ზღაპარივით
ეს იყო მაშინ, როდესაც არ იყო სასტვენი, მილიციელი და ხალხს არ იცავდა არავინ.
ეს იყო მაშინ, როცა არ იყო მოგონილი გორგოლა, როცა იყო ცხენი, კამეჩი, ხარი, ვირი, მაგრამ ისინი თავისუფლად ძოვდნენ ბალახს მდელოზე, ჭაობში ან ტყეში და არ იყო ჯორი.
ეს იყო მაშინ, როცა ცხოვრობდნენ დევები, ეშმაკები, სულები, ჭინკები და იშვიათად ანგელოზები. ისინი ცხოვრობდნენ რაც შეიძლება ახლო ხალხთან, უფრო ახლო, ვიდრე ისინი ერთმანეთთან. ყველაზე უწინ სულები ესხმოდნენ თავს უმილიციოდ მცხოვრებ ხალხს. ხალხი კი ვერ ატყობინებდა ერთმანეთს, რადგან არა ჰქონდათ სასტვენი, ვერ გარბოდა, რადგან არ იყო მანქანა და თუ გაიქცეოდა, იქ, სადღაც, იდგა ჭლექი, ყივანახველა ან ტიფი. თუ მათაც გაექცეოდა, მაშინ მოვიდოდა ანგელოზი, ჰკოცნიდა კაცს და ანუგეშებდა. ცოცხლად დარჩენილი ლოცავდა მას, უკლავდა ნადირს, უსრულებდა სამსახურს. ის ანგელოზის მონა რჩებოდა მთელი სიცოცხლე და ანგელოზი, როგორც ყველაზე ჭკვიანი, არა კლავდა კაცს: ის თავის სასარგებლოდ სწუწნიდა სისხლს; როცა გამოსწოვდა, არწმუნებდა კაცს, რომ ის უკვე დაბერდა და დრო იყო წასვლისა უკეთეს სამყაროში. კაცს სჯეროდა: სიკვდილის წინ მთელ თავის ცოდვებს, ტყუილებს, მრუშობებს უამბობდა ანგელოზს, მერე მიდიოდა უკეთეს სამყაროში. ანგელოზი კი ცოდნას იმდიდრებდა და - სხვა, ჭლექისგან, ყივანახველისგან, ტიფისგან, დევისგან, ეშმაკისაგან, სულისგან ფეხით გამოქცეულ კაცს, უფრო კარგად და ადვილად სწოვდა სისხლს. სისხლი კი იყო გემრიელი, სქელი, წითელი. წუწნის დროს ტუჩებს ილოკავდა, ტკბებოდა.
გადიოდა დრო, ხალხი ხედავდა თავისი სისხლის გემოს. ანგელოსი ვერა მალავდა სიამოვნებას. გადიოდა დრო და კაცი მიხვდა, რომ თუ სხვას სიამოვნებდა მისი სისხლი, მასაც ესიამოვნებოდა. მაშინ ის შემთხვევით გაჭრილ ხელს წუწნიდა, მერე განგებ იჭრიდა და ისე. საკუთარი სისხლი კი არც ისე გემრიელი იყო, არც ისე ბევრი. მაშინ კაცმა დაიწყო სხვისი სისხლის წუწნა. ანგელოზები დაიმშნენ და ლანდებივით დაძრწოდნენ.
კაცი კი სულ უფრო კარგად გრძნობდა თავისი მოძმის სისხლის გემოს.
სწოვდა.
მაგრდებოდა.
გადიოდა დრო.
კაცი სწავლობდა ჭკუას.
სულები, დევები, ეშმაკები შიმშილით იხოცებოდნენ.
ანგელოზები გადაშენდნენ.
ჭლექი, ტიფი და ყივანახველა ხოცავდა ან ვერ ხოცავდა ხალხს. ხალხმა გამოიგონა სასტვენი და გაიჩინა მილიცია. მილიცია და სასტვენი: ორივენი იქ იყვნენ, სადაც კაცი სწუწნიდა სისხლს კაცს. და ვაი მისი ბრალი, ვინც ამაში ძლიერ კაცს, რომელიც ხელებში მოქცეულ სუსტ კაცს სისხლს სწუწნიდა, ხელს შეუშლიდა.
გადაშენდნენ სულები, ავადმყოფობები, ანგელოზები. გაძლიერდა მილიცია, ხმა მოემატა სასტვენს. გაჩნდა მოტორი, გაჩნდა თოფი, გაჩნდა ზარბაზანი, გაჩნდა ატომი. ატომამდე, მის დროს, მის მერეც, ძლიერი სწუწნიდა სისხლს სუსტს.
და...
და - თქვა რუქამ არაკი: გუშინწინ:
ერთხელ მელამ, მგელმა და დათვმა ხარი დაიჭირეს, წამოაქციეს. მერე ყელი გამოღადრეს. სამივეს უნდოდა ჭამა, მაგრამ სამივესთვის ერთად ცოტა იყო, ერთისთვის სამყოფი. მაშინ მელამ თქვა: ყველამ ალალად თქვას, ვინ რამდენი წლის არისო, ვინც უფროსია, იმან ჭამოსო.
მგელმა თქვა: - მე ხუთასი წლისა ვარო და გაწითლდა.
მელამა თქვა: - მე ათასი წლისა ვარო და შეუმჩნევლად შეიშმუშნა.
დათვმა თქვა: - მე ორი წლისა ვარ, მაგრამ ორივეს დედას გიტირებთ, ახლავე აქედან დაიკარგეთო.
მაშინ:
თქვა ლეონ არაკი:
არაკი დიდია. ვიტყვი ბოლოს:
ფქვილი აქა, ქატო იქა,
ლხინი აქა, ჭირი იქა.
მე არაკი დავამთავრე,
ღმერთის ვედრებ-შეწევნითა.
წელი 1957. აპრილის 10.
შენიშვნები
არსებობს ამ ნაწარმოების მხოლოდ შავი ავტოგრაფი(1-8გვ.), თავისი თარიღითა და სათაურით.
პირველ სიაში: “ზღაპარივით.”
ინტენსიურად იხმარება ფიგურული ასო “ტ.” გვერდის ნუმერაცია “1” ისევ ფიგურულია.
ქვეყნდება პირველად.