ბაიათი თარზე
ბინდბუნდში ცხენოსნებმა ალყა შემოარტყეს მიწურს, მერე ჩამოქვეითდნენ და ხოხვით წავიდნენ სახლისაკენ. ერთმა თავი წამოსწია. შაშხანის ტყვიამ ტვინი გაუხვრიტა. უხმოდ დაეცა ბუჩქის ძირას. უკვე კარგად გათენდა. მოალყეებმა რკალი უფრო შეავიწროვეს. თავის აწევას ვეღარავინ ბედავდა. გაისმა ჭიხვინი. გამოსროლილმა ხელყუმბარამ ექვსამდე მილიციელი ადგილზე დააწვინა; გარღვეულ რკალში ოთხით გაიჭრა ცხენი და ზედ მჯდარი დათვიკა გოგოჭური გაიტაცა. მილიციელები გონს მოვიდნენ. ზედიზედ იღებდნენ ნიშანში გაქცეულს, მაგრამ უშედეგოდ.
ხევში კიდევ გავარდა თოფი.
უვნებლად დარჩენილები ცხენებს მოახტნენ:
მდინარის იქით ფაფარაშლილი, უმხედრო ულაყი გარბოდა.
წყლის პირას მკერდგაპობილი გოგოჭური ეგდო. მას თავზე დილითვე ჩამორჩენილი მილიციელი წამოსდგომოდა.
- კარგი ვაჟკაცი კი იყო. - თქვა მან.
- აბა, კაცო, შვიდი წელი იმალა.
- ვინ იცის, რამდენი შეიწირა.
- დაუნდობელი კი იყო.
- სიკვდილისაც არ ეშინოდა, მაგას რო ალყები გაურღვევია, ტყუილია.
- ომში წასულიყო ერჩივნა, უეჭველად გმირი გახდებოდა.
- აბა, კაცო, მაგის გამბედაობით.
- რა ვიცი, კაცო, დეზერტირობისათვის კი გავარდა ყაჩაღად და... - თქვა დილითვე ჩამორჩენილმა.
ზევიდან ბალანგაცვენილი ცხენი ჩამოიყვანეს. ვეება ვაჟკაცი გარდიგარდმო გადეს უნაგირზე და თოკით დააკრეს.
- მოერიდე მაგათ.
- ერთი მაგათი.
- მე მითქვამს.
- რას მიზამენ, დანის არ მეშინია.
- სიკვდილის? - დათუნამ სავარძელში მოიკალათა.
- არა, - ვაჟამ თავქვეშ მუთაქა ამოიდო და ბოლი ჭერში გაუშვა.
დათუნას ჯერ ჩაეღიმა, მერე სავარძელში უფრო ქვევით ჩაცურდა. “ჩემი ძმაკაცი რო არ იყოს, ტრაბახი მეგონებოდა”, გაიფიქრა თავისთვის.
- დათო, - დაიწყო ვაჟამ, - გახსოვს, შარშან მატარებელში მთვრალებს ორი დანა წავართვი.
დათომ თავი დაუქნია, მერე წყალი დაისხა.
ვაჟა განაგრძობდა: - ხო გახსოვს, არა? ერთი წუთით არ შემშინებია, - მან პაპიროსი გააბოლა, ბოლი ნელა წავიდა ლამფისაკენ და ზევით გაიშალა. პატარა ოთახში ქულები ჩაეწყო. ორივენი დუმდნენ. “სხვამ რო გაიგონოს, ტრაბახი ეგონება, თუმცა, სხვასთან არც იტყოდა; ვერ გამიგია, ჩხუბის არც მე მეშინია, დანას კი გავურბივარ”, ფიქრობდა დათო. სიჩუმე არ ირღვეოდა. მხოლოდ გაზეთილ თაროზე საათი ტიკტიკებდა. დათომ ერთხანს ყური მიუგდო ხმაურს; ისევ გაერთო ფიქრებში, საათის ხმა აღარ ესმოდა.
ვაჟას ჩამქრალი პაპიროსი ედო პირში. უკვე მეათე მოსწია: უზომოდ სიამოვნებდა ბოლი. კიდევ უნდოდა მოწევა, მაგრამ თამბაქო მეორე ოთახში იყო და გასვლა დაეზარა.
საათი ტიკტიკებდა.
არც ერთს არ ესმოდა მისი ხმა. დათო არაფერზე აღარა ფიქრობდა. ვაჟას ჯერ ბუნდოვნად მოაგონდა წინა დღის ამბავი, მერე ნათლად დაუდგა თვალწინ.
