რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

ასვლა 

ახლა ისევ ვაჟა ჯანდიერი და ჯემალ სვანი წავიდნენ წინ. შუადღე გადასული იყო. შორს, ქვევით, ხეობაში, მზისგან განათებული ბაქსანის ხეობა გამოჩნდა. ზევით კი მუდმივი თოვლის ზვავებსა და უზარმაზარ ყინულის ლოლუებს მოეკიდებინათ ფეხი. უმეტესად დონღუზ-ორუნის ჩრდილოეთი ფერდა, საიდანაც უნდა ასულიყვნენ, პიტალო იყო. აქ თოვლი ვერ იკიდებს ფეხს.
ვაჟა და ჯემალი დამხმარე თოკს მიათრევდნენ. ვაჟა იცავდა ქვევიდან. კაპრონის თოკი შეუმჩნევლად გამოწეულ კლდის ქიმს მოსდო და მკერდი მიაბჯინა, მერე ხელები დაისრისა, სველი წინდები ჩამოიცვა, რომელიც დაკარგული ხელთათმანების მაგივრობას უწევდა.
- მზადა ვარ. - ნელა დაუძახა ქვემოდან. თოკის მოძრაობაზე ეტყობოდა, რომ ჯემალი დაიძრა. იგი დიდი სიფრთხილით მიდიოდა წინ, სისწრაფისთვის თავისი ზურგჩანთა ვაჟას მისცა.
თოკი გაჩერდა, მერე მოეშვა. ჯემალმა უკან დაიხია. წინ გლუვი კლდე დახვდა, გადაწყვიტა ქვემოდან შემოვლა; თითქოს დაინახა კიდეც თითების მოსაჭიდი. სცადა ასვლა, მაგრამ მოყინულმა ხელებმა არ გაუშვეს, თანაც შიმშილისგან ძალა ჰქონდა გამოცლილი, რასაც ვერა გრძნობდა. ხელები დაიზილა, დასიებული თითებიდან სისხლი ჟონავდა; თავის თავზე ბრაზი მოუვიდა, “რას მოვეხეტებოდი,” გაიფიქრა გულში, მაგრამ აშკარად თავსაც არ გამოუტყდა და მარჯვენა ხელი ჩასჭიდა ქიმს, შემდეგ სამკავიანი ფეხსაცმელი მოსდო კლდის ხაოს და მთელი ნაბიჯით აიწია ზევით. აქ გაჩერება არ შეიძლებოდა. დიდი სიფრთხილით გადადგა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და ისევ ხელების გათბობას შეუდგა.
ქვევით ვაჟა ჯანდიერი დარჩენილ თოკს უყურებდა. ხელები მასაც მოეყინა, მაგრამ სიფრთხილის შენელება მთაში ერთი წამითაც არ შეიძლება. ვინ იცის, რომ მოწყდეს, თვითონაც დაიღუპება, შენც დაგღუპავს და უკან მომავალთაც ავნებს. ვაჟამ ქვევით გადაიხედა. შორს, მთის ძირთან ღრუბლები მოჩანდა, მერე ყოველივე იკარგებოდა. ყველაფერი ღრუბლებში იყო გახვეული. შემოუბერა ქარმა და თითებმა მტვრევა დაუწყო, თან ორი ზურგჩანთა სისხლის მოძრაობას უჩერებდა ხელებში. ქარმა ნისლი გარეკა. კედლის ბოლოს ერთმანეთს მიკრული კანკალებდა ექვსი თანაჯგუფელი. ვაჟა ანგარიშობდა. ექვსი თუ შვიდი საათი იყო, რაც გამოვიდნენ და მხოლოდ ორასიოდე მეტრი კლდე აიღეს, დაღამებამდე, ალბათ, ას მეტრზე მეტს ვეღარ გაივლიან, რადგან კლდის მოსაჭიდები მოყინული იყო, ან ნამქერით დაფარული. მათ პოვნას და გასუფთავებას დიდი დრო მიჰქონდა. ქარი გაძლიერდა. ხეობიდან ნისლი დაიძრა და მთელი ქედი მოაქცია შიგ. გარეშემო აღარაფერი ჩანდა. თოკის მოძრაობაზე მიხვდა, რომ ჯემალი წინ მიიწევდა. ვაჟა გამაგრდა. თოკი ნელ-ნელა მიდიოდა ზევით, მერე გათავდა.
- ჯემალ, მორჩა. - დაიძახა ვაჟამ.
- მესმის, - გამოეხმაურა ჯემალი, - ახლავე მიგიღებ, სპორტულს მოვაწყობ.
ნისლი გახშირდა. ვაჟამ რამდენიმეჯერ მიაწვდინა ხმა, მაგრამ უშედეგოდ. ნისლი არ ატარებდა ბგერას. წამოვიდა ხოშკაკალა. ვაჟამ შტურმოვკის ქუდი ჩამოიფხატა და აკანკალდა. ქვევიდან მარტო მაისური ეცვა, უღმერთოდ ციოდა.
ჯემალი ცოტა გახურდა მოძრაობით, ახლა ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახა და კლდის პალოს ჩასობას შეუდგა. ამან წაიღო დაახლოებით თხუთმეტიოდე წუთი. თითოეული მოძრაობა მოზომილი ჰქონდა; ოდნავი გადახრა უკან და - უფსკრული. როგორც იყო, გაამაგრა პალო, თვითონ ჩაება შიგ და ვაჟას გამოეხმაურა.
- თოკი აკრიფე! - დაიძახა ქვემოდან ვაჟამ.
- ვაჟა! წამოდი სპორტულზე, ნუ გეშინია, მე მაგრად მიჭერიხარ. - ჩამოსძახა ჯემალმა.
ორი ზურგჩანთა ემძიმა თოკზე დაკიდულს, სისხლის მოძრაობა შენელდა. მარჯვენა ხელი უბუჟდებოდა. ფეხები განდაგან მიაბჯინა კლდეს. კიდევ სამი ნაბიჯი ვერტიკალურ კლდეზე, თოკი დაიჭიმა და ნისლში ცუდად მოდებული კლდეზე მოცქვრა. კაპრონმა საათის ქანქარის მოძრაობა გააკეთა. ბოლოში კაცი ეკიდა. ვაჟა დაიმანჭა ტკივილისაგან, თოკი კლდეს გაეხახუნა და დაწითლებული თითებიდან სისხლი გადმოსკდა. სისხლი სწრაფად მიეყინა თითებს. იგი გრძნობდა რომ ხელებიდან ძალა ეცლება, ცოტაც და მოსწყდება კლდეს, მერე, შეიძლება, ჯემალიც წამოიყოლოს, მაგრამ ახლა ამაზე არა ფიქრობდა. ძალა სულ გამოელია. უცებ კბილებით ჩაეჭიდა გაყინულ კაპრონს, ფეხები ოდნავ მოსდო ყინულის ლოლუებს და ხელები ჩამოუშვა. რამდენიმე ხანი ასე იდგა, მერე სითბო იგრძნო თითებში და ფორთხვა განაგრძო.
- ამოხვედი? - უთხრა ჯემალმა.
- ჰო! - უპასუხა ვაჟამ.
- თოკი მოცურდა კლდეზე. - ოდნავი ღიმილით თქვა ჯემალმა.
- აბა, კაცო, - ვაჟამ ხელები დაანახვა.
ამ ადგილას ასე დაკიდული დიდხანს გაჩერება შეუძლებელი იყო. ჯემალმა ასვლა დაიწყო, იმის ადგილას ვაჟა ჩაება.
- ახალი თხემის დასაწყისში გავჩერდეთ, ბიჭო.
- ჰო, დღეს მეტს ვეღარ გავაკეთებთ.
- ჩვენებს რა ვუყოთ?
- არაფერი.
- როგორ?
- მოიცა, გავიდეთ ზემოთ, იქ მოვიფიქრებთ, არა და, ქვევით ერთი კარავი მაინც გაიშლება როგორმე, იქ დაიძინონ.
- ხვალე რა უნდა ქნან მერე. მართლა, აქედან გავძახოთ, რომ უკან დაეშვან, ჩვენ კი ბარემ გავაკეთოთ მწვერვალი.
- რა ჯანდაბად გვინდა, თუ დავიხოცებით.
- მაინც აქამდე მოვსულვართ.
- გავაკეთოთ, მა რა.
ჯემალმა ფორთხვა განაგრძო. თან ფიქრობდა, ღამის გათენება ცის ქვეშ მოგვიწევსო. კარავი ქვევით დატოვეს, გინდაც კარავი იყოს, სად გაშლი, ფეხის დასადგმელი ადგილი რომ იპოვონ, ისიც კარგია. ცივი ღამისთევის გახსენებაზე გააჟრჟოლა. ოთხმოცი პროცენტი ასეთი შემთხვევებისა ამ პირობებში დაღუპვა ან ხელ-ფეხის მოყინვა იყო.
საღამოსთვის მზემ გამოიხედა. ნისლი გაიფანტა. სამაგიეროდ ქარმა დაუბერა. სიცივე აუტანელი გახდა. ვაჟამ ყური მიუგდო, ზემოდან ჯემალი ყვიროდა:
- ბიჭო, რა ადგილი ვნახე!!!
- რა?
- უჰ, ღმერთივით, ნამდვილი თავადური, ამოდი ჩქარა.
