პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

კაპიტანის ქალიშვილი (I ვარიანტი) 

სიჭაბუკიდანვე გაუფრთხილდი ღირსებას.
ანდაზა.

პირველი თავი

გვარდიის სერჟანტი

- გვარდიაში მყის ირგებდა კაპიტნობას,
- მაგრამ, არა: არმიაში იმსახუროს.
- კარგად უთქვამთ! ცოტაოდენ იმწუხაროს...
. . . . . . . .
მერე, ვინ არს მამა მისი?
კნიაჟნინი

მამაჩემი, ანდრეი პეტროვიჩ გრინიოვი, სიჭაბუკეში გრაფ მინიხთან მსახურობდა და პრემიერ-მაიორი იყო, რომ 17.. წელს სამსახურიდან გადადგა. იმ დღიდან მოკიდებული სიმბირსკის გუბერნიაში თავის სოფელში ცხოვრობდა, სადაც დაქორწინდა კიდეც - იქაური ღარიბი აზნაურის ასული ავდოტია ვასილიევნა იუ., შეირთო. ჩვენ ცხრა და-ძმანი ვიყავით და ჩემ გარდა სუყველა ბალღობისას გაწყდა.
დედაჩემი ჯერ კიდევ ორსულად გახლდათ ჩემზე, როცა მე უკვე სერჟანტად ვიყავი ჩაწერილი სემიონოვის პოლკში ჩვენი ახლო ნათესავის, გვარდიის მაიორ თავად ბ.-ს წყალობით. ყოველგვარი მოლოდინის საპირისპიროდ დედას რომ გოგონა დაებადებინა, მამა სადაც ჯერ არს, იქ განაცხადებდა, ქვეყნად მოუვლენელი სერჟანტი გარდაიცვალაო, და საქმეც ამით დამთავრდებოდა. სწავლის გასრულებამდე შვებულებაში ვირიცხებოდი. იმჟამად დღევანდელივით კი არ ვიზრდებოდით. ხუთი წლისა მიმაბარეს ჯილავდარ საველიჩს, რომელიც იმის გამო, რომ სასმელს არ ეკარებოდა, გამდლად გამიმწესეს. მისი ზედამხედველობით მეთორმეტეში გადამდგარმა ყმაწვილმა რუსული ანა-ბანა ვისწავლე და შემეძლო ერთობ საღად მემსჯელა ხვადი მწევრის ნიშან-თვისებებზე. ამ დროს მამამ ჩემთვის ფრანგი მოსიე ბოპრე აიყვანა. იგი მოსკოვიდან გამოიწერეს მთელი წლის სამყოფ ღვინოსა და პროვანსულ ზეთთან ერთად. ბოპრეს მოსვლაზე საველიჩს გულს შემოეყარა. “მადლობა ღმერთს, ბალღი, მგონი, დაბანილია, დავარცხნილი, უჭმელობა არ ატყვია, ფული რაღაზე უნდა გადაიყაროს წყალში და მოსიე დაიქირავონ, ვითომ საკუთარი ხალხი არ კმარა!” - ბურდღუნებდა თავისთვის.
ბოპრე პარიკმახერი გახლდათ თავის სამშობლოში, პრუსიაში - სალდათი, შემდეგ რუსეთში ჩამოვიდა pour être outchitel*.. ამ სიტყვის მნიშვნელობა მაინცდამაინც არ გაეგებოდა. კეთილი კაცი იყო, მაგრამ თავქარიანი და ნამეტანი თავაშვებული. მისი მთავარი სისუსტე ის გახლდათ, რომ მშვენიერთა სქესზე იყო გადამკვდარი. ჰოდა, ხშირად თავისი სინაზისა გამო, მჯიღ-ბლიკვები უგემნია და დღე-ღამეები ოხვრა-გმინვაში გაუტარებია. ამასთანავე (მისივე სიტყვებით) ა რ ც ბ ო თ ლ ს მ ტ რ ო ბ დ ა, ესე იგი (რუსულად რომ ვთქვათ), გამობრუჟვას ხელს არ აკლებდა. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ჩვენთან ღვინოს მხოლოდ სადილზე სვამდნენ და თანაც თითო სირჩას, ხოლო მასწავლებელს ჩვეულებისამებრ არც კი ახვედრებდნენ, ჩემი ბოპრე ერთობ მალე შეეჩვია რუსულ ნაყენს და თავისი სამშობლოს ღვინოებს ამჯობინებდა კიდეც - კუჭისთვის ამაზე მარგებელი არა არის რაო. მე და ბოპრე უმალ შევეწყვეთ ერთმანეთს. თუმცა მას, ხელშეკრულების მიხედვით, ჩემთვის ფ რ ა ნ გ უ ლ გ ე რ მ ა ნ უ ლ ი დ ა ს ხ ვ ა ყ ო ვ ე- ლ ი მ ე ც ნ ი ე რ ე ბ ა უნდა შეეთვისებინა, უმჯობესად მიიჩნია, პირიქით, ჩემგან ხელდახელ ესწავლა რუსულად რატრატი. ამდაგვარი მეცადინეობის შემდეგ თითოეული ჩვენგანი თავის საქმეს აკეთებდა. შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით ორივე. სხვა მენტორი არც მინდოდა, მაგრამ მალე ბედმა გაგვყარა და აი, რა მიზეზით:
მრეცხავი პალაშკა, ჩასუქებული, პირდაკენკილი გოგო და ბრუციანი მეფურე აკულკა შეთანხმდნენ, დედაჩემს ერთდროულად მუხლებში ჩავარდნოდნენ, გული გაეხსნათ - უპატიებელი სისუსტე გამოვიჩინეთო, და ტირილით ეჩივლათ მოსიესათვის - ჩვენი სიხამით გვაცთუნაო. დედას ასეთ რამეზე ხუმრობა არ უყვარდა და მამას აუწყა საჩივარი, ხოლო მამა დასჯისას იწილო-ბიწილოს არ იწყებდა. მაშინვე დააძახებინა მამაძაღლი ფრანგისთვის. მოახსენეს, მოსიე ბავშვს ამეცადინებსო. ისიც ადგა და ჩემი ოთახისკენ გამოსწია. ამ დროს ბოპრეს მამა აბრამის ბატკანივით ეძინა საწოლზე, მე კი ჩემთვის ვჩხირკედელაობდი. უნდა მოგახსენოთ, რომ მოსკოვიდან გეოგრაფიული რუკა გამომიწერეს. იგი სრულიად უქმად ეკიდა კედელზე და კარგა ხანია მაცთუნებდა, რამეთუ განიერი იყო და კარგ ქაღალდზე დაბეჭდილი. გადავწყვიტე, მისგან ფრანი გამეკეთებინა. ბოპრეს ძილით ვისარგებლე და გავაჩაღე მუშაობა. მამა ზუსტად მაშინ წამომადგა, როცა კეთილი იმედის კონცხს ხრალის კუდს ვუკეთებდი. გეოგრაფიაში ჩემი ამდაგვარი ვარჯიშის ხილვაზე ყური ამასრისა, შემდეგ ბოპრეს მიეჭრა, ჯიქურ გააღვიძა და რჯულზე გაჯორა. დაფეთიანებულმა ბოპრემ წამოდგომა დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო: ბედკრული ფრანგი გალეშილი იყო. ცუდი ვინ მიყო და ჩემმა თავმაო, მამამ ხელი საყელოში სტაცა, საწოლიდან წამოსწია, გარეთ აკვრევინა თავი და იმდღესვე გააგდო საველიჩის გულგასახარად. ამით მოეღო ბოლო ჩემს წურთვნას.
მას შემდეგ ვცხოვრობდი ვითარცა ნინველი, დავდევდი მტრედებს და ოთურმას ვთამაშობდი შინაყმის ბიჭებთან. ამასობაში თექვსმეტი წლისა გავხდი და ბედი ჩემი სხვა გზით წარიმართა.
ერთხელ, შემოდგომაზე, დედა თაფლის მურაბას ადუღებდა სასტუმრო ოთახში, მე კი მოფუხფუხე ქაფს ვუცქეროდი და ტუჩებს ვილოკავდი. მამა ფანჯარასთან სასახლის კალენდარს კითხულობდა, რომელსაც ყოველ წელს ღებულობდა. ეს წიგნი ნიადაგ დიდ ზეგავლენას ახდენდა მასზე. არასდროს განსაკუთრებული გულისხმიერების გარეშე არ კითხულობდა და ყოველთვის საოცარი ბოღმით ივსებოდა. დედას გაზეპირებული ჰქონდა მამის წეს-ჩვეულებანი და სულ ცდილობდა, ეს ავბედითი წიგნი სადღაც გადასაკარგავში შეეჩურთა. ამრიგად, სასახლის კალენდარი მამას ზოგჯერ მთელი თვეობით აღარ ხვდებოდა თვალში. სამაგიეროდ, როცა შემთხვევით წააწყდებოდა, საათობით ჩაჰკირკიტებდა. ასე და ამგვარად, მამა სასახლის კალენდარს კითხულობდა, შიგადაშიგ მხრებს იჩეჩდა და ხმადაბლა ამბობდა: “გენერალ-პორუჩიკი... ჩემს ასეულში სერჟანტი იყო! რუსეთის ორივე ორდენის კავალერი!.. კი, მაგრამ ჩვენ განა დიდი ხანია?..” ბოლოს მამამ კალენდარი დივანზე მოისროლა და ფიქრებს ჩაუღრმავდა, რასაც სასიკეთო არა მოჰყვებოდა რა.
- ავდოტია ვასილიევნა, კი მაგრამ, რამდენი წლისაა პეტრუშა? - მიმართა უცებ დედას.
- რამდენისა და მეჩვიდმეტეში გადადგა, - მიუგო დედამ. - პეტრუშა სწორედ იმ წელს დაიბადა, როცა დეიდა ნასტია ცალი თვალით დაბრმავდა და როცა კიდევ...
- კარგი, - შეაწყვეტინა მამამ. - დროა სამსახურში ჩადგეს. ეყოფა სამოახლოებში რბენა და სამტრედეებზე ძრომა.
დედა ჩემთან მალე განშორების აზრმა ისე გააოგნა, კოვზი ქვაბში ჩაუვარდა, სახეზე ცრემლი ჩამოეღვარა, მე კი ენით უთქმელმა აღფრთოვანებამ ამიტაცა. სამსახურზე რომ ვფიქრობდი, იმავე თავისუფლებასა და პეტერბურგის ცხოვრების სიამეთ დავტრიალებდი გონებით, თავი მესახებოდა გვარდიის ოფიცრად, ხოლო გვარდიის ოფიცრობა, ჩემი აზრით, ადამიანის კეთილდღეობის გვირგვინი იყო.
მამას არ უყვარდა თავისი განზრახვების შეცვლა, ან მათი სხვა დროისად აღსრულება. დაინიშნა გამგზავრების დღე. წინა დღით მამამ გამოაცხადა, მინდა შენს მომავალ უფროსს წერილი მივწეროო და კალამ-ქაღალდი მოითხოვა.
- ანდრეი პეტროვიჩ, - უთხრა დედამ, - არ დაგავიწყდეს, თავად ბ.-ს ჩემი სალამი მისწერო; იმედოვნებს, რომ პეტრუშას წყალობის გარეშე არ დატოვებთ-თქო.
მამამ შუბლი შეიკრა.
- რა სისულელეა! თავად ბ.-ს ვითომ რატომ მივწერ?
- აკი თქვი, პეტრუშას უფროსს უნდა მივწეროო.
- კი მაგრამ, მერე რა?
- რადა პეტრუშას უფროსი ხომ თავადი ბ. არის, პეტრუშა ხომ სემიონოვის პოლკშია ჩაწერილი.
- ჩაწერილი! მერედა რა თავში ვიხლი, რომ ჩაწერილია? პეტრუშა პეტერბურგში არ წავა. პეტერბურგში რას ისწავლის? ფულის ფანტვას და ქარაფშუტობას? არა, არმიაში იმსახუროს, ტყავში გაძვრეს და თოფისწამალი იყნოსოს, სალდათი იყოს და არა ბედოვლათი. გვარდიაშია ჩაწერილი! სადაა მაგის პაშპორტი? მომიტანე აქ.
დედამ მოძებნა პასპორტი, რომელიც ჩემი ნათლობის პერანგთან ერთად თავის ზარდახშაში შეენახა და ხელაკანკალებულმა მამას მიართვა. მამამ პასპორტი გულისყურით წაიკითხა, წინ დაიდო მაგიდაზე და წერილის წერა დაიწყო.
ცნობისმოყვარეობა მტანჯავდა. ვითომ სად მისტუმრებდნენ, თუ პეტერბურგში არა? თვალს არ ვაშორებდი მამის კალამს, რომელიც საკმაოდ ნელა მოძრაობდა. ბოლოს მამამ წერა დაამთავრა, წერილი პასპორტთან ერთად კონვერტში ჩადო, კონვერტი დაბეჭდა, სათვალე მოიხსნა, მიმიხმო და მითხრა:
- აჰა წერილი, ანდრეი კარლოვიჩ რ.-ს, ჩემს ძველ ამხანაგსა და მეგობარს ვუგზავნი. სამსახურად ორენბურგს მიდიხარ და იგი შენი უფროსი იქნება.
ამრიგად, მემსხვრეოდა ყოველი გულწარმტაცი იმედი! პეტერბურგის მხიარული ცხოვრების ნაცვლად მიყრუებული და მივარდნილი მხარის უხალისო დღენი მელოდა. სამსახური, რომელზეც წეღან ესოდენ აღფრთოვანებული ვფიქრობდი, საშინელ უბედურებად მომეჩვენა. მაგრამ დავა წყლის ნაყვა იყო! მეორე დღეს დილით პარმაღს სამგზავრო კიბიტი მოაყენეს. შიგ ჩაალაგეს ჩემოდანი, ჩაისჭურჭლიანი საგზაო კიდობანი და ბოხჩები, რომლებშიც გამოკრული იყო ფუნთუშები და ღვეზელები - ეს უკანასკნელნი ნიშანნი ოჯახური განცხრომისა. მშობლებმა ლოცვა-კურთხევა მისაგზლეს.
- მშვიდობით, პიოტრ, - მითხრა მამამ, - ვისაც შეჰფიცავ, თავდადებით ემსახურე. უფროსებს გაუგონე. მათი ალერსი არ ეძიო, სამსახურს გაგიწევთ-თქო, თავი არ მოიქაჩლო, მაგრამ სამსახური არ იუარო და გახსოვდეს ანდაზა: სიჭაბუკიდანვე გაუფრთხილდი ღირსებას.
დედა აცრემლებული გვავალებდა: მე - ჯანმრთელობას მოუფრთხილდიო, საველიჩს - ბალღს მიმიხედეო. ჩამაცვეს კურდღლის ტყაპუჭი, მის ზემოთ კიდევ მელის ბეწვის ქურქი. საველიჩთან ერთად კიბიტში ჩავჯექი და დავადექი გზას. თვალთაგან ღაპაღუპით მდიოდა ცრემლი.
იმავე ღამეს სიმბირსკს ჩავედი. იქ ერთი დღე-ღამე უნდა გავჩერებულიყავი, რათა საჭირო ნივთები შემეძინა. ნივთების ყიდვა საველიჩს ევალებოდა. დავდექი ტრაქტირში. საველიჩი დილითვე წავიდა სავაჭროების ჩამოსავლელად. ფანჯრიდან ჭუჭყიანი შესახვევის ყურება მომბეზრდა და მოვყე ოთახ-ოთახ ბორიალს. საბილიარდოში ვიღაც მაღალ-მაღალ ბატონკაცს ვკიდე თვალი, ასე ოცდათხუთმეტიოდე წლისას, გრძელი, შავი ულვაში ჰქონდა, ხალათი ემოსა, ხელში კია ეჭირა, კბილებში ჩიბუხი გაერჭო. იგი მარკიორს ეთამაშებოდა. მარკიორი სირჩა არაყს ხუხავდა, როცა მოიგებდა, ხოლო როცა წააგებდა, ბილიარდის ქვეშ ოთხით უნდა გამძვრალიყო. თვალი მივადევნე თამაშს. რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა იგი, მარკიორი მით უფრო ხშირად დასეირნობდა ოთხით ბილიარდის ქვეშ, ვიდრე ბოლოს სულ არ დარჩა იქ. ბატონკაცმა რამდენჯერმე ისეთი კილოთი შეუკურთხა, ვითომ საფლავზე სიტყვას ამბობდა, და შემომთავაზა, ერთი ხელი ვითამაშოთო. არ ვიცი-მეთქი და უარი ვუთხარი. თამაშის არცოდნა, ეტყობა, ეუცნაურა, იმგვარად შემავლო თვალი, თითქოსდა შევეცოდე, ისე კი ერთმანეთს გამოვესაუბრეთ. გავიგე, რომ ივან ივანოვიჩ ზურინი იყო, ჰუსართა *პოლკის როტმისტრი და სიმბირსკში რეკრუტთა მისაღებად იმყოფებოდა, ბინად კი ტრაქტირში იდგა. შემომთავაზა, ჩემთან ისადილეო, რაც ღმერთმა გვიბოძა, იმით, სალდათურადო. ხალისით დავეთანხმე. ზურინი ბევრს სვამდა და მეც მიმასპინძლდებოდა, მეუბნებოდა, სამსახურს უნდა მიეჩვიოო. მიყვებოდა არმიულ ანეკდოტებს, რომლებზეც იმდენს ვიცინოდი, მუცელზე კანი აღარ შემრჩა და მაგიდიდან უკვე მთლად დაძმაკაცებულები წამოვდექით. ახლა თავს იდო ჩემთვის ბილიარდის თამაში ესწავლებინა. მეუბნებოდა:
- ეს, ჩვენი ძმა, ჯარისკაცისთვის აუცილებელია. ლაშქრობისას, მაგალითად, ჩადიხარ რომელიმე დაბაში. რით უნდა გაერთო? სულ ხომ ურიებს არ უთაქებ. უნებლიეთ წახვალ ტრაქტირში და ბილიარდის თამაშს დაიწყებ. საამისოდ კი თამაში უნდა იცოდე!
მე სავსებით ვერწმუნე ზურინს და ერთობ მონდომებით შევუდექი სწავლას. იგი ხმამაღლა მამხნევებდა, იოცებდა, რა სწრაფად ვაღწევდი წარმატებებს და რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ შემომთავაზა, ფულზე ვითამაშოთო, თითო-თითო გროშზე, არა მოგების გულისთვის, ისე, მხოლოდ იმისთვის, რომ ტყუილა არ ვითამაშოთ, ტყუილა თამაში უსაზიზღრესი ჩვეულებააო. ამაზეც მხარი ავუბი. ხოლო თვითონ ბრძანა, პუნში მოეტანათ და დამიყოლია, გამესინჯა, გამიმეორა, სამსახურს უნდა შეეჩვიოო, უპუნშოდ კი სამსახური რას მიქვიაო! კვერი დავუკარი. ამასობაში ჩვენი თამაში გრძელდებოდა. რაც უფრო მალიმალ ვწრუპავდი პუნშს ჩემი ჭიქიდან, მით უფრო მემატებოდა სიმამაცე. ბურთები წამდაუწუმ მიცვივდებოდა იატაკზე, ვფიცხობდი, ვლანძღავდი მარკიორს, რომელიც, ღმერთმა იცის, როგორ ანგარიშობდა, თანდათან ვზრდიდი ფსონს, ერთი სიტყვით, თავის ნებაზე მიშვებული ბიჭივით ვიქცეოდი. დრო თვალსა და ხელს შუა გაიპარა. ზურინმა საათს დახედა, კია დადო და გამომიცხადა, ასი მანეთი წაგიგიათო. ამან ცოტათი შემაცბუნა. ჩემი ფული საველიჩს ჰქონდა და მობოდიშება დავუწყე! მან შემაწყვეტინა:
- რას ბრძანებთ! თუ კაცი ხართ, ეს აინუნშიც არ ჩააგდო! დავიცდი კიდევაც. მანამდე კი არინუშკასთან შევიაროთ.
რაღა გაეწყობოდა? დღე ისევე ქარაფშუტულად დავაღამე, როგორც დავიწყე. ვივახშმეთ არინუშკასთან. ზურინი წარამარა მივსებდა ჭიქას, მიმეორებდა, სამსახურს შეჩვევა უნდაო. მაგიდიდან რომ წამოვდექი, ფეხზე ძლივს ვიმაგრებდი თავს. ზურინმა შუაღამისას მიმიყვანა ტრაქტირში.
საველიჩი პარმაღზე შემოგვხვდა. რომ დაინახა, რა გულმოდგინედ ვეკიდებოდი სამსახურს, ამოიხვნეშა.
- ეს რა ამბავია შენს თავს, ბატონო? - მითხრა შესაბრალისი ხმით. - სად გაჟიჟინებულხარ? ოჰ, ღმერთო! ჩემს დღეში ასეთი ცოდო-ბრალი არ მინახავს!
- ხმა-კრინტი, შე ხრონცო, შენა, - მივუგე ბლუკუნით. - ალბათ მთვრალი ხარ, გასწი დაიძინე და მეც დამაწვინე.
მეორე დღეს თავი მტკიოდა. ბუნდოვნად გავიხსენე გუშინდელი ამბავი. საველიჩმა ფინჯანი ჩაი შემომიტანა და ფიქრი გამაწყვეტინა.
- ნაადრევად, პიოტრ ანდრეევიჩ, - მითხრა თავის კანტურით, - ნაადრევად იწყებ ქეიფობას. მერედა ვისი ნიშატი დაგყვა? მგონი, არც მამა გყოლია ლოთი და არც ბაბუა, დედაშენი კი რაღა სალაპარაკოა: თავის დღეში ბურახის გარდა არაფერი გაუკარებია. მერედა ვისი ბრალია ეს ყოველივე? შეჩვენებული მოსიესი. წარამარა შერბოდა ანტიპიევნასთან და ეუბნებოდა: “მადამ, ჟე ვუ პრი არაკსა”. აგე, ეს ჟე ვუ პრიც! კარგია, შენ არ მომიკვდე, კარგი რამ შეგასმინა იმ ძაღლის გაგდებულმა. მაინც რად უნდოდათ გიაურის გამდლობა, ვითომ ბატონს ხალხი აკლდა!
შემრცხვა, შევბრუნდი და ვუთხარი: საველიჩ, დამეხსენი, ჩაი არ მინდა-მეთქი. მაგრამ საველიჩი რომ ქადაგად დავარდებოდა, მის დაშოშმინებას საშველს ვერ დააყენებდი.
- აი, პიოტრ ანდრეევიჩ, რა არის დალევა. თავიც გიბურბუსალებს, ჭამაზეც გული არ მიგიწევს. მსმელი კაცი არაფრის მაქნისია... მოდი, ერთი თაფლნარევი კიტრის მწნილის წვენი დალიე. ნაბახუსევზე კი უფრო ნახევარი ჭიქა ნაყენი მოგიხდება. ხომ არ მოგიტანო?
ამ დროს შემოვდა ბიჭი და ი. ი. ზურინის ბარათი მომართვა. ბარათი გავხსენი და ეს სტრიქონები წავიკითხე:

“ძვირფასო პიოტრ ანდრეევიჩ, თუ კაცი ხარ, ამ ბიჭს გამოატანე ასი მანეთი, რომელიც გუშინ ჩემთან წააგე. ფული ნამეტნავად მჭირდება.
სამსახურად მზად მყოფი
ი ვ ა ნ ზ უ რ ი ნ ი”.
რა გზა მქონდა, თავი ისე დავიჭირე, ვითომ აქ არაფერიაო, და მივმართე საველიჩს - ფ უ ლ ი ს, თ ე თ რ ე უ ლ ი ს ა დ ა ს ა ქ მ ე თ ა ჩ ე მ თ ა გ ა მ გ ე ბ ე ლ ს, ვუბრძანე - ბიჭს ასი მანეთი მიეცი-მეთქი.
- როგორ! რისთვის? - მკითხა განცვიფრებულმა საველიჩმა.
ვალი მაქვს-მეთქი, მივუგე, რაც შეიძლება გულგრილად.
- ვალი გაქვს! - შემაწყვეტინა საველიჩმა; მას უფრო და უფრო ემატებოდა განცვიფრება. - კი მაგრამ, როდისღა მოასწარი, ბატონო, ვალის აღება? აქ რაღაც სხვა ამბავია. ნება შენია, ბატონო, მაგრამ ფულს არ გავცემ.
თუ ამ გადამწყვეტ წუთს ეს გაქირი მოხუცი უჯიათობის ცხენიდან არ ჩამოვსვი, შემდგომ მისი მეურვეობა მოუცილებელ ჭირად გამიხდება, - გავივლე გულში. გოროზად შევავლე თვალი და ვუთხარი: მე შენი ბატონი გახლავარ, შენ კი ჩემი მსახური ხარ. ფული ჩემია და იგი წავაგე, ვინაიდან ასე მომეგუნება. ხოლო შენ გირჩევ, პეიტრობას მოეშვა და ის აკეთო, რასაც გიბრძანებენ-მეთქი.
საველიჩი ჩემმა სიტყვებმა ისე გააოგნა, ტაში შემოჰკრა და გაქვავდა.
- რაღას დგახარ! - დავუყვირე მწყრალად.
საველიჩი ატირდა.
- ჩემო კარგო, პიოტრ ანდრეიჩ, - მითხრა ხმააკანკალებულმა, - დარდით ნუ გამათავებ. ჩემო თვალისჩინო! ყური მათხოვე მოხუცებულ კაცს: მისწერე იმ ყაჩაღს, ვიხუმრე-თქო, ამოდენა ფული ვინ მოგვაშავა-თქო. ასი მანეთი! ღმერთო მოწყალეო! უთხარი, მშობლებმა მკაცრად ამიკრძალეს თამაში-თქო, კაკლობიას გარდა არაფერი ითამაშოო...
- გეყოფა მიეთმოეთი, - შევაწყვეტინე მკაცრად. - მოიტა ფული, არადა გაგაპანღურებ!
საველიჩმა მწუხარებით გათავებული კაცივით შემავლო თვალი და ჩემი ვალის გასასტუმრებლად გასწია. შემებრალა საწყალი მოხუცი, მაგრამ მე მინდოდა დამოუკიდებლობა მომეხვეჭა და დამემტკიცებინა, რომ ბალღი აღარ ვიყავი. ზურინს ფული გადასცეს. საველიჩმა დაუჩქარა, წყეულ ტრაქტირს გავცლოდი. შემოვიდა და მაუწყა, ცხენები მზად არისო. სინდისაფორიაქებულმა და უთქმელი სინანულით შეპყრობილმა დავტოვე სიმბირსკი, დავტოვე ისე, ჩემს მასწავლებელს არც გამოვმშვიდობებივარ და გულშიც არ გამივლია, ოდესმე შევხვდები-მეთქი.

მეორე თავი

მ ე გ ზ უ რ ი

მხარეო, ჩემო მხარე!
მე თვითონ მოველ შენთან ნეტავი,
თუ ბედაურმა შემომაქროლა?
არა, კაი ყმა მაწვია შენთან
ვაჟკაცის სიმხნემ და სიმარდემა
და სამიკიტნოს მწველმა ზარხოშმა.
ძველებური სიმღერა
გზად არცთუ სასიამოვნო ფიქრები მეხვია.
მაშინდელი ანგარიშით კარგა დიდი თანხა მქონდა წაგებული. შეუძლებელი იყო გულში არ მეღიარებინა, რომ სიმბირსკის ტრაქტირში ავცერცეტდი და საველიჩთან თავს დამნაშავედ ვრაცხდი. ყოველივე ეს სულს მიღრღნიდა. მოხუცი პირქუშად, ჩემკენ ზურგშებრუნებული იჯდა კოფოზე და ხმას არ იღებდა, მხოლოდ დროგამოშვებით თუ ამოახრიწინებდა. მინდოდა შევრიგებოდი და არკი ვიცოდი, საიდან შემომევლო. ბოლოს ვუთხარი:
- რა მოგივიდა, საველიჩ! კარგი ერთი, შევრიგდეთ. დამნაშავე ვარ. თვითონა ვხვდები, რომ დამნაშავე ვარ. გუშინ საძრახისი საქციელი ჩავიდინე, შენ კიდევ არაფრის გულისთვის გაწყენინე; გპირდები, აწ უფრო ჭკვიანურად მოვიქცე და დაგიჯერო. აბა, ნუ წყრები, შევრიგდეთ.
- ეჰ, ჩემო პიოტრ ანდრეიჩ! - მიპასუხა და ისე ამოიოხრა, ლამის გული ამოაყოლა, - თუ ვწყრები, ჩემს თავს ვუწყრები. ყველაფერი ჩემი ბრალია. ტრაქტირში მარტო როგორ დაგტოვე! რა ქვას ვახალო თავი? ცოდვაში ჩავდგი ფეხი: ვიფიქრე, დიაკვნის ცოლთან შევივლი, სვინას მოვინახულებ-მეთქი. მაგრამ მივედი, ვნახე სვინაო, აღარ გამიშვა შინაო. ჭირი ჭირზედა დამერთო! რანაირად დავენახვო ახლა ბატონებს! რას იტყვიან, რომ გაიგებენ, ბალღი სვამს და თამაშობსო.
საბრალო საველიჩს სანუგეშებლად აღვუთქვი, აწ უშენოდ კაპიკს არ ვახლებ-მეთქი ხელს. მას ნელ-ნელა გული საგულეს ჩაუდგა, მაგრამ შიგადაშიგ ისევ ისე ბურდღუნებდა თავის კანტურით:
- ასი მანეთი! განა ხუმრობა ამბავია!
ვუახლოვდებოდი ჩემს გამწესების ადგილს. ირგვლივ ბორცვებითა და ხრამებით დასერილი ნაღვლიანი უდაბნო გადაშლილიყო. ყველაფერი თოვლს შეესუდრა. მზე დასავალზე იყო. კიბიტი ვიწრო გზაზე მიიწევდა, ანუ, უფრო სწორად, გლეხის მარხილის ნაკვალევს ჩასდგომოდა. უცებ მეეტლემ გვერდზე გახედვა დაიწყო, ბოლოს ქუდი მოიძრო, ჩემკენ შემობრუნდა და მითხრა:
- ბატონო, ხომ არ მიბრძანებ, უკან გავბრუნდე?
- ვითომ რატომ?
- ისეთი ჟამია, ვერ დაენდობი: ქარი ნელი-ნელ მატულობს. ხედავ, როგორ ხვეტს ახალნათოვარს.
- მერე რა?
- რა და ხედავ, რა არის იქ? - მეეტლემ მათრახით აღმოსავლეთისკენ მიმანიშნა.
- ვერაფერს ვხედავ თეთრი ველისა და მოწმენდილი ცის გარდა.
- აგე, იქ, იქ პატარა ღრუბელია!
ცის განაკიდეს მართლაც დავლანდე თეთრი, პატარა ღრუბელი, რომელიც თავდაპირველად შორეული ბორცვი მეგონა. მეეტლემ განმიმარტა, ეს ღრუბელი ქარბუქის მაუწყებელიაო.
მე მსმენოდა იქაურ ქარბუქთა ამბავი და ვიცოდი, რომ მათ მთელი აღალები ჩაეჩუმქრათ. საველიჩი მეეტლეს უკრავდა კვერს, მირჩევდა, უკან გავბრუნდეთო, მაგრამ ქარი არც ისე ძლიერი მეჩვენა, ვიმედოვნებდი, მომდევნო სადგურს დროულად მივატანთ-მეთქი, და ვბრძანე, უფრო ჩქარა გვევლო.
მეეტლემ ცხენები გარეკა, მაგრამ თვალი სულ აღმოსავლეთისკენ ეჭირა. ცხენები შეწყობილად მიქროდნენ. ამასობაში ქარი თანდათან ძლიერდებოდა. პატარა ღრუბელი დიდ თეთრ ღრუბლად იქცა, იგი ზლაზვნით მიიწევდა მაღლა, იზრდებოდა და თანდათან ფარავდა ცას. წვრილად წამოთოვა, უცებ ბარდნა დაიწყო. აზუზუნდა ქარი, ატყდა ქარბუქი. დაბინდული ცა ერთ წამში თოვლის ზღვას შეერწყა. განიმქრა ყოველი.
- ჰაი, ბატონო, - დაიყვირა მეეტლემ. - შავი დღე დაგვადგა: ქარბუქია!..
გამოვიხედე გარეთ: ყველაფერი წყვდიადსა და ბუქში დანთქმულიყო. ქარი ისე გააფთრებით ბრდღვინავდა, იფიქრებდით, სული ჩაუდგამსო. თოვლი შემოგვეფინა მე და საველიჩს. ცხენები ძლივს მიდიოდნენ და მალე დადგნენ.
- რად არ მიდიხარ? - მოუთმენლად ვკითხე მეეტლეს.
- სადღა წავიდე? - მიპასუხა და კოფოდან ჩამოხტა. - ისედაც, ვინ იცის, სად შემოვყავით თავი: გზა არსაითაა, გარშემოც უკუნეთია.
მეეტლეს გაჯორვა დავუპირე, მაგრამ საველიჩი გამოექომაგა.
- ვითომ რა ძალა გადგა, რომ არ გაუგონე, - მეუბნებოდა მწყრალად. - ფუნდუკში დავბრუნდებოდით, ჩაის დავლევდით, დილამდე მოვისვენებდით, ქარბუქი ჩადგებოდა და გზას განვაგრძობდით. თანაც სად მიგვეჩქარება? მე შენ გეტყვი, ქორწილში!
საველიჩს არ გაემტყუნებოდა. ვერაფერს გააწყობდი. ცა თოვლად ჩამოდიოდა. კიბიტის გვერდით ნამქერი იზრდებოდა, ცხენებს თავი ჩაექინდრათ და დროდადრო ძაგძაგებდნენ. მეეტლე ირგვლივ დააბოტებდა და უსაქმობისაგან მოსართავებს ასწორებდა. საველიჩი ბუზღუნებდა. მე აქეთ-იქით ვიყურებოდი, იქნებ სოფელ-ადგილი ან გზის რაიმე ნიშან-კვალი მაინც დავლანდო-მეთქი, მაგრამ ვერაფერს ვარჩევდი დაბინდული ბუქის გარდა... უეცრად რაღაც შავს ვკიდე თვალი.
- ჰეი! - გავძახე მეეტლეს, - გახედე ერთი, რა ჩანს იქ შავად?
მეეტლემ თვალი ჩააშტერა, შემდეგ თავის ადგილას დაჯდა და მითხრა:
- ღმერთმა უწყის, ბატონო. თითქოს ურემია და ურემი არ არის, ხეა და ხე არ არის. ისე კი, მგონი, მოძრაობს. ალბათ მგელია ან ადამიანი.
ვუბრძანე, უცნობი საგნისაკენ წაეყვანა ეტლი. ის უცნობი საგანიც იმავე წამს ჩვენკენ გამოემართა. ორი წუთის შემდეგ ჩვენ ადამიანს გავუსწორდით.
- ჰეი, კეთილო კაცო! - გასძახა მეეტლემ. - ხომ არ იცი, გზა საით არის?
- გზა აქაა, დგომითაც მყარ მიწაზე ვდგავარ, მაგრამ რად გინდა მერე? - მიუგო მგზავრმა.
- მისმინე, გლეხკაცო, - ვუთხარი მე, - აქაურობას ხომ არ იცნობ? ვერ მიმიყვან ღამის სათევამდე?
- ვიცნობ, - მომიგო მგზავრმა. - მადლობა ღმერთს სულ დავლილი მაქვს მტკაველ-მტკაველ, მაგრამ, ხედავ, რა ამინდია: სწორედ, რომ გზა აგებნევა. უკეთესია აქ შეჩერდე და შეიცადო, ეგებ ქარბუქი ჩადგეს და ცა მოიწმინდოს: მერე ვარსკვლავებით გავიგნებთ გზას.
მისმა სიმშვიდემ გული გამიკეთა. თავი ღვთის ნებას მივანდე და უკვე გადავწყვიტე, შუა ველში გამეთია ღამე, რომ უცებ მგზავრი მკვირცხლად დაჯდა კოფოზე და მეეტლეს უთხრა:
- აბა, მადლობა ღმერთს, სოფელი შორს აღარაა, მარჯვნივ გაუხვიე და გაუტიე.
- კი მაგრამ, მარჯვნივ რატომღა წავიდე? - უკმაყოფილოდ ჰკითხა მეეტლემ. - სად ხედავ გზას? სახრე ტყისა, ცხენი სხვისა, დაჰკარ, რა გენანებისაო, არა?
მეეტლე მართალი იყო.
- მართლაც რატომ გგონია, რომ სოფელი შორს არაა? - ვკითხე თანამგზავრს.
- იმიტომ, რომ ქარმა იქიდან წამოუქროლა, - მიპასუხა მგზავრმა, - და კვამლი მოიყოლა, მაშასადამე, სოფელი ახლოსაა.
გამაოცა მგზავრის გონიერებამ და გეშის სიმახვილემ. მეეტლეს ვუბრძანე წასულიყო. ცხენები მძიმე-მძიმედ მიაბიჯებდნენ ღრმა თოვლში. კიბიტი ნელა მიიწევდა. ხან ნამქერზე ადიოდა, ხან ხრამში ვარდებოდა და აქეთ-იქით წვებოდა. ეს მღელვარე ზღვაზე გემით ცურვას ჰგავდა. საველიჩი წარამარა გვერდებზე მეხლებოდა და ვიშვიშებდა. მე ჭილობი ჩამოვუშვი, ქურქი შემოვიფუთნე და ჩავთვლიმე ქარიშხლის ნანასა და ნელა მიმავალი ეტლის რხევაში.
ვნახე სიზმარი, რომელიც ვერასდროს დავივიწყე დღემდე და რომელშიც დღესაც ვჭვრეტ რაღაც წინასწარმეტყველურს, როცა მას ჩემი ცხოვრების უცნაურ გარემოებებს ვუდარებ. მკითხველი მაპატიებს, ვინაიდან გამოცდილებით ალბათ იცის, ადამიანს როგორ სჩვევია დაჰყვეს ცრუმორწმუნეობას, თუმცა ყოველნაირად ეზიზღება იგი.
ისეთ გრძნობა-გუნებაზე ვიყავი, როცა გარე სამყარო ადგილს ოცნებებს უთმობს და მათ ძილ-ღვიძილის ბუნდოვან მოჩვენებებად ერწყმის. მეგონა, თითქოს ქარბუქი ისევ ბობოქრობდა და ისევ დავხეტიალობდით თოვლის უდაბნოში... უცებ დავლანდე ჭიშკარი და ჩვენს ეზოში შევედი. პირველად შიშმა გამკრა გონებაში, მამა არ გამირისხდეს, უნებურად რომ დავბრუნდი მშობლიურ სახლში და ეს წინასწარ განზრახულ ურჩობად არ მიიჩნიოს-მეთქი. კიბიტიდან შეწუხებული გადმოვხტი და რას ვხედავ: დედა ერთობ დანაღვლიანებული მხვდება პარმაღზე.
- წყნარად, - მეუბნება იგი, - მამა ავად არის, სიკვდილის პირასაა და შენთან გამოთხოვება უნდა.
ზარდაცემული მივყვები საწოლ ოთახში. ოთახი მკრთალადაა განათებული, საწოლთან სახედაძმარებული ხალხი დგას. ნელა ვუახლოვდები საწოლს. დედა მაღლა სწევს მიჩიგდანს და მამას მიმართავს:
- ანდრეი პეტროვიჩ, პეტრუშა ჩამოვიდა. შენი ავადმყოფობა გაიგო და დაბრუნდა. დალოცე.
მუხლი მოვიყარე და ავადმყოფს მივაჩერდი. ამას რას ვხედავ?.. საწოლზე მამაჩემის ნაცვლად ვიღაც შავწვერა გლეხი წევს და მხიარულად მიყურებს. სახტად დარჩენილი მივბრუნდი დედისკენ, ვეუბნები: რას ნიშნავს ეს? ეგ მამა არ არის. მერედა გლეხს რისთვის უნდა ვთხოვო დალოცვა-მეთქი?
- სულ ერთია, პეტრუშა, მამა თუ არა, მამობილია. ხელზე ემთხვიე, დაე, დაგლოცოს... - მომიგო დედამ.
მე უარზე ვიდექი. ამ დროს გლეხი ზეზე წამოვარდა, ზურგს უკნიდან ნაჯახი იძრო და დაატრიალა, გაქცევა მინდოდა... და ვერ ვახერხებდი. ოთახი გვამებით აივსო. ვფორხილებდი გვამებზე და ფეხი მიცურდებოდა სისხლის გუბეებში... საზარელი გლეხი კი ალერსიანად მიხმობდა:
- ნუ გეშინია, მოდი, დაგლოცო...
ძრწოლამ ამიტანა, გავოგნდი... და გამეღვიძა კიდეც. ცხენები იდგნენ. საველიჩი ხელზე მქაჩავდა და მეუბნებოდა:
- გადმოდი, ბატონო, მოვედით.
- სად მოვედით? - ვკითხე, თან თვალებს ვიფშვნეტდი.
- ფუნდუკში. ღმერთმა ხელი მოგვიმართა და პირდაპირ ღობეს წავაწყდით. გადმოდი, ბატონო, ჩქარა და გათბი.
კიბიტიდან გადმოვედი. ქარბუქი ისევ ზრიალებდა, თუმცა ძალა დაკლებოდა. კუნაპეტი ღამე იდგა. მასპინძელი ჭიშკართან გამოგვეგება, ფარანი კალთის ქვეშ ეჭირა. მან ვიწრო, მაგრამ საკმაოდ სუფთა ოთახში შეგვიყვანა. ოთახს კვარი ანათებდა. კედელზე შაშხანა და მაღალი კაზაკური ქუდი ეკიდა.
მასპინძელი, ჩამომავლობით იაიკელი კაზაკი, სამოციოდე წლისა იქნებოდა, ჯერ კიდევ ძალ-ღონით სავსე და მხნე ჩანდა. საველიჩმა საგზაო კიდობანი შემოიყოლა და ცეცხლი მოითხოვა ჩაის ასადუღებლად. ჩაი ასე საჭირო არასდროს არ მომჩვენებია. მასპინძელი საქმის მოსაკეთილებლად გავიდა.
- მეგზური სადღაა? - ვკითხე საველიჩს.
- აქა ვარ, თქვენო კეთილშობილებავ, - გავიგონე მაღლიდან. ავხედე ფიცარნაგს და დავინახე შავი წვერი და ორი მოელვარე თვალი.
- რაო, ძმავ, გაიყინე?
- გაიყინები, აბა, რა იქნება, ამ გაცვეთილი არმიაკის ამარა! მქონდა ტყაპუჭი, მაგრამ, ცოდვა გამხელილი ჯობია და, გუშინ საღამოს მედუქნეს დავუგირავე, ყინვა მაგარი არ მეჩვენა.
ამ დროს შემოვიდა მასპინძელი და მოთუხთუხე სამოვარი შემოიტანა. მე ჩვენს მეგზურს ფინჯანი ჩაი შევთავაზე. გლეხი ფიცარნაგიდან ჩამოძვრა. ჩემი შეხედულებით შესანიშნავი გარეგნობისა იყო. ორმოციოდე წლის იქნებოდა, საშუალო ტანის, გამხდარი და მხარბეჭგადგმული. შავ წვერში ჭაღარა გარეოდა. მკვირცხლი, ფართო თვალები სულ აქეთ-იქით გაურბოდა. სახეზე საკმაოდ სასიამოვნო, მაგრამ თაღლითური გამომეტყველება აღბეჭდოდა. თმა მრგვალად შემოეკრიჭა. დახეული არმიაკი და თათრული შარვალი ეცვა. მე ფინჯანი ჩაი მივაწოდე. მან გემო გაუსინჯა და შეიჭმუხნა.
- თქვენო კეთილშობილებავ, მიყავით სიკეთე და უბრძანეთ, ჭიქა არაყი მომიტანონ. ჩაი ჩვენი, კაზაკური სასმელი არაა.
ხალისით შევუსრულე სურვილი. მასპინძელმა განჯინიდან შტოფი და ჭიქა გამოიღო, მივიდა მეგზურთან, სახეში შეხედა და უთხრა:
- ოჰო, კვლავ ჩვენს მხარეში ხარ! საიდან მოხველ?
მეგზურმა მრავლისმეტყველად ჩაუკრა თვალი და ანდაზურად მიუგო:
- ბოსტანს ვიყავ, კანაფს ვკენკდი, ბებომ ამაცდინა კენჭი. თქვენები რაღასა შვრებიან?
- ჩვენები რა! - მიუგო მასპინძელმა და ნართაული საუბარი განაგრძო: - დაიწყეს მწუხრის რეკვა, მაგრამ მღვდლის დედაკაცმა არა ჰქნა: უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შესევიანო.
- იყუჩე, ძია კაცო, - შეესიტყვა ჩემი მაწანწალა. - გაწვიმდება და სოკოც ამოვა, ხოლო სოკო თუ იქნა, ხოკერიც იქნება. ახლა კი (ამ დროს კვლავ ჩაუკრა თვალი) ნაჯახი წელში გაიჩარე: მეტყევე დადის! თქვენო კეთილშობილებავ! იცოცხლეთ! - მითხრა მე, ჭიქა აიღო, პირჯვარი გადაიწერა და სასმელი გადაჰკრა. შემდეგ თავი დამიკრა და ფიცარნაგზე დაბრუნდა.
ამ ქურდულ საუბარს მაშინ ვერ ჩავწვდი. შემდეგ კი მივხვდი, რომ ლაპარაკი იყო 1772 წელს აჯანყებულ და იმხანად ახლად დათრგუნვილ იაიკელთა ჯარზე. საველიჩი ფრიად უკმაყოფილო უსმენდა მათ, უნდოდ უყურებდა ხან მასპინძელს, ხან მეგზურს. ფუნდუკი, ანუ იქაურულად უ მ ე ტ ი, განაპირებული იდგა ველზე, ყოველგვარი სოფელ-ადგილის მოშორებით და ძალიან ჰგავდა ყაჩაღთა სადგომს, მაგრამ რა გაეწყობოდა. გზის განგრძობაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა. საველიჩის მოუსვენრობა ერთობ მართობდა. ამასობაში ღამის გასათევად მოვეწყვე და მერხზე წამოვწექი. საველიჩმა ღუმელზე მოკალათება გადაწყვიტა. მასპინძელი იატაკზე დაწვა. მალე მთელი ქოხი ახვრინდა, მეც ძილქუშმა დამრია ხელი.
დილით საკმაოდ გვიან გავიღვიძე, ქარბუქი ჩამდგარიყო. მზე კაშკაშებდა. უნაპირო ტრამალს თვალისმომჭრელი სუდარასავით ეფინა თოვლი. კიბიტში ცხენები შეებათ. მე ანგარიში გავუსწორე მასპინძელს, რომელმაც ისე ზომიერი ქირა გადაგვახდევინა, საველიჩიც კი არ შეკამათებია, არ შევაჭრებია ჩვეულებისამებრ და სავსებით გაუქრა გუშინდელი ეჭვები. მე მოვიხმე მეგზური, მადლობა გადავუხადე დახმარებისათვის და საველიჩს ვუბრძანე, საარყედ ათშაურიანი მიეცა. საველიჩი შეიჭმუხნა.
- ათი შაური საარყედ! - მითხრა მან. - ვითომ რისთვის? იმისთვის, რომ შენ თითონ მოაბრძანე ფუნდუკში? როგორც გენებოს, ბატონო, და ჩვენ ზედმეტი ათშაურიანები კი არა გვაქვს. თუ ყველას საარყე ფული აძლიეთ, მალე თვითონ აგვეწვება კუჭი შიმშილით.
საველიჩს კამათს ვერ გავუმართავდი. დაპირებისამებრ, ფულის ბატონ-პატრონი ის იყო. ოღონდ გულს მაკლდა, რომ არ შემეძლო მადლობა მეთქვა კაცისთვის, რომელმაც თუ უბედურება არა, ერთობ არასასიამოვნო მდგომარეობა ამაშორა თავიდან.
- კარგი, - ვუთხარი საველიჩს ცივად. - რაკი ათშაურიანს ვერ იმეტებ, ჩემს სამოსში რაიმე გამოუნახე. კაცს შილიფად აცვია. მიეცი ჩემი კურდღლის ტყაპუჭი.
- როგორ გეკადრება, ჩემო პიოტრ ანდრეიჩ! რად უნდა შენი კურდღლის ტყაპუჭი? პირველსავე სამიკიტნოში სასმელს გადააგებს ძაღლი-მამაძაღლი.
- ბებრუცანა, ეგ უკვე შენ არ გეკითხება, სასმელს გადავაგებ თუ არა, - მიუგო ჩემმა მაწანწალამ. - მისი კეთილშობილება საკუთარ ქურქს იხდის და მჩუქნის. ეს მისი ბატონკაცური ნებაა, ხოლო შენი მონური საქმეა, სიტყვის შეუბრუნებლად გაუგონო!
- ღმერთის შიში არა გაქვს, შე ყაჩაღო შენა! - მწყრალად მიუგო საველიჩმა. - ხედავ, რომ ბალღი ჯერჯერობით ხამია, შენ კი მისი გატყავება გსიამოვნებს, მისი უზაკველობა გახარებს. რად გინდა ბატონის ტყაპუჭი? მაგ წყეულ გაბარჯღულ ბეჭებზე მაინც ვერ შემოიცმევ.
- გთხოვ, ნუ პეიტრობ, - ვუთხარი ჩემს გამდელს. - ახლავე მომიტანე ტყაპუჭი.
- ღმერთო მაღალო! - დაიკვნესა ჩემმა საველიჩმა. - კურდღლის ტყაპუჭი თითქმის სულ ახალია! ვინმე ისეთს რომ აძლევდე, კიდევ ჰო, მაგრამ გაღლეტილ ლოთს.
ამის მიუხედავად ტყაპუჭი მოიტანა. გლეხმა იქვე დაიწყო მორგება. მართლაც, ტყაპუჭი რომელიც უკვე მეც დამიპატარავდა, მისთვის, ცოტა არ იყოს, ვიწრო გამოდგა. მაგრამ იმდენი ქნა, მაინც ჩაიცვა, ოღონდ ნაკერები გაარღვია. საველიჩმა ლამის იბღავლა ძაფების ფხრაწაფხრუწის გაგონებაზე. მაწანწალა ერთობ კმაყოფილი დარჩა ჩემი საჩუქრით. კიბიტამდე მიმაცილა, თავი მდაბლად დამიკრა და მითხრა:
- გმადლობთ, თქვენო კეთილშობილებავ! ღმერთმა მაგ სიქველის სანაცვლო მოგაგოთ. არასდროს დავივიწყებ თქვენს წყალობას.
მაწანწალა თავისი გზით წავიდა, მე კი ჩემით, ყურადღება არ მიმიქცევია საველიჩის გულისწყრომისთვის და მალე დამავიწყდა გუშინდელი ქარბუქიც, ჩემი მეგზურიცა და ტყაპუჭიც.
ორენბურგში ჩასვლისთანავე პირდაპირ გენერალს გამოვეცხადე. მე ვიხილე მაღალ-მაღალი, მაგრამ უკვე სიბერისაგან მოხრილი კაცი. გრძელი თმა ერთიანად გასთეთრებოდა. ძველი გახუნებული მუნდირით ანა იოანოვნას დროინდელ მეომარს მოაგონებდა ადამიანს, ხოლო ლაპარაკში ძლიერ ემჩნეოდა გერმანული კილო. მივაწოდე მამაჩემის წერილი. მამის სახელის გაგონებაზე სწრაფად შემომხედა და მითხრა:
- გმერთო ჩემო! დიდი ხანია განა, რაც ანდრეი პეტროვიჩი შენი ხნისა იყო, ახლა კი აი, უკვე რა ვაშკაცი ჰყავს! ეჰ, ხანი, ხანი!
გენერალმა წერილი გახსნა და ხმადაბლა დაიწყო კითხვა, შიგადაშიგ შენიშვნებს ურთავდა:
- “მოწყალეო ხელმწიფევ ანდრეი კარლოვიჩ, ვიმედოვნებ, რომ თქვენს აღმატებულებას...” ეს რა სერემონიააა ფუ, როგორ არ ესირცხვება! რა თქმა უნდა, დისციპლინა მთავარია, მაგრამ განა ასე წერენ ძველ კამრადს?.. “თქვენს აღმატებულებას არ დავიწყებია...” ჰმ... “და როცა... განსვენებული ფელდმარშალი მინ... ლაშქრობისას... აგრეთვე... კაროლინკა...” ეჰე, ბრუდერ! მაშ, კიდევ ახსოვს ჩვენი ოინბაზობა? “ახლა საქმეზე... თქვენ ჩემს ქარაფშუტა ბიჭს...” ჰმ... “გყავდეთ ზგარბის ხელჯაგში...” რას ნიშნავს ზგარბის ხელდჟაგი? - მკითხა ახლა მე.
რაც შეიძლება მიამიტურად დავიჭირე თავი და მივუგე:
- ეს იმას ნიშნავს, რომ მომეპყროთ გულთბილად, მაინცდამაინც სიმკაცრე არ გამოიჩინოთ და უფრო მეტად მიმიშვათ ნებაზე, მიყოლიოთ ზღარბის ხელჯაგში.
- ჰო, მესმის... “და არ მიუშვათ თავის ნებაზე” არა, ეტყობა, ზგარბის ხელდჟაგი სხვას ნიშნავს... “ამასთანავე... მისი პასპორტი...” კი, მაგრამ პასპორტი სადღაა? აჰ, აგერაა... “ეცნობოს სემიონოვის პოლკს”... კარგი, კარგი, ყველაფერი გაკეთდება... “ნებას მომცემ შინაურულად გადაგეხვიო და... ძველ ამხანაგად და მეგობრად”. აჰ! როგორც იქნა, მიხვდა... და სხვა და სხვა... აბა, გენაცვა, - მითხრა, როცა წერილი ჩაიკითხა და ჩემი პასპორტი გვერდზე გადადო. - ყველაფერი გაკეთდება: შენ ოფიცრად იქნები გადაყვანილი **პოლკში და, დრო რომ არ დაკარგო, ხვალვე გაემგზავრე ბელოგორის ციხესიმაგრეში, სადაც კაპიტან მირონოვის, კეთილი და პატიოსანი კაცის რაზმში იმსახურებ. იქ ნამდვილ სამსახურში მოხვდები. ისწავლი დისციპლინას. ორენბურგში შენ არაფერი გესაქმება, დროსტარება ვნებს ახალგაზრდა კაცს. დღეს კი გთხოვ, ჩემთან ისადილო...
“თანდათან უარესი და უარესი რამ მემართება! რა მარგო, თითქმის დედის საშოში რომ უკვე გვარდიის სერჟანტი ვიყავი! - გავივლე გულში. - სად ამომაყოფინა ამან თავი? **პოლკსა და გადაკარგულ ციხესიმაგრეში ყირგიზ-ყაისაღთა ტრამალების საზღვარზე!..” ვისადილე ანდრეი კარლოვიჩთან. სუფრას მისი მოხუცი ადიუტანტიც უჯდა. მაგიდაზე მკაცრი გერმანული მომჭირნეობა სუფევდა და ვფიქრობ, გარნიზონში ჩემი საჩქაროდ გაძევების მიზეზი ნაწილობრივ იყო იმის შიში, რომ ზედმეტი სტუმარი არ სწვეოდა ხანდახან მარტოხელა კაცის სუფრას. მეორე დღეს გენერალს გამოვემშვიდობე და ჩემი გამწესების ადგილისკენ ვქენი პირი.

