რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

ერთგული 

პაპა როსტომს თავის კართან შეუღონდა გული; მეზობლებმა საყვარელი მოხუცი ძლივს აიყვანეს კიბეზე. ცოტა ხნის შემდეგ მომჯობინდა ავადმყოფი და თავის ქალს ერთი ჭიქა საფერავი მოსთხოვა სისხლის მოსამატებლად.
დალია.
კიდევ მოსთხოვა.
დალია.
კიდევ მოსთხოვა.
- არ ვარგა, მამა, ამდენი, - უთხრა ქალმა.
- როგორ არ ვარგა, მოხუცი ხომ არ გგონივარ, აფსუს. - გაცხარდა როსტომი.
თვითონ აიღო ბოთლი და სმა დაიწყო. “აფსუს”, - ფიქრობდა, - რა ღვინო მისვამს! ათ ბოთლამდე არ მიჭირდა ხოლმე”. საუცხოო ღვინოს წურავდა სახლში. მთელი ზამთარი ჰყოფნიდა. მართლაც ბევრსა სვამდა და ცუდად არასოდეს გამხდარა. თავს როგორ შეირცხვენდა!
ერთხელ მისი ყმაწვილკაცობის ამხანაგი გახდა ცუდად. მან სამუდამოდ შეაჩვენა. დიდხანს არ სცემდა ხმას. “კაცს თუ შნო არა აქვს, არ უნდა დალიოს”, - ამბობდა ის, - თავს როგორ შევირცხვენ, მგონი, შუბლში მივიხლი ან სხვა ქალაქში გადავალ, ხალხმა რო მაგისთანა საქმეში მნახოს”. - ამბობდა მაშინ და მის მერეც.

როსტომმა ჭაღარა წვერზე ხელი გადაისვა.
“ჩიტო, გვრიტო, მარგალიტო!”
გადაჰკრა.
“ბოშო, ჩარ”.
გადაჰკრა.
“ჩარ, ჩარ, ჩარი, რამა”.
გადაჰკრა.
უცებ რაღაცა სისუსტე იგრძნო, თითქოს გულიც შეუღონდა. ფერი დაკარგა. მისმა ქალმა მეზობლებს დაუძახა.
მოხუცს ღებინება დაეწყო.
მეზობლის ქალმა შუბლი დაუჭირა. ვიღაცა ტაშტზე გავარდა.
ჩქარა ისევ მომჯობინდა.
ოთახში მხოლოდ მასავით მოხუცი ნათესავიღა იჯდა და თავს აკანტურებდა.
- სიმონ.
- ჰო.
- დაგველია თითო.
- რას ამბობ!
- ჰო, შე კაცო.
როსტომმა მოსვრილი წვერები ცხვირსახოცით მოიწმინდა. უაზროდ გაიღიმა. ისევ გაიღიმა და ცხვირსახოცი ჯიბეში ჩაიდო.
- რა მოგივიდა წეღან, არ გახსოვს? - თქვა სიმონმა.
როსტომს ახსოვდა, მაგრამ რატომღაც არა სწყინდა.
- შე კაცო, დავლიოთ. - აუწია ხმას.
- აღარაა ღვინო. - ცივად უთხრა სიმონმა.
როსტომს არც ეს სწყენია. ფეხსაცმელები გაიძრო და შვილის მიერ გასწორებულ საწოლში შეწვა.






