რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

დღიურ-ამბავი. გაზაფხული 

თინა სოხაძის პატარა ძმამ თავი მოიკლა.
ლელი კვანტალიანს ქორწილი ჰქონდა. ქორწილის მერე საქორწილო მოგზაურობა. ამხანაგებმა მცხეთამდე მიაცილეს: ნოდარ იაკობაშვილი მცხეთაში მატარებელმა გაიტანა.
ციალა ფაღავამ თავი ჩამოიხრჩო მავთულით სარკის წინ. მის ფეხებთან გულის ქალისა და ყვავის ვაჟის კარტები ნახეს დაყრილი. ვაკელი ბიჭი სანაპიროზე დაჭრეს დანით. გადმოყრილი ნაწლავები ხელში ეჭირა. ვიწრო ეზოში ბავშვები დაჭერობანას თამაშობდნენ, მერე ომობანას.
კიბეზე შემომჯდარი მეცხრეკლასელი გოგოები ანეკდოტებს ყვებოდნენ. მეშვიდეკლასელი ნათელა კისკისებდა ყველაზე მეტად, ბოლოს თვითონ მოყვა:
ბავშვმა უთხრა დედას მათ მეზობელ ღიპიან კაცზე:
- დედა, ძია ვასოს დიდი მუცელი რადა აქვს?
- ფეხმძიმედაა და იმიტომ, - უპასუხა დედამ.
- რა ეყოლება?
- რა ვიცი, - გაუწყრა დედა.
- მე ვიცი.
- რა?
- სპილო.
- საიდან იცი?
- გუშინ ვნახე სახლში ტიტველი, უკვე ხორთუმი უჩანდაო.
ყველაზე მეტს თვითონ კისკისებდა ნათელა. მეორე სართულიდან კაცის ღრიალი და ქალის წივილი ისმოდა: ცოლსა სცემდა მთვრალი ქმარი ჯაგრისით, მერე ვედროთი წყალი შეასხა და ჭურჭლის მტვრევა დაიწყო.
სამშობიაროდან გამოქცეული მახარობელი კიბეზე წაეპერტყა:
გიგი აბაშიძეს ოთხ მარტს გოგო შეეძინა.
- ბოლოს და ბოლოს შეიტან თუ არა ქირას, - ყვიროდა კომენდანტი მთელ ეზოზე. ღიპიანი ვასო არხეინად განაგრძობდა პაპიროსის წევას.

წელი 1957. მარტის 4.



შენიშვნები



არსებობს დასათაურებული და დათარიღებული როგორც შავი (1-4გვ), ასევე თეთრი (1-3გვ.) ავტოგრაფი. შავი ავტოგრაფის დასაწყისშივე სათაურია, შემდეგ - ჩანახატი: ან ლირა, ან სავსე სასმისი. შავი ხელნაწერის მეოთხე გვერდზე პაგინაციის აღმნიშვნელი რიცხვი “4” წერია ფიგურულად. მის ქვეშ, ასევე ფიგურულად, მსხვილად დაწერილია რიცხვი “5”. აქვეა გაუგებარი ჩანახატი. მოთხრობის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება ეს იყოს სპილოს ხორთუმი.
თეთრ ავტოგრაფში სათაური დაწერილია გამოყვანილი ხელით. ასეთივე ხელითაა აღნიშნული ნაწარმოების ჟანრი. სავარაუდოა, რომ I სიაში “25. დღიური-ამბავი” იგულისხმება ეს პატარა ჩანახატი. აქ მოყვანილი ყველა ამბავი შეესაბამება სინამდვილეს, ერთი დღის ქრონიკაა. მომდევნო მოთხრობის მინაწერიდან ჩანს, რომ თინა სოხაძის ძმისა და ნოდარ იაკობაშვილის დაკრძალვა ერთსა და იმავე დღეს იყო. თეთრ ავტოგრაფში შეცვლილია მხოლოდ გრაფიკული სტრუქტურა (თინა სოხაძე - ჩემი ბავშვობის მეგობარი. ნოდარ იაკობაშვილი - გურამის ამხანაგი).
ქვეყნდება პირველად.

??????