცერო.
- აქ რომელ მემამულეთან მოეწყვეთ? - ჰკითხა ოფიცერმა.
- ტროეკუროვთან, - უპასუხა ფრანგმა.
- ტროეკუროვთან? ვინ არის ეს ტროეკუროვი?
- Ma foi, monsieur ... მის შესახებ კარგი რამ ცოტა გამიგონია. ამბობენ, მედიდური და თავქეიფა ბატონია, თავის შინაყმებს სასტიკად ეპყრობა, მასთან შეგუება არავის შეუძლიაო; მისი სახელის ხსენებაზე ყველანი კანკალებენ. მასწავლებლებს არ ებოდიშება და ორი უკვე შოლტის ცემით მოჰკლაო.
- მომიტევეთ! და თქვენ გადაწყვიტეთ ასეთ ურჩხულთგან მოეწყოთ?
- აბა, რა ვქნა, ბატონო ოფიცერო! კარგ ჯამაგირს იძლევა - წელიწადში სამი ათას მანეთს და ყველაფერს მზამზარეულს. შეიძლება მე ბედნიერი გამოვდგე. მოხუცი დედა მყავს, ჯამაგირის ნახევარს მას გავუგზავნი სარჩოდ, დანარჩენი ფულით ხუთ წელიწადში შევძლებ დავაგროვო პ ა ტ ა რ ა თანხა, რაც საკმარისი იქნება ჩემი მომავალი დამოუკიდებლობისათვის. - და მაშინ bonsoir, პარიზს გავემგზავრები და კომერციულ საქმეს მოვკიდებ ხელს.
- გიცნობთ ვინმე ტროეკუროვის სახლში? - ჰკითხა ოფიცერმა.
- არავინ. - უპასუხა მასწავლებელმა, - მოსკოვიდან გამომიწვია ერთი თვის მეგობრის საშუალები. რომლის მზარეულმა, ჩემმა თანამემამულემ, გამიწია რეკომენდაცია. უნდა იცოდეთ, რომ მე ვემზადებოდი არა მასწავლებლად, არამედ მეშაქარლამედ, მაგრამ მითხრეს, რომ მასწავლებლის წოდება უფრო ხელსაყრელიაო.
ოფიცერი ჩაფიქრდა.
- მომისმინეთ, - შეაწყვეტინა ფრანგს სიტყვა, - რას იტყოდით, რომ აქ თქვენი მომავლის მაგიერ თქევნთვის შემოეთავაზებინათ ათი ათასი ნაღდ ფულად იმ პირობით, რომ ახლავე დაბრუნდებულიყავით პრიზში.
ფრანგმა ოფიცერს გაოცებით შეხედა, გაიღიმა და თავი გააქნია.
- ცხენები მზად არიან, - თქვა შემოსულმა ზედამხედველმა.
მსახურმაც იგივე მოახენა.
- ახლავე, - უპასუხა ოფიცერმა, - ერთი წუთით გადით. - ზედამხედველია მსახური გავიდნენ. - მე არ ვხუმრობ, - განაგრძო მან ფრანგულად. - ათი ათასი შემიძლია მოგცეთ, მე მინდა მხოლოდ თქვენი აქ არყოფნა და თქვენი საბუთები.
ეს რომ თქვა, ზარდახშა გახსნა და ასიგნაციების რამდენიმე დასტა ამოიღო.
ფრანგმა თვალები დააჭყიტა, არ იცოდა, რა ეფიქრა.
- ჩემი არყოფნა. . . ჩემი საბუთები, - გაიმეორა მან გაოცებით, - აი, ჩემი საბუთები. . . მაგრამ თვენ ხუმრობთ, რად გინდათ ჩემი საბუთები?
- ეს თქვენი საქმე არაა. გეკითხებით, თანახმა ხართ თუ არა?
ფრანგმა, რომელიც ჯერ კიდევ საკუთარ ყურებს არ უჯერებდა, თავისი საბუთები მიაწოდა ოფიცერს, მან სწრაფად გადასინჯა ქაღალდები.
- თქვენი პასპორტი. . . კარგია. სარეკომენდაციო წერილი, ვნახოთ. მოწმობა დაბადების შესახებ, მშვენიერია. აი, თქვენი ფული, უკან დაბრუნდით. მშვიდობით. .
ფრანგი გაშეშებული იდგა.
ოფიცერი დაბრუნდა.
- ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ კინაღამ დამავიწყდა. მომეცით პატიოსანი სიტყვა, რომ ყველაფერი ეს ჩვენს შორის დარჩება, თქვენი პატიოსანი სიტყვა.
- პატიოსან სიტყვას გძლევთ, - უთხრა ფრანგმა, - მაგრამ ჩემი საბუთები, რა ვქნა უსაბუთოდ?
- პირელ ქალაქში განაცხადეთ, რომ თქვენ დუბროვსკიმ გაგრძარცვათ, დაგიჯერებენ და საჭირო მოწმობებს მოგცემენ. მშვიდობით, ღმერთმა მალე მიგიყვანოთ პარიზამდე და დედა ჯანმრთელად დაგახვედროთ.
დუბროვსკი ოთახიდან გავიდა, ეტლში ჩაჯდა და გააქროლა.
ზედამხედველი ფანჯარაში იცქირებოდა და როდესაც ეტლი წავიდა, ცოლს მიუბრუნდა შეძახილით:
- პახომოვნა, იცი? ეს დუბროვსკი იყო.
ზედამხედველის ცოლი თავგადაგლეჯილი ფანჯარასთან მიიჭრა, მაგრამ დაიგვიანა - დუბროვსკი უკვე შორს იყო. ქმარს ლანძღვა დაუწყო.
- ღვთისა არ გეშინია, სიდორიჩ, რატომ ადრე არ მითხარი, დუბროვსკის მაინც შევხედავდი, ახლა უცადე, კიდევ როდის შემოივლის. უსინდისო ხარნ, ნამდვილად უსინდისო.
ფრანგი იდგა სვეტივით დარჭობილი. ოფიცერთან შეთანხმება, ფული, ყველაფერი ეს სიზმარი ეგონა, მაგრამ ასიგნაციების დასტები აქ იყო, მის ჯიბეში და საოცარი შემთხვევის სინამდვილეს მჭევრმეტყველურად ადასტურებდა.
მან გადაწყვიტა ცხენები დაექირავებინა ქალაქამდე. მეეტლემ იგი ნაბიჯ-ნაბიჯ წაიყვანა და ღამით ქალაქამდე გაჭირვებით მიაღწია.
საყარაულოსთან მისვლამდე, სადაც გუშაგის მაგივრად დანგრეული ჯიხური იდგა, ფრანგმა გაჩერება ბრძანა, ბრიჩკიდან გადმოვიდა და ფეხით წავიდა. მეეტლეს ნიშნებით აუხსნა, რომ ბრიჩკიდან გადმოვიდა და ფეხით წავიდა. მეეტლეს ნიშნებით აუხსნა, რომ ბრიჩკას და ჩემოდანს მას აძლევდა საჩუქრად, არყის გადასაკრაად. მეეტლე იმგვარადვე გააოცა ფრანგის გულუხვობამ, როგორც თვით ფრანგი დუბროვსკის წინადადებამ. მაგრამ მეეტლემ აქედან ის დასკვნა გამოიტანა, რომ უცხოელი ჭკუიდან შეიშალაო და მას მადლობა გადაუხადა მდაბლად თავის დაკვრით; მეეტლემ არ ჩასთვალა საჭიროდ ქალაქში შესვლა და გაემგზავრა მისთვის ცნობილ გასართობ დაწესებულებაში, რომლის პატრონსაც კარგად იცნობდა. იქ მთელი ღამე გაატარა, მეორე დღეს კი დილით ცარიელა სამცხენათი შინ გასწია უბრიჩკოდ და უჩემოდნოდ, სახედაბერილმა და თვალებდაწითლებულმა.
ფრანგის საბუთების დასაკუთრების შემდეგ დუბროვსკი, როგორც ჩვენ უკვე ვიცით, გაბედულად მივიდა ტროეკუროვთან და მის სახლში დაბინავდა. როგორიც უნდა ყოფილიყო მისი იდუმალი განზრახვები (მათ ჩვენ მერე გავიგებთ), თავსი ყოფაქცევით მას არაფერი სათაკილო არ ჩაუდენია. მართალია, პატარა საშას აღზრდას ცოტა დროს ანდომედა, სრულ თავისუფლებას აძლევდა ეცელქნა და მკაცრად არ სთხოვდა გაკვეთილებს, რომლებსაც მხოლოდ ფორმისათვის აძლევდა. სამაგიეროდ დიდი გულმოდგინებით აქცევდა ყურადღებას თავისი მოწაფე ქალის მუსიკალურ წარმატებას და ხშირად მთელი საათობით იჯდა მასთან ერთად ფორტეპიანოსთნა. ახალგაზრდა მასწავლებელი ყველას უყვარდა. კირილა პეტროვიჩს - მისი გაბედულებისა და სიმარდისათვის ნადირობის დროს, მარია კირილოვნას - მისი განუსაზღვრელი გულმოდგინებისა და მორიდებული ყურადღებისათვის, საშას - შემწყალებლობისათვის თავისი ცელქობის მიმართ, შინაყმებს - მისი გულკეთილობისა და ხელგაშლილობისათვის, არც მის შეძლებასთან, როგორც ჩანდა, შეუთავსებელი იყო. თვითონ დუბროვსკი მთელ ოჯახთან დაკავშირებული იყო და თავს უკვე იმ ოჯახის წევრად სთვლიდა.
დაახლოებით ერთი თვე გავიდა მასწავლებლის წოდებაში შესვლიდან ღირსსახსოვარ დღესასწაულამდე. და არავის ეჭვი არ აღძვრია, რომ მშვიდ ახალგაზრდა ფრანგში იმალებოდა მრისხანე ყაჩაღი, რომლის სახელი შიშის ზარს სცემდა ახლომახლო მცხოვრებ ყველა მესაკუთრეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში დუბროვსკი პოკროვსკოეს არ გაშორებია, მაგრამ ამბავი მისი ყაჩაღობის შესახებ სოფლის მცხოვრებთ გამომგონებლობის უნარის წყალობით არ ცხრებოდა; თუმცა ისიც შესაძლებელი იყო, რომ მისი ბრბო განაგრძობდა მოქმედებას უფროსის არყოფნის დროსაც.
როდესაც დუბროვსკის მოუხდა ერთ ოთახში ღამე გაეთია იმ კაცთან, რომელიც მას შეეძლო თავის პირად მტრად და თავისი უბედურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ჩაეთვალა, ცთუნებისაგან თავი ვერ შეიკავა. მან იცოდა პარკის არსებობის ამბავი და გადაწყვიტა მიხი ხელში ჩაგდება. ჩვენ ვნახეთ, როგორ გააოცა მისმა მოულოდნელმა გარდაქმნამ მასწავლებლიდან ყაჩაღად საწყალი ანტონ პაფნუტიჩი.
დილის ცხრა საათზე სტუმრებმა, რომელთაც ღამე პოკროვსკოეში გაათიეს, ნელ-ნელა თავი მოიყარეს სასტუმრო ოთახში, სადაც სამოვარი უკვე დუღდა. სამოვრის წინ იჯდა მარია კირილოვნა, კირილა პეტროვიჩი კი, რომელსაც თივთიკის სერთუკი და ფლოსტები ეცვა, ჩაის სვამდა თავისი დიდი ფინჯნით; ეს ფინჯანის ჭურჭლის სარეცხ ჯამს ჰგავდა. ყველაზე ბოლოს ანტონ პაფუნტიჩი გამოცხადდა; იგი ისე ფერმკრთალი და შეწუხებული იყო, რომ მისმა შესახედაობამ ყველა გააოცა და კირილა პეტროვიჩმა მისი ჯანმრთელობის ამბავი იკითხა. სპიცინი ყოვლად უაზრო პასუხს იძლეოდა და შიშით იხედებოდა მასწავლებლისაკენ, რომელიც იქვე იჯდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. რამდენიმე წუთის შემდეგ მსახური შემოვიდა და სპიცინს მოახსენა, ეტლი მზად არისო. ანტონ პაფნუტიჩი საზოგადოებას საჩქაროდ გამოეთხოვა, თუმცა მასპინძელი არ უშვებდა. სპიცინი ოთახიდან სწრაფად გავიდა და მაშინვე გაემგზავრა. სტუმრებსა და მასპინძელს ვერ გაეგოთ, რა მოუვიდა მას და კირილა პეტროვიჩმა გადაწყვიტა, ალბათ ზედმეტმა ჭამამ აწყინაო. ჩაისა და გამოსათხოვარი საუზმის შემდეგ სხვა სტუმრებმაც დაიწყეს გამგზავრება, მალე პროკოვსკოე დაცარიელა და ყველაფერი თავის ჩვეულებრივ წესრიგში ჩადგა.

