რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

ვერაგობა და სიყვარული 

ოთხი ამბავი ერთი ხელის მოსმით
(ნაწერი შუა ღამეს ქორწილის შემდეგ)

გაზაფხულდა ბუჩქის ძირას
თავს იწონებს - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - -
ძია გოზალოვი

დილით ოპერაციაა

- რა?
- წყალი.
- რად გინდა?
- მწყურია.
გურამმა პატარა ჭიქით წყალი მოიტანა. ციცკამ დალია.
- კიდე გინდა?
- არა.
გურამი ფეხთით დაჯდა. გოგომ საბნიდან ხელი ამოიღო. ბიჭმა თავისი დიდი ხელი დაადო მის თეთრ ხელს; მერე ცოტა მოუჭირა. პალატაში მორიგე ექიმმა შემოიხედა.
- დილის ოთხი საათია.
- ჰა?
- ოთხი საათია.
ციცკას ხელი სულ მოუდუნდა. გურამმა უფრო მოუჭირა.
- მტკივა.
- გაგიშვა?
- არა.
- აბა?
- იყავი ეგრე.
- გტკივა?
- არა.
გურამმა უფრო მოუჭირა.
- არც ახლა გტკივა?
- ჰო.
- გაგიშვა?
- არა.
პალატაში ისევ შემოიხედა მორიგე ექიმმა.
- დაიძინეთ, - თქვა მან.
- მძინავს, - თქვა ციცკამ.
- დილით ოპერაციაა, - თქვა ექიმმა.
- ოჰ, - ამოიოხრა გოგომ.
- გეშინია?
- ჰო.
- ძალიან?
- ჰო.
- ნუ გეშინია.
- კარგი.
გურამმა ხელი გაუშვა და ხელზე დაუწყო ფერება.
- არ წახვალ?
- არა.
გურამი დაიხარა და შუბლზე აკოცა.
- დილით ოპერაციაა, - გაიმეორა მორიგე ექიმმა.

წელი 1957. [თებერვლის] 10. დილის 430.

* * *
სურათში ყველა ლამაზია, - თქვა გურამმა.
- ჰო, - თქვა ციცკამ.
- თუმცა, დათო პირიქით გამოდის.
- დათო კი.
ოთახში საათის ტიკტიკი არ ისმოდა. მაღვიძარა მეორე ოთახში იდგა.
- რა დროა? - იკითხა გოგომ.
ბიჭი ზლაზვნით ადგა.
შემდეგ მეორე ოთახში გავიდა.
ბნელოდა.
ასანთს გაჰკრა.
საათი როიალის თავზე იდგა. ისევ გამოვიდა.
- რა დროა? - იკითხა ციცკამ.
- ოთხი საათია. - თქვა გურამმა.
- დავიძინოთ, - თქვა ციცკამ.

წელი 1957. თებერვლის 10. დილის 435.

მილიციელი ვანო

მილიციელი ვანო იდგა ქუჩის კუთხეში. “გუშინაც ამ დროს აიარეს”, გაიფიქრა გულში, მერე იარაღი მოსინჯა. ორივემ უხმოდ ჩაიარა.
ზამთარი იყო:
მაინც თბილოდა.
მილიციელი ვანო იდგა ქუჩის კუთხეში და არაფერზე არა ფიქრობდა. დილით განყოფილებაში მორიგეს ჩააბარებდა ანგარიშს: შემდეგ მთელი დღე თავისუფალი ჰქონდა.
ზევიდან ცხენოსანი მილიცია მოდიოდა. დიდი ულაყები მძიმედ ადგამდნენ ფეხებს: ღამე კარგად ისმოდა ფლოქვების ხმა.
- როგორი ღამეა? - იკითხა ერთმა ცხენიდან.
- კარგი, - თქვა ვანომ.
- მაშ, კარგია, - თქვა მეორემ.
- ჰო, შემთხვევა არ მომხდარა.
- მე სითბოზე გეუბნები.
ვანომ ვერ გაიგო.
- თბილა-მეთქი, - გაიმეორა უკვე ჩავლილმა.
ფლოქვების ხმა ნელ-ნელა მიწყნარდა. მერე სულ გაქრა.
“კარგი ღამეა”, ფიქრობდა ვანო. “შემთხვევა არ მომხდარა, ხომასურიძე კი სულ სითბოზე ფიქრობს, მაინც უმართლებს”. რატომღაც გული დასწყდა. ქუჩის ბოლოში ცოტათი მოუბერა ქარმა. პირდაპირ ეზოში ხალხი გამოვიდა. ვიღაცამ მაღალი ხმით დაიწყო “გოგონიავ, კისკისა”. “გოგონიავ კისკისა”, აიტაცეს სხვებმა. სიმღერა გახურდა. “გოგონიავ, კისკისა, კისკისა, აქ ჩამოდი წყლის პირსა”. გაისმა ტაში. ახმახმა ჩამოუარა.
“მშვიდობიანი მოსახლეობის მყუდროებას არღვევენ”, გაივლო ვანომ: ადგილიდან არ დაძრულა.
ახლა ქუჩაში გამოვიდნენ სიმღერით. მილიციელის დანახვაზე ხმას დაუწიეს: ჩაიარეს; ქუჩის ბოლოდან ისევ მოისმა “სათამაშო და ვაშლი მქონდა შენკენ გადმომიგორდა”.
“ჩემს უბანზე შემთხვევა არ მომხდარა”, ისევ გაიფიქრა ვანომ.
სადღაც გათენდა.

