გაზაფხული გადის
წ. 1956,
ოქტომბრის 25.
- ჯემალ, როგორ ხარ? ჯოხი რად გინდა, ბიჭო.
- გამარჯობა, ლეილ, ეს არაფერი, ფეხი მტკივა.
- ფეხი? ხო, ვხედავ, - ლეილა გაწითლდა.
- სად იყავი, ლეილ? მოკეთებულხარ, ახლა ნამდვილი ქალი ხარ.
ლეილას აღმოსავლურ, მოყავისფრო სახეზე ალმურმა მოუმატა, მერე თავი დახარა და გაიღიმა. როცა ჯემალს შეხედა, სახეზე წყენა გამოეხატა. ის მოპირდაპირე ქუჩისკენ იხედებოდა. ლეილამ ჯემალის მზერას გააყოლა თვალი: საფუნთუშეში მკერდსავსე და თეძოგანიერი ოცდახუთიოდე წლის ქერათმიანი ქალი შედიოდა. ლეილამ უაზროდ გაიღიმა:
- ნახვამდის, ჯემალ.
ჯემალმა უცებ მოაბრუნა თავი.
- ნახვამდის, ლეილ.
ლეილა შეტრიალდა. გრძელი ნაწნავები წელამდე სცემდა. მისმა სწორმა წვივებმა და მაღალმა თეძოებმა ჯემალი ოცნებიდან გამოიყვანა.
- ლეილ!
გოგონა ნელა მოტრიალდა მისკენ. ბიჭმა ახლაღა შეამჩნია მისი სწორი სახის ნაკვთები, სქელი, ვნებიანი ტუჩები.
- ლეილ, - გაიმეორა ჯემალმა. გულში კი გაიფიქრა, “როგორ გამოიცვალა პატარა გოგონა, ნეტა რამდენი წლისაა? ალბათ, თექვსმეტის, მაგრამ ეს მკერდი?” მერე სადღაც ამოკითხული მოაგონდა. - აღმოსავლელი გოგოები ადრე ქალდებიანო. “ძველ დროს ეს ანგელოზი შაჰის ჰარამხანას ვერ ასცდებოდა”, დააბოლოვა ვნებამორეულმა თავისი ფიქრი, შემდეგ ახლო მივიდა.
- ლეილ, მეც შენკენ მოვდივარ.
გოგო გაწითლდა, მერე ხელი გაუწოდა:
- დამეყრდენი, ჯემალ, ჯოხი მეორე ხელში დაიჭი; ძალიან გტკივა?
ჯემალმა ახლა გვერდიდან შეხედა ქალიშვილის სახეს. “რა მორცხვია და რა თამამი”, გაიფიქრა და მთელი ძალით დაეყრდნო მის მკლავს. იდაყვი სავსე თეძოს ეხებოდა. ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ; ქუჩაში ხალხი შფოთავდა. ახალგაზრდები რვა საათის სურათზე იგვიანებდნენ.
ჯემალი ყველას უყურებდა, მაგრამ ვერავის ამჩნევდა. ლეილას თეძოდან გადმოსული სითბო მთელს ტანში ჟრუანტელსა ჰგვრიდა; შემდეგ სახეზე ალმურმა დაუარა, ნელა გაუხურდა ტუჩები. უსაზღვროდ მოუნდა კოცნა. “ოჰ, ერთი კოცნა ლეილას ტუჩებში მთელს სიცოცხლეს მირჩევნია”, გამოუტყდა თუ არა თავს სურვილში, უფრო მოუნდა, მერე კიდევ უფრო მოუნდა. “ვკოცნი ამაღამ”, დაიქადნა გულში.
- ლეილ, ლამაზო, დაქალებულხარ. - ტუჩები ყურთან მიუტანა და დინჯად უთხრა.
ქალიშვილს ახლაღა ეცა გარკვევით სასმელის სუნი, ვაჟის პირიდან ვნებასთან ერთად ამოსული. ჯემალის ხელს უფრო მინებდა.
- ლეილ, მე ზევით მივდივარ. - დაიწყო ვაჟმა.
- სად?
- ზევით.
- ვისთან? - ხმაში წყენა დაეტყო გოგოს.
- ისე, არავისთან; გავლა მომინდა მარტოკას.
- სულ მარტოს?
- არა. შენთან ერთად.
აუხვიეს. ჯემალმა სიტყვებს დაუწყო ძებნა, მერე ისევ ტუჩები მოაგონდა, მოხედა ლეილას. გოგოს გააჟრჟოლა, “მთვრალია”, გაიფიქრა და ნაზად მოაბრუნა თავი ვაჟისკენ. ჯემალმა ქალის მალული მზერა იგრძნო და თავისდაუნებურად დაიწყო:
"Я был в России, грачи кричали,
Весна смеялась в мое лицо".