მესამე თავი

ციხესიმაგრე

სიმაგრეში ვცხოვრობთ ჩვენა,
პური, წყალი გვიჩანს ლხენად.
მაგრამ ოდეს ულმობელი
მტერი ჩვენგან ღვეზელს ელის,
გავუმართავთ ნადიმს ისეთს -
ქვემეხიდან ფინდიხს მივცხებთ.
სალდათური სიმღერა
ჩვენ ძველი ხალხი ვართ, გენაცვა.
“უმწიფარა”

ბელოგორის ციხესიმაგრე ორენბურგიდან ორმოც ვერსზე მდებარეობდა. გზა იაიკის ციცაბო ნაპირს მიუყვებოდა. მდინარეს ჯერჯერობით ყინული არ მოსდებოდა და მისი ჯანღისფერი ტალღები თეთრი თოვლით შესუდრულ ერთფეროვან ნაპირებს შორის შავად, ნაღვლიანად კრთოდნენ. მათ მიღმა ყირგიზეთის ტრამალები გაშლილიყო. მე ფიქრებმა დამრია ხელი, მეტწილად მწუხარე ფიქრებმა. გარნიზონის ცხოვრება გულზე არ მეხატებოდა. ვცდილობდი წარმომედგინა, როგორი იყო კაპიტანი მირონოვი, ჩემი მომავალი უფროსი, და მესახებოდა სასტიკ, მწყრალ მოხუცად, თავისი სამსახურის გარდა რომ სხვა არაფრის გაგონება არ უნდა და მზადაა ერთი ბეწო რამეზე ვირის აბანოში ხმელა პურსა და წყალზე დამსვას. ამასობაში დაიძრა ბინდბუნდი. მივდიოდით საკმაოდ ჩქარა. შორს არის-მეთქი ციხესიმაგრე? - ვკითხე ჩემს მეეტლეს.
- არაა შორს, - მიპასუხა მან. - აგე, უკვე ჩანს.
აქეთ-იქით ვიყურებოდი, მრისხანე ბასტიონებს, კოშკებს და თხრილს დავინახავ-მეთქი, მაგრამ ძელებით შემოზღუდული პატარა სოფლის გარდა ვერა ვიხილე რა. ერთ მხარეს სანახევროდ თოვლით ჩაჩუმქრული თივის სამი თუ ოთხი ზვინი იდგა, მეორე მხარეს - მოღრეცილი წისქვილი, რომელსაც ზანტად დაეშვა ლაფნის ფრთები.
- კი მაგრამ, ციხესიმაგრე სადღაა? - გავიოცე მე.
- სად და აგერ, - მიპასუხა მეეტლემ და სოფელზე მიმითითა. ეს იყო და სოფელში შევედით. ჭიშკართან თუჯის ძველ ქვემეხს ვკიდე თვალი, ქუჩები ვიწრო იყო და მიხლაკნილ-მოხლაკნილი, ქოხები - დაბალი და მეტწილად ჩალით გადახურული. მეეტლეს ვუბრძანე, კომენდანტთან გასწი-მეთქი და ერთი წუთის შემდეგ კიბიტი გაჩერდა ხის პატარა სახლის წინ. იგი შემაღლებულ ადგილას იყო აგებული ხისსავე ეკლესიის მახლობლად.
არავინ შემხვედრია. გავემართე დერეფნისკენ, შევაღე წინოთახის კარი. მოხუცი ინვალიდი მაგიდაზე იჯდა და მწვანე მუნდირს იდაყვებზე ლურჯ ნაჭერს აკერებდა. ვუბრძანე, ჩემი მოსვლა ეუწყებინა ვისთვისაც ჯერ არს.
- შედი ჭირიმე, - მიპასუხა ინვალიდმა, - ჩვენები შინ არიან.
შევედი ძველებურად მორთულ პატარა სუფთა ოთახში. კუთხეში კარადა იდგა, კარადაში ჭურჭელი ეწყო. კედელზე მინიან ჩარჩოში ჩასმული ოფიცრის დიპლომი ეკიდა, იქვე ჩანდა უბრალო სურათები, რომლებიც გამოხატავდნენ კისტრინისა და ოჩაკოვოს აღებას, აგრეთვე საცოლეს არჩევას და კატის დასაფლავებას. ფანჯარასთან მოხუცი ქალი იჯდა, სათბურა ეცვა და თავსაფარი წაეკრა; ძაფს ახვევდა, ოფიცრის მუნდირით მოსილი ცალთვალა ბერიკაცის ხელებზე გადაჭიმულს.
- რა გნებავთ, გენაცვა? - მკითხა ისე, რომ საქმისთვის თავი არ გაუნებებია.
მივუგე - სამსახურში მოვედი და მოვალეობისამებრ გამოვცხადდი ბატონ კაპიტანთან-მეთქი. მე ცალთვალა ბერიკაცი კომენდანტი მეგონა და დავაპირე მისთვის მიმემართა, მაგრამ ქალმა გაზეპირებული სიტყვა შემაწყვეტინა:
- ივან კუზმიჩი შინ არ გახლავთ, სტუმრადაა მამა გერასიმთან. მაგრამ, არა უშავს, გენაცვა, მე მისი დიასახლისი ვარ. გთხოვთ, გიყვარდეთ და გვწყალობდეთ. დაჯექით, გენაცვა.
ქალმა მოახლეს გასძახა და უბრძანა, ურიადნიკი მოიყვანეო. ბერიკაცი თავისი ცალი თვალით გაფაციცებული მათვალიერებდა.
- ვბედავ და გკითხავთ, რომელ პოლკში მსახურობდით? - მომმართა მან.
მისი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილე.
- მაგრამ ვბედავ და გკითხავთ, - განაგრძო ბერიკაცმა, - რატომ ინებეთ გვარდიიდან გარნიზონში გადმოსვლა?
მივუგე - ასე მოიგუნებეს-მეთქი უფროსებმა.
- ალბათ გვარდიის ოფიცრისათვის უკადრისი საქციელისა გამო, არა? - განაგრძობდა დაუცხრომელი ბერიკაცი.
- გეყოფა როტვა, - უთხრა კაპიტნის ცოლმა. - ხედავ, ჭაბუკი გზაში დაიღალა. შენთვის არა სცხელა... (ხელები უფრო გამართულად დაიჭირე...) შენ კი, გენაცვა, - ახლა მე მომმართა ქალმა, - ყურებს ნუ ჩამოყრი, რომ ამ გადასაკარგავში ამოგაყოფინეს თავი. შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. მოთმინება სიყვარულის ეტიკიაო. შვაბრინი, ალექსეი ივანიჩი, აგერ უკვე მეხუთე წელია ჩვენთანაა გადმოყვანილი მკვლელობისათვის. ღმერთმა უწყის, რა ცოდვამ აუბა თვალი. თურმე ერთ პორუჩიკთან ერთად ქალაქგარეთ გასულა, თან დაშნები წაუღიათ, ჰოდა, ერთმანეთზე გაუწევიათ და ალექსეი ივანიჩს პორუჩიკი გაუგმირავს ორი მოწმის თვალწინ! რა ვუყოთ? ცოდვისაგან ვინაა დაზღვეული.
ამ დროს შემოვიდა ურიადნიკი, ახალგაზრდა და ბრგე კაზაკი.
- მაქსიმიჩ! - უთხრა კაპიტნის ცოლმა. - ბ-ნ ოფიცერს ბინა მიუჩინე, რაც შეიძლება სუფთა.
- მესმის, ვასილისა ეგოროვნა, - მიუგო ურიადნიკმა. - მისი კეთილშობილება ივან პოლეჟაევთან ხომ არ დავაყენო?
- რას მიედ-მოედები, მაქსიმიჩ, - უთხრა კაპიტნის ცოლმა. - პოლეჟაევთან ისედაც სივიწროვეა; იგი ხომ ჩემი ნათლიმამაა და ახსოვს, რომ ჩვენ მისი უფროსები ვართ. ბ-ნ ოფიცერს ბინა მიუჩინე... თქვენი სახელი და მამის სახელი, გენაცვა? პიოტრ ანდრეიჩი. პიოტრ ანდრეიჩს სემიონ კუზოვთან მიუჩინე ბინა. იმ თაღლითმა თავისი ცხენი ჩემს ბოსტანში შემოუშვა. ისე, მაქსიმიჩ, ყველაფერი კარგადაა?
- ყველაფერი, მადლობა ღმერთს, სიწყნარეა, ოღონდ კაპრალი პროხოროვი აბანოში უსტინია ნეგულინას წაეჩხუბა ერთი კუტალი ცხელი წყლისათვის.
- ივან იგნატიჩ! - უთხრა კაპიტნის ცოლმა ცალთვალა ბერიკაცს, - გამოარკვიე, რა ჩხუბი აუტეხა პროხოროვმა უსტინიას, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. პიოტრ ანდრეიჩ, მაქსიმიჩი თქვენს ბინაში მიგიყვანთ.
გამოვემშვიდობე კაპიტნის ცოლს. ურიადნიკმა ციხესიმაგრის განაკიდეს, მდინარის მაღალ ნაპირზე მდგომ ქოხში მიმიყვანა. ნახევარ ქოხში სემიონ კუზოვის ოჯახი სახლობდა, ნახევარი მე გამომიყვეს. ჩემი ნახევარი, ტიხრით ორ ნაწილად გაყოფილი, საკმაოდ სუფთა ოთახი იყო. საველიჩი მიდგა-მოდგა, მე კი ვიწრო ფანჯარაში დავიწყე ცქერა. წინ ნაღვლიანი ტრამალი გადაჭიმულიყო. განზე რამდენიმე ქოხი იდგა. ქუჩაში კიდევ რამდენიმე ქათამი დაბორიალებდა. პარმაღზე გადმომდგარ მოხუც ქალს გეჯა ეჭირა და ღორებს ეძახდა. ისინიც გულითადი ღრუტუნით უპასუხებდნენ. აი, სად უნდა გამეტარებინა ჩემი ახალგაზრდობა! სევდამ დამრია ხელი. ფანჯარას მოვცილდი და უვახშმოდ დავწექი საველიჩის ჩიჩინის მიუხედავად.
- ღმერთო მაღალო! არაფერს იკარებს პირში! რას იტყვის ქალბატონი, ბავშვი რომ შეუძლოდ გახდეს? - მწუხარედ იმეორებდა იგი.
მეორე დღეს დილით, ის იყო, ჩაცმა დავიწყე, რომ კარი გაიღო და შემოვიდა ტანდაბალი ახალგაზრდა ოფიცერი, შავგვრემანი და ერთობ უშნო, მაგრამ უჩვეულოდ ცოცხალი სახის პატრონი.
- უკაცრავად, - მითხრა ფრანგულად, - რამეთუ იწილო-ბიწილოს გარეშე მოვდივართ თქვენს გასაცნობად. გუშინ შევიტყვე, რომ ჩამოსულხართ და ბოლოს და ბოლოს ადამიანური სახის ხილვა ისე მომენატრა, შინ გული არ დამიდგა. ამას ჩაწვდებით, როცა აქ კიდევ რამდენიმე ხანს იცხოვრებთ.
მივხვდი, რომ ეს იყო გვარდიიდან დუელისთვის გამოძევებული ოფიცერი. მაშინვე გავიცანით ერთმანეთი. შვაბრინი ჭკვიანი კაცი ჩანდა. მახვილგონივრული და თავშესაქცევი საუბარი იცოდა. მეტად სასეიროდ ამიწერა კომენდანტის ოჯახი, მისი წრე და მხარე, სადაც ბედმა მიკრა თავი. მე გულალალად ვიცინოდი, როცა სწორედ ის ინვალიდი შემოვიდა, რომელიც კომენდანტის წინოთახში მუნდირს აკერებდა და მითხრა, ვასილისა ეგოროვნამ შემოგითვალათ, სადილზე მეწვიეთო. შვაბრინმა მოიწადინა, ერთად წავიდეთო.
კომენდანტის სახლს მიახლოებულებმა მოედანზე მწყობრში ჩამდგარი გრძელნაწნავებიანი და სამკუთხედქუდიანი ოციოდე მოხუცი ინვალიდი დავინახეთ. მათ წინ იდგა კომენდანტი, მხნე, მაღალ-მაღალი მოხუცი, ჩაჩდახურული და ჩინურასგან შეკერილი ხალათით მოსილი. რომ შეგვამჩნია, მოვიდა, მე რამდენიმე ალერსიანი სიტყვა მითხრა და კვლავ განაგრძო თავისი საქმე. დავაპირეთ მეცადინეობისათვის გვეცქირა, მაგრამ გვთხოვა, ვასილისა ეგოროვნასთან წავსულიყავით. აღგვითქვა, მეც ფეხდაფეხ მოგყვებითო.
- აქ კი რას უნდა უყუროთ? - დაურთო ნათქვამს.
ვასილისა ეგოროვნა შინაურულად და გულთბილად შეგვხვდა. მე ისე მომექცა, თითქოს მთელი სიცოცხლე მიცნობდა. ინვალიდი და პალაშკა სუფრას აწყობდნენ.
- დღეს ჩემი ივან კუზმიჩი ასე როგორ გადაჰყვა მეცადინეობას! - თქვა კომენდანტის ცოლმა. - პალაშკა, დამიძახე ბატონს, სადილზე მოდი-თქო, მაშა სადღაა?
ამ დროს შემოვიდა თვრამეტიოდე წლის პირმრგვალი სახეღაჟღაჟა ქალიშვილი, ქერა თმა სადად გადაევარცხნა ყურებს უკან. ყურებზე კი პირდაპირ ალმური ასდიოდა. თავიდან არცთუ მომეწონა. შვაბრინმა მაშა, კაპიტნის ასული, მთლად სულელად დამიხატა და ამიტომ ახლა მას წინასწარ სხვანაირად ჩაგონებული ვუცქეროდი. მარია კუთხეში დაჯდა და კერვა დაიწყო. ამასობაში მოიტანეს შჩი. კომენდანტი რომ არ გამოჩნდა, ვასილისა ეგოროვნამ ისევ გაგზავნა პალაშკა.
- ბატონს უთხარი, სტუმრები გიცდიან, შჩი გაცივდება-თქო. მადლობა ღმერთს, მეცადინეობა არსად წაუვა, მოასწრებს ყვირილით გულის მოჯერებას.
კაპიტანი მალე გამოცხადდა, თან ცალთვალა მოხუციც ახლდა.
- რას ჰგავს ეს, გენაცვა? - უთხრა ცოლმა. - სუფრა რახანია გაშლილია, შენი მოსვლა კი არა და არ იქნა.
- მოიცა, ვასილისა ეგოროვნა, - მიუგო ივან კუზმიჩმა, - სამსახურის გამო ვერ მოვიცალე: ჯარსიკაცებს ვამეცადინებდი.
- კარგი ერთი! - შეაწყვეტინა ცოლმა. - შენც ვითომ ამეცადინებ სალდათებს. მაგ სამსახურის არც მათ გაეგებათ რამე და არც შენ. უკეთესი იქნებოდა, შინ მჯდარიყავი და გელოცა. ძვირფასო სტუმრებო, გთხოვთ, სუფრასთან მობრძანდეთ.
მივუსხედით მაგიდას. ვასილისა ეგოროვნა წუთით არ ასვენებდა ენას და კითხვას კითხვაზე მაყრიდა: რა ხალხია შენი მშობლები, ცოცხლებია თუ არა, სად ცხოვრობენ და რა ავლა-დიდება მოეძევებათო. რომ გაიგო, მამაჩემს სამასი სული გლეხი ჰყავდა, მითხრა:
- პატარა ამბავია! ხომ არის ამქვეყნად მდიდარი ხალხი! ჩვენ კი, გენაცვა, სულ ერთადერთი გოგო პალაშკა გვყავს და, მადლობა ღმერთს, ვცხოვრობთ, არა გვიშავს რა. ოღონდ ერთი უბედურებაა ჩვენს თავს: მაშა გასათხოვარია, მერედა რა მზითევი აქვს? მაგის ავლა-დიდებაო (ღმერთო, ნუ მიწყენ) კურდღელს აეკიდებაო. კიდევ კარგი, თუ ვინმე კეთილი კაცი გამოუჩნდა. არადა მთელი დღე და მოსწრება იჯექი გაუთხოვრად.
თვალი შევავლე მარია ივანოვნას. ქალიშვილს სახე აელეწა და თეფშში კურცხლებიც კი ჩაეწვეთა. შემეცოდა და საუბრის შეცვლას დავეშურე.
- ყური მოვკარი, რომ ბაშკირებს თქვენს ციხესიმაგრეზე თავდასხმა განუზრახავთ, - ვთქვი საკმაოდ უადგილოდ.
- ეგ ვისგან გაიგე, გენაცვა? - მკითხა ივან კუზმიჩმა.
- ორენბურგში მითხრეს, - მივუგე მე.
- სისულელეა! - თქვა კომენდანტმა. - ჩვენ კარგა ხანია არა გვსმენია რა. ბაშკირები დამფრთხალნი არიან, ყირგიზებსაც ჭკუა აქვთ ნასწავლი, ალბათ ჩვენსას ცხვირს ვერ შემოყოფენ, ხოლო თუ შემოყვეს, ისეთ დღეს დავაყრი, ათი წლით ხმას ჩავაწყვეტინებ.
- მერედა თქვენ არ გაკრთობთ ციხესიმაგრეში დარჩენა, რომელსაც ეგოდენი საფრთხე ემუქრება? - მივმართე კაპიტნის ცოლს.
- შეჩვევის ამბავია, გენაცვა, - მიპასუხა მან. - აქ ოცი წლის წინათ გადმოგვიყვანეს პოლკიდან და, ღმერთო, ნუ გამახსენებ, რარიგ მეშინოდა ამ შეჩვენებული ურწმუნოებისა! ხანდახან, როცა მათ ფოცხვერის ბეწვის ქუდებს დავლანდავდი და მათ წივილ-კივილს მოვკრავდი ყურს, გჯერა თუ არა, ჩემო კარგო, გული მიჩერდებოდა! ახლა კი ისე შევეჩვიე, ფეხსაც არ მოვიცვლი, რომ მოვიდნენ და გვითხრან, ავაზაკები ციხესიმაგრის მახლობლად დაძრწიანო.
- ვასილისა ეგოროვნა უმამაცესი ქალია, - მედიდურად შენიშნა შვაბრინმა. - ივან კუზმიჩს შეუძლია დამიმოწმოს, რომ ასეა.
- ჰო, - თქვა ივან კუზმიჩმა, - გულმაგარი დიაცია.
- მარია ივანოვნა როგორიღაა? თქვენებრ გაბედულია? - ვკითხე მე.
- გაბედული თუა მაშა? - მიპასუხა დედამისმა. - არა, მაშა მშიშარაა, თოფის ხმას დღემდე ვერ შეჰგუებია. მის გაგონებაზე სულ კანკალი უვლის. ხოლო ამ ორი წლის წინათ ჩემი სახელის დღეს რომ ივან კუზმიჩს ჩვენი ქვემეხების დაქუხება მოუვიდა ფიქრად, ჩემმა გოგოცუნამ შიშისაგან კინაღამ სული გააცხო. იმ დღიდან წყეულ ქვემეხს აღარც ვისვრით.
წამოვდექით მაგიდიდან. კაპიტანი ცოლითურთ დასაძინებლად გაემართა. მე კი შვაბრინთან წაველ და მთელი საღამო იმასთან დავყავი.

მეოთხე თავი

დუელი

შენ მოდი, დადექ პოზიტურაში
და ნახავ, როგორ განგგმირავ მაშინ!
კნიაჟნინი

გავიდა რამდენიმე კვირა და, რომ მეგონა, ბელოგორის ციხესიმაგრეში ვერ გავძლებდი, ახლა სასიამოვნოც კი გამოდგა იქ ცხოვრება. კომენდანტისას მთლად შინაურივით მექცეოდნენ. ცოლ-ქმარი მეტად პატივცემული ადამიანები გახლდათ. ივან კუზმიჩი, პოლკის სკოლიდან გამოსული ოფიცერი, უწიგნური და უბრალო, მაგრამ უაღრესად სპეტაკი და სათნო კაციÉიყო. არაფერს აინუნში არ აგდებდა და ცოლიც თავის ნებაზე დაატარებდა. ვასილისა ეგოროვნა სამსახურის საქმეებსაც საოჯახო საქმეებივით ეკიდებოდა და ციხესიმაგრეს ზუსტად ისევე მართავდა, როგორც თავის პატარა სახლს. მარია ივანოვნამ მალე დაძლია ჩემთან მორცხვობა. გავიცანით ერთმანეთი. მასში მე შევიცანი გონიერი და მგრძნობიარე ქალიშვილი. ვერც შევამჩნიე, ისე შევეთვისე კომენდანტის კეთილ ოჯახს, ივან იგნატიჩსაც კი, გარნიზონის ცალთვალა პორუჩიკს, რომელსაც შვაბრინმა მოუგონა, ვასილისა ეგოროვნას ჰყვარობსო. ამ მონაგონში სიმართლის ნატამალი არ იყო, მაგრამ შვაბრინს ეს არ ენაღვლებოდა.
მიბოძეს ოფიცრობა. სამსახური სულს არ მიწუხებდა. ამ ნეტარ ციხესიმაგრეში არც დათვალიერებანი იყო, არც მეცადინეობა, არც გუშაგობა. კომენდანტს როცა მოეპრიანებოდა, მაშინ ამეცადინებდა ხოლმე თავის სალდათებს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია იმას, რომ ყველას სცოდნოდა, საით იყო მარჯვენა და საით მარცხენა. შვაბრინს რამდენიმე ფრანგული წიგნი მოეძევებოდა. მე კითხვა დავიწყე და ლიტერატურაზე შემივარდა გული. დილდილობით ვკითხულობდი, ვვარჯიშობდი თარგმანში, ზოგჯერ ლექსების წერაშიც. თითქმის ყოველთვის კომენდანტთან ვსადილობდი, სადაც ჩვეულებრივ ვატარებდი დღის დანარჩენ ნაწილს და სადაც საღამოობით ხანდახან ფეხს შემოდგამდა მამა გერასიმი თავის ცოლთან, მთელ იმ არემიდამოზე პირველ ჭორიკანა აკულინა პამფილოვნასთან ერთად. ა. ი. შვაბრინს, რასაკვირველია, ყოველდღე ვხვდებოდი, მაგრამ მისი საუბარი თანდათან აღარ მეპიტნავებოდა, სრულიად არ მეხატებოდა გულზე შვაბრინის გამუდმებული ხუმრობა კომენდანტის ოჯახზე, მეტადრე მარია ივანოვნას მისამართით გამოთქმული ღვარძლიანი შენიშვნები. სხვა საზოგადოება ციხესიმაგრეში არ მოიძევებოდა და არც ვნატრობდი.
მიუხედავად წინასწარმეტყველებისა, ბაშკირები აჯანყებას არ აწყობდნენ. ჩვენს ციხესიმაგრეს ირგვლივ სიმშვიდე ადგა, მაგრამ სიმშვიდე იგი განიმქრა მოულოდნელი შინაომის გამო.
უკვე მოგახსენეთ, ლიტერატურულ მოღვაწეობას მოვკიდე-მეთქი ხელი. ჩემი ლიტერატურული ცდები იმ დროისათვის არც ისე ხელწამოსაკრავი გახლდათ და ალექსანდრ პეტროვიჩ სუმაროკოვი რამდენიმე წლის შემდეგ ერთობ აქებდა მათ. ერთხელ სიმღერის დაწერა მოვახერხე. სიმღერით კმაყოფილი დავრჩი. ცნობილია, რომ მწერლები ზოგჯერ იმის საბაბით, თითქოს რჩევის მიღება სურთ, კეთილგანწყობილ მკითხველს ეძებენ. ამრიგად გადავწერე სიმღერა და წავუღე შვაბრინს, რამეთუ მთელ ციხესიმაგრეში მას შეეძლო მოლექსეს ნაწარმოები შეეფასებინა. მოკლედ მოვახსენე, რისთვისაც ვეწვიე, შემდეგ ჯიბიდან პატარა რვეული ამოვიღე და ეს ლექსი წავუკითხე:
სიყვარულის აზრსა ვთრგუნავ
და ვივიწყებ მშვენიერსა.
აჰ, გავურბი მაშას მუდამ,
ვნატრი უიმისო დღესა.

მაგრამ თვალნი ჯადომქმნელნი
წინ მიკრთიან ყოველ წამსა,
შეცამიძრეს სული მთელი,
მიკარგვენ მოსვენებასა.
როს გაიგებ ჩემს ჭირ-ვარამს,
და უწყალო დღეში მნახავ,
როს შეიტყობ, გმონებ მარად,
შემიბრალე, ნუ დამძრახავ.

- მოგწონს? - ვკითხე შვაბრინს. მე ქებას მოველოდი, რამეთუ მწამდა, რომ ნამდვილად ღირსი ვიყავი ამისა, მაგრამ შვაბრინმა, ჩვეულებისამებრ შემწყნარებელმა კაცმა, მომახალა, სიმღერა ცუდიაო, რითაც დიდად მაწყენინა. მე კი წყენა არ გავამჟღავნე და ვკითხე:
- რატომ?
- იმიტომ, რომ ასეთი ლექსები ჩემი მასწავლებლის, ვასილ კირილიჩ ტრედიაკოვსკის საკადრისია და ნამეტანი მაგონებს მის სასიყვარულო შაირებს, - მიპასუხა მან. შემდეგ რვეული გამომართვა და დაიწყო ყოველი სტრიქონის და სიტყვის უწყალოდ გარჩევა. არჩევდა და ღვარძლიანად დამცინოდა. ვერ მოვითმინე, რვეული გამოვტაცე და ვუთხარი, ეს დღე და ეს დღე, შენთან ნაწერის მომტანი არა ვარ-მეთქი. შვაბრინმა ეს ქადილიც გამიქიაქა: - ვნახოთ ერთი, რა სიტყვის პატრონიცა ხარ: მოლექსეებს ისევე სჭირდებათ მსმენელი, როგორც ივან კუზმიჩს სურა არაყი სადილის წინ. მაინც ვინაა ეს მაშა, რომელმაცა რომა სული ნაზი სიყვარულით შეცაგიძრა და ტრფობის ჭირ-ვარამში გაგხვია? ვითომ მარია ივანოვნაა?
- ვინცაა, შენი საკითხავი არ გახლავს, - მივუგე წარბშეკრულმა. - არც შენს აზრს ვითხოვ და არც შენს მიხვედრილობას.
- ოჰო! თავმოყვარე მოლექსე და მორცხვი მიჯნური! - განაგრძობდა შვაბრინი. იგი უფრო და უფრო მაღიზიანებდა. - ისე, ყურად იღე ეგ მეგობრული რჩევა: თუ გსურს საწადელი აისრულო, სიმღერებს ნუ მოიშველიებ.
- როგორ გავიგოთ ეს, ბატონო ჩემო? ერთი ამიხსენი.
- მოგიკვდეს ჩემი თავი. როგორ გაიგო და, თუ გსურს, მაშა მირონოვა შენთან ბინდბუნდზე მოდიოდეს ხოლმე, ნაზი ლექსების ნაცვლად საყურეები მიუძღვენი.
- რატომ გგონია იგი ასეთი?
- იმიტომ, რომ გამოცდილებით ვიცი, რა ზნე-ჩვეულების პატრონიცაა.
- მიჰქარავ, არამზადავ! - შევძახე გაშმაგებულმა. - ყოვლად უსირცხვილოდ მიჰქარავ.
შვაბრინს სახე ეცვალა. ხელზე ხელი მომიჭირა და მითხრა:
- ეს არ შეგრჩება, დუელში გამცემ პასუხს.
- კი, ბატონო, როცა გენებოს! - ვუპასუხე გახარებულმა. ამ წუთს მზად ვიყავი, იგი დამეგლიჯა.
ეს იყო და გავემართე ივან იგნატიჩთან. მას ნემსი ეჭირა და კომენდანტის ცოლის დავალებით საზამთროდ გასახმობი სოკოების გალას ასხამდა.
- აჰ, პიოტრ ანდრეიჩ! - თქვა ჩემს დანახვაზე. - თქვენს მოსვლას გაუმარჯოს! რამ მოგიყვანათ? ვბედავ და გკითხავთ - რა საქმე გაგჩენიათ?
მიუკიბ-მოუკიბავად ვუთხარი, ალექსეი ივანიჩს წავეჩხუბე და გთხოვთ, ჩემი სეკუნდანტი იყოთ-მეთქი. ივან იგნატიჩმა თავისი ერთადერთი თვალი დამაჭყიტა და ყურადღებით მომისმინა. შემდეგ მითხრა:
- თქვენ ამბობთ, რომ გინდა ალექსეი ივანიჩი განგმიროთ და მე მოწმედ გყავდეთ, ხომ? ასეა, არა? ვბედავ და გკითხავთ.
- დიახ.
- რას ბრძანებთ, პიოტრ ანდრეიჩ! ეს რა ჩაგიდევთ გულში! თქვენ და ალექსეი ივანიჩმა წაიჩხუბეთო? ქვეყანა არ დაქცეულა! ავი სიტყვა, ლანძღვა-გინება ჩაივლის, დაგავიწყდებაო. მან აქეთ გაგლანძღათ, თქვენ იქით გალანძღეთ. სიფათში გითავაზათ, თქვენ ყურის ძირში უთაქეთ ორჯერ-სამჯერ და ერთმანეთს გაეცალეთ, ჩვენ კი შეგარიგებთ. თორემ ვბედავ და გკითხავთ, კარგია განა, შენი მოძმე რომ განგმირო? კიდევ ჰო, თუ თქვენ განგმირეთ იგი, ალექსეი ივანიჩი, კისერი უტეხია, მე თვითონაც გულზე არ მეხატება, მაგრამ თუ მან გაგიყარათ დაშნა? რას ემსგავსება ეს? ვბედავ და გკითხავთ, ვინ გაცუცურაკდება?
საზრიანი პორუჩიკის მსჯელობამ ვერ გამტეხა. განზრახვაზე ხელი არ ამიღია.
- ნება თქვენია, - მითხრა ივან იგნატიჩმა. - ისე ჰქენით, როგორც ჭკუამ გაგიჭრათ. მოწმედ კი რისთვის უნდა ვიყო? რისი გულისთვის? ხალხი ჩხუბობს; ვბედავ და გკითხავთ, მერედა რა მოხდა? მადლობა ღმერთს, შვედებსაც შევბმივარ და თურქებსაც: საკმაოდ ბევრი რამ გადამიტანია.
ასე თუ ისე, ახსნა დავუწყე, რა ევალებოდა სეკუნდანტს, მაგრამ ივან იგნატიჩმა ვერა შეისმინა რა.
- როგორც გენებოთ, - მითხრა მან. - ხოლო თუ მაინცდამაინც უნდა ჩავერიო ამ საქმეში, მივალ ივან კუზმიჩთან და სამსახურებრივი მოვალეობისამებრ ვაცნობებ, რომ ციხესიმაგრეში სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ბოროტმოქმედებას აპირებენ და ბატონი კომენდანტი ხომ არ ინებებს საჭირო ღონისძიებანი გაატაროს...…
შემეშინდა და ივან იგნატიჩს შევთხოვე, კომენდანტთან კრინტი არ დაძრა-მეთქი. ძლივს დავიყოლიე. ივან იგნატიჩი დამპირდა, არას ვეტყვიო, და მეც გადავწყვიტე, გავცლოდი.
ის საღამო ჩვეულებისამებრ კომენდანტთან დავყავი. თავს ძალას ვატანდი, მხიარული და უზრუნველი ვჩვენებოდი იქ მყოფთ, რათა ვინმე გულისხმაში არ ჩამეგდო და ტვინის წამღები კითხვები ამერიდებინა, მაგრამ ვაღიარებ, ის უშფოთველობა არა მქონდა, რომლითაც თითქმის ყოველთვის ისინი ბაქიბუქობენ, ვისაც ჩემი მდგომარეობა გამოუვლია. ამ საღამოს სინაზისა და გულაჩუყების გუნებაზე ვიყავი. მარია ივანოვნა ჩვეულებრივზე უფრო მესათუთებოდა. იქნებ უკანასკნელად ვხედავ-მეთქი, - მიკრთოდა გონებაში და ეს ჩემს თვალში რაღაც გრძნობისამშლელი ელფერით მოსავდა ქალიშვილს. იქვე გაჩნდა შვაბრინი. გავინაპირე და ვუამბე, რაც ივან იგნატიჩს ველაპარაკე.
- რად გვინდა სეკუნდანტები? - მითხრა ცივად. - უიმათოდაც მოვაგვარებთ საქმეს.
დავთქვით, ციხესიმაგრის მახლობლად ზვინების იქით შევბრძოლებოდით ერთმანეთს და იქ მეორე დღეს დილის შვიდ საათზე გამოვცხადებულიყავით. ეტყობა, ისე გულითადად ვსაუბრობდით, გახარებულ ივან იგნატიჩს სიტყვა დასცდა:
- დიდი ხანია ასე უნდა ყოფილიყო, - მითხრა კმაყოფილი გამომეტყველებით. - უხეირო მშვიდობა სჯობს კარგ აშლილობასო. ეგ თუ პატივსადები საქმე არა, ჯანმრთელობისთვის მარგებელი მაინც იქნება.
- რაო, რაო, ივან იგნატიჩ? - ჰკითხა კომენდანტის ცოლმა, რომელიც კუთხეში კარტით მკითხაობდა. - ყური ვერ მოგიგდეთ.
ივან იგნატიჩმა უკმაყოფილება შემამჩნია, გაიხსენა თავისი დაპირება. შეცბა და აღარ იცოდა, რა ეპასუხა. იგი შვაბრინმა იხსნა გაჭირვებისაგან.
- ივან იგნატიჩს ჩვენი შერიგება ჭკუაში დაუჯდა, - თქვა მან.
- კი, მაგრამ, ვის ეჩხუბე, გენაცვა?
- მე და პიოტრ ანდრეიჩი ლამის გვარიანად წავკამათდით.
- რაზე?
- სალაპარაკოდაც არ ღირს: სიმღერაზე, ვასილისა ეგოროვნა.
- თქვენც მოგინახავთ, რაღა, ცილობის საგანი! სიმღერაზეო!.. მერედა როგორღა წაიჩხუბეთ?
- როგორ და პიოტრ ანდრეიჩმა ამ ცოტა ხნის წინათ სიმღერა დაწერა და ჩემთან იმღერა, მე კი ჩემი საყვარელი სიმღერა წამოვიწყე:

შუაღამით ნუ სეირნობ,
კაპიტანის ქალო...…

ჰოდა, წავლაპარაკდით, პიოტრ ანდრეიჩი ერთხანს გაგულისდა კიდეც, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, ვისაც რა მოეპრიანება, იმას იმღერებსო. ამით დამთავრდა საქმე.
შვაბრინის უსირცხვილობამ ლამის შემშალა. მაგრამ ჩემ გარდა ვერავინ მიხვდა მის უხეშ ქარაგმებს. ყოველ შემთხვევაში, მათ ყურადღებით არავინ მოჰკიდებია. საუბარმა სიმღერებიდან მოლექსეებზე გადაინაცვლა და კომენდანტმა შენიშნა, რომ ისინი ყველანი ხელიდან წასული და გამოუსწორებელი ლოთები იყვნენ, მე კი მეგობრულად მირჩია, ლექსის წერას მოეშვი, ეგ საქმე სამსახურისთვის შეუსაბამოა და სასიკეთოც არა მოაქვს რაო.
შვაბრინი რომ კომენდანტისას იყო, ეს სულს მხდიდა. მალე გამოვემშვიდობე კაპიტანს და მის ოჯახს. შინ მისულმა დაშნა შევათვალიერე, წვერი გავუსინჯე, საველიჩს ვუბრძანე, შვიდ საათზე გამაღვიძე-მეთქი და დავწექი.
მეორე დღეს დანიშნულ დროს უკვე ზვინებს იქით ვიდექი და მოქიშპეს ველოდი. მალე ისიც გამოჩნდა.
- შესაძლოა თავს წამოგვადგნენ, - მითხრა შვაბრინმა, - უნდა ვიჩქაროთ.
გავიხადეთ მუნდირები, კამზოლების ამარა დავრჩით და ვიშიშვლეთ დაშნები. ამ დროს ზვინის უკნიდან ივან იგნატიჩი და ხუთი ინვალიდი გამოტყვრა. ივან იგნატიჩმა მოგვთხოვა - კომენდანტთან წამოდითო. გვეწყინა, მაგრამ რას ვიზამდით, დავმორჩილდით. გარს სალდათები შემოგვეხვივნენ და ციხესიმაგრისკენ გავემართეთ, წინ ივან იგნატიჩი მიგვიძღოდა. იგი ფრთაშესხმული, საოცრად მედიდურად მიაბიჯებდა.
შევედით კომენდანტის სახლში. ივან იგნატიჩმა ზარ-ზეიმით სჭექა:
- მოგგვარეთ!
და კარი გააღო. ჩვენ შემოგვხვდა ვასილისა ეგოროვნა.
- აჰ, ჩემო კარგებო! - გვითხრა მან. - ეს რა დაგითევიათ? როგორ? რა? ჩვენს ციხესიმაგრეში მკვლელობას სჩადიხართ! ივან კუზმიჩ, ახლავე დააპატიმრეთ ესენი! პიოტრ ანდრეიჩ! ალექსეი ივანიჩ! მიბოძეთ თქვენი დაშნები, მიბოძეთ, მიბოძეთ. პალაშკა დაშნები საკუჭნაოში გაიტანე. პიოტრ ანდრეიჩ! არ მეგონა, თუ ამას იქმოდი. სირცხვილი რა უყავი? ალექსეი ივანიჩი კიდევ ჰო: მკვლელობის გულისთვის გვარდიიდანაც გამოაბრძანეს, ღმერთი მას არა სწამს და ხატი. შენ კი რაო? მაგის გზით გინდა იარო?
ივან კუზმიჩი სავსებით ეთანხმებოდა თავის მეუღლეს და სიტყვას ატანდა:
- უყურე, შენ, ვასილისა ეგოროვნა სწორს ამბობს. დუელები ფორმალურად აკრძალულია სამხედრო წესდებით.
ამასობაში პალაშკამ დაშნები ჩამოგვართვა და საკუჭნაოში გაიტანა. მე სიცილი ამიტყდა. შვაბრინს ისევ გოროზად ეჭირა თავი.
- თქვენდამი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, უნდა შეგნიშნოთ, რომ ამაოდ ირჯებით ჩვენი გასამართლებით, - ცივად მიმართა კომენდანტის ცოლს, - ეგ ივან კუზმიჩის საქმეა და აცალეთ.
- რას ბრძანებთ, გენაცვა, - შეესიტყვა კომენდანტის ცოლი. - ცოლი და ქმარი ვის გაუყვია? ივან კუზმიჩ! რას დაგიღია პირი? ახლავე ორივე ცალ-ცალკე ხმელ პურსა და წყალზე დასვი, რომ სისულელე გამოუნელდეთ. მამა გერასიმემაც საკანონო დააკისროს, რათა ღმერთს შენდობა ევედრონ და ინანიებდნენ წინაშე ადამიანთა.
ივან კუზმიჩმა აღარ იცოდა, რა გადაეწყვიტა. მარია ივანოვნას მთლად მიხდოდა ფერფური. თანდათანობით ქარიშხალი დაცხრა. კომენდანტის ცოლს ფოთფოთმა გაუარა და მე და შვაბრინი გვაიძულა, ერთმანეთი გადაგვეკოცნა. პალაშკამ დაშნები მოგვიტანა. კომენდანტის სახლიდან ისე გამოვედით, გარეგნულად შერიგებულნი ვჩანდით. უკან ივან იგნატიჩი გამოგვყვა.
- სინდისმა როგორ არ შეგაწუხათ, რომ სიტყვა მომეცით, კრინტს არ დავძრავო, და კომენდანტთან კი დაგვასმინეთ? - ვუთხარი მწყრალად.
- მაღლით ღმერთი მისმენს, ივან კუზმიჩისთვის არა მითქვამს რა. ვასილისა ეგოროვნამ დამაყაჭვინა ყველაფერი და კომენდანტის დაუკითხავად ჰქნა ეგ ამბავი. ისე, უფალს მადლი უნდა შევწიროთ, რომ ამდაგვარად დასრულდა ყოველივე, - მითხრა ივან იგნატიჩმა და თავისი სახლისკენ გაუხვია. მე და შვაბრინი პირისპირ შევრჩით ერთმანეთს.
- ჩვენს ამბავს ამით ვერ მოეღება ბოლო, - ვუთხარი შვაბრინს.
- რა თქმა უნდა, - მომიგო მან. - თქვენ საკუთარი სისხლით ზღავთ სამაგიეროს თქვენსავე კადნიერებაზე, მაგრამ ალბათ ჩვენზე თვალ-ყურს დაიჭერენ. ამიტომ რამდენიმე დღე მათ თვალი უნდა ავუხვიოთ. ნახვამდის! - თქვა შვაბრინმა და ისე გავიყარეთ, თითქოს არც არაფერი შეგვმთხვევია.
მე კომენდანტის სახლში შევბრუნდი და ჩვეულებისამებრ მარია ივანოვნას მივუჯექი. ივან კუზმიჩი შინ არ იყო. ვასილისა ეგოროვნა საოჯახო საქმეებს უტრიალებდა. მარია ივანოვნა და მე წყნარად ვბაასობდით. იგი ნაზად მეუბნებოდა სამდურავს, თქვენი და შვაბრინის წაჩხუბებამ ყველა ააფორიაქაო.
- გული შემიღონდა, რომ გვითხრეს, დაშნებით უნდა შეებანო, - თქვა მარია ივანოვნამ. - რა ახირებული ხალხია კაცები, სიტყვის გულისთვის, რომელიც კვირის თავზე ალბათ არც კი ემახსოვრებათ, მზად არიან ერთმანეთი დაკლან და არა მარტო თავიანთი სიცოცხლე გაიმეტონ, არამედ იმათი სინდისი და კეთილდღეობა, ვინც... მაგრამ მწამს, რომ თქვენ არა ხართ ჩხუბის ამტეხი. ალბათ ალექსეი ივანიჩს მიუძღვის ბრალი.
- მაინც რატომ ფიქრობთ ასე, მარია ივანოვნა?
- რატომ და... ისეთი გაქიაქება იცის! არ მიყვარს ალექსეი ივანიჩი. ერთობ მძაგს, მაგრამ უცნაურია: არაფრით არ მინდა, რომ მასაც ასევე არ მოვდიოდე თვალში. ეს გულს მომიწყლავდა.
- კი მაგრამ, თქვენ როგორ გგონიათ, მარია ივანოვნა? თვალში მოსდიხართ თუ არა?
მარია ივანოვნას ენა დაება და სახე აეტკრიცა.
- მე მგონია, მე ვფიქრობ, თვალში მოვუდივარ.
- მაინც რატომ გგონიათ ასე?
- იმიტომ, რომ მთხოულობდა.
- გთხოულობდათ, თქვენ გთხოულობდათ? კი მაგრამ, როდის?
- შარშან, თქვენს ჩამოსვლამდე ორი თვით ადრე.
- და თქვენ არ მისთხოვდით?
- როგორც ხედავთ. ალექსეი ივანიჩი, რა თქმა უნდა, გონიერი კაცია, კარგი ოჯახიშვილი, ქონებაც აქვს, მაგრამ რა წამს გავიფიქრებ, ჯვრისწერისას საქვეყნოდ უნდა ვაკოცო-მეთქი... არაფრის დიდებით! არავითარი კეთილდღეობის გულისთვის!
მარია ივანოვნას სიტყვებმა გონება გამიხსნეს და ბევრ რამეში ჩამახედეს. გავარკვიე, ასე თავგამოდებით რატომ ავსიტყვაობდა შვაბრინი მარია ივანოვნაზე. ალბათ ამჩნევდა, რომ გული ერთმანეთისკენ მიგვიწევდა და ცდილობდა, გავეთიშეთ. სიტყვები, რომლებიც ჩვენი ჩხუბის მიზეზი გახდა, ადრინდელზე უხამსად მეჩვენა, როცა მქისე და უმსგავსი დაცინვის ნაცვლად მათში წინასწარ მოფიქრებული ცილისწამება შევიცანი. ამ უტიფარი ენამყრალი კაცის დასჯის სურვილი უფრო გამიძლიერდა და სული კბილით მეჭირა ხელსაყრელი ჟამის მოლოდინში.
ეს ჟამიც მალე დადგა. მეორე დღეს ელეგიას ვუჯექი და რითმის მოხილვით გართული კალამს ვღრღნიდი, რომ ფანჯარაზე შვაბრინმა დამიკაკუნა. კალამი დავდე, დაშნა ავიღე და გავედი.
- რისთვის გადავდოთ საქმე? კაციშვილი ჩვენ არ გვიყურებს. ჩავიდეთ მდნარეზე. იქ ხელშემშლელი არავინ გამოგვიჩნდება.
გავსწიეთ უბრად. ქვევით დამრეც ბილიკს ჩავყევით, ზედ მდინარის პირას გავჩერდით და დაშნები ვიძვრეთ. შვაბრინი ჩემზე უფრო გაწაფული იყო, მე კი მასზე მკლავმაგარი და გულადი, monsieur ბოპრემაც, ოდესღაც სალდათად ნამყოფმა კაცმა, რამდენიმე გაკვეთილი ჩამიტარა ფარიკაობაში, რითაც ახლა ვისარგებლე კიდეც. შვაბრინს არ ეგონა, თუ ესოდენ საშიში მეტოქე ვეყოლებოდი. კარგა ხანს ერთმანეთს ვერა ვავნეთ რა. ბოლოს შევამჩნიე, რომ შვაბრინს ძალა ეცლებოდა. მარდად მივცხე და თითქმის მდინარეში შევდენე. უცებ მომეყურა - მეძახდნენ. თავი მოვაბრუნე და ბილიკზე სირბილით ჩამომავალ საველიჩს ვკიდე თვალი... ეს იყო და გვერდში, მარჯვენა მხრის ქვეშ ძალუმი ჩხვლეტა ვიგრძენი. დავეცი და გონება დავკარგე.

მეხუთე თავი

სიყვარული

ლამაზო გოგოვ, ლამაზო გოგოვ!
ნუ გათხოვდები, ლამაზო, ნორჩი.
ჯერ დაეკითხე მამას და დედას,
მამას და დედას, შენს მოკეთეებს,
ჯერ მოიკრიბე ჭკუა, გონება,
ჯერ მოაგროვე, გოგოვ მზითევი.
ხალხური სიმღერა

თუ შეხვდები ჩემზე კარგსა, დამივიწყებ, გენაცვალე,
თუ უარესს შეეყარე, მომიგონებ ერთობ მალე.
იგივე
რომ მოვსულიერდი, რამდენიმე ხანს გონს ვერ მოვედი და ვერ მივხვდი, რა დამემართა. საწოლზე ვიწექი უცხო ოთახში, ერთობ სუსტად ვგრძნობდი თავს. წინ საველიჩი მედგა, ხელში სანთელი ეჭირა. ვიღაც მორიდებულად მაცლიდა სახვევებს მკერდიდან და მხრიდან. თანდათანობით გონება გამეხსნა. მომაგონდა ორთაბრძოლა და მივხვდი, რომ დაჭრილი ვიყავი. ამ დროს კარმა დაიჭრიალა.
- რას შვრება? როგორაა? - დაიჩურჩულა ვიღაცამ და ამ ჩურჩულზე გამაკანკალა.
- ისევ ისეა, - უპასუხა საველიჩმა და ნათქვამს ოხვრა ამოაყოლა. - გონს ვერ მოდის უკვე მეხუთე დღეა.
შეტრიალება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე.
- სადა ვარ? ვინაა აქ? - ამოვღერღე ძლივს.
საწოლთან მარია ივანოვნა მოვიდა, გადმოიხარა და მკითხა:
- რაო? როგორა ხართ?
- ღვთის მადლით არა მიშავს რა, - მივუგე მიკნავებული ხმით. - ეს თქვენა ხართ, მარია ივანოვნა? მიხარია... - მე ძალა აღარ მეყო ლაპარაკის განსაგრძობად და გავყუჩდი. საველიჩმა ამოივიშვიშა. სახეზე სიხარული გამოეხატა.
- მოიხედა! მოიხედა! - იმეორებდა ის. - მადლობა, უფალო! აბა, გენაცვა, პიოტრ ანდრეიჩ! შემაშინე კი! პატარა ამბავია განა, მეხუთე დღეა!..
- ნამეტანი ნუ გაუბამ საუბარს, საველიჩ. ჯერ კიდევ უღონოდაა, - ლაპარაკი შეაწყვეტინა მას მარია ივანოვნამ. შემდეგ ქალიშვილი გავიდა და წყნარად გაიხურა კარი. თავში აზრები მიქოთქოთებდნენ. ასე და ამნაირად, კომენდანტის სახლში ვიყავი, მნახულობდა მარია ივანოვნა. მინდოდა საველიჩს რაღაც-რაღაცებს შევკითხოდი, მაგრამ მოხუცმა თავი გააქნია და ყურები დაიცო. გაგულისებულმა თვალები დავხუჭე და მალე ძილი მომეკიდა.
გამოღვიძებულზე საველიჩს ვუხმე, მაგრამ მის ნაცვლად ჩემ წინ მარია ივანოვნას ვკიდე თვალი. ანგელოზის ხმით მომესალმა. არ ძალმიძს გადმოვცე ნეტარი გრძნობა, რაიც იმ წუთს დამეუფლა. ვწვდი ქალიშვილის ხელს და დავეკონე, გულის შეფრფინვით გადმოდენილი ცრემლებით დავნამე. მაშა ხელს არ მართმევდა... უცებ მისი ბაგეები ლოყაზე შემეხო და მე ვიგრძენი მწველი, ფაქიზი კოცნა. ცეცხლი შემომეგზნო.
- ძვირფასო, კეთილო, მარია ივანოვნა, - ვუთხარი მას. - გახდი ჩემი ცოლი, ბედნიერი მყავი.
მაშა გამოერკვა, ხელი გამომართვა და მომიგო:
- თუ ღმერთი გწამთ, დაწყნარდით, ჯერ კიდევ საფრთხეში ხართ: ჭრილობამ შეიძლება პირი გახსნას. მიხედეთ თავს, თუნდაც ჩემ გამო.
იგი ამის თქმისთანავე წავიდა, ხოლო მე აღტაცებული, გულაფოფინებული დამტოვა. ბედნიერებამ მკვდრეთით აღმადგინა, მაშა ჩემი იქნება! მე მას ვუყვარვარ! ეს აზრი მთელ ჩემს ცხოვრებას აღავსებდა.
იმ წუთიდან თანდათან უკეთესობა დამეტყო. მმკურნალობდა პოლკის დალაქი, ვინაიდან ციხესიმაგრეში სხვა მკურნალი არ იყო, და მადლი უფალს, ჭკუის კოლოფი ვარო, არ იჩემებდა. სიახალგაზრდავემ და ბუნებამ ადრიანად შეძლეს ჩემი გამოჯანსაღება. კომენდანტის მთელი ოჯახი თავს დამტრიალებდა. მარია ივანოვნა სულ ჩემთან იყო. რასაკვირველია, პირველსავე ხელსაყრელ ჟამს განვუახლე სიყვარულის ახსნა და თავადაც უფრო მოთმინებით მომისმინა. თავპატიჟი არ გამოუდვია, ისე გამენდო, მეც გეტრფიო, ჩემს მშობლებს, რა თქმა უნდა, გაუხარდებათ ჩემი ბედნიერებაო.
- მაგრამ კარგად დაფიქრდი, შენიანები ხომ არ გადაგვეღობებიან? - დაუმატა ნათქვამს.
მეც დავფიქრდი, დედის სინაზეში ეჭვი არ მეპარებოდა. მაგრამ მამის ზნე და აზრთა წყობა რომ ვიცოდი, ვგრძნობდი, ჩემი სიყვარული დიდად არ აუჩქროლებდა გულს და მას ახალგაზრდა კაცის ახირებულობად მიიჩნევდა. მარია ივანოვნას ალალმართლად გამოვუტყდი, ასეა საქმე-მეთქი, მაგრამ გადავწყვიტე, მამისთვის, რაც შეიძლება მჭევრმეტყველური წერილი გამეგზავნა და მშობლიური ლოცვა-კურთხევა გამომეთხოვა. წერილი მარია ივანოვნას ვუჩვენე. მაშამ იგი დამაჯერებლად და გულის ამაჩუყებლად მიიჩნია, წინ ვერაფერი დაუდგებაო, და სიყმაწვილისა და სიყვარულის მთელი მიმნდობელობით აჰყვა საკუთარი გულის ნაზ გრძნობებს.
შვაბრინს გამოჯანსაღების პირველსავე დღეებში შევურიგდი. იმხანად ივან კუზმიჩმა დუელისთვის მისაყვედურა და მითხრა:
- ეჰ, პიოტრ ანდრეიჩ! მე შენ უნდა დამეპატიმრებინე, მაგრამ უამისოდაც დასჯილი ხარ. ალქსეი ივანიჩი კი პურის საწყობში მყავს ჩასმული, ზედაც გუშაგი მიჩენილი. მისი დაშნა კიდევ ვასილისა ეგოროვნას აქვს ჩაკეტილი. დაე, დაფიქრდეს და მოინანიოს!
ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა და გულში მტრობას ვერ ჩავირჩენდი. კომენდანტს თხოვნა დავუწყე, შვაბრინი გაათავისუფლე-მეთქი. კეთილმა კომენდანტმა მეუღლის თანხმობით გადაწყვიტა, იგი გამოეშვა. შვაბრინი ჩემთან მოვიდა, დიდი სინანული გამოთქვა ჩვენი ამბისა გამო, აღიარა, თავიდან ბოლომდე დამნაშავე მე ვარო, და მთხოვა, მეხსიერებიდან წარსული ამომეგდო. ბუნებით გულღრძო არა ვარ და წრფელად ვაპატიე ჩხუბიცა და ჭრილობაც. ცილი იმიტომ დამწამა, თავმოყვარეობა რომ შეულახეს და სიყვარულში ზურგი აქციეს, ამან გადარია-მეთქი, და ბედდამწვარ მოქიშპეს სულგრძელად მივუტევე.
მალე განვიკურნე, უკვე შემეძლო ჩემს ბინაში გადავსულიყავი. სული კბილით მეჭირა შინ გაგზავნილი წერილის პასუხის მოლოდინში, ვერ კი ვბედავდი, იმედი მქონოდა და ვცდილობდი, სევდიანი წინათგრძნობა დამეთრგუნა. ვასილისა ეგოროვნასა და მისი ქმრისათვის ჯერ კიდევ არაფერი მითქვამს, მაგრამ ჩემს წინადადებას ისინი არ უნდა გაეოცებინა. არც მე და არც მარია ივანოვნა არ ვცდილობდით, მათთვის ჩვენი გულისნადები დაგვემალა და წინასწარ გვჯეროდა, რომ უარს არ გვეტყოდნენ.
დასასრულ, ერთ დილას საველიჩმა წერილი შემომიტანა. კანკალით ვწვდი წერილს. მისამართი მამას დაეწერა ზედ. თავში დამკრა, რაღაც მნიშვნელოვანი ამბავია-მეთქი, ვინაიდან წერილებს, ჩვეულებისამებრ, დედა მწერდა, მამა კი ბოლოში ამატებდა ხოლმე რამდენიმე სტრიქონს. კარგა ხანს ვერ ვხსნიდი პაკეტს და მხოლოდ ამ დიდმნიშვნელოვან წარწერას ვკითხულობდი: “შვილს ჩემსას, პიოტრ ანდრეევიჩ გრინიოვს, ორენბურგის გუბერნიაში, ბელოგორის ციხესიმაგრეში”. ვცდილობდი, ხელის მიხედვით მივმხვდარიყავ, რა სულიერი განწყობილებით დაიწერა წერილი. ბოლოს მისი გახსნა გავბედე და პირველივე სტრიქონებიდან დავინახე, რომ ყველაფერი უკუღმა დატრიალებულიყო. წერილი ასეთი შინაარსისა გახლდათ:

“შვილო ჩემო, პიოტრ! წერილი შენი, რომელშიც გვთხოვ ლოცვა-კურთხევას და თანხმობას მირონოვის ქალის მარია ივანოვნასთან ქორწინებაზე, მივიღეთ ამა თვის 15-ს და განზრახული მაქვს, არა თუ ლოცვა-კურთხევა და თანხმობა გითავაზო, არამედ შენამდე მოვაღწიო და ოინბაზობისთვის ჭკუაზე მოგიყვანო, როგორაც ბიჭუნკელა, შენი ოფიცრის წოდების მიუხედავად, ვინაიდან და რადგანაც ცხადჰყავი, რომ ჯერ კიდევ არა ხარ ღირსი გერტყას დაშნა, რომელიც შენ სამშობლოს დასაცავად ჩაგაბარეს და არა შენისთანავე შფოთისთავებთან დუელების გასამართავად. ანდრეი კარლოვიჩს სასწრაფოდ მივწერ თხოვნას, ბელოგორის ციხესიმაგრიდან სადმე მოშორებით გადაგიყვანოს, სადაც ხუსტური გაგივლიდა. როცა დედაშენმა შეიტყო, დუელი ჰქონდა და დაჭრესო, დარდზე შეუძლოდ გახდა და ახლა წევს. რა კაცი დადგები შენ! ღმერთს შევვედრი, სწორ გზაზე დამდგარიყავ, თუმცა იმედი მაქვს გადაწყვეტილი მისი დიდი წყალობისა.
მამა შენი ა. გ.”

ამ წერილის წაკითხვამ სხვადასხვანაირი გრძნობა აღმიძრა. ერთობ შეურაცხმყო მამის დაუშურველმა უკმეხმა გამოთქმებმა. უპატივცემლობა, რითაც იგი მარია ივანოვნას ახსენებდა, ისევე უხამსი მეჩვენა, როგორადაც უსამართლო. ბელოგორის ციხესიმაგრიდან გადაყვანის აზრმა ერთიანად დამცეცხლა, მაგრამ ყველაზე უფრო დედაჩემის ავადმყოფობის ცნობამ მომიკლა გული. დარწმუნებული ვიყავი, დუელის ამბავი მშობლებს საველიჩმა გააგებინა-მეთქი და მასზე ვბრაზობდი. ჩემს ციცქნა ოთახში ბოლთის ცემისას წინ დავუდექი, გაავებით მივაპყრე თვალი და ვუთხარი:
-ალბათ არ გყოფნის, რომ შენი გამოისობით დაჭრილი ვარ და მთელი თვე სიკვდილს თვალებში ვუყურებდი. ახლა დედაჩემიც გინდა მოკლა!
საველიჩს ელდა ეცა და ლამის ქვითინით მითხრა:
- რას ბრძანებ, ბატონო, ამას რას მეუბნები? შენ ჩემი მიზეზით დაგჭრეს! ღმერთია მოწამე, იმისთვის მოვრბოდი, საკუთარი მკერდით დამეფარე ალექსეი ივანიჩის დაშნისაგან! შეჩვენებულმა სიბერემ არ მომცა ამის საშუალება. ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ დედაშენს რაღა დავუშავე?
- რა დავუშავეო? ვინ გთხოვა ჩემი დასმენა? განა ჯაშუშად მყავხარ შემოჩენილი!
- მე? შენ დაგასმინე? - მიპასუხა ცრემლმორეულმა საველიჩმა. - ღმერთო, მამაზეციერო! აბა, ერთი წაიკითხე, რას მწერს ბატონი და მიხვდები, როგორადაც დაგასმინე.
საველიჩმა ჯიბიდან წერილი ამოიღო და მე შემდეგი რამ წავიკითხე:
“თავს ლაფი დაგესხას, ბებერო ძაღლო, რომ ჩემი მკაცრი ბრძანების მიუხედავად, არ შემატყობინე ჩემი შვილის, პიოტრ ანდრეევიჩის ამბავი და უცხოები არიან იძულებულნი, მაცნობონ მისი ყურუმსაღობის შესახებ. განა ასე ასრულებ შენს მოვალეობას და ბატონის ნება-სურვილს? სიმართლის დაფარვისა და ახალგაზრდა კაცისთვის კალთის გადაფარების გამო მეღორედ გაგამწესებ, შე ბებერო ძაღლო, შენა! გიბრძანებ, ამის მიღებისთანავე სასწრაფოდ მაცნობო, რა დღეშია ახლა მისი ჯანმრთელობა, რომლის შესახებაც მწერენ, გაუმჯობესდაო, ამასთანავე, კერძოდ რა ადგილასაა დაჭრილი და კარგად განკურნეს თუ არა”.

ლაპარაკი არ უნდოდა, საველიჩი პირნათელი იყო და არაფრისათვის დავუკოდე გული საყვედურითა და ეჭვით. ვემუდარებოდი, მაპატიე-მეთქი, მაგრამ მოხუცის დანუგეშება არა და არ იქნა.
- რა დღე დამიდგა? - იმეორებდა იგი, - რა წყალობა მოვინაგრე ჩემი ბატონებისგან! ბებერი ძაღლიც ვარ, მეღორეცა და შენც ჩემი მიზეზით დაგჭრეს, ხომ? არა, ძვირფასო პიოტრ ანდრეიჩ! სუყველაფერი იმ შეჩვენებული მოსიეს ბრალია, მან გასწავლა რკინის შამფურებით ჩხვლეტა და ფეხების ბაკუნი, თითქოსდა ჩხვლეტითა და ფეხების ბაკუნით დაიცავ თავს ბოროტი კაცისაგან! რად უნდოდათ მოსიეს დაქირავება და ფულის წყალში გადაყრა?
მაშ, ვინღა დაშვრა, მამაჩემისთვის ჩემი ასავალ-დასავალი ეცნობებინა? გენერალი? ის ხომ ჩემზე ზრუნვით თითქოსდა არც კი იტკიებდა თავს. ივან კუზმიჩი კიდევ საჭიროდ არ მიიჩნევდა დუელის შესახებ მოეხსენებინა. აღარ ვიცოდი, ვინ დამედანაშაულებინა. ბოლოს ეჭვი შვაბრინზე მივიტანე. მარტო მას აძლევდა ხელს ჩემი დასმენა, ვინაიდან შეიძლებოდა ციხესიმაგრისთვის მოვეცილებინეთ და ამით მე და კომენდანტის ოჯახი გავეთიშეთ. გავწიე მარია ივანოვნასთან, რათა ყველაფერი მეუწყებინა. იგი პარმაღზე შემხვდა.
- ეს რა მოგსვლიათ? - მომაგება მან. - რა გაფითრებული ხართ!
- ყოველივეს ბოლო მოეღო! - მივუგე და მამაჩემის წერილი მივეცი.
მაშასაც ფერი ეცვალა. მან წერილი წაიკითხა, აკანკალებული ხელით უკანვე გამომიწოდა და ასევე აკანკალებული ხმით მითხრა:
- ალბათ ბედი არა მაქვს... თქვენიანებს არ სურთ თავიანთ ოჯახში შემიშვან. იყოს ნება ღვთისა! მან უკეთ იცის, რა უფრო უპრიანია ჩვენთვის, პიოტრ ანდრეიჩ; თქვენ მაინც იყავით ბედნიერი.
- არამც და არამც! - შევყვირე და ხელი დავუჭირე. - მე შენ გიყვარვარ, მზად ვარ ყოველივე მოვიმოქმედო. წამო, შენი მშობლების ფერხთით დავეცეთ. ისინი ალალი ადამიანები არიან და არა გულქვა უკადრისები... დაგვლოცავენ. ჯვარს დავიწერთ... შემდეგ კი, მომავალში, დარწმუნებული ვარ, მამაჩემს ხვეწნა-მუდარით დავიყოლიებთ, დედა ჩვენს მხარეზე იქნება. მამა შემინდობს...
- არა, პიოტრ ანდრეიჩ, - მიპასუხა მაშამ, - თუ შენმა მშობლებმა არ დაგლოცეს, არ გამოგყვები. მათი დალოცვის გარეშე ბედნიერი არ იქნები. დავემორჩილოთ ღვთის ნებას. თუ საბედოს იპოვი, თუ სხვა შეგიყვარდება, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, პიოტრ ანდრეიჩ. მე კი თქვენთვის ორივესთვის...
მარია ივანოვნას ტირილი აუვარდა და გამეცალა. მინდოდა ოთახში შევყოლოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თავს ვერ მოვერეოდი და შინისკენ ვქენი პირი.
ფიქრებშემოჯარული ვიჯექი ჩემთვის, რომ უცებ საველიჩმა გამიწყვიტა აზრთა მდინარება. ნაწერით ავსებული ფურცელი გამომიწოდა და დაურთო:
- ა, ბატონო, ნახე ჩემი ბატონის დამსმენი თუ ვარ და თუ ვცდილობ, შვილი მამას გადავკიდო.
გამოვართვი ფურცელი. ეს იყო პასუხი მის მიერ მიღებულ წერილზე. პასუხი იგი სიტყვასიტყვით მომყავს:

“ხელმწიფეო ანდრეი პეტროვიჩ, მწყალობელო მამაო ჩვენო!
მოწყალე ნაწერი თქვენი მივიღე მე, რომელშიც მე, მონას თქვენსას, რისხვას მატეხთ თავს, ლაფი დაგესხასო, ბატონის ბძანებანი რომ არ შეასრულეო. ხოლო მე ბებერი ძაღლი, ერთგული მსახური ვარ თქვენი, ბატონის ბრძანებებს ყურად ვიღებ, თქვენ ყოველთვის თავგამოდებით გემსახურებოდით და ჰა, სიბერემდეც მოვატანე. ხოლო პიოტრ ანდრეიჩის ჭრილობის თაობაზე არაფერი მომიწერია, რომ ამაოდ არ დამეფეთებინეთ, და, ამბობენ, ქალბატონი დედა ჩვენი, ავდოტია ვასილიევნა ისედაც შიშისაგან ლოგინად ჩავარდა და მე მისი ჯანმრთელობისთვის ღმერთს შევევედრები, ხოლო პიოტრ ანდრეიჩი დაჭრილი იყო მარჯვენა მხარის ქვეშ, მკერდში, ზუსტად ძვლის ქვეშ, ერთნახევარი გოჯის სიღრმეზე და იწვა კომენდანტის სახლში, სადაც ის მივიყვანეთ ნაპირიდან. და მკურნალობდა აქაური დალაქი სტეპან პარამონოვი. და ახლა პიოტრ ანდრეიჩი, მადლობა ღმერთს, ჯანმრთელადაა და მის შესახებ კარგის მეტი არაფერი მაქვს მოსაწერი. ამბობენ, მეთაურები ემადლიერებიან, ხოლო ვასილისა ეგოროვნას საკუთარი შვილისაგან არ გამოერჩევა. ხოლო მას რომ ასეთი ამბავი დაემართა, ყმაწვილკაცს ვერ დაემდურები: ცხენი რომ ცხენია, ოთხი ფეხი აქვს და ისიც კი ბორძიკობს. და თქვენ იწერებით, მეღორედ გაგამწესებო, ესეც თქვენი ბოიარული ნებაა. დაბოლოს მონურად გიხრით თავს.
თქვენი ერთგული ყმა
არხიპ საველიევი”.

კეთილი მოხუცის ამ გუჯარის კითხვისას ღიმილს ვერ ვიკავედი. მამისთვის პასუხის მიწერის თავი მე არ მქონდა, ხოლო დედის დასამშვიდებლად ეს წერილიც საკმარისად მეჩვენა.
ეს იყო და ეს. ჩემი მდგომარეობა შეიცვალა. მარია ივანოვნა თითქმის ხმას არ მცემდა და ყოველ ღონეს ხმარობდა, თავი შორს დაეჭირა ჩემგან. კომენდანტის სახლში გული აღარ მიმიწევდა. თანდათან შინ მარტო ყოფნას დავეჩვიე. ვასილისა ეგოროვნა თავდაპირველად ამისთვის სამდურავს მეუბნებოდა, მაგრამ უჯიათობის ცხენიდან რომ აღარ ჩამოველ, დამეხსნა. ივან კუზმიჩს მხოლოდ სამსახურეობრივი ურთიერთობისას ვნახულობდი. შვაბრინს იშვიათად ვხვდებოდი, თანაც ცხვირაბზუებით, მით უმეტეს, რომ ფარულ მტრობას ვამჩნევდი ჩემდამი, ხოლო ეს მტრობა ეჭვებს კიდევ უფრო მიმტკიცებდა. ცხოვრებამ თავი გამაბეზრა. სიმარტოვემ და უსაქმობამ შავბნელი ფიქრები დამახვია. სიყვარულმა ხელი დამრია ყველასგან განმარტოებულს და თანდათან უფრო მიმძიმებდა სულს. კითხვასა და ლიტერატურულ საქმიანობაზე გული ავიყარე. დავგლახაკდი. მეშინოდა, არ გავგიჟებულიყავი, ან გარყვნილების წუმპეში არ ჩავვარდნილიყავი, მაგრამ მოულოდნელმა ამბებმა, რომელთაც საგულისხმო კვალი დააჩნიეს მთელ ჩემს ცხოვრებას, სული უცებ ძალუმად და საკეთილოდ შემიძრეს.

მეექვსე თავი

პუგაჩოვშჩინა

ახალგაზრდებო, სასმენელნი მოგვაპყრეთ ყურნი,
თუ რას გიამბობთ ჟამმოყრილნი მოხუცებულნი.
სიმღერა

ვიდრე იმ საკვირველ ამბებს მოგითხრობდეთ, რომელთაც მე თვითონ შევესწარი, რამდენიმე სიტყვა მინდა მოგახსენოთ, თუ რა ვითარება იყო ორენბურგის გუბერნიაში 1773 წლის მიწურულს. ხსენებულ ვრცელ და მდიდარ გუბერნიაში ბინადრობდა უამრავი ნახევრად ველური ხალხი, რომელთაც რუსეთის ხელმწიფენი მცირე ხნის წინათ სცნეს თავიანთ მბრძანებლად. ამ ხალხების ხშირ-ხშირი ამბოხების გამო, კანონების და სამოქალაქო ცხოვრებისადმი შეუჩვევლობის, თავქარიანობისა და სისასტიკის გამო მთავრობას ასი თვალი და ყური უნდა გამოესხა, რომ მათ თავი არ აეშვათ. ციხესიმაგრეები აგებული იყო მისამხარ ადგილებში და შიგ მეტწილად კაზაკები, იაიკის ნაპირების ძველთაძველი მფლობელნი სახლობდნენ, მაგრამ იაიკელი კაზაკები, რომელთაც ამ მხარის სიწყნარისა და მშვიდობიანობის უზრუნველყოფა ევალებოდათ, ეს რამდენიმე ხანი თვით იქცნენ მთავრობისათვის შფოთიერ და საშიშ ქვეშევრდომებად. 1772 წელს მათ გამაგრებულ დაბას აჯანყება მოედო. ეს იმიტომ, რომ გენერალ-მაიორმა ტრაუბენბერგმა სასტიკი ღონისძიებანი გაატარა, რათა ჯარი წესისა და რიგისამებრ ჰყოლოდა ხელში. ამის შედეგად აჯანყებულებმა მხეცურად მოუსპეს სიცოცხლე ტრაუბენბერგს და თავიანთი ხუშტურით მოახდინეს ცვლილება მართვა-გამგეობისა. ბოლოს კი თვით აჯანყება იქნა ჩახშობილი ცეცხლითა და მახვილით.
ეს მოხდა რამდენიმე ხნით ადრე, ვიდრე მე ბელოგორის ციხესიმაგრეში მივიდოდი. ახლა უკვე ყველაფერი დაწყნარებული იყო ან ასე გამოიყურებოდა გარეგნულად. უფროსობამ მზაკვარი აჯანყებულების მოჩვენებითი მონანიება მეტად ადვილად მიიღო გულწრფელ მონანიებად. ისინი კი ბოღმას ფარავდნენ და მარჯვე შემთხვევას ელოდნენ ხელახლა ასამბოხებლად.
განვაგრძობ ჩემს თხრობას.
ერთ საღამოს (ანუ 1773 წლის ოქტომბრის დამდეგს) მარტო ვიჯექი შინ და შემოდგომის ქარის ზუზუნს ვუსმენდი, თან მთვარის მახლობლად მიმქროლავ ღრუბლებს გავცქეროდი ფანჯრიდან. კომენდანტთან დამიბარეს. მე მაშინვე წავედი. იქ ვნახე შვაბრინი, ივან იგნატიჩი და კაზაკი ურიადნიკი. ოთახში არც ვასილისა ეგოროვნა ჩანდა, არც მარია ივანოვნა. კომენდანტი სახეშეურვებული მომესალმა. მან კარი ჩაკეტა, ყველა დაგვსხა კართან მდგომი ურიადნიკის გარდა, ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო და გვითხრა:
- ბატონო ოფიცრებო, საყურადღებო ახალი ამბავია! უსმინეთ, რას იწერება გენერალი.
კომენდანტმა სათვალე გაიკეთა და წაიკითხა:
“ბელოგორის ციხესიმაგრის ბატონ
კომენდანტს კაპიტან მირონოვს.

საიდუმლოდ გაცნობებთ, რომ სატუსაღოდან გაქცეულმა დონის კაზაკმა და რასკოლნიკმა ემელიან პუგაჩოვმა, რომელმაც განსვენებული იმპერატორის პეტრე მესამის სახელი მიითვისა და ამით შეუწყნარებელი თავხედობა გამოიჩინა, თავი მოუყარა ავაზაკების გუნდს, იაიკელთა სოფლებში ამბოხება მოაწყო და უკვე ხელთ იგდო და იავარჰყო რამდენიმე ციხესიმაგრე, თანაც ყველგან ძარცვასა და ხოცვას მიჰყო ხელი. ამიტომ, როგორც კი ამ მოწერილობას მიიღებთ, თქვენ, ბატონო კაპიტანო, დაუყოვნებლივ უნდა გაატაროთ სათანადო ღონისძიებანი, რათა უკუაგდოთ ხსენებული ავაზაკი და თვითმარქვია, ხოლო უკეთუ შესაძლებლობა მოგეცათ, სავსებით მოსპოთ იგი, თუკი თქვენდამი რწმუნებული ციხესიმაგრისკენ გამოემართება”.