წელი 1957. თებერვლის 10. დილის 9-920.

***
- რამდენი წლისაა ჰამლეტი?
- რამდენის იქნება?
- რვის.
- არა, ოთხისაა.
- ამხელა? - ვანომ ყანწი მარცხენა ხელში გადაიტანა, მერე ლოყაზე უჩქმიტა პატარას:
ბავშვი აჩხავლდა.
- ასეთია, - თქვა დედამ.
- ბრაზიანია? - ხმას დაუწია ვანომ.
- მამამისს ჰგავს.
- მამამისს?
ვანომ ქეთოს სავსე მკერდისაკენ გააპარა თვალი.
- ოჯახის ყველა წმინდებს შეეწიოს ამ ოჯახს ყველა წმინდა, ყოველივე კარგს ყოველივე ჯანმრთელობა ვუსურვოთ.
- ყველა წმინდას.
- საყველაწმინდაო იყოს.
სუფრა აირია.
- ძაან ბოვში გყავს, ქეთო.
- რას ვიზამ.
- ვასო სადაა?
- მივლინებაში.
- რა ხნისაა ბოვში?
- შე კაცო, თამადა შენ იყავი და
- დიდს გავს უფრო.
- მრავალ დაბადების დღეს დაასწროს! - ნათლიამ ლოყაზე აკოცა ქეთოს.
- გამოიარეთ შენ და ვასომ.
- როცა ჩამოვა, კი.
- გმადლობთ, გმადლობთ.
გათენდა.
- ძაან ბოვში გყავს-მეთქი.
- პაპამისს ამსგავსებენ.
ვანომ ისევ შეავსო ყანწი.
დალია.
- ქეთო,
- რა?
- აქედან ისე ნუ წამიყვან, ერთჯელ რომ არ მაჩვენო კიდევ.
- ვინ?
- ჰამლეტი.
- სძინავს.
- საძილეში არ შეიძლება შესვლა? - გამოაჩინა კბილები ვანომ.
ქეთო შეუძღვა.
- ხედავ? - თქვა ეთერმა.
მიშამ თევზის ნაჭერი ჩაიდო პირში.
- რას?
- იმათ.
- ჰო.
- კარგი ქალია ქეთო, ჰა, ჰმ.
- ეგ ვანო ვინაა.
- რომელი?
- ჩვენი დღევანდელი თამადა.
ქეთომ და მიშამ ერთმანეთს შეხედეს, მერე ქეთომ თავი დაუქნია.
უკვე კარგად გათენდა.

წელი 1957. თებერვლის 10. 920-935.