ყიჟინასა და ტაშის გრიალში გამოვიდნენ ცხენები მოედანზე. წმინდა სისხლის ულაყზე ჩია კაცი იყო წამოსკუპული. დიდი, წითელი კეპის ქვევიდან აცეცებდა თვალებს. ორ გამყოლს აქეთიქიდან ჩაევლო აღვირისათვის ხელი, მაინცა სცემდა ტორებს სირბილის ჟინზე მოსული. ულაყი პირველი დადგა. გვერდზე სხვა წმინდა სისხლის ჯიშსაშენის ცხენები მოუყენეს გამყოლებმა. უზარმაზარ ულაყებზე ძლივს მოჩანდნენ პატარა ტანის ჟოკეები.
- ყურადღება! - დაიწყო დიქტორმა, ხმაური შეწყდა, მხოლოდ ცხენები ტოკავდნენ ადგილზე, მერე შუაში მდგარი “დარბაისელი” გამოვიდა წინ, პატრონმა ძლივს მოაბრუნა უკან.
- ყურადღება! იწყება დოღი წმინდა სისხლის ჯიშსაშენის ცხენებისათვის ათ კილომეტრზე.
რომელიღაცამ დაიხვიხვინა; გამყოლებმა ძლივს გააკავეს ცხენები. ტოკავდნენ. მხოლოდ თავიდან მეორე იდგა წყნარად, დიდ თვალებს არ აცეცებდა, მას გრძელი, ჩამოშვებული ფაფარი ჰქონდა და ზურგზე შუახანსგადასული, საკმაოდ მოსული კაცი ეჯდა.
- პირველი ცხენი, - განაგრძობდა დიქტორი, - სახელად “გიტარა”, არის ოთხი წლის, მეორე ცხენი, საქართველოსა და ამიერკავკასიის რამდენიმეგზის ჩემპიონი - “ერთგული”, უკვე მეთერთმეტე წელშია.
ხალხი ახმაურდა, დიქტორმა სწრაფად მოათავა ექვსივე ცხენის ბიოგრაფიების ჩამოთვლა და მთავარ მსაჯს ანიშნა. გამყოლებმა მოედანი დატოვეს. ნიშანზე ულაყები ნელა დაიძრნენ ადგილიდან. ტორტმანით უახლოვდებოდნენ დოღის დაწყების ადგილს. ზედ ხაზთან დაიქნია მსაჯმა დროშა და ცხენები ადგილს მოსწყდნენ. გაისმა ღრიალი, ტაში, ყიჟინა. ხალხი ფეხზე წამოვარდა.
დიქტორი ალაპარაკდა:
- პირველი მიდის “სალამურა”, მეორე “დარბაისელი”, მესამე “გიტარა”, მეოთხე “ერთგული”.
ხალხი უსტვენდა.
ერთგული სამჯერ ახსენა დიქტორმა.
თერთმეტი წლის ულაყი მეოთხე წრეზე ყველას წინ მოექცა.
ხალხი წამოცვივდა.
დიქტორი აცხადებდა:
- ჯერ კიდევ თერთმეტი წრე დარჩა, წინ მიდის “ერთგული”.
“ერთგული” ბოლო ძალებს იკრებდა. მირბოდა ოთხით. იყო ყველაზე წინ და თავისი პატრონი, მისი წყალობით ჩემპიონი თუ ოსტატი, მიჰყავდა ზურგით.
ექვსი წრე გაიარეს.
ერთგული ისევ წინ იყო.
გახელდა.
მის მიახლოებას ტაშით ხვდებოდნენ, ზოგი ქუდს ისროდა მაღლა.
სადღაც უკან ისმოდა სტვენა, სიცილი. უკან დარჩენილი “სალამურა”, სტვენით გაღიზიანებული, ცდილობდა წინ გავარდნას, მაგრამ მხედარს მაგრად ეჭირა ლაგამი.
“ერთგულმა” საკმაო მანძილზე ისხლიტა სხვები, ახლა იგი სისწრაფეს ვეღარ უმატებდა. კიდევ ორი წრე შემოირბინა ასე. დაიღალა. სცადა სისწრაფის მომატება. ამაოდ. ნელა უკლო სირბილს. ანთებული თვალები მიუქრა.
“დარბაისელი” ჯერ წამოეწია, მერე გაუსწრო.
- ფანდია!
- ჯერ გაუშვებს, მერე გაუსწრებს!
- აბა რა.
- მა რა.
იძახდა ხალხი.
ახლა “გიტარამაც” გაუსწრო “ერთგულს”.
მათრახი აკადრეს.
მან უკანასკნელი ძალა მოიკრიბა. ისხლიტა “დარბაისელი” და თავით გაუსწორდა პირველს. დოღის ბოლომდე ოთხი წრეღა რჩებოდა.
- ერთგული!!!
- ვაშა!
- უჰ, შენი ჭირიმე.
- მიდი.
- ნიძლავი მაგისია.
- როგორც ყოველთვის.
- აბა რა.
- მა რა.
იძახდა ხალხი.
ულაყმა იგრძნო ქება, მაგრამ პირველად თავის სიცოცხლეში არ ესიამოვნა. ძველებურად აღარ გახარებია. ისევ დაიწყო ჩამორჩენა.
დოღი დაიძაბა.
ცხენები დაიჭიმნენ.
“სალამურა” ნელა წამოეწია სხვებს.
ახლა ცხენები ერთად გარბოდნენ. შეჯიბრების ბოლომდე ორი წრეღა რჩებოდა. “ერთგულს” კიდევ ორმა გაუსწრო, მერე კიდევ ერთმა.
ისევ აკადრეს მათრახი.
ახლა დარტყმა აღარ ეწყინა.
აღარც გამხნევებამ იმოქმედა.
ახლა მხოლოდ უძალოდ ხტებოდა ჰაერში. სხვებმა ბოლო წრეზე დიდი მანძილით მოიტოვეს უკან ყოფილი ჩემპიონი.
ვიღაცამ დაუსტვინა კიდეც.
მას სხვები აჰყვნენ.
ახლა აღარც ეს სწყინდა ჩამორჩენილს. ნელი ნახტომებით უახლოვდებოდა ბოლოს, სადაც მისმა მოწინააღმდეგეებმა მთელი ათი-თორმეტი წამით ადრე გაირბინეს.
- “სალამურამ”.
- ვინ?
- “სალამურამ”.
- ხო გითხარი.
- ხო ვამბობდი.
- ეტყობოდა.
- აბა, რა.
- მა, რა.
ყველას “სალამურას” სახელი ეკერა პირზე.
- რამდენი წლისაა? - იკითხა ულვაშა ძიამ.
- სამის მგონი, - უპასუხა მოწაფის ფორმაში გამოწყობილმა ბიჭმა და გამარჯვებულისაკენ გაიქცა.
“ერთგულმა” გადალახა ბოლო ხაზი, მერე მწვანე მინდორზე გადავიდა. უნდოდა კიდევ იქით წასვლა, მაგრამ ლაგამმა არ გაუშვა. ერთხანს ასე იდგა, შემდეგ ვიღაც ბიჭმა მოჰკიდა ხელი მის აღვირს და გაატარა.
მოშორებით, სხვა ცხენების გარშემო, ხალხი ხმაურობდა.
“ერთგულს” სიამოვნებდა, რომ მის ახლოს არავინ იყო.
თერთმეტი წლის ულაყმა ცალი ყური მიაბრუნა, თან გახუნებულ ველს გახედა.
ბუნდოვნად იგრძნო, რომ ოდესღაც, როცა ხალხს არ იცნობდა, იქ იზრდებოდა და ძალიან, ძალიან მოუნდა დაბრუნება. როცა მოიხედა, მის წინ პატრონი იდგა, ყალიონს აბოლებდა. მასთან ვიღაც გაბურძგნილი კაცი მივიდა, ლაშებში მოჰკიდა ხელი, მერე თავი გაიქნია.
- მეთორმეტეშია, - თქვა მან.
- არა, მეთერთმეტეში, - გაუსწორა პატრონმა.
- სულ ერთია, - თქვა ისევ მან.
“ერთგულმა” კისერი წაიგრძელა, უღონოდ ჩაიხვიხვინა და ისევ ველებს გაუსწორა თვალი. სიამოვნებდა, რომ ხმაური მისგან შორს იყო, რომ იდგა მარტო, და რომ არავინ არ აწუხებდა.
გაბურძგნილმა კაცმა ისევ ჩაავლო აღვირში ხელი.
ახლა აღარც ეს სწყინდა ერთ დროს ერთგულ “ერთგულს”.

