გამარჯობათ! - ნიაზმა ფეხი ფეხს...
- საწყალი ბიჭი ისევ მთვრალია. - თქვა ილომ.
- ნეტავ, რა ხნისაა? - იკითხა ერთ-ერთმა.
- ალბათ, ოცდაათამდე. ჩვენს ლექტორებთან ერთად მჯდარა კლასში.
- ახლა რას აკეთებს?
- ლოთობს.
ქუჩაში მდგარმა ახალგაზრდებმა ჩაიცინეს.
- გამარჯობათ! - ფეხი ფეხს მიადგა ნიაზმა და შუა ხანს გადაცილებულ ვაჟკაცს მიესალმა.
- გაგიმარჯოს, შვილო. - მიუგო მან და თვალი გააყოლა.
- ვინ არის? - შეეკითხა კაცს თავისი თანამგზავრი.
- ნიაზი. ჩვენი სულეიმანის ვაჟი. აფსუს, რა კაცია თვითონ და ვაჟი კი ლოთი ჰყავს.
- ეჰ, რას იზამ, ხომ გაგიგია:
“მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს,
თუ ბუნებამც არ უშველა.”
- ნინიკო, ნატო, ჩქარა! ჩქარა! დაინახეთ ნიაზი. რა ლამაზია, Если бы вы знали, какой он был чудесный, როგორა მღეროდა, как он одевался. მე ახლაც შეყვარებული ვარ მასზედ.
- მართლაც და რა “პახოტკა” აქვს, ნახეთ.
ნიაზმა, რომელმაც ნათქვამი ვერ გაიგო, მაგრამ მიხვდა, რომ მასზე ლაპარაკობდნენ, მოიხედა და თავაზიანი კილოთი შეუკურთხა სტილის მიმდევარ გოგონებს.
- ნიაზს გამარჯობა! - სალამი დაასწრო კლასის ძველმა ამხანაგმა ნოდარმა.
- ნოდარ, შენი ჭირიმე! - ნიაზმა ხელი ჩამოართვა, მიიზიდა და აკოცა. - სადა ხარ, ბიჭო, როგორა ხარ, სად დაიკარგე?
- შენ როგორ? თავად რას იქ.
- გმადლობთ, კარგად. რას ვიზამ.
- ოჯახში როგორ არიან.
- გმადლობთ.
ნიაზმა გვერდზე მიიხედა. ისევ ნაცნობი.
- გამარჯობათ!
- გაგიმარჯოს, ნიაზ.
კვლავ კოცნა.
- გაიცანი, ნოდარ, ეს ჩემი მეგობარია.
- ?
- უკაცრავად, მე ახლავე.
ნიაზმა ბანცალით გზა განაგრძო.
- ახალგაზრდებს სიცოცხლე!
- გამარჯობათ, ძია ნიაზ! - ერთხმად იყვირეს ბავშვებმა.
- ხედავ, გურამ, ისევ მთვრალია.
- ალბათ, ბევრსა სვამს, არა?
- მა რა?
- რამდენს? ალბათ, ათ ბოთლს.
- არა, მეტს.
- მაინც?
- ასს.
- ალბათ, კიდევ მეტს.
- მეც ასე მგონია.
- ვინ იცის.
- ღონიერია?
- მაგას ვერავინა სცემს.
- ბიჭებს სიცოცხლე!
- სიცოცხლე ნიაზს!
კვლავ კოცნა.
- ნიაზ, ლოთობას თავს როდის ანებებ?
- მე? რათა?
- ჩვენც დაგვიტოვე, - ირონიით შეხედა ერთმა, - ახლა ჩვენც გვინდა დავიწყოთ.
ნიაზმა გზა განაგრძო.
- ნეტავ, ბევრსა სვამს, დათო?
- რისი დამლევია, ნახევარ ჭიქაზე თვრება.
- ძალა თუ აქვს.
- სული რომ შეუბერო, გადავარდება.
- საწყალი.
- ერთი მაგის.
ნიაზმა სარდაფის კარი შეაღო.
- თუ შეიძლება ერთი ასი გრამი ჩამომისხით. მე მინდა ჩემი სამშობლოს სადღეგრძელო დავლიო.
- ამ საწყლებს შეხედე, - მიმართა ნიაზმა დახლიდარს და ქუჩისკენ ხელი გაიშვირა, ვისკენ, თვითონ არ იცოდა, - თავისი თავი ხალხი ჰგონიათ. ალბათ, ჩემს ლოთობას დასცინიან, თვითონ კი მთელი დღე უსაქმოდ დგანან ქუჩაში. მაგათ ლოთობის შნოც არა აქვთ.
- რას იზამ, შვილო. - ჩაიხითხითა დახლიდარმა - ნათქვამია, მჯობის მჯობი არ დაილევაო.
(1956 წ. მარტი)
შენიშვნები
არსებობს მხოლოდ უსათაურო შავი ავტოგრაფი (1-6გვ.). თარიღი მიახლოებით დადგენილია სტილისა და ავტოგრაფის გაფორმების მიხედვით: ქვევიდან ნახევარრკალად შემოხაზული გვერდების ნუმერაცია, შუაში გაჭრილი თაბახის ფურცელი და სხვა (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის). სავარაუდოა, რომ გურამი ამ მოთხრობას გულისხმობდა პირველ ნომერ „სისულელედ” (თუმცა არ უწერია არსად), როდესაც მსგავს ფურცლებზე, მსგავსი ხელით დაწერილი მოთხრობის ავტოგრაფზე მიაწერა: „სისულელე ¹2.” (იხ. მომდევნო მოთხრობის შენიშვნა) სავარაუდოა ისიც, რომ ეს ორი დაუთარიღებელი მოთხრობა ერთმანეთს მოსდევს ქრონოლოგიურად.
მოთხრობის გმირის პროტოტიპია გურამის უფროსი მეგობარი ნიაზ დიასამიძე, 50-იანი წლების თბილისის მნიშვნელოვანი კოლორიტული ფიგურა. ნიაზი წერდა პატარ-პატარა ნაწარმოებებს, მაგრამ ძირითადად ცნობილი იყო თავისი განუმეორებელი იუმორით. ნიაზის სიტყვა-პასუხი და სხარტი გამონათქვამები ერთი წრიდან მეორე წრეს გადაეცემოდა ხოლმე. ის ცნობილი იყო თავისი მუსიკალური ნიჭითაც: უკრავდა და წერდა სიმღერებს. გურამთან და ნუგზარ წერეთელთან მას ახლობლური, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ნუგზარის თქმით, ის განსაკუთრებით პატივს სცემდა გურამს კაცური სიძლიერის გამო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნიაზ დიასამიძე უცნობი არ არის დღევანდელი თბილისისთვისაც.
პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს წიგნში, „სად გაექცევი ზამთრის ღამეს”.