შენიშვნები

ეს ნაწარმოები შედგება პატარ-პატარა მოთხრობებისაგან, ამბებისაგან. გვაქვს მხოლოდ შავი ავტოგრაფი (1+1-5+1-2+1-4+1-5გვ.), თარიღითა და სათაურით. თავფურცლის ზემოთა მარჯვენა კუთხეში, ბრჭყალებში, შედარებით პატარა ასოებით, წერია ამ ოთხი ამბის საერთო სათაური. ამას მოსდევს და მთელი გვერდი უჭირავს ჟანრის განსაზღვრას და პატარა კომენტარს (იხ. ნაბეჭდი ტექსტი). ფურცლის ბოლოს წვრილი ასოებით წერია სახუმაროდ გადაკეთებული აკაკი წერეთლის ცნობილი ლექსის დასაწყისი, “ავტორის” გვარით. ეს სტროფი წარმოადგენს იმ დროს გავრცელებული ანეკდოტის რემინისცენციას. ნუგზარ წერეთლის გადმოცემით, ამ ამბის მოყოლა უყვარდა ხოლმე გურამს: იყო თურმე ვინმე გოზალოვი, მგონი, მედუდუკე, თანაც, პოეტობდა. მან რედაქციაში მიიტანა “საკუთარი” ლექსი:
“გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას
თავს იწონებს ნაზი ია,
მოგილოცავთ პირველ მაისს
თქვენი ძია გოზალოვი.”
რედაქციაში ლექსი თურმე დაუწუნეს ურითმობის გამო. გოზალოვმა ლექსზე “იმუშავა”, გადააკეთ-გადმოაკეთა და ცოტა ხანში ხელახლა მიიტანა რედაქციაში უკვე შესწორებული ვარიანტი:
“გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას
თავს იწონებს ნაზი ია,
მოგილოცავთ პირველ მაისს
თქვენი გოზალოვი ძია”.
ლექსის გვერდზე ხატია გრძელყლორტიანი მცენარე (შეიძლება ყვავილი), ძირი გამაგრებული აქვს ჯოხებით, ალბათ, ყლორტის სისუსტის გამო. მცენარისა თუ ყვავილის ღეროს ორსავე მხარეს დიდი ფიგურული ასოებით წერია: “აი ია”.
თებერვლის ბოლოსა და გაზაფხულზე დაწერილი ავტოგრაფების უმეტესობა შავი ვარიანტითაა წარმოდგენილი. ამ თვეების ხელნაწერებში უფრო ძნელი აღმოჩნდა დღიურებისა და მინაწერების ტექსტად მიჩნევა-არ მიჩნევისათვის მყარი კრიტერიუმის შემუშავება, ვიდრე 1956 წლის ნაწერებში (იხ. ტომი 1, ავტოგრაფების დახასიათებისათვის). ამიტომაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ამ პრობლემის გადაწყვეტა თავიდან ხდებოდა საჭირო. ზოგჯერ ვიხმობდი ინტუიციასაც. ის მინაწერები თუ დღიურები, რაც ტექსტში არ არის შესული, შეტანილია შენიშვნებში. ამ ნაწარმოებთა რედაქციის დროს ვითვალისწინებდი გურამის ერთ დღიურში გამოთქმულ მოსაზრებასაც სერიოზულისა და სახუმაროს შესახებ (“რა არის იმაზე ადვილი, სერიოზულობის დროს იყო სერიოზული და ხუმრობის დროს ხუმარა. აბა, სცადე შებრუნებით.”), ისე როგორც მის მთლიან შემოქმედებას, სადაც სერიოზული და სახუმარო, მართლაც რომ, ხანდახან გადახლართულია ერთმანეთთან და ერთ მთლიანობას ქმნის. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ გურამის ამ პერიოდის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ოპოზიციების შექმნა, ჩამოყალიბება, მათი ამბივალენტური გააზრება და არა მოხსნა.
აქვე მინდა მკითხველს გავაცნო ამონაწერი გურამის 1960 წლის რვეულიდან, რომელიც, შესაძლოა, ჯობდა მომეყვანა, როდესაც გურამის ნაწარმოებთა ზოგად რედაქციაზე ვწერდი I ტომის ბოლოსიტყვაობაში:
“გუშინ რაც შეიძლება მსუბუქად, ოღონდ პირდაპირ მიმითითა ვახტანგ ჭელიძემ, რომ ვწერ ისეთ საგნებზე, რომლებიც არ არიან სასიამოვნო, ვწერ, ამასთანავე, ცუდი ენით, მიმითითა ინანიშვილის ენაზე, შატბერაშვილმა თითქოს სცადა ჩემი დაცვა, თქვა, რომ ინანიშვილის ენით, რასაკვირველია, რჩეულიშვილი ვერ გადმოსცემსო თავის აზრებს...
ლიტერატურის აზრი, იდეა ეს ხომ ადამიანთა ვნებების, მოქმედებების ყველაზე მძაფრი სიტუაციების, სიცოცხლისმიერი სიტუაციების ასახვაა, გამოწვეული როგორც სულიერი, ისევე, თითქოს ბიოლოგიური მოთხოვნილებითაც, დაახლოებით ისეთივე, როგორც ლომისათვის არის ღმუილი და მისი მსხვერპლისათვის დაწკნავლება. ხოლო ნაწარმოების ენა, სტილი ეს არის ლიტერატურის გარეგნული მხარე, ზუსტად ისეთი, როგორც არის ტანსაცმელი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირი.
მე ცუდი ენა მაქვს, სწორეა, ოღონდ საქმე იმაშია, რომ ჩემი დროის საქართველოსათვის სწორედ ეს ცუდი ენა არის ნამდვილი ენა, ასეთია ჩვენი შინაგანი ბუნების გარეგნობა, მე რომ ასე არ ვწერო: ჯერ ერთი, ვერც დავწერ სხვანაირად, მეორეც, უნდა ვიყალბო... ”
ამავე თავფურცლის მეორე გვერდზე, ჩარჩოში, ფანქრით ჩახატულია კაცის პორტრეტი, სავარაუდოა, ავტოპორტრეტი: გულხელდაკრეფილი ახალგაზრდა კაცი, ოდნავ დაფიქრებულ-დაბღვერილი, იყურება წინ. ჩარჩოს ქვემოთა კუთხეში ირიბად გასმულია ხაზი. ხაზის ქვეშ წერია: “ნადირობა.” უფრო ქვემოთ ხატია მონადირის ატრიბუტები: სანადირო თოფი, ქარქაშიანი ხანჯალი, უფრო ქვემოთ კი ჩანს წვრილად ნაწერი გაშლილი რვეული. რვეულს ეყრდნობა ბატის ფრთა თავისი წვერით. ამ ჩანახატში გაერთიანებულია “ნადირობის” პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობები (იხ. აგრეთვე მოთხრობა “ნადირობა”).
პირველი ამბავი ნაწერია დიდი ასოებით, ბოლოს უზის თარიღი: “ოქტომბრის 10, დილის 4.30.” ჩემი აზრით, აქ თვე არასწორადაა მითითებული (არასწორი დათარიღების სხვა შემთხვევები იხ. ტომი 1, ავტოგრაფების დახასიათებისათვის). ამ მოსაზრების საფუძველს იძლევა ამავე თავფურცლის ქვემოთ მოთავსებული სხვა სამი ამბისა და ამ პატარა ამბის მსგავსი ხელწერა, ფურცელი, თარიღის გაფორმების სტილი, თვითონ მოთხრობის სტილი, აგრეთვე, ორი მოთხრობის გამაერთიანებელი საკუთარი სახელი ციცკა. მოთხრობა, ყველა პარამეტრით, ოქტომბრის ნაწარმოებებთან სრულიად უადგილოდ გამოიყურება. ეს არის პერიოდი, როდესაც გურამი, როგორც თვითონ წერს 1957 წლის გაზაფხულის ერთ-ერთ დღიურში, - “დიდს, სულ ოდნავ დიდსაც კი” ვერაფერს წერდა. 1957 წლის ზაფხულისათვის კი თითქოს შეიცვალა რჩეულიშვილის ნაწარმოებების სტილი. განსხვავებულია ფურცლის ფაქტურაც.
1 სიაში ორი მოთხრობა ამ ციკლიდან ასეა შეტანილი: “43. დილით ოპერაციაა” (შეკვრიდან მეორე ნოველა), იქვე მეოთხე: “მილიციელი ვანო.”
ეს სიაც იძლევა დამატებით ინფორმაციას დათარიღებისათვის. ჩანს, რომ ეს ორი მოთხრობა თავდაპირველად ერთად იყო. “დილით ოპერაციაა” დასახელებულია მეორე ნომრად, “მილიციელი ვანო” კი - მეოთხედ. არქივში ეს მოთხრობები პირველი დალაგების შემდეგ მოთავსებული იყო სხვადასხვა საქაღალდეში, ვფიქრობ, სწორედ ამ არასწორი დათარიღების გამო. მოთხრობები ქრონოლოგიურად დავალაგე ავტოგრაფში თითოეული “ამბის” შემდეგ აღნიშნული საათების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ამ მოთხრობების დაწერის დრო და მოთხრობის სიუჟეტის დრო ერთმანეთს მთლიანად ემთხვევა. ესეც, ვფიქრობ, გვაძლევს დამატებით ინფორმაციას ამ ნაწარმოების ქრონოლოგიურ ჩარჩოში მოსათავსებლად.
