ვახო ოთახში თვრება
ბიჭმა გოგოს ბარძაყიდან ხელი ჩამოიღო და უბისკენ წაიღო.
- საღოლ. – უთხრა შოფერს და ოცდახუთიანი გაუწოდა.
მანქანა შეინჯღრა, მერე გავარდა. მოუხვია, უკანა სვლა მისცა და უკან დახეული წინ გაიჭრა. “ნიჩივო ნაშაა”, გაიფიქრა შოფერმა და პადიეზდში შემავალ ნანას გავას თვალი ააყოლა.
დამლაგებელი იატაკს წმენდდა. მრუდე თვალები ააყოლა გოგოს. ბიჭი წინ მიდიოდა. ორი კარი ოდნავ გამოიღო, მერე მიიხურა. ვახომ სახლში შეიყვანა. “უეჭველი მოვრჩები”, გაიფიქრა გულში, მერე ჯიბიდან ნახევარბოთლიანი დააძრო, მეორე შიგ დატოვა.
- პარა, პარა, რაა, რა, - აჭყიპინდა პატეფონი.
- აქ დაჯექი.
- ახლავე, - ნანა მუხლებზე ჩამოუჯდა. მერე ადგა და პალტო გაიხადა, ბიჭმაც გაიხადა.
ვახომ ჩამოასხა.
- დავლიოთ, “სტალიჩნია”.
დალიეს, მერე ვახომ დალია მარტო.
“დავათრობ და . . .” - ფიქრობდა ვახო.
- ვახო, - გოგომ ლოყაზე უჩქმიტა. - ვახო, აბა ჩაის ჭიქას თუ დაცლი. - ვახომ მოიყუდა, მერე გოგოს დაალევინა: ცოტა მოსვა.
- ნანა!
- რა?
- მოდი აქ.
ნანა ჩამოუჯდა. ვახომ ცალი ხელი ძუძუებში ჩაუყო, აზღუდიდან ამოუღო. უსრესავდა. შემთვრალი გოგო კისკისებდა.
- კიდე რა, ვახო.
- რა?
- დავლიოთ.
- ჯერ ის.
- ჯერ არა.
კიდე დალიეს. ვახომ ჩაის ჭიქით. გოგომ ცოტა მოსვა.
“დათვრება და . . .” გაიფიქრა ბიჭმა
- ახლა, - თქვა ვახომ.
გოგო მინებდა.
ვახო დაწვდა, კაბა აუწია და
- ვახო! - წამოვარდა ქალი.
- რა?
- დმპ-პუ. - მოხვდა სილა ვაჟს.
ვახო გაიღრიჭა, მთვრალი ყბა გვერდზე მოექცა, დაწითლებული თვალები ერთმანეთში გაეყარა.
“ფუ, რასა ჰგავს”, გაიფიქრა ნანამ.
“ჯერ არ დამთვრალა”, გაიფიქრა ვახომ.
ნანა შემთვრალი იყო,
ვახო მთვრალი.
- კიდე დავლიოთ, - ნანას სიცილი აუვარდა, ვახო ბოთლს დაეწაფა, მერე გოგოს მკერდს: კაბა ჩაუხია და ისე. გოგო გადაწვა: ბიჭმა ისევ წაიღო ხელი, მერე სისუსტე იგრძნო, რაღაცა მოაწვა გულზე: უცებ მოეკიდა არაყი: ახლაღა იგრძნო სიმთვრალე. ახალი ძალით შემოახია და ხელით მისწვდა. თითი გაუქანა: გოგომ შეჰკივლა და კარისკენ გავარდა. ვახოს თავბრუ დაეხვა. თავი გადმოკიდა და საწოლის ქვევიდან ტაშტი გამოიღო. არწყევდა.
გოგო იდგა კარში და კანკალებდა. “ნეტა, მთვრალი არ იყოს”, გაიფიქრა და თვითონაც მოუნდა, ისიც შემთვრალი იყო, სულ ოდნავ ეხვეოდა ბრუ.
ნელა მოაბრუნა სახე.
ვახო არწყევდა.
“ფუ, რა საზიზღარია”, გაიფიქრა ისევ და შუბლის დასაჭერად მივიდა.
ვახო არწყევდა.
“ნეტა მთვრალი არ იყოს”, ფიქრობდა გოგო, ვახოს ხელი ლაჯებს შუა ეჭირა და შუბლს არ უშვებდა.
ნელა, სულ ნელა უჭერდა ბარძაყებს ვახოს ხელს, მერე მოუდუნდა და უძლურად დაჯდა გვერდზე.
ვახო კი არწყევდა.
ოთახში მჟავე სუნი დადგა.
წელი 1957. მარტის 2.
შენიშვნები
არსებობს მხოლოდ შავი, დათარიღებული და უსათაურო, ავტოგრაფი. შინაარსისა და მთავარი გმირის სახელის მიხედვით, ეს უნდა იყოს მოთხრობა, რომელიც პირველ სიაში მოიხსენიება როგორც “45. ვახო ოთახში თვრება.” მოთხრობის ბოლოს, თარიღის შემდეგ, არის მინაწერი: “2 საათია. მამა ჩამოვიდა. უკვე დავითვერი.”
ქვეყნდება პირველად.