თ ა ვ ი მ ე თ ო რ მ ე ტ ე

რამდენიმე დღე გავიდა ისე, რომ არაფერი ღირშესანიშნავი არ მომხდარა. პროკოროვსკოეს მოსახლეთა ცხოვრება ერთფეროვნად მიმდინარეობდა. კირილა პეტროვიჩი ყოველდღე სანადიროდ მიემგზავრებოდა; კითხვა, სეირნობა, მუსკიკის გაკვეთილები ართობდნენ მარია კირილოვნას, განსაკუთრებით მუსიკის გაკვეთილები. იგი თანდათან მიხვდა საკუთარი გულის ამბავს და უნებური წყენით თავის თავს გამოუტყდა, რომ ახალგაზრდა ფრანგის ღირსებათა მიმართ გულგრილობას ვეღარ იჩენდა. დუბროვსკი, თავის მხრივ, მოწიწებისა და მკაცრი ზრდილობიანობის ფარგლებს არ სცილდებოდა და ამით ქალს სიამაყისა და შიშნარევ ეჭვებს უმშვიდებდა. ქალი სულ უფრო და უფრო მეტი მიმნდობელობით ეძლეოდა მომხიბლავ ჩვეულებას. უდეფორჟოდ იგი მოწყენილი იყო; მასთან ყოფნის დროს, ყოველ წუთს ყურადღებას აქცევდა მას, ყველაფერზე მისი აზრის გაგება სურდა და ყველაფერში ეთანხმებოდა. შეიძლება მაშა ჯერ კიდევ არ იყო შეყვარებული, მაგრამ პირველ შემთხვევითს დაბრკოლებასთანავე ან ბედის უეცარ შეტრიალებისთანავე ვნების ალი მის გულში უნდა ანთებულიყო.
ერთხელ, როდესაც მარია კირილოვნა დარბაზში მივიდა, სადაც მასწავლებელი უცდიდა, მის ფერმკრთალ სახეზე შეძრწუნება შენიშნა, რამაც ქალი გააოცა. მაშამ ფორტეპიანო გახსნა და რამდენიმე ნოტი იმღერა, მაგრამ დუბროვსკიმ თავის ტკივილის მომიზეზებით ბოდიში მოიხადა, გაკვეთილი შესწყვიტა და, როცა ნოტეს ჰკეცავდა, ქალს მალულად ბარათი გადასცა. მარია კიროლოვნამ დაფიქრებაც ვერ მოასწრო, ბარათი მიიღო და იმავე წუთში ინანა; მაგრამ დუბროვსკი უკვე დარბაზში აღარ იყო. მარია კირილოვნა თავის ოთახში წავიდა, ბარათი გაშალა და შემდეგი წაიკითხა:
"მოდით დღეს შვიდ საათზე ტალავერში ნაკადულთან. ჩემთვის აუცილებელია თქვენთან მოლაპარაკება".
ქალი ცნობისმოყვარეობით აინთო, იგი დიდი ხანია მოელოდა სიყვარულის ახსნას, ეს მას სურდა და აფრთხობდა ერთსა და იმავე დროს. მაშასთვის სასიამოვნო იქნებოდა მოესმინა იმის დადასტურება, რასაც ხვდებოდა; მაგრამ მარია კირილოვნა გრძნობდა, რომ მისთვის უწესო საქციელი იქნებოდა სიყვარულის ახსნა მოესმინა კაცისაგან, რომელსაც მისი მდგომარეობის მიხედვით იმედი არ უნდა ჰქონოდა, რომ ოდესმე მის თანხმობას მიიღებდა. მარია კირილოვნამ გადაწყვიტა პაემანზე წასულიყო, მაგრამ ერთ რამეში მერყეობდა: როგორ შეხვდებოდა მასწავლებლის სიწყვარულის ახსნას, არისტოკრატიული გულისწყრომით, მეგობრობის შეგონებით, მხიარული ხუმრობით, თუ უსიტყვო თანაგრძნობით. ამასობაში იგი ყოველ წუთს საათისაკენ იცქირებოდა. ბინდდებოდა; სანთლები შემოიტანეს; კირილა პეტროვიჩმა მოსულ სტუმრებთან ბოსტონის თამაში დაიწყო. სასადილოს საათმა შვიდის ორმოცდახუთი წუთი დარეკა და მარია კირილოვნა წყნარად გავიდა პარმაღზე, ყოველ მხარეს მიმოიხედა და ბაღისაკენ გაიქცა.
ბნელი ღამე იყო, ცა ღრუბლებს დაეფარა, ორი ნაბიჯის მანძილზე კაცი ვერაფერს დაინახავდა; მაგრამ მარია კირილოვნა სიბნელეში მიდიოდა ნაცნობი ბილიკებით და ერთ წუთში ტალავერთან აღმოჩნდა; აქ შეჩერდა, რათა სული მოეთქვა და დეფორჟთან გამოცხადებულიყო გულგრილი და მშვიდი სახით. მაგრამ დეფორჟი უკვე მის წინ იდგა.
- გმადლობთ, - უთხრა ვაჟმა წყნარი და ნაღვლიანი ხმით. - რომ ჩემს თხოვნაზე უარი არ მითხარით. მე სასოწარკვეთილებაში ჩავვარდებოდი, თქვენ რომ ამაზე არ დათანხმებულიყავით.
მარია კირილოვნამ მომზადებული ფრაზით უპასუხა:
- იმედი მაქვს თქვენ არ მაიძულებთ ვინანო ჩემი შეწყნარებლობის გამო.
დუბროვსკი სდუმდა და ეტყობოდა გამბედაობას იკრებდა.
- მდგომარეობა მოითხოვს. . . უნდა დაგტოვოთ, - თქვა მან ბოლოს. - თქვენ შეიძლება მალე გაიგონოთ. . . მაგრამ განშორების წინ მინდა აგიხსნათ. . .
მარია კირილოვნამ არაფერი უპასუხა. იგი ამ სიტყვებში ხედავდა მოსალოდნელი სიყვარულის ახსნის წინასიტყვაობას.
- მე არ ვარ იგი, ვინც თქვენ გგონიათ, - განაგრძო მან, თავდახრილმა, - მე ფრანგი დეფორჟი კი არა, დუბროვსკი ვარ.
მარია კირილოვნამ შეჰკივლა.
- ნუ გეშინიათ, თუ ღმერთი გწამთ; ჩემი სახელისა თქვენ არ უნდა გეშინოდეთ. დიახ, მე ის უბედური ვარ, რომელსაც მამათქვენმა ლუკმაპური წაართვა, მამის სახლიდან გააძევა და დიდ შარაგზებზე საძარცვავად გაუშვა. მაგრამ თქვენ არ უნდა გეშინოდეთ არც თქვენი თავისა, არც მამათქვენის გამო. ყველაფერი გათავებულია. . . ვაპატიე; მომისმინეთ: თქვენ გდაარჩინეთ იგი. პირველი ჩემი სისხლიანი გმირობა მასზე უნდა აღსრულებულიყო. მისი სახლის გარშემო დავდიოდი, ვნიშნავდი, ხანძარი სად უნდა ანთებულიყო, საიდან შევსულიყავი მის საწოლ ოთახში, როგორ გადამეჭრა მისთვის ყველა გასაქცევი გზა; იმ წუთში ჩამიარეთ მახლობლად, როგორც ციურმა მოჩვენებამ, და ჩემი გული დაწყნარდა, - მე მივხვდი, რომ სახლი, სადაც თქვენ ბინადრობთ, წმინდაა, რომ არც ერთ არსებას, რომელიც თქვენი სისხლი და ხორცია, ჩემგან წყევლა არ ეკუთვნის. უარს ვამბობ შურისძიებაზე, როგორც სიგიჟეზე. მთელი დღეობით პორკოვსკოეს ბაღების მახლობლად დავეხეტებოდი იმ იმედით, რომ შორიდან თქვენ თეთრ კაბას დავინახავდი. თქვენი გაუფრთხილებელი სეირნობის დროს უკან დაგყვებოდით, ბუჩქიდან ბუჩქისკენ მივიპარებოდი, ბედნიერი ვიყავი იმ ფიქრით, რომ თქვენ არავითარი საფრთხე არ მოგელოდათ იქ, სადაც მე ფარულად ვიმყოფებოდი. ბოლოს შემთხვევა მომეცა. . . თქვენს სახლში დავბინავდი. ეს სამი კვირა ჩემთვის ბედნიერების დღეები იყო; მათი მოგონება ჩემი სევდიანი ცხოვრებისათვის ნუგეში იქნება. . . დღეს მივიღე ცნობა, რომლის შემდეგ ჩემი აქ დარჩენა შეუძლებელია. მე გშორდებით დღეს ამ წუთშივე. . . მაგრამ ჯერ უნდა გამოგტეხოდით, რათა თქვენ არ დაგეწყევლეთ, არ შეგზიზღებოდით. იფიქრეთ ზოგჯერ დუბროვსკიზე, იცოდეთ, რომ სხვა ცხოვრებისათვის იყო იგი გაჩენილი, რომ მის სულს შეეძლო თქვენი სიყვარული, რომ არსოდეს. . .
ამ დროს ძლიერი სტვენა გაისმა და დუბროვსკი დადუმდა. ქალს ხელზე ხელი სტაცა დ თავის ანთებულ ტუჩებზე მიიკრა. სტვენა განმეორდა.
- მომიტევეთ, - თქვა დუბროვსკიმ, - მეძახიან: ერთ წუთს ჩემი დაღუპვა შეუძლია.
დუბროვსკი გაშორდა. . . მარია კირილოვნა უძრავად იდგა. ვაჟი დაბრუნდა და ქალს ისევ ხელზე ხელი მოჰკიდა.
- თუ ოდესმე, - უთხრა მას ნაზი და მგრძნობიარე ხმით, - თუ ოდესმე უბედურება შეგემთხვეთ და თქვენ არავისგან ელოდეთ არც დახმარებას, არც მფარველობად, ასეთ შემთხვევაში აღმითქვამთ თუ არა, რომ მე მომმართავთ, მომთხოვთ ყველაფერს თქვენი გადარჩენისათვის? აღმითქვამთ თუ არა, რომ არ უკუაგდებთ ჩემს ერთგულებას?
მარია კირილოვნა ჩუმად ტიროდა, სტვენა მესამეჯერ გაისმა.
- თქვენ მღუპავთ! - წამოიძახა დუბროვსკიმ. - არ დაგტოვებთ, სანამ პასუხს არ მომცემთ, აღმითქვამთ თუ არა?
- გპირდებით. - ჩაიჩურჩულა საწყალმა მზეთუნახავმა.
დუბროვსკისთან შეხვედრით აღელვებული მარია კირილოვნა ბაღიდან ბრუნდებოდა. მას მოეჩვენა, რომ შინაყმები აქეთ-იქით დარბოდნენ - სახლი ამოძრავებულიყო, ეზოში უამრავი ხალხი ტრიალებდა, პარმაღთან სამცხენა იდგა - შორიდან კირილა პეტროვიჩის ხმა მოესმა. ქალი სახლში შესვლას ჩქარობდა, შიშობდა, მისი არყოფნა არ შეენიშნათ. დარბაზში მას კირილა პეტროვიჩი შეხვდა, სტუმრების მაზრის პოლიციის უფროსს, ჩვენს ნაცნობს, გარს შემოხვეოდნენ და კითხვებს აყრიდნენ. უფროსს სამგზავროდ ეცვა და თავით ფეხებამდე შეიარაღებული იყო, აფუსფუსებული იძლეოდა პასუხს იდუმალი გამომეტყველებით.
- სად იყავი, მაშა? - ჰკითხა კირილა პეტროვიჩმა, - მ-რ დეფორჟი ხომ არ შეგხვედრია?
მაშამ ძლივს შეძლო ეთქვა, არაო.
- წარმოიდგინე, - განაგრძო კირილა პეტროვიჩმა, - მაზრის პოლიციის უფროსი ჩამოვიდა იმის დასაჭერად და მარწმუნებს, იგი დუბროვსკიაო.
- ყველა ნიშანია, თქვენო აღმატებულებავ, - თქვა მოწიწებით მაზრის პოლიციის უფროსმა.
- ეჰ, ძმაო, - შეაწყვეტინა კირილა პეტროვიჩმა, - დაიკარგე მაგ შენი ნიშნებით. მე ჩემს ფრანგს არ მოგცემ, სანამ საქმეს თვითონ არ გავარჩევ. როგორ შეიძლება, მშიშარა და მატყუარა ანტონ პაფნუტიჩის სიტყვებს დავუჯეროთ: მას მოელანდა, რომ მასწავლებელს მისი გაძარცვა სურდა. რატომ იმავე დილას სიტყვაც კი არ დაუძრავს ამის შესახებ?
- ფრანგმა დააშინა იგი, თქვენო აღმატებულებავ, - უპასუხა მაზრის პოლიციის უფროსმა, - და ფიცი დაადებინა, არაფერი სთქვაო. . .
- ტყუილია, - გადაწყვიტა კირილა პეტროვიჩმა, - ახლავე ყველაფერს სააშაკარაოზე გამოვიტან. სად არის მასწავლებელი? - ჰკითხა შემოსულ მსახურს.
- ვერსას ნახეს, - უპასუხა მსახურმა.
- ჰოდა, მონახეთ! - დაიყვირა ტროეკუროვმა, რომელსაც უკვე ეჭვი ეპარებოდა. - მიჩვენე შენი ნაქები ნიშნები, - უთხრა მან მაზრის პოლიციის უფროსს, რომელმაც ტროეკუროვს მაშინვე გადასცა ქაღალდი.
- ჰმ, ოცდაორი წლისა, ს ი მ ა ღ ლ ე - საშუალო, პ ი რ ს ა ხ ე - სუფთა, წ ვ ე რ ი - მოპარსული, თ ვ ა ლ ე ბ ი - მუქი თაფლისფერი, თ მ ა - ბობრი, ც ხ ვ ი რ ი - სწორი, გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ უ ლ ი ნ ი შ ნ ე ბ ი - ასეთი არ აღმოჩნდა. ეს ასეა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს არ ამტკიცებს. სადღაა მასწავლებელი?
- ვერსად ნახეს, - იყო კვლავ პასუხი.
კირილა პეტროვიჩს მოუსვენრობა დაეტყო. მარია კირილოვნა ცოცხალ-მკვდარი იყო.
- მაშა, ფერდაკარგული ხარ, - შენიშნა მას მამამ, - შეგაშინეს?
- არა, მამილო, - უპასუხა მაშამ, - მე თავი მტკივა.
- წადი, მაშა, შენს ოთახში და ნუ სწუხარ. - მაშამ მამას ხელზე აკოცა და სწრაფად თავის ოთახში წავიდა. იქ ლოგინზე დაეცა და ისტერიულად აქვითინდა. მოახლე ქალებმა მიირბინეს, ტანთ ძლივს გახადეს, ძლივს შეძლეს მისი დამშვიდება ცივი წყლით და ათასგვარი სპირტებით. დააწვინეს და მას ჩაეძინა.
ფრანგი მაინც ვერ იპოვეს. კირილა პეტროვიჩი დარბაზში ბოლთას სცემდა, მრისხანედ უსტვენდა "გამარჯვების გრგვინვა გაისმას" სტუმრები ჩურჩულებნდნენ, მაზრის პოლიციის უფროსი სულელურ მდგომარეობაში ჩავარდა - ფრანგი ვერ იპოვეს. ალბათ, დამალვა მოასწრო, გაფრთხილებული იყო, მაგრამ როგორ და ვის მიერ, ეს საიდუმლოდ დარჩა.
თერთმეტი საათი იყო და ძილზე არავინ ფიქრობდა. ბოლოს კირილა პეტროვიჩმა მაზრის პოლიციის უფროსს მწყრალად უთხრა:
- რას ფიქრობ? გათენებამდე აქ ხომ არ იქნები, ჩემი სახლი დუქანი ხომ არ გგონია; შენი მოხერხებულობით, ძმაო, დუბროვსკის დაჭრას, თუკი ის დუბროვსკია, ვერ შეძლებ. აბა, გასწი შინ. . და მომავალში უფრო მარჯვედ იყავი. თქვენი წასვლის დროც არის, - მიმართა სტუმრებს. - უბრძანეთ ცხენები გაუბან. მე კი მეძინება.
ტროეკუროვი ასე ცივად დაშორდა თავის სტუმრებს.