“მილიციელ ვანოში” მწერლის მიერ გადაშლილია ბოლო წინადადება: “მთელი თვე მიდიოდა ასე მშვიდად. არც ერთი შემთხვევა.”
აღსანიშნავია, რომ “მილიციელ ვანოს”, ისე როგორც მთელ ამ პერიოდში დაწერილ ნაწარმოებებს, გასდევს ამბის, ანუ გმირის მიერ ჩვეული გარემოს, საზღვრის გადალახვის (იხ. ი. ლოტმანი, “Структура художественного текста” “Событием в тексте является перемещение персонажа через границу самантического поля”) მძაფრი - ზოგჯერ კი პასიური, ადამიანისათვის უკვე ჩვევად გამხდარი - მოლოდინი და ზღვრული ქრონოტოპის შეგრძნება (იხ. “თოვლი დნება”, აგრეთვე, მომდევნო “ამბები” და შენიშვნები). ვფიქრობ, რომ სიტყვა “ამბავი” ამ თვეებში დაწერილ ნაწარმოებთა სათაურებში სწორედ ამას უნდა ნიშნავდეს. გურამის მთელი შემოქმედება მოწმობს, რომ ამბავი მისთვის არსებობს ყველგან და ყველაფერში როგორც შესაძლებლობა. მომდევნო ნაწარმოებებში თანდათანობით უფრო გამოიკვეთება ამბის გურამისეული გაგება, მწერლის მიერ გავლებული გამყოფი ხაზი ამბავსა და უამბობას შორის. ამ პერიოდში გურამი თითქოს ძიების პროცესშია. ეს უნდა ედოს საფუძვლად 1957 წლის ნაწერებში სიტყვა “რაღაცის” ძალიან ხშირ ხმარებას. ამ გაგებით “რაღაცის” სემანტიკურ ველს უნდა მიეკუთვნებოდეს შემდეგი სიტყვები და ფრაზები: “ბოდვა,” “ბურუსი”, “თაბრუ მეხვევა”, “პახმელია”, “სიმთვრალე”, “რა? არ ვიცი. რატომ? არ ვიცი” “ვნახოთ. ვნახოთ და ვნახოთ”, “ვიცლები, არა, მგონი ვივსები” და სხვ.
ამონაწერები:
“... მე მინდა ვიყო მწერალი, თანაც დიდი, მერე რა, მე ჩემი ფიქრებისა არ მეშინია ... ასე იყო ბავშვობიდან - მთვარეზე მივფრინავდი და საკაცობრიო საქმეს ვაკეთებდი ... იმხელა გაქანება მაქვს აზრების, რომ ამათგან მარტო ერთი ვერ დამაკმაყოფილებს. ვეხვევი ბურუსში...” (1956 წელი)
“ბოლო ორი ფურცელი უკვე ბოდვაა. ასეთივე ბოდვაა ყოველდღიური ჩვენი ლაპარაკი, ქცევა, მაგრამ თვით უდიდეს ბოდვასაც აქვს თავისი გეგმა, სიმართლის ნაწილი, თავისი მიზეზი და მიზანი.” (1956 წელი)
“ბოლოს და ბოლოს ეს თავის დამცირება სამუშაოთი თუ უმუშევრობით რა არის? მართლა ამიტომ დარდობს თუ არა? არა - ან ეს სიყვარული, გაგება, თავის შეცოდება. ამისთვის? არა. აბა? - ის რაღაც არ იცის.”
“წერა კი მინდა გიჟივით.
ესეც ლოთობაა? ვინ იცის”
“ნამთვრალევი თუ მთვრალი ვბოდავ”.
“სისუსტეა ჩემი ძალა”.
“დავეხეტები და დავეძებ.”
“მონაბოდი.”
“ხალხი იმიტომ წერს, რომ რაღაც იცის ქვეშეცნეულად, მე კი არ ვიცი - მე უნდა გავიგო”
“ნეტა გამარკვია ჩემს ფიქრებში”
“ძაგანიას რაღაც რა არის, ჯერ მე თვითონ უნდა გავარკვიო...” (1958 წელი. “შაშას რევოლუციისათვის” გაკეთებული ჩანაწერებიდან).
“что-то есть бог ” (ამონაწერი ტოლსტოიდან. 1958 წლის ოდესის დღიური)
“ბუნდოვანება, რომლის ყველა ნაწილი სინათლით სუნთქავს.” (1959 წელი)