ვაჟა ჩქარა შეუდგა ასვლას. ნახევარი საათის შემდეგ ზევით იყო. აქ კლდე იყო ამოღებული და პატარა ქვაბს აკეთებდა, შიგ ჩაყრილი თოვლი ჯემალს უკვე გაეტკეპნა. ორივემ შვებით ამოისუნთქა.
- ბედნიერად ვიქნებით ამაღამ.
- რას ამბობ, კაცო, მისწრებაა პირდაპირ.
დაღლას ვერცერთი ვერა გრძნობდა. ვაჟა კლდეზე გადმოდგა და ადრევე დაწყობილი გეგმა გადასცა დიდი ყვირილის მერე ქვემოთ დარჩენილებს. იქ თვითონაც მოეფიქრებინათ და კარავი გაეშალათ, რომლის ქვედა მხარეც უფსკრულში იყურებოდა.
მშივრები და სველები ფეხგაუხდელად შეწვნენ საძილე ტომარაში ორივენი. გვერდები ყინულზე ჰქონდათ მიბჯენილი.
- მომეყინა რა გვერდი. - დაიწყო ჯემალმა.
- მიაფურთხე.
- მიმიფურთხებია.
- ბიჭო, ახლა ვინატრებდი ერთ კათხა ლუდს თავისი ცხელი სოსისით.
- ხო, ხო, კარგია, არც ლაღიძის წყალია ნაკლები.
- შენ რაც გინდა თქვი და მე გაგრის საცურაო მირჩევნია, ახლა ხალხი მზეზე შავდება, ჩვენ კი სადა ვართ. არა, ძმაო, უჭკუობაა, ასე უმიზნოდ, დონკიხოტივით აქ ხეტიალი, სად მოდიხარ, რა გინდა, ვის რას უკეთებ, ეშმაკმა იცის. გიფასდებოდეს მაინც.
- აბა, კაცო!
- მაშ რაღას მოდიოდი? - ვაჟა გაცხარდა. არ მოეწონა არც ჯემალის დასტური, არც თავისი ნათქვამი.
- როგორ, რას? - იწყინა ჯემალმაც, - სპორტული აზარტია.
- ერთი ეგ აზარტიც რა ვთქვა, წადი და იცურავე, აზარტი არაა?
ორივენი გაჩუმდნენ. თავიანთ ფიქრებს მიეცნენ ბიჭები. “მაინც რა არის,” ფიქრობდა ვაჟა. “მართლა და რა მაგრად მიყვარდა ნანა, უღმერთოდ, მთელი სამი წელი უშედეგოდ, მთელი ლექსები მაგაზე მაქვს: მართლა, რა საინტერესოა, წერ გოგოს სიყვარულზე, უფრო სწორედ ეგ სიყვარული გაწერინებს და გამოდის ათასნაირი რამე, თუნდაც ალეგორიები რომ მაქვს სამშობლოს თავისუფლებაზე. იმაზეც ხომ სიყვარულმა მომცა ბიძგი. ნოველები რომ გავაკეთე ზღვაზე, მაშინაც სულ ნანა მედგა თვალწინ, იწერებოდა კი მარტო ბიჭებზე, ან ზღვაზე და მეზღვაურზე, მერე გამოვიდა ნელ-ნელა ნანას კულტი. უკვე ისე დავიწყე წერა.”
- ვაჟა, ბიჭო, ახლა კარგი პურ-მარილი მცხეთაში, ჰა.
- აბა, აბა, მეც მაგაზე ვფიქრობდი, თუმცა არა, - გაახსენდა, რომ სხვა რაღაცაზე ფიქრობდა.
- სწორედ გითხრა, მეც სხვაზე ვფიქრობდი, არასოდეს მყვარებია ბებო ასე ძალიან.
- მართლა, ბებო უსაყვარლესია.
- მაინც მშობლები სხვა არის, არა?
- აბა რა.
სიცივემ იმატა. ბიჭები ერთმანეთს ჩაეკვრნენ. ერთხანს ასე კანკალებდნენ, მერე ვაჟამ ნახვრეტში ზურგჩანთა ჩატენა, შედარებით დათბა. ვაჟამ დაიწყო:
- ჯემალ, იცი რაზე ვფიქრობდი? ნანაზე.
- აკი აღარ გიყვარს?
- მერე რა, მაინც. გახსოვს, როგორ მიყვარდა.
- შენი ნება არ იყო, რატომ გადაიყვარე?
- რა ვიცი, ალბათ ჩემი რომ გახდა, აღარ მომინდა.
- არ გეცოდება გოგო, ახლა იმას უყვარხარ.
- მეცოდება, მაგრამ ხომ ვერ მოვატყუებ, მე აღარ მიყვარს.
- ამაღამ არ დაგვეძინება, თეთრად გავათენებთ, არც ღრუბელი ჩანს, ნამდვილად გავიყინებით.
- შენ წარმოიდგინე, რომ ესეც არ გვენახა.
- ღმერთმა დაგვიფაროს!
- დილით ადრე გავიდეთ, ახლა წინ მე წავალ.
ბიჭები გაჩუმდნენ. “საწყალი ბებო”, ფიქრობდა ჯემალი. მას გაგიჟებით უყვარდა მოხუცი. მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მცოდნე, გამრჯე. მერე მოშივდა. ახლა ისევ ბებიამისის დამზადებულ შეჭამანდზე ფიქრობდა. ჯემალმა სიჩუმე ვეღარ აიტანა:
- გახსოვს, ვაჟა, რა მოწყენილი დადიოდი თბილისში. ერთხელ მგონი ნამტირალევიც იყავი, მაშინ არ გამომიტყდი, ახლა მაინც თქვი.
ვაჟამ ხმა არ გასცა. თავი მოიმძინარა. მართლაც, ორი თვის წინათ საშინელ ხასიათზე იყო. იარაღი რომ ჰქონოდა, თავს მოიკლავდა, თანაც მიზეზი არ იყო არავითარი ასეთი ხასიათის. გამოცდები ახალი ჩაბარებული ჰქონდა ფრიადებზე, სწორედ მაშინ აისრულა თავისი დიდი ხნის წადილი და კალთაში ჩამჯდარ ნანას ეალერსებოდა ხოლმე გვიან ღამემდე. ოხ, როგორ უყვარდა ერთ დროს. ბოლოს გაიგო, რომ იმასაც უყვარდა. მერე პირველი კოცნა ლიას დაბადების დღეზე. იმ საღამოსვე დაამთავრა თავისი უსაყვარლესი პოემა “ლექსი გაზაფხულზე”. ახლა რამდენიმე სტრიქონი მოიგონა ზეპირად და იგრძნო, თუ რა ძვირფასი იყო მისთვის თავისი შემოქმედება. ძალიან მოუნდა საწერკალამი. საძილე ტომარაში სიცივისა და წერის ჟინისაგან ტრიალი დაიწყო. მთელი კვირა ასე ბედნიერად გაატარა მაშინ ვაჟამ. შაბათს სადღაც დაითრო და დილით თავი სტკიოდა, დამ ბორჯომი მოუტანა, ტკივილმა ცოტა გადაუარა. იმ დილას მოაგონდა, რომ დღეს მისი გარდაცვლილი ამხანაგის წლისთავი იყო. პანაშვიდზე ადრევე წავიდა. სანამ სხვები მოვიდოდნენ, დიდხანს უყურა ლევანის მოღიმარ სახეს, რომელიც ირონიით უყურებდა საფლავზე დადგმული კვარცხლბეკიდან. უნებლიედ მოაგონდა თავისი ნანა, ოჯახი, რომელიც ბედნიერი იყო მამის წარმატებებით, მერე თავისი პოემა დასაბეჭდად გამზადებული, და ლევანი უფრო შეებრალა. რაღაც ჭირად თავში მოუვიდა, რომ ლევანი ბედნიერია. მორჩა და მოისვენა, აღარც უხარია, აღარც სწყინს, მას კი რაღაც სისულელეები ახარებენ. “სიყვარული”, “პოემა”, “ოჯახი”, - რა არის ყველაფერი ეს. თავის მოტყუება, დროებითი სიხარული და ბოლოს სიკვდილი, გარდაუვალი სიკვდილი. მორჩა. აღარ იქნება ვაჟა. მან პანაშვიდის დაწყებას აღარ დაუცადა, წყნეთისაკენ წავიდა მარტო.
ამ დღიდან მთელი კვირა ებრძოდა თავს, ბევრჯერ თვითმკვლელობისაგან იარაღის უქონლობამ იხსნა, სულ მოეშვა, სმაც კი აღარ იზიდავდა. თუმცა არაყს უფრო მიეძალა. ერთხელ, საღამოს, დედას ჩაუდო კალთაში თავი და ბავშვივით ატირდა. შიშმა აიტანა. მშობელს ჩურჩულით ეუბნებოდა მისთვის გაუგებარ სიტყვებს, “მერე რა გველის ან შენ, ან მე, ან მამას, რად გვინდა, არა სჯობია, დროზე მოვრჩეთ ყოველივეს”. ნანასთან აღარ წავიდა შესახვედრად. მაშინ იყო, რომ მამის დაჭრის ამბავი გაიგო და სასწრაფოდ გაემგზავრა ბიძასთან ერთად აზერბაიჯანში. ერთი კვირის შემდეგ მძიმე ავადმყოფი ჩამოიყვანეს. მთელი თვე სიკვდილის პირას იყო კაცი. ვაჟა თავს დასტრიალებდა, როცა მომჯობინდა, თავი დაანება და მთაში წამოვიდა.