თ ა ვ ი მ ე ც ა მ ე ტ ე

რამდენიმე ხანი გავიდა და არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხარა. მაგრამ შემდეგი ზაფხულის დამდეგს კირილა პეტროვიჩის ოჯახში ბევრი ცვლილებები მოხდა.
ტროეკუროვისაგან ოცდაათი ვერსის დაშორებით მდებარეობდა თავად ვერეისკი მდიდარი მამული. თავადი დიდხანს ცხოვრობდა საზღვარგარეთ. მის მამულს განაგებდა სამსახურიდან გადამდგარი მაიორი. პროკროვსკოესა და არბატოვოს შორის არავითარი ურთიერთობა არ არსებობდა. მაგრამ მაისის ბოლოს თავადი საზღვარგარეთიდან დაბრუნდა და ჩავიდა თავის სოფელში, რომელიც არასოდეს არ ენახხა. თავის შექცევას დაჩვეულმა თავადმა მარტოობა ვერ აიტანა და ჩამოსავლიდან მესამე დღეს გაემგზავრა სადილად ტროეკუროვთან, რომელსაც ოდესღაც იცნობდა.
თავადი დაახლოებით ორმოცდაათი წლის იქნებოდა, მაგრამ უფრო ხნიერი ჩანდა. გადაჭარბებამ სხვადასხვაგვარ დროსტარებაში ჯანმრთელობა შეურყია და წარუშლელი დაღი დაასვა. იგი მუდამ თავის შექცევას საჭიროებდა და ერთთავად მოწყენილი იყო. მიუხედავად ამისა, სასიამოვნო, შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა, მუდამ საზოგადოებაში ყოფნის ჩვეულებას იგი თავაზიანი გაეხადა, განსაკუთრებით ქალებთან. კირილა პეტროვიჩი მისი სტუმრობით მეტისმეტად კმაყოფილი იყო. ეს მაღალი საზოგადოებასთან გაცნობილი ადამიანისაგან პატივისცემად მიიღო. ტროეკუროვი, ჩვეულებისამებრ, სტუმარს გაუმასპინძლდა თავის დაწესებლებათა დათვალიერებით და საძაღლეში წაიყვანა. მაგრამ თავადი ძაღლების სუნმა კინაღამ გაჰგუდა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა; ცხვირზე სუნამოთი მოფრქვეულ ცხვირსახოცს იჭერდა. ძველი ბაღი გაკრეჭილი ცაცხვებით, ოთხკუთხა ტბით და სწორი ხეივნებით მას არ მოეწონა; თავად ვერეისკის ინგლისური ბაღები და ეგრეთ წოდებული ბუნება უყვარდა, მაგრამ ტროეკუროვის კარ-მიდამოს მაინც აქებდა და აღტაცებას გამოთქვამდა; მსახური მივიდა მოსახსენებლად, სუფრა გაწყობილიაო. სასადილოდ წავიდნენ. თავადი ოდნავ კოჭლობდა, გასეირნებამ დაღალა და უკვე ნანობდა სტუმრად მისვლას.
მაგრამ დარბაზში მას მარია კირილოვნა შეხვდა და ბებერი მუსუსი მისი სილამაზით გაოცებული დარჩა. ტროეკუროვმა სტუმარი მაშას გვერდით დასვა. თავადი ასულის სიახლოვემ გამოაცოცხლა და გაამხიარულა. მან რამდენჯერმე მოახერხა ქალის ყურადღება მიეპყრო საინტერესო ამბების მოყოლით. სადილის შემდეგ კირილა პეტროვიჩმა სტუმარს ცხენით გასეირნება შესთავაზა, მაგრამ თავადმა ბოდიში მოიხადა, თავისი ხავერდის ჩექმები დაანახვა და თავისი ნიკრისის ქარის გამო ხუმრობა დაიწყო; მან ამჯობინა ლინეიკით გასეირნება, რათა სანდომიან მეზობელ ქალს არ დაშორებოდა. ლინეიკაში ცხნები გაუბეს. მოხუცები და მზეთუნახავი ზედ დასხდნენ და გაემგზავრნენ. საუბარი არ შეწყვეტილა. მარია კირილოვნა სიამოვნებით ისმენდა მაღალი საზოგადოების ადამიანის პირმოთნე და მხიარულ სიტვებს, რომ უეცრად ვერეისკი კირილა პეტროვიჩს მიუბრუნდა და ჰკითხა: - ეს დამწვარი შენობა რას ნიშნავს, თქვენ ხომ არ გეკუთვნით იგიო? კირილა პეტროვიჩმა სახე შეიჭმუხნა, გადამწვარი კარ-მიდაკოთი გამოწვეული მოგონეა მას არასასიამოვნოდ დარჩა. უპასუხა, - მიწა ახლა ჩემია, წინათ კი დუბროვსკის ეკუთვნოდაო.
დუბროვსკის, - გაიმეორა ვერეისკიმ, - როგორ, ამ სახელ-განთქმულ ყაჩაღს?
- მამამისს, - უპასუხა ტროეკუროვმა, - მამაც გვარიანი ყაჩაღი იყო.
- სად იმყოფება ჩვენი რინალდო? ცოცხალია თუ დაიჭირეს?
- ცოცხალიცაა და თავისუფალიც - და სანამ ჩვენში მაზრის პოლიციის უფროსები და ქურდები შეხმატკბილებულნი იქნებიან, მანამდე მას ვერ დაიჭერენ. ჰო, მათლა, თავადო, დუბროვსკი ხომ შენთან არბატოვოშიც ყოფილა?
- დიახ, გასულ წელს, მგონი, რაღაც დაუწვავს, ან გაუძარცვავს. . . მარია კირილოვნა, ხომ მართლა საინტერესო იქნებოდა ამ რომანტიკული გმირის ახლო გაცნობა?
- რა საინტრესოა! - თქვა ტროეკუროვმა, - მაშა მას იცნობს, - მთელი სამი კვირა მუსიკას ასწავლიდა, მადლობა ღმერთს, გაკვეთილებში არაფერი აუღია.
აქ კირილა პეტროვიჩმა დაიწყო ამბის მოყოლა თავის ფრანგ მასწავლებელზე. მარია კირილოვნა თითქოს ეკლებზე იჯდა; ვერეისკიმ დიდი ყურადღებით მოუსმინა, ყველაფერი ეს ძალიან უცნაურად მიიჩნია და საუბარი შესცვალა. როცა დაბრუნდნენ, ვერეისკიმ ბრძანა მისთვის კარეტა მოემზადებინათ და, მიუხედავად კირილა პეტროვიჩის დიდი ხვეწნისა, ღამის გასათევებლად დარჩენილიყო, იგი ჩაის შემდეგ მაშინვე გაემგზავრა. გამგზავრების წინ კირილა პეტროვიჩს სთხოვა სტუმრად სწვეოდა მარია კირილოვნასთან ეთად. ამაყი ტროეკუროვი შეჰპირდა, რადგან თავად ვერეისკის ერთგვარად თავის ტოლად სთვლიდა, ანგარიში გაუწია მის თავადურ ღირსებას, ორ ვარსკვლავს და სამი ათასი სულისაგან შემდგარ საგვარეულო მამულს.
ორი დღის შემდეგ კირილა პეტროვიჩი თავის ასულთან ერთად თავად ვერეისკისთან გაემგზავრა. არბატოვოს რომ უახლოვდებოდა, მას არ შეეძლო არ დამტკბარიყო გლეხთა სუფთა და მხიარული ქოხებით, ბატონის ქვის სახლით, რომელი ინგლისური სასახლეების სტილზე იყო აშენებული. სახლის წინ მუქი მწვანე მდელო გადაშლილიყო, სადაც შვეიცარული ძროხები სძოვდნენ ზანზალაკების რეკვით. სახლს ყოველი მხრიდან ვრცელი პარკი ერტყა. მასპინძელი სტუმრებს პარმაღთან შეხვდა და ახალგაზრდა მზეთუნახავს ხელი გაუწოდა; ისინი დიდებულ დარბაზში შევიდნენ, სადაც სუფრა სამი კაცისათვის გაეშალათ. თავადმა სტუმრები ფანჯარასთან მიიყვანა და მათ წინ შესანიშნავი სანახაობა გადაიშალა. ფანჯრების წინ ვოლგა ჩაუდიოდა, ზედ დატვირთული ორჩხომელები მისცურავდნენ გაშლილი იალქნებით და გამოკრთოდნენ მეთევზეთა ნავები, რომლებისთვისაც ასე მოხდენილად "დუშეგუბკები" შეურქმევიათ. მდინარის იქით გორაკები და მინდვრები გადაჭიმულიყო. რამდენიმე სოფელი არემარეს აცოცხლებდა. მერე თავადის იერ საზღვარგარეთ შეძენილი სურათების გალერის დათვალიერებას შეუდგნენ. თავადი მარია კირილოვნას უხსნიდა მათ სახვადასხვა ღირსებას, შინაარს, უყვებოდა მხატვრების ამბებს, უჩვენებდა ნაკლოვანებებს, სურათებზე ლაპარაკობდა არა პედანტური მცოდნის გაცვეთილი ფრაზებით, არამედ გრძნობითა და გატაცებით. მარია კირილოვნა სიამოვნებით უსმენდა. სუფრას მოუსხდნენ. ტროეკუროვმა ჯეროვნად შეაფასა თავისი ამფიტრიონის ღვინოებისა და მისი მზარეულის ხელოვნება, მარია კირილოვნა არავითარ დაბნეულობას ან იძულებას არ გრძნობდა იმ ადამიანთან საუბრის დროს, რომელსაც თავის სიცოცხლეში მხოლოდ მეორეჯერ ხედავდა. ნასადილევს მასპინძელმა სტუმრებს ბაღში გასეირნება შესთავაზა. კუნძულებით მოფენილი ფართო ტბის ნაპირას ფანჩატურში ყავა მიირთვეს, ჩასაბერ ინსტუმენტთა მუსიკა გაისმა და ექვსნიჩბიანი ნავი ფანჩატურს მოადგა. ნავით ტბაზე გაისეირნეს, კუნძულების მახლობლად; ზოგიერთი კუნძული დაათვალიერეს; ერთზე ნახეს მარმარილოს ქანდაკება, მეორეზე - განმარტოებული გამოქვაბული, მესამეზე - ძეგლი საიდუმლო წარწერით; ყველაფერიმა ამან მარია კირილოვნას აღუძრა ქალწულებრივი ცნობისმოყვარეობა, რაც დაუკმაყოფილებელი რჩებოდა; თავადი თავაზიან შენიშვნებს დასრულებულად არ გამოთქვამდა. დრო შეუმჩნევლად გავიდა, ბინდდებოდა. თავადმა სიგრილე და ნამი მოიმიზეზა და შინ დასაბრუნებლად აჩქარდა - მათ სამოვარი მოელოდათ. თავადმა სთხოვა მარია კირილოვნას ხნიერი უცოლო კაცის სახლში ედიასახლისა. მაშა ჩაის ასხამდა და თავაზიანი ყბედის დაულეველ ამბებს უსმენდა. უცბად სროლა გაისმა და მაშხალამ ცა გაანათა. თავადმა მარია კირილოვნას შალი მიაწოდა და იგი ტროეკუროვთნა ერთად აივანზე გაიყანა. სახლის წინ სიბნელეში მრავალფერი ცეცხლები აინთნენ, დატრიალდნენ, თავთავებით, პალმებივით გაიშალნენ, შადრევნებად მაღლა ავარდნენ და წვიმად, ვარსკლავებად ჩამოიფრქვნენ; ისინი ჰქრებოდნენ და ისევ ინთებოდნენ. მარია კირილოვნა ბავშვივით მხიარულობდა. თავადი ვერეისკიც ქალის აღტაცებით ხარობდა, ტროეკუროვი კი თავადით არაჩვეულებრივად კმაყოფილი იყო, რათან თავადის tous les frais იღებდა როგორც პატივისცემის ნიშანს და სურვილს მისთვის ესიამოვნებინა.
ვახშამი თავისი ღირსებით სადილს არაფრით ჩამოუვარდებოდა. სტუმრები მათთვის მიჩნეულ ოთახებსი წავიდნენ და მეორე დღეს დილაადრიან თავაზიან მასპინძელს დაშორდნენ იმ პირობით, რომ ერთმანეთს მალე ისევ შეხვდებოდნენ.