წინა დღეს აისრულა ორი წლის ნატვრა. ორი წელი უყვარდა ლეილა. ვინ იცის, რამდენჯერ დააპირა მისვლა, მაგრამ ვერ გაბედა. გაეღიმა: დანის არ შინებია, ის გოგო კი, წაბლისფერი თმითა და დიდი, გაკვირვებული თვალებით, ყოველთვის აშინებდა. გუშინაც როგორ გაბედა, ის იყო საკვირველი. სწორედ მისვლამდე ორი საათის წინ იმავე ქუჩაზე ძველ მტრებთან მოუვიდა ჩხუბი. ისინი ოთხნი იყვნენ. ერთი ძლივს იდგა ფეხზე. სამნი დაეხვივნენ მოულოდნელად. ვაჟა პირველი დარტყმისაგან ცოტა დაიბნა, მიხვდა, რომ მარტო ღონით ვერაფერს გახდებოდა: ერთს გაქნეული ფეხი დაუჭირა, ნიკაპში მოარტყა. რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. გამოუდგნენ. წინ მაღალი მორბოდა. ვაჟამ მოქნეული მუშტი აიცილა და ცხვირში დაარტყა, მერე მეორეს მიუბრუნდა, იმას ნიკაპში უმარჯვა. ის წაიქცა. მესამემ მთელი ძალით მოუქნია, კედელთან მდგარმა ჩაბუქნა მოასწრო. მუშტი აგურს მოხვდა. მან დაბნეულობით ისარგებლა: ერთი მუცელში დარტყმით იქვე დააგდო. მაშინ მაღალმა ნაგანი დააძრო. ვაჟამ ფეხსაცმლის წვერი აარტყა მაჯაში: იარაღი ჟღარუნით დაეცა ქვაფენილზე. სწრაფად დასწვდა: იკადრეს მთვრალებმა გაქცევა. ვაჟა იდგა და სიამოვნებდა, რომ მათ ასე ადვილად სცემა. ტუჩიდან სისხლი სდიოდა, როგორც იყო, შეიშრო ცხვირსახოცით, მერე გახეთქილი ადგილი მოილოკა. სისხლი ისევ წამოუვიდა. იარაღი ჯიბეში ჩაიდო.
გრძელი, დამშვიდებული ნაბიჯებით დაუყვა ქუჩას. მარჯვენა ასახვევში ცხოვრობდა ლეილა. ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ შეხვედრია, მაგრამ მისვლა ვერ გაბედა ვერც ერთხელ. მის გახსენებაზე ააკანკალა. მოეჩვენა, რომ წინიდან ლეილა მოდიოდა, ოდნავ შეკრთა.
სიბნელეს დააკვირდა.
ახლა უკვე ეჭვი აღარ იყო: მეორე ქვაფენილზე ის მოდიოდა. ვაჟამ იარაღი მოსინჯა, ლეილა თითქმის გაუსწორდა, როცა უნებლიეთ მისკენ წავიდა. აღარაფერი აღარ ახსოვდა, მხოლოდ გრძნობდა, რომ გახეთქილი ტუჩიდან ჩამოსული მლაშე სისხლი პირში ჩასდიოდა და სიამოვნებდა.
ლეილა თითქმის გაჩერდა. ვაჟი პირდაპირ მიდიოდა მისკენ.
მივიდა.
- მე, - ვაჟამ ენით მოიწმინდა ჩამოღვრილი სისხლი, - ჯანდიერი ვაჟა ვარ, თქვენ, ალბათ, არც კი მიცნობთ.
გოგონა ჯერ შეშფოთდა. მერე უხერხულად გაიღიმა, დიდი, გაკვირვებული წამწამები დაახამხამა.
- როგორ არა, თქვენ ხომ ჩვენს ინსტიტუტში სწავლობთ.
- დიახ, დიახ, მე ჯანდიერი ვარ, - ისევ დაიბნა, - არა, მე თქვენ მიყვარხართ, დიახ.
გოგონა ოდნავ აიწია თითის წვერებზე, გრძელი წამწამები დაახამხამა. ვაჟმა ბოდიში მოუხადა, მერე გაჩუმდა. ლეილა ცოტა ხანს დაბნეული იდგა.