შუაღამეს მოიღრუბლა უარესად და წვრილი ხოშკაკალა წამოვიდა, რომელსაც ფართოფარფლებიანი თოვლი მოჰყვა; საძილე ტომრებს მთელი ათი სანტიმეტრი დაათოვა. ქარმა ჩქარა გადარეკა ღრუბელი და მთის გამჭვირვალე ცაზე ვარსკვლავები გამოაჩინა. მთვარე არა ჩანდა, სიცივემ ისევ მოუჭირა. ბიჭებს არ ეძინათ, აღარც ფიქრობდნენ. ჯემალმა ვეღარ გაძლო:
- ვაჟა, გძინავს?
- ჰო და არა.
- მეც ეგრე, როგორ აცივდა.
- აბა, ბიჭო.
- ვაჟა, მოყევი, ან თქვი რამე ლექსი, რა?
- რა გინდა?
- შენი, ან ტიციანის, შენი ჭირიმე, ცოტაც და გათენდება.
ვაჟამ ბოხი, დაბალი ხმით დაიწყო:
“და ალიონზე თეთრ დუქანთან ტირის არღანი,
მტკვარი ახლოა, მინდა მტკვარში თავი დავიხრჩო.”
მერე ეს ლექსი შეწყვიტა და სხვაზე გადავიდა.
- ჯემალ, სჯობია, “რია-რიას” გეტყვი.
- შენი ნებაა.
- ჰოდა: “მივალ, მივდივარ და მივიმღერი,
თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,
ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი,
ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება.”

ბიჭო, ახლა ბოლოს გეტყვი, მართლა კარგი სტროფია:

“ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი
სინდისით ან რა მოეთხოვება;
დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი,
მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას”.
- ვაჰ, რა კარგია, გენაცვალე სულში, დამილიე, - ჯემალმა გაიცინა. ვაჟამ გადაიხარხარა. ღამე მთამ საშინელი ექო გამოიღო. ორივე შეზარა მათი ხმის გამოძახილმა და ერთხანს გაჩუმდნენ.
- ჯემალ, - დაიწყო ვაჟამ, - თუ იცი, ჩვენი “დინამო” რომელ ადგილზეა?
- მგონი მეხუთეზე, “შახტიორთან” არ ვიცი, რა ქნეს. ან მეექვსეზე გადავიდოდნენ, ან მესამეზე.
- “შახტიორს” მოუგებდნენ, თუ ბასას ფეხი მოურჩა.
- ნამდვილად, “შახტიორს” ყოველთვის უგებენ. ორივენი გაჩუმდნენ. ვაჟა ფეხებს ვეღარა გრძნობდა. ჯემალს საჯდომი მოეყინა. ცაზე დიდი ვარსკვლავები გაბაცდნენ, პატარები გაქრნენ. თენდებოდა. ვაჟა ამოძვრა საძილედან და ფეხსაცმელების გახსნას შეუდგა. მთელი საათი დაკარგა ამაზე, ბოლოს გაიხადა. ჯემალმა ორივე ფეხი სველი წინდით დაუზილა, მერე ფეხსაცმლის ჩაცმაში მოეხმარა. უკვე კარგად მოთენდა, როდესაც ქვაბიდან ამოძვრნენ. გარეშემო კრიალა ჰაერში მზე კაშკაშებდა.
ორივენი გათოშილები ისხდნენ კლდის ქიმზე. შორს მკაფიოდ მოჩანდა უშბა, რომელსაც ზევიდან დაჰყურებდა მზე.
- ორრქიანი უშბა, ნახე რა მწვერვალია! - თქვა ვაჟამ.
უშბას მარცხნივ, სამხრეთ-დასავლეთისკენ, შხელდა მოსდევდა. ბიჭებმა დიხთაუ და ქოშთანთაუც იცნეს.
- თუ შხელდა-უშბა არ გავაკეთე, ისე მთამსვლელობას თავს არ დავანებებ, - თქვა ჯემალმა.
ხეობებიდან ნისლი დაიძრა. უშბამ ბოლვა დაიწყო, მის რქებშუა შესული ნისლი სამხრეთის მწვერვალს უვლიდა და ისევ შუაში შემოდიოდა. ნისლმა იმატა. ბიჭებმა უმოკლეს გზაზე გაჭიმეს დამხმარე თოკი და ქვევით დარჩენილი ამხანაგების მიღებას შეუდგნენ. უჭმელობა აღარცერთს არ ახსოვდა. ჯერჯერობით ამინდს კარგი პირი უჩანდა.
ჯემალმა დამატებითი კლდის პალო ჩაასო და მიღება დაიწყო, ხოლო ვაჟა წინ წავიდა. ორი საათის მერე ძლივს ამოვიდა პირველი. ომარმა ამბავი მოიტანა, ორივე გოგო თავს კარგად გრძნობსო, მაგრამ არნოლდი გახდაო ავად. ნახევარი საათის შემდეგ პირველი გოგო ამოვიდა. ლიდა იღიმებოდა. ისეც ღაჟღაჟა ლოყები დილის სუსხს სულ დაებრაწა.
მეთორმეტე საათი დაიწყო. ომარი ჯემალის ადგილას ჩაება, ხოლო უკანასკნელი გამყოლზე გაუშვა. შორს უშბას ღრუბელი მოეხვია, მერე შხელდაც გაუჩინარდა. ქარმა დაუბერა. ხეობიდან მძიმედ დაიძრა ნისლი. თორმეტ საათზე ამინდი გაფუჭდა.
ვაჟა დიდი სიფრთხილით მიფორთხავდა. ფეხსაცმელს კბილანები მოუცვდა და კლდეს კარგად აღარ ეჭიდებოდა. ყინულის კედლის ქვევით ორი დამატებითი სოლი დაასო, ძირითადი თოკი ზედ მოაბა, ხოლო თვითონ დამხმარე თოკით თვითდაცვა გაიკეთა პალოზე და გზა განაგრძო. თითოეულ მოგებულ ნაბიჯზე წაყინულ ხელებს ითბობდა. ისევ მიფორთხავდა. ქვევიდან ხმაური ისმოდა. სადღაც ქვების მთელი გროვა მოსკდა და ზათქით წავიდა ხეობისაკენ. ძლივს გაისმა ლიდას წვრილი ხმა - რფვტყმ! მერე ყველაფერი მიწყნარდა. ქვების ზვავის ხმაურმა თოვლის ზვავები დაძრა დონღუზ-ორუნიდან ანუ, ქართულად, ღორისთავიდან. ეს მწვერვალი ცნობილია თავისი ზვავიანობით. წელს კი განსაკუთრებით აპირებდა თავის გამოჩენას. ამინდები მთელი ზაფხული ცუდი იყო. უზარმაზარი თოვლი ზედ აწვა მწვერვალს. პატარა ხმაური მთელ ყინულის ქიმსა გლეჯდა, მერე თოვლი მოდიოდა ხმაურით, განუწყვეტლივ, აქაფებულ მდინარესავით. ვაჟამ თოვლის ნაკადს გააყოლა თვალი. მდინარე ნისლში დაიკარგა. აცივდა. ისევ წამოვიდა ხოშკაკალა. მოყინული თითები კლდეს ძლივსღა ეჭიდებოდა. ქვევიდან ჯემალის ხმა მოისმა. ვაჟა გაჩერდა და თოკის აკრეფა დაიწყო. ცალი ხელით ძლივს ეკიდა, მხოლოდ მეორეთი მუშაობდა. ნისლში გაარჩია ჯემალის თავი. ჯემალმა ცუდი ამბავი მოიტანა: არნოლდი ცუდად ხდება, ირინას ფერი აღარა აქვს, ხოლო ამირანი იგინება, სად წამოვედიო, თქვენი ბრალიაო და ერთი ამბავი, შემდეგ ბიჭებმა უთხრეს, თუ არ გინდათ, აქ მოეწყვეთ, რაცა გვაქვს, დაგიტოვებთ და ორ დღეში უკან დაგაბრუნებთო. ამაზეც აყვირდა, მწვერვალი უნდა ავიღოო. ვაჟა ჩუმად იყო, მერე თოკში ჩააბა ჯემალი, ძირითადი ისევ კლდეზე გაამზადეს სპორტულისთვის, თვითონ კი უკანასკნელი კლდე აჭრა და ყინულზე გავიდა. აქ ლურჯად ლივლივებდა ყველაფერი. ჯემალს ქიმი მოეფარა და ვერაფერსა ხედავდა.
- ბიჭო, როგორ არის საქმე? - შესძახა ქვემოდან.
- ისე რა, - ყრუდ მოისმა.
- წრიაპები გაიკეთე?
- ჰო, ვამთავრებ.
- აბა, შენ იცი.
- რად გინდა ლაპარაკი, ამ ყინულს ერთ საათში ავჭრი.