- გაატარეთ სათანადო ღონისძიებანი! - თქვა კომენდანტმა, თან სათვალე მოიძრო და ქაღალდი დაკეცა. - ენა ადვილად იტყვის, კაზაკს, ეტყობა, ძალა შესწევს, ჩვენ კი სულ ას ოცდაათი კაცი გვაბადია, თუ არ ჩავთვლით კაზაკებს, რომელთა იმედზე მტერი იყოს, შენ არ გსაყვედურობ, მაქსიმიჩ, (ურიადნიკმა ჩაიცინა), მაგრამ, რა გაეწყობა, ბატონო ოფიცრებო! იყავით წესრიგში, გამოყავით გუშაგები და ღამის მზირები, უკეთუ შემოგვიტიეს, ჩაკეტეთ ჭიშკარი და გამოიყვანეთ სალდათები. შენ, მაქსიმიჩ, შენს კაზაკებს თვალი არ მოაშორო. ქვემეხს დახედეთ და კარგად გაწმინდეთ. უფრო კი ენას კბილი დააჭირეთ, რომ ეგ ამბავი ნაადრევად არავინ გაიგოს ციხესიმაგრეში.
ივან კუზმიჩმა ბრძანებების გაცემა რომ მოათავა, გამოგვიშვა. მე და შვაბრინი ერთად გამოვედით, გზადაგზა გაგონილ-მოსმენილზე ვმსჯელობდით.
- რა გგონია, რით დაბოლოვდება ყოველივე? - დავეკითხე მას.
- ღმერთმა უწყის, ვნახოთ. მნიშვნელოვანი კი ჯერჯერობით არაფერია. თუ... - შვაბრინი ჩაფიქრდა და ფრანგული არიის სტვენა გააბა უგულისყუროდ.
ჩვენი სიფრთხილის მიუხედავად, პუგაჩოვის გამოჩენის ამბავმა მთელი ციხესიმაგრე მოიარა. ივან კუზმიჩი თუმცა დიდი პატივისმცემელი იყო თავისი მეუღლისა, ამქვეყნად არაფრის გულისთვის არ გაუმხელდა მისთვის განდობილ სამსახურებრივ საიდუმლოს. გენერლის წერილი რომ მიიღო, საკმაოდ ოსტატურად გაისტუმრა იგი სახლიდან, უთხრა - მამა გერასიმმა ორენბურგიდან რაღაც საოცარი ამბები შეიტყო, რომელთაც კაციშვილს არ უმხელს დედამიწის ზურგზეო. ვასილისა ეგოროვნამ არც აცივა, არც აცხელა, მღვდლის ცოლთან სტუმრობა მოინება და ივან კუზმიჩის რჩევით მაშაც გაიყოლა, რომ ქალიშვილს შინ არ მოსწყენოდა.
ხელფეხგახსნილმა ივან კუზმიჩმა არ დაახანა და ჩვენ კაცი გამოგვიგზავნა, ხოლო პალაშკა საკუჭნაოში ჩაკეტა, რათა საუბრისთვის არ მოეყურადებინა.
ვასილისა ეგოროვნამ მღვდლის ცოლს ვერა დააცდენინა რა და შინ დაბრუნდა. სამაგიეროდ, შეიტყო, რომ მის არყოფნაში ივან კუზმიჩს თათბირი მოეწყო, ხოლო პალაშკა საკუჭნაოში ჩაეკეტა. მიუხვდა ქმარს ხიმანკლობას და შეუდგა დაკითხვას, მაგრამ ივან კუზმიჩი თავდასხმის მოსაგერიებლად მომზადებული იყო და წარბიც არ შეუხრია, მხნედ უპასუხებდა ცნობისმოყვარე თანამეცხედრეს:
- გაგონილა, გენაცვა, ჩვენს დედაკაცებს თურმე ღუმელების ნამჯით გახურება მოპრიანებიათ. ხოლო რაკი ამას შეიძლება უბედურება მოჰყვეს, სასტიკი ბრძანება გავეცი, ამიერიდან ღუმელები ჩინჩხვრითა და ფარჩხით გაახურონ.
- მაშ, პალაშკა რისთვისღა ჩაკეტე? - ჰკითხა ცოლმა. - საწყალი გოგო რად ყურყუტებდა ჩვენს მოსვლამდე საკუჭნაოში?
ივან კუზმიჩი ასეთი კითხვისათვის არ მომზადებულა. დაიბნა და ერთობ უთავბოლოდ რაღაც წაიბურტყუნა. ვასილისა ეგოროვნამ დაინახა ქმრის ვერაგობა, მაგრამ რაკი იცოდა, ვერაფერს გამოსცინცლავდა, კითხვებს თავი დაანება და საუბარი ჩამოაგდო მჟავე კიტრზე, რომელსაც აკულინა პანფილოვნა რაღაც განსაკუთრებულს ამზადებდა. ვასილისა ეგოროვნამ ღამე თეთრად გაათენა და მაინც ვერა და ვერ გაარკვია, ისეთი რა ედო ქმარს გუნებაში, რაც მას არ უნდა სცოდნოდა.
მეორე დღეს ვასილისა ეგოროვნა წირვიდან ბრუნდებოდა და დაინახა, რომ იგნატიჩი ქვემეხიდან ბავშვების მიერ შიგ ჩაჩურთულ ჩვრებს, კენჭებს, ნაფოტებს და ათასგვარ ნაგავს იღებდა.
- რას უნდა მოასწავებდეს ეს სამხედრო სამზადისი? - ფიქრობდა კომენდანტის ცოლი, - ვითომ ელიან, რომ ყირგიზები დაგვეცემიან? მერედა, ნუთუ ასეთ უბრალო რამეს არ გამანდობდა ივან კუზმიჩი?
ვასილისა ეგოროვნა ივან იგნატიჩს შეეხმიანა. გულში ჰქონდა ჩაბეჭდილი, მოხუცი სალდათისათვის საიდუმლო დაეტყუებინა, აგრე რომ უკიდებდა ცეცხლს მის ქალურ ცნობისმოყვარეობას. ივან იგნატიჩს ჯერ შინაურ საქმეებზე ჩამოუგდო სიტყვა, იმ მოსამართლის არ იყოს, გამოძიებას რომ გარეშე კითხვებით იწყებს მოპასუხის სიფხიზლის მოსადუნებლად. შემდეგ რამდენიმე წუთს იყუჩა, ისე ამოიხვნეშა, ლამის გული ამოაყოლა, და თავის კანტურით თქვა:
- ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე! დახე, რა ამბები ტრიალებს! რა მოგველის ვითომ?
- ღმერთი მოწყალეა, ჩემო კარგო! - მიუგო ივან იგნატიჩმა. - სალდათები საკმაოდ გვყავს, თოფისწამალიც მრავლად მოგვეძევება, ქვემეხი კიდევ გავწმინდე. იქნებ პუგაჩოვს კუდით ქვა ვასროლინოთ. რას დაგვაკლებს ბილწი მტერი, როს ღმერთი გვყავს მწყალობელი.
- კი მაგრამ, ვინაა ეს პუგაჩოვი? - ჰკითხა კომენდანტის ცოლმა.
ივან იგნატიჩმა შეამჩნია, რომ დაუკრეფავში გადავიდა და ენას კბილი დააჭირა, მაგრამ უკვე გვიან იყო. ვასილისა ეგოროვნამ აიძულა, ყველაფერი ჩამოეკაკლა, ისე კი სიტყვა მისცა, არავისთან კრინტს არ დავძრავო.
ვასილისა ეგოროვნას სიტყვა არ გაუტეხია. არავის განდობია მღვდლის ცოლის გარდა. მღვდლის ცოლსაც იმიტომ გაუტყდა, რომ მისი ძროხა ჯერ კიდევ ტრამალში ბალახობდა და შეიძლებოდა ავაზაკებს ეგდოთ ხელთ.
არ გასულა დიდი ხანი და სუყველას პუგაჩოვი გაუხდა სალაპარაკო. ათას რაღაცას ამბობდნენ. კომენდანტმა ურიადნიკს დაავალა მეზობელ სოფლებსა და ციხესიმაგრეებში წასულიყო და კარგად გამოეძიებინა ყოველივე. გავიდა ორი დღე. ურიადნიკი დაბრუნდა და ასეთი ამბავი მოიტანა: ტრამალში, ციხესიმაგრიდან სამოცი ვერსის დაშორებით, უამრავ კოცონს ვკიდე თვალი, ხოლო ბაშკირებისაგან გავიგონე, რაღაც არნახული ძალა მოდისო. სარწმუნო კი მაინც ვერა მოჰყვა რა, ვინაიდან შეშინებოდა და უფრო შორს ვეღარ წასულიყო.
კაზაკებს უჩვეულო ქოთქოთი შეუდგათ ციხესიმაგრეში. ისინი ქუჩა-ქუჩა ჯგუფდებოდნენ, ჩუმად ლაპარაკობდნენ და დრაგუნის ან გარნიზონის სალდათის დანახვისთანავე იშლებოდნენ. მიუგზავნეს მსტოვრები. იულაიმ, გაქრისტიანებულმა ყალმუხმა, კომენდანტს მნიშვნელოვანი ამბავი აუწყა, მისი სიტყვით, ურიადნიკის ცნობებს სიმართლისა არა ეცხო რა. ციხესიმაგრეში მობრუნებულმა ეშმაკმა კაზაკმა თურმე ასეთი რამ უამბო თავის ამხანაგებს: ვიყავი მეამბოხეებთან, თვით მათ წინამძღოლს ვეახლე, რომელმაც ხელზე ამბორის ნება მომცა და დიდხანს მელაპარაკაო. კომენდანტმა მაშინვე დააპატიმრა ურიადნიკი, ხოლო მისი ადგილი იულაის უბოძა. ამას კაზაკები აშკარა უკმაყოფილებით შეხვდნენ. ისინი ხმამაღლა დრტვინავდნენ და ივან იგნატიჩმა, კომენდანტის განკარგულების აღმასრულებელმა, საკუთარი ყურით მოისმინა მათი ნათქვამი:
- გიჩვენებთ სეირს, შე გარნიზონის ვირთაგვავ, შენა!
კომენდანტი აპირებდა, იმავე დღეს დაეკითხა პატიმარი, მაგრამ ურიადნიკი გაიქცა, ალბათ თავის თანამზრახველთა დახმარებით. ერთმა ახალმა ამბავმა უფრო ააფორიაქა კომენდანტი. საქმე ის იყო, რომ დაიჭირეს ბაშკირი, რომელსაც აჯანყებისკენ მომწოდებელი ფურცლები ჰქონდა. ამის გამო ივან კუზმიჩი ფიქრობდა, კვლავ შეეკრიბა ოფიცრები და ვასილისა ეგოროვნა რაიმე პატივსადები საბაბით მოეშორებინა თავიდან, მაგრამ ვინაიდან ერთობ უეშმაკო და ალალ-მართალი კაცი იყო, სხვა რამ ვერ მოიგონა და ერთხელ ნაცადი ხერხი მოიშველია.
- გაიგე, ვასილისა ეგოროვნა, - უთხრა ცოლს ხველებ-ხველებით, - ამბობენ, მამა გერასიმმა ქალაქიდან მიიღო...
- იკმარე ჩმახვა, - შეაწყვეტინა ცოლმა, - შენ ალბათ გინდა ემელიან პუგაჩოვზე ითათბირო, თანაც მე არ დაგესწრო. ჰეეი, ვერ გამაბრიყვებ.
ივან კუზმიჩმა თვალები გადმოკარკლა.
- კეთილი, ჩემო კარგო, - უთხრა მან. - რაკი ყველაფერი იცი, კი, ბატონო, დარჩი შენი თანდასწრებით ვითათბირებთ.
- ხო ხედავ, გენაცვა, - მიუგო ცოლმა, - ეშაკობა არ გეხერხება. გაგზავნე კაცი ოფიცრების დასაძახებლად.
კვლავ შევიყარეთ. ივან კუზმიჩმა ცოლის თანდასწრებით წაგვიკითხა პუგაჩოვის მოწოდება, დაწერილი ვიღაც უწიგნური კაზაკის მიერ. ყაჩაღი აცხადებდა - განზრახული მაქვს, ახლავე დავესხა თავს ციხესიმაგრეს, კაზაკებო და სალდათებო, გადმოდით ჩემს რაზმში, თქვენ კი, მეთაურებო, გირჩევთ ხელი არ გაანძრიოთ, თორემ სიკვდილი არ აგცდებათო. მოწოდება უკმეხი, მაგრამ შთამბეჭდავი იყო და უბირ ხალხზე არასასიკეთოდ იმოქმედებდა.
- რა გაიძვერაა, - წამოიძახა კომენდანტის ცოლმა. - წინადადების მოცემასაც რომ გვიბედავს! შევხვდეთ და დროშები ფერხთით გავუგოთ, არა! აჰ, ეგ მუდრეგი, ეგა! მერედა, არ იცის, განა, რომ ორმოცი წელია სამსახურში ვართ და, მადლობა ღმერთს, ყველაფერი გამოგვივლია? ნუთუ გამოჩნდნენ მეთაურები, რომლებმაც ამ ყაჩაღს გაუგონეს?
- მგონი, არ გამოჩენილან, - მიუგო ივან კუზმიჩმა. - იმას კი ამბობენ, ბოროტმოქმედმა ბევრი ციხესიმაგრე დაიპყროო.
- ეტყობა, ნამდვილად ერჩის ძალა, - შენიშნა შვაბრინმა.
- აი, ახლა გავიგებთ, რა ძალის პატრონიცაა, - თქვა კომენდანტმა. - ვასილისა ეგოროვნა, მომეცი ბეღლის გასაღები. ივან იგნატიჩ, გასწი ერთი, ის ბაშკირი მოგვგვარე და იულაის უბრძანე, მათრახები მოიტანოს.
- მოიცა, ივან კუზმიჩ, - უთხრა კომენდანტს ცოლმა და ზეზე წამოდგა. - მაშას სადმე გავიყვან სახლიდან, თორემ ბღავილი შემოესმება და გული გადაუბრუნდება. ისე, მართალი რომ ვთქვა, არც მე მეხალისება წამება-დაკითხვაზე ყოფნა. კარგად იყავით.
ძველ კანონ-სამართალში წამება ისე იყო დამკვიდრებული, რომ კეთილმყოფელ ბრძანებულებას, რომელმაც იგი აღკვეთა, დიდხანს ანგარიშს არ უწევდნენ. ფიქრობდნენ, დამნაშავის აღიარება აუცილებელია, რათა იგი სავსებით იქნას მხილებულიო. ეს აზრი არათუ უნიადაგოა, ერთიანად უპირისპირდება კიდეც საღ იურიდიულ აზრს, ვინაიდან თუ ბრალდებულის უარი მის ალალმართლობის დასადასტურებლად არ გამოდგება, მაშინ აღიარება მით უფრო ნაკლებად შეიძლება იყოს მისი ბრალეულობის დამამტკიცებელი. მე ხანდახან ახლაც კი მესმის ძველ მოსამართლეთა სინანული, ეგ ბარბაროსული ადათ-წესი რად მოშალესო, ხოლო ჩვენს დროს ყველას მიაჩნდა, რომ წამება აუცილებელი იყო, მოსამართლეებსაც და ბრალდებულებსაც. ჰოდა, კომენდანტის ბრძანებაზე არც ერთი ჩვენგანი არ გაოცებულა და არ აღელვებულა. ივან იგნატიჩმა კომენდანტის ცოლის მიერ ბეღელში ჩაკეტილი ბაშკირის მოსაყვანად გასწია. რამდენიმე წუთის შემდეგ ტყვე წინოთახში მოიყვანეს. კომენდანტმა ბრძანა, აქ მომგვარეთო.
ბაშკირი ძლივს გადმოვიდა ზღურბლზე (ფეხებზე ხუნდი ჰქონდა), წოპწოპა ქუდი მოიძრო და კართან გაჩერდა. შევხედე და შევძრწუნდი. ჩემს მეხსიერებაში არასოდეს წაიშლება იგი. სამოცდაათ წელს უნდა ყოფილიყო გადაცილებული. არც ცხვირი ჰქონდა, არც ყურები. თავგადახოტრილი იყო. წვერის ნაცვლად ჭაღარა თმის რამდენიმე ღერი უფამფარებდა. ტანმორჩილი გახლდათ, დამჭლევებული და მოკაკული, მაგრამ წვრილი თვალები ჯერ კიდევ უკვესავდა.
კომენდანტმა შემზარავი ნიშნებით იცნო 1741 წელს დასჯილი ერთ-ერთი მეამბოხე.
- ოჰო! გეტყობა, ბებერი მგელი ბრძანდები, ჩვენს სარეგვავებში მოხვედრილხარ. ალბათ პირველად არ მონაწილეობ ამბოხებაში, რაკი გოგრა მოშანდაკებული გაქვს. ერთი ახლოს მოდი, თქვი, ვინ გამოგგზავნა.
მოხუცი ბაშკირი ხმას არ იღებდა და კომენდანტს მთლად გამოლენჩებული უცქეროდა.
- რას ჩაგიგდია ენა? - განაგრძო კომენდანტმა. - თუ რუსულის ბაიბურში არა ხარ? იულაი, აბა ერთი თქვენებურად ჰკითხე, ვინ შემოგგზავნა ჩვენს ციხესიმაგრეში-თქო?
იულაიმ თათრულად გაიმეორა კომენდანტის კითხვა, მაგრამ ბაშკირი მასაც გამოლენჩებული უცქეროდა და პასუხს არ სცემდა.
- იახში, - თქვა კომენდანტმა. - დამაცა, ამოგადგმევინებ ენას. ბიჭებო! ჩამოაძვრეთ ეს მასხარას ზოლებიანი ხალათი და ზურგი აუჭრელეთ. იულაი, იცოდე, მაგრად დასცხე!
ორმა ინვალიდმა ბაშკირს გახდა დაუწყო. უბედურს სახეზე მოუსვენრობა გამოეხატა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა ბავშვების მიერ დაჭერილი მხეცივით, ხოლო, როცა ერთმა ინვალიდმა მისი ხელები მხრებზე გადაიწყო და იგი მხრებით ასწია, იულაი კი მათრახს დასწვდა და მოიქნია, სუსტი, მავედრებელი ხმით დაიგმინა, თავი გააკანტურა და პირი გააღო, სადაც ენის ნაცვლად ხორცის მოკლე ნაჭერი მოძრაობდა.
რომ მომაგონდება, ეს ამბავი ჩემს ცხოვრებაში დატრიალდა-მეთქი, და რომ უკვე იმპერატორ ალექსანდრეს კეთილ მეფობამდე მოვატანე, განცვიფრებას ვარ, რარიგ სწრაფად და წარმატებით მოიკიდა ფეხი განათლებამ და კაცთმოყვარეობამ. ჭაბუკო! თუ ჩემი ჩანაწერები შენს ხელთ მოხვდა, გაიხსენე, რომ საუკეთესო და უმტკიცესი ცვლილებანია ის ცვლილებანი, რომელნიც დაფუძნებულნი არიან ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებაზე და არა რაიმე ძალდატანებით ძვრებზე.
ყველა სახტად დარჩა.
- აბა, - თქვა კომენდანტმა, - ეტყობა, მაგისგან ხეირი არ იქნება, იულაი, ბაშკირი ბეღელში წაიყვანე. ჩვენ კი, ბატონებო, ზოგი რამ კიდევ ავწონ-დავწონოთ.
დავიწყეთ ჩვენს მდგომარეობაზე ბჭობა, რომ მოულოდნელად ოთახში ვასილისა ეგოროვნა შემოვიდა. იგი სულს ძლივს ითქვამდა, ერთობ აფორიაქებული ჩანდა.
- რა ამბავია შენს თავს? - ჰკითხა გაოგნებულმა კომენდანტმა.
- უბედურება დაგვატყდა, გენაცვათ! - მიუგო ვასილისა ეგოროვნამ. - დღეს დილით ნიჟნეოზერის ციხესიმაგრე დაცემულა. ახლა იქიდან დაბრუნდა გერასიმის მოჯამაგირე. თვითონ შესწრებია, როგორ იღებდნენ ციხესიმაგრეს. კომენდანტი და ყველა ოფიცერი ჩამოხრჩობილია, ყველა სალდათი ტყვედ ჩავარდნილი. ბოროტმოქმედნი საცაა ჩვენთანაც მოვლენ.
ამ ელდა ამბავზე პირკატა მეცა. მე ვიცნობდი ნიჟნეოზერის ციხესიმაგრის კომენდანტს, წყნარ და მორიდებულ ახალგაზრდა კაცს. ორი თვის წინათ ორენბურგიდან მომავალმა ახალგაზრდა ცოლითურთ ივან კუზმიჩთან შემოიარა. ნიჟნეოზერის ციხესიმაგრე ჩვენსას ოცდახუთი ვერსით იყო დაშორებული და ჩვენც წუთი წუთზე უნდა მოვლოდებოდით პუგაჩოვის თავდასხმას. ცხოვლად წარმოვიდგინე, რა დღეში ჩავარდებოდა მარია ივანოვნა და გული გამიჩერდა.
- მისმინეთ, ივან კუზმიჩ! - ვუთხარი კომენდანტს. - ჩვენი ვალია, ვიდრე პირში სული გვიდგას, ციხესიმაგრე არავის დავანებოთ. ეგ სალაპარაკოც არ არის. მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ქალებს არა ემუქრებოდეთ რა. ისინი ორენბურგს გაისტუმრეთ, თუ გზაზე ჯერ კიდევ გაისვლება, ან შორეულ, უფრო საიმედო ციხესიმაგრეში, სადაც ბოროტმოქმედნი ვერ მოასწრებდნენ მიღწევას.
ივან კუზმიჩი ცოლისკენ შებრუნდა და უთხრა:
- იცი, მართლაც ხომ არ გაგიშვათ მოშორებულ ადგილას, ვიდრე მეამბოხეებს არ გავუსწორდებით?
- ეჰ, კარგი ერთი, შენც ამბობ, რაღა! - მიუგო ცოლმა. - სად გეგულება ისეთი ციხესიმაგრე, ტყვიამ ვერ შეატანოს? რით ვერაა ბელოგორი საიმედო? მადლობა ღმერთს, ოცდამეორე წელია ვცხოვრობთ აქ. გვინახავს ბაშკირებიცა და ყირგიზებიც; იქნებ პუგაჩოვიც დავიფრინოთ!
-ჰო, შენი ჭირიმე, - უთხრა ივან კუზმიჩმა, - დარჩი, თუ ჩვენი ციხესიმაგრე გეიმედება. მაშას კი რა ვუყოთ? კარგია, თუ დავიფრინეთ ან მაშველმა მოგვისწრო, მაგრამ თუ ბოროტმოქმედებმა ციხესიმაგრე ხელთ იგდეს?
- ჰო, მაშინ... - ენა დაება ვასილისა ეგოროვნას და შემდეგ სულ გაჩუმდა უჩვეულოდ აღელვებული.
- არა, ვასილისა ეგოროვნა, - განაგრძო კომენდანტმა, რაკი შეამჩნია, რომ მისმა სიტყვებმა ცოლზე იმოქმედეს, თანაც შესაძლოა პირველად თავის სიცოცხლეში, - მაშასთვის აქ დარჩენა არ ივარგებს. ნათლიამისთან გავუშვათ ორენბურგში. იქ ჯარიც საკმაოა და ქვემეხებიც, გალავანიც ქვისაა. ისე შენთვისაც უპრიანი იყო იქ წასვლა. შენს მოხუცობას ვინ დაგიდევს, ნახე, რა დღე გაყარონ, ციხესიმაგრე თუ იერიშით იგდეს ხელთ.
- კეთილი და პატიოსანი, - მიუგო ცოლმა, - გავუშვათ მაშა. ჩემზე კი მეორეჯერ სიტყვა არ დაძრა, აქედან ფეხს არ გავადგამ. ამ მოხუცებულობაში რაღა დროს შენთან განშორებაა, უცხო მხარეში სად ვეძებო მარტომ სამარე. ერთად ვიცხოვრეთ და ერთად დავიხოცოთ.
- სწორი ხარ, - უთხრა კომენდანტმა. - აბა, ნუ დავახანებთ, გასწი, მაშა გასამგზავრებლად მოამზადე, ხვალ ალიონზე გავუშვებთ და ბადრაგსაც გავაყოლებთ, თუმცა მოსაკლები ხალხი არ მოგვეძევება. კი მაგრამ, მაშა სადღაა!
- აკულინა პამფილოვნასთან, - მიუგო ვასილისა ეგოროვნამ. - რომ გაიგო, ნიჟნეოზერის ციხესიმაგრე აიღესო, ცუდად გახდა, მეშინია, რაიმე სატკივარი არ შეეყაროს. ღმერთო მაღალო, ამას რას მოვესწარით!
ვასილისა ეგოროვნა ქალიშვილის მოსამზადებლად წავიდა. კომენდანტთან საუბარი გაგრძელდა, მაგრამ მე მასში არ ვერეოდი და არც არაფერი მესმოდა. მარია ივანოვნა ვახშმობისას მოვიდა გაფითრებული და ნამტირალევი. მდუმარედ ვივახშმეთ და ჩვეულებრივზე უფრო ჩქარა ავიშალეთ. გამოვეთხოვეთ კომენდანტის ჯალაბს და გავსწიეთ შინისკენ, მაგრამ მე განგებ დავივიწყე ჩემი დაშნა და წასაღებად მოვბრუნდი: გული მიგრძნობდა, რომ მარია ივანოვნას მარტოს ვიხილავდი. ის, მართლაც, ზღურბლზე შემომხვდა და დაშნა გადმომცა.
- მშვიდობით, პიოტრ ანდრეიჩ! - მითხრა ტირილით, - მე ორენბურგში მიშვებენ. სიცოცხლე და ბედნიერება ნუ მოგეშალოთ. იქნებ ღმერთმა კვლავ შეგვახვედროს, ხოლო თუ არა... - მარია ივანოვნა აქვითინდა. მე მოვეხვიე.
- მშვიდობით, ჩემო ანგელოზო, ჩემო ძვირფასო, ჩემო სანატრელო! რა დღეშიც უნდა ჩავვარდე, გწამდეს, რომ ჩემი უკანასკნელი აზრის, უკასნასკნელი ლოცვის საგანი შენ იქნები! -მივუგე მას.
ჩემს მკერდზე მოხუტებული მაშა ქვითინებდა. მე გზნებით ვაკოცე და საჩქაროდ გამოვედი გარეთ.

მეშვიდე თავი

იერიში

ვაი შენ, ჩემო საბრალო თავო,
ნამსახურო და მაშვრალო თავო!
ოცდაცამეტი წელი დაჰყავი,
ოცდაცამეტი სამსახურშია,
ვერაფერი კი მოინაპირე -
ვერცა ქონება, ვერც სიხარული,
ვერც ტკბილი სიტყვა ამოდ სასმენი
და ვერც წოდება ყოვლგნით საჩინო.
სამაგიეროდ დაიმსახურე
შენ მხოლოდ ორი მაღალი ბოძი,
ზედაც კადონი - ნეკერჩხლის ძელი
და კიდევ ყულფი აბრეშუმისა.
ხალხური სიმღერა

ეს ღამე თეთრად გავათენე. სამოსიც არ გამიხდია. მინდოდა დილაბინდზე ციხესიმაგრის ჭიშკართან გავსულიყავი, საიდანაც მარია ივანოვნა უნდა გამგზავრებულიყო, და იქ გამოვმშვიდობებოდი მას უკანასკნელად. ვგრძნობდი, რომ ერთობ გადავსხვაფერდი. სულიერი მღელვარება ამასწინანდელ ნაღველზე გაცილებით ნაკლებ მიმძიმებდა გულს. განშორების სევდას ჩემსას თან ერთვოდა, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი, მაგრამ საამო იმედები, ხიფათის დაუოკებელი მოლოდინიცა და კეთილშობილური პატივმოყვარეობის გრძნობებიც. ღამე თვალსა და ხელშუა გაილია. უკვე სახლიდან უნდა გავსულიყავი, რომ ჩემი ოთახის კარი გაიღო, შემოვიდა კაპრალი და მომახსენა: კაზაკებმა ღამით ციხესიმაგრე დატოვეს და იულაი ძალით წაიყოლეს, ციხესიმაგრეს მახლობლად კი უცხოები მიდი-მოდიანო. თავზარი დამცა იმ აზრმა, რომ მარია ივანოვნა გამგზავრებას ვერ მოასწრებდა. კაპრალი ხელდახელ დავარიგე, რა უნდა გაეკეთებინა და მაშინვე კომენდანტისკენ გავვარდი.
უკვე თენდებოდა. ქუჩაში ისე მივქროდი, მიწას ფეხს არ ვაკარებდი. უცებ ჩემი სახელი მომესმა. შევჩერდი. ივან იგნატიჩი წამომეწია და მითხრა:
- საით? ივან კუხმიჩი მიწაყრილზეა და თქვენთან გამომგზავნა. პუგაჩი მოვიდა.
- გაემგზავრა მარია ივანოვნა? - ვკითხე გულის კანკალით.
- ვერ მოასწრო, ორენბურგის გზა შეკრულია, ციხესიმაგრე გარემოცვაშია. ცუდ დღეში ვართ, პიოტრ ანდრეიჩ!
წავედით მიწაყრილზე. ეს იყო მესერით გამაგრებული ბუნებრივი შემაღლებული ადგილი. მიწაყრილზე უკვე ციხესიმაგრის ყველა მცხოვრები ზიმზიმებდა. გარნიზონს იარაღი აესხა. ქვემეხი წინადღით გამოაგორეს აქ. კომენდანტი თავისი მცირერიცხოვანი მწყობრის წინ დააბიჯებდა. საფრთხის სიახლოვე უჩეულო სიმხნევით აღავსებდა ძველ მეომარს. ტრამალზე, ციხესიმაგრის შორიახლო, ოციოდე მხედარი მიდი-მოდიოდა. მხედრები კაზაკები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მათ შორის იმყოფებოდნენ ბაშკირებიც, რომლების გამოცნობა ადვილად შეიძლებოდა ფოცხვერის ქუდებითა და კაპარჭებით; კომენდანტმა თავის ჯარს ჩამოუარა, გზადაგზა სალდათებს ეუბნებოდა:
- აბა, შვილებო, დღეს თავი დავდოთ ჩვენი დედა-დედოფლისთვის და მთელ ქვეყანას ვუჩვენოთ, რომ ყოჩაღი და ფიცით შეკრული ხალხი ვართ!
სალდათებმა ხმამაღლა გამოუცხადეს, თავს არ დავზოგავთო.
შვაბრინი ჩემ გვერდით იდგა და თვალჩაციებით უყურებდა მტერს. ტრამალში მყოფმა მხედრებმა ციხესიმაგრეში ფუთფუთი შეამჩნიეს, თავი შეიყარეს და ბჭობა გამართეს. კომენდანტმა ივან იგნატიჩს უბრძანა, მათთვის ქვემეხი დაემიზნებინა და თვითონ მოუკიდა ცეცხლი პატრუქს. ყუმბარამ დაიზუზუნა, მაგრამ მხედრებს გადასცდა და ვერაფერი დააკლო მათ. მხედრები გაიფანტნენ და მაშინვე გაქუსლეს. ტრამალი დაცარიელდა.
ამ დროს მიწაყრილზე ქალიშვილითურთ გამოჩნდა ვასილისა ეგოროვნა. მაშას დედასთან ყოფნა მოეწადინებინა.
- აბა, როგორაა საქმე? - იკითხა კომენდანტის ცოლმა. - როგორ მიდის ბრძოლა? სადაა მტერი?
- მტერი ახლოსაა, - მიუგო ივან კუზმიჩმა. - ღვთის შეწევნით ყველაფერი რიგზე იქნება. რაო, მაშა, გეშინია?
- არა, მამიკო, - მიუგო მარია ივანოვნამ. - შინ მარტო ყოფნა უფრო საშიშია.
ამ დროს მე გადმომხედა და ნაძალადევად გამიღიმა. უნებლიეთ დაშნის ვადა ჩავბღუჯე, რადგან გამახსენდა, რომ წინადღით თვითონ გადმომცა იგი, თითქოსდა მიჯნურის დასაცავად. გულში ცეცხლი მეგზნო. თავს მაშას რაინდად ვსახავდი. ერთი სული მქონდა დამემტკიცებინა, რომ ღირსი ვიყავი მისი ნდობისა. გადამწყვეტი წუთის ჩამორეკამდე გული საგულეს აღარ მიდგებოდა.
ამ დროს ციხესიმაგრიდან ნახევარ ვერსზე წამომართული მაღლობის გადაღმიდან ცხენოსანთა ახალი რაზმები გამოჩნდნენ და მალე ტრამალს ზღვად მოედვნენ შუბებითა და მშვილდ-ისრებით აღჭურვილი ადამიანები. მათ შორის თეთრი ცხენით მოიწევდა წითელხიფთანიანი, ხმალამოწვდილი კაცი: ეს თვით პუგაჩოვი იყო. თეთრცხენა მხედარი შეჩერდა და მხლებლები გარს შემოერტყნენ. როგორც ჩანდა, მისი ბრძანებით, ოთხი კაცი დაწინაურდა. მათ ზედ ციხესიმაგრესთან მოაგელვეს ცხენები. ვიცანი ჩვენი მოღალატენი. ერთს ქუდზემოთ ქაღალდი ეჭირა, მეორეს იულაის თავი ჩამოეგო შუბზე. ამ მეორემ იულაის თავი შეარხია და მესერზე გადმოგვიგდო. საბრალო ყალმუხის თავი კომენდანტის ფეხებთან დაეცა.
- არ ისროლოთ. გამოეგებეთ ხელმწიფეს, ხელმწიფე აქაა! - ყვიროდნენ მოღალატენი.
- მე თქვენ გიჩვენებთ! - დასძახა ივან კუზმიჩმა. - ბიჭებო! ჰკა მაგათ!
ჩვენმა სალდათებმა იარაღი დააქუხეს. წერილიანი კაზაკი შეტორტმანდა და ცხენიდან გადმოვარდა. სხვებმა უკან მოკურცხლეს. მე მარია ივანოვნას შევავლე თვალი. იულაის გასისხლიანებული თავის ხილვით დარეტიანებული და ბათქით სმენადახშული ქალიშვილი გონმიხდილი გეგონებოდათ. კომენდანტმა კაპრალს უხმო და უბრძანა, მოკლულ კაზაკს ქაღალდი აართვიო. კაპრალმა მინდორში გასწია და რომ მობრუნდა, თან სადავით მოიყოლა მოკლულის ცხენიც. მან წერილი კომენდანტს გადასცა. ივან კუზმიჩმა წაიკითხა და შემდეგ დაანაკუწა. ამასობაში აჯანყებულები, ეტყობა, საბრძოლველად გაემზადდნენ. მალე ყურებთან ტყვიებმა გაგვიზუზუნეს, რამდენიმე ისარი ჩვენს სიახლოვეს მიწას და მესერს ეძგერა.
- ვასილისა ეგოროვნა! - უთხრა ცოლს კომენდანტმა. - აქ სადედაკაცო საქმე არაფერია. წაიყვანე მაშა, ხომ ხედავ, გოგო ცოცხალ-მკვდარია.
ტყვიის სროლაში გაყუჩებულმა ვასილისა ეგოროვნამ ერთიანად ამოძრავებულ ტრამალს უსწორა თვალი. შემდეგ ქმრისკენ შებრუნდა და უთხრა:
- ივან კუზმიჩ, სიკვდილიც ღვთის ნებაზე ჰკიდია და სიცოცხლეც: დალოცე მაშა.
გაფითრებული, აცახცახებული მაშა მამას მიუახლოვდა, დაიჩოქა და მდაბლად დაუკრა თავი. მოხუცმა კომენდანტმა სამგზის გადასწერა ჯვარი. შემდეგ წამოაყენა, აკოცა და შეცვლილი ხმით უთხრა:
- აბა, მაშა, ბედნიერება ნუ მოგეშალოს. ღმერთის მავედრებელი იყავ: ის ზურგს არ გაქცევს. თუ კეთილი კაცი გამოგიჩნდა, მამაზეციერმა სიყვარულით და სიამტკბილობით გამყოფოთ. გეცხოვროთ ისე, როგორც მე და ვასილისა ეგოროვნამ ვიცხოვრეთ. აბა, მშვიდობით, მაშა. ვასილისა ეგოროვნა, წაიყვანე საჩქაროდ.
მაშა კისერზე ჩამოეკიდა მამას და აქვითინდა. კომენდანტის ცოლსაც ტირილი აუვარდა.
- მოდი, ჩვენც გადავკოცნოთ ერთმანეთი, - უთხრა ქმარს, - მშვიდობით, ჩემო ივან კუზმიჩ, შემინდე, თუ რამით გული მიტკენინებია!
კომენდანტი თავის ბებრუხანას გადაეხვია და მიუგო:
- მშვიდობით, მშვიდობით, გენაცვა! აბა, კმარა! წადით, წადით შინ და, თუ მოასწრო, მაშას სარაფანი ჩააცვი.
კომენდანტის ცოლი და ქალიშვილი წავიდნენ. მე უკან გავყურებდი მიმავალ მარია ივანოვნას. ქალიშვილმა მოიხედა და თავი დამიქნია. ამ დროს ივან კუზმიჩი ჩვენკენ მობრუნდა და მთელი გულისყური უკვე მტერზე გადაიტანა. ამბოხებულები თავიანთ წინამძღოლთან იყრიდნენ თავს და უცებ ჩამოქვეითება დაიწყეს.
- ახლა გული გაიმაგრეთ! - თქვა კომენდანტმა. - იერიშზე გადმოვლენ...
გაისმა შემაზრზენი ღრიანცელი. მეამბოხენი ციხესიმაგრისკენ გამოქანდნენ. ჩვენი ქვემეხი ფინდიხით იყო დამუხტული. კომენდანტმა მტერი სულ ახლოს მოუშვა და ცეცხლი მოულოდნელად დაატეხა თავს. ფინდიხი ზუსტად მეამბოხეთა შუაგულს მისწვდა. ისინი აქეთ-იქით მიაწყდნენ და უკუიქცნენ, წინამძღოლი მარტო დარჩა წინ... იგი ხმალს იქნევდა და, ეტყობოდა, მგზნებარედ უხმობდა ოტებულთ... ისევ გაისმა წუთიერად მიმწყდარი ღრიანცელი.
- აბა, ბიჭებო, - თქვა კომენდანტმა. - გააღეთ ჭიშკარი, დასცხეთ დოლს! ბიჭებო! წინ, იერიშზე, მომყევით!
კომენდანტი, ივან იგნატიჩი და მე მყისვე ციხესიმაგრის მიწაყრილის გადაღმა აღმოვჩნდით, მაგრამ შიშნაჭამ გარნიზონს ფეხი არ მოუცვლია.
- რაღას უდგახართ, შვილებო? - იყვირა ივან კუზმიჩმა. - სიკვდილია და მოვკვდეთ, ეს ჩვენი ჯარისკაცური მოვალეობაა.
ამ დროს მეამბოხეები მოგვაწყდნენ და ციხესიმაგრეში შემოცვივდნენ. დოლი დადუმდა. გარნიზონი მტერს დამორჩილდა. მე წამაქციეს, მაგრამ წამოვდექი და მეამბოხეებთან ერთად შევედი ციხესიმაგრეში. თავში დაჭრილ კომენდანტს გარს შემორტყმული ავაზაკები გასაღებს სთხოვდნენ. მისაშველებლად გავიწიე, მაგრამ რამდენიმე ღონიერმა კაზაკმა ხელი მტაცა და ქამრებით შემკრეს, თან მეუბნებოდნენ:
- დაიცა, რა დღე დაგეყაროთ ხელმწიფის ურჩებს!
ქუჩა-ქუჩა წაგვათრიეს. მცხოვრებნი პურ-მარილით გამოდიოდნენ სახლებიდან, ისმოდა ზარების რეკვა. ანაზდად იყვირეს - ხელმწიფე მოედანზე ტყვეებს ელოდება და ფიცს ღებულობსო. ხალხი მოედანს მიაწყდა, ჩვენც იქით გაგვრეკეს.
პუგაჩოვი სავარძელში იჯდა კომენდანტის სახლის პარმაღზე. ლამაზი წოწოლა სიასამურის ქუდი ცეცხლჩამდგარ თვალებზე ჩამოეწია. სახით მეცნაურა. გარს კაზაკთა ზემდეგები ეხვია. გაფითრებული და აკანკალებული მამა გერასიმი პარმაღთან იდგა, ხელში ჯვარი ეჭირა და თითქოს მდუმარედ ავედრებდა მას მოსალოდნელ მსხვერპლს. მოედანზე სასწრაფოდ დგამდნენ სახრჩობელას. პარმაღს რომ მივუახლოვდით, ბაშკირებმა ხალხი გარეკ-გამორეკეს და პუგაჩოვთან მიგვიყვანეს. ზარები მიყუჩდნენ. ჩამოდგა სამარისებური სიჩუმე.
- რომელია კომენდანტი? - იკითხა თვითმარქვიამ.
ბრბოს ჩვენი ურიადნიკი გამოეყო და ივან კუზმიჩზე მიუთითა. პუგაჩოვმა თვალები დაუბრიალა მოხუცს და უთხრა:
- როგორ გამიბედე წინააღმდეგობა მე, შენს ხელმწიფეს?
ჭრილობისაგან გასავათებულმა კომენდანტმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და მტკიცე ხმით მიუგო:
- შენ ჩემი ხელმწიფე კი არა, ქურდი და თვითმარქვია ხარ, გაიგე!
პუგაჩოვმა ავად შეიკრა წარბი და თეთრი ხელსახოცი გაიქნია. რამდენიმე კაზაკმა მოხუც კაპიტანს ხელი სტაცა და სახრჩობელასაკენ წაათრია. სახრჩობელას ძელზე აღმოჩნდა ის დასახიჩრებული ბაშკირი, რომელიც წინადღეს დაკითხვაზე გვყავდა. ხელში თოკი ეჭირა. ერთი წუთის შემდეგ საბრალო ივან კუზმიჩი ჰაერში ჩამოკიდებული დავინახე. ახლა პუგაჩოვს ივან იგნატიჩი მიუყვანეს.
- შემომფიცე შენს ხელმწიფეს, პიოტრ ფიოდოროვიჩს, - უთხრა პუგაჩოვმა.
- შენ ჩვენი ხელმწიფე კი არა, ქურდი და თვითმარქვია ხარ, ბიძიკო, - თავისი კაპიტნის სიტყვები გაიმეორა ივან იგნატიჩმა.
პუგაჩოვმა ისევ გაიქნია ხელსახოცი და კეთილი პორუჩიკი თავისი მოხუცი უფროსის გვერდით ჩამოეკიდა.
დადგა ჩემი ჯერი. მე უშიშრად ვუყურებდი პუგაჩოვს, ვემზადებოდი ჩემი დიდსულოვანი ამხანაგების პასუხი გამემეორებინა. ამ დროს მეამბოხე კაზაკ ზემდეგთა შორის თვალი ვკიდე კაზაკური ხიფთანით მოსილ მრგვლად თმაშეკრეჭილ შვაბრინს, რამაც უზომოდ გამაკვირვა. იგი პუგაჩოვთან მივიდა რამდენიმე სიტყვა ჩასჩურჩულა. პუგაჩოვს ჩემთვის არ შემოეხედავს, ისე თქვა:
- ჩამოახრჩვეთ!
კისერზე ყულფი ჩამომაცვეს. გულში ლოცვა დავიწყე: ღმერთის წინაშე გულწრფელად ვინანიებდი შეცოდებებს და ვეაჯებოდი, ჩემთვის ყველა ძვირფასი ადამიანისთვის მოწყალე თვალით გადმოეხედა. გამათრიეს სახრჩობელის ქვეშ.
- ნუ გეშინია, ნუ გეშინია, - მიმეორებდნენ მკვლელები. შეიძლება, ნამდვილად სურდათ გავემხნევებინე.
მოულოდნელად შემომესმა ყვირილი:
- მოიცათ, თქვე წყეულებო! მოიცათ!..
ჯალათები შეჩერდნენ. ვხედავ, საველიჩი პუგაჩოვის ფერხთით დავარდნილა.
- საყვარელო მამაო ჩვენო, - ეუბნებოდა საბრალო გამდელი. - რას გარგებს ბატონიანთ ბალღის სიკვდილი? გაუშვი. სამაგიეროდ გამოსასყიდს მოგცემენ. ხოლო მაგალითის მისაცემად და შიშის ჩასანერგად, ბრძანე, თუნდაც მე, მოხუცი, ჩამომახრჩონ.
პუგაჩოვმა ჯალათებს ანიშნა, იმათაც მაშინვე ამხსნეს თოკი და მომეშვნენ.
- ჩვენი მამა გიწყალებს, - მეუბნებოდნენ მე.
ამ წუთში ვერ ვიტყოდი, თავის ხსნამ გამახარა-მეთქი. ვერც იმას ვიტყვი, რომ ეგ ამბავი ვინანე. გრძნობები ერთობ დაბინდული მქონდა. კვლავ მიმიყვანეს თვითმარქვიასთან და მის წინ მუხლი მომაყრევინეს. პუგაჩოვმა დაძარღვული ხელი გამომიწოდა.
- აკოცე ხელზე, აკოცე ხელზე! - მეუბნებოდნენ გვერდით მყოფნი, მაგრამ მე უსასტიკეს წამებას ვარჩევდი ასეთ საზიზღარ დამცირებას.
- პიოტრ ანდრეიჩ, გენაცვალე! - ჩამჩურჩულებდა და ზურგში მიბიძგებდა უკან მდგომი საველიჩი. - ჯიბრზე ნუ ხარ, რას კარგავ? გადააფურთხე და აკოცე მაგ ბოროტ... (ფუი!) აკოცე მაგას ხელზე.
ფეხს არ ვიცვლიდი. პუგაჩოვი მომეშვა. მან ჩაიცინა და თქვა:
- მისი კეთილშობილება ალბათ სიხარულმა გამოარეტა. წამოაყენეთ!
წამომაყენეს და გამათავისუფლეს. მე თვალი მივადევნე, როგორ წარიმართა შემდგომ ეს შემზარავი კომედია.
მცხოვრებლებმა დაიწყეს შეფიცვა. ისინი რიგრიგობით მოდიოდნენ ჯვარცმასთან და ამბორს უყოფდნენ მას, შემდეგ თვითმარქვიას სცემდნენ თაყვანს. იქვე იდგნენ გარნიზონის სალდათები. ბლაგვი მაკრატლით აღჭურვილი ასეულის თერძი სალდათებს ნაწნავებს აჭრიდა. სალდათები თმას იფერთხავდნენ და პუგაჩოვთან მიდიოდნენ ხელზე სამთხვევად. პუგაჩოვიც ივრდომებდა მათ და თავის ბრბოში ღებულობდა. ყოველივე ეს დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა. ბოლოს პუგაჩოვი სავარძლიდან წამოდგა და ზემდეგის თანხლებით პარმაღიდან ჩამოვიდა. მას მდიდრულად აკაზმული თეთრი ცხენი მოუყვანეს. ორმა კაზაკმა ხელში აიტაცა და ცხენზე შესვა. ეს იყო და გაისმა ქალის კივილი. რამდენიმე ყაჩაღმა პარმაღზე გაჩეჩილი და გაშიშვლებული ვასილისა ეგოროვნა შემოათრია. ერთ მათგანს უკვე მოესწრო მისი ქათიბის ჩაცმა, სხვებს ყურთუკები, სკივრები, ჩაის ჭურჭელი, თეთრეული და ათასგვარი ბარგი-ბარხანა მოჰქონდათ.
- გენაცვათ! - ყვიროდა საბრალო ბებრუხანა. - თავი დამანებეთ, წამიყვანეთ ივან კუზმიჩთან.
უცებ ვასილისა ეგოროვნამ სახრჩობელას შეავლო თვალი და თავისი ქმარი იცნო.
- ავაზაკებო! - იწივლა გაშმაგებულმა ქალმა. - ეს რა დღეში ჩაგიგდიათ? ჩემო თვალისჩინო, ივან კუზმიჩ, მამაცო სალდათო! შენ ვერც პრუსიელთა ხიშტები გაგეკარა და ვერც თურქთა ტყვიები. პატიოსან ბრძოლაში როდი დაეცი, გამოპარულმა კატორღელმა დაგიბნელა დღე!
- ხმა ჩაუწყვიტეთ მაგ ბებერ ჯადოქარს! - თქვა პუგაჩოვმა.
ახალგაზრდა კაზაკმაც ვასილისა ეგოროვნას ხმალი დაჰკრა და კომენდანტის ცოლი უსულოდ დავარდა პარმაღის საფეხურზე. პუგაჩოვი წავიდა. ხალხი უკან გაედევნა.