თ ა ვ ი მ ე თ ო თ ხ მ ე ტ ე

მარია კირილოვნა თავის ოთახში იჯდა და ქარგაზე ქარგავდა ღია ფანჯრი წინ. იგი არ იბნეოდა აბრეშუმის შერჩევაში კონრადის საყვარლის მსგავსად, რომელმაც, ტრფობით გონებადაფანტულმა, ვარდი მწვანე აბრეშუმით ამოქარგა. მისი ნემსი სარჩულზე შეუცდომლად იმეოროებდა დედნის სახეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელსაქმეზე არ ფიქრობდა; მისი აზრები შორს ჰქრებოდნენ.
უეცრად ფანჯარაში ვიღაცამ წყნარად ხელი შემოჰყო, ქარგაზე წერილი დასდო და მიიმალა, სანამ მარია კირილონა რაიმეს მოისაზრებდა. სწორედ ამ დროს მასთან მსახური შემოვიდა და უთხრა, კირილა პეტროვიჩი გიხმობთო. მაშამ თრთოლვით შეინახა წრილი ხილაბანდის ქვეშ და მამასთან გაეშურა; კაბინეტში კირილა პეტროვიჩი მარტო არ დახვედრია. მასთან იყო თავადი ვერეისკი. მარია კირილოვნას შესვლისთანავე თავადი წამოდგა და მდუმარედ მიესალმა თავისთვის უჩვეულო დაბნეულობით.
- მოდი აქ, მაშა, - თქვა კირილა პეტროვიჩმა, - ახალ ამბავს გეტყვი, რაც, ვფიქრობ, გაგახარებს. აი, შენი საქმრო, თავადი გთხოვს ცოლად გაჰყვე.
მაშა გაშეშდა, სახეზე მკვდრის ფერი დაედო. სდუმა. თავადი მაშასთან მივიდ, ხელი ხელზე მოჰკიდა და აღელვებული სახით ჰკითხა: თანახმა ხართ თუ არა, გამაბედნიეროთო. მაშა სდუმდა.
- თანახმაა, რასაკვირველია, თანახმაა, - თქვა კირილა პეტროვიჩმა. - მაგრამ იცით, თავადო, ქალიშვილისათვის ძნელია ამ სიტყვის წარმოთქმა. აბა, შვილებო, ერთმანეთს აკოცეთ და იყავით ბედნიერი.
მაშა უძრავად იდგა, მოხუცმა თავადმა მას ხელზე აკოცა; უეცრად მაშას ფერმკრთალ სახეზე ცრემლები ჩამოუგორდა. თავადი ოდნავ მოიღუშა.
- წადი, წადი, წადი, - თქვა კირილა პეტროვიჩმა, - ცრემლები მოიწმინდე და გამხიარულებული დაგვიბრუნდი. ისინი ყველანი ტირიან ნიშნობის დროს, - მიუბრუნდა და უთხრა ვერეისკის, - ეს უკვე ასეა წესად. ახლა, თავდო, საქმეზე მოვილაპარაკოთ - ესე იგი მზითევზე.
მარია კირილოვნამ მაშინვე ისარგებლა წასვლის ნებართვით. თავის ოთახში გაიქცა, ჩაიკეტა, წარმოიდგინა თავისი თავი მოხუცი თავადის ცოლად და ტირილით გული იჯერა; თავადი უცებ საზიზღრად და საძულველად მოეჩვენა. . . ქორწინება აშინებდა, როგორც საჯალათო კუნძი, როგორ საფლავი.
" არა, არა, - იმეორებდა მაშა სასოწარკვეთილებით, - სჯობს მოვკვდე, სჯობს მონასტერში წავიდე, სჯობს დუბროვსკის გავყვე". ამ დროს მოაგონდა წერილი და ხარბად დაიწყო მისი კითხვა; გრძნობდა, რომ ბარათი მისგან იყო. მართლაც, ბარათი დუბროვსკის მოეწერა - და მხოლოდ ამ სიტყვებს შეიცავდა:
"საღამოს ათზე, ძველ ადგილას".