ხევიდან ქარმა მოუბერა, ლეილას ცალი ნაწნავი დაეშალა, მეორეს ხელი მოჰკიდა და ყელზე გადაიგდო. მხრით ეხებოდა ვაჟის მკერდს. ვაჟი კი ლექსს განაგრძობდა:
“და ნიავს მიაქვს ყვითელი ჩალა,
იშლება შენი თმა თაფლისფერი,
და სტირის ყვავი, ყვავი ყვანჩალა,
ლექსებში ასე რომ მოეფერე”.
ჯემალი გრძნობდა, რომ ქალი კანკალებდა, მერე მისი ხმა ყრუდ, ყრუდ მოესმა.
- ვისია?
- ტიციანის, - ბოხი ჩახლეჩილი ხმით უპასუხა მან და ტაეპი დააბოლოვა:
"Я был в России, грачи кричали,
Грачи кричали: зачем? зачем?".
გზა შეწყდა. ჯემალი ხეს მიეყუდა.
- ლეილ, შენ წადი სახლში, მე ფეხი მტკივა, ვერ გამოგაცილებ.
- შენ სად წახვალ?
- მე?
- ჰო.
- მე არსად, ხევში ჩავალ, მიყვარს ღამე იქ ჯდომა.
ლეილამ ხელი გაუშვა და წავიდა. ჯემალს გული შეეკუმშა. გოგო ისევ შემობრუნდა.
- ჯემალ, მარტოკამ იქ რა უნდა აკეთო?
ვაჟი იდგა ხეს მიყუდებული. არც განძრეულა, ისე დაიწყო ყრუდ:
- ლეილ, გესმის, მიყვარხარ. ხო, მიყვარხარ. მართლა მიყვარხარ, როდიდან არ ვიცი, როდემდე არც ის. ახლა მიყვარხარ. შენს მზეს, ჩემს მზეს, შენს თავს ვფიცავარ, მართლა მიყვარხარ.
გოგო ახლო მივიდა და ვაჟს ხელი მოჰკიდა მაჯაზე. ახლა უკვე კარგადა გრძნობდა მის ხშირ სუნთქვას. სასმელის ოხშივარი მასაც ათრობდა.
- ეგ მართალია, ჯემალ? - ნაძალადევი ღიმილით იკითხა ქალმა.
- რა? - ვაჟს თვალები უელავდა.
- ეგ, რაც ახლა მითხარი.
ჯემალმა ხელი მოხვია წელზე და საკოცნელად მიიზიდა. გოგო გაუსხლტა.
- არ გინდა, ბიჭო, შენი ჭირიმე.
- მაშ, შენ მაკოცე თვითონ. - ბიჭი ისევ ხეს მიეყუდა.
ლეილა მივიდა და ორჯერ აკოცა ლოყაზე, მერე ნელა დაეშვნენ ხევში. ვაჟი წყლის პირას ჩამოჯდა, ისევ მოხვია წელზე ხელი. ერთხანს ასე ისხდნენ. ისევ მოუნდომა კოცნა. გოგომ ხელი გააშვებინა, შემდეგ თვითონ მოხვია, მიიზიდა და დიდხანს, დიდხანს კოცნიდა კისერში, ლოყაზე, ყვრიმალთან. ჯემალს არაყი უფრო მოეკიდა, ოდნავ თავბრუ ეხვეოდა. მერე ისევ ძალიან, ძალიან მოუნდა ტუჩებით დაკონებოდა მის ბაგეებს. ლეილა ახლა გვერდზე იჯდა და ვაჟის ქედს ვნებით უყურებდა. ბიჭმა ისევ მიიწია ტუჩებში საკოცნელად, ისევ გაუსხლტა გოგო.
- წავიდეთ, ჯემალ. - თქვა მან.
წამოდგნენ, ლეილამ წელზე მოხვია ხელი და ღაწვებზე აკოცა. ჯემალი ხმას არ იღებდა.
- სად ცხოვრობ, ჯემალ? - ჰკითხა ლეილამ, როდესაც ქუჩაზე გამოვიდნენ. ვაჟმა სახლი დაანახვა. სახლის კარებთან ლეილამ მოიზიდა ჯემალი და კისერში აკოცა, მერე უცებ მოტრიალდა და დაღმართზე სირბილით დაეშვა. ვაჟს გამოდევნება მოუნდა, მაგრამ ფეხი ეტკინა.
- ლე, - დაიწყო, შემდეგ თავი შეიკავა, ტუჩები ისევ აეწვა, როცა გაიხედა თავდაღმართისკენ, ლეილა უკვე აღარა ჩანდა. “ოხ, ეგ ტუჩები, ნეტავ მეკოცნა, ნეტავ!” მერე ისევ ქვევით გაიხედა, ქუჩა ცარიელი მოჩანდა. “რაღა დროსია”, გაიფიქრა.
წელი 1956. მაისის 20. კვირა.