მერვე თავი

დაუპატიჟებელი სტუმარი

დაუპატიჟებელი სტუმარი ჭირზე უარესიაო.
ანდაზა
მოედანზე კაცის ჭაჭანება აღარ იყო. მე ისევ ერთ ადგილას ვიდექი და ვერა და ვერ ვალაგებდი ესოდენ შემზარავ შთაბეჭდილებათა შედეგად აბნეულ აზრებს.
ყველაზე მეტად ის მტანჯავდა, რომ არ ვიცოდი, რა ბედი ეწია მარია ივანოვნას. სადაა? რა დაემართა? თავის გარიდება თუ მოასწრო? სანდო სახიზნავი თუ ჰპოვა?.. მღელვარებით აღსავსე ფიქრებით მოცულმა შევაბიჯე კომენდანტის სახლში... სახლი გამოცარიელებული იყო. მაგიდები, სკამები, სკივრები მიელეწ-მოელეწათ, ჭურჭელი დაემსხვრიათ, ყველაფერი დაეტაცებინათ. პატარა კიბეზე ავიჭერი და პირველად შევდგი ფეხი მარია ივანოვნას ოთახში. მისი საწოლი ყაჩაღებს აებურგნათ, კარადა გაეტეხათ და გამოეფხიკათ. გაცლილი სახატეს წინ ჯერ კიდევ ციაგებდა პატარა კანდელი. მთელი შემორჩენილიყო კედელზე დაკიდებული პატარა სარკეც...მაგრამ სად იყო ამ უბრალო, უბიწო სენაკის დიასახლისი? თავში შემზარავი აზრი გამიკრთა, წარმოვიდგინე, რომ მარია ივანოვნა ავაზაკებს ჰყავდათ... გული დამეწურა... მდუღარედ ავტირდი და ხმამაღლა წარმოვთქვი ჩემი ძვირფასი ადამიანის სახელი... ამ დროს შარიშური მომეყურა და კარადის უკნიდან ფერწასული, აცახცახებული პალაშა გამოჩნდა. მან ხელი ხელს შემოჰკრა და მითხრა:
- ვაი, პიოტრ ანდრეიჩ! რა დღეში ჩავცვივდით! რა უბედურება დაგვატყდა თავს!
- კი მაგრამ, მარია ივანოვნა სადღაა? - ვკითხე სულწასულმა. - რა დაემართა მარია ივანოვნას?
- ქალიშვილი ცოცხალია, - მიპასუხა პალაშამ, - აკულინა პამფილოვნასთან იმალება.
- მღვდლის ცოლთან! - შევყვირე შეძრწუნებულმა. - ღმერთო! იქ ხომ პუგაჩოვი არის!
ოთახიდან გავიჭერი, ერთ წამში ქუჩაში ამოვყავი თავი და კისრისტეხით გავიქეცი მღვდლის სახლისაკენ. თვალით ვერას ვამჩნევდი და გრძნობით ვერას ვგრძნობდი. მღვდლისას ღრიალ-ხარხარი და სიმღერები გაისმოდა... იქ პუგაჩოვი თავის ამხანაგებთან ერთად ღრეობდა. პალაშა ფეხდაფეხ მომყვა და აკულინა პამფილოვნასთან შევუშვი, ჩუმად გამოვიდეს-მეთქი. ერთი წუთის შემდეგ მღვდლის ცოლი წინკარში გამოვიდა, ხელში ცარიელი შტოფი ეჭირა.
- თუ ქალი ხართ, მითხარით, სადაა მარია ივანოვნა? - ვკითხე ენით უთქმელი მღელვარებით.
- წევს, ჩემო კარგო, ჩემს ლოგინშია, ტიხარს იქით, მიპასუხა მღვდლის ცოლმა. - ოჰ, პიოტრ ანდრეიჩ, კინაღამ ვაიუშველებელი დატრიალდა, მაგრამ მადლი უფალს, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ის ავაზაკი სადილად ახალი დამჯდარი იყო, რომ ჩემი საბრალო ბავშვი გონს მოვიდა დაიკვნესა!.. ერთი სიკვდილი გავათავე. ავაზაკმა გაიგონა და მკითხა: ბებერო, ეს ვინ გიკვნესის შინაო? ქურდს მდაბლად დავუკარი თავი და მივუგე: ჩემი ძმისშვილია, ხელმწიფეო, ავად გახდა და აგერ უკვე მეორე კვირაა წევს-მეთქი. მერედა ახალაგზრდაა შენი ძმისშვილიო? ახალგაზრდაა, ხელმწიფეო-მეთქი. არა უშავს, დედაბერო, მე თვითონ მოვინახულებო. ესა თქვა და ტიხარს იქით გავიდა ის წყეული. მერედა რა გგონია! გადასწია ფარდა, დახედა თავისი ქორის თვალებით და ხმა არ გაუღია... ღმერთმა შეგვიწყალა! გჯერა, მე და ჩემი კაცი უკვე განვემზადეთ, რომ ტანჯვით ამოგვხდებოდა სული. საბედნიეროდ ჩემმა გოგონამ ავაზაკი ვერ იცნო. ღმერთო მაღალო, რა დღე დაგვიდგა! საბრალო ივან კუზმიჩი! ვინ იფიქრებდა!.. ვასილისა ეგოროვნას აღარ იკითხავთ? ივან იგნატიჩს? ის მაინც რატომ? თქვენ როგორღა დაგინდვეს? შვაბრინი, ალექსეი ივანიჩი, კი, დედა, რა კაცია? მან ხომ მრგვალად შეიკრიჭა თმა და ახლა ამათთან ერთად ქეიფობს! გაქნილია, ღმერთმანი! მე რომ ვთქვი, ავადმყოფი ძმისშივლი მყავს-მეთქი, გჯერა, გულგამგმირავად შემავლო თვალი, მაგრამ არ დავუბეზღებივარ. ამისთვისაც მადლობა ეთქმის.
ამ დროს ატყდა მთვრალი სტუმრების ღრიალი და მოისმა მამა გერასიმის ხმა. სტუმრები არაყს ითხოვდნენ, ხოლო მასპინძელი თანამეცხედრეს ეძახდა. მღვდლის ცოლი აფუსფუსდა.
- წადი შინ, პიოტრ ანდრეიჩ, - მითხრა მან. - ახლა თქვენთვის არა მცხელა. ავაზაკები ღრეობენ, შავი დღე დაგადგებათ, მთვრალებს თუ შეეჩეხეთ. მშვიდობით, პიოტრ ანდრეიჩ, რაც მოხდება, მოხდება, იქნებ ღმერთმა მოწყალე თვალით გადმოგვხედოს!
მღვდლის ცოლი წავიდა. ცოტათი დამშვიდებული გავემართე ბინისაკენ. მოედანთან ჩავლისას რამდენიმე ბაშკირს ვკიდე თვალი. ისინი სახრჩობელასთან ქოთქოთებდნენ და ჩამოხრჩობილებს ჩექმებს აძრობდნენ. ძლივს დავიოკე გულისწყრომა, ვგრძნობდი, რომ თავის გამოდება უსარგებლო იყო. ყაჩაღები ციხესიმაგრეში დაძრწოდნენ და ოფიცერთა სახლებს ძარცვავდნენ. ყველგან მეამბოხეთა ღრიალი ისმოდა. შინ მისულს ზღურბლზე საველიჩი შემომხვდა.
- მადლობა ღმერთს! - წამოიძახა ჩემ დანახვაზე. - ვიფიქრე, ავაზაკებმა კვლავ ხელი სტაცეს-მეთქი. აჰ, ჩემო პიოტრ ანდრეიჩ! გჯერა? სულიან-ხორციანად გაგვცალეს: ტანსაცმელი, თეთრეული, ნივთები, ჭურჭლეული არაფერი დაგვიტოვეს, მაგრამ რა ვუყოთ! მადლობა ღმერთს, რომ სიცოცხლე დაგინარჩუნეს! ისე, ატამანი თუ იცანი, ბატონო?
- ვერა, ვერ ვიცანი. კი მაგრამ, ვინაა?
- როგორ ვინააო, გენაცვა? აღარ გახსოვს ის ლოთი, ტყაპუჭი რომ გამოგტყუა ფუნდუკში? ახალთახალი კურდღლის ტყაპუჭი? ხოლო იმ გაიძვერამ ტანზე ძალისძალად ჩაცმისას სულ ფხრიწინ-ფხრიწინი აუტეხა!
განვცვიფრდი. მართლაც, პუგაჩოვი და ჩემი მეგზური წარმოუდგენლად ჰგავდნენ ერთმანეთს. ვირწმუნე, რომ პუგაჩოვი და ის ერთი და იგივე პიროვნება იყო, და მაშინღა ამოვხსენი, რად დამინდო. გავკვირდი, რარიგ გადაეჯაჭვნენ ერთურთს გარემოებანი: მაწანწალასთვის ნაჩუქარი ბავშვის ტყაპუჭი ყულფს მარიდებდა, ხოლო ფუნდუკ-ფუნდუკ მოხეტიალე ლოთი ალყაში აქცევდა ციხესიმაგრეებს და თავზარს სცემდა სახელმწიფოს!
- საჭმელს ხომ არ ინებებ? - თავის ჩვეულებას არ უღალატა საველიჩმა. - შინ არაფერია, მაგრამ წავალ, მივიჩხრიკ-მოვიჩხრიკები და რამეს გაგიკეთებ.
მარტოდ მყოფი ფიქრებს ჩავუღრმავდი. რა გზას დავდგომოდი? ოფიცერს არ ეგებოდა ავაზაკის ხელში ჩავარდნილ ციხესიმაგრეში დარჩენილიყო, ან მის ხროვას ხლებოდა. მოვალეობა ითხოვდა წარვმდგარიყავ იქ, სადაც ჩემი სამსახური კიდევ შეიძლებოდა გამოდგომოდა სამშობლოს ახლანდელ სამძიმო გარემოებათა ჟამს... სიყვარული კი შთამაგონებდა მარია ივანოვნას არ გავშორებოდი და მისი დამცველი და მფარველი ვყოფილიყავი. მართალია, ჩემი შეტყობით, ვითარება მალე უსათუოდ სხვა კალაპოტში უნდა ჩამდგარიყო, მაგრამ რომ წარმოვიდგენდი, რა საშიშროება ადგა მას თავს, მაინც ვძრწოდი.
მოირბინა ერთმა კაზაკმა და ფიქრი გამაწყვეტინა. დიდი ხელმწიფე გიბარებსო, - მაუწყა. ურჩობას მოვერიდე და ვკითხე:
- სადაა?
- საკომენდანტოში, - მიპასუხა კაზაკმა, - ნასადილევს ჩვენი მამა-ბატონი აბანოში იყო, ახლა კი ისვენებს. აბა, თქვენო კეთილშობილებავ, ყველაფერზე ეტყობა, წარჩინებული პირია: სადილზე ორი შემწვარი გოჭი ინება, ხოლო აბანოში ისეთი ორთქლით გაიბუღა, ტარას კუროჩკინმაც ვერ გაუძლო, ცოცხი ფომკა ბიკბაევს გადაულოცა და ცივი წყლით ძლივძლივობით მოითქვა სული. ჩემმა მზემ, ყველანაირად წარჩინებულობას ამჟღავნებს. აბანოშიო კი, ამბობენ, თავისი სამეფო ნიშნებიც გამოაჩინა: მკერდზე ჰქონებია, ცალ მხარეს - ორთავიანი არწივი, შაურიანის ოდენა, ცალზე - მისი პერსონა.
კაზაკთან კამათი უსარგებლოდ მივიჩნიე და მასთან ერთად გავემართე კომენდანტის სახლისაკენ. გზად წინასწარ ვჭვრეტდი, როგორი იქნებოდა პუგაჩოვთან შეხვედრა და ვცდილობდი გამომეცნო, რით დამთავრდებოდა იგი. მკითხველს ადვილად შეუძლია წარმოიდგინოს, რომ გული საგულეს აღარ მქონდა.
როცა კომენდანტის სახლთან მივედი, ბინდი დაიძრა. სახრჩობელა საზარლად ილანდებოდა შავად თავისი მსხვერპლებითურთ. საბრალო კომენდანტის ცოლის გვამი ისევ ისე ეგდო პარმაღთან. იქ ორი კაზაკი გუშაგობდა. კაზაკი, რომელმაც მე მომიყვანა, შენობაში შევიდა, რათა ჩემი მოსვლა ეუწყებინა ვისაც ჯერ არს, იმისთვის. იგი ხელადვე დაბრუნდა და შემიყვანა ოთახში, სადაც წინადღით ასე ნაზად ვემშვიდობებოდი მარია ივანოვნას.
უჩვეულო სურათს წავადექი. სუფრაგადაფარებულ, შტოფებითა და ჭიქებით ავსებულ მაგიდას პუგაჩოვი და ათამდე კაზაკი ზემდეგი უსხდა. კაზაკებს ქუდები ეხურათ და ფერადი ხალათები ეცვათ. არყით გაფიცხებულებს სიფათი დასწითლებოდათ, თვალები უელვარებდათ. მათ შორის არც შვაბრინი ჩანდა, არც ურიადნიკი, აჯანყებულებთან ეს ახალგადასული მოღალატენი.
- აჰ, თქვენო კეთილშობილებავ! - მითხრა პუგაჩოვმა, რომ დამინახა. - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ, დაბრძანდეთ, გთხოვთ.
მეინახენი მიიწ-მოიწივნენ. მდუმარედ დავჯექი მაგიდის განაკიდეს. გვერდით მჯდომმა ახალგაზრდა, წარმოსადეგმა და თვალადმა კაზაკმა არაყი დამისხა, მაგრამ ჭიქისთვის ხელი არ მიხლია. ცნობისმოყვარეობით მოვავლე თვალი ამ თავყრილობას. პუგაჩოვი სუფრის თავში იჯდა, მაგიდას იდაყვით დაყრდნობოდა და შავი წვერი განიერ მუშტზე ჩამოეყრდნო. მისი სახის სწორ და საკმაოდ სასიამოვნო ნაკვთებს სისასტიკისა არაფერი ეცხო. პუგაჩოვი ხშირად მიმართავდა ორმოცდაათიოდე წლის კაცს, რომელსაც ხან გრაფს უწოდებდა, ხან ტიმოფეიჩს, ხანდახან - ძია კაცოს. იქ მყოფნი ერთმანეთს ამხანაგებივით ექცეოდნენ და არავითარ განსაკუთრებულ უპირატესობას არ ანიჭებდნენ თავიანთ წინამძღოლს. საუბრობდნენ დილანდელ შეტევაზე, ამბოხების წარმატებასა და მომავალ მოქმედებაზე. ყოველი მათგანი ბაქიბუქობდა, როცა თავის აზრს გამოთქვამდა და მოურიდებლად ეკამათებოდა პუგაჩოვს. სწორედ ამ უცნაურ სამხედრო საბჭოზე გადაწყდა, ორენბურგს დასცემოდნენ თავს: ეს იყო უტიფარი თავდასხმა, რაც კინაღამ საბედისწერო წარმატებით დაგვირგვინდა. ლაშქრობა სახვალიოდ გამოცხადდა.
- აბა, ძმებო, - თქვა პუგაჩოვმა, - დავძახოთ ერთი ძილის წინ ჩემი საყვარელი სიმღერა! ჩუმაკოვ! დაიწყე!
ჩემ გვერდით მჯდომმა წვრილი ხმით გააბა გულის გამაწვრილებელი ბურლაკური სიმღერა და ყველა აჰყვა:

ნუ შრიალებ, ტანაყრილო მუხნარო ჩემო,
მე, კაი ყმასა ხელს ნუ მიშლი, ფიქრებს მივსდიო.
ხვალ მე, კაი ყმა, დაკითხვაზე უნდა ვეახლო
მრისხანე მსაჯულს, თვით ხელმწიფესა.
მეფე-ხელმწიფეც ადგება და შემეკითხება:

აბა, მითხარი, გლეხისშვილო, მარქვი, შვილოსა,
ვისთან ერთად ქურდობდი და დაყაჩაღობდი,
ბევრი თუ გყავდა ამხანაგი და მხარში მდგომი?
მართლმადიდებელ ხელმწიფესა იმედსა ჩვენსა,
გეტყვი სიმართლეს, არ დავფარავ ჭეშმარიტებას,
რომ ოთხი მყავდა ამხანაგი და მხარში მდგომი:
პირველი ჩემი ამხანაგი - უკუნი ღამე,
მეორე ჩემი ამხანაგი - ფოლადის დანა,
მესამე ჩემი ამხანაგი - მოხრილი მშვილდი,
ცეცხლში ნაწრთობი ისარნი კი - მალემსრბოლნი ჩემნი.
მართლმადიდებელმა ხელმწიფემ, იმედმა ჩვენმა,
ასე მარქვა მე: ბარაქალა, გლეხკაცის შვილო,
ქურდობაც ძალგიძს, მოგდევს კიდეც სიტყვა-პასუხი!
მიბოძებია ველზე მდგომი სეფედარბაზი -
ძელგადებული ორი ბოძი ზეაღმართული.
ვერაფრით გადმოვცემ, როგორ იმოქმედა ჩემზე ამ მდაბიურმა სიმღერამ სახრჩობელის შესახებ, სახრჩობელისთვის განწირული ადამიანები რომ მღეროდნენ, მათმა რისხვიანმა სახეებმა, შეწყობილმა ხმებმა, სევდამ, რასაც ისინი ისედაც მეტყველ სიტყვებს ჰმატებდნენ - ყოველივე ამან რაღაცნაირი პოეტური ძრწოლვით შემძრა.
სტუმრებმა კიდევ თითო ჭიქა დალიეს, სუფრიდან წამოდგნენ და პუგაჩოვს გამოემშვიდობნენ. მინდოდა მათ გამოვყოლოდი, მაგრამ პუგაჩოვმა მითხრა:
- იჯექი, მინდა მოგელაპარაკო.
პირისპირ დავრჩით.
რამდენიმე წუთს არც ის იღებდა ხმას, არც მე. პუგაჩოვი დაჟინებით მომჩერებოდა და ჟამიჟამ თაღლითობისა და დაცინვის საოცარი გამომეტყველებით ჭუტავდა მარცხენა თვალს. ბოლოს გაიცინა, თან ისეთი ალალი მხიარულებით, მის შემხედვარეს მეც ამიტყდა სიცილი, თვითონაც არ ვიცი, რა მიზეზით.
- რაო, თქვენო კეთილშობილებავ? - მითხრა პუგაჩოვმა. - ერთი აღიარე, სული ხომ კოჭებში გაგეპარა, როცა ჩემმა კაცებმა კისერზე თოკი გადმოგაცვეს? მე მგონი, ელეთმელეთი მოგივიდა... შენი მსახური რომ არა, ძელზე იქანავებდი... მაშინვე ვიცანი ის ბეხრეკი. აბა, ფიქრობდი, თქვენო კეთილშობილებავ, კაცი, რომელმაც უმეტისკენ გაგიყვანა, თვით დიდი ხელმწიფე იყო? (პუგაჩოვმა მედიდური და იდუმალი შესახედაობა მიიღო.) შენ ძალიან დამნაშავე ხარ ჩემ წინაშე, - განაგრძო პუგაჩოვმა, - მაგრამ შეგიწყალე ქველობისათვის, იმისთვის, რომ ხელი გამიმართე, როცა იძულებული ვიყავი, მტრებს გავრიდებოდი. ეს კიდევ რაა! დაჯილდოება მაშინ ნახე, როცა ჩემს სახელმწიფოს მივიღებ! აღმითქვამ თუ არა, რომ მუყაითად მემსახურები?
თაღლითის კითხვა და მისი თავხედობა ისე სასეიროდ მეჩვენა, სიცილი ვეღარ შევიკავე.
- რას იცინი? - მკითხა წარბშეკრულმა. - დიდი ხელმწიფე რომ ვარ, არა გჯერა თუ? მიუკიბავ-მოუკიბავად მიპასუხე.
შევცბი. მაწანწალას ხელმწიფედ ვერ ვაღიარებდი: ეს უპატიებელ სიგლახაკედ მეჩვენებოდა. პირში რომ მატყუარა მეწოდებინა, თავს დავიღუპავდი. ისიც, რის გაკეთებასაც სახრჩობელას ქვეშ მდგომი მთელი ხალხის თვალწინ ვაპირებდი აღშფოთების პირველი შემოგზნებისას, ახლა უსარგებლო ფახიფუხად მიმაჩნდა. ვერაფერი გადამეწყვიტა. პუგაჩოვი პირქუშად ელოდა, რას ვუპასუხებდი. ბოლოს (მე ახლაც გულშეჯერებული ვიგონებ ამ წუთს) ჩემში მოვალეობის გრძნობამ ადამიანური სისუსტე გადასძლია.
- მისმინე. სიმართლეს არ დაგიფარავ, - მივუგე პუგაჩოვს, - თვითონ ჩაუკვირდი, შემიძლია თუ არა ხელმწიფედ გაღიარო? საზრიანი კაცი ხარ და მიხვდები, რომ ვეშმაკობ.
- შენ რომ კაცმა გკითხოს, მაინც ვინა ვარ?
- ღმერთმა იცის, მაგრამ ვინც უნდა იყო, წერასა ჰყავხარ ატანილი.
პუგაჩოვმა ფიცხლად შემომხედა.
- მაშ, არ გჯერა ჩემი ხელმწიფობა, პიოტრ ფიოდოროვიჩობა? კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ვითომ ვაჟკაცი კაცი ვერ მოჰკლავს ნადირსა შავის ტყისასა? განა ძველად გრიშკა ოტრეპიევი არ მეფობდა? რაც მოგეპრიანება, ჩემზე ის იფიქრე, მაგრამ არ ჩამომშორდე კი. შენ ხილი იხილე, მებაღეს რას კითხულობ. რაც ალხანაა, ის ჩალხანაა. მემსახურე რწმენითა და სიმართლით და ფელდმარშლობას და თავადობას გიბოძებ. ჰა, რას იტყვი?
- არა, - მივუგე გულგრილად. - მე წარმოშობით აზნაური ვარ. შევფიცე ხელმწიფე-დედოფალს და შენი სამსახური არ შემიძლია. თუ მართლა გინდა სიკეთე მიყო, ორენბურგში გამიშვი.
პუგაჩოვი დაფიქრდა.
- ვთქვათ და გაგიშვი, - მითხრა მან. - იმას მაინც აღმითქვამ, რომ ჩემ წინააღმდეგ არ იმსახურებ?
- აბა, როგორ უნდა აღგითქვა? - მივუგე მე. - ეს ჩემს ნება-სურვილზე როდი ჰკიდია: მიბრძანებენ, შეუტიეო, და უნდა შემოგიტიო, ვერაფერს ვიზამ. შენ ახლა თვითონ ხარ უფროსი და თვითონ მოითხოვ, შენი ხალხი გმორჩილებდეს. განა ივარგებს, სამსახურზე რომ ხელი ავიღო, მაშინ, როცა ეს ჩემი სამსახური საჭირო იქნება? შენ უფლება გაქვს ჩემზე: გამიშვებ, მადლობელი დაგრჩები, მომკლავ და ღმერთმა მოგაგოს მოსაგებელი, სიმართლე კი მოგახსენე და.
პუგაჩოვი ჩემმა სიალალემ გააკვირვა.
- კეთილი და პატიოსანი, - მითხრა და მხარზე ხელი დამკრა. - თუ კაცს აკვდინებ, უნდა მოაკვდინო, იწყალებ და უნდა შეიწყალო. გასწი, საითაც გინდა, და აკეთე, რაც გინდა. ხვალ გამოსამშვიდობებლად მოდი. ახლა კი დაიძინე, მეც უკვე რული მეკიდება.
გარეთ გამოვედი. წყნარი ღამე იდგა, ყინავდა, მთვარეს და ვარსკვლავებს კაშკაში გაჰქონდათ და მოედანს და სახრჩობელას სინათლეს ჰფენდნენ. ციხესიმაგრეში ჩამიჩუმი არ ისმოდა და ბინდს მოეცვა ყოველივე. მხოლოდ სამიკიტნოში ჭიატებდა შუქი და ნაგვიანევ მოქეიფეთა ყვირილი უწევდა სმენას. მღვდლის სახლს მივაპყარ თვალი, დარაბები და ჭიშკარი დაეკეტათ. ისე ჩანდა, თითქოს იქ სიმშვიდე იდგა.
მივედი შინ. საველიჩი ჩემი დარდით აღარ იყო. რომ ვუთხარი, გამათავისუფლეს-მეთქი, სიხარულით ცას ეწია.
- გმადლობ, მეუფეო! - თქვა და პირჯვარი გადაისახა. - სისხამზე გავშორდეთ ციხესიმაგრეს და გავწიოთ უგზო-უკვლოდ. მე რაღაც გაგიმზადე, აბა, ჭამე გენაცვა, და გემოზე იძინე ხვალ დილამდე.
საველიჩის რჩევა ყურად ვიღე, გამგელებით ვივახშმე და სულიერად და ფიზიკურად გასავათებულმა შიშველ იატაკზე დავიძინე.

მეცხრე თავი

განშორება

როს გაგიცან, მშვენიერო,
ამიძგერდა ტკბილად გული,
ნაღვლით მავსებს განშორება,
მეყრებოდეს თითქოს სული.
ხერასკოვი
სისხამ დილით დოლის ბრახაბრუხმა გამომაღვიძა. იქ, სახრჩობელაზე, ისევ ისე კონწიალებდნენ გუშინდელი მსხვერპლნი. სახრჩობელას გვერდით უკვე რიგებად ეწყობოდა პუგაჩოვის დუნდგო. კაზაკები ცხენებზე ამხედრებულიყვნენ, სალდათებს იარაღი აესხათ. ფარფარი გაჰქონდათ დროშებს. რამდენიმე ქვემეხი, რომელთა შორის ჩვენი ქვემეხიც შევიცანი, სალაშქრო ზედადგარებზე შეედგათ. იქვე ზიმზიმებდნენ თვითმარქვიას მომლოდინე მაცხოვრებელნი. კომენდანტის სახლის პარმაღთან კაზაკს სადავით ეჭირა ყირგიზული ჯიშის დიდებული თეთრი ცხენი. თვალი აქეთ-იქით მოვატარე, მინდოდა გამეგო, სად იყო კომენდანტის ცოლის ნეშტი. იგი განზე გადაეტანათ და ჭილობი დაეფარებინათ. ბოლოს წინკარიდან გამოვიდა პუგაჩოვი. ხალხმა თავი მოიშიშვლა. პუგაჩოვი პარმაღზე შეჩერდა და ყველას მიესალმა. ერთმა ზემდეგმა მას ტომარა მიუტანა, რომელშიც შავი ფული ეყარა. პუგაჩოვმა პეშვით დაიწყო ფულის ფანტვა. ხალხი ყვირილით გაიჭრა ასაკრებად და წეწვა- გლეჯაში ზოგი დაშავდა კიდეც. პუგაჩოვს თავისი თანამზრახველი მეთაურები შემოეხვივნენ გარს. მათ შორის იდგა შვაბრინიც. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ჩემს თვალებში შვაბრინს შეეძლო სიძულვილი დაენახა და შებრუნდა, სახეზე გულწრფელი ბოღმა და მოჩვენებითი დაცინვა ეხატა. პუგაჩოვმა თვალი მომკრა, თავი დამიქნია და დამიძახა.
- მომისმინე, - მითხრა მან. - ახლავე ორენბურგში გასწი და გუბერნატორს და ენარლებს უთხარი, შემოგითვალათ, ერთი კვირის თავზე მანდ მოვალ-თქო. ურჩიე მათ, ბალღური სიყვარულითა და მორჩილებით შემომეგებონ, თორემ დაბადებას ვაწყევლინებ. გზა მშვიდობისა, თქვენო კეთილშობილებავ! - შემდეგ პუგაჩოვმა ხალხს შვაბრინზე ანიშნა და უთხრა: - აი, შვილებო, თქვენი ახალი მეთაური. ყველაფერი გაუგონეთ, ეს კი პასუხს აგებს ჩემთან თქვენი გულისთვისაც და ციხესიმაგრისთვისაც.
ძრწოლამ დამიარა ამ სიტყვებზე: შვაბრინს ციხესიმაგრის უფროსობა ენიჭებოდა. მარია ივანოვნა მის ხელთ რჩებოდა! ღმერთო, რა დღეში ჩავარდებოდა მარია ივანოვნა! პუგაჩოვი პარმაღიდან ჩამოვიდა. მოჰგვარეს ცხენი. იგი კაზაკებს არ დაელოდა, რომელთაც უნდოდათ ცხენზე შეესვათ, და თვითონ მკვირცხლად შეხტა უნაგირზე.
ამ დროს ვხედავ, ხალხს გამოეყო ჩემი საველიჩი, მიდის პუგაჩოვთან და ქაღალდის ფურცელს აწვდის. ვერ გამეგო, რა ხდებოდა.
- რა არის ეს? - გოროზად ჰკითხა პუგაჩოვმა.
- წაიკითხე და ნახავ, - მიუგო საველიჩმა.
პუგაჩოვმა ქაღალდი გამოართვა და დიდხანს ათვალიერებდა მრავალმეტყველი იერით.
- ნეტა რას მიედ-მოედები? - თქვა ბოლოს. - ჩვენი ნათელი თვალები ვერას არჩევენ. სადაა ჩემი ობერ-მდივანი.
პუგაჩოვთან ცქვიტად მიირბინა კაპრალის მუნდირიანმა ახალგაზრდამ. თვითმარქვიამ ქაღალდი გადასცა და უთხრა:
- ხმამაღლა წაიკითხე.
ცნობისმოყვარეობა მკლავდა, პუგაჩოვისთვის რის მიწერა მოხუსტურებოდა ჩემს გამდელს. ობერ-მდივანმა ხმამაღლა, ჩამარცვლით წაიკითხა:
“ორი ხალათი, ერთი მიტკლისა და ერთი ზოლიანი აბრეშუმისა - ექვსი მანეთი”.
პუგაჩოვს სახე მოეღუშა.
- რას ნიშნავს ეს? - იკითხა მან.
- ბრძანე, კითხვა განაგრძონ, - მშვიდად მიუგო საველიჩმა.
ობერ-მდივანმა განაგრძო:
“წმინდა მწვანე მაუდის მუნდირი - შვიდი მანეთი.
თეთრი შარვალი მაუდისა - ხუთი მანეთი.
თოთხმეტი პერანგი ჰოლანდიური ტილოსი სამაჯეებითურთ - ათი მანეთი.
ჩაის ჭურჭლიანი საგზაო კიდობანი - ორი მანეთი და ათი შაური…”
- ეს რა როტვაა? - კითხვა შეაწყვეტინა პუგაჩოვმა ობერ-მდივანს. - რაში მეკითხება საგზაო კიდობნები და სამაჯეებიანი შარვლები.
საველიჩმა ყელში ჩაიხრიწინა და ახსნა დაუწყო:
- ეს, გენაცვა, მოგეხსენებათ, ნუსხაა ბატონის ქონებისა, რომელიცა რომა ავაზაკებმა მოიპარეს.
- რომელმა ავაზაკებმა? - მრისხანედ ჰკითხა პუგაჩოვმა.
- ბოდიში, წამომცდა, - მიუგო საველიჩმა. - ავაზაკები იყვნენ თუ არ იყვნენ, შენმა ბიჭებმა კი ყველაფერი გადაჩხრიკეს და დაიტაცეს. ნუ მირისხდები: ცხენი რომ ცხენია, ოთხი ფეხი აქვს და ისიც კი ბორძიკობს, უბრძანე კითხვა ჩაათავოს.
- ჩაათავე, - უთხრა პუგაჩოვმა ობერ-მდივანს. იმანაც განაგრძო:
“ჩითის საბანი ერთი, მეორე თავთისა, ბამბადადებული, - ოთხი მანეთი.
მელის ბეწვის ქურქი, ალისფერი რატინის სარჩულიანი - 40 მანეთი.
კიდევ კურდღლის ტყაპუჭი, შენს მოწყალებას რომ აჩუქეს ფუნდუკში - 15 მანეთი”.
პუგაჩოვმა ცეცხლჩამდგარი თვალები დაუბრიალა და შეჰყვირა:
- ეს კიდევ რაღაა!
გამოვტყდები და ჩემი საბრალო გამდელის გამოისობით გული გადამიტრიალდა. მან კვლავ დააპირა ახსნა-განმარტება, მაგრამ პუგაჩოვმა არ აცალა: ობერ-მდივანს ქაღალდი გამოსტაცა, საველიჩს სახეში მიაფერთხა და დაუყვირა:
- ნეტა რას მიწყალებ გულს? გამოყეყეჩებული ბებერი! გაქურდეს: ბიჭოს, რა უბედურება დატრიალებულა! შე ბეხრეკო, შენა, სულ ჩემზე და ჩემს ბიჭებზე უნდა ილოცო, რომ შენი ბატონიანად აქ არ ჰკიდიხარ ჩემს ურჩებთან ერთად...… კურდღლის ტყაპუჭი! კაი კურდღლის ტყაპუჭს მოგცემ მე შენ! არ იცი, რომ ვბრძანებ, ცოცხლად გაგაძრონ ტყავი მაგ ტყაპუჭისთვის?
- ნება შენია, მაგრამ მე სხვისი მონა-მორჩილი ვარ და პასუხს ვაგებ ბატონის ქონებისათვის, - მიუგო საველიჩმა.
პუგაჩოვს, ეტყობა, დიდსულოვნობის ხუსტურმა მოუარა. შებრუნდა და ისე წავიდა, სიტყვა აღარ დაუძრავს. შვაბრინი და ზემდეგები უკან გაჰყვნენ. პუგაჩოვის ხროვაც წესრიგიანად გავიდა ციხესიმაგრიდან. ხალხი გასაცილებლად გაემართა. მოედანზე მე და საველიჩი დავრჩით. ჩემს გამდელს ხელში თავისი ნუსხა ეჭირა და დიდის მწუხარებით ათვალიერებდა.
საველიჩმა რაკი ნახა, რომ პუგაჩოვთან კარგი დამოკიდებულება მქონდა, იფიქრა, ამით ვისარგებლებო, მაგრამ თავისი ბრძნული განზრახვა ვერ განახორციელა. დავაპირე, უდროო დროს გამოჩენილი გულმოდგინებისათვის გამომეთათხა და სიცილი კი წამსკდა.
- იცინე, ბატონო იცინე, - მითხრა მან. - მთელი ავლადიდების შეძენა რომ თავიდან მოგვიწევს, მაშინ ვნახავ, რა სასაცილოდ იქნება საქმე.
ერთი სული მქონდა, ვიდრე მღვდლის სახლში მივიდოდი და მარია ივანოვნას ვიხილავდი. მღვდლის ცოლმა სამწუხარო ამბავი მამცნო - ღამით მარია ივანოვნას ციებ-ცხელებამ დარია ხელი, უგრძნობლად წევს და ბოდავსო. შემდეგ მის ოთახში შემიყვანა. მე წყნარად მივუახლოვდი მარია ივანოვნას საწოლს. ავადმყოფს სახე საკვირველად შეცვლოდა, ვერ მიცნო. დიდხანს ვიდექი მის წინ დაყრუებული. არც მამა გერასიმს ვუგდებდი ყურს, არც მის კეთილ ცოლს, რომლებიც, ეტყობა, მანუგეშებდნენ. შავბნელი ფიქრები მიფორიაქებდა სულს. ღვარძლიან მეამბოხეთა შორის დარჩენილი საბრალო უმწეო ობლის მდგომარეობა და ჩემი საკუთარი უძლურება ძრწოლას მგვრიდა. შვაბრინი, ყველაზე მეტად შვაბრინი მიმღვრევდა გონებას. რაკი თვითმარქვიამ ძალაუფლებით აღჭურვა და სათავეში ედგა ციხესიმაგრეს, სადაც რჩებოდა უბედური ქალიშვილი - ალალ-მართალი ზვარაკი მისი სიძულვილისა, შეეძლო ყველაფერი მოემოქმედებინა. რა გზას დავდგომოდი, რით დავხმარებოდი მარია ივანოვნას? როგორ გადამერჩინა ბოროტმოქმედისაგან? გადავწყვიტე, დაუყოვნებლივ წავსულიყავი ორენბურგში, რათა ბელოგორის ციხესიმაგრის განთავისუფლება დამეჩქარებინა და ამ საქმისათვის შეძლებისამებრ მომემართა ხელი. სხვა გამოსავალი არ იყო. დავემშვიდობე მღვდელს და აკულინა პანფილოვნას, მღვდლის ცოლს, მთელი სულითა და გულით მივანდე ადამიანი, ვისაც უკვე ჩემს მეუღლედ ვრაცხდი. მე საბრალო ქალიშვილის ხელს დავწვდი, ვაკოცე და ცრემლით დავნამე.
მღვდლის ცოლმა გამომაცილა და მითხრა:
- მშვიდობით, პიოტრ ანდრეიჩ! ეგების უკეთეს დროს შევხვდეთ. ნუ დაგვივიწყებთ და ხშირ-ხშირად მოგვწერეთ. ახლა საბრალო მარია ივანოვნას თქვენ მეტი არც მანუგეშებელი ჰყავს და არც მფარველი.
მოედანზე წუთით შევჩერდი, სახრჩობელას შევავლე თვალი, თაყვანი ვეცი, გამოვედი ციხესიმაგრიდან და ჩემს განუყრელ საველიჩთან ერთად ორენბურგისკენ ვქენი პირი.
ფიქრებით მოცულს ანაზდად უკნიდან ცხენის თქარათქური შემომესმა. თავი მოვაბრუნე და რას ვხედავ: ციხესიმაგრიდან კაზაკი ცხენს მოაგელვებს, მეორე ცხენი, ბაშკირული, სადავით მოჰყავს და რაღაცას მანიშნებს. შევდექი. მხედარი მალე ვიცანი, ჩვენი ურიადნიკი იყო. მან ცხენი მოაგდო, ჩამოქვეითდა, მეორე ცხენის სადავე მომაწოდა და მითხრა:
- თქვენო კეთილშობილებავ! ჩვენი მამა ცხენსა და თავის ქურქს გიწყალობებთ (უნაგირზე მიკრული იყო ცხვრის ტყაპუჭი). ამასთან ერთად, - ურიადნიკს აქ ენა დაება. - გიწყალობებთ... ათ შაურს... მაგრამ ფული გზაში დამებნა... მაპატიეთ დიდსულოვნად.
საველიჩმა ალმაცერად გახედა და შეუღრინა:
- გზაში დაებნა! მაშ, რა გიჩხარუნებს უბეში? გათახსირებულო!
ურიადნიკი სულაც არ შემცბარა.
- რა უნდა მიჩხარუნებდეს ნეტავი? - შეაწყვეტინა საველიჩს. - ისემც ღმერთი გიშველის, ბებრუხანავ! ეს აღვირი ჩხარუნებს და არა ათი შაური.
- კეთილი, - ვთქვი და მოდავენი გავაშველე. - შენს გამომგზავნს მადლობა მოახსენე, ხოლო უკან რომ გაბრუნდები, ეცადე, დაბნეული ათი შაური აკრიფო და საარყედ გქონდეს, - ვუთხარი ურიადნიკს.
- დიდი მადლობა, თქვენო კეთილშობილებავ, - მიპასუხა ურიადნიკმა და ცხენი მოაბრუნა. - სულ თქვენზე ვილოცებ.
ეს თქვა და უკან გაქუსლა. ცალი ხელი უბეზე ედო. ერთი წუთის შემდეგ ურიადნიკი თვალს მიეფარა.
ტყაპუჭი ჩავიცვი და ცხენზე შევჯექი, ზედ საველიჩი შემოვისვი.
- ხედავ, ბატონო, - მითხრა მოხუცმა. - თაღლითისთვის ტყუილა არ მიმიცია თხოვნის ფურცელი: ქურდმა დაინამუსა; მართალია, ბაშკირულ აყაყულ ჯაგლაგსა და ცხვრის ტყაპუჭს იმის ნახევარი ფასიც არ ექნება, რაც იმ გაიძვერებმა მოგვპარეს და რაც შენ თვითონ უწყალობე, მაგრამ მაინც მოვიხმარ, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო.