თ ა ვ ი მ ე თ ხ უ თ მ ე ტ ე

მთვარე კაშკაშებდა; ივლისის წყნარი ღამე იყო; ხანდახან ნიავი მოიქროლებდა და ნელი შრიალი მთელ ბაღს მოედებოდა.
ახალგაზრდა მზეთუნახავი მსუბუქი ლანდივით უახლოვდებოდა პაემნის ადგილს ჯერ კიდევ არავინ ჩანდა; უეცრად ფანჩატურთან დუბროვსკი მის წინ გაჩნდა.
- მე ყველაფერი ვიცი, - უთხრა მაშას წყნარი და სევდიანი ხმით. - მოიგონეთ თქვენი აღთქმა.
- თქვენ მფარველობას მთავაზობთ, - უპასუხა მაშამ, - მაგრამ არ გამიჯავრდეთ: იგი მაშინებს. დახმარებას როგორ აღმომიჩენთ?
- მე შევძლებდი თქვენს დახსნას საძაგელი ადამიანისაგან.
- ღვთის გულისათვის, ხელს ნუ ახლებთ, არ გაბედოთ ხელი შეახოთ, თუ მე გიყვარვართ, - მე არ მინდა რაიმე საშინელების მიზეზი გავხდე.
- ხელს არ ვახლებ, თქვენი სურვილი ჩემთვის წმიდათაწმინდაა. თავის სიცოცხლეს თქვენ გიმადლოდეს, არასოდეს თქვენი სახელით ბოროტმოქმედებას არ ჩავიდენ, თქვენ წმინდა უნდა დარჩეთ ჩემს დანაშაულშიც. მაგრამ როგორ დაგიხსნათ თქვენი სასტიკი მამისაგან?
- ჯერ იმედი არ დამიკარგავს. იმედი მაქვს ჩემი ცრემლებითა და სასოწარკვეთილებით გული მოვულბო. მამა ჯიუტია, მაგრამ მას ისე ვუყვარვარ. . .
- ტყუილი იმედი ნუ გექნებათ: ამ ცრემლებში იგი დაინახავს ჩვეულებრივ ზიზღსა და მშიშრობას, დამახასიათებელს ყველა ახალგაზრდა ქალიშვილისათვის, როცა ისინი თხოვდებიან არა სიყვარულით, არამედ კეთილგონიერი ანგარიშით; რა ვქნა, თუ იგი დაიჟინებს თქვენს გაბედნიერებას თქვენი სურვილის წინააღმდეგ; თუ ძალით წაგიყვანთ ჯვარის დასაწერად, რათა თქვენი ბედი სამარადისოდ დაუმორჩილოს მოხუცი ქმრის ბრძანებას.
- მაშინ, მაშინ რაღას ვიზამ, მომაკითხეთ, მე თქვენი ცოლი გავხდები.
დუბროვსკი აკანკალდა; ფერმკრთალ სახეზე ჭარხლისფერი დაედო და იმავე წუთში წინანდელზე უფრო გაფითრდა. დიდხანს სდუმდა იგი თავდახრილი. '
- მთელი სულიერი ძალები მოიკრიბეთ, მამას ემუდარეთ, ფეხქვეშ ჩაუვარდით, დაუხატეთ თქვენი მომავალის მთელი საშინელება, თქვენი ახალგაზრდობა, რომელიც დასჭკნება უძლური და გარყვნილი მოხუცის მახლობლად; თავი გადასდეთ სასტიკი ახსნა-განმარტებებისათვის: უთხარით, რომ თუნ იგი ულმობელი დარჩება, მაშინ. . . მაშინ თქვენ საშინელ თავდაცვას მიმართავთ. . . უთხარით, რომ სიმდიდრე ერთ წუთსაც ვერ მოგანიჭებთ ბედნიერებას; ფუფუნეა მხოლოდ სიღარიბეს ანუგეშებს და ისიც ერთი წამით და იმიტომ, რომ სიღარიბე ამას დაჩვეული არ არის. მამას არ მოეშვათ, არ შეუშინდეთ არც მის წყრომას, არც მუქარას - სანამ გექნებათ ოდნავი იმედი, ღვთის გულისათვის, არ მოეშვათ. და თუ უკვე სხვა საშუალება აღარ იქნება. . .
და დუბროვსკიმ სახე ხელებით დაიფარა; მას თითქოს სული ეხუთებოდა. მაშა ტიროდა. . .
- ჩემი ბეჩავი, ბეჩავი ხვედრი, - თქვა დუბროვსკიმ და მწარედ ამოიოხრა. - თქენთვის სიცოცხლეს გავწირავდი. შორიდან თქვენი დანახვა, თქვენი ხელის შეხება ჩემთვის ნეტარება იყო. და მაშინ, როდესაც შესაძლებლობა მაქვს უძვირფასესი არსება აღელვებულ გულზე მივიკრა და ვუთხრა: "ანგელოზო, მოვკვდეთ!" მე საბრალო უნდა განვერიდო ამ ნეტარეას, მთელი ძალ-ღონით უნდა მოვიშორო იგი. ვერ ვბედავ თქვენ ფერხთ დავეცე, ცას მადლობა შევწირო ამ გაუგებარი, დაუმსახურებელი ჯილდოსათვის. ოჰ, როგორ უნდა მძაგდეს ის კაცი. . . მაგრამ ვგრძნობ, ახლა ჩემს გულში სიძულვილს ადგილი არა აქვს.
მან მსუბუქად მოხვია ხელი ქალის მოხდენილ ტანს და გულზე ნელა მიიკრა. მაშამ მიმნდობლად დახარა თავი ახალგაზრდა ყაჩაღის მხარზე. ორივე სდუმდა.
დრო მიჰქროდა.
- წასვლის დროა, - თქვა ბოლოს მაშამ. - დუბროვსკი თითქოს ძილისაგან გამოფხიზლდა. ხელზე ხელი მოჰკიდა და თითზე ბეჭედი გაუკეთა.
- თუ გადაწყვეტთ მე მომმართოთ, - თქვა დუბროვსკიმ, - მაშინ ბეჭედი აქ მოიტანეთ, ამ მუხის ფუღუროში ჩასდეთ, მე მეცოდინება, რა გავაკეთო.
დუბროვსკიმ მაშას ხელზე აკოცა და ხეებში მიიმალა.

თ ა ვ ი მ ე თ ე ქ ვ ს მ ე ტ ე

მეზობლებისათვის უკვე საიდუმლოება არ იყო, რომ თავადმა ვერეისკიმ მაშას ცოლად წაყოლა სთხოვა; კირილა პეტროვიჩი მილოცვებს იღებდა, ქორწილისათვის ემზადებოდა. მაშა დღე-დღეზე სდებდა გადამწყვეტ პასუხს. მას მოხუც საქმროსთან ცივი და დაძალებული ურთიერთობა ჰქონდა. თავდი ამის გამო თავს არ იწუხებდა; სიყვარულისათვის არ ზრუნავდა, კმაყოფილი იყო მისი უსიტყვო თანხმობით.
მაგრამ დრო მიდიოდა. მაშამ ბოლოს გადაწყვიტა ემოქმედა და თავად ვერეისკის წერილი გაუგზავნა. მაშა ცდილობდა თავადის გულში დიდსულოვნების გრძნობა აღეძრა; გულწრფელად გამოუტყდა, რომ მის მიმართ არავითარ სითბოს არ გრძნობდა; ემუდარებოდა მის შერთვაზე უარი ეთქვა და თვითონ ეკისრა მისი დაცვა მსობლის უფლებისაგან. მაშამ მალულად გადასცა წერილი თავად ვერეისკის; თავადმა წერილი წაიკითხა. თავის საცოლის გულახდილობას მისთის გული სრულიად არ აუჩვილებია. პირიქით, მან საჭიროდ დაინახა ქორწილი დაეჩქარებინა და ამისთვის საჭიროდ სცნო ქალის წერილი მომავალი სიმამრისათვის ეჩვენებინა.
კირილა პეტროვიჩი გაცოფდა; თავადმა ძლივს დაარწმუნა ტროეკუროვი მაშასთვის არ ეგრძნობინებინა, რომ მისი წერილი წაკითხული ჰქონდა. კირილა პეტროვიჩი დასთანხმდა მაშასთვის არაფერი ეთქვა, მაგრამ გადამწყვეტა, დრო არ დაეკარგა და ქორწილი მეორე დღისათვის დანიშნა. თავადმა ეს მეტად კეთილგონიერად სცნო, თავის საცოლესთან მივიდა და უთხრა, თქვანმა წერილმა ძალიან დამაღონა, მაგრამ იმედი მაქვს თქვენი სიყვარული დავიმსახუროო; თქვენი დაკარგვა ჩემთვის მეტად სამძიმოა და მე არ შემიძლია ჩემს სასიკვდილო განაჩენს დავეთანხმოო. ამის შემდეგ მაშას მოწიწებით ხელზე აკოცა და გაემგზავრა, არაფერი უთქვამს კირილა პეტროვიჩის გადაწყვეტილებაზე.
მაგრამ თავადმა ძლივს მოასწრო ეზოდან გასვლა, რომ მამა ქალიშვილთან შევიდა და პირდაპირ გამოუცხადა, ხვალისათვის მზად იყავიო. მარია კირილოვნა, უკვე აღელვებული თავად ვერეისკის განმარტებით, ცრემლად დაიღვარა და მამას ფერხით ჩაუვარდა.
- მამილო, - დაიძახა მან საცოდავი ხმით, - მამილო, ნუ მღუპავთ, მე თავადი არ მიყვარს, მისი ცოლობა არ მინდა.
- ეს რას ნიშნავს, - მრისხანედ თქვა კირილა პეტროვიჩმა, - ამდენ ხანს შენ სდუმდი და თანახმა იყავი, ახლა კი, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილია, შენ აგიხირებია და უარს ამბობ? სისულელეს ნუ სჩადიხარ, ამით ვერაფერს მოიგებ.
- ნუ მღუპავ, - იმეორებდა საწყალი მაშა, - რატომ მაძევებთ და მათხოვებთ კაცზე, რომელიც არ მიყვარს? განა თავი მოგაბეზრეთ? მინდა თქვენთან დავრჩე წინანდებურად. მამილო, თქევნ უჩემოდ მოიწყენთ; და კიდევ უფრო დაღონდებით, როცა იფიქრებთ, რომ მე უბედური ვარ; მამილო, ნუ მაიძულებთ, მე გათხოვება არ მინდა. . .
კირილა პეტროვიჩს გული აუჩვილდა, მაგრამ თავისი შეკრთომა დაჰფარა, მოიშორა მაშა და მკაცრად უთხრა:
- ყველაფერი ეს სისულელეა, გესმის თუ არა. მე შენზე უკეთესად ვიცი, შენი ბედნიერებისათვის რა არის საჭირო. ცრელმები ვერ გიშველის, ზეგ შენი ქორწილია.
- ზეგ! - წამოიძახა მაშამ, - ღმერთო ჩემო! არა, არა, შეუძლებელია, ეს არ მოხდება, მამილო, მომისმინე. თქვენ თუ გადაწყვიტეთ ჩემი დაღუპვა, მე ვიპოვი დამცველს, რომელზედაც თქვენ არც კი ფიქრობთ, თქვენ ნახავთ, შეძრწუნდებით, სანამდე მიმიყვანეთ.
- რაო, რაო? - თქვა ტროეკუროვმა, - მუქარა! მემუქრები, თავხედო გოგო! იცი თუ არა, მე ისეთ რამეს გიზამ, რაც შენ არც კი წარმოგიდგენია. შენ მიბედავ დაშინებას დამცველით, ვნახოთ, ვინ იქნება შენი დამცველი.
- ვლადიმერ დუბროვსკი, - უპასუხა მაშამ სასოწარკვეთილებით.
კირილა პეტროვიჩმა იფიქრა, ქალიშვილი ჭკუიდან შეიშალაო, და მას გაოცებით უცქერდა.
- კარგი, - უთხრა მაშას მცირე დუმილის შემდეგ, - ვინც მხსნელად გინდოდეს, უცადე, ჯერჯერობით კი ამ ოთახში იჯექი, აქედან ფეხს ვერ მოიცვლი ქორწილამდე. - კირილა პეტროვიჩმა ესა თქვა, გავიდა და კარი ჩაუკეტა.
საწყალი ქალიშვილი დიდხანს ტიროდა; მას წარმოდგენილი ჰქონდა ყველაფერი, რაც მოელოდა, მაგრამ ცხარე განმარტებამ გული შეუმსუბუქა: ამიტომ მშვიდად შეეძლო ემსჯელა თავის ხვედრსა და იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა. მისთვის მთავარი იყო საზიზღარი ქორწინებისაგან თავი დაეღწია; ყაჩაღთან შეუღლება მას სამოთხედ ეჩვენებოდა იმასთან შედარებით, რაც მას მოელოდა. დუბროვსკის მიერ დატოვებულ ბეჭედს შეხედა. მაშს ძლიერ უნდოდა ვლადიმირი მარტო ენახა და ერთხელ კიდევ გადამწყვეტი წუთის წინ მასთან დიდხანს ეთათბირა. წინათგრძნობა ეუბნებოდა, რომ ამ საღამოს დუბროვსკის ნახავდა, ბაღში ფანჩატურის მახლობლად. მაშამ გადაწყვიტა წასულიყო და იქ დაეცადა მისთვის, როგორც კი შებინდდებოდა. შებინდდა. მაშა მოემზადა, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. მოახლე ქალი კარს უკან უპასუხებდა, რომ კირილა პეტროვიჩს მისი გამოშვება არ უბრძანებია. მაშა დაპატიმრებული იყო. ღრმად შეურაცხყოფილი, იგი ფანჯარასთან იჯდა შუაღამემდე ტანთგაუხდელი და უძრავად ბნელ ცას შესცქეროდა. გარიჟრაჟზე ჩასთვლიმა, მაგრამ ფრთხილი ძილი სევდიანმა სიზმარმა დაუფრთხო და ამომავალი მზის სხივებმა იგი გამოაღვიძა.