შენიშვნები
არქივში შემონახული ავტოგრაფებიდან „გაზაფხული გადის” პირველი ნაწარმოებია, რომელიც გურამმა გადაათეთრა და ამდენად მისი რამდენიმე ავტოგრაფი არსებობს: ორი შავი (1+1-11+11-12გვ.) და (1გვ.), ერთი თეთრი (1+1-7გვ) და 1960 წლამდე გადაბეჭდილი ცალი მწერლის მიერ შეტანილი რუსული ტექსტით (1+1-5გვ.). ნაბეჭდი ვარიანტის თავფურცელზე სხვა ხელით აწერია: „რჩეულიშვილი”. სავარაუდოა, რომ გადაბეჭდილია 1957 წელს, როდესაც ხდებოდა მოთხრობების შერჩევა „ცისკრის” პირველი ნომრისათვის.
ყველა ავტოგრაფი დათარიღებულია და დასათაურებული.
ერთ-ერთი შავი ავტოგრაფი წარმოადგენს თავფურცელს, რომლის ქვედა ნახევარზე მოდიდო, მოგრძო ასოებით, გაკრული ხელით წერია სათაური. მეორე შავი ავტოგრაფის თავფურცლის დასაწყისში წერია სათაური. სათაურს მოსდევს თარიღი და დღიური, თეთრი ავტოგრაფის დღიურის ვარიანტი:
„დიაღ! მე
შემოდგომაა. აცივდა. ვზივარ სახლში და მსიამოვნებს, რომ გარეთ გასვლა არ შემიძლია. (გადახაზულია მწერლის მიერ - მ.რჩ.) ავადა ვარ. როდის ვიყავი ბოლოს ავად, აღარც მახსოვს, ალბათ, მეოთხე ჯგუფში.
ახლა ისევ გავხდი - ვზივარ სახლში და მსიამოვნებს, რომ გარეთ გასვლა არ შემიძლია. შემოდგომაა. აცივდა.
მესმის: მეეზოვე შრიალით გვის ჩამოცვენილ ფოთლებს.”
ამავე ავტოგრაფზეა მწერლის ხელმოწერა: „გ. რჩეულიშვილი.”
შავი ავტოგრაფის რამდენიმე ადგილი ჩასწორებულია მწერლის მიერ, სავარაუდოა, რომ წერის პროცესშივე. მაგალითად: სიტყვა „არაყი” შეცვლილია „ღვინით” რამდენიმე ადგილას, „ლევანი” შეცვლილია „ჯემალით”. შავი ავტოგრაფი მთავრდება მარჯვენა მხარეს დიდი ასოებით გაკრული ხელით მიწერილი თარიღით: „1956 წლის 28 მარტი. კვირა.” თარიღის მარცხენა მხარეს სხვა მელნით მიწერილია ბოლო აბზაცი, „ნეტავ მეკოცნა, ნეტავ” ბოლომდე. „მაინც ვერ ვაკოცე” თეთრ ვარიანტში არ არის გადატანილი. შავი ავტოგრაფის პირველი გვერდის ნუმერაცია „1” პირველად არის ფიგურულად გაფორმებული (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისთვის), თითქოს მწერალი ცდილობს რიცხვი რაღაც ცხოველს თუ ფრინველს მიამსგავსოს. გვერდების ნუმერაცია შიგადაშიგ ნახევარრკალით არის შემოხაზული. ჩამატებულია სასვენი ნიშნები. შავი ავტოგრაფი ნაწერია მუქი ლურჯი მელნით, გაკრული მსხვილი ასოებით. თარიღს მოსდევს დღიური. სავარაუდოა, რომ ის საფუძვლად დაედო მოთხრობის ტექსტს, შესავალ დღიურს (იხ. ტექსტი):
„ვსწავლობ სამხედროს, პოლიტეკონომიას - ეშმაკმა დალახვროს ორივე. ვკითხულობ ახლად გამოსულ Thomas Mann - ის ”Budenbrooks”. იმასაც გავაგზავნიდი ეშმაკებისაკენ. ღამდება. გარეთ ქარი ქრის, ცივა. მზე ჩასვლისას გამოვიდა, რაღაც საზარლად, საშიშად თუ საიდუმლოდ ანათებს. დერეფნის ბოლოს ზის ორივე ფეხით კუტი მკერავი ჩახუნა. დედა, ბებო და კოკორკა (ლუკა ხუნდაძე, დეიდის მეუღლე) საუბრობენ. თემა: ეკონომიკა, პოლიტიკა, სისულელეები. ჩემ გვერდით ზის ჩემი და. კითხულობს მარჯანიშვილის მოგონებებს. ძალიან მოსწონს. მაჩვენებს მის სურათებს.
მაგონდება: „Budenbrooks” გუშინწინ იყიდა და მათხოვა თამრიკომ. ალბათ პირველი საღამოა ჩემს ცხოვრებაში: გარეთ გასვლა არ მინდა.”
თეთრი ავტოგრაფის თავფურცელზე წერია სათაური, თარიღი და შესავალი-დღიური. ამდაგვარადაა გაფორმებული 1956-1957 წლების მომდევნო ავტოგრაფების უმეტესი თავფურცლები.
შავი და თეთრი ვარიანტების შედარებისას ჩანს დღიურ-ეპიგრაფად ჩამოყალიბების პროცესი.
პირველად გამოქვეყნდა 1961 წელს ტომში „სალამურა”.