საინტერესოა, რომ გურამი არქმევს ამბავს და ძირითადად ათარიღებს მხოლოდ ამ პატარ-პატარა მხატვრულ ნაწარმოებებს და არა მათ შორის მოთავსებულ მოკლე დღიურებს: რეალურ, ყოველდღიურ ფაქტებს. ფაქტში, გარდა მოქმედებისა, ცხადია, იგულისხმება აზრი, ფიქრი, განცდა. თარიღით ის თითქოს ქმნის ამ ნაწარმოებთა ჩარჩოს, ამ შემთხვევაში - დასასრულს, რაც მათ, ერთი მხრივ, განუყოფლად აკავშირებს კონკრეტულ დროსა და სივრცესთან და, მეორე მხრივ კი, განაზოგადებს მასში გადმოცემულ ამბავს და გადააქვს მუდმივობის სამყაროში, სწორედაც რომ, გურამისეული გაგებით, აქცევს ამბად. “ამბებს” შორის მოთავსებული უთარიღო დღიურები თავიანთი ამორფულობით, რაც ხშირად მათ შინაარსშიც დევს (“ძალიან მომწონს ჩემი დღიურები იმით, რომ ჩემს გარდა არავის ესმის”, ან კიდევ “ვეხვევი ბურუსში”, “მთვრალი ვბოდავ” და სხვ.), თითქოს ცდილობენ გაარღვიონ, დაამდაბლონ ამბების მითოლოგიური, ზოგადი შინაარსი რეალური ცხოვრებიდან შემოტანილი ფაბულით. იქმნება ახალი ტექსტი, რომლის არსი მდგომარეობს სწორედ ამ “ამბების” და დღიურების, მითოლოგიზირებული ტექსტისა და ფაბულის ურთიერთჭიდილში. მკითხველს მივაქცევინებ ყურადღებას, რომ ეს “ამბები” მთავრდება თითქმის ყოველთვის დღიურებით, თითქოს ფაბულასთან დაბრუნებით. გურამის შემოქმედების ეს მხატვრული თავისებურება მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმას იღებს (იხ. შენიშვნა მოთხრობისათვის “მოუნდა”. აგრეთვე, შენიშვნები მესამე ტომის მოთხრობებისათვის). თუმცა ეს, ნაწილობრივ, ამავე ტომშიც ჩანს (იხ შენიშვნები მოთხრობისათვის “ჯუნგლებში”, “სადიპლომო ნამუშევარი” და სხვ.).
იური ლოტმანის აზრით (იხ. ზემოთ დასახელებულ წიგნში), თანამედროვე მხატვრული ნაწარმოების აგების საფუძველს ქმნის სწორედ ეს სტრუქტურული დაძაბულობა, დაჭიმულობა, კონფლიქტი ერთსა და იმავე ტექსტში მითოლოგიურსა და ფაბულურ ტენდენციებს შორის. რომელთაგან პირველი მიისწრაფვის სასრულობისაკენ, ჩარჩოსაკენ, მეორე კი - ამ ჩარჩოდან განთავისუფლებისაკენ (იხ. სხვა ნაწარმოებთა შენიშვნები).
ასე რომ, “სამ-სამ ამბებში” კონცენტრირებულია გურამ რჩეულიშვილის ერთი მხატვრული თავისებურება: ფაბულის მითოლოგიზაციით და იქვე მისი რღვევით, დამდაბლებით, შექმნას ისეთი ტექსტი, მხატვრული ნაწარმოები, რომელიც უარყოფს, ამდაბლებს მის მიერ შექმნილ მხატვრულ სინამდვილეს და კვლავ უბრუნდება ცხოვრებას. (იხ. აგრეთვე, შენიშვნები ტრაგედიისათვის “იულონი”. ტომი IV).
ამ ნაწარმოებში თითოეული “ამბის” გვერდების ნუმერაცია იწყება თავიდან.
სათაურში, ისე როგორც მომდევნო თვეების ავტოგრაფების სხვა სათაურებში, განსხვავებით 1956 წლის ავტოგრაფებისაგან, დავტოვე ბრჭყალები. ბრჭყალები გვეხმარება ეს სათაურები აღვიქვათ ალუზიად (ამჯერად ის ეხმაურება შილერის ტრაგედიის სათაურს - “ვერაგობა და სიყვარული”).
“დილით ოპერაციაა,” სათაურით “ციცკა”, პირველად დაიბეჭდა ცალკე 1965 წელს წიგნში “მოთხრობები. პიესა.” 1985 წელს წიგნში “სად გაექცევი ზამთრის ღამეს” გამოქვეყნებულია ერთი მოთხრობა - “მილიციელი ვანო.” მთლიანად ქვეყნდება პირველად.

??????