მეათე თავი

ქალაქის ალყა

მინდორ-ბორცვნი ოდეს დაიპყრნა,
არწივივით თვალს ავლებდა ქალაქს მაღლიდან.
ბრძანა, აეგოთ ქვემეხთ ბაქანი ბანაკს უკანა,
სად პერუნნი მიმალა, რომ ღამით ქალაქთან გადაეტანა.
ხერასკოვი

ორენბურგს მიტანებულებმა თვალი ვკიდეთ სიმაგრესთან მომუშავე ბორკილდადებულ, თავგადაპარსულ, ჯალათის გაზებით სახედასახიჩრებულ ადამიანთა ჯგროს, რომელთაც თავზე გარნიზონის ინვალიდები ადგნენ. ზოგი თხრილებში პირთამდე ჩაყრილ ნაგავს ეზიდებოდა ურიკებით, ზოგი ნიჩბებით მიწას თხრიდა. მიწაყრილზე კალატოზებს აგური აჰქონდათ და ქალაქის კედელს ამაგრებდნენ. ალაყაფთან გუშაგებმა გაგვაჩერეს და პასპორტები მოგვთხოვეს. რა წამს სერჟანტმა ჩემზე გაიგონა, ბელოგორის ციხესიმაგრიდან მოდისო, გენერლის სახლში გამაქანა.
გენერალი ბაღში ვნახე. შემოდგომის სუნთქვით განძარცვულ ვაშლის ხეებს ათვალიერებდა და მოხუცი მებაღის დახმარებით სათუთად ფუთნიდა თბილი ჩალით. სახეზე უშფოთველობა, სიჯანსაღე, გულკეთილობა აღბეჭდვოდა. ჩემმა მოსვლამ გაახარა და ბელოგორში დატრიალებული შემზარავი ამბების გამოკითხვა დამიწყო. მოვუთხრე ყოველი. მოხუცი ყურადღებით მისმენდა. იმავ დროს გამხმარ ტოტებს აცლიდა ხეებს. როცა ჩემი ნაღვლიანი ამბავი დავამთავრე, თქვა:
- საწყალი მირონოვი! გული მწყდება, რიგიანი ოფიცერი იყო. მადამ მირონოვაც სათნო ქალი იყო, მერედა რა საუცხოოდ ამწნილებდა სოკოს! მაშა რაღას შვრება, კაპიტნის ქალიშვილი?
ციხესიმაგრეში დარჩა მღვდლის ცოლის ანაბარა-მეთქი, - ვუპასუხე.
- უიმე, უიმე, უიმე! - შენიშნა გენერალმა. - ცუდი ამბავია, მეტად ცუდი. არაფრით არ შეიძლება ყაჩაღების დისციპლინის იმედად იყო. რა ეშველება ბედშავ ქალიშვილს?
მივუგე, ბელოგორის ციხესიმაგრე ახლოსაა და ალბათ მისი აღმატებულება დაუხანებლად გაგზავნის ჯარს მის საცოდავ მცხოვრებთა გასათავისუფლებლად-მეთქი. გენერალმა ორჭოფულად გააქნია თავი.
- ვნახოთ, ვნახოთ, - მითხრა მან. - ამის განბჭობას კიდევ მოვასწრებთ. გთხოვ, მეწვიო ფინჯან ჩაიზე: დღეს სამხედრო საბჭო მექნება. შენ შეგიძლია სარწმუნო ცნობები გვაუწყო უქნარა პუგაჩოვისა და მისი ჯარის შესახებ. ახლა კი წადი და დაისვენე მანამდე.
გავსწიე ჩემთვის გამოყოფილ ბინაში, სადაც უკვე ტრიალებდა საველიჩი. სული კბილით მეჭირა დანიშნული დროის დადგომამდე. მკითხველი ადვილად წარმოიდგენს, რომ საბჭოზე, რომელსაც ჩემი ბედი უნდა გადაეწყვიტა, არ დამგვიანებია. დაჰკრა დათქმულმა ჟამმა და უკვე გენერალთან ვიყავი.
გენერალთან შევესწარი ქალაქის ერთ-ერთ მოხელეს, ვგონებ, საბაჟოს დირექტორს, ფარჩისხიფთანიან, მსუქან და ჟინჟღილივით მოხუცს. მან გამომკითხა, თუ რა ბედი ეწია ივან კუზმიჩს; მირონოვს ნათლიმამას უწოდებდა, ლაპარაკს ხშირად მაწყვეტინებდა ჩართული კითხვებით და დამრიგებლური შენიშვნებით, რომელნიც, თუ სამხედრო ხელოვნებაში მის განსწავლულობაზე არ მეტყველებდნენ, მის გამჭრიახობასა და თანდაყოლილ ჭკუას მაინც მოწმობდნენ.
ამასობაში, დანარჩენი წვეულნიც მოვიდნენ. როცა ყველა დაჯდა და ყველას ჩამოურიგეს ფინჯანი ჩაი, გენერალმა ერთობ გასაგებად და დაწვრილებით გადმოსცა საქმის ვითარება:
- ახლა, ბატონებო, - განაგრძო მან, - საჭიროა გადავწყვიტოთ, როგორ ვიმოქმედოთ აჯანყებულთა წინააღმდეგ: შეტევით თუ თავდაცვით. ამ ხერხთაგან თითოეული ხელსაყრელიც არის და არახელსაყრელიც. შეტევითი მოქმედება უფრო მეტად საიმედოა მტრის უსწრაფესი განადგურების თვალსაზრისით, თავდაცვითი მოქმედება უფრო სანდო და უხიფათოა... ამრიგად, ხმები შევაგროვოთ კანონისამებრ, ესე იგი, დავიწყოთ წოდებით უმცროსებიდან. ბ.-ნო პრაპორშჩიკო! - მომმართა მე. - ინებეთ და გვიბრძანეთ თქვენი აზრი.
ავდექი, თავდაპირველად მოკლედ დავასურათხატე პუგაჩოვი და მისი დუნდგო და დაბეჯითებით დავსძინე, თვითმარქვიას არ შეუძლია ნამდვილ ჯარს წინ დაუდგეს-მეთქი.
ჩემს აზრს მოხელეები დაუფარავი არაკეთილგანწყობილებით შეხვდნენ. იგი ახალგაზრდა კაცის მოუფიქრებლობას და კადნიერებას მიაწერეს. ატყდა ერთი ბუზღუნი და მკაფიოდ გავიგონე, რომ ვიღაცამ ხმადაბლა თქვა: ცინგლიანიო.
- ბ-ნო პრაპორშჩიკო! - მითხრა ღიმილით გენერალმა. - პირველი ხმები სამხედრო საბჭოზე ჩვეულებრივად შეტევით მოძრაობას უჭერენ ხოლმე მხარს: ეს კანონისმიერია. ახლა განვაგრძოთ ხმების მოგროვება. ბ-ნო კოლეგიის მრჩეველო! მოგვახსენეთ თქვენი აზრი!
ფარჩისხიფთანიანმა მოხუცმა აჩქარებით დალია ბოლომდე მესამე ფინჯანი ჩაი, რომელშიაც გვარიანად იყო რომი გარეული და გენერალს მიუგო: თქვენო აღმატებულებავ, მე მგონი, არც შეტევით უნდა ვიმოქმედოთ და არც თავდაცვითო.
- ამას რას ბრძანებთ, ბატონო კოლეგიის მრჩეველო, - შეესიტყვა სახტად დარჩენილი გენერალი. - სხვა ხერხებს ტაქტიკა არ მოიცავს: არის მოძრაობა თავდაცვითი ან შეტევითი...
- თქვენო აღმატებულებავ, იმოძრავეთ მოსყიდვით.
- ე, ჰე, ჰე! თქვენი წინადადება ერთობ ჭკვიანურია. ტაქტიკა ნებას გვაძლევს მოსყიდვითი მოძრაობისას და ჩვენ ყურად ვიღებთ თქვენს რჩევას. შეიძლება უსაქმურის ხელში ჩამგდებს აღვუთქვათ... სამოცდაათი მანეთი, ან ასიც კი... საიდუმლო თანხიდან...
- ჰოდა, - შეაწყვეტინა სიტყვა საბაჟოს დირექტორმა. - ყირგიზული ცხვარი ვიყო და არა კოლეგიის მრჩეველი, თუ იმ ქურდებმა თავიანთი ატამანი ხელფეხშეკრული არ მოგვგვარონ.
- ჩვენ ამას კიდევ ჩავუფიქრდებით და ავწონ-დავწონით, - მიუგო გენერალმა, - მაგრამ სამხედრო ღონისძიებანიც უნდა გავატაროთ. ბატონებო, კენჭი უყარეთ კანონისამებრ.
არც ერთის აზრი ჩემსას არ ეთანხმებოდა. მოხელეები უკლებლივ აცხადებდნენ, ჯარი საიმედო არ არის, წარმატება საეჭვოა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და მისთანები. მათი ვარაუდით უფრო გონივრული იყო მკვიდრი გალავნის შიგნით ყოფილიყვნენ ქვემეხების ცეცხლით დაცულნი, ვიდრე გაშლილ ველზე იარაღით ეცადათ წარმატების მიღწევა.
გენერალმა ყველას აზრი მოისმინა, ბოლოს ჩიბუხი გამობერტყა და თქვა:
- ხელმწიფენო ჩემნო! უნდა გამოგიცხადოთ, რომ ჩემდათავად ბ-ნ პრაპორშჩიკის აზრს სავსებით ვეთანხმები, ვინაიდან და რადგანაც იგი ემყარება ყველა წესს კეთილგონივრული ტაქტიკისას, რომელიც შეტევით მოძრაობას თითქმის ყოველთვის თავდაცვაზე უმჯობესად მიიჩნევს.
გენერალი შეჩერდა და ჩიბუხის დატენა დაიწყო. ჩემი თავმოყვარეობა მეცხრე ცაზე დაფოფინებდა. ამაყად გადავხედე მოხელეებს, რომლებიც ერთმანეთს გულნაკლულად და შეურვებით ეჩურჩულებოდნენ. გენერალმა ამოიქშინა, თან თამბაქოს სქელი კვამლი ამოუშვა და განაგრძო:
- მაგრამ, ხელმწიფენო ჩემნო, მე თავს ვერ ვიდებ ესოდენ დიდ პასუხისმგებლობას, როდესაც დგას საკითხი მისი იმპერატორობით უდიდებულესობის, ყოვლად უმოწყალესი ხელმწიფის მიერ ჩემზე მონდობილი პროვინციების უსაფრთხოებისა. ასე და ამრიგად, მხარს ვუჭერ ხმათა უმრავლესობას, რომელთა გადაწყვეტილებით ყველაზე საზრიანი და უხიფათოა ქალაქის შიგნით ველოდოთ ალყას, ხოლო მტრის თავდასხმები აღვკვეთოთ არტილერიის მეშვეობით და (თუ შესაძლო იქნება) ციხესიმაგრიდან მოწინააღმდეგეზე მოულოდნელი დაცემით.
მოხელეებმა თავიანთი მხრივ დამცინავად გადმომხედეს. საბჭო წავიდ-წამოვიდა. შეუძლებელი იყო გული არ დამწყვეტოდა პატივსადები მეომრის სისუსტეზე, მეომრისა, ვინც თავის რწმენას ზურგი აქცია და გადაწყვიტა უმეცარი და გამოუცელი ადამიანების ფეხის ხმას აჰყოლოდა.
ამ ღირსსაცნობი საბჭოს შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და შევიტყვეთ, რომ პუგაჩოვს თავისი სიტყვა არ გაეტეხა და ორენბურგს უახლოვდებოდა. აჯანყებულთა ჯარს ქალაქის გალავანთან ვკიდე თვალი. ბოლო იერიშის შემდეგ, რომლის შემსწრეც მე გახლდით, იგი გაათკეცებული მეჩვენა. არტილერიაც ჰქონდა. ეს იყო პუგაჩოვის მიერ დამორჩილებულ ციხესიმაგრეებში ხელთ ჩაგდებული ქვემეხები. მახსენდებოდა საბჭოს გადაწყვეტილება და ჯავრით ლამის ვტიროდი, რადგან წინასწარ ვჭვრეტდი, რომ ორენბურგის კედლებში ხანიერად დამწყვდევა მოგვიწევდა.
აღარ გამოვუდგები ორენბურგის ალყის აღწერას. იგი ისტორიის არჩივია და არა შინაურული ჩანაწერებისა. ორიოდე სიტყვით დავსძენ, რომ ადგილობრივ უფროსთა წინდაუხედაობამ სავალალო დღეში ჩაჰყარა მცხოვრებნი, რომლებმაც შიმშილი და ათასგვარი გასაჭირი იწვნიეს. ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ორენბურგში აღარ იცხოვრებოდა. ყველა გულგატეხილი ელოდა, რას გადაუწყვეტდა ბედისწერა, ვიშვიშებდა დასტურ შემაძრწუნებელ სიძვირეზე. მცხოვრებთ აღარ ეუცხოებოდათ მათ ეზოში შევარდნილი ყუმბარები, პუგაჩოვის იერიშებიც კი აღარავის აღუძრავდა ცნობისმოყვარეობას. მე მოწყენილობამ დამრია ხელი. გადიოდა დრო. ბელოგორის ციხესიმაგრიდან წერილებს არ ვღებულობდი, ყველა გზა მოჭრილი იყო. მარია ივანოვნასთან განშორებას ვეღარ ვითმენდი. არ ვიცოდი, რა ბედი ეწია და ეს მაწამებდა. მხოლოდ და მხოლოდ თარეშით ვიყოლიებდი თავს. პუგაჩოვის შემწეობით რიგიანი ცხენი მყავდა, რომელსაც ვუზიარებდი ჩემს ღარიბულ საჭმელს და რომლითაც ყოველდღე გავდიოდი ქალაქგარეთ, რომ პუგაჩოვის მხედრებისათვის სროლა ამეტეხა. ამ სროლაში კუჭსავსე, გამობრუჟული და ზორბა ცხენებზე ამხედრებული ბოროტმოქმედები ზურგზე ბოლს გვადენდნენ ჩვეულებისამებრ. ქალაქის გამოფიტული ცხენოსანთა ჯარი მათ ვერას აკლებდა. ზოგჯერ მინდვრად ჩვენი უსმელ-უჭმელი ქვეითი ჯარიც გადიოდა, მაგრამ ღრმა თოვლი საშუალებას არ აძლევდა მარჯვედ დაერტყა გალაღებული მხედრებისათვის. არტილერია უსაზმნოდ ქუხდა მიწაყრილზე, ხოლო მინდვრად იფლობოდა და დაუძლურებული ცხენები წინ ვეღარ ეწეოდნენ. აი, ჩვენებური სამხედრო მოქმედება! აი, რას უწოდებდნენ ორენბურგელი მოხელეები წინდახედულობას და საზრიანობას.
ერთხელ, როცა როგორღაც მოგვიხერხდა საკმაოდ რიცხვმრავალი დუნდგოს დაქსაქსვა და ოტება, ამხანაგებს ჩამორჩენილ ერთ კაზაკს გადავეყარე. ჩემი თურქული ხმალი შევმართე, რომ მან ქუდი მოიძრო და შემომძახა:
- გამარჯობათ, პიოტრ ანდრეიჩ! რასა იქმთ?
თვალი შევავლე და ჩვენი ურიადნიკი ვიცანი. სიხარულით ცას ვეწიე.
- გაგიმარჯოს, მაქსიმიჩ, - მივუგე მე. - დიდი ხანია, რაც ბელოგორიდან წამოხვედი?
- არც ისე, ჩვენო პიოტრ ანდრეიჩ, გუშინღა მოვედი იქიდან. წერილი მაქვს გადმოსაცემი.
- სადაა? - შევძახე ცეცხლშემოგზნებულმა.
- მე მაქვს, - მომიგო და ხელი უბეში ჩაიყო, - პალაშას აღვუთქვი, რამენაირად თქვენთვის მომეტანა. - მაქსიმიჩმა დაკეცილი ქაღალდი გადმომცა და მაშინვე გაქუსლა ცხენი. ქაღალდი გავშალე და გულისფანცქალით წავიკითხე:

“ღვთის ნებით უცებ გამომეცალა დედა და მამა. დედამიწის ზურგზე არც მოკეთენი მყვანან, არც მოსარჩლენი. რაკი ვიცი, რომ ყოველთვის ჩემი სიკეთის მსურველი იყავით და რომ მზადა ხართ, ყველას ამოუდგეთ მხარში, ამიტომ მოგმართავთ. ღმერთს შევღაღადებ, ეგ წერილი რამენაირად თქვენს ხელში მოხვდეს! მაქსიმიჩმა სიტყვა დადო, გადავცემო. პალაშამ ასევე მაქსიმიჩისგან გაიგო, რომ იგი შორიდან გიმზერთ სათარეშოდ გამოსულს, რომ სულ არ იზოგავთ თავს და აინუნში არ აგდებთ იმათ, ვინც თქვენი გულისთვის ღმერთს ცრემლთა ფრქვევით ემუდარება. მე კარგა ხანს ვავადმყოფობდი, ხოლო როცა მოვიკეთე, ალექსეი ივანოვიჩმა, რომელიც ჩვენთან განსვენებული მამაჩემის ადგილას მბრძანებლობს, მამა გერასიმს პუგაჩოვით დაემუქრა და აიძულა, მისთვის ჩავებარებინე. ახლა ჩვენს სახლში ვცხოვრობ და გუშაგები მიყენია. ალექსეი ივანოვიჩი მაძალებს, მივთხოვდე. მეუბნება, სიცოცხლე შეგინარჩუნე, ვინაიდან აკულინა პამფილოვნას ტყუილი არ გავამჟღავნე, როცა ბოროტმოქმედებს უთხრა, თითქოს მისი ძმისშვილი იყავიო. მე კი სიკვდილი უფრო გამიადვილდებოდა ალექსეი ივანოვიჩისთანა კაცის ცოლობაზე. იგი ღვთის გარეგანივით მეპყრობა და მექადნება, თუ გონს არ მოხვალ და დასტურს არ მეტყვი, ბანაკში ბოროტმოქმედს მიგგვრი და რაც ლიზავეტა ხარლოვას დღე დაადგა, შენც არ აგცდებაო. ალექსეი ივანოვიჩს ვთხოვე, მოფიქრება მადროვე-მეთქი. კარგიო, კიდევ სამ დღეს დაგელოდები და, თუ სამი დღის შემდეგაც არ გამომყევი, ვაი შენი ბრალიო. ძვირფასო პიოტრ ანდრეიჩ! თქვენ ერთადერთი მოჭირისუფლე ხართ ჩემი, მოსარჩლედ დამიდექით უბედურ ადამიანს, დაიყოლიეთ გენერალი და ყველა მეთაური, რომ რაც შეიძლება ჩქარა გამოგზავნონ მაშველი, თქვენც წამოდით, თუ შეგიძლიათ.

დავშთები თქვენი მონა-მორჩილი ბეჩავი ობოლი
მ ა რ ი ა მ ი რ ო ნ ო ვ ა”.
ამ წერილის წაკითხვაზე ლამის შევიშალე. გამოვკურცხლე ქალაქისაკენ და გზად შეუბრალებლად ვუზაპუნებდი დეზს ჩემს საცოდავ ცხენს. რას არ ვიგონებდი ბედშავი ქალის გადასარჩენად და მაინც ვერაფერი საშველი ვერ მოვნახე. ქალაქს მივატანე თუ არა, პირდაპირ გენერალს მივაშურე, კისრისტეხით შევიჭერი მისას.
გენერალი ოთახში მიმოდიოდა და თავის ხვირთქლის ჩიბუხს აბოლებდა. დამინახა და შედგა, ეტყობოდა, ჩემმა შესახედაობამ გააკვირვა. მზრუნველობით გამოიკითხა, ასე ფაცხაფუცხით რამ მოგიყვანაო.
- თქვენო აღმატებულებავ, - ვუთხარი მე. - როგორც მშობელ მამას, ისე მოგმართავთ. თუ ღმერთი გწამთ, შეიწყნარეთ ჩემი სათხოვარი, ლაპარაკია მთელი ჩემი ცხოვრების ბედნიერებაზე.
- რაო, გეთაყვა? - მკითხა განცვიფრებულმა მოხუცმა. - რა შემიძლია გარგო? მითხარი.
- თქვენო აღმატებულებავ, ბრძანება გაეცით, სალდათების ასეული და კაზაკების ნახევარი ასეული მომცენ და ბელოგორის ციხესიმაგრის გასაწმენდად გამიშვით.
გენერალი თვალჩაციებით შემომყურებდა, ალბათ ფიქრობდა, გაგიჟდაო (და არცთუ ცდებოდა).
- რაო? ბელოგორის ციხესიმაგრე გაწმინდო? - მითხრა ბოლოს.
- თავს ვდებ წარმატებაზე, - მივუგე გულმხურვალედ. - ოღონდ გამიშვით.
- არა, ყმაწვილო, - მითხრა თავის კანტურით. - ამ სიშორეზე მტერი იოლად ჩამოგაცილებთ მთავარი სტრატეგიული პუნქტის კომუნიკაციებს და ერთიანად შეგმუსრავთ. ჩამოცილებული კომუნიკაცია...
გენერალი სამხედრო მსჯელობამ გაიტაცა და ელდა მეცა, შეპასუხებას დავეშურე.
- კაპიტან მირონოვის ქალიშვილი წერილს მწერს. დახმარებას ითხოვს. შვაბრინი აიძულებს, მისთხოვდეს, - ვუთხრი მე.
- რას მეუბნები? ო, ეს შვაბრინი დიდზე დიდი Schelm არის, თუ მოვიხელთებ, ვბრძანებ ოცდაოთხ საათში გაასამართლონ და ჩვენ მას ციხესიმაგრის პარაპეტზე დავხვრეტთ! მაგრამ მანამდე საჭიროა, მოთმინებით აღვიჭურვოთ...
- მოთმინებით აღვიჭურვოთ! - შევყვირე გონდაკარგულმა. - ამასობაში ხომ იგი მარია ივანოვნას შეირთავს.
- ოჰ! - შემესიტყვა გენერალი. - ამას კიდევ არა უშავს: ქალისთვის უკეთესია ჯერჯერობით შვაბრინის ცოლი იყოს. ახლა შვაბრინს შეუძლია მფარველობის კალთა გადააფაროს, ხოლო როცა მას დავხვრეტთ, მაშინ ქალს, ღვთის შეწევნით, საქმროებიც გამოეძებნება. კეკლუცი ქვრივები გაუთხოვრად არ ბერდებიან. ესე იგი, იმის თქმა მინდოდა, ქვრივი უფრო მალე იპოვის ქმარს, ვიდრე ქალწული-მეთქი.
- სიკვდილზე მოვაწერ ხელს და მას კი შვაბრინს არ დავანებებ! - ვუთხარი გაშმაგებულმა.
- ოჰო, ჰო, ჰო! - თქვა მოხუცმა. - ახლა მესმის ვითარება: გეტყობა, მარია ივანოვნაზე გული შეგვარდნია. ეგ სხვა ამბავ-ხაბარია! ბედკრული ყმაწვილი! მაგრამ სალდათების ასეულს და კაზაკების ნახევარ ასეულს ვერაფრით ვერ მოგცემ. ეს ექსპედიცია არაკეთილგონივრული იქნებოდა. არ შემიძლია მაგაზე პასუხი ვაგო.
თავი დავხარე. იმედი გადამეწურა. უცებ გონებაში ერთი აზრი გამიკრთა: რა იყო ეს აზრი, როგორც ძველი რომანისტები ამბობენ, მკითხველი მომდევნო თავში გაიგებს.

მეთერთმეტე თავი

ამბოხებული დაბა

ლომს არ შიოდა, თუმცა მოდგმით არის უწყალო,
“რისთვის მობრძანდი ჩემს ბუნაგში,
ჩემო უფალო?” - იკითხა ტკბილად.
ა. სუმაროკოვი

გენერალი დავტოვე და ბინისკენ გამოვუჩქარე. საველიჩმა თავისი ჩვეული შეგონება შემომაგება:
- რა ძალა გადგას, ბატონო, გალეშილ ყაჩაღებს რომ ეჯიბრები. განა ეს ბოიარის საკადრისი საქმეა? ერთი ვნახოთ და სულ ტყუილ-უბრალოდ წააგო თავი. სხვა ამბავია, თურქს ან შვედს დასდევდე, თორემ ეს ყარტაყურტები ვინ მიგდიან.
- სულ რამდენი ფული მაქვს? - ვკითხე და ამით ლაპარაკი შევაწყვეტინე.
- გეყოფა, - მომიგო გულსავსედ. - თაღლითებმა კი გადაგვაქოთეს, მაგრამ გადამალვა მაინც მოვასწარი.
ეს თქვა და ჯიბიდან ვერცხლის ფულით სავსე გრძელი ნაქსოვი ქისა ამოიღო.
- აბა, საველიჩ, - ვუთხარი მე. - ამ ფულის ნახევარი ახლა მე მომეცი, დანარჩენი კი შენ გქონდეს. ბელოგორის ციხესიმაგრეში მივდივარ.
- ჩემო პიოტრ ანდრეიჩ! - აკანკალებული ხმით მითხრა კეთილმა გამდელმა. - ღვთის შიში გქონდეს. როგორ უნდა წახვიდე ახლა, როცა ყაჩაღებს ყოველი გზა მოჭრილი აქვთ! თუ თავი არ გეცოდება, შენი მშობლები მაინც შეიცოდე. სად მიდიხარ? რისთვის? ცოტა მოიცადე, მოვლენ ჯარები, თაღლითებს სათითაოდ შეიპყრობენ და მაშინ საითაც გინდა, იქით იარე.
ჩემს განზრახვას ვერაფერი შეარყევდა და მოხუცს მივუგე:
- სჯა-ბაასი ნაგვიანევია. უნდა წავიდე, ჩემი წაუსვლელობა არ იქნება. ნუ ნაღვლობ, საველიჩ, ღმერთი კეთილი თვალით გადმოგვხედავს. ეგებ კვლავ შევიყაროთ! იცოდე კი: არ მოიხათრო და არ იწუწურაქო. იყიდე, რაც დაგჭირდეს, თუნდაც მამასისხლად ღირდეს. ამ ფულს საჩუქრად გაძლევ. სამ დღეში თუ არ მოვბრუნდი...
- როგორ გეკადრება, ბატონო? - შემაწყვეტინა საველიჩმა. - მარტო გაგიშვა! ფიქრადაც არ გაიკარო. თუ წასვლა უკვე გადაწყვიტე, უკან თუნდა ფეხით გამოგყვები, მიტოვებით კი არ მიგატოვებ. როგორ, უშენოდ დავჯდები ქვის კედელს გადმოღმა! გავგიჟდი თუ? ნება შენია, ბატონო, მე კი არ მოგცილდები.
ვიცოდი, რომ საველიჩთან დავა არ ღირდა და ნება დავრთე საგზაოდ მომზადებულიყო. ნახევარი საათის შემდეგ მე ჩემს რიგიან ცხენზე შევჯექი, საველიჩი კი დამჭლევებულ და კოჭლ ჯაგლაგზე, რომელიც მუქთად მისცა ქალაქის ერთმა მცხოვრებმა, რაკი მისი შენახვის თავი აღარ ჰქონდა. მივედით ქალაქის კარიბჭესთან. გუშაგებმა გაგვიშვეს და დავტოვეთ ორენბურგი.
ბინდი დგებოდა. ჩემი გზა დაბა ბერდის გვერდით გადიოდა. ამ დაბაში პუგაჩოვი იდგა. პირდაპირ გზა თოვლს დაეფარა, მაგრამ მთელ ტრამალს ემჩნეოდა ცხენთა ნაკვალევი, რომელიც ყოველდღე ახლდებოდა ხოლმე. გაშლილი ჩორთით მივდიოდი. საველიჩი ძლივს მოჩაქჩაქებდა, უკან რჩებოდა და წარამარა მომძახოდა:
- ნუ გარბიხარ, ბატონო, თუ ღმერთი გწამს, ნუ გარბიხარ! ჩემი შეჩვენებული ჯაგლაგი შენს აყაყულ ალქაჯს ვერ ეწევა. საით იჩქარი? მე შენ გეტყვი, საქეიფოდ მიდიხარ, ერთიც ვნახოთ და ნაჯახის ყუის ქვეშ აღმოჩნდე... პიოტრ ანდრეიჩ... ჩემო პიოტრ ანდრეიჩ!.. ყელს ნუ გამომჭრი!..… ღმერთო, მაღალო, თავს წააგებს ბატონიშვილი!
მალე აკიაფდა ბერდის სინათლეები. მივუახლოვდით ხრამებს, დაბის ბუნებრივ სიმაგრეებს. საველიჩი არ მშორდებოდა და არ წყვეტდა თავის შესაბრალის მუდარას. ვიმედოვნებდი, დაბას მშვიდობიანად ავუვლი-მეთქი გვერდს, მაგრამ უცებ ბინდში პირდაპირ ჩემ წინ კეტებით შეიარაღებული ხუთი გლეხი დავლანდე. ესენი იყვნენ პუგაჩოვის სადგომის მეწინავე გუშაგები. შემოგვეხმიანენ. პაროლი არ ვიცოდი და მინდოდა მდუმარედ ჩამევლო მათთვის, მაგრამ მაშინვე გარს შემომერტყნენ, ერთმა ჩემი ცხენის სადავეს ჩაავლო ხელი. ხმალი ვიშიშვლე და თავში ვთხლიშე. გლეხი ქუდმა იხსნა, ოღონდ დაბარბაცდა და სადავეს ხელი მოაშორა. სხვები შეცბუნდნენ და გაიქცნენ. მე დრო ვიხელთე, ცხენს დეზი ვკარი და გავაქანე.
შეღამებულის ბინდს შეეძლო ყოველგვარ საფრთხეს ავერიდებინე, მაგრამ მოვიხედე და საველიჩს ვეღარ ვკიდე თვალი. თავისი კოჭლი ცხენის გადამკიდე საცოდავ მოხუცს ყაჩაღებისთვის ვერ გაესწრო. რა გზას ვწეოდი? რამდენიმე წუთს ველოდე და როცა დავრწმუნდი, დაიჭირეს-მეთქი, ცხენი მოვატრიალე და მის გამოსახსნელად გამოვწიე.
ხრამს რომ ვუახლოვდებოდი, შორიდან ხმაური, ყვირილი და საველიჩის ხმა შემომესმა. ნაბიჯს მოვუჩქარე და მალე კვლავ აღმოვჩნდი გუშაგ გლეხებს შორის, რომელთაც რამდენიმე წუთის წინ თვითონ გამაჩერეს. საველიჩი მათთან იყო. გუშაგებს ჯაგლაგიდან ჩამოეთრიათ და შესაკოჭავად ემზადებოდნენ. გუშაგებმა ჩემი მოსვლით გაიხარეს. ყვირილით მომცვივდნენ და მყის ძირს ჩამომაგდეს. ერთმა მათგანმა, ეტყობოდა, მეთაურმა, მე და საველიჩს გამოგვიცხადა, ახლავე ხელმწიფესთან წაგასხამთო.
- იმას კი, - დაურთო ნათქვამს, - ჩვენი მამა-ბატონი გვიბრძანებს, ახლავე ჩამოგახრჩოთ, თუ გათენებას დაველოდოთ.
გუშაგებისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია, საველიჩიც მე ამყვა და ერთის ამბით წაგვიყვანეს.
გადავიარეთ ხრამი და შევედით დაბაში. ყველა ქოხში სინათლე ენთო, ყველგან ხმაური და ყვირილი ისმოდა. ქუჩაში უამრავ ხალხს შევხვდი, მაგრამ სიბნელეში ვერავინ შეგვამჩნია და ვერ იცნეს ორენბურგელი ოფიცერი. მიგვიყვანეს გზაჯვარედინის კუთხეში მდგომ ქოხთან. ჭიშკართან არყის რამდენიმე კასრი და ორი ქვემეხი იდგა.
- ესეც სასახლე, - თქვა ერთ-ერთმა გლეხმა. - ახლავე თქვენს ამბავს მოვახსენებთ.
იგი ქოხში შევიდა. მე საველიჩს შევავლე თვალი. მოხუცი პირჯვარს იწერდა და უხმოდ ლოცულობდა. დიდხანს ვიცადე. ბოლოს გლეხი დაბრუნდა და მითხრა:
- წამო, მამა-ბატონმა ბრძანა, ოფიცერი მოიყვანეთო.
შევედი ქოხში, ანუ, როგორც გლეხები უწოდებდნენ, სასახლეში. ქოხს ორი ქონის სანთელი ანათებდა, კედლებზე ოქროს ვარაყიანი ქაღალდი აეკრათ. ისე ყველაფერი - მერხები, მაგიდა, თოკზე ჩამობმული ხელსაბანი, ლურსმნებზე ჩამოკიდებული ხელსახოცი, კუთხეში მიყუდებული სატაცი და ქოთნებშედგმული ფართო ყელი ღუმელისა - ჩვეულებრივი ქოხის შესაგვანი იყო. პუგაჩოვი ხატების ქვეშ იჯდა გოროზად დოინჯშემოყრილი, წითელი ხიფთანი ეცვა და წოწოლა ქუდი ეხურა. გვერდით ედგა რამდენიმე დოსტი თავკაცი, რომელთაც თვალთმაქცური პირმოთნეობა ეხატათ სახეზე. ეტყობოდა, ორენბურგის ოფიცრის მოსვლის ამბავმა მეამბოხეთ დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა აღუძრა და მოემზადნენ, ერთის ამბით შემხვედროდნენ. პუგაჩოვმა როგორც კი თვალი მომკრა, მაშინვე მიცნო. არაბუნებრივი სიგოროზე უცებ წარეხოცა.
- აჰ, თქვენო კეთილშობილებავ! - მითხრა მკვირცხლად. - როგორა ხარ? რაზე მოგიყვანა ღმერთმა?
მივუგე, ჩემს საქმეზე მივდიოდი და შენმა ხალხმა გამაჩერა-მეთქი.
- კი მაგრამ, რა საქმეზე მიდიოდი? - მკითხა მან.
არ ვიცოდი, რა მეთქვა. პუგაჩოვმა ივარაუდა, რომ მოწმეების თანდასწრებით არ მინდოდა პასუხის გაცემა და ამხანაგებს უბრძანა, გარეთ გადითო. ყველამ გაუგონა. მხოლოდ ორს არ მოუცვლია ფეხი.
- ამათთან გაბედულად ილაპარაკე, - მითხრა პუგაჩოვმა. - ამათ არაფერს ვუმალავ.
ალმაცერად გავხედე თვითმარქვიას ავანჩავანებს. ერთ მათგანს, უილაჯო და მოკაკვულ, თეთრწვერა მოხუცს ღირსშესანიშნავი მხოლოდ ის ჰქონდა, რომ ნაცრისფერ არმიაკზე მხრიდან ცისფერი ლენტი გადმოეტარებინა. სამაგიეროდ ყოველთვის მემახსოვრება მისი ამხანაგი - მაღალ-მაღალი, ბრგე, მხარბეჭიანი, ჩემი შეტყობით, ორმოცდახუთი წლის კაცი. ხშირი წითური წვერი, ნაცრისფერი, მოელვარე თვალები, ნესტოებმოცლილი ცხვირი, შუბლისა და ლოყების მოწითალო ფორეჯები მის ფართო ნაყვავილარ სახეს წარმოუდგენელ გამომეტყვლებას ანიჭებდა. წითელი პერანგი ეცვა, ყირგიზული ხალათი და კაზაკური შარვალი. პირველი (როგორც შემდეგ შევიტყვე) გაქცეული კაპრალი ბელობოროდოვი იყო. მეორე აფანასი სოკოლოვი (მეტსახელად ხლოპუშა), გადასახლებული დამნაშავე, სამჯერ გამოპარული ციმბირის მაღაროებიდან; მიუხედავად იმისა, რომ ძარღვებამშლელი გრძნობები მეხვია, საზოგადოება, სადაც მოულოდნელად მოვხვდი, ერთობ მიხალისებდა წარმოსახვას, მაგრამ პუგაჩოვმა კითხვა დამისვა და გონს მომიყვანა.
- თქვი, რა საქმეზე წამოხვედი ორენბურგიდან?
უცნაური აზრი გამიჩნდა: მომეჩვენა, თითქოს ბედისწერა, ხელმეორედ რომ შემყარა პუგაჩოვს, შესაძლებლობას მაძლევდა გულში ნადები განმეხორციელებინა. გადავწყვიტე, შემთხვევა ხელიდან არ გამეშვა და ისე, რომ არც ამიწონ-დამიწონია ჩემი გადაწყვეტილება, პუგაჩოვს მივუგე:
- ბელოგორის ციხესიმაგრეში მივდიოდი, რომ გადამერჩინა ობოლი, რომელსაც იქ ჩაგრავენ.
პუგაჩოვს თვალებში ცეცხლი ჩაუდგა.
- ჩემიანთაგან ვინ ბედავს ობლის დაჩაგვრას? - იყვირა მან. - გოგრა თუნდაც ჭკუით ჰქონდეს გატენილი, ჩემს სასჯელს ვერ გადაურჩება. თქვი, ვინ არის ის პირშავი.
- შვაბრინი, - მივუგე მე. - შენ რომ მღვდლის ცოლისას ავადმყოფი ქალიშვილი ნახე, ის ტყვედა ჰყავს და ძალისძალად უპირებს შერთვას.
- მოვიყვან ჭკუაზე, - მრისხანედ თქვა პუგაჩოვმა. - გავაგებინებ, როგორ უნდა თვითნებობა და ხალხის დაჩაგვრა. სახრჩობელაზე ჩამოვკიდებ.
- ნება მიბოძე, სიტყვა რამე გითხრა, – ჩახლეჩილი ხმით უთხრა ხლოპუშამ. - შენ იჩქარე, როცა ციხესიმაგრის კომენდანტად შვაბრინი დანიშნე, ხოლო ახლა ჩქარობ, იგი ჩამოახრჩო. შენ უკვე შეურაცხყავი კაზაკები, რომ აზნაური უფროსად დაუსვი, ახლა კი აზნაურებს ნუღარ აშინებ, რომ მათ პირველი დასმენისთანავე სიკვდილით სჯი.
- ესენი არც შეწყალების ღირსნი არიან და არც წყალობისა, - თქვა ცისფერლენტიანმა ბერიკაცმა. - შვაბრინის დასჯას დიდი არაფერი უნდა, მაგრამ ცუდი არ იქნებოდა, ბატონი ოფიცერიც ჯეროვნად დაგვეკითხა: რისთვის გვეწვია. თუ ხელმწიფედ არ მიაჩნიხარ, მაშინ სამართალს რაღას გეკითხება, ხოლო თუ მიაჩნიხარ, აქამდე რას იჯდა ორენბურგში შენს მტრებთან? ხომ არ მიბრძანებ საგანგიოში წავაბრძანო და იქ პატარა ცეცხლი დავაგზნო: ჩემი ფიქრით, მისი მოწყალება ორენბურგელმა მეთაურებმა მოგვიგზავნეს.
ბებერი ავკაცის ლოგიკა საკმაოდ სარწმუნოდ მომეჩვენა. ტანში გამცრა, რომ გავიფიქრე, ვის ხელთ ვიყავი. პუგაჩოვმა შეცბუნება შემატყო.
– რაო, თქვენო კეთილშობილებავ? – მითხრა და თვალი ჩამიკრა. – ჩემი ფელდმარშალი, მგონი, საფუძვლიანად ლაპარაკობს, არა? შენ როგორ ფიქრობ?
პუგაჩოვის დაცინვამ გამამხნევა. მშვიდად მივუგე, შენს ხელთა ვარ და რასაც მიზამ, შენი ნებაა-მეთქი.
- კეთილი, - თქვა მან. - ახლა მითხარი, რა დღეშია თქვენი ქალაქი.
- მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა.
- კარგადაო? - გაიმეორა პუგაჩოვმა. - აბა, ხალხი შიმშილით იხოცებაო?
თვითმარქვია მართალს ამბობდა, მაგრამ როგორც ფიცი მავალებდა, ვარწმუნებდი, ეს სულ ჭორებია და ორენბურგი არაფერს ისაკლისებს-მეთქი.
- ხედავ, - მხარი აუბა ბებერმა, - რომ აშკარად გაღორებს. ყველა გადმოვარდნილი ერთპირად ადასტურებს, ორენბურგში შიმშილი და სიკვდილი მეფობს, მძორს ჭამენ და ესეც დიდი პატივიაო. მისი მოწყალება კი ირწმუნება, ყველაფერი ბლომად არისო. თუ შვაბრინის ჩამოხრჩობა გინდა, ეს ყმაწვილიც იმავე სახრჩობელაზე ჩამოკიდე, რომ არავის შური არ აღეძრას.
წყეული ბებრის სიტყვებმა თითქოს შეაჭოჭმანეს პუგაჩოვი. საბედნიერდ, ხლოპუშა შეეკამათა თავის ამხანაგს:
- კმარა, ნაუმიჩ, შენ სულ ჩამოხრჩობა და კვლა გელანდება. აბა, რომელი ბუმბერაზი მყავხარ? კაცი ვერ გაიგებს, სული თუ გიდგას. თვითონ ორი პარასკევიღა დაგრჩენია და სხვებს კი სპობ. განა ცოტა სისხლია შენს სინდისზე?
- შენ რა წმინდანი გამომიჩნდი? - შეესიტყვა ბელობოროდოვი. - შენ საიდანღა გაგიჩნდა სიბრალული?
- რა თქმა უნდა, - მიუგო ხლოპუშამ, მეც ცოდვაში მიდგას ფეხი, ამ ხელსაც (ძვალტყავა ხელი მომუშტა, სახელო აიკაპიწა და გაბანჯგვლული მკლავი გამოაჩინა), ეს ხელიც ბრალეულია ქრისტიანთა სისხლისღვრაში, მაგრამ მე ვსპობდი მტერს და არა სტუმარს, გაშლილ გზაჯვარედინზე და ბნელით მოცულ ტყეში და არა სახლში, ღუმელთან დასკუპებული, გურზითა და ცულის ყუით და არა დედაკაცური დასმენის შედეგად.
ბებერი შებრუნდა და წაიბურტყუნა:
- დაგლეჯილი ნესტოები!..
- რას ჩურჩულებ მანდ, შე ხრონცო, შენა! - იყვირა ხლოპუშამ. - დაგლეჯილ ნესტოებს მოგცემ მე შენ. მოიცა, შენი ზარიც ჩამორეკს. ღვთის შეწევნით, შენც იგემებ მარწუხებს... მანამდე კი ფხიზლად იყავი, მაგ კიკნა წვერი არ დაგაძრო.
- ბატონო ენარლებო! - მედიდურად წარმოთქვა პუგაჩოვმა. - გეყოფათ ჩხუბი. არა უშავს, თუ ყველა ორენბურგელი ძაღლი ერთი ძელის ქვეშ გააკანკალებს ფეხებს, მაგრამ ძალიანაც უშავს, თუ ჩვენი ხვადები ერთმანეთს დაჭამენ. აბა, დაზავდით.
ხლოპუშას და ბელობოროდოვს კრინტი არ დაუძრავთ, პირქუშად უყურებდნენ ერთმანეთს. ჩემი ფიქრით, აუცილებლად უნდა შეცვლილიყო საუბარი, თორემ შეიძლებოდა ჩემთვის სავალალოდ დამთავრებულიყო. ამიტომ პუგაჩოვს მხიარულად ვუთხარი:
- აჰ! ლამის დამავიწყდა, რომ ცხენისა და ტყაპუჭისათვის მადლობა გადამეხადა. უშენოდ ქალაქამდე თავს ვერ ჩავიტანდი და გზაში გავფიჩხდებოდი.
ჩემმა ფანდმა ნაყოფი გამოიღო. პუგაჩოვი გახალისდა.
- მომციას მიმციაც უნდაო, - მითხრა მან, თან თვალი ჩამიკრა და მოჭუტა, - ახლა ერთი მომიყევი, რა გინდა იმ გოგონასთან, შვაბრინი რომ ჩაგრავს? შენი სატრფოა? ა?
- საცოლეა, - მივუგე პუგაჩოვს, რაკი შევამჩნიე, რომ ცა მოიწმინდა და სიმართლის დაფარვა, ჩემი ფიქრით, საჭირო აღარ იყო.
- საცოლე! - იყვირა პუგაჩოვმა. - რატომ ადრე არ თქვი? ქალსაც შეგრთავთ და შენს ქორწილშიც მოვილხენთ! - შემდეგ ბელობოროდოვს მიმართა: - მისმინე, ფელდმარშალო! მე და მისი კეთილშობილება ძველი დოსტები ვართ. მოდი, ერთი დავსხდეთ და ვივახშმოთ. დილა საღამოზე ბრძენია! ხვალ ვნახოთ, რა ვუყოთ ამას.
სიხარულით ვიტყოდი უარს შემოთავაზებულ პატივზე, მაგრამ რა მექნა. ქოხის მფლობელი კაზაკის ორმა ქალიშვილმა მაგიდას თეთრი სუფრა გადააფარა, მოიტანა უხა, პური, არყითა და ლუდით სავსე რამდენიმე შტოფი და მეორედ აღმოვჩნდი პუგაჩოვისა და მისი საზარელი ამხანაგების მაგიდასთან.
თავაწყვეტილმა ქეიფმა, რომლის უნებლიე მოწმეც მე ვიყავი, შუაღამემდე გასტანა. ბოლოს თანამეინახეებს სასმელი თავში შეუჯდათ, პუგაჩოვს ადგილზევე მოერია რული, მისი ამხანაგები წამოდგნენ და მანიშნეს, მოეცალეო. გარეთ მათთან ერთად გამოვედი. ხლოპუშას განკარგულებით გუშაგმა საგანგიოში წამიყვანა, სადაც საველიჩიც ვნახე და სადაც მასთან ერთად ჩამკეტეს. გამდელი ყოველივე ნანახს ისე გაეოგნებინა, ჩემთვის არაფერი უკითხავს. სიბნელეში დაწვა და დიდხანს ხვნეშოდა და ვიშვიშებდა. ბოლოს ახვრინდა. მე კი ფიქრებს ჩავუღრმავდი, რომელთაც ღამე თეთრად გამათენებინეს.
დილით მოვიდნენ და მითხრეს, პუგაჩოვი გეძახისო. წავედი. მის ჭიშკართან კიბიტი იდგა, რომელშიც სამი თათრული ცხენი ება, ქუჩაში ხალხი ზიმზიმებდა. პუგაჩოვს ქოხის წინკარში შევხვდი. სამგზავროდ ემოსა. ქურქი ეცვა და ყირგიზული ქუდი ეხურა. გარს გუშინდელი თანამოსაუბრენი ეხვივნენ. ამათ სახეზე პირმოთნეობა ეხატათ, რაც სულ არ შეესადაგებოდა ყოველივე იმას, რის მოწმეც გუშინ ვიყავი. პუგაჩოვი ხალისიანად მომესალმა და მიბრძანა, ჩემთან კიბიტში ჩაჯექიო.
ჩავსხედით.
- ბელოგორის ციხესიმაგრეში! - უთხრა პუგაჩოვმა მხარბეჭგადგმულ თათარს, რომელიც ფეხზე მდგომი დაატარებდა ეტლს. გული ლამის ბუდიდან ამომვარდა. ცხენები დაიძრნენ, აჟღრიალდნენ ზანზალაკები და კიბიტი გაქროლდა.
- სდექ! სდექ! - გაისმა მეტად ნაცნობი ხმა და დავინახე ჩვენკენ გამოქცეული საველიჩი. პუგაჩოვმა ბრძანა, კიბიტი გააჩერეთო.
- ჩემო პიოტრ ანდრეიჩ, - მომყვიროდა გამდელი. - ნუ დამტოვებ სიბერის ჟამს ამ თაღლით...
- აჰ, ეს შენა ხარ, შე ხრონცო! - უთხრა პუგაჩოვმა. - ღმერთმა კვლავ შეგვყარა, აბა, შეჯექ კოფოზე.
- მადლობა, ხელმწიფეო, მადლობა, მამავ მშობელო! - ამბობდა საველიჩი კოფოზე დაჯდომისას. - ღმერთმა ას წელიწადს მიგატანებიოს, რომ მე მოხუცი შემიფარე და დამაწყნარე. სულ შენზე ვილოცებ, ხოლო კურდღლის ტყაპუჭს აღარც კი ვახსენებ.
ამ კურდღლის ტყაპუჭს შეეძლო ბოლოს მართლა გაებრაზებინა პუგაჩოვი. საბედნიეროდ, ვერ მოისმინა ან წაუყრუა უადგილოდ ნათქვამ გადაკრულ სიტყვას. ცხენები გაქანდნენ. ქუჩაში ხალხი ჩერდებოდა და მდაბლად უკრავდა თავს პუგაჩოვს. ისიც ორივე მხარეს აქნევდა თავს. ერთ წუთში დაბიდან გავედით და მოშანდაკებულ გზაზე გავქროდით.
ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ვგრძნობდი ამ დროს. რამდენიმე საათში უნდა შევხვედროდი ადამიანს, ვინც უკვე ჩემად აღარ მეგულებოდა. გონებაში მესახებოდა წუთი ჩვენი შეყრისა... აგრეთვე ვფიქრობდი კაცზე, ჩემს ბედს რომ განაგებდა და გარემოებათა უცნაური დამთხვევის შედეგად იდუმალად დამიკავშირდა. გავიხსენე მოუაზრებელი სისასტიკე, სისხლმწყურვალობა ადამიანისა, რომელმაც თავს იდო ჩემი საყვარელი ადამიანის მოსარჩლეობა! პუგაჩოვმა არ იცოდა, თუ მარია ივანოვნა მირონოვის ქალიშვილი იყო. გაბოროტებულ შვაბრინს შეეძლო ყოველივე დაეფქვა, პუგაჩოვს სხვანაირადაც შეეძლო სიმართლის შეტყობა... და მაშინ რა დღე დაადგებოდა მარია ივანოვნას? ტანში მცრიდა და თმა მებურძგნებოდა...
ფიქრები უცებ პუგაჩოვმა დამიფრთხო.
- რაზე ჩაფიქრდი, თქვენო კეთილშობილებავ? - მკითხა მან.
- რაღა რაზე, - მივუგე პუგაჩოვს. - მე ოფიცერი და აზნაური ვარ. ჯერ კიდევ გუშინ შენ გებრძოდი, დღეს კი შენთან ერთად ერთი კიბიტით მოვდივარ და მთელი ჩემი ცხოვრების ბედნიერება შენს ხელთაა...
- რაო, გეშინია? - მკითხა პუგაჩოვმა.
- რაკი ერთხელ შემიწყალე, ვიმედოვნებდი, არა მარტო დამზოგავდი, დამეხმარებოდი კიდეც-მეთქი, - მივუგე მე.
- შენ მართალი ხარ, ღმერთმანი, მართალი ხარ! - მითხრა თვითმარქვიამ. - ნახე, ჩემი ბიჭები რომ ამრეზით გიყურებდნენ? ბერიკაცი კი დღესაც იჟინებდა, ეგ ჯაშუშია და უნდა ვაწამოთ და ჩამოვახრჩოთო, მაგრამ მე არ დავყაბულდი, - ხმადაბლა დაუმატა ნათქვამს, ისე რომ საველიჩსა და თათარს არ გაეგონათ. - რადგან შენი ჭიქა არაყი და კურდღლის ტყაპუჭი მახსოვდა. შენ ხედავ, რომ ისეთი სისხლისმსმელი არა ვარ, როგორაც თქვენები ლაპარაკობენ.
გამახსენდა ბელოგორის ციხესიმაგრის აღება, მაგრამ ვიფიქრე, შეკამათება საჭირო არ არის-მეთქი, და არა ვუპასუხე რა.
პუგაჩოვმა ცოტა იყუჩა და მკითხა:
- რას ამბობენ ჩემზე ორენბურგში?
- ამბობენ, მაგის მორევა, ცოტა არ იყოს, ძნელიაო. ერთი სიტყვით, თავი მაგრად გაგვაცანი.
თვითმარქვიას სახე დაამებული თავმოყვარეობით გაუმტკნარდა.
- ოჰ! - თქვა მხიარული გამომეტყველებით. - ვაჟკაცურად ვიბრძვი. თქვენსას, ორენბურგში, იციან თუ არა, იუზეევთან გამართული ბრძოლის შესახებ? ორმოცი ენარალი სიცოცხლეს გამოესალმა, ოთხი არმია ტყვედ ჩავარდა. შენი ფიქრით, პრუსიის მეფე შეძლებდა ჩემთან გაჯიბრებას?
ყაჩაღის კვეხნა სასეიროდ მეჩვენა.
- შენ თვითონ რას ფიქრობ? - ვკითხე მე. - მოერეოდი ფრიდერიკს?
- ფიოდორ ფიოდოროვიჩს? ვითომ რატომ ვერა? თქვენს ენარლებს ხომ ვერევი. ისინი კი მას ურტყამდნენ. აქამდე ჩემს იარაღს უღიმოდა ბედი. დაიცა, მოსკოვს რომ გავუტევ, აბა მაშინ იქნება, რაც იქნება.
- კი მაგრამ, მოსკოვს უპირებ შეტევას?
თვითმარქვია, ცოტა არ იყოს, ჩაფიქრდა და ხმადაბლა თქვა:
- ღმერთმა იცის. ასპარეზი მევიწროვება, ძალა-უფლება მეცოტავება. ჩემი ბიჭები პეიტრობენ. ყველანი ქურდები არიან. ასი თვალი და ყური უნდა მქონდეს. რაწამს ფეხი გადამიბრუნდება, ჩემი თავით საკუთარს დაიხსნიან.
- საქმეც ეგ არის! - ვუთხარი პუგაჩოვს. - ხომ არ გიჯობს, თვითონ დროულად ჩამოშორდე მათ და დედოფლის გულმოწყალების იმედად იყო.
პუგაჩოვმა მწარედ ჩაიცინა.
- არა, - მიპასუხა მან. - თითზე კბენანი ნაგვიანევია. არ შემიწყალებენ. როგორც დავიწყე, ისე განვაგრძობ. ვინ იცის, იქნებ ჩემსას მივაღწიო! გრიშკა ოტრეპიევი აკი მოსკოვის მეფედ იჯდა ერთხანს.
- მერედა იცი, რა მოუვიდა ბოლოს? ფანჯრიდან გადმოაგდეს, მოკლეს, დაწვეს. მისი ფერფლით ქვემეხი გატენეს და ისროლეს!
- მისმინე, - მითხრა პუგაჩოვმა რაღაც უცნაური ზეშთაგონებით. - ერთ ზღაპარს მოგიყვები, ბალღობაში მიამბო ყალმუხმა დედაბერმა. ერთხელ თურმე არწივმა ყვავს ჰკითხა: მითხარი, ყვავო, შენ რატომ ცოცხლობ ქვეყანაზე სამას წელიწადს, მე კი სულ ოცდაცამეტსაო? იმიტომ, გენაცვა, რომ შენ თბილ სისხლს სვამ, მე კი ლეშით ვსაზრდოობო. არწივმა იფიქრა, მოდი, ჩვენც ვცადოთ ლეშის ჭამაო. კეთილი და პატიოსანი. გაფრინდნენ არწივი და ყვავი. აი, თვალი ჰკიდეს მკვდარ ცხენს. დაეშვნენ და დაფრინდნენ ძირს. ყვავი კორტნიდა ლეშს, თან აქებდა და აქებდა. არწივმა ერთხელ დაჰკრა ნისკარტი, მეორედ დაიქნია ფრთა და ყვავს უთხრა: არა, ძმაო ყვავო, სამასი წელი ლეშის ჭამას მირჩევნია ერთხელ ვიჯერო გული თბილი სისხლით, მერე კი რაც იქნება იყოსო! როგორია ყალმუხური ზღაპარი?
- უცნაურია, - მივუგე მე. - მაგრამ მკვლელობით და ძარცვა-გლეჯით ცხოვრება, მე თუ მკითხავ, ლეშის კორტნისგან არ განირჩევა.
პუგაჩოვმა გაკვირვებულმა შემავლო თვალი და არა მიპასუხა რა. ორივე გავჩუმდით და ჩვენ-ჩვენს ფიქრებს ჩავუღრმავდით. თათარმა სევდიანი სიმღერა წამოიწყო. საველიჩი ყვინთავდა და კოფოზე ირწეოდა. კიბიტი მოშანდაკებულ ზამთრის გზაზე მიფრინავდა... უცებ თვალი ვკიდე იაიკის ციცაბო ნაპირზე შეფენილ პატარა სოფელს თავისი მესერითა და სამრეკლოთი და თხუთმეტ წუთში ბელოგორის ციხესიმაგრეში შევედით.

მეთორმეტე თავი

ობოლი

როგორც ვაშლის ხეს ჩვენსას არა აქვს
არცა კენწერო და არც მორჩები,
ისე ქალბატონს ჩვენსას არა ჰყავს
არცა მამილო და არც დედილო.
ვერვინ მორთავს და ვერვინ მოკაზმავს,
ლოცვა-კურთხევას ვერვინ გაატანს.
საქორწინო სიმღერა

კიბიტი კომენდანტის სახლის პარმაღს მიუახლოვდა. ხალხმა იცნო პუგაჩოვის ზანზალაკების ხმა და ჯგროდ დაგვედევნა უკან. შვაბრინი პარმაღზე გამოეგება თვითმარქვიას. კაზაკურად ეცვა, წვერი მოეშვა. მოღალატე კიბიტიდან გადმოსვლაში მიეხმარა პუგაჩოვს, თან საზიზღარი გამოთქმებით ამცნო თავისი სიხარული და გულმოდგინება. ჩემს დანახვაზე შეცბა, მაგრამ მალე ჩადგა კალაპოტში, ხელი გამომიწოდა და მითხრა:
- შენც ჩვენი ხარ? კარგა ხანია, ასე უნდა ყოფილიყო!
მე ზურგი ვაქციე და არაფერი ვუპასუხე.
გული დამიმძიმდა, როცა დიდი ხნის ნაცნობ ოთახში მოვხვდი. აქ კედელზე ისევ ეკიდა განსვენებული კომენდანტის დიპლომი, როგორც გარდასული დროის სევდიანი ეპიტაფია. პუგაჩოვი იმავე დივანზე დაჯდა, რომელზეც თვლემდა ხოლმე ივან კუზმიჩი თავისი ცოლის ბუზღუნით რულმოკიდებული. შვაბრინმა თვითონ მოუტანა არაყი პუგაჩოვს. პუგაჩოვმა ერთი სირჩა გამოცალა, შვაბრინს ჩემზე მიუთითა და უთხრა:
- მის კეთილშობილებას უმასპინძლე.
შვაბრინი თავისი ლანგრითურთ მოვიდა, მაგრამ მეორედ შევაქციე ზურგი. იგი დავთრებარეული ჩანდა. საზრიანი იყო და, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ პუგაჩოვი არ ემადლიერებოდა. მისი ეშინოდა, მე კიდევ დროდადრო უნდოდ მიყურებდა. პუგაჩოვმა გამოჰკითხა, რა მდგომარეობაშიაო ციხესიმაგრე, რა ისმისო მტრის ჯარებზე და მისთანანი. უცებ შვაბრინი რომ არ ელოდა, ისე ჰკითხა:
- მითხარი, თუ კაცი ხარ, რომელი გოგო გყავს შენ დაპატიმრებული? მანახე ერთი.
შვაბრინს მიწისფერი დაედო.
- ხელმწიფეო, - უთხრა ხმაათრთოლებულმა, - ხელმწიფეო, დაპატიმრებული კი არა, ავად არის, სასტუმრო ოთახში წევს.
- აბა, გამიძეხი, - უთხრა თვითმარქვიამ და წამოდგა. რაიმეს მომიზეზება არ ეგებოდა. შვაბრინი მარია ივანოვნას ოთახისკენ გაუძღვა პუგაჩოვს. მე უკან მივყევი მათ.
შვაბრინი კიბეზე შედგა.
- ხელმწიფეო, - უთხრა პუგაჩოვს. - თქვენ უფლება გაქვთ, რაც მოგეგუნებებათ, ის მომთხოვოთ, მაგრამ უცხოს ნებას ნუ მისცემთ, ჩემს ცოლთან საწოლ ოთახში შევიდეს.
კანკალმა ამიტანა.
- მაშ, ცოლიანი ხარ! - ვუთხარი შვაბრინს მის გასაგლეჯად შემართულმა.
- გაჩუმდი! - ჩამომერია პუგაჩოვი. - ეს ჩემი საქმეა. შენ კი, - მიმართა შვაბრინს, - ჭკუისკოლოფობას და ღმეჭას მოეშვი: შენი ცოლია თუ არა, მასთან ის მიმყავს, ვინც მნებავს. თქვენო კეთილშობილებავ, მომყევით.
ოთახის კართან შვაბრინი კვლავ შედგა და პუგაჩოვს ჩამწყდარი ხმით უთხრა:
- ხელმწიფეო, გაფრთხილებ, ციებ-ცხელება სჭირს და მესამე დღეა, გამუდმებით აბოდებს.
- გააღე! - უთხრა პუგაჩოვმა.
შვაბრინმა ჯიბეებში გასაღებს დაუწყო ძებნა და თქვა, არ წამომიღიაო. პუგაჩოვმა წიხლი ჰკრა კარს. საკეტი მოძვრა, კარი გაიღო და ოთახში შევედით.
მიმოვიხედე და გული გამეყინა. იატაკზე იჯდა გლეხის დაგლეჯილი კაბით მოსილი მარია ივანოვნა, ფერმიხდილი, ჩამომხმარი, თმაგაწეწილი. წინ ედგა წყლიანი დოქი, დოქზე პურის ნატეხი იდო. ჩემს დანახვაზე შეტოკდა და იკივლა. მე მაშინ რა მომივიდა, არ მახსოვს.
პუგაჩოვმა შვაბრინს შეხედა, მწარედ ჩაიცინა და უთხრა:
- ლაზარეთი კარგი გქონია! - შემდეგ მარია ივანოვნასთან მივიდა: - მითხარი, გენაცვალე, რისთვის გსჯის შენი ქმარი? რა ბრალი მიგიძღვის მის წინაშე?
- ჩემი ქმარი! - გაიმეორა მარია ივანოვნამ. - ეს ჩემი ქმარი როდია. ცოლად არასდროს არ გავყვები! გადავწყვიტე, სიკვდილი ვარჩიო და მოვკვდები კიდეც, თუ არ გამათავისუფლებენ.
პუგაჩოვმა თვალები დაუბრიალა შვაბრინს.
- მე შენ გაცურება გამიბედე! - უთხრა მას, - იცი თუ არა, შე უქნარავ, შენა, რა გეკუთვნის?
შვაბრინი მუხლებზე დაემხო... ამ წუთში ზიზღმა დამითრგუნა სიძულვილისა და რისხვის ყოველი გრძნობა. ზიზღით ვუცქეროდი გამოქცეული კაზაკის ფეხქვეშ ჩავარდნილ აზნაურს. პუგაჩოვი მოლბა.
- ამჯერად გიწყალებ, - უთხრა შვაბრინს, - მაგრამ იცოდე, პირველივე დანაშაულზე ამასაც გაგიხსენებ. - შემდეგ მარია ივანოვნას მიუბრუნდა და ალერსიანად უთხრა: გამოდი, ტურფავ, თავისუფლება მომინიჭებია. მე ხელმწიფე ვარ.
მარია ივანოვნამ სწრაფად შეავლო თვალი, მიხვდა, რომ წინ ედგა თავისი მშობლების მკვლელი, სახეზე ხელები აიფარა და უგრძნობლად დაეცა. მასთან მივიჭერი, მაგრამ ამ დროს ოთახში ერთობ თამამად შემოხუსხუსდა ჩემი ძველი ნაცნობი პალაშა და თავის ქალბატონს მიხედა. პუგაჩოვი გარეთ გამოვიდა. ჩვენ, სამივენი, სასტუმრო ოთახში შევედით.
- რაო, თქვენო კეთილშობილებავ, - სიცილით მითხრა პუგაჩოვმა. - დავიხსენით თუ არა ტურფა ქალი! რას ფიქრობ, მღვდელს კაცი არ გავუგზავნოთ და არ ვაიძულოთ თავის მოკეთეს ჯვარი დასწეროს? მე მამობილი ვიქნები, შვაბრინი მაყარი, დავკრათ ბუკსა და ნაღარას, ვალხინოთ დიდი, პატარა, ჰე!
შიში გამიცხადდა. როცა შვაბრინმა პუგაჩოვის წინადადება მოისმინა, გადაირია.
- ხელმწიფეო! - იყვირა გაშმაგებით. - დამნაშავე ვარ, გაგაცურეთ, მაგრამ გრინიოვიც ნაცარს გაყრით თვალებში. ეს გოგო აქაური მღვდლის მოკეთე არაა, ქალიშვილია ივან მირონოვისა, რომელიც სიკვდილით იქნა დასჯილი ამ ციხესიმაგრის აღების ჟამს.
პუგაჩოვმა თვალები გადმომიბრიალა.
- ეს კიდევ რაღაა? - მკითხა საგონებელში ჩავარდნილმა.
- შვაბრინმა სიმართლე გითხრა, - ვუპასუხე ნირშეუცვლელად.
- შენ ეს ჩემთვის არ გითქვამს, - შენიშნა პუგაჩოვმა და მოიქუფრა.
- აბა თვითონ იაზრე, - ვუპასუხე მე. - განა შეიძლებოდა შენს ხალხთან იმის თქმა, მირონოვის ქალიშვილი ცოცხალიაო. ეგრევე დაგლეჯდნენ და ვერაფერი გადაარჩენდა.
- ესეც მართალია, - სიცილით მითხრა პუგაჩოვმა. - ჩემი ლოთები საბრალო გოგოს არ დაინდობდნენ. კარგად მოიქცა ნათლიდედა მღვდლის ცოლი, რომ ისინი გააცურა.
- მისმინე, - განვაგრძე მე, რაკი ვამჩნევდი მის კეთილგანწყობილებას. - რა გიწოდო, არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე... მაგრამ ღმერთი ხედავს, რომ მოხარული ვიქნები, თავი შემომეწირა შენთვის საიმისოდ, რაც გამიკეთე. ოღონდ იმას ნუ მთხოვ, ჩემს ღირსებას და ქრისტიანულ სინდისს რომ არ შეშვენის. შენ მწყალობელი ხარ ჩემი. საქმე ისევე მოათავე, როგორც დაიწყე: გამიშვი საცოდავ ობოლთან ერთად, საითაც ღმერთი ინებებს. ჩვენ კი, სადაც უნდა იყო და რაც უნდა შეგემთხვეს, ყოველდღე ვილოცებთ შენი ცოდვილი სულის საცხონებლად...
პუგაჩოვს, ეტყობა, უწყალო სული აუჩვილდა.
- კარგი, როგორც გინდა, ისე იყოს! - მითხრა მან. - თუ დასჯაა, დასაჯე, შეწყალებაა და შეიწყალე, - ასეთი ჩვევა მაქვს. წაიყვა შენი ტურფა, საითაც გინდა, იქით გაუყენე გზას და ღმერთმა სიყვარული და სიამტკბილობა ნუ მოგიშალოთ!
ეს რომ თქვა, შვაბრინს მიუბრუნდა და უბრძანა, ჩემთვის საშვი მოეცა, რათა მისეულ საგუშაგოებსა და ციხესიმაგრეში არავის გავეჩერებინეთ. მიწასთან გასწორებული შვაბრინი გაშეშებული იდგა. პუგაჩოვმა ციხესიმაგრის დასათვალიერებლად გასწია. შვაბრინი თან ეახლა. მე კი გასამგზავრებლად უნდა გავემზადო-მეთქი, - საბაბად მოვიტანე და აღარ გავყოლივარ.
გავიქეცი სასტუმრო ოთახისკენ. კარი დაკეტილი დამხვდა. დავაკაკუნე.
- ვინ არის? - იკითხა პალაშამ. გავაგებინე, ვინც ვიყავი. კარს უკან გაისმა მარია ივანოვნას საყვარელი ხმა:
- მოიცათ, პიოტრ ანდრეიჩ! ტანთ ვიცვლი. წადით აკულინა პამფილოვნასთან. მე ახლავე იქ გავჩნდები.
გავუგონე და წავედი მამა გერასიმისას. ისიც და მისი ცოლიც ჩემს შესახვედრად გამოცვივდნენ. საველიჩს უკვე ყველაფერი შეეტყობინებინა მათთვის.
- გამარჯობათ, პიოტრ ანდრეიჩ, - მეუბნებოდა მღვდლის ცოლი, - აი, ღმერთმა კვლავ შეგვყარა. როგორა ხართ? დღე არ გავიდოდა, არ გვეხსენებინეთ. მარია ივანოვნამ კი, ჩემმა ცუგრუმელამ, ბევრი რამ გადაიტანა უთქვენოდ!.. მაგრამ ერთი მითხარით, გეთაყვა, თქვენ და პუგაჩოვი როგორ შეთვისდით! როგორ არ მიგასაკლავათ? კი, ბატონო, რომ არ მიგასაკლავათ, ამისთვისაც მადლობა მაგ უკეთურს.
- გეყოფა, დედაბერო, - შეაწყვეტინა ცოლს მამა გერასიმმა. - გუდას მთლად ნუ მოხსნი პირს. ბევრი ლაპარაკი, ბევრი თავის ტკივილიაო. ჩემო პიოტრ ანდრეიჩ! შემოდით, გთხოვთ, დიდი, დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.
მღვდლის ცოლს რაც კი რამ გააჩნდა, ყველაფერს მთავაზობდა, მიირთვიო, თან ენას არ ასვენებდა. მომიყვა, შვაბრინმა როგორ აიძულა ისინი, მარია ივანოვნა მისთვის გადაეცათ, ხოლო მარია ივანოვნა როგორ ტიროდა და არ უნდოდა მათი დატოვება, შემდეგ მარია ივანოვნა პალაშკას მეშვეობით როგორ უკავშირდებოდა მას ნიადაგ (პალაშკა ისეთი ყოჩაღი გოგოა, ურიადნიკსაც კი აიძულებს მის დუდუკზე იცეკვოს), როგორ დაარიგა მარია ივანოვნა, ჩემთვის ბარათი გამოეგზავნა და სხვა. მე ჩემდათავად ძუნწად მოვუთხრე ამბავ-ხაბარი. მღვდელი და მისი ცოლი პირჯვარს იწერდნენ, რომ გაიგეს, პუგაჩოვმა თავისი მოტყუების ამბავი შეიტყოო.
- ფუი ეშმაკს! - ამბობდა აკულინა პამფილოვნა. - ღმერთო, გვაშორე უბედურება. ჰაიტ, ალექსეი ივანიჩ, კაი ვინმე ბრძანებულხარ შენმა მზემ.
სწორედ ამ დროს კარი გაიღო და შემოაბიჯა მარია ივანოვნამ. ფერმიხილ სახეზე ღიმილი ეფინა. გლეხის კაბა გაეხადა და წინანდებურად უბრალოდ და მიმზიდველად ეცვა.
მე ხელზე ხელი ვტაცე და დიდხანს სიტყვა ვერ დავძარი. ორივენი ვდუმდით გულაფოფინებულნი. მასპინძლებმა იგრძნეს, რომ მათთვის არა გვცხელოდა და გაგვეცალნენ. მარტო დავრჩით. ყველაფერი დავიწყების ბურმა დაფარა. ვლაპარაკობდით, ვლაპარაკობდით და გულს მაინც ვერ ვიჯერებდით. მარია ივანოვნამ სულ ჩამიკენჭა ყველაფერი, რაც კი რამ თავს გადახდენოდა ციხესიმაგრის აღებიდან მოკიდებული. ამიწერა, რა გულშემზარავ დღეში იყო, რა ჭირ-ვარამი დაეტეხა მისთვის ბილწ შვაბრინს. გავიხსენეთ გარდასული ბედნიერი დროც... ორივე ვტიროდით. ბოლოს ჩემს განზრახვაზე ჩამოვუგდე სიტყვა. პუგაჩოვის ხელთ მყოფ და შვაბრინის საუფროსო ციხესიმაგრეში შენი დარჩენა შეუძლებელია, ხოლო ალყის შედეგად ყოველი უბედურებით აღსავსე ორენბურგზე ფიქრიც კი არ ეგების, ამქვეყნად კაციშვილიც მოკეთე არ მოგეძევება, ამიტომ სოფელში ჩემს მშობლებთან წადი-მეთქი. თავდაპირველად ორჭოფობდა; მამაჩემის არაკეთილგანწყობილება მისადმი აფრთხობდა, მაგრამ დავამშვიდე, ვიცოდი, რომ მამა ბედნიერებად შერაცხდა და მოვალეობად მიიჩნევდა სამშობლოსათვის თავშეწირული დამსახურებული მეომრის ქალიშვილისთვის კარი გაეღო.
- ჩემო კარგო მარია ივანოვნა! - ვუთხარი ბოლოს. - შენ ჩემს ცოლად მიმაჩნიხარ. უცნაურმა გარემოებებმა მტკიცედ შეგვაერთეს და აწ ამქვეყნად ვეღარაფერი დაგვაშორებს.
მარია ივანოვნამ მიამიტად მომისმინა, არავითარი მოჩვენებითი მორცხვობა არ გამოუჩენია, იწილო-ბიწილო უარი არ გამოუთქვამს. გრძნობდა, რომ მისი ბედი ჩემსას იყო გადანასკვული, მაგრამ ხელახლა მითხრა, თუ შენი მშობლები თანახმანი არ იქნენ, ცოლად ვერ გამოგყვებიო.
არ შევსიტყვებივარ. გზნებით, წმინდის გულით გადავკოცნეთ ერთმანეთი და ამრიგად ჩვენ შორის ყველაფერს გვირგვინი დაედგა.
ერთ საათში ურიადნიკმა პუგაჩოვის ბატიფეხურით ხელმოწერილი საშვი მომიტანა და მითხრა, გიბარებსო. პუგაჩოვი უკვე გზას უნდა გასდგომოდა. ვერაფრით ავხსნი, რას ვგრძნობდი ამ ჩემ გარდა ყველასთვის საზარელ კაცთან, მტარვალთან, ბოროტმოქმედთან გამომშვიდობების ჟამს. რისთვის დავმალო სიმართლე? ამ წუთს უზომო თანაგრძნობით ვიყავი გამსჭვალული მისადმი, სულით და გულით მეწადა გამომეტაცა ბოროტმოქმედთათვის, რომელთაც თვითონ წინამძღოლობდა, და მეხსნა, ვიდრე გვიან არ იყო. შვაბრინმა და იქვე მოზიმზიმე ხალხმა საშუალება არ მომცეს, ამომეთქვა ის, რითაც ჩემი გული იყო აღვსილი.
მეგობრულად დავშორდით ერთმანეთს. პუგაჩოვმა აკულინა პამფილოვნა ხალხში დალანდა, თითით დაემუქრა და მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა თვალი. შემდეგ კიბიტში ჩაჯდა, მეეტლეს უბრძანა, ბერდისკენ გასწიო, და როცა ცხენები გზას გაუდგნენ, კიბიტიდან ერთხელ კიდევ გამოყო თავი და დამიძახა:
- მშვიდობით, თქვენო კეთილშობილებავ! იქნებ ოდესმე კვლავ შევხვდეთ.
- მე მართლა შევხვდი მას, მაგრამ რა ვითარებაში!..
პუგაჩოვი გაემგზავრა. დიდხანს თვალს არ ვაშორებდი თეთრ ტრამალს, რომელზეც მისი სამცხენა მიქროდა. ხალხი წავიდ-წამოვიდა. შვაბრინი მიიმალა. მე მღვდლისას დავბრუნდი. ყველაფერი მზად იყო გასამგზავრებლად. დახანება აღარ მეწადა. მთელი ჩვენი ქონება კომენდანტის ძველ ოთხთვალაში ჩაელაგებინათ. მეეტლეებმა წამში შეაბეს ცხენები. მარია ივანოვნა ეკლესიის უკან დაკრძალული დედ-მამის საფლავებთან გამოსამშვიდობებლად გაემართა. გაყოლა დავაპირე, მაგრამ მთხოვა, მარტო წავალო, რამდენიმე წუთში დაბრუნდა, მდუმარედ იღვრებოდა ცრემლად. მოაყენეს ოთხთვალა. მამა გერასიმი და მისი ცოლი პარმაღზე გამოვიდნენ. გადახურულ ოთხთვალაში სამნი ჩავსხედით მარია ივანოვნა, პალაშა და მე. საველიჩი კოფოზე აძვრა.
- მშვიდობით, მარია ივანოვნა, გენაცვალე! კარგად იყავით, პიოტრ ანდრეიჩ! ჩვენო ვაჟკაცო! - ამბობდა კეთილი აკულინა პამფილოვნა. - გზა მშვიდობისა, ღმერთმა ორივეს ბედნიერება ნუ მოგიშალოთ!
წავედით. კომენდანტის სახლის ფანჯარასთან მდგომ შვაბრინს ვკიდე თვალი. სახეზე უსასოო ბოღმა აღბეჭდოდა. არ მინდოდა, განადგურებულ მტერზე გული მომეოხებინა და სხვა მხარეს გავიხედე. ბოლოს კარიბჭიდან გავედით და სამუდამოდ გავეცალეთ ბელოგორის ციხესიმაგრეს.

მეცამეტე თავი

დაპატიმრება

- ნუ მირისხდებით: მოვალეობას ჩემსას ვერ გადვალ,
დაგაპატიმროთ უნდა, ჩემო ბატონო, ახლავ...
- კეთილი, მზად ვარ, მაგრამ გულში იმედი მრჩება,
რომ მომცემთ მანამ განმარტების და ახსნის ნებას.
კნიაჟნინი

ძვირფას ქალიშვილს, რომელზეც ჯერ კიდევ დილით აგრერიგად ვიმდუღრებოდი, ასე ანაზდეულად შევეყარე და, ბურანში ვარ-მეთქი, მეგონა. ყოველივე, რაც თავს გადამხდა, უსაზმნო სიზმრად მესახებოდა. მარია ივანოვნა ხან მე მიყურებდა დაფიქრებული, ხან გზას გასცქეროდა და თითქოს ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო და ვერ გამობრუნებულიყო. ვდუმდით. გული ერთობ დაოსებული გვქონდა. ორ საათში ისე აღმოვჩნდით პუგაჩოვისავე მორჩილ მახლობელ ციხესიმაგრეში, ვერც გავიგეთ. აქ ცხენები შევიცვალეთ. ცხენების ფაცხაფუცხით შებმასა და ციხესიმაგრეში პუგაჩოვის მიერ კომენდანტად დასმული დიდწვერა კაზაკის თავაზიან ფაციფუცზე შევატყვე, რომ ჩვენი მეეტლის გრძელი ენის შემწეობით მე მედროვეს ახალ კარისკაცად მიმიჩნიეს.
გავუყევით გზას. შებინდდა. მივადექით ქალაქს. როგორც დიდწვერა კომენდანტმა თქვა, აქ უნდა მდგარიყო თვითმარქვიასთან შესაერთებლად მიმავალი ძლიერი რაზმი. გაგვაჩერეს გუშაგებმა. როცა იკითხეს, ვინ მოდისო, მეეტლემ რიხიანად უპასუხა:
- ხელმწიფის ნათლიმამა დიასახლისითურთ!
ეს იყო და ჰუსართა ჯგრომ დედ-მამის სულის გინებით მოგვიქცია ალყაში.
- გადმო, შენ ეშმაკის ნათლიმამა! – მითხრა ულვაშა ვახმისტრმა. კაი ტაბლა-კვერებს მოგართმევთ ახლა შენცა და შენს დიასახლისსაც.
გადმოვედი კიბიტიდან და ვთხოვდი, თქვენს უფროსთან მიმიყვანეთ-მეთქი. სალდათებმა რომ დალანდეს, ოფიცერი ვიყავი, გინებას თავი გაანებეს. ვახმისტრმა მაიორთან წამიყვანა. საველიჩი კუდში მომდევდა და თავისთვის ამბობდა:
- აი, შენი ხელმწიფის ნათლიმამობა! აქაც ცეცხლში, იქაც ღველფშიო... ღმერთო, მაღალო, რა მოგველის!
კიბიტი ნელ-ნელა მოგვყვა უკან.
ხუთი წუთი და გაჩირაღდნებულ პატარა სახლს მივადექით. ვახმისტრმა გუშაგი დამიყენა და უფროსთან გაემართა, რათა ჩემი ამბავი ეუწყებინა. იგი მაშინვე მობრუნდა, მაცნობა, მის მაღალკეთილშობილებას საშენოდ არ სცალია, მიბრძანა, ეგ კაცი ციხეში ჩასვი, მისი დიასახლისი კი აქ მოიყვანეო.
- რას ნიშნავს ეს? - ვიყვირე გაცეცხლებულმა. - ხომ არ შეირყა?
- ვერ გეტყვით, თქვენო კეთილშობილებავ, - მიპასუხა ვახმისტრმა. - მხოლოდ მისმა მაღალკეთილშობილებამ მიბრძანა, თქვენი კეთილშობილება ციხეში ჩავსვა, ხოლო მისი კეთილშობილება დიასახლისი მის მაღალკეთილშობილებას მივუყვანო, თქვენო კეთილშობილებავ!
პარმაღზე ვდურთე თავი. გუშაგებს ჩემი გაჩერება აზრადაც არ მოსვლიათ და პირდაპირ ოთახში შევვარდი, სადაც ექვსი ჰუსარი ოფიცერი ბანკს ჩასჯდომოდა. მაიორი კარტს არიგებდა. შევხედე და სახტად დავრჩი. ეს ის ივან ივანოვიჩ ზურინი იყო, სიმბირსკის ტრაქტირში რომ ოდესღაც გამფცქვნა!
- შენა? - წამოვიძახე მე. - ივან ივანიჩ! შენა ხარ, განა?
- ოჰო, ჰო, პიოტრ ანდრეიჩ! რა ქარმა გადმოგაგდო? საიდან გაჩნდი? გამარჯობა, ძმავ. კარტს ხომ არ ჩამოხვალ?
- მადლობელი ვარ. ჩემთვის უფრო უპრიანია ბრძანება გასცე, რომ ბინა მომცენ.
- რა ბინა, რის ბინა, ჩემთან დარჩი.
- არ შემიძლია, მარტო არა ვარ.
- არა ხარ და შენი ამხანაგიც მოიყვანე.
- ამხანაგი კი არა... ქალი მახლავს.
- ქალიო! მერედა სად შეეყარე? ეჰე, ძამიავ! (ამის თქმაზე ისე მეტყველად დაუსტვინა, ყველას ხარხარი აუტყდა, მე კი გავშრი). კარგი, - განაგრძო ზურინმა. - ეგრე იყოს, ბინას მოგცემ. ისე, გული კი მწყდება... ძველებურად მოვილხენდით... ჰეი! ბიჭო! რად არ შემოჰყავთ ერთი ის პუგაჩოვის ნათლიდედა? ხომ არ ოჩნობს? უთხარი, ნუ გეშინია-თქო, ბატონი მშვენიერი კაცია-თქო. ბუზს არ აგიფრენს-თქო და კინწისკვრით გამოიგდე წინ.
- რაო, რაო? - ვუთხარი ზურინს. - რას ჰქვია პუგაჩოვის ნათლიდედა. განსვენებული კაპიტან მირონოვის ქალიშვილია. ტყვეობიდან წამოვიყვანე და ახლა მამაჩემის სოფლამდე მივყვები, სადაც დავტოვებ კიდეც.
- როგორ! ამ წუთში აბა შენზე მეუბნებოდნენ? უკაცრავად, რას ნიშნავს ეს?
- მერმე ყოველივეს მოგიყვები, ახლა კი, თუ კაცი ხარ, დაამშვიდე იმ შენი ჰუსარებისგან დაფეთებული ბეჩავი ქალიშვილი.
ზურინი მაშინვე დატრიალდა. თვითონ გამოვიდა გარეთ, რათა უნებური გაუგებრობის გამო მარია ივანოვნასთვის მოებოდიშებინა და ვახმისტრს უბრძანა, ქალაქის ყველაზე უკეთეს ბინაში წაეყვანა. მე კი ღამის გასათევად მასთან დავრჩი.
ვივახშმეთ და, როცა ყველა წავიდა, ზურინს ჩემი ამბავ-ხაბარი მოვუყევი. ერთობ გულისყურით მისმენდა. ლაპარაკს რომ მოვრჩი, თავი გააკანტურა და მითხრა:
- ყველაფერი, ყველაფერი და ერთ რამეს ვერ მოგიწონებ, ძამიავ, რა ჯანდაბად აიტეხე ქალის შერთვა? მე, პატიოსანი ოფიცერი, შენს გაცუცურაკებას არ მოვიგუნებებ. დამიჯერე რაღა, ქალის თხოვა სიგიჟეა. აბა, სად შენ და სად ცოლისთის ფუთფუთი და ბალღების გადიაობა. ეეჰ, მიაფურთხე. გამიგონე: ჩამოეხსენი კაპიტნის ქალიშვილს. სიმბირსკში მიმავალი გზა მე გავასუფთავე და სახიფათო არაა. ხვალვე მარტო გაგზავნე შენს მშობლებთან. შენ კი რაზმში დარჩი. ორენბურგს რაღა გინდა. კვლავ მოგიხელთებენ მეამბოხენი და, არა მგონია, კიდევ დაუძვრე მათ. ასე და ამგვარად სიყვარულის სიგიჟე გაგექარვება და ყველაფერი მოკეთილდება.
ზურინის აზრს არცთუ ვიზიარებდი, ისე კი ვგრძნობდი, რომ კაცური კაცობა დედოფლის არმიაში ყოფნას მავალდებულებდა. გადავწყვიტე, ზურინისთვის გამეგონა: მარია ივანოვნა სოფლად გამესტუმრებინა, ხოლო მე მის რაზმში დავრჩენილიყავი.
საველიჩი ჩემს გასახდელად გამოცხადდა. ვუთხარი, ხვალისთვის მოემზადე, რომ მარია ივანოვნასთან ერთად გაემგზავრო-მეთქი. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა:
- როგორ გეკადრება, ბატონო? მე შენ როგორ დაგტოვებ: ვინ მოგხედავს? რას მეტყვის შენი დედ-მამა?
ვიცოდი, რა გაქირიც ბრძანდებოდა ჩემი გამზრდელი და განვიზრახე, დაყვავებით და გულწრფელობით დამეყოლიებინა. ვუთხარი:
- ჩემო მეგობარო, არხიპ საველიჩ! უარზე ნუ დადგები, მიქენი მადლი. მსახური აქ არ დამჭირდება, გული კი საგულეს არ მექნება, მარია ივანოვნა უშენოდ რომ წავიდეს. მისი მომსახურება იგივე ჩემი მომსახურებაა, რადგან მტკიცედ ჩავიდე გულში, უმალ შევირთო, რა წამს ამის საშუალება გამომიჩნდება.
სახტად დარჩენილმა საველიჩმა ხელი ხელს შემოჰკრა.
- შევირთოო! - გაიმეორა მან. - ბალღს უნდა შეირთოს! მერედა რას გეტყვის მამაშენი, მერედა რას იფიქრებს დედაშენი.
- დასტურს მომცემენ, ნამდვილად დასტურს მომცემენ, მარია ივანოვნას რომ გაიცნობენ. მე შენც მეიმედები. დედას და მამას შენი სჯერათ: და შენ ჩვენი შუაკაცი იქნები, ხომ?
მოხუცს გული აუჩუყდა.
- აჰ, ჩემო პიოტრ ანდრეიჩ! - მიპასუხა მან. - ნაადრევად კი მოიგუნებე ქალის შერთვა. სამაგიეროდ, მარია ივანოვნა ისეთი სათნო ქალიშვილია, ცოდვაც კია ამ მოულოდნელი შესაძლებლობით არ ისარგებლო. კეთილი, როგორც შენს გულს უნდა, ისე იყოს! გავყვები მას, ციურ ანგელოზს. და თავმოდრეკით ვაუწყებ შენს მშობლებს, რომ ეგეთ საპატარძლოს მზითვიც არ სჭირდება.
საველიჩს მადლობა მოვახსენე და ზურინის ოთახში დავწექი. აღტყინებული და აფორიაქებული, ენად გავიკრიფე. ზურინი ჯერ ხალისით მელაპარაკებოდა, მაგრამ თანდათანობით კანტიკუნტად მეპასუხებოდა და სიტყვებს აზრს აღარ ატანდა. ბოლოს ჩემს რომელიღაც კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად ახვრინდა და ამოისტვინა. მეც ხმა დავიდუმე და მალე მის კვალს მივყევი.
დილით მარია ივანოვნას ვეწვიე და ჩემი ზრახვანი გავანდე. მას ეს ზრახვები საზრიანი ეჩვენა და მაშინვე კვერი დამიკრა, ზურინის რაზმს იმ დღესვე უნდა დაეტოვებინა ქალაქი. ამიტომ დახანება არ ეგებოდა. მარია ივანოვნას ჩემს მშობლებთან მისატანი წერილი მივეცი, მისი თავი საველიჩს მივანდე და გამოვემშვიდობე. ქალშვილი ატირდა.
- მშვიდობით, პიოტრ ანდრეიჩ! - მითხრა წყნარად. - კიდევ მოგვიწევს თუ არა ერთმანეთთან შეხვედრა, ღვთის გარდა არავის უწყის. მაგრამ თქვენ მარად მემახსოვრებით. სამარის კარამდე შენ ერთი შემორჩები ჩემს გულს.
პასუხის მიცემა არ შემეძლო. ხალხი შემოგვერტყა და არ მინდოდა, მათ წინაშე ავყოლოდი ჩემს სულის შემძვრელ გრძნობებს. ბოლოს მარია ივანოვნა გზას გაუდგა. დასევდიანებული და კრიჭაშეკრული დავბრუნდი ზურინთან. ზურინს სურდა გავემხიარულებინე, მეც ვფიქრობდი, გული გადამეყოლებინა: ის დღე სულ ღრეობით გავლიეთ და საღამოს გავედით სალაშქროდ.
ეს ამბავი თებერვლის მიწურულს მოხდა. ზამთარი, შემფერხებელი ჩვენთა სამხედრო ღონისძიებათა, ილეოდა და გენერლები ემზადებოდნენ, რომ შეთანხმებულად ემოქმედათ. პუგაჩოვი ორენბურგის მიდამოებიდან ფეხს არ იცვლიდა. ამასობაში მის ირგვლივ რაზმები ერთდებოდნენ და ოთხივ კუთხით უახლოვდებოდნენ ბოროტმოქმედთა ბუდეს. ამბოხებული სოფლები ჩვენი ჯარების დალანდვაზე გვემორჩილებოდნენ. ყაჩაღთა დუნდგოები სადაც უნდა ყოფილიყვნენ, ყველგან გვეცლებოდნენ და ყოველივეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ჩქარა და მშვიდობიანად უნდა დამთავრებულიყო.
მალე თავადმა გოლიცინმა ტატიშჩევის ციხესიმაგრესთან პუგაჩოვს ზურგზე ბოლი ადინა, მისი ბრბოები მირეკ-მორეკა, ორენბურგი გაათავისუფლა და ამბოხებას თითქოს უკანასკნელი და გადამწყვეტი დარტყმა აგემა. ზურინი იმ დროს ბაშკირთა წინააღმდეგ საბრძოლველად იყო გაგზანილი, ხოლო ბაშკირებმა მანამ ამოიძუეს კუდი, ვიდრე ჩვენ მათ თვალს დავკრავდით. გაზაფხულმა პატარა თათრულ სოფელში ჩაგვკეტა. მდინარეები ნაპრებიდან გადმოვიდნენ და გზებზე ბიჯი არ წაიდგმებოდა, საქმეშემოლეულნი გულს იმ აზრით ვიკეთებდით, რომ ყაჩაღებთან და ველურებთან გამართული ეს მოსაწყენი და უმნიშვნელო ომი მალე შეწყდებოდა.
პუგაჩოვი კი ვერ დაიჭირეს. იგი ციმბირის ქარხნებში გაჩნდა, იქ ახალი ბრბოები შეკრიბა და კვლავ მიჰყო ხელი ავკაცობას. კვლავ გავრცელდა ხმა, წარმატებებს იხვეჭსო. შევიტყვეთ, რომ გაანადგურა ციმბირის ციხე-სიმაგრეები, მალე თვითმარქვიას მიერ ყაზანის აღებისა და მოსკოვზე გამოლაშქრების ცნობამ ააფორიაქა ჯარების უფროსნი, რომლებიც იმედოვნებდნენ, საზიზღარ მეამბოხეს ძალა არა აქვსო, და გულდაარხეინებულნი ყურს არ იბერტყავდნენ. ზურინმა ბრძანება მიიღო, ვოლგაზე გადასულიყო.
აღარ ავწერ ჩვენს ლაშქრობას და ომის დამთავრებას. მოკლედ ვიტყვი, რომ საშინელი უბედურება დატრიალდა. აღარსად მმართველობის ნასახი აღარ იყო. მემამულეები ტყეებს აფარებდნენ თავს. ყაჩაღთა ბრბოები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ავკაცობნენ. ცალკეული რაზმების მეთაურები თვითნებურად ადებდნენ სასჯელს და ივრდომებდნენ ადამიანებს. ხანძარაბირბირებულ მთელ ვრცელ მხარეში შემზარავი ვითარება შეიქმნა... ღმერთმა ნუ შეგასწროთ რუსთა ამბოხს, უსაზმნოსა და ულმობელს!
პუგაჩოვი გარბოდა ივან ივანოვიჩ მიხელსონის მიერ ოტებული. მალე შევიტყვეთ, რომ იგი ხერხემალში გადატეხეს. ბოლოს ზურინმა ცნობა მიიღო, თვითმარქვია შეიპყრესო, თან ბრძანებაც - შეჩერდიო. ომი დასრულდა. ბოლოს და ბოლოს შემეძლო მშობლებთან გავმგზავრებულიყავი! აღტაცებით მავსებდა ის აზრი, რომ ჩავეკონებოდი მათ, ვიხილავდი მარია ივანოვნას, რომლის შესახებ ბაიბური არ მესმოდა. ბალღივით ვხტოდი. ზურინი იცინოდა, მხრებს იჩეჩდა და მეუბნებოდა:
- არა, შენ ხეირი არ დაგეყრება! ქალს შეირთავ და ამაოდ წახდები!
ამასთანავე უცნაური გრძნობა მიშხამავდა სიხარულს: ვფიქრობდი ამდენი უდანაშაულო მსხვერპლის სისხლით მოსვრილ ბოროტმოქმედზე, მის მოსალოდნელ დასჯაზე და ძალაუნებურად გული მიშფოთავდა: “ემელია, ემელია! - გულჯავრიანად ვამბობდი გულში. - რატომ არ წამოეგე ხიშტს ან ფინდიხს რად არ შეეყარე? უკეთესს ვერას მოისაზრებდი”. სხვა გზა რა იყო? როცა პუგაჩოვზე ვფიქრობდი, არ მშორდებოდა ის აზრი, რომ მან თავისი ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ წუთს დამინდო, რომ ჩემი საცოლე საზიზღარი შვაბრინისაგან გაათავისუფლა.
ზურინმა შვებულებაში გამიშვა. რამდენიმე დღე და კვლავ ჩემს ოჯახში უნდა შემედგა ფეხი, კვლავ მენახა ჩემი მარია ივანოვნა... ანაზდად, ბაიბურში რომ არ ვიყავი, უბედურება დამატყდა.
გასამგზავრებლად დანიშნულ დღეს, ზუსტად იმ წუთს, როცა წასასვლელად ვემზადებოდი, ჩემსას, ქოხში ზურინმა შემოაბიჯა, ქაღალდი ეჭირა, უჩვეულოდ შეურვებული ჩანდა. გულმა რეჩხი მიყო. თვითონ არ ვიცი, რისგან, ელდა მეცა. ზურინმა დენშჩიკი გარეთ გაუშვა და მითხრა, შენთან საქმე მაქვსო.
- რა იყო? - ვკითხე მშფოთვარედ.
მან ქაღალდი მომაწოდა და მიპასუხა:
- პატარა უსიამოვნება მოხდა, წაიკითხე, რა მივიღე ახლახან.
შევუდექი კითხვას: ეს იყო საიდუმლო ბრძანება. ყველა ცალკეულ უფროსს უნდა დავეპატიმრებინე, სადაც უნდა გადამწყდომოდნენ და მაშინვე ბადრაგით გავეგზავნე ყაზანში, პუგაჩოვის საქმეზე დანიშნულ საგამომძიებლო კომისიაში.
ქაღალდი ლამის ხელიდან გამივარდა.
- საშველი არაა! - მითხრა ზურინმა. - ჩემი ვალია, ბრძანება ყურად ვიღო. ალბათ პუგაჩოვთან შენს მეგობრულ მოგზაურობათა ამბავი რაღაცნაირად მთავრობას მისწვდა. ვიმედოვნებ, საქმე ვაგლახად არ დასრულდება და კომისიის წინაშე პირნათელი გამოხვალ, გულს ნუ გაიტეხ და წადი.
სინდისი შეურყვნელი მქონდა, სასამართლოსი არ მეშინოდა, მაგრამ ის აზრი, რომ საამო შეხვედრის წუთები გადაიწევდა, თანაც შესაძლოა კიდევ რამდენიმე თვით, ძრწოლას მგვრიდა. ოთხთვალა მზად იყო. ზურინი ძმაკაცურად გამომემშვიდობა. ჩამსვეს ოთხთვალაში, შიგ ორი ხმალგაშიშვლებული ჰუსარი ჩამიჯდა და შარაგზას გავუყევი.

