რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

დღე იწყება, ადექი! 

- ადექი, ბიჭო, - ამბობს დედა.
- მაცადე, დედა, - ვამბობ მე.
- ტყუილა წოლას, ადექი.
- ახლავე, რა.
- ოჰ, რაც შენ ტყუილა წოლა გიყვარს.
მე საბანს ვიხურავ თავზე, მინდა არ ვუსმინო და ვიფიქრო. მერე ვიხდი. დედა ისევ ლაპარაკობს. უხალისოდ ვჯდები ტახტზე და წინდებს ვიცვამ.

ტუჩები ჩაჭიდებული მაქვს მისი ტუჩებისთვის და ვღეჭავ. მთელ ტანში აუარებელ სითბოსა ვგრძნობ. ხერხემალში მაჟრიალებს. ხელები მისი მხრების უკან შევაერთე და ვიზიდავ: რატომღაც არ მომყვება. ვგრძნობ, რომ ოფლი მასხამს. კიდევ უფრო ვხურდები: ტანში ჭიანჭველები დარბიან. როგორც იყო, მოვიზიდე. მისი ცალი ძუძუ იღლიის ქვეშა მაქვს. ვსრესავ. უფრო ვიძაბები. მერე ვეშვები, მერე უფრო ვეშვები. პირველი, რასაც ვგრძნობ, არის სიცარიელე, მეორე სინათლე. მერე ვრწმუნდები, რომ მარტო ვწევარ. სიზმარი გაიქცა. სინათლე უფრო მეტად იჭრება ჩემში. ვახელ თვალებს, ისევ ვხუჭავ. ნელა ვეჩვევი დილას. ქუთუთოები ძილისგან ერთმანეთს ეკრობა. მერე ვრწმუნდები, რომ სიზმარი საბოლოოდ გაიქცა. არ მიკვირს: ასეთ სახვებს ხშირად ვხედავ ძილში. შევეჩვიე.
ახლა მარცხენა გვერდზე ვწევარ. ამ მხარეს გული მაქვს და ზედ ვაწვები. ვქშინავ. მინდა მარჯვენა გვერდზე გადავბრუნდე, მაგრამ მაშინ კედელს უნდა ვუყურო, ახლა კი ფანჯარაში ვიხედები. იქედან რამდენიმე პატარა სახლი მოჩანს. ბოლო სახლი მთის ძირში იკარგება. მთა მაღლა მიდის და ჰორიზონტს ფარავს. თავს დაბლა ვწევ. ზევით მთა წყდება, თუ ღრუბელს უერთდება. ღრუბელი შავია და ბნელი. რატომღაც ვგრძნობ წვიმას.
გაზაფხულია.
წვიმა მოდის სქელ წვეთებად და ხშირი.
ტკაპუნობს.
ვხედავ: ჩემ პირდაპირ დაბალი სახლის სახურავზე ეცემიან წვეთები და ქვევით ხტებიან.
ტკაპუნი მატულობს.
საბანში ვეხვევი და ვინაბები.
რაღაც მაწუხებს, მგონი თავი მტკივა. რა თქმა უნდა, თავია. გუშინ არყით მთვრალი ვიყავი და გამომყვა სასმელი. თავისთავად მაგონდება თემო, რომელთანაც ერთად ვსვი, და მალხაზი. თემო დაბალია და სქელი, საბანში გახვეულს მეღიმება, მალხაზი კი გრძელზე გრძელი და წვრილი. მერე კიდე მახსოვს, რომ გამოვედით იქიდან, ვიჯექი ბაღში. ბოლოს ისევ ვსვამდი სადღაც. მეხსიერება ფხიზელს არ მივარგა, სიმთვრალეში კი არაფერი აღარ მახსოვს ხოლმე.
ცუდ ხასიათზე ვდგები: ცუდი სიმთვრალე ვიცი: ვინ იცის, რა ვისულელე.
თვალებს ვხუჭავ: მესმის: წვიმა ტკაპუნობს.