თ ა ვ ი მ ე ჩ ვ ი დ მ ე ტ ე

როდესაც მაშამ გიღვიძა, პირველ აზრთან ერთად მას თვალწინ დაუდგა თავისი მდგომარეობის მთელი საშინელება. დარეკა. მაოხლე შემოვიდა და მის კითხვაზე უპასუხა: კირილა პეტროვიჩი საღამოს არბატოვოში გაემგზავრა და შინ გვიან დაბრუნდაო; სასტიკი განკარგულება გასცა, მაშა ოთახიდან არ გამოუშვათ და თვალყური ადევნეთ, რათა არავინ დაელაპარაკოსო; არ ჩანს არავიტარი განსაკუთრებული სამზადისი ქორწილისათვის, იმის გარდა, რომ მღვდელს უბრძანეს არავითარი საბაბით სოფლიდან არ გახვიდეო. ამ ცნობების მიწოდების შემდეგ მოახლემ მარია კირილოვნა დატოვა და კარები ისევ ჩაუკეტა.
ახალგაზრდა განდეგილი მოახლის სიტყვებმა გააბოროტა. თავი უხურდა, სისხლი უდუღდა; მან გადაწყვიტა ყველაფერი დუბროვსკისათვის ეცნობებინა და დაიწყო საშუალების გამონახვა ბეჭდის გასაგზავნად ფარულ მუხის ფუღუროში. ა ამ დროს მის ფანჯარას კენჭი მოხვდა, მინა აზრიალდა: მარია კირილოვნამ ეზოში გადაიხედა და დაინახა პატარა საშა, რომელიც იდუმალ ნიშნებს იძლეოდა. მაშამ იცოდა მისი ერთგულება და გაუხარდა; ფანჯარა გააღო.
- გამარჯობა, საშა, - უთხრა მან, - რატომ მეძახი?
- მე მოვედი, დაიკო, გასაგებად, რაიმე ხომ არ გჭირდებათ. მამიკო გაჯავრებულია და მთელ სახლს აუკრძალა თქვენ რაიმე გაგიგონონ, მაგრამ მე მიბრძანეთ, რაც გნებავთ, და თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებ.
- გმადლობ, ჩემო საშენკა, გამიგონე: შენ იცი ფუღუროიანი ბებერი მუხა, ფანჩატურთან რომ არის?
- ვიცი, დაიკო.
- მაშ, თუ გიყვარვარ, გაიქეცი იქ სასწრაფოდ და, აი, ეს ბეჭედი ფუღუროში ჩადევი, მაგრამ ფრთხილად იყავი, არავინ დაგინახოს.
ესა თქვა, ბეჭედი გადაუგდო ფანჯარა დაჰკეტა.
საშამ ბეჭედი აიღო, რაც ძალი და ღონე ჰქონდა მოჰკურცხლა; სამ წუთსი ხესთან გაჩნდა. აქ საშა შეჩერდა სულშეხუთული, აქეთ-იქით მიმოიხედა და ბეჭედი ფუღუროში ჩასდო. საქმე რომ მშვიდობიანად დაასრულა და უნდოდა ეს მარია კირილოვნასთვის ეცნობებინა, უეცრად მწითური და ელამი, ჩამოგლეჯილი ბიჭი ფანჩატურის უკნიდან გამოხტა, მუხას მივარდა და ფუღუროში ხელი ჩაჰყო. საშა ციყვზე უსწრაფესად ბიჭთან მიიჭრა და მას ორიე ხელი ჩასჭიდა.
- შენ აქ რას აკეთებ? - ჰკითხა მრისხანედ.
- რა შენი საქმეა? - უთხრა ბიჭმა, რომელიც ცდილბოდა მისგან თავი გაეთავისუფლებინა.
- ხელი გაუშვი ამ ბეჭედს, წითელო კურდღელო! - ყვიროდა საშა, - თუ არა მე ჩემებურად ჭკუას გასწავლი.
პასუხის მაგიერ ბიჭმა მუშტი სახეში ჩაარტყა, მაგრამ საშამ ხელი არ გაუშვა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაიყვირა:
- ქურდები, ქურდები! აქეთ, აქეთ!
ბიჭი ცდილბოდა ხელიდან გასხლტომოდა, იგი, ალბათ, საშაზე ორი წლით უფროსი იქნებოდა და ბევრად უფრო ღონიერი იყო, მაგრამ საშა უფრო მარდი აღმოჩნდა. ისინი რამდენიმე წუთს იბრძოდნენ. ბოლოს მწითური ბიჭი მოერია. საშა მიწაზე წააქცია და ხელი ყელში სტაცა.
მაგრამ ამ დროს ვიღაცამ ძლიერი ხელი ჩაავლო მას მწითურ ჯაგრისებურ თმაში და მებაღე სტეფანემ იგი მიწიდან ნახევარი ადლის სიმაღლეზე ასწია.
- ეჰ, შენ, მწითურო მხეცო, - უთხრა მებაღემ, - აბა, როგორ ბედავ პატარა ბატონის ცემას. . .
საშამ ადგომა და დამშვიდება მოასწრო.
- შენ ცუღლუტობით წამაქციე, - თქვა მან, - თორემ ვერასოდეს ვერ წამაქცევდი. მომეცი ახლავე ბეჭედი და დაიკარგე.
- ვერ მოგართვით, - უპასუხა მწითურმა ბიჭმა, უეცრად ადგილზე გადატრიალდი და სტეფანეს ხელიდან თავისი ჯაგარი გაითავისუფლა.
ის-ის იყო გაქცევა დააპირა, მაგრამ საშა დაეწია, ზურგში ხელი ჰკრა და ბიჭი ფეხმოწყვეტილი წაიქცა. მებაღემ იგი ისევ დაიჭრა და ქამრით შეჰკრა.
- მომეცი ბეჭედი! - უყვიროდა საშა.
- ამდროვე, ბატონო, - თქვა სტეფანემ, - ჩვენ იგი გასასამართლებლად მოურავთან წავიყვანოთ.
მებაღემ თავისი ტყვე ბატონის ეზოში წაიყვანა, საშა კი მას გაჰყვა, თან თავის დაგლეჯილ და ბალახით დასვრილ შარვალს დასცქეროდა. მოულოდნელად სამივენი აღმოჩნდნენ კირილა პეტროვიჩის წინ, რომელიც თავისი თავლის დასათვალიერებლად მიდიოდა.
- ეს რა ამბავია? - ჰკითხა მან სტეფანეს. სტეფანემ მოკლედ უამბო, რაც მოხდა.
კირილა პეტროვიჩმა ყურადღებით მოუსმინა.
- შენ, მოუსვენარო, - ჰკითხა საშას, - ამას აჰყოლილხარ?
- მან ფუღუროდან ბეჭედი მოიპარა, მამიკო, - უბრძანეთ ბეჭედი მომცეს.
- რა ბეჭედი, რომელი ფუღუროდან?
- ჰო, მე მარია კირილოვნამ. . .ჰო, ის ბეჭედი. . .
საშა აირია, დაიბნა. კირილა პეტროვიჩმა წარბები შეიკრა და თქვა თავის ქნევით:
- აქ მარია კირილოვნა ურევია: ყველაფერში გამოტყდი, ან ისე გაგწკეპლავ, რომ თავი ვეღარ იცნო.
- ღმერთმანი, მამიკო, მე, მამიკო. . . ჩემთვის მარია კირილოვნას არაფერი უბრძანებია, მამიკო!
- სტეფან, აბა, წადი და მომიჭერი კარგი არაყსი ხის ქორფა წკეპლა.
- მოიცადე, მამიკო, - ყველაფერს გიამბობთ. მე დღეს ეზოში დავრბოდი; დაიკო მარია კირილოვნამ ფანჯარა გააღო და მე მისკენ გავიქეცი. დაიკოს უცაბედად ბეჭედი ხელიდან გაუვარდა, მე კი ფუღუროში შევინახე, და. . . და . . . ამ მწითურ ბიჭს ბეჭედის მოპარვა უნდოდა.
- უცაბედად გაუვარდა, შენ კი გინდოდ შენახვა. . . სტეფანე, წადი წკეპლისათვის.
- მამიკო, მაცალე, ყველაფერს გიამბობ. დაიკო მრია კირილოვნამ მიბრძანა მუხასთან მიმერბინა და ბეჭედი ფუღუროში ჩამედო; მივირბინე და ბეჭედი ჩავდევი, ამ საძაგელმა ბიჭმა კი. . .
კირილა პეტროვიჩი საძაგელ ბიჭს მიუბრუნდა და ჰკითხა:
- შენ ვისი ხარ?
- ბატონ დუბროვსკისა. მე ვლადიმირ ანდრეევიჩ დუბროვსკის შინაყმა ვარ, - უპასუხა წითურმა ბიჭმა.
კირილა პეტროვიჩს სახე მოეღუშა.
- შენ, როგორც ჰგავს, მე ბატონად არ მთვლი, კეთილი, - თქვა მან. - ჩემს ბაღში რას აკეთებდი?
- ჟოლოს ვიპარავდი, - უპასუხა ბიჭმა დიდი გულგრილობით.
- აჰა, - ყმა ბატონს ჰგავს, როგორიც ბერი, ისეთი ერიო. ჟოლო ჩემსას განა მუხაზე იზრდება?
ბიჭმა არაფერი უპასუხა.
- მამიკო, უბრძანეთ ბეჭედი მომცეს, - თქვა საშამ.
- დაჩუმდი, ალექსანდრე, - უპასუხა კირილა პეტროვიჩმა, - არ დაგავიწყდეს, რომ ვაპირებ შენც გაგისწორდე. წადი შენს ოთახში. შენ, ელამო, მარჯვე ბიჭად მეჩვენები, ბეჭედი მომეცი და შინ გასწი.
ბიჭმა ხელი გაშალა და დაანახვა, რომ ხელში არაფერი ჰქონდა.
- თუ ყველაფერს მეტყვი, მაშინ არ გაგწკეპლავ. კაკლის საყიდლად შაურიანსაც მოგცემ, თუ არადა ისეთ დღეს დაგაყრი, არც კი დაგსიზმრებოდეს, აბა!
ბიჭი არაფერს უპასუხებდა და თავდახრილი იდგა, ნამდვილი სულელის გამომეტყველება მიიღო.
- კარგი, - თქვა კირილა პეტროვიჩმა, - ჩაჰკეტეთ სადმე და ყური უგდეთ, რომ არსად გაიქცეს, თორემ მთელ სახლს ტყავს გავაძრობ.
სტეფანემ ბიჭი სამტრედეში შეიყვანა, შიგ ჩაჰკეტა და მცველად მოხუცი მეფრინველე აღათია მიუყვანა.
- ახლა გაემგზავრე ქალაქს მაზრის პოლიციის უფროსთან, თქვა კირილა პეტროვიჩმა, თან ბიჭს თვალი გააყოლა, - და რაც შეიძლება მალე.
- აქ არაფერი საეჭვო არ არის, მაშა განაგრძობს ურთიერთობას წყეულ დუბროვსკისთან, მაგრამ ნუთუ ნამდვილად მას უძახოდა საშველად? - ფიქრობდა კირილა პეტროვიჩი, ოთახში ბოლთას სცემდა და გულმოსულად 'გამარჯვების გრიალს" უსტენდა. - შეიძლება მე ახალ ნაკვალევს მივაგენი და იგი ხელიდან ვეღარ გაგვისხლტდება. ამ შემთხვევას გამოვიყენებთ. სუ! ზანზალაკი, მადლობა ღმერთს, ეს მაზრის პოლიციის უფროსია. - ჰეი, აქ მომიყვანეთ დაჭერილი ბიჭი.
ამასობაში ფორანი ეზოში შემოვიდა და მაზრის პოლიციის უფროსი, ჩვენი ნაცნობი, ოთახში შევიდა ერთიანად გამტვერიანებული.
- კარგი ამბავია, - უთხრა მას კირილა პეტროვიჩმა. - მე დუბროვსკი დავიჭირე.
- მადლობა ღმერთს, თქვენო აღმატებულებავ, - თქვა მაზრის პოლიციის უფროსმა გახარებული სახით. - სადაა?
- ესე იგი არა დუბროვსკი, არმედ მისი ბრბოდან. ახლავე მოიყვანენ. იგი დაგვეხმარება თვით ატამანის დაჭერაში. აი, კიდეც მოიყვანეს.
მაზრის პოლიციის უფროსი, რომელიც მრისხანე ყაჩაღს მოელოდა, გაოცებული დარჩა, როცა 13 წლის, საკმაოდ სუსტი გარეგნობის ბიჭი დაინახა. უფროსი გაკვირვებული მიუბრუნდა კირილა პეტროვიჩს და განმარტებას ელოდა. კირილა პეტროვიჩმა დაიწყო მოყოლა დილანდელი ამბისა. ხოლო მარია კირილოვნა არ უხსენებია.
მაზრის პოლიციის უფროსმა მას ყურადღებით მოუსმინა, თან წამდაუწუმ უცქერდა ამ პატარა არამზადას, რომელმაც თავი მოისულელა და ყურადღებას არ აქცევდა არაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა.
- ნება მომეცით, თქვენო აღმატებულებავ, განმარტოებით მოგელაპარაკოთ, - უთხრა ბოლოს მაზრის პოლიციის უფროსმა.
კირილა პეტროვიჩმა იგი მეორე ოთახში გაიყვანა და კარი ჩაიკეტა.
ნახევარი საათის შემდეგ ისინი ისევ დარბაზში გამოვიდნენ, სადაც დატყვევებული თავისი ბედის გადაწყვეტას მოელოდა.
- ბატონს უნდოდა, - უთხრა მას მაზრის პოლიციის უფროსმა, - შენი ჩასმა ქალაქის საპატიმროში, გამათრახება და მერე გადასახლება, მაგრამ მე გამოგესარჩლე და შენთვის პატიეა გამოვთხოვე.
- ხელ-ფეხი გაუხსენით.
ბიჭს ხელ-ფეხი გაუხსნეს.
- ბატონს მადლობა მოახსენე, - თქვა მაზრის პოლიციის უფროსმა.
ბიჭი კირილა პეტროვიჩთან მივიდა და ხელზე აკოცა.
- შინ წადი, - უთხრა მას კირილა პეტროვიჩმა, - ამას იქით ფუღუროებიდან ჟოლო, აღარ მოიპარო.
ბიჭი გავიდა, პარმაღიდან მხიარულად გადახტა, უკან არ მოუხედავს, მოჰკურცხლა მინდვრად კისტენევკისკენ. სოფელთან რომ მიირბინა, შეჩერდა განაპირას მდგომ ნახევრად დანგრეულ ქოხთან და ფანჯარა დააკაკუნა, ფანჯარა აწია და დედაბერი გამოჩნდა.
- ბებია, პური, - თქვა ბიჭმა, - დილიდან არაფერი მიჭამია, შიმშილისაგან ვკვდები.
- აჰ, ეს შენა ხარ, მიტია, სად დაიკარგე, ჭინკა-ბიჭო? - უპასუხა დედაბერმა.
- მერე გიამბობ, ბებია, ღვთის გულისათვის, პური!
- ქოხში შემოდი.
- არა მცალია, ბებია, - მე კიდევ ერთ ადგილას უნდა მივირბინო. პური, თუ ღმერთი გწამს, პური.
- რა მოუსვენარი ხარ, - ჩაიბურდღუნა დედაბერმა, - აი შენ პური, - და ფანჯრიდან შავი პურის ნაჭერი მიაწოდა.
ბიჭმა პური ხარბად მოკბიჩა და ღეჭვა-ღეჭვით იმწამსვე წავიდა.
ღამდებოდა. კისტენევკის ჭალისაკენ გასწია, კარაპანებს, ბოსტნებს ჩაუარა. ჭალის მოწინავე დარაჯებად მდგომ ორ ფიჭვტან რომ მივიდა, შეჩერდა, ყოველ მხარეს მიმოიხედა, დაუსტვინა გამგმირავად და ნაწყვეტ-ნაწყვეტად; დააყურა; პასუხად მსუბუქი და ხანგრძლივი სტვენა მოესმა, ვიღაც ჭალიდან გამოვიდა და ბიჭს მიუახლოვდა.

