რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

თებერვალში ნადირობა აკრძალულია: მე ხომ ბრაკონიერი ვარ 

სამი ამბავ-დღიური და სამი დღიურ-ამბავი

ვატყობ: მურტალი სუსტი ვარ ყველაფერში: მაგაშია ჩემი ძალა. ვერ: - მაშინვე მივატოვებ: ასე მივატოვე სცენარი: დავწერე უკეთესი, ასე იყო მესამე რომანივით: სისუსტე მაძლევს ძალას. ასევე ვარ ყველაფერში: ვერ:
- მაშინვე მივატოვებ.
- არა.
- ხო.
- ჰო.
- სისუსტეა ჩემი ძალა.

***
“ნეტა ჩხუბი არ ატყდეს”, გაიფიქრა ცქიტომ. გულზე მოაწვა. მერე ჩხუბი ატყდა. ცქიტო ჩაერია. ვასოს ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, შემდეგ დაეცა. ცქიტომ დახედა. “კარგი ვქენი, რო ვცემე”, - გაივლო.
ნელა მიდიოდა.
“ახლა ხვალ კიდევ, ეგ აღარ მომასვენებს, ნეტა არ მეცემა, ისე კი ახი იყო”, ფიქრობდა ის, მერე აღარა ფიქრობდა. გარეთ ჯერ არ წვიმდა, მერე გაწვიმდა.

წელი 1957. თებერვლის 21. 11-11.20

ხოშიანია: ძაან მომწონს ჩემი დღიურები: იმით, რომ ჩემს მეტს არავის ესმის. დიდი შეღავათია, არა? მე სულ დავაფრინე.

***
ცქიტომ თოფი მოიმარჯვა. გურამმა სროლა დაასწრო. “ყოველთვის მასწრებს”, გაიფიქრა ცქიტომ.
ნახნავებში მწყერი ეგდო.
რიტამ პირი დაავლო. ის ჯერ ცოცხალი იყო, მერე მოკვდა. სეტერმა მკვდარი მიუტანა გურამს. გურამმა მგუდავზე ჩამოიკიდა. ცქიტო უყურებდა და ფიქრობდა, “ყოველთვის მასწრებს ეგ...” გურამმა ნახნავებში გადაუხვია. წელზე ექვსი მოკლული მწყერი ეკიდა. “მაგან უკვე ექვსი მოკლა, მე კი ერთი”, ისევ გაივლო ცქიტომ.
რიტამ ნაბული გააკეთა.
- ეცი! - დაუძახა გურამმა.
ძაღლი არ ინძრეოდა. მონადირე თავზე დაადგა. ბარტყები მომკილ პურში გოგმანობდნენ.
- ახლა მოკლულის ბუდეა, - ხმამაღლა დაიძახა გურამმა.
ცქიტო მივიდა. გურამს ორი ბარტყი აეყვანა ხელში. მერე აბგაში ჩააწყო. “მე მარტო ერთი მწყერი მყავს მოკლული”, გაიფიქრა ცქიტომ.
რიტამ ისევ აიღო კვალი.
- მოდი, მიზანში სროლაში გავეჯიბროთ, - თქვა ცქიტომ.
გურამმა ამრეზილად გადახედა და ძაღლს მიჰყვა.

წელი 1957. თებერვლის 21.

მონაბოდი: ისევ სტილზე, ისევ იდეაზე, ისევ ძებნაზე ახლის. დაიწყო კრიზისი:
ვიცლები მგონი, არა, ვივსები. ეშმაკმა იცის. გუშინ ჩამოვიდა ნუგზარი. ვსვით: აბა, რას ვიზამდით. მერე ვილაპარაკეთ. ისევა ვსვით. სადგურზე ჯერ რუსიკომ ამასქესა, მერე რუსიშვილმა. მერე ნუგზარის ტყუილმა. ჯამი ხოშიანია: მაინცა ვსვით: დაიწყო კრიზისი: ვნახოთ, ალბათ, ვიპოვი ახალს, ან ძველში ავიღებ. ოჰ, ახლა ფული. იქით წასვლა.

ესტატეს სიამაყე

იდგა. მერე დაჯდა და ვიოლინოს მომართვა დაიწყო. “ვანო არასდროს დროზე არ ამზადებს”, გაიფიქრა: ამრეზილად გადახედა. ვანო იჯდა და ამთქნარებდა.
- მეორე სკრიპკებო! - დაიძახა ლოტბარმა.
ვანომ მომართვა დაიწყო.
“არასოდეს დროზე არ ამზადებს”, ისევ გაიფიქრა ესტატემ: ის ამაყობდა თავისი წესიერებით.