მერე ისევ ვახელ: ჩემს თავთან სკამი დგას, ზედ დაჭმუჭნილი შარვალი გდია, პერანგი ჭუჭყიანია და ძირს ჩამოვარდნილა. უსიამოვნო გრძნობა მიპყრობს. ახლა შარვლის ჯიბეს ვუყურებ. ჯიბე ჩამოხეულია ცოტა და ცვირსახოცის ბოლო ჩანს. ცხვირსახოცი ჩემი არ არის. ჰო, ლიასია, ჰო, ჰო მაგონდება, რომ სიზმარში სწორედ ლია ვნახე. ალბათ გამომყვა მისი სახე სიმთვრალეში. მერე ჭუჭყიან პერანგს ვუყურებ. ეს იქ იმ კედელზეა გასვრილი. ვიგონებ ადგილებს. ლია ძალით შევათრიე. ვკოცნიდი. მგონი, გავარტყი კიდეც. უჰ, რა სირცხვილია, მასთან, მამამისთანაც: ის ხომ ჩვენი ლექტორია.
უფრო მტკივდება თავი.
მიმძიმდება კიდეც.
ნეტავი ვინმემ დამალევინოს ბორჯომი, ან წყალი. მე თვითონ მეზარება ადგომა.
თვალებს ვიფშვნეტ.
მარცხენა უპე მტკივა რატომღაც. საჩვენებელი თითით ვისინჯავ. მგონი შეშუპებულიცა მაქვს. ალბათ, მომადო ვინმემ, ნეტა ვინ? საბანს თავზე ვიხურავ და ვცდილობ არ ვიფიქრო. გათენება მეზარება. ვიცი: ჯერ სახლში ატყდება ერთი ამბავი, მერე გარეთ. ლიას მაინც როგორ უნდა შევხედო. არა, ჯობია მეხუროს თავზე საბანი და არაფერზე არ ვიფიქრო.
უფრო ვეხვევი საბანში, მაინც მესმის წვიმის ხმა. ხასიათი უფრო მეშხამება. მერე აღარ მესმის ხმა. ნუთუ გადაიღო, თუ ჩემამდე აღარ აღწევს. ნელა ვწევ საბანს.
- ტკაპ, ტკაპ, ტკაპ, - ისმის სუსტად. ახლა ჟინჟლავს. სულ ვიშხამები. თავს ვყოფ საბნიდან და მთას ვუყურებ. ის ახლად ამწვანებულია, მაგრამ ახლა რუხადა ჩანს. აღარა ჟინჟლავს. თავს ქვევით ვწევ. რუხი ღრუბელი მოძრაობს. ზევით ლურჯი ცის ნაფლეთი ჩანს. ოდნავ მწვანდება მთის ფერი, მერე უფრო მწვანდება. შემდეგ ღია მწვანე ხდება. სხივები ჩადიან ნაოჭა მთის ფერდებში. ავსებენ სინათლით. მხოლოდ ადგილებზე რჩება ჩრდილები. ისინი არიან დიდი და მუქი, პატარა და ბაცი და პირიქით. საბანს სულ ვიხდი და ლოგინზე ვჯდები. მინდა მთის მარჯვენა მხარეც დავინახო, მაგრამ ჩვენ გვერდზე მდგარი სახლი მიშლის. ვზივარ და ვუყურებ სხივების თამაშს. ვგრძნობ, რომ მიხარია რაღაცა. ღრმად ვისუნთქავ ჰაერს. ვფიქრობ: ჩვენი სახლი ოთხსართულიანია; რაღა მეორეზე ვცხოვრობთ, აფსუს. მეოთხეზე რომ ვიყოთ, ფუნიკულიორიც გამოჩნდებოდა, პანთეონიც, მარცხნივ კი კოჯორიც. ახლა ისინიც მზეშია, მე კი ვერა ვხედავ, აფსუს.

წელი 1957. მაისის 10.

შენიშვნები

ამ დათარიღებული და დასათაურებული ნაწარმოების მხოლოდ შავი ავტოგრაფი არსებობს(1-9გვ.). პირველი გვერდი წარმოადგენს თავფურცელს, რომელზეც დიდი, ფიგურული ასოებით წერია სათაური და შესავალი დღიური (იხ. ტექსტი). დღიური მიჩნეულია ტექსტის ნაწილად გრაფიკული გაფორმების მიხედვით და შინაარსის გამო, რომელსაც აშკარად დღიური-ეპიგრაფისათვის დამახასიათებელი დასრულებული ფორმა აქვს (იხ. ტომი 1, ავტოგრაფების დახასიათებისათვის). ცალკე გვერდზე, ტექსტის ბოლოს, თარიღის შემდეგ არის მინაწერი: “ერთი თვის შესვენების მერე.”
ქვეყნდება პირველად.

??????