ხმა შეწყდა, ჩახაჩუხი ატყდა. ჯემალს ყინულები თავზე დაეყარა. დაიწყო ურთულესი მონაკვეთი, ყინულის კედელი. ვაჟა უცებ გახურდა, ტანში ჩხვლეტაც იგრძნო, ფეხები კი კვლავ უგრძნობლად ჰქონდა. ყინულის ჭრამ ცოტა გაართო და კარგ გუნებაზე დააყენა. უზომოდ მოუნდა გავლა თავისი შავი კოსტუმით, თეთრი პერანგით და შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელებით რუსთაველის გამზირზე. იქნევდა წერაქვს და ოცნებობდა. მოაგონდა პატარა გოგონა კრავაი, წამოსვლის წინ რომ შეხვდა ლაღიძესთან; ერთად ჩავიდნენ და მთელი საათი სვეს ერთი ბოთლი წყალი. მერე რუსთაველზე ხელკავით გამოატარა, თან ამხანაგებს ესალმებოდა. ახლა ის საღამო ედგა თვალწინ. უფრო ენერგიულად დაიწყო მუშაობა. გრძნობდა, რომ თითოეული საფეხური აახლოვებდა საყვარელ ქალაქსა და ხალხს. “დედასაც ვნახავ”, გაიფიქრა, “ახლა კარგ ხასიათზე ვიქნები, გაუხარდება საწყალს, ან რა არის მოსაწყენი, ამდენი კარგი და საინტერესოა.” ცოტა შეისვენა. “კაცმა უნდა მთელი სულით იცოცხლო,” განაგრძობდა ფიქრს წერაყინით ხელში “ან რა არის მუდმივობა, სისულელე. ყველა ადამიანი მუდმივად ცხოვრობს, ყოველ შემთხვევაში, მისი მარადიულობა ის წლებია, რომელსაც გაატარებს ამ ქვეყანაზე. კაცმა რომ თქვას, არცა კვდება კაცი, იბადება სხვა, რომელსაც გარდაცვლილისა აქვს ყველაფერი ცოტა შეცვლილი.” ვაჟას გაეღიმა, “რა დროს ამიტყდა ფილოსოფია”, დაასკვნა და ახალი ძალით შეუტია ყინულს. კედელი უფრო დამრეცი გახდა, ახლა მეტი სიფრთხილე იყო საჭირო. კიდევ სამი საფეხური გაჭრა ყინულში და დიდი წვალებით დაასო პირველი ყინულის პალო, შემდეგ გამყოლით თოკი ჩააბა. საღამოვდებოდა. შიმშილმა თავისი ქნა და მთამსვლელს ძალა გამოაცალა. თითქმის ხუთიათასიან სიმაღლეზე სუნთქვა ჭირდა. თოკი ვაჟამ მარჯვნივ გადმოაგდო, მაგრამ შემთხვევით ფეხი დაადგა და ყინულზე მოცურდა. ერთი წამი წერაყინით შეიკავა თავი, ოფლმა დაასხა, ცალი თვალი ქვევით გააპარა. ნისლი იყო გაპობილი და ძალიან შორს მთის ტბა მოჩანდა. ვაჟას შეეშინდა. ბედზე, ახლად დარჭობილმა ყინულის პალომ სამიოდ ნაბიჯზე ჩამოცურებული ვაჟა შეაჩერა. იგი მუხლის კანკალით წამოდგა და კიდევ ათიოდე საფეხური გაჭრა, ყინული გარბილდა, ჩქარა თოვლი გამოჩნდა. მწვერვალი ახლოს იყო. ვაჟამ ქვევით მეორე პალოც დაამაგრა და სპორტულით ჯემალის მიღებას შეუდგა. მალე სიცივისგან გალურჯებული ამხანაგიც ამოვიდა.
- ვაჟა, შენი ჭირიმე, მაგრა იმუშავე, აი, ეგ არის ძმაო, მაგარი გული.
- გაუშვი ერთი, მეტი რა ძალაა, შიშიც ვჭამე, ცოტა მოვცურდი.
- ბიჭო, ქვევით ცუდი ამბავია.
- ჰა?
- ამირანი ატირდა, ხელ-ფეხს ვეღარ ანძრევს, იდგა ჩუმად ცალ ფეხზე, მეორე ვერსად დადგა და ცრემლები სდიოდა.
- რას მეუბნები.
- მართალს.
- ნეტა რას დაპორტყავს მთაში, თუ არ შეუძლია.
- ნუ გაამტყუნებ, პირველადაა ასეთ რთულზე.
- არნოლდი როგორ არის? - ვაჟამ დიდის ვაივაგლახით პაპიროსს მოუკიდა და გამოშვებული ბოლი თითებს მიაბოლა.
- არნოლდი მკვდარივით, კაცო, ეგ გოგოები არიან ქაჯებივით.
- ჰო, თურმე მაგათ ნაკლებად სცივათ, მეტი ქონი აქვთ.
- ალბათ.
ქვევიდან ძახილი მოისმა. ომარი მოდიოდა სპორტულით. ახლა გაყინული ჯემალი წავიდა მთელ დამხმარე თოკზე წინ, ხოლო ვაჟა ადგილზე დარჩა ხალხის მისაღებად, თან თოვლსა ჭამდა მადიანად. დაღამების წინ ბუნება დაწყნარდა. ქარი შეწყდა და მოიწმინდა. ბაქსანის ხეობაში საქართველოს აკადემიის დასახლების თეთრი სახურავები მოჩანდა. ვაჟამ ნატვრით შეხედა შენობებს, უზომოდ მოუნდა თბილი სახლი და საჭმელი, მერე შიშმა შეიპყრო - კიდევ ხუთი კაცი იყო მისაღები, თანაც მათგან ორი სუსტი, ბოლოს ჯგუფის უფროსი მოდიოდა, გამოცდილი მთამსვლელი მირიანი. ორივე გოგონამ ამოჭრა ყინული და თოვლზე გავიდნენ, შორიდან ჯემალის ხმა გაისმა, მწვერვალზე საკარვე ადგილებს მივაგენითო. ამოსულები საიმედო თოვლში უთოკოდ წავიდნენ ზევით. დამხმარე კაპრონი ვაჟამ თავისთან დაიტოვა. უკვე ღამდებოდა, როდესაც ამირანმა ამოყო თავი კლდიდან, ვაჟამ დამხმარე თოკიც ჩაუშვა ქვევით. ამირანმა მკერდზე მიიმაგრა. იგი ძლივს იდგა ფეხზე, ნამტირალევი თვალები დაწითლებული ჰქონდა. ვაჟა მთელი ძალით ქაჩავდა, თვითონაც მოეხმარა ამირანი, ამ დროს ჯემალიც ჩამოვიდა. მან დაღლილს ზურგჩანთა გამოართვა და ხელჩაკიდებული წაიყვანა. პირდაპირ ბედად იწყებოდა იქვე ღრმა თოვლი. ქვევით რჩებოდნენ არნოლდი და მირიანი. ჯემალი ისევ მობრუნდა.
- ორივე კარავი გავშალე.
- ადგილები როგორია?
- ზვავი არ იქნება?
- ბიჭო, ქვევითებს რა ვუყოთ?
- მოიტა, ჩავებმები.
- მოიცა, ისინი დაწვნენ?
- ჰო, მკვდრებივით არიან.
- რას ამბობენ?
- მარტო იხედებიან, მგონი გაველურდნენ, გოგოები ცოტას იღიმებიან.
- არა უჭირთ, გაათბობენ ბიჭებს.
ქვემოდან ყვირილის მსგავსი ხმები ისმოდა. ბიჭებმა კიდევ ერთი ყინულის სოლი ჩაასვეს, მერე ვაჟა ჩაეშვა ქვევით. ყინულის ბოლოს წრიაპები მოიხსნა. მოძრაობა შედარებით ადვილი იყო მისთვის. ზევით ჯემალი საიმედოდ იცავდა. თანაც სამკერდე თოკისგან საჯდომი გაეკეთებინა და რეგულირებას თვითონ ახდენდა მისი ხმის მიხედვით. ვაჟამ დაუძახა, ყინული მორჩა, კლდეზე გადავდივართო. ჯემალმა ორი მეტრი გაუშვა, თოკმა უცებ დაქაჩა. ქიმზე ხელი აიხლიჩა კიდევ, მაგრამ კარგად ვერც იგრძნო. ზედ, ყინულის დასაწყისთან არნოლდი იყო გაჩხირული. ვაჟამ ხელი მოჰკიდა. არ ინძრეოდა. იგი ძირითად თოკს და ვაჟას მიერ კლდეზე ჩასობილ სოლს შორის ეკიდა, მის ქვევით მირიანი იყო. სიჩუმე მირიანმა დაარღვია.
- რა ვუყოთ მაგას, ვაჟა?
- მოიცა, შენ როგორა ხარ, მოკვდი, ალბათ, ამ ყინვაში ცდით ეს ორი დღე, ჩვენ მაინც ვხურდებოდით.
- ხედავ არნოლდს?
- ჰო, არაფერია, მსუბუქი მოყინვები ექნება. ხო სუნთქავს ნორმალურად.
- ძმობილო, -ვაჟამ ხელი შეახო, - არნოლდ, ბიჭო, რას აპირებ.
არნოლდმა თვალები გააღო. ვაჟა შეზარა შიგ ჩახვეულმა შიშმა.
- არ შემიძლია, - ყრუდა თქვა და ისევ გაჩუმდა. ვაჟამ დამხმარე პატარა თოკისგან, რომელიც თან წამოეღო, რვიანის მსგავსი ჩამოსაჯდომი გააკეთა, მერე ფეხებზე ამოაცვა და სამკერდესთან მიუტანა.
- მირიან, გამყოლი მოიტა.
- არა მაქვს.
- რა ვქნათ, მაშ?
- რა ვიცი, მომკლა, კაცო, ხმასაც არ იღებს.