- ნახვამდის, - თქვა მან და ქუჩაზე დაეშვა. დიდხანს უყურა ვაჟამ დაცარიელებულ ქვაფენილს, ძლივს იგრძნო, რომ ის იქ აღარ იყო. აღელდა: როგორც იყო, აისრულა ორი წლის ნატვრა, მივიდა, ელაპარაკა, მერე ვის? ლეილას.
უზომოდ მოუნდა მოძრაობა, ყვირილი, ჩხუბი. ახლა ფეხარეული ჩაუყვა ქუჩას: წინიდან ისევ ის მთვრალები მოდიოდნენ. ერთს დანა ეჭირა ხელში. ვაჟამ ნაგანი ამოიღო. გაჩერდნენ. მან იარაღი შორს მოისროლა, მერე ნელი ნაბიჯით წავიდა მათკენ. ისინი არ იძვროდნენ. უცებ ბებუთიანმა ისკუპა. ვაჟამ მარცხენათი დანა აიცილა და მარჯვენა უმარჯვა ყბაში.
სადღაც დაუსტვინეს. მოსახვევში მილიციელი გამოჩნდა.
დაიშალნენ.
ვაჟა ზლაზვნით წამოდგა ტახტიდან და მეორე ოთახში გავიდა პაპიროსის გამოსატანად. დაბრუნებულს მოაგონდა, რომ ასანთი სამზარეულოში იყო. მოიტანა, მერე ისევ ამოიდო თავქვეშ მუთაქა. სქელი ბოლი ნელა წავიდა ლამფისაკენ.
საათი ტიკტიკებდა.
ვაჟა იწვა და არაფერზე არა ფიქრობდა.
დათომ სკამზე დადებულ კოლოფს დახედა.
თვითონაც გააბოლა.
საათი ტიკტიკებდა.
- ტვინი წაიღო საათმა, - თქვა დათომ.
- აბა, კაცო, - ახლა ვაჟაც შეაწუხა ხმაურმა.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. დათომ მიმღებში სტამბოლი დაიჭირა, მერე სპარსეთი. აღმოსავლეთი მოთქვამდა გაუთავებლივ. ვაჟას განსაკუთრებით უყვარდა თარზე გოდება. რადიო ახრიალდა. ვაჟამ გამორთო.
- ათი საათია, - თქვა დათომ.
- “ბიბისი” დაიჭირე, - უთხრა ვაჟამ.
ბრიტანეთი ომზე ლაპარაკობდა.
- ცუდად არის საქმე, - თქვა დათომ.
ვაჟამ ახალ პაპიროსს მოუკიდა.
ახლა მოსკოვი დაიჭირა. დედაქალაქიც მოახლოებული ომის საფრთხეზე ლაპარაკობდა.
- ცუდად არის საქმე, - ისევა თქვა დათომ.
ვაჟას პაპიროსი ჩაუქრა, ხელი ასანთისკენ წაიღო და ყრუდა თქვა:
- ღმერთმა დაგვიფაროს ომისაგან.
- აკი არ გეშინოდა სიკვდილის, - დათუნამ ნიშნისმოგებით ჩაიღიმა.
- სიკვდილის არ მეშინია.
- ომის?
- არ ვიცი.
- ომის მეც მეშინია.
- შენ დანისაც გეშინია.
- დანის? ჰო.
- მე არ მეშინია.
- ვიცი.
ერთხანს ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. დათო სულ ქვევით ჩაცოცდა სავარძელში. ფეხები გაჭიმა. ახლა იგი თითქმის იწვა.
- ტყვია ბრმა არი, - თქვა მან.
- სულ ერთია, - თქვა ვაჟამ.
- მაინც საშიშია, გამოტყდი.
- ჰო, - თქვა ვაჟამ.
საათი ტიკტიკებდა.
დათომ ისევ აღმოსავლეთი დაიჭირა. დილით დაწყებული ბაიათი გრძელდებოდა:
თარზე მოთქვამდა აღმოსავლეთი.
წ. 1956. ნოემბრის 17.
შენიშვნები
არსებობს სამი შავი ავტოგრაფი(1+1-19გვ.), (1-2გვ.), (1-3+1გვ.) და ორი თეთრი (1-2+1-7გვ.), (7-9გვ.). ყველა ავტოგრაფი დათარიღებულია და დასათაურებული.
შავი ავტოგრაფის თავფურცლის მთელ გვერდზე წერია სათაური, თარიღი, შესავალი: „ხევსურეთში გაგონილი ამბავი”. ნასწორებია შიგადაშიგ ყავისფერი ფანქრით. ტექსტი ნაწერია გაშლილად, გაკრული ხელით. ბოლოს უზის თარიღი.
