რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

გიტარას შვიდი სიმი ჰქონდა... 

გიტარას შვიდი სიმი ჰქონდა: პირველი ორი უკრავდა ნეკით, არათითითა და შუათითით, ბოლო ორი აძლევდა ბანს ცერით. მერე პირველი სიმი გაწყდა: ახლა მეორე და მესამე უკრავდა. დამკვრელს მაღალი ფეხები, მოჭერილი იუბკა, ძველი პიჯაკი, მაღალი ყელი, დიდი თვალები, გაშლილი თმა და ერთსიმგაწყვეტილი გიტარა ეჭირა ხელში: ხმა უხეში და ჩაფხრეწილი ჰქონდა.
თეთრთვალება უსინათლო მეორე გიტარაზე უკრავდა, ელამი ცალთვალა ჩელოზე.
ისმოდა მელოდია.
სიმები რაღაც იაფფასიან მოტივს გამოსცემდნენ.
ცვიოდა ხურდა, აქა-იქ მანეთიანიც.
ფანჯრები ფართოდ გაიღო.
ბავშვებმა გაავსეს ეზო.
- სად იყვნენ ამდენი ხანი? - თქვა ქეთომ.
- ალბათ, სხვა ქალაქებში, - თქვა ნათელამ.
- ეგ გოგო სადღა უშოვიათ ნეტა?
- რა გოგოა, არა?
- აბა, ქალო.
- მის მაგიერ მე მრცხვენია, წავიდეს, ამ მათხოვრობას იმუშაოს დამლაგებლად.
- აბა, აბა ქალო, უთავმოყვარო ხალხია, ნამდვილად ციგნის გოგოა.
ეზო ხმაურობდა: ბავშვები ჭყიოდნენ.
- კიდე რა, კიდე! - იხვეწებოდა ვიღაცა.
- რა არის? - მოვარდა ვიღაც ქოშინით.
- კინო, კინო.
- ვახახახახა.
- მათხოვრები არიან.
- ჰა.
- რა ჰა, ვერა ხედავ, მათხოვრები არიან, ხედავ, რა გოგოა.
- ვა, მართლა, ნეტა რა უჭირს ასეთი?
- მაგას ჯობია ბოზობით იშოვოს.
ვაჟამ უკვე ორი მანეთი ჩაუგდო, მერე ფანჯარაზე გადაჯდა. გოგო უკრავდა და ჩაფხრეწილი ხმით ამღერებდა, ხანდახან სულ შეუმჩნევლად იხედებოდა ზევით.
მერე დაკვრა გაათავეს.
“თინას იერი და უტანდარის რაღაც აქვს”, გაიფიქრა ვაჟამ, “უჰ, მაგას რო ჩააცვა, რა იქნება”! გონებაში ჩააცვა კიდეც, უფრო მოეწონა.
სწრაფად ჩაიცვა. გარეთ ცოტა ციოდა. უბნის ბიჭები უკან მიჰყვებოდნენ დამკვრელებს. გოგო წინ მიდიოდა ამაყად, ხელში ცალ-სიმგაწყვეტილი გიტარა ეჭირა. გასტრონომში რაღაცა იყიდეს და ჭამით აუყვნენ გზას.
- რა გოგოა, მაგას რო ჩააცვა! - ამბობდა ვიღაც.
- აბა, ქალო!
- დაგიჟდებიან ბიჭები.
ვაჟამ ნაბიჯს აუჩქარა, ნელა მიეწია და უცებ მოჭრა.
- ლამაზო, გიტარაზე დაკვრას არ მასწავლი?
- მე თვითონ არ ვიცი, - ყელი მოიღერა და რაღაც ღიმილის მსგავსი გააკეთა გოგომ.
“დამცინის”, გაიფიქრა ვაჟამ და უცებ იგრძნო, რომ ის რაღაცით მაღლა დადგა მასზე, “ნუთუ არ უხარია, მე რომ ვეარშიყები”, ისევ გაიფიქრა მან.
- მაინც მასწავლე, რა! - უკვე ცოტა დაბნეულმა განაგრძო.
- მაგისთვის მცალია? - ისევ მიიხედა იქით გოგომ.
ვაჟა უფრო დაიბნა.
- საიდანა ხარ? - ჰკითხა მან.
- მოლდავეთიდან.
- ჰოო, ისინი.
- ის ჩემი ბიძაა, ისიც.
- სადა ცხოვრობთ?
- მთვარეზე. - ოდნავ გამოაჩინა კბილები გოგომ, მერე რაღაც ნახვამდის მსგავსი წაილაპარაკა და ნაბიჯს აუჩქარა.