წელი 1956. ნოემბრის 7.



შენიშვნები




არსებობს ამ მოთხრობის როგორც შავი (1+1-3+1-7გვ.), ასევე თეთრი (I-III+1-7გვ.) ავტოგრაფი, დათარიღებული და დასათაურებული.
შავი ავტოგრაფის თავფურცლის ქვედა ნახევარზე ყავისფერი ფანქრით წერია სათაური, შემდეგ გვერდებზე კი შესავალი, რომელსაც მოსდევს გაკრული ხელით ნაწერი, რამდენიმე ადგილას ყავისფერი ფანქრით ნასწორები ტექსტი. ტექსტს ბოლოს უზის თარიღი და ოთხკუთხა ჩარჩოში ჩაწერილი სიტყვა „ზედიზედ.” ეს სიტყვები აღნიშნავს, რომ 7 ნოემბერს ერთმანეთის მიყოლებით დაწერილია ორი მოთხრობა: „სათაგური” და „ერთგული”. შავი ავტოგრაფის პირველი გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში პაგინაციის ნიშანი „1” ჩასმულია კვადრატში. კვადრატის შიგნით ჩახატულია წრე. ოთხკუთხედის გვერდები და კუთხეები შეერთებულია ურთიერთგადამკვეთი სამ-სამი ხაზით, გადაკვეთის ადგილები მუქი წერტილებით არის აღნიშნული. 1957 წლის ავტოგრაფებში ასეთი გრაფიკული აღნიშვნები მრავლად არის გაბნეული. ასევე ხშირია გვერდის ნუმერაცია „1”-სათვის სხვადასხვა გრაფიკული გამოსახულების მიცემა (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის). თეთრი ავტოგრაფის შესავლის პირველი სამი გვერდის ნუმერაციაც რომაული ციფრებითაა გაკეთებული. დასაწყისში წერია თარიღი, სათაური ბრჭყალებში, მოსდევს ისევ თარიღი, შემდეგ შესავალი. ტექსტის ნუმერაცია იწყება თავიდან. ტექსტის ბოლოს ზის თარიღი. თეთრი ავტოგრაფის მესამე გვერდზე ერთ-ერთი დიალოგში თადაპირველად დაწერილი წერტილი გადაშლილია მწერლის მიერ. (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის) შავში იმავე ადგილას წერია კითხვის ნიშანი. თეთრში დამატებულია ბოლო ორი წინადადება, სიტყვებიდან: „გაბურძგნილმა კაცმა...” ბოლომდე.
ძირითადი განსხვავება შავსა და თეთრ ავტოგრაფებს შორის აბზაცებშია. გაძლიერებულია აქცენტები, შექმნილია ახალი აზრობრივი მთლიანობები.
პირველად გამოქვეყნდა 1961 წლის 29 სექტემბერს „ლიტერატურულ გაზეთში”. ამავე წელს გამოქვეყნდა წიგნში „სალამურა”.

??????