თ ა ვ ი მ ე თ ვ რ ა მ ე ტ ე

კირილა პეტროვიჩი დარბაზში ბოლთას სცემდა და ჩვეულებრივზე უფრო ხმამაღლა უსტვენდა თავის სიმღერას. მთელი სახლი აფორიქებული იყო. მოსამსახურეები დარბოდნენ. მოახლე ქალები ფუსფუსებდნენ, ფარდულში მეეტლეები კარეტაში ცხნებს აბამდნენ. ეზოში ხალხი ირეოდა. ქალიშვილის საპირფარეშოში სარკის წინ, მოახლე ქალებით გარშემოხვეული მანდილოსანი რთავდა ფერმკრთალ, უძრავ მარია კირილოვნას. ბრილიანტების სიმძიმის ქვეშ ქალს მოთენთილი თავი ძირს ეხრებოდა; მაშა ოდნავ კრთებოდა, როცა გაუფრთხილებელი ხელი უჩვლეტდა, მაგრამ სდუმდა, სარკეში უაზროდ იცქირებოდა.
- მალე მორჩებით? - გაისმა კარებტან კირილა პეტროვიჩის ხმა.
- ამ წუთში, - უპასუხა მანდილოსანმა, - მარია კირილოვნა, აბრძანდით, სარკეში ჩაიხედეთ, კარგად არის?
მარია კირილოვნა წამოდგა და არაფერი უპასუხა. კარები გაიღო.
- პატარძალი მზად არის, - თქვა მანდილოსანმა, - ბრძანეთ კარეტაში ჩასხდნენ.
- გზა მშვიდობისა, - თქვა კირილა პეტროვიჩმა და მაგიდიდან ხატი აიღო. - მოდი ჩემთან, მაშა, - უთხრა მან გულაჩვილებული ხმით, - გლოცავ. . .
საწყალი ქალი მამას ფერხთ ჩაუვარდა და აქვითინდა.
- მამიკო. . . მამიკო. . . - ამბობდა იგი აცრემლებული და ხმა უწყდებოდა.
კირილა პეტროვიჩი მის დალოცვას ჩქარობდა; მაშა ააყენეს და თითქმის ხელით გაიყვანეს კარეტისაკენ. მასთან ჯვრის დედა და ერთი მოახლე ქალი დასხდნენ. ისინი საყდრისაკენ გაემგზავრნენ. იქ საქმრო უკვე ელოდა. ვერეისკი პატარძლის შესახვედრად გამოვიდა და მისი სახის ფერმკრთალობამ და უცნაურმა გამომეტყველებამ გააოცა. ისინი ერთად შევიდნენ ცივსა და ცარიელ საყდარში. მათი შესვლის შემდეგ კარები ჩაკეტეს. მღვდელი საკურთხეველთან გამოვიდა და მაშინვე დაიწყო ჯვრისწერა. მარია კირილოვნა ვერაფერს ხედავდა, არაფერი ესმოდა; ერთ რამეზე ფიქრობდა: დილიდანვე დუბროვსკის ელოდა, იმედი ერთი წუთითაც არ დაუკარგავს, მხოლოდ, როდესაც მღვდელმა ჩვეულებრივი კითხვებით მიმართა, მას ჟრუანტელმა დაუარა და გულს შემოეყარა, მაგრამ ჯერ კიდევ აყოვნედა, კიდევ ელოდა, მღვდელმა მის პასუხს არ დაუცადა და წარმოთქვა სიტყვები, რომლებმაც მაშას ბედი გადაწყვიტა. ჯვრისწერა დასრულდა. მაშამ იგრძნო არასაყვარელი ქმრის ცივი კოცნა, მას ესმოდა დამსწრეთა მხიარული მილოცვები და ჯერ კიდევ არ შეეძლო დარწმუნებულიყო, რომ მისი ცხოვრება საუკუნოდ შეიბოჭა, რომ დუბროვსკი მის გასათავისუფლებლად აღარ მოფრინდა. მაშას თავადმა ტკბილი სიტყვიებით მიმართა, მისი ნათქვამი მარია კირილოვნამ ვერ გაიგო; საყდრინდა გამოვიდნენ, კარიბჭესთან პოკროვსკოელი გლეხები შეჯგუფებულიყვნენ, მაშამ მათ თვალი უცბად მიმოავლო და მერე ისევ წინანდებურად უგრძნობი გახდა. ახალჯვარდაწერილნი კარეტაში ჩასხდნენ და არბატოვოში გაემგზავრნენ. კირილა პეტროვიჩი წინასწარ გაემგზავრა, რათა ნეფე-დედოფალს იქ დახვედროდა. ახალგაზრდა ცოლთან მარტოდმარტო დარჩენილი თავადი სრულიად არ შემკრთალა მაშას ცივი გამომეტყველებით. ის ქალს თავს არ აბეზრებდა მეტისმეტად ტკბილი განმარტებებით და სასაცილო აღტაცდებებით; თავადის სიტყები იყო უბრალო და ის პასუხს არ ითხოვდა. ამგვარად დაახლოებით ათი ვერსი გაიარეს;პ ცხნები სწრაფად მიჰქროდნენ სასოფლო გზით კოლბოხებზე და ინგლისურრესორებიანი კარეტა თითქმის არ ქანაობდა. უეცრად მოსიმა მდევრების შეძახილები. კარეტა გაჩერდა - მას შეიარაღებული ბრბო შემოეხვია, ნახევარნიღბიანმა კაცმა იმ მხირდან, სადაც ახალგაზრდა კნეინა იჯდა, კარი გააღო და უთხრა მას:
- თავისუფალი ხართ, გადმობრძანდით.
- ეს რას ნიშნავს! - დაიყვირა თავადმა, - შენ ვინა ხარ?
- ეს დუბროვსკია, - უთხრა კნეინამ.
თავადი არ დაიბნა, გვერდის ჯიბიდან საგზაო დამბაჩა ამოიღო და ნიღბიან ყაჩაღს ესროლა. კნეინამ შეჰკივლა და შეძრწუნებულმა ორივე ხელით სახე დაიფარა. დუბროვსკი მხარში დაიჭრა; სისხლმა გამოჟონა. თავადს წუთი არ დაუკარგავს, მეორე დამბაჩა ამოიღო, მაგრმ მას სროლა აღარ დააცალეს? კარები გაიღო და რამდენიმე ძლიერმა ხელმა იგი კარეტინდა გამოათრია; ხელიდან დამბაჩა გამოჰგლიჯა, მის თავზე დანებმა გაიელვა.
- ხელი არ ახლოთ - დაიძახა დუბროვსკიმ. მისმა სახეკუშტმა თანამზრახველებმა უკან დაიხიეს.
- თქვენ თავისუფალი ხართ, - კვლავ გაუმეორა დუბროვსკიმ ფერდაკარგულ საბრალო კნეინას.
- არა, - უპასუხა მაშამ, - გვიანაა, ჯვარდაწერილივ არ, მე თავად ვერეისკის ცოლი ვარ.
- რას ამბობ! - დაიყვირა სასოწარკვეთილმა დუბროვსკიმ, - არა, თქვენ მისი ცოლი არა ხართ, თქვენ ძალა დაგატანეს, თქვენ არ შეგეძლოთ დასთანხმებოდით. . .
- მე დავთანხმდი, ფიცი მივეცი, - უპასუხა მაშამ მტკიცედ, - თავადი ჩემი ქმარია, უბრძანეთ გაათავისუფლონ და მე მასთან დამტოვეთ. მე არ მომიტყუებიხართ. უკანსკნელ წუთამდე გელოდით, მაგრამ ახლა, გეუბნებით, გვიანაა, გაგვიშვით.
მაგრამ დუბროვსკი მაშას უკვე ვეღარ უსმენდა: ჭრილობის ტკივილმა და ძლიერმა სულიერმა მღელვარებამ ძალა წაართვეს. იგი კარეტის თვალთან დაეცა, ყაჩაღები გარს შემოეხვივნენ. დუბროვსკიმ მოასწრო მათთვის რამდენიმე სიტყვა ეთქვა: იგი ცხენზე შესვეს; ორ ყაჩაღს ეკავა, მესამემ ცხენის აღვირს ხელი მოჰკიდა და ყაჩაღებმა განზე გადაუხვიეს; დასტოვეს კარეტა შუაგზაზე, შეკრული შინაყმები, გამოშვებული ცხენები, მაგრამ არავინ არ გაუძარცვავთ და ერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრიათ თავიანთი ატამანის სისხლი შურისსაძიებლად.