ვაჟა შორიახლოს მიჰყვა. დამკვრელებმა დიდ ეზოში შეუხვიეს.
- მწერალთა სახლია, - თქვა ვიღაცამ.
დაიწყეს დაკვრა.
სახლი მაღალი იყო და შუშაბანდებიანი, ზოგან აივნით. აქა-იქ იღებოდა ფანჯრები. სადღაც ჩანდა მოღიმარი, პომადით შეთხიპნილი ტუჩები და წითელი ან ფერმკრთალი ან საშუალო ლოყები; მერე ჭრელი პიჟამო და გრძელი თმა შავი, შევერცხლილი ან ჭაღარა გამოჩნდა.
- მწერლები არიან.
- ჰოო.
- მა რა, წერენ წიგნებს.
- ვიცი, რას მიხსნი.
ბავშვებმა ზევით დაიწყეს ყურება. ისინი ნელა შელაგდნენ სახლებში. მუსიკოსები ისევ უკრავდნენ. მეოთხე სართულიდან ისევ ჩანდა ქალის სახე, ბრიყვული ღიმილით, და კაცი, ჭრელი პიჟამოთი და მაკედონელის პროფილით, ის ქვევით უყურებდა ქალაქს.
- ხეირი არ არის, - თქვა ცალთვალა ელამმა.
გოგო წინ მიდიოდა.
უკან თეთრთვალება ბრმა.
ბოლოს ცალთვალა ელამი.
ვაჟა წამოეწია ისევ გოგოს.
- ლამაზო, მართლა მომწონხარ.
- მომეშვი!
- არა, მართლა.
- მერე რა?
ვაჟას გულზე უჩხვლიტეს, “როგორ, მერე რა”, გაიფიქრა, “არ უნდა უხაროდეს? რო დამინახონ, რას იტყვიან, მე არაფრად ვაგდებ, ეს კი”.
- არა, მართლა გეუბნები.
- რას?
- მომწონხარ, მითხარი, სადა გნახო?
- მოგწონვარ?
- ხო.
- ვიცი.
ვაჟა აილეწა სიბრაზით, თან უფრო მოუნდა ის.
- რა იცი? - თქვა მან.
- შენ თვითონ არ ამბობ?
- მერე?
- მერე შენ ხო ტყუილს არ იტყვი, - ისევ რაღაც ღიმილის მსგავსი გააკეთა გოგომ. - ახლა წადი, მე ჩემი საქმე მაქვს, ჩვენ ღარიბი ხალხი ვართ, ჩვენთვის ვშრომობთ.
- რატო არ მსახურობ? - სულ დაიბნა ვაჟა.
- მე? ამას რამე სჯობია, იქ ბატონი მყავს, აქ არა, თან სიამოვნებს ხალხს, იმიტომ მაძლევენ ფულს.
- მესმის.
- ჰო.
- სად გნახო?
- ყველას თავისი ქმარ-შვილი ჰყავს, – ისევ აუჩქარა გოგომ ნაბიჯს.
- ამხანაგო მუსიკოსებო, აქ შევიდეთ, - ჩაფხრეწილი ხმით თქვა მან და ეზოში შეუხვია.
ვაჟა იდგა, მერე ვეღარ გაუძლო და შეჰყვა. გოგომ შეხედა. “ვიცოდი, რომ შემოხვიდოდი”, ამოიკითხა ვაჟამ და უკან გამოვიდა, ნელა ჩაუყვა დაღმართს. წინიდან ვიღაც მოდიოდა. ვაჟას ის ეგონა, მერე უტანდარი იცნო. უტანდარს ხოშიანად ეცვა. ხელი ჩამოართვა და არ გაუშვია. დიდხანს უყურა, რაღაც არ მოეწონა. “იმ გოგოსავით რომ ჩააცვა და გიტარა მისცე, თან ისეთი ჩაფხრეწილი ხმით ამღერო, იმისთანას ათს აჯობებს”, ფიქრობდა ვაჟა.
- ვაჟა, - თქვა უტანდარმა.
- რა?
- წამო, ჩემთან ავიდეთ.
- ჰა?
- მთვრალი ხო არა ხარ, რა მოგივიდა?
- არაფერი.
- წამო, მაშ.
“ამის თავი მაქვს?” თქვა გულში ვაჟამ.
- არა, - თქვა ხმამაღლა.
- რატომ?
- მეჩქარება.
ისევ დაუყვა დაღმართს.
ყურში ჩაფხრეწილი ხმა ესმოდა და თვალებით ცალსიმგაწყვეტილ გიტარას ხედავდა.