წელი 1957. თებერვლის 21. 11-1120

ბოდვა:
ახლა წავიკითხე umberto D.
ისევ მოვარდა: კინო, მაგის დედა ავატირე: კ ი ნ ო,
კ ი ნ ო.
დედას ვუტირებ.
ეს აღარ ვარგა: ცოტა ახალი მინდა ახლა, ჰო, ახალი სტილი აქაც. Umberto D. უჰ მაგისი, რატო მე არ დავდგი.

შენიშვნები

გვაქვს დასათაურებული და დათარიღებული მხოლოდ შავი ავტოგრაფი(1-2+1-3+1-2გვ.). პირველი გვერდი წარმოადგენს თავფურცელს. თავფურცელზე აღბეჭდილია მისი გაფორმების კვალი:
თავდაპირველად, როგორცა ჩანს, ეწერა “სამი ამბავი დღიური და სამი დღიური ამბავი.” შემდეგ სათაურში შესწორებულია ჟანრული განსაზღვრა: “სამი ამბავ-დღიური და სამი დღიურ-ამბავი” და ჩასმულია თითქოსდა აბრაში. აბრა ჭიკარტებითაა რაღაცაზე დამაგრებული. სავარაუდოა, რომ წინადადება უფრო პატარა ასოებით - “მე ხომ ბრაკონიერი ვარ” - სათაურსა: “თებერვალში ნადირობა ყველაფერზე აკრძალულია” და ჟანრის განსაზღვრას შორის შემდეგაა ჩაწერილი. ასევე, დაყირავებულად, შემდეგ უნდა იყოს დასმული თარიღიც სათაურის გვერდით: “წელი 1957. თებერვლის 21. 11 - 12. 20.” სათაურის მომდევნო დღიურ-ეპიგრაფში სიტყვაში “რომანივით” ბოლო “ვით” ჩასმულია კვადრატულ ფრჩხილებში. ამის აღქმა სხვადასხვანაირად შეიძლება. ამ ნაწარმოების თავფურცელზე მოთავსებული სათაურის (ჟანრის განსაზღვრის) გაფორმება იძლევა კიდევ ერთ დამატებით ინფორმაციას დღიურისა და ამბის (გამონაგონის) ერთ ტექსტად გაერთიანებისათვის. თავდაპირველად თითოეული მოთხრობის გვერდების ნუმერაცია იწყებოდა ახლიდან. შემდეგ მთელ ავტოგრაფში გაკეთებულია გვერდების საერთო პაგინაცია, ნომრები ჩასმულია წრეებში ან ავტორის მიერ, ან იმ ადამიანის მიერ, ვინც, ვფიქრობ, ამ ნაწარმოების დამთავრებისას, მისი წაკითხვის შემდეგ, იქვე იყო და ერთ-ერთი მოთხრობის გურამისეულ კომენტარს, “მე სულ დავაფრინე” მიაწერა - “მართალია.” ავტორის გარდა, შეუძლებელია ეს ტექსტი ვინმეს აღექვა ერთ ნაწარმოებად. ავტოგრაფის მერვე გვერდზე დღიურში, სიტყვებთან “ვიპოვი ახალს”, სხვა ხელით ფრჩხილებში წერია “იდეას”, - რაც იმასვე მოწმობს. ნაწარმოების დამთავრება უთარიღო დღიურით (დათარიღებულია “ამბები” და არა დღიურები) ნაწარმოებს თითქოს ღია დასასრულისაკენ მისწრაფულსა ხდის (იხ. წინა მოთხრობების შენიშვნები).
მკითხველს მივაქცევინებ ყურადღებას, რომ მეორე ამბავში - “ცქიტომ თოფი მოიმარჯვა” - ორი მოქმედი პირია: ცქიტო, 1956 წლის ლირიკული გმირი (მართალია, ამ პერიოდის მოთხრობებში არიან სხვა გმირებიც, მაგრამ ლირიკული გმირი, მწერლის ალტერ ეგო, არის ცქიტო), რომელიც აგვისტოდან შეცვალა ვაჟა ან ვამეხ ჯანდიერმა, და გურამი, 1957 წლის მეორე ნახევრის და 1958 წლის მოთხრობების გმირი. ამ პატარა მოთხრობაში გურამი ჯობნის ცქიტოს, თავს აღარ უყადრებს, უკან აღარ იხედება და წინ მიდის. ცქიტო გულდაწყვეტილია.
ცქიტო მარცხდება, აგრეთვე, ამავე პერიოდში დაწერილ ერთ პატარა მოთხრობაში “ნუგეში.”
გამოუქვეყნებელია.

??????