ვაჟა თოკის გამყოლით ჩაება, თვითონ კი რკინისა მიუმაგრა არნოლდს, ამრიგად ის ჩამომჯდარი აღმოჩნდა. მირიანი ისე იყო, რომ არნოლდის დაძვრამდე ფეხს ვერ გაანძრევდა, ვაჟამაც დაკარგა მოძრაობის საშუალება რკინის გამყოლის მოხსნის მერე. მან ახლა არნოლდს ხელები დაუზილა წინდით, ცხვირ-პირიც გაუთბო.
- ძმაო, მორჩა, ახლა წავიდეთ ნელა.
- საით?
- აი, ზევით, ჯემალ, მოეხმარე.
თოკი ამოძრავდა.
არნოლდმა უცებ მოიკრიბა ენერგია.
ბედზე ყინულს ვარსკვლავები ანათებდნენ. ვაჟამ ახლა მირიანი გაუშვა. ისე იყო გაყინული, ძლივს დაიძრა ადგილიდან. მარტოდ დარჩენილი ვაჟა უსიამო ფიქრებმა შეიპყრო. მოყინულ ხელზე იკბინა; ვერაფერი იგრძნო. დაიწყო დაზელვა, როგორც იყო აამოძრავა, მერე თოკს მოჰკიდა ხელი და აიწია, მაგრამ უშედეგოდ. დაღალული მკლავები არ ემორჩილებოდნენ. სიბნელეში კლდეს ძლივს არჩევდა. ხელით მოსინჯა მოსაჭიდი და ერთი ნაბიჯით აიწია. ყინულამდე ორიოდე მეტრი რჩებოდა. შეისვენა. ზევიდან ჯემალის ძახილი მოესმა. ვაჟამ ასვლას დაუჩქარა და ფეხი გაუფრთხილებლად გადადგა. სიბნელეში ხელი ვერაფერს მოჰკიდა და ჩამოცურდა. თოკმა გაქანება მისცა, მერე უფსკრულში ჩაეკიდა. ზევიდან კვლავ გაისმა ჯემალის ძახილი, ვაჟამ ამაოდ სცადა კუნთებზე აწევა, გაყინული ხელები თოკს ვერც კი ჩასჭიდა. ახლაღა იგრძნო ნამდვილი შიში. ასე დარჩენილს გაყინვით სიკვდილი ელოდა. როგორ არ უნდოდა, ეს რომ მომხდარიყო. მოაგონდა, რომ სულ ორიოდე თვის წინ სიკვდილს ნატრობდა, აქ კი, როცა შეუძლია, თვალის დახამხახებაში, მხოლოდ გამოეხსნას თოკს, ოდნავი ბიძგი და მორჩა - აქ ყველა კიდურით, მთელი სულით შეებრძოლა სიკვდილს. ნანობდა, მართლა გულით ლანძღავდა თავს მთაში წამოსვლისთვის. პირობას აძლევდა ყველას, იწყევლებოდა გულში, რომ ღმერთს, თუ იყო ასეთი, ან რაიმე განგებას, შემთხვევას, დაესაჯა მაგრად, უარესად, თუ კიდევ წამოვიდოდა. ან როგორ იფიქრა მაშინ სიკვდილზე, როცა სიცოცხლე ასე ტკბილი ყოფილა.
ვაჟა, კლდეზე ჩამოკიდებული, დონღუზ-ორუნის ჩრდილო კედელზე იღუპებოდა. უკვე მკაფიოდ შეიგრძნო, რაღაცა უჩვეულო ხდებოდა მის ცხოვრებაში. ხელები ისტერიკულად ჩაიწყო პირში და კბენდა, მერე შტურმოვკაზე უხახუნა. ამდენმა ღელვამ და მოძრაობამ გაათბო. აშკარად გრძნობდა ნამდვილ შიშს. მოეჭიდა კაპრონს და ორჯერ აიწია კუნთებზე. ისევ მოეშვა, კბილები ჩაავლო თოკს, ხოლო მარჯვენა ფეხის წვერით ოდნავ მიეყუდა კედელს. ორიოდე წუთი ასე ეკიდა. ვერაფერსა გრძნობდა, მერე რატომღაც გაახსენდა, რომ დედას, როცა კბილი სტკიოდა პატარობისას, თვითონ ლოყას დაადებდა ხოლმე და ურჩენდა. თვალებზე ცრემლი მოადგა, თავს კვლავ პირობა მისცა, მთაში აღარასოდეს წამოვიდოდა. უკანასკნელი ძალით გავიდა ყინულზე. იქ ხელი გაენასკვა. თვითონ არ ახსოვს, ჯემალამდე როგორ მივიდა.
- ბიჭო, ორი საათია. - უთხრა ჯემალმა.
- ორი?
- ჰო.
მერე ჯემალმა შავი დღისთვის შემონახული ორცხობილის ნატეხი გაუწოდა. ვაჟამ ჩაიდო პირში, მაგრამ ვერ დაღეჭა.
დატოვებულ თოკს უხმოდ აუყვნენ ღრმა თოვლში ორივენი. გზაზე მირიანი და ომარი შეხვდათ. უკან დაბრუნდნენ. ყინვა უჭერდა და უჭერდა, ცოტა ხნის შემდეგ ქარიც ამოვარდა. იმ ღამეს კარვებში არავის სძინებია.
მეორე დღეს, დღის თორმეტ საათზე თავდებოდა ალპური ბანაკი “ნაკრას” მიერ მიცემული საკონტროლო ვადა. ამ ვადის გადამცილებელს მწვერვალზე ასვლა არ ეთვლებოდა და შეიძლებოდა სპორტული წოდებაც ჩამოერთმიათ. უთენია ჯემალი და ვაჟა დაეშვნენ ბანაკისაკენ.
ნისლში გახვეულ მწვერვალზე ორი ნაბიჯის იქით აღარაფერი ჩანდა. დიდი სიფრთხილით მიიწევდნენ წინ. ნისლი უფრო გახშირდა. მოძრაობა შეუძლებელი ხდებოდა. ყინვამ დილით იმატა. ბიჭები გაჩერდნენ, მერე ნისლში ოდნავ შეიპარა სხივი, დაუბერა სამხრეთიდან ქარმა და თოვლის ფიფქებთან ერთად გარეკა ნისლი. დაიწყო ციცაბო ფერდობი. წინ ვაჟა წავიდა, უკან ჯემალი თოკის მთელ სიგრძეზე აკეთებდა დაცვას, ქვევით ვაჟა იცავდა და ახლა ჯემალი იწყებდა მოძრაობას ვაჟამდე, შემდეგ თოკის გათავებამდე - ქვევით. სამთო ფეხსაცმლის სამკავები კლდეზე იყო გაცვეთილი. წრიაპები ზევით დატოვეს, ფეხი უსხლტებოდათ. ახლა უკვე გაყინულ თოვლზე მიდიოდნენ. ვაჟამ დაცვა მოხსნა და წერაყინის ამოღებისას ფეხი დაუცდა, ჯემალმა მთელი ძალით სცადა წერაყინის ჩასობა, მაგრამ ყინულმა არ მიიღო, თოკმა დაქაჩა და ორივენი გააქანა ქვევით; ასიოდე ნაბიჯის მერე ნაპრალები დაიწყო. ჯემალი გადააფრინდა ზევიდან, ხოლო ვაჟა შიგ ჩავარდა, ზევიდან თოვლი დაეყარა.
ნაპრალში მოხვედრილმა ვაჟამ განძრევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ზევიდან თავისი ზურგჩანთა და თოვლი ეყარა, ახლა სუნთქვის აუცილებლობამ შეაწუხა, სველი თოვლით გამოევსო პირი. მარცხენა ხელი ოდნავ გაითავისუფლა და საიდანღაც შეისუნთქა ცოტა ჰაერი. მერე გრძნობა დაკარგა. დაცემის შემდეგ პირველი ჯემალი გამოერკვა და წვალებით წამოდგა, თავბრუ ეხვეოდა. მექანიკურად მიჰყვა თოკს და ნაპრალში ჩაიხედა; თოკის ბოლო თოვლში იყო ჩაფლული, მოქაჩა, ახლაღა შეიგრძნო, რომ თოკის მეორე მხარეს ვაჟა უნდა ყოფილიყო მობმული. უფრო ძლიერად მოქაჩა თოკს, მერე ნაპრალში ჩაეშვა. ზურგი მაგრად მიაბჯინა ერთ მხარეს, ხოლო ფეხები მეორეს. წერაყინით დაიწყო თხრა. პირველი შეგრძნება ვაჟასი იყო, რომ ჰაერი ღრმად შეისუნთქა და მარჯვენა ხელმა ჩხვლეტა დაუწყო. რატომღაც გაეღიმა. უცებ ისევ მოეღუშა სახე, შეეშინდა გაგიჟების. როგორც იყო, ამოვიდა ზევით. უხმოდ გადაეხვივნენ ერთმანეთს.
ერთი საათის სიარულის შემდეგ გზის რთული ნაწილი უკან მოიტოვეს.
ამოვიდა მზე. ხეობაში ჩამოცხა. მოყინულმა ნაწილებმა ტკივილი დაუწყეს. ათი საათი გახდა. თითქმის მირბოდნენ ორივენი. ვაჟას ნაპრალში ნატკენი ფეხი ასტკივდა. გაოფლიანდნენ. ახლა სისველე ზურგს ღარივით ჩაჰყვა და საცვალი ამოეკრო ლაჯებში. ძლივს სუნთქავდნენ სიმაღლედაკარგულები. ვაჟას ფეხი აეწვა, კანმა დაუწყო ოფლისაგან გადაქლეშა. ახლა გზა ტყეში შევიდა. ქინქლები ოფლიან შუბლზე ეკრობოდნენ, კისერში ტყის ქერცლი უცვივოდათ. ვაჟა დაიმანჭა, ფეხი უფრო ასტკივდა. გულში ბრაზობდა, რომ ამდენი სიძნელის მერე წესიერად, ნელი ნაბიჯით მისვლაც კი არ შეეძლოთ ბანაკში. სიცხემ იმატა. ოფლში გაიღვარნენ, საშინლად მოსწყურდათ. ჯემალმა წყაროსკენ გაიწია, მერე საათს დახედა და ნაბიჯის შეუნელებლივ წინ გასწია; უკან ვაჟა მიჰყვებოდა. საშინლად მოსწყინდა ყველაფერი და ძალიან მოუნდა ხახვი; მესამე დღე იყო, რაც არ ეჭამათ. მან სიჩუმე ვეღარ აიტანა.
- ჯემალ, ბიჭო!
- რა?
- რას ინატრებდი ახლა?
- ნიორს და პურს, შენ?
- მე ხახვი მინდა, გალეტთან ერთად.
- ჰო, კარგი იქნებოდა.
- რამდენი დაგვრჩა დრო?
- თხუთმეტი წუთი.
ბიჭებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს. ფეხის ტკივილს ვეღარა გრძნობდა ვაჟა. მხოლოდ ხუთი წუთი დააგვიანდათ ბანაკში შესვლა. მთელი ხალხი გამოეგებათ გზაზე. დიდი სიხარული იყო. ვაჟამ ანგარიში ჩააბარა ბანაკის უფროსს, მერე ორივენი ამხანაგებმა გაიტაცეს. ვაჟა სიამოვნებით წამოწვა და ფეხები საწოლის თავზე შეაწყო. არ ეძინებოდა. ექიმმა ხახვი და პური მოუტანა სხვა გემრიელ საჭმელთან ერთად. მალე კარავი დაცარიელდა, მხოლოდ ბარიდან ამოსული მისი მთამსვლელი მეგობარი დარჩა, რომელმაც სიხარულით დაიწყო:
- ვაჟა, უნდა გაგახარო.
- შენ იცი, - ვაჟას გაეცინა, - რითი?
- ტრავერსი დაამტკიცეს, ხვალ-ზევით გავდივართ.
ვაჟა წამოჯდა საწოლზე, მერე გადაკოცნა ძმაკაცი.
- ჩქარა, ბიჭო, მალამო, ფეხი მოვირჩინო, თუმცა დღენახევარში მაინც მომირჩება.
- რო არ მორჩეს?
- რას ამბობ.
ვაჟამ ხახვი ჩაკბიჩა, მერე პური დააყოლა და მჟავე წყალი სიამოვნებით მოწრუპა.

წელი 1956. აგვისტოს 29. სექტემბრის 18.


შენიშვნები

შავი ავტოგრაფი დასათაურებულია. დათარიღებულია სხვადასხვანაირად. პირველი თარიღი წერია თავფურცელზე სათაურის შემდეგ და ჩასმულია ბრჭყალებში: „წელი 1956. აგვისტოს 29.” მეორე თარიღი წერია ხელნაწერის 35-ე გვერდის ბოლოს, გადაშლილი აბზაცის ზევით პატარა ასოებით: „ათონი. წელი 1956. აგვისტოს 29” და სავარაუდოა, რომ ჩაწერილია ბოლო აბზაცის გადაშლის შემდეგ, მესამედ თარიღი წერია 37-ე გვერდის ბოლო კიდეში უფრო პატარა ასოებით: „ათონი. წელი 1956. აგვისტოს 28.” როგორცა ჩანს, იმიტომ, რომ დატეულიყო იმავე გვერდზე. მეოთხე თარიღი წერია ცარიელი გვერდის დასაწყისში, მსხვილი ასოებით და ციფრებით: „წელი 1956. სექტემბრის 17”. „ასვლა” დათარიღდა: 1956 წლის 29 აგვისტო - 17 სექტემბრით.
არქივში „ასვლის” 35 გვერდი ინახებოდა ერთად. 36-49 გვერდები გაბნეული იყო სხვადასხვა საქაღალდეში. ავტოგრაფზე დაკვირვების შედეგად აღდგენილია „ასვლის” დაწერის სავარაუდო თარიღი. თავდაპირველად დაიწერა 37 გვერდი თავისი თარიღით ტექსტის ბოლოს (29 აგვისტო).
მაშინ ტექსტი ასე მთავრდებოდა: „საღამოსათვის მთელი ჯგუფი მოვიდა ბანაკში. ვაჟასა და ჯემალს კი დიდ კარავში ტკბილად ეძინათ.” შემდეგ ისევ 29-შივე გადაშლილია 35-ე გვერდის ბოლო აბზაცი და თარიღი ხელმეორედაა დაწერილი: „ათონი. წელი 1956. აგვისტოს 28.” ამ შემთხვევაში მოთხრობა მთავრდებოდა ასე: „უთენია ჯემალი და ვაჟა დაეშვნენ ბანაკში.” ასეთი ცვლილების შემდეგ 36-37 გვერდები საერთოდ ამოვარდა და ამიტომაც ინახებოდა სხვა გაბნეულ ფურცლებთან ერთად. ამ გვერდებს მამას ხელით აწერია: „ეს „ასვლა” უნდა აყოს.” 41-ე გვერდზე დაწერილი თარიღიდან ირკვევა, რომ „ასვლაზე ” მუშაობა გურამმა განაახლა 17 სექტემბერს. ეს იგრძნობა ხელწერიდანაც. როგორცა ჩანს, ის არ დაკმაყოფილდა „ასვლის” ფინალით და ვაჟასა და ჯემალის ბანაკში დაშვების ამბავი განაგრძნო სიტყვებიდან: „ნისლში გახვეულ მწვერვალზე ორი ნაბიჯის იქით არაფერი ჩანდა...”. ასე გაჩნდა ახალი 36-37 გვერდები, რამაც თავდაპირველად გამოიწვია გაუგებრობა. ეს ვარიანტი (იხ. ნაბეჭდი ტექსტი) ჩავთვალე მწერლის ბოლო ნებად.
პირველი ვარიანტის დასასრული:
„შევიდნენ ბანაკში. მთელი ბანაკი გამოეგება. გოგონები კოცნიდნენ, შემდეგ ჯემალმა პატაკი ჩააბარა. ბიჭებმა ბარგი ჩამოართვეს და ორივენი ჭამამდე აბანოში გააქანეს. ბარიდან ამოსული მთამსვლელი, ბავშვობის ძმაკაცი, ვაჟას აბანოში ამბავს აყოლინებდა:
- ბიჭო, მაგრა გიწვალიათ.
- აბა, კაცო.
- გოგოებმა გაგტანჯეს, ალბათ.
- არა.
- მაშ?
- არავინ, თოვლი იდო კლდეზე.
- მართლა, ვაჟა, გაგახარო, გუშინწინ თბილისში ალპური კლუბის სამარშრუტო კომისიაზე ჩვენი შხელდა-უშბის ტრავერსი დაამტკიცეს და 2000 ფული მოგვცეს.
- რას მეუბნები, მართლა?
- აბა, ტყუილს ხომ არ გეტყვი, ხვალზევით მივდივართ.
- გაუმარჯოს, გვეყო ბანაობა, მომშივდა, თან გადაქლერთილ ფეხებს ექიმს მოვარჩენინებ, რომ ყველაფერი დროისათვის მოესწროს.
- მაშ, წავედით, ბიჭები უშხვანარში ავლენ პირდაპირ.
- გინდა, მაშ ხვალვე გავიდეთ აქედან.
- ვნახოთ, ვნახოთ. - გურამმა მოუარა და ახლა ზურგი დაუზილა ღრუბლით. საღამოსათვის მთელი ჯგუფი მივიდა ბანაკში. ვაჟას და ჯემალს კი დიდ კარავში ტკბილად ეძინათ.
წელი 1956, აგვისტოს 29.”
პრობლემური იყო თავფურცელზე მოცემული დღიურის ფუნქციის გადაწყვეტაც: ჩვეულებრივი დღიურია, თუ მხატვრული ფაქტი! (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის)
დღიურის დაწერის თანმიმდევრობა ასე მესახება: 29 აგვისტოს დაწერა „ასვლის” 37 გვერდი თავისი თარიღით, შემდეგ გაუკეთა თავფურცელი სათაურითა და დღიურით. დღიურში აისახა რეალური დღე და მისი განწყობა წერის დასრულებისას. თუმცა ჩანაფიქრში, ამ დღიურის გრაფიკული გაფორმების მიხედვით, ის თავიდანვე ეპიგრაფად უნდა ყოფილიყო ჩაფიქრებული.
თავფურცელზე მოთავსებული დღიური:
„ვწერდი ორი დღე. დღეში ორ-ორი საათი.
მომწყინდა, ალბათ, წამკითხველსაც მოაწყენს თავს.
ცხელა უღმერთოდ. ნოდარი და შურა (შურა მღებრიშვილი, გურამის უმცროსი მეგობარი.) წავიდნენ გოგოებთან. უნდა ვისადილო.
შოთა მირიანაშვილის მოგონებებიდან. ასვლა მწვერვალ დონღუზ-ორუნზე 1954 წლის ზაფხულში: “შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ მწერალი გურამ რჩეულიშვილი მთამსვლელობით იყო გატაცებული და საინტერესო ასვლებიც ჰქონდა შესრულებული. ჩვენ ერთად ბევრი მწვერვალი დაგვილაშქრავს კავკასიონზე. გურამის ერთ ნოველას საფუძვლად ის პერიპეტიები დაედო, რომელიც თან ახლდა ალპინისტურ ბანაკ “ნაკრას” თანრიგოსანთა 15 კაციან რაზმს, კავკასიონის ერთ-ერთ ულამაზეს და ამავე დროს გოროზ მწვერვალ დონღუზ-ორუნზე (4447მ), მე-4 კატეგორიის სირთულის გზით ასვლისას 1954 წლის ზაფხულში. რაზმში სამი სპორტული ჯგუფი შედიოდა. გურამი ერთ-ერთის წევრი იყო, მე კი რაზმის საერთო ხელმძღვანელი. ასვლა მეტად რთულ მეტეოპირობებში მიმდინარეობდა. 15 კაციდან ქართველები ექვსნი ვიყავით (გურამ რჩეულიშვილი, გივი აბაშიძე, გიორგი მახვილაძე, ომარ ბერაძე, ლევან ღლონტი და მე). დანარჩენი მონაწილეები სსრკ სხვადასხვა ქალაქების წარმომადგენლები იყვნენ (მოსკოვი, კიევი, ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი). მარშრუტის მთელი მწვერვალისწინა მონაკვეთზეა. თითქმის ვერტიკალური კლდოვანი ქედი, ჩაყინული კლდეებით, ავდარში (ძლიერი ქარი, ნისლი და დაბალი ტემპერატურა) მეტად სერიოზული დაბრკოლება აღმოჩნდა რაზმისათვის, რომლის მონაწილეთა უმთავრესობისათვის ასეთი სირთულის მარშრუტი პირველი იყო. როცა მე (გურამი ჩემს უკან მოდიოდა) ეს მონაკვეთი გავიარე და ყინულოვან “გუმბათზე” გავედი, საიდანაც მწვერვალამდე 3-4 თოკი იყო დარჩენილი, შემომესმა, რომ ქვემოთ მეტად სერიოზული სიტუაცია შეიქმნა და საჭირო იყო სასწრაფო ზომების მიღება. მწვერვალამდე დარჩენილი გზის გაკვალვა გურამს მივანდე, მეკი სასწრაფოდ ქვემოთ დაშვება დავიწყე. გვერდი ავუარე თოკზე “ჩურჩხელებივით” ჩამოკიდებულ რამდენიმე მონაწილეს, რომლებმაც არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, თუ ქვემოთ რეალურად რა ხდებოდა. დავაიმედე ისინი მწვერვალის სიახლოვით, მივეცი მითითება, რაც შეიძლება სწრაფად ევლოთ და დაშვება განვაგრძე. რაც უფრო ქვემოთ ჩავდიოდი ჩოჩქოლის, ოხვრა-გმინვის და ტირილის კაკაფონია უფრო ხმოვანი და შემზარავი ხდებოდა. ერთი სული მქონდა, გამერკვია თუ რაში იყო საქმე. საოცრად ტრაგიკული და ამავე დროს კომიკური სურათის მოწმე გავხდი. თოკზე უმწეოდ იყო ჩამოკიდებული გიგი აბაშიძის ჯგუფის წევრი - არნოლდი, მის გარშემო კლდეებზე თავი მოეყარა 5 თუ 6 მონაწილეს, რომლებიც პანიკას მოეცვა. გიგის ვარაუდით მარშრუტის სირთულით და უაღრესად არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეულმა დაძაბულობამ ბოლომდე გატეხა არნოლდი, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, რის გამოც ასვლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. როცა მე მას მივუახლოვდი, იგი სრულ აპათიაში იყო და არაფერზე რეაგირებდა. როგორც ჩანს, ამ ფაქტის უშუალო შემხედვარებს თავზარი დასცემოდათ, ვითარება სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვდა, მითუმეტეს, რომ დღე იწურებოდა და შესაძლო იყო, რომ რიგ მონაწილეს მწვერვალისათვის ვერ მიეღწია. ასეთ სუსხიან ამინდში, თითქმის 4356 მეტრის სიმაღლეზე, უკარვოდ ღამისთევა კი კარგს არაფერს გვიქადდა. ზურგჩანთიდან თოკი ამოვიღე, გიგის ჩავაბი და ვთხოვე, არნოლდის ზემოთ “ასაყვანად”, დამოუკიდებული დაცვა მოეწყო კლდისა და ყინულის გასაყარზე - კლდოვანი თხემის თავზე. ვინაიდან თოკები კარგად იყო დამაგრებული, ერთმანეთის მოყოლებით (3-4 მეტრის დაცილებით) გავუშვი დარჩენილი მონაწილეები ზევით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ზემოდან სრულ ინფორმაციას მაწვდიდნენ. ამასობაში გიგის დათქმულ ადგილამდე ავიდა, თოკი საიმედოდ დაამაგრა და არნოლდის ზევით ათრევის სხვა საორგანიზაციო სამუშაოებიც შეასრულა. იმავდროულად გურამი ჯიუტად მიიწევდა მწვერვალისაკენ - საფეხურს საფეხურზე ჭრიდა კრიალა ყინულზე. როცა ყინულის ფერდი თოვლის ფერდში გადავიდა და დახრილობამაც კლება იწყო, გურამმა თოვლი დატკეპნა, წერაყინი ღრმად დაარჭო და საიმედო დაცვა მოაწყო. ერთბაშად ამოძრავდა მთელი რაზმი. მონაწილეთა ნაწილი მწვერვალისაკენ დაიძრა, დაიწყო აგრეთვე არნოლდის გადარჩენის უნიკალური ოპერაციაც. საჭირო იყო 70 კგ წონის მქონე ადამიანის და მასთან ერთად 10-12 კგ წონის . . ზურგჩანთის 45-50 მეტრის სიმაღლეზე ატანა, ტექნიკურად რთული კლდოვანი რელიეფის, უამინდობისა და სიბნელის პირობებში. ცხადია, ასეთი რთული ამოცანის გადაწყვეტა მთამსვლელთა გამოცდილებაზე და მათ შერწყმულ კოლექტიურ მოქმედებაზეა დამოკიდებული. მე ქვემოდან ვმოქმედებდი. ჩემი ძირითადი ამოცანა იყო, არნოლდი ისე აგვეყვანა, რომ გზაში არაფერი დამართნოდა. საჭირო იყო მის სიახლოვეს ყოფნა და თვალყურის დევნება, რათა მას თავი კლდისათვის არ წაეკრა, ფეხი და ხელი არ მოეტეხა, ზურგჩანთა არ გამოსდებოდა კლდის უამრავ შვერილებს. დაზარალებულის ზემოთ აყვანა ჩემი კარნახით ხორციელდებოდა. ყოველ კონკრეტულ ვითარებაში ზემოთ მყოფთ უნდა სცოდნოდათ, რამდენი მეტრის აწევის შესაძლებლობა იყო. გავწვალდით, მაგრამ არნოლდი უხიფათოდ ავიყვანეთ ზემოთ. მის სიცოცხლეს უკვე აღარაფერი ემუქრებოდა. როცა ამ რთულ მონაკვეთზე სამაშველო ოპერაცია დავამთავრეთ, მონაწილეთა უმრავლესობა უკვე მწვერვალზე იყო და კარვებს დგამდა. მწვერვალამდე “გზა” ისე იყო დამუშავებული, გეგონებოდათ, რომ აქ სულ ცოტა ხნის წინ მუხლუხა ტრაქტორს გაევლო. ცხადია, ეს გურამის გმირული ნამოქმედარი იყო. ისე ვიყავი მუშაობაში ჩართული, მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ ცა მოწმენდილიყო, ვარსკლავებით იყო მოჭედილი და, რაც მთავარია, გვიანი ღამე იყო. ამ ადგილიდან არნოლდის მწვერვალამდე აყვანა, უფრო სწორი იქნება - ასრიალება, აღარ გაგვჭირვებია.
“დონღუზ-ორუნი” უზარმაზარი მასივია. თავზე მოზრდილი ყინულის ქუდი “ახურავს”, რომელიც ჩრდილოეთისაკენ მიცოცავს და ბუნების განუმეორებელ საოცრებას ქმნის - ყინულის კარნიზს, რომელიც 2 კილომეტრის სიმაღლიდან მრისხანედ დასცქერის არე-მარეს.
“დონღუზ-ორუნს” გვერდს მწვერვალი “ნაკრა” უმშვენებს, კავკასიონის კიდევ ერთი საოცრება. ერთად კი ისინი ბუნების გრანდიოზულ ანსამბლს ჰქმნიან. დრო და დრო “დონღუზ-ორუნის” ყინულის ქუდს, რომლის სისქეც ზოგ ადგილას 70 მეტრს აღწევს, წყდება ყინულის მასა და საზარელი გრუხუნით თავქვე მიექანება ხან მომცრო, ხან საშუალო, ხან კი ყოვლისწამლეკავი ზვავის სახით.
ის ღამე, ცხადია, მწვერვალზე გავათენეთ. დაშვების გზა გაცილებით იოლი იყო (მე-2 კატეგორიის სირთულე), იგი მწვერვალიდან ზემო სვანეთის ერთ-ერთ ულამაზეს ნაკრას ხეობაში ეშვება. სწორედ ამ ხეობის შუაგულში მდებარეობდა ჩვენთვის ახლა ყველაზე სანატრელი ალპინისტური ბანაკი “ნაკრა”, რომელიც სპორტსაზოგადოება “ნაუკას” ეკუთვნოდა.
ვისაც ალპინისტური ბანაკის ცხოვრებასთან შეხების წერტილი ჰქონია, კარგად იცის, როცა ბანაკიდან ჯგუფი ასვლაზე გადის, მას უკანდაბრუნების საკონტროლო ვადას უნიშნავენ. ჯგუფის მხრიდან საკონტროლო ვადის გადაცილება აღიქმება უბედურების მაუწყებელ ნიშნად. ასეთ ვითარებაში საკონტროლო ვადის გასვლამდე ერთი საათით ადრე, ბანაკიდან ჯგუფის დასახმარებლად გადის მაშველთა პირველი ჯგუფი, ხოლო საკონტროლო ვადის გასვლის შემდეგ - მთელი რაზმი, რაც ცხადია, ბანაკის მუშაობის რეჟიმს მნიშვნელოვნად არღვევს. ფაქტობრივად ბანაკის მთელი ძალისხმევა ამ მომენტიდან განსაცდელში ჩავარდნილი ჯგუფის გადარჩენაზეა კონცენტრირებული. საკონტროლო ვადა ჩვენს რაზმს მეორე დღის 12 საათზე გაუდიოდა. დონღუზ-ორუნის წვერიდან ბანაკ ნაკრამდე სულ ცოტა 8-10 საათის სასიარულო გზა იყო. ვინაიდან რაზმი საკმაოდ დაქანცული იყო, გადავწყვიტე, ქვემოთ დილის 4 საათზე, ოთხი შედარებით ნაკლებად დაღლილი და გამოცდილი მონაწილე გამეშვა. იმ ოთხში გურამიც იყო, ხელმძღვანელობა კი ლევან ღლონტს დავაკისრე. ბანაკის სასწავლო ნაწილის უფროსის სახელზე შევადგინე წერილი, სადაც მოყვანილი მქონდა დაგვიანების მიზეზები (უამინდობა, მარშრუტის ცუდი მდგომარეობა და ა.შ.) და ვითხოვდი საკონტროლო ვადის გადავადებას 18 საათამდე. ლევანს ხელმძღვანელობა იმ მოსაზრებით ვანდე, რომ მას ““დონღუზ-ორუნზე” მე-2 კატეგორიის სირთულის მარშრუტი წინა წლებში არაერთხელ ჰქონდა გავლილი.
ღამე ცუდად მეძინა, სულ საკონტროლო ვადაზე ვფიქრობდი, ვწუხდი იმის თაობაზე, რომ შესაძლო იყო, 11 საათამდე ბიჭები ბანაკში ვერ ჩასულიყვნენ.
დილის ოთხი სრულდებოდა, როცა ლევანი ჩემს კარავთან მოვიდა და მითხრა - ბიჭები დასაშვებად მზად არიანო, ხოლო ჩვენი კარავი თქვენ წამოიღეთო. კარავიდან გამოვედი, ირგვლივ ყველაფერი ნისლში იყო გახვეული - 5 მეტრის იქით არაფერი ჩანდა, ამ გარემოებამ კიდევ უფრო მომიტანა საფიქრელი - გააგნებს კი ლევანი დაშვების გზას? ჯგუფს უკანასკნელი დარიგება მივეცი და კარავში დავბრუნდი. კარგა ხანს ვერ დავიძინე, ბოლოს ჩავთვლიმე. ჯგუფის წასვლიდან რა დრო გავიდა არ ვიცი, როცა გარედან ხმები შემომესმა.
გამიკვირდა, ასე ადრიანად ვინ ადგა-მეთქი. კარვიდან გამოვეხმაურე, გარედანაც მიპასუხეს. რამდენიმე წამში კარვის კარის ზედა ნაწილში ვიღაცის თავი გამოჩნდა. სახე ვერ გავარჩიე, წამოვჯექი და დავაკვირდი, წამიც და, ვიცანი კიდევაც. ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იმ თავში ლევან ღლონტი შევიცანი. გონება დამიბნელდა, უბედური შემთხვევების საზარელი სურათები წარმომიდგა თვალწინ. ლევანს დავაშტერდი, მინდოდა, მისი სახის გამომეტყველებაში მისი მოულოდნელი გამოჩენის მიზეზი ამომეცნო, კარავში ბინდი იყო, ლევანის სახე რაიმე დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას არ იძლეოდა … მოგვიანებით მივხვდი, რომ არც ლევანმა იცოდა სად იმყოფებოდა, ან ვის ელაპარაკებოდა. ლევან, შენ აქ რა გინდა-მეთქი, - შეპარვით შევეკითხე. ჩემი ხმის გაგონებაზე ლევანი შეკრთა და გაკვირვებული დამაშტერდა. შოთა ხარო! კარავთან კიდევ რამდენიმე კაცის მოსვლა ვიგრძენი. ხმებზე ვიცანი. ქვემოთ გაგზავნილი ჯგუფის წევრები იყვნენ. როცა მათ უხიფათობაში დავრწმუნდი, ლევანს უკან დაბრუნების მიზეზი ვკითხე. ჯგუფის სხვა წევრების მონათხრობიდან მივხვდი, რომ ბურუსში მათ გზა დაებნათ და მწვერვალის პლატოზე თითქმის ორი საათის ხეტიალის შემდეგ, ჩვენ კარვებს წააწყდნენ. ახლა კი მთელი სიცხადით შევიგრძენი საკონტროლო ვადის გადაცილების საშიშროება. სასწრაფოდ წამოვყარე რაზმი, ავკეცეთ კარვები და დაშვება დავიწყეთ. მწვერვალი კვლავ სქელი ნისლით იყო დაფარული. უკვე გათენებულიყო და თოვლის საფარს აქა-იქ ძველი კვალის ნიშნები აჩნდა. სწორედ ესენი ავიღე ორიენტირად და სულ მალე ბანაკში დასაშვებ გზას დავადექით. როცა სახიფათო გზა უკან დაგვრჩა და მყინვარიც თითქმის ჩავათავეთ, ლევანის ჯგუფი წინ გავუშვი, დავაბარე, რომ ბანაკამდე სირბილით ევლოთ, რათა მაშველი რაზმის მეწინავე ჯგუფს რაც შეიძლება ახლოს შეხვედროდნენ. როგორც ბანაკში დაბრუნებულებმა გავიგეთ, ხეობაში ჩასვლის შემდეგ, ლევანს გურამისათვის მიუნდვია ბანაკში ამბავის ჩატანა. მასაც თავი არ დაუზოგავს და ჩვენს საშველად გამოსულ მაშველებს ბანაკის ახლოს შეხვედრია. როცა მეწინავეებმა ამის შესახებ რაციით აცნობეს ბანაკს, მაშველთა ძირითადი ბირთვი უკვე მზად იყო გამოსასვლელად. ეს კი ალპინისტურ ენაზე იმის მაუწყებელი იყო, რომ ჩვენ საკონტროლო ვადა არ დაგვირღვევია. თუმცა ფორმალურად ამისათვის აუცილებელი იყო ჩემი ოფიციალური წერილი, რომელიც გურამმა ადრესატს (სასწავლო ნაწილს) ცოტა მოგვიანებით გადასცა. ასე დასრულდა დონღუზ-ორუნის პერიპეტიები.”
არქივში ინახება მწერლის ალპინისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებული რამდენიმე საბუთი: ალპინისტის სააღრიცხვო ბარათი, გაცემული 1956 წელს. ამ ბარათში აღნიშნულია, რომ 1953 წელს გურამ რჩეულიშვილმა მიიღო მონაწილეობა სტაჟიორად საუნივერსიტეტო ალპინიადაში. 1954 და 1955 წელს მიიღო მონაწილეობა ისევ საუნივერსიტეტო ალპინიადებში უკვე ინსტრუქტორად. ჩამოთვლილია 18 დაპყრობილი მწვერვალი. აქვე აღნიშნულია, რომ ის ფლობს სათხილამურო სპორტს და აქვს თანრიგი ფრენბურთში. მეორე ბარათი მოწმობაა. მოწმობაში წერია, რომ სახ. უნივერ. არსებული სპორტული კლუბი აჯილდოვებს ისტ. ფაკ. მეოთხე კურსის სტუდენტს გურამ რჩეულიშვილს კავკასიონის უძნელესი მწვერვალის დაპყრობისათვის და ალპინისტურ ბანაკ „ნაკრაში” კარგი მუშაობისათვის. მოწმობა გაცემულია ალპიურ კლუბში წარსადგენად. აღნიშნულია 14 დაპყრობილი მწვერვალი. მესამე მოწმობით ირკვევა, რომ გურამი იყო საქართველოს ალპიური კლუბის უმცროსი ინსტრუქტური.
თავფურცელზე კალმისტრით, სხვა ხელით წერია შენიშვნები მბეჭდავისათვის.
პირველად დაიბეჭდა 1961 წელს წიგნში „სალამურა”.

??????