[1957 წელი. მარტი.]

შენიშვნები

არსებობს ამ უსათაურო და უთარიღო ნაწარმოების მხოლოდ შავი ავტოგრაფი(1-14გვ.). მოთხრობის ბოლო გვერდზე თავდაყირა ხატია მაგიდის ნათურა, მგონი, გატეხილი ღერძით. დათარიღებულია ჩემ მიერ შემუშავებული კრიტერიუმის საფუძველზე. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასო “ტ”ს ფიგურული ხმარება.
მახსოვს, ერთხელ გურამი გვიან საღამოს დაბრუნდა შინ. საოცრად აღელვებული იყო. მომიყვა: ვარაზის ხევის აღმართზე (ჩვენ მაშინ ვცხოვრობდით ლარსის ქუჩაზე და ამ აღმართით ავდიოდით სახლში) შემხვდა მოხუცებული ქალი, წყლით სავსე ვედროები ამოჰქონდა. სწრაფად დავეწიე, დახმარება შევთავაზე. მკაცრი უარი მითხრა, მეწყინა, ეს ჩემი საქმეაო. ამ აღმართზე ყოველდღე ამაქვს წყალი, შენ დღეს შემხვდი, ხვალ მაინც მე უნდა ავიტანოო.
თითქოს არაფერი იყო ამ სიტყვებში განსაკუთრებული. მე ოდნავ გაკვირვებით შევხედე. გურამმა დაამატა: “ის ქალი მართალია - მე ხვალ ვერ დავეხმარები. იქ არ ვიქნები.” მერე მივხვდი - ეს იყო მისთვის ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც ადამიანთა ფატალურ დაშორებას გამოავლენდა. გურამი, ერთდროულად, ცხადია, აღიარებდა ამის ბუნებრიობას და თან ყოველ ახალ შემთხვევას ისე განიცდიდა, თითქოს პირველად აღმოაჩინაო (იხ. ამ მოთხრობაში: “ახლა წადი. მე ჩემი საქმე მაქვს. ჩვენ ღარიბი ხალხი ვართ. ჩვენთვის ვშრომობთ.” ან კიდევ
“- ლამაზო, მომწონხარ.
- მომეშვი!
- არა, მართლა.
- მერე რა?
ვაჟას გულზე უჩხვლიტეს. “როგორ მერე რა, გაიფიქრა. “არ უნდა უხაროდეს? რო დამინახონ, რას იტყვიან, მე არაფრად ვაგდებ. ის კი.”) ამ ტექსტის კვალდაკვალ, მოხუცი ქალის უარზე გურამს ასეთი რამ უნდა გაელვებოდა გულში: “არ უნდა უხაროდეს? დროს ვკარგავ, ჯანს ვიკლებ, ეს მხოლოდ ჩემი სიკეთის გამო, ის კი? მადლობის მაგივრად...” გურამისათვის ფიქრის, გრძნობის გაელვება, გულისთქმა ისეთივე რეალობა იყო, როგორც ქმედება. მისი ასეთი აღელვების მიზეზი ესეც უნდა ყოფილიყო.
სათაურით “სიმგაწყვეტილი გიტარა”, პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს წიგნში “სად გაექცევი ზამთრის ღამეს.

??????