მეორე შავი ავტოგრაფი წარმოადგენს შესავლის პირველ ვარიანტს: „ნამდვილი ამბავი”. სავარაუდოა, რომ თავდაპირველად „ნამდვილი ამბავი” დაწერილი იყო ცალკე მოთხრობად. ის პირველ სიაში მოიხსენიება როგორც „74. გაქცეული”.
მესამე შავი ავტოგრაფი ჩანაწერებია მოთხრობის ტექსტისათვის. ნაწილი ჩანაწერებისა გაკეთებულია ყავისფერი ფანქრით. ყავისფერი ფანქრით ნაწერი ერთ-ერთი ფურცლის მეორე მხარეს წერია ბარათი: „თემო! პირველის ნახევრამდე პეტრიაშვილის კუთხეში ფოსტასთან დამიცადე. რაც ადრე მოხვალ, ჯობია! გურამი.” (სავარაუდოა, იგულისხმებოდეს თემო ბერიძე, ბარათის ბოლოს ძახილის ნიშანი გადაშლილია გურამის მიერ.) გვერდის ბოლოს ყავისფერი ფანქრით, როგორცა ჩანს, აპირებდა თავისი პროფილის დახატვას. შემდეგ გადაშალა. ბარათი ნაწერია ლურჯი მელნით.
თეთრი ავტოგრაფის თავფურცელზე თავდაპირველად დაწერილი სათაური თარიღით გადაშლილია მწერლის მიერ. ტექსტში გვერდების ნუმერაცია იწყება თავიდან. ბოლოს ზის თარიღი. ნაწერია საგანგებოდ გამოყვანილი ასოებით. თეთრი ავტოგრაფის დასაწყისში მამას ხელით წერია: „აქედან ახალი გვერდი.”
მეორე თეთრი ავტოგრაფის მეშვიდე, მეცხრე გვერდები მოწმობენ, რომ არსებობდა კიდევ ერთი თეთრი ავტოგრაფი, რომელიც დაიკარგა. ამ გვერდებზე წერია თეთრი ავტოგრაფის დასასრულის ვარიანტი. არსებობს ამ ვარიანტის შავი ავტოგრაფიც. „აბა ომის რატო გეშინია? არ ვიცი” ამ სიტყვების შემდეგ:
„- შენ თუ მოკვდები, მერე რა გედარდება, ქვა-ქვაზეც ნუ დარჩენილა. - დათომ ტუჩები მოკუმა.
- ეგ სწორეა, მაგრამ მაინც.
- რა მაინც.
- რა და შენი ვაჟკაცობა ვიღას ადარდებს, ყველა იხოცება ომში.
- შენ თუ აღარ იქნები, რა გენაღვლება.
- არ ვიცი. აი, ბიძაჩემი ოცდახუთი წლის წინ მოკლეს დანით, ახლაც ახსოვს ყველას მისი სახელი.
- რომელი? ოთხი ბოთლი თავისი მწვადით რო გამოგვიგზავნეს იმის პატივსაცემად?
- ჰო.
- მაინც არ მესმის.
- არც მე მესმის, ხო იცი, ტყვია ბრმა არის, ალბათ იმის მეშინია, დანით ჩხუბი მაინც ვაჟკაცურია.
- შენ ამბობ. რომ როცა შენი სახელის მომგონებელი ცოცხალი რჩება, გიხარია, არა?
- ჰო.
- რა ჰო, შენ თვითონ არ გესმის, აღარა თქვა, სიკვდილის არ მეშინიაო. - დათომ ყრუდ გაიცინა.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.”
შესავალში თეთრსა და შავ ავტოგრაფებს შორის უმნიშვნელო სხვაობაა. შავში რეპლიკები შემოჰყავს „მეორეს”, „მესამეს”, „მეოთხეს”. თეთრში კი რეპლიკები შემოდის დეფისებით. თეთრ ავტოგრაფში შექმნილია თავისებური აბზაცები. თეთრ ავტოგრაფში „მაგას რომ ალყები გაურღვევია, ტყუილიას” შემდეგ დაწერილი მძიმე მწერლის მიერ გადაშლილია.
I სიაში: „ 54 ბაიათი თარზე.”
პირველად გამოქვეყნდა 1964 წელს, „მნათობი”, ¹12, 1965 წელს კი, წიგნში „მოთხრობები. პიესა.”