თ ა ვ ი მ ე ც ხ რ ა მ ე ტ ე

უღრანი ტყის შუა ადგილას, ვიწრო კორდზე აღემართათ პატრა მიწური სიმაგრე, რომელიც მიწაყრილისა და თხრილისაგან შესდგებოდა; სიმაგრის იქით რამდენიმე კარავი და მიწურული იყო.
ეზოში უამრავი ხალხი იჯდა ქუდმოხდილი და სადილობდა საერთო ქვაბის გარშემო. ისინი ჩაცმულობის ნაირნაირობითა და შეიარაღებით შეიძლებოდა მაშინვე ყაჩაღებად მიგეღოთ. მიწაყრილზე პატრა ზარბაზნის მახლობლად გუშაგი იჯდა, ფეხმოკეცილი; თავის ტანისამოსს ერთ ადგილას ნაჭერს აკერებდა. ნემსს ისეთი ოსტატობით ხმარობდა, რომ ეტყობოდა გამოცდილი მკერავი იყო, იგი წამდაუწუმ ყოველ მხარეს იცქირებოდა.
თუმცა აზარფეშა რამდენჯერმე ხელიდან ხელში გადავიდა, ამ ბრბოში მაინც უცნაური სიჩუმე სუფევდა; ყაჩაღებმა ისადილეს, რიგრიგობით დგებოდნენ და ღმერთს მადლობას სწირავდნენ. ზოგიერთნი კარვებში წავიდ-წამოვიდნენ, სხვები ტყეში მიმოიფანტნენ, ან დასაძინებლად წამოწვნენ, რუსული ჩვეულებისამებრ.
გუშაგმა კერვა დაასრულა, თავის ძველმანი გაბერტყა და ერთხანს სიამოვნებით დააცქერდა საკერებელს, შემდეგ ნემსი სახელოზე დაიბნია, ზარბაზანს გადააჯდა და მთელი ხმით ძველი რუსული სევდიანი სიმღერა დაიწყო:

"დაწყნარდი, დედავ, მწვანე მუხნარო,
ნუ მიშლი ვაჟკაცს ფიქრი ვიფიქრო".

ამ დროს ერთ-ერთი კარი გაიღო და ზღურბლზე გამოჩნდა მოხუცი ქალი თეთრი თავსაბურავით; მას სუფთა და ლამაზინ ტანისამოსი ეცვა.
- გეყოფა, სტიოპკა, - თქვა მან გულმოსულად, - ბატონი ისვენებს, შენ კი ღრიალებ, თქვენ არც სინდისი, არც სიბრალული არა გაქვთ.
- დამნაშავე ვარ, ეგოროვნა, - უპასუხა სტიოპკამ, - კარგი, მეტს აღარ ვიზამ, დაე, ჩვენმა ბატონმა დაისვენოს და განიკურნოს.
მოხუცი ქალი წავიდა. სტიოპკამ კი მიწაყრილზე სიარული დაიწყო.
კარავში, საიდანაც მოხუცი ქალი გამოვიდა, ტიხარს იქით სამგზავრო საწოლზე დაჭრილი დუბროვსკი იწვა. მის წინ პატარა მაგიდაზე დამბაჩები ელაგა, ხმალი კი სასტუმალთან ეკიდა. მიწურის იატაკი და კედლები ძვირფასი ნოხებით იყო მოფენილი. კუთხეში იდგა ქალის ვერცხლის სატუალეტო მაგიდა და ტრიუმო. დუბროვსკის ხელში გაშლილი წიგნი ეჭირა, მაგრმ თვალდახუჭული იყო და ეგოროვნას, რომელიც ტიხარის მეორე მხრიდან უცქერდა, ვერ გაეგო, დუბროვსკის ეძინა, თუ მხოლოდ ფიქრებს მისცემოდა.
უეცრად დუბროვსკი შეიკრთა. . . სიმაგრეში განგაში ატყდა და სტიოპკამ მასთან ფანჯარაში თავი შემოჰყო.
- ბატონო ვლადიმირ ანდრეევიჩ! - დაიყვირა მან, - ჩვენები ნიშანს გვაძლევენ, ჩვენ დაგვეძებენ.
დუბროვსკი საწოლიდან წამოიჭრა, იარაღს ხელი სტაცა და კარვიდან გავიდა. ყაჩაღები ეზოში ხმაურობით შეჯგუფდნენ. დუბროვსკის გამოჩენისთანავე ღრმა სიჩუმე ჩამოვარდა.
- ყველა აქ არის? - იკითხა დუბროვსკიმ.
- ყველა, გარდა მზვერავებისა, - უპასუხეს.
- თავ-თავის ადგილას! - დაიძახა დუბროვსკიმ და თვითეულმა მათგანმა მისთვის მიჩენილი ადგილი დაიკავა.
ამ დროს სამმა მზვერავმა მოირბინა ალაყაფის კარებთან, დუბროვსკი მათ შესახვედრად წავიდა.
- რა ამბავია? - ჰკითხა მათ.
- ტყეში სალდათები არიან, - უპასუხეს, - ალყას გვარტყამენ.
დუბროვსკიმ ბრძანა ალაყაფის კარები დაეკეტათ, თვითონ პატარა ზარბაზნის შესამოწმებლად წავიდა. ტყიდან რამდენიმე ხმა მოისმა, ეს ხმები თანდათან ახლოვდებოდა; ყაჩაღები მდუმარედ იცდიდნენ; უცბად ტყიდან სამი თუ ოთხი სალდათი გამოჩნდა, მათ მაშინვე უკანვე დაიხიეს და სროლით ამხანაგებს ნიშანი მისცეს.
- საბრძოლველად მოემზადეთ, - თქვა დუბროვსკიმ. ყაჩაღები შეჩოჩქოლდნენ, მერე კი ყველაფერი ისევ მიწყნარდა.
მერმე მოესმათ მოახლოებული რაზმის ხმაურობა, ხეებს შორის იარაღი აკაშკაშდა, დაახლოებით ას ორმოცდაათი სალდათი ტყიდან გამოცვივდა და ყვირილით მიწაყრილისაკენ გაეშურა. დუბროვსკიმ პატრუქს ცეცხლი მოუკიდა; სროლა მარჯვე გამოდგა, ერტ სალდათს თავი წაჰგლიჯა,ორი დასჭრა. სალდათები აირ-დაირივნენ, მარამ ოფიცერი წინ გაიჭრა. სალდათები მას მიჰყვნენ და ორმოსაკენ გაიქცნენ, ყაჩაღებმა მათ თოფები და დამბაჩებმი ესროლეს და ნაჯახებით დაიწყეს დაცვა მიწაყრილისა, საითკენაც გაცოფებული სალდათები მიიწევდნენ. ორმოში მათ დაახლოებით ოცი დაჭრილი ამხანაგი დასტოვეს. ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, ჯარისკაცები უკვე მიწაყრილზე იყვნენ, ყაჩაღებმა დახევა დაიწყეს. მაგრამ დუბროვსკი ოფიცერთან მიიჭრა, მკერდზე დამბაჩა მიაბჯინა და ესროლა; ოფიცერი გულაღმა დავარდა, რამდენიმე ჯარისკაცმა ოფიცერს ხელი სტაცა, ჩქარობდნენ მის წაყვანას ტყეში. დანარჩენები, უფროსი რომ დაჰკარგეს, გაჩერდნენ. გამხნევებულმა ყაჩაღებმა ისარგებლეს ამ წუთიერი დაბნეულობით, შეარყიეს ისინი და ორმოსკენ დაახევინეს; ალყის შემომტყმელები გაიქცნენ, ყაჩაღები მათ ყიჟინით დაედევნენ. გამარჯვების ბედი გადაწყდა. დუბროვსკი დარწმნდა, რომ მტერი სრულიად დაშლილი იყო, ყაჩაღები შეაჩერა და სიმაგრეში ჩაიკეტა, ბრძანა დაჭრილებისათვის მოევლოთ, გუშაგები გააორკეცა. განკარგულება გასცა არსად წასულიყვნენ.
უკანასკნელი ამბების გამო მთავრობამ უკვე სერიოზული ყურადღება მიაქცია დუბროვსკის გაბედულ ყაჩაღობას. შეჰკრიბეს ცნობები მისი ადგილსამყოფელის შესახებ და გაგზავნეს სალდათთა ასეული, რათა დუბროვსკი მკვდარი ან ცოცხალი ხელში ჩაეგდოთ. მისი ბრბოდან რამდნეიმე კაცი დაიჭირეს და მათგან გაიგეს, რომ დუბროვსკი უკვე მათ შორის აღარ იყო.
რამდენიმე დღის შემდეგ დუბროვსკიმ თავისი თანამზრახველები შეჰკრიბა და გამოუცხადა: განზრახული მაქვს სამუდამოდ დაგტოვოთო, მათაც ურჩია ასეთი ცხოვრება მიეტოვებინათ.
- ჩემი მეთაურობით გამდიდრდით, თვითეულ თქვენგანს აქვს მოწმობა, როლითაც უშიშრად შეგიძლიათ რომელიმე შორეულ გუბერნიაში გადახვიდეთ და იქ სიცოცხლის დანარჩენი დღეები გაატაროთ პატიოსან შრომასა და კეთილდღეობაში. მაგრამ თქვენ თარლითები ხართ და, ალბათ, თქვენი ხელობის მიტოვებას არ მოისურვებთ.
ამ სიტყვების შემდეგ დუბროვსკიმ ისინი დასტოვა, თან წაიყანა მხოლოდ ერთი**. არავინ იცოდა, სად გადაიკარგა. პირველად ეჭვი ეპარებოდათ ამ ჩვენებათა სისწორეში - ცნობილი იყო ყაჩაღთა ერთგულება ატამანის მიმართ. ფიქრობდნენ, ყაჩაღები დუბროვსკის გადარჩენას ცდილობენო, მაგრმ შემდგომმა ამბებმა მათი ჩვენება დაადასტურა. მრისხანე თავდასხმანი, ხანძრები და ძარცვა შეწყდა - გზები განთავისუფლდა. ზოგიერთი კი ამბობდა, დუბროვსკი საზღვარგარეთ მიიმალაო

--------------------------------------------------

* რა გნებავთ, ბატონო? (ფრანგ. ).

** დიდი სიამოვნებით, ბატონო; ინებეთ გასცეთ სათანადო განკარგულება (ფრანგ.)

*** გარწმუნებთ, ბატონო (ფრანგ.)

??????