მეთოთხმეტე თავი

სასამართლო

სიტყვას ასი ტყვია ესროლეს და
ვერც ერთი ვერ მოარტყესო.
ანდაზა

ორენბურგი რომ უკითხავად დავტოვე, ჩემი რწმენით, ყოველი ვაი-ვაგლახის თავი და ბოლო ეგ იყო. ადვილად შემეძლო უცოდველობა დამემტკიცებინა: თარეში არასდროს ყოფილა აკრძალული, პირიქით, მას ყოველნაირად უწყობდნენ ხელს. მე ზედმეტი გაცხარებისთვის თუ გამამტყუნებდნენ და არა ურჩობისათვის. სამაგიეროდ, პუგაჩოვთან ჩემი მეგობრული დამოკიდებულება შეიძლებოდა უამრავ მოწმეს დაედასტურებინა და ამას მაინც მიიჩნევდნენ ერთობ საეჭვოდ. მთელი გზა მოსალოდნელ დაკითხვებს ვუტრიალებდი, ვისაზრებდი პასუხს და გადავწყვიტე, სასამართლოსთვის სრული ჭეშმარიტება განმეცხადებინა, ვფიქრობდი, ეს გამართლების ყველაზე უბრალო და იმავ დროს ყველაზე საიმედო ხერხია-მეთქი.
მივატანე გატიალებულ და გადაბუგულ ყაზანს. ქუჩებში სახლების ადგილას ნახშირის გროვები ეყარა და უსახურავო, უფანჯრო გაჭვარტლული კედლები აჩხორილიყვნენ! ასეთი კვალი დატოვა პუგაჩოვმა! მიმიყვანეს დამწვარი ქალაქის შუაგულში გადარჩენილ ციხესიმაგრეში. ჰუსარებმა გუშაგ ოფიცერს ჩამაბარეს. მან ბრძანა, მჭედელს უხმეთო. ფეხებში ბორკილები გამიყარეს და ღონივრად დამჭედეს. შემდეგ საპატიმროში მიკრეს თავი და ერთ მოცუცქნულ, ბნელ, კედლებშიშველ და რკინის გისოსით სარკმელგადაღობილ საკანში ჩამტოვეს.
ამგვარი პირველი ნაბიჯები სასიკეთოს არაფერს მოასწავებდა, მაგრამ მაინც არც სიმხნევეს ვკარგავდი, არც იმედს, მოვიხმე ყოველთა მწუხარეთა ნუგეში, პირველად განვიცადე სიტკბო უზაკველი, მაგრამ გაწამებული გულიდან აღმომავალი ლოცვისა, და უშფოთველად დავიძინე, იმაზე აღარ შემიწუხებია თავი, რა დამემართებოდა.
მეორე დღეს საპატიმროს დარაჯმა გამაღვიძა და მაუწყა, კომისიაში გეძახიანო. ორმა სალდათმა კომენდანტის სახლისკენ წამიყვანა. მათ ეზო გადამატარეს, წინოთახში შეჩერდნენ და შიგნითა ოთახებში მარტო გამიშვეს.
შევედი საკმაოდ ფართო დარბაზში. ქაღალდებით ავსებულ მაგიდას უჯდა ორი კაცი: ხანში შესული გენერალი, გულღრძო შესახედაობისა, და ახალგაზრდა გვარდიის კაპიტანი, ოცდარვა წლისა, მეტად სასიამოვნო გარეგნობისა, ურთიერთობაში მკვირცხლი და ძალდაუტანებელი. ფანჯარასთან ცალკე მდგომ მაგიდას მდივანი მისჯდომოდა. ბატისფრთა ყურში გაეჩარა, ქაღალდზე დახრილიყო და მზად იყო ჩემი ჩვენება ჩაეწერა. დაიწყო დაკითხვა. მკითხეს სახელი და წოდება. გენერალმა მკითხა, ანდრეი პეტროვიჩ გრინიოვის შვილი ხომ არა ხარო? რომ ვუპასუხე, მკაცრად შემომესიტყვა:
- დასანანია, რომ ესოდენ ღირსეულ ადამიანს ესოდენ უღირსი შვილი ჰყავს!
მშვიდად მივუგე, რა ბრალდებაც უნდა მამძიმებდეს, ვიმედოვნებ, იგი ჭეშმარიტების ალალ-მართალი გადმოცემით გავაბათილო-მეთქი. ჩემი გულდაჯერებულობა გენერალს არ ეჭაშნიკა.
- შენ, ძმაო, საზრიანი კაცი ხარ, - მითხრა შეჭმუხვნილმა. - მაგრამ ხალხი გვინახავს და მერე როგორი!
ახლა ახალგაზრდამ მკითხა: რა შემთხვევის წყალობით და რა დროს დაიწყე პუგაჩოვთან სამსახური და რა დავალებებისთვის გამოგიყენაო?
გულისწყრომით მივუგე, როგორც ოფიცერს და აზნაურს, პუგაჩოვთან არავითარი სამსახურის დაწყება და მისგან არავითარი დავალების მიღება არ შემეძლო-მეთქი.
- მაშ, - შემესიტყვა ჩემი გამომძიებელი, - რატომ ერთადერთი აზნაური და ოფიცერი დაინდო თვითმარქვიამ იმ დროს, როცა მისი ყველა ამხანაგი ავაზაკურად მოკლეს? სწორედ ეს ოფიცერი და აზნაური რანაირად ქეიფობს ძმაკაცურად მეამბოხეებთან, მთავარი ბოროტმოქმედისაგან საჩუქრად ღებულობს ქურქს, ცხენსა და ათ შაურს? საიდან ჩაისახა ასეთი, უცნაური მეგობრობა და რაზეა იგი დაფუძნებული თუ ღალატზე ან, ყოველ შემთხვევაში, ბილწ და დანაშაულებრივ სულმდაბლობაზე არა?
გვარდიის ოფიცრის სიტყვებმა სულით ხორცამდე შეურაცხმყვეს და გულმხურვალედ დავიწყე თავის მართლება. მოვუყევი, როგორ გავიცანი პუგაჩოვი ტრამალში ქარბუქის დროს, როგორ მიცნო ბელოგორის ციხესიმაგრის აღებისას და როგორ დამინდო. ვუთხარი, მართალია, არ დავირცხვინე და თვითმარქვიას ტყაპუჭი და ცხენი გამოვართვი, მაგრამ ბელოგორის ციხესიმაგრეს ბოლომდე ვიცავდი ბოროტმოქმედისაგან-მეთქი. დასასრულ ჩემი გენერალიც დავიმოწმე, რომელსაც შეეძლო დაემტკიცებინა, თუ რა გულმოდგინებას ვიჩენდი ორენბურგის ბედუკუღმართი ალყის დროს.
გულღრძო მოხუცი მაგიდაზე გაშლილ წერილს დასწვდა და ხმამაღლა დაიწყო კითხვა:

“თქვენი აღმატებულების შეკითხვაზე, რომელიც ეხება პრაპორშჩიკ გრინიოვს, თითქოსდა გარეულს ახლანდელ მღელვარებაში და ბოროტმოქმედთან დაკავშირებულს სამსახურით აკრძალული და ფიცით ნაკისრი ვალდებულების საწინააღმდეგო ურთიერთობით, გვაქვს პატივი მოგახსენოთ: ხსენებული პრაპორშჩიკი გრინიოვი ორენბურგს სამსახურში იმყოფებოდა შარშანდელი 1773 წლის ოქტომბრის დამდეგიდან ამა წლის 24 თებერვლამდე, რომელი რიცხვიდან ქალაქი დატოვა და იმ დროიდან მოკიდებული ჩემს რაზმში აღარ გამოჩენილა. ლტოლვილთაგან გვესმა, რომ იგი პუგაჩოვს ეწვია დაბაში და მასთან ერთად გაემგზავრა ბელოგორის ციხესიმაგრეში, სადაც წინათ იმყოფებოდა სამსახურში. მის ქცევასთან დაკავშირებით კი შემიძლია...”

მოხუცმა კითხვას თავი მიანება და კუშტად მითხრა:
- აბა, რით იმართლებ ახლა თავს?
ერთი პირობა მინდოდა ისევე განმეგრძო ლაპარაკი, როგორც დავიწყე და მარია ივანოვნასთან ჩემი კავშირი ისევ ალალ-მართლად განმემარტა, როგორც სხვა დანარჩენი განვმარტე, მაგრამ უცებ დაუოკებელი ზიზღი ვიგრძენი. თავში გამკრა, თუ მარია ივანოვნას სახელს ვახსენებ, კომისია მასაც პასუხს აგებინებს-მეთქი. აზრად მომივიდა, რომ მარია ივანოვნას სახელი ბოროტმოქმედთა საძაგელ დაბეზღებებში გაიხლართებოდა და თვით მას პირში წასაყენებლად, მოიყვანდნენ. ამ საშინელმა აზრმა ისე გამაოგნა, ენა დამება, ავირიე.
მსაჯულნი, რომელნიც ჩემს პასუხს თითქოსდა თანდათან ერთგვარი კეთილგანწყობილებით აპყრობდნენ ყურს, ჩემმა შეცბუნებამ კვლავ საწინააღმდეგოდ განაწყო. გვარდიის ოფიცერმა მოითხოვა, მთავარი დამსმენისთვის დავეპირისპირებინეთ. გენერალმა ბრძანა, გ უ შ ი ნ დ ე ლ ბ ო რ ო ტ მ ო ქ მ ე დ ს უხმეთო. ფიცხლად მივბრუნდი კარისკენ ჩემი ბრალმდებლის მომლოდინე. გავიდა რამდენიმე წუთი, დაიჩხარუნეს ბორკილებმა, გაიღო კარი და შემოაბიჯა შვაბრინმა. გავცეტდი, ისე შეცვლილიყო. ხორცი სულ დაეყარა, მკვდრის ფერი ედო. ცოტა ხნის წინათ კუპრივით შავი თმა ერთიანად გათეთრებოდა, გრძელი წვერი გაწეწვოდა. თავისი ბრალდებანი მიკნავლებული ხმით, მაგრამ თამამად გაიმეორა. ჩემზე თქვა - პუგაჩოვმა ორენბურგში ჯაშუშად წარგზავნა, ყოველდღე გამოდიოდა სასროლად, რათა წერილობით ეცნობებინა მისთვის ქალაქის ამბებიო, ბოლოს აშკარად მიემხრო თვითმარქვიას, მასთან ერთად ციხესიმაგრიდან ციხესიმაგრეში დადიოდა და ცდილობდა, ყოველი გზით გაეუბედურებინა თავისი მოღალატე-ამხანაგები, რათა მათი ადგილი დაეკავებინა და თვითმარქვიას საჩუქრებით ესარგებლაო. მე პირში წყალჩაგუბებულმა მოვუსმინე და გული საგულეს მქონდა ერთი რამის გამო: ბილწ ბოროტმოქმედს მარია ივანოვნას სახელი არ წარმოუთქვამს, იქნებ იმიტომ, რომ თავმოყვარეობა ებღალებოდა იმ არსების გახსენებაზე, ვინც ზიზღით აქცია ზურგი, ან იქნებ მის გულშიც იმავე გრძნობის ნაპერწკალი იმალებოდა, რომელმაც მეც მაიძულა ენაზე კბილი დამეჭირა? ასე იყო თუ ისე, ბელოგორის ციხესიმაგრის კომენდანტის ქალიშვილის სახელი არავის უხსენებია. მე უფრო მტკიცედ დავდექი ჩემს განზრახვაზე და, როცა მსაჯულებმა მკითხეს, რით შეგიძლია შვაბრინის ჩვენებანი უარყოო, მივუგე: ჩემს პირველ ახსნა-განმარტებას არ ვცვლი და თავის გასამართლებლად სხვას ვერაფერს ვერ მოგახსენებთ-მეთქი. გენერალმა ბრძანა, ორივე გავეყვანეთ. ერთად გამოვედით. შვაბრინს მშვიდად შევხედე, მაგრამ მისთვის არა მითქვამს რა. შვაბრინმა ღვარძლიანად ჩაიცინა, თავისი ჯაჭვები ასწია, დაწინაურდა და ჩქარა წავიდა. მე კვლავ საპატიმროში წამიყვანეს და ამას იქით დაკითხვაზე აღარ მიბარებდნენ.
იმ ამბებს არ შევსწრებივარ, რაიც მკითხველს აწ უნდა ვაუწყო. მაგრამ ისე ხშირად მსმენია ყოველი, უმცირესი წვრილმანებიც კი ჩამებეჭდა მეხსიერებაში და მეჩვენება, თითქოს უჩინარი მოწმე გახლდით მათი.
ჩემი დედ-მამა მარია ივანოვნას ძველი საუკუნის ადამიანთა ნიშნეული წრფელი გულითადობით შეხვდა. ბეჩავი ობლის შეკედლებისა და დაყვავების შემთხვევა რომ მიეცათ, ამას ღვთის სიკეთეს აწერდნენ. მარია ივანოვნას მალე ალალმართლად შეეთვისნენ, ვინაიდან არ შეიძლებოდა იგი გაგეცნოთ და არ შეგყვარებოდათ. ჩემი სიყვარული მამას ფუჭ ახირებულობად არ ეჩვენებოდა, დედა კი სულ იმის ნატვრაში იყო, ნეტამც პეტრუშამ კაპიტნის სანდომიანი ქალიშვილი შეირთოსო.
ჩემი დაპატიმრების გამო მელი ოჯახი სახტად დარჩა. მარია ივანოვნა ისე უბრალოდ მოუყვა მათ, რა უცნაური ნაცნობობა მქონდა პუგაჩოვთან, ეგ ნაცნობობა ჩემიანებს აჯავრიანებდა კი არადა, პირიქით, ხშირად აცინებდა გულმართლად. მამას არ უნდოდა, ერწმუნა, რომ შეიძლებოდა გარეული ვყოფილიყავი საზიზღარ ამბოხში, რომლის მიზანი იყო ტახტის დამხობა და აზნაურთა მოდგმის გაცამტვერება. მან მკაცრად დაკითხა საველიჩი, გამდელმა ალალად მიუგო: ბატონი სტუმრობდა ხოლმე ემელკა პუგაჩოვთან და ბოროტმოქმედიც წყალობით ეკიდებოდაო, მაგრამ იფიცებოდა, არავითარი ღალატის ამბავი ჩემს ყურთასმენას არ მოწევიაო. მოხუცები დამშვიდდნენ და ყელში სულმობჯენილნი დაელოდნენ სასიკეთო ცნობებს. მარია ივანოვნას გული საგულეს არ ედგა, მაგრამ კრინტს არ ძრავდა, რადგან უზომო მორიდება და სიფრთხილე ჰქონდა დაყოლილი ბუნებით.
განვლო რამდენიმე კვირამ... უეცრად მამა პეტერბურგიდან ერთი ჩვენი მოკეთის, თავად ბ**-ს წერილს ღებულობს. თავადი ჩემს ამბავს ატყობინებდა. ჩვეულებრივი წინათქმის შემდეგ აუწყებდა: ეჭვები იმასთან დაკავშირებით რომ მე მეამბოხეთა ზრახვებში ვიყავი გაბმული, საუბედუროდ ერთობ მყარი აღმოჩნდა და სანიმუშოდ უნდა დავსჯილიყავი სიკვდილით, მაგრამ დედოფალმა პატივი სცა მამაჩემის ღვაწლს, ხანდაზმულობას და გადაწყვიტა, შეეწყალებინა მისი ბრალეული შვილი, სამარცხვინო დასჯა აარიდა და ციმბირის შორეულ მხარეში სამუდამოდ გადასახლება არგუნა მხოლოდ.
ამ მოულოდნელ დარტყმას კინაღამ გადაჰყვა მამაჩემი. ნიშანდობლივი ურყევობა გაუქრა და თავის დარდ-ვარამს (ჩვეულებისამებრ უტყვს) მწარე სამდურავს აქსოვდა. “როგორ! - იმეორებდა გულზე ცეცხლშემოგზნებული, - ჩემი შვილი პუგაჩოვის ზრახვებში იყო გაბმული! წმინდაო ღმერთო, რა დღე დამიდგა! დედოფალი სიკვდილით დასჯას არიდებს! მერედა ეს მიშველის? განა დასჯაა საშინელი: ჩემი პაპის პაპამ თხემადგილზე დალია სული, რამეთუ იცავდა იმას, რასაც სალოცავად რაცხდა თავისი სინდისით. მამაჩემი ვოლინსკისა და ხრუშჩევთან ერთად ეწამა, მაგრამ აზნაურმა უღალატოს ფიცს, შეუერთდეს ყაჩაღს, მკვლელებს, გაქცეულ ყმებს!.. სირცხვილი და თავსლაფი ჩვენს გვარეულობას!..”
მამის უიმედობით დაფეთიანებული დედა ვერ ბედავდა მასთან ეტირა, ეუბნებოდა, ხმა მცდარია, ხალხის აზრი მერყევიაო, და ცდილობდა, ამით გამოეყოჩაღებინა, მაგრამ მამის გულის გამობრუნებას საშველი არ ადგებოდა.
ყველაზე უფრო მარია ივანოვნა ეწამებოდა. მას სჯეროდა, რომ როცა კი მოვინდომებდი, მაშინვე დავამტკიცებდი უდანაშაულობას, ხვდებოდა, სად იყო ძაღლის თავი დამარხული და ჩემს უბედურებას თავის თავს აბრალებდა. ცრემლსა და ტანჯვას არავის უჩვენებდა და სულ იმაზე ფიქრობდა, რა გზით გადავერჩინე.
ერთხელ, საღამო ხანს მამა ფანჯარასთან დივანზე იჯდა და სასახლის კალენდარს ფურცლავდა, მაგრამ გულისყური გაფანტული ჰქონდა და კითხვა ჩვეულებისამებრ ვერ იტაცებდა. იგი ძველებურ მარშს უსტვენდა. დედა მდუმარედ ქსოვდა შალის სათბურას და ხანდახან ცრემლს აპკურებდა ზედ. მარია ივანოვნაც იქვე უჯდა ხელსაქმეს. უცებ გამოაცხადა, აუცილებლად პეტერბურგს უნდა წავიდე და გთხოვთ, სამგზავროდ ხელი გამიმართოთო. დედას ერთობ ატკინა გული ამ ამბავმა.
- რად უნდა წახვიდე პეტერბურგში? - უთხრა მას. - ნუთუ შენც გინდა ხელი აგვაღო, მარია ივანოვნა?
მარია ივანოვნამ მიუგო, მთელი ჩემი მომავლის ბედს ეს მოგზაურობა გადაწყვეტსო. მივდივარ, რათა მფარველობა და დახმარება ვეძიო გავლენიან ხალხთან, როგორც ერთგულებისთვის წამებული ადამიანის ქალიშვილმაო.
მამაჩემმა თავი ჩაქინდრა: ყოველი სიტყვა, რომელიც კი შვილის არარსებულ დანაშაულს ახსენებდა, გულზე ლოდად აწვებოდა და გესლიან საყვედურად ეჩვენებოდა.
- წადი, გენაცვალე! - უთხრა მარია ივანოვნას და ამოიხვნეშა. - ჩვენ არ გვინდა, შენს ბედნიერებას გადავეღობოთ. ღმერთმა ჰქნას, საქმროდ რიგიანი კაცი შეგახვედროს და არა სახელგატეხილი მოღალატე, - თქვა ესა და ოთახიდან გავიდა.
დედაჩემთან მარტო დარჩენილმა მარია ივანოვნამ მას ნაწილობრივ აუხსნა, რას აპირებდა. დედა თვალცრემლიანი მოეხვია და ღმერთს შეავედრა ქალიშვილის ჩანაფიქრი. მარია ივანოვნა გაამზადეს და იგი რამდენიმე დღეში გაემგზავრა ერთგულ პალაშასა და ერთგულ საველიჩთან ერთად. საველიჩი, ჩემთან ძალისძალად განშორებული, ახლა გულს იმით მაინც იკეთებდა, რომ ჩემს საცოლეს ემსახურებოდა.
მარია უხიფათოდ ჩავიდა სოფიას და საფოსტო სადგურში რომ გაიგო, მეფის კარი ახლა ცარსკოე სელოშიაო, გადაწყვიტა, აქვე გაჩერებულიყო. მას ტიხარს იქით გამოუყვეს კუთხე, სადგურის ზედამხედველის ცოლმა მაშინვე გაუბა საუბარი, აუწყა, სასახლის ცეცხლისფარეშის ძმისშვილი ვარო, და მას სასახლის ცხოვრების მთელი საიდუმლოებანი გადმოულაგა. მოუყვა, დედოფალი ჩვეულებისამებრ რომელ საათზე იღვიძებდა, როდის მიირთმევდა ყავას, როდის სეირნობდა, ამ დროს ვინ და ვინ ახლდა დიდებულთაგან. რა ბრძანა გუშინ თავისთან სუფრაზე, ვის ღებულობდა საღამოს, მოკლედ, ანა ვლასიევნას საუბარი ისტორიულ ჩანაწერთა რამდენიმე გვერდს უდრიდა და ფასდაუდებელი რამ იქნებოდა შთამომავლობისათვის. მარია ივანოვნა სმენადქცეული უგდებდა ყურს ანა ვლასიევნას. შემდეგ მათ ბაღში გასწიეს. ანა ვლასიევნამ ქალიშვილს ყოველი ხეივნისა და ყოველი ბოგირის ისტორია მოუყვა. სეირნობით რომ გული იჯერეს, სადგურში დაბრუნდნენ ერთმანეთით მეტად კმაყოფილნი.
მარია ივანოვნამ მეორე დღეს სისხამ დილაზე გაიღვიძა, ჩაიცვა და ჩუმად გასწია ბაღში. საუცხოო დილა იდგა. მზე შემოდგომის ხალასი სუნთქვით გაყვითლებული ცაცხვების კენწეროებს დაჰნათოდა, ლაპლაპებდა გარინდული ვრცელი ტბა. გამოფხიზლებული გედები მედიდურად მოცურავდნენ ნაპირზე გადმოჩრდილული ბუჩქებიდან. მარია ივანოვნა კიდე-კიდე გაჰყვა დიდებულ მდელოს, სადაც ახლახან ძეგლი დაედგათ გრაფ პიოტრ ალექსანდროვიჩ რუმიანცევის ამასწინანდელ გამარჯვებათა აღსანიშნავად. უცებ ყეფას მოჰყვა ინგლისური ჯიშის თეთრი პატარა ძაღლი და მარია ივანოვნასკენ გამოქანდა. მარია ივანოვნა შიშმა აიტანა და შედგა. სწორედ ამ დროს გაისმა ქალის სასიამოვნო ხმა:
- ნუ გეშინიათ, არ გიკბენთ.
მარია ივანოვნამ თვალი ჰკიდა ძეგლის მოპირდაპირე მხარეს მერხზე მჯდომ ბანოვანს. მარია ივანოვნა მერხის მეორე კიდეზე ჩამოჯდა, ბანოვანი დაჟინებით უცქეროდა, მარია ივანოვნამაც თავის მხრივ რამდენჯერმე ქვეშ-ქვეშ გახედა და მოასწრო თავით ფეხამდე შეეთვალიერებინა. ბანოვანს დილის თეთრი კაბა და ქათიბი ემოსა, თავზე საღამური ჩაჩი ეხურა. ორმოცი წლისა იქნებოდა. მისი სავსე, ლოყებწითელი სახე სიზვიადესა და სიმშვიდეს გამოხატავდა, ცისფერ თვალებს და ჰაეროვან ღიმილს კი ენით უთქმელი მშვენიერება მოსავდა. ბანოვანმა პირველმა გაიღო ხმა:
- ალბათ აქაური არა ხართ, არა? - უთხრა მარია ივანოვნას.
- დიახ, ქალბატონო. გუშინ ჩამოვედი პროვინციიდან.
- მშობლებთან ერთად ჩამოხვედით?
- არა, ქალბატონო, მარტო ჩამოვედი.
- მარტო! კი მაგრამ, ჯერ რომ ეგეთი ნორჩი ხართ?
- არც მამა და მყავს და არც დედა.
- რა თქმა უნდა, რაღაც საქმეზე ხართ, ხომ?
- დიახ, ქალბატონო, მინდა დედოფალს თხოვნა მივართვა.
- თქვენ ობოლი ხართ: ალბათ უსამართლობისა და ჩაგვრის გამოისობით ჩამოდით, არა?
- არა, ქალბატონო, მე ჩამოვედი, რათა შეწყალება ვითხოვო და არა მართლმსაჯულება.
- ნება მიბოძეთ გკითხოთ, ვინა ბრძანდებით?
- კაპიტან მირონოვის ქალიშვილი.
- კაპიტან მირონოვისა! აი, იმისი, ორენბურგის ერთ-ერთ ციხესიმაგრეში რომ კომენდანტად იყო?
- დიახ, ქალბატონო.
ბანოვანს, ეტყობა, გული აუჩუყდა.
- უკაცრავად, თუ თქვენს საქმეებში ვერევი, - უთხრა მარია ივანოვნას უფრო თბილად, მე სასახლეში ვარ ხოლმე, ამიხსენით, რა გნებავთ ითხოვოთ და იქნებ გიშველოთ რამე.
მარია ივანოვნა წამოდგა და მოკრძალებით მოახსენა მადლობა. ყოველივე უცნობი ბანოვანისა ძლაუნებურად გულს უნადირებდა და ნდობას უნერგავდა. მარია ივანოვნამ ჯიბიდან დაკეცილი ქაღალდი ამოიღო და უცხო ქომაგს გაუწოდა. ბანოვანმა თავისთვის დაიწყო კითხვა.
პირველად ბანოვანი გულისყურითა და კეთილგანწყობით კითხულობდა ქაღალდს, მაგრამ ანაზდად სახე შეუსხვაფერდა, და მარია ივანოვნას, რომელიც მის ყოველ მოძრაობას თვალებით აკვირდებოდა, გული გადაუქანდა წუთის წინ ესოდენ სასიამოვნო და მშვიდი სახის გამკაცრებაზე.
- თქვენი სათხოვარი გრინიოვს ეხება? - ჰკითხა ბანოვანმა ამრეზილად. - დედოფალი ვერ შეუნდობს. იგი თვითმარქვიას უმეცრებისა და მიამიტობის გამო კი არ მიემხრო, არამედ როგორც შუბლგარეცხილი ავისმქნელი არამზადა.
- ოჰ, ტყუილია! - შეჰკივლა მარია ივანოვნამ, ბანოვანს სახე ერთთავად აელეწა.
- რას ჰქვია, ტყუილია! - შეესიტყვა მარია ივანოვნას.
- სიცრუეა, ღვთის მადლმა, სიცრუეა! - მე მთელი ასავალ-დასავალი ვიცი, მე თქვენ ყოველივეს მოგიყვებით. იგი მარტოდენ ჩემი გულისთვის გაეხვია ხათაბალაში და, თუ სამსჯავროზე თავისი უცოდველობა არ დაამტკიცა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურდა, მე გავები საქმეში. - თქვა ეს მარია ივანოვნამ და მგზნებარედ მოჰყვა ყველაფერს, რაც უკვე იცის მკითხველმა ჩემმა.
ბანოვანმა გულისყურით მოუსმინა.
- სადა ხართ ბინად? - ჰკითხა შემდეგ მარია ივანოვნას. რომ შეიტყო, ანა ვლასიევნასთანო, ნათქვამს ღიმილით დაურთო: - აჰა! ვიცი. მშვიდობით. ჩვენი შეხვედრის ამბავი არავის უთხრათ, ვიმედოვნებ, თქვენს წერილზე მალე მიიღებთ პასუხს.
ეს რომ თქვა ბანოვანმა, წამოდგა და გადმობურულ ხეივანში გაემართა; მარია ივანოვნა კი გულგასახარელი იმედებით აღვსილი დაბრუნდა ანა ვლასიევნასთან.
დიასახლისი მარია ივანოვნას გაუწყრა, შემოდგომით ასე სისხამზე სეირნობა ვის გაუგონიაო, ამას კარგი არაფერი მოაქვს ქალიშვილის ჯანმრთელობისთვისო. შემოიტანა სამოვარი და ფინჯან ჩაიზე აგერ-აგერ სასახლის ამოუწურავი ამბები უნდა წამოეწყო, რომ უცებ პარმაღთან გაჩერდა სასახლის კარეტა, შემოვიდა კამერ-ლაქია და განაცხადა, დედოფალი მირონოვის ასულს იხმობსო.
ანა ვლასიევნა სახტად დარჩა და აფორიაქდა.
- ჰოი, ღმერთო! - იყვირა მან. - დედოფალი გიბარებთ სასახლეში. კი მაგრამ, როგორ გაიგო თქვენს შესახებ? მერედა როგორ გამოეცხადებით, გენაცვა, დედოფალს? არც კი იცით, რანაირად მოიქცეთ სასახლეში... ხომ არ გაგყვეთ? თუნდაც რაღაც მაინც შემიძლია მიგასწავლოთ. თანაც როგორ წახვალთ სამგზავრო სამოსით. ვინმე ხომ არ გავგზავნოთ ბებიაქალთან და მისი ყვითელი რობრონი ხომ არ ვინათხოვროთ?
კამერ-ლაქიამ გამოუცხადა, დედოფლის სურვილია, მარია ივანოვნა მარტო წამოვიდეს, თანაც იმით, რაც აცვიაო. რაღა ჩარა იყო: მარია ივანოვნა კარეტაში ჩაჯდა და გასწია სასახლეში, თან ანა ვლასიევნას რჩევა-დარიგება და ლოცვა-კურთხევა მიჰყვებოდა.
მარია ივანოვნა წინასწარ გრძნობდა ჩვენი ბედ-იღბლის განჩინებას. გული ამოვარდნაზე ჰქონდა, ხან უჩერდებოდა. რამდენიმე წუთში კარეტა სასახლესთან შედგა. მარია ივანოვნა თრთოლაატანილი აუყვა კიბეს. კარი ყურთამდე გაიღო მის წინ. ქალიშვილმა დიდებული ცარიელი ოთახების მთელი რიგი გაიარა. საით უნდა წასულიყო, კამერ-ლაქია უთითებდა. ბოლოს კამერ-ლაქია დაკეტილ კარს მიადგა, მარია ივანოვნას განუცხადა, ახლავე თქვენ შესახებ მოვახსენებო, და იგი მარტო დატოვა.
მარია ივანოვნას დედოფალთან პირისპირ შეყრის აზრი ისე აფრთხობდა, თავს ძლივს იმაგრებდა, რომ არ წაქცეულიყო. წუთის შემდეგ კარი გაიღო და დედოფლის საპირფარეშოში შედგა ფეხი.
დედოფალი თავის ტუალეტის მაგიდას უჯდა. გარს რამდენიმე კარისკაცი ედგა, რომელთაც მოწიწებით დაუთმეს გზა მარია ივანოვნას. დედოფალი დაყვავებით შეეხმიანა ქალიშვილს და მარია ივანოვნამ იცნო იგი. ეს ის ბანოვანი იყო, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ასე ალალად გაუხსნა გული. დედოფალმა მიიხმო და ღიმილით უთხრა:
- მე მიხარია, რომ შევძელი სიტყვა არ გამეტეხა და თქვენი თხოვნა აღმესრულებინა, თქვენი საქმე დაგვირგვინებულია. მჯერა, რომ თქვენს საქმროს ბრალი არ მიუძღვის. აგერ წერილი და კეთილინებეთ, თვითონ წაუღოთ იგი თქვენს მომავალ მამამთილს.
მარია ივანოვნამ ხელათრთოლებულმა გამოართვა წერილი, ტირილი აუვარდა და დედოფლის ფერხთით დაემხო. დედოფალმა წამოაყენა და აკოცა. გაუბა ლაპარაკი.
- ვიცი, რომ მდიდარი არა ხარ, - უთხრა მას, - მაგრამ მე დავალებული ვარ კაპიტან მირონოვის ქალიშვილისაგან და მომავალი ნუ გეფიქრებათ. ჩემზე იყოს თქვენი სარჩო-საბადებელი.
დედოფალი ბეჩავ ობოლს მოეფერა და გამოუშვა. მარია ივანოვნა სასახლის იმავე კარეტით წამოვიდა. ანა ვლასიევნას სული კბილით ეჭირა მის მოსვლამდე და კითხვა კითხვაზე დააყარა. მარია ივანოვნა უთავბოლოდ აძლევდა პასუხს. მართალია, ანა ვლასიევნა ნაწყენი დარჩა ქალიშვილის გულმავიწყობით, მაგრამ ეგ ამბავი მის პროვინციულ სიმორცხვედ მიიჩნია და დიდსულოვნად მიუტევა. მარია ივანოვნამ იმავე დღეს სოფლისაკენ ჰქნა პირი, ცნობისმოყვარეობა არ აღძვრია, რომ პეტერბურგში გაეხედ-გამოეხედა...

აქ წყდება პიოტრ ანდრეევიჩ გრინიოვის ჩანაწერები, ოჯახური გადმოცემით, იგი 1774 წლის დამლევს გაათავისუფლეს დედოფლის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე, დაესწრო პუგაჩოვის სიკვდილით დასჯას. პუგაჩოვმა იგი იცნო და დაუქნია თავი, რომელიც ერთ წუთში სიცოცხლეჩამქრალი და სისხლით მოთხვრილი აჩვენეს ხალხს. ამის შემდეგ პიოტრ ანდრეევიჩი მალე დაქორწინდა მარია ივანოვნაზე. მათი შთამომავლობა კეთილად ცხოვრობს სიმბირსკის გუბერნიაში. ***-დან ოცდაათი ვერსის დაშორებით არის ათი მემამულის კუთვნილი ერთი სოფელი. იქ ერთ-ერთ ფლიგელში აჩვენებენ ეკატერინე მეორის ხელით დაწერილ უსტარს, მინიან ჩარჩოში ჩასმულს. უსტარი დაწერილია პიოტრ ანდრეევიჩის მამის სახელზე, მიუთითებს, რომ მისი შვილი უცოდველია და ხოტბას ასხამს კაპიტან მირონოვის ასულის გონებასა და გულს. პიოტრ ანდრეევიჩ გრინიოვის ხელნაწერი მოგვაწოდა მისმა ერთ-ერთმა შვილიშვილმა, რომელსაც გაეგო, რომ პაპამისის მიერ აღწერილი დროის ამსახველ შრომაზე ვმუშაობდით.
გადავწყვიტეთ, პიოტრ ანდრეევიჩის მოკეთეების ნებართვით ნაწერი ცალკე გამოგვეცა. ოღონდ თითოეულ თავს შესაფერისი ეპიგრაფი მივუსადაგეთ და ზოგი საკუთარი სახელი შევცვალეთ.

გამომცემელი
19.ოქტ. 1836…

??????