მარია შონინგი
25 აპრ.
ძვირფასო მარია.
რა გემართება? ოთხ თვეზე მეტია შენგან ერთი სტრიქონიც არ მიმიღია. კარგადა ხარ? ყოველდღიური საზრუნავი რომ არა, უკვე გესტუმრებოდი; მაგრამ მოგეხსენება: თორმეტი მილი ხუმრობა არაა. უჩემოდ მეურნეობა მოიშლება. ფრიცს არაფერი გაეგება მისი - ნამდვილი ბავშვია. ხომ არ გათხოვილხარ? არა, ალბათ გაგახსენდებოდი და შენს მეგობარს შენი ბედნიერების ცნობით გამახარებდი. ბოლო ბარათში იწერებოდი, საბრალო მამა ისევ ისე ავადმყოფობსო; ვიმედოვნებ, გაზაფხულმა უშველა და ახლა უკეთაა. ჩემ შესახებ გეტყვი, რომ მადლობა ღმერთს, ჯანმრთელად და ბედნიერად ვარ. მუშაობა ნელ-ნელა მიდის წინ, მაგრამ ჯერ კიდევ არც თხოვნა შემიძლია, არც ვაჭრობა. საჭირო კი იქნება ვისწავლო. ფრიციც საკმაოდ ჯანმრთელადაა, მაგრამ ეს რამდენიმე ხანია ხის ფეხი აწუხებს. იგი ცოტას დადის, ავდარში კი სულ ხვნეშის და ოხრავს. ისე, წინანდებურად მხიარულია, წინანდებურად უყვარს ჭიქა ღვინის დალევა და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ მიამბო თავის ლაშქრობათა ამბავი. ბავშვები იზრდებიან და ლამაზდებიან: ფრანკი ვაჟკაცი დგება. წარმოიდგინე, ძვირფასო მარია, რომ უკვე გოგოებს დასდევს - როგორი საქმეა? - ის კი ჯერ სამი წლისაც არაა. მერედა რა ჩხუბისთავია! ფრიცი მისი ცქერით ვერ ძღება და საოცრად ანებივრებს; იმის ნაცვლად, რომ ბავშვი დააწყნაროს, კიდევ უფრო აქეზებს და უხარია მისი ყოველი ოინი. მინა გაცილებით დინჯია, თუმცა ერთი წლით უფროსია. მე უკვე დავუწყე ანბანის სწავლება. იგი ძალიან ალღოიანია და, მგონი, შესახედავად კარგი დადგება. მაგრამ სილამაზეში რა ყრია? კეთილი და გონიერი რომ გამოვიდოდეს, მაშინ მართლაც ბედნიერი იქნება.
P. S. საჩუქრად გიგზავნი თავსაფარს; პირველად დაიხურე, ძვირფასო მარია, მომავალ კვირადღეს, როცა ეკლესიაში წახვალ. ეს ფრიცის ნაჩუქარია; მაგრამ წითელი ფერი უფრო შენს შავ თმას უხდება, ვირე ჩემს მეტად ქერა თმას. კაცებს ეს არ ესმით. მათთვის ცისფერი და წითელი ერთია. მომიტევე, ძვირფასო მარია, ყბედობას გადავყევი. საჩქაროდ მიპასუხე. მამილოს ჩემი გულწრფელი პატივისცემა გამოუცხადე. მომწერე, როგორაა. ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება, რომ სამი წელი მის ჭერქვეშ გავატარე და რომ იგი მე, ღარიბ ობოლს, ისე მექცეოდა, როგორც თავის ქალიშვილს და არა დაქირავებულ მოსამსახურეს. ჩვენი პასტორის დედა ურჩევს, ჩაის მაგივრად იხმაროს წითელი გ ვ ე რ დ ე ლ ა, მეტად ჩვეულებრივი ყვავილი, - მე მოვძებნე მისი ლათინური სახელწოდებაც - ყველა მეაფთიაქე გიჩვენებს მას.
მარია შონინგი ანა გარლინს
28 აპრილი
შენი წერილი წინა პარასკევს მივიღე (წავიკითხე მხოლოდ დღეს). საწყალი მამაჩემი გარდაიცვალა სწორედ იმ დღეს, დილის ექვს საათზე; გუშინ დავკრძალეთ.
ვერაფრით ვერ წარმომედგინა, რომ სიკვდილი ასე ახლო იყო. მთელი უკანასკნელი დროის მანძილზე თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა და ბ-ნი კელცი იმედოვნებდა, სავსებით გამოჯანსაღდებაო. ორშაბათს სეირნობდა კიდეც ჩვენს ბაღში და ჭამდე სულის შეუგუბებლად მივიდა. ოთახში დაბრუნებულმა ოდნავი ჟრჟოლა იგრძნო. დავაწვინე და ბ-ნ კელცთან გავიქეცი. იგი შინ არ იყო. რომ დავბრუნდი, მამა დაძინებული დამხვდა. ვიფიქრე, ძილი სავსებით დაამშვიდებს-მეთქი. ბ-ნი კელცი მოვიდა საღამოს. გასინჯა ავადმყოფი და უკმაყოფილო დარჩა მისი მდგომარეობით. გამოუწერა ახალი წამალი. ღამით მამამ გაიღვიძა და ჭამა ითხოვა, მე სუპი მივეცი. ერთი კოვზი მოხვრიპა და მეტი აღარ ინდომა. მან კვლავ დაიძინა. მეორე დღეს კრუნჩხვები დაეწყო.
ბ-ნი კელცი გვერდიდან არ სცილდებოდა. საღამოს ტკივილი დაუცხრა, მაგრამ ისეთმა შფოთვამ მოიცვა, ხუთი წუთი ერთ მდგომარეობაში წოლა არ შეეძლო, მე უნდა მებრუნებინა გვერდიდან გვერდზე... გათენებამდე დაწყნარდა და ორი საათი იძინა. ბ-ნი კელცი წავიდა, მითხრა, ორ საათში დავბრუნდებიო. უცებ მამა წამოიწია და დამიძახა. მივედი და ვკითხე, რა გინდა-მეთქი, მითხრა: “მარია, რად ბნელა ასე? გააღე დარაბები”, - შევშინდი და ვუთხარი: “მამილო, განა ვერა ხედავთ... დარაბები ღიაა”. - მან თავის გვერდით დამიწყო ძებნა, ხელზე მწვდა და მითხრა: “მარია, მარია, ძალიან ცუდად ვარ - ვკვდები, მოდი დაგლოცავ, ჩქარა”. დავიჩოქე და მისი ხელი თავზე დავიდევი. მამამ თქვა: “ღმერთო, შენ მიხედე, ღმერთო, ჩამიბარებია შენთვის”. იგი გაჩუმდა, ხელი მოულოდნელად დაუმძიმდა. ვიფიქრე, კვლავ დაიძინა-მეთქი, და რამდენიმე წუთს განძრევას ვერ ვბედავდი. უცებ შემოვიდა ბ-ნი კელცი, მამის ხელი თავიდან მომაცილა და მითხრა: “ახლა დატოვეთ იგი, თქვენს ოთახში წადით”. მე მამას შევხედე: იგი იწვა გაფითრებული, უძრავად, ყველაფერი დამთავრებული იყო.
კეთილი ბ-ნი კელცი მთელი ორი დღე ჩვენი სახლიდან არ გასულა და ყველაფერი მოაკეთილა, რადგან მე არაფრის თავი არ მქონდა. უკანასკნელ დღეებში მე მარტო ვუვლიდი ავადმყოფს, არავინ მყავდა შემცვლელი. ხშირად გიგონებდი და მწარედ ვნანობდი, რომ ჩვენთან არ იყავი...
გუშინ ავდექი ლოგინიდან და ის იყო კუბოს უნდა გავყოლოდი, რომ უცებ ცუდად გავხდი. დავიჩოქე, რათა შორიდან გამოვმშვიდობებოდი მამას. ფრაუ როტბერხმა თქვა: “რა თვალთმაქცობაა!” წარმოიდგინე, ძვირფასო ანა, რომ ამ სიტყვებმა ძალა დამიბრუნეს. კუბოს საოცრად მსუბუქად გავყევი. მეჩვენებოდა, თითქოს ეკლესიაში უჩვეულო სინათლე იდგა და ჩემ ირგვლივ ყველაფერი ტორტმანებდა. არ ვტიროდი. სული მეხუთებოდა და სულ მინდოდა მეცინა.
მამა სასაფლაოზე გადაიტანეს. წმინდა იაკობის ეკლესიის უკან რომაა, და ჩემი თანდასწრებით ჩაუშვეს სამარეში. მაშინ უცებ მომინდა საფლავი გამეთხარა, რადგან მამას ბოლომდე ვერ გამოვემშვიდობე, მაგრამ სასაფლაოზე ჯერ კიდევ ბევრი მიდი-მოდიოდა და მეშინოდა, ფრაუ როტბერხს კვლავ არ ეთქვა: “რა თვალთმაქცია”.
რა სისასტიკეა, ნება არ მისცე ქალიშვილს, მიცვალებულ მამას ისე გამოემშვიდობოს, როგორც მას მოესურვება...
შინ უცხო ადამიანები დამხვდნენ, რომლებმაც მითხრეს, განსვენებული მამის მთელი ქონება და ქაღალდები უნდა დავლუქოთო. ჩემი ოთახი დამიტოვეს, ოღონდ იქიდან ყველაფერი გაიტანეს საწოლისა და ერთი სკამის გარდა. ხვალ კვირაა. მე შენს თავსაფარს არ დავიხურავ, მაგრამ მისთვის ძალიან მადლობელი ვარ შენი. მოკითხვას ვუთვლი შენს ქმარს, ვკოცნი ფრანკს და მინას. მშვიდობით.
ვწერ ფანჯარასთან მდგომი, სამელნე კი მეზობლისაგან ვითხოვე.
მ ა რ ი ა შ ო ნ ი ნ გ ი ა ნ ა გ ა რ ლ ი ნ ს
ძვირფასო ანა.
გუშინ მოხელე მოვიდა და გამომიცხადა, განსვენებული მამის მთელი ქონება საჯარო ვაჭრობით უნდა გაიყიდოს ქალაქის ხაზინის სასარგებლოდ იმიტომ, რომ მამაშენი ქონების მიხედვით არ იყო დაბეგრილი და რომ ქონების აღწერის მიხედვით უფრო მდიდარი აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდნენო. ვერაფერი გამიგია. უკანასკნელ ხანებში ჩვენ ძალზე ბევრს ვხარჯავდით წამლებზე. მე სახარჯოდ სულ ოცდასამი ტალერი დამრჩა. ისინი მოხელეებს ვუჩვენე, მაგრამ მათ მითხრეს, ეს ფული თვითონ გქონდეს, კანონი მას არ ითხოვსო.
ჩვენი სახლი მომავალ კვირას გაიყიდება და აღარ ვიცი, სად წავიდე. ვეწვიე ბურგმაისტერს. მან კარგად მიმიღო, მაგრამ თხოვნაზე მიპასუხა - ვერაფერს გაგიკეთებო. აღარ ვიცი, სად მოვეწყო. თუ მსახური გინდა, მომწერე, შენ იცი, რომ შემიძლია საოჯახო საქმეებსა და ხელსაქმეში დაგეხმარო, ხოლო ამას გარდა მივხედავ ბავშვებს და ფრიცს, თუ იგი შეუძლოდ გახდა. ავადმყოფების მოვლა ვისწავლე. გეთაყვა, მომწერე, გჭირდები თუ არა, და არ მოგერიდოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დამოკიდებულება ამის გამო ოდნავადაც არ შეიცვლება და შენ ჩემთვის ისევ ის სათნო და კეთილმოსურნე მეგობარი იქნები.
მოხუცი შონინგის სახლი ხალხს აევსო. მაგიდასთან, სადაც შემფასებელი თავმჯდომარეობდა, ჭედვა იყო. შემფასებელი ყვიროდა: “სპილენძის ღილებიანი თივთიკის კამზოლი... *ტალერი. ერთი, ორი... მეტი არავინ - თივთიკის კამზოლი *ტალერი - სამი”. კამზოლი ახალი მფლობელის ხელში გადავიდა.
მყიდველები კილვით და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ სავაჭროდ გამოფენილ ნივთებს. ფრაუ როტბერხი შონინგის სიკვდილის შემდეგ გაურეცხავ ჭუჭყიან თეთრეულს სინჯავდა, ჩეჩავდა მას, ბერტყავდა და იმეორებდა: ძველმანი, ძონძები, კონკებიო, და გროშებს უმატებდა. ტრაქტირის პატრონმა გირცმა ორი ვერცხლის კოვზი, ნახევარი დუჟინი ხელსახოცი და ორი ფაიფურის ფინჯანი იყიდა. საწოლი, რომელზეც შონინგი გარდაიცვალა, შეიძინა კაროლინა შმიდტმა, მეტად სახეშეღებილმა, გარეგნულად მოკრძალებულმა და თვინიერმა ქალიშვილმა.
მოჩვენებასავით ფერმიმქრალი მარია იქვე იდგა და მდუმარედ უცქეროდა თავისი ღარიბული ქონების დატაცებას. ხელში *ტალერი ეჭირა, ემზადებოდა რაიმე ეყიდა, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნიდა, ნადავლი ხელიდან გამოეცალა მყიდველებისთვის. ხალხი გარეთ გამოდიოდა და შეძენილი ნივთები მოჰქონდა. გაუყიდავი დარჩა ბუზების მიერ დასვრილი და ოდესღაც მოოქრულ ჩარჩოებში ჩასმული ორი სურათი. ერთზე გამოსახული იყო წითელი ხიფთანით მოსილი ახალგაზრდა შონინგი, მეორეზე ქრისტინა, მისი ცოლი, ქალს ხელში ძაღლი ეჭირა. ორივე სურათი დახატული იყო მკაფიოდ, ხასხასა ფერებით. გირცს უნდოდა ისინიც ეყიდა, რომ თავისი ტრაქტირის კუთხის ოთახში დაეკიდა, ვინაიდან კედლები მეტად შიშველი იყო. სურათები შეფასდა *ტალერად. გირცმა ქისა ამოიღო. ამ დროს მარიამ დაძლია თავისი გაუბედაობა და აკანკალებული ხმით მოუმატა ფასი. გირცმა აგდებულად შეხედა და დაიწყო ვაჭრობა. ფასი თანდათან *ტალერამდე გაიზარდა. მარიამ ბოლოს *ტალერი მისცა სურათებში. გირცმა უკან დაიხია და სურათები მარიას შეხვდა. მარიამ ფული გადაიხადა, დარჩენილი თანხა ჯიბეში ჩაიდო, აიღო სურათები და სახლიდან გამოვიდა, აღარ დაელოდა აუქციონის დამთავრებას.
ქუჩაში გამოსულ მარიას ორივე ხელში სურათები ეჭირა, იგი საგონებელში ჩავარდნილი შედგა: სად უნდა წასულიყო?..
მასთან ოქროსსათვალიანი ახალგაზრდა მივიდა და ძალიან თავაზიანად იდვა თავს, სურათები სადაც ნებავდა, იქ წაეღო...
- დიდი მადლობელი ვარ... მე, მერწმუნეთ, არ ვიცი. - და მარია ფიქრობდა, სად მიეტანა სურათები, სანამ თვითონ უადგილოდ იყო.
ახალგაზრდამ რამდენიმე წამი დაიცადა და თავისი გზით წავიდა, ხოლო მარიამ გადაწყვიტა სურათები ექიმ